The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


22.07

1860    
    
22 ივლისი   
    
პავლოვსკში წერს ლექსს სათაურით „ჩ...სას“ („უცხო თემის ყარიბ მთქმელსა...“), რომელიც ეძღვნება მის სატრფოს, პეტრე ჩაიკოვსკის დას – ალექსანდრა (საშენკა) ჩაიკოვსკაიას.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, გვ. 118; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 1, თბ., 1987, გვ. 102, 379; მოდესტ ჩაიკოვსკი, ცხოვრება პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკისა, ტ. 1-3, მოსკოვი-ლაიფციგი, 1903; გურამ შარაძე, ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება – ფოტომატიანე), ტ. 1, თბ., 1987, გვ. 127-131.

პირთა იდენტიფიკაცია:

განსხვავებული მოსაზრებით, ლექსი ეძღვნება პეტრე ჩაიკოვსკის არა დას, არამედ ბიძაშვილ - სოფიო ჩაიკოვსკაიას. იხ. შალვა ალხაზიშვილი, ილია ჭავჭავაძის სამი ლექსის ადრესატის დაზუსტებისათვის, „სახალხო განათლება“, 1978, 8.XII, № 88; ჯიმშერ მუჯირი, შროშანების ფიანდაზი, გაზ. „თბილისი“, 1982 წ.,10 IX; კოხტა აფხაზი, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 565.

პირთა ანოტაციები:

ჩაიკოვსკი პეტრე ილიას ძე (1840-1893)

 ცნობილი რუსი კომპოზიტორი.

ჩაიკოვსკაია ალექსანდრა ილიას ასული (1842-1891)

გენერალ ილია ჩაიკოვსკის ქალიშვილი, რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის და. 1860 წელს ცოლად გაჰყვა ლევ ვასილის ძე დავიდოვს.

    
1863    
    
22 ივლისი    
    
იღებს ცენზურის ნებართვას „საქართველოს მოამბის“ მეექვსე ნომრის გამოცემაზე.  წყარო:

ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 6.

    
1882    
    
22 ივლისი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ერთი საისტორიო საგანი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 22 ივლისი, № 151, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 350.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 692-693.

    
1883    
    
20-22 ივლისი    
    
საგურამოში მასპინძლობს იონა მეუნარგიას.  წყარო:

ი. მეუნარგია, ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ, 1937, გვ. 48.

პირთა ანოტაციები:

მეუნარგია იონა მიხეილის ძე (1852-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მარტვილისა და თბილისის სასულიერო სემინარიების შემდეგ სწავლობდა პარიზსა და ჟენევაში. მისი წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟრნალ-გაზეთებში. იყო „ვეფხისტყაოსნის“ 1888 წლის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ფრანგულ ენაზე მთარგმნელი.

    
1886    
    
22 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 ივლისი“ („ჩვენს მკითხველებს უკვე მოეხსენებათ, რომ ამას წინად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ომის საფრთხის წინ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 22 ივლისი, № 158, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. 10, 1929, გვ. 257; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 231.

    
22 ივლისი   
    
გაზეთ „თეატრში“ იბეჭდება დასაწყისი ალექსი კვალიაშვილის სტატიისა „წერილი რედაქტორთან“. იგი უკავშირდება აკაკი წერეთლის პუბლიკაციას „ბანკის გამო“ და ამავე თემაზე გამოქვეყნებულ ილია ჭავჭავაძის მოწინავეებს.  წყარო:

გაზ. „თეატრი“, 1886, № 25.

პირთა ანოტაციები:

კვალიაშვილი ალექსანდრე (ალექსი) ანდრიას ძე (გარდ. 1887)

პუბლიცისტი. წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915) – პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1887   
    
22 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 ივლისი“ („ჯერ მინამ საგლეხკაცო ბანკი დაარსებული არ იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 736-738, გაზ. „ივერია“, 1887, 22 ივლისი, № 150, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 497.

    
1891    
    
21-22 ივლისი
მეუღლესთან ერთად მიემგზავრება პეტერგოფის დასათვალიერებლად. წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17568.

1895
    
22 ივლისი   
    
პოეტი ქალი დომინიკა ერისთავი, რომელიც წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით, უძღვნის ლექსს („ირგვლივ მთებს მწვანე მანტია წამოუბურავს გმირულად...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 68.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი-მდივნისა დომინიკა ზურაბის ასული (1864-1929)

პოეტი, პროზაიკოსი, „ივერიის“ თანამშრომელი. წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით.

    
1901   
    
 22 ივლისი   
    
გაზეთ „კვალში“ „მოსაუბრის“ ხელმოწერით იბეჭდება ფილიპე მახარაძის წერილი „საუბარი სხვადასხვა საგანზე“. მასში ძირითადად განხილულია არჩილ ჯორჯაძის წერილი „ძველი თაობა. ილია ჭავჭავაძე როგორც პუბლიცისტი“. ფილიპე მახარაძე იწუნებს როგორც ილია ჭავჭავაძის ეროვნულ შეხედულებებს, ისე არჩილ ჯორჯაძისეულ შეფასებებს მის შესახებ.   წყარო:

გაზ. „კვალი“, 1901, № 30.

პირთა ანოტაციები:

მახარაძე ფილიპე ესეს ძე (1858-1941)

ბოლშევიკი, რევოლუციონერი და პარტიული მოღვაწე.

ჯორჯაძე არჩილ კონსტანტინეს ძე (1872-1913)

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სწავლობდა პეტერბგის, ვარშავის, პარიზისა და ლონდონის უნივერსიტეტებში, რედაქტორობდა საფრანგეთში გამომავალ გაზ. „საქართველოს“, საქართველოს ავტონომიის მომხრე სოციალფედერალისტი. წერდა ფსევდონიმით „საბუელი“.

    
1904   
    
 ჩათვლით 22 ივლისი    
    
კირილე ლორთქიფანიძეს წერილით ატყობინებს, რომ ავადაა და თუ რაიმე საჩქარო საქმე არ იქნება, ბანკში მისვლას არ აპირებს.  წყარო:

ჟურნ. „მნათობი“, 1933, № 8-9, სიმონ ხუნდაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 31; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 262, 510.

დათარიღება:

ბარათს აწერია 22 ივლისი და იგი თსს ბანკიდან ილია ჭავჭავაძის წამოსვლამდეა დაწერილი. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 220.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.