The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


26.08

1907    
     
26 აგვისტო    
     
საგურამოში ჰყავს სტუმრები. სადილის შემდეგ მოურავი დიმიტრი ჯაში ეუბნება, მეეტლე თედო ლაბაური, მეძროხე და სხვა მოსამსახურეები შიმშილობას აცხადებენ, რადგან ხორცი, რომელიც სადილად ჰქონდათ, საკვებად უვარგისი იყოო. ილია ჭავჭავაძე ითხოვს დაწუნებული კერძის მისთვის მიტანას, სინჯავს, რწმუნდება, რომ გაფუჭებული არ არის და ჯაშს ავალებს მატყუარა მსახურების დათხოვნას. იმჟამად იქ მყოფი ზაალ ჭავჭავაძე მსახურებთან გასაუბრებით არკვევს, რომ სადილად სტუმრების ყოლის გამო მოსამსახურეებს ხორცი უვარგისი კი არა, არასაკმარისი რაოდენობით შეხვედრიათ. ისინი ბოდიშს იხდიან, ილია ჭავჭავაძე ყველას პატიობს და აღარ ითხოვს სამსახურიდან.   წყარო:

ილია ჭავჭავაძის გარე ბიძაშვილის, 72 წლის ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძის დაკითხვის ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა ფონდი № 17, ფურც. 4-8; პ. გუგუშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საგამომძიებლო მასალები, 1938, გვ. 13.

პირთა ანოტაციები:

ჯაში დიმიტრი სოფრონის ძე

სტამბის მუშა და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ოხრანკის აგენტი. ილია ჭავჭავაძის უკანასკნელი მოურავი და, არაერთი მტკიცებულებით, მისი მკვლელობის ორგანიზატორი. ამ ბრალდებით იყო დაპატიმრებული, მაგრამ გაათავისუფლეს.

ლაბაური თედო

ილია ჭავჭავაძის მეეტლე, მისი მკვლელობის თანამონაწილე, ჩამოახრჩვეს 1909 წლის 21 აგვისტოს.

ჭავჭავაძე ზაალ ნოშრევანის ძე (1835-1919)

ილია ჭავჭავაძის ნათესავი, იმერეთის გუბერნატორის საგანგებო საქმეთა მოხელე, სამოქალაქო მრჩეველი, ქუთაისის პოლიცმეისტერი.