The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


21.04

1876    
    
21 აპრილი   
    
გაზეთ „დროებაში“ ბეჭდავს წერილს „უ. ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულება ბანკზე“.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1876, 21 აპრილი № 39, გვ. 1-4; № 41; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 613.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1877    
    
21 აპრილი   
    
გამოდის „ივერიის“ მერვე ნომერი, რომელშიც უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი, 21 აპრილს“ („ასტყდა ომი!.. ამის მსმენელს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ასტყდა ომი“   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 282; № 1052, გვ. 148; გაზ. „ივერია“, 1877, № 8, გვ. 1; ჟურნ. „მნათობი“, 1957, № 10; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 54.

    
21 აპრილი   
    
 მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1877 წლის 1 იანვრისათვის.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 8, გვ. 15-16.

    
1886    
    
21 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 აპრილს“ („შარშან იუსტიციის სამინისტროს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მომრიგებელი სასამართლოების შესახებ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, № 86, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 558.

    
1887    
    
21 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 აპრილი“ („ჩვენს წინა წერილში სიმოკლისათვის მარტო ორი მაგალითი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“. გაზეთის ამავე ნომერში სათაურით „პასუხის პასუხი“ იბეჭდება ნიკოლოზ ხუდადოვის კიდევ ერთი გამოხმაურება მის სტატიებზე ერობის საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ახლავს ილია ჭავჭავაძის შენიშვნები.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 21 აპრილი, № 77, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1887, 20 აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 369.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ხუდადოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905)

სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი.

    
1888    
    
21 აპრილი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 აპრილი“ („ინგლისის სვე-ბედის გამგეობას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ლიბერალთა და კონსერვატორთა დასები ინგლისში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 15 აპრილი, № 81, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 184.

    
1891    
    
 21 აპრილი   
    
პოეტი ალექსანდრე ნავროცკი ავტოგრაფით უძღვნის საკუთარ თარგმანს ლექსისა „გაზაფხული“  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი № 132.

პირთა ანოტაციები:

ნავაროცკი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (1823-1892)

უკრაინელი საზოგადო მოღვაწე, პოეტი და მთარგმნელი. ილია ჭავჭავაძის პირად ბიბლიოთეკაში ინახებოდა მისი ხელნაწერი თხზულებები.

    
1892    
    
21 აპრილი    
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც კმაყოფილდება ხელთუბნის სკოლის მასწავლებლის თხოვნა მოსწავლეებისთვის მისაცემი მოწმობების ბლანკებისა და სასაჩუქრე წიგნების გაგზავნასთან დაკავშირებით. ნიკო ხიზანიშვილს, ივანე მაჩაბელს და აკაკი წერეთელს გამოეყოფათ მათი წიგნების: „ძეგლის დება მეფე გიორგი ბრწყინვალესი“, „ჰამლეტი“, „ოტელო“ და „სამგვარი სიყვარული“ გაყიდვების საკომისიო თანხა. თანხმდებიან ბანკის მსახურებისთვის სააღდგომო პრემიის მიცემაზე. იაკობ გოგებაშვილს, ალექსანდრე ჭყონიასა და ექვთიმე თაყაიშვილს ავალებენ იმ წიგნების ჩამონათვალის შედგენას, რომლებიც უნდა შეისყიდონ პეტერბურგში. კმაყოფილდება ქართველ ქალთა კომიტეტის თხოვნა საზოგადოების სასარგებლოდ ლატარიის გამართვასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას გიორგი წერეთლის „რუხი მგელის“ დაბეჭდვაზე.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 196.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

გიორგი V ბრწყინვალე (1286-1346)

დემეტრე II თავდადებულის ძე, საქართველოს მეფე 1299-1302 და 1318-1346 წლებში. გააერთიანა საქართველოს სამეფო.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

თაყაიშვილი ექვთიმე სიმონის ძე (1863-1953)

მეცნიერი, აკადემიკოსი, პროფესორი. 1921- 1945 წლებში ემიგრაციაში იცავდა საქართველოს სამუზეუმო განძეულობას. დიდი ამაგი დასდო ქართული არქეოლოგიისა და ლიტერატურის შესწავლაგანვითარების საქმეს.

წერეთელი გიორგი ექვთიმეს ძე (1842-1900)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, გაზეთ ,,დროების”, შემდეგ კი ,,კვალის” დაამრსებელ-რედაქტორი, მესამე დასის ერთ-ერთი ლიდერი.

    
1893    
    
21 აპრილი   
    
ესწრება თსს ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც განიხილება ახალი წევრების მიღების საკითხის გაჭიანურების მიზეზები.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1893, 22 აპრილი, № 82, გვ. 2-3.

    
1898    
    
21 აპრილი    
    
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას და ებმება კამათში საქველმოქმედო მიზნებისთვის მოგების განაწილებასთან დაკავშირებით.  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1898, №514, გვ. 3-4.

    
1901    
    
21 აპრილი    
    
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობითი თხოვნით მიმართავს თბილისის გუბერნატორს მარიამ დემურიას ხელმძღვანელობით ნაძალადევში სამკითხველოს მოწყობის ნებართვის მისაღებად.  წყარო:

თ. ჩხიტუნიძე, ქშწ-კგ საზოგადოების საბიბლიოთეკო და საგამომცემლო მოღვაწეობა. 1980. გვ. 900; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 220, 478-479.

პირთა ანოტაციები:

დემურია მარიამ ივანეს ასული (1860-1910)

დრამატურგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საგანმანათლებლო საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ დამფუძნებელი და რედაქტორი.

    
1904    
    
21 აპრილი   
    
იღებს ვასილ გამრეკლის წერილს. ადრესანტი ახალციხეში მცხოვრებ ქართველთა სახელით სთხოვს შუამდგომლობას, რომ წმინდა მარინეს სახელობის ადგილობრივ ეკლესიაში დანიშნონ ქართული ენის მცოდნე სასულიერი პირი.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 476.

პირთა ანოტაციები:

გამრეკელი ვასილ გრიგოლის ძე (გარდ. 1916)

ექიმი და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. ახალციხეში საკუთარი ხარჯით გახსნა ქალთა ქართული სკოლა, ბიბლიოთეკა და დააწესა სტიპენდიები ახალციხელი სტუდენტი მედიკოსებისთვის.

წმინდა მარინე (III ს-IV ს.)

ანტიოქიელი წმინდა დიდმოწამე. წარმართი ქურუმის, ედესიოსის ქალიშვილი.