The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


25.05

1864    
    
25 მაისი   
    
ქუთაისიდან თბილისში წერილს უგზავნის მეუღლეს, მადლობას უხდის წერილისა და საჩუქრისთვის და უყვება ადგილობრივ ამბებს. იმ დროს ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის პირველი არჩევნები. ამასთან დაკავშირებით 4 ივნისს ელოდნენ კავკასიის მეფისნაცვლის – მიხაილ რომანოვისა და მისი მეუღლის – ოლგა ფეოდორის ასულის სტუმრობას, რის გამოც ქუთაისში ჩასული იყო მთელი მაზრის თავადაზნაურობა და ბინის შოვნა ჭირდა. სწერს, რომ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი ისევ არ გამოჩენილა. ასევე, ატყობინებს, რომ თბილისში ჩასვლას აპირებს ლუი სულიეს ცირკი შესანიშნავი ახალი ჯგუფით.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 77-78, 343.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბარათში წერია „Суллье“.

პირთა ანოტაციები:

რომანოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1832-1909)

დიდი მთავარი გენერალ-ფელდმარშალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმა. კავკასიის მეფისნაცვალი 1862-82 წლებში.

რომანოვი ოლღა თეოდორეს ასული

მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მეუღლე.

სვიატოპოლკ-მირსკი დიმიტრი ივანეს ძე (1825-1899)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ადიუტანტი. 1857-1859 წლებში ყაბარდოს პოლკის მეთაური, 1863-1866 – ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი.

სულიე ლუი (1813-1886)

ფრანგი მოჯირითე, 1860-იან წლებში კონსტანტინეპოლის ცირკის დირექტორი. 1866 წელს იყო გასტროლებზე თბილისში.

    
1876    
    
25 მაისი   
    
პარიზიდან იღებს ალექსანდრე ჭყონიას წერილს, რომელშიც ადრესანტი სთხოვს ფინანსურ დახმარებას სწავლის დასასრულებლად.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 655.

პირთა ანოტაციები:

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

    
1886    
    
25 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 24 მაისს“ („ჩვენ ჩვენი აზრი წარმოვსთქვით ორს მეთაურს წერილში...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სხვა წერილებთან გაერთიანებულია სათაურით „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი (პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან“), ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 361; გაზ. „ივერია“, 1886, 25 მაისი, № 111, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 45.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

 პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1888    
    
25 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში იბეჭდება სტეფანე ჭრელაშვილის სტატიის „მცირე შენიშვნა „ოთარაანთ ქვრივის“ გამო“ გაგრძელება.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, № 108, გვ. 1-3.

პირთა ანოტაციები:

ჭრელაშვილი სტეფანე თევდორეს ძე (1857-1917)

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, რევოლუციონერი. თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. იყო ფუნიკულიორის პირველი დირექტორი. წერდა „სანოსა“ და „ტატალას“ ფსევდონიმებით.

    
1891   
    
25 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საერთო კრების დახურვისას მის მიერ წარმოთქმული სიტყვა.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 106.

    
1893    
    
25 მაისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოიყოფა თანხა ზაქარია ჭიჭინაძის, ვასილ სულხანიშვილისა და დავით კარიჭაშვილს ნაწარმოებების შესასყიდად. ბიბლიოთეკისთვის იძენენ ხელნაწერს „ბეჟან მანიჟანიანი“. კმაყოფილდება თხოვნა ხევსურეთში და გრემისხევში წიგნების გაგზავნაზე. მსჯელობენ ახალსოფლის მცხოვრებთა თხოვნაზე სასკოლო გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ. გასაყიდ წიგნებს ფასდაკლებით აწვდიან ბათუმში ახალგახსნილ მაღაზიას. მადლობას უცხადებენ მიხეილ ამირიძეს, პეტრე მირიანაშვილსა და კონსტანტინე ყიფიანს ხელნაწერების შეწირვისთვის. ნიშნავენ რევიზორებს თიანეთის, ბათუმის, სენაკის, კავკავის, წინარეხისა და ხელთუბნის სკოლებში გასაგზავნად.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198, გვ. 281.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

სულხანიშვილი ვასილ ალექსანდრეს ძე (1862-1909)

აგრონომი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავრე 1901 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების საბჭოს წევრი.

კარიჭაშვილი დავით გიორგის ძე (1862-1927)

მწერალი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ენათმეცნიერი. მრავალი სამეცნიერო წიგნის ავტორი და გამომცემელი-რედაქტორი.

ამირიძე მიხეილ

ქშწ-კგ საზოგადოების შემომწირველი.

მირიანაშვილი პეტრე გრიგოლის ძე (1860-1940)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თარგმნა ევრიპიდეს, ჰომეროსის, გოეთესა და სხვა კლასიკოსთა თხზულებები.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

    
1894    
    
25 მაისი   
    
დავით გურამიშვილს უგზავნის წერილს და სთხოვს, ნიკო ნიკოლაძეს აცნობოს, რომ საღამოს 6 საათზე უსათუოდ მივიდეს მასთან მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით.    
    
25 მაისი   
    
ესწრება თსს ბანკის სხდომას, რომელზეც განიხილავენ ოპოზიციის კრიტიკას მის წინააღმდეგ. გამომსვლელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კამათმა მათი ბრალდებები არ დაადასტურა. კენჭისყრის წინ ნიკო ნიკოლაძე დამსწრეთ აცნობს ილია ჭავჭავაძის წინადადებას მისი საქმიანობისა და მის წინააღმდეგ ივანე მაჩაბლის ბრალდებების შესასწავლად კომისიის შექმნის მოთხოვნით. ამ შეთავაზებას არ ეწინააღმდეგება არც ივანე მაჩაბელი. თანხმდებიან, რომ ის, ვისაც კომისია დამნაშავედ ცნობს, ჩამოშორდება საზოგადოებრივ საქმიანობას. ამავე დღის ბოლოს ტარდება არჩევნები. გამგეობის მეოთხე წევრად ირჩევენ მიხეილ გრუზინსკის, დამფასებელი კომისიის თავმჯდომარედ კონსტანტინე ფურცელაძეს, ხოლო ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ, 989 ხმით 334-ის წინააღმდეგ - ისევ ილია ჭავჭავაძეს.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 28 048-1; ილია ჭავჭავაძე. საარქივო გამოცემა. თბილისი: „ლიტერატურის მატიანე“, 2010, გვ. 266-267; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 216, 474.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 213-214.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1857-1926)

მხატვარი, კარიკატურისტი, ფოტოგრაფი. თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1903    
    
25 მაისი    
    
ილია ჭავჭავაძე და დელეგაციის სხვა წევრები სოხუმიდან გემით მიემგზავრებიან ფოთისკენ.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 4 ივნისი, № 118, გვ. 3; თ. სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, 1984, გვ. 27.

    
1904    
    
25 მაისი    
    
უბის წიგნაკში იწერს შინაური ცხოველების ასაკს და რაოდენობას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 3.