The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


3.07

1854    
    
3 ივლისი   
    
კახეთს თავს ესხმიან ლეკები, სახლებს წვავენ და აჰყავთ ტყვეები (მათ შორის ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის – დავითის ცოლ-შვილი, გრიგოლ ორბელიანის ძმის – ილიას ცოლ-შვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილის და – ნინო და სხვ.) სახელდახელოდ შეკრებილ მდევარს უერთდება იმ დროს რუსეთიდან ყვარელში დროებით ჩასული ილიას უფროსი ძმა – 21 წლის კონსტანტინე და მას სოფელ კონდოლთან შეტაკებისას კლავენ.   წყარო:

ბარბარე ჯორჯაძე, „ლექსები, პოემები, მოთხრობები, წერილები“, თბ., 1986, გვ. 79-80; იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები, თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბ., 2002, გვ. 66.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე ალექსანდრე გარსევანის ძე (1786-1886)

რომანტიკოსი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მონაწილეობდა 1804 წლის აჯანყებაში, 1832 წლის შეთქმულებაში, ნაპოლეონისა და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლებში.

ჭავჭავაძე დავით ალექსანდრეს ძე (1818-1884)

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, 1853-1856 წლებში ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას. ცოლად ჰყავდა გიორგი XII-ის შვილიშვილი – ანა ილიას ასული ბაგრატიონ-გრუზინსკაია.

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ორბელიანი ილია დიმიტრის (ზურაბის) ძე (1817-1853)

გრიგოლ ორბელიანის ძმა, გენერალ-მაიორი, მონაწილეობდა კავკასიის ბრძლოებში. 1846 წელს დაინიშნა განჯის მაზრის უფროსის მოადგილედ. დაიღუპა ყირიმის ომში.

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (1817-1845)

პოეტი, რომანტიკოსი. ბარათაშვილი ნინო მელიტონის ასული (1829-1906) – ნიკოლოზ ბარათაშვილის და.

ჭავჭავაძე კონსტანტინე გრიგოლის ძე (1833-1854)

ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა. სწავლობდა რუსეთში და ცოლად მოიყვანა წარმოშობით ვორონეჟელი ბარბარე კუკოლევსკაია. მოკლეს ლეკებმა წინანდალზე თავდასხმისას.

    
1886    
    
3 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ გრძელდება ქშწ-კგ საზოგადოების განვლილი წლის ანგარიშის ბეჭდვა.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 3 ივლისი, № 142.

    
1887    
    
3 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ივლისი“ („არა გვგონია, სადმე სხვაგან იყოს ისეთი ქვეყანა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაზეთ „ივერიის“ მარცხი“. სტატიის დაწერა განაპირობა ამავე გაზეთში სოფრომ მგალობლიშვილის მიერ „ს. გუმცაძის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულმა წერილმა „რამე-რუმე“, რომელშიც ავტორი ახსენებდა გორში გავრცელებულ პასკვილ „ქალ-ვაჟიანს“. აღმოჩნდა, რომ პასკვილში გაშარჟებული იყო გორელი ქალბატონი მარიამ კერესელიძე. ილია ჭავჭავაძე აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მისი რედაქტორობით გამომავალმა გაზეთმა ამ ტექსტის ხსენებით შეურაცხყოფა მიაყენა ღირსეულ ქალბატონს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 707-709, გაზ. „ივერია“, 1887, 3 ივლისი, № 134, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 449.

პირთა ანოტაციები:

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925)

ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი. კერესელიძე მარიამ – გორის ინტელიგენციის წარმომადგენელი, წიგნის მაღაზიის მფლობელი.

    
1888    
    
3 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ივლისი“ („ვილჰელმ მეორის გაიმპერატორებას გერმანიაში..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის მიერ რუსეთთან კავშირის ძიება და ინგლის-საფრანგეთის იგნორირება “.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 3 ივლისი, № 137, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 275.

პირთა ანოტაციები:

ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941)

გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში.

    
1891    
    
3 ივლისი   
    
პეტერბურგიდან წერილობით ატყობინებს გიორგი თარხნიშვილს, რომ კონვერსიის საკითხი წინ მიიწევს. ამასთან სთხოვს გაუგოს, გადაურიცხა თუ არა თავადმა გიორგი ანდრონიკაშვილმა 1300 მანეთი. ეს თანხა სჭირდება მეუღლის სამკურნალოდ წასაყვანად საზღვარგარეთ და ძალიან ნერვიულობს მისი ჩარიცხვის დაგვიანების გამო. საკუთარ ჯანმრთელობაზე სწერს, რომ სერიოზულადაა შერყეული და ექიმების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17564; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 133; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 148-149, 441.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

ანდრონიკაშვილი გიორგი ზაქარიას ძე (1858-1928)

ინჟინერი, ალაზნის სარწყავი არხის პროექტის ავტორი.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
3 ივლისი   
    
 პეტერბურგიდან წერილობით აიმედებს თსს ბანკის გამგეობას, რომ კონვერსიის საკითხი დადებითად გადაწყდება. მინისტრისგან ელის ნებართვას და აპირებს სტენოგრაფიული ანგარიშების დაწვრილებით გაცნობას, რათა თბილისში დაბრუნების შემდეგ სრული ცოდნით აღჭურვილი შეუდგეს სესხების კონვერსიას.   წყარო:

„ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წევრთა საგანგებო კრება“, გაზ. „ივერია“, 1893, 24 თებერვალი, № 40, გვ. 2.

    
1895    
    
3 ივლისი   
    
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობით მიმართავს კირილე ლორთქიფანიძეს, რომ თანდართული სიის მიხედვით შეაგროვოს საწევრო გადასახადები. ასევე, სთხოვს დააზუსტოს, ხომ არ არის სიაში ისეთი პირი, რომელსაც აღარ სურს საზოგადოების წევრობა.  წყარო:

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი 1048; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 170, 452.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

    
3 ივლისი   
    
 ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სახელით წერილს უგზავნის ამ საზოგადოების დამხმარე წევრს საჩხერეში ბეჟან წერეთელს მის მაზრაში საწევრო გადასახადების დროული აკრეფის, ცალკეულ წევრთა მისამართების დაზუსტებისა და სააგენტო დავთრების გადაგზავნის თხოვნით. წყარო:

ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი 481. № 66, გვ. 10; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 17623; შ. გოზალიშვილი, „ილია ჭავჭავაძის ავტოგრაფები“, თბ., 1951, გვ. 149; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 170-171, 452-453.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 147.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი ბეჟან დავითის ძე (1847-1913)

ივანე მაჩაბლის ქვისლი, ქშწ-კგ საზოგადოების რწმუნებული საჩხერეში.

    
1905    
    
3 ივლისი   
    
ჟურნალი „მოგზაური“ „ნარის“ ფსევდონიმით ბეჭდავს ნოე ჟორდანიას წერილს „ქართველ მოღვაწეებში“. სტატია, რომელშიც ილია ჭავჭავაძე „ქვეწარმავლად“, „ზნეობრივად და გონებრივად გაკოტრებულად“ მოიხსენიება, განწყობით სარკასტულ „ნეკროლოგს“ ჰგავს და მთავრდება სიტყვებით: „საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“.  წყარო:

„ჟურნალი „მოგზაური“, 1905, № 24, გვ. 380-382.

პირთა ანოტაციები:

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.

    
1906    
    
3 ივლისი    
    
მიწათმოწყობისა და მიწათმოქმედების მთავარი მმართველი უგზავნის წიგნს: „რუსეთის სოფლის მეურნეობის სტატისტიკურ მონაცემთა კრებული XIX საუკუნის ბოლოსთვის (I-III) და ამ გამოცემაზე დართულ „კარტოგრამებისა და დიაგრამების ატლასს“ (I-III).   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 45.