The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ს . . . ს

ს . . . ს

მას აქეთ, რაც შენ მე შემიყვარდი,

აღარ შორდება ჩემ გულსა ურვა,
უიმედობის ჰკლავს იმას დარდი
და ჩემს ბედზედა უბოლო მდურვა.
მე შენ არ გასმენ ჩემსა ტანჯვასა,
მას, რაც ნელ-ნელათ მითხრის საფლავსა
შენ წინ დავფარავ თვალში მთრთოლარს ცრემლს,
შობისა უმალ მოვკლავ ოხვრას ჩემს...
არა, ვერ გასმენ მას, რაიც შობავს
იმ ცრემლის გუბეს, იმ ოხვრის სუნთქვას.
ჩემ საწყალ გულთან ეს სიყვარული,
შენგან ჩაგრული და განგდებული,
წავა, საფლავში დაიმარხება
ისე, რომ არც კი დაგემდურება…

1858-სა წელსა, 30-სა დეკემბერსა,
ს.პეტერბურღი.

 

ხელნაწერი: M:

ავტოგრაფი, კრებ. № 17501, გვ. 29 (B); U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 62 (A).

თარიღი:

30 დეკემბერს, 1858 წელსა, ს. პეტერბურღი B. 1858-სა წელსა, 30-სა დეკემბერს, ს. პეტერბურღი A.

A ავტოგრაფის აშიაზე ილიას ხელით ფანქრით მიწერილია “რიტორიკა” და იმავე ფანქრით გადახაზულია მთელი ლექსი.

ტექსტი ნასწორებია: მასში მე-8 სტრიქონის (“შობისა უმალ”...) შემდეგ გადახაზულია სტროფი: “შენ ჩემი ცრემლი ბედს მოგიწამლავს, ოხ! მძიმე ოხვრა გულს შეგიწრწუნებს, არა! ვერ გასმენ მას, რაიც შობავს იმ ოხვრის სუნთქვას, იმ ცრემლის გუბეს”.

4 ჩემს] ჩემ B. 9-10 არა, ვერ გასმენ... იმ ოხვრის სუნთქას - B. 12 შენგან ჩაგრული და განგდებული] შენგან უცნობი და დაჩაგრული B.

ლექსი პირველად დაიბეჭდა 1914 წელს, ილიას თხზულებათა მ. გედევანიშვილისეულ გამოცემაში (გვ. 28). ამ გამოცემაში, ლექსის მე-5 სტრიქონში, ნაცვლად ავტოგრაფისეული სიტყვისა “გასმენ”, დაბეჭდილია “გისმენ”).
ლექსი დავათარიღეთ AB ავტოგრაფების მიხედვით, ვიცავთ A-ს დათარიღების სტილს.

ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 და 1925-1951 წლების გამოცემებში არ არის განმარტებული, თუ ვინ იგულისხმება გამოქვეყნებული ლექსის სათაურში გამოტანილ ინიციალში (“ს”) - ვის ეძღვნება ეს სატრფიალო ლექსი.

“ს....ს”, ჩვენი ვარაუდით, გულისხმობს “საშას” (ან “საშენკას”) და ისევე როგორც ლექსები “მაშინ დავსტკბები” (გვ. 71), “ს....ჩ........სას” (გვ. 101) და “ჩ....სას” (გვ. 102),  ეძღვნება პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკის დას, ალექსანდრა (საშა) ჩაიკოვსკაიას (იხ. კომენტარი ლექსისა “მაშინ დავტკბები”, გვ. 344).