The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


20.09

1886    
     
20 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 სექტემბერი“ („საფრანგეთი და ინგლისი ეხლა მეტად აშლილები არიან...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისის საგარეო პოლიტიკა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 20 სექტემბერი, № 203, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 379.

     
1887    
     
20 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 სექტემბერი“ („ბევრნი სჩივიან ჩვენში..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისეთი დაწესებულების საჭიროება, სადაც შესაძლებელი იქნება გართობა, გასაუბრება, დასვენება“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 20 სექტემბერი, № 195, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 549.

     
1888    
     
20 სექტემბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ალექსანდრე ჭყონიასა და იაკობ მანსვეტაშვილის ანგარიშს ქუთაისის სკოლის რევიზიასთან დაკავშირებით. იღებენ დადგენილებას, რომ სკოლის ინსპექტორი სპირიდონ ჯორჯიკია გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან და დარჩეს რიგით მასწავლებლად იმავე სკოლაში, ხოლო სილოვან ხუნდაძე დათხოვნილ იქნას ქუთაისის სკოლის მასწავლებლობიდან, მაგრამ ნება მიეცეს, რომ იმსახუროს ქშწ-კგ საზოგადოებისადმი დაქვემდებარებულ რომელიმე სხვა სკოლაში.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 241.

პირთა ანოტაციები:

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)

ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ.

ჯორჯიკია სპირიდონ ბესარიონის ძე

ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის მკვიდრი. მან და მისმა მეუღლემ დააარსეს ორკლასიანი სკოლა და ქალთა სასწავლებელი. 1886 წელს დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად.

ხუნდაძე სილოვან თომას ძე (1860-1928)

მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მასწავლებლობდა სენაკსა და ქუთაისში, იყო გიმნაზიის დირექტორი, იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „კვალი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ.

     
1897    
     
20 სექტემბერი-21 სექტემბერი    
     
გაზეთებში ქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით მიემგზავრება პეტერბურგში.   წყარო:

გაზ. „კვალი“, 1897, 21 სექტ., № 40, გვ. 721; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, 20 სექტ. № 317; გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4712.

     
     
1898    
     
20 სექტემბერი    
     
არტემი წურინოვი წარწერით უძღვნის თავის წიგნს „თბილისის ბუნებრივი სიმდიდრეები (გოგირდ-ტუტოვანი ცხელი წყლების სწორი საექსპლოატაციო სახით რეკონსტრუქციის პროექტი)“   წყარო:

Природные богатства Тифлиса (Проект переустройства горячих сернощелочных источников в видах их правильной эксплоатации), А. Цуринов, Тифлис, 1898.

პირთა ანოტაციები:

წურინოვი არტემი სტეფანეს ძე

ავტორი 1898 წელს გამოცემული წიგნისა „თბილისის ბუნებრივი სიმდიდრეები“