სიზმარი
(ლერმონტოვისა) პავლოვსკი
ლერმონტოვი მიხეილ
შუადღის მზისა სიცხის ქვეშ დაღესტნის ველად,
ტყვიითა გულში ვეგდე მწედ სიკვდილის მსხვერპლად.
ღრმა წყლული ჩემი ორთქლად რადმე აბოლდებოდა
და წვეთ-წვეთად მუნით სისხლი მეწურებოდა.
ვეგდე ველისა ქვიშაზეღა მარტო და ობლად...
დიდროვან კლდეთა გროვა ჰჩანდა აქეთ-იქითა;
მზე სწვავდა იმათ წვეტიან თავთ, მჩინართა ყვითლად,
მეც მწვავდა, – მაგრამ მე მეძინა მკვდრისა ძილითა.
და მესიზმრა მე მხიარულად გაჩაღებული
ღამის მეჯლიში ჩემს სამშობლოს ტკბილსა მხარესა,
იქ ჰქონდათ ჩემზე მხიარული, გალაღებული
იქ ლაპარაკი და ბაასი ყმაწვილ ქალებსა.
ხოლო მათ შორის ერთი იჯდა ჩაფიქრებული
და იმ მხიარულ ლაპარაკში არ ერეოდა,
მწუხარე სიზმარს წაეღო მის ყმაწვილი სული,
და ღმერთმა იცის, იგი სიზმარს რად ეძლეოდა.
და ესიზმრა მას ქვიშიანი დაღესტნის ველი,
ნაცნობი გვამი იმა ველზე ეგდო უძრავად,
და იმის გულში მაორთქლავი სჩნდა წყლული ბნელი,
და სისხლი ჩქეფდა გაცივებულ, უწყვეტ ნაკადად.
4 აგვისტო, 1860 წ.
სიზმარი
ხელნაწერი: ავტოგრაფი U №108 (B); M ავტ. №17501 (E); ასლი U №217.
ნაბეჭდი: საქართველოს მოამბე, 1863, № 4, გვ. 80 (D). თხზულებანი
ილია ჭავჭავაძისა. ტ. I, 1892, ტფილისი, გვ. 89-90 (A).
სათაურის ქვეშ: ლერმონტოვით (BD); ლერმონტოვისა (A).
თარიღი: 1860 (A). 4 აგვისტო, 1860 წ. პავლოვსკი (B); 4 აგვისტო
(E); 4 აგვისტო 1860 (D).
52. 3 ქვეშე] ქვეშა BDE. 4 ვეგდე... მსხვერპლად] ვიყავ მლოდნელად BD.
ნაკრავი მე ვეგდე უძრავად E. 5 ორთქლად] ოხშივარით BDE. 5 ჩემი] ჩემს E. 5
წყლული] წყლულით E. 5 რადმე აბოლდებოდა] ამოდიოდა E. 7 დიდროვან] დიდრონ D
გარშამო E. 8 წვეტიან] წაკვეთილი E. 8 თავთ] თავთა E. 12 მხარეს] მხარზედა
BD. 12 ტკბილსა მხარესა] ნანატრ ველზედა E. 13 ჰქონდათ ქალებსა] იქ ყმაწვილ
ქალებს მხიარული, გალაღებული, ჰქონდათ ბაასი, ლაპარაკი ჩუმი ჩემზედა BD.
ყმაწვილ ქალებსა მხიარული, გალაღებული, ჰქონდათ ბაასი, იქ ლაპარაკი ჩუმი
ჩემზედა E. 15 ხოლო] მაგრამ DE. 16 ერეოდა] ერევოდა D. 17 მწუხარე...
წაეღო] მჭმუნვარ სიზმარში B. 17 მწუხარე სიზმარს] მწუხარ სიზმარში E.