The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


15.02

1863    
    
15 თებერვალი   
    
ოლღა გურამიშვილს უგზავნის ხელმოუწერელ მოკლე ბარათს, რომელშიც აღიარებს, რომ მისმა სიყვარულმა „პატიოსან, დარბაისელ რედაკტორს“ თავი დააკარგვინა.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 280; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 101; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 194-195; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 34, 328-329.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

    
1879   
    
15 თებერვალი    
    
გაზეთ „დროებაში“ კრიპტონიმით – „ა“ იბეჭდება პოემა „დიმიტრი თავდადებულსა“ და სტატიაზე „ფიქრი და შენიშვნა“ ალექსანდრე სარაჯიშვილის რეცენზიის მეორე ნაწილი. პუბლიკაციაში ილია ჭავჭავაძის ახალი პოემა მის შემოქმედებით უკუსვლად არის შეფასებული.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1879, № 34, გვ. 1-2; ნ. დავითიშვილი, „ფიქრი და შენიშვნა“, ჟურნ. „ივერია“, 1879, № 1, გვ. 118-135.

პირთა ანოტაციები:

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად. სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914) მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

    
1880    .
    
15 თებერვალი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „პირველი შკოლა ბათუმში“ („დღევანდელს „დროებაში“ მკითხველი ნახავს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 15 თებერვალი, № 36, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 77.

ატრიბუცია:

 სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 640-641.

    
1886 15 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 თებერვალს“ („შიგნით ინგლისს ბევრი ტკივილი...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ინგლისის კოლონიები“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 14; გაზ. „ივერია“, 1886, № 37, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 362.

    
1887    
    
15 თებერვალი    
    
ესწრება შექსპირის „ჰამლეტის“ წარმოდგენას ქართულ თეატრში.  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 348. დათარიღება: დროზე მინიშნებულია 19 თებერვალს „ქართული თეატრის“ რუბრიკით გამოქვეყნებულ რეცენზიაში.

პირთა ანოტაციები:

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

    
1893    
    
15 თებერვალი   
    
ესწრება თსს ბანკის წევრთა საგანგებო კრებას. ზედამხედველი კომიტეტის წევრ ალექსანდრე კობიაშვილის კითხვას, რატომ არ გამოაქვეყნა ბანკის გამგეობამ კონვერსიის ჩატარების წესი, რომ ყველას ჰქონოდა მისი დაწვრილებით გაცნობის შესაძლებლობა, პასუხობს, რომ საცენზურო კომიტეტი კრძალავს სამინისტროს წესების გამოქვეყნებას. კრების მონაწილეთა თხოვნით დაწვრილებით განმარტავს, რა იგულისხმება ბანკის „თავისუფალ“ ანუ „სამოქმედო ფულში“. ივანე მაჩაბლის განაცხადს, რომ კონვერსიის ჩაუტარებლობაში პირადად ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის ბრალი, პასუხობს, რომ 1891 წელს კონვერსიის გადადება გამოიწვია რუსეთში არსებულმა მძიმე სოციალურმა ფონმა და ფასების დავარდნამ. კონკრეტული თარიღებით და ციფრებით განამტკიცებს თავის ნათქვამს, შემდეგ კი კრებას უხსნის, რომ ამჯერად კონვერსიის ჩატარება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ეს იყო 1891 წელს, რადგან არსებობს სახელმწიფო ბანკის დახმარების შესაძლებლობა. იქვე პასუხობს კითხვას, რატომ ჯობს კონვერსიის ჩატარება მამულების გადაგირავებას.   წყარო:

ტფილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წევრთა საგანგებო კრება, გაზ. „ივერია“, 1893, 23 თებერვალი, № 39, გვ. 2-3; 24 თებერვალი, № 40, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

კობიაშვილი ალექსანდრე იოსების ძე

1895 წელს თბილისის სამეურნეო სკოლოს თაობაზე შექმნილი კომისიის წევრი, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1893    
    
15 თებერვალი    
    
ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი, დეკანოზი დავით ღამბაშიძე „რ. დ. ღა-ძე“-ს ფსევდონიმით აქვეყნებს დასასრულს სტატიისა „ფუტკრების დედო და თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, გაზ. „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი“. იგი წერს ილია ჭავჭავაძის მტრულ დამოკიდებულებაზე საქართველოში გამომავალი სხვა ჟურნალ-გაზეთებისადმი და მოითხოვს, რომ ფსევდონიმებს ამოფარებულმა „ივერიის“ ავტორებმა თავიანთ კრიტიკულ წერილებს საკუთარი სახელი და გვარი მოაწერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე პასუხი უნდა აგოს რედაქტორმა.  წყარო:

ჟურნ. „მწყემსი“, 1893, № 3, გვ. 1-8.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.