The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ახალი ამბავი მცირე შენიშვნა („წ. კ საზ.“ გამგ, საყურადღებოთ).
ახალი ამბავი/მცირე შენიშვნა („წ. კ საზ.“ გამგ, საყურადღებოთ). 

ახალი ამბავი
მცირე შენიშვნა („წ. კ საზ.“ გამგ, საყურადღებოთ).
ცნობის ფურცელი. 1903 N2326

დღეს ყველა, ვისაც კი გული შესტკივა, ქრთველ მკითხველს ეხმარება. ამისათვის არა ჰზოგავენ არაფერს. სამწუხაროა, რომ ქართველ მკითხველისთვის თვით „ქ. შ. წ. კ. გამ. საზოგადოების“ გამგეობა კი არა ზრუნავს ამაზე.

მართალია, იმას წიგნის მაღაზიის გარდა, სამკითხველიაებიც აქვს, მაგრამ... აქვს ერთი სამკითხველო ტფილისში, რომელსაც ვერის მე-II სამკითხველო ეწოდება. ეს სამკითხველო ერთობ მწერალად ყოფილა წიგნებზე. არამც თუ რუსული, ქართული წიგნებიც კი მცირეა აქ. თავი დავანებოთ ისეთ ახალ გამოცემულ, დღევანდელ ჩვენის მკითხველისათვის საჭირო წიგნებს, როგორიც არის, მაგ. ჰექსლის „ორგანიულ ბუნების განვითარება“, პოლბერის „ბუნების ცოდნა“, „ცა და დედამიწა“, „თანამედროვე ქალაქი“, „ამბები ინგლისის ისტორიიდან“, „გორკის თხზულებები“, „ბარტექ ძლევამოსილი“ და სხვა. არამც თუ ესენი, წარმოიდგინეთ, ჩვენ კლასიკებზედაც მწერალად ყოფილა სამკითხველო: არ არის აკაკის I და II, ტ., გ. წერეთლის I ტ., ი. ჭავჭავაძის II, ტ., ა. ყაზბეგის მხოლოდ პირველი სამი ტომია და ისიც საცოდავად დაფხრეწილი ასევე დაწეწილია ი. ჭავჭავაძის თხზულებებიც. ე. ნინოშვილის მოთხრობები მხოლოდ თითო ცალია და ისიც დახეული. ისეთი სასარგებლო წიგნი, როგორიც არის ი. ალხაზიშვილის „ბუნება და ცოდნა “, მხოლოდ ერთი ცალია, სამკითხველოს არა აქვს ბ-ნ კარიჭაშვილის რედაქციითა და წინასიტყვაობით გამოცემული „ვეფხის ტყაოსანი“, რომელიც ერთი-ორად გაუადვილებს მკითხველს უკვდავ პოემის გაგებას და შეთვისებას. ზოგი აქ ჩამოთვლილ წიგნთაგანი თვითონ „წ. კ. გ. საზ.“ გამოცემა და მით უფრო სამწუხაროა, რომ ეს წიგნები სამკითხველოში არ არის. ესეც არ იყოს, განა ისე ძვირია ზემოხსენებული გამოცემები, რომ „საზოგადოებას“ იმათი ორ-ორი ეკზემპლიარის ყიდვა გაუჭირდეს? ჩვენში ყველა იმას იძახის, მკითხველები გაგვირბიანო და იმას კი არავინ კითხულობს, თუ რას აწვდიან ამ მკითხველებს. სირცხვილია, ზემო ჩამოთვლილი წიგნები ქართულ სამკითხველოში არ იყოს.

№№