The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


25.02

1853    
    
25 თებერვალი   
    
 ამიერკავკასიის სამოქალაქო სამმართველო განიხილავს თბილისის სამხედრო გუბერნატორ ივანე ანდრონიკაშვილის შუამდგომლობას გრიგოლ ჭავჭავაძის ობლების – ილიასა და თეიმურაზის სახელმწიფო ხარჯზე სწავლებასთან დაკავშირებით და, იმ მიზეზით, რომ საჭირო საბუთები სრულად არ არის წარმოდგენილი, უარს აცხადებს თხოვნის აღსრულებაზე.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 169.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (1793-1868)

რუსეთის არმიის გენერალი, კავკასიის და ყირიმის ომების მონაწილე, 1849-55 წლებში თბილისის სამხედრო გუბერნატორი, ილია ჭავჭავაძის ნათლიის – ნინოს ძმა.

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე.

    
1863    
    
25 თებერვალი    
    
წერილს უგზავნის ოლღა გურამიშვილს. წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ერთმანეთს ხშირად ვეღარ სწერენ. ღელავს, რადგან არ იცის, როგორ მიიღოს სასიმამროსგან თანხმობა. შიშობს, რომ თადეოზ გურამიშვილი სასურველ სასიძოდ არ მიიჩნევს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 239; ჟურნ. „ცისკარი“, 1961, № 3, გვ. 104; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 419-420; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 39-40, 330-331.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

    
1875    
    
25 თებერვალი    
    
თბილისიდან ბაქოში წერილს უგზავნის ცოლისდას – ეკატერინე გურამიშვილსტაროსელსკისას. სწერს თადეოზ გურამიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი მეორე მეუღლის, მარიამ დიასამიძისა და შვილების მიერ წამოწყებულ სამემკვიდრეო დავაზე. ატყობინებს, რომ მოითხოვა თადეოზის შვილების, ზალიკოსა და ცაცოს, ფსიქიური მდგომარეობის შემოწმება  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,ილია ჭავჭავაძის ფონდი, ავტოგრაფი № 418; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 118- 120; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 61-64, 392.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-სტაროსელსკისა ეკატერინე თადეოზის ასული

ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღას და. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე.

გურამიშვილი თადეოზ ზაალის ძე (1800-1875)

ქართლელი მემამულე, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილის დედის – ელენე გიორგის ასულ გურამიშვილის ძმიშვილი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი.

დიასამიძე მარიამ დავითის ასული

ილია ჭავჭავაძის სიმამრის, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლი.

გურამიშვილი ზაალ (ზალიკო) თადეოზის ძე

ოლღა გურამიშვილის ძმა, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან.

გურამიშვილი ხორეშან (ცაცო) თადეოზის ასული

ოლღა გურამიშვილის და, თადეოზ გურამიშვილის მეორე ცოლისგან.

    
1882 25 თებერვალი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ ქუთაისის დირექციის წერილობით ინფორმაციას იქ არსებული სკოლების მდგომარეობის შესახებ და წყვეტენ მათთვის სახელმძღვანელოების გაგზავნის საკითხს. იღებენ დადგენილებას, რომ ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების მიწოდება სთხოვონ გეოგრაფიულ საზოგადოებას, კავკასიის არქეოგრაფიის კომისიას, სტატისტიკის კომიტეტსა და სხვა დაწესებულებებს. ალექსანდრე სარაჯიშვილს ავალებენ სოფლის სკოლათა შენობებისათვის გეგმის შედგენის ორგანიზებას. მადლობას უხდიან საზოგადოების სასარგებლოდ თანხის შემწირველებს. იხილავენ წინარეხის სკოლის სასწავლო პროგრამის შესახებ იაკობ გოგებაშვილის მიერ მომზადებულ პროექტს. იგი იმაზე მეტ დათმობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს საზოგადოების წესდების დაურღვევლად არის შესაძლებელი. ამიტომ მხარს არ უჭერენ. თანხმდებიან, რომ ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამება საზოგადოებისთვის წესდებით მინიჭებულ უფლებებს, არ მიიღონ და თუ დირექცია თავის მოთხოვნებს ისევ წამოაყენებს, საკითხის განხილვაში ჩაერთოს პრესა.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 58.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

    
1886    
    
25 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 თებერვალს“ („1870 წლამდე, როგორც მოგეხსენებათ...“). თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბისმარკის საგარეო პოლიტიკა“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 177, გვ. 30; გაზ. „ივერია“, 1886, № 43, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 387.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

    
1887    
    
25 თებერვალი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 24 თებერვალი“ („ჯერ მინამ შევუდგებოდეთ იმის გარჩევას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 570—572, გაზ. „ივერია“, 1887, 25 თებერვალი, № 41, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 131.

    
1888    
    
25 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 24 თებერვალი“ („თ-დი ლევან ვაჩნაძის მოხსენება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „არსებული სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების აუცილებლობა“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 25 თებერვალი, № 43, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 105.

პირთა ანოტაციები:

ვაჩნაძე ლევან ალექსანდრეს ძე

თბილისის გიმნაზიის დირექტორი 1887-1894 წლებში, ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი.

    
1889    
    
25 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 თებერვალი“ („ჩვენ მკითხველებს მოეხსენებათ, რომ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ინგლისირლანდიის ურთიერთობის გარშემო“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1889, 25 თებერვალი, № 42 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 105.

    
1890    
    
25 თებერვალი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 თებერვალი“ („შარშანდელმა წელიწადმა თითქმის სრულად მოიდნო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კალიასთან ბრძოლის აუცილებლობა“.   
    
25 თებერვალი    
    
ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 25 თებერვალი, № 43, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 510.

წყარო:

ქუთაისის ცენტრალური არქივი, ავტოგრაფი, ფონდი 9, საქ, 393, ფ. 11.

    
 1897   
    
 25 თებერვალი   
    
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება გრიგოლ ვოლსკის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი კიდევ ერთი ნაწყვეტი მოთხრობიდან „კაცია – ადამიანი?!“  წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4518.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

    
1901    
    
25 თებერვალი   
    
ესწრება რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1901, № 45; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1393.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.