The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


10.10

1860    
     
10 ოქტომბერი    
     
წერილს სწერს სოლომონ ჭავჭავაძეს და, რადგან უკვე გაგებული აქვს, რომ მის მიერ გაგზავნილი ბარათები ადრესატს არ მიუღია, დაწვრილებით უყვება პეტერბურგის ამბებს. სწერს ხარჯებზე, ვალებზე, სიღარიბესა და ავადმყოფობაზე. ასევე სთხოვს, რომ მამიდას შეახსენოს სიღარიბის მოწმობის გაგზავნა, რომ ყოველთვიურად 50 მანეთი არ ჰქონდეს გადასახდელი. 1859 წელს, როდესაც ილია ალექსანდრა ჩაიკოვსკაიაზე იყო შეყვარებული, გაისტუმრა სოლომონ ჭავჭავაძის ყველა ვალი და, როგორც ჩანს, აპირებდა მასთან დადებული გარიგების დარღვევას, მაგრამ 1860 წლის შემოდგომაზე, როდესაც ჩაიკოვსკაიასთან ურთიერთობა შეწყვიტა, სოლომონთან მიმოწერა ისევ განაახლა.   წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 270-274.

ატრიბუცია:

ილია ჭავჭავაძის ეს წერილი შემორჩენილია მხოლოდ ასლის სახით და თხზულებათა ოცტომეულში იბეჭდება „სავარაუდონის“ განყოფილებაში.

პირთა ანოტაციები:

ჩაიკოვსკაია ალექსანდრა ილიას ასული (1842-1891)

გენერალ ილია ჩაიკოვსკის ქალიშვილი, რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის და. 1860 წელს ცოლად გაჰყვა ლევ ვასილის ძე დავიდოვს.

ჭავჭავაძე სოლომონ (სიმონ) გრიგოლის ძე (1797-1875)

ყვარლელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ნათესავი. სოლომონის მამა – გრიგოლ (გიორგი) და ილიას პაპა – პაატა ჭავჭავაძეები ძმები იყვნენ.

     
1873    
     
 10 ოქტომბერი    
     
პეტერბურგიდან წერილს უგზავნის მეუღლეს. ატყობინებს, რომ რევაზ ანდრონიკაშვილი და ბანკის ზედამხედველი კომიტეტი დახმარების ნაცვლად ხელს უშლიან წესდების დამტკიცებას. გულდაწყვეტილია, რომ ამ საქმის მოსაგვარებლად პეტერბურგში მასთან ერთად ჩასული დავით ყიფიანი და დიმიტრი ყაზბეგი მალევე წავიდნენ და საქმე მხოლოდ მის იმედად დატოვეს. სწერს, რომ მიიღო დების მიერ გაგზავნილი თანხა. სთხოვს, კარდანახში ჩავიდეს და დაელოდოს. აინტერესებს, საწყენად ხომ არ დაურჩათ ოლღას დას და სიძეს, რაც მათი ვაჟის - სიმონის თაობაზე მისწერა. თვლის, რომ უფლება არ ჰქონდა, მშობლებისათვის სიმართლე დაემალა.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 320; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 314-316; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 149-150, 358.

პირთა იდენტიფიკაცია:

რევაზ ანდრონიკაშვილი წერილში მხოლოდ სახელით არის მოხსენიებული. ოლღას და - ეკატერინე გურამიშვილი-სტაროსელსკაია, სიძე - დიმიტრი სტაროსელსკი და სიმონ სტაროსელსკი. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1818-1877)

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, თბილისის გუბერნიის თავად აზნაურთა მარშალი. მან მიართვა ადრესი 1871 წელს თბილისში ჩამოსულ იმპერატორ ალექსანდრე II-ეს, სადაც თერგდალეულთა მიერ მოთხოვნილი უნივერსიტეტის ნაცვლად იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნას სთხოვდნენ.

ყიფიანი დავით ქაიხოსროს ძე (1835-1892)

დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს თბილისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი და ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე, ნოტარიუსი.

ყაზბეგი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1838/40-1880)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ყაზბეგის ბიძაშვილი. სწავლობდა ხარკოვის, პარიზის, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. მოღწეულია მისი მხოლოდ ერთი თხზულება „მავნე სულები“.

სტაროსელსკი სვიმონ (სიმონ, სენო) დიმიტრის ძე

ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის დისწული.

     
1884    
     
10 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ქუთაისის სკოლის ინსპექტორს ატყობინებენ, რომ ახალი მასწავლებელი მხოლოდ საცდელი გაკვეთილების წარმატებით ჩატარების შემდეგ უნდა აიყვანოს. ბათუმიდან იღებენ ფილიმონ ქორიძის მიერ გამართული კონცერტიდან შემოსულ თანხას. ილია ოქრომჭედლიშვილს კიდევ ერთხელ სწერენ მადლობას შენობის შემოწირვისთვის, მაგრამ ატყობინებენ, რომ პრიკაზის ვალის გამო შენობის გადაფორმება წამგებიანია და უარის თქმა უხდებათ.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 13.

პირთა ანოტაციები:

ქორიძე ფილიმონ იესეს ძე (1835-1911)

ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი და ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველმა გადაიტანა ნოტებზე ქართული მრავალხმიანი სიმღერები.

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

     
1886    
     
10 ოქტომბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ოქტომბერი“ („ეხლანდელს მოქმედს კანონებში ერთი დიდი ნაკლი არის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მუშის დაქირავების კანონის ნაკლი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 10 ოქტომბერი, № 218, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 431.

     
1889    
     
10 ოქტომბერი    
     
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებლისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით მომზადდეს წერილი ბათუმის ქალაქის სამმართველოსადმი სკოლის შენობისათვის მიწის გამოყოფის თაობაზე. დადებითად წყდება წინამძღვარიანთკარის სკოლისთვის თანხის, წიგნებისა და სასკოლო ნივთების გაგზავნის საკითხი და წინარეხის სკოლის მზრუნველის იოსებ ცხვედაძის თხოვნა სკოლის შესაკეთებლად თანხის გამოყოფის თაობაზე.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481 № 198, გვ. 11.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე იოსებ ზებედეს ძე (1855-1934)

პედაგოგი, ქშწკ-ის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.

     
1902    
     
10 ოქტომბერი    
     
თბილისის გუბერნიის მარშალ დავით მელიქიშვილთან, გრიგოლ დიასამიძესთან, მეუღლესთან და სხვებთან ერთად სტუმრად არის წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, № 217.

პირთა ანოტაციები:

მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე (1856-1909)

თბილისის გუბერნიის მარშალი, იმპერატორის კარის ეგერმაისტერი, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის სიძე, დისშვილის – რუსუდან სტაროსელსკაიას მეუღლე.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

დიასამიძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე (1870-1960)

ისტორიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.