The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1837

1837

1837 27 ოქტომბერი

ყვარლელ თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძესა და მის მეუღლეს – მარიამ ქრისტეფორეს ასულ ბებურიშვილს შეეძინათ მესამე შვილი, რომელსაც ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელი – ილია დაარქვეს.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, გვ. 443; ელისაბედ ჭავჭავაძის მოგონება, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 552, 555; საქართველოს ეროვნული არქივი, სინოდალური კანტორის ფონდი, 489, აღწ. 6, საქ. 301, ფ. 16;  „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947,, გვ. 162; აპოლონ წულაძის წერილი მიხეილ გედევანიშვილისადმი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 8590/49-50.

დათარიღება:

ილია ჭავჭავაძის დაბადების თარიღის მეორე სავარაუდო ვერსიის – 20 იანვრის შესახებ იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 276-277.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

ბებურიშვილი მარიამ (მაგდანა) ქრისტეფორეს (ხაჩატურის) ასული (1818-1848)

ილია ჭავჭავაძის დედა. 1832 წელს დაქორწინდა თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეზე. ზოგიერთი გადმოცემით, სახადით გარდაიცვალა, სხვა ვერსიით, მშობიარობას გადაჰყვა.

ილია წინასწარმეტყველი (ძვ. წ. IX ს.)

ბიბლიური წინასწარმეტყველი.

დოკუმენტი:

 საეკლესიო ჩანაწერი, საქართველოს ეროვნული არქივი, სინოდალური კანტორის ფონდი, 489, აღწ. 6, საქ. 301, ფ. 16.

     

1837 27 ოქტომბრის შემდეგ

ინათლება ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში. ნათლისღებას აღასრულებს დეკანოზი დანიელ ზურიაშვილი, მიმრქმელია ნინო ანდრონიკაშვილი- ერისთავისა.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, სინოდალური კანტორის ფონდი, 489, აღწ. 6, საქ. 301, ფ. 16; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 162.

პირთა ანოტაციები:

იოანე ნათლისმცემელი

იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. ჭავჭავაძეთა კარის ეკლესია ყვარელში მისი სახელობისა იყო.

ზურიაშვილი დანიელ იოსების ძე

ყვარლის იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელი.

ანდრონიკაშვილი-ერისთავისა ნინო მალხაზის ასული (1793-1868)

ილია ჭავჭავაძის ნათლია, თელავის მაზრის სოფელ ქისტაურის მკვიდრის – გიორგი ბეჟანის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.