The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


20.06

1858    
    
20 ივნისი   
    
ტიარლევოში წერს ლექსს „მეც შავ თვალებს“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 3.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 289-292.

    
1872    
    
20 ივნისი   
    
 პეტრე უმიკაშვილს უგზავნის საპასუხო წერილს. წუხს იმის გამო, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი შემოქმედებით მუშაობაში ხელს უშლის და ვერაფერს წერს.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 544; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 36-39; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 36-37; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 32-33, 377.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

    
1878    
    
20 ივნისი     
    
დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და ბესარიონ ღოღობერიძე ქშწ-კგ საზოგადოების წესდების პროექტს, რომელზეც 123 ადამიანის ხელმოწერაა, დასამტკიცებლად წარუდგენენ კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს უფროს გენერალ-ლეიტენანტ დიმიტრი სტაროსელსკის.  წყარო:

ი. ბოცვაძე. წერილები, 1956, გვ. 74.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.

სტაროსელსკი დიმიტრი სვიმონის ძე (1832-1884)

გენერალი, სენატორი, ილია ჭავჭავაძის ქვისლი. 1872-1876 წლებში ბაქოს გუბერნატორი. 1876 წელს დაინიშნა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად, 1878 წელს კი – იმავე სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად.

    
1879    
    
20 ივნისი   
    
იურისტი დავით ავალიშვილი უფორმებს ხელწერილს, რომლითაც იღებს ვალდებულებას ილია ჭავჭავაძის წინაშე, რომ მასთან ერთად ხელმოწერილი ვექსილი, ათასი მანეთის სესხად აღების თაობაზე, მასვე მიჰყიდოს ან გადასცეს გასანადგურებლად.   წყარო:

დავით ივანეს ძე ავალიშვილის ხელწერილი (რუსულ ენაზე) ჩიტახოვისა და ემემოვის დამოწმებითა და მინაწერით, რომ ვექსილი დაბრუნებულ იქნას № 677.

პირთა ანოტაციები:

ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897)

რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.

    
1880    
    
20 ივნისი    
    
ვასო აბაშიძე, ილია ჭავჭავაძისა და თეატრალური ამხანაგობის მიმართ პროტესტის ნიშნად, არ მიდის სპექტაკლზე და წარმოდგენა არ შედგება.  წყარო:

ვ. აბაშიძე, „დროება“, 1880, 20 ივნისი, № 129, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

    
1882    
    
11-20 ივნისი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.    წყარო:

გაზ. “დროება“, 1882, 20 ივნისი, № 127, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 333.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 690-691.

    
20 ივნისი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „ბათუმისა და ფოთის შესახებ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. „დროება“, 1882, № 119, გვ. 3-4, № 120, გვ. 2-3, № 121, გვ. 3-4, № 124, გვ. 2-3, № 126, გვ. 2-4, № 127, გვ. 3-4.

    
1886    
    
20 ივნისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 19 ივნისს“ („ბალკანეთის ნახევარკუნძულის საქმე ნამეტნავად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „რუსეთი და ბულგარეთი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 20 ივნისი, № 131, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 133.

    
    
1887    
    
20 ივნისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 ივნისი“ („ჩვენის ფიქრით, გერმანიამ რომ ჩამოართვა..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 20 ივნისი, № 124, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 429.

    
1893    
    
20 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ „ნადიკვარელის“ ფსევდონიმით იბეჭდება ილია ზარაფიშვილის კორესპონდენცია „წერილი კახეთიდან“ თელავში ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად გამართული სადილის შესახებ და ჩართულია მისი სიტყვა. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ილიას პასუხი სამეურნეო სკოლის მნიშვნელობის შესახებ“.  წყარო:

გაზ. „ივერია“ , 1893, 20 ივნისი, № 129, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 12, 2007, გვ. 191.

პირთა ანოტაციები:

ზარაფიშვილი ილია აბრამი ძე (1854/56-1909)

პედაგოგი, პუბლიცისტი. წერდა ფსევდონიმით „ნადიკვრელი“.

    
1896    
    
19-20 ივნისი    
    
მონაწილეობს თსს ბანკის საგანგებო კრებაში, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ივანე მაჩაბელი ამის წინააღმდეგია. კენჭისყრაზე უარს ამბობენ ილია ჭავჭავაძე და ზედამხედველი კომიტეტის წევრებიც, მაგრამ კრება მათ იძულებულს ხდის კენჭი იყარონ. ილია ჭავჭავაძეს ხელმეორედ ირჩევენ ბანკის თავმჯდომარედ.  

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1896, № 27, გვ. 470.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

1900
20 ივნისი
იღებს საზღვარგარეთის პასპორტს, რომელშიც არის ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს ნებართვა საზღვრის გადაკვეთის შესახებ. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 19.

20 ივნისი
მეუღლესთან ერთად სამკურნალოდ მიემგზავრება ბერლინში. უამრავი ხალხი აცილებს თბილისის ვაგზალზე. გერმანიაში მიდის ბათუმისა და რიგის გავლით. წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1900, 20 ივნისი № 1157; თ. ვაჩნაძე, ნიკოლოზ ჯანდიერი, 1978, გვ. 28.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.