The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1862

 

1862   
    

1862 28 თებერვლამდე

იღებს გადაწყვეტილებას ახალი თაობის ჟურნალის დაარსების შესახებ და ადგენს პროგრამას.

  წყარო:

Акты собранные Кавказскою Археографическою комиссиею. Т. 12, с. 238.

    

1862 28 თებერვალი

თხოვნით მიმართავს კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელს – გრიგოლ ორბელიანს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ გამოცემაზე ნებართვის მისაღებად და წარუდგენს პროგრამას.

  წყარო:

Акты собранные Кавказскою Археографическою комиссиею. Т. 12, с. 238.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

    

1862 თებერვალი

ჟურნალ „ცისკარში“ „ზემოური იმერლის, გორისელის“ ფსევდონიმით ქვეყნდება ეფთვიმე წერეთლის სტატია, სათაურით „უფალო, რედაქტორო!“ რომელშიც გაკრიტიკებულია ილია ჭავჭავაძის პოზიცია ბარბარე ჯორჯაძესთან პოლემიკაში და გამოთქმულია ეჭვი მის მიერ კარგი ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებით.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, № 2, გვ. 201-207.

პირთა იდენტიფიკაცია:

საუბარია ბარბარე ერისთავ-ჯორჯაძისაზე.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი ეფთვიმე

ცნობილი მწერლის, გიორგი წერეთლის მამა.

ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895)

რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი.

    
1862 20 მარტი

სახელმწიფო კანცელარია, კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ორბელიანის ნებართვის საფუძველზე, აკმაყოფილებს ილია ჭავჭავაძის თხოვნას ქართული ჟურნალის – „საქართველოს მოამბე“ გამოცემის შესახებ, იმ პირობით, რომ მასში არ დაიბეჭდება პოლიტიკური სტატიები.

  წყარო:

პ. გუგუშვილი, ქართული ჟურნალისტიკა 1 1941. გვ. 303; „აქტები“ XII. გვ. 238.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

    

1862 24-30 აპრილი

ესწრება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საერთო კრებას, რომელიც განიხილავს ბატონყმობის გაუქმებისა და საგლეხო რეფორმის საკითხებს. წამოაყენებს წინადადებას გლეხების მიწიანად გათავისუფლების შესახებ, რის გამოც დაპირისპირება უხდება გენერალ-ლეიტენანტ ივანე ბაგრატიონ-მუხრანელთან. კრება იღებს დადგენილებას, რომ მიწები, რომლებიც გლეხებს ეკავათ, გარკვეული პირობებით, მათ სარგებლობაში დარჩეს. გადაწყვეტილებას მხარს უჭერს 135 წევრი, წინააღმდეგია მხოლოდ 4.

  წყარო:

იაკობ მანსვეტაშვილი, მოგონებანი. 2006 წ., გვ. 109-110; Кипиани Д. И. «Записки Дмитрия Ивановича Кипиани»,“Русская Старина”, 1886 г., т. XLIX, март, стр. 517-538; т. L, май, стр. 267-286.

პირთა იდენტიფიკაცია:

„ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 148-150.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-მუხრანელი (მუხრანსკი) ივანე კონსტანტინეს ძე (1812-1895)

გენერალ-ლეიტენანტი, ერეკლე II-ის შვილთაშვილი, ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი, 1882-1885 წლებში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. თადარიგში გასვლის შემდეგ წარმატებით უძღვებოდა სოფლის მეურნეობას.

    

1862 აპრილი

ჟურნალ „ცისკარში“ იბეჭდება მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მხარდამჭერთა ორი წერილი, ორივე „თერგდალეულის“ ხელმოწერით: კირილე ლორთქიფანიძის „წიგნი მიწერილი რედაქტორთან ეფთვიმე წერეთლისა“ და სამსონ აბაშიძის „რამდენიმე სიტყვა ზემოური იმერლის გორისელის სტატიაზედ“

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, № 4, გვ. 341-354, 355-365.

პირთა იდენტიფიკაცია:

ეფთვიმე წერეთლის სტატია დაიბეჭდა „ზემოური იმერლის,,გორისელის“ ფსევდონიმით.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

წერეთელი ეფთვიმე

ცნობილი მწერლის, გიორგი წერეთლის მამა.

აბაშიძე სამსონ ივანეს ძე (1835-1894)

იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. იმპერატორ ალექსანდრე II-ის ამალის წევრი.

    

1862 მაისი

ჟურნალ „ცისკარში“ მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში მის მხარდასაჭერად „მესამე თერგდალეულის“ ხელმოწერით იბეჭდება აკაკი წერეთლის „ახირებული ფურცელი: ახალი მწერლის აშფოთება“

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, № 5, გვ. 23-30.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    

1862 ივნისი

ჟურნალ „ცისკარში“ სათაურით „ახალი ამბები“ იბეჭდება „თერგ დალეულის“ (ფსევდონიმი გაუშიფრავია) სტატია, რომლის მიხედვითაც, „ცისკრის“ მკითხველი მხოლოდ იმ წერილებს კითხულობს, რომელთა ავტორებიც მოსწონს და მათ შორისაა ეფთვიმე წერეთელი. აქვე ნათქვამია, თითქოს ქუთაისში ყველგან ერთსა და იმავეს გაიგონებდით, რა კარგად უპასუხა ეფთვიმე წერეთელმა ილია ჭავჭავაძესო.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1862, № 6, გვ. 63-78.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი ეფთვიმე

ცნობილი მწერლის, გიორგი წერეთლის მამა.

    

1862 ივლისი

ჟურნალ „ცისკარში“ „ბიძია თონიკეს“ ფსევდონიმით იბეჭდება ლავრენტი არდაზიანის წერილი „მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ“, რომელშიც თბილისის ტროტუარებზე მდგომი ადამიანების პირით გაკრიტიკებულია ახალი თაობის სიზარმაცე. ისინი უნაყოფო ხეებთან არიან შედარებული, ილია ჭავჭავაძე კი ირონიულად მოხსენიებულია „ჭუუ. ავჭავაძედ“.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1862, № 7, გვ. 117-151.

პირთა ანოტაციები:

არდაზიანი ლავრენტი პატრეს ძე (1815-1870)

მწერალი, კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მუშაობდა ადმინისტრაციულ სამსახურში, აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ ,,ცისკართან”.

    

1862 აგვისტო

ჟურნალ „ცისკარში“ იბეჭდება თომა მაჭავარიანის „პასუხი მეორე თერგდალეულის პასუხისა“, რომელშიც გაკრიტიკებულია სამსონ მაჭავარიანი ილია ჭავჭავაძის დაცვისთვის.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1862, № 8, გვ. 187-191.

პირთა ანოტაციები:

მაჭავარიანი თომა ივანეს ძე (გარდ. 1867)

მწერალი, პუბლიცისტი, აქვეყნებდა თხზულებებს „დროებაში“.

მაჭავარიანი სამსონ ბეჟანის ძე

 პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

    

1862 სექტემბერი

ჟურნალ „ცისკარში“ კირილე ლორთქიფანიძე („თერგდალეულის“ ხელმოწერით) ბეჭდავს წერილს „ცისკარზედ“ და ახალს ჟურნალის სარგებლობაზედ“, რომელშიც საუბრობს „ცისკრის“ ნაკლოვანებებზე და ჯერარგამოსულ ახალ ჟურნალთან დაპირისპირებაზე. ავტორი სტატიას ამთავრებს ილია ჭავჭავაძის სიტყვებით: „მამულო საყვარელო, / შენ როსღა აყვავდები?“ ამავე ნომერში („მოლაყბის“ ხელმოწერით) იბეჭდება ივანე კერესელიძის „სალაყბოს ფურცელი“, რომელშიც ავტორი ისე საუბრობს შურზე, ერთობასა და ერთმანეთის გატანაზე, რომ ცდილობს „ცისკრის“ მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოდ წარმოაჩინოს.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1862, № 9, გვ. 35-48, 49-55.

პირთა ანოტაციები:

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

 საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

კერესელიძე ივანე ივანეს ძე (1829-1892)

მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ჟურნალ ,,ცისკრის” რედაქტორ-გამომცემელი 1857-1875 წლებში. ^

    

1862 ოქტომბერი

ჟურნალ „ცისკარში“ და გაზეთ „კავკაზის“ დამატებაში ბეჭდავს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ პროგრამას.

  წყარო:

ჟურნ. „ცისკარი“, 1862, № 10, გვ. 189-190; გაზ. „Кавказ», 1862, № 83.

    

1862 1 ნოემბრამდე

ხელშეკრულებას დებს სტამბის მფლობელ ამბარცუმ ენფიანჯიანცთან, რომელიც 1 ნოემბრიდან უნდა შეუდგეს ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ბეჭდვას.

  წყარო:

რედაქციისაგან, ჟურნ. „საქართველოს მოამბე“, 1863, № 1, გვ. 153.

პირთა ანოტაციები:

ეფიანჯიანცი ამბარცუმ

სტამბის მფლობელი თბილისში (გაბრილო მელქუძიანცთან ერთად) აქ იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალი ჟურნალი „საქართველოს მოამბე“. 1879 წ. დაიბეჭდა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და სხვა.

    

 1862 25 დეკემბერი

დიმიტრი ყიფიანის ვაჟი – ნიკოლოზი თბილისიდან სწერს მამას, რომ მის მიერ გაგზავნილი თარგმანი ამერიკელი ასტრონომის ორმსბი მიტჩელის „ზეციერი მნათობებისა“ იმავე დღეს მიუტანა ილია ჭავჭავაძეს „საქართველოს მოამბეში“ დასაბეჭდად, რისთვისაც ის დიდად მადლობელი დარჩა. ასევე ატყობინებს, რომ ჟურნალის ხელმომწერთა რაოდენობამ 500-ს მიაღწია, მაგრამ ასოები ჯერ არ მოსვლიათ და ვერ ბეჭდავენ.  

  წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 14963-ხ.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ყიფიანი ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1846-1905)

 ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ვექილი. მონაწილეობას იღებდა ქართული თეატრის საქმიანობაში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში.

მიტჩელი ორმსბი (1810-1862)

ამერიკელი ასტრონომი, პირველი ასტრონომიული ჟურნალის დამფუძნებელი ამერიკაში, ავტორი წიგნისა „ზეციური მნათობები“. ასევე ცნობილია საინჟინრო მოღვაწეობით. გაიყვანა რამდენიმე მნიშვნელოვანი რკინიგზა.

    

1862 27 დეკემბერი

ივანე კერესელიძე თბილისიდან სწერს რაფიელ ერისთავს, რომ ილია ჭავჭავაძეს თავისი მომავალი ჟურნალისთვის ქუთაისში დამხმარეები ჰყავს ხელმოწერათა შესაგროვებლად. ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, შეწუხებულია, ისეთი ხმა დაუგდო ჭავჭავაძის პარტიამ თავის მომავალ ჟურნალს, რომ „ცისკარი“ სულ გაყინაო.

  წყარო:

ივანე კერესელიძის წერილები, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 542.

პირთა ანოტაციები:

კერესელიძე ივანე ივანეს ძე (1829-1892)

მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ჟურნალ ,,ცისკრის” რედაქორ-გამომცემელი 1857-1875 წლებში.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

    

1862

მუშაობს კრიტიკულ წერილზე „ცისკარი 1857 წლიდან – 1862 წლამდინა“, რომელშიც მიმოიხილავს ამ ჟურნალის ექვსი წლის პროდუქციას. ტექსტი მწერლის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცალკეული აზრები ავტორმა მოგვიანებით გამოიყენა სტატიაში „ზოგიერთი რამ“.

  წყარო:

ავტოგრაფი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი, № 158, გვ. 1-38; № 165, გვ. 1-6, № 187; № 217, გვ. 602-611. პ. ინგოროყვა. ილია ჭავჭავაძე. 1962, გვ. 149; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ოც ტომად), ტ.5, 1991, გვ. 587-605, 702-703.