The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


27.05

1870    
    
27 მაისი    
    
იღებს ამიერკავკასიის კონტროლის პალატის მმართველის თანაშემწის წერილს სასამართლოზე გაწეული ხარჯების ანგარიშის დაზუსტების მოთხოვნით. წერილში ნათქვამია, რომ დანახარჯი შეადგენდა 494 მანეთს და 75 კაპიკს და არა 501 მანეთს. კონტროლის პალატა ითხოვდა განმარტებას, რაში დაიხარჯა დარჩენილი 6 მანეთი და 25 კაპიკი.  წყარო:

წერილი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფონ. 133, აღწ. 1, საქ. 2328, ფურ. 3. დედანი; „საისტორიო მოამბე“, 19-20, 1965, გვ 425.

    
1876    
    
27 მაისი    
    
გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“, ხელმოწერით „თბილისის სათავადაზნაურო სამიწათმოქმედო ბანკის გამგეობის ერთ-ერთი წევრი“, 14 მაისის დაპირებისამებრ, იბეჭდება ვრცელი წერილი „რატომ და რისთვის (პასუხად „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკის“ ავტორს)“, რომელშიც მუხლობრივად არის გაცემული პასუხები სათავადაზნაურო ბანკის მიმართ ნიკო ნიკოლაძის მიერ წაყენებულ პრეტენზიებზე.  წყარო:

„К чему и зачем“, „Тифлисский Вестник“, 1876, №№ 105, 106, 115, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, 2015, ტ. 16, 2017. ატრიბუცია: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, 2015, ტ. 16, 2017.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1880    
    
27 მაისი-12 ივნისი   
    
გაზეთ „დროებაში“ მისი ხელმოწერით იბეჭდება ქშწ-კგ საზოგადოების საანგარიშო მოხსენება.   წყარო:

„საქართველოში ქშწ-კგ საზოგადოების საქმეთა წარმოება 1879 წ. 15 მაისიდამ 1880 წ. 15 მაისამდე“, გაზ. „დროება“, № 111, გვ. 2-3, № 113, გვ. 3-4, № 114, გვ. 3, № 122, გვ. 3-4.

    
1884    
    
27 მაისი    
    
მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებაში.  წყარო:

გაზ. „დროება“, 1884, 31 მაისი, № 115, გვ. 1-2.

    
1885    
    
27 მაისი    
    
ქშწ-კგ საზოგადოების სახელით მადლობას უხდის ნიკოლოზ დადიანს მისი ოჯახის უმდიდრესი ბიბლიოთეკის საზოგადოებისათვის გადაცემის გამო. ამასთან, აცნობებს, რომ ის ერთხმად აირჩიეს საპატიო წევრად.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, I, 95; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 110, 413-414.

პირთა ანოტაციები:

დადიანი ნიკო დავითის ძე (1847-1903)

სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

    
1886    
    
27 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 26 მაისს“ („არამცთუ საზოგადოებრივს საქმეში, კერძო კაცის საქმეშიაც...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სხვა წერილებთან გაერთიანებულია სათაურით „ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკი (პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან“), ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან თბილისის საადგილმამულო ბანკის გამო“.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 361; გაზ. „ივერია“, 1886, 27 მაისი, № 112, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ.IV, 1955; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, თბ., 2007, გვ. 49.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

    
1887    
    
27 მაისი   
    
მონაწილეობს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაში.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 29 მაისი, № 105, გვ. 1-2.

    
27 მაისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 მაისი“ („კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძლის ქავკუთხედია“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 27 მაისი, № 103, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 346.

    
1890    
    
27 მაისი    
    
სათავადაზნაურო ბანკის თეატრში ესწრება უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ წარმოდგენას ცნობილი იტალიელი მსახიობის ერნესტო როსის მონაწილეობით.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 29 მაისი, № 110, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 28/ V).

პირთა ანოტაციები:

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

როსი ერნესტო (1827-1896)

იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

    
1894    
    
27 მაისი    
    
თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობა ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად ვერაზე, „კინგრუსტის“ ბაღში მართავს სადილს საადგილმამულო ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ მისი არჩევის გამო. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 29 მაისი, № 113, გვ. 1-2.

1895
27 მაისი
ფინანსთა სამინისტროს არაპირდაპირი მოსაკრებლების დეპარტამენტის დირექტორი წერილობითი თხოვნით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მეღვინეობის დარგში დიდი გამოცდილების მქონე პიროვნებას, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანია ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების გაუმჯობესება. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 17 (482).

1897
27 მაისი
თსს ბანკის წლიურ კრებაზე ტარდება გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის წევრების არჩევნები. 433 ხმით 22-ის წინააღმდეგ კვლავ ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1897, № 102, გვ. 1-2; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1897, № 210, გვ. 4; გაზ. „კვალი“, 1897, № 23; «Новое обозрение», 1897, № 4605.

1901
27 მაისი
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას და მონაწილეობს კამათში. წყარო:

გაზ. „ივერია, 1901, № 112; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1901, № 1477.