The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (11)1877.05.12


ივერია (11)1877.05.12



1877.05.12

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 ზოგიერთი რამ

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთი რამ

ზოგიერთი რამ ჩვენ ისტორიაზე, არხეოლოგიაზე, ყოფა-ცხოვრებაზე და სხვ

III ოსმალოს საქართველო ანუ მესხეთი[1]

უეჭველია, ბევრი ქართველთაგანი ვერც კი წარმოიდგენს იმ სატანჯველს, რომელიც ოსმალებმა მიაყენეს მესხეთს. ოსმალნი გრძნობდნენ ქართველი ტომის ახოვანებას და სამხედრო გამოცდილებას, ამისათვის შიშობდნენ, რომ თუ ამერნი და იმერნი მჭიდროდ მოფენილს, ერთ გვარ-ტომობისაგან მესხეთს მხარს მისცემდნენ, ეს ბარბაროსნი ამ ადგილში ვერ გაიდგამდნენ თავის ფესვს. ეს იყო უპირველესი მიზეზი, რომ იმათ თავ და პირველადვე სასტიკი დევნულება აუტეხეს ყოველსავე მესხეთის-წესდებას, ზნეობას, ენას და თვით სარწმუნოებას რომ ქართველობა შაესუსტებინათ და ბოლოს სრულებით ამოეკვეთათ, მაშინ, როდესაც სხვა სარწმუნოებისა და შთამომავლობის ტომნი, მაგალ. სომეხნი მესხეთის მოსახლენი. არა დევნულებაში არ ჩაცვივნულან. ოსმალნი შეუბრალებლივ ჰხოცდნენ და ჟლეტდნენ ჩვენ მოძმეთ ლივანაში, შავშეთში, ერუშეთში, ფოცხოვში და არტაანში. ოსმალთ დასაწყისითვე იქ თავიანთი წესი შემოიტანეს: მესხეთი ფაშალიქად გახადეს და სანჯაყებად დაჰყვეს. იმათ რიცხვში რუსეთმა 1829 წელს საქართველოს დაუბრუნა მხოლოდ ხუთი სანჯაყი: ახალციხისა, აწყურისა, ასპინძისა, ხერთვისისა და ახალქალაქისა. ბატონ-ყმობა გააუქმეს და ამის გამო მრავალნი თავად-აზნაურთაგანნი ქართლ-კახეთში და იმერეთში გადაცვივდნენ. აი რას ამბობს ქართლის ცხოვრება მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგიდამ: „აღარ იყო ხსენება არც თავადისა, არც მთავრისა, არც აზნაურისა; მათ მაგიერ შამოვიდა ფაშობა, ბეგობა და აღობა. ხალხი ასწერეს; კაცის თავზე ხარჯი თვითო დრაკანი დააწესეს, მეშვიდედი ყოვლის მიწის მოსავალზე და ხე-ხილზე, ორ-ორი შაური ცხვარზე, აბაზი ხარზე და კამბეჩზე, ათი შაური ფაშის სასარგებლოდ. საეპისკოპოსოები და მონასტრები დასცეს და მათი ქონება და ავეჯულობა დაიტაცეს. ეკკლესიების მაგიერ მეჩეთები აღმართეს. მაჰმადიანობას ძალით ავრცელებდნენ“. ასლან მეორის დროზე (1703-1708) ვახუშტი სწერს: „ქრისტიანებად დარჩნენ მხოლოდ მცირედნი გლეხნი ჯავახეთში, ნაკლებნი შავშეთში, აჭარაში და არტაანში. გარდა ენისა ქართველობა გაუქმდა“.

მაგრამ იმედი დაკარგული არ არის. აი რა შენიშნა ზემოდ-ხსენებულმა დუბუა დე მონპერემ 1833 წ. ახალციხის მხარეზე: „La race indigène, la race autocthone, malgré les milliers d’années, est toujours georgienne“. აქაური მოსახლობა, აქაური ძირეული ტომი, ათასობის წელთა წინააღმდეგ, ყოველთვის ისევ ქართველი ტომიაო, ისინი ისევ მთლად დაუბრუნდებოდნენო მამა-პაპის სარწმუნოებას, რომ არ შიშობდნენო, რომ ოსმალნი ოდესმე ისევ დაიბრუნებენო ამ მხარეს და ხალხს ისევ ძველებურად მკაცრად მოეპყრობიანო“. ეს აზრი დუბუასი უსაფუძვლო აზრი არ არის. ამ სტატიის ავტორი 1873 წელს თვითონ ყოფილა მესხეთში, მოუვლია ბათუმის მაზრა, მთელი კინტრიშისა და აჭარის ხეობები, გამოუკვლევია იმ მხარის წარსული და აწინდელი მდგომარკოსა და შეუნიშნავს შემდეგი:

მთლი მესხეთი ჭანეთით, რომელიც ოსმალოს მფლობელობაშია, თავისის სივრცით ერთი-ორად უდრის იმერეთს ანუ ქუთაისის გუბერნიას. ის შეადგენს ჭოროხის ბასსეინს თავისის ხეობაებით; ამ ხეობაებში მომდინარებენ მდინარენი – აჭარის-წყალი; ოლთას-წყალი, თორთომის-წყალი და სხვანი, რომელნიც აქა-იქ ერთვიან ჭოროხის-წყალს. ჭოროხის ბასსეინსა და შავ ზღვას შუა ვაღიმართება ჭანეთის მთა; ამ მთის კალთებში ზღვის პირად ძველადვე სახლობენ ჭანები ანუ ლაზები. მთელი ის სივრცე, რომელსაც აქ ვიხსენიებთ, უჭირავს ქართველ ტომს. ეს ტომი მთელს კინტრიშისა და აჭარის ხობაებში ვიდრე იქამდე, სადაც ექვს ვერსზე ბათუმს იქით, ჭოროხი შავ-ზღვას ერთვის, წარმოგიდგენთა ნამდვილ გურულებს. ეს ადგილები მართლადაც კაი-ხანი გურულების სამფლობელოს შეადგენდნენ. აქ ყველა მოსახლენი წმინდა ქართველები არიან: აქ ვერ ნახავთ ვერც ურიას, ვერც სომეხს, ვერც ოსმალოს, ვერც ბერძენს. აქ სუფევს გურული ენა, თუმცა ამ ენას მცირედ შერეული აქვს ზოგიერთი ოსმალური სიტყვები. ჭოროხის ხეობის პირად მარჯვნივ და მარცხნივ, ქართულივე ენაა ხმარებაში. რამდენადაც ჭოროხის პირს ჰშორდებით, იმდენად ენა ანუ გარყვნილია, ანუ დამონავებულია ოსმალურის ენისაგან. საზოგადოდ კი ის ვრცელდება თვით სომხეთის საზღვრამდე ასე რომ, როგორც ერთს ფრანცუზს ფონტანიეს (1830-1833 წ.) ადგილობრივ შეუნიშნავს, ბაიბურთში ქართული ენა თურმე ისმის. საზოგადოდ კი უნდა დავურთოთ აქ, რომ ჯერ კიდევ კარგად არ არის გამოკვლეული სად და სად ჭოროხის ხეობაებში, გარდა აჭარისა, ნამდვილ რამ მდგომარეობაშია ჩვენი ენა. ჭანური ენა, როგორათაც მეცნიერებისათგან დასკვნილია, ძალიან ცოტათი განსხვავდება მეგრულს, და შეადგენს ქართულის დედა-ენის შტოს. ზოგიერთნი, იმათ შორის თვით ვახუშტი, ჭანურის ენის საზღვრად უჩვენებენ რკინის პალოს ტრაპიზონის მახლობლად ჩვენის აზრით ეს ზოგი-ერთნი სცდებიან. თვით ქრისტეს წინად ბერძნის მეცნიერნი, ჰეროდოტე (484-406 წ ), და სტრაბონი (იშვა 60 წელს) ჰმოწმობენ, რომ ჭანნი იყვნენ გავრცელებულნი ტრაპიზონის დასავლეთად თითქმის აწინდელს ყიზილ-ერმაკის მდინარემდე. ამის თანახმაა ქსენოფონტეც (443-355წ.). იმის სიტყვით ტრაპიზონი მდებარებდა ჭანების ქვეყანაში. ქართლის ცხოვრებაც პირველ საუკუნეში ქრისტეს შემდეგ ტრაპიზონს ჭანების სოფლად მოიხსენიებს. ოსმალოს გეოგრაფი ჰადჟი-ხალფა მეჩვიდმეტე საუკუნეში მომატებულს ნაწილს ტრაპიზონის მცხოვრებისას, ჭანებად ჰხადის. თვით ის ფონტანიე, რომულიც ზემოდ მოგვყავს, გვიმოწმებს, რომ ჭანები სცხოვრებენო. ტრაპიზონის დასავლეთად ჩილდირის კიდემდე, თუმცა, იმისივე სიტჟვით, ბერძნული ენა შემორეულია ტრაპიზონის აღმოსავლეთად მაპრავემდე ქემერთან.

თუმცა რამდენიმე საუკუნოა გავლილი მას შემდეგ, რაც ოსმალოს ქართველნი ანუ მესხნი ჩვენგან მოშორებულნი არიან, მაგრამ აქამომდე ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ჩვენში არც ხასიათით, არც ზნეობით და ჩვეულებით და არც შინაურის ყოფა-ცხოვრებით. ამას ვმოწმობ მე თვითონ კინტრიშის ხეობაზე, აჭარაზე და ბათუმის გარეშემო ადგილებზე; ამასვე მიმტკიცებდნენ ადგილობრივნი მცხოვრებნი იმ მესხეთის ნაწილებზე, სადაც მე არა ვყოფილვარ. საკვირველია, რომ მთელს მესხეთში ისეა განთქმული თამარ მეფას სახელი, როგორც ჩვენში. იქ თამარს მიაწერენ ყოველს ძველს შენობას: ციხე-სიმაგრეებს, მშვენიერ ხიდების და ტაძრებს. ისიც საკვირველია, რომ ოსმალოს საქართველოში თამარს, გარდა სხვა მეფეებზე ვერას გაიგონებთ. ამასთანავე ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ მთელს ოსმალოს საქართველოში მამა-პაპური აღსარება აქამომდე არ არის დავიწებული. იქ ბევრნი მაჰმადიანობას მხოლოდ გარეგან აღიარებენ; გულში კი ისევ ჩვენს სარწმუნოებას იცავენ, ამის დასამტკიცებლად მრავალი საბუთი გვაქვს. სამარხვო დღეებს ძველებურად ინახვენ, სადღესასწაულო დღეები ისევ იციან. როგორათაც საფარაში და ვარმიაში, აგრეთვე სხვა ადგილებში ქართველნი მუსულმანნი ყოველთვის იკრიბებიან და ლოცულობენ მსხვერპლის შეწირვით: სანთელ-საკმლით, ქათმით, ცხვრით და სხვ. ამბობენ, დიდ-ძალი ხალხი დაიარებაო 14 სეკტემბერს ხახულის მღვთისმშობლის მონასტერში, რომელიც მდებარებს მოშორებით ჭოროხის ხეობაში და რომელიც ძველადვე სახელ-განთქმულია მთელს საქართველოში. ხახულის მღვთის მშობლის სატი, როგორც ყველამ ვიცით, გელათში ასვენია და დავით აღმაშენებელისგან და თამარ მეფისაგან მდიდრადა არის შემკული. ხახულის მონასტერი აქამომდე მთლად არის და დაცულია იქაურის ქართველობისგან. რომ აქა-იქ ჭოროხის სერიაში ქართველების რიცხვში არიან ნამდვილნი ჩვენის აღსარების ქრისტიანენი, ეს უფრო ამისთვის არის დასაჯერებელი, რომ ფარხლის ხეობაში, იქ, სადაც მშვენიერი ხელოვნების ძველი მონასტერია ფარხალი, 1874 წელს უფ. ყაზბეგმა ჰპოვა რამდენიმე ქართულთ მართმადიდებლობის სარწმუნოების მრევლი, რომელსაც თავისი საკუთარი მღვდელი თურმე ჰყავს გვარად ღებრაძე. რომ მრავალნი უნდა იყვნენ აქამომდე ოსმალოს საქართველოში ქრისტიანნი, იდუმალ ანუ ცხადად აღმსარებელნი მამა-პაპურის სარწმუნოებისანი, ამაში ჩვენ ჩვენის მხრით არ ვიჭვნეულობთ. ასე რომ არ იყოს იქაური ძველი ტაძრები და მონასტრები სრულებით უნდა იყვნენ დრღვეულნი და გაუქმებულნი ოსმალთაგან. ჰსჩანს ისინი დაუცავს ქრისტიანების მეცადინეობას. მართლა და იქაური უმშვენიერესი ეკკლესიები, აქამომდე მთლად არიან, მაგლითებრ: შავშეთში თბეთი, ლივანაში ოპიზა, ანჩა, ბანა, იშხნი ეოშხი, ხახული და ფარხალი. ამ ჟამად ჩვნა გვაქვს ხელად фოტოგრაფიული სურათები ხახულისა, იშხანისა და ეოშხისა. გარდა ამისა ყაზბეგისაგან არის გადმოხატული ფარხალი, თბეთი და ოპიზა. ჰსჩანს ამ ტაძრებს ოსმალები არც შეჰხებიან და არც ეხებიან. იმათი ხელოვნება არის განვითარებული, უკეთესი მთელის საქართველოს ეკკლესიების რიცხვში. ზოგიერთი იმათი წარწერათაგანი გადმოუღიათ სხვა და სხვა დროს აბიხს, ხანიკოვს, კოხს და სომხის ვარტაპეტს ნერსეს სარგისიანს. ეს წარწერანი ეკუთვნიან მე IX, X-XI და XII სუკუნოებს. ნერსესს უმგზავრნია ჭოროხის ხეობაში 1843-1853 წელს და ის ამბობს, რომ „აქ მრავალი ეკკლესია ვნახეო ქართულის წარწერებით, მაგრამ საუბედუროდ ვერ შევიძელიო ამ წარწერების გადმოხატვა.

ამით ვასრულებთ ამ სტატიას; მაგრამ ვიდრე აქ კალამს დავდებდეთ არ შგვიძლიან ჩვენი დიდი-ხნის მხურვალე წადილი არ წარმოვთქვათ. ისტორიული მოძრაობა ჩვენის დროისა ის არის, რომ ძველის დროიდამ გაცალკევებულნი ერთ გვარ-ტომის ნაწილნი ერთმანეთს უკავშირდებიან და უერთდებიან. ვიმედოვნებთ, რომ ახლანდელი ბრძოლა რუსეთისა და ოსმალოს შორის, ბრძოდა, რომელიც ჩვენმა ხელმწიფე-იმპერატორმა აუტეხა „ჩაგრულთა დასახსნელად და მჩაგვრელთა დასათრგუნებლად“ იმით დასრულდეს, რომ მესხნი და ჩვენ ერთი მეორეს ისევ შევუერთდეთ ძველებურად, ძმურად და, – გისურვოთ ყველამ, – საუკუნოდ.

____________

1 შეცდომანი:
„ივერიის“ № 8-ში: გვერდი 12,
სტრიქონი 11: „იოანე მთა-წმინდელის შედგენილს“
ამის მაგიერ უნდა იყოს: გიორგი მთაწმინდელისაგან შედგენილს
იქავ სტრიქონი 17: „მეათე საუკ. თინასესგან“ უნდა იყოს: მეთერთმეტე საუკ. ექვთიმესაგან.
„ივერიის“ №10-ში.
გვერდი 8, სტრიქონ 11: Becherches უნდა იყოს Recherches, იქავ სტრიქონი 37: 1828 უნდა იყოს: 1833 წ.
გვერდი 9, სტრიქონი 28: 1834 წ. უნდა იყოს 1833 წ.

2 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

– 19 აპრილს კახეთის თავად-აზნაურთა მხედრობას მოურია თავი სოფელს ველის-ციხეს. აქავ სხვა და სხვა ადგილებიდამ მოგროვებულა კარგა ბლომად ქალი და კაცი მხედრობის სანახავად და ზოგი გამო სასალმებლად. 24-ს აპრილს გამოუტანიათ თავად-აზნაურობის ბაირაღი და დიდის ხალხის თანდასწრებითა პარაკლისი გადუხდიათ. ბლაღოჩინს მღვდელს სამსონ კოპაძეს წარმოუთქვამს სიტყვა და სხვათა შორის უთქვამს: „დღეს რუსეთს ებრძვის ის მტერი, რომელიც ჰსწოვდა საქართველოს სისხლსა. ეს ის მტერია, რომელიც ჰსთესავდა ღვარძლსა შვილისა და მამის შუა, ძმებისა და მეზობლების შუა, მეფეთა და ყმათა შუა, ეს ის მტერია, რომლის ხელში დღესაც ჰკვნესის ძველი ერუშეთი, აჭარა თავისის ქართველობით“.

თ. ზაქარია ანდრონიკაშვილსაც წარმოუთქვამს სხვათაშორის, რომ დღეს ჩვენ გავდივართ ოსმალეთთან საომრათაო. ჩვენი ძმები ქართველები დღესაც იმათ ხელში, იმათის კირთების ქვეშ იმყოფებიანო. დარწმუნებული ვარო, რომ ჩვენი ქართველი კაცი მთის დახსნისათვის თავს შესწირავსო და არ დაიშურებს თავისის სისხლის დანთხევასაო.

გლეხის დედა-კაცობა თურმე ლოცვითა და კურთხევით იხსენიებდა მხედრობასა, და დიდი ყოფა იყოვო ერთობ.

იმ დღეს თ. ჯანდიერიშვილს მხედრობისათვის სადილი გაუმართავს.

25-ს აპრილს მხედრობა წამოსულა ტფილისისაკენ. ცხენოსანთა ქალთა და კაცთა გამოუცილებიათ მხედრობა ქოდალამდე. აქ თ. ზაქარია აბელისძეს ანდრონიკაშვილს დიდი სადილი გაუმართავს და მხედრობა მიუწვევია.

7 მაისს ტფილისში, მუშტაიდის ბაღს ზემოდ, დიდ-უბის მინდორზედ მისმა იმპერატორებითმა უმაღლესობამ გასინჯა იგი მხედრობა. დიდძალი ხალხი დაესწრო. გასინჯვის დროს. ბოლოს მისმა უმაღლესობამ მხედრობას, რომ ქართველები ყოველთვის ერთგულნი ყოფილანო რუსეთისა. ვაჟკაცობას და ქველობას ქართველისას თქმა აღარ უნდაო, ეგ ყველამ იცისო. იმედი მაქვსო. თქვენც ისეთის სახელით გამოიჩენთ თავსაო, როგორის სახელითაც გამოჩენილნი არიან თქვენი მამა-პაპანიო, ამის პასუხად დაიგრიალეს „ურა“ და ეს „ურა“ დიდ-ხანს არ შეწყვეტილა.

გუბერნიის მარშალმა მის იმპერატორებითს უმაღლესობას მოახსენა შემდეგი: „განმათავისუფლებელის – ხელმწიფის უწმინდესმა გულმტკივულებამ ჩაგრულთა ერთათვის, აღძრა გული საქართველოს თავად აზნაურობისა. ამ გულმტკივნეულებით გამოწვეულმა თავად-აზნაურობამ თვისნი შვილნი მოანდო თქვენს იმპერატორებითს უმაღლესობას. წარმართეთ იგინი, ხელმწიფეო, საომრად და მიანიჭეთ სახელოვანი შემთხვევა, რათა ამათაც სისხლი თვისი შესწირონ დიდებულს საქმეს, ტანჯულთა ერთა განთავისუფლებისას“.

9-ს მაისს ტფილისში, თ. ზაქარია ანდრონიკაშვილის სადგომის წინ მოედანზედ მხედრობას კვლავ პარაკლისი უხადეს. პარაკლისზედ კარგა ხალხი დაესწრო. სხვათა შორის ბევრნი იყვნენ ქართველთა დიდ-კაცის გვარისანი ქალნი, თუ კაცნი. თ. გრ. დიმ. ორბელიანმა მეტად მხურვალე და საგრძნობელი სიტყვა უთხრა მხედრობასა. ბევრმა ქალმა იტირა. გუბერნიის მარშალმა ივერიის ღვთის-მშობლის ხატი უძღვნა მხედრობასა, დალოცა და უთხრა, ივერიის ხატი გიძღოდეთო ამ სახელოვანს საქმეშიო. მხედრობის უფროსმა თ. იოსებ ჯორჯაძემ თ. ორბელიანს პასუხად უგო, რომ ქართველნი მამა-პაპის სახელს არ უღალატებენო. ქართველებმა იციან, ნაძრახსა სიცოცხლესა სახელოვანი სიკვდილი ჰსჯობსო.

გუბერნიის მარშალმა მიიწვია მთელი მხედრობა იქავ მომზადებულს საუზმეზედ. თითქმის უველა იქ დამსწრებმა ქალმა თუ კაცმა მხედრობის სადღეგრძელო დალიეს. მცირეს ხანს შემდეგ გაიმართა ქართული სამღერა და ერთმა მომღერალმა ეს ლექსი დაიძახა:

„ვისაც მოუკლავს, ის მოკლავს ნადირსა შავის ტყისასა,
ვინ დასვდი, ისივ დახვდება გულ-და-გულ რაზმსა, მტრისასა“

ქალებმა აქავ მოაგროვეს ფულები, რომ დროშა შეჰკერონ და უძღვნან მხედრობასა. დროშაზედ დაწერილი იქნება: „დედანი და დანი შვილთა და ძმათა. თქვენთან არს ღმერთი და სახელი მამა-პაპათა“.

– ქუთაისიდამ იწერებიან: „რა მშვენიერი დილა იცოდა ჩვენში მშვიდობიანობის დროს! ნაზად ამწვანებული და აყვავებული იყო არე-მარე, თითქო ბუნებამ ათასნაირის ფერადით ნაკერი მშვენიერი მწვანე ხავერდი გადააფარა დედამიწის ზურგსო. თან ისმოდა ფრინველთა გალობა და ჭიკჭიკი. განვშორდებოდი ხოლმე ამ ჩვენს მტვრიანს, შურიანს, გესლიანს ცხოვრებასა და მივეცემოდი დამშვიდებულის ბუნების მშვენიერებასა!...

„დღეს კი სხვა ნაირი სურათი წარმოგიდგებათ. დილა ისევ მშვენიერია! მაგრამ ეს მშვენიერი ადგილები გაჯექილია ცხენის ჩლიქითა. უზრუნველი გალობს ფრინველთა მიმწვდარია. იმ ხეთა ქვეშ, რომელთ ზედაც ფრინველნი შემოსხდებოდნენ ხოლმე, ეხლა დაბანაკებულია ახლად-გამოსული ყმაწვილ-კაცობა ჩვენის თავად-აზნაურობისა და გამზადებულია საომრად. მთის სალაშქრო სიმღერებითა არე-მარე დაყრუებულია. დიდის გულის ცემით და აღტაცებით მოელინ იმ დროს, როდესაც გავლენ სამშობლოს დასაცველად. ეხლა მე ამათი მაყურებელი ვარ. ვინ იცის? ამათმა ფეხის ხმამ იქნება მეც ამიყოლიოს. როგორღაც ამათ მაყურებელს გული მერჩის.“

– ჩვენ შევიტეთ, რომ ტფილისის სასულიერო სასწავლებელში ქართულის ენის მასწავლებელი ქართულის ენისათვის დადებულ დროსაც რუსულს სამღთო ისტორიას და სხვა საგნებს ანდომებსო. მასწვლებელი იმით ამართლებს ამ თავის ქცევას, რომ შეგირდებმა ვითომც ქართული უკვე კარგად იციანო, საწყალო. ქართულო ენავ! ნუ თუ კიდევ დიდხანს იქნები ბედისაგან სასაცილოდ აგდებული!..

– საგარეჯოდამ იწერებიან: „გაცნობებთ ერთს საშინელს უბედურებას, რომელიც მოხდა საგარეჯოში 20-ს აპრილს. ერთი პატარა ხუთის წლის ქალი კაბას იშრობდა ბუხართან. დედა მეზობლებში ყოფილიყო. წაეკიდა საწყალს ბავშვს უეცრად ცეცხლი; გამოვარდა გარედ, იწივლა, იკივლა და ვიდრე საშველი იყო ვერვის თურმე გააგონა ბოლოს გაეგოთ, მაგრამ ვიდრე მიეშველებოდნენ, ტანისამოსი მთლად შემოსწოდა ტანზედ და თვითონაც საწყალი გარუჯულიყო აშვათ, ქონიღა სდიოდა თურმე ტანიდან. ერთის წუთის შემდეგ სულიც განუტევია უბედურს“.

– ჩვენ შევიტყვეთ, რომ ხოვლის სასწავლებელში ორმოცზედ მეტი მოწაფენი არიან. ამათში შვიდამდე პატარა გლეხის ქალები ურევია და გლეხები თურმე სრულებით არ თაკილობენ, რომ ქალ-ვაჟნი ერთათ სწავლობენ. ამასთან ისიც შევიტყეთ, რომ ხოვლის ახლო-მახლო სოფლების გლეხებსაც სწავლის დიდი სურვილი აქვთ. ასე გასინჯეთ, იწერებიან, – რომ ხოვლის მასწავლებელს მოსვენებას თურმე არ აძლევენ, ჩვენს შვილებსაც ასწავლეო. მაგრამ, საუბედუროდ, ხოვლის სასწავლებელის სახლი ისე პატარაა, რომ მასწავლებელს ნებას არ აძლევს მათი კეთილი სურვილი აასრულოს. უნდა იმედი ვიქონიოთ, რომ მაზრის უმფროსი ამ ყველასათვის სასიამოვნო გარემოებას ყურადღებას მიაქცევს და ურჩევს მამასახლისებს, რომ სასწავლებლის დაარსების თაოსნობა გასწიონ.

3 ორიოდე სიტყვა ხოვლის სასწავლებელზედ

▲ზევით დაბრუნება


ორიოდე სიტყვა ხოვლის სასწავლებელზედ

(ივერიის კორრესპონდეცია)

1-ს მაისს მამასახლისმა ჩემის თხოვნით შეკრიბა ხალხი. ხალხი ცოტ-ცოტაობით მოგროვდა და ერთი ახირებული ყაყანი გაიმართა. ერთი ამბობდა: „რაკი შკოლა დაარსდა აქ, ჩვენ სოფელში, ისევ აქ უნდა დარჩეს, მაგის გაუქმება აღარ შეიძლება, ეს ჩვენგან დიდი მუხანათობა იქნებაო და დიდად შესარცხვენიო“. მეორე ამბობდა: „რას ამბობ კაცო? შენ შვილი შკოლაში ლამაზად გეზდება და იმიტომ ლაპარაკობ მაგეებსა. მე კი არა მკითხავ, ლამის სული ამომივიდეს ამდენის მუშაობითა. სადა მცალიან შკოლის აშენებისთვის, – არც შკოლა მინდა და არც შვილი მყავს იქ გასაზდელი.“ „აგრე არ შეიძლება ჩემო ბერო, უთხრა ერთმა უფრო გონიერმა გლეხმა სოლომ, ჩვენ მარტო ჩვენთვინ კი არ უნდა ვცდილობდეთ, ჩვენი მოძმეებისთვისაც ცოტაოდნათ მაინც უნდა გეცადნოთ. შენ აგიხირნია შვილი არ მყავსო სუყველანი ერთმანეთის შვილებიცა ვართ, ძმებიცა და მამებიცა“. ბოლოს მეც ჩავერიე და მაღლის ხმით დავიძახე: „ხალხნო, ყველას გსურთ თუ არა, რომ თქვენ სოფელში ის შკოლა, რომელიც ეხლაც იმყოფება, დარჩეს აქ სამუდამოდ თქვენის შვილების სასწავლებლად და თქვენ სანუგეშოდ? თუ გსურთ, მიჰსცემთ ჯეროვანს შემწეობას რასმეს თუ არა? ახალი შენობა შკოლისათვის უეჭველად ამ ორ თვეში უნდა აშენდეს, რადგანაც ის სახლი, რომელშიაც ეხლა შკოლა იმყოფება, ჯერედ არის ცუდი თქვენის შვილებისთვის და მეორედ გვაცლევინებენ კიდეცა“. აქ მე სიტყვა აღარ გამათავებინეს და ერთ ხმად შემომძახეს: ჩვენ აქ შკოლის არსება გვსურს კიდეცა და ყველაფრით შემწეობასაც მივცემთ. ჩვენ მაგ სამარცხვინოს საქმეს არ ვიზამთ, რომ შკოლა მოგვეშალოს და ან რაღა ხალხნი უნდა გამოვჩნდეთ იმათ თვალში, რომლებიც ჩვენთვინ ზრუნვენ“. მაშინ მე ვუთხარი: მაშ თუ ეგრე გულ-ფიცხად ეკიდებით ამ თქვენთვის უსაჭიროეს საქმეს, ამოირჩიეთ თქვენ სამიოდ ოთხი კაცი და მიანდეთ მათ საზოგადოდ ყოველივე საქმე შკოლისა. მაშინვე იმათ ერთ ხმად ამოირჩიეს ოთხი კაცი მზრუნველად. ეს მზრუნველნი არიან: სოლო ჭალალალი, სოლომონ მერებაშვილი, ბერო კოშაძე და სვიმონა ჭალალი. მათ გამოუცხადა ხალხმა, რომ როგორც სურდეთ ისე იმოქმედონ შკოლის შესახებ საქმეებში. თუმცა ზოგიერთა გლეხები კიდევ წინააღმდეგს ლაპარაკობდნენ, მაგრამ როცა თვითონ თავის მოძმეებმა ყოველისფერი დაწვრილებით ჩააგონეს, სიხარულით მოაწერეს ხელი იმ განაჩენს, რომელიც ამის თაობაზე შედგა და რომელიც უ. მაზრის უმფროსს წარუდგინეს დასამტკიცებლად.

საჭიროდ ვრაცხ მოვიხსენიოთ, რომ დიდი და გულმხურვლე მონაწილეობა მიიღეს ამ ყრილობაში თ. ილია ალექსანდრეს ძემ ჯავახოვმა, გიგო იოსების ძემ ჯავახოვმა, დავით ქაიხოსროსძემ ჯავახოვმა და გლეხმა სოლო ჭალალმა. ესენი გაცხარებით ხან ერთ გლეხების ჯგუფის უმტკიცებდნენ შკოლის საჭიროებას სოფელში, ხან მეორეს. ამის თვის ამ პირთ გულითადს და ღრმა პატივისცემას ვუძღვნით, როგორც ხალხის კეთილდღეობის მოსურნეებს. არც ამ სოფლის მღვდელმა დაიშურა თავისი სიტუვა და მეცადინეობა ამ კეთილის საქმისათვის.

მასწავლებელა სოფლის შკოლისა ი. ც.

4 ომის ამბები

▲ზევით დაბრუნება


ომის ამბები

რაც წარსულს კვირას ამბავი მოვიდა ომიანობაზედ, რასაკვირველია ყველაზე უფრო შესანიშნავი ქალაქის არდაღანის აღებაა. აი რა დეპეშა მოვიდა ახალქალაქიდგან 6 მაისს: „არდაღანი, მისის წინა სიმაგრეებით, სამოცი ზარბაზნით, არტილლერიის მასალით და აგრეთვე ოსმალოს თოთხმეტი ბატალიონის ლაგირით და ქალაქით მის იმპერატორის უმაღლესობის ფეხთაქვეშ დაემხო. არის. 8 მისს 3 საათიდამ 6 საათამდე ზარბაზნებს ესროდნენ არდაღანს და დაანგრიეს ციხის სიმაგრეები. საღა მოს 6 საათზედ ერევნისა, ტფილისისა და ბაქოს პოლკები და საპერები იერიშით მიადგნენ ციხეს. მტერი ვერ გაუმაგრდა და გაიქცა. ოსმალოს მხრით ბევრი დახოცილა.

ტყვეთ ერთი ფაშაც დარჩენიათ. არდაღანი აუღიათ ლენკრალ გეიმანის წინამძღომლობით.

ეს ამბავი რომ მოვიდა იმავე დილას ჩვენ ქალაქში დიდი ზარბაზნის სროლა გაიმართა. მერე ათ საათზე სიონში არქიელმა პარაკლისი გადიხადა. დიდი ზარალი მოსვლია ოსმალოს არდაღნის აღებაზე რუსის მიერ. თითქმის ასი ზარბაზანი დარჩენიათ ჩვენებს. არდაღნის მცხოვრებლებს უთქვამთ, რომ ოსმალოს მხრით სამი ათასი კაცი დაიღუპაო (მოკლული და დაჭრილი). რა ზარალი მოუვიდა ჩვენ ჯარს ჯერ ცნობაში არ არის მოყვანილი; ჯერ-ჯერობით კი იციან, რომ დაჭრილი და დახოცილი ერთად არის ცხრა აფიცერი და 385 სალდათი. მეორე დეპეშა ამბობს, რომ ეს რიცხვი ხუთასამდი ადისო. გარდა ამისა ოთხი აფიცერი და 180-მდე სალდათი დაჭრილა. არდაღნის აღების შემდეგ რუსების მიერ დაჭერილ ადგილას ჩვენებური მმართველობა დაუწესებიათ. ეს ადგილი მთლად რამდენიმე მაზრად დაუყვიათ და უფროსად ღენერალი პოპკო დაუნიშნავთ. მაზრის უფროსებად შემდეგი პირები განუწესებიათ: მესხიევი, მეფისოვი, სულხანოვი, ყარაბეგოვი, შაღუბათოვი. დანარჩენნი ადგილობრივი მცხოვრებთაგანნი არიან. სასამართლო იგივე რჩება, როგორიც უწინ იყო ამ ქვეყანაში

– 4 მაისს, ღენერალს ტერგუკასოვს სურფ-ოჰანესიდგან თავისის ჯარის ერთი ნაწილი უკან ბაიაზეთს გამოუგზავნია, რადგანაც შეუტევია, რომ მტერი ბაიაზეთისაკენ იწევსო. ეს ჯარი ღენერალ ამილახვა რის წინამძღომლობით, იმავე დღეს ბაიაზეთში მისულა. ოსმალოს ჯარი კი, რომელიც ბაიაზეთისკენ მიდიოდა. ვანისკენ დაბრუნებულა.

– 4 მაისს რუსის ჯარს ყარსი უთვალიერებია და მტერს შეხვედრია. ცხარი ბრძოლა გამართულა, რომელშიაც მეტადრე დაღისტანის ჯარს თავი გამოუჩენია. ამ სროლაში 64 ოსმალო მოუკლავთ. 2 ტყვეთ დარჩენიათ. ბევრი იარაღი და ცხენი წაურთმევიათ. ჩვენის მხრით ერთი მილიციის აფიცერი და ოცი ცხენოსანი ჯარის კაცი მოუკლავთ; დაჭრილა: ხუთი აფიცერი მილიციისა და 54 ჯარის კაცი. გარდა ამისა დაჭრილა თ. ილია ჩოლაყაშვილი.

– ამბობენ რუსის ჯარი დუნიაზე გადასულა, გადუვლია ბრაილოვის ახლოს და დობრუჯში ომი აუტეხიაო.

ჯერა არავითარი შესანიშნავი საქმე არ მომხდარა დუნაიზე. ამბობენ რომ რუსები თოთხმეტ ალაგას აპირებენ დუნიაზედ გადასვლასაო.

5 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

ინგლისი. – მართლა და ცხარი ბაასი გაიმართა ინგლისის პალატში გლადსტონის წინადადების შესახებ.[1] თუმცა ეს წინადადება სხვა პარლამენტის წევრთა მეოხებით ცოტად შეიცვალა, მაგრამ მისი უმთავრესი ხასიათი მაინც კიდევ ვერაფრად მოსაწონი იყო მთავრობის პოლიტიკისათვის. ძალიან მწარე სიტყვა მიმართა გლადსტონმა მთავრობას: „აქამომდე ჩვენის მთავრობის მო- ღვაწეობა მხოლოდ იმაზედ იყო მიმართული, რომ ოსმალეთი დავღუპოთ, სთქვა გლადსტონმა: ამ გვარი ქცევა ჩვენის მთავრობისა აუცილებლად ომს გვიქადისო, და მერე რა ომს? ეს ომი ოსმალეთის დასაცველად კი არ იქნება ატეხილი, არამედ მას სხვა ისეთი მიზეზი გამოუჩნდება, რომელსაც ბრიტანიის სარგებლობად ჩაგვათვლევინებენ. (ისმინეთ, ისმინეთ.) ერთი მითხარით, რას ეძახით თქვენ ბრიტანიის სარგებლობას? რა განზრახვით იყო თქმული ეს ფრაზა, რომელიც ისე ჩვილია, რომ საითაც გნებავთ იქიდ გაიწევა? დააკვირდით ინგლისის სახელმწიფოს მდებარეობას; შეხედეთ რამსიშორეზედ გავაწვდინეთ ხელი ამ პატარა კუნძულიდამ. მთელ ცისძირეთში არ მოიძებნება იმისთანა ადგილი, სადაც ჩვენს ვაჭრობას ფეხი არ შეედგას. ახლა მიბრძანეთ, განა შეიძლება დედა-მიწის ზურგზედ ორს სახელმწიფოს ლაპარაკი რამ მოუვიდეს სადმე და ბრიტანიის სარგებლობას ასე თუ ისე არ შეეხოს? განა შეიძლება სადმე ომი ასტყდეს და ჩვენ მიზეზი არ მოგვეცეს ომში გარევისა იმ საბუთით, რომ ჩვენი სარგებლობა ამას ითხოვსო? ამისთანა მდგომარეობაში ჩვენ მეტადრე ინდოეთმა ჩაგვაგდო. ჩვენ წავედით დედა-მიწის მეორე ნაპირას როგორც მოვაჭრეთა საზოგადოება, დავიჭირეთ ინდოეთი და დღეს იქ ჩვენ მფლობელობის ქვეშ არის სივრცე, რომელზედაც სცხოვრებს ორასი მილიონი სული, და კიდევ ვიძახით რომ იმ სახელმწიფოთა, რომელნიც ინგლისისა და აღმოსავლეთის ქვეუნების შორის გზაზედ მდებარეობენო, ჩვენდა დაუკითხავათ ფეხიც არ უნდა გაჰსძრანო. ერთს სახელმწიფოს ვეუბნებით: ხელი არ გაანძრიოო ბათუმში, შავ ზღვაზე, რადგანაც ბათუმი და არზრუმი ერთ დროში გზად შკიქნებიან აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ. მეორეს ვეუბნებით: ხელს ნუ გაანძრევ სირიაში, ბაღდადში, რადგანაც ეფრატის მინდორნი შესაძლებელია ადრე თუ გვიან უკეთეს გზად გახდეს აღმოსავლეთის ქვეყნისაკენო. სუეცის არხი საყოველთაო სარგებლობისათვის იყო გაჭრილი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ჩვენ აქ უფრო უპირატესი უფლება გვაქვსო. ვიდრე სხვა რომელიმე სახელმწიფოს და ქვეყანასაო“.

„არავითარი შიში არ უნდა ვიქონიოთ, რომ რუსეთის მოქმედება რაიმე ვნებას მოუტანს ინგლისის სარგებლობასა. რუსეთი ისე უგუნური არ არის, რომ ავნოს ინგლისს. თუ ამბობთ, რომ რუსეთი თავის საკუთარს სარგებლობას ეძებს და მისს მოქმედებას კაცი ვერ ენდობაო, მაშ მარტო რუსეთს რაღად დაუთმეთ უმთავრესის საქმის აღსრულება (სლავიანების განთავისუფლება)? მე იმედი მქონდა, რომ ჩვენ საერთოდ ვეცდებოდით თვით მმართველობა დაგვედგინა აჯანყებულ პროვინციებში, ისე, რომ უცხო მფლობელობის ქვეშ იგინი არ ჩაგვეყარა. გარდა ამისა გლადსტონმა ჰსთქვა, რომ თავის პოლიტიკის გასამართლებლად ინგლისს მოჰყავს მაგალითად ის ბოროტებანი, რომელიც რუსეთმა პოლშაში მოახდინა. ახლა, რატომ თქვენ თქვენს მოქმედებას კი არა ჰსინჯავთო? ინგლისს რაღად ავიწყდებაო ის უდიერი, უმსგავსო მოქმედება, რომლის ძალითაც მან მოსპო ინდოეთის აჯანყება. განა მარტო ეს არის? კიდევ ბევრი სხვა ბოროტება მოსდევს ინგლისის მთვარობის მოქმედებასაო. „უმთავრესად იმას ვაყვედრი მთავრობას“, ჰსთქვა გლადსტონმა, რომ იგი ყოველთვის უგუნურად უადვილებდა რუსეთს მის საკუთარის სარგებლობის დევნასა და მის გავლენის გაძლიერებასა. „განა საშიში არ არის, ქრისტიანეთა ის აზრი იქონიონ, რომ მათ რუსეთის გარდა სხვა შემწე არავინ არა ჰყავსთ“. „ოსმალეთის აჯანყებულთა საქმე ყოველ იმ საქმეზე უწმინდესია, რომელსაც კი ოდესმე აუღელვებია ადამიანის გული; რომელსაც კი ოდესმე ვაჟკაცობისათვის ხმალი ამოუღებინებია. შეგვიძლიან განა ჩვენ ვსთქვათ, რომ ამ საქმეში ჩვენ ჩვენი მოვალეობა ავასრულეთ? იყო დრო, როდესაც თავისუფლების იმედი ინგლისზედ იყო მიქცეული. სადაც კი რომელსამე კეთილშობილს მიდრეკილებას ფრთა შეუსხავს და უმაღლესი რამ გრძნობა კაცის გულში დაძრულა, ჩაგრულნი ინგლისისკენ მიჰმართავდნენ ხოლმე თავის ვედრებას. ინგლისის ხალხი, რომელმაც აიგო უმაღლესი შნობა თავისუფლებისა, ყოველთვის გამზადებული იყო სხვების საშველად. რა დასკვნა გამოდის აქედგან? რომელი პოლიტიკაა უმჯობესი? ეს მაღალი ზნეობითი პოლიტიკა, თუ ის, რომელიც ინგლისის ინტერესებზედ არის მომართული? თქვენ გეუბნებიან, რომ ის ხალხი, რომელიც უკანასკვნელად დაიპყრობს იმ ქვეყანას (ეს ოსმალეთზეა თქმული), იგი აღადგენს მის ბედსაო. აი ამაზედ უნდა მიაქციოთ ყურადღება. ერთმა ნაწილმა ამ ქვეყნისამ – ჰერცეგოვინელთა და ბოსნიელთა – ისურვა დაიბრუნოს რაც წაერთვა. მეორე ნაწილი დგას ჩერნოგორიის მთაზე და გამზადებულია ხელმორედ დახვდეს ოსმალებს და დაურუნოს ამ ქვეყნებს თავისუფლება და მშვიდობაინობა, გარდა ამისა კიდევ ერთი ნაწილი – ხუთი მილიონი ბოლგარიელები – ტანჯულნი, მიწასთან გასწორებულნი თქვენ გაწვდიდათ ხელს, თქვენ გემუდარებოდათ შემწეობას და მფარველობასა. იგინი გეუბნებოდენ თქვენ, რომ ჩვენ არ გვინდაო არა რაიმე დაკავშირება არც რუსეთთან და არც სხვა სახელმწიფოსთანაო. იგინი მხოლოდ ნატრულობენ განთავისუფლებას შეურაცხყოფისა და კირთებისაგან. ამ კირთებისაგან, ამ მწუხარებისაგან მათს დამხსნელს დიდი სახელი მოელოდდა და ეხლაც არ არის გვიან, რომ ეს სახელი დაიგდოს კაცმა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ სამინისტროში იმისთანა კაცები მოიპოვებიან, რომელნიც ეცდებიან ამ სახელის შოვნისათვის. ვიმეორებ, ეხლაც არ არის გვიან რომ ეს სახელი მოვიპოვოთ, იგი საკმაოდ დააჯილდოებს მას, ვინც ეცდება მის მოპოებას.“

აქედგან ცხადია, რომ გლადსტონს აღმოსავლეთის საქმეში რუსეთის და ინგლისის შორის დაახლოვება უნდა, ე.ი. ინგლისის ეხლანდელის პოლიტიკის სრულიად გამოცვლა. გამოიცვლება თუ არა ეს პოლიტიკა, ამისი ჯერ არავინ იცის, მაგრამ ამ გლადასტონის სიტყვას ის შედეგი კი ქონდა, რომ მისა და მის მეგობრებთა შორის უთანხმოება ცოტად თუ ბევრად შესწყვიტა.

___________

საფრანგეთი. ლებლონმა რომ გაათავა თავისი სიტყვა,[2] წამოდგა სამინისტროს პრეზიდენტი, ჟიულ-სიმონი და სთქვა შემდეგი: „მე, როგორათაც ლებლონს, სახეში არ მაქვს კათოლიკის სარწმუნოების მტრობა. მე ამაზედ კიდევ მეტს ვიტევი: მე ვერ მოვითმენ, რომ ჰსდევნონ იმ სარწმუნოებას, რომლისაც მე სრული პატივი და სიყვარული მაქვს. მთლად კათოლიკის სამღვდელოება კი არა, მისი ერთი ნაწილია მხოლოდ ახალის დროის საზოგადოების მძულვარების ღირსი.

მართალია, იყო დრო, როდესაც ეკლესიას დიდი ძალა და უფლება ჰქონდა, მაგრამ მაინც მის უფლებას მაშინ საზღვარი ედო, მას ნება არა ჰქონდა დაეპყრო ის უფლებანი, რომელნიც მარტო სახელმწიფოს ეკუთვნიან. არც ეხლა აქვს ეგ უფლება, მაგრამ ეკკლესია თავისთავად იჩემეს. მაშასადამე ჩვენ (ე.ი. მთავრობა, რადგანაც ჟიულ-სიმონი, როგორც მინისტრი, მთავრობის წარმომადგენელია და მთავრობის სახელით ლაპარაკობს) თვით ეკკლესია უნდა დავაყენოთ იმ საერო კანონის ქვეშ, რომელსაც ემორჩილება ყოველი მამულისშვილი. ამისათვის მტკიცე რამ საშუალება უნდა ვიხმაროთ. შესახებ ეკკლესიის მოძღვრებისა, რომელიც ლებლონმა წარმოსთქვა, უნდა მოგახსენოთ, რომ მე იმისავით დიდ თავისუფლებას ვერ გამოვიჩენ. ორგვარი მოძღვრება არის ეკკლესიის სახელითა: ერთი ის, რომელიც ჭკუასა და გონებას ახშობს; მეორე ის, რომელიც ყოვლად საქები და პატივ-საცემია. კათოლიკების რაზმიც ამის მიხედვით ორგვარია: ერთი ემორჩილება კანონს და კანონის ძალით სუფევს, მეორე – იგია, რომელიც ადგენს რაღაც კომიტეტებს და სახელმწიფოს მორჩილებისას არას ფიქრობს. ამათ რასაკვირველია, მთავრობა არავითარ უფლებას ვერ მისცემს და სასტიკად უნდა მოექცეს, რადგანაც ეგენი შეადგენენ სახელმწიფოს სახელმწიფოში.“ ბოლოს ჟულ-სიმონმა სთქვა: „ის დასაძრახისი ყოფა-ქცევა, რომლის მიზეზითაც გაიმართა ეს ბაასი, ეკუთვნის მხოლოდ ეკკლესიის მცირე ნაწილს, და სამღვდელოთა უმრავლესობა თვითონა ჰსწუხს ამაზედ.“ „მაშ თუ ჰსწუხს, რატომ არ აცხადებს თავის უკმაყოფილებასო“, მისძახეს რესპუბლიკელებმა, რომელთაც რასაკვირველია, არ მოეწონათ ჟიულსიმონის სიტყვა, რომელიც მეტად ცივად ეჩვენათ და რომელიც არაფერს გადაწყვეტილებას არა სდებდა.

დეპუტატთა პალატის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელებს ეკუთვნის, და იმავე დღეს რომ დაბოლოვებულიყო კლერიკალებზედ ბასი, უეჭველია პალატა თავის უთანხმოებას და სამდურავს გამოუცხადებდა სამინისტროს, და ამის გამო სამინისტრო სამსახურიდამ გამოვიდოდა. რესპუბლიკელებმა იგრძნეს ესა და გარდასწყვიტეს, რომ ბაასი. მეორე დღისათვის გადიდოს. მეორე დღეს გამოჩენილმა და გავლნიანმა რესპუბლიკელმა გამბეტამ წარმოსთქვა დიდად შესანიშნავი სიტყვა, რომელსაც ჩვენ შემოკლებით გადმოვიღებთ.

გამბეტა აცხადებს, რომ მისი სიტყვის საგანი სარწმუნება არ არის. „სარწმუნებაზედ კი არა ვლაპარაკობო, ჰსთქვა მან: არამედ იმ საპოლიტიკო დასზედ, რომელიც სარწმუნოების ნიღაბს იფარებს და ამით აცდენს ხალხს. ეს დასი სარწმუნოებას ხელში ისე ათამაშებს, როგორც იარაღს სახლმწიფოის სიმაგრის დასარღვევად. აი საქმე რაში მდგომარეობს და აი რა უნდა აღვიაროთ გულწრფელად. ყოველის მხრიდგან მოესივნენ ჩვენ ქვევანას სხვა და სხვა დასები, აიკლეს იგი და თავს სარწმუნოების სახელით იმართლებენ. ამ რიგი კაცები სხედან სენატში და ცდილობენ კლერიკალებისკენ მიხარონ მთავრობა. ამათი ნაყოფია ის პეტიციაც[3], რომელსაც ეხლა ატარებენ ხელის მოსაწერად, თუმცა ეგ მთავრობისგან აკრძალულია.

„თუ პაპი თავის ბულლას საფრანგეთში აცხადებს მთავრობის დაუკითხავად, თუ ეპისკოპოსები მერებს უგზავნიან კანონით აღკრძალულ წერილებს, ამის მიზეზი მთავრობის უძლურება, რომელიც დასჩემდა მას ამ შვიდის წლის განმავალობაში სხვა და სხვა შეცდომების გამო. კლერიკალული სული ისე გასჯდომიათ მმართველთა კაცთა, რომ კლერიკალებს შეუძლიანთ რაც უნდა ის ჩაიდინონ და მთავრობის მოხელე კაცთა შორის ამაში სრული შემწეობა მოიპოვონ. აი საიდგან მოგველის ნამდვილი და მტკიცე შიში. საქმე იქამდისინ მივიდა, რომ ეხლა ვკითხულობთ, ნუ თუ სახელმწიფო ეკკლესიის მსახურიაო?

„აი ამ რიგად მთავრობის შემწეობით დაიმედებულნი. კლერიკალები ცდილობენ ჩაიგდონ ხელში თვით ხალხიც, რომელსაც აჯერებენ რომ მისი კეთილ-მდგომარეობა მათზედ არის დამოკიდებული. დრო არის ვიხმაროთ, საზოგადოების დაცვისათვის, ყოველი ღონისძიება და ეკკლესია იმავე მდგომარეობაში ვამყოფოთ რომელიც მისთვის სახელმწიფოს მიუნიჭებია. ეს ითხოვს არამც თუ მარტო საპოლიტიკო სარგებლობა, არამედ სამშობლოს მოყვარეობაცა. კლერიკალებს სურთ საფრანგეთი იტალიის რევოლიუციას გადამტერონ და ომი აატეხინონ იმ ხალხთან (ე.ი. იტალიელებთან), რომელმაც დაიცვა თავისი კანონიერი მფლობელობა; მათ სურთ შეუმცირონ იტალიისადმი თანაგრძნობა იმ მეომრებს, რომელთაც სახელი გაითქვეს მაჯენტის ომში[4]. შეუძლებელია, რომ კლერიკალებს ნება მიეცეთ გარეშე საქმეთა მინისტრს იმ რიგად მოსთხოვონ პასუხი თითქო პაპის ბრძანებას უცხადებენო; შეუძლებულია, რომ ეპისკოპოსებმა, (რომელნიც მთავრობის მოხელენი არიან) საქვეყნოდ იქადაგონ იმ ომისათვის (იტალიასთან), რომელიც ყოვლად სავოა საფრანგეთისთვის. საჭიროა კლერიკალების ხელიდამ სახელმწიფო დავიხსნათ.

„ორში ერთი: ან თქვენ ფრანციულნი არა ხართ და თუ ხართ კანონს უნდა დაუმორჩილდეთ.“

დიდად აღძრა პალატა გამბეტის სიტყვამ და დიდად ააღელვა.

გამბეტას სიტყვის შემდეგ, რესპუბლიკის დასის წევრთა ეს წინადადება შეიტანეს პარლამენტში მისაღებად: პალატი შეუდგება სხვა რიგში ჩავარდნილის საქმის განრჩევასა და ამასთანავე აცხადებს, რომ რადგანაც კლერიკელების მოქმედებას შიში და განსაცდელი მოსდევს სახელმწიფოის შინაგანის და გარეგანის მშვიდობიანობისთვის, ამიტომ პალატი იწვევს მთავრობას მოიხმაროს ყოველი კანონიერი საშუალება, რომ ეს სამშობლოს წინააღმდეგი მოძრაობა მოსპოს. მონარხიელებმა ამ საგანზედა სხვა წინადადება წარუდგინეს უფრო ნაკლებ საწყენი კლერიკალებისათვის. კარგა ხანი იბაასეს მასზედ, თუ რომელი წინადადება მივიღოთო და ბოლოს საქმე კენჭზედ მივარდა. ჟულსიმონმა თანაგრძნობა გამოაცხადა პირველის წინადადებისადმი .

პალატამ რესპუბლიკელთა წინადადება მიიღო პალატის გადაწყვეტილებად. რესპუბლიკის წინადადებას მოუვიდა 361 თეთრი კენჭი, მონარხიელებისას კი 121. ამით ერთხელ კიდევ დამტკიცდა, რომ საფრანგეთის მთავრობა რესპუბლიკის დასის აზრს უნდა აყვეს, რადგანაც იგი პალატის უმრავლესობას შეადგენს. ჯერ მარტო ის გარემოება რომ ჟულსიმონი რესპუბლიკელთა წინადებას მიუდგა ამტკიცებს, რომ რესპულიკა თან და თან უფრო ფეხს იმაგრებს საფრანგეთში. ჟულ-სიმონი იმისთანა კაცი არ არის, რომ ამ შემთხვევაში მარტო იდეას აჰოლოდა და თავისი პირადი სარგებლობა დავიწყებისათვის მიეცა. ავია ჟულ-სიმონი თუ კარგი, იმოდენა გონიერება კი აქვს, რომ რესპუბლიკას ცხადი წინააღმდეგობა არ გამოუჩინოს, როდესაც ხალხის წარმომადგენელთა უმრავლესობა რესპუბლიკელია. უბედურება ეს არის, რომ ამოდენა გონიერება ღმერთს მაკ-მაგონისათვის არ მიუცია. პარიჟიდამ მოსული დეპეშა გვაცნობებს, რომ მაკ-მაგონს ჟულსიმონთან წიგნი მიუწერია, რომლითაც სამდურავი გამოუცხადებია ჟულსიმონისათვის, – სამინისტრო საბჭოში ერთს ამბობდიო და პარლამენტში კი სრულებით სხვა ჰსთქვიო. ამ წიგნის მიზეზით ჟულსიმონი და ზოგიერთი სხვა მინისტრები სამსახურიდგან გამოსულან. გარდა ამისა მაკ-მაგონს დეპუტატთა პალატისა და სენატისათვის გაუგზავნია შემდეგი წერილი: რესპუბლიკელი კაბინეტები ლიუფორისა[5] და ჟულსიმონისა ამაოდ სცდილობდნენ მტკიცედ მოემხროთ დეპუტატთა პალატის უმრავლესობაო. რესპუბლიკის პრეზიდენტს არც სინდისი და არც სამშობლოს მოყვარეობა ნებას არ აძლევს კიდევ გზა მიჰსცეს ამ უმრავლესობასო. რადიკალების განძლიერება საფრანგეთის დაღუპვა არისო. და სხვანი.

გარდა ამისა მეორე დეპეშა გვაცნობებს, რომ ჟულ-სიმონის მაგივრად სამინისტროს მოთავედ ჰერცოგი ბროლი იქმნებო. რა ნაირი კაცია ეს ბროლი, ამას შემდეგში მოგახსენებთ, ეხლა კი ვიტყვი რომ იგი ყოველს გვარს მთავრობასა შეიშვნევს და რესპუბლიკის მთავრობას კი არა. აქ შესანიშნავი ის არის, რომ მაკ-მაგონმა ვერაფერი პატივი სცა რესპუბლიკას, რომლის მოთავედ თვით ირიცხება. დეპუტატთა პალატის უმრავლესობას გზას ვეღარ მივცემო – მაშ რიღას რესპუბლიკა ყოფილა, თუკი მისი მოთავე ხალხის წარმომადგანელთა უმრავლესობას გზას არ მისცემს? თუ თავის ხალხის სურვილს არა, მაშ თოფსა და ხმალს გაუხსნის გზას მაგ-მაგონი, როგორც ეტყობა. ესღა აკლდა საფრანგეთს! ეს ამბავი ყოვლად ღირსია ყურადღებისა.

წვრილი ამბები. ინგლისიდგან ფინანსთა მინისტრს, ნორტკოვს, გლადსტონის წინადადების შესსებ შემდეგი უთქვამს პალატში: ვიდრე ინგლისის სარგებლობას ვნებას არა ვინ არ მისცემსო. ესე იგი, ვიდრე ინდოეთის გზას არ შეეხებიან, ინგლისს არავითარი საბუთი არ ექნებაო, რომ მონაწილეობა მიიღოს აღმოსავლეთის ომში.

– გლადსტონის წინადადება უარ-უყვია პალატს, – 354 წევრს შავი კენჭი ჩაუგდია და 223 თეთრი.

საბერძნეთი დიდ მზადებაშია ომიანობისათვის, თუმცა ინგლისი ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ როგორმე დაუშალოს ომში გარევა.

– ათინიდამ იწერებიან, რომ თუ საბერძნეთი ომს არ გამოუცხადებს ოსმალეთსაო, ხალხი უთუოდ აჯანყდებაო. კანდიაშიაც აჯანყება უეჭველიაო.

– რუმინის მთავრობას თავისი დამოუკიდლობა და ომი გამოუცხადებია ოსმალეთისათვის, პალატს მილიონი გადაუდვია ომისათვის.

– ავსტრი-ვენგრიას ნეიტრალიტეტი გამოუცხადებია.

– სერბია დიდ მზადებაშია ომიანობისათვის. მისი კნიაზი ორ წყალს შუა დგას, რადგანაც ომი არ უნდა და სხვები კი მისდგომიან ომი გამოაცხადეო ან ტახტიდგან გადადეგო. ამბობენ რომ მილანი მართლა ტახტიდგან გადადგომას აპირობსო.

______________

1„ივერია“. №10

2„ივერია“ №40

3 ამას წინედ კლერიკალებმა ქაღალდი შეადგინეს, სადაც მოხსენებული იყო შესაწუხარი მდგომარეობა პაპისა და თხოვნა მთავრობისადმი, რომ მან მიიღოს მონაწილეობა პაპის დასახსნელად. ამ ქაღლდს ატარებდნენ და ხელის მომწერლებს აგროვებდნენ. ბავშვებსაც კი აწერინებდნენ ხელს, აგები როგორმე ხელის მომწერი ბლომად შევაგროვოთო.

4 მაჯენტი ლომბარდიის ქალაქია იტალიაში. აქ 1859 წ. მაკ-მაგონმა გაიმარჯვა ავსტრიელებზედ და ნაპოლეონმა ამისთვის ჰერცეგობა, მიჰსცა. მის აქედ მაკ-მაგონი იწოდება. მათ ჯენტის ჰერცოგად. გამბეტამ, რასაკვირველია, სიტყვები მაკ-მაგონს გადაჰკრა.

5 ლუფორი, ჟულსიმონის წინეთ იყო სამინისტოს მოთავედ

6 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი

▲ზევით დაბრუნება


თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი

Ι

ისმინეთ, მსმენნო, ჭირთა-მთმენნო, მომაპყართ ყურნი,
რაგვარნი ჭირნი, ცეცხლნი ხშირნი, მწველნი ალმურნი
ვნახენით როსა, ამა დროსა ზედა-ზედ რთულნი...
წყეულ-არს ის დრო, როს სამკვიდრო დავჰკარგეთ კრულნი,
გვძლივა სოფელმან ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი...

უწყით ყოველთა მახლობელთა მამულნი მათნი,
მუნა მყოფელნი, ყოვლ-მშფოთველნი, სიტყვა ლაქათი,
ცხოვრება ცუდნი, გულითა მრუდნი, პირ-ბნელნი სათნი,
აქვსთ ყოვლთვის ხელად სჯულად ძველად საფრხე, საცთურნი...
გვძლივა სოფელმან ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი...

ქაჯთ ყოფა-ქცევა, ჭამა, სმევა აქვსთ არეულად,
დიდნი მცირენი, გინა ერნი ხელ-ჰყოფენ მგლურად,
ბატონ-ყმობანი, განრჩევანი არა აქვსთ სრულად;
მოუვარეთ ტკბილთა ხან-დაზმილთა გულთა ჰსწყვლენ მტრულად
კაცთა მკილავნი, ლიზღნი, ავნი, ეშმაკთ სადგურნი –
გვძლივა სოფელმან ხელ-მეოფელმან აწ გვაგო შურნი...

ვინც ჰხვდა მათ მახეს, ჭირთა სახეს არა აქვს შვება,
მათზედ კეთილი, ვითა შლილი დაიცარება;
ერთგულთა ჯილდო, გულთ-საბინდო მიხვდება ხვება,
ეს აქვსთ სიკეთე მათ უკეთე და ნაცვალ-გება...
მუხთლად გვაწვივეს, დაგვახვავეს თავს ბნელნი ბურნი.
გვძლივა სოფელმან ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი.

ნახეთ მოუვასნო, ბრძენთა დასნო, ესე წესია:
შემდგომ საცთურნი მას პირველსა უძვირესია,
სხვათ დიდ-ბოროტსა მცირე მათი უმეტესია...
დაკარგეს ყოვლი ჭირნახული გულთ-უმხნესია,
ჰქმნეს სავანენი საუკუნოდ ვით უდაბურნი, –
გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი.

II დაუდგრომელის მწყემსისა და კეთილის მწყემსისათვის

კობლე და ხლოე

კობლე

ხლოევ! რა მაგრე მარტო ტარება?
არცაღა თუ მომახვლი ხარ დღესა მე....
მოვედ, ხლოევ!.. კობლე არ გებრალება?!
ნუ თუ გული შეგეცვალა როგორმე?

ხლოე.

ჩუმად, კობლე! არ გესმისა ბულბული?
ვით საამოდ ჰგალობს, ოჰ, მის უსული!
აქ აღარ ვარ; მან მიმიტაცა გული...
იქნებაღა ესთა რამე საამე!

კობლე.

ხლოევ, ხლოევ! შენ მაგ ხმასა საამოს
მარად ისმენ დილასა და საღამოს,
მაგრამ კი კვლავ არა მახსოვს არცა როს,
რომ მაგისთვის მომშორვოდე სადამე.

ხლოე.

ეჰა კობლევ! ასე ტკბილად კვლავ ოდეს,
უმღერნია რომელ სადმე გახსოვდეს!
გესმის ვით ჰყეფს... ვჰგონებ ქვასაც ალბობდეს..
ნეტა არ ჰსწყდეს ეს ხმა არც დღე, არც ღამე!

კობლე.

მე არ ვჰგონებ მას ხმა მეტი უჩინოს,
მაგრამ... ანუ მემცა რასთვის მეწყინოს,
ჩემსას იგი გირჩევნია, – გერჩივნოს...
შევჰსცთი და რაჰ! რაღა მარგებს აწ ვამე?!

წარვედ მასთან... იგი ჩემებრ არ ჰსწბილდეს,
არ გაცალოს რომ მისი ხმა მოგწყინდეს,
მან დაგასწრას უდგრომლობა, დაჰფრინდეს
და გაწამოს, ვით აწ შენ მე მაწამე.

7 კორრესპონდენცია

▲ზევით დაბრუნება


კორრესპონდენცია

ერთი უბედური ადგილია და შარშან, თუ ვცდებით, იმ ადგილს ერთი ბედნიერი მეტყევე (лђсничiй) ყოფილა გლეხთა საუბედუროდ. უმუშავნია საწყალის გლეხობის ბედსა და ის მეტყევე იქიდამ სხვაგან გადუყვანიათ. გახარებულს გლეხობას პირ-ჯვარი გადუწერია და ღვთისათვის დიდი მადლობა შეუწირავთ. ამ მეტყევეზედ უწინ იმავ ადგილას თურმე ერთი ღვთის-რისხვა მეტყევე ყოფილა, ამ გადაყვანილს მეტყევზედ უფრო უარესი. გავარდნილა ხმა, რომ ის უარესი ისევ აქ გადმოჰყავთო. გლეხობას ელდა სცემია. ვისაც ეგ ამბავი გაუგონია, უთქვამს: ღმერთმა ნუ ქმნასო, ძლივს მოვშორდით იმ ღვთის-რისხვასა და ნუ თუ კიდევ იმის ხელში ჩავცვივითო. ზოგი ამბობდა: ნუ თუ ვაის გავეყარენით და ვუის უნდა შევეყარნეთო. ზოგმა კიდევ სთქვა: ტყუილია, განგებ ამბობენ, იციან რომ ღვთისრისხვაა და გვცდიან, აბა რას იტყვიანო. იმას აქ მოსვლას ვინღა აღირსებს, აქედამ შერცხვენილი გააგდესო. ზოგი კიდევ ღმერთს ევედრებოდა ღმერთო ეს ხმა სიზრმად გადააქციე, აგებ გამტყუნდესო. ერთის სიტყვით დიდი და პატარა გულდაჯერებული იყო, რომ ან კაცი და ან ღმერთი ამ უბედურებას მათ თავზედ არ მოიყვანს.

კი უმტყუნა საწყალს გლეხობას იმედმა და მართლა ის ღვთის რისხვა მეტყევე. კიდევ თურმე იქ არ მივიდა!... დასწყდათ წელები გლეხებს, გაუახლდათ უწინდელი რბევა, ცემა და სუსხი. წინედ რომ იყო აი რა კალო გალეწა საწყალის გლეხების თავზედ:

1) ერთს მ. ... ს გლეხს, დაბახიშვილს ხუთმეტი თუმანი წაართო, იცით რისთვის? ამ დაბახიშვილს თვისი თავლა დაუშლია და მეზობლისთვის მიუყიდნია ოცდა ათ თუმნად. მეტყევეს შეუტყვია და არ ვინ იცის რა უფლებით, რისგამო და რისათვის ამ ფულის ნახევარი თვით წაურთმევია.

2) ერთხელ გ.....ი გლეხი სარქის ფირყულოვი თავისის მამით მოდენილა პ.....ს ბოლოზედ საშინელი სიცივე ყოფილა, ყურები ხელცახოცით ჰქონიათ ახვეული უბეში ხელები ჰსწყობიათ. გაჰსწყრომიათ ღმერთი და ის ღვთის-რისხვა მეტყევე შემოჰყრიათ მისის ამალითა. საწყალ გლეხებს უბიდამ ხელების გამოღება დაჰზარებიათ და ქუდი არ მოუხდიათ. აქაო და ქუდი არ მომიხადეთო, მიუყენებია მხლებელნი და მათრახით სულ ტუტა უდენია. შვილს თვისი ტკივილი დავიწყებია რადგანაც თავისას მოხუცებულის მამის ცოდვით იწოდა თურმე. ბოლოს ღმერთი მოჰგონებია კაცთ-მოყვარეს მეტყევეს და თავი დაუნებებია.

3) დიაკვანს ალექსა ბაქრაძეს რატომ ქუდი არ მომიხადეო. ამისთანავე დღე დააყენა თურმე.

4) გ .... წ .... ს მამასახლისს ელიოზ ხოსიტაშვილს თავ-პირი დაამტვრია. ხოსიტაშვილი თავსისხლიანი წასულა და უჩივლია მთავრობის წინაშე, მაგრამ დღეს აქამომდე თვით ნაცემმა არ იცის საქმე ჩაფუჩეჩდა, თუ ჰსწარმოებს.

ეს უნარი თურმე ეხლაც თან მოჰყვა. 1) მოვიდა თუ არა მაშინვე თვისი ერთგული „ობეზჩიკი“ გ ... შვილი, როგორც გამოცდილი კაცი, გაგზავნა თვის სახელო სოფლებში მ... მოყოლებული ხ ... მდე და თხოვნით ჰსთხოვა, – სოფელზედ ოცი კოდი პური, ათი კოდი ქერი და სამი ურემი მზე შემომაწიეთო. ახალი გადმოსული „ლესნიჩი“ ვარო. წყაროც თვითონ უჩვენებია, სოფლის მაღაზიებიდამ მომეცითო. ყოველს სოფელს ეს უმორჩილესი თხოვნა აუსრულებია. ერთს სოფელს პ ... ს კი მარტო სამი ურემი ბზე მიურთმევია, სხვა კი დაგვითმეო. ბოლოს კი ამ სოფელს ძალიან უნანია, ნეტავი ყველა, რასაც გვთხოვდა, მიგვერთმიაო. გამწყრალა მვტყევე ამ წინ დაუხედავ სოფელზედ და საშინლად გადაკიდებია. უბძანებია „აბეზჩიკებისათვის, ვის კარზედ ფიჩხი ნახოთო, ან ტყიდამ მომავალი შეგხვდეთ ვინმეო, აწერეთ და სია აქ წარმომიდგინეთო. არ გასულა ამის შემდეგ რამდენიმე დღე და იმ უბედურს სოფელს პ.... ჰსწვევია „აბეზჩიკი“ მ....დ....ძე, მოუგროვებია „პოლესოვჩიკები“ და მეტყევისაგან ბოძებულის სიის ძალითა უვლია კარ-და-კარ და ურბევია საწყალი გლეხობა. ვის კარზედაც თურმე ფიჩხი ნახეს, იმას ურემზედ ორი და ათი შაური წაართვეს, სიაში ჯარიმად ეს გაწერიაო. ერთს გლეხს მუჩაიშვილსა თორმეტი მანეთი წაართვეს. ამ საწყალს სოფელს პ...ს საქმე ისე გაუჭირა ამ „ლესნიჩმა“ თურმე, რომ ვენახებში ხეხილი უჭრიათ და იმით წასულან იოლად.

2) საფიჩხეში არვინ იცის საიდგან ცეცხლი გაჩენილიყო. მეტყევეს ეს ამბავი დაუბრალებია ოთხ-კომლ ყუშიტაშვილებისთვის და ოთხივესათვის ოცი თუმანი ჯარიმა წაურთმევია.

3) ერთი თათრიაშვილის მენახირე თოთხმეტის წლის ბიჭი დაუბარებია „ლესნიჩს და შიგ სოფელში, საცა მთელი ხალხი იყო შეყრილი, გამოუცხადებია რომ თორმეტი მანეთი ჯარიმა დაგადეო და უნდა მოიტანოო. ბიჭი მაგარზედ დაჰსდგომია. „ლესნიჩი“ გაბრაზებულა, ბევრი უყვირნია და ბოლოს დაუმწყვდევია საწყალი ბიჭი გომში და მეორეს დღეს კი ბიჭს ძალა უნებურად უკისრნია ჯარიმა და მიურთმევია. ეს მთელმა სოფელმა იცის.

4) ამ წლის მარტში სოფელს ს... დაიბარა სიით კაცები და ერთს იგორ ასლამაზოვს რვა თუმანი ჯარიმა დაადო. აქედ ეცა ასლამაზოვი, იქით ეცა და ბოლოს თორმეტს მანეთს დააჯერა „ლესნიჩი“. ამავე დროს მამასახლისს უბრძანა ერთი ურემი ბზე ეშოვნა და ლესნიჩისათვის მიერთმია სახლში. მამასახლისმა დაუყოვნებლივ აღასრულა ბძანება.

5) „ლესნიჩის“ მხლებელს გ.....შვილს მიუტანია წელს აპრილში ერთის სოფლის კაცისთვის ლესნიჩის ბძანება, სადაც სწერდა: მე შენ გიბრძანებ, რათა დაუბრკოლებლივ წაართვა ჯარიმა გლეხს ჯამალაშვილს ექვს თუმან ნახევარი და ოთხი აბაზი, მეორე გლეხს გიგლა მეკოკიშვილს ოთხი თუმანი და ორი აბაზი, ხოლო მესმეს თომა კევლიშვილს მანეთი და ათი შაური, რადგანაც მაგათ მოუჭრიათ ზომაზედ მეტი ხე. დაშინჯეს ობეზჩიკებმა ხეები და აღმოჩნდა გლეხების სიმართლე, მაგრამ თითო ბატკანს და სხვა და სხვა ნობათს მაინც ვერ გადურჩნენ.

6) ერთს დორეულს ფშაველს დაეყენა ხ.....ს ტყეში ყ.....წ.....ს გომებთან ხუთმეტი სული ძროხა საბალახედ ლესნიჩის ნება-რთვითა. წინადვე, რასაკვირველია, საბალახე ლესნიჩიმ გამოართო. ბოლოს წასვლის დროს შარი მოუდო, შენ ტყეში ნეკერი გიჭრიაო და ექვსი ძროხა წაართო. ცხრა ძროხაღა წაიყვანა შინ საწყალმა ტირილითა და თავში ცემითა. ეს ამბავი მთელმა სოფელმა ხ....მა იცის და უკვირთ ამ საქმემ ესე როგორ ჩაუარაო მეტყევეს. ფშაველს საჩივრის შეშინებია და ეს უმგზავსო საქმე მთავრობისათვის არ მოუხსენებია.

7) სოფელს პ....ში მეტყევის იქ ყოფნის დროს გლეხმა ჩიხლაშვილმა, რომელსაც ორი მანეთი უნდა მიეცა მტყევისთვის, ეს ორი მანეთი ობეზჩიკს თურმე ჩააბარა. ბოლოს „ობეზჩიკს“ უარი ეყო და როცა გლეხს კიდევ თავისი ეთქვა, მაშინ თვით მეტყევის წინაშე „ობეზჩიკს“ ორი ლაზათიანი სილა ერტყა გლეხისათვის. მეტყევეს კიდევ ცხრა მანეთი ჯარიმა წაერთმია საწყლისათვის, ჩემთან ტყუილი როგორ გაბედეო.

აი რა ამბებია ჩვენს მხარეზედ. საწყალი გლეხობა შეჰყურებს ცასა და იმის ლოდინშია, რომ დღესა თუ ხვალ იქიდამ მაინც შვება და ლხენა მიეცემა. გატყავდა ისეც გატყავებული გლეხობა ამის ლოდინში!

8 წერილი პეტერბურგიდამ

▲ზევით დაბრუნება


წერილი პეტერბურგიდამ

1877 წელს 2 აპრილს.

თუ არ ვცდები. ჯერ ჩვენს მწერლობაში სრულებით არა თქმულა რა შესახებ საექიმო კურსებისა, რომელნიც აქ ქალებისათვის არის დაარსებული. ამ კურსების ვითარება და გარემოება დაწვრილებით ვიცი. ისიც ვიცი რა რიგად საჭიროა ქალი-ექიმი. საზოგადოდ ყველგან და უნამეტნავესად ჩვენში, საქართველოში. მე ვამბობ: ნამეტნავად საქართველოში, რადგანაც საქართველოში შედარებით უფრო ბევრი უბედურება ხდება ხოლმე მარტო იმისგამო რომ სნეული, ავადმყოფი ქალი მორცხობს და არ იწვევს მამა-კაცს ექიმს. მე ჩვენში გამიგონია უკანასკნელს დღეში მყოფის მშობიარის ქალის ქმრისაგან: „რაც უნდა ღმერთი გამიწყრეს, ექიმს არ მოვიყვან, ცოლს არ გავსინჯებო და საქვეყნოდ თავს არ შევირცხვენო“. თუნდა ქმარი დააჯეროთ, თვით ავად-მყოფსა ანუ მის მახლობელთ ხშირად ვერას გზით ვერ დაითანხმებთ, რომ ექიმს უჩვენოს გაასინჯოს სატკივარი. ექიმი ქალები რომ იყვნენ ეს მაგალითები აღარ იქნებოდნენ და ვინ იცის რამდენი სული დაიხსნიდა თავის-თავს უდროო სიკვდილისაგან. ქალი ექიმ-ქალს არ მოერიდებოდა, რადგანაც აქ მორცხობას ადგილი არ ექმნებოდა.

დრო იყო, როცა ექიმნი მამა-კაცნი და მათთან ერთად თვით საზოგადოებაც ამბობდნენ, ქალს ექიმად ყოფნისათვის არც საჭირო ღონე აქვსო, არც მხნეობა და არც ნიჭიო. ამ მიზეზით ქალს ექიმობის სწავლის გზას უხშობდნენ. წარსულს ვინ ჰსჩივის, უბედურება ის არის, რომ ამ ჟამადაც ისმის მაგნაირი ხმა, რომელსაც არც წასრულს დროში, არც აწინდელში საბუთს ვერ უპოვიან. ჯერ ისევ ძველ დროს, როგორც ჰსჩანს „ილლია-დიდამ და ოდისეიდამ“ – ძველს საბერძნეთში ყოფილან ქალები მკურნალობაში სახელ-გათქმულნი. შემდეგ საბერძნეთის მთელ ისტორიაშივე იხმენებიან სამკურნალო მეცნიერების მცოდნე ქალები: ოლიმპია ტებაისელი, ანოდისი და ასპაზია, რომელმაც დასტოვა რაოდენიმე თვისი საექიმო თხზულებანი. მეთოთხმეტე საუკუნეში იტალიაში, პალერმოში, სცხოვრებდა ექიმი ქალი აბელლა, რომელმაც აგრეთვე დასტოვა ჩინებული თხზულებანი ლათინურ ენაზე. მეხუთმეტე საუკუნეში იტალიაშივე ბოლონიის უნივერსიტეტში იყო პროფესსორად ექიმი-ქალი დოროტეა ბოკსი. მეხუთმეტე და მეთექვსმეტე საუკუნეებში საფრანგეთისა და ინგლისის ისტორიებშიაც იხსენებიან ექიმი ქალები. წარსულ საუკუნუში ბოლონიის უნივერსიტეტში კიდევ იყო ქალი ანნა მობანდი მაცცოლინი ანატომიის პროფესსორად. თუმცა შესაძლოა კიდევ რაოდენიმე მაგალითის მოყვანა, მაგრამ მე მგონია, ზემოხსენებული მაგალითებიც საკმაოა იმის დასამტკიცებლად, რომ ქალებს ჰქონიათ მიდრეკილება ექიმობისადმი და კიდევაც შეჰსძლებიათ ექიმობა.

იტალიამ პირველმა გაუხსნა გზა ქალებს უნივერსიტეტებში, მის მერმე შვეიცარიამ, ამერიკამ, საფრანგეთმა და ბოლოს 1871 წელს დიდის ვაი-ვაგლახით ინგლისმაცა. რუსეთში პირველმა ქალმა – უფ. კაშევაროვამ 1869 წ. დაასრულა კურსი პეტერბურგის საექიმო აკადემიაში და მის მერმე ნება არა ქალისათვის არ მიუციათ აკადემიაში ლექციების სმენისათვის. მხოლოდ ამ აკადემიის პროფესსორმა უფ. გრუბერმა მისცა ქალებს ნება ანატომიის სწავლისა და ამაში თვითონ გრუბერი ხელთ-მძღვანელობდა მთ. ამ ჟამად ზემოხსენებულ სახელმწიფოებში ბევრნი არიან ექიმი ქალები, რომელნიც შრომობენ საექიმო ასპარეზზე. რუსეთში ჯერ სულ ორნი არიან: ზემოხსენებული უფ. კაშევაროვა და სუსლოვა. უკანასკვნელმა ექიმობა შეისწავლა ციურიხის უნივერსიტეტში. ორნივე პეტერბურგში ჰსცხოვრებენ და მრავალს ჰკურნამენ ქალთა შორის, რადგანაც მრავალი სნეული ქალნი მათ იწვევენ სექიმოდ.

1872 წ. აქაურ საექიმო აკადემიაში დაარსდა ქალებისთვის საექიმო კურსები. ეს კურსები დაარსდა რაოდენიმე კერძო პირების მეცადინეობით და სამხედრო მინისტრის უფ. მილიუტინის თაოსნობით. ამბობენ ვითომც ამ კურსების დადგენისთვის 50.000 მ. შესწირა ერთმა ციმბირში მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც არ ისურვა თავისის სახელის გამოცხადება. პირველად ამ კურსებს ის დანიშნულება ჰქონდათ, რომ ოთხი წლის განმავალობაში უნდა მოემზადებინათ ნასწავლნი ბებია ქალები (Учённыя акушерки). ამ დანიშნულების დაგვარად ზემოხსენებულის კურსების სქემაში მიღებულ იქმნა თითქმის ყველა საგნები, რომლებსაც ასწავლიან იმავე აკადემიის სტუდენტებს, მაგრამ უმეტესი ყურადღება იყო მიქცეული ბებიაობასა და განსაკუთრებით ქალების სნეულებაზე. ამ კურსების წესდებულებით ნება ჰქონდა კურსებში შესვლისას ოღონდ იმ ახალგაზდა ქალებსა რომელნიც წარუდგენდენ მოწმობას ასლების გიმნაზიის, ანუ ინსტიტუტის დასრულებისას ანუ შინაურის ოსტატობის მოწმობასა (свидђтельство на домашную учительницу). ამის გარდა უნდა დაეჭირათ ეგზემენიები არითმეტიკიდამ, გეომეტრიიდამ, ალგებრიდამ, ისტორიიდამ, გეოგრაფიიდამ, რუსულისა და ფრანციულისა, ანუ ნემეცურის ენებიდამ. მხოლოდ გეომეტრის და ალგერის ცოდნას თხოულობდენ უფრო ვრცლად ვიდრე ასწავლიან ქალების გიმნაზიებში, დანარჩენის ზემოხსენებულის საგნების ცოდნას კი ქალების გიმნაზიების სქემის ოდენათ. გამოცხადდა თუ არა გაზეთებში ამ კურსების დაარსება, ქალებმა განუსაზღვრელის სიხარულით მიიღეს ეს ამბავი და სამის თვის განმავლობაში 130 თხოვნა შემოიტანეს სასწავლებლად მიღებისთვის. ამ რიცხვიდამ, ეგზამენიების შემდეგ, მიიღეს 87, თუმცა კურსების მმართველობა პირველ წელიწადს სამოცდა-ათზე მეტის მიღებას არ აპირებდა. ლექციების კითხვა დაუწყეს ზოგიერთმა პროფესორმა აკადემიისამ და მათ გარდა რამოდენმა აქაურმა გარეშე ექიმთაცა აკადემიისვე აუდიტორიებში, მხოლოდ კი იმ დროს, როცა ეს აუდიტორიები თავისუფალნი იყვნენ სტუდენტებისაგან. ქალები ვალდებულ იქმნენ ლექციების სმენისათვის ყოველ წლივ ხუთი თუმანი შაეტანათ. პირველ ორ კურსში მათ უკითხავდენ ანატომიას და სხვა ბუნების-მეტყველების მეცნიერებასა ისე, როგორც იმავე აკედემიის სტუდენტებს. დანაშთენს ორს კურსში კი ასწავლიდნენ საექიმო საგნებსა, რომლებიდანაც უმეტესს ყურადღებას აქცევდენ ბებიაობას და განსაკუთრებით ქალების სნეულობის მკურნალობისა. რიცხვი მოსწავლეთა მსურველთა ამ კურსებში ყოველწლივ მატულობს, მაგალითებრ 1873 წ. 88 ქალი მიიღეს, 1874 წ. – 90, 1875 წ. – 94 და 1876 წ. – 145. წელს ყველა კურსებში სულ 430 ქალია.

პირველი კურს-დასრულება ნასწავლის ბებიებისა უნდა ყოფილიყო. შარშან მაისში. მაგრამ შარშან მარტში გამოვიდა უმაღლესი ბძანება, რომ 1) ეს კურსები აკადემიიდამ გადიტანონ. აქაურ ნიკოლაევის სამხედრო სამკურნალოში, 2) მიუმატონ მეხუთე კურსი, 3) კურს გათავებულ ქალებს აძლიონ დიპლომი, რომლის ძალითაც მათ ქონდეთ ნება ბებიობისა და ამის გარდა ქალების და ყმაწვილების სნეულების მკურნალობისა, 4) კურსებისთვის საჭირო ფულები ყოველ წლივ ძლიონ სახელმწიფო ხაზინიდამ და 5) კურსები დასტოვონ სამხედრო მინისტრის მხედველობას ქვეშ. შარშან ზაფხულში გამართეს კურსებისთვის ნიკოლაევის სამკურნალოში ანატომიის თეატრი,[1] აუდიტორიები და სხვა ყველა საჭირო მოწყობილობა, და ოკტომბერში ქალებმა იქ დაიწყეს ლექციების სმენა. წელს მოუმატეს კიდევ ორი-სამი საგანი სასწავლებლად. ლექციებს უკითხავენ თითქმის იგივე პროფესსორები და ექიმები, რომელნიც ადრე აკადემიაში უკითხავდენ. პირდაპირი გამგე კურსებისა ეხლა ნიკოლაევის სამკურნალოს უფროსი ექიმია, ამის გარდა ქალებზე ზედამხედველობა აქვს ორს ინსპეკტორსს. ამ ჟამად მეხუთე კურსში 60 ქალია. დასასრული ეგზამენიები მათთვის დანიშნული იყო ამ მაისში, მაგრამ მერმე გადადეს სეკტემბრამდის. როგორც გავიგე პეტერპურგის სამკურნალო მაზრის ინსპეკტორი თურმე ცდილობს, რომ ამ კურსებში კურსი დასრულებულ ქალებს მიანიჭონ ყველა ის უფლება, რაიც მამაკაცთ-ექიმებსა აქვთ.

უმეტესს ნაწილს კურსების მსმენელთაგანს სახლიდამ 20-30 მანეთამდე მოსდის. იმისთანებიც არიან მათ შორის, რომლებსაც სახლიდამ ფულები სრულებით რა მოსდით და ცხოვრების სახსარს შოულობენ მით, რომ სხვებს ასწავლიან და ამაში ფულს იღებენ. ამ ჟამად ოცდა ათამდე სტიპენდიების დადგენილი ზოგი კერძო პირებისაგან და ზოგი სხვა და სხვა გუბერნიების ერობისაგან. გარდა ამისა ორი სამი წელიწადია რაც შესდგა აქ ერთი საზოგადოება, რომელიც შეძლებისდაგვარად ეხმარება ღარიბთა მოსწავლეთა ქალთ, – მით რომ ზოგის მაგივრად თვით საზოგადოება იხდის წელიწადში ხუთს თუმანს ლექციების სმენისათვის დანიშნულს და ზოგს მოსწავლე ქალსა თვე და თვე ფულით შემწეობას აძლევს.

ქართველ-ქალებთაგანი ჯერ არავინ არ არის ამ კურსებში, მაგრამ ჩვენ გავიგეთ, რომ ორი ქუთათური ქალი თურმე ამ ჟამად აქ კურსებში შესასვლელად ემზადებიან.

ი. გ-ძე.

_______________

1 ოთახი, რომელიც არის დანიშნული მკვდრების საჭირელად და ანატომის სასწავლებლად

9 ქალაქის სცენებისაგან

▲ზევით დაბრუნება


ქალაქის სცენებისაგან

მუშტი-კრივის მოამბენი

ბა.ბა..ბა...ბა! რა მუშტი-კრივი იყო თქვენი ჭირიმე!

– ეგ სადა, ძმაო-ჯან?

– აი მახათისკენ, კვირა ცხოველთან რომ ხევია. ასეთი მუშტი კრივი იყო, ასეთი, ასეთი, რო..ო...ომ რაღა ვთქვა! მთელი ქვეყანა იქ იყო, შენ გეძინა?

– მერე გაიმართა, ჰა?

– ო... ჰო... ჰო... ჰო... ჰო! გაიმართა და რა გაიმართა! გაიმართა, გაიმართა, რომ რატო არ გაიმართა! მოვიდა შენ ხარ ჩემი ბატონი ქვემო უბანი, მოვიდა ხალხი, მოვიდა ხალხი, რომ ნემსის კუნწი რა არის, ნემსის კუნწი არ ჩავარდება. ახლა მოვიდა ზემო უბანი მოვიდა ხალხი. მოვიდა ხალხი დასტა დასტა, რომ შე..ე...ნი ჭირიმე!

– მოვიდნენ და მალე გამართეს კრივი რაღა?

– გამართეს, ალა-ალა იყო? ჯერ თავი ბიჭებბი უნდა გამოსულიყვნენ. ზემო უბნიდამ მთაწმინდელი ბიჭები გამოვიდნენ, ქვემო უბნიდამ ყასბები. მაგრამ ჯერ სადა ხარ, ბევრი ლაპარაკი იყო.

– მე კი არ ვიცი! მუშტი კრივის ხეირი წავიდა!.. რაღა კრივია? შეიყრებიან, ერთი საათი ყაყანი აქვთ; რის კრივი, რის ამბავი? ერთმანერთს ლანძღვას დაუწყობენ. მერე ჯიბის ოსტატები შემოძვრებიან და დავი-დარაბა ატყდება. ჰეი გიდი. სად არის ძველი მუშტი კრივი! გახსომთ, მაგრამ სად გეხსომებათ, ქალაქში რომ ქვის კრივი გაიმართა? ზემო უბნელების თავი მუხრანიანთ არჩილი იყო და ქვემო უბნელებისა ყორხმაზი. ასე დაენაძლევნენ და პირობა დასდვეს: ვინც დამარცხდესო, იმისი სახლი აიკლონო. მოვიდა ყორხმაზი, მოეყვაანა თურმე ბორჩალოს თათრები, თავისი ყმები: გაიმართა კრწანისში კრივი. გაიმარჯვეს ქვემო უბნელებმა და გამორეკეს ჩვენი ზემო უბნელები. ასეთი ქვის კრივი გაიმართა რომ შენი მოწონებული. ხალხი რომ გენახა, ლომებათ გადაიქცნენ. კედლებზე კატებსავით ადიოდნენ, ბანების ლაბიარებს აქცევდნენ და წვიმასავით ქვა და აგური მოდიოდა. ქვითკირის კედლებიდამ აგურებს აძრობდნენ. მოვიდნენ სიონ ზემოთ. ქურქჩხანასთან აფთიაქი იყო, სულ აფთიაქი აიკლეს; ქურქჩიხანაში და შუა ბაზარში რომ ხალხი ამოვიდა, ასეთი ქვის სროლა გაიმართა, რომ იმის ზემო და ქვემო ქუჩებშიაც კი ქვა ცვიოდა.

– ვოხ აი! რა იქნებოდა!

– სალაყბოზე გარეკეს, ანჩის ხატამდინ მივიდნენ მოკრივები რაღა. ის ის იყო მუხრანიანთ სახლს მიახლოვდნენ. მთავრობამ ჯარი გამოგზავნა და სახლთან დააყენა, რადგანაც რომაო ყორხმაზი მუხანათობსო და ქალაქის გარედამ თათრები მოუყვანიაო, ჯერი არ არისო; როგორ შეიძლებაო. არჩილის სახლი გადარჩა. თორემ, თორემ წასული იყო იმის საქმე. აი რა მუშტი კრივი იყო!

– ეჰ ეგ დიდი ხნის ამბავი ყოფილა.

– არა, ეს გუშინდელი ამბავია, ვარანცოვის დროს იყო. იმაზე წინათ. – მეფეების დროს, უფრო დიდი მუშტი კრივით სცოდნიათ. სალდასტით ხის ხმლებით რაღა, კრივი სცოდნიათ. ყველიერებში ასეთი ამბავი იქნებოდაო, რომ რაღა მოგახსენოთ.

– ტა. ტა..ტა...რა იქნებოდა!

– ეხლანდელ თქვენ მუშტი კრივს ეგვანებოდა! აბა რა მუშტი კრივია? ორი კაცი გამოდიხართ, ერთმანეთს მუშტს უჩვენებთ და გაბრუნდებით. მუშტი კრივი ასეთი უნდა, რომ ერთმანერთს ლამაზათ ძვლები დაურბილოთ. აი ჯან მუშ-ტიკრივო!

– მერე რა იცი, რომ მაგისთანა კრივი არა გვქონდა?

– აბა თქვი, შე პლუტო, ვინ იკრივა? ტყუილი არა თქვა ჰა!

– ჩვენი კიკოლა გამოვიდა, მგელას რომ ეძახიან.

– მერე?

– მერე გამოვიდა ზემო უბნელებიდამ. ჯერ არ გამოდიოდა. გადაეკიდნენ. ჰაი გამოდი, ჰაი გამოდიო? ადგა და გამოვიდა. მგელა ხომ გინახამს?

– არა

– ასეთია, რომ რაღა გითხრა! ტანადია, მაღალ-მაღალი, მხარბეჭიანი, ასეთია რომ ჰ...მ! ერთი რო შეხედო, გეგონება, მთააო. გამოვიდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, მგელა და დადგა: აჰაო. გამოვდივარო. დადგა ლამაზათა და დგას. ძლივს ჩოხა გახადეს. თავი დამანებეთო რა გინდათო, ხელს არ აიღებთო? აღარ ალაპარაკეს, გააძრეს ჩოხა და წაიღეს. ახლა დგას ის ჩვენი მგელა და ულვაშებს ისწორებს, გადაისვა ი დალოცვილი მარჯვენა ხელი ერთ ულვაშზე, გადმოისვა ახლა მეორე ულვაშზე და იძახის: გავიდეო, გავიდეო? ჰ...ჰ... გავიდეო! გასვლით გავალო, მაგრამ მაგარი ესაო, ვაი იმის დედასაო, ვინც კი შემხვდებაო და ვინც ჩემს ლიტრიან მუშტებსა ნახამსო! ახლა დგას და უყურებს. რომ არ დადგა, ისე დგას და გადასდგა ფეხი, რომ მოვდივარო. ახლა რო გადასდგა ფეხი და მოდის რაღა... უნდა უყურო, თუ როგორ მოდის! წამოვიდა შენ ხარ ჩემი ბატონი და მიდის რაღა. რო არ წამოვიდა, მოდის და მოვიდა. წამოვიდა, წამოვიდა და მისვლაზეა რაღა! მიდის და ულვაშებს ისწორებს, რო არ მიდის, წამოვიდა . წამოვიდა და რომ მიდის, და მიდის; წავიდა ახლა წავიდა და მიდის, მიდის, წავიდა და ხალხს შეერია!

– მერე?

– მერე და მერე. ხალხში შეერია, ვეღარა ვნახე!

ანჩისხატისუბნელი.

1875წ.

10 სამი თვის ანგარიში

▲ზევით დაბრუნება


ივრის გამსესხებელ-შემნახველის ამხანაგობისა 1-ის იანვრიდგან 1877 წელს ამავე წლის 1-ს აპრილამდინ.

შემოსავალი: მან. კაპ. გასავალი მანეთი. კაპ.
წილის ფული 123 წევრისა

1756

10

გასესხებული

3202 50
ნასესხი თბილ. საურთ. ნდობ. ბანკ.
პირველათ
მეორეთ

500
500

~
~

საწევრო შესატანი თბ. საურთ. ნდობის ბანკში

100 ~
ნასესხი ამხანაგიდგან

400

~

დაბრუნებული ნასესხი თბ. საურთ. ბანკში პირ

500
~
წმინდა მოგება

25

29

იქვე სარგებელი მეორედ ნასესხისა

25
83
სათადარიგო თანხა

2

87

სამართველოს ხარჯი

6
15
სარგებელი წინეთ დაჭერილი სესხობის დროს

97

51

წილის დაბრუნება

25
~
სარგებელი დაჭერი ახალი ვადის მიცემის დროს

1

25

სარგებილი ვადაზედ წინ გადახდილი ფულისა

1
90
ვექსილის ქაღალდებისა

2

79

კასსაში არის

154
33
ჯარიმა

~

60

დაბრუნებული ნასესხი

728

10

არის ვექსილის ქაღალდები

1

20

ჯამი

4015

71

ჯამი

4015
71
წევრნი გამგებლობისა: ა. ცხვედაძე. მღ. თევ. გულისოვი. აზარია დიაროვი

11 განცხადება

▲ზევით დაბრუნება


განცხადება

ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკის მმართველობა ამით აცხადებს, რომ უმაღლესად დამტკიცებულის ბანკის წესდებულების ძალითა 25 მაისს 1877 წელსა დღისით, 12 საათზედ ტფილისში, თვით ბანკის სადგურში გიჟიდება უპერეტორჟკოდ ქვემოხსენებულთა პირთა უძრავი ქონება იმის გამო, რომ ამ პირთ არ შეუტანიათ ბანკში აღებულის სესხის მხედვრი შესატანი, დადგინებული წესდების 29,30,34 და 35 პარაგრაფებითა

 

სახელი და გვარი მათი ვისიც უძრავი ქონება იყიდება.

ადგილი საცა ქონება იმყოფება. რა გვარი უძრავი ქონებაა აღებულის სესხის თავნი ყოველგვარის შემოსატანითურთ
        მანეთი. კაპ. მანეთი. კაპ.
1

შემიაკინი, ალექსი ივანისძე.

ტფილისში, I განყოფილებაში 3 ნაწილში ორბელიანთ ქუჩაზე № 274

ერთ სართულიანი (ეტაჟიანი) ქვითკირის სახლი.მის ქვეშ ადგილი 235 ოთხ კუთხე საჟენი...

1,743 53 1915 52
2

ტერ-მიკირტიჩიანც, ქრისტეფორე ნიკიტის ძე

ტფილისში II განყოფილებაში, 12 ნაწილში ნიკოლაევსკის ქუჩაზედ.

სამ-სართულიანი ქვითკირის სახლი ყოველ-გვარის შენობითა, მის ქვეშ ადგილი 634½, ოთხ-კუთხე საჟენი.

79,427 7 83,833 52
3 სულხანოვისა, მარიამ ივანეს ასული. ტფილისში I და II განყოფილებაში, 7 და 14 ნაწილში. თორმეტი ერთ სართულიანი, ორი ორ სართულიანი და სამი სამ-სართულიანი ქვითკირის დუქნები 17,582 73 17,944 86
4 ადამაშვილი გიორგი ქიტესას ძე ტფილისში, I განყოფილებაში, 1 ნაწილში. ეზოს ადგილი 90 ოთხ-კუთხე საჟენი და მასზედ მდგარი შენობანი 270 - 330 40
5 სტეფანოვი, გეურქა ტფილისში, II განოფილებაში, 2 ნაწილში ცარიელი სასახლე ადგილი 300 ოთხ-კუთხე საჟენი 1200 - 1,349 44
6 ალექსეევი ანტონ იაკობისძე. ტფილისში, I განყოფილებაში, 1 ნაწილში. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი და მას ქვეშ ადგილი 37½, ოთხ-კუთხე საჟენი 600 - 670 44
7 ყარაჯევი, ივანე სტეფანესძე. ტფილისში, I განყოფილებაში, 9 ნაწილში. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი და მას ქვეშ ადგილი 52 ოთხ-კუთხე საჟენი 500 - 575 4
8 მამუკიანცნი, ბაგრატა და ალექსი გეურქას ძენი. ტფილისში, II გნყოფილებაში, 13 ნაწილში. ორ-სართულიანი ქვითკირის სახლი და მის ქვეშ ადგილი 143 ოთხ-კუთხე საჟენი 1000 - 1087 40
9 განგებლოვისა, აგრაფინა ვასილის ასული. ტფილისში, II განყოფილებაში, 14 ნაწილში. ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფებითა მის ქვეშ ადგილი 69 ოთხ-კუთხე საჟენი 800 - 914 76
10 კვესაძე, ივანე გიორგისძე და ზარიძე გიორგი თამაზისძე ტფილისში, I განო ფილებაში, 1 ნაწილში. სასახლე ადგილი 224 ოთხ-კუთხე საჟენი 300 - 357 72
11 კორღანოვი, მერაბ ზაქარიასძე. ტფილისის გუბერნიაში ტფილისისავე მაზრაში სოფ. შავთა და ვანეთი. 252 დესიატინა და 600 ოთხ-კუთხე საჟენი სახნავი, სათიბი და ტყე 3979 9 4188 39
12 აბხაზი, მცირე წლოვანი ირაკლი ალექსანდრეს ძე. ტფილისის გუბერნიაში და იმავე მაზრაში სოფ. თხინვალი. 175 დესეტინა, სახნავი და სათიბი, სახლითა და ბაღითა 5976 82 6086 35
13 გაბაევი, ანდრია მიხაილისძე. ტფილისის გუბერნიაში, იმავე მაზრაში, სოფ. ერთვისი. 106 დესეტინა 320 ოთხ-კუთხე საჟენი სათიბი და სახნავი მიწები, სახლითა და ვენახითა 4980 68 5260 44
14 ორბელიანი, თ. იოსებ კონსტანტინესძე. ტფილისის გუბერნიაში, სიღნაღის მაზრაში, სოფ. კარდანახში. ვენახი ორი დესიატინა და 90 ოთხ-კუთხე საჟენი 2000 - 2098 -
15

რუსიევ-ყორჩიბაშევი, გიორგი გიორგისძე.

ტფილისის გუბერნიაში, ქ. თელავში

ერთ სართულიანი ქვითკირის სახლი და მის ქვეშ ადგილი 1425 ოთხ-კუთხე საჟენი

700 - 774 -


ხსენებული უძრავნი მამულნი გაიყიდებიან მთლიანად, მხოლოდ თვითვეულად ცალკე. სათავნო ვალს ზედ მიეკეცება ბანკში ვადითი შესატანი ფული, ყოველივე ხარჯი რაც ბანკს მოსვლია მამულის გასასყიდლად დანიშვნისათვის და გარდა ამისა ყოველივე სახელმწიფო და სასოფლო გარდასახადის ნაშთი (недоимка) ეგრედ შემდგარის ჯამიდამ დაიწყება ტორგი, თანხმად წესდებულების 19 მუხლისა. ამასთანავე მმართველობა ბანკისა აცხადებს, რომ ვალის თავნი, თვითვეულს მამულზედ ნაჩვენები, შეიძლება მოშორებულ იქმნას მსყიდველისაგან გირავნობის ფურცლითა (закладной листъ), რომლის მანეთი მანეთად მიიღება და გარდა ამისა შეიძლება მსყიდველმა, ბანკის თანხმობით, ეგ სათავნო ვალი თავის თავზედ გადიღოს, მხოლოდ უსათუოდ კი უნდა მოიშოროს ნაღდის ფულით ის, რაც სათავნო ვალზედ მეტი შემოსატანი ფულია.

თუ პირველი ტორგი, რომელიც 25 მაისს 1877 წ. დანიშნულია, ვერ მოხდა და მამული არ გაიყიდა, ამ შემთხვევისათვის მმართველობა ბანკისა თანხმად წესდებულის 22 მუხლისა, ნიშნავს მეორესა და უკანასკნელს ტორგსა 9-ს ივნისს ამ 4877 წლისას.