The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს მოამბე 6 (1863.06.)


საქართველოს მოამბე 6 (1863.06.)



საქართველოს მოამბე - ქართული საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი, „თერგდალეულების“ ორგანო. გამოდიოდა 1863 წელს თბილისში. გამოვიდა 12 ნომერი. რედაქტორი-გამომცემელი ილია ჭავჭავაძე. ჟურნალი ემსახურებოდა ქართველ სამოციანელების პოლიტიკურ, ლიტერატურულ-ესთეტიკურ იდეათა გავრცელებას.

იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავის, სამსონ აბაშიძის, გიორგი წერეთლის, კირილე ლორთქიფანიძის, პეტრე ნაკაშიძის, ვახტანგ თულაშვილის, ივანე ოქრომჭედლიშვილი, დიმიტრი ყიფიანისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნდა ი. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა ლექსები, მასალები საქართველოს ისტორიისათვის, კრიტიკები და სხვა პუბლიკაციები; წერილები, სტატიები ენათმეცნიერების, ეკონომიკის, პედაგოგიკის და საბუნებისმეტყველო საკითხებზე, თარგმანები და სხვა. გაზეთი იყოფოდა შემდეგ კატეგორიებად:

წმინდა სალიტერატურო
ისტორიული
საპოლიტიკო და სოფლური ეკონომია
კრიტიკა და ბიბლიოგრაფია
სხვა და სხვა ამბავი
დამატება

„საქართველოს მოამბემ“ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული პრესისა და ჟურნალისტიკის განვითარებაზე.

სალიტერატურო ჟურნალი

გამოიცემის ი. ჭავჭავაძისაგან
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
თავი 13, მუხ: 23. სახ; მარკოზისა. ტომი I.ტფილისს
გ, მელქუმოვისა და ა. მენფიანჯიანცის ტიპოგრაფიაში
ОДОБРЕНО ЦЕНЗУРОЮ 12 Января, 1863 года. Г. Тифлись.

1 კაცია, ადამიანი.

▲ზევით დაბრუნება


კაცია, ადამიანი.

შემდეგი

(დასაწყისი იხ.№5)

X

მეხუთე დღეს შინ მშვიდობით მოვიდნენ ჩვენი ბედნიერი ცოლ-ქმარნი, თან მოჰყვათ, რასაკვირველია, იმედი, რომ შვილი გაუჩნდებათ. მაგრამ გავიდა სამი თვე, ყმაწვილმა მუცელში არ გაიჩუჩუნა, გავიდა ექვსი თვე, კაბა არ დაუვიწროვდა დარეჯანსა. გავიდა ცხრა თვეც და დარეჯანს მუცელი არ აჰსტკივდა. დარეჯანი მაინც იმედს არა ჰკარგავდა: ამდენი სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა ნაირად შელოცვილი ქვები შეიბა და კაბის უბეზედ დაიკერა, რომ მართლა იმედი უნდა ჰქონოდა, და ჰქონდა კიდეც. თუ აქამდინ არ ეყოლა, ის იმიტომ, რომ ლუარსაბმა ხატს დაამუნათა და წააყვედრა – „შორს არისო“. თორემ ეს დამუნათება და წაყვედრება არა ყოფილიყო, ეხლა შვილი ეჯდებოდა დარეჯანს კალთაში. ლუარსაბი ავ გუნებაზედ იყო. ეგ არაფერია, რომ შვილი არ უჩნდებოდა და ხატმა მოატყუვა: დაიბარა და არ მისცა კი შვილი; ამის ჯავრი ის იყო, რომ დავითს, ამის ძმასა, უთქვამს: „ის ოხერი, როდის იქნება ჩაძაღლდეს, რომ იმის მამულებზედ ვინავარდოო“. ესა ჰკლავდა ლუარსაბსა, თორემ შვილის უყოლობა ამისთვის კიდევ დიდი უბედურება არ იყო.

ერთხელ ესე დაღონებული აქეთ ტახტზედ გულდაღმა იწვა ლუარსაბი, იქით ტახტზედ კიდევ კნეინა დარეჯანი წინდასა ჰქსოვდა. ძალიან ცუდს გუნებაზედ იყო ხმაგაკმენდილი ჭერს გაუშტერა თვალი და ჰფიქრობდა, იმაზედ ჰფიქრობდა, როგორ მოახერხოს, რომ შვილი გაუჩნდეს. – „განა შვილი იმისათვის მინდა, რომ მართლა შვილი მყვანდეს? – ამბობდა თავისთავად, – შენც არ მამიკვდე! დავითის გამოჯავრებით მინდა, ის არ მინდა ჩემს მამულებზედ გავახარო. იმისი ჯავრი არ მინდა შევირჩინო, თორემ ეს ჯაბრი რომ არ იყოს, ძალიანაც არ ვინაღვლიდი, რომ შვილი არა მყავს. ცოტანი არიან უშვილონი განა? მეც იმათში ვიქნებოდი. დავითი არ მინდა გავახარო, დავითი!“

ეს რომა სთქვა თავისთავად, გადმობრუნდა დარეჯანისაკენ დაღონებული და მწუხარე ხმით უთხრა:

– ეხლა დავითს უნდა შერჩეს ის სიტყვები!.. უნდა ჩვენს მამულ-დედულზედ გავახაროთ!.. დარეჯან! შენი ჭირიმე, თუ გიყვარდე, თუ გიყვარდე, აი! ერთი ვაჟიშვილი ჰშობე, დავითის გამოჯავრებით მაინცა ჰშობე, რომ სხვა არა იყოს-რა. ოღონდ იმისი ჯავრი კი ამომაყრევინე და მერე თუნდა მამკალ. შენი ჭირიმე, შენი დედაკაცობის ჭირიმე! თუ გიყვარდე, აი!

– ვშობამ, შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, ვშობამ, თუ აგრეა! – უპასუხა კნეინამ ისე, ასე გგონია მართლა ამის ხელში იყოს შვილის შობა. – წუხელის სიზმარში ერთმა მოხუცებულმა კაცმა – ფეხებამდინ უმტვერო ქაღალდივით წვერი ჰქონდა – ერთი წამალი დამალევინა და მითხრა: გამრავლდი, ვითარცა იაკობო! მე მაშინვე მუხლზედ ვემთხვივე, შენ მაგიერადაც ვემთხვივე.

– მართლა? – წამოიძახა იმედმოცემულმა ლუარსაბმა, – ისე თვალითა ნახე?

– აი, როგორც შენა გხედავ.

– შენი ჭირიმე!.. მაშ იმედია, დარეჯან-ჯან!

– მაშ ქა!

– ჰო, შენ გეთაყვანე, შენა! – დაიჯერა და გაიღიმა ლუარსაბმა, – როგორ გითხრა?

– გამრავლდიო, ვითარცა იაკობ.

– იაკობი ვინ იყო?

დარეჯანმა არ იცოდა, ვინ იყო. ისე კი გაეგო, მგონი წირვა-ლოცვაზედ, იაკობის სახელი, და ვინ იყო, რა იყო, როდის იყო, – ამაების არა იცოდა-რა. მაგრამ არცოდნა ითაკილა, ისევ რაღაცა მოჭორება ირჩივა „არ ვიცის“ თქმასა, როგორც ამგვარ შემთხვევაში ყველა ქართველმა იცის ხოლმე.

– ვინ იყო? – იკითხა დარეჯანმა, – წირვა-ლოცვაზედ მაინც არ გაგიგია?.. აბრაამის მძახლის განაყოფის შვილი იყო.

– ეხლა, გამრავლდიო, ვითარცა იაკობ, მითამ რაო?

– მითამ ისაო, რომ გამრავლდიო, – აუხსნა დარეჯანმა.

– აი, ვენაცვალე იმის ენას! მაშ იმედია?

– კიდევ! ნუ იცი შენ ეგ, ნუ! ნუ ხარ უჯერო, ცოდვაა.

– აღარ ვიქნები, აღარ, ოღონდ შენ შვილი ჰშობე, თუნდა ენასაც მოვიკვნეტ, ოღონდ კი დავითს ნუ გაახარებ.

– ღმერთია მოწყალე გეუბნები, არ გავახარებ-მეთქი.

– ახ, ნეტავი კი მართალა ჰშობო და.

– კიდევ! ნუ ხარ უჯათი, წმინდა კაცის სიტყვაზედ როგორ ხარ უჯერო, რა დაგემართა?!

– აი, დალახვრა ღმერთმა! ჩემთავად გულში უნდა მეთქვა, ღმერთმან იცის – და აკი კიდევ წამომცდა. ახ, ნეტ...

– კიდევ!

– ფუი, დალახვრა ღმერთმა! კინაღამ კიდევ არ წამცდა!.. ეხლა, მეტად რომ მინდა, იმიტომ, თორემ... ეჰ, გადავბრუნდები, დავიძინებ, თორემ, მე რომ ვიცი ჩემის ენის ამბავი, ერთს კიდევ წამომაროშვინებს რასმეს და ღმერთი მიწყენს.

– თელეთისა არ იყოს! იმდენი ამუნათე, იმდენი იძახე – შორს არისო, რომ გაგვიწყრა და აი, დღესაც შვილი არა გვყავს.

– მერე აკი მაშინვე შევეხვეწე, ნუ გაჯავრდები-მეთქი. რატომ არ მაპატივა! რა ვუყოთ, რომ „შორს არის“-მეთქი ერთხელ წამომცდა? ერთი ალილო მღვდელსაც შეჰსცდებაო.

– კარგი, კარგი! რაც იყო, იყო; ეხლა მაინც არ აწყენინო.

– მაშ დავიძინებ.

– შენი ნებაა.

ლუარსაბი გადატრიალდა და პატარა ხანს უკან ერთი მადლიანი თავისებური ხვრინვა ამოუშვა.

ნეტავი არ დაეძინა. ძილში საშინელი სიზმარი ჰნახა. ჰნახა, რომ დავითი სიხარულით აღარ არის, რომ ამას შვილი არ უჩნდება; დადის ყველგან და სულ იმას იძახის: ის ოხერი როდის იქნება ჩაძაღლდეს, რომ იმის მამულებზედ ვინავარდოო. სტკივა გული ლუარსაბსა, ჯავრი მოსდის, გული ყელში მოებჯინა. რა ჰქნას? – „ღმერთო! – ამბობს სიზმარში გულნატკენად ლუარსაბი, – რა დაგიშავე, შე დალოცვილო, რომ შვილს არ მაძლევ? მიბძანე და აკი გიახელ თელეთს სალოცავადა, თორმეტ-აბაზიანი ცხვარი დაგიკალ, ორი აბაზის წმინდა სანთელი აგინთე. სხვა რა ვქნა? წირვა-ლოცვას უამისოდაც არ ვაკლდებოდი, მარხვა მე არ გამიტეხია, ყოველ წელიწადს წმინდა ზიარება მიმიღია და აღსარება მითქვამს. აბა ჩვენ მღვდელსა ჰკითხე, თუ მე ცოდვა მიქნია რამე. დავითის ლუკმად უნდა გამხადო?! რაც იმას ქვეყანაზედ ცოდვა ჩაუდენია, ვინ მოსთვლის? შარშან ივანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს ხორცი უჭამია. პურის ნატეხს რომ მიწაზედ ჰხედავს, არ აიღებს და არ ემთხვეა, იქნება ფეხიც დაადგას და გასრისოს კიდეცა. უკურთხეველ ყურძენსა სჭამს, ფერისცვალობამდის არ მოიცდის ხოლმე, აღდგომა-დღეს მღვდელს არ მოუცდის, რომ სუფრა უკურთხოს, ისე მივარდება ხორცეულს, როგორც დათვი, ამისთანა მსუნაგია. ზიარებით კი ეზიარება ხოლმე, მაგრამ რა გამოვიდა? სამი დღე ემზადება, მარტო სამი დღე. აბა, ეს რა ზიარებაა! ეს ყველა იცი, შე დალოცვილო ღმერთო, და მაინც კიდევ იმისაკენა ხარ! დაილოცა შენი სამართალი! ჰო, მართლა, ერთი კიდევ დამავიწყდა: ერთი მწევარი ჰყავს, თავის თეფშში აჭმევს ხოლმე. ქრისტიანი კაცი კია! მე ხომ ამისთანას არაფერსა ვცოდავ, რად მიწყრები? მერცხალი გინდა, იმას დაჰსძლევს ხოლმე, [1] ოფოფი გინდა, იმას დაჰსძლევს, გუგული, კვიცი – რაც გინდა, ყველაფერი ბოროტი იმაშია. მე კი, ღმერთო, ხომ შენ იცი, არაფერს არ დავუძლევივარ, რად მიწყრები? იმისთვის, რომ თელეთში წასვლაზედ ჭოჭმანობა დავიწყე? აკი მაშინვე მოვინანიე!..“

ეგრე უჩიოდა ღმერთს ლუარსაბი. მერე ჰნახა, რომ მითამ ღმერთმა მიიღო ეს ჩივილი საბუთად და გული მოიბრუნა ლუარსაბისაკენ, აი, მითამ რვა თვეც არის, რაც დარეჯანი ორსულია. ერთი თვეც, ერთადერთი, და ლუარსაბს შვილი ეყოლება და დავითს თვალი დაუდგება. უხარიან სიზმარში ლუარსაბსა, რომ ამის ჩივილმა გასჭრა, სიხარულით ფეხზედ ვეღარა დგება. დავით და იმისი ცოლი ჯავრით აღარ არიან. ლუარსაბს ისე შვილი არ უხარიან, როგორც ისა, რომ დავითი და ელისაბედი ჯავრით აღარ არიან. ორი კვირაც მითამ გავიდა, აი, ორი კვირა კიდევ და დარეჯანი დაწვება. უხარიან, უხარიან ლუარსაბს, მაგრამ! – აი, უბედურება – ლუარსაბი უეცრად ავადა ჰხდება და ძალიანაც ჰხდება, ასე რომ მითამ მოკვდა კიდეცა. მაგრამ ისე კი მოკვდა, რომ ყველაფერსა ჰგრძნობს. ესმის, რომ დარეჯანი საშინელის ხმითა სტირის და სოფლის მოტირალე დედაკაცები მწუხარე ბანს აძლევენ. ესმის, რომ იქით, სადღაც კუთხეში, დავითი და ელისაბედი იცინიან, ჰხტიან და ლუარსაბის ავეჯეულობა თავის სახლში გადააქვთ. ლუარსაბს სისხლი ყელში მოსდის, უნდა წამოდგეს, მაგრამ იცის რომ მკვდარია და იმიტომ არა დგება. – „ხვალ მამულებს ჩავიბარებო,“ – იძახის ხმამაღლა დავითი. ლუარსაბი იწურება ამ სიტყვებზედა, იტანჯება, უნდა სთქვას – რომ „ნუ მისცემთო, დარეჯანი ორსულად არის, შვილი ეყოლებაო“, მაგრამ იცის, რომ მკვდარია და არას ამბობს. საშინელ მდგომარეობაშია საწყალი, ცოცხალმკვდარი ლუარსაბი. რა ჰქნას აბა მკვდარმა? – „ვაი, რა დროს მოვკვდი!.. როცა ღმერთმა შვილის მოცემა ინება, მაშინ! – ამბობს სიზმარში თავის-თავად ლუარსაბი, – ახ, ნეტავი ეხლა კი გავცოცხლდე და!..“

მაგრამ სად არის გაცოცხლება? აი, კუბოც მოიტანეს, აი, ჩაასვენეს კიდეცა და კუბოში ჩადებული და მორთული დაასვენეს ტახტზედა. მესამე დღეს მღვდლებიც მოვიდნენ, ასწიეს კუბო და წაიღეს გალობითა და ტირილითა. ამ გალობაში და ტირილში დავითისა და იმის ცოლის მხიარული სიმღერა ესმის ლუარსაბსა. ესმის ეს ყველაფერი, ჰგრძნობს რომ ანდერძიც აუგეს და სასაფლაოზედაც წაიღეს, უნდა სთქვას: „ნუ დამმარხავთო“, მაგრამ იცის მკვდარია და არას ამბობს. აი, მიწაში ჩაუშვეს საწყალი ლუარსაბი, ესმის, რომ საფლავის პირზედ დავითი სდგას და ეუბნება დიანბეგს: ხვალ მამულები უნდა ჩამაბაროვო. ელისაბედი კი უჯავრდება: რას ჰბოდავ? სახვალიოდ რად იხდი საქმესა, განა დღეს კი ვერ ჩაიბარებ? ლუარსაბს ეს ყველაფერი ესმის, ჰხვნეშის, ჰწვალობს, იტანჯება, ცივ ოფლს ასხამს, ჰკანკალებს, თრთის ცალკე შიშისაგან, ცალკე ჯავრისაგან, რომ დავითსა რჩება ბურთი და მოედანი. – „ახ! ნეტავი კი ეხლა გავცოცხლდე და!“ – იძახის გულში ლუარსაბი.

მაგრამ სად არის გაცოცხლება? აი, მიწაც მოაყარეს, ჯერ მუჭა-მუჭად მიწა ცვივა და კუბოს ფიცრებზედ რახარუხი გააქვს, მერე შეატყო, რომ ნიჩბებითაც დაუწყეს მიწის ყრა. ლუარსაბს უღონდება გული, სული ეხუთება, ჰაერი დაეხშო და, აი, ერთი წუთიც და გათავდება კიდეცა. მაგრამ ვინ არის მეშველი? ესმის, რომ ხალხის ხმაურობა თანდათან მისწყდა, ყველანი წავიდნენ და მარტო ლუარსაბი საფლავში დააგდეს დაფლული. გულმა ტეხა დაუწყო, რომ დარეჯანმაც კი, ამის საყვარელმა დარეჯანმაც კი, სხვებსავით თავი დაანება და ამასთან არ დაიმარხა. ლუარსაბს გული ამოუჯდა, დაიწყო ტირილი: „ეგ იმედი მქონდა იმისაგან!“ ამბობს თავის გულში: „დამაცა, შენც საიქიოს არ მოხვალ, იქ მოგაგონებ“. ამ ლაპარაკში რომ არის, საფლავზედ ფერხულის ხმა შემოესმა, ხმა გაიკმინდა, ყური დაუგდო. მოესმა, რომ დავითი და ელისაბედი ფერხულში ჩაბმულან და ჯერ კიდევ სველ საფლავზედა ფერხულსაც უვლიან. „ჩაძაღლდი, განა?“ – უყვირიან ზემოდამ. ეხლა კი გული აენთო; ერთი საშინლად გაინძრა, უნდოდა ისე წამოწეულიყო, რომ კუბოს თავი და მიწა აეგლიჯნა, საფლავიდამ ამოსულიყო, ამათთვის ერთი ყოფა დაეწია და თავზედ ლაფი დაესხა. ამ ტრიალში და ვაი-ვაგლახში რომ არის, ერთი იხტუნა, მითამ საფლავიდამ ამოხტომა უნდა, და ტახტიდამ ძირს აგურებზედ კი ბრაგვანი მოიღო. მაშინ კი თვალები დააჭყიტა, ჯერ კიდევ სიზმრის შიშისზარი ისევ უბზუოდა თავში, ასე რომ სულელსავით გაშტერებული და ფილაქანზედ გაშოტილი პირღია დარჩა. სასაცილო რამ იყო. ისე დაიკარგა, ისე გაფითრებული და ცივ ოფლში იყო, რომ დიდხანს გონზედ ვეღარ მოვიდა და არამც თუ წამოდგომა მოაგონდა, არც კი გაინძრა. ისეთი შეშინებული იყო, რომ სიკვდილის ფერი ედო ოფლიან სახეზედა. ამის დაცემაზედ ოთახი, რასაკვირველია, შეინძრა. დარეჯანს თურმე იქით, მეორე ტახტზედ – ჩასძინებოდა და ოთახის ზანზარზედ ამასაც გამოეღვიძა. ამან, – რადგანაც ჯერ არ იცოდა ლუარსაბი რა ყოფაშია, – ჯერ წამოიძახა, – ლუარსაბ! გაიგე? მიწისძვრა იყო.

ლუარსაბი ჯერ კიდევ სიზმრის ამბავში იყო და ხმა არ გასცა, დარეჯანი წამოჯდა და მხოლოდ მაშინ დაინახა, რომ ლუარსაბი გაფითრებული აგურებზედ უძრავად ჰგდია და სულელსავით დაუჭყეტია უგუნური თვალები. დარეჯანს ფერი ეცვალა.

– უი შენს დარეჯანსა! ეს რა დაგმართვია, შენ გეთაყვანოს ჩემი ცოცხალი თავი!

ლუარსაბმა ვერც ეს დარეჯანის ნათქვამი გაიგო. სიზმარმა ისეთი თავბრუ დაასხა, რომ შიში ჯერ გამონელებული არა ჰქონდა და ეს ამბავი სიზმრის გაგრძელება ეგონა, იმიტომ ჯერ არც არა ესმოდა-რა და ვერცარასა ჰხედავდა, თუმცა თვალები კი ეჭყიტა. დიაღ, ჯერ ისევ სიზმარი ეგონა, მხოლოდ ის აოცებდა, რომ „აკი დამმარხესო და მგონი მე ჩემს ოთახში ვარ ეხლაო. ეს როგორ მოჰხდაო?“

ამის ფიქრში დაიფანტა ამისი გონება. ამიტომაც პასუხის მაგიერად თავისი შიშნაჭამი თვალები გიჟსავით შეაჭყიტა დარეჯანსა, თითქო ჰხედავს კიდეცაო და არც იჯერებსო, რომ იმის წინ დარეჯანია. დარეჯანს ელდა ეცა, ხომ არ გაგიჟდაო. მაშინვე ტახტიდამ ჩამოფრინდა და მივარდა გაშოტვილს ლუარსაბს.

– რა დაგემართა, შენი ჭირიმე, შენი! ხმა ამოიღე, გეთაყვანე, თორემ ლამის მე ჩემი დამემართოს!

– დამაცა!.. – გაუქნივა თანაც ხელი ლუარსაბმა, მითამ მამშორდიო, – მინდა მოვიგონო.

ესა სთქვა, ხმა გაიკმინდა, მაინც არ წამოდგა და თვალებდაჭყეტილმა და პირდაღებულმა დაიწყო ფიქრი, რომ მოიგონოს ის, რაც დაემართა. ისე უეცრად და ამ ყოფით გამოღვიძებულს სიზმრის ამბავი ცოტაღა დაახსოვდა და ის უნდა მოეგონა.

– შენ გენაცვალე! – მიემუდარა დარეჯანი, – ჩქარა მითხარ, თორემ შიშისაგან ლამის გავთავდე.

ლუარსაბმა ყური არ ათხოვა და სიზმრის ფიქრში წასულმა თავისთავად ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყო:

– მე მოვკვდი. დარეჯანი ჯერ კი ტიროდა და მერე, როცა დამმარხეს და ყველამ თავი დამანება, დარეჯანმაც მიღალატა. ეგ იმედი მქონდა იმისაგან? თავი დამანება და ჩემთან არ დაიმარხა!.. აკი უყვარდი! დამაცალოს!.. ის სულ-ძაღლი დავითი!.. ის ქოფაკი ჩემი რძალი!.. ფერხული დააბეს განა, დამაცადონ!.. აი, მკვდარი არა ვყოფილიყავ, მე ვუჩვენებდი იმათ!.. მაგრამ რა მექნა, რომ მკვდარი ვიყავი!..

ბევრს რაღაცეების ბოდვას მოჰყვა ჩვენი ლუარსაბი. დარეჯანი კი გაფითრებული ყურს უგდებდა, არ ესმოდა რას ჰლაპარაკობს.

– შენი ჭირიმე, ლუარსაბ! – უთხრა კანკალით დარეჯანმა, – სიზმარში ხარ, თუ ცხადივ? მითხარ, თორემ შენს მაყურებელს სული დამელია.

– ეხლა განა? მაშინ რატომ არ დაგელია, როცა მიწა მომაყარე და მარტოკა ჩამფალი შავ მიწაშია?

– რას ამბობ, შენი ჭირიმე, რასა? ერთი შემატყობინე.

– რა უნდა შეგატყობინო? ცარიელი ტირილით რა გამოვიდა, უნდა თან ჩამამყოლოდი. არა გრცხვენიან, პირში როგორღა მიყურებ?

– უი, თვალები ეხლა დამდგომია, თვალები! – შეჰჭყივლა დარეჯანმა და მაშინვე გამოვიდა მოაჯირზედ, რომ ბიჭებს დაუძახოს, რადგანაც გული დააჯერა, რომ ლუარსაბისათვის ეშმაკს ძილში თავში ჩაუკრამს და ჭკვიდამ შეუშლია. ის კი არა თუ, ლუარსაბი ჯერ კიდევ სიზმრის ამბავშია.

– მიშველეთ, მიშველეთ! – ჰყვიროდა დარეჯანი მოაჯირიდამ თავში ცემით თავმოხდილი და გაწეწილი.

– მიშველეთ! უი ამ დღის მნახველსა, შე ქოფაკო დარეჯანო!

ჰყვიროდა კნეინა და იცემდა თავში, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ლუარსაბი ამ ყვირილზედ სრულიად გამოფხიზლდა. წამოხტა აგურებიდამ და ისე გაღეღილი გავარდა, რომ შეიტყოს, რა დამართვია დარეჯანსა. დარეჯანმა დაინახა თუ არა ლუარსაბი, ეგონა, მე გამომიდგაო, იშვირა ფეხი და ეცა კიბეს. კიბეზედ ფეხი გაუსხლტა და ისე რახარუხით ჩაგორდა ძირამდინა. ამ კიჟინაზედ და კიჟინაზედ ბიჭები მოგროვდნენ.

– დაიჭირეთ, დააბით! – წივოდა გვერდებდალეწილი დარეჯანი, – დაიჭირეთ, თორემ დაგვჭამს, ვაი, შე ქოფაკო თავო! ამ დღესაც შეესწარ, რომ ქმარი გაგიგიჟდა! – ჰწიოდა საწყალი კნეინა და იცემდა ძალზედ თავში, თითქო იმისი ბრალი იყოს ლუარსაბის გაგიჟება. ლუარსაბი გაოცდა, ეს ამბავი რომ ჰნახა, სრულიად გაშრა. ეხლა ამას ეგონა, რომ ცოლი გაუგიჟდა და დაიწყო საწყალმა ტირილი: გულჩვილი იყო.

– რა გაყვირებს, ადამიანო, – გადასძახა ხმაამოჯდომით და ნაღვლიანად დარეჯანსა, სრულიად გონებაზედ მოსულმა და დამშვიდებულმა, – ვინ გაგიჟდა, შენი სულისა, შენი! მე ჩემ გონებაზედა ვარ.

დარეჯანმა შემოჰხედა, დაინახა, რომ ლუარსაბი ისევ ის ლუარსაბია, არც გიჟი, არც ჭკვიანი, არც ფლავი, არც ჩლავი; მაგრამ მაინც კიდევ ჯერ ეჭვში იყო. გიჟმა იცის ხანდისხან დაჭკვიანებაო, გაიფიქრა გულში.

– აბა სწორედ შემომხედე, – დაუძახა ქვევიდამ დარეჯანმა და თვალები შემოაჭყიტა.

– აჰა, შენი სულისა! – სთქვა და შეჰხედა ლუარსაბმა.

– წეღან რას ჰლაპარაკობდი?

– აბა როდის, შენი ჭირიმე!

– აი, აგურებზედ რომ იწექი.

– სიზმარი ვნახე და იმას ვიგონებდი.

– მაშ აგურებზედ რად იყავი გაშოტილი?

– ცუდი სიზმარი ვნახე: მმარხავდნენ მითამ და საფლავიდამ ამოხტომა მინდოდა და ძირს კი დავეცი.

– მართლა, შენ გენაცვალე! – შემოჰხარა დარეჯანმა, – ვუი, შერცხვენილო თავო! მე კი ქვეყანა შევყარე, ქმარი გამიგიჟდა-მეთქი.

დარეჯანი ამოვიდა მაღლა ლუარსაბთან და მაშინვე შემოსცინა. ლუარსაბმაც კბილები დაუკრიჭა.

– მართლა გიჟი გეგონე, შენი სულისა? – ჰკითხა ლუარსაბმა.

– მართლა მეგონე, შენ გენაცვალოს ჩემი თავი.

– აი, დალახვრა ღმერთმა, მე კიდევ შენ მეგონე გიჟი. მადლობა ღმერთსა, ორივ კარგადა ვართ. კიბეზედ რომ ჩაგორდი?

– რა მიშავს? მე, რაკი შენ შენს გონებაზედ გხედავ, ყველაფერი დამავიწყდა.

– მეც ისე ვარ.

– უი, შენი ჭირიმე, შენი! რომ მართლა გაგიჟებულიყავ, რა მამივიდოდა? – უთხრა ესა დარეჯანმა და სიხარულით ატაცებულმა, რომ ლუარსაბი თავის ჭკვაზედ არის, ლოყაზედ უჩქმიტა.

ლუარსაბს იამა და, რომ უკან არ ჩამორჩეს ალერსშია, თითონაც უჩქმიტა და ზედ ტკბილის ხმით და ღიმილით „ჰი!” დაატანა. ესე მოხდა ეს ამბავი.

XI

ლუარსაბმა ეს სიზმარი თავიდამ ბოლომდინ, როგორც იყო, ისე უამბო. დარეჯანმა ისე ახსნა ეს სიზმარი, რომ სწორედ ცხრა თვეს უკან შვილი უნდა ეყოლოს.

– აბა, როგორ? – ჰკითხა ლუარსაბმა.

– ხომ სტიროდი სიზმარშია? – ეხლა დარეჯანმა ჰკითხა.

– ვტიროდი.

– მეც ხომ ვტიროდი?

– შენცა სტიროდი.

– ტირილი კიდევ სიხარულის ნიშანია. მე და შენ სიხარული სხვა რა გვექნება, თუ არ შვილის ყოლა? მაშ შვილი გვეყოლება და ჩვენი სიხარულიც ისე აგვიხდება.

– მართლა, ტირილი ხომ სიხარულის ნიშანია. უთუოდ ეგრე აგვიხდება. აი, ვენაცვალე სულში იმ სიზმარსა! თვალი არ დაუდგება დავითსა! აბა, ფერხულს მაშინ ჩამოუვლის, აი! ღმერთო, შენ იცი ეხლა.

ამ დროს ლამაზისეულმა კარი შემოაღო და გახარებული შემოვარდა ოთახში.

– ქალბატონო, ქალბატონო! – წამოიძახა გოგომა, – ჩამჩიაშვილს რომ ძაღლმა შვილი დაუცოფა, იმისთვის ერთი აქიმი დედაკაცი მოუყვანიათ, იმ დედაკაცმა თურმე მკითხაობაც იცისო. ხომ არა გნებავთ აკითხვინოთ? რაც კაცს გულში აქვს და შუბლზედ აწერია, ყველაფერს თურმე მაშინვე შეიტყობს.

– შენს პირს შაქარი, ჩემო ლამაზისეულო, შენს პირს შაქარი, – წამოიძახა გახარებულმა დარეჯანმა, – წადი და ეხლავ აქ მომიყვანე, ფულს გაჩუქებენ-თქო.

გოგო გამოტრიალდა და გაიქცა.

– დარეჯან, შენი ჭირიმე, დარეჯან! სიზმარი ცხადდება! – შეჰყვირა ღრეჯით გახარებულმა ლუარსაბმა, – ვა! მეტი რაღა გინდა! ღმერთმა თავისთავად მკითხავი კარზედ მოგაყენა. ეს რის ნიშანია?

– მაშ, ქა, რომ გეუბნებოდი და არ მიჯერებდი, მაშ რის იმედით გეუბნებოდი, რომ შვილი მეყოლება-მეთქი? მე რათა ხანია გული მითხრობდა.

– მეც დიდი ხანია გული მითხრობდა, თურმე ეს ამბავი იყო. აბა, ეხლა დაუდგება თვალი დავითსა, აი!

* * *

– რა ნაღველი აქვთ იმისთანა, რომ ავადმყოფს თავი დამანებებინეს და აგრე საჩქაროდ მიბარებენ? – ჰკითხავდა ლამაზისეულს გზა-და-გზა ერთი ტანში მოხრილი, პატარა, მოკუნტული, დაღმეჭილი ბებერი დედაკაცი.

– რა ვიცი? ხომ იცი, რომ უშვილონი არიან...

– ეგ ხომ მე უშენოდაც ვიცი, რომ შვილი არა ჰყავთ, – გააწყვეტინა სიტყვა ოსტატურად გამოქნილმა და ცბიერმა მკითხავმა.

სულელს ლამაზისეულს გაუკვირდა: საიდამ იცისო!

– მაშ ქალაქში რომ მკითხავს აკითხვინეს და ეთქო, თელეთი ილოცეთო, ისიც გეცოდინება? – უთხრა გოგომა და დააცქერდა გაოცებული, ვნახოთ, რას იტყვისო.

– მაშ, ჩემო კარგო, ჩვენი ხელობა რა არის? პურს მაგითი ვჭამ და ეგ როგორ არ მეცოდინება? – მიუგო ოსტატმა დედაბერმა ისე არხეინად, ასე გგონია, მართლა იცოდაო.

– თელეთში რომ ვიყავით, ისიც იცი?

– გეუბნები, შვილო, ჩვენი ხელობა ეგ არის-მეთქი. მაგითი ვცხოვრობთ, მაშ არ გვეცოდინება?

ძალიან უხაროდა გულში მკითხავსა, რომ ამისთანა სულელი გოგო შეჰხვდა, რომ ზოგიერთი საჭირო ამბავი გზადაგზა გამოათქმევინა. გოგოს კი საშინლად უკვირდა ამისთანა გულთამხილაობა ამ დედაკაცისა, სულელს ფიქრადაც არ მოუვიდა, რომ თითონ გააგებინა ყველაფერი, – უმაგისოდ არა ეცოდინებოდა-რა.

გოგომ თავლაზედ ამოატარა მკითხავი. მკითხავმა თავლის გარეშემო თვალი გადაავლო და ერთი ამოღრანტული რაღაცა შენიშნა. „ეს კარგია“, სთქვა გულში.

ცოლ-ქმარი მოუთმენლად ელოდნენ მკითხავსა, ბოლოს მკითხავიც მოვიდა. რა წამსაც ფეხი ოთახში შემოდგა და თავი დაუკრა, მაშინათვე ოსტატურად მოფიქრებული სიტყვები მიაყარა:

– ძერას ჰკითხეს: შვილები გირჩევნია, თუ ორი თვის წყალუსმელობაო? – წყლის უსმელობაო. ჯორსა ჰკითხეს: – შენ რაღაო? – უშვილობაო. თქვენთვის არავის უკითხავს და რატომ შვილი არა გყავთ? ვინ დაგწყევლათ ეგრე?

ცოლ-ქმარმა გაოცებით ერთმანეთს შეჰხედეს: საიდამ გაიგო ეგრე მალეო! ლუარსაბმა პირი დააღო ჯერა, მინამ სიტყვების აზრს მიჰხვდებოდა; როცა მიჰხვდა, თითქო შეშინდაო, პირჯვარი გადიწერა და სთქვა იმ სახით, როგორც ჭექა-ქუხილის დროს ვიცით ხოლმე:

– კურთხეულ არს სახელი უფლისა. ეს რა მესმის, თქვენი ჭირიმეთ!.. დედაკაცო! ჩვენ გულში იჯექ?..

მკითხავმა ხმა არ გასცა, თითქო ამისთანა ქებას ყურსაც არ ათხოვებსო. მიუბრუნდა რაღაც მზრუნველობით გოგოს და უთხრა:

– ჯამით წმინდა წყალი მომიტანე, ერთი შავტარა დანა, ნახშირი და ახალი ხორბალი.

მინამ გოგო ამას მოუტანდა, ლუარსაბი და დარეჯანი ენა-ჩავარდნილებსავით იყვნენ. ეგონათ, რომ თუ არ ეშმაკის მანქანებით, ამისთანა გულთმისნობა არ იქნება. მოდი და ეშმაკის ხსენებაზედ შიშისაგან ენა ნუ ჩაუვარდებოდათ!

გოგომ მოიტანა ყველაფერი. ბებერი ძირს ჩაჯდა. ჩააგდო ჯერ ერთი ხორბლის მარცვალი, აიღო ხელში დანა და ნახშირი და დაიწყო ტუჩების ცმაცუნი, მითამ-და ულოცავს. მერე გაუშტერა თვალი წყალსა. ჩვენი ცოლ-ქმარნი შიშით და კრძალვით ელოდებოდნენ, ჩვენი ბედისწერა რას იტყვისო.

– ქალაქში მკითხავთან გიკითხვინებიათ, – დაიწყო კუდიანმა, – მკითხავიც კარგი შეგხვედრიათ. სწორედ უთქვამს, რომ თელეთი ილოცეთო.

ეხლა კი მართლა შეშინდნენ ცოლიცა და ქმარიცა. ერთმანეთს ყურება დაუწყეს. ამისთანა გულთამხილაობა რომ არ გაეგონათ თავის დღეში!

დედაბერი ვითომ არაფერს არ ამცნევს, რაც ძალი და ღონე აქვს აცმაცუნებს ტუჩებსა და თითო ხორბლის მარცვალსა ჰყრის წყალში.

– კარგი გიქნიათ, – დაიწყო ისევ მკითხავმა, – კარგი გიქნიათ, რომ მკითხავისთვის დაგიჯერებიათ და თელეთის სალოცავად წასულხართ. შეგეწიოთ თელეთის მადლი; მაგრამ...

აქ სიტყვა გასწყვიტა ბებერმა: თითქო წყალში უნდა ამოიკითხოსო, თვალი უფრო დააკვირვა.

– მაგრამ რა? – წასძახეს ერთხმად ცოლმა და ქმარმა.

– მაგრამ ისა, რომ იმ მკითხავს გულთმისნობა სავსე არა ჰქონია, – ცოტა ჰკლებია, თორემ თელეთი როგორ არ გიშველიდათ, რომ გამოეცნო.

– აკი შენი ბრალიაო, დარეჯან! ადრევ რომ მითხარი. გამოდის ჩემი ბრალი არა ყოფილა, – უთხრა ლუარსაბმა თავის ცოლსა, მაგრამ ისე კი, რომ გაშტერებული თვალი მკითხავისათვის არ მოუშორებია.

– დამაცა, რა დროს ეგ არის. მე აქ შიშისაგან სული მძვრება. რა ყოფილა, შენ გენაცვალე, ეს დედაკაცი!.. – ამბობდა მართლა შეშინებული დარეჯანი.

– დიაღ, მკითხავის ბრალია, – მოჰყვა ისევ კუდიანი, – იმის ბრალია. იმას რომ მიგნება ჰქონოდა, ეხლა შვილი კალთაში გეჯდებოდათ. დიაღ გეჯდებოდათ, რომ... აქ ისევ სიტყვა გასწყვიტა ხერხიანმა დედაკაცმა და უფრო გაუშტერა თვალი წყალსა. ლუარსაბი და დარეჯანი სმენად გადაიქცნენ.

– დიაღ, თელეთი გიშველიდათ – კიდევ შეგეწიოთ იმისი მადლი – თელეთი გიშველიდათ, – გააგრძელა სიტყვა მკითხავმა ისევ თვალაუღებლად, – რომ თქვენ სახლში ჯადო არა ყოფილიყო.

ლუარსაბმა და დარეჯანმა, შიშისაგან სულწასულთა, ერთს დროს და ერთხმად კანკალით წამოიძახეს:

– ვაი, ადრე და მალე დაღუპულო ოჯახო!..

– ნუ გეშინიანთ: ეხლა ის ჯადო საშიში აღარ არის, მე ხელში მყავს.

– აბა, მაჩვენე, თუ ხელში გყავს, – უთხრა ლუარსაბმა, მაგრამ, რადგანაც თითონ ეშინოდა იმისი ნახვა, დარეჯანს უთხრა: – მე კი ვერ შევხედავ, მე თვალებს დავხუჭავ და შენ გასინჯე.

– უი, არა გეთაყვანე, შენ თითონა ჰნახე, მე დავხუჭავ თვალებსა, – მიუგო შიშისაგან ფერმიხდილმა ცოლმა.

– ნუ გეშინიანთ, – დააშოშმანა მკითხავმა, – განა მართლა ხელში მყავს, ჯადო თქვენს ეზოშია.

– სადა, გეთაყვანე, სადა? არიქა, ბიჭებო, მიშველეთ! – დაიყვირა ბატონმა.

– თავლას უკან რომ ორმოა, ჯადო იქა დევს... – მშვიდად დაუმატა მკითხავმა.

– ბიჭებო, არიქა, ბიჭებო! აბა, თქვენი ჭირიმე, ბიჭებო! თუ ბატონის წყალობა გინდათ, ბიჭებო! თუ ჩოხები გინდათ, თავლის უკან ორმოაო! არიქა, ბიჭებო! თქვენი ჭირიმე, ბიჭებო!

ჰყვიროდა ოთახში ზარდაცემული ლუარსაბი. აქეთ კიდევ დარეჯანი კანკალმა აიტანა და ტუჩები გაულურჯდა, მაგრამ მაინც კიდევ ქმარს უთხრა:

– აქ რომ ჰყვირი, ვინ რას გაიგებს? გარეთ გადი და გაგზავნე ბიჭები.

– არა, გეთაყვანე, ეხლა კი შენ გადი და მერე თუნდა ორმოცჯერ მე გავალ.

– გადი, რისა გეშინიან, ჯადო ხომ არ დაგარჩობს, – ეუბნებოდა კნეინა და თითონაც კი ეშინოდა.

– არა, გეთაყვა, შენ გადი. რა არის? ეხლა, თუ ღმერთი გწამს, შენ გადი, თუ გიყვარვარ, შენ გადი.

– არა გრცხვენიან, მე დედაკაცსა მგზავნი და შენ კი ქუდი გეხუროს და კაცი გერქვას?

– რა დროს კაცობაა, რას ამბობ? სახლში ჯადო არისო.

– მე დავუძახებ ბიჭებს, – უთხრა მკითხავმა, – მაგაზედ როგორ დაღონდით!

– ჰო, გეთაყვა, შენ დაუძახე, ჩვენ,ხომ ხედავ, დავღონდით, – შეეხვეწა ლუარსაბი, – ეხლა, ოთახში რომ ჩვენ მარტონი დავრჩებით, ხომ არაფერი?

– არაფერი.

მკითხავი გავიდა, ბიჭები გაისტუმრა ჯადოს ამოსაღებად. ბიჭებმა ბევრი უტრიალეს თავლასა და ორმო ვერა ჰნახეს. მოვიდნენ და ბატონს უთხრეს: იქ ორმოს რა უნდაო.

– ვაი, შენ ჩემო თავო! – დაიძახა ლუარსაბმა, – დახე, ჯადოს ამათთვისაც თვალი აუბამს, რა გვეშველება?

მკითხავმა ჩაიცინა.

– მე წავალ თითონ. მე ჯადო თვალებს ვერ ამიბამს, – სთქვა მკითხავმა, – თქვენც წამოდით, რომ თქვენის თვალითა ჰნახოთ.

– არა, გეთაყვანე, ჩვენ ისეც დაგიჯერებთ, – უთხრა ლუარსაბმა, რომ ეშინოდა იქ წასვლა. – უჩვენოდ წადი, შენა ჰნახე, მითამ ჩვენ გვინახავს.

დედაბერი წავიდა, თან ბიჭები წაასხა და პატარა ხანს უკან რაღაცა ძონძები ამოიტანა.

– აქ ნუ შემოიტან, – ჰყვიროდა ლუარსაბი და თან კუთხეში იმალებოდა, – აქ ნუ შემოიტან, მანდვე დააწვევინე, მანდვე!

ჯადო დაწვეს.

XII

მეორე დღეს გუშინდელი ბიჭები დაიბარა ლუარსაბმა და ამისთანა საუბარი დაუწყო:

– მართლა ორმო იყო?

– თქვენი რისხვა არა გვაქვს, მართლა ვნახეთ, – მიუგეს ბიჭებმა. იმათ ხომ მალე იციან ამისთანაების გატანა.

– არა, თქვენ ის ორი თვალითა ჰნახეთ?

– ორის თვალითა, აი ისე, როგორც შენ გხედავთ, ბატონო!

– დიდება შენდა, ღმერთო! ამოდენა კაცი აქ დავბერდი და მე იქ ორმო არსად არ მინახავს!.. გაგონილა? როგორ შეიტყო? დიდი მისნობა არ უნდა ჰქონდეს?..

– მაგის ხელობა ეგ არის, შენი ჭირიმე, და იქიდამ შეიტყო, – მიუგეს ბიჭებმა.

– ალბად ეგრეა, თორემ... აი, დალახვრა ღმერთმა! აბა, თქვენ გინახავთ ვისმე იქ ორმო, ან გაგიგონიათ?

– რაც არ არის, რასა ჰნახავდნენ, – წაიბუტბუტა ერთმა თავმოწონებულმა ყმაწვილმა ბიჭმა, რომელიც შორი-ახლო იდგა და მკლავი ხანჯალზედ ებჯინა, – ერთი რაღაც გოგო-ბიჭების ნაჩიჩქნია და იმ კუდიანმა ორმოდ გახადა. რა უკვირთ?

ეს ისე სთქვა, რასაკვირველია, რომ ლუარსაბს არ გააგებინა.

– შენ რა გენაღვლება, ძამო, – წასჩურჩულა ერთმა ხნიერმა გამოცდილმა გლეხკაცმა, – ხომ ჰხედავ, ბატონს უხარიან, რომ იქ ორმოა. დაე ეგონოს, რომ ორმოა, შენ რა?

– შენი რისხვა არა მქონდეს, – მიუბრუნდა მერე ბატონს ცბიერი მონა, – მე იქ ორმო არც მენახოს და არც გამეგონოს დღევანდლამდინა. აი, ჭიპი აქ მომიჭრია და ამოდენა კაცს ლამის სულიც აქ დამელიოს, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, შენი ჭირიმე, კუდიანის საქმე ეგ არის.

– განა ის კუდიანი იყო?

– მაშ? კუდიანობის ღამეს, ჭიაკოკოლობას, შენი ჭირიმე, გადააჯდებიან ხოლმე – აი, დასწყევლოთ ღმერთმა – ცოცხზედა და თავის ბატონთან გაფრინდებიან ხოლმე. მოგახსენებენ, ჩიტურაშვილის დედა თურმე ბუხარში აძვრება ხოლმე, ცოცხზედ, როგორც ცხენზედ, შეჯდება და, ჰერი ბიჭო, გაუტევს ხოლმე.

– ეგ მეც გამიგია. რამდენი სასწაულია ქვეყანაზედ! დიდება შენდა ღმერთო!.. – გადიწერა პირჯვარი ლუარსაბმა, – მაშ ჩიტურაშვილის დედასაც ეცოდინება მკითხაობა?

– განა ყველამ იცის, შენი ჭირიმე! ის უფროსი რომ ჰყავთ და კუდიანობის ღამეს ძღვენით რომ მიდიან ხოლმე, ის უფროსი თურმე ეტყვის: შენ, მავანო, მკითხაობა მიჩუქებია შენთვის, მეორეს კიდევ ეტყვის: შენთვის – აქიმობაო, ესე გახლავთ.

– ეგრე იქნება, თორემ აბა საიდამ გამოიცნობდა, რომ იქ ორმო არის? ჭკვიანი არ უნდა იყოს ის უფროსი?

– მოგახსენებენ, სოლომონ ბრძენზედ უფრო ჭკვიანიაო.

– არ ეტყობა, თუ! დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! – გადიწერა ისევ პირჯვარი და შევიდა ოთახში დარეჯანთან.

– გაიგე, დედაკაცო, რა ამბები მოახდინა იმ უხეირო, უკბილო ბებერმა? – უთხრა ცოლსა, – ის უფროსი რომ ჰყავთ, იმისი პირველი კარისკაცი ეგ უნდა იყოს. აი, დალახვრა ღმერთმა! ეს რა ვნახე, თქვენი ჭირიმეთ!

– კარგი, ნუღარ მომაგონე, თუ ღმერთი გწამს! აქამდინ ტანში შიშისაგან ჟრუანტელი მივლის.

– აი, გულთმისნობა რა არის! ამდენს ხალხს ჩემს სახლში ჭიპი მოუჭრიათ და ერთმა არ იცოდა დღევანდლამდინ, რომ იქ ორმოა. რა ქნა, თქვენი ჭირიმეთ!

– ღმერთო, შეგცოდე და, იმას თუ ეშმაკი არ ეჯდა ტანში, რა ვიცი?

ცოლ-ქმარმა ეშმაკის ხსენებაზედ პირჯვარი გადიწერეს და სამჯერ შეაფურთხეს ეშმაკსა.

– ეხლა კი... რა ვიცი? ეხლაც რომ შვილი არ გვეყოლოს, ერთი მეტისმეტი ღვთის წყრომა იქნება, – სთქვა ლუარსაბმა.

– ეჰ, შენც ერთი!.. მაგას რაღა თქმა უნდა. ისე დაჯერებული ვარ, რომ მითამ შვილი კალთაში მჯდომია. რაები არ გამოიცნო!.. მოდი და ნუ დაიჯერებ.

– მაშ! მეც იმიტომ ვამბობ და!.. მკითხაობა რომ არ გაეჩინა ღმერთსა – ვენაცვალე იმის სიბრძნეს, – რა გვეშველებოდა? ჯადოს ვიღა იპოვიდა?

ორივენი ჩაჩუმდნენ და ორივენი მაინც კიდევ გაოცებულნი იმეორებდნენ გონებაში გუშინდელს საოცარს ამბავსა. ბოლოს ლუარსაბმა ისევ დაიწყო:

– დარეჯან! წყალში ხომ არა ჰხედავდა? ჰა? შენ რას იტყვი?

– იქნება მართლა! შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, სწორედ წყალში ჰხედავდა.

– რა ვქნა, მე კი აგრე მგონია და!

– ღმერთმან იცის, იქნება სწორედ ეგრე იყოს.

– რა ვიცი! მე კი რაღაც ეჭვი მაქვს და!

– შენმა მზემ, ეგრე უნდა იყოს.

– რა ვიცი, ჩემმა გონებამ კი ეგრე გასჭრა და!

– ჩემი გულიც ეგრე მითხრობს, ლუარსაბის სიცოცხლემ!

– იმ ხორბლის მარცვალს რომ ჩააგდებდა ხოლმე წყალში და რაღაცა რგოლები კეთდებოდა, ის ხომ არ იყო?

– იქნება მართლა! სწორედ ის იქნებოდა.

– რა „ის“?

– რომ სთქვი „ისა“.

– აკი გითხარ! – მიუგო ლუარსაბმა თავმოწონებით, რომ მე გამოვიცანიო, – სწორედ ეგრე უნდა იყოს, თორემ ის დედაკაცი ეშმაკი ხომ არ იყო, რომ იმისთანა სასწაული მოეხდინა.

– ეგრე უნდა იყოს, მე კი – ღმერთო, შეგცოდე, – ეშმაკობა შევწამე.

– შენგან არ მიკვირს! ეშმაკი როგორ იქნებოდა, რქები არა ჰქონდა. ეშმაკს რქები უნდა ჰქონდეს.

– ეჰ, განა ეგ მე კი არ ვიცი, ისე გავიფიქრე.

– ჰო, ეგ სხვა არის.

ორივენი დაჩუმდნენ, ორივენი დარწმუნდნენ, რომ რაც გუშინ არ ესმოდათ, მკითხავს რომ უყურებდნენ, ის დღეს გამოიცნეს და გაიგეს.

– მე კი გამოვიცან, აი, – დაიკვეხა ლუარსაბმა. დარეჯანს, თუმცა ლუარსაბი უყვარდა, მაგრამ მაინც კიდევ თითონ უნდოდა, რომ გამოცნობის სახელი ამისი იყოს და არა ლუარსაბისა: კაცი სულელი, თუ ბრძენი, ყოველთვის თავმოყვარეა.

– განა, რომ მდომებოდა, მე კი ვერ გამოვიცნობდი, – მიუგო დარეჯანმა, – არ მინდოდა, თორემ გუშინვე გამოცნობილი მქონდა.

– ეხლა მაგას დაიჟინებ.

– ღმერთმანი, რომ ასეა.

– ეჰ, შენ ხომ კაცი ვერას დაგანახვებს და თუნდ სოლომონ ბრძენი მოვიდეს, მაშინვე ეტყვი: მე შენზედ ჭკვიანი ვარო. ეხლა რა არის, ერთხელ მე დამითმო. უცხო ხომ არა ვარ, შენი ქმარი ვარ.

არ ვიცი, დარეჯანმა დაუთმო, თუ არა, ეს კი ვიცი, რომ ლუარსაბს ძალიან ეწყინა, დარეჯანი რომ შეეცილა.

მკითხავმა მეტად მტკიცედ დააჯერა ცოლ-ქმარი, რომ შვილი ეყოლებათ. ამ იმედს მცირედი ეჭვიც არ შეურყევდათ. ამ დაჯერებამ იქამდინ მიაღწია, რომ ერთს მშვენიერს დღეს დარეჯანს ეჩვენა, ვითომც მუცელში ყმაწვილმა გაუჩუჩუნა. რასაკვირველია, გახარებულმა კნეინამ მაშინვე ლუარსაბს ახარა.

– მართლა გაიჩუჩუნა? – წამოიძახა სიხარულისაგან გონებამიხდილმა ლუარსაბმა.

– რას ამბობ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!.. დარბაისელი დედაკაცი სიხარულისაგან კინაღამ არ შევხტი, მაგრამ მომაგონდა, რომ მუცელი წამიხდება-მეთქი, და შენ მაინც კიდევ არა გჯერა.

– უი, შენ კი ჩაგეკონე მაგ გემრიელ სულშია! ბარაქალა, რომ არ შეხტი, თორემ მუცელი წაგიხდებოდა. იმ სიხარულში ეგ როგორღა მოგაგონდა! მე კი, მე და ჩემმა ღმერთმა, შევხტებოდი, მერე ისე შევხტებოდი, რომ დავცემულიყავი, კიტრსავით გავსკდებოდი. დაუდგეს თვალი დავითსა! ფერხული, აბა, ეხლა დაუაროს, აი! მაშ დღეს მე და შენ ერთი კაი ქეიფი გავწიოთ, ერთი კაი წითელი ღვინო ავახდევინოთ, რომ შვილის სადღეგრძელო დავლიოთ. ურაა! – დაიყვირა ლუარსაბმა და, რადგანაც გულდაღმა იწვა, თავისებურად, ტახტზედ, ერთი ფეხიც აიშვირა მაღლა და მანამ „ურა“ არ გაათავა, ფეხი არ ჩამოუღია.

ეს ამბავი სადილობის დროს მოხდა. აახდევინეს წითელი ღვინო. ცოლ-ქმარნი, დაჯერებულნი, რომ მემკვიდრე ეყოლებათ და დავითიანთ თვალები დაუდგებათ, სადილზედ გამხიარულდნენ. ნამეტნავად ლუარსაბი შექეიფიანდა და კარგად გამოიბრუჟა. ელისაბედი ამბობდა, რომ ვითომც დარეჯანსაც უყვარსო ღვინის სმა. ეს კი ვიცი, რომ იმ სადილზედ ამანაც გადუსო ორიოდ ჭიქა. ლუარსაბმა სამი ჭიქა ერთად ჯერ არ-დაბადებულის შვილის სადღეგრძელო გადაჰყლაპა და ალავერდი დარეჯანთანაც მივიდა. დარეჯანმა, თუმცა ესეც ჩაღლეული იყო, მაგრამ დედაკაცობის პატივი შეინახა და ჭიქა თუმცა ჩამოართო, სულ არ დალია.

– დალიე, შენ გეთაყვანე! – ეუბნებოდა მთვრალი ლუარსაბი, – ეხლა ქეიფს ნუ წამიხდენ. ჩვენის შვილის სადღეგრძელოს როგორ არა სომ? თუ მე და შენ არ დავლევთ, მაშ ვინ უნდა დალიოს? ღმერთი გვიწყენს, იტყვის: მე შვილი მივეცი და ისინი სადღეგრძელოსაც არა სმენო. ნუ აწყენინებ მოწყალე ღმერთსა, ძლივს კაი თვალით არის ჩვენზედა. მეც ქეიფს ნუ წამიხდენ. დალიე, გეთაყვანე!

უთხრა და მიაწოდა ისევ ჭიქა.

დარეჯანმა ჩამოართო ჭიქა, მაგრამ ისეთის მორცხობით, ისეთის თვალების ხამხამით და გემრიელ ღიმილით, რომ მე მაშინვე მივხვდი, რომ კნეინა უამისოდაც გადაკრულია. ჩამოართო და გადაჰკრა. სასაცილო რამ იყო კნეინა: ღვინო თანდათან ეკიდებოდა, ლოყები აუხაშხაშდა კიდეც, ტუჩებს ღიმილი მიეკრა ზედა და აღარა ჰშორდებოდა. ქვევითი ტუჩი ძირს ჩამოეშვა და დორბლმა დენა დაუწყო, თვალები აემღვრა და თავის-თავად ეხუჭებოდა, – ერთის სიტყვით, დარეჯანი ქეიფზედ იყო. ლუარსაბიც დაითვრა. მიუშვა აღვირი ღვინოსაგან მოდუნებულს ენასა და მოჰყვა უგზო-უკვლო ტიტინს, დარეჯანი სულ თავს აცანცარებდა და შესცინოდა.

– ვენაცვალე კახეთსა! – ამბობდა მთვრალი ლუარსაბი ენადაბმით, – ვენაცვალე! ეგ რომ არა ყოფილიყო, არც კახური იქნებოდა. მაშინ მე რაღა კაცი ვიქნებოდი? ჩემს გათქმულ სახელსა მაშინ ვინღა მოიგონებდა? დღეს თუ ლუარსაბის სახელი იხსენება სადმე, ღვინის მადლობელი უნდა ვიყო. თუ კაცი ვარ მე დღეს, აი, ამ შავის ყურძნის წვენითა ვარ კაცი! ჩემოდენას საქართველოში ორიც არ დალევს, დიდი მსმელი ვარ. მე რომ სიმღერა ვიცოდე, მთელის კახეთის ღვინო არ მომერევა. ეს არის რომ არ ვიცი და! სიმღერა ღვინოს ანელებინებს და! თორემ სხვაფრივ რა მიჭირს: ფაშვი კაი მსმელისა მაქვს, აქ თუნდა ოთხი ჩაფი ღვინო ჩაეტევა. ხომ გახსოვს ის იმერელი? აი, რომ მოვიდა, დადიანის „პოვერნია“ ვარო? „პოვერნია“ კი არა, – შენც არ მამიკვდე – ის ძალად გამოგზავნეს იმერლებმა: აბა წადიო, კახეთში ერთი დევი კაცი არისო, ლუარსაბ თათქარიძე, ოღონდ ის კი დაგვითვრეო და ნახევარ იმერეთს შენ მოგცემთო. ეხლა იმან მე რომ დამინახა, მაშინვე მიხვდა, რა კაციცა ვარ, იმიტომ „პოვერნიობა“ დაირქვა, სახელი არ წამიხდესო. კვეხნაში კი ნუ ჩამომართმევ და ჩემი სახელი სათათრემდინ არის გავარდნილი, იმერეთშიაც მისულა ჩემი ქება. მაგრამ აი, ამ შენმა უხეირო ლუარსაბმა ასე გაგიხადე ის ფხიკიანი იმერელი, რომ, რომ... სულ ჩემი მზე ვაფიცებინე. თითონვე თავის პირით მითხრა: ბაყბაყ-დევი ხარო. თითიც მომიკაკვა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა: სანაძლევო მოიგეო, ნახევარი იმერეთი შენი უნდა იყოსო. რომ მეჩივლა, რასაკვირველია, იმ ნახევარს გამოვიტანდი, მაგრამ ჩვენი მამა-პაპის მამულებიც მაშინ ისე ოხრადა გვრჩებოდა და იმერეთი რაღად მინდოდა? ეხლა ოხრად აღარ დაგვრჩება: ვენაცვალე შენს სტომაქსა! ეხლა შიგ პატარა თათქარიძე ზის და, მგონია, წითელ ღვინოში ჭყუპალაობს. უჰ, შენი კი ჭირიმე! მოდი ერთი ეგ ნაზი ტუჩები ამოგწუწნო! ეხლა ეგეც ხომ შვილი გვეყოლა, აბა ეხლა მაგის ქორწილზედ ვიფიქროთ. იცი, რა, დარეჯან? შენ ხომ ბრძენი დედაკაცი ხარ და არც მე ვარ, ღვთის მადლით, სულელი, თოთხმეტის წლისა შესრულდება თუ არა – აბა, იანგარიშე, როდის შესრულდება, მგონი ბევრი ხანი არ გასწევს, მალე შესრულდება, – შესრულდება თუ არა, ჯვარიც დავწეროთ, რაღას უნდა მოვუცადოთ? ეხლა მაგის ქორწილში ლეკურს არ ჩამოუვლი? მე კი – ღვთის წყალობა შენა გაქვს – ასეთს ბუქნას დავუვლი, რომ იქაურობას სულ მტვერი ავადინო... ეხლა იმ იმერელს რომ ვაჯობე, იცი, რა ვუთხარი? წადი-მეთქი, სადაც შენი სთქვა, იქ ჩვენიცა სთქვი-მეთქი, და იმერლებსაც უთხარი, რომ, რაც თქვენ კრიკინას წვენი გამოუვა, ერთ „ყლაპად“ არ მეყოფა-თქო, და „ყლუპი“ კი კიდევ თქვენზედ დარჩება-თქო. აი, ამისთანა კაცები ვართ კახეთში-მეთქი. მაშ!.. თუ ღმერთი გწამს, კარგად არ მითქვამს?

– კარგად და პატიოსნად.

– მაშ, მოდი ერთი კიდევ ამოვწუწნო ეგ შენი მარწყვი ლოყები. ეხლა, დარეჯან, შვილის ქორწილში ლეკურს არ ითამაშებ?

– რატომ.

– ჰო, გეთაყვანე! მოდი, იცი, რა ვქნათ? მითამ ეხლა ქორწილია: აბა ერთი... ერთი შენებური დიდოური... მე „განდიდურს“ დაგძახებ. თუ გიყვარდე, აი! მითამ ქორწილია. თუნდა ლეკური იყოს, ჰა! მე „პაწპაწინა ნიგვზის ტოტს“ დაგძახებ. ჰა და პაწპაწინა ნიგვზის ტოტი! პაწპაწინა ნიგვზის ტოტი! ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანასა!.. ურაა!.. აი, გიდი!.. ქუდი ჭერში!.. კახური კა... ცის... ჭი... რი... იი... მეე... ჩა... აა... რაკ... რაა... კებს... კუ... უუ... ლა... სა... იმ იმერელსაც... კაი... საქმე... დავმარ... დავითსაც... თვალიმც... გამოს... ძრო... მია... ურაა!..

ყროყინებდა სიმღერის ხმაზედ გაბრუჟებული ლუარსაბი, ჰბოდავდა რაღაცეებსა და ამ ბოდვაში ჩაეძინა კიდეც.

XIV

აღარ გაათავებ? – მკითხავს მოწყენილი, და იქნება გაჯავრებულიც, მკითხველი. – როგორ არა? გავათავებ, მაგრამ იცით რითა? იმითი, რომ ლუარსაბის ბედნიერება დაირღვევა. თუ მაგისთანა მტკიცე ბედნიერებაც დაირღვევა, მაშ რაღა ყოფილა დაურღვეველი ქვეყანაზედ? – დაიძახებს ჩემთან ერთხმად დაღონებული მკითხველი.

მარტო ქვეყანაა, მკითხველო, დაურღვეველი, და ერთი ლამაზი, გონიერი ქართვლის ანდაზა: „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“, თორემ „ნუ დააგდებ ძველსა გზასაო“ – ეს ჩინეთიდამ შემოგვეპარა და რასაც ჩინეთის ფერი ადევს, ის რასაკვირველია, დაირღვევა ღვთისა და თქვენის წყალობითა, ჩემო ძველის გზის მოყვარევ, მაგრამ მაინც კიდევ საყვარელო ქართველო!..

გაიარა რაოდენმამე ჟამმა და წუთის-სოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ. ამათ შვილი არ მიეცათ. დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რაღაც წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა. დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი. წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა. ორი სიამოვნებაღა დარჩა ამ ტრიალ ქვეყანაზედ: ერთი – მადა; მეორე ისა, რომ ლამაზისეული ფეხთ უჯდა ხოლმე, როცა ძილს დააპირებდა ბატონი, ფეხის გულებზედ და კანჭებზედ ხელს უსვამდა და ისე აძინებდა. ესღა იყო ამისათვის ნუგეშად, თორემ ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაში ლოყები ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხის ოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდამ დაეკარგა, – ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის. ბოლოს, ფერისცვალობის დღეს, რაღაც ეშმაკად, ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა. ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა.

მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენგანნი, რომელნიც არც თავის სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავის სიკვდილით აკლებენ.

წაიშალა ამ ორთა გვამთა ცხოვრების კვალი დედამიწის ზურგზედა. რისთვის მოვიდნენ და რისთვის წავიდნენ? ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვნათ და სამ-სამი ადლი მიწა? ან კიდევ ქვაზედ წაიწერონ, რომ „ჩყ... წლამდინ თავადი ლუარსაბი თათქარიძე და მისი კნეინა დარეჯანი ცოცხალნი ყოფილან და მერე დახოცილან?“ სხვა ხომ არაფერი გვეტყვის, რომ ესენი ამ ქვეყანაში ყოფილან და უცხოვრიათ. „წამკითხველო, შენდობა გვიბძანეთო“, ამბობს იმათი ქვის ზედწარწერილი. ნახევარი საუკუნე ამისთვის იცხოვრეს ამ ქვეყანაზედ, რომ ბოლოს მაინც კიდევ „შენდობა“ ითხოვონ და საბოდიშოდ გაიხადონ საქმე? უფროსთაგანს ქართვლის საფლავის ქვას რომ აწერია „შენდობა გვიბძანეთო“, ეხლა მესმის, რისთვისაც აწერია. მაგ შესანდობარს და შესაბრალისს ჩვეულებას თავისი აზრი და საფუძველი ჰქონია, მაგრამ არ გითარგმნი კი, მკითხველო! თუ კაი გული გაქვს და გამჭრე გონება შენც თითონ ჩემზედ უკეთესად მიხვდები, თუ არა და, თქმა საჭირო არ არის. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზედ მეტადაც რომ გული სტკიოდეს, ამას ვეღარ დაინახავ და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში ჩამოართმევ.

მე გავათავე და შენ, რაც გინდა, ჰქმენ, მკითხველო! გინდა იცინე, გინდა იტირე, როცა ამ ამბავს წაიკითხავ. ორივეს საბუთი ისევ ამავე მოთხრობაში გაქვს. თუ ოდესმე თვალი აგიხილებია და შენს გარშემო რაც გინახავს, იმაზედ გონება გივარჯიშებია, – ნახავდი, რომ ხშირად ერთი და იგივე საგანი ზოგს აცინებს, ზოგს ატირებს. მე მინახავს ერთი მოხუცებული, ღარიბი, შიშველ-ტიტველი, ფეხებდახეთქილი დედაკაცი. ვინ იცის, რა-გვარ უბედურობისაგან ლოთად ჩავარდნილიყო და ლოთობაში სამუდამოდ დაეკარგა თავისი დედაკაცობა და ადამიანობა. მე მინახავს ის საცოდავი დედაკაცი, ქალაქის ბიჭებს დაეჭირათ და ხუთ გროშად მთელი საათი ახტუნებდნენ პამპულასავით. მე მინახავს, რომ იმათში ბევრი იცინოდა და ზოგიერთს კი ამ საცოდავის დედაკაცის მაგ ყოფაზედ გული უტიროდათ. ვინ იყო ამათში მართალი? მოცინარენი, თუ მოტირალენი? ორივენი, იმიტომ რომ ერთნი თვალითა ჰხედავდნენ მარტო და თვალისათვის მართლა სასაცილო იყო, მეორენი კი – თვალითაცა და გონებითაცა. გონებას კი – ძნელად თუ გაეცინება. სჩანს, შეიძლება, რომ ერთი და იგივე ამბავი სატირალიც იყოს და საცინარიცა, – ეგ იმაზედ არის დამოკიდებული, როგორი აგებულებისა ხარ: თუ იმისთანა გონების ძალა გაქვს, რომ, რაც უნდა მწუხარე ჭეშმარიტება იყოს, გულდაგულ შეხვდები, და თუ იმისთანა გულიცა გაქვს, რომ უბედურს და გზაკვალარეულს შეიბრალებ, ამისთანა სასაცილო ამბავი უფრო ხშირად უნდა გატირებდეს შენა, თუ არა და იცინე, რამდენიც გენებოს. იცინე და თანაც გაჯავრდი ამ მოთხრობის დამწერზედ და მამიგონე ჭორი – შენ ხომ ჭორების მოგონება გიყვარს – რომ მე ვითომც ქართველობას ვღალატობ, რადგანაც იმის სასაცილო ამბავს გიამბობ და არა ვმალავ ზოგიერთ გულ-მოკლე პატრიოტივით. ვიცი, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს. ვიცი ეს და მაინც კიდევ პირში, როგორც მოყვარე, გეტყვი, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან. გინდა მიწყინე, გინდა არა. თუ იმათ დასცინებ, მითამ შენის თავისთვის დაგიცინია, თუ დასტირებ – ეგ კაი ნიშანია: სჩანს, სწუხხარ, რომ ამისთანანი ვართ, სჩანს, შენის თავის გასწორების განზრახვამ ფრთა აიბა. ღმერთმა ქნას, რომ ეგ აგრე იყოს.

მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს. ამ იმედს ნუ წაგვართმევ. ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს – რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე, თუ გინდა, მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, – სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგა-და-შიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინც-და-მაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან. მაშინ მხოლოდ დავღონდები, რომ შენშიაც მოვტყუვდი; რომ შენ ის არა ჰყოფილხარ, რაც მეგონე. მაშინ გულხელდაკრებილს ესღა დამრჩება სათქმელად: მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ეგ ღმერთმა იცის! წყრომა კი რომ არა ყოფილიყო, ეგ გათენება, ჩვენც კარგად გვეცოდინებოდა, როდისაც იქნებოდა!..

სხვა ფრივ მშვიდობით ბძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა.

მ. ჯიმშერიძესა

_____________

1არის ამისთანა ამაოდ მორწმუნოება ჩვენში, რომ არ შეხვდი პირველად მერცხალს, მერცხალი დაგძლევს. კვიცი ნახო მაშინვე ქვაზედ უნდა შედგე, თორემ დაძლეული იქნები, ოფოფს თავ დავარცხნილი უნდა დახვდე და სხვ. ლუარსაბს, როგორც ათასს სხვას, ეს დაძლევა ცოდვა ჰგონია, ამიტომაც ეგრე გულმოდგინეთ დავითს ღმერთთან აბიზღებს

2 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


2.1 გუთნის დედა

▲ზევით დაბრუნება


გუთნის დედა

„გადი, გამოდი, გუთანო!
ღირღიტავ, ბანი უთხარო“.

ერთ-ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ მე და შენ…
წილად გვარგუნეს შავი მიწანი ჩვენ:
ერთგულად ვჭიმოთ ჭაპა ჩვენი,
უსიხარულოდ დავლიოთ დღენი.
ბელტო ბელტოზედ გადმოვაწვინოთ
და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ.
ნუ დამიღონდი!.. შენი უღელი
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი:
მე შენებრ მიწას დავყურებ თვალით
რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით;
შენებრ მეც მელის მიწა ვით სხვერპლსა
სიკვდილის შემდეგ დასავიწყელსა.
შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი?!..
ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შაგშურდება:
რად მინდა ხმალი, თუნდ იყოს მჭრელი,
თუ სიმართლისთვის დამიჩლუნგდება?
აბა რას გვარგებს ჩვენ ის გუთანი,
რომა აჩეჩოს მარტო მიწანი
და არ მოჰსთხრიდეს ძირით იმ ბალახს,
რომელიც უშლის თესლსა ამოსვლას?
მე ჩემის ტირის, ჩემის წუხილის,
ჩემის კაცობის გულის დუღილის
სიტყვანი გულში მებადებიან
მაგრამ გულშივე უხმოდ კვდებიან.
შენ ვერ გაიგებ მეტყველის ტანჯვას
როცა სიტყვასა მართალს გულში ჰკლავს!..
აქ მენდე, ლაბავ, ჩემი უღელი
შენს უღელზედა უფროა ძნელი.
მაშ რა გაღონებს?.. გაჰსწი ჭაპანსა,
და გაიტანე გუთანი ბოლოს,
ნუ უღალატებ ძველს ამხანაგსა,
ის შენ აცხოვრე, მან შენ გაცხოვროს!..

2.2 ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ:

▲ზევით დაბრუნება


ნიკოლოოზ ბარათაშვილზედ:

„ცუდათ ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება, და
გზაუვალი, შენგან თელილი მერანო ჩემო, მაინც დარჩება!“

ყრმაო-პოეტო! უღვთო იყო შენი სიკვდილი!..
ვინ უწეს რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა,
ეგ მტკიცე გული სიყვარულის სხივ-ქვეშ განშლილი
რაოდენ გრძნობით, ჯერ უთქმელით, ჩვენ ჩაგვესვენა?
ვინ იცის თანა რაოდენი წარიღეს ფიქრნი?
მათ მნიშვნელობა დაგვეკარგა ჩვენ საუკუნოდ;
რაოდენ იმედთ და ნუგეშთა კოკრად ყვავილნი
ჩაჭკნენ შენს გულში განუშლელად, ეგრე უდროოდ?
არა დედ-მამა — მაგ სიკვდილით დაობლდა ერი!..
ვისღა მივანდოთ ჩვენი გრძნობა, ტანჯვა და ლხენა?
მაგრამ, პოეტო საყვარელო, ხარ ბედნიერი,
რომ შენი ლექსი, თვით სიკვდილშიც არა გკლავს შენა.

აგვისტოს 1860 წ.

2.3 ლოცვა

▲ზევით დაბრუნება


ლოცვა

მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლ მოდრეკილი, ლმობიერი ვსდგევარ შენ წინა
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა;

არამედ კი მსურს გნმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარიმკრან,
გთხოვდე: „შეუნდე არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

3 სფირიდონის და თადეოზის ბასსი.

▲ზევით დაბრუნება


სფირიდონის და თადეოზის ბასსი.

(შემდეგი)

– დიაღ, აგრე მოხდება ხოლმე ლიტერატურაშიაცა. აი მაგალითი წინ გვიძევს. აი, ეხლა ჭავჭავაძემ დასწერა ერისთავის ნათარგმანევზედა კრიტიკული განრჩევა, კილო-კავად გაჰკენწლა თხზულება. კნ. ბარბარე ჯორჯაძისაცა და ამასობაში გაიმართა ჩვენებური ბაასი. დახე, მცირედი საქმისაგანა რა ამბავი მოხდება, ერთის ნაპერწკალითა მთელი ბულული გადაწვის ხოლმე. ამასთანავე მეორე შემთხვევაც მოგახსენო: თ. გ, ბარათაშვილს ძალათი დააწერინეს კრიტიკა, ამისი დასამტკიცებელი საბუთი თვითონ ავტორის სიტყვები გახლავსთ, დაუგდეთ ყური რას ამბობს რედაკტორთან მინაწერს წიგნში: არ ვიცი „რა მიზეზია, რომ ჩამაცივდით დავსწერო რამე ცისკრისათვისა. ნუ თუ გსურთ ჩემზედაც ალაჟღანდარაო. ზოგიერთნი მჭევრ-მეტყველნი და შეამკობინო ჩემი თავი, როგორათაც საბრალო კაზლოვი?“ აკი მოგახსენეთ, ჩემო თადეოზ, რომა ბევრჯელ ისეთი შემთხვევა მოხდება, რომა არ შეგიძლიან ხმა არ ამოიღო იქნება თქვენ არ შეგეხებოდეთ ვისიმე მოქმედება, მაგრამა მეგობრის გულისათვის არ დაიზოგამთ თავსა, როგორც მე გიცნობთ.

— რატომ, მეგობარმა მეგობრისათვის დიაღ უნდა ამოიღოს ხმა.

— ეგ დიაღ ჩინებულია, მაგრამა, რომ ნამდვილად იცოდე ამხა ნაგის სიმტყუვნე. მაშინ ხომა უკანონოდ უნდა დასჩაგრო მეგობრის წინააღმდეგი? არა სჯობს, რომ თვითონ ამხანაგს მისცე დარიგება და მართალს კი სამართალი მისცე. ამასთანავე არ შეიძლება კაცმა ერთს მხარეს არ მიჰკერძოს ე. ი. თავის ამხანაგსა, და აქედგან წარმოდგება სტატია: ცრუდ მსჯელი, ძალ-დატანებული და მიმკერძავი. აი თუ გინდა თვითონ ეს „რედაკტორთან“ მინაწერი წიგნი გავშინჯოთ. ავტორი აცხადებს საქვეყნოდ, რომ ძალა დაატანეს და ისე დააწერინეს სტატია. ეს ძრიელ ჩინებული, იქნება მართალიც იყვეს, მაგრამ ამასთან ჩვენ რა დავა გვაქვს: სთხოვეს, ძალა დაატანეს თუ თავის ნებით დასწერა სტატია; ეს სრულიად არ შეგვეხება ჩვენ მოკითხვის წიგნში, რომ დაწერილიყო, ის სხვა იქნებოდა. ამას და გარდა ძალ-დატანებითა და ჩაცივებით სტატიის დაწერა, რომ არ იქნება? ავტორი თვითონ უნდა გრძნობდეს ძალ-დაუტანებლად რომელიმე აზრის წამოთქმის საჭიროებას; აზრი უნდა გამომდინარეობდეს ლაღად, თავის თავად გონებიდგანა, სადაც არის მოგროებული, და დიდი ხანია აპირებს გამოხეთქასა, როგორათაც დაგუბებული წყალი — და სადაც, ჩემო თადეოზ, წყალი ოდნავ ჟონამს, რა ღონის-ძიება უნდა მოიხმარო, რომა იქიდგან წყალი გამოიყვაანო მცირე ხალხისთვისაც სამყოფი? და თუ გინდ ჰსწურო საქაჯავითა და ძალ-დატანებით გამოიყვანო მაინც მალე გამოილევა და დაშრება ეს შეფარდება, ჩემო თადეოზ, იქნება ძალიან უწინდებური მამივიდა, მაგრამ რა გაეწყობა; კიდევაც მოგახსენებ, რომა - ძალად გამოყვანილს წყალსა წისქვილის დაბრუნება არ შეუძლიან: ის არის უღონო, რომელსაცა რაკი მოხვდება თიბათვის მზის შუქი მაშინვე გაქრება. ამ სტატიაში ფრაზები არის დიდად გაჭიმული, სწორედ ძალათ დაწერილი, მაგალითებრ: „... რადგანაც ამ დროს მიაქცია ჩვენი ყურადღება აპრილის ცისკარმა, რომელიც შემოიტანა ბიჭმა და სხვანი…“ ამ დროში არა მგონია ამ ნაირად ლაპარაკობდეს ვინმე; რა საჭიროა ასეთი სიტყვების შერჩევა იმისთანა აზრის გამოსათქმელათა; ვგონებ შეიძლებოდეს სამარადისო. სალაპარაკო ენაზედაც თქმა, მაგრამ არა, უნდა უთუოდ დაიწეროს „მიაქცია, მოაქცია, მივაქციე, მოვაქციე ყურადღება“ და სხვანი. და თუ გინდ, რომ ასეც იყვეს, რად უნდა შესწყვიტოს ავტორმა თავისი სტატია წიგნის შემოტანითა; ჟურნალი შემოიტნა ბიჭმა,— ხომ არ მიჰქონდა? იმისი წაკითხვა შემდგომაც შეიძლებოდა. მაგრამ რას არ უზამს კათათვის მზის შუქი ძალით გამოყვანის წელსა. ეს არის გასაოცარი, რომა ვიდრე ადამიანი კალამს აიღებს ხელში, ლაპარაკობს რიგიანად, სიტყვა-სიტყვარედ მოჰყავს, თავის აზრს შეგატყობინებს ძრიელ კარგად, არც წაიბორძიკებს ლაპარაკში, არც თავს შეგაწყენს ბევრი ვითარცავებითა და უკვეებით ისე, რომა ზოგიერთის ლაპარაკი გაუწყვეტელი და კილოიანი გიამება. და ისევ ის ადამიანი როცა კი კალამს ხელი მოჰკიდებს, სულ დაეკარგება კილოცა, ენაც მაშინ დაებმის, გონებაც სხვა ნაირად მოჰყვება ფიქრსა და წამოისვრის ისეთს სიტევებსა, რომელთაცა სამარადისო, შინაურულ ლაპარაკში ყურს ვერ მოჰკრამ, ან არა და მოჰყვება ისეთ მაღალ-ფარდებზე ლაპარაკსა, რომა ერთის სიტყვით კაცს ვეღარ იცნობ, რომელიც ორის ან სამის საათის წინათ გელაპარაკებოდა ისე საამურად არ ვიცი რისთვის, რის მიზეზით სცდილობს ისეთი სიტყვითა სთქვას თავისი აზრი, რომა ყველას არ ესმოდეს: ან უნდა გააკვიროს წამკითხველი თავისი ცოდნითა, და ამისთვის წერაში მალ-მალე დაფიქრდება, მალ-მალე ჩახედამს ლეკსიკონში, ან ძველ წიგნებში, ერთის სიტყვით სადაც ეგულება და იქიდგან ამორჩეული სიტყვებითა ნათელს აზრს დააბნელებს, გაამქისებს და გაუგემურებს, რა არის ამისი მიზეზი? მე ვგონებ ამისი მიზეზი ის იყო, რომ ან ავტორს სურს თავისი თავი დიდად მცოდნედ უჩვენოს წამკითხველებსა, ან არა და სრულიად ვერ მოუხერხებია სამარადისო სალაპარაკო. ქართული ენა საქმეში გამოიყენოს, და ჰბაძამს ჩვენ წინა-პართა წერაში, და ვეღარც იმათა სწვდება და ვერც ახლანდელს მიმხვდარა და ამისათვის ქაღალდზე გამოყვანილი აზრი არის ცუდად წყობილი. ყოველისფერი თავის ადგილას არის კარგი: საღმრთო წერილში არ გაუკვირდება კაცსა, რომ შეხვდეს სიტყვები: „მიაქცია, მოაქცია“ „ვითარცა“ „უკვე“ და სხვანი. თითქო რაღაცა გეუბნება, რომა იქა თითქო ისე უნდა იყვეს უთუოდ დაწერილი, როგორც არის; მეტადრე იმისათვისა, რომა ყური გვაქვს შეჩვეული. თუ გინდა, რომ მოვინდომოთ იმ ენაზედ წერა, ვეღარ მოვახერხებთ ამ დროში, და დავრჩებით ორთა წყალთა შუა. ყოველთვის უფრო სასიამოვნოა წასაკითხავად თხზულება დაწერილი საყოველ-დღეო, შინაურულს ენაზედა, იმ ენაზედ რომელითაც ლაპარაკობს ქართველი კაცი თავის სახლში, თავის ცოლ-შვილში, ტოლთანა და ამხანაგთანა. ვისგან გაიგონებ, ჩემო თადეოზ: შემოიტანა ბიჭმა ცისკარი და მიაქცია ჩვენი ყურად-ღება? აი, ბატონო წაიკითხეთ კამედიები, „გაყრა“, „მინდა კნეინა გავხდე“, „ძუნწი“ და სხვანი და შეიტყობთ რა სარგოიანად უხმარიათ ახლანდელი ქართული ენა თ. გ. ერისთავსა და უფ. ანტონოვს თავის თხზულებაში. ყველას ესიამოვნება, ყველა სულ გამელული ზის თიატრში, და სცდილობს, რომა აქტიორის სიტყვა არც ერთი არ ასცდეს იმის ყურსა. ჟურნალი მაშინ არის სასიამოვნო წასაკითხავი, როდესაც აზრი არის დაწყობილი იმ სიტყვებითა, რომელსაც შეჩვევიაყური. მაშინ მოემატება ჟურნალს მკითხველი, როდესაც ჟურნალი თვითონ შეაყვარებს თავსა მკითხველსა ჟურნალი უნდა იყვეს ადამიანის შემქცევი ე.ი გონება უნდა უღვიძოს მკითხველს და არა თავის მამბეზრებელი; აცნობებდეს ყოველ შესანიშნავ ამბავსა, კარგი ტკბილის ენითა. უწინდელი მწიგნობრული ენით დაწერილი ან იმ არეულ უწინდელი და ეხლანდელი ენით დაწერილი ჟურნალი არას დროს არ შეიქმნება სახალხო, ან საზოგადოდ ყველასათვის წასაკითხავი შემთხვევით მრავალჯერ ვხედამ ხოლმე, ჩემო თადეოზ, ერთს მედუქნესა, რომელიცა მოცილების დროს, როდესაც მუშტარი არა ჰყავს, ზის ხოლმე დუქნის წინა და უჭირამს რაღაც ხელთ-ნაწერი წიგნი ლურჯ ქაღალდზედ. გარშემო უსხედან გლეხი-კაცები მოხუცებულნი და ყმაწვილი ბიჭებიცა, და ის მედუქნე თავმოწონებული კითხულობს ხოლმე და ისინი ყურს უგდებენ. როგორც ვატყობ ის გლეხი-კაცები სრულიად არ უგდებდნენ იმ მედუქნეს ყურსა როცა კითხულობს, ამისათვის, რომ როგორც მე მოვკარი ყური საშინელი ენით არის დაწერილი, მაგრამ ის მუდუქნე როცა წაიკითხამს ერთს მუხლს, შემდგომ დაანებებს კითხვას თავსა და პირათ უამბობს გარეშე მყოფ ხალხსა რაცწაიკითხა. და უნდა უყურო. იმათ მხიარულებასა თავის ქნევასა, როცა თავის ენაზედ გაიგონებენ ხოლმე იმ უცნაურ ზღაპრულ-მოთხრობასა. არ ვიცი კია რა წიგნია ის ხელთ ნაწერი. დიაღ, იმას მოგახსენებდით, რომა სასიამოვნო იქმნება ყოველ წამკითხველისათვისა ჟურნალი დაწერილი იმ ენაზედა, რომელითაც მუდამ ჟამს ლაპარაკობს. უეჭველია ძრიელ გონივრად იქცევა ის, ვინც მუდამ ჟამს კითხულობს საღმრთო წერილსა, იმის წამკითხავი ორ ნაირად არის სარგებლობაში, პირველად შეისწავებს ღვთის ვედრებასა და რამდენსაც მომატებულად კითხულობს იმდენად მკვიდრად დაინერგება იმის გულში სარწმუნოება ქრისტესი; და მეორედ: იქ შეხვდება მრავალ ნამდვილ ქართულ სიტყვასა, რომელნიც ამ ჟამად ბევრნი მათგანნი აღარ იხმარებიან საერო ლაპარაკში, და მაშინ როდესაც საღმრთო წერილი გადმოუთარგმნიათ ქართულად ბერძნულიდგან ხმარებაში ყოფილა. მხოლოდ იქიდგან გამოტანილი სიტყვა უნდა მოიხმაროს ისე, იმ კილოზე, როგორც ამ ჟამად ლაპარაკობს ხალხი; მეტადრე არ არის ძნელი სამუდამო ლაპარაკის კილოზე სიტყვის ხმარება მაშინა, როდესაც საგანი თხზულებისა არ შეეხება რასმე ფილოსოფიურსა ანუ სხვა რომელსამე სწავლასა. ამ გვარი თხზულებაში ვერ ასცდება მწერალი უმაღლეს აზრის გამოთქმასა, ვერ დასწერს სამუდამო საზოგადო სახალხო ენაზე, რადგანაც თვითონ საგანი - ფილოსოფიური თხზულებისა რის ისეთი, რომ ყველას, მოუმზადებლად, არ შეუძლიან მიხვედრა, და ამასთანავე უთუოდ დასჭირდება ისეთი სიტყვების ხმარება. რომელნიც ხშირად არ ესმის სალხსა. აგრეთვე უნდა ვსთქვათ გადმოთარგმნილ სტატიებზედაცა აქამომდისინ რამდენიც დაბეჭდილა ჟურნალში გადმოთარგმნილი სტატიები, რაც უნდა კარგები უნდა იყვნენ ნამდვილში, გადმოთარგმნილს აღარ აქვს თითქმის არც ნახევარი ლაზათი, ისინი ისე არ მოსწყვლენ ხოლმე წამკითხველის გულსა, როგორც კარგი თხზულება, ან საშუალო ღირსების თხზულება, დაწერილი პირდაპირ ქართულ ენაზე. ამის მაგალითი არის ისევ ის კამედიები, რომელნიც წეღან ვსთქვით. იმ კამედიებს ხალხი უფრო სიამოვნებით კითხულობს და ზეპირათაც ბევრნი სწავლობენ, ვიდრე შექსპირის დრამებსა, გადმოთარგმნილს ქართულ ენაზე, თუმცა დაწუნებით კი, არავის დაუწუნებია. რისგან არის ესა? ამისი მიზეზი ისევ ის არის რაც მოგახსენე წეღან; მთარგმნელი ალაპარაკებს ფრანცუზსა, რუსსა, ანგლიჩანს ქართულად, როგორცა სთქვა ბაქარ ქართლელმა — „ღარიბი ყმაწვილი კაცის რომანის“ მთარგმნელმა. თქვენ იმათგან გესმით ზოგიერთი ისეთი აზრი, რომელიცა ჯერ არ გაგიგონიათ, ან ისეთს კილოზე გეუბნებად, რომა ძრიელ უნდა ჩაფიქრდეთ, რომ გაიგოთ. ამასობაში ვისაც არა აქვს დიდი მოთმინება და არ უყვარს ბევრი ფიქრი, ხალისი ეკარგება, მაშინ როდესაც, ჩვენ რომ ვსთქვით, ის კამედია ძრიელ ადვილი გასაგონია ქართველი კაცისათვის, იმ კამედიაში ხედამს სურათსა ბევრი თავისი მეგობრისასა, ხედამს თავის ცხოვრებასა, და სიამოვნობს. ამ კამედიებზედა და თარგმანებზე, ჩემო თადეოზ, ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ამ ჟამად ამითი დავასრულოთ, რადგანაც ჩვენი ბაასის საგანი სხვა არის. რასაკვირველია ყოველი მთარგმნელი უნდა იმას სცდილობდეს, რომ გადმოიღოს სხვის აზრი ქართულ ენაზე ისე, რომა ნამდვილსა და თარგმანის აზრს შორის არა იყოს რა იოტის ოდენი განსხვაება; მაგრამ მაშინ რა ჰქმნას მთარგმნელმა, როდესაც ქართული ენა არ არის ჯერეთ იქამდისის ხმარებაში შესული, რომა ყოველ სიტყვას თავისი პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდეს და იმავე დროს ევროპიული აზრი გადმოიღოს იმავე მნიშვნელობითა და ცხადად, ერთის მოკლე სიტვით შეგასმინოს, ბევრს შეხვდება კაცი ნათარგმნებში შეუჩვეველს სიტყვის ბრუნებას და ეჩოთირება, ვიდრე შეეჩვევა. მაგრამ სადაც ქართველი კაცი, ქართულად მოლაპარაკე თვითონა სწერს თავის თვალით ნახულს საგანზედა, და სურს გააგებინოს თავისი აზრი მკითხველსა, იმას არასდროს არ ეპატიება, რომა იმის დაწერილი სტატია თავით ბოლომდისინ ჰგვანდეს გადმოთარგმნილსა, და არ იყოს დაწერილი იმ ენაზე, რომელზედაც ლაპარაკობს შინა, გარეთა და საზოგადოებაში. აი, ვსთქვათ შემომხვდა გზაზედა და მოჰყვა ლაპარაკს; სადა ყოფილა, ვის შეხვედრია, რა უნახამს, რა გაუგონია, ყოველისფერს გეტყვის დაწყობითა, კარგად და სასიამოვნოდ, შემდგომ მოგიტანეს ჟურნალი, გადაშლი, წაიკითხამ იმავე კაცის სტატიასა, და დარჩები გაოცებული. ეს უნდა მივაწეროთ ზოგიერთი ავტორების სურვილსა, რომ უნდათ თავისი კალმით „განთქმა, ქუხვა“ ბევრს აქამდისინაც ვერ გამოუბერტყია გონებიდგან ის აზრი, რომ მაღალი ფრაზითა, მდაბალი ფრაზითა, და საშუალო ფრაზით წერასა სრულიად აღარაფერი მნიშვნელობა არ აქვს. თხზულებაში საქმე აზრია; და მაღალს და მდაბალს ფრაზსა არაფერი ღირსება არა აქვს თუ ბრწყინვალე აზრი არ გამოსჭვივის სტატიაში.

— ახლა რაზედა ლაპარაკობ მაგდენს, სფირიდონ?

— მე მოგახსენებთ ზოგიერთ „ცისკრის“ თანა-შემწეებზედა.

— იძახიან ჯერ ადრეა იმაზედ ლაპარაკიო.

— რასაკვირველია მაშინ ყველა გაგვანტყუნებს, რომა სასტიკი ანგარიში მოვსთხოვოთ ოთხის წლის ჟურნალსა, ან „ოთხის წლის ქალსა“ როგორცა სთქვა გიორგი ბარათოვმა, იმ ყმაწვილ ქალსა, რომელსაც ფარეხით და წყნარად უნდა გექცეოდეთ, რომ არაფერი ვაწყევინოთ, მაგრამ საკვირველი ეს არის, რომ თუ პატარაობითვე არ ანიშნე შეცდომა, არ გაუსწორე, ოთხმოცის წლისაც რომ შეიქმნეს ისევ ის ოთხი წლის ბავშვი არ იქნება? - ქაოდა ოთხის წლის ბაშვიაო, როგორ არავინ არ უნდა ანიშნოს ნაკლულება, თუ კი ცხადად ხედამს. შარშან თუ შარშან წინ ვიღამაც გამოაცხადა ამ ცისკარშივე, რომ „ოღონც ჟურნალი კი იყოსო ქართულ ენაზედაო და როგორიც უნდა იყვესო“. ეს გასაოცარი სურვილია, სწორეთ მოგახსენოთ. რასაკვირველია სასაცილო იქმნება დავემდუროთ იმაზე, რომა რატომ ათიოდე შექსპირი არა მყავს, ან ბაირონები, ან რუსთაველები და სხვანი, ყველას აქვს ნება ის ანგარიში მოსთხოვოს, რომელის პასუხის გებაც შეუძლიან მისცეს ოთხის წლის ჟურნალმა და ორმოცის წლის თანა-შემწეებმა. აი, თუ გინდათ, გადვიკითხოთ მაისის ცისკარი. აქ არის მხოლოდ ორი ლუქსი — თხზულება: „ნაამბობი მოხუცისა“ და მეორე „გამოსალმება“. პირველი თხზულება თავ. რაფაელ ერისთავისა და მეორე გრიგოლ ორბელიანისა. ეს ორი თხზულება გალექსილი კარგის ხელოვნებით და გრძნობით, მეტადრე „გამოსალმება“ მოკლედ და მკაფიოდ გამოგიხატამსთ ადამიანსა ნამდვილ გრძნობის მქონებელსა, რომელიც მიმავალია შორს სადმე, და ესალმება თავის სატრფოსა და იქამდისინ გულ-მოწყლულია საყვარელი საგანის განშორებითა, რომა გულში ალმური ტრიალებს და თავისი წვა და დაგვა ვერ წამოუთქვამს, რადგანაც გული შეჰქმნია ქვად და გრძნობა ცეცხლად აღგზნებია. შემკრთალს და შეჭირვებულს ვერ უპოვნია სიტყვა თავის გრძნობის გამოსათქმელად. მხოლოდ ამ შემთხვევაში ე.ი, გამოსალმების დროს უძლურს გულს გადმოედინება ცრემლი და იმითი ჩაქრება მჭმუნვარების ალი. მაგრამ, ეს გრძნობა ადვილი მისახვედრია და ჩვენი განმარტება საჭირო აღარ არის. ამ ლექსებს შემდგომ დარჩება პროზა. პირველი მათგანი არის „ნამდვილი შემთხვევა“ თარგმანი სამსონ აბაშიძისა. ამ სტატიას აქვს ორი ღირსება: ამბავს კარგს გიამბობთ და უფრო სამუდამო სალაპარაკო ენაზე არის დაწერილი; სიამოვნებით წაიკითხამს ადამიანი თუმცა აქაიქა თითო ოროლა აზრი ძველებური კილოზეა მაგრამ არა უჭირს რა, იმედი გვექვნება, რომ შემდგომ უფრო ტკბილი ქრთულის ენით გადმოგვითარგმნის რასმე. შემდგომ, ჩემო თვდეოზ, არის სტატია კნ. ბ. ჯორჯაძის ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზე; და რადგანაც თქვენ არ გიყვართ კრიტიკების კითხვა, ამისათვის ამისი ბაასი მივანდოთ თვითონ თ. ილ. ჭავჭავაძესა. ამ სტატიას მოსდევს მეორე სტატია „ივანე კერესელიძის მოგზაურობიდგანა“. ეს სტატია უნდა წავიკითხოთ, როგორათაც მოგზაურობა კაცისათვის სასიამოვნო არის, ისე აღწერა რომელიმე ქვეყნისა უნდა უთუოდ სანუკვარი იყოს ჩვენთვის. ამ გვარი სტატია მარად ჟამს საამურია, რადგანაც გაგვაცნობს ჩვენ მშვენიერ კახეთსა. რამდენი რამე იქნება იქა გონების გასადევნებელი; მეტადრე ჩვენთვის, ვისაც თვალით არ გვინახამს: ადგილის მდებიარება, კავკასის მთა, ალაზნის მინდორი, მაზედ გამწკრიებული გაღმა-გამოღმა სოფლები, ვენახოვან ხილიანი (როგორც ამბობს ვახუშტი), ციხეები, მონასტრები; ხალხი, მათი ცხოვრების წესი, ხასიათი, ჩვეულება, ვინ იცის რამდენი რამ არის კარგიცა და ავიცა. კარგის აღწერით შეგვიძლიან ეს ყოველისფერი წარმოვიდგინოთ თვალ-წინა, ისე თუ გინდ თითოს გვევლოს. აი წვიკითხოთ ეს სტატია და ის გვეტყვის ამ ამბავსა დაწვრილებითა; თუ მთელი კახეთის ამბავს არ გვიამბობს ერთს და ორს საგანს მაინც დაგვიხატამს. მართლაც ამ სტატიაში არის აღწერილი წმინდა ნინოს ეკკლესია.

— დიაღ, ჩემო სფირიდონ, ძველად ვყოფილვარ მე მაგ ეკლესიაში, და თუმცა ბევრი აღარ მახსომს რა, მაგრამ ეს კი გონებაში, რომ სიღნაღის მახლობლად არის ის ეკკლესია. და წაიკითხეთ სასიამოვნოა ჩემთვისა: ეგ ჩემ სიყმაწვილეს მამგონებს. ეჰ, ის დრო სჯობდა, როცა ყმაწვილი ბიჭი ვიყავი, გული მერჩოდა, თოფ-იარაღს ვეწყობოდი, კახეთსაც მოვირბენდი ხოლმე და სომხეთსაცა; ეხლა, რაღა ვართ? სხვას უნდა ვკითხამდე კახეთის ამბავსა!..

— აი, მოიხსენეთ მგზავრი რას გვეუბნება: „სიღნაღიდგან სამ ვერსტზედ, მარჯვნივ მხრივ[1], საიდგანაც იწყობა სამძღვარი ქიზიყისა, არის მონასტერი აღშენებული წ. ნინოს სახელზედ. ამავე მონასტერში დაფლულია გვამი ქართველთ-განმანათლებელისა — ვიდრე მივა მგზავრი და მიაღწევს მონასტრამდინ გზა არის აღმართ-დაღმართიანი, ცალ მხარეს ხეობა და გადასახედი, რომელით დაჰყურებს ვრცელს მინდორსა“ (რომელ მინდორსა? დავიჯერო სახელი არა ჰქვიან რა). შემდგომ მოგახსენოთ: ავტორი მისულა ახლოსა და უნახამს მარჯვნივ და მარცხვნივ სახლები, ერთს მხარეს ორ ეტაჟიანები, რომელნიც აუშენებია ბოდბელსა; სხვა და სხვა ჩინურის ქვებით ყოფილა შეკრული ეკკლესიის კარების თაღი, ზედა-წარწერეებითა და სხვანი. ერთის სიტყვით თავიდგან ბოლომდინ, რომ წაიკითხო. ეს აღწერილება თვითან წმ. ნინოს ეკკლესიისას ვერაფერს გაიგებთ. აქ უფრო დაწვრილებით არის აღწერილი ბოდბელის აშენებული სახლები, თვითონ ბოდბელის ღვინის-სმა, სტუმრების მოწვევა და სხვანნი, რომელნიცა მეორე პლანზე უნდა იყვეს მოხსენებული ე. ი. პირველად უნდა დაწვრილებით აეწერა თვითონ ეკკლესია და შემდგომ სხვათა შორის ეკლესიის ეზოში მყოფი სახლებიცა. ამ აღწერით ვერ წარმოიდგენთ, ვერც ადგილის მდებიარებასა, მაღლობზედ არის თუ ხევში წმინდა ნინოს ეკლესია; ახალია თუ ძველი, დანგრეულია თუ მთელი; როდის არის აშენებული, რა ნაირი გარეგანი შეხედულობა აქვს, გუმბათი აქვს ერთი თუ ორი, თუ სულ არა აქვს; რამდენი რამ არის შესანიშნავი უწინდელს შენობაებში გარედგანა და შიგნიდგანა. მგზავრი, რომ ჩინურის ქვებსა და კენჭებს დაუწყებს შინჯვას მაშინ დიდსა და უშველებელ შენობას ვეღარ დაინახამს. არა, არ შეიძლება, ასე მსუბუქად გაშინჯვა იმისთანა ეკკლესიისა, როგორიც არის წმინდა ნინოს მონასტერი; როგორც მოგახსენეთ სტუმრებზედა და მეღვინეებზე უფრო დაწვრილებითა სწერს, რომელიცა განსაკუთრებით შესანიშნავს არაფერს წარმოგვიდგენს, ვიდრე თვითონ ეკკლესიაზე, რომელიცა არის სახსოვარი ნიშანი, წინდი ჩვენი წინაპართა ქრისტიანობის რჯულის სიმტკიცისა და გულ-მხურვალედ ღვთისმოყვარებისა. ახლა უნდა მოგახსენოთ, ჩემო თადეოზ, კილო წერისა; აბა რომელი ქართველი კაცი ილაპარაკეს ამბავს ასე:„…….. მეორეს მხრივ სვეტზედ, მარჯვნივ მხარეს იხილავთ თვითონ უკანასკნელ ბოდბელს, მონაზონის ტანისამოსით, რომელსაცა მხურვალედ გაუპყრია ხელი ზენათ, და რომელის წინ საფლავია, თავის სიცოცხლისვე დროს დაუხატვინებია. ამავე მხრის მეორეს მხრივ დახატულია სრულის მღვდელმთავრის შესამოსელით, ცალ მხარეს უპყრიეს სანთლები, ხოლო მეორე მხარეს ჯვარი“. ეს მთელი სტატია სულ ამ კილოზე არის დაწერილი, და ამ ერთი მაგალითით შეგიძლიანთ გასაჯოთ მთელი თხზულება. ამ სტატიაში ერთ ადგილას არის მოხსენებული სასწავლებელი წმინდა ნინოს მონასტრისა, სადაც შეუსრულებიათ სწავლა ზოგიერთს ყმაწვილ ხალხსა, რომელნიცა ქართული ენის მაღალი ფოლოსოფიის მცოდნეთა შორის ირიცხებიანო. არ იქმნება ურიგო, რომ ავტორმა გამოგვიცხადოს სახელები იმ ფილოსოფოსებისა, რომელზედაც ამბობს, ან საიდგან გაიგო, რომა ფილოსოფოსები გვყოლია და ჩვენ კი აქამომდისინ ვერა გავიგეთ რა ან რა საკვირველია, რომ ვერ გავიგოთ, ასე იშვიათად სწერენ ხოლმე უწინდელ ამბავსა. გადმოვშალოთ კიდვვ რამდენიმე ფურცელი, აქა ვნახამთ სტატიასა: „პირუტყვთ მოშენება“, იოსებ მამაცაშვილისა. რა უნდა მოგახსენოთ ამ სტატიისა ? მე არ გახლავარ აგრონომი, რომ შევნიშნო რამე. მხოლოდ ამას მოგახსენებთ, რომა ამ გვარი სტატია სჯობს ცალკე იბეჭდებოდეს და თუ ცალკე არ შეიძლება ჟურნალის ბოლოში მაინცა, როგორათაც დამატება და მგონია მაშინაცა და ეხლაცა ეს სტატია დარჩეს ისევ ისე ქაღალდზე, როგორც არის დაწერილი და ამას საქმეში ვერავინ გამოიყენებს; აბა ვინ არის ისეთი სახლ-კარის მმართავი საქართველოში, რომ ასე დაწვრილებით გამოუდგეს სქონლის მოშენებასა, მაშასადამე წაიკითხვენ, დაჰკეცენ და დასდებენ ყუთის თავზე. ამ სტატიის დაწვრილებით გაჩხრეკა მივანდოთ აგრანომებსა, რომელნიც სახლოსნობის სწავლაში არიან აღზრდილნი. მხოლოდ ამას კი მოგახსენებთ, ჩემო თადეოზ, რომა საქართველოში აქამომდისინაც პირუტყვის მოშენება მდაბალი ხალხის ხელში არის, რომელნიცა ჟურნალსა და წიგნებს არავინ მათგანი არა კითხულობს და თუ გინდ რომ ცოტაოდენად კითხულობდნენ მაინცა ამ სტატიიდგანაც ბევრს ვერაფერს მიხვდებიან. ჩვენმა გლეხ-კაცმა რომ გაიგონოს „პოხიერება“, „უკვე“, „დაცულ-იქმნას“, „ვითარცა“ და „რათამცა“ და სხ. ვეღარც კი გაბედავს წიგნში ჩახედვასა.

— ეჰ, ეგ ძალიან გაჭიანურე, სფირიდონ, როგორღაცა.

— ერთი სტატია კიდევ დაგვრჩა: „აზრი აღზრდასა ზედა ყმათათა დასავლეთის ევროპიაში“, ალექსანდრე ზაქარიას ძე სულხანოვისა“, ეს სტატია არის კარგს საგანზე დაწერილი. მოზარდი ხალხი ჩვენში მრავალი გახლავსთ; და ვინც კი მოგვცემს დარიგებასა, როგორ უნდა აღვზარდოთ, რა უნდა ჩავაგონოთ ჩჩვილ ბავშვს, რომელ გზაზე უნდა დავაყენოთ, ვიდრე დაიწყებდეს სასწავლებლებში სიარულსა, ამისათვის ყოველთვის მადლობას განუცხადებთ დამრიგებელსა. მაგრამ რა უნდა ვსთქვათ ამ სტატიაზე, ვინ იქნება ისეთი, რომა გულგრილად წაიკითხოს ეს სტატია, ამ საშინელი ძველი კილოთი დაწერილი, სრულიად მოაწყენს კაცსა, კითხვასა. საშინელი ქართული ენა არის, იშვიათად შეგხვდებათ ამ ნაირი სტატია. წარმოიდგინეთ, ჩემო თადეოს, რომ თქვენთან შამოვიდა თქვენი მეგობარი ელიზბარი, და თქვენ მოიკითხეთ; თქვენი მოკითხვის პასუხად რომ დაგიწყოთ ლაპარაკი ასე: უკეთუ გწადდესთ ცნობაჲ ჩემისა გარემოებისა, მიეცით თავსა თქვენსა ნებაჲ და მოაქციეთ ჩემსკენ ყურადღება თქვენი, რათა ისმინოთ ამბავი უბადრუკებისა ჩემისა: ვიდოდი ბულვარსა ზედან სასეირნოდ, რათა განმექარვებინა კაეშანი გულისა ჩემისა; მუნ დავჰყავ ხანი მრავალი და შემდგომ მომევლინეს ფიქრნი უკვე ნახვის თქვენისა და მოვიქეც თქვენდა სამბის საცნობლათ; ჟამსა მას ოდესცა ვიდოდი ქუჩასა შინა, რომელ აწ თქვენი ქვემორე მდებარე არს და მისს ბნელისა ღამისა გამო ვერ ვიხილე ქვა იგი წინაშე ჩემსა მდებარე და მუნ წავენთხიე ქვასა მას დიდსა, დავეც, და მიიქცა გონებაი ჩემი ამიერიდგან იმიერ და შევიქმენ უგრძნობელ; ჟამსა ამასა შინა მომევლინეს ქურდ ავაზაკნი და მიიზიდნეს ყოველნი ნივთნი რაჲცა მქონდა მუნ: ვითარ არიან საათი, ქისა ფულით-თურთ“ და სხვანი. ან ვსთქვათ თვითონ ამ სტატიის ავტორმა გვიამბოს ამბავი დასავლეთის ევროპიისა ასე: „მივსცემ თავსა ჩემსა ნებასა, შესახებელად ამ საგანსა, წარმოვსთქვა ჩემნი შენიშვნანი . . . . . . . .“ აბა რასა ბრძანებთ, ჩემო თადეოზ, როგორ მოგწონთ ეს საუბარი? თუ ამაში მე შემცდარი ვიყვე და თქვენი მოსაწონი იყვეს ეს საუბარი ნუ მამექცევით პირ-ფერობითა, მიბრძანეთ, დამიმტკიცეთ რომა ეს კარგი კილოა და არა ცუდი მაშინ მე სრულიად თანახმა შევიქმნები თქვენი ბრძანებისა, და არც საწყენად მივიღებ. თუ არა და ის მაინც მიჩვენეთ, რა იქნა ის ჩინებულად შემაქცევარი ქართული ენა, ის ჩვენებური ტკბილი ჟღურტული; ის ხმები, რომ იციან ხოლმე ქართველებმა ისე კარგად მოწყობილი, ის ხუმრობა გაუწყვეტელი, როდესაც დასხდებიან ხოლმე მოცლით; სად არის? რათ იხლართება აზრი საშინლად ასე ქაღალდზედა, რომა თვითონ დამწერსაც ძლივსღა ესმის თავისი დაწერილი? დავიჯერო ამ ენით ვლაპარაკობთ? წაიკითხეთ, თუ ღმერთი გწამსთ, ეს სტატია და გამამტყუნეთ თუ შემცდარი ვარ. ჩავიკითხოთ კიდევ ცოტაოდენი ეს სტატია და ვნახამთ ჩინებულს აზრსა: „ერთმა ვინმე ფრიად კეთილად განსაზღვრა აწინდელ ჟამის ყრმათა აღზრდა ხსენებულ ევროპიაში: მან დაარქვა მას საიდუმლო სწავლა, რომელსაცა აქვს აზრი, რათა მისცეს სრულობა ზემო პირსა და მით ადვილად დაჰფაროს ნაკლებულობა შიგნითი პირისა“. ე.ი. როგორც მესმის ისე მოგახსენებთ: მითამ ისე ზდიანო, რომა ყმაწვილს ჰქონდეს გული გველისა და ზეიდგან ეცვას ტყავი ცხვრისა.

— ეგ ხომ ფარისევლებზედ არის ნათქვამი, სფირიდონ?

— მეც აგრე მგონია. მრავალი თხზულებაა სხვა და სხვა ენაზედ დაწერილი ბავშვის აღზრდაზედა ვრცლად და კარგის დარიგებითა; და იმათი გადმოღება ქართულად დიდი სასარგებლო იქმნება თუ ვინმე მიყოფს ხელსა.

— რა ჰქენი, სფირიდონ, გაათავე?

— დიაღ, გავათავე, მგონია გეძინებათ?

— დრო არარის თუ?

— ზოგი სხუმის იყოს. ღამე მშვიდობისა.

სფრიდონ ჩიტორელიძე.

_____________

1საიდგან უყურებდა!

4 მოკლე განხილვა სომხური ენის წარმატებისა უკანასკნელ დროს

▲ზევით დაბრუნება


მოკლე განხილვა სომხური ენის წარმატებისა უკანასკნელ დროს [1]

ეხლანდელ დროს, თითქმის, მთელი დედამიწის ზურგი არის მოფენილი სომხებით. ვერ დაასახელებს კაცი ვერც ერთ გამოჩენილ სახელმწიფოს ანუ ქალაქს, რომელშიაც არა სცხოვრებდეს ჰაოსის შთამომავალი. ევროპას, აფრიკას და ამერიკას იმ გვარათვე შეუთვისდება სომეხი, როგორათაც თავის სამშობლო აზიას. არცერთი გამოჩენილი ენა არ არის, რომელზედაც არა ლაპარაკობდეს სომეხი. ამათგან დიდ წილს დაუტოვებია მამაპაპის ტანთ-საცმო, თითქმის სრულებით დავიწყებია თავის წინაპართა ადათი, წესი, ისტორია და თვით ნაწილიც ხმელეთისა, რომელზედაც სცხოვრებდა ჰაოსი; მაგრამ საკუთარი ენა, ეს თესლი, რომელიც აღმოაცენებს იმ დაკარგულს წესსაც, ადათსაც და მთელს წასულ ცხოვრებას, — ახსოვს სომეხსა. მამა-პაპისაგან დარჩომია მას მხოლოდ ეს ერთი განძი, უძვირფასესი, რომელითაც მოსწონს სომეხს თავისი თავი. ბევრი ხალხი ყოფილა, როგორათაც სომხების თანა მედროენი, ეგრეთვე იმათ შემდეგ, რომელთა ისტორიული ცხოვრება უფრო ვრცელი და შესანიშნავია სომხების ცხოვრებაზედ და რომელნიც ჟამთა ვითარებით წასულან და იმათი სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ამოფხვრილა ყოველი თვით ენაც და ცარიელი სახელის მეტი არა დაუტოვებიათ რა; მაგრამ რვაას წელიწადზედ მეტია რაც ნამდვილი სომხეთი დაეცა და იმისმა შვილებმა დაიცვეს მტკიცედ თავიანთი ენა, თუმცა დიდი შეჭირვებით კი, — და უკანასკნელ დროს მისცეს იმ წარმატებას, რომელიც ჯერეთ არ გამოეცადნა. სომეხს უყვარს თავისი ენა და ცდილობს, რომ ყოველი ღონის-ძიებით შეამკოს ეს სასურველი საგანი თავისი სასოებისა; ამისათვის გონებს, რომ სომხური ენა არის პირველი ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ წარღვნის წინად. ამის დასამტკიცებლად მოგვიტანს ფაქტებს, რომელთა სისუსტეს თვითონვე გრძნობს, მაგრამ მაინც გული არ აძლევს ამ ტკბილი და მომხიბლავ ჰაზრის უარის ყოფას. ის შესცდება, ვინც ამ უსაფუძვლო სომხების ძიებას მიაწერს მხოლოდ იმათ ბრმა თავის მოყვარეობას; მომატებული ნაწილი უფრო მიეწერება იმ ღრმა სიყვარულს, რომელსაცა ჰგრძნობს სომეხი თავის ენისადმი. ესეა საზოგადო კანონი კაცის ბუნებისა: თავის სიყვარულის საგანს მიაწერს იმ ღირსებას, რომელიც არ იპოება თვით საგანში. ამავე სიყვარულზედ არის დაფუძნებული იმედი, რომელიც ძველადვე გულში ჩაინერგეს გაძევებულ ჰაოსიანთ თავიანთი მამულის აღდგენისა. დიდი სულგრძელებით და მოთმინებით გამოატარეს სომხებმა ეს იმედი აუარებელ ჭირთა და წელთა შორის და აჰა მოახლოებულა საათი, როდესაც მიიღებენ სომხები ჯილდოს ამ სამაგალითო ერთ გულოებისა და სიმტკიცისათვის!

რა საკვირველია ძალიან სასარგებლო და გამართობელი იქმნებოდა სრული მოთხრობა საშუალისა, რომელსაც ხმარობდნენ ჰაოსიანნი ენის დასაცველად, მეტადრე მისთვის რომ ისინი ჩვენი განაყოფები არიან; მაგრამ აღვიარებ ჩემ სისუსტეს ამ გვარი შრომისათვის. მე მხოლოდ მოგითხრობთ მეხითარიდგან ჩვენ დრომდე ამასაც მოკლედ და ისე, როგორც შემიძლიან და არა ისე, როგორც შეეფერება ჩვენ განათლებულ დროებს; ერთი სტყვით, მკითხველს დაუხვდები იმითი, რაც მაბადია: ხახვი და პური, კარგი გულიო, იტყვის ქართული ანდაზა. ამისთვის ჩემ სტატიაში სწავლული არა იქმნება რა.

ქრისტეს შემდეგ, მეხუთე საუკუნიდგან მოკიდებული მეთერთმეტე საუკუნემდინ სომხის სამეფო ვაივაგლახითა სცხოვრებდა; ამ დროს, მრავალი გზით მოოხრებული და მომწვარი, ხან დაეცემოდა და ხან აღზდგებოდა. სომხეთის უბედურება წარმოსდგებოდა იმისი გეოგრაფიული თვისებისა და მდებარეობისაგან: სომხეთის მიწა იყო. დაყოფილი მთებით, რომელთა შორისაც ხევებში სცხოვრებდნენ ნახარარები-ერისთავები. ხალხს, ნახარარების ხელქვეშ მყოფს და ბუნებისგან ერთი მეორედგან გაშორებულს, ჟამთავითარებით მოეპოვა სხვა და სხვა თვისება; ამისათვის მათში არ იყო ერთობა და ყოველი ნახარარი თავის მიწაში მეფის ძალას მოიხმარებდა და მეფეს ემორჩილებოდა სიტყვით. ამასთან აღმოსავლეთით სპარსეთი არ აძლევდა მოსვენებას და დასავლეთით საბერძნეთი. სპარსთა და ბერძნების შორის არასდროს არა დაცხრომილა მძლავრობა. როდესაც ბერძნები გაილაშქრებდნენ სპარსეთზედ, შემოვიდოდნენ სომხის სამზღვარში და სწეწდნენ და ჰფხრეწდენ საწყალ სომხეთს; ეგრეთვე სპარსნი. ერთი სიტყვით ეს ორი ძლიერი სახელმწიფო ბურთივით ათამაშებდა სომხეთს აისაც უნდა გაიგოს თუ სპარსეთის ხმალი როდის მიეცემოდა წარმატებას ბერძნების ხმალზედ ანუ ბერძნებისა სპარსებისაზედ, იმან ვიღოს სომხეთის ისტორია და აქედგან დიას ცხადათ შეიგნებს ამ საქმეს: ბერძნების გამარჯვების დროს სომხების ტახტზედ უნდა დამჯდარიყო ბერძნების მომხრე, წინააღმდეგ შემთხვევაში სპარსებისა. და ესე, ამ გვარათ, ამ ორკედელშუა, სომხეთი ხან ერთს შეეჯახებოდა და ხან მეორეს: ამაშ შესდგება მთელი ჰაოსიანთ ისტორიის ხასიათი მეთერთმეტე სუკუნემდის. მეთერთმეტე საუკუნეს, 1045 წელს[2], მოსწყდა უკანასკნელი სახელიც სომხების ხელმწიფობის, როდესაც მათმა ბოლონდელმა მეფემ, გაგიკ III მიტყუებულმა კოსტანდინეპოლს კონსტანტინე მონომახისაგან, ძალდატანებით დაუტევა თავის სამეფო. ბერძნებს. ამ შემთხვევის შემდეგ დაიფანტნენ სომხები. ზოგი მათგანი გაემგზავრა საბერძნეთისაკენ, ყირიმის, იტალიისა და სხვა ევროპისა და აზიის მიწებისაკენ. ემიგრაცია, სწორე ითქვას, ახალი ამბავი არ იყო სომხებისათვისა: ისინი მეოთხე, ანუ მეხუთე, საუკუნიდგანვე შესჩვეოდნენ ამ საქმეს; მაგრამ მიზეზი, რომლითაც თავს ანებებდა სომეხი თავის მამულს, სხვა იყო: ტყვეობა, ვაჭრობა, სწავლის მოპოება და სხ. ამგვარი. ეხლაკი მამულში ცხოვრება საკანონო იყო სომხისათვის: კერა, კარის დირე, სახლის კედლები. ქვეშსაგები და სხ. ჰქონდა მოსვრილი ან თავისი მამისა, დედისა, ძმისა, შვილისა, ცოლით და სხ. სადაც მიეხედნა ერთი და იმავე საძრწუნავ სანახავებს ხედვიდა; ყოველ წამს მოლოდინში იყო, რომ ან მარჯვნით და ან მარცხნით დაეცემოდა რომელიმე მოსისხლე მეზობელი და თუ არ მოკლავდა, აკლებით სრულებით აიკლებდა. ეს მყოფობა უფრო გაჭირდა, როდესაც ზევით თქმულს. მათ მტრებს დაემატნენ არაბები და ბოლოს თურქნი: რაც ბერძნებს და სპარსელებს დაეკლოთ ჰაოსიანთთვის ამათ შეუსრულეს. ამ გვარი მყოფობა ვერ იყო გასაძლისი, ვერც სომხებმა აიტანეს და მიეცნენ ემიგრაციას. აქედან მოკიდებული ჩვენ დრომდინ ბევრი გარდასავალი გადახედიათ ჰაოსის შვილებს, მაგრამ ყოვლის ხსენება არ შეგვეფერება, თუმცა ძალიან გასართობელია, მაგ. კილიკიის სამეფო, გაძევებულ სომხებისაგან დაფუძნებული მეთერთმეტე საუკუნეში, პატარა სომხეთად წოდებული, რომელმაც სამას წელიწადზედ მეტი იცხოვრა; საკმაო იქნება ჩვენთვის ვსთქვათ, თუ რა და რა ალაგს იმყოფებიან ეხლა სომხები.

დიდი ნაწილი, მასა, სომხებისა სცხოვრებს ხონთქრის სამეფოში. ამათი რიცხვი, როგორც იტყვის შაჰნაზარიანი[3], არის 3,100,000 ამათგან მილლიონ ნახევარი სცხოვრებს არეზისა, ტიგრისა და ეფრატის ხეობაებში და მათ სათავეების შუა მდებარე ალაგზედ, ერთი სიტყვით, იმ მიწებზედ, რომელნიც ეკუთვნოდნენ დიდს სომხეთს; ერთი მილიონი სცხოვრებს პატარა სომხეთიში, კილიკიაში; 215,000 სახლობენ სტანბოლში და დანარჩომნი სირიისა, პალესტინისა და ეგვიპტის მიწებში. რუსის იმპერიაში სცხოვრებენ 500,000 გან ვიდრე 550,000 სამდისინ. ავსტრიის 25 ათასამდისინ ; სპარსეთში სახლობენ 150,000 და ინდოეოში 1500-სამდისინ, შაჰნაზარიანი ანბობს კიდევ იმავე წიგნში, ვითომ კავკასიის მთებში, ლეკებისა და ჩერქეზების მიწაში, 15 ათასი სომხები არიანო, მაგრამ ეს ფაქტი მე საეჭვოთ მიმაჩნია. მე მივლია თვითონ კავკასიის მთებში, მაგრამ სომხის საზოგადოება არსად მინახავს. მართალია იქ არიან სოფლები და საზოგადოებანი, რომელნიც თავიანთ ჩამომავლობას ჰგონებენ ქართველებისაგან, სომხებისა და თვით ფრანცუცებისაგანაც, მაგ. წოდახარი, ანუ ცუდახარი, რომელსაც თავისი თავი ქართველებისაგან გამოჰყავს, ქობაჩი — ფრანცუცებისაგან და სხ., მაგრამ როგორც წოდახარის ენას და სხვა ხალხის თვისებაებს არაფერი მგზავსება არა აქვსთ რა ქართველებთან, ეგრეთვე ქობაჩის ფრანცუცებთან. — ამ ანგარიშით სომხების რიცხვი მთელ ხმელეთზედ 4 მილიონამდისინ მოდის.

სომხების ენისა და ლიტერატურის გაფხიზლებას ისტორიკოსნი მიაწერენ მეოთხე საუკუნეს, როდესაც სომხეთი ქრისტეს რჯულით მოინათლა. მეხუთე საუკუნის დასაწყისს მესროფმა მოიგონა სომხური ასოები და ამითი მეტათ წარემართა სომხური ენა: — ეხლა შესაძლო იქმნა, აქამდისინ შეუძლებელი, გადმოთარგმნა დაბადებისა და სხვა სასულიერო წიგნებისა. ამავე მესროფმა, ისააკ პატრიარხისა და მეფე ვრამშაპუჰის შეწევნით, გახსნა მრავალ ქალაქებში და სოფლებში სასწავლებლები, საცა გაიწურთნებოდნენ ყმაწვილი კაცები. გათავების შემდეგ ამათგან ნიჭიერს გზავნიდნენ სწავლის შესასრულებლათ ათინას, ალექსანდრიას, რომს, კოსტანტინეპოლს და სხ. ეს ცდა იყო მიზეზით, რომ ამ საუკუნეში გამოვიდნენ იმთენი და იმისთანა მწერლები, რომელთაც ისე ასწია ეს სომხური ენა, რომ ამ საუკუნეს სომხები უწოდებენ თავიანთი მწერლობისა ოქროს დროთ. ამ მწერლებმა გადმონერგეს სომხეთს, თითქმის, მთელი ძველი კლასიკური მეცნიერება: მათემატიკა, ვარსკვლავთ მრიცხველობა, გეოგრაფია, ისტორია, აქიმობა, ღვთისმეტყველება, ფილოსოფია და სხ. ისტორიული ნაწილი სომხების მწიგნობრობის უფრო შესანიშნავია სხვა ხსენებულ მეცნიერების ნაწილებზედ. ყველაზედ გამოჩენილი მწერალი ამ დროებისა არის მოსე ხორენეცი, ეპისკოპოსი იეღიშე და ლაზარე პარპეცი. შემდეგ დროების მწერლებთა შორის მეთვრამეტე საუკუნემდისინ სომხები განსაკუთრებით პატივსა ჰსცემენ ოჰანეზ კათოლიკოზს, ნერსეს კლარეცის, გრიგოლ მაგისტროსს და სტეფანე ორბელიანს.

მეხუთე საუკუნეში წარიმართა სომხური ენა, მაგრამ ამ მყოფობაში დიდ ხანს არ დარჩომილა: როგორც აწევა, ეგრეთვე დაცემა მისი იყო სწრაფი. მეხუთე საუკუნის ბოლოდგან დაიწყო დევნულუება სომხების სამეფოზედ და სამეფოს უბედურება ენისათვისაც უბედურებათ იყო; ამისთვის რომ ერთი მეორეზედ არის დამოკიდებული: თუ რომელიმე ხალხის პოლიტიკური მყოფობა არ არის ბედნიერი, ძნელად შეიძლება, რომ მისი ენა და მწერლობა წარიმართოს და ვისაც უნდა ხალხის ენის სიკეთე, იმისი პოლიტიკური მყოფობა უნდა წარმართოს. ამ დროდან სომხურმა ენამ უკან დაიწია. მეთორმეტე საუკუნეს, როდესაც დასავლეთის ხალხმა დაიწყო ბრძოლა ქრისტეს საფლავისათვის, სომხების მსწავლულებმა ფრანგებს მიაქციეს ყურათ-ღება და ჰაისტანი ცოტათი დამშვიდდა. არ შეიძლებოდა, რომ ენასასც არ გამოეფხიზლა. ზოგმა ერთმა ამ დროინდელ მწერლებთაგანმა მოაგონეს მოსე ხორენეცის დრო, მგრამ ეს მოგონება იყო წამისა და მის შემდეგ სომხური ენა მიეცა ამ დავრდომილებას, რომელიც ჯერეთ არ გამოეცადინა.

აქამდისინ მასსა ისევ ემკვიდრა თავის მიწა-წყალზედ და, რასკვირველია, ცოტათი თუ ბევრად იცვავდა თვის ენას. ეხლა მასამ დაიწყო მოძრაობა და სომხურ ენას შემორევდა იმ ხალხის სიტყვებს, რომლის მიწაზედაც ემკვიდრებოდა. ამ ენის წამახდენელ მიზეზს დაერთვებოდა ისიც, რომ გადასვლ-გადმოსვლაში სომხურ ენაზედ წიგნის შოვნა ძნელდებოდა. იგნები სხვა ფრივაც დაცოტავებულიყო სპარსნი, არაბნი, თათარნი და თვით ბერძნებიც, როდესაც მოარბევდნენ სომხეთს და სადმე მოახელებდნენ სომხურ წიგნებს არ დაზოგავნენ და დასწვავდნენ. ამისათვის თვითონ სომხები მიწაში ჰფლავდნენ წერილებს, რომ დაეცვათ წაწყმენდისაგან. ამ მიზეზით ზნეობითი ცხოვრება სომხებისა, თითქმის, სრულებით დაიხშო და ენა მიეცა დიდს დავრდომილებას. ამისთანა დროს დაიბადა მხითარი, რომელსაც სომხები მეორე განმანათლებლათ[4] უწოდებენ, ამისათვის რომ გრიგოლ განმანათლებელმა შემოიტანა სომხეთში ქრისტეს სარწმუნოება, როდესაც სომხეთი ირიცხებოდა აზიის პირველ სამეფოებთან, . . . . . . . . . და მხითარმა მკვდარი სომხეთი აადგინა; ჩანერგა ჰაოსიანთ მთელი ევროპიის სწავლა და განათლება; ჩაჰბერა მათში სიტკბოება თავის-უფლებისა, რომელიც უკანასკნელ დროს კიდეც მიიღეს ოსმალოს სომხებმა. რასაკვირველია უქმი არ იქნება, რომ ამისთანა კაცის ცხოვრება მოკლეთ მაინც არი მოგითხრათ, მეტათ უფრო ამიტომ, რო მოთხრობა ამის ცხოვრებისა შეარდგენს ერთ ნაწილს სომხების განათლების ისტორისას.

მხითარი დაიბადა 1676 წელსა სებასტიას, რომელიც მდებარეობს მცირე სომხეთში. ამისი გვარი არ იყო გათქმული არც სიმდიდრით, არც ხარისხიანობით, მაგრამ იმის დედ-მამას კეთილი ყოფა-ქცევით შეეძინა საზოგადო პატივის-ცემა თავისი მემამულეთა. დასაწისი სწავლისა მიიღო თავის სამშობლო ქალაქში და წინა-მძღოლათ ჰყვანდა ორი დედათ-მონაზონი, რომელთა სახელსაც სიკვდილამდისინ მადრიელობით მოიხსენებდა. რა ხუთმეტი წლისა შესრულდა, მხითარი შევიდა მონოზნათ წმინდა ჯვრის მონასტერში, რომელიც მდებარეობდა სებასტიის სიახლოით. ეს სურვილი გაფხიზლდა მხითარში, როდესაც ის იყო ცხრა წლისა და არ დაცხრომილა კმაყოფილების მიღებამდისინ; ამ შემთხვევას მოიტანენ დასამტკიცებლად მხითარის მკვიდრი და მტკიცე ხასიათისას. მონასტერში მხითარი შეუდგა განსაკუთრებით წიგნების კითხვას და ერთი წლის განმავლობაში გადიკითხა, თითქმის, ყველა წერილი, რომელთა მოპოებაც იქ შესაძლო იყო. იმისი მხურვალე სურვილი სწავლისა ვერ აიტანდა უქმობას და ამისათვის უნდა მოეპოებინა ახალი წყარო, რომლითაც შესძლებოდა ღრმა შესვლა სწავლაში. ეჩმიაძინის ბიბლიოთეკა მაშინ, როგორათაც ეხლა, იყო გათქმული თავისი სიმდიდრით და, რა ეს მხითარს გაუხსენეს, მაშინვე იქითკენ გაემგზავრა. გზაზედ, არზრუმში მხითარს შეეყარა ერთი ფრანგების მისიონერი, რომელმაც ბევრი ახალი და გასართობელი საგანი შეატყობინა მხითარს და გაუშალა თვალწინ მთელი საკათოლიკო ქვეყანა. თექვსმეტი წლისა იყო მხითარი, რომ ეჩმიაძინს მოვიდა. აქ ბევრი ახალი სცნო, მაგრამ, კმაყოფილების მაგიერ, ამან უფრო გაუფიცხა სურვილი და ისევ დაბრუნდა თავის ქვეყანას.

ამ დროს მცირე აზიაში გამრავლებულიყვნენ იეზუიტები და ამათგანს ზოგიერთს მოხვდა მხითარი და განსაკუთრებით დაუახლოვდა ანტონი ვოვილლიერს, რომლის კეთილ-მოქმედება და ცოდნა აღმოსავლეთის ენებისა გათქმული იყო და რომლისაგანაც მიიღო მრავალი კეთილი სწავლა. მხითარი მეტათ სწუხდა, რა ხედვიდა ფრანგების განათლებას და თავისი მემამულეთ განათლების ნაკლებობას. ამ შემთხვევით მხითარს დაებადა ჰაზრი თავისი მემამულეთ განათლებისა და ეძებდა საშუალობასა. რასაკვირველია, სხვის განმანათლებელმა პირველათ უნდა თავისი თავი გაინათლოს. მხითარი ამას ჰგრძნობდა და უფრო გამხნევდებოდა თავის გასანათლებლად და შეუდგებოდა შრომას; მაგრამ ამ გვარ ჭირს სომხეთი ვერ გაჰკურნავდა: სომხეთის მეცნიერება არსებობდა მხითარში. –– ამისათვის 1695 წელს მხითარი გაემგზავრა საფრანგეთს, მაგრამ ერთმა უბედურმა სნეულებამ გზიდან დააბრუნა. ახლა დარჩა ერთი უკანასკნელი ნუგეში —იეზუიტებთან ერთობა. მხითარის თანა-მედროენი სომეხნი, როგორც ზევით გვიხსენებია, იყვნენ გაფანტულნი; დავიწყებოდათ თავიანთი ისტორია და ენა გაერყვნათ სხვა თესლის ხალხისა სიტყვების შემორევით; ამასთანვე ეს უბედურნი მისცემოდნენ პირუტყვებრივ მონობას ოსმალთა, ყიზილბაშთა და სხ. მხითარი იყო თავგაწირული პატრიოტი და, რა ხედვიდა ამ მყოფობას თავისი მემამულეთა, უფრო დაუმკვიდრებოდა კეთილ-შობილსა დ პატივსაცუმულ ჰაზრს-ჰაოსიანთ განათლებისას ე.ი. ნამდვილს ღონის-ძიებას, რომლითაც დაიხსნებოდა სომხეთი და რაც შეარდგენდა საკუთარ საგანს მხითარის ცხოვრებისას. მხოლოდ ერთი კაცის შრომა ვერ გამოიყვანს უმეცრების უფსკრულიდან მთელ ხალხს; ამისათვის მხითარი ეძებდა ამხანაკებს და ხელის აღმპერობელს ამ მძიმე და ტკბილი ტვირთისა და ესე უნდოდა შეერდგინა საზოგადოება. საზოგადოებას უპირატეს პირობათ უნდა დაედვა დატოვება დედისაც, მამისაც, ცოლისაც და შესდგომოდა მხითარის ჰაზრის ასრულებას. 1700-სინ მხითარმა სამი მოწაფის (обследовател) მეტი ვერ იშოვნა, რომელნიც თან გაიყოლა და ამ წელიწადს წავიდა კოსტანტინეპოლს. აქ იმან დაიწყო ქადაგება და გამოთქმა თავისი ჰაზრისა. მხითარის სახელი ისეც გავარდნილი იყო სასომხოში და, რა სტანბოლს მოვიდა, თავისი მშვენიერი სახით. წყნარი და კეთილ-შობილი ხასიათით, ჭკვიანი და ტკბილი ლაპარაკით პირველად მრავალი მოყვარე იშოვნა: ხალხი ჯგუბ-ჯგუბათ უკან დაედევნებოდა და მაღალი სასოებით მოისმენდა იმის ქადაგებას. მაგრამ მოშურნეთაც ჩქარა თავი აიწიეს და, რა შეტყვეს კათოლიკების მოძღვრებთან ერთობა, გააღვიძეს სომხობაში საშინელი ფანატიზმობა და უწყეს მხითარს სასტიკი დევნა. ფრანციის, კოსტანტინეპოლს მჯდომარე, ელჩს რომ მფარველობა არ გამოეჩინა და არ დაემალა ხითარი, უეჭველათ მხითარს თავს მოსჭრიდნენ[5] რამდენიმე ხნის შემდეგ ვაჭრული ტანთ-საცმოთი მხითარი გაიპარა სმირნას და თან გაჰყვნენ თექვსმეტნი მოწაფენი, რომელნიც მოეპოვებინა სტანბოლს და რომელთაც, რა სცნეს მხითარის აზრი, შეუდგნენ მის ასრულებას და წინა-მძღვრის სახელით სახელ იდვეს მხითარისტებათ, არც სმირნას მოასვენეს: ხონთქრის ბძანებით ძალდატანებული მხითარი 1702 წელს ჩაჯდა ვენეციის ხომალდში და გაიქცა მორეიას, რომელიც ამ დროს ვენეციის უფლების ქვეშ იმყოფებოდა და საცა შეიყარნენ იმისი მოწაფეებიც. შემდეგ წელიწადს ვენეციის მართებლობამ აჩუქა მხითარის საზოგადოებას ერთი სოფელი და სხვა მიწები მოდონის ქალაქის ახლო, საცა მხითარმა ააგო ეკლესია და მონასტერი და დაუმკვიდრა. აქ დაედო დასაწისი სისრულეში მოყვანას მხითარის გულითად სურვილს ე.ი. სომხების განათლებას და ამ განათლებით იმათი მონებიდგან დახსნას. ამ დროს მხითარი გადავიდა კათოლიკების სარწმუნოებაზედ. ბევრი სხვა და სხვა ჰაზრია ამ შემთხვევაზედ, რომელთა მოტანაც ჩვენთვის საჭირო არ არის; საკმაოა საცოდნელად, რომ ამ დროდან მხითარმა თავისი მოწიფეებით დაუტევა სომხის სარწმუნოება და მიიღო ფრანგებისა. თორმეტ წელიწადს უკან ხონთქრის ჯარი დაეცა მორეიას და დაიმონავა. ამისათვის მხათრისტები გაიქცნენ ვენეციას და ორ წელიწადს შემდეგ ვენეციის მართებლობამ აჩუქა იმათ წმინდა ლაზარეს კუნძული რომელიც ვენეციის ქალაქიდგან არის მოშორებული ნახევარ საათის გზით. აქ ხელმეორედ ააშენა მხითარმა მონასტერი და ეკკლესია და დაემკვიდრა 1717 წელსა, საცა მეხითარისტები აქამდისინ იმყოფებიან.

მხითარისაგან შერდგენილი საზოგადოება არ იყო მგზავსი იმ მონაზონებისა, რომელნიც დროებას ძილსა, ჭამა-სმაში, უქმობაში და ლოცვაში ატარებენ. ყველა მოწაფეს მხითარმა ვალად დაადვა მთელი ცხოვრებისა სწავლაში და მეცნიერების შეძინებაში გატარება. ეს მონასტერი, რომელსაც ეხლა აკადემიათ უწოდებენ, მხითარმა გაყო ორ კოლეგიათ, — ერთი ნოვიციატებისათვის, მეორე პრაფესორებისათვის. პირველში ასწავლიან სომხურსა და ძველ ენებს (ბერძნულ და ლათინურს), სომხურსა და საზოგადო ისტორიას, გეოგრაფიას, რიტორიკას, კლასიკებსა და ლიტერატურას ძველთა და ახალი დროების ხალხისას; ეგრეთვე იტალიანურ ენას, არხიტეკტურას, მხატვრობას და რუკების ხაზვას. ყველა ამ საგნებისათვის სხვა და სხვა წინამძღოლი არის შერდგენილი სომხურ ენაზედ. მეორე კოლეგიაში, რომელშიაც გადადიან ნიჭიერნი პირველ კოლეგიაში გასწავლულნი ყმაწვილნი კაცნი, არის სამი კათედრა, რომელთა შორისაც უპირატესად ირიცხება მათემატიკური. ამ ნაწილში ასწავლიან არითმეტიკას, ალგებრას, გეომეტრიას, ფიზიკას, კოსმოგრაფიას, ტრიგონომეტრიას დ სხ. ყველა ამ სწავლათათვის არის დაბეჭდილი წინამძღოლი (руководство) სომხურ ენაზედა. ამ წინამძღოლებს გარდა, დროთი დროთ, სომხურ ენაზედ იბეჭდებიან სხვა და სხვა მათემატიკურნი თხზულებანი. მეორე, ფილოსოფის კათედრაზედ კითხულობენ ლოღიკას, მეტაფიზიკას, ითიკას და ფიზიკას. ფიზიკის მოსწავლეთათვის საზოგადოებასა აქვს ანგლიიდგან მოტანილი საუცხოვო ინსტრუმენტები. მათემატიკისა და ფილოსოფიის ნაწილზედ მოსწავლენი დარჩებიან ორ წელიწად ნახევარს. ამ ორი კათედრის გათავების შემდეგ მოსწავლენი შეუდგებიან ღვთის მეტყველების სწავლას, რომელზედაც უნდა ხუთი წელიწადი დაჰყონ.

მხითარისტების კანონით განსაკუთრებითი ყურათ-ღება მიექცევა სომხური ენისა და ისტორიის სწავლას; აგრეთვე იმათ მოძღვრების წერილებსა. ვინც გვარით სომეხი არ არის ამ საზოგადოებაში არ მიიღებენ. თუ ყმაწვილმა კაცმა პირველ კოლეგიაში გამოაჩინა ნიჭი და გათავების შემდეგ მოინდომა მეორე კოლეგიაში შესვლა და თუ ნიჭთან სწავლის ასატანი სხეულის სიმთელეცა აქვს, კენჭს უყრიან და მიიღებენ ამ მონასტრის მწევრი ან უნა იყოს ვართაპეტი (დოკტორი) ან ვარჟაპეტი უნცროსი მასწავლებელი).

ამავე მონასტერთან მხითარმა დააფუძნა სტანბა, რომელიც სჯობდა და სჯობს ყველა სომხურ სტანბებსა ბეჭდის სიმშვენით და გამორჩევით ნაბეჭდი წიგნებისა. სომხებს ამას წინათაც ჰქონდათ სტანბა, შემდეგაც ბევრი დააფუძნეს, მაგრამ ისინი კენტ-კუნტათ და რაც მოხვდებოდათ ჰბეჭვდნენ. მხოლოდ, რადგანაც მხითთარის აზრი იყო სომხური ენის გაწმენდა და მათი ზნეობის გაფხიზლება, ამისათვის იმან დაიწყო სომხური კლასიკების ბეჭვდა; შეარდგინა ორი ღრამმატიკა ერთი საერო და მეორე წიგნური ენისა[6] და ერთი დიდი ლექსიკონი, რომელიც შეიცავს წვრილი ასოებით დაბეჭვდილს 3000 გვერდს. ეს ლექსიკონი დაიბეჭდა 1749 წელსა და არის გაყოფილი ორ ნაწილათ, — პირველი შეიცავს წიგნის სიტყვებს, მეორე საკუთარ სახელებს, რომელნიც იპოებიან სამღთო და საერო წერილებში; ეგრეთვე უკანასკნელ ნაწილში ამ ლექსიკონისა არის ლექსიკონი საერო-მწიგნობრივი და მწიგნობრივ-საერო სიტყვებისა. მხითარის ლექსიკონის ღირსება არის დაუფასებელი. ამათ გარდა მხითარმა ბევრი სასარგებლო წიგნი შესთხზა და სთარგმნა, რომელთა ხსენებაც ძალიან გააგრძელებს ჩემ სიტყვას, ისეც გრძელს.

რადგანაც სხვა ენების სწავლით უფრო კარგათ შეიძლება ბუნებითი ენის შენება, ამისათვის მხითარმა როგორც თითონ ვალად იდვა, ეგრეთვე თავის მოწაფეებს ვალათ დაადვა სწავლა, ხსენებულ ვნებს გარდა, ფრანციცული ენისა, ანგლიურია, თურქულისა, სპარსულისა და არაბულისა; შემდეგ ამ ენებს რუსულიც დაემატა ამასთანვე, თითქმის, ყოველ წელიწადს, ეს აკადემია გზავნის თავის მწევრებს სომხეთს და საცა საჭიროა სომხური ხელ-ნაწერების მოსაპოებლად, რომელთაც მოტანის შემდეგ, ვენეციაში ბეჭვდენ.

ესე, ამგვარი ღონისძიებით ფიქრობდა მხითარი თავის სურვილის ასრულებას და ვგონებ, რომ ეს ღონის-ძიება იყოს ყველაზედ უჭეშმარიტესი. სამოცდა თოთხმეტი წლის მხითარი გარდაიცვალა 16 აპრილს 1747 წლისა.

დღითი დღე მხითარისტების აკადემია მიეცემოდა წარმატებას დ აყვავდებოდა. მხითარის მოწაფენი, აკადემიის კანონით და პატრიოტიკული გრძნობით, გულს მოდგინეთ შეუდგებოდნენ შრომას და მოჰყვანდათ სისრულეში მათი მარად საგონებელი წინამძღვრის დანაპირი. შეარდგინეს და დაბეჭდეს ლექსიკონები და ღრამმატიკები ზევით ნათქვამი ენებისა და ამითი გააადვილეს სომხისათვის სხვა ენების სწავლა. ბევრი ამ ენების ლექსიკონები სხვა და სხვა ავტორებისაგან სხვა და სხვა ფრივ არის შურდგენილი. დაიწყეს თარგმნა სომხურ ენაზედ ახალ და ძველ გამოჩენილი კლასიკური წიგნებისა. ამ წიგნების შორის როგორათაც ყურად-ღება იყო მიქცეული ისტორიულ, ღვთის-მეტყველებითი და მსუბუქ წასაკითხავ, ეგრეთვე ყველა ნაწილი სამეცნიერო წიგნებზედ. თარგმანს გარდა მხითარისტებში გამოჩნდნენ მრავალნი თავით თვისით მთხზველნი, რომელთა შორისაც დიდი სახელის მოპოებით სახსენებელნი არიან მიხეილ ჩამჩიანი, ინჯინჯიანი და ორნი ძმანი ავერიანნი.

მიხეილ ჩამჩიანი (სცხ. 1738 - 1825წ.) ნიჭით და ღრმა მეტნიერებით იყო სახელოვანთაგანი მხითარისტი ამან დასწერა სომხური ღრამმატიკა, სომხებისაგან დიდათ პატივცემული, ვრცელი სომხეთის ისტორია, რომელიც დაიწყობა სომხეთის დასაბამიდგან ვიდრე დაბეჭვდამდისინ ამ წიგნისა, 1784 წლამდისინ და შემოკლებული სომხეთისავე ისტორია, რომელიც 1811 წელს დაიბეჭდა. ამ ევროპაში გათქმული ისტორიკულ თხზულებიდგანა სჩანს, რომ ჩამჩიანს ძალიან ბევრი უმუშავნია, გაუსწავლია სომხური ისტორია ღრმათ და შეუკრებია ყოველი ფაქტი, რაცკი შესაძლო ყოფილა; მაგრამ მაინც ამ წიგნს არა აქვს საკუთარი ისტორიკული ღირსება დ ვერ ასრულებს იმ პირობას, რომელსაც მოსთხოვენ ეხლანდელ ისტორიკოსს. ზოგიერთი ამ წიგნში მოთხრობილი შემთხვევა არის შემცდარი და ხან თვით ჩამჩიანი განგებ ცდილობს ჭეშმარიტების დიფრვას. ჩამჩიანის ისტორია არის დაწერილი მშვენიერს და წმინდა სომხურ ენაზედ და იმისი ღირსება სომხურ სიტყვიერებაში არის ისეთი, როგორათაც კარამზინისა რუსულში. ამ წიგნით ჩამჩიანმა შეაყვარა სომხებს თავიანთი წიგნების კითხვა და ამითი ენა გამართა.

ლუკა ინჯინჯიანმა დასწერა უწინდელი სომხეთის აღწერა, რომელმაც მოიპოვა ევროპაში დიდი სახელი და რომელიც არის სასარგებლო არათუ მარტო სომხების სიტყვიერებისათვის, არამედ მთელი ქვეყნის განათლებისათვის. მრავალ წელიწადს შრომობდა ეს ამ წიგნისათვის; ეგრეთვე საზოგადო ისტორია მეთვრამეტე საუკუნისა, რომელიც რვა ტომისაგან შესდგება და სხვა მრავალი სასარგებლო წიგნი.

უფროს ძმას ვარდანეს ავკერიანს (1720 — 1810) თავისით არა შეუთხზავს და იყო მთარგმნელი[7] (მაგრამ მშვენივრად იცოდა სომხური ენა და თავისი ნათარგმნი წიგნებით გამოაჩინა გასაცვიფრებელი სიმდიდრე და სიმარჯვე ამ ენისა. ამას უთარგმნია შემდეგი წიგნები: ორი პირველი ტომი კალმეტის საზოგადო ისტორიისა, ფილასოფია ფრანციცულს ღვთის მეტყველი ანტონ გოდენისა, როლლენის რომის ისტორია, ზნეობითი ფილოსოფია ემმანუელ ტემევრისა და სხ.

უნცროსმა ავკერიანმა შეარდგინა, სხვათა თანაშემწეობით და გამოსცა 1837 წელსა ვენეციას ახალი ლექსიკონი ძველი სომხური ენისა, რომელიც შეარდგენს ორ დიდრონ ტომს. ეს ლექსიკონი არის დიახ საჩინო და სასარგებლო და, როგორც იტყვის ნაზარიანი[8], არ არის ამის შესადარი ლექსიკონი მთელს ევროპაში.

ამ გვარი და ამდენი სიკეთე შესწიეს სომხების სიტყვიერებას და მათ განათლებას კათოლიკებმა, რადგანაც მხითარისტები და თვით მხითარი ეკუთვნოდა კათოლიკების ეკლესიას — ფრანგების ეკლესიას. იქნება ზოგი ერთი პირველი შეხედვით ამ შემთხვევას გაუკვირდეს, მაგრამ აქ საკვირველი არა არის რა. მართალია მხითარმა დაუტევა სომხის ეკლესია, მაგრამ სომხის ბუნება კი შერჩა. ეკლესიის დატოებით არ შეიძლება გამოცვლა კაცის ბუნებისა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . მაგალითებრ, ყიზილბაშმა, რომ ქართვლის რჯული მიიღოს, ის მითი როდი გაქართველდება. მართალია ქართველთან ეკლესიაში დაიწყებს სიარულს, მაგრამ მეზობლობა, მეგობრობა და თვისება ყიზილბაშებთანვე ექნება; ამისათვის რომ იმან მხოლოთ მეათედი ნაწილი ქართვლისა მიიღო და დანარჩომი ცხრაკი ისევ ყიზილბაშისა დარჩა. ესევე არის მიზეზად, რომ ორი სახელმწიფო, ანუ ხალხი, ერთი და იმავე რჯულის მექონი ბევრჯელ შიბმიან და სისხლის ღვრასა, ვაი ვაგლახსა და ერთმანეთის დამხობაში ატარებენ დროებას; სხვა ჯერ სხვა-და სხვა ეკლესიის მექონენი ერთობასა და სიტკბოებაში არიან. მაგალითებრ მანამ ანგლიელებს დ ფრანცუცებს ერთი და იგივე კათოლიკეს რჯული ჰქონდათ, როგორც ძაღლი დ კატა, ერთმანეთს ვერ შეუთვისდებოდნენ და იყვნენ სისხლის ღვრაში და ერთი მეორის დამცირებაში. ამ დროს ანგლიელისათვის, რომ გეთქვა, — აი შე ფრანცუცოვო! – თავის მოსისხლეთ დაგსახმდა და ხანჯალს შემოგცემდა; ეგრეთვე ფრანცუცი. მაგრამ ეხლა, იმითი ეკლესიის განსხვავების შემდეგ, ის მძულვარებაც გაქრა მათში, ერთი ერთმანეთს დიდს პატივსა სცემენ, ბევრი ადათი და წესი ანგლიისა შემოდის ფრანციას, ფრანციის ანგლიას და დროებით ერთი ერთმანეთს სულ უახლოვდებიან და უთვისდებიან. ესე შორსაც რომ არ წავიდეთ თვით ჩვენი ცხოვრებაც ბევრ ამ გვარ მაგალითებს წარმოგვიდგენს. მართალია ბერძნებისაგან განათლებაც მივიღეთ, სამღვთო რჯულიც და ჩვენი ეკლესია იმათ ეკლესიას არასდროს არ გაყრია, მაგრამ ვინ არიცხავს, თუ ბერძნები რამთენჯერ დასცემიან ჩვენ სამეფოს, მოუწომთ, მოუოხრებიათ და უკანასკნელ დავრდომილებამდისინ მიუხწევინებიათ. არც ჩვენ დაგვიყრია იმათთვის სიკეთე და ბევრჯელ გვიდენია იმათი სისხლისა წყაროები, ამისათვის რომ ქართველი კაცი ზოგი ერთ შემთხვევაში ვალის გადახდას არ დაერიდება. ამ ზევით ნათქვამით სჩანს, რომ ერთი ეკლესია ვერ შეაერთებს ორ განსხვავებულ ხალხს.

მხითარის და იმის საზოგადოების ამ გვარმა შრომამ გამოაფხიზლა წასულს საუკუნეს სომხებში საზოგადო მოძრაობა სწავლისად და მრავალნი გარეშე პირნი მხითარის მიბაძვით შეუდგებოდნენ იმისავე გზას. ამ მიზეზით სომხების ბერებმა დააფუძნეს ლივანის მთაზედ ორი მონასტერი, რომელთაც უპირველეს პირობათ დაიდვეს სომხური ენის გავრცელება და ყმაწვილკაცების განათლება, და საცა ასწავლიან გიმნაზიის კურს სომხურ ენაზედ.

აქამდისინ კოსტანტინეპოლშიაც გაეხსნათ ბევრი სასაწავლებელი, მაგრამ ეხლა დაიწყეს უფრო ბევრის გახსნა, რომელთა შორისაც მეტათ გაითქვა კოლლეგია, ოჰანეზ ჯებალისაგან კუტაის გამართული 1770 წელს. ამ კოლეგიის შემწეობით სომხური წიგნის ენა ისეთ წარმატებას მიეცა, რომ არამც თუ კოლლეგიის მოწაფენი, თვით ანატოლელნი მდაბიონიც ამაზედ ლაპარაკობდნენ.

პარიჟშიაც ამ დროს იეზუიტებმა გააღეს ერთი ინსტიტუტი, საცა იწურთნებოდა თორმეტი სომხის ჭაბუკი მისიონერობისა და დილბანდობისათვის და საცა განსაკუთრებით ყურად ღება იყო მიქცეული სომხურ ენაზედ.

სომხის მოძრაობა განათლებისად არც ჩვენ საუკუნეში დაცხრა და ოთხა გამოჩენილი სასწავლებელი გაიღო ევროპაში, რომელთაგანაც პირველი არის ვენნას, მეორე მოსკოვს, მესამე ვენეციას და მეოთხე პარიჟს. პირველი ამათთაგანი არის ნაწილი მხითარის აკადემიისა და თვით მხითარისტებს დაუფუძნებიათ 1810 წელსა. ამ სასწავლებელში, როგორათაც პარიჟისა და ვენეციისაში, ასწავლიან გიმნაზიის კურსს სომხურ ენაზედ მოსკოვის სასწავლებელი არის დაფუძნებული 1815 წელს მდიდარი სომეხი ლაზარევისაგან, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი, ინსტიტუტად და ლიცეიათ. ლაზარევს ამ სასწავლებლისათვის შეუწირავს ორ მილლიონამდისინ თავისი საკუთარი ფული, მაგრამ მაგრერიგი პატრიოტიკული ნაყოფი არა გამოუღია რა; ამისათვის რომ იქ სწავლას ასწავლიან რუსულ ენაზედ და სომხურ ენას, აგრეთვე მათ ისტორიას და სხ. არა ყურადღებას არ მიაქცევენ, როგორც საზოგადოდ ყველა რუსულ სასწავლებლებში. ვენეციის ინსტიტუტი გაუხსნია ედუარდ რაფაელიანს, ინდოეთელ სომხის ვაჭარს, ოცდა ხუთი წელით ამას წინ, თავის ხარჯით და რომელსაც რაფაელიანის ინსტიტუტათ უწოდებენ. რაფაელიანის ინსტიტუტის დაფუძნების დროს გარდაიცვალა სამუელ მურადიანი, ინდოეთელივე ვაჭარი, რომელმაც დაუტევა დიდი ქონება და ანდერძით ისურვა, რომ სულ დატოვებული იმისი სიმდიდრე სასწავლებლის გახსნაზედ მოეხმარებინათ. პარიჟის კოლლეგია ამ ქონებით გააღეს და სახელი მურადიანისა უწოდეს.

ამ ცდითა და შრომით სომხური ენა მისცემია ამ სისრულეს და წინ წაწეულა, რომ, როგორც იტყვის ეჟენ ბორე და სხვა ამ ენის კარგად მცოდნენი, შეუძლიან გამოსთქვას თვით უმაღლესი და უღრმესი ჰაზრი ეხლანდელი ევროპიის განათლებისა. მხითარის დრომდის იმ მყოფობაში იყო სომხური ენა, როგორც ეხლა ქართული და რომელმა ქართველმაც კი იცის ერთი რომელიმე ევროპიის ენა და ქართული ენა შეუდარებია იმ ენისათვის, ის გაიგებს, თუ რეერთი უნდა ემუშავნა სომხურ ენას ამ მყოფობის მისახწევნელად – გამოთქმად ყველა ევროპიის განათლებული ჰაზრისა. მხოლოდ ეს კი უნდა ითქვას, რომ სომხური ენა მართალია ძალიან წარიმართა, გამრავლდნენ სტანბები, ჟურნალები და ლიტერატურა მათი გამდიდრდა, როგორც მსუბუქ საკითხავად, ეგრეთვე ყველა ნაწილი სამეცნიერო წიგნებით, მაგრამ მაინც ეს ენა დარჩა სწავლულების ენად და ხალხმა მაში აქამდისინ მაგრერიგი მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის მიზეზს კაცი ძალიან ადვილად მიხვდება. ხალხი მიაქცევს ყურადღებას მხოლოდ იმ საგანს, რომელიც შეეხება იმის სხეულს, რომელიც შეარდგენს იმის საყოველი დღეო, ანუ სამუდამო საჭიროებას, ერთი სიტყვით, რომლის უქონლობითაც ვერ შეუძლიან ცხოვრება. სომხისათვის აქამდისინ საკუთარი ენა მაგრერიგად საჭირო არ იყო; უამისოთაც დიახ ადვილად შეეძლო ცხოვრება. ხონთქრის სომხისათვის თურქული ენა უფრო საჭირო იყო, ვირემც სომხური; ეგრეთვე სპარსეთში მცხოვრებისათვის სპარსული და სხ., ამისათვის რომ თუ კაცი სხვა ხალხს ემონავება და სასამართლოებში დ საზოგადოებაში იმის ენას არ ახმარებენ, რასაკვირველია, თავის ენას დიდ საჭიროებას არ დასდებს და დროებით სულ გაეშორება. სომხები ამ მყოფობაში იყვნენ, თავიანთ ენას დიდ ყურად-ღებას ვერ მიაქცევდნენ და იმისთვის ეს ენა მარტო სწავლულებს დარჩომოდათ. სომხები კიდევ ბევრ სხვა ხალხზედ უფრო ბედნიერნი იყვნენ:-იმათი ეკლესია გაერჩეოდა ყველა სხვა ეკლესიას და იმისათვის ეკლესიაში უნდა სომხური ენა ეხმარებინათ; ეს იყო მიზეზი, რომ სომხებმა აქამდისინ დაიცვეს ენა. ვაი იქნებოდა სომხებზედ, თუ მათი ეკლესია განსხვავებული არ ყოფილიყო: ეკლესიიდანაც გამოაგდებდნენ იმათ ენას და ეხლა მთელს დედამიწის ზურგზედ ერთს სომეხსაც ვერ იპოვიდით და ჩვენი პატივცემულნი ჰაოსიანნი ლეტაში ჩაინთქებოდნენ. ეხლა სომხების მყოფობა გამოიცვალა და ეს ცვლილება ისეთი სასარგებლოა იმათი ენისათვის, რომ თვით მდაბიო ძალ-დატანებული იქმნება, რომ თავისი ენა კარგათ იცოდეს. ამ მყოფობის გამოცვლით სომხური ენა მოეხსნება სწავლულებს და გახდება საერო, როგორათაც მესროფის დროს. ვინც არ იცის თუ რაში შესდგება ეს ცვლილება სომხების მყოფობისა, ის ვერ გაიგებს წარმატებას უკანასკნელ დროს სომხური ენისას და რადგანაც ჩვენი სტატიის განწესება იმაში შესდგება, რომ გაცნობოთ ამ ენის წარმატება ჩვენ დროს, ამისათვის ზოგიერთ ალაგს გამოვკრეფავ იმ წიგნიდან, რომელიც შეიცავს პირობაებს სომხების მეფობის ცვლილებისას და ესე შეიგნებთ მათი ენის წარმატებას.

ხონთქრის სამეფოში, როგორც ზევით გვიხსენებია, სცხოვრებს სამ მილლიონ ასი ათასამდისინ სომეხი. ამათ დიდ ხანია რაც ჩაინერგეს ჰაზრი თავიანთი თავის უფლებისა. დიდი ცდა, შრომა და ვაი ვაგლახი დასდვეს ამ ტკბილი აზრის ასასრულებლად. ბოლოს, 1860 წელს, სულთანმა აბდულ-მეჯიდმა მისცა სომხებს კონსტიტუცია. ეს კონსტიტუცია შესდგება ას ორმოცდა ათი მუხლიდგან და ექვსი უფროსი პირობებთაგან და იყო დაბეჭდილი წასული წელიწადს ფრანციცულ ენაზედ ჟურნალში „Revuede l'orient“, რომლისაგანაც ჩვენ გადმოგვიღია შემდეგი ალაგები.

ამ კონსტიტუციით სულთანს მიუცია სომხებისათვის ყველა იმათი სამოქალაქო, შიგნიერი საქმეების გამგებლობა (მართვა), ასე რომ, პატრიარხის გარდა, არც ერთს სომეხს ხონთქრის მართებლობასთან არა ფერი საქმე არა აქვს რა. ამ მიზეზით სომხებს აი რანაირად მოუმართავსთ თავიანთი სასამართლოები: უპირველეს და უმაღლეს სასამართლოდ დაუნიშნავთ ერთი საზოგადო კრება, რომელიც შესდგება ორას ოცი მწევრისაგან და საცა განისაჯვიან უაღრესნი სომხის ნაციის საქმენი; ამას შემდეგ ორი კრება, ერთი სამოქალაქო საქმეებთათვის, მეორე საეკლესიოთათვის. სამოქალაქო კრება შესდგება ოცი საერო მწევრისაგან, რომელთაც სამოქალაქო საქმეები უნდა კარგათ იცოდენ. საეკლესიო, ანუ სასულიერო, კრება შესდგება თოთხმეტი გასწავლული სასულიერო წოდების მწევრთაგან. თუ, ვინიცობაა, სამოქალაქო საქმე არეულია საეკლესიო საქმესთან, ამისი გასასამართლებლად შეიყრებიან სამოქალაქო და სასულიერო კრებანი და ისე განსჯიან.

ამათ გარდა, გაუმართავსთ ოთხი თათბირი (советъ), ერთი ხალხის განათლებისა, მეორე ადმინისტრატიული, მესამე ფინანსისა, მეოთხე იურიდიკული, რომელთაც ზედა მხედველობა ექმნებათ თავიანთ შესახებ საქმეების კანონიერს ასრულებაზედ და თვით ასასრულებლად საქმეებისა, გაუყვიათ კოსტანტინეპოლი უბნებად და უბნების სასამართლოები (KBартал) გაუხსნიათ.

ყველა ამ თათბირთაგანი შესდგება ათ ათი მწევრთაგან, რომელთაც თავთავიანთ ნაწილი კარგათ უნდა ჰქონდეთ გასწავლული ე.ი. ფინანსიის თათბირის მწევრმა ფინანსიის საქმეები უნდა იცოდეს, იურიდიკული თათბირისამ იურიდიკული საქმეები და სხ. ამათში ჩვენი ჰაზრის შესახები ხალხის განათლების თათბირი უფრო არის და ამისათვის ამაზედ ვრცლად თქმა უფრო საჭიროა.

თათბირი ხალხის განათლებისა შესდგება ათი საერო მწევრისაგან, რომელნიც უნდა იყვნენ სწავლულნი მასწავლებელთაგანნი — სპეციალისტები. ამ თათბირის განწესება შესდგება იმაში, რომ ფხიზელი თვალი ეჭიროს სომხების კოლლეგიებისა კარგ და რიგიან მომართვაზედ და ამ კოლეგიებისათვის საზოგადო პროგრამის შერდგენაზედ; უნდა ყოველი ღონისძიებით ეცადოს სწავლის მოფენას და გავრცელებას, როგორც ყმაწვილ კაცებში, ეგრეთვე ქალებში, უნდა ხელი მოუმართოს და წააქეზოს ის საზოგადოებანი, რომელნიც სწავლის გასავრცელებლად დაფუძნდებიან; გააკეთოს მყოფობა მასწავლებლებისა, შეწევნისა და სარჩოს მიცემით და ამათგანს ნიჭიერს მისცეს უპირატესობა უნიჭოზედ.

განათლების თათბირმა უნდა სრული თავისაგან შესაძლო ღონის-ძიება მოიხმაროს, რომ ყველა სტანბოლის უბანში სკოლა გააღოს და ერთი დიდი (უნივერსიტეტის ოდენი) კოლლეგია, რომელშიაც უმაღლეს სწავლას გაისწავლიდნენ. გარდა ამისა, კოლლეგიები უნდა გაიხსნან ყველა იმ ქალაქში, რომელშიაც არაჩნორთები იმყოფებიან[9]; დანარჩენ სომხის ქალაქებში და სოფლებში სკოლები გაიმართებიან.

ამ სასწავლებლებში ყოველი მეცნიერება და სწავლა უნდა სომხურ ენაზედ ისწავლებოდეს.

ესეთი მომართულობა კოსტანტინეპოლის სასამართლოებისათვის მიუციათ; პროვინციები კი დაუყვიათ საარაჩნორთებოდ (გუბერინიების მსგავსათ) და ყველა საარაჩნორთოში კოსტანტინეპოლის მიხედვით მოუმართავთ სასამართლოები.

ყველა სასამართლოს აქვს სრული თავის უფლება თავის შესახებ საქმის გასასჯელად; მხოლოდ ანგარიშს კი მოსთხოვენ — კანონიერად განსაჯა და გაასამართლა საქმე თუ არა. მდაბალმა სასამართლომ, წლის თავზედ ანუ როდესაც საქმე მოითხოვს, ანგარიში და პასუხი უნდა მისცეს თავისზედ მაღალ სასამართლოს საქმეების კანონიერს ასრულებაზედ და მაღალმა უმაღლესს ე.ი. უბნის სასამართლომ თათბირს, თათბირმა საერო კრებას და სხ.

სასამართოებისათვის მწევრთა ამორჩევა კენჭის ყრით არის და ყველა ხონთქრის სომეხს აქვს ნება ამომრჩეველობისა, მხოლოდ თუ ოცდა ხუთი წლისა არის; ეს ნება იმ სომეხს არა აქვს, რომელსაც შესცნევია ორგულობა კონსტიტუციისა ანუ სხვა ფრივი უპატივოება და მუხანათობა.

ყველა ოცდა ათი წლის სომეხს შეუძლიან მიიღოს რა თანამდებობაც კი უნდა კონსტიტუციის მართებლობისა, თუ ზევით ნათქვამი მიზეზით არ მიხდია ეს ძალა.

ამ კონსტიტუციის აფიციალური თავადი არის სტანბოლის პატრიარხი და ამისი ძალი არის ამასრულებლობითი ე.ი. რასაც საზოგადო კრება დებულებას დასდებს პატრიარხმა უნდა გადასცეს ეს საქმე იმ სასამართლოს, რომელსაც შეეხება და მოსთხოვოს მისი ასრულება. რომელ ქაღალდსაც პატრიარხის ხელი არ აწერია იმის ბეჭედი არ ზის, იმ ქაღალდის სინამდვილე არ შეიწყნარება.

პატრიარხი ამ თანამდებობის მიღებამდისინ საყდარში საზოგადო კრებისა და ხალხის წინ ამ ფიცს დასდებს: „ღვთის წინა და სომხის ნაციისა, რომელსაც წარმოადგენს საზოგადო კრება, ვფივცა მტკიცედ და ერთ გულად ჩვენი კონსტიტუციის დაცვას და ყოველი ჩემი ღონისძიების მოხმარებას მის მტკიცედ და ნამდვილის ასრულებაზედ ე.ი. იმ კანონებისა, რომელთაც შეიცვავს კონსტიტუცია“. თუ ეს ფიცი არ წარმოსთქვა არც პატრიარხობას მისცემენ და არც კონსტიტუციის თავადობას.

თუ პატრიარხს შეემჩნია ორგულობა და მუხანათობა კონსტიტუციისა, საზოგადო კრების ძალით პატრიარხობაც ჩამოერთმევა და კონსტიტუციის თავადობაც.

პროვინციებში ყველა საარაჩნორთოში სასამართლოების თავადი არის არაჩნორთი.

ამ მოკლე და ნაწყვეტ ნაწყვეტ გამონაკრეფთაგან, რასაკვირველია, კარგად არ შეიძლება სომხების კონსტიტუციისა და მის მომართულობის შეგნება; ამისათვის უნდა სრულად გადმოითარგმნოს ეს დებულებანი, მაგრამ, დროების უქონლობის გარდა სხვა მიზეზიც არის დამაფრკოლებელი, რომელიც ჩვენზედ არარის დამოკიდებული და თუ ეს მიზეზი მოგვცალდა, დიდი სიამოვნებით შეუდგებით ამ სასარგებლო შრომას. სომხებმა ეს თავის-უფლება, დიაღ მარგი და სასარგებლო ენისა და ყველა ხალხის ამამაღლებელი თვისებისა, მიიღეს დესპოტიურ სამეფოში და დესპოტიურ სამეფოში რო გორც სიკეთე, ეგრეთვე სიავკაცე წამისაა, მაგრამ სომხების საქმე კი ამითი ვერას იზარალებს რა. ეს საქმე სომხებმა შემთხვევით არ მოიპოვეს; ამას ისინი დიდხანს სძებნიდნენ და მოსაპოებლად არ დაუზოგავთ არც ოფლის ღვრა და არც სისხლისა, რისთვისაც კაცს სისხლი დაუღვრია, იმას ადვილად არ დაუტევებს და თუ კაცს საგნის ღირსება არა აქვს შეგნებული, დიდ ხანს არ გამოეკიდება იმ იმის მოპოებას და თუ დიდხან გამოეკიდა, ამითი გვიჩვენებს, რო იმისი ყადრი და ღირსება აქვს შეგნებული და მოპოებულსაც კარგათაც მოიხმარებს. ამას გარდა სხვაც ბევრი მიზეზია, რომლითაც შეიძლება დაამტკიცოს კაცმა, რომ სომხები ახლად მოპოებულ პრივილეგიას არ და უტევებენ დაუფრო წარმატებას მისცემენ და რომელსაც აქ არა ვწერ; მხოლოდ ერთ პრუდომისაგან მოთხრობილ შემთხვევას კი მოვიტან, რომლითაც სომხებმა გამოაჩინეს დიდი სიმტკიცე და მხურვალება ახლანდელ თავის უფლებისადმი. აბდულ-მეჯიდი კონსტიტუციის მიცემის ცოტა ხანს შემდეგ მოკვდა — „სომხებისათვის მიცემული პრივილეგიები, ანბობს პრუდომი, ამის მემკვიდრეს, (აბდულ-მეჯიდის მემკვიდრეს) ძალიან ვრცლად ეჩვენებოდა და, რა სასულთნო ტახტზედ ავიდა, პირველ საქმეთ მიითვალა შევიწროება ამ პრივილიგიებისა, რომლის სრულებასაც დიდი სიმხურვალით შეუდგა, მაგრამ სომხების სიმკვიდრემ და ერთგულობამ დაამარცხა ყოველი ღონის-ძიება სულთნისა“[10].

ილია ოქრომჭედლიშვილი. 10 ნახე „Revue de l’Orient“ 1862 წლისა № კათათვისა, გვერდი 1

_____________

1 ამ სტატიის შესარდგენლათ შემდეგი წიგნები მომიხმარებია: Histoire, des Mekhitaristes, ევგენ ბორესი.обозренiе армянской письменности, ნაზარიანისა, Esquisse de l' Histoire Arménie, შაჰნაზარიანისა, Biographie Universelle, სიტყვა „Mekhiloru, და Lettres sur la Turquie“, უბიჩინისა.

2 ზოგი ისტორიკოსნი ანბობენ ვითომ სომხის სამეფო დაეცა 1079 წელსაო, მაგრამ შემცდარნი არიან. 1079 წელს მოკლეს მცირე აზიაში გაგიკი მეორე, უკანასკნელი მეფე სომხებისა, ხოლო ანის-ქალაქი და თითქმის, მთელი სახელმწიფო იყო დაპყრობილი ბერძნებისაგან 1045 წელსა; მაშა სადამე არ შეიძლება, რომ წელიწადი ხემწიფის სიკვდილისა კაცმა მიიღოს სახელმწიფოს დაცემის წელიწადათ.

3 Chahnazarian. Esquisse de l'hist. de l' Arm.

4 პირველი განმანათლებელი სომხებისა იყო გრიგოლი լուսաւորի

5 მხითარის ხასიათის უკეთ გასამარტებლად და იმის დანაპირისა და სურვილის ცხადათ შესაგნებლად მოვიტანთ ერთ ალაგს იმის წიგნისას, რომელიც ამ დროს დაუწერია: „მთელ ჩემ სიცოცხლეში დაუცხრომელათ ვამუშავებ ჩემ თავს ჩემი მემამულეთ სარგებლისა და ზნეობითი წარმატებისათვის. მძულვარება და უნდობლობა, რომელსაც მომაგებენ ზოგი ერთი მემამულენი ჩემნი, ვერ დამატოვებინებენ ამ ჩემგან არჩეულ გზასა“.

6 ეს ღრამმატიკები არიან ეხლაც ისე გათქმულნი, რომ ვერც ერთი სომხური ფილოლოგი უიმათოთ ვერასა იქს.

7 ეს აქ მოგვიხსენებია იმიტომ, რო თავისი მარჯვე თარგმნით ბევრს ნამდვილს გადაამეტა.

8 ნახე Ученыя записки казанского университета за 1846г

9 არაჩნორთები ორმოცდა ათნი არიან და ორმოცდა ათ ქალაქში იმყოფებიან; მაშასადამე ხონთქრის სამეფოში სომხებმა უნდა ორმოც და ათი კოლლეგია გახსნან, გარდა კოსტანტინეპოლისა. არაჩნორთი წინამძღვარი არის.

10 ნახე „Revue de l’Orient“ 1862 წლისა № კათათვისა, გვერდი 1

5 ამაო ამაოთა

▲ზევით დაბრუნება


ამაო ამაოთა

ამ გზობისად „კალმასობამ“ უნდა აგვალაპარაკოს.

„კალმასობა“ გამოვიდა ტფილისში წრეულს და ესეს არის ჩაგვივარდა ხელში წასაკითხავად. დასაწყისში დაუმატებიათ მისთვის უ.დ.მ. ბაქრაძის სტატია, დაბეჭდილი „ცისკრის“ 1861წ. №4–ში სათაურით „იოანე ბატონიშვილი და იმისი „კალმასობა“. -გვინდა ძლიერ ცოტა ყურადღება მივაქციოთ ხსენებულს წიგნსა; მაგრამ ესეც უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ არც ამ ძლიერ ცოტა ყურადღებას მივაქცევდით „კალმასობასა“, თუ რომ მისი გამოსვლა აღტაცებით არ ეხარებინათ ჩვენთვის ორის წლის წინათ.

თუ ვისმეს სურს, რომ რომელიმე მოქმედება, ანუ საგანი ღირსეულად დააფასოს, ჯერ უნდა გამოსცნოს თუ რა აქვს მიზანად ამ მოქმედებას, ან თუ რისთვის გაუკეთებიათ ეს საგანი? რა კი ამას შეიტყობს, მერმე უნდა გასჭვრიტოს კარგად, მიმხვდარა მოქმედება, ანუ საგანი თავის მიზანსა, ე.ი. მარჯვე საშვალობა აუღია მოქმედს პირს, თუ არა? —ამ კითხვებზედ მიგება გამოსთქვამს მოქმედების, ანუ საგანის წმინდა ღირსებას, როგორიც უნდა იყოს მიზანი, კარგი, თუ ცუდი.

მაგრამ მიზნის არჩევაზედ ჰკიდია სარგებლობა, ანუ ვნება რომელიმე საზოგადოებისათვის, მაშა სადამე სიკეთე და სიცუდე მიზანისა. ხოლო რომელიმე საზოგადოების მდგომარეობა გვაჩვენებს, თუ რა არის მისთვის საჭირო? — ეს უპირველესი კითხვები არიან.

ის სარგებლობა და ის ვნება, რომელიც არ ეკუთვნის მიზანსა, რომელიც არის შედეგი სხვა და სხვა გარეშე გარემოებებისა მიზანისაკენ მსვლელობაში, რასაკვირველია არ შეადგენს მოქმედის პირის, ანუ საგნის ღირსებასა. ჩვენ არც უნდა ვმადლობდეთ და არც უნდა ვემდუროდეთ ამისთვის მოქმედს პირსა, რადგანაც ეს სარგებლობა, თუ ვნება მოხდა მისდა უნებურად. მაგრამ ურიგო არ იქნება, რომ არ გამოითქვას სარგებლობის, ანუ ვნების რაოდენობა — ამ კითხვებზედ პასუხი გამოხატავს მეორე ხარისხის ღირსებას.

ესენი არიან სულის კითხვები, რომლითაც უნდა უპასუხოს კაცმა „კალმასობის“ დასაფასებელადაც, მაგრამ ჯერ ვნახოთ, თუ როგორს პასუხებს გვაძლევს უ. დიმ. ბაქრაძე და ამ პასუხებზედ ჩვენი აზრი საქმესაც გამოააშკარებს.

დრომდის კი რამოდენიმე სიტყვის ნება მომეცით. ისინი საჭირო არიან იმათთვის, ვინც გამოსულან საზოგადო წრიდამ და დაბრმავებულები კერძოობითის სამდურავით ეძებენ სხვების მოქმედებაში სიცუდესა და, რა ვერ ჰპოებენ, იგონებენ. გამიგონეთ აბა უ. მოლაყბე და მისო თანახმა კაცო!

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ესა და ეს საგანი კარგია მეთქი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იმ საგანშიდ ცუდი არა იყოს რა, არა, ჩვენ ვამბობთ მისს სიკარგეს მხოლოდ საზოგადოდ,-სრულია კარგი ქვეყანაზედ არაფერია; თუ ბიძია-თონიკურად ვიტყვით, ეს ჭეშმარიტების ნატეხია, მაგრამ კარგად უნდა შენიშნოთ: ჩვენებური ჭეშმარიტების ნატეხია და არა ბიძია-თონიკური, ხომ გსმენიათ, რომ ბიძია თონიკესა დ ჩვენის ჭეშმარატების ნატეხს შუა დიდი უშველებელი სამზღვარია. ან, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ საგანში ესა და ეს კარგია, ან ცუდი, ამითი ჩვენ არ გვინდა დავამტკიცოთ, რომ საგანი უთუოდ სრულიად ცუდი არის, ან სრულიად კარგი. ესეც არის, რომ სიკეთე და სიცუდე შეთანასწორებითი თვისებები არიან და როცა ვსჯით რამეზედ, სახეში გვაქვს ადგილი და დრო. ამას გარდა, თუ დღეს რამე ცუდად გვეჩევნება და ვამბობთ მისს სიცუდეს, ეს ვერ გარდაგვათქმევინებს ჩვენ მისს სიკარგეს, ოღონდ კი გაკეთდეს, და თუ კარგი წახდა ე.ი. თუ საქებურმა სიცუდე გამოიჩინა, მისს გინებასა და დევნასაც ვერ მოვიშლით. ეს არის ჩვენი პროგრამმა. დაბრმავებულებისათვის ამ სიტყვებთან მაგალითებიც საჭიროა, მაგრამ მაგალითები კი იმისთანა უნდა იყვნენ, რომ ნორმალურს სიშორეზედ უფრო ახლო ედვას ბრმასა, რომ მაგალითები ცხრა მთას იქით არ იყოს გადაცილებული.

აქ ჩვენ ვსთქვით, რომ უ.დიმ. ბაქრაძის ისტორიული სტატიები კარგები იყვნენ მეთქი, მაგრამ ვსთქვით საზოგადოდ, თორემ კერძოობითად შეცდომაებიც იყვნენ შიგა. ასე, თავის სტატიაში „ქართველი ქალები“ უ. დიმ. ბაქრაძე ამბობს, რომ ქართველს ქალებს მისთვის იტაცებდნენო სპარსელები, მონგოლები და თათრები და ჰყავდათ არამებში შახებს, სულთნებს ფაშებს რომ ბუნებას სურდა სპარსების და სხვათ წამხდარი სისხლი ქართველების სისხლით გაეწმინდაო. ასე დარწმუნებულია ამაზედ უ. ავტორი, რომ მიეცემა აღტაცებას და სიხარულით ღაღადებს: ოჰ, რა დიდი დანიშნულება მიუცია ბუნებას ქართველებისათვისო! ნეტავი თუ ქართველებიც ამასვე იტყვიან? ან, — თუ რომელს რუსს მიაჩნია ბედნიერებად, რომ მონგოლებმა ორ ნახევარს საუკუნეს სტანჯეს რუსეთი?

ბ.) „ცისკარში“ რომ ორი სამი სტატია კარგი იყოს, მთელი „ცისკარი“ რათ იქნება კარგი? ხომ იცი ჩემო მოლაყბე „ერთი ალი-ლუია მღვდელსაც შესცდებაო“? თუ არ იცი, რა ცოდვა უნდა იოს? ახლა ისწავლე და ისიც მოიგონე, რომ მაგ სტატიების სიკეთეც იმაზედ ჰკიდია, თუ როდის იბეჭდებიან, სიდაურს ქვეყანაში და როგორს ჟურნალში.

ახლაკი შეგვიძლიან ჩვენსავე საგანს მივუბრუნდეთ და ვიკითხოთ რა ჰაზრით არის დაწერილი „კალმასობა“?

„იმ ჰაზრით, რომ „ხალხში განვრცელდნენ ცნობა საქართველოს მდგომარეობაზედ მეთვრამეტე საუკუნეში და მსოფლიო მეცნიერებანი, რომელშიაც დიაღ ვსაჭიროებთ“. აი ეს არის უ. დიმ. ბაქრაძის ნამდვილი სიტყვები.

სამწუხაროდ ჩვენდა უნდა გამოვტყდეთ და გარდაჭრით უნდა ვსთქვათ, რომ „კალმასობაში“ ბევრი ვეძიეთ და ვერაფერი აზრი ვერ ვიპოვეთ წერის პროცესს გარდა, ამ დროისთვის მაინც, თუმცა დიდად გვსურდა, რომ „ჩვენის ჰომერის, დანტის და შექსპირის თხზულებაში“ ჰაზრი ყოფილიყო. მაშა სადამე, ჩვენის ჰაზრით ხსენებული თხზულება არ ვარგებულა და არც სალაპარაკოდ ღირებულა. მაგრამ რადგანაც ასე მშრალად ნათქვამს, ზოგი არ დაიჯერებს (ვსთქვათ მოლაყბე და მისი თანახმა რედაკტორი, რომელმაც გამოსცა „კალმასობა“), ამისათვის მეც იმათი ამხანაგი გავხდები და თვალს გადავჰკრავ „კალმასობას“; ისევ თქმა სჯობს არა თქმასა.

„კალმასობა“ შეიძლება გავყოთ ორ უთანასწორო ნაწილად. თითქმის წიგნის ოთხი მეხუთედის მეტი მოუხმარია ავტორს სწავლის ანუ მეცნიერების სხვა და სხვა შტოების განსამარტებელად დ ერთ მეხუთედზედაც ნაკლები უთავბოლო ლაპარაკისათვის, რომელშიაც გამოსჭვირს ნამცეცი ნაშთი ნიციონალურის ხასიათის და ჩვეულების ბეჭედისა, რომელიც არ შეიძლება არ დააჩნდეს თვით უტალანტო. კაცის შრომასაც, მეტადრე იმ კაცისას, რომელსაც ნახევარი თავისი ცხოვრება გაუტარებია მამულში იმ დროს, როდესაც ეს მამული ყოფილა სრულიად განმარტოებული ყოველის გარეგანის გავლენისაგან.

სივრცე ალაგისა, რომელიც მოუზომავს ავტორს მეცნიერების შტოების განმარტებისათვის, ცხადად გვიჩვენებს, თუ რა არის „კალმასობის“ მიზანი ანუ ჰაზრი. ალაგის სივრცესაც რომ კიდევაც არ მივხედოთ, მაინც ისევ ეს მიზანი ჰსჩანს, მისთვის რომ წინააღმდეგს შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა, თუ რისთვის მიუცია ავტორს ადგილი მეცნიერების შტოების განმარტებისათვის იმ წიგნში, რომელშიაც სურს გამოხატოს სამშობლოს ხასიათი და ჩვეულება, მაშინ როდესაც რამოდენიმე ნიშნება ბუნებითს ლაპარაკში ცხადად გვაჩვენებდა, თუ რა ხარისხზედ იდგა მაშინ საზოგადო განათლება ავტორის სამშობლოში. მაშასადამე რა მხრიდამაც უნდა შევხედოთ ხსენებულს წიგნსა, ვერაფერს ვერ მივაჩემებთ მისს მისანობას სწავლის გავრცელების სურვილს გარდა. უ. „კალმასობის“ წინამორბედის სტატიის ავტორსაც მოუპოვია იოანე ბატონიშვილის შრომის მიზანი, მაგრამ ერთი კი არა, ორი: ხალხის ხასიათისა და ჩვეულების აღწერა და ხალხში სწავლის გავრცელება. უ. დიმ. ბაქრაძეს ვურჩევ, რომ უკანასკნელს მიზანს პირველი ალაგი მისცეს და ჩვენ მეორეზედ უთანხმობის ნება დაგვრთოს. უ. დიმ. ბაქრაძემ იქნება სთქვას, რომ განა ის არ კმარა, რომ სწავლა განევრცელებინა, ან განავრცელოსო. ამ წიგნმა? კარგი დაგემართოს, კარგი ეგ იყოსო! მართლა კარგი დაგემართოს, კარგი იყოს მეცნიერების გავრცელება, მაგრამ საქმე ის არის, განავრცელა „კალმასობამ“ ესა, ან შეუძლიან რომ განავრცელოს, თუ არა?

მოწინასიტყვავე გვიპასუხებს: „რაც კი საჭიროა, რომ საგანზედ ითქვას, უეჭველად იტყვის; თუნდაც ის საგანი არ გვესწავლოს, ორის ამის წაკითხვითა სრულს წარმოდგენას და ცნობას მივიღებთ იმაზედა.“

მისთვის რომ უცოდინარს კაცს, ანუ საზოგადოებას რომელიმე საგანი ასწავლონ უწერენ მრთელს საგანს და არა ორიოდე სიტყვას, რომელიც განსაზღვრავს მას, გამოსთქვამს საგანზედ საზო გადო აზრს და რომელიც სრულიად ვერც ასწავლის კაცს საგანსა, ვერც კარგად გააგებინებს მას, თუ რა არის ის საგანი. ამისათვის სასწავლებლებში სცდილობენ, რომ საზოგადო აზრი რომელიმე საგანზედ ანუ განსაზღვრება აჩვენონ მოსწავლეთა საგნის სწავლის შემდეგ, ამისთვის რომ მხოლოდ საგნის სწავლის შემდეგ შეუძლიან კაცს განსაზღვრების მარტივად გაგება, ანუ უფრო სწორედ ვსთქვათ, საგანის განსაზღვრვა; მანამდის კი ეს განსაზღვრება იმისთანა სიტყვები არიან უცოდინარის ჰაზრისათვის, რომელითაც ის ვერ მისწვდება და რომელნიც არიან მისთვის მხოლოდ უმნიშვნელოს სიტყვების გამოთქმა.-ეს ვსთქვათ ღმერთმა შეინახოს, მაგრამ საგნების ახსნა როგორია „კალმასობაში“? მგონია საგნების მცოდნემაც ვერაფერი გაიგოს.

საკვირველი ის არის, რომ „კალმასობის“ ავტორი უმრავლესს საგნებს მხოლოდ განსაზღვრის, და პოლკების დაწყობილება ზედ კატეგორიაზედ და გრამატიკაზედ ძალიან ვრცლად ლაპარაკობს, განსაკუთრებით უკანასკნელზედ, რომელსაც უჭერია მრთელი წიგნის ნახევარი. ამას სხვანაირად ვერ ავხნით ან უნდა ვიფიქროთ, რომ პოლიტიკურს საგნებს, რომელნიც, (როგორც უ. დიმ. ბაქრაძე გვარწმუნებს, ვითომც ძლიერ კარგად სცოდნოდეს „კალმასობის“. ავტორსა), მათემათიკურს და ბუნებითს საგნებს უფრო დაბლა აყენებს იოანე ბატონი შვილი პოლკების დაწყობილებაზედ, კატეგორიაზედ და გრამმატიკაზედ, ან არა და—რომ რაც უფრო სცოდნია იოანეს, და ან რა საგანია უფრო დიდი ყოფილა ქართულს ენაზედ ის გადმოუწერია. მგონია ურიგო არ იქნეს, რომ ორივე წინაგანზრახვას დავეთანხმოთ, თორემ წინააღმდეგს შემოხვევაში ყველა იტყოდა; რასათვის ლაპარაკობს უ. ავტორი აგრე ცოტას პოლიტიკურს საგნებზედ, ანუ რასთვის სტოვებს მათ და გვიქადაგებს პოლკების დაწყობილებაზედ, ასტროლოგიასა ანუ ცრუ ვარსკვლავთ-მრიცხველობაზედ რათ იცვლის ბუნებითს საგნებს და ასტრონომიას, რისთვის გადმოუწერია მრთელი ანტონის გრამატიკა?

ამასთან ცუდი ენითაც არის დაწერილი „კალმასობა“, თუმცა უ. ბაქრაძე კი ამბობს, რომ სწავლას რაც არ შეეხება საუცხოვო ენით არის დაწერილიო. საქმე ის არის, რომ, რაც სწავლას შეეხება, ის იყოს მარტივად დაწერილი, თორემ უბრალო ლაპარაკი რასაკვირველია მარტივი იქნება; მაგრამ ესეც რომ არ არის სრულიად მარ ტივი!

ამისთანა წიგნი რასაკვირველია ვერ გაავრცელებდა ჩვენში სწავლასა ვერც მეთვრამეტე საუკუნეში, რომ კიდევაც ყოფილიყოს მაშინ დაწერილი, რადგანაც თელავის სემინარიაში მარტო საგნების განსაზღვრვას არ ასწავლიდნენ. ვერც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, მეტადრე ახლანდელს დროში; ჩვენს გიმნაზიებში მიღებული რუსული ხელთ-მძღვანელები, რაც უნდა ცუდები იყვნენ, ისე შეუდარებლად სჯობიან იმ საგნებს, რომელთაც დაწვლილებით ასწავლიდნენ თელავის სემინარიაში, რომ თელავის სემინარიის სწავლა მრავალ-ძარღვას მარცვლად რომ ჩავთვალოთ, ჩვენის გიმნაზიების სწავლის ასაწონს სიმძიმეს ვერ ვიპოვით თითქმის; სხვა ღირსებაებზედაც რომ არაფერი ვსთქვათ, მარტო დროებითაც დაწინაურებულია, სად მაშინდელი მეცნიერება, სად ახლანდელი. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენდა: „კალმასობით“ უნდა ჩვენთა ყრმა ჭაბუკთა მიიღონ ქართულის ენის სწავლა სასწავლებლებში. „კალმასობა“ არის უმჯობესი ხელთ-მძღვანელობა, უმჯობესი ქრისტომატიაო» ქადაგობს უ. დიმ. ბაქრაძე. ახლა ხომ მიხვდით? აი, ამისათვის საჭიროებდა თურმე უ. წინასიტყვაობის ავტორი, რომ დაბეჭდილიყო „კალმასობა“.-ჭეშმარიტად ყოველს „კალმასობის“ ქებას მოვითმენდით - და ამისი კი არ შეგვეძლო და უთუოდ საკადრისიც უნდა გვეთქვა უ. დიმ. ბაქრაძისათვის. მაგრამ ჩვენ, სხვა და სხვა მიზეზების გამო, ამის მეტს არაფერს ვიტყვით, რომ კაცმა ცხარე პატრიოტობისგამო არ უნდა დასაჯოს ახალი შთმავალობა. უ. დიმ. ბაქრაძე იმართლებს თავს და იტყვის: „იოანე ბატონიშვილის დროიდგან სწავლას წრმატება და ცვლილება მიეცა და ამისთვის საჭიროა, რომ კალმასობას დაბეჭდვაში შენიშნვები გაუკეთდესო“. ამისთანა პრაქტიკულს აზრს არ ვიცი ვინ იტყვის ჩვენში? თუ ამ სიტყვებს დავეთანხმეთ „კალმასობასთან“ მეორე „კალმასობა“ უნდა დავბეჭდოთ, მაგრამ იმ გვარ წიგნს, რომელსაც ექმნება „კალმასობის“ პროგრამმა ე.ი. მშრალი საგნების განსაზღვრება, ჩვენის აზრით არაფერის სარგებლობის მოტანა არ შეუძლიან, რაც უნდა კარგად დაიწეროს, ამისთვის მეორე შრომაც უნაყოფო იქნებოდა.- ძლიერ კარგად მოსვლია „ცისკრის“ რედაქციას, რომ ბეჭდვის პროცესისადმი მიდრეკილება ცოტათი მაინც დაუთრგუნავს და შენიშნვები არ გაუკეთებია კალმასობისათვის; მაგრამ არ ვიცით კი რამ აიძულა? იქნება იმან, რომ ნამდვილად გრძნობდა შენიშნვების ურგებობას, თუ არ შეეძლო შენიშნვები დაეწერა, თუ ხარჯს ერიდებოდა? რაც უნ და იყოს კარგი საქმე უქმნია, თუმცა უკანასკნელს კითხვაზედ იჭვი არ არის, აბა თავის დაცვის ინსტინკტი საით უნდა გამგზავრებულიყო. ჩვენც დროისა და ადგილის დაუკარგვეულობისაგამო ხელი აგვიღია განსაზღვრებაების გასწორებისაგან, მეტადრე მისთვის, რადგანაც უსარგებლო იქნებოდა ესა.

შევეხოთ მეორე ხარისხის კითხვებს.

უ. წინასიტყვაობის ავტორი გვიამბობს, რომ „კალმასობაში“ ცხადად არისო გამოყვანილი ქართველების ხასიათი და ჩვეულება; ისე დაწვლილებით და ცხადად არისო გამოხატული თითქმის ყოველი სოფლის განსხვავებითი ნიშანი, რომ ჩვენ დიაღ ადვილად მივხვდებითო. სად არის ხელაშვილი და ვის ემუსაიფება, მივხვდებითო, რომ აი ეს არის ქართლელი, ეს კახელი, ეს ქიზიყელი დ ეს თუში, ან ფშაველი; ამას ცხოველად გვიამბობენო. იმათის ენის გამოთქმა და საუბარი, მიხრა მოხრა და ზნეობითი თვისებანი“.- ვინ იტყვის რომ ეს სიტყვები მჭევრად არ იყოს დაწერილი. მაგრამ საქმე ის არის, რომ თვით უტალანტო კაცის ნაშრომსაც და ეტყობა ნაციონალური თვისებაები და ამისთვის, თუ იოანე ბატონიშვილმა ორიოდე სიტყვაში მაინც არ დაჰკარგა ქართული სული, ეს კიდევ დიდი გასაკვირვალი არ არის. ამას ჩვენ სრულიად არ ვუმადლით, მეტადრე მისთვის, რომ ხასიათისა და ჩვეულების გამოყვანა არ ყოფილა „კალმასობის“ მიზანი და თუ გვარწმუნებენ, რომ ეს არისო უპირველესი მიზანი, მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ ასრულება ამისი უფრო ძალიან დაბლაცა სდგას სწავლის გავრცელების მიზნის ასრულებაზედაც.-თუმცა მართალია კი ვატყობთ სად არის იოანე ხელაშვილი, ქართლელს ელაპარაკება, თუ კახელს, მაგრამ გამომცემს იმისთანა ასოები უხმარია „კალმასობის“ დასაბეჭდავათ, რომ უამასოთაც ძლიერ კარგად ვხედავთ სოფლების სახელებსა.

ხელოვნებაც ბევრი არის „კალმასობაში“ უფ. დიმ. ბაქარაძის ჰაზრით: როცა იოანე ბატონიშვილს სურსო რომელიმე საგანზედ ლაპარაკი მოუბართ პირთ იმ ნაირად დააყენებსო, რომ იმ საგანზედ დააწყებინოსო ლაპარაკი. ერთსა და იმავე საგანზედ ლაპარაკს ერთს ადგილს არ ასრულებსო; ერთთან დაწყებულს აბოლოვებსო მეორესთან. ეს იმისთვისო, რომ არ დაღალოს მკითხავი და მკითხველის ყურადღება. ჩვენ სრულიადაც ვერ ვხედავთ ამას „კალმასობაში“; ისე უხეიროდ ალაპარაკებს ავტორი მოუბარს პირებს რომ მეტი არ შეიძლება: მიდის მსგალითად, იოანე ხელაშვილი ვისმესას, იქ დაიწყეს ლაპარაკი მჭადზე, იოანესაც, ღმერთო შეგცოდე კუჭი უხმება შიმშილით; მაგრამ ავტორი უხეიროდ ლაპარაკს გადაატრიალებინებს მასპინძელსა და სტუმარი იძულებულია ილაპარაკოს რიტორიკაზედ, ან ზეციურ მნათობებზედ. ამ რიტორიკას ისევ უხეირო ალაგს აწყვეტინებს და უხეიროდვე განაგრძობინებს მეორე პირთან.

იოანე ხელაშვილის როლი ამ საქმეში ვითომც მოძღვრება არის, „მას ჰკითხვენ და ის უხსნის და ასწავლის მკითხავთ; მაგრამ, ჩვენის ჰაზრით, იოანე პასსივურს მდგომარეობაშია, ის მოძღვარი კი არის, მოწაფეა ყველასი, თუმცა დიდად კი იბერება. იოანეს მოწაფეები მოწაფეებს არა ჰგვანან, იმათ უფრო ბევრი იციან თავის მოძღვარზედ; თუმცა ისინი კითხვენ და იოანე უპასუხებს, მაგრამ კითხვასთან ცოდნაც იგულისხმება, რადგანაც იმისთანა კითხვებს მხოლოდ საგნების მცოდნე თუ მოიგონებს, თორემ სხვა ვერა. ისეთს პასსივურ მდგომარეობაშია ხელაშვილი, რომ საცა მოძღვარი უნდა იყოს, იქაც მოწაფეთ ხდება, მაგალითად: ის მიიწვევის თელავის სემინარიაში, როცა ეკზამენი ჰქონდათ ყმაწვილებს, მისი ვალდებულება იყო გამოეცადა იმათი ცოდნა, მაგრამ როლები იცვლებიან და ვისთვისაც ეკზამენი უნდა ეყოთ, ისინი ეკზამენატორებთ ხდებიან და თვითონ ეკზამენატორსა სცდიან; უფ. ბაქრაძე კი გვარწმუნებს, რომ იოანე გამოსცდისო მოსწავლეთ თელავის სემინარიაში, მაგრამ აქ იოანეს წარმოათქმევინებენ მრთელს ანტონის გრამმატიკას. აგრე კარგად გამოიყვანა ავტორმა პირველი პირი. მეორე ხარისხის პირები რასაკვირველია უკეთ იქნებიან გამოყვანილნი; თუ სახელი ვისმესი ახსენა იოანე ბატონიშვილმა ისტორიკოსს ჰგონია, ავტორმა პირი გამოიყვანო; თუ ზურაბმა ორიოდე მარილიანი ოხუნჯობა წარმოსთქვა მაგ. იოანეს თუ ავყევით, ყველანი უსახლოდ დავრჩებითო და სხვ.“ ეს კიდევ არაფერია. მაგრამ უფ. დიმ. ბაქრაძე გვეუბნება: „ერთის სიტყვით „კალმასობაში“ არიან მრავალნი ქართველნი დიდის ხელოვნებით გამოხატულნი, ასე რომ კომიკური მწერალი აურაცხელს სიუჟეტებს ჰპოებს პოემათა და კომედიათათვის. თვითოეული პირი საცოცოხლით სავსეა, ასე გგონიათ, თქვენ თქვენის თვალით ხედავთ, თქვენის პირით ემუსაიფებით და იცით ყოველი გარემოება იმის გვარისა და იმის ცხოვრებისა; ასე გონიათ, თქვენ გიცხოვრიათ თვითონ იმ დროებში. „კალმასობა“ შეიცავს ამერ-იმერთა ქვეყნის გამოხატულებას და მსოფლიო მეცნიერებათა. „კალმასობა“ არის სარკე წასრულის საუკუნისა: იოანე არის ჩვენი ჰომერი, ჩვენი დანტე, ჩვენი შექსპირი“ . მგონია, რომ „კალმასობა“ ამერ იმერთ ქვეყნის გამოხატულებას და მეცნიერებას კი არ შეიცავს, იოანე ბატონიშვილის ცოდნას; ზოგიერთი „კალმასობაში“ მოხსენებული საგანი არათუ სცოდნიათ ქართველებს, სახელიც არ გაუგონიათ მთი. მაგრამ როგორც ჰსჩანს უ. დამ. ბაქრაძეს ძლიერ კარგად უსწავლია მაღალ ხმოვანი ფრაზებიცა და საკუთრებითი სახელებიც და მაღლათაც გამოთქვამს. იმედი მაქვს, რომ ამისთანა ფრაზები რომ არ ებეჯითებია უფ. დამ. ბაქრაძეს და არ გაევსო. იმათ თავისი წინასიტყვაობა, „კალმასობას“ არავინ არ მიაქცევდა ყურადღებასა.

ბევრი რამ არ არის პირველს „კალმასობის“ ნაწილში: ბევრი საგანი და პირი, რომელიც მოხსენებული აქვს წინა-სიტყვაობის ავტორს, ვერ ვიპოვეთ წიგნში; აგრეთვე ვერ ვიპოვეთ ვერც ტრაკტატი ჩვენს სახელმწიფოსა და რუსეთს შუა, ვერც ინსტრუქცია, რომელიც მიეცათ დესპანებისათვის, თუმცა ძლიერ საინტერესო იყო, როგორც ამისაგან და სოფლების სახელებისაგან ჰსჩანს პირველი ნაწილი არ დაბეჭდილა სრულიად; რომ დაბეჭდილიყო მრთლად, მაინც წაუკითხველი გვექნებოდა სრული თხზულება. ამისთვის იქნება ბევრი გაგვიჯავრდეს რა დროს „კალმასობაზედა“ წერა იყოო. მაგრამ ბატონებს უნდა მოაგონდესთ კარგს რამეს კოჭობზედ შეეტყობაო“, უფ. ბაქრაძეც ამბობს, იმერეთისა წერაც აგრე მშვენიერად უნდა იყოსო, როგორც ქართლისა და კახეთისაო. დავუჯეროთ ამას, მრთელი პირველი ნაწილი მაინც წაუკითხავს, და ამასთანავე თუ აქებს,თორემ არ აძაგებს.

ასრე: პატივი და დიდება იოანე ბატონიშვილის სიმამაცეს, მის მამულის სიყვარულს, მის მამულისათვის სამსახურს, მის ჭკუიანურს გამჭრიახობას, მაგრამ ეს „კალმასობა“ კი ვერაფერი შრომა დაუტოვებია, თქვენმა მზემ, ჩვენის ფიქრით მაინც. თუ სწავლის გავრცელება სურდა ამ ნაირი ფორმა რათ მისცა შრომასა? თუ ქართველების ხასიათისა და ჩვეულების აღწერა უნდოდა, სწავლა რასათვის ჩაუჩხირუბია შიგა? თუ ორივე ერთად სურდა რასათვის კარგად ვერ აასრულა თავისი განზრახვა? ჩვენ გვგონია, რომ აუსრულებლობა გვიმტკიცებს უმიზანობას და თხზულების დატევება წერის პროცესს, ამისათვის ჩვენ სრულიად არ გვინდოდა, რომ ყურადღება მიგვექცია „კალმებისათვის“, თუ რომ სახეში არ გვყოლოდა უფ. მოლაყბე და „ცისკრის“ რედაქცია, რომელნიც, რო- გორც ამბობენ, დიმ. ბაქრაძის თანახმად, დიდს ღირსებას ჰპოებდნენ „კალმასობაშია“: მეორემ გამოსცა ეს წიგნი უკანასკნელის რჩევით და პირველი უთუოდ მოეხმარა მეორესა ამ წიგნის გამოცემაზედ, რადგან ცხადად ვიცით, რომ წინეთ ადვოკატობაც არ დაიშურა მისთვის.

ამას შემდეგ შეგვიძლია ვსთქვათ: გასაკვირვალი არ იქნება, რომე ვროპაში ამისთანა წიგნი არ იყოს, თუმცა ბროსსეს კი არ შეუმოწმებია, ღმერთმა გვიხსნა, რომ ჩვენ ერთის მეტი არ გვქონებია და რომ არ გამოეძებნათ და არ დაებეჭდათ, ვერც ვნახვიდით და კიდევაც ეს ემჯობინებოდა. შემდგომისათვის მაინც ღმერთმა გვიხსნას ამ გვარის წიგნისაგან!

„კალმასობაზედ“ დასკვნისაგან გამოგვყავს, რომ დალოცვილს დიმ. ბაქრაძესა წერის პროცესი ჰყვარებია, თორემ ვერც ამდენს ფრაზებს დაისწავლიდა, ვერც ასე გააჭრელებდა წინასიტყვაობას საკუთრებითი სახელებით და ვერც ამისთანა თავის-შესავალს გაუკეთებდა თავის წინასიტყვაობას, თავის შესავალს, რომელშიაც ბევრი ცრუ აზრებიც წარმოუთქვამს, მაგ: „სპარსები რომ იწყებდნენ მეჩითის შენებას ტფილისში, იმათ ქვებით ამოხოცდნენო. ქართველები. ეს ამტკიცებსო ქართველების სარწმუნოებაზედ შეურყეველობას“. ეს სარწმუნოების შეურყევლობას კი არა ნიშნავს, ეს ვითომც სხვა სარწმუნოების შეუწყნარებლობაა, რომელიც დიდი ნაკლულევანებაა ხლხში. კაცი პატივს უნდა სცემდეს რასაკვირველია ყოველის სარწმუნოების კაცს; კაცმა რასაკვირველია არ უნდა შეუგინოს მეორეს უძვირფასესი მისთვის სარწმუნოება. ჩვენში ურიებსა სცემენ ქვებითა, როცა ისინი მოდიან ქალაქს გარეთიდამ პროცესსიით და მოაქვთ ბიბლია, ჩვენთვისაც ძვირფასი. ეს ძალიან მოსწონს უთუოდ უ. დიმ. ბაქრაძეს. მაგრამ ამ მოქმედებაებში სარწმუნოების შეუწყნარებლობასაც ვერ ვხედავთ; თუ სარწმუნოების შეუწყნარებლები იყვნენ ქართველები სომხებსა და კათოლიკებს რასთვის კუდით ქვას არ ასროლინებდნენ? მაგრამ არა, ეს სარწმუნოების შეუწყნარებლობა არ არის, ეს არის ძველებური პოლიტიკური (პირველს შემთხვევაში) და კერძოობითად რელიგიური (მეორე შემთხვევაში) სიძულვილი. — მეორე შეცდომა ბაქრაძისა ის არის, რომ ზოგიერთს იმისთანა კაცებს უწოდებს ტალანტებად, რომ ერთ გროშადაც არა ღირან. მესამედ, შესანიშნავის კერძოობითის პირების განწვლილებაში ჰპოებს ხალხის სიუბედურეს. ეს იმისთანა კითხვა არის, რომ არ უნდა მოეყვანა უ.დიმ. ბაქრაძეს ძაფებით გადაბმულს ფრაზებში.

წინასიტყვაობის უკანასკნელი ორი გვერდის თანახმა ვართ. ეს ორი გვერდი არ არის ფრაზები, აზრებია; მაგრამ ყველა სტრიქონების თანახმა არ ვართ, არც აზრია ყველა სტრიქონებში. ავტორი სწუხს, რომ ამდენს ხანს რამოდენჯერმე არ გამოიცა „კალმასობა“. ჩვენ ერთ ჯერ მას გამოცემასაც ვწუხვართ, რემ რამოდენჯერმე გამოცემა ღმერთმა გვაშოროს, ნეტავი ერთჯერაც რისთვის დაბეჭდეს „კალმასობა“? რა სიკეთისთვის“? სწავლას ის ვერ განავრცელებს, ხალის ხასიათსა და ჩვეულებას მხოლოდ ნამცეცს გვაჩვენებს და იმასაც არა, თუ ჩვენმა ფანტაზიამ არ გაადიდა; ენა ვერ არის კარგი, რომ იყოს, მაინც რა გამოსაცემი იყო?

როგორ გამოსცეს? შეცდომაები ბევრია შიგა, ქაღალდი ვერ არის კარგი, აკინძვაც დავიწყებიათ(?); ვსთქვათ რომ არც ამ ქაღალდათ ღირდა, მაგრამ შრიფტი კი ნამეტანი სხვილია, ასე რომ ერთ მანეთად დაჯდებოდა ის კალმასობა, რომელიც ეხლა სამათა ღირს. ამისთვის უფ. დიმ. ბაქრაძეს თავისი სურვილი ვერ უსრულდება, „კალმასობა“ ვერ შეიქნება სახალხო წიგნად, ვერ გავრცელდება არა თუ „ვეფხვის-ტყაოსანზედ უფრო“, სიბრძნე სიცურუვის წიგნსავითაც ვერა-ესეც უნდა დავუმატოთ, აბაზათაც რომ ღირდეს, მაშინაც ვერ გავრცელდება, მაგრამ იქნება მაშინ ან ეტლის წიგნის მაგივრად მოიხმარონ სოფლის ქალებმა, რომ ძის ყოლა და ბედნიერი დღეები ახაროს მათ, თუ კი ახარა; ან სხვა რამეთ გამოიყენონ.-

ვათავებთ რა სტატიას, უნდა შეგატყობინოთ შემდგომი რეზულტატები:

1) „კალმასობა“ რომ არ დაეწერათ, ხომ არც დაბეჭდიდნენ, ხომ ფულებიც არ დაიკარგებოდა? ცხადია, რომ ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

2) უ.დიმ. ბაქრაძე გატაცებულია წერის პროცესით და ცოტაოდნად ბეჭდვის პროცესსითაც, რადგანაც კალმასობის ბეჭდვას არჩევს. რასაკვირველია წინასიტყვაობის ავტორის სიტყვებმაც ბევრი დააშავა.

3) უფ. მოლაყბე და მის თანახმა კაცი გატაცებული არიან ბეჭდვის პროცესსით. წინააღმდეგს შემთხვევაში, ე.ი. თუ რომ ისინი უფ. ბაქრაძის თანახმად „კალმასობის“ სიკეთით იყვნენ გატაცებული, ჩვენი სიტყვები შეადგენდა მათზედ ცუდს რეკომენდაციას.

4) უ. დ. ბაქრაძეს და მის ამალას თუ ავყევით და „კალმასობის“ თანა წიგნები ვბეჭდეთ სამ-სამ მანეთად, გავკეთდებით კაცებათ!

და 5) რომ მეორედ ამისთანა საქმეები აღარ მოხდეს, პირობა უნდა დავდვათ, ჯერ უკეთესი წიგნები დავბეჭდოთ და, როცა გადასაყარი ფულები გვექნება „კალმასობის“ თანა წიგნები მაშინ დავბეჭდოთ.[1]

ქ. ს. პეტერბურგი. 20-მაისს 1863 წ.

თერგდალეული.

P. S. უფ. დიმ. ბაქრაძის სტატიამ ძალიან გაგვაკვირვა თავის უებრობით 1861 წ-ში და გაგვაკვირვებდა მეტადრე ეხლა, როცა სტატიის საგანი წავიკითხეთ და ამისთვის, თუ, რაც სათქმელი გვქონდა, ვერ ვთქვით, ბოდიშს ვიხდით უ. დიმ. ბაქრაძესთან.

ერთი საქმე კიდევ უნდა მოგახსენოთ, რომელიც შეეხება საკუთრად „ცისკრის“ რედაქციას.

რომელმა საზოგადოებამ მიანდო. „ცისკრის“ რედაქციას „კალმასობის“ გამოცემა? ქართველთ-იმერთ საზოგადოებამო, ამბობს რედაქცია. სირცხვილი არ არის, რომ იმას, ვინც შვიდი წელიწადია სტირის საქართველოს სიყვარულისაგამო, ვერ უსწავლია თავის მამულის სახელი! „საქართველო: ქართლი, კახეთი იმერეთი და სხვ. ქართველები: ქართლელები, კახელები, იმერლები და სხვ..“ ხომ ასეა? თუ არ იცოდა, იმ წინასიტყვაობაში მაინც ჩაეხედა, რომელსაც შენიშვნებს უკეთებს. იქ ნათქვამია „ამერ-იმერთ საზგადოება“ და არა „ქართველთ-იმერთ საზოგადოება“.

თ.

_____________

1 ჩვენ სრულიად თანახმანი ვართ ამ სტატიის ავტორთან, მხოლოდ ჩვენა გვგონია, რომ, თუმცა მართალია „კალიმასობა“ დიდი არა ფერია, მაგრამ მაინც იმის დაბეჭვდაში არაარის რა ცუდი. უკეთესი, რომ ამოერჩივათ, კარგი იქნებოდა, რაკი ეგ ვერ მოხერხდა, რა ვუყოთ?.. რედ.

6 საქართველოს ისტორია

▲ზევით დაბრუნება


6.1 დუარხიულის (ორთა-მეფობის) მართებლობიდან ასფაგურის სიკვდილადმდე, რომელიც იყო უკანასკნელი საქართველოს ხელმწიფე არშაკიდების შთამამავალთაგანი. (129—265 წლამდე).

▲ზევით დაბრუნება


დუარხიულის (ორთა-მეფობის) მართებლობიდან ასფაგურის სიკვდილადმდე, რომელიც იყო უკანასკნელი საქართველოს ხელმწიფე არშაკიდების შთამამავალთაგანი. (129—265 წლამდე).

ამ პერიოდის მეფენი. — შემოსევა მთის ხალხისა და იმათი ოტება ამზასპისათაგან. — ამზასპის ლაშქრობა კავკასის ჩრდილოთ. — სამხედრო წოდების ხალხის თავის-ნებაზედ ქცევა — ხალხის ამძვივნება ამზასპზედა. რევის მმართებლობა — მეფე ვაჩესი ბაკურისაგან მონაწილეობის მიღება სომხებისა დ სპარსების ომში. — გოთების შემოსევა სამეგრელოში — საქართველოს შიში სპარსეთის მხრით და გარდაცვალება ასფაგურისა.

ადამმა იმეფა სამი წელიწადი, 129-132-მდე. იმის სიკვდილ შემდგომ, რადგანაც შვილი მისი ფარსმანი მცირეწლოვანი იყო, მართებლობდა საქართველოში თოთხმეტი წელიწადი, ადამის დედა: გადდანი მე 146 წელიწადში, საქართველოს მეფის ტახტზედ დასვეს თხუთმეტის წლის შვილის შვილი გადდანისა, — ფარსმან IV. ფარსმან მეოთხის მემკვიდრედ დარჩა მისი შვილი ამზასპ II, რომელიც მეფობდა 184 - 188 წლამდე. ამზასპის შემდგომ საქართველოს მეფის ტახტზედ დაჯდა სომხეთის ხელმწიფის შვილი რევი. რევის სიკვდილს შემდგომ მეფობდა იმისი შვილი ვაჩე 213-241 წლამდე. იმის მემკვიდრედ დარჩა ბაკურ; ბაკურის მემკვიდრედ დარჩა 256 წელიწადში მირდატ II, და მირდატის შემდგომ 162 წელიწადში დაჯდა ხელმწიფედ ასფაგური.

რომ გამოვიკვლიოთ საქართველოს მატიანე და განვიხილოთ უცხო ქვეყნების ისტორიული თზულებები, გამოჩნდება, რომ ადამისა, გადდანისა და ფარსმან IV ხელმწიფობის პერიოდში, საქართველოსა ჰქონდა სრული მშვიდობიანი ცხოვრება: არც შიგნიდგან და არც გარედგან საქართველოს არაფერი არა აწუხებდა რა. მაგრამ ამ გრძელ-ჟამიერი მშვიდობიანობის შემდგომ, ამზასპ II ხელმწიფობის დასაწყისში, ოსები აკლების სურვილით გატაცებულნი მოულოდნელად შემოესივნენ ქართლსა შეერთდნენ სხვა მთის თემებთან და გადმოიარეს დვალეთის მთა და ჩამოვიდნენ ლიახვის ხეობაში. აქ ოსები დადგნენ მცირეს ხანსა, მოუყარეს თავი ყველა ჯარსა და წამოვიდნენ მცხეთისაკენა. ამზასპმა, რა წამსაც გაიგო იმათი მოსვლა, მაშინვე გაგზავნა ჩიკრიკები ერისთავებთანა, და დააბარა საჩქაროდ მოსულიყვნენ ჯარითა; მაგრამ რომ ნახა დედა-ქალაქზე მტრის ახლოს მოსვლა, აღარ მოუცადა ერის-თავებსა, გამოიყვანა ქალაქიდგან ჯარები, რომელიც მას ახლდნენ, დასტოვა ქვეითი ჯარი, რომ ჩრდილოეთით ქალაქი გაემაგრებინათ, ცხენოსნით კი თითონ წინ მიეგება მთის ხალხსა და შეაყენა ისინი იმ ადგილას, რომელსაც ეძახიან საფურცლესა.

თუმცა დიდი განსხვაება იყო მეომართა რიცხვთა შორის, მაგრამ ქართველების ვაჟკაცობა მტრის ყოველის დაცემას იმ დღეს ჩინებულად აიცდენდა ღამემ შესწყვიტა ბრძოლა და ეს შემთხვევა ამსაზპმა კარგად გამოიყენა: უკან დაბრუნდა, თავისი დანარჩენი გულადის, მაგრამ ძრიელ მოქანცულის ჯარითა, ქალაქისაკენ, სადაც ელოდა ქვეითი ჯარი მეორეს დღეს მიელოდა ახალი ბრძოლა, რომელიცა რაც უნდა საქებური ყოფილიყო, მაინც ქალაქს აშორებდა საფარველსა ველური ხალხისაგან განთიადისასავე მცხეთის გუშაგი ემზადებოდა უკანასკნელი თავ-გაწირვით ძალის ხმარებასა, მაგრამ ამ დროს მსწრაფლ, საზოგადო მტრისაგან გარე-მოცულთა სასიხარულოდ, ყოველ მხარეს გამოჩნდნენ ჯარები, შეკრებილნი ერისთავებისაგან. ისინი საჩქაროდ მიეშველენ ქალაქის მცველებსა და დაუწყეს ცხარე ბრძოლა მთის ხალხსა. ორის დღის ბრძოლის შემდგომ მტერი სრულიად დაამარცხეს და გარეკეს საქართველოდგანა დიდად დაზარალებული. ამ დიაღ ჩინებულმა გამარჯვებამ, მტრის მოულოდნელ დაცემაში, იქამდისინ შეაგულიანა ამამზასპის ვაჟკაცური ხასიათი, რომ მეორე წელსვე თითონ წავიდა სალაშქროდ კავკასის მთის ჩრდილოთ. ვერავინ ვერ შეჰსძლო, რომ წინ დასდგომოდა, და ერთს წელზედ უფრო მოკლე ხანში, ალანებიდგან დაწყობილი აფხაზებამდისინ ყველა სათემოები იძულებული იყვნენ, დამორჩილებოდნენ ამსაზპსა.

მაგრამ ამზასპის ამ ჩინებულმა გამარჯვებამ მალე დჰკარგა ყოველი ღირსება ქართველების თვალში; ქართული მატიანე ამბობს, რომა ამზასპმა, ქართლში დაბრუნების შემდგომ, მისცა ყველას სამხედრო წოდების ხალხსა სრული თავისუფლება, რომ ყოველის ფერი მოეხმარებიათ თავის საკუთარ ნებაზე, რადგანაც გული სავსე ჰქონდა მათდამი მადლობითა -ამისგან საქართველოში სწრავად განვრცელდა ავზნეობა, თავის ნებითი ქცევა და გაკვრა-გაგლეჯა, და რადგანაც დაჩაგრულები ვერსადა პოულობდნენ სამართალსა, ამისათვის ხალხმა მიახწია თავ-განწირულებამდინ. ამ გვარმა ჯარის კაცის უფლებამ, რომლის შედეგიც ყოველთვის საშიშარია საზოგადოებრივის მშვიდობიანობისათვის, იძულებულ-ჰყო ხალხი, რომ შემწეობისათვის მიემართათ ერისთავებისათვის. ერისთავები მაშინვე უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ თუ ყურად-ღებას არ მისცემდენ ხალხის თხოვნასა და არ წაესარჩლებოდნენ, მაშინ უნდა დაეკარგათ იმათზე თავისი ზედ მოქმედება და თვითონაც თავის დროზედ საზოგადო უწესოების უმწეო მსხვერპლად შეიქმნებოდნენ. ერისთავებმა: სამეგრელოსმა, ოძრხისამა, კლარჯეთისამა და წუნდისამა, რომელნიც უფრო მოშორებულნი იყვნენ ხელმწიფის კარის-კაცებისაგან, შეარდგინეს შეთქმა ამზასპის საწინააღმდეგოდ, რადგანაც უწესობის მიზეზი ეგ იყო და გაგზავნეს სომხეთის მეფესთან[1] ვაღარშთან თხოვნა, რომ თანახმა შექმნილიყო იმათ ამორჩევაზე და მოეცა ამ სახის მემკვიდრედ, თავისი შვილი რევი. რევი იყო ძმის-წული ამზასპისა. სომხებს გარდა, ამ საქმეში, რევის სარგებლოდ, გაერივნენ რომაელნი და მთის ხალხიცა. თუმცა ამზასპის მხარე დაიჭირეს სპარსებმა, ბრძოლა არ გაგრძელებულა დიდ ხანსა: ერთს ომს შემდგომ ქართლიც აგრეთვე გადვიდა რევის მხარესა და მცირეს ჟამში თვით ამზასპიც მოკლეს.

იმ ქებიდგან, რომელსაც მემატიანეები მოგვითხრობენ რევზე და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ იმის მმართებლობაში, თავის ნებითი ქცევა სამხედრო წოდების ხალხისა მოისპო, თუმცა ისინი, საკუთრად ამაზედ არაფერს არ ამბობენ რევს გვიჩვენებენ კაცად საქმის ცხადად გამგონედ, მგრძნობელად და მოწყალედ. იმისგან გამოცემული წესდებულება, რომელიც უკრძალავდა ღმერთებისათვის კაცების მსხვერპლად შეწირვასა, არის უწარჩინებულესი საბუთი იმისი კეთილ-ზნეობითის ღირსებისა. ეს შეუბრალებელი სარწმუნოების ჩვეულება, რომელიც იყო საქართველოში მესამე საუკუნემდინ, ოდესღაც უფლებდა ყოველს ადგილას. მეორე პუნებისლაშქრობის დროსა ეს ადათი დიდებულად იყო აღსრულებულ, მას შემდეგ, როცა კანასთან ბრძოლისაგან შიშის ზარი დაეცა რომაელებსა. მაგრამ იქა და საბერძნეთშიაც უფრო მომატებული განათლებამა აღმოფხრა ეს ადათი კარგა უწინ. როგორათაც ეს დაწესება, აგრეთვე რევის დაქორწინება წარჩინებულის ბერძენის ქალზე, რომელიც იყო შვილი ვიღაცა ლაგოფეტასი, სე ფორა, და აშენება იმ ქალის პატივის-საცემლად აფროდიტას კერპისა, ამტკიცებენ, რომ გემოვნება და საქმის გაგება ამ მეფისა უფრო ეთანხმებოდა ბერძენთ და რომაელთ განათლებასა, ვიდრე ძველის და უძრავის აღმოსავლეთისასა. იმანვე გამოიჩინა, როგორც ამბობს გადმონაცემი, დიდი რჯულთ-მოთმინეობა (вђротђрнимрсть) ქრისტიანების ცხადის მოწყალეებით, რომელნიცა აქა-იქა აღმოჩნდებოდნენ ხოლმე მის ქვეშევრდომთა შორის. მეფობამ და ყოფაქცევამ რევისამა და იმის მემკვიდრეებისამა. რომელნიც მისდევდნენ იმავე პოლიტიკასა, მოამზადა ქაროველები იმ დიდის ზნეობითის ცვლილებისათვის, რომელიც მეოთხე საუკუნეში მოხდა.

როცა ვაჩეს მართებლობა დასრულდა და დაიწყო ბაკურის მეფობა, ყოველი ძალი და შეძლება საქართველოსი მიმართული იყო იმაზედ, რომ დაიცვან სომხეთის მეფის ხოზროის სახეშია არშაკიდების გვარის უფლება სომხეთზედა, რომელსაც ელტოდა სპარსეთის მეფე არდშირი. ქართველები ამის გულისათვის ბევრჯერ მოიმხრობდნენ ხოლმე მთიულებსა და მიდიოდნენ სპარსეთზედ მაგრამ სულ ამაო იყო: 233 წელსა სომხეთი დაიჭირა არდშირმა.

ამ პერიოდს მიეწერება საქართველოს კუთვნილ შავი-ზღვის პირის ქვეყნებზე გოთების დაცემა, რომელიცა არ არის მოხსენებული ქართულს მატიანეში. გოთები, რომელნიც ოდენის სახეს თავანსა ჰსცემდნენ, აღმოჩნდნენ აზოვის ზღვის პირზედა და მხოლოდ 100 წელს ქრისტეს წინად იძულებულ-იყვნენ დაეთმოთ თავისი ქვეყანა დიდი მიტრიდატის ძლიერებისათვისა. ოდენმა წაიყვანა ეს ხალხი შორს შორეულ ჩრდილოეთისაკენ, იქ, მისცა ეს სარწმუნოება და კანონები, და უანდერძა, რომ არ დავიწყებოდათ თავისი ძველი სამშობლო ქვეყანა და თავის შემაწუხებლები.

სკანდინავიაში იმათა ჰყვანდათ მემკვიდრეობითი ხელმწიფეები: იქიდგან შემდგომ გასწიეს ბალთის- ზღვის მეორე ნაპირისაკენა, და იმპერატორი ალექსანდრე სევერის დროში, ისინი გავიდნენ კიდეც ევქსინის პონტის ნაპირზედა და იმას შემდგომ მრავალჯერ დაეცემოდნენ ხოლმე რომის დუნაის პირზედ მდებარე ქვეენებსა. ბოლოს მირდატის ხელმწიფობის დროსა, მე 248 წელიწადში, ააშენეს რა შავ ზღვაში ძლიერი ფლოტი, გოთებამა რიცხვით 15,000 კაცმა, დაიწყეს ლაშქრობა, რომელსაც ეწოდება პირველი ზღვის ლაშქრობა გოთებისა. როდესაც დაუახლოვდნენ აფხაზეთის ნაპირსა, ისინი დაეცნენ ბიჭვინტასა (პიტიუს), რომელიც იმ დროს იყო ქალაქად, ჰქონდა კარგი გემთსადგური, მაგარი გალავანი რომის ჯარით გამაგრებული. პირველი შებმა გოთებისა და ამ ქალაქისა იყო პირველთათვის საზიანო; მაგრამ შემდგომ მაინც აიღეს და დააქციეს თითქმის საძირკველამდან. იქიდგან გოთებმა გასწიეს სამეგრელოსაკენა და იმისი ზღვის-პირის გაყოლება ადგილები დაარბიეს და აოხრეს; შემდგომ გაცარცეეს რა მდიდარი ტაძარი რიონის შესართავში, დაუსჯელად გაემგზავრნენ ტრაპიზონისაკენ[2]. ამ გარემოებამ, როგორც ზემოთა ვსთქვით, არ მიიპყრო ყურად-ღება ქართველი მემატიანეებისა; ამისი მიზეზი იყო, ალბათ, ისა, რომა საქართველოს იმ დროში გაუწყვეტლად ჰქონდა მხედველობაში საშიშარი მდგომარეობა სპარსეთისა.

საფორმა, არდშირის მემკვიდრემ, განავრცელა რა თავისი სამფლობელო სომხეთს გარეთაცა, იქამდისინ აღაშფოთა საქართველო, რომს მირდატის მემკვიდრე ასფაგური, თვითონ წავიდა მთის ხალხთან შემწეობის სათხოვნელად და არწმუნებდა იმათა საზოგადოდ ყველას შეიარაღების მიუცილებელ საჭიროებაზე, მაგრამ მე 265 წელიწადში ავად გახდა და იქვე მოკვდა.

_____________

1 ვაღარში მეფობდა 178-198 წლამდე. st Martin; memoire sur l'Armenie, tom I p. 412.-

2Gibbon hist. de la decadance et de lachut de l'empira romain. ch. X.

6.2 საქართველოს მდგმოიარება სასსანიდების დინასტიის დასაწყისში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მდგმოიარება სასსანიდების დინასტიის დასაწყისში

დაბადება და აღზრდა არდშირისა-წინააღდგომა იმისი არტაბანისადმი და ხელმწიფედ დაჯდომა სპარსეთის ტახტზედ-დესპანობა იმისი რომში. — მოსარჩლელობა რომაელთა სომხეთისადმი. დაპყრობა სომხეთისა არდშირისაგან. — ომიანობის უბედური შედეგი რომელთათვის.

მეორე საუკუნის დასასრულში, სპარსეთს, ისტახრის მაზრაში სცხოვრებდა ერთი ახამენიდების შთამამავალთაგანი, სახელად სასსანი. ერთხელ, ამბობს ქართული გადმონაცემი, როდესაც სასსანი დადიოდა თავის მაზრაში, მივიდა ღამე დასადგომად სპარსელ ბაბექ მისანთან (ასტრალოღოსთან). იმ ღამეს ბაბექმა ნახა საზმარში, რომ სამი ქურუმი ზოროასტრის სარწმუნოებისანი, გამოეცხადნენ სასსანსა, ღვთისებრივ თაყვანისცეს და გამოუცხადეს, რომა ის იქმნება მამად მთავარი ახალი მეფეების დინასტიისა, ბაბექმა, გაეღვიძა თუ არა, მაშინვე უამბო თავისი სიზმარი სასსანსა და დასტოვა იგი თავის ცოლ-შვილში, ამ სტუმრისაგან ბაბექის ქალსა მცირეს ხანში ეყოლა შვილი, რომელსაც დაარქვეს სახელად არდშირი.

არდშირმა სიყმაწვილის დროს მიიღო კარგი ზრდილობა თავ და პირველად ბაბექის სახლში, და შემდგომ ხელმწიფის სასახლეში, სადაც იზრდებოდა არტაბან IV-ს შვილებთანა, ხელმწიფის არამხანის მშვენიერთა შორის – ერთი ქალი სახელად გულნარა ჩუმად ჰფარველობდა ამასა. ყმარწვილობითვე იშოვნა გამოჩენილი დგილი სპარსეთის პირველ მხედრებთა და წარჩინებულ ხალხთა შორის.[1]

მაგრამ როდესაც არტაბანის ხელმწიფობის დროს სპარსეთი ააოხრეს იმპერატორებმა კარაკალლამ და მაკრინმა, მიიყვანეს თავგანწირულებამდინა და არეულობამდინა, მაშინ არდშირმა სარგოიანად მოიხმარა ეს გარემოება და გულნარას შემწეობით, წინდაწინვე არამხანიდან გამოზიდულის საუნჯით, მოახდინა წინააღმდეგობა არტაბანის სავნებელად. სამმა დიდმა ომმა რისო მტრისსვე გარდასყვიტა. ამ უკანასკნელს ომში არტაბანის სიკვდილით მე 226 წელიწადში აღმოიფხრა უფლება პართიანებისა სპარსეთში, არდშირი დაჯდა ხელმწიფეთ და შეიქმნა მამამთავრად ახალის დინასტიისა, რომელსაც უწოდებენ სასსანისას, იმისი მამის სასსანის სახელობაზე.[2]

ამ გარემოებასა ჰქონდა დიდი ზედმოქმედება სომხეთზედა სადაც ხელმწიფობდა არტაბანის ნათესავი ხოსროი, და დიდად აღაშფოთა ამ გარემოებამ თვით რომის იმპერიაცა. იმ დროს როდესაც ხოსროიმ სთხოვა შემწეობა რომაელთა არდშირის საწინააღმდეგოდ, არდშირმა, გაამპარტავნებულმა პირველის გამარჯვებითა, დაისახა სამაგალითოდ კიროსი, და გაგზავნა დესპანი 400 ამორჩეული კაცი სპარსები გამოჩენილნი მშვენიერის შეხედულობითა დ შთამამავლობითა და უბრძანა, ეთქვათ იმპერატორ ალექსანდრე სევერისათვის, რომ კიროსმა პირველმა დაიპყრო მთელი აზია და მისი მემკვიდრეები დიდხანს იყვნენ აზიის მბრძანებლებიო, იმათი საბრძანებელი იყო ეგეის ზღვამდინ და ეფიოპიამდინაო. ჩემმა დაბადებამ და ვაჟკაცობამ მომცა მე უფლება და იმათი სამეფო ტახტი. ეხლა ჩემი პატივი მოითხოვს, რომ აღვადგინო დიდება და სამძღვრები კიროსის სახელმწიფოსი. დეე რომაელნი მსწრაფლ განშორდნენ იმ მზრებსა, სადაც ერთს დროს ხელმწიფობდნენ ჩემი წინაპარნი, იმათ შეუძლიანთ დარჩენა ევროპაში და მეც თანა-ხმა ვარ იმათა დაუთმო ევროპაში სარგებლობისა უფლება[3].

ალექსანდრეს უფრო ეფიქრებოდა სომხეთი, ვიდრე ვრცელი პლანი არდშირისა. შემოჰკრიფა მთელი თავისი ჯარები და თვით მიიღო იმათი მეუფროსობა სპარსეთის საწინააღმდეგოდ.

თუ რომ მეომარს კავკასის ხალხსა და იმათში ყველაზედ მაღლა მდგომს საქართველოს სამეფოს არა ჰსჭეროდათ სივრცე სიგრძის 59 და 67 გრადუსიდამ, საგანის 40 გრადუსამდე და ყოველთვის არ ეშინებინათ ერთის მხრით რომის მფლობელობა 67 გრადუსიდამ აღმოსავლეთისაკენ და მეორეს მხრით სპარსეთი 59 გრადურსიდამ დასავლეთისაკენ, სომხეთის სამეფო ამ ორ მოწინაამდეგე სახელმწიფოებთან ისეთი სუსტი იყო, რომ ვერ გაჰსძლებდა და მოიკვეთებოდა პომპეის ანუ ანტონიის დროდამვე; მაგრამ ავღუსტი, ანუ რომის სენატი, რომელსაც კარგად ესმოდა ამ იმპერატორის პოლიტიკა, მეცადინეობით იცავდნენ სომხეთის ავტონომიას (თვით მთავრობასა). სენატი რაცხდა სომხეთსა ევფრატის კარდონის საფარველად აღმოსავლეთის მხრით სპარსეთისაგან და ჩრდილოეთის მხრით კავკასის ხალხთაგან, — და ამისგამო ის სიხარულით უთმობდა სომხეთის შემოსავლის ნაწილსა მას, ვინც სომხეთის მეფის ტიტულისათვის იკისრებდა, რომ თავის თავი დაახვედროს იმ ხმალს, რომელიც მოიქნევებოდა ხოლმე რომის სამძღვრების დასარღვევლად აზიაში.

ალექსანდრე სევერი, მიუდგა ხოსროისა, და წამოვიდა სპარსეთ ში სამის არმიით; მაგრამ ერთს იმათგანსა, როდესაც მიაღწია ბაბილონიის ჭაობიან მინდვრებსა, შემოეხვია გარს მტერი და სრულიად ამოხოცა, მეორე, რომელმაც გაიარა სომხეთზედა და მიდიაზე, თავდაპირველად პირველზე უფრო ბედნიერი იყო: იმან მოაოხრა და გაანადგურა სუყოველის ფერი, რაც დახვდა გზაზედა და რამდენჯერმე დაამარცხა სპარსეთის ჯარი; მაგრამ მთაზე გადასვლის დროს მიეცა დიდი ზიანი ცუდის გზის სიძნელისა და მძაფრი სიცივისა გამო; მესამე უმთავრესმა არმიამ, რომელის წინა-მძღოლად იყო თვითონ იმპერატორი, და რომელსაც უნდა მიეცა შემწეობა პირველი ორი არმიისათვის და ამ გვარად უნდა მისულიყო შიდა სპარსეთშია ჯერ კი თავს ანებებდა გამარჯვებისათვის სახერხო შემთხვევათა, მერე კი იძულებულ-იქმნა უკან დაბრუნებულიყო მცირედი ჯარის რიცხვით, რომელსაც დაერია ავად მყოფობა და რომელიც მოეშვა სულითა და ხორცითა მკდოვანებისა და წარუმართებლობისაგანა[4].

ხოსროი, რომლის კარზედაც გაუწყვეტლად მოდიოდნენ მტრისაგანა გამოქცეულები და უკმაყოფილონი და რომელთაც მიიღებდა და უალარსებდა, ამ ლაშქრობის შემდეგ საოცარის ახირებით მარტო იცავდა თავის თავისუფლებას მაგრამ რადგანაც ჰგრძნობდა ამ გვარი მდგმოიარების უიმედობას ეხვეწებოდა ყველა არშაკიდებსა, რომ მიშველებოდნენ საზოგადო მტრის დასაცემად. მათგან მხოლოდ ქართველთ ხელმწიფეებმა, თავის მიერ მოწოდებული კავკასის თემებით, წარმოსთქვეს თანაგრძნობა ხოსროისა, რომელმაც იმათის შემწეობით შიში დაჰსცა კიდეცა სპარსეთსა.[5] სხვა არშაკიდებმა არამც თუ არ მიიღეს ცხოველი მონაწილეობა, არამედ აღმოჩნდა იმათ შორის ერთი, განთქმული გმობითა თავისის და თავისი შვილის დიდებითა, ანაგანი, რომელმაც რა მიიღო არდშირისაგან ბლომათ ქრთამი, მოწამლა ხოსრო მე 232 წელიწადში. სომხებმა სთხოვეს მფარველობა რომაელთა ტირიდატის სასარგებლოდ, რომელიც იყო მცირე-წლოვანი და მხოლოდ ერთი მემკვიდრე ხოსროისა; მაგრამ ვიდრე მოეშველებოდნენ რომაელნი სპარსეთის ხელმწიფე შემოვიდა სომხეთში მე 233 წელიწადში. ერთგულმა მოსამსახურემა გადაარჩინა ტირიდატი და გააქცია რომსა, რომელსაც მიანდო აღზრდა და შემდეგი სვე ამ მეფის შვილისა.[6] თუმცა რომაელთ ისე ძვირფასად მიაჩნდათ სომხეთის ავტონომია, მაგრამ მე 233 წლიდგან მე 287 წლამდინ ყოველი იმათი ცდა ამ სახელმწიფოს სპარსებთაგან განთავისუფლებისა დარჩა ამაოდ. სომხეთის დაჭერის შემდგომ, საფორს, არდშირის შვილსა, იმედი ჰქონდა რომაელთა უღონობისა, და ძალა დაატანა ძლიერს გუშაგსა კარრისა და ნიზიბისის ქალაქებისასა, რომ გაეწმინდათ ევფრატის ნაპირები, სადაც იმან შიშისა და აოხრებას ზარი დაჰსცა. რომს თავს-ზარი დაეცა ჯერ წყენისაგან, რომელიც მიეცა ამის გამო იმის დიდებულებასა და მერე შიშისაგან, რომელიც წარმოუდგა.

მე 260 წელიწადში ვალერიან იმპერატორი, თუმცა მოხუცებული იყო, მაგრამ განიზრახა თვითონ წასვლა ევფრატზე რომის მაზრების დასაცველად. ის გავიდა ამ წყალში, მაგრამ მსწრაფლ შემოეხვია რიცხვით აღმატებული მტრის ჯარი, და იძულებულ იქმნა მოციქულების ხელით მიერთმია საფორისთვის ურიცხვი ფული და ეთხოვნა ნების-მოცემა სამარცხვინოდ უკან დაბრუნებისათვისა.

საფორმა შეურაცხებით უარი სთქვა ფულის მიღებაზე და მოითხოვა ვალერიანის პირის პირ ნახვა. ნახვა დაბოლოვდა იმითი, რომ იმპერატორს დაადეს ბორკილი და თვით რომის ლაშქარმაც იარაღი დადო. იმ ამპარტავნების და პოლიტიკის გამარჯვებამა იძულებულ ჰყო საფორი, ეჩვენებია ქვეყნისათვის, რომა რომის საიმპერიო ტახტის მოხმარება იმის ხელთ იყო და მის გამო დანიშნა იმპერატორად არა რითმე განთქმული ანტიოქში მცხოვრებელი — კირიადი, რომელიცა მაშინვე მიიღეს ხელმწიფედ მორჩილმა რომის ჯარებმა. ამ საქმეების ამბავი გავარდა საჩქაროდ და მთელი ქვეყანა ელდით შეარყია. ამბობენ, რომა ვალერიანი, დატვირთული ხუნდებით და ბორკილითა იმპერატორის სამკაულით ხშირად ყოფილა გამოყვანილი მდაბალი ხალას სასაცილოდ და ყოველთვის, როდესაც საფორი მოინდომებდა ცხენზე შეჯდომასა, ფეხს რომის იპერატორის კისერზე დაადგამდა და ისე შეჯდებოდა. როდესაც ვალერიანი სირცხვილისა და მწუხარებისა გამო მოკვდა, იმისი ტყავი ჩალით გატენილი იყო. ჩამოკიდებული გამარჯვების იავართა შორის [7].

ცოტას ხანში ამას შემდგომ აიღეს ანტიოქი, თარხი და კესარია და მიეცნენ სპარსეთის ჯარის აკლებასა. ახალს რომის იმპერატორს, უბედური ვალერიანის შვილს, გალინს, არ შეეძლო გაებედნა არც შურის ძიება მამის უპატიურობისათვისა და არც სახელმწიფო სამძღვრების დაცვა.

_____________

1 Louis Dubeux; l'univers, la Perse ed. 1841p. 278 et 279

2 ST. Marfin memoire sur l'Armenic tom. Ip. 302-304.Gibbon his. de la decaeance et de la chute de l'empire Tomain. chap VII.

3 Qisbbon, hist. be l'emp. rom. ch. VIII.

4Gibbon. hist. de l'emp. rom. ch. VIII.

5 ქართლის ცხოვრება; მაგრამა ეს წელთ აღწერა სომხეთის შველას რასაკვირველია, შეცდომით აწერს ასფაგურსა-საქართველოს მეფესა.

6 st Marfin; mem. sur I’Armenie t. 1. p. 302 — 304

7 Gibbon. hist de l'emp. rom. ch X.

6.3 VIII. სასანიდების დინასტის დაჯდომა საქართველო სამეფო ტახტზედ.

▲ზევით დაბრუნება


VIII. სასანიდების დინასტის დაჯდომა საქართველო სამეფო ტახტზედ.

დესპანობა საფორთან თხოვნით, რომ დაენიშნა საქართველოს ხელმწიფედ მირიანი. — დანიშვნა მირიანისა — განკარგულება საფორისა — საქმეები მირიანისა დიოკლეტიანს სპარსეთთან ომამდინ. — დაძრა ალანებისა და ფრანკებისა.

ამ გვარ აღმოსავლეთის გარემოებათა შორის საქართველოში, ასფაგურის სიკვდილით, მე 265 წელიწადში, ამოწყდა არშაკიდების მამრობითი ნათესაობა და მხოლოდი ერთი ქალი ამ ხელმწიფისა დარჩა ხელმწიფის ტახტის მემკვიდრედ; მაგრამ ის ჯერეთ მეტად ჩჩვილს ყრმობაში – და ვერ შეეძლო აეტანა ტვირთი მმართებლობისა იმ საშიშარ დროებაში. ერისთავების რჩევამ, რომელნიც ერთმანეთს დააახლოვა მრისხანე გარემოებამა, დაუყოვნებელად გადასწყვიტა, მიემართაო თხოვნით საფორისათვის, რომ ერთი თავისი შვილთაგანი დაენიშნა საქართველოში ხელმწიფედ და შეერთო ცოლად ასფაგურის ქალი. ეს იყო მხოლოდ ერთი ღონისძიება, საშიშარი მდგმოიარებისგან გამოსახსნელი, რომელზედაც იყო დაყენებული პატივი და ნივთიერი სარგებლობა ხალხისა. ამასთანავე საქართველოს საზოგადოება სანუგეშოდ ხედავდა იმასა, რომ სიორმა, რომელიც შეუბრალებლად მოექცა რომაელებს და იმათ მაზრებს მცირე აზიაში გამოიჩინა თავისი თავი სომხეთში კეთილ-მომქმედ რჯულის დამდებად[1].

როდესაც საქართველოს დესპანმა წარუდგინა თხოვნა ხალხისა საფორსა, იმანა ჰკითხა: „სად არის მცხეთის ქალაქი და დიდია თუ პატარა; რამოდენს მანძილზედა სცხოვრებენ იქიდგან ხაზარნი და ოსსები, და რომელი გვარის შთამამავალია საქართველოს ხელმწიფის ქალი?“ როცა მიიღო პასუხი, საფორი თვითონ წამოვიდა საქართველოში და დაკმაყოფილებული დიდებულის დახვედრითა და პატივით, რომელიცა სცეს ყველგანა, ის ყოველ თხოვნაზედ თანახმა შეიქნა და, დანიშნა რა თავის შვიდის წლის შვილი მირიანი (დაბადებული იმისი საყვარელი მხევალისაგან) საქართველოს ხელმწიფედ, მისცა იმას სომხეთისა და მთელი კავკასის ხალხის მფლობელობის უფლება. მაგრამ ეს უკანასკნელი უფლება, ჩვენის აზრით, შეიძლებოდა ყოფილიყო თუ არ მარტო სახელითა, ფრიად დაუდგრომელი და მოკლე-ხნისა მაინცა.

ამის შემდგომ საფორმა მოახდინა ზოგიერთი განკარგულება: დანიშნა კაცი, რომ მირიანზედ ზრუნველობა გაჰსწიოს და აღზარდოს იმ დროების საქართველოს სარწმუნოებაზედ ე.ი. ზოროასტრის სარწმუნოებაზედ, რომელსაც ერია კერპთ-თაყვანის ცემაცა; მოახდინა განკარგულება სხვა და სხვა საქართველოს ნაწილებში ჯარის დაყნების წესისა, და ისე წავიდა სპარსეთში.

ქართული ენისა, სარწმუნოებისა და აქაური ადათის სწავლამა და იმისმა ქართველებისადმი ყურად-ღებამ, მირიანი შეაყვრა, მიათვისა ხალხსა და დაამკვიდრა საქართველოსი და ახალი მეფის შთამამავლობის კავშირი. იმის ხელმწიფობის დასაწყისი წარმოადგენს გაუწყვეტელს ბრძოლას ჩრდილოეთის თემებთანა, მეტადრე ხაზარებთანა, რომელსაც ის დაუხვდებოდა ხოლმე ხან დერბენდისა და ხან დარიალის კარებთანა, მაგრამ სამხედრო გამარჯვებას შორის, ის აგრეთვე ზრუნავდა ციხეებისა გამაგრებისათვისა და ქალაქებისა, ტაძრებისა, სამსხვერპლოებისა და ფარნავაზის სასაფლავოს განმშვენიერებისათვისა. ამას ყოველის ფერს, საქართველოს მატიანე უმატებს ამბავსა, სპარსეთში გამარჯვებისასა, საფორის შვილის შვილის ბარამის ხელმწიფობის დროსა და ბაღდადამდისინ ლაშქრობით მისვლასა; მაგრამ ამ ფაქტის დასამტკიცებლად, ჩვენ ვერაფერს ვერა ვხედამთ სპარსეთისა და ლათინის ისტორიკოსებთაგან. ეს ფაქტი, მეტად დიდი არის იმ ძალისთვის, რაც ჩვეულებრივ საქართველოს ჰქონია, და არ შეიძლება საეჭვოდ არ დარჩეს, თუ რომ არ დამტკიცდება უცხო ქვეყნის მწერლებთაგანაც თვით უჭეშმარიტესს სახალხო მატიანეს, რომელი სახელმწიფოსიც უნდა იყვეს, შეიძლება ვენდოთ იმ შემთხვევაში, როდესაც იმათი ჩვენება შეეხება საკუთრად სახელმწიფოს შინაურს საქმესა, იმის შინაგანი ძალისა და ღონის მიხედვით; მაგრამ ამბავი გარეგანი საქმისა მიუცილებლად მოითხოვს გარეშე პირთა დამტკიცებასა.

ამასობაში მირიანის ხელმწიფობის დროებას მიეწერება ორი საქმე, რომელიც შეეხება დასავლეთის ზღვის პირს მდებარე საქართველოს მაზრებსა, რომელსედაც ქართული მატიანე სრულიად არაფერს არ ამბობს. ეს საქმენი არიან ალანებისა და ფრანკებისა დაძვრა.

ავრელიანის მმართებლობის დროს, ალანებმა წაიწიეს დასავლეთით და დასცეს კარვები აზოვის ზღვის მეზობლად. მაშინ ამ იმპერატორმა, მოინდომა მათი განშორება რომის სამძღვრებიდგანა, და ამიტომაც დაჰპირდა იმათ დიდს საჩუქარსა, თუ რომ ისინი გაბრუნდებოდნენ უკანა და დაეცემოდნენ სპარსეთსა. მაგრამ როდესაც ეს დაპირება არ აუსრულეს ავრელიანის სწრაფის სიკვდილის გამო, ალანებმა, გამწარებულებმა, რომ—როგორც იმათ ეგონათ—იმათ პირობა არ აუსრულეს გმობისაგამო, მიმართეს თავის გამბედავობასა, რომ შური ეძიათ და მიეღოთ დაპირებული. მე 276 წელიწადში გადმოიარეს აფხაზეთზედა, შემოვიდნენ სამეგრელოში და კლარჯეთში, გაცარცვეს რა ეს მაზრები წავიდნენ პონტში და სხვა მცირე აზიის ქვეყნებში. ტაციტ იმპერატორი იძულებულ იყო მიეცა იმათთვის დაპირებული ფული და თანაც შეუკვეთა, რომ გასცლოდნენ რიონის მარჯვენა მხარეს; მაგრამ შემდგომ, თავისი იმპერიის ძლიერების პატივის ცემის შეგონება მოინდომა, თვით გამოუძღვა ჯარსა შუა გულს ზამთარში ალანებთან შაბმისათვის და კავკასის მთის ძირში გარდაიცვალა სიბერის უძლუროებისაგამო.

ამავე წელიწადში ტაციტის მემკვიდრემ, პრობმა, იმათი მეორე შემოვის შიშითა რომის მაზრებში, თითქო კარდონის გუშაგის გასამაგრებელად პონტის აღმოსავლეთის ნაწილში, ბრძანა დასახლება ფრანკებისა, რომელთაც ენდობოდა მაგრამ ფრანკებმა ერთს პონტის ნავთ-სადგურში, ღუზაზედ მდგომარე გემები დაიპყრეს და წამოვიდნენ კლარჯეთისა და სამეგრელოს ნაპირებისაკენ და როცა მიახწიეს რიონის შესართავამდინ, გამოვიდნენ ღია ზღვაში და ბოსფორით გავიდნენ ევროპაში, ეცემოდნნ და ცარცვავდნენ ყოველ ქვეყნის პირებისა, რომელსაც მოხვდებოდნენ ხოლმე[2]

ამ ფაკტზედ ქართული მატიანეს, სრული დუმილი არ გვაძლევს შეძლებასა ვაჩვენოთ, რა მონაწილეობა ჰქონდა ამაში მირიანსა.

თ. სულ. ბარათაშვილი

_____________

1 Gibbon. hist de l'emp. rom. ch. X.

2 Gibbon. hist de l'emp ch. XII.

7 საბრალონი

▲ზევით დაბრუნება


7.1 საბრალონი

▲ზევით დაბრუნება


საბრალონი

(დასაწყისი იხ.№5)

მაშ თქვენში ოც ლუიდორის მდომელი და საწყალ ბერიკაცის დამხსნელი არავინ არი?

ხალხში არავის არ გაინძრა და არც ხმა ამოიღო. გამშრალნი იდგნენ. ჟავერმა კიდევ უთხრა:

— მე ერთ კაცს ვიცნობდი, რომელიც ამ შემთხვევაში ბერკეტათ და ამ პოვოსკის ასაწევათ გამოდგებოდა: ის კატორღელი ტუსაღი იყო.

— ვაი! გავიჭელიტე! . . . ვკვდები! . . . მიშველეთ! ბებერი ყვიროდა.

მადლენმა თავი აიღო და თავისზე არწივსავით დამაცქერალი და დაჭყეტილი ჟავერის თვალები ნახა, გლეხებს შეხედა და მწარეთ გაიღიმა. მერე ხმა ამოუღებლივ დაიჩოქა და მანამ ხალხი ამაზე გაოცებით დაიკივლებდა, ის შეცოცდა და პოვოსკის ქვეშ იყო. ყველა ხმა განაბული ელოდა.

ხალხმა ნახა, როგორც მადლენი ამ საშინელი სიმძიმის ქვეშ გულდაღმა იყო გაშოტილი და ეცოდილებოდა, რომ ნიდავები მუხლებთან მიეტანა და მურე ისე აეწია, მაგრამ ვერ მოეხერხებინა. მაშინ დაუყვირეს:

— ბიძია მადლენო! გამოდი მანდედანა!

ფოშლევანმაც კი უთხრა:

— უფალო მადლენო, გასწით აქედამ! ამას ხომ ხედავთ, რომ შე აქ უნდა მოვკვდე! მე თავი დამანებეთ! თორემ თქვენც დაგიტანსთ!

მადლენმა ხმა არ გასცა.

ხალხი ძლივს ღა სუნთქავდა, ისე გამქრალი იდგა. პოვოსკის თვლები უფრო ჩაიკლა მიწაში; მადლენის იქიდგან გამოსვლა თითქმის ნულიღა იყო.

უეცრად იმოდენი სიმძიმე შეიძრა, პოვოსკა ნელნელა აიწია, თვლები ნახევარზედა ნაკვალევიდამ ამოვიდა. შეესმათ ერთი სულშეგუბებული კვნესის ხმა: „მალე! მამეშველებით!“

ეს მადლენის სმა იყო, რომელიც თავის თავს უკანასკნელ ძალას ატანდა.

ხალხი მისცვინდა. ერთ ადამიანის თავ-გაწირულებამ სუყველა გაამხნევა, ღონე და გული მისცა.

ოცმა კაცმა ასწიეს პოვოსკა. მოხუცებული ფოშლევანი სიკდილს გადარჩა.

მადლენი ადგა. თუმცა ხვითქივით ოფლი ჩამოსდიოდა, მაგრამ მკვდრის ფერი ედო. ტანისამოსი დახეოდა და ტალახში ქონდა მოთხუპნული. სუყველნი ტიროდნენ, მოხუცებული მუხლებზედ ესვეოდა, კოცნიდა და ეუბნებოდა: შენა ხარ ჩემი დამხსნელიო. მადლენს კი სახეზე რაღაც ნაირი საოცარი, ბედნიერი და ციური ტანჯვა ეცნეოდა; მშვიდობიანის სახით დაუწეო ჟავერს ცქერა, რომელიც თავის მხრით თვალმოუშორებელი დასცქეროდა მადლენს.

ფოშლევანს წაქცევის დროს მუხლი ეღრძო და დაშავებული ჰქონდა. ბიძია მადლენმა თავის გამართულ ქარხნის მუშებისთვის ლაზარეთში გადაყვანა უბძანა, საცა ავათმყოფებს ნიადაგ ორი დედაკაცი უვლიდა ხოლმე. მეორე დღეს დილით მოხუცებულმა ფოშლევანმა თავის სტოლზე ორასი ფრანკის ბილეთი იპოვა და თან მადლენის ბარათი; შიგ ეწერა: „მე თქვენგნით თქვენ ცხენს და პოვოსკას ვყიდულოფო“. ის კი არა თუ პოვოსკა მაშინვე დაილეწა და ცხენი კი იქვე მოკვდა. ფოშლევანი კარგათ გახდა, მაგრამ ცალი ფეხი მოკაკული დარჩა. მადლენის მეცადინეობით. ის წმინდა ანტონის მოლოზნების მონასტერში მებაღეთ დანიშნეს, პარიჟში.

7.2 დედაკაცი ვიკტურნიენი ზნეობის სასარგებლოდ ორმოც და ათ ფრანკსა ხარჯავს

▲ზევით დაბრუნება


დედაკაცი ვიკტურნიენი ზნეობის სასარგებლოდ ორმოც და ათ ფრანკსა ხარჯავს

როცა ფანტინა ქ. მ-ში მივიდა, როგორც უწინა ვსთქვით, მთელი ის მხარე ბედნიერებაში იყო. მადლენის გამართული ქარხანა მზათ დახვდა, - იქ მივიდა და დედაკაცების სახელოსნოში მალე იშოვნა ადგილი. იქაური სამუშაო ხელობა ფანტინამ ჯერ არ იცოდა და რადგასაც ამისთვის პირველი ნახვა იყო და შეუჩვევარიც იყო, ამის გამო ხელი მარდობა არა ქონდა და ბევრს ვერ მუშაობდა, ამიტომაც ჯერ ძალიან ცოტა ფას აძლევდნენ; მაგრამ ამისთვის ესეც საკმაო იყო, რომ თავის ჯაფით ეცხოვრა; გულის წადილი ასე აუსრულდა.

როცა ფანტინამ დაატყო, რომ ცხოვრებისთვის ღონის ძიება ჰქონდა და შეეძლო თავის დარჩენა, ძალიან გეეხარდა. ნამუსიან და პატიოსანი შრომით ლუკმა პურის მოპოება კი ღვთის მოწეალებაა! კაცმა ღმერთს როგორ არ უნდა დაუმადლოს! ჯაფის ატანა ფანტინას დაუბრუნდა და შეეჩვია. თავისთვის სარკე იყიდა. შიგ უყურებდა ხოლმე და თავის სიახალგაზდეს, მშვენიერ თმებს დ ლამაზ კბილებს დახაროდა; ბევრი რამ დაავიწყდა, მარტო კოზზეტაზე და მომავლისათვის ფიქრობდა, ერთი პატარა ოთახი იქირავა, ცოტაოდე ვალიც აიღო და სუფთათ მებელით მორთო.

არ შეეძლო ეთქვა და გამოეაშკარებინა, რომ ქმრიანი იყო დ როგორც ჩვენ უწინ შევატეთ ძალიან ფთხილობდა, მალავდა და არავის არ ატყობინებდა, რომ პატარა ქალი ევდა. მაგრამ ეს დაფარული საიდუმლო ბოლოს შეუტყეს და გამოაშკარავეს, პირველათ, როგორც უწინა ვსთქვით, ფანტინა ტენარდიებს ფულებს რიგზე უგზავნიდა. რადგანაც თავის სახელის და გვარის მოწერის მეტი წერა არ შეეძლო, ამისთვის ტენარდიებთან წიგნებს საზოგადო მწერალს აწერინებდა ხოლმე.

ამას ეს შეუტყეს, რომ წიგნებს ჩქარ ჩქარა სადღაცა გზავნიდა. დედა-კაცების სახელოსნოში ჩუმათ ლაპარაკობდნენ და ამბობდნენ: „კანტინა წიგნებსა სწერსო. დ რაღასაც ეშმაკობსო.“

ქვეყანაში ისე არავინ არ დასცქერის და არ ათვალიერებს ადამიანების ყოფაქცევას, როგორც ისინი, რომლებსაც იმათი ქცევა სრულებით არ შეეხებათ და საჭირო არ არის იმათთვის. „ესა და ეს კაცი მარტო საღამ-საღამოობით რაი დადისო? ამ მავანი თავის ოთახის გასაღებს მუდამ ხუთშაფათობით რატომ კარების ლურსმასზედ არ ანებებსო? ესა და ეს კაცი ვიწრო ქუჩებში რათ შეუხვევს ხოლმეო, როცა ვინმე შემოეერებაო? ამ მავანი ქალი თავის ეკიპაჟს რატო კარებს ახლო არ ავენებსო და შორს ადრევე რათ ჩამოხტება ხოლმეო? ის ქალი ფოშტის ქაღალდის საყიდლათ დუქანში რათა გზავნისო, როცა შინ თითონაც ბევრი აქვსო? და სხვა და სხვა. ამ გვარი ადამიანები არიან, რომლებიც ერთ ამისთანა ცუდ-უბრალო საქმის გამოსაძიებლად და შესატყობლად უფრო ბევრ დროს კარგვენ, ამასთანვე უფრო ბევრ ფულებსა ხარჯვენ, ვინმც ათ კეთილი საქმის ასრულებისათვის; და ეს სულ უბრალოთ, უნაყოფოთ და ფუჭ ამბების შესატყობათ, რა არი რომ თავიანთ გამოძიების სურვილი და ჟინი მოიკლას. ამისთანები მზათ არიან მთელი ღამე გასტეხოს, მთელი დღე კარზე გაატარონ, უთვალთავლონ, დაზვერონ ან კაცსა ან ქალისა,-რავდენიმე საათი სადმე კუთხეში მიმალულნი უყარაულონ, ან ქუჩაში ღამე წვიმაში და სიცივეში გაშეშებულნი იდგნენ; მზათ არიან უბრალო ამბის შესატეობათ დააქრთამოს და შეისყიდონ ვისიმე მეკარე, მოახლე და, — მოსამსახურეები და მედროშკები დაათრონ, იმ ფიქრით, რომ როგორმე რამ გამოათქმევინონ, ის, რის შეტყობაც უნდათ. მაგრამ რისთვის? ეხლა რა ფიქრით? ისე; არაფრისთვის. სურვილის მოსაკლავათ; უნა ექავებათ და ქავილი აწუხებსთ. ბევრჯელ ასე და ამ ნაირ შეტყობილ საიდუმლოებს და დაფარულ ამბებს რავდენი ავი რამ მოსდევს, როცა გამოაშკარავებენ ხოლმე? დუელში გამოთხოვა, გაკუტრება, სახლობაში ცოლი ქრმობის უკმაყოფილობა და სხვა ათას უბედურება მოსდევს ხოლმე და ეს სულ მარტო იმათ სასიამოვნოთ, რომლებმაც „სუყველა შეიტე“, უსარგებლოთ და უნაუოფოთ. ისე, ცუდ უბრალოთ. ეს სამწუხაროა!

ზოგიერთი ადამიანი აი იმიტომ არის, რომ როშკა უყვარს. იმათი ლაპარაკი, საცა კი ადგებიან და დაჯდებიან ებუდობაა; ესენი სწორეთ იმ ბუხრებსა გვანან, რომლებიც ბევრ შეშასა ბუგვენ; - მათთვის დასაწვავათ ბევრი შეშა სჭირო და ეს დასაწველი შეშა თავიანთი მოძმენი არიან.

ფანტინას თვალს ადევნებდნენ.

ამასთანვე ბევრი დედაკაცი იმის მშვენიერ თმებს და ლამაზ კბილებს შურიანის თვალით უყურებდა.

ამტკიცებდნენ, რომ როცა სახელოსნოში დედა-კაცები ერთათ შეყრილნი ვართო, ფანტინა ბევრჯელ მიბრუნდება ხოლმეო დ ცრემლებს იწმენდსო ეს ის წამი ყოფილა, როცა ფანტანა თავის ყმაწვილზე ფიქრობდა და აგონდებოდა, ან, ესეც იქნება, — როცა ის კაცი აგონდებოდა, რომელიც იმას უყვარდა.

შეატყეს და შემცნიეს, რომ ის თვეში სულ ცოტა ორ წიგნს მაინც გზავნიდა,-წიგნს ზემოდამ მუდამ ერთ საათს აწერინებდა მის კუთვნილებას და გასაგზავნ ფულსაც თითონვე აძლევდა. ესეც შუიტყეს ვისთანაც გზავნიდა იმ წიგნებს და რა ადრესითაც: „უფ. ტენარდიეს, მეტრახტინეს, მონფერმელში,“ იმდენი ეცადეს, რომ კანტინას წიგნების დამწერს, საზოგადო მწერალს, ძველ კეთილ ადამიანს, ერთ დუქანში ყველა დაწვლილებით გამოათქმევინეს; ეს მწერალი უიმისოთ ისე არ გაიმსებდა თავის მუცელს წითელ ღვინით, რომ ყვევლა არ გამოეროშნა რა და გულიდამ სხვის საიდუმლოები არ დაეცალა. ასე, ბოლოს შეიტყეს, რომ ფანტისას შვილი ჰყავდა „ეს უთუოთ უქრმო და გაუთხოვარი დედაკაციაო !“—

ერთი სათლი დედაც გამოჩნდა, რომელიც განგებ ამ ამბის შესატყობლად მონფერმელში წასულიყო, ტენარდიები ენახა, იმათთან ელაპარაკნა და როცა ისევ უკან დაბრუნდა ასე ამბობდა: „მე მართალია ოცდა ათი ფრანკი დახარჯეო, მაგრამ გულო დავიმშვიდე და სუყველნიკერი დაწკლილებით შევიტყეო. თან ამასაც უმატებდა: „იკანტინას ქალი მე ჩემის თვალით ვნახეო!“

ეს ნათლი დედა ერთი ავი და ორმოცდა თექვსმეტი წლის ქოფაკი დედა-კაცი იყო, სახელათ ვიკტურნიენი, მთელი ქვეენის მადლის დამცველი და დამფარავი. ამ ბებერ დედა-კაცს თავის სიახალგაზდეში, წელსა 1793 ერთი მონასტირიდამ გამოქცეული ბერი შეერთო. ძალიან ავი და მბასრავი ხასიათის ადამიანი იყო თითქმის გესილიან და შხამიანი. თავის განვენებულ ბერს მალმალ იგონებდა ხოლმე, რომლის სიკვდილის შემდეგ დაქვრიებულიეო დ რომელსაც სიცოცხლის დროს ეს მეუღლე ძალიან ხელში სჭეროდა დამორჩილებული. ამ ბერის ნაქვრივალს პატარა მამული ჰქონდა ქმრის უკან დარჩენილი და თავის სიცოცხლეშივე დიდის ამბით და გამოაშკარებით ის მამული ერთს სასულიერო საზოგადოებს უნდერძა. აი ამ ნაირათ ბებერი დედა-კაცი ვიქტურნიენი წავიდა მონფერმელში, დაბრუნდა და იძახდა: „ფანტინას ყმაწვილი მე ჩემის თვალითა ვნახეო“.

ერთ წელიწადზე უფრო მეტი იყო ფანტინას ქარხანაში ყოფნა და მუშაობა; ერთიც ვნახოთ, ერთ დღეს დილით, სახელოსნოს ზედა მხედველმა უფ. მადლენის სახელობით იმას ორმოცდა ათი ფრანკი ჩააბარა და გამუცხადა, რომ ის ქარხნის ხელოსნებსა აღარ ეკუთნის, ითხოვენ და უფალ მერის სახელობითვე, ურჩია იმ ქალაქიდამ სრულიად გასვლა.

ეს სწორეთ იმ თვეში მოხდა, როცა ტენარდიებმა ფანტინას, ქალის შესანახავათ, თვეში ექვსი ფრანკის მაგიერათ, მიიღეს თორმეტი, და თორმეტ ფრანკის მაგიერათ მოსთხოვეს თხუთმეტი.

ფანტინას თავზარი დეეცა. იმ მხარეს თავს ვერ დაანებებდა, და სხვაგან ჯერ ვერ წავიდოდა, უფრო იმიტომ, რომ სახლის ქირა და მებელის ფული ემართა. ვალების გადახდას ორმოცდა ათი ფრანკი არ ეყოფოთა, სულ ვერ მოიშორებდა, ჩუმათ რავდენიმე შესაბრალისი და შესავედრებელი სიტყვები წარმოსთქვა-შეეხვეწა, მაგრამ ზედა მხედველმა კიდევ გაუმეორა, რომ იმწამსვე სახელოსნოდამ გასულიყო. ამასთანვე ფანტანა შუათანა მშა დედა-კაცი იყო და არა პირველი. უფრო სირცხვილით შეწუხებული, ვინამც უიმედობით და განწირულებით, სახელოსნოდამ გამოვიდა და თავის ოთახში დაბრუნდა. ამას დანაშაული და შეცდომა ასე ყველამ შეიტეო და გამოაშკარავდა.

ერთი სიტყვის ამოღების ქანცი აღარ ქონდა. ზოგნი ამას მერის ნახვას ურჩევდნენ, მაგრამ ფანტინამ ვერ გაბედა. მერმა ორმოცდათი ფრანკი იმიტომ მისცა, რომ კეთილი კაცი იყო და იმ მიზეზით გამოაგდო, რომ მართალი და ჭეშმარიტი კაცი იყო. ფანტინა ამ გასამართლებს დამორჩილდა.

7.3 ვიქტურნიენის გამარჯვება

▲ზევით დაბრუნება


ვიქტურნიენის გამარჯვება.

ამ საქმის უფ. მადლენმა სულობით არა იცოდარა. ამას დედაკაცების სახელოსნოში შესვლა ჩვეულებათ არა ქონდა და ყველაფრის რიგის მიცემა ერთ უფროს ბებერ დედა კაცს ებარა, ზედა მხედველს, რომელიც იქაურ მღვდელს გაეცნო. მადლენთან, იმის რჩევით აეყვანა ქარხანაში დედა-კაცების სახელოსნოს ზედამხედავადა და მადლენს ძალიან ნდობა ჰქონდა იმაზედ.

ეხლა ფანტინს უნდოდა სადმე სახლობაში მოახლეთ დამდგარიყო, კარდაკარ დადიოდა, მაგრამ არავინ არ დაიჭირა. ამ ქალაქიდამ სხვაგან წასვლაც ვერ შეძლო. მებილის გამყიდავმა, რომლისაც ფანტინას მებილის ფული ემართა, ასე უთხრა:

„თუ შენ აქედამ სადმე წასულხარო, მე მაშინვე ვიჩივლებო და როგორც ქურდს მე შენ ციხეში ჩაგსმევინევო.“ სახლის პატრონმაც, რომელისაც სახლის ქირა ემართა, ეს უხრა: „თქვენ ახალ გაზრდა ხართი და მშვენიერიო, მაშ ჯერ კიდევ შეგიძლიან გამისწორდეთო და ვალებიც გადიწყვიტოთო“ ფანტინამ გაუწილა თავის ორმოცდა ათი ფრანკი სახლის პატრონს და მებილის გამყიდავს და ამ ბოლონდელს, სამი წილი მებილი, რომელიც ნისიად გამოერთვა უკანვე დაუბრუნა თავისთვის მარტო ის დაინებია, რაც ძალიან საჭირო იყო და უიმისობა არ იქნებოდა. ამ ნაირად დარჩა ასე უხელსაქმოთ, უადგილოთ, მარტო ერთ ლოგილის და კრაოტის ანაბრად და იმის გარდა არაფრით არ ებადა, ასი ფრანკის ვალის მეტი.

ფანტინამ სალდათების სხვილი ტილოს პერანგები აიღო. შესაკერად და დღეში ამ ხელსაქმით იღებდა თორმეტს სუსი ქალის შესანახს კი დღეში ათ სუს აძლევდა. ამ დღიდამ დაიწყო და ტენარდიებს ფულს რიგზედ ვეღარ უგზავნიდა.

თან და თან სიღარიბეს და ნაკლებულებას შეეჩვია, ყაირათი ისწავლა, გაიგო, როგორც ზამთარში უცეცხლოთ გაეძლო, ან თავის ძველ კაბიდამ როგორ გაეკეთებინა საბანი; რომ სანთელს გაფთხილებოდა და ცოტა დამწვარ იყო,-პირდაპირ მეზობლის სახლის ფანჯრის სინათლის შუქზედ სჭამდა ხოლმე ვახშამს. ეს ყველამ არ იცის, რასაც გაჭირებულნი ნამუსის გლახანი ერთ უბრალო მცირე გროშადამ ისარგებლებენ ხოლმე. უბედურებას და სისაწყლეს ფანტინა გაუმაგრდა. ამ დროს ერთ თავის მეზობელ ქალს უთხრა:

— რაუყო! ბევრჯელ ჩემ თავის თვის მითქვამს: მე რომ დღე და ღამ ხუთი საათის მეტი არ დავიძინო და მთელი დანარჩენი დრო ხელ საქმეს დაუდე, სულ არა იყოს რა, ლუკმა პურის ფას მაინც ავიღებ მეთქი. მეტადრე რომ, როცა ადამიანს გულზე დარდი და ვაება აწევს, მაშინ საიმისო მადა არა აქვს და ცოტასაცა სჯამს. ჰო და, აი ასე ერთის მხრით შეწუხება, გაჭირება, პატარა ლუკმა პური და მეორის მხრით,-გამწარება ეს, სულერთიასათ მე გამაძღობს.

ამ განწირულ მდგომარეობაში იმისთკის პირველი და დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ თავის ქალი თავისთან გვერდითა ყოლოდა. იმის მოყვანა უნდოდა და ფიქრობდა კიდეცა, მაგრამ ქალსაც რომ უნდა დედასავით ნაკლებულება და სიღარიბე გაეწია? ტუნარდიების ვალიც უმართა, როგორ უნდა გადეხადა? გზის ხარჯი მოუნდებოდა; რით უნდა წასულიყო. ან როგორ წავიდოდა, როცა სამგზავროთ ფულები არა ჰქონდა?

პირველ დღეებში ფანტინა სირცხვილით ვერ გასულიყო კარში, როცა ქუჩაში მიდიოდა ხოლმე. ატყობდა, რომ გამვლელ-გამომვლელნი იმას დააცქერდებოდნენ და იმაზე ერთი ერთმანერთს თითით უჩვენებდნენ ხოლმე; არავინ თავს არ უკრავდა, ასე ხალხის შეურაცხყოიფა და ზიზღი ფანტინს გულს უკლავდა.

პატარა ქალაქებში ყველა საწყალი და იმის უბუდურობა აშკარათ სჩანს, ყველა ხედავს და უწყალოთ დასცინის; პარიჟში კი სულ რა იყოსრა, თქვენ არავინ გიცნობსთ, მაინც ეს უცნობობა და უცხოობა თქვენ გფარავსთ — თქკენი ტანისამოსია. ოჰ! რო იცოდეთ თუ რა გულიანათ უნდოდა იმ დროს ფანტინას პარიჟში ყოფნა. მაგრამ ძნელი იყო!

დედა კაცი ვიქტურნიენი როცა ქუჩაში თავის ფანჯრიდამ გამვლელ ფანტინას დაინახავდა ხოლმე და იმ გაჩენილის განწირულებას და უკანასკნელ მდგომარეობას აცნევდა, რაშიაც იმის მადლით და მოწყალებით იყო ჩავარდნილი, ძალიან უხაროდა.

მეტის მეტად ბევრ ხელ-საქმობამ და ჯაფამ ფანტინას ქანცი გაუწყვიტა და უწინდელი პატარა ხველა მოემატა და გაუცხოველდა. ერთ თავის მეზობელ დედა-კაცს ზოგჯერ ეტყოდა ხოლმე „ნახე რა ცხელი ხელები მაქვსო“.

მაგრამ დილაობით როცა ძველ დამტვრეულ სავარცხლით თავის მშვენიერ აბრაშუმსავით ბრწეინვალე თმებს დაივარცხნიდა, გულში ცოტას ხანს კეკლუცობდა და კოხტაობდა.

კანტინა ზამთრის ბოლოს დაითხოვეს ქარხანიდამ; ზაფხული გავიდა და ისევ ზამთარი დადგა დღემ იკლო, სამუშაოც შემოაკლდა. ზამთარში არც სითბოა, არც კარგი სინათლეა, არც შუა დღეს, — დილა და საღამო თითქმის ერთდება; ცა მუდამ მოღრუბლულია, ოთახში ბნელა. მზეს საწელის შეხედულობა აქვს საშინელი დროა წელიწადში ! ზამთარი წყალს და ადამიანის გულს აქვავებს. მოვალეები ფანტინას ძალიან აწუხებდნენ.

სამუშაო ფასს ეს უბედური ძალიან ცოტას იღებდა. ვალები ემატებოდა. ტენარდიებს რომ ფულები რიგზე არ მისდიოდათ, წამ დაუწუმ ასეთ წიგნებს იწერებოდნენ, რომ ფანტინას გულს უკლავდნენ და უკანასკნელ უიმედობაში აგდებდნენ. ქალის შესანახავათ ვალების გაგზავნა ხომ უფრო ღუნავდა და ასაწვლებდა. ერთ დღეს ტენარდიებისაგან ესეთი წიგნი მიუვიდა: შენი პატარა კოზეტტა საშინელ ყინვაში შიშველი დადისო, ტან-საცმელი არა აქვსო, მატყლის თბილი რამ არის ამისთვის საჭიროო და ათი ფრანკი გამოგვიგზავნეო. ფანტინამ ეს წიგნი მიიღო თუ არა არ იცოდა რა ექნა; წიგნს მთელი დღე ხელში ჭმუჭნიდა საღამოზე ის ერთი სადალაქოში შევიდა, რომელიც ქუჩის ბოლოს იეო და თავიდამ სავარცხელი ამოიძრო და მშვენიერი ოქროს ფერი თმები წელამდის ჩამოეშალა.

— რა საოცარი და მშვენიერი თმები გაქვს! დალაქმა უთხრა.

— ამაში თქვენ რას მისცემთ? ფანტინამ ჰკითხა.

— ათ ფრანკს მოგცემთ.

— მაშ შესჭერით.

იმ ფულებით კოზეტტასათვის საზამთროთ თბილი ტანისამოსი იყიდა და ტენარდიებს გაუგზავნა. ამ ტანისამოსმა ტენარდიები ძალიან გააცეცხლა და გააბრაზა. იმათთვის ფულები იყო საჭირო. კოზეტტას ტანისამოსი თავიანთ ქალს ეპნინას მისცეს. საწყალი ტოროლას კი სიცივით ისევ აკანკალებდა.

ფანტინა ფიქრობდა: „ჩემ შვილს ეხლა აღარა სცივაო. მე ის ჩემის თმებით შევმოსეო“. ეხლა პატარა და რგვალ თავსახვევებს იხვევდა, გაკრეჭილი თმები არ უჩნდა, მაგრამ მაინც კიდევ ლამაზი იყო.

ფანტინაში სამწუხარო ცვლილება მოხდა.

როცა დაინახა, რომ თავის ვარცხნა აღარ შეეძლო, უეცრათ სუყველა და ყველანი აითვალწუნა და შეიძულა. ბიძია მადლენის პატივის ცემა და ხათრი დიდ სანა ქონდა, მაგრამ რადგანაც მალმალ იტუოდა ხოლმე, რომ მე იმან გამომაგდოო და ჩემი უბედურობის მიზეზი ის არისო, ამიტომ მადლენიც მეტის მეტად შეიძულა. როცა ქარხანისაკენ გაივლიდა ხოლმე და იმ დროს ხელოსნები კარებზე იდგნენ, ფანტინა განგებ ფარისევლობით იცინოდა და მღეროდა.

ერთმა მოხუცებულმა ხელოსანმა დედა-კაცმა ასე მოცინარი და მომღერალი რომ ნახა, სთქვა:

— ეს ქალი თავის სიცოცხლეს ცუდათ და უბედურთ გაათავებსო!

ფანტინამ საყვარელი იშოვა, ვინაც კი მოხვდა პირველი კაცი, რომელიც სრულებით არ უყვარდა. ეს კაცი ერთი ურგები და საძაგელი, მგონია ვიღაცა საწყალი შესაკრავე იყო, რომელიც იმასა სცემდა და თავი ისე მალე დაანება, როგორც ფანტინამ შეიყვარა.

რამდენიც ის დაბლა იწეოდა და ნამუს ჰკარგავდა, იმდენი უფრო გულში თავის ქალის სიყვარული უცხოვლდებოდა.

ფანტინა იტყოდა ხოლმე:

— როცა მე გავმდიდრდები, ჩემ კოზეტტას ჩემთან მოვიყვან, და ამასთანვე იცინოდა. ხველა არ ეკარგებოდა, უფრო ემატებოდა აი ზურგზე მუდამ ცივ ოფლს ასხავდა.

ერთ დღეს ტენარდიებისგან ფანტინამ ეს წიგნი მიიღო: „კოზეტტას ავათმყოფობა შეეყარა, რომელიც ეხლა მთელ ჩვენ მხარეში დადისო და რომელსაც საოფლეს ეძახიან. მოსარჩენათ ძვირიფასი წამლებია საჭირო. წამლის ფულმა ჩვენ დაგვაქცია, ყიდვას ვერ ავსვლივართო., შეძლება მეტი აღარა გვაქვს და თუ ერთ კვირაზე თქვენ ორმოც ფრანკს არ გამოგზავნით, თქვვენი ყმაწვილთ აღარ იცოცხლებს“.

ფანტინამ მაღალის ხმით ჩაიკასკასა და თავის მეზობელ დედაკაცს უთხრა:

— რა კარგია! აბა რაღა მეთქმის? ორმოცი ფრანკი! ეს ხომა ორი ნაპოლეონდერია! აბა საიდამ ვიშოვო? რა ბრიყვები არიან ეს გლეხები!

მაგრამ, კარების კიბეზე გავიდა და ფარანთან კიდევ გადიკითხი ის წიგნი.

მერე ქუჩაში გავიდა და ხტომით და ხარხარით მიდიოდა. ვიღაც შემოეყარა და ჰკითხა:

— აგრე რას გაუხარებიხართ?

იმან უპასუხა:

- ერთმა სიბრიყვემ და სისულელემ გამახარა, რომელიც სოფლიდამ მომწერეს. ისინი მე ორმოც ფრანკსა მთხოვენ. აი გიჟები, სულელები!

მერე მოედნისაკენ გაიარა, ნახა რომ ერთ უცნაურ ეკიპაჟს წითელ ტანისამოსში ჩაცმული კაცი იდგა, გარს ხალხი ეხვია დ იმათ ერთი სხვა ნაირათ უქადაგებდა და ათას ნაირ კბილის ტკიკილის წამლები და ახალ კბილების ყიდვას ურჩევდა. ეს კბილის ექიმი იყო.

ფანტინა ხალხში შეერია და ექიმის უცნაურ ლაპარაკზე დაიწყო. სიცილი, რადგანაც ყველანი იცინოდნენ. კბილების ამომგლეჯმა ეს მოცინარი ლამაზი ქალი დაინახა თუ არა, დაუძახა:

—თქვენ მშვენიერი კბილები გქონიათ! უი! კისკისავ! თუ თქვენ ორ წინა კბილს მომყიდით, მე თითოში ერთ ნაპოლიონდერს მოგცემთ.

— წინა კბილები? რა საზარლობაა! ფანტინამ დაიძახა.

- ორი ნაპოლიონდერი! ვიღაცამ იქვე, ახლო მდგომმა უკბილო ბებერმა დედა კაცმა წაიდუდუნა. რა ბედნიერია! ფანტინა გაიქცა და ყურები დაიცო, რომ იმ კაცის ხრინწიანი ხმა არ შეეტყო, რომელიც უკან მიზძახოდა:

— აბა დაფიქრდით, ჩემო მშვენიერო! ორი ნაპოლიონდერი თქვენ რაშიმე გამოგადგებათ, დაგჭირდებათ. თუ გაბედავთ და დამიჯე რებთ, საღამოზე „ვერცხლის საჩეხის“ ტრახტირში მოდით; მე იქ ვიქნები.

ფანტინა შინ დაბრუნდა; მეტად გაშფოთებული იყო და სუყველა დაწვრილებით უამბო თავის მეზობელ მარგარიტას:

— გაგიგონიათ? ეს საზარელი კაცი არ უნდა იყოს? ამისთანა ავ-კაცებს ქალაქში როგორ უშვებენ! ორი წინა კბილი რომ მე მომაძროს, რას დავემგზავსები? საშინელი ვიქნები, დავმახინჯდები! თმები კიდევ დამეზდება, მაგრამ კბილები? ო რა საზარელი კაცი ყოფილა! მე ის მირჩევნია. მეხუთე ეტაჟიდამ ძირს გადმოვარდე, ვინემცა ამაზე დავყაბულდე. იმ ექიმმა მითხრა, რომ დღეს საღამო ზე „ვერცხლის საჩეხის“ ტრახტირში ვიქნებიო.

— მერე ფული რავდენი გაძლიათ? — მარგარიტამა კითხა. ორი ნაპოლეონდერი.

— ეგ ხომ ორმოც ფრანკსა იქს?

— ჰო, ფანტინამ უპასუხა, ორმოცი ფრანგია.

ფანტინა ჩაფიქრდა და ხელსაქმეს მიუჯდა. პატარა ხანს უკან ხელსაქმეს თავი დაანება, კარზე გავიდა და ტენარდიების მოწერილ წიგნს ხელმეორეთ კითხვა დაუწყო. მერე ოთახში რომ დაბრუნდა, მარგარიტასა ეკითხა, რომელიც იქ ხელსაქმობდა:

— თქვენ იცით საოფლე რა ავათ-მყოფობაა ?

—როგორ არ ვიცი, მოხუცებულმა უპასუხა; ეგ სნეულობა. — მაგ სნეულობისათვის ბევრი წამლებია საჭირო?

— ჰო, დიახ, ძალიან ბევრი და საშინელი წამლებია საჭირო.

— როგორ შეეყრება ხოლმე, ან რა ტკივილებით ის სნეულობა?

— კაცს ისე უეცრად შეეყრება და სრულიად ავათა სდება,

— ყმაწვილებსაც გადედებათ ხოლმე?

–ბევრი წილი უფრო იმათ.

— მაგ სნეულობით იხოცებიან ხოლმე.

—იხოცებიან და აგრე? ძალიან ადვილად. – მარგარიტამ უპასუხა.

ფანტინა კარზე გავიდა და ერთხელ კიდეც ტენარდიების წიგნი გადაიკითხა.

საღამოზე შინიდამ გამოვიდა და პარიჟის ქუჩისაკენ გასწია, საცა ბევრი ტრასტირები და სასტუმრო სახლები იყო.

მეორე დღეს დილით, გაუთენებლივ, როცა მარგარიტა ფანტინას ოთახში შევიდა, ესენი ორნი ერთათ ხელსაქმობდნენ და ერთ სანთელსა სწვამდნენ, ფანტინა კრაოტზედ იჯდა გაყვითლებული და ყინულსავით გაცივებული. იმ დღეს არა სძინებოდა. სანთელი მთელი ღამე ენთო და თითქმის ჩამწვარიყო.

მარგარიტა იმ სანახავით გაშტერებული კარების ღრუბლში შედგა და დაიყვირა:

— რას ვხედავ! მთელი სანთელი ჩამწვარა! აქ უთუოთ რამ მომხდარა.

მერე ფანტინას შეხედა, რომელმაც გაკრეჭილი თავი იმისკენ მიიღო.

გუშინდელ საღამოს აქეთ, ფანტინა ათის წლით დაბერებულიყო.

— ღმერთო ჩემო! მარგარიტამ დაიძახა, რა დაგმართებია ფანტინავ?

— არაფერი, ფანტინამ უპასუხა, ჩემი ყმაწვილი იმ საზარელ ავათ-მყოფობით შეუწევნელად არ მოკვდება, მე ეხლა კმაყოფილი და დამშვიდებული ვარ.

ამის თქმაში მოხუცებულს სტოლზე ორი ბრწყინვალე ნაპოლიონდერი უჩვენა.

— აი დიდება შენთვის ღმერთო! მარგარიტამ სთქვა, ეს ხომ მთელი სიმდიდრეა, ეს ოქროები თქვენ სად იშოვნეთ, ან როგორ?

— ვიშოვნე, ფანტინამ უპასუხა და ამ დროს გაიცინა.

სანთელი იმას პირისახეს უნათებდა, წითელი ნერწყვი ჯერ კიდევ ბაგეებზედ უცხო და ღრძილებში შავი ფოსოები უჩნდა, ორი წინა კბილი ამოღებული ქონდა. ორმოცი ფრანკი მონვერმელში გაგზავნა, მაგრამ ტენარდიებმა ეს სულ ეშმაკობით მოიგონეს ფულების მისაღებად. კოზეტტა ავათ არ იყო.

ამის შემდეგ ტენარდიებისაგან მეორე წიგნი მიიღო, იწერებოდნენ: რომ ისინი ვითამც ძალიან დიდხანს ითმენდნენ და საჩქაროთ ასი ფრანკი გამოგზავნეო, თუ არ გამოგზავნიო, იმ ძნელ სნეულობიდამ, ახალათ მოსურიელებულ და მორჩენილ შენს კოზეტტასა კარში სიცივეში გავაგდებთო, გინდ მოკვდესო, მაშინ რაც გინდ, უყავიო..

„ასი ფრანკი“! ფანტინამ იფიქრა, იმდენ სამუშაოს სად ვიშოვნიო და ან როგორ უნდა ვისაქმოო, რომ დღეში ასი სუ ავიღოო?

— არა უშავს რა, რაც მომივა მომივა! იმან თქვა: ეხლა დანარჩენი უნდა გავყიდო. და ეს საბრალო უბედური, საქვეყნო, უნამუსო დედა-კაცის ხელობას მიყვა.

უფ. ბამატაბუას ხუმრობა.

ყველა პატარა ქალაქებში არიან ერთგვარნი ახალგაზდა ყმაწვილკაცები, რომლებიც წელიწადში ორი ათას ფრანკს ცუდუბრალოთ ხარჯვენ და აფუჭებენ, სწორედ, იმ სახით და ისე, როგორც ამათი მსგავსნი პარიჟში ორასი ათასს ფრანგს აწყალებენ წელიწადში. ეს ცხოველნი დიდ შუათანა ჯინშიდამ ჩამომავალნი, სრულიად არა რანი, ამაონი, რომელთაც ცოტაოდე მამული აქვსთ, ცოტაოდენ სისულელე და ცოტაოდეც ჭკვა. ესენიც თუ რიგიან ხალხს შეხვდებიან გლეხებზედ უარესათ გაუთლელნი არიან იმათთან დ ტრახტირებში კი თავად-აზნაურობას იჩემებენ და ტრაბახობენ: „ჩემი ყმა და მამულიო, ჩემი ტყეებიო, ჩემი ხოდაბუნებიო; თეატრში აკტრისებს დასცინიან და მასხარად იგდებენ უფრო იმ ფიქრით, რომ თავი გამოიჩინონ და ხალხს დაანახონ, რომ რამ ესმისთ; ხშირად ჩხუბობენ, ნადირობენ, სწევენ, ამთქნარებენ, თამაშობენ, სმენ, ყავახანებში სცხოვრებენ, და ტრახტირებში სადილს მიირთმევენ ხოლმე, არაფერს არ აკეთებენ, არც ხელიდამ რამ გამოუვათ ხოლმე, სიავკაცობის მეტი.

უფ. ფელიქს ტოლომიესს რომ პარიჟი არ ენახა და იქ არ ეცხოვრა, ერთი ამ გვარ კაცებისაგანი იქნებოდა.

რვა თუ ათი თვის შემდეგ, იმ მოთხრობისა, რომელიც ჩვენ ამის წინად ავწერეთ, იანვრის პირველ რიცხვებში 1823 წელსა, ერთხელ საღამოზე, როცა თოვლი მოდიოდა ერთი ამგვარი ახალგაზდა ყმაწვილიკაცი, გმირი, დიდი ზამთრის პლაშჩში მძიმეთ და თფილად შეხვეული, იდგა და დასცინოდა ერთ ქალს საბრალო გულღია ტანისამოსში ჩაცმულ ყვავილებით მორთულს, რომელიც ერთ აფიცრების ყავახანის ღია ფანჯრის ქვეშ დასეირნობდა, მასხარად იგდებდა და ასე შეექცეოდა. ეს ახალგაზდა ყმაწვილიკაცი სიგარას ეწეოდა, რადგანაც ეს მოდა იყო.

მუდამ, როცა ის ქალი იმ ახალგადას გვერდით ახლო გაუვლიდა ხოლმე, ის თავის სიგარის კომლს პირისახეში უბერავდა დ ან თითო რასმეს ეტყოდა, რომელიც თითონ ჭკვიანი, საცინელი და მოხერხებული სიტყვები ეგონა: რა საძაგელი ხარ! . . აბა თუ! მომშორდე და დამეკარგო! . . შე უკბილო და სხვ. და სხვ. ამ გმირი ბატონს სახელად ერქვა ბამატაბუა. ქალი ნაღვლიანი, მოჩვენებასავით მოპრანჭული თოვლში ბოლთასაც კრავდა. იმ კაცს ხმას არა სცემდა, სახეზედაც არ უყრებდა და თავის თვის ჩუმათ დასეირნობდა. ამ ქალის ესეთმა ზედ არ შეხედვამ და სიჩუმემ ბამატაბუა ააღელა, დრო ჩაიგდო, როცა ქალი იმისკენ ზურგ შექცეული იყო, ჩუმათ მიეპარა, დაიხარა, ერთი მუჭა თოვლი აიღო და უეცრად ზურგში ჩაყარა. ქალმა საზარელის ხმით დაიწავლა მერე მიხვდა; უეცრად ყმაწვილკაცს მივარდა, ფჩხილები პირისახეში ჩაავლო და უშვერის სიტყვით ისეთი ლანძღვა დაუწეო, როგორიც ტლაპოში გაშოტილს მთვრალ სალდათს გამოუვა ხოლმე. ლანძღვა სიმოვრალისაგან ხრინწიანად გამოდიოდა იმ პირიდამ, საცაა მართლა ორი წინა კბილი აკლდა. ეს ფანტინა იყო.

იმ ხმაურობაზე, ყავახანიდამ ბევრი აფიცრები გამოცვივდნენ. გამვლელ გამომვლელებიც მოგროვდნენ, გარს შემოეხვივნენ, ხარხარებდნენ, ტაშს უკრამდნენ და იმათ შუაგულში ქალი გააფთრებული სცემდა ხან ხელებით და ხან ფეხებით, თავ ღია, უკბილო, სიკაპასით გაყვითლებული საშინელი სანახავი იყო; კაცი კი უქუდო იდგა და თავს იცვავდა დედა-კაცის ცემა ტყეპისაგან.

ამ დროს, უეცრად ერთი მაღალმაღალი კაცი ხალხიდამ გამოვიდა, ქალს კაბაში ხელი წაავლო და უთხრა: „მე გამომყევი!“

დედა-კაცმა შეხედა, ის საზარელი ხმა ჩაწყდა, შეკრთა და გამშრალი დარჩა. თვალები თითქო შუშისა გაუხდაო, ფერი ეცვალა სულ გალურჯდა. ფანტინამ ჟავერი იცნა.

ახალგაზდა ყმაწვილმა კაცმა იდროა, გაძვრა და და დაიმალა. ჟავერმა ხალხი ჩამოიცალა ქალს ხელი წაავლო და ფეხჩქარებით პოლიციაში წაათრია. ის დამოჩილებული მიზდევდა და ორნივე, ერთი ერთმანეთს ხმას არა სცემდნენ. ხალხი, სიხარულით ატაცებული, უკან მიზდევდა და დასცინოდა. პოლიციასთან რომ მივიდნენ, ჟავერმა კარი გაიღო, ფანტინა შეიყვანა და კარი მიიკეტა სამწუხაროდ ხალხისა, რომელიც ცდილობდა და იხედებოდა ფანჯარაში რომ რამ დაენახათ.

ფანტინა ოთახში შევიდა თუ არა, დაქანცული და შეშინებული