The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (13)1877.05.26


ივერია (13)1877.05.26



1877.05.26

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

აგერ ხუთი-ექვსი წელიწადია, რაც ქალაქში გაბრიელ მირზოევმა ქარხანა გამართა ხამის (ამერიკას რო ვეძახით) საკეთებლად. მაშინები ინგლისიდამ დაიბარა და თვით ოსტატებიცა; მუშა ხალხი კი ქალაქისა უნდა ყოფილიყო. იმედი იყო რომ ეს ქარხანა იხეირებდა.

იმედი ამაზე შეგვეძლო დაგვემყარებინა: პირველად. ბამბა აქვე მოდის. თუ კი წაღებ-წამოღებით ინგლისის ხამი ქარხნის პატრონსა მოგებას აძლევს, აქაურს პატრონს ხომ უმეტესს მოგებას მისცემდა, თუნდა რომ ნაკლებათაც გაეყიდნა. მეორედ, ქარხნის მუშა კაცი ქალაქში უფრო იეფია, ვიდრე ინგლისში, მეტადრე თუ მუშა ქალაქის მკვიდრი მცხოვრებელია. ამის მიზეზი სხვათა შორის ერთი შემთხვევაა: მკვიდრი ქალაქის მცხოვრებელი, მოქალაქე თუნდა დაცემულის ოჯახისშვილი იყოს თუ არა ვაჭრობაზე და ხელოსნათ სხვა მუშაობაზე არა დგება; მოსამსახურეთ, ან დღიურ მუშათ დგომას თაკილობს. ტალახის მუშა დღეში ექვსი შაურიდამ ათამდე იღებს; „ტიფლისის მოქალაქე“ მოკვდება სამშაურათ, მუქთათ ხელოსანს ქარგლათ და შაგირდათ დაუდგება და ამ მუშაობას კი არ იკადრებს. რადგანაც საქსოვი ქარხანა უფ. მირზოევისა სახელოსნოა, საფეიქრო ადგილია, ქალაქის ხალხი არ მოერიდებოდა და ისე იმუშავებდა გულდაჯერებით, როგორც ამოდენა სახელოსნო დუქნებში მუშაობს, თუ კი გულკეთილად და სამართლიანად მოექცეოდნენ. ამ გვარათ ქარხნის პატრონიც ხეიირსა ნახავდა და ღარიბი მოქალაქეც რგებასა.

ქარხანა რომ გაიმართა, მაშინათვე კარგა ძალი ხალხი მიაწყდა. გამგებელი, ოსტატები და მაშინისტი ინგლისები იყვნენ. წესი დაიდვა და მუშაობა რიგზე წავიდა. მუშკაცებს ფეიქრებს თოფზედ დანიშნული ჰქონდთ ორი აბაზიდამ სამამდე. ქსელი კარგი გამოდიოდა სუფთა და სქელი, ასე რომ კარგად იყიდებოდა ერთი წუნი ის იყო რომ პირველში ძაფს საღებავი კარგი ვერა ჰქონდა, და ამის გამო ხამი დამწვარი გამოდიოდა. მერე ეს ნაკლულოვანებაც შეამსეს.

მაგრამ ჩვენს ვაჭრებს და ფულის პატრონებს ერთი ცუდი ჭირი სჭირთ: ხელქვეითის ნათქვამი ღვთის წყალობაც ღვთის რისხვათ მიეჩნიათ და როცა კაი კაცს იშოვნიან საქმეს გულახდილად არ მიანდობენ და მეტიჩარობით ხელს უშლიან. უმცოდინარე კაცი მაშინის მომართვაში რას გაარიგებს? ამ ქარხნის პატრონი ყველაფერში ერეოდა, ისე რომ ქარხნის გამგებელი და სხვა ოსტატები მობეზრდნენ თურმე ამის დავიდარაბისა და მეტიჩრობისაგან. მაგრამ დიდ ხანს ითმინეს, რადგან ხელწერილით შეკრულნი იყვნენ და გასვლასთანავე ურარაოდ უნდა დარჩენილიყვნენ ყარიბად უცხო ქვეყანაში. რადგან თითონ არ გადიოდნენ, ქარხნის პატრონმა ჰკრა პანღური და თითო-თითოდ გაისტუმრა, რასაკვირველია ჯარიმა კი არ შერჩა და გადაიხადა.

ამის შემდეგ გამგებული და ოსტატი ქარხანას აღარა ჰყოლია, რაც ისწავლეს ქალაქის უსწავლელმა მუშა კაცებმა, იმითი იოლათ მიდიოდა და აბა რა მუშაობა უნდა ყოფილიყო? მაშინს ვთქვათ ორმოცი ცხენის ძალა ჰქონდა – ქარსნის პატრონს სურდა ორმოც-და-ათის ცხენის საქმე გაეკეთებინებინა. ამის გამო ჩარხებს კბილები სცვივოდა, ღერძები ემტვრევოდა და მუშაობა თითო კვირაობითა და თვეობითა ჩერდებოდა, ვიდრე აქაური მჭედლები რასმე მიაკერ-მოაკერებდნენ, ან, ინგლისიდამ, ჩარხია თუ ღერძი მოვიდოდა.

ყველა ხელოსნობაში შეუწყვეტელი ვარჯიში მუშს აოსტატებს და ჰსწვრთნის. ქარხნის მუშები უსაქმოთ ულუკმაპუროთ ხომ ვერ დარჩებოდნენ და ქარხნის გაჩერების გამო ხუთას კაცამდე მუშა იძულებულიყო დაშლილიყო და სხვა სამუშაო მოეპოვნა. ხელახლათ გაღების შემდეგ ბევრი ამათგანი არ ბრუნდებოდა და ამიტომ პატრონს ახალი ხამი მუშები უნდა შემოეყვანა. ამით დახელოვნებული მუშა აკლდებოდა.

ამას გარდა ფასიც დაუკლო ფეიქრებსა და ორ-სამ აბაზის მაგიერ თითო თოფის ქსოვისათვის ექვსი შური და ათი შაური გაუხადა. ამის გამო 1872 წ. საუკეთესო ფეიქრები გამოვიდნენ და რამდენიმე კვირა მუშაობა ნახევრად შემდგარი იყო.

მას შემდეგ ქარხნის მაშინების მოშლამ და ფასების დაკლებამ ისეთი უწესოება ჩამოაგდო ქარხანაში, რომ ქალაქში კიდეც ლაპარაკობდნენ უფ. მირზოევი ჩითახოვზე გაყიდვას აპირებსო, რადგანაც ზიანსა ხედავსო. ეს ამბავი ჯერ-ჯერობით ჭორათ დარჩა. ხოლო აი რა ამბავი მოხდა. შარშან უფ. მირზოევმა ვითომც საქმის გაკეთებისათვის რუსეთიდამ ას ოცი კაცი ქარხანის მუშები მოიყვანა. ერთ-ორი თვის შემდეგ ამათ ასეთი დღე დაადგათ, რომ უკანვე დააპირეს წასვლა და როდესაც უფ. მირზოევმა გზის ხარჯი არ მისცა, უმაღლეს მთავრობას მიმართეს და მთავრობამ ეს მუშები თავისის ხარჯით გაისტუმრა და შემდეგ, რასაკვირველია, ქარხნის პატრონს სამაგიერო გადაახდევინა.

ახლა კიდევ ქალაქში ლაპარაკობენ, ამ თვის ნახევრიდამ ქარხანაში მუშაობა შემდგარიაო. იმ მიზეზით, რომ წინათ დაპირებიან მუშებს ორ შაურს მოგიმატებთ თითო თოფის ქსოვაზედაო, (უკანასკნელ დროს ხუთი შაური ყოფილა) და ბოლოს კი აღარ მოუმატნიათო..

ამისთანა უთავბოლოთ, უდირექტოროთ, უმეხანიკოთ. მუშის ფასის დაკლებით, რასაკვირველია, ქარხანა დაეცემა. მერე ვიძახით: ჩვენში ვერაფერი ვერა ხეირობსო. ამაზეა ნათქვამი: საქმეს წაახდენს, უვიცი ფათერაკს დააბრალებსო.

ჩვენში ერთი ახირებული სურვილი აქვსთ მეტადრე ფულიან ხალხსა. რა საქმესაც ხელს მოჰკიდებენ ერთბაშად და უეცრად გამდიდრება სურთ. ამ ქარხანის უხეიროთ ყოფნაც ამ ახირებულის სურვილის ბრალი უნდა იყოს. პირველ გამართვას და რიგში ჩაგდებას, რასაკვირველია, დიდძალი ფული მოუნდებოდა, ვიდრე კარგა ფეხს არ გაიმაგრებდა ეს ქარხანა იმ დრომდე დიდის მოგების იმედი კაცს არ უნდა ჰქონოდა. სარგებელი და კარგი მოგება მერე შეუდგებოდა. ქარხნის პატრონს უეჭველათ სხვა რიგათა ჰგონებია: თავნი და სარგებელი რაც შეიძლება მალე უნდა ადგესო. თუ ესე არ იყოს მაშ რას უნდა მივაწეროთ, ქარხანის ხელის-მცოდნეთა განდევნა, მუშების ხელფასის დაკლება, რომლისაგამოც ჩვენი ერთათ ერთი ქარხანა დღეს იღუპება.

სასურველი კი იყო, რომ ჩვენში ამ პირველ დაწყობილ საქმეს ფეხი მოეკიდნა, მტკიცეთ თავი შეემაგრებინა ჩვენის ქვეყნის სიმდიდრის აქვე დასატრიალებლათ, აღებ-მიცემის და ხელოსნობის გასაჩაღებლათ და საზოგადოთ ქვეყნის გასამდიდრებლად. იმედი გვქონდა რომ ჩვენს პირველს ფულიან-კაცს გაბრიელ მინაიჩს სსვა ფულის პატრონებიც მიბაძავდნენ და სხვა და სხვა ქარხანები გაიმართებოდა, მაგრამ ამის მნახველნი, სხვები უამისოთაც გაუბედავნი ძნელათ თუ ამას იქით რასმეს ამ გვარს გაბედვენ.

პ. უ.

– რაჭიდამ გვწერენ, რომ თავად-აზნაურთა სალაშქროდ გამოყვანის გამო ძრიელ შეაწუხეს ღარიბი თავად-აზნაურობაო. იმ გვამთა, რომელნიც თავად-აზნაურთაგან ამ საქმისათვის ამორჩეულ იყვნენო. დიდი და პატარა აღარ გააჩნდათო არც ფულის გაწერაში, არც ფულის მოგროვებაში, ერთხელ ხომ აღარ დასჯერდნენ თურმე მეორედაც შეაწერეს ფულიო. ბევრს თურმე ცხენი და სხვა საქონელი გაუყიდესო; ზოგს კიდევ რომ ფულის ილაჯი არ ჰქონდათ ღვინო წაართვესო. იწერებიან, რომ ღვინით დაურბევიათ ერთის აზნაურ-შვილის ობლები.

– იგივე გვამი რაჭიდამვე გვწერს: „აქ რაჭაში ხალხი ძალიან მყუდროდ და მშვიდობიანად არის. ის ღელვა, ტოკვა, დაუცხრომელი მუდამი სურვილი ომის ამბებისა – როგორსაც ვხედავთ ოზურგეთსა და ქუთაისში, აქ სრულებით არ არის. ყველა, ომზე კი არა, მომავალს მოსავალზედ ლაპარაკობს და წლევანდელი წელიწადი რაჭას მეტად ბევრს და კარგს მოსავალსაც უქადის. ამ ბოლოს დროს აქაც გაჩნდნენ ომში დაჭრილთა გულ-შემატკივარნი, შესაწევარს აგროვებენ. ამბობენ, რომ ამათი მეცადინეობა და საქმე რიგიანად მიდისო.“

– იქიდამვე გვწერენ: „რაჭაში გზები ყოვლად საძაგლები გვაქვს, ამ გზებზედ არა კაცს არ მოესვლება. ეს რომ ან ოზურგეთს, ან სამეგრელოს იყოს, იტყვის კაცი არა სცალიანთო, იქ ხალხს ეხლა სხვაც ბევრი რამა აქვს თავში საცემიო. აქ რაჭაში კი აქაურს მაზრის უფროსს ეს არ ეთქმის.“

– ივრის ხეობიდამ გვწერენ, რომ საწყალს გლეხობას სოფლის მოხელეებმა ტვინი ამოჰსწოვესო და გლხის ჯიბეში ისე ჰყოფენ ხელსაო, როგორც საკუთარს ჯიბეშიო. ნამეტნავად სოფლის მწერლების გაუმაძღრობას და მცარცველობას უჩივიან. ერთი იმისთანა პრისტავიცა ყოლიათ ამ ბედნიერს ხალხსა, რომელიც ჩამოუვლიდა თურმე ხალხსა, და სოფელ-სოფელ შეაწერდა, შენ ამდენი კოდი პური უნდა მომიტანოო, შენ ამდენი ქერიო და სხვ. ეხლა კი ღვთისა და კაცის წყალობითა ის სახელოვანი პრისტავი იქიდამ გაუდევნიათ.

– საგარეჯოში და მის ახლო-მახლო სოფლებში – ერთი სასაცილო ალიანქოთია თურმე. ხმა დაუყრიათ, რომ უქმრო და ქვრივ-დედაკაცებს ომში ერეკებიანო დაჭრილთა მოსავლელად. შესდგომია ერთი ჩოჩქოლი და ჟივილ-კივილი გლეხის დედაკაცობასა და ვისაც ქმარი არა ჰყავს გაგიჟებით თურმე დაეძებს საქრმოსა, რომ გათხოვდეს და ამით გადურჩეს დაჭრილთა მოვლის მოვალეობასა. ამ სასაცილო ამბავს შეიძლება ბევრი სამწუხარო შედეგიც მოჰყვეს. ადგილობრივი მოხელენი მოვალენი არიან ეს ჭორი გაჰფანტონ და გლეხის ქვრივები და გასათხოვარნი ქალნი ძალა-უნებურისა და წინ დაუხედავის გათხოვებისაგან დაიხსნან. საწყალი გლეხობა!.. ისე მიწასთან-გასწორებულნი არიან თავისის ბედისაგან, ისე გატეხილნი, რომ ყოველს ამ გვარს უმგზავსო ჭორს მათში ადგილი აქვს. ბევრის მაგალითით იციან, რომ გლეხისათვის ყოველ გვარი უბედურება მოსალოდნელია და ამიტომაც საწყალნი ყოველს ფერს ადვილად იჯერებენ და ამბობენ: ჩვენის ბედისაგან რად უნდა გვიკვირდესო.

2 ომის ამბები

▲ზევით დაბრუნება


ომის ამბები

ამ კვირია საზოგადოების ყურადღება უმთავრესად შავი ზღვის ნაპირისკენ იყო მიქცეული, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, ოსმალეთმა რამოდენიმე ათასი ჯარის კაცი გადმოსხა. ღენარალ კრავჩენსკოს[1] რაზმი კოდორის მდინარეს გასულა და ჯერთში (Джерды) მისულა. გასვლის დროს ოსმალები დახვედრიან, და სროლა აუტეხიათ; ოცი კაცი მო უკლავთ და დაუჭრიათ.

18 მაისს, როდესაც აფხაზებს კოდორზედ გასვლა დაუპირებიათ ღენერალ ალხაზოვს მათ წინააღმდეგ ორი სოტნა ქუთაისის დრუჟინისა და ერთი სოტნა ეისკის ყაზახი გაუგზავნია, და სროლა გამართულა. სროლის დროს ჩვენს ჯარს უკანით დასცემიან აფხაზნი, სროლაში ქუთაისის დრუჟინის წინა მძღომელი პოდპოლკოვნიკი მიქელაძე მოუკლავთ. გარდა ამისა მოუკლავთ ცხრა კაცი დრუჟინისა და სამი ყაზახი. სამი დრუჟინის აფიცერი და ოცდაერთი კაცი დაუჭრიათ.

– წასრულ კვირაში ორი ოსმალოს სამხედრო. ხომალდი მისდგომია სოჭეს და ყუმბარების სროლა დაუწყვია... ბოლოს ხუთი ნავი ჯარით გაუგზავნიათ ნაპირების დასაჭერად. ამ დროს რუსის სტრელკოვის როტა საფარიდამ გამოჩენილა და თოფების სროლით დახვედრია. რაც ნავებში ოსმალოს ჯარი მჯდარა სულ ერთიანად ამოუჟლეტიათ. ამ როტიდამ, რომელიც ხვრელში ყოფილა ჩასაფრებული, მხოლოდ ერთი მოუკლავთ. ოსმალოს ხომალდები ისევ პიწუნდისაკენ დაბრუნებულან.

– ქობულეთის რაზმის მოწინავე ჯარი პოლკოვნიკის გურჩინის წინამძღომლობით მდ. კინტრიშს-გაღმა გასულა და სამების მაღლობი დაუჭერია და მით ქობულეთისა და ციხისძირის შორის გზა შეუკრავს. ოსმალოს ჯარს ციხისძირისაკენ დაუხევია. პოლკოვნიკის გურჩინის ჯარში სამი კაცი დაუჭრიათ. ჩვენები სამებასთან ხიდს აშენებენ და გზას აკეთებენ არტილერიის გადასაყვანად. ავი დარი ძალიან დაბრკოლებს საქმესაო.

იმავე დროს მაიორის თ. მელიქოვის კოლონას სოფვ. ზენითის მახლობლად დანიშნული ალაგი დაუჭერია, თუმცა ადგილობრივ-მცხოვრებთაგან დიდი დაბრკოლება მიჰსცემია. ჩვენის მხრით ოთხი კაცი მოუკლავთ და 26 დაუჭრიათ.

– 21 მაისს კოლონნა გურჩინის წინამძღოილობით სოფ. ზენითის მახლობლად მისულა და შემდეგ სოფ. აჩქოსკენ (Ачкуа) გამგზავრებულა. მეორე კოლონას ყორღანოვის წინამძღომლობით ცხარე ომი ჰქონია ოსმალებთან.

– 14 მაისს ღენერალ ტერგუკასოვს სურფ-ოაჰნესიდგან მდ. ეფრატის მარცხენა ნაპირი დაუთვალიერებია და კარაკლისისკენ ოსმალების შემაგრებული ბანაკი დაუნახავს, 7 ბატალიონამდისინ ჯარი რომ უკან დაბრუნებულა ქურთები მოსწევიან, მაგრამ ბევრი არა დაუკლიათ რა.

– 13 მაისს, ღენერალ ლორის-მელიქოვის ცხენოსანს ჯარს ცხარი ბრძოლა ჰქონია იმ ოსმალოს ჯართან, რომელიც ყარსიდამ გამოსულა. ჩვენის მხრით ერთი მოკლულა და ექვსი დაჭრილა; მტერი კი ორმოცამდე დახოცილა.

– 18 მაისს სოფ. ბეგლი-ახმეტს ახლოს ღენერალი ზაქ. ჭავჭავაძე ოსმალოს ცხენოსანს ჯარს დასცემია, რომლის უფროსად ღენერლი კანდუხოვი ყოფილა (ეს კანდუხოვი რამდენიმე წლის წინად რუსეთის სამსახურში იყო). ცხარი ბრძოლის შემდეგ რუსებს გაუმარჯვნიათ და სრულებით გაუფანტავთ ოსმლოს ჯარი. რუსებს შერჩათ ორი ზარბაზანი თავისის მასალით და ბაირაღით.

– 20 მაისს გარსის გარშემო ადგილები უთვალიერებით და ამასობაში წაურთმევიათ ერთი ჯოგი ცხენი, რომელიც ოსმლებს ყარსისკენ მიჰყოლებიათ და სამასი სული საქონელი.

– დაღისტანში რაღაც არეულობა მომხდარა და ამის შესახებ აი რა ამბები მოვიდა წარსულ კვირაში: 16 მაისს პოლკოვნიკის საბოილოვის ატრიადს სამსირის ხუტორი დაუნგრევია და პოლკოვნიკის ბატიანოვის ატრიადს სალათაველებისთვის დიდი ზარალი მიყენებია.

– 17 მაისს პოლკოვნიკის თ. ნაკაშიძის ატრიადი სოფლის სიოკის ახლოს ხუთასს კაცს დახვედრია და ძალიანაც გაუმარჯვნია; ოთხმოცი კაცი მოუკლავს და ასი ტყვეთ დარჩენია. მცხოვრებლებს სრული მორჩილება გამოუცხადებიათ თურმე და უთქვამთ, რასაც გვიბძანებენ, იმას ავასრულებთო.

_________________

1 ამბობენ, რომ კრავჩენკოს გადააყენებენო და მის მოადგილეთ ღენარალს ალხოვს ნიშვნენო.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

ეხლანდელმა საფრანგეთის საქმეებმა მოგვაგონეს ერთი გამოჩენილის რუსის მწერლის სიტყვები: „ჩვენის აზრით, ამბობს იგი, უმეცრებას, უვიცობას, შეცდომას გაუგებლობას და ყოველს ბოროტს მიდრეკილებას უფრო მომეტებული ძალა აქვსთ ისტორიაში, ვიდრე მართლმსჯელობას, ნათლად მხედველობას და საქმის გაგებას, ვიდრე ცოდნასა და ჭეშმარიტად კეთილს მიდრეკილებს; ისტორიის საქმე ისე მიმდინარეობს, რომ ყოველთვის ერთის გროშის მოგებისათვის მილიონები დახარჯულა. ის გზა, რომელზედაც ისტორიის ეტლი მოძრაობს, დახლართულია და ოღრო ჩოღროიანი, ასე რომ ამ ეტლში მჯდომი კაცი ბევრჯულ ტყუილ-უბრლოდ აეხეთქება და დაეხეთქება, ბევრჯელ ასს ვერსტს გადუხ-გადმოუხვევს ვიდრე ერთს ადლზედ წინ წადგება“.[1]

რისთვის ააშფოთა მაკ-მაგონმა მთელი საფრანგეთი და მთელი ევროპა? საფრანგეთი, ამბობს იგი, იმ გზაზედ მიდის, რომელიც მას დაღუპავსო. და მე როგორც ჩემი სამშობლოს კეთილის მოსურნე, არ ვიზამო, რომ საფრანგეთმა თავისი თავი დაღუპოსო, უსათუოდ კეთილ-გზაზედ უნდა დავაყენოო და უსათუოდ ბოროტის ხელისაგან უნდა დავიხსნაო. საფრანგეთი პასუხად ეუბნება – ცუდ გზაზედა ვდგევარ თუ კარგზედ, ავი ვარ თუ კარგი, ვიღუპები თუ ვბედნიერდები – ჩემს მეტი ვინ არის აქ გამომკითხველი? ბატონო, ჩემის თავისა მე უფრო არ ვიცი რა მრგებს და რა მაწყენს, ვიდრე შენაო; დაგვანებე თავიო, არ გვინდა ეგ შენი ძალად ცხონებაო ჩვენ თავს ჩვენვე შენზედ უკედ მოვუვლითო. მაგრამ მაკ-მაგონს ისე ასტკივნია გული თავის ქვეყნისთვის, რომ მაინც იძახის: არა, შენ არა გესმის რაო, გინდა თუ არა მე უსათუოდ უნდა დაგიხსნა იმ ბოროტებისაგან, რომელიც შენს ბედს გარს დაჰსტრიალებს. სწორედ გითხრად, ამისთანა ახირება სულელობის ნიშანია. ვის გაუგონია კაცმა კაცს ძალდატანებით მადლი უყოს? ძალდატანება და მადლი ერთად რომ ვერ ხერხდებიან!

ამ ახირებულ გულმტკივნეულებასთან მაკ-მაგონმა კიდევ სხვა ღირსებაც გამოიჩინა. მე პალატისა კი მთელის საფრაგეთის წინაშე ვარ პასუხის მგებელიო და ამიტომ მე პალატასთან კი არ მაქვს სქმეო, მე მხოლოდ საფრანგეთთნ მაქვსო. სიცრუეცა ჰსცოდნია მაკ-მაგონს. რესპუბლიკის პრეზიდენტი, როგორც მოგეხსენებთ, ნაციონალურის კრების მიერ არის ამორჩეული და არა საფრანგეთისა, რომლის ხალხს პირად არავითარი უფლება არ მიუნიჭებია მაკ-მაგონისთვის, მაშასადამე იგი პასუხის-მგებელია ყველაზედ უწინარეს პარლამენტის წინაშე. მაკ-მაგონი კი სხვას ამბობს, აგებ ამით როგორმე ხალხს თვალი აუხვიოვო. საწყალი ხალხი! ვინც არა მგონია გამოტყვრება და მისის სახელით ვინ იცის რას არ ჰსჩადის. რა არ მომხდარა ქვეყნიერობაზედ ხალხის სახელითა ხალხისავე დასაღუპავად? ხალხს ე.ი. დაბალს ხალხს, რომელიც ყოველ ქვეყანაში შეადგენს უმრავლესობას, აქამდისინ თითქმის არავითარი ნამდვილი მონაწილეობა არ მიუღია საპოლიტიკო ცხოვრებაში: იგი ყოველ დღე შიმშილს ებრძვის და ლუკმა პურის მოპოვებაში ატარებს თავის სიცოცხლეს. ხალხი – ეს თავი და ბოლო ისტორიისა – ჩვეულებრივად ჩუმად არის და მხოლოდ მაშინ ამოიღებს ხოლმე ხმას, როდესაც მართლა დიდი გაჭირება მიადგება კარს, როდესაც სულის ამოხდაზედ მივარდება საქმე. ხალხი ადგილ-ადგილ ისეთს მდგმოიარობაშია ჩაყენებული მმართველთაგან, რომ მისი ფიქრი, მისი დრო, მისი ზრუნვა ძლივ-ძლიობით თუ ჰყოფნის ლუკმა პურის შოვნის საჭიროებასა. მას სადა ჰსცალიან თვალ-ყური ადევნოს მინისტრებისა და კონსტიტუციის მუხლთა ცვლასა. ამიტომაც ხალხს მინისტრებისა და კონსტიტუციებისა ბევრი რა ენაღვლება რა. მან მხოლოდ ეს კარგად იცის, რომ აქამდისინ ბევრი მინისტრი და ბევრი კონსტიტუცია გამოცვლილა, მაგრამ იგი კი იმავე ტანჯვაში, მისი ბედი იგივეა რაც ადრე იყო. ხალხი თუმცა ჩუმათ არის, თუმცა ხმა გაკმენდილია, მაგრამ ყველამ იცის, რომ იგი ზღვაა, ერთი რომ დაიგრიალოს, ძალა და დიდება მისია, წინ ვერავინ დაუდგება. ყველა ჰგრძნობს ამ დაძინებულს და მიფარებულს ძალასა და დიდებას და მიტომ ყველა ეფერება ხალხს. ამიტომ ყოველს შემთხვევაში მის სახელსა ხმარობენ და მისის სახელით მოქმედობენ. ესე იქცევიან კარგის მოსურნენიც და ავისაცა. ევროპიის ისტორიაში ბევრი მაგალითია მისი, რომ გამოსულა რომელიმე მეთაური კაცი მოედანზედ. დაუჯერებია ხალხი შენით და შენთვის ვიღვწვიო, ამით მოუბიერებია ხალხი, გაუკაფავს მისის შემწეობით თვისი გზა და ბოლოს როცა გაუმარჯვნია ხალხისათვის უთქვავს: ახლა შენ შენთვის იყავ და მე ჩემთვისო. ამ გვარნი კაცნი რას არ იქმონენ ხოლმე ხალხის თანაგრძნობის მოპოებისათვის? ოღონდ ხალხი კი მოიმხრონ და ესენი არაფერს არ დაზოგვენ: სინიდისსაც გადუდგებიან, ჭეშმარიტებასაც, და ყოველგვარს პატიოსანს და წმინდა გრძნობასა.

ეჭვი არ არის, რომ მაკ-მაგონი არას დაზოგავს და ყოველ ღონისძიებას იხმარს, რომ ხალხის გული მიიზიდოს. ეჭვი არ არის, ეცდება დააჯეროს ხალხი, რომ მის ქცევანას რადიკალები დაღუპვენ, რადგანაც ამათ ჰსურთ საკუთრების აოხრებო, ცოლ-ქმრობის გაუქმებაო, ოჯახობის დარღვევაო და სხვა ამ გვარი. ამისთანა აზრის გავრცელებისათვის მაკ-მაგონი, რასაკვირველია, თავის მომხრე მოხელეებს დააყენებს. და დააყენა კიდეც. ამ ჟამად სამოცამდე სხვა და სხვა მაღალის თანამდებობის. კაცები რესპუბლიკის მომხრენი გადაუყენებია დეპარტამენტებში და თვისი მომხრენი დაუნიშნავს ახალს სამინისტროს დიდი იმედი აქვს ამ კაცებისა, რომ ეცდებიან დეპარტამენტისა და მუნიციპალის არჩევანში მთავრობის კანდიდატები ამოარჩევინონ ხალხსაო. ჯერჯერობით ახალს სამინისტროს ამის მეტი არა უმოქმედნია რა.

ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ამ სამინისტრომ წინადვე იცის რომ დღე-მოკლეა, რომ დიდხანს ვერ გასძლებს. ამის გამო დიდად ჩაფიქრებულია თვის მომავალზედ. რესპუბლიკელნი ამბობენ, რომ ახალმა მთავრობამ ბევრი რომ გასძლოსო. ხუთის თვის მეტს ვერ გასძლებსო. აი რა იმედით ამბობენ ამ ხუთს თვეს. როგორც მოგეხსენებათ, მაკ-მაგონმა პარლამენტი ერთის თვით დაითხოვა. ახლა როცა დათხოვნის ვადის შემდეგ კვლავ შეიყრება პალატი, გამოჩნდება რომ ეხლანდელს სამინისტროს პალატში ბევრი მომხრე არა ჰყავს, ამის გამო საჭიროდ იქმნება ან სამინისტრო გადადგეს სამსახურადგან, ან თვით პალატი ხელახლად დაითხოვონ[2] ისევ ერთის თვითა, რომ სამინისტრომ დრო მოიცეს და თვისი საქმე როგორმე მოაგვაროს. შესაძლებელია, რომ მაკ-მაგონი ამ მეორე საშულებას მოკიდებს ხელს და პალატს ხელახლად დაითხოვს კიდევ ერთის თვით. ეს მეორე თვეც რომ გავა მაკ-მაგონი ნებას მოჰსთხოვს სენატს აწინდელის პალატის სრულიად დაშლისას და ახალის ამორჩევისას. თუ სენატმა ამის ნება დართო, მაშის კანონის ძალით, სამის თვის განმავლობაში ახალი პალატი უნდა ამორჩეულ იქმნას. მაგრამ შესაძლებელია, რომ სენტმა არ მისცეს მაკ-მაგონს ნება აწინდელის პალატის დათხოვნისა და ახლის ამორჩევისა; მაშინ, რასაკვირველია თვითონ მაკ-მაგონი უნდა სამსახურიდგან გადადგეს. ასე იქმნება თუ ისე, მაინც ყველა დარწმუნებულია, რომ ეხლანდელი სამინისტრო. დიდხანს არ გასწევს. კარგი ის არის რომ თვითონ მთავრობაც ამ აზრისაა. ამას გვიმტკიცებს ის ტოკვა და თითქმის შიში, რომელიც მაშინვე დაეტყო მის მოქმედებას. იმავე დღეს, როდესაც ჟიულ-სიმონის სამინისტრო გამოვიდა სამსახურიდგან, ვერსალში მივიდა პარიჟიდამ დეპეშა, რომელიც აცხადებდა, რომ მთავრობა გარეშე საქმეებში იმავე სამშვიდობო გზაზედ ივლისო. როგორც აქამდისინ, და კლერიკალებსაც სასტიკად მოექცევაო. ახალს სამინისტროს თითქო თავისის თვისა თვითვე შეშინებია. თუმცა ეხლა მთავრობა უარს ჰყოფს ამ დეპეშას, მაგრამ ზოგს ჰგონია, რომ ამას მთავრობა იმიტომ ჰჩადისო, რომ გულადობა გამოიჩინოსო. ახლა ჰკითხეთ მაკ-მაგონს, რად გაიხადა ასე საქმე? თუ ჭკუა ჰქონდა, თავისათვის დინჯათ უნდა ყოფილიყო და მაშინ ვინ იცის? იქნება 1880წ. კიდევ ამოერჩია საფრანგეთს რესპუბლიკის პრეზიდენტათ. ეხლა კი სამუდამოდ გამოესალმოს ამ იმედსა.

მაკ-მაგონის მოქმედებამ დიდად შეარყია ევროპის დიპლომატია. უცხო ქვეყნების ჟურნალ-გაზეთები დიდად სძრახვენ ამისათვის მაკ-მაგონსა და კილავენ ამ ყოველად უსაფუძვლო და უკანონო მოქმედებისათვის. ევროპის დიპლომატია ფიქრობს, რომ მაკ-მაგონი უთუოდ ომს რასმეს უჩენს საფრანგეთსაო, რადგანაც ახალი მთავრობა დიდხანს ვერ გასტანსო თუ ომით არ გაიტყუვა ხალხის თვალიო. ხმა გავარდა ვითომ ინგლისსა. საფრანგეთისა და ავსტრიის შორის რაღაც რამ მოლაპარაკება გაიმართაო, მაგრამ ეს მარტო ჭორად ისმის და მართალი ჯერ არა ვინ იცის.

ბისმარკმაც, რასაკვირველია, ყური ცქვიტა და დაუდგრომელს ფაცა-ფუცს შეუდგა. საფრანგეთის ამბავი რომ შეიტყო მაშინვე ბერლინისკენ გაიქცა, სადაც ხანგრძლივად საუბარი ჰქონია ვილჰელმთან.

ბისმარკს უთქვამს, რომ თუ ვინიცობაა საფრანგეთმა იტალიას ომი აუტეხაო, ჩვენ უეჭველად იტალიის მხარე უნდა დავიჭიროთო. გარდა ამისა ამბობენ, რომ ვითომ ბისმარკი ცდილობსო ინგლისი და რუსეთი მოარიგოს ერთი-ერთმანეთთან ოსმალეთის გაწილადების თაობაზედ, ასე კი რომ ავსტრიასაც ჯეროვანი ლუკმა რამ არგუნოს. ერთის სიტყვით საფრანგეთის ამბის მაყურებელი ბისმარკი ცდილობს ხვალისათვის მზად იყოს და სულები შეკრული არა ჰქონდეს.

– ინგლისი, როგორც მოგეხსენებათ, განათლებული ქვეყანაა. ისეთი ხმა აქვს გავარდნილი ქვეყნიერობაზედ, რომ დიდსა და პატარას სწამს მისი წარმატებულება, განვითარება და უპირატესობა. ეს რწმენა იმოდენად ძლიერია, რომ ბევრს არ ჰსჯერა თუ აქაც მოიპოვება იმისთანა უმგზავსოება, იმისთანა უმეცრება, როგორიც მხოლოდ ბნელით მოცულს ქვეყანას შეფერის. ამიტომაც ყოველივე მოქმედება ინგლისისა, ყოველი მისი ქცევა სამაგალითოდ მიაჩნიათ ნამეტნავად გაუნათლებელს ქვეყანას, რომელმაც ამისთანაებში უმიზეზო თავ-დაბლობა და თავის დამცირება იცის. თუ ეს საქმე ცუდი ყოფილიყო ინგლისი არ შემოიღებდაო, იტვის ხოლმე უმეცარი ქვეანა და წინდაუხედავათ ბრმად მიეტანება ყოველს მას, რაც ინგლისშია შემოღებული. ამას კი აღარ არჩევს კარგი, თუ ცუდი, სულელურია თუ ჭკვიანური იგი, მისაბაძავადაც სული წაუტანებია.

მაგალითებრ: ინდოეთი ინგლისს უპყრია. ინგლისის მმართველობა ინდოეთში მრავალ-გვარს ბოროტებას და უმგზავსობას სჩადის. ინგლისი ჰსწოვს ინდოეთის ხალხს, ართმევს უკანასკნელს საცხოვრებელს. ამას გარდა სცდილობს რომ ინდოეთის მცხოვრებთა შორის მუდამ ბზარვა და განხეთქილება იყოს, რადგანაც მისთვის საშიშარია ერთობა ინდოეთის მცხოვრებთა, რომელნიც 190 მილიონ სულს შეადგენენ. ამისთვის ინგლისი ხელს უმართავს და შემწეობას აძლევს ერთგვარს წესს, რომელიც ინდოეთში ჰსწარმოებდა ინგლისელთა შესვლამდევე. ის წესი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ინდოეთის ხალხი წყობ-წყობად (კასტა) არის დაყოფილი, ვაჭარნი ერთს წყობას შეადგენენ, მეომარნი მეორეს, ხელოსანნი მესამეს და სხვანი. ერთის წყობის კაცი მეორეში ვერ გადავა, ეგ აკრძალულია ასე, რომ თუ ვაჭრის შვილია, ვაჭრად უნდა იქმნეს, თუ მეომარი მეომრად და სხვა ამგვარად. ამისთანა ყოვლად უმგზავსოს და წარმატებისათვის მავნებელს წესსა, ინგლისს მთავრობა არამც თუ ძირს უკვეთს, არამედ ყოველს ღონისძიებას ხმარობს, უთუოდ განაგრძოს და დაამკვიდროს, რადგანაც ამ გვარად მცხოვრებია განთვითვეულებას ურთიერთის მძულვარება და მტრობა მოსდევს, ინგლისსაც ამის მეტი რა უნდა რა, რომ იმოდენა ხალხი მორჩილების ქვეშ იყოლიოს.

მაგრამ ერთი რამ კია შესანიშნავი და ყურადღების ღირსი. ამას წინად ინდოეთის ვიცე-კოროლს ლორდს ლიტტონს კალკუტის უნივერსიტეტში წარმოუთქვამს, რომ ინგლისის მთავრობა ბევრი გვარის ცვლილების მოხდენას აპირებსო. ინდოეთის მმართველობაშიო და სხვათა შორის იმ ცვლილებასაცაო, რომ თანამდებობანი, რომელთაც განსაკუთრებით ინგლისელნი ასრულებდნენო, ინდოეთის ადგილობრივთა მცხოვრებთა მიეცემათო.

აქამდისინ ყველა ადგილები ინგლისელებს ეჭირათ, ეხლაც, რასაკვირველია, უმაღლესი ადგილები ისევ ინგლისელებს ეჭირებათ, რომელნიც ლონდონიდამ დაინიშნებიან. ინგლისს ეშინიან – მაღალი ადგილები რომ ადგილობრივ მცხოვრებთ დაურიგოვო, ვაი თუ ინდოეთი ხელიდგან გამომეცალოსო.

აი რას იწერება ერთი ფრანციული კორრესპონდენტი კალკუტიდამ: „1858 წლის აქედ ყველა თანამდებობა იმ კაცებს ეჭირათ, რომელთაც პირდაპირ ლონდონიდამ ნიშნავდნენ და რომელნიც ამ შემოსავლიან ადგილებს ისე უყურებდნენ როგორც ჯილდოს მთავრობის მიერ.

„ლორდის ლიტტონის მიერ გამოცხადებულის ცვლილების გამო ეს თანამდებობანი ადგილობრივ მცხოვრებთ მიენიჭებათ გარდა ზოგიერთის თანამდებობისა, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებს არასდროს არ მისცემენ, რადგანაც აქაურის ადმინისტრაციის დანიშნულება, ლორდის ლიტტონის სიტყვით, ინგლისის უფლების სიმტკიცეო.

„ეს ახლად გამოცხადებული ცვლილება ყოვლად სამართლიანი და სამაგალითოა: ადგილობრივ მცხოვრებთა აქვსთ სრული უფლება თვისი საქმე თვითონვე განაგონ. აქაურებთათვის თანამდებობაში ყოფნა დიდი საქმეა. როგორც თვითონ, ისე ხალხიც ამით შეეჩვევა თვითმმართველობას. მაგრამ ბევრს ეშინიან, რომ ამ ცვლილებამ ძალა არ მოაკლოს ინგლისის უფლებას და ინდოეთმა იგივე საქმე არ უყოს ინგლისს, რაც ამერიკამ უყო.“

ჩვენ ინდოეთზედ იმიტომ მოვიტანეთ სიტყვა, რომ იგი ცხადი მაგალითია ინგლისის ავ-კარგიანობისა. ჩვენ გვსურდა ამით გვეჩვენებინა, რომ თუმცა ინგლისი წარმატებული და განათლებული ქვეყანაა, მაგრამ იქაც ბევრი რამ ავია და ბევრი კარგი. ჩვენ ამის თქმა გვინდოდა, რომ როდესაც გაუნათლებელი, წარუმატებელი ქვეყანა განათლებულის ქვეყნის მიბაძვას დააპირებს, ბრმად არ უნდა აფათუროს ხელები და რაც ხელს მოხვდება ყველა იგი წინდაუხედავათ არ უნდა მიითვისოს. ავისა და კარგის გარჩევა უნდა, ყველაზედ უწინარეს, და მერე რაც კარგია მიიღოს, რაც ავია – უკუაგდოს.

წვრილი ამბები. სტამბოლში არეულობა არამცთუ არ გათავებულა, არამედ მატულობს კიდეც. დეპუტატთა პალატს ყრილობა შეუწყვეტლად ექმნებაო. მუხთარ-ფაშა გადაუყენებიათ და მის მოადგილეთ, მცირე აზიის მხედრობის მთავარსარდლათ იზმაილ-ფაშა დაუნიშნავთ. სულთანი ადრიანოპოლში აპირებს გადასახლებასაო, რადგანაც სტამბოლში დარჩენას შიშობს. ხონთქარს ურჩევენ მითხათ-ფაშა დააბრუნოსო, თორემ უამისოდ არეულბის მოსპობა ძნელიო.

– ათინში დიდი ღელვაა თურმე. ძველი სამინისტრო გადამდგარა და ახალი შემდგარა. ახალი სამინისტრო დიდ მზადებას შესდგომია ომიანობისათვის.

– პრაგიდგან (ბოგემიაში) ერთს ნემეცურს გაზეთში იწერებიან, რომ ჩეხიელებს დაუწვავთ პაპის სურათი და ის ქაღალდი, რომელშიაც პაპის სიტყვა უოფილა და– წერილი რუსეთის წინააღმდეგ (პაპს ამას წინად სიტყვა უთქვამს მის შესახებ, რომ რუსის მთავრობა კათოლიკებს სდევნისო და ცუდად ეკიდებაო).

– თესსალიაში ხალხი აჯანებულა და ერთი ოსმალოს სოფელი გადაუწვავთ. კუმუნდუროსს (საბერძნეთის სამინისტროს მოთავეს) პალატისათვის ახალი კაბინეთის პროგრამმა წარუდგენია, რომელშიაც სხვათა შორის ორი რამ არის მოხსენებული: ქუდზედ კაცით აღჭურვა და წესიერი ომი.

– ჩერნოგორიიდგან ამბავი მოვიდა რომ მთავარს ნიკოლოოზს გადაუწყვეტია რომ თვით დაეცეს ოსმალოს ჯარსა.

– პარიჟიდამ მოვიდა ამბავი, რომ მთავრობას პარიჟის მუნიციპალის პრეზიდენტი დაუტუსაღებია, მის თვის რომ მთავრობის წინააღმდეგი ცხარე და ხალხის ამამაღელებელი სიტყვა წარმოუთქვამს. ბარაქალა ახალს სამინისტროს! დიდი მხნეობა უხმარია!...

______________

1 «Борьба партій во Франціи въ эпоху рестовраців»

2 კონსტიტუციის ძალით რესპუბლიკის პრეზიდენტს შეუძლიან ერთსა და იმავე სესსიაში ორჯელ დაითხოვოს პარლამენტი თითო თვის ვადით.

4 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი.

▲ზევით დაბრუნება


თ. ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსნი.

I[1]

ეღება კარი გაზაფხულისა,
დროთა ცვალებით დანაგულისა,
მოგივალსთ ჟამი სიხარულისა
თვისთანა მქონე შვება-სრულისა.

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.

ეჰა ჩვეულნო. ყოფნას დიდებით, –
აწ რად ხართ ბურვილ ჭმუნვის რიდებით?
ნუ ჰგონებთ თავთა ბედ-განკიდებით –
ნიავმან ყვავილთ სუნთ მოზიდებით
გახაროსთა მოსვლა ფერად-მკულისა....

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.

თუმცა ზამთარი აზრობს ყვავილთა,
დააგდებს ხეთა მწარედ გაძრცვილთა,
გარნა ჟამთ ცნობით მათგანვე ხილთა
ჯერ არს ველოდდეთ პირველებრ ტკბილთა, –
ეს არს ზნე დროთა სიარულისა...

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.

უწყოდეთ ესე ცნობა-მყარითა,
რომ დრო მოგივალსთ კეთილ-დარით;
იხილავთ ვარდსა სახე–მტკბარითა;
თუ არ შეკრთებით მისის ნარითა,
სიმხნეს მოიგებთ წამლად წყლულისა...

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო სიყვარულისა.

ჰოი ვინც არებთ თავის-უფლებით,
ნუ ეტრფით ვარდთა გარ-შემოვლებით!
მიეახლენით გულისა ხლებით
და თუ არ მოჰკვდეთ უდრო და დღე-კლებით,
იხილოთ განხსნა ბედ-შეკრულისა...

ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა,
იგემეთ სიტკბო. სიყვარულისა.

II

ვარდო კოკობო, ყოვლთა მჯობო, მომხედე კრულსა,
მე შენსა მჭვრეტსა, განარეტსა თკალ-დაურულსა
მოვედ-მეკონე და მიმონე, მეწამლე წყლულსა,
აღთქმა გრძნობითი, წამ-ყოფითი სრულ-უქმენ გულსა,
გრძნობათა ჩემთა საკამათოვ! ვაჰ შენგან კლულსა!..

ბრძოლის ხელთ ქნევა, ზილფთა რევა, წამ-ყოფა თვალთა,
მიშმაგვენ გულსა, შაეშყულსა, დამსდებენ ვალთა,
რათა სხვათა მათ დამტოველმან შეგიპყრა კალთა,
არ ვჰრიდო შავთა ჰინდთა ჯართა მათ დაუთვალთა
და მივეახლო. ბროლსა მრჩობლით განათლებულსა,
გრძნობათა ჩემთა საკამათოვ! ვაჰ შენგან კლულსა!..

წალკოტის გარსა, ძნელ – საკარსა შენსა მლოდესა –
ცუდ-მექმნა რეკა, ოხვრათ ჭექა მუნა მჯდომელსა,
ღამე მითენდა, განმიდღევდა სულ-სახდომელსა;
არ გამომხედე მე სიცოცხლე-დაუყოვნელსა.
ამად ვიტყოდი ცრემლთა ფრქვევით მიჯნურის თქმულსა:
გრძნობათა ჩემთა საკამათოვ! ვაჰ შენგან კლულსა.

______________

1 ეს ლექსი უფ. ჩუბინოვის ქრისტომატიაში იყო დაბეჭდილი, მაგრამ ზოგიერთის სიტყვის ცვლილებით.

5 ვინ არიან ოსნი

▲ზევით დაბრუნება


ვინ არიან ოსნი

„ივერიის“ 12№-ში მოვიხსენეთ, რომ ინგლისის მეცნიერმა მ-რ გოუორტმა წარუდგინა ლონდონის ანტროპოლოგიურს ინსტიტუტს საბუთები, რომლის ძალითაც იგი ამტკიცებს ოსების შთამომავლობას სარმათებისაგან. ჯერ ვიდრე ოსებზედ იტყოდა რასმეს, მ-რ გოუორტს გამოუთქვამს თვისი აზრი თვით სარმატების ვინაობაზედ.

სარმატების ვინაობის თაობაზედ ბევრ-გვარი აზრია გამოთქმული მეცნიერებაში. ამ აზრთა შორის უფრო ღირს საცნობია და უფრო გავრცელებულია ორი აზრი: ერთი ისა, რომ სარმატნი გურმანიელნი ყოფილან და მეორე ისა, რომ სარმატნი სლავიანები ყოფილან დ ეხლანდელის სლავიანების წინაპარნი არიანო. ეს უკანასკნელი აზრი უფრო გავრცელებულია ინგლისში, რადგანაც სახელოვანი მეცნიერი ლატამი ამას ამტკიცებდა. გამოჩენილმა სლავიანთა მეცნიერმა შაფარიკმა ცხადად დაამტკიცა, რომ სარმატები სლავიანები არ ყოფილან, მისი მომხრე ინგლისის მეცნიერი ჯენტი ამ საგანზედ სხვათა შორის ამბობს: „უფრო ადვილად მისაღები, რომ სარმატების ჯიში სრულიად მომწედარია ქვეყნიერობაზედ, ვიდრე ის, რომ სარმატები სლავიანების წინაპარნი არიან“. მ-რ გოუორტის აზრით, სარმატების ჯიში არამც თუ ამომწყდარია, არამედ მაგ ჯიშს ძლიერი შტო დაშთენია კავკასიაში, სახელდობრ, ოსები.

რომ ოსები მომდინარეობენ სარმატთაგან, მ-რ გოუორტი ამ აზრს აფუძნებს ვივიენ სენ-მარტენის გამოძიებაზედ. ვივიენ სენ-მარტენი, იძიებს რა კავკასიის პირველ ყოფილთა მცხოვრებთა, ამბობს, რომ ევროპაში ცნობილი სიტყვა „ოსეტინ“ წარმომდგარია ქართულის სიტყვისაგან „ოსსეთი“, რომელიც ნიშნავს ოსთ ქვეყანას და რომლიც შემდგარია სიტყვიდამ „ოს“ და „ეთი“. მაშასადამე „ოსეტინ“ წამხდარი ქართული სიტყვაა და როცა ოსებს ვიხსენიებთო, ამბობს სენრმანტენი, მათ სახელად უნდა ვიგულისხმოთო „ოზი, უზა, ოსი, ანუ ასი“. თვით ოსნი კი თავის თავს უწოდებენ „ირ“, ანუ „ირონ“ და თავის ქვეყანას „ირონისტან“.

ბათო რომ თავისის მონგოლებით შესია ვოლგისა და დონის ნაპირების ქვეყნებს. მაშინ იქა მცხოვრებთა ბინადრობა დიდად შეიშალა. ეს კი ვიცით, რომ მონგოლებმა ააოხრეს მრავალი კეთილ განშენებულნი ქალაქნი ოსებისა, რომელთ ბინადრობა მაშინ თერგამდე უნდა ყოფილიყო. ისიც ცნობილია, რომ ოსები ვერ იყვნენ კარგად ყირიმის ხანებთან და ამის გამო იძულებულ იქმნენ დაენებებიათ თავი თავისის მინდვრებისათვის, რადგანაც ყირიმის ხანის მოხარკენი ჩერქეზნი მეტად აძალებდნენ. ოსები გამოდევნეს უაზრდოდამ და დაიმორჩილეს ჩერქეზთა და ამათ მოსარკედ დარჩნენ იმ დრომდე, ვიდრე რუსეთმა ჩერქეზებს ძალა არ ჩამოაცალა. ეს მთის ჩრდილოთ მყოფ ოსებზეა ნათქვამი. ის ოსი კი, რომელნიც მთების სამხრედ სცხოვრებდნენ, საქართველოს მორჩილების ქვეშ იყვნენ. ამას ამტკიცებს ჰაკსტ-ჰაუზენი, რომულიც ამბობს: „რომელს ოსთანაც კი მე შემსკედრია ლაპარაკი, მიცვნია რომ მათ ძალიან ბუნდათ ახსოვთ პირად გადმოცემული ამბავი თვის შთამომვლობისა, გადმოსახლებისა და ისტორიისა. იგინი ამბობენ, რომ მათი წინაპარნი მთების იქით, ჩროილოდამ გადმოსულან; რომ წინად მათ უცხოვრიათ იმ ადგილიზედ, საცა ეხლა ჩერქეზნი არიან და იქიდამ სხვა ჯიშის ხალხთა ძალდატანებით გადმოსულან აწინდელს თავის ადგილზედა“.

ერთი იმ ტომთაგანი, რომელთაც გამოუდევნიათ ოსნი, ბოლოს თვით გამოდევნილ ყოფილა და გაფანტულა. ეს ოსების გამომდევნელი ტომი უსათუოდ ძველის ყუმანების შთამომავალი უნდა ყოფილიყო ეს ყუმანები ბოლოს გამოდენილ იყვნენ ყაბარდოდამ ჩერქეზებთაგან.

ამ სახით ადვილად მისაღებია, რომ მონგოლების შემოსევამდე ოსებს უცხოვრიათ მთების ჩრდილოდ თერგამდე, ამათი მესამზღვრე დასავლეთით ჩერქეზნი ყოფილან და აღმოსავლეთით სხვა ტომნი კავკასიისნი.

თერგს იქით დიდი და ვრცელი მინდვრებია. რომელთაც თიურქის (Тюрскiй) ელის-ხალხნი (ნომადები) უწოდებენ „დეშტ ყიპჩაღადა“. ესე იგი, ყიპჩაღის მინდვრებად. ეს ყიპჩაღნი იგივე ყუმანები არიან, იმიტომ რომ, ბიზანტიის ისტორიკოსების მოწმობით, ყიპჩაღი ადგილობრივი სახელ-წოდება იყო თურქის ყუმანებისა.

უეჭველია, რომ სპარსელთა ყუმისტანი და არაბთა ყუმუხი წარმომდგარია იმ მდინარის სახელწოდებიდამ, რომელსაც ყუმა (Кума) ჰქვიან და რომელიც ხსენებულს მინდვრების შუა მიდის და ერთვის კასპის ზღვასა. რომ ყუმანები შედარებით ამ მოკლე ხანს გადასახლდნენ ვოლგის ნაპირებზედ – ამაზედ ეჭვი არ უნდა იყოს. და მართლადაც იგინი გადვიდნენ ვოლგას მეათეს საუკუნეში. ამის გამო „ყუმანები“ და ძველთა არა ის მწერალთაგან მოხსენებულნი „ყუმუხები“ ერთი და იგივე არ უნდა იყვნენ. ამ ყუმუხებზედ ძველი არაბის მწერალნი მოგვითხრობენ, რომ უდიდესი ნაწილი კავკასიის მცხოვრებთა მაჰმადიანებათ მოაქციესო და ამასთანავე არაბთა დაიპყრესო ყუმუხნი, რომელნიც ორად განიყვნენო: ყაზიყუმუხებად (მართლ-მორწმუნედ) და ლეკებათ ანუ ყაფირ-ყუმუხებად (არა მართლ-მორწმუნედ). გოუორტი ამტკიცებს, რომ მაგ არაბთაგან დაპყრობილთ ყუმუხების შთამომავალნი ყაზი-ყუმუხები და ყარა ყაითაყები არიან დაღისტანშიო.

ამ სახით ჰსჩანს რომ თიურქის ყიპჩაღნი და მონგოლნი მოესივნენ ევროპას ერთ და იგივე დროს, განდევნეს საშინელი ხარაზნი და შერეკეს დაღისტნის მთა-ბარში, სხვა ტომნი კი წაჰსწიეს სამხრეთისაკენ.

ეხლა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამათ შემოსევამდე ოსნი, ანუ ასნი ჰსცხოვრებდნენ ქვემო დონზე. ეს სარწმუნოა არა მარტო იმით, რომ ოსთა პირად-თქმულობა ამას ამტკიცებს, არამედ მითაც, რომ რუსთა მატიანენიც ამის საბუთს გვაძლევენ. ნესტორი მოგვითხრობს რა ხაზარების დამარცხებას სვიატოსლავისაგან. 965 წ., ამბობს, რომ სვიატოსლავმა დაიპყრო აგრეთვე იასსნი და ყოსოგებიო. ეს ყოსოგები ჩერქეზნი არიან. ჩერქეზთა ქვეყანას მეათე საუკუნეში ყასაკია ერქვა და თვით ჩერქეზთა ოსნი, ანუ ასნი ყასაკებს უწოდდენ. 1029 წ. იაროსლავმა მრავალი ტყვე წაიყვანა იახსებისაგან რუსეთს. კარამზინი ნესტორის სიტყვით ამბობს: „იაროპოლკმა, მესამე შვილმა მონომახისამ 1116 წელსა ძალიან გაიმარჯვაო დონზედ. მან წაართვა პოლოველებსა, ესე იგი, ყუმანებს ქალაქები: ბალინა, ჩეხლუევი და სუგროვი და ბევრი მათში მცხოვრებნი იასსნი ტყვედ წაასხაო. ტყვეთა შორის ერთი ყმაწვილი გასათხოვარი ქალი იყოო, რომელიც ცოლად შეირთოო“, დასასრულ ესეც უნდა ითქვას, რომ მაგ ადგილების დედა ქალაქი იყო აზოვი, ძველი სახელწოდება ამისი არის აზა, წარმომდგარი ოსთა სახელწოდებისაგან, ესე იგი ოსი – ანუ ასი-საგან.

ამ გვარად სარწმუნოა რომ მეოტისის და დონის ახლო მეათე საუკუნეს ოსნი არსებობდნენ. მეათე საუკუნის უწინ კარგა ხანი უუძველეს დრომდე ოსებისა აღარა ისმისრა ისტორიაში. უძველესის დროთა მწერალნი კი გვაცნობებენ, რომ მათ დროს ასნი, ანუ ოსნი ამ ადგილებშივე ჰსცხოვრებდნენ.

დასავლეთის ისტორიის უძველესს დროში ხსენებულია ვოლგისა და დონის შუა ვაკე-ადგილნი ყუბანი და ყირიმი, რომელთა ზედაც ჰსცხოვრებდნენ სხვა და სხვა თემნი. ამა თემთა სახელწოდებანი წარმომდგარნი არიან პირველ ყოფილის ტომის სახელიდამ, ეს პირველ უოფილი ტომი არის მადელთა, ანუ მიდიელთა ტომი. ყუბანისა და ყირიმის მცხოვრებთა თემთა შორის ცნობილ არიან სავრომატნი, ანუ სარმატნი, იაქსმატნი, ხარიმატნი, ტისსამატნი, აღამატნი და სხვანი. შთამომავლობითი ერთ-სისხლობა ამა სხვა და სხვა წოდების თემთა (მაგალითებრ „მეოტიელნი“ სტრაბონისა) იქიდამა სჩანს, რომ პლანიოსი ამ თემებს ყველას ერთად სარმატებად ჰრაცხს. ვივიენ სენ-მარტენი ამბობს, რომ გვარ-ტომობითი სახელ-წოდება მიდიელთა ტომისა სიტყვა „მეტ“ არისო. ებრაელნი ჰსწერდნენ „მადაი“, ძველნი პარსნი – „მად“, სომეხნი – „მატა.“ აქედამ ცხადია, რომ „მაიტაი“ და სპარსელთა მწერალთა მიდიელნი ერთი და იგივეა. ძნელი არ არის დაამტკიცოს, რომ ესენი მართლადა ერთი და იგივე ხალხია.

სიტყვა „სარმატი“ ანუ, როგორც ბერძნები ჰსწერდნენ, „სავრომატი“ არის შემდგარი სიტყვისაგან „სარ“ ანუ „სავრო“ და სახელიდამ „მეტი“. ზოგიერთი მწერალი ამბობს, რომ სიტყვა „სარ“ იმასვე ნიშნავს რაც არიული სიტუვა „საურ, სარ, ანუ სერ“. არიული სიტყვა ,,საურ, სარ, ანუ სერ“ ნიშნავს „თავს“. რადგანაც თავი იმისთანა ნაკვთსა ნიშნავს, რომელიც განაპირებულია და რომლითაც იწყობა თუ თავდება სხეული რამ, ამის გამო გამოჰყავთ, რომ სიტყვა სარმატი ანუ სარმეტი ნიშნავსო განაპირებულს ხალხს მიდიელთ (მეტ) ტომისას ესე იგი, იმ ხალხსა, რომელს იქითაც მიდიელთ ტომი აღარ ყოფილა. შაფარიკი ამბობს, რომ ზოგიერთ აზიურს ენებშორის სიტყვა „სარ“ ნიშნავს უდაბნოს, ანუ დაცემულს მინდორსო და საბუთად მოჰყავს ის, რომ ყირგიზ-ყაისაკნი თავის თავს უწოდებენო „სარ-ყაისაკ“. გატტერერს სარმატის სახელწოდება გამოჰყავს ლიტვურის სიტყვიდამ „საურე“, რომელიც ითარგმნის ჩრდილოეთად და ამის გამო ამტკიცეს, რომ „საურმატი“ ნიშნავს „ჩრდილო მიდიელთ“. სიტყვა „სარ“ სხვა და სხვა უგრთა ენაში ნიშნავს ყვითელს, მის გამო სარმატი შეიძლება ითარგმნოს ყვითელ მიდიელად.

ეფორი იაქსამეტეს სარმატებად რაცხს. ამგვარადვე იაქსმატნი ხსენებულნი არიან სკიმნესა და სტეფანე ბიზანტიელისაგან. ეს მწერალნი ამობენ, როექიასმატნი სარმატების ქვეყანაში ჰსცხოვრებდნენო, მწერალი მელლა მოგვითხობს, რომ ისამატის დედა-კაცები ისე იცვავდნენ და იხურავდნენო, როგორც სარმატისანიო.

ერთის სიტყვით შაფარიკის, სენ-მარტენის და სხვათა მწერალთა აზრს თუ დავეფუძნებით, უეჭველია, რომ სარმატნი მიდიელთა ტომისანი არიან და იაქსამატი სარმატის შტოისანი. თვით სიტყვა იაქსამატი შემდგარია სიტყვებიდან „იაზ“ ანუ „აზ“ და „მატაი“. „მატაი“, მიდიელთ სახლია, „აზ“ ანუ „იაზ“ ოსებისა. ამისგამო იაქსამანტი სხვა არა არის რა გარდა მიდიელ-აზა, ანუ იაზი. ეს სიტყვა იცოდნენ უწინ ნამეტნავად მაშინ, როცა ესხილმა ასწერა წვალება კლდეზედ მიბმულის პრომეთეოსისა. იგი ამბობს, რომ პრომეთეოსი დაბმული იყოვო იმ ხალხთა შორის, რომელიც სცხოვრობს „წმინდას“ ქვეყანას აზიაში, კავკასიის კლდეთა ძირშიო. ამ სახით უეჭველია, რომ ამ „წმინდა“ ქვეყანაში მცხოვრებთ ასები თუ ოსებისაგან დაერქვა სახელი თვით დიდ აზიის ხმელეთს.

ზემო თქმულიდამ ცხადია, რომ იაქსამატი იყო სარმატის. ხალხის ნაწილი და სარმატი იყო ხალხი ნამდვილ მიდიელთაგან მოწყვეტილი.

გოუორტს მოჰყავს ძველნი მწერლნი, რომელთაც ოდესმე უთქვამთ რამე სარმატენზედ.

პირველი მწერალი არის ღეკატეოსი, რომელსაც უცხოვრია მეექვსე საუკუნეში ქრისტეს წინ და ორმოცდა ათის წლით ღეროდოტეს წინ. ამის თხზულების ნაშთი „პერიპლეთ“ ცნობილი, სტეფანე ბიზანტიელს აქვს მოყვანილი. ღეკატეოსი მოგვითხრობს, რომ იქსიბატნი, ანუ, როგორც სენ-მარტენი უსწორებს, იქსამატნი სინდიკის ახლო პონტოს ნაპირებზედ ჰსცხოვრებდნენო. ეს სიტყვა-სიტყვით იგივეა, რასაც სტრაბონი ამხობს ბოსფორის არხებზედ. ესხილი, რომელიც თითქმის თანამედროვე იყო ღეკატეოსისა, იხსენიებს აქავ მცხოვრებთ ასსებსა. ამ სახით ჰსჩანს, რომ სარმატნი ძალიან ძველს დროს ყოფილან და ცნობილ არიან ძველთაგან ასსიების, ანუ იაქსამატებას სახელ-წოდებითა. ეს სახელები უთუოდ ადგილობრივი სახელები ყოფილა. ამ ღეკატეოსის შემდეგ გეროდოტე იხსენიებს სოურომატებს, და ამბობს მეოტისელთ ზემოდ ჰსცხოვრებენო. იგი მოგვითხრობს რომ იგინი ლაპარაკობენ სკვითის ენასაო, მაგრამ ეგ ენა კარგად არ იციანო. მათის მხრის კანონითო, ქალი ვერ გათხოვდება იმ დრომდე, ვიდრე ომში მტერს ვისმეს არ მოჰკლავსო; ზოგიერთი სიბერემდი გაუთხოვარი რჩება ხოლმეო, რადგანაც შემთხვკევა არ მისცემია მტერი მოეკლა სადმეო. როცა დარიოსი დაეცა სკვითებს სარმატნი მიემხრნენ სკვითებსაო და მათის მხედრობის ნაწილნი შეიქმნენო. ღეროდოტის შემდეგ 300 წ. ქრისტეს წინ, ანუ, ნიბურის სიტყვით, 360 წ. სკილაქსი იხსენიებს სარმატებს ტანაისის დასავლით და სურომატებს ტანაისის აღმოსავლით. ცხადია, რომ ეს ორივ სიტყვა ერთი და იგივე ხალხის სახელია.

ევდოქსი (379 წ. ქრისტეს წინ), რომლის სიტყვებიც მოჰყვს სტეფანე ბიზანტიელს, აჩვენებს, რომ სარმატნი ჰსცოვრებდნენ დონის დასავლით. მას შემდეგ ისტორიკოსი ეფორი იყო, რომელიც სცხოვრებდა 335 წლის ახლო-მახლო ხანებში. სტრაბონს მოჰყავს ამ ეფორის შემდეგი სიტყვები: „დიდი განსხვაება არის სარმატების და სხვა სკვითების ცხოვრებათა შორის, რადგანაც ერთნი მეტად ბრიყვნი არიან და კაცის მჭამელნი, მეორნი კი ხორცეულს სულ არ ეკარებიან“, არის ერთი თხზულება, რომელსაც სათაურად აქკს; „ჰაერისა, წყლისა და მიწისათვის“ და რომელიც სკილაქსის დროისა უნდა იყოს და იქნება ამაზედ კიდევ უძკელესიც. ამ თხზულბაში ხსენებულ არიან სარმატნი, რომელთა დედა-კაცნი მეომრის გულისანი ყოფილან და რომელიც მდგარან დონზე სკვითებთა შორის.

პოლიენი, მწერალი ქრიტეს აედ მეორის სუკუნისა, ეფუძნება არა მართალთა და ნამდვილთა წყაროთ, მოგვითხრობს, რომ ბოსფორის მეფემ სატირ, რომელიც მეფობდა 349-311 წ. ქრისტეს წინ, ურჩია სინდთა მეფეს გაუშოს თვისი ცოლი იქსამატთა გვარ-ტომისა და შეირთოს ქალი მის სატირისა. განრისხებულს დედოფალს მოუმხრია ხალხი და ხალხის შემწეობით სამაგიერო გადუხდია რამდენსამე ომში. ნიბური ამბობს, რომ მაშინ როცა ბოსფორის მეფის პარიზადის შვილებ შორის 311 წ. ქრ. წინ ბრძოლა იყოვო, სარმატნი ჯერ კიდევ თავის უწინდელს ადგილს სცხოვრებდნენ დონზედაო.

სარმატია დიდხანს თითქმის ბოლოს დრომდე იყო სახელ-წოდებად სამხრეთის რუსეთის ვაკეებისა. სარმატები ყოფილან ოლვიის მახლობლათაც დიონის დროს და მეოტიის მახლობლად ლუკიანეს დროს. იგინი ყოფილან იმას იქითაც, პანნოვიის მინდვრებში და აქ იგინი რომაელებს დაუცხრომლად მტრობდნენ.

ეს დასავლეთის სარმატნი არიან. ამ სარმტებზედ მარტო ის უნდა ითქვას, რომ იგინი ორად იყვნენ გაყფილნი რომაელების დროს: როკსოიან-ებად და იაზიგ-ებად. ეს უკანასკნელი სიტყვა გვაგონებს ძველს სახალხო სახელ-წოდებას ოსებისას, სახელდობრ „იასი, ასი“ და მაშასადამე აქედამაც მტკიცდება, რომ სარმატნი და ოსნი ერთი და იგივე არიან. როცა გუნნების დიდი შემოსევა მოხდა, მაშინ სარმატნი ნაწილ-ნაწილ განიფანტნენ. ხოლო მგზავსად სხვა ელის-ხალხთა, რომელიც ტრიალ მინდვრებზედ ჰსცხოვრებდნენ და განდევნილ იქმნენ მტერთაგან დასავლეთისკენ ვოლგის იქით, ერთი ნაწილი სარმატთა დარჩა იმ მაგარს და უვალს ადგილს, რომელიც მდებარეობს კასპიისა, პონტო-ევქსინის ზღვისა და კავკასიის შორის.

ზემოდ ნათქვამია რომ სიტყვა სარმატი არის მხოლოდ მეორე სახელ-წოდება ასებისა, ანუ იასებისა. ფრიად ღირს საცნობია, რომ ჯერ კიდევ პტოლომეოსის დროს მეოტისის ნაპირებზედ ყოფილა სამი ქალაქი, რომელთ სახელწოდებაში ისმის ნაკვთი „აზ“, სახელდობრ: აზარა, აზბეტისი და არა პტოლომეოსი იხსენიებს ერთს თემს ოსილიად ეხლნდელის აზოვის სიახლოვეს. ამაზედ უწინ სტრაბონი იხსენიებს ასპურგიტებს, ესე იგი, ქალაქს ასში მცხოვრებთა და ეს „ასი“ ეხლანდელისა და შუა საუკუნოების აზოვია.

გარდა ამისა რაც ზემოდ ითქვა სარმატებისა და ოსების ანუ ასსების ისტორიულ კავშირზედ, შემდეგი საბუთებიც ცოტად თუ ბევრად ეხმარებიან მ-რ გოუორტის აზრსა. ადგილობრივი სახელი ოსებისა არის „ირონ“ და მათის ქვენისა „ირონისტანი“. ამავე დროს ირანს სპარსეთისა და მიდიის სახელია. ეს სახელი გმოჭრილია სასანიდების ფულზედაც, ამ გვარის მეფენი იწოდებოდნენ „მალკა მალკანი ირან“, და ესე იგი ირანის მეფედ-მეფე. ღეროდოტე ამბობს: „მადიელთა ჰქონდათ იმ გვარივე ტანსაცმელი როგორც სპარსთა. და თვით საცმელ-სახურავიც, რომელიც ორთავ ამათ აქვსთ უფრო მიდიურია, ვიდრე სპარსული. ამათი მფლობელი ტიგრან ახამენიდის გვარისაა. ამ მიდიანელთა უწინდელს დროს ყველა სხვა ხალხი არიებს უწოდდა.“ ოსები სახის მეტყველებით, გარეკანის იერით, ტანსაცმელით მეტად განსხვავებულნი არიან კავკასიის სხვა და სხვა ტომთაგან და უფრო დაახლოებულნი არიან ევროპიელებთან. ლურჯი თვალები, ქერა თმა ხშირია ოსებს შორის და შავითმა ძალიან იშვიათია (კლაპროტი). მაგრამ იმათი შთამომვლობა მიდიელთაგან ყველაზედ ნათლად მტკიცდება მათის ენითა, კლაპროტს მოჰყვს გძელი სია ოსურის სიტყვებისა და მათ პირ-და-პირ სპარსულისა და მის მონათესავე ენებისა, რომელნიც ერთსა და იმავეს ნიშნავენ. კლაპროტის მოყვანილი სიტყვები შეამოწმა და გაამართლა სიუგრენმაც, რომელიც კლაპროტსავით ამბობს, რომ ოსური ენა უნდა ცნობილ იყოსო არიულ ენად, იმიტომ რომ ყველაზედ მეტად სპარსულს და მიდიურსა ჰგავსო. ხოლო შეთვისებული აქვსო. ზოგიერთი ბარბაროზული ნაწილაკნი, რომელნიც იქნება სკვითურისაც იყვნენ, რადგანაც, დიოდორის მოწმობით, სარმატნი სკვითებისა და მადიელთა შერეული შთმომავალნი არიან და ღეროდოტეს სიტყვით კი, სარმატნი ლაპარაკობდნენ სკვითურს, თუმცა არა წმინდად.

გარდა ამისა სხვა საბუთებიც არის გოუორტის აზრის დასამტკიცებლად. უპირატესნი მდინარენი ოსეთისა არიან; არდონ, ურდონ, დუგორ, ფოგ, კსანი და სხვ. პირველს ორ სიტყვაში ნაკთვად არის „დონ“, რომელიც ძირი-სიტყვაა ტანაისი-სა (ეხლანდელი დონი), დანაპრაისა ანუ დნეპრი-სა და დანასტრა-ისა, ანუ დნსტრი-სა. ეს ტანაისი (ეხლანდელი დონი), დანაპრი, (ეხლანდელი დნეპრი) და დანასტრის (ეხლანდელი დნესტრი) უმთავრესნი მდინარენი იყვნენ სარმატიისა. „დონ“ დღესაც ოსურად მდინარეა. „ფოგ“ ცხადია, რომ ეხლანდელი „ბუგია“ მდინარე სამხრეთ-დასავლეთის რუსეთისა. ამ სახით. სარმატის სახელწოდებანი მგზავსს სიტყვებს და სახელებს პოულობენ ოსურს ენაში, აგრეთვე მის მონათესავე სპარსულს და მიდიურს ენებშიაც. შაფარიკი ამბობს, რომ სარმატის სახელწოდებანი: არზაკ, ატაკ, ბადაკ, და სხვ. სპარსელებთა და მიდიელთა შორისაც ისმისო. ცოტაოდენის ცვლილებითა (მაგალითებრ: არმაკ, არზაკა ბაზაკ) და შემდგარნი არიანო სიტყვიდამ „აკ“ ანუ „ას“, რომელსაც ზედ დართული აქვს სხვა და სხვა საგნის აღმნიშვნელი ნაკვთიო. ამ გვარადვე სარმატული სახელები „ამნაგ, აბრაგ“ და სხ., რომელთშიაც ისმის მარცვალი „აგ“, ადვილად ეთანხმება სპარსულს და მიდიურს ასტიაგ-ს, გარპაგ-ს და სხვ.

ყოველივე ზემოხსენებული ნათქვამი შაფრიკისა, ვივიენ სენ-მარტენისა და სხვათა რომ ერთად შევკეცოთ, სამყოფი საბუთი გვექნება დავასკვნათ, რომ კავკასიის ოსები ძველის მწერლებისაგან ხსენებულის სავრომატების, ანუ სარმატების შთამომავალნი არიან.

(Journ. of the Anthr. pol. inct. July 1876. Знанie. 1877, №2.)

6 ოსმალოს საქართველო

▲ზევით დაბრუნება


ოსმალოს საქართველო

ოსმალოს საქართველოსზედ აქამომდე თუ რამ თქმულა, საერთოდ თქმულა. ეხლა საჭიროდ ვხედავთ თვითოეულად, ყოველ ნაწილზედ ცალკე ზოგიერთი ცნობა მოვიტანოთ. პირველად მოვიხსენოთ აჭარა, რომელიც ჩვენზე ახალციხის და გურიის მხრით ძალიან დაახლოვებულია.

აჭარაში ყველამ იცის რომ ჩამომავლობით ქართველია და მამა-პაპა ქრისტიანები ჰყოლია, გვერდით მეზობლათ ჩვენში ძმები და სახლიკაცები, ნათესავები ჰყავს, უფრო სამზღვარზე ახლო მცხოვრებნი ჩვენკენ თითქმის ქალაქამდე დაიარებიან სავაჭროთა. ძველის წარსულის ცხოვრებისა სახელოვანი მეფეები ახსოვთ, თამარ დედოფლისა სახელი როგორც სამზღვარ აქეთ მხარეს ყველა სოფელში იციან, აგრეთვე აჭარაშიაც იციან. ერეკლე მეფეს მეორეს თუმცა არ უმეფნია, სახელი კი გავარდნილი აქვს და ლექსებშიაც თურმე კი მოიხსენებენ, რომელნიც ჩვენის მხრით გადასულა. მაგალითად ასპინძის ომზე.

აჭარა ეკუთვნოდა სამცხე-საათაბაგოს და ეხლანდელ ახალციხის და ახალქალაქის უეზდებთან შეადგენდა ერთს საერისთვოს. ქართლ-კახეთის სამეფოს იმაზე დიდი კავშირი ჰქონდა და ხშირად ქართლს ემორჩილებოდა. წარსულ საუკუნეში თეიმურაზ მეფე მოწადინებულიც იყო. საათაბაგოს და საკუთრად აჭარის დაპყრობასა. შაჰაბაზისაგან განადგურებული, მერმე ქართლ-კახეთის მეფების ერთმანერთის ომით და ლეკთა ოსმალოთა შემოსევით დასუსტებული ქართლ-კახეთი ერეკლე მეფემ იმდენად აღადგინა, რომ ის მარტო ზრუნავდა ახლად შეერთებული ქართლ-კახეთი წელში გამაგრებულიყო და გარეშე მტრისთვის ფეხი არ გადმოედგმევინებინა. დიდი სიძლიერე, თითქმის ზესთაბუნებითი ღონე უნდა ჰქონოდა ამ საკვირველ კაცსა რომ 54 წელიწადში თავის მეფობის დროს, ასე ცოტას ხანში განაცრებული ქართლ-კახეთი აღედგინა ლეკთან, ხანებთან, ოსმალთან და სპარსთან ბრძოლის დროს! ერეკლეზე უფრო ბედნიერს გარემოებაში მყოფი უეჭველია ახალციხის ფაშას, ძველ ათაბეგების ჩამომავალს მიიმხრობდა მთელის სამცხე-საათაბაგოს და აჭარის დაპყრობისათვის. შესაძლებელიც იყო, რადგან ახალციხის ფაშებს ოსმალები სძულდათ, ოსმალოს მმართველობის ხსენება არ იყო, იმის შემოტანას ეურჩოდნენ კიდეცა ახალციხის საფაშოში, მხოლოდ სახელით ხვანთქარს ემორჩილებოდნენ, თორემ სხვაფრივ თავისუფალნი იყვნენ. ამიტომ ადვილად შეიძლებოდა რომ სრულიად თავისუფლების მსურველი ახალციხის ფაშა ერეკლეს მოსდგომოდა, მაგრამ ერეკლე რასაკვირვლია არ მოინდომებდა ოსმალოს საშინელს ატეხასა და საქართველოს სრულებით დაცემასა. ასპინძას დიდათ გაიმარჯვა და წინ წასვლა შეეძლო, მაგრამ დადგა.

აჭარა, როგორცა ვთქვით, სანამ სამცხე-საათაბაგო ოსმალოს დაემორჩილებოდა 1625 წლამდის ქართლის მოკავშირე და მორჩილი იყო; რამდენჯერმე კი გურიას უერთდებოდა როგორც მაგალითად 1609 წელს გურიელის მამია მეორის დროსა. ქრისტიანობა შეირყა მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსა, მაგრამ ამ ასის წლის წინათ ქრისტიანობა თითქმის ნახევრათ დარჩომილიყო. ოსმალოს წესები მხოლოდ ამ ორმოც-სამოცის წლის წინათ შემოვიდა.

ოსმალოს მმროველობის შემოტანაში, რასაკვირველია ძალა მუშაობდა; მაგრამ ამასთან კი უფრო ბეგების გვარებმა დიდი შემწეობა მისცეს. ქვედა აჭარაში (სოფ. მერისი) თავდგირიძეებმა და ზედა აჭარაში, ფოცხოვზე ახალციხის სამზღვარზე (სოფ. სხალტას, ბაკოს) ხიმშიაშვილებმა და სხვებმა. მომატებული ერთგულება ოსმალებს ხიმშიაშვილებმა გაუწიეს და ამისთვის მეტი არ იქნება ამ ბეგის გვარის ამბავი მოვიხსენოთ.

ხიმშიაშვილებისაგანი ეხლანდელი ბეგის შეფის პაპა ერთი უბრალო კაცი იყო. რადგან ძალიან გონიერი და შეძლებული კაცი გამოვიდა დიდი სახელი გაუარდა აჭარაში; თითონაც ბეგობა დაირქვა, რადგან ძველი თავადიშვილის ჩამომავალი იყო. ამისი შვილი სელიმ მამის კვალზე წავიდა. წარსული საუკუნის დასასრულს, ათაბეგების უკანასკნელი ჩამომავლის შარიფ-ფაშის დროს არეულობა მოხდა ახალციხეში; სელიმმა დრო იხელთა და აჭარაში გაძრიელდა და ახალციხის ფაშას აღარ ემორჩილებოდა. ფაშის ურჩობა იმ დროს არავის არ აკვირვებდა. 1802 წ. სელიმ ბეგმა თავისი საყმო აჭარა შეჰყარა და ახალციხიდამ შარიფ-ფაშა განსდევნა. ამ გვარათ უბრალო ბეგი ფაშად შეიქმნა და რასაკვირველია ამ გარემოებას ხიმშიაშვილების გვარზე ბევრი კარგი და ავი გავლენა ჰქონდა.

მაგრამ სელიმ ფაშის ბედმა დიდხანს არ იმუშავა 1805 წელს ხვანთქრის რისხვა მოადგა და ახალციხიდამ უნდა გაქცეულ იყო. ხიმშიაშვილს ფაშობის ჩამორთმევის გარდა მთელის ცოლშვილით განუჩინეს სიკვდილი შარიფ ფაშა რამ წამს ისევ დაბრუნდა ახალციხეში, ხიმშიაშვილს სელიმ ფაშას დაეძებდა. ორჯელ ჯარები გაგზავნა აჭარაში, მაგრამ ვერა გაარიგა რა. ხიმშიაშვილმა სელიმმა თავის დასაცველათ რუსის მთავარმართებლებს რტიშჩევს და პაულიჩჩს მეგობრობა დაუწყო; შვილები ახმეტ და აბდი გურიის მთავარს მამია მეოთხეს გაუგზავნა. მაგრამ სელიმ-ფაშა დიდხანს ვეღარ გამაგრდა აჭარაში. 1815 წელს აზრუმის ფაშამ ჯარი გაგზავნა, სელიმ ხიმშიაშვილი შეეფარა ზედა აჭარაში ხირხათის ციხეში, რომელიც აჭარლების სიტყვით თამარ მეფის აშენებულია და სოფელ ბაკოს ახლოსა სდგას. აქ კარგა ხანი გამაგრდა, მაგრამ ბოლოს ღალატით გასცეს, თავი მოსჭრეს და სტამბოლს გაგზავნეს.

ეს ქვემოხსენებული ეხლაც აჭარაში სამღერი ლექსი, მერისის მცხოვრებლის სიტყვით დაწერილი, ვგონებთ ამ არეულობის დროს უნდა ეკუთვნოდეს:

აი გიდი ჩახალ-ოღლი![1] ერთხანაც გიქრიდა ქარი. შემოჲღევი ოლქაობა[2], ხომ არ ქენი კაი ქარი. ფაშას ყულე[3] დეუმგურიე, სასახლეს გეუღე მხარი. სელიმ-ფაშამ რო შეიტვა, შეიქნა რომ ჰერსით[4] მთურალი. – ჩახალ-ოღლი შემირიგდი, გავაკეთოთ ბარიშალი[5] ასრე ვნახოთ ერთმანერთი, ვითარცა რომ და და ძმანი. თუ მე არ მომენდობი, ბოლათ[6] შეიყარე ჯარი.

შუა ტეზე რომ გადმეჲარე, იქ გადმეიტანე თარი, ადიგვე[7] რომ ჩამიარე, მეიდანს ჭამე სამხარი, ქალაქში[8] რომ შემოხვედი, ვით ფადიშა-სერესკარი, ფაშამ საჩუქარი გიყო, მას გავარდა ორივ თვალი.

ფაშა ვალეს[9] წამევიდა, ხომ არ გამოვიდა ხანი. ჩივთეები[10] დეუწყვილეს, ზეცას ადის მათი ალი. სამი ფეხის გადადგმაში ჩამოართვეს ორივ მხარი, სამივე ერთად დაარწყვილეს: ორი ძმა და ბაჲრახდარი[11]; სამივე ერთად დასჭრეს თავი, ვითარცა ყასაბმა ცხვარი. ყველა იმას ეხვეოდა, ვითარცა სკაში ფუთკარი. აჭარა დასწვა-დადაგა, ზეცას ადის მათი ალი!

როდესაც ყველა დამშვიდდა სელიმ ფაშის შვილები ახმეთ და აბდი გურიიდამ დაბრუნდნენ აჭარაში. ახმეთ-ბეგმა მთავრის და ესმა შეირთო.

1828 წელს ომების წინათ ასმეთ-ბეგი სრული წლოვანი იყო, კარგი შეძლება და მამულები ჰქონდა მამისაგან დარჩენილი, მამული ზოგი თითონ იყიდა და მოიპოვა დიდი გავლენა მთელ აჭარაში და შავ-ზღვამდე. ამისთანა კაცის მეგობრობა რუსებისთვის რასაკვირველია კარგი იქნებოდა და ბებუთოვს იმასთან ერთობა ჰქონდა. 1829 უნდოდა მიეღო რუსის ქვეშევრდომობა, მაგრამ მერე გარემოება შეიცვალა. ბებუთოვი გამოსცვალეს და იმის მაგიერს ოსტენ საკენს არ მოენდო. რუსის ჯარი აჭარაში შევიდა. გენერალმა მოითხოვა რომ ახმეთ-ფაშა მოსულიყო. რადგანაც არ მოვიდა, სოფელ ხულაში იმისი სახლი დასწვეს. ახმეთ-ფაშამ აჭარლები მოაგროვა და გზაში ჩაუდგა, რუსებს ბათუმში არ გაუშვებო. ამ დროს ჭირი იყო და რუსები უკან დაბრუნდნენ. ახმეთ-ფაშა გამოედევნა და გზა წაახდინა, რადგანაც მთიდამ დიდი ქვები დააგორეს. ჯარი ახალციხეს დაბრუნდა ჭირისა ავათმყოფობისაგამო, მალე მორიგება მოხდა, რომლის ძალითაც ახალციხე რუსეთს შეუერთდა. ახმეთ-ფაშას ყარსის გუბერნატორობა მისცეს და შემდეგ აზრუმის სერესკრობა. ამ დროს ჭანეთში და ლივნაში ჯარებით შევიდა ოსმლოს წესების შემოსატასთ და დასამკვიდრებლათ.

ახმეთ-ფაშის სამსახურის გამო ხიმშიაშვილები თითქმის მთლი ოსმალოს საქართველოს ბძანებლები შეიქმნენ. სელიმ-ფაშის შვილებმა: ახმეთ-ფაშამ დააჭირა აჭარა და არტანუჭა, აბდი-ბეგმა შავშეთი და სათლელი, მესამე ძმამ ქორ უსეინ-ბეგმა, პენეკი და მეოთხემ დურსუნ-ბეგმა ყარსის ახლოს თავის კარი. ეხლნდელი მმართვლები ამ ადგილებისა სულ ამათი ჩამომავალნი არიან.

ახმეთ-ფაშის დროს იმისი ძმების სამფლობელოები სახელით ეკუთვნოდა ოსმალოს, ერთად ერთი სამსახური ოსმალოს საქართველოში მხოლოდ ჯარის სამსახური იყო. ახმეთ-ფაშამ პირველად ჩამოაგდო აჭარაში სალდათის გაყვანა. მაგრამ ჯერ-ჯერობით თითო ოროლ ბოგანო კაცი გაჰყავდათ.

ახმეთ-ფაშას სიკვდილის შემდეგ ხიმშიაშვილებში თავ-კაცათ ახმეტის ძმა ქორ უსეინ-ბეგი იხსენებოდა, რადგანაც ახმეთ-ფაშის შვილი შარიფ-ბეგი ჯერ ყმაწვილი იყო.

შარიფ-ბეგის ბიძა ქორ-უსეინი განაგებდა აჭარას და ყოველ ღონისძიებას ხმარობდა ოსმალოს წესების შემოტანა დაებრკოლებინა. ხალხში ბევრს საკვირველ ამბებსა ლაპარაკობენ იმაზე როგორც უშიშარ რაინდზე. ამის დასამორჩილებლათ აქედამ გადასული გამაჰმადიანებული ვიღაც ჭყონია მიგზავნა ოსმალოს მთავრობამა. ჭყონია გოლიათის შეხედულობისა და მკაცრის ხასიათისა თურმე იყო; მივიდა ქალაქ ქედას და შიშის ზარი დასცა. ქორ-უსეინ ხიმშიაშვილი არ შეუშინდა, დაეცა და ქედიდამ განსდევნა. ამას შემდეგ ჭყონიაზე უარესი მკაცრი კაცი კეი-ოღლი მოვიდა აჭარაში ოთხი ათასის ჯარითა და სულ გადასწვა. ამასთანავე ქორ-უსეინს მიუსიეს ყარსის ფაშის ჯარი, დაიჭირეს უსეინ და ყარსში დაამწყვდიეს. თუმცა იქიდამ გაექცა, მაგრამ ისევ დაიჭირეს და სტამბოლს გაგზავნეს, სადაც ამ ორმოცის წლის წინათ გადიცვალა.

მკაცრმა და სასტიკმა კეი-ოღლიმ პირველი მმართველობის (ადმინისტრაციის) საფუძველი დასდვა საშინელის მტარვალობითა. შესანიშნავი დრო იყო ეს დრო აჭარისათვის.

ამ მცირე მოთხრობით ხიმშიაშვილების გვარის თაობაზედ, ვხედავთ ოსმალოს წესები რა გზით შემოიტანეს აჭარაში. ახმეთ-ფაშის შემწეობით და კეი-ოღლის მტარვალობით რაკი აჭარაში ოსმალოს წესები შემოვიდა და აჭარის თავისუფლებას საძირკველი მოეთხარა, ხვანთქრის მმართველობამ ახლა ბეგებზე მოიცალა. 1850 წელს ოსმალოს საქართველოს თავად აზნაურთა (ბეგების) თავი კაცები სტამბოლს დაიბრს და გამოუცხადს, რომ მმართებლობას უნდაო საგვარეულო სიგელები და ფარმანები გაშინჯოსო და ახალის წესის დაგვარათ ახალის ფარმანებით შესცვალოსო. ბეგებმა სიხარულით აიღეს მამა-პაპის ქაღალდები, საქართველოს მეფეების ბოძებული წერილები და ხვანთქირების ან ფაშების ფარმანები და წარუდგინეს. მოელოდნენ ხვანთქრის წყალობას. ოსმალოს მმართებლობამ რაკი ეს წერილები გამოსტყუა და თავის არხივებში დაჰკეტა, გამოუცხადა თენზიმათის შესანიშნავი სიტყვები:

„ყეოველი ქვეშევრდომი იმპრიისა, თანაბრათ უნდა სწევდეს ხარჯსა რაც უნდა წოდებისა და სარწმუნოებისა იყოს“.

ამით დასრულდა აჭარის თვისუფალი ყოფნა.

პ.უმ.

__________________

1 ჩახალ-ოღლი, ქვედა აჭარელი სოფელ ბზუბზუელი ყოფილა.

2 ჯარიანობა, ომიანობა.

3 ციხე

4 ჯავრით

5 ბარი-კარგი, მალი-მორიგება

6 ბლომათ, ბევრათ

7 სოფელი

8 აჭარლები ახალციხეს ქალაქს ეძახიან და ტფილისს დიდ-ქალაქს,

9 სოფელი ახალციხის უეზდში

10 დამჩები.

11 ბაირაღის დამჭერი, მედროშე

7 ჩვენის ისტორიისთვის მასალა

▲ზევით დაბრუნება


ჩვენის ისტორიისთვის მასალა

(შემდეგი)[1]

შემდგომად რაოდენისამე ჟამის საქართველოს უპირატეს მართებელმან ალექსანდრე პეტროვიჩმან ტორმასოვმა გაილაშაქრა ახალ-ციხეზედ, და აწვია ლეონ დადიანიცა და შიეკრიბა სამთავროით მისით სპანი ოდიშ ავხაზნი და ლეჩხუმელნი და წარვედით ახალ-ციხეს, ვნახეთ მუნ ტორმასოვი დიდითა მხედრობითა და შემოვკარით სრულიად ციხე და ქალაქი და ოდეს სწადოდათ რამეთუ შევსრულ ვყოთ ქალაქსა შინა მაშინ გაჩნდა ჯარსა შინა მომსრველი სენი (ესე იგი ჟამი) და შიშითა მისითა დავიფანტენით, აღვემზადეთ და წარვედით, გარნა ალაფი დიდ ძალი წარმოვიღეთ ვინადგან მარბიელთა ჩვენთა მოთარეშეს მრავალნი სოფელი და დაბანი. და ესრეთ წარმოვედით სურამამდინ ერთათ მთავარ მმართებელიცა და მთავარიცა ჩვენი, და შემდგომად ჩვენ წარმოვედით კორტოხით ოდიშად და მთავარ მმართებელი თფილისად და დაშთა ახალ-ციხისა ციხე და ქალაქი უვნებელი.

ამათ ჟამსა შორის მთავარი ჩვენი ლეონ გრიგოლის ძე შეიქნა ოცის წლისა და ვინათგან ესრეთ იყო ბრძანება ხელმწიფე იმპერატორისაგან. აქომამდე სამთავროსა სამენგრელოსასა მართებდა დედა მისი დედოფალი ნინა, და რა მოვიდა დანიშნული ჟამი, მიათვლა ძესა თვისსა ლეონს სამთავრო სამენგრელოს და სთხოვა ხელმწიფე იმპერატორს და წარვიდა როსიად თაყვანის საცემლად მისისა ხელმწიფე იმპერატორისა фამილიათა მისთა და წარიყვნა ძე თვისი გიორგი და აფხაზეთის მთავრის საფარ ალიბეგის ძე ყრმა დიმიტრი, ვინათგან სიყრმითგან იგი ზრდიდა შვილად თვისად და რა მივიდა სანკტ-პეტერ-ბურღად, ყოველთა სამაგალითოდ მიიღო იგი ხელმწიფე იმპერატორმა და აღავსო ყოვლითა წყალობითა და ნიჭითა და სცხოვრებს მუნ. შემდგომად წარსვლისა დედისა თვისისა მთავარმან ჩვენმან ლეონ დადიანმა მოიყვანა მეუღლედ ზურაბ წერეთლის ასული მართა და ჰქმნა დიდი და სახლოვანი ქორწილი ჭაქვიჯს.

წელსა ამს 1811 განჩდა იმერეთსა შინა ოდიშსა და გურიასა საშინელი მომსვრელი სენი (ესე იგი ჟამი) ამასთან საშინელი და საკვირველი სიყმილი, რომელნი უთვალავნი მოისრნენ და მრავალნი განიბნენ, კნინღა და შუა გაიყო ყოველი ქვეყანანი ესე ზემო ხსენებულნი, და მრავალნი წარვიდენ აფხაზეთად. ვინათგან აფხაზეთსა შინა არა იყო წელს მას სიყმილი და არცა მომსვრელი იგი სენი. და განგრძელდა ესე ვითარი რისხვა ღვთისა ორსა წელსა და შემდგომად გარდვიდა, გარნა ქვეყანანი მრავალი და სოფელნი დაშთენ ოხრად. მაშინ კაცნი მუნითგან გაბნეული მრავალნი იპოებოდენ დადიანის სამთავრო სამურზაყანო ავხაზეთსა შინა, და უფრორე იმერეთისა კაცნი, ამასათვის წარგზავნა ბოქაულნი მთავარმან ჩვენმან და შეკრიბნა და წარგზავნა მრავალნი სულნი იმერეთად, გარნა კვალად დაშთა მრვალნი. განიზრახა მთავარმან ჩვენმან, რათა მსახუროს ხელმწიფე იმპერატორსა და მიეხოს მადლსაცა და განბნეულნი იმერელნი შემოჰკრიბოს შესაძინელად ხელმწიფე იმპერატორისა და სასარგებლოდ სულისა, ამისთვის თვით წარვიდა, და ეგრეთვე აღუკრძალოს ტყვის ყიდვა და უსჯულოება სამურზაყანოელთა მათ და ეგონ ქრისტიანად. ამისთვის თანა წარიტინა ბიძა თვისი ჭყონდიდელ მიტრიპოლიტი ბესარიონ და ცაიშელ მიტროპოლიტი გრიგოლი და მეცა ვახლდი, და ახლდა თან სიძე მისი მანუჩარ სოლომონის ძე შარვაშიძე, რომელი იყო მის ჟამისა სამურძაყანოს გამგებლის თვით ლეონ დადიანისაგან დადგენილი. და მივედით რა ბედიას დვებანაკეთ სოფლად ხახუბისას და დავსდექით მუნ, ხოლო ციხე ბედიისა მას ჟამად ეპყრა ლეონ ხუტუნიას ძეს შერვაშიძის, და იყო მას შინა თვისის ცოლშვილითა ხოლო ძე ლეონ შარვაშიძისა ხუტუნია და სიძე დადისნისა მანუჩარ სოლომონის ძე შურობდენ ერმთანერთში და იყვნენ ერთმან ერთისა ბიძა შვილნი და ღამესა მის ყოფნისა ჩვენსა ბედიას შემოუჩინა ხუტუნიამ კაცი მანუნუჩარ შარვაშიძესა და მძინარესა სახლსა შინა შეეპარენ და დასცეს ხანჯალი მძნარეს და მოჰკლეს, კაცი ღირს სახსოვარი და საქებელი იმპერატორის პოლკოვნიკი და კავალერი. მსმენელი მისი მთავარი დადიანი და მხლენი მათნი დიდსა მწუხარებასა მივეცით, გარნა არა იყო ღონე. ლეონ შარვაშიძე და ძე მისი ხუტუნია ციხესა შინა იყვნენ და ჩვენ არა გვახლდა ჯარი რათა ნაცვალის რაიმე გვემოქმედებია. წარმოვიღეთ მკვდარი და მოვედით სასახლესა მისსა ბარბარას და ვიყავით მუნ თუთხმეტ დღემდე და იყო დიდი და გამოჩენილი ჩვეულებისა მებრ აფხაზეთს, ტირილი და ვაება და შემდგომად მოვასვენეთ ეკკლესიას ელაიშს და დავმარხეთ მუნ შესაფერისა პატივითა.

ამისთვის იწადა მთავარმან ჩვენმან რათა ლეონ შარვაშიძესა და ძესა მისსა ხუტუნიას ესე ვითარის ბოროტმოქმედებისათვის გარდაახდევინოს. და ვინადგან ციხე ბედიისა მაგარი იყო და ქებული და არა ვის აუღია იგი ძალისა შემოდგომითა და ლევანცა იდგა მომზადებით მაშინა. ვინათგან სამურძაყანოსა შინა იყო მას ჟამისა დიდ შემძლე კაცი ლეონ შარვაშიძე, ამისთვის დადიანმაცა მძიმეთ იპყრა თავდარიგი თვისი და სთხოვა შეწევნა რუსთა და წარმოუგზავნა ორი როტა მხედრობა და მასთანა არტილელი და მხედრობა იმერთა რამოდენიმე, სარდლად იმერთა მხედრობისა გრიგოლი ზურაბის ძე წერეთელი და სეხნია წულუკიძე. აგრეთვე სთხოვა შეწევნა მთავარს მამიას გურიელს, და მანცა წარმოგზავნა გურულთ მხედრობა და სარდლად მათდა ბიძა გურიელისა დავით და ვახტანგ როსტომის ძე ერისთავი, და ესრეთ შეკრებულნი წრმოვემართენით და მოვედით ბედიის და დავებანაკეთ გაღმით ციხისა. შევიზრახეთ ურთი ერთთა შორის და ორათ გავიყავით მხედრობანი რუსის მხედრობა და ოდიშარნი და სამურზაყანო ავხაზნი ერთად და ამათ და მხედართ მძღვანათ და თვით სარდლათ მთავარი ჩვენი ლეონ გრიგოლის ძე დადინი და მოადგა ზემოთ ციხეს, ხოლო მეორედ იმერელნი და ლეჩხუმელნი და მარწმუნეს მე და ამათ მხედართ-მძღვანად და სარდლად მჩინეს მე. მოვადექით ქვემოთ ციხის და რა შეუტიეთ დაგვიწყეს ციხის გარემოდამ სროლა. გარნა მსწრაფლ გავაქციეთ და შევიდენ ციხეშიდ და ჩვენ მახლობლად ციხისა დავსდექით და ვემზდებოდით სასროლსა ზარბაზნისასა და საფართა, რათა მახლობლად შემოვზღუდოთ ციხე. მაშინ სცნა ხუტუნია ლეონ შარვაშიძის ძემ ციხესა შინა მყოფმან, რომელ მოდგომა ციხისა ამის ფიცხლად არს და არ შუძლიან გამაგრება ციხისა ამის, შეშინებული გაიპარა ღამით და წარვიდა წებელად. და რა სცნა ლევან შარვაშიძემ რომელ არა ძალ-უძს წინა-აღმდეგობა დაგვიწყო მოციქულება, ითხოვა ჩემი იმედი უსიკვდილობისა და გამოვიდა და მოგვცა ციხე ბედიისა და ვინათდან იყო ლეონ შარვაშიძე მოხუცებული და მეულღე მისი ინალისშვილის ასული და ამის და პატივად მიუჩინა გამოსაზრდელად სოფელი ფახულანისა და მუნ წარვგზავნეთ და ესრეთ გამარჯვებული მთავარი ჩვენი წარვიდა სახლად თვისად, ხოლო მე დამტოვა ლეჩხუმს რამოდენიმე ჯარით, და განახლებით განვამაგრე ციხე ბედიისა და ვიყავ რაოდენსამე ხანსა და შემდგომად დავსტოვე მუნ მეციხოვნედ თავადი გიორგი პეტრეს ძე ხეიძე თვისის სახელოს კაცით და წარმოვედი მშვიდობით.

ამათ ჟამთა მიუწოდეს მთავარ მმართებელსა საქართველოსასა ტორმასოვს, და არწმუნეს საქართველოსა მთავარ მმართებელობა ღნერალ ონტინფანტერსა ნიკოლაი фეოდორიჩს რტიჩევს, რომელი იყო კაცი სათნო. ღვთისა და ერისა, და მან ჰქმნა მშვიდობა შორის ხელმწიფე იმპერატორისა და სპარსეთისა. ესე მოვიდა იმერეთად განიხილა ყოველი იმერეთი, მიუწოდა ქუთათის მთავართა დადიანსა და გურიელსა, უალერსა მათ შესაბამად და მუნით მივიდა მარანზედ საჭილაოს მიწვეული ლევან დადიანი, სადა უქმნა შესაფერი მეჯლიში დადიანმა, და შემდგომად წარვიდა კვალად საქართველოდ. ხოლო ჟამს, ამას იყო იმერეთის მმართებელად პოლკოვნიკი სტანისლოვ დამიანვიჩი მერლინი. ხოლო მეფე იმერეთისა სოლომონ ოსმალთა შინა მყოფი წარვიდა აზრუმს და მუნით ევედრა ოსმალთ იმპერატორსა პორტი ათამანსა, და ეგრეთვე შთავიდა ერევანს და მუნით ევედრა სპარსეთისა ყეინსა, გარნა ვერა რომლითამე მხრითა იშოვნა შეწევნა და მრავლისა ხვეწნისა და მრავლისა თხოვნისა შემდგომად მოვიდა ტრაპიზონს დასნეულდა მუნ და მოკვდა წელს (1815) და დაფლეს მუნ დიდისა პატივითა. ხოლო თავად აზნაურნი მხლენი მისნი არა განუტევეს ოსმალთა და ეტყოდენ ოდეს ჩვენდა დავიპყრობთ იმერეთსა, მაშინ განგიტევებთო, და იცოდენ მათ ოსმალთ მოტყუებისა ამბავი და იმეცადინეს და გამოიპარენ ერთიანათ იმერელნი მუნ მხლენი მეფისანი და მოვიდენ იმერეთად და შეიწყნარეს რუსთა და მისცეს თვის თვის სახლსა შინა მშვიდობით ცხოვრება.

ამათ ჟამთა იყო რომელ ნაპოლეონ ბონაპარტე შემოვიდა რუსეთად და მოაოხრა რუსეთი, და ამისთვის სელმწიფე იმპერატორმა და პორტი ათამანმა ქმნა მშვიდობა შორის მათსა და ამისათვის მისცეს რუსთა კვალად ფოთი ოსმალთა. ხოლო ბონაპარტი ძლიერებითა განსაკვირვითა განსდევნეს რუსეთიდამ და უკანით შეუდგა თვისის უძლეველის მხედრობითა ხელმწიფე იმპერატორი ალექსანდრე პირველი, მიჰყვა პარისამდე აღიღო პარისი და თვით ბონაპარტე შეიპყრა და ესრეთ საუკუნოდ სახსოვრად და სამაგალითოდ გაიმარჯვა და სძლია მტერთა ძლიერებით საკვირელსა. ხოლო ჯიქეთს მყოფი ასლან ბეგ შარვაშიძე მამის მკვლელი წარვიდა სტამბოლს და მუნით მოვიდა ფოთს სადა იყო სერასკალი სულეიმან ფაშა, ხაზინადაროღლი, რომელსა ჰქონდა რწმუნებული რათა დაიპყრას იმერეთი და სამენგრელო და განდევნოს რუსი რომელმცა არა თუ შეასრულა ესე ბრძანება, ვერცაღა თუ განცხადებაცა იკადრა პირით მისით და ესრეთ კვალად უკუნ იქცა. და სერასკლის ფოთს ყოფნასა შინა მოიცა ასლან ბეგმა ძალა, წარმოიტან, რამოდენიმე ჯრი ზღვით და მოვიდა გუდავს და გუდავადამ მოვიდა ტამუშს და მუნ დასდგა, სწადოდა დაპყრობა ავხაზეთისა. გარნა მოვიდა საფარ ალიბეგ და სთხოვა შეწევნა რუსთა. მაშინ მიბრძანეს მე და წამგზავნეს და მომცეს ბრძანებასა ჩემსა ქვეშე ბატალიონი თვისის არტილერიით და მიბრძანეს, რათა დავესხა მათ თავს. და რა წარველ და მიველ ილორს, მაშინ სცეს მისვლა ჩემი და ივლტოდენ ოსმალნი და დაუტევეს ასლანბეგი და ალან ბეგი წარვიდა კვალად ჯიქეთად, ხოლო აფხაზეთა კვალად დაშთა საფარ ბეგს. ხოლო წებელს მყოფი ხუტუნია ლევანის ძე შარვაშიძე წარმოვიდა მალვით წებელიდამ და უნდოდა რათა მისულ-იყო და შევედრებოდა ზურაბ ქაიხოსროს ძეს წერეთელს რათა ეპატივებია დადინის რისხვისაგან, და რა მოვიდა ხონს ნახა იგი დავით ქუქუჩას ძემ წულუკიძემ და შეიპყრა იგი და მოჰგვარა ლეონს დადიანს და მან ტყვედ ჰყო მურის ციხესა შინა წელსა ერთსა, ხოლო შემდგომად ევედრა ზურაბ წერეთელი სიძესა თვისსა ლეონს დადიანს, რათა აპატივოს ხუტუნია შარვაშიძე, პატივი სცა თხოვასა სიმამრისასა და მიმადლა და გამოუშვა ციხიდამ და მისცა წერეთელს. ხოლო მან სახლსა შინა თვისსა გამოზარდა იგი ორსა წელსა და მერმე კვალად სთხოვა პატივი მისი და შეიწელა დადიანმა და მიუტევა ყოვლად უგვანი საქციელი მისი და მისცა მას და ძმათა მისთა ნანახევარი ბედია და ნახევარი ბედიისა მისცა ზურაბი ბოლიხუხუს ძესა შარვაშიძესა, და ფახულანი მისცა დასა მისსა ქვრივად მყოფსა მეუღლესა მანუჩარ შარვაშიძისასა და იმყოვებიან ესრეთ აწმყოს ჟამსა.

ამათ ჟამთა მიუწოდეს რუსეთად საქართველოს უპირატეს მმართებელს ღენერალ ოტინ фანტერის რტიშჩევს და მოადგლედ მისა წარმოგზავნეს ღენერალ ლეინტენანტი ალექსეი პეტროვიჩი იერმოლოვი, და მცირედისა ხანისა მოუბოძეს ოტი фანტერობისა ღენერლობა. ამან დაიპყრო ყოველი დაღისტანი საჭურველის ძალითა და ჩაჩანიცა შეაიწროეს და შეხშო კავკასსასა შინა. მოუბოძეს იმერეთის მართებელს პოლკოვნიკს მერლის ღენერალ მაიორობა და წარვიდა რუსეთად, ხოლო იმერეთის მმართებლად წარმოგზავნეს ღენერალი ხათუნცოვი, და შემდგომად მცირედის ხანისა ღენერალ მაიორი ივან დანიილივიჩი კურნატოვსკი.

_______________

1 დასაწყ. „ივერია“№5