![]() |
ივერია (10)1878.09.03 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
|

საქართველოს მატიანე
(„ივერიის“ კორრესპონდენციები)
ქართლი. კაცი ყურს ნუ მოიყრუებს, ყურს ნუ გაისქელებს თორემ ძნელიღაა მისი გონებაში ჩაგდება. „ივერიაში“ იყო დაბეჭდილი გორიდგან კორრესპონდენცია №6-ში, რომ საყასბოები გორში ცუდ ალაგას არისო, ფაშვებს ჰყრიან ქუჩაშიო, სისხლს იქვე აქცევენო, ფეხით გააქთ და გამოაქთო. შემდეგ „დროებაში“ იყო დაბეჭდილი ამ საგანზედვე, მაგრამ შენ უგდე ყური, თუ ამათ მარჯვენა ყურიდგან მარცხენაში გაუშვეს!.. ერთხელ უნდა ამათ გახურებული შამფური ჩასტაკოს ვინმემ, რომ ეგების ყურები გაუთხელდეთ და გაიგონონ, რომ ქალაქი იმიტომ ირჩევს წევრებს, იმიტომ უნიშნავს საცხოვრებელს ჯამაგირს, რომ ქალაქზედ ყურადღება იქონიონ, გაასუფთავონ, ბატონო, რა ძნელია ამის მოხერხება! წყლის პირზეა სახლები უფ. მ. გაბუნიასი, სადაც უწინ იყო საყასბოები; მომართულია საყასბოებისთვინ: წყლისკენ აქვს კარი, რომ გადაჰყარონ ფაშვები, სისხლი გადააქციონ და არის ქალაქს გარეთ, განაპირას. დავიჯერო ამან არ მიაქირავოს ქალაქს ეს სახლები? მაგრამ ვინ არის ყურის მგდებელი. მე არ დავიჯერებდი თუ მართლა სისხლს და შაფკებს ქუჩაში აქცევდნენ: ერთ–ხელსაქმისთვინ სოფლიდგან ღამე ჩამოველ, ცხენი დუქანში დავაბი და ბინაზედ წავედი — სასტუმროში. აქეთ მომიხდა გამოვლა. ჩავარდი ისეთ ალაგას, სადაც სისხლი იყო შედედებული და სხვა უმგზავსოებაც, მივედი ალაგას და ავიხედე და სულ მოსვრილი ვიყავ. აბა, რა არის ესა?! ვინ იცის რამდენი ისვრეაბა ესრე. მაგათის ჩირქით სხვაც ისვრება, სადაურია!!
X
ხშირად ისმის ჩივილი კახეთიდამ, როგორც გვაცნობებენ „ივერიის“ კორრესპონდენტები, რომ სოფლის მასწავლებლებს რიგიანად არ მიწჰყავთ შკოლის საქმეო. კახეთში ბევრგან არის შკოლები, მასწავლებლებიც ზოგიერთნი სვინიდისიანი ახალ-გაზდები არიან, როგორც სჩანს კორრესპონდენციებიდგან. ნეტავი თქვენ, კახელებო! რამდენიმე სასოფლო შკოლა მაინცა გაქვთ. ჩვენ, ჩვენ საცოდავ ქართლელებს? ვაი, ჩვენი ბრალი! ორი საცოდავი სასოფლო–შკოლა გვაქვს: ს. მეჯვრისხევში და ხოვლეში, ს. მეჯვრისხევის შკოლაში წერა-კითხვის გარდა ასწავლიან დურგლობას და ხარაზობას. მაგრამ როგორღაც ვერ თავსდებიან ერთმანერთში, ე.ი. თავს არ მოდის სახელოსნო ნაწილის შეერთება წიგნის სწავლასთან. უფ მ. ნათაძეს სვინიდისიანად მიჰყამს საქმე, ეს ნიჭიერი ახალგაზდაა და უფრო რომ ბეჯითად მოჰკიდოს საქმეს ხელი, ვინემ ეხლა, ძალიან დაგვავალებს. სწავლის გარდა შესანიშნავია ამისი შეგირდებთან ქცევა: ისე უჭირავს ბავშვებთან თავი, როგორც თავის ტოლთან, ბავშვის თვალში იმას ისეთივე ადგილი უჭირავს, როგორც მამას, დედას და-ძმას, ისეთის ხალისით მიდიან ბავშვები სასწავლებელში, რომ რაღა მოგახსენოთ, ასე გაშინჯე კვირა-უქმითაც კი შკოლის გარშემო. დაცუნცულობენ ბავშვები, მასწავლებელიც კარს უღებს და ისინი წყნარად მეცადინეობენ: ზოგი სწერს ზოგი სურათებს შინჯავს და ხატავს, სახლი თუმცა დიდია, გარედგან აბრუ დიდი აქვს, მაგრამ რომ გაშინჯავთ უხეირო კაზარმასა ჰგავს. ამოდენა ფული დაიხარჯა და ხეირიანად, რიგზედ, როგორც შეჰფერის შკოლის სახლს, ისრე არ არის აშენებული. მგონი, რომ მალეც დაიქცეს, თუ დროზედ არ უპატრონეს. — ხოვლეში კერძო საზოგადოებისგან არის გახსნილი შკოლა. ამას ვერ ვიცნობ და ვერას ვიტყვი
X
შკოლის სასარგებლოთ ყოველი სოფელი, მგონი, როგორც დამარწმუნეს ხარჯს იხდის და შეაქვს მაზრის ხაზინაში. დავიჯერო იმდენი ვერ შეგროვდა რომ დაბა ადგილებში მაინც, ან დიდ სოფლებში გახსნან შკოლები?! მე დამარწმუნეს ნაცნობებმა, რო კავთისხევის მცხოვრებელი მღვდელი დ. მექანარეშვილი (ძლივს ერთი მღვდელი არ გამოერია! მაგრამ ეს მღვდლებში არ ურევია, უმრევლოთ დადის) სწირავ სანაქებო ადგილს შკოლისთვინ, ოღონდ კი გახსნანო ფული აგერ რამდენი ხანია ერთმევა ჩვენებურ გლეხობასაო, უთქვამს იმას, და დავიჯერო იმდენი ვერ შეგროვდაო, რომ შკოლა გახსნანო, თუ ეს მართალია, ვსთხოვთ ვისაც ეს შეეხება თავს იდოს და გახსნას იქ შკოლა. საშვილი-შვილოდ დაავალებს ხალხს და თუ სადმე ცხონებაა, გარწმუნებთ, არ ასცდება, რამდენი სოფლები მოგითვალოთ, რომ თვითონ შეუძლიანთ გახსნან შკოლები, მაგრამ ყურის მგდებელი ვინ არიც სურამი ყასაბა ადგილია, აქ არის პრისტავი პოლიციისა და მომრიგებელის მოსამართლის თანაშემწე. აქ შკოლა არ უნდა იყოს? არ შეუშლიან ამდენ ახალ-გაზდებს, რომელნიც იქ სუფევენ, როგორმე გაახსნევინონ შკოლა? მაგრამ მატრაბაზ სურამლებს სულ ფულის გროვებაში ამოსდით სული და კი არ ამოსდით — ცხინვალიც ყასაბა ადგილია, აქაც სუფევს პოლიციის პრისტავი, აი მალე მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწესაც გამოგზავნიან, — არც აქ არის შკოლა ცხინვალელი სომხები სულ დავა-დარაბას უნდებიან. გორის მომრიგებელი სასამართლო სულ ხელაღებით მაგათ უნდებათ, და, აბა, თქვენგან არ მიკვირს, სადღა მოიცლიან შკოლისთვინ. რამდენი სხვა დიდი სოფლებია ქართლში, გარეშემო. პატარა სოფლებით. მაგრამ ვინ მოჰკიდებს ხელს ამ პატიოსან საქმეს, ეშინიანთ: ვაი, თუ სხვა ნაირი კილო გამოაბანო! ტუუილად, ტყუილად გეშინიანთ!!
ქართლელი.
გურიიდამ. (დასასრული)[1] . ერთი მოსული მილიციონერი ზორბა კინტო თურმე ამ ხანებში ერთ ქიოტა გურულს დაეჭიდა და როცა გურულმა თავისებურად „უკვანტა“ კინტოს და მიწაზე გაშოტა, წაქცეულმა კინტომ თურმე გაკვირვებით დაიძხა: „ვა, უყურეთ ამ ჩალა-ხალხს რა მარჯვეები ყოფილანო“. ერთი ჩემი ნაცნობი მარწმუნებდა იმ სანებში, რომ ქართულს ენაზე ერთი კარგი რომანი უნდა დავწეროვო და სახელად „ჩალა“ უნდა დავარქვავო, რადგან უამისოდ ჩვენში იმას კაცი არ წაიკითსავსო. ეს რომანი ჯერ კი არსად ჰსჩანს, მაგრამ იმ ჩალის ფასით აშენებული კაი სასტუმრო სეკრეტრისა კი მარჯვედ გამოიჭიმა ოზურგეთის მოედანზე და სახელად უთუოდ „ჩალა“ ერქმევა, ახლო კი არ მინახავს, მაგრამ ის ვიცი, რომ სხვა სახელი იმას ასე არ მოუხდება).
ამ დროს ძალიან შეიცვალა ჩვენი მიძინებული, მიყრუებული, ტალახით და ნაგვით სავსე ოზურგეთი — ის მალე მოცოცხლდა; მის უსწორ-მასწორ, ვიწრო, ტალახიან, მყრალს ქუჩებში დიდი მოძრაობა გაჩნდა: ჯარის კაცები, ვაჭრები, აქაურები და მოსულები მუდამ წანწალებდნენ მისს ქუჩებში; აქაური ნახევრათ დანგრეული ტალახიანი, ნოტიოსაგან დაობებული, უშნო ულაზათო სახლები და დუქნები მალე მოსულიერდნენ ჩაყვითლებული, ჩამჭლევებული მედუქნეები მოცოცხლდნენ და სიხარულით ცერებზე იდგნენ, რომ საცარცვავი დრო დაგვიდგაო, ყოველს დაძველებულ დამპალს საქონელს ახლა უთქმელ ფასად გავასაღებთო.
ამ ხანებში ერთი ოზურგელი ვაჭარი მეუბნებოდა ისტორეთ ძალიან უკან დაწეული ვიყავი ეს დროი რომ არ მომსწრებოდა; თუ ღმერთმა ჰქნა და ამ დრომ კიდევ გასწია, მეიკეცე მაშინ ფეხი საყვალავი, (თავის-თავზე ამბობს) და იჯედი მოფენილზე; იმდენს მოვიგებ, რომ საშვილი-შვილოთაც მეყოს. ზოგიერთი ვაჭრების მეუღლეებიც ნაკლებ ანგარიშებში და ფაცა-ფუცში არ იყვნენ. ერთი ვაჭრის მანდილოსანი ეუბნებოდა მეორეს: „დღეი ერთია და ას ჯელ კი ვინატრეფ, ნეტაი ერთი ასი წლის სიცოცლე მომაკლო და პაწაი რუსული ლაპარიკი მაცოდინაო! ორი რეგვენი (ახალგაზდას ეტყვიან ჩვენში) აფიცარი დადგა ჩემს სახლში, შამოვლიან და წკაპა-წკუპით ყოველ დღე ჩემთან, მეჭურღულებიან, მეჭურღულებიან რაცხას მათებურათ და ღმერთო გამაკეთეო, ერთ სიტყვას კი ვერ გევიგეფ! წაწყტება ჩემი დედ-მამა ამდონის ჩემის წყევლით! თურმე რა ყოფილა სტავლა!
საწყალო, ჩვენის დროის სწავლავ, რა საჭიროებისათვის გნატრულობენ შენ ამ ჩვენს უკუღმართ დროებაში!
სხვა სახლის პატრონები კი სულ სხვა თვალით უყურებდნენ თავიანთ მდგმურებს; იმათ „ჭურღული“ და „წკაპა-წკუპი“ მარტო ფულისა სწამთ და აი დაინახეს თუ არა სახლების ბევრი მძებნელი ხალხი, ერთბაშათ მოუმატეს სახლებს ქირა და რომელი ქოხიც არასოდეს თვეში თუმნის ზევით არ გაქირავებულა, ახლა 20 მანეთად დააფასეს. იმათი ანგარება იქამდი მივიდა, რომ მუდამ ოზურგეთს მცხოვრებლელებსაც, ღარიბებსაც ის დიდი ქირა მოსთხოვეს, რაც დროებით მოსულებსა და მდიდრებსა, ერთმა აქაურმა ორ-სართულიანის დიდის სასკლის პატრონმა…………. უცბად თავის სახლის ზედა სართული სასტუმროთ აქცია, თითო ოთახს საკუთარი კარები გაუჭრა, ყველა ოთახებს ფასი თვეში 10-20 მანეთი დაუნიშნა: თუმნას ასდევინეს იმისთანა „მოსარიდალ“ პირებს, რომელთაც ბობოლაებათ ჰრაცხს, ძალას ვერ გაუბედავს; 15-20 მანეთს კი იმისთანა დაბალ ღობეს, ვინც უპატრონო, უენო, ღარიბი და ღატაკია, როგორც ერთი მისი მდგმური საწყალი ქვრივი ქალი, რომელსაც ქმარი 18 იანვარს ომში მოუკლეს ქობულეთში, რომელსაც ორი პაწაწა ობოლი შვილი დარჩდა ქვეყანაზე არაფერი ქონება არ გააჩნიოდა. ამ ობლებსაც სამადლოთ ის პოლკი არჩენს, საცა მისი ქმარი მსახურებდა. ანუ ვთქვათ კიდევ იმისთანა საწყალ ღატაკ სასწავლებელს, როგორიც არის ოზურგეთის………… სასწავლებელი, რომელსაც ქვედა სართულის 5 ნოტიო, მოუხერხებელ ოთახებში, თვეში 100 მანეთს ახდევინებს თითო ოთახი ორ თუმნად!
ამის მაყურებელი უნებურად ეთანხმები ერთის სწავლულის აზრს, ვითომ გურულები ურიის შთამომავლობისანა არიანო. აბა რომელი ვაჭარი ურია მოიქცევა ამ საზოგადო გაჭირვების დროს ასე ურიულად! კიდევ მადლობა ღმერთს, რომ ეს ურიული ხასიათი მარტო ოზურგელ გურულებს დაეტყოთ; დანარჩენი გურიის ხალხი, აქაური გლეხ-კაცობა, ისევ ის მართალი, პატიოსანი ხალხია, რაც ყოველთვის ყოფილა. და თუ ეს დაბალი ხალხი როდისმე ცუდად იქცევოდა, თუ რამეში უსინიდისობას იჩენს, ამას სულ „განათლებულ“ ქალაქელების მისედვით სჩადის. მაგალითებრ, სოფლელებმა დაინახეს, რომ მათგან უფასო-ფასად გაყიდულ ნაწარმოებს ქალაქელი ვაჭარი ოქროს წონაზე ჰყიდის და ცოტ-ცოტა თითონც უმტეს ფასი და აქამდი რო აბაზათ ქათამი იყიდებოდა, ეხლა ხშირად მანეთად გადის. სამი კვერცხი რო წინათ კაპეიკათ იყო, ახლა ორ-ორ კაპეიკათაა; წინაზე რომ ფუთი სიმინდი 30 კაპ. იშოვებოდა, ახლა 80 კ. - 1 მანეთია, წინათ რო ფუთი თივა 30-40კ. იყო, ახლა შვიდი და რვა აბაზია.
ახლა გლეხს ყველა თავისი ნაწარმოები და ქალაქში მოაქვს გასასყიდად, მაგრამ მისი ნაწარმოები ისე მცირეა, ისე უფასოა, რომ ამ „ფულიანობის დროს“ საწყალ ჩვენ გლეხობას თითქმის არც კი დასჩნევია რამეში წამოკეთება, - იქ, საცა რომელიმე მოქალაქე ვაჭარი ას-ას თუმნობით შოულობს კვირაში, იქ საცოდავი გლეხი ას კგაპეიკს თვეშიც ვერ დაინახავს.
რაღაც ამათ უბედურთ საქონლის ჭირიც წამეეწიათ. — ივლისიდამ დაწყებული ჩვენებურ საქონელს აქამდისინ ჭირისაგან მუსრი ასდის და იშვიათ სოფელში ნახავს კაცი ორ-სამ სულს პირუტყვს. შეუვა თუ არა ტანში პირუტყვს ეს ჭირი, საქონელი მოიღანტება და ყურებს ჩამოყრის, მაგრამ ხორცად კი სრულიად არ კლებულობს და ამის ხორცს ჩვენში დაურიდებლად ხმარობენ საჭმლად. ბევრს ოჯახში რამოდენიმე სული პირუტყვი ერთად გახდება ავათ და რასაც სახლში ვერ ერევიან, საჩქაროდ ბაზარში მიჰყავთ და ჰყიდიან უფასო-ფასად იქაურ მეყასბეებზე. — ერთმა გლეხმი დამარწმუნა, ათ-ფუთიანი მეწველე ძროხა ორ მანეთათ გავყიდეო; ქალაქის მეყასბე კი ფუთს ამ ხორცს 6-7 მანეთად ჰყიდის და ამ ნაირათ გებულობს 2 მანეთზე უკა ნასკნელს 58 მანეთსა!
რა გასაკვირია, რომ აქაურმა ხორცის პოდრიადჩიკმა ბანკში ერთად 10,000 მანეთი გაგზავნოს, როგორც ერთმა ოზურგელმა მეყასბემ ქნა ამ ხანებში.
არიქა, ჩვენო ქალაქელო ვაჭრებო, გაიტენეთ ჯიბები და მუცლები საცოდავის, თქვენივე ძმა-გლეხის ოფლით და სისხლით! თქკენ ჩასუქდით და ჩარგვალდით, ისინი კი დამჭლევებულები შორიდგან შემონატრებენ უნაკლულო სიცოცლეს და ასში ერთს იმათგანს ფიქრშიაც არ მოუვა, რომ თქვენი მუცლები და ჯიბები მათის სისხლით და ოფლით გატენილან!
აქაურის საქონლის ჭირს წამლობა რას შველის. ბევრნაირი წამლები სცადეს ჩვენში, მაგრამ სულ ფუჭად ჩაიარა. ბოლოს იმ ზემოხსენებულმა სასტუმროს გამხსნელმა. . . . . . . . . . . პირმა ხმა დაჰყარა, უებარი წამალი ვიცი ამ ჭირისო, თითო დალევა წამალი თითო მანეთად ღირსო და მალე მეეშველეთ თქვენ ავათმყოფ პირუტყვებსო. გამოუცდელი გაჭირვებული ხალხი ერთ-ბაშათ მიასქდა ამ ცრუ-მკურნალს, როგორც წყალ-წაღებული ხავსს. აბა ვის დაზოგავდა თითო ოროლ - მანეთს პირუტყვის მოსარჩენად, მით უფრო, რომ მკურნალი გადაწყვეტით აჯერებდა, იმათ რომ ამ წამალს ვერაფერი ჭირი ვერ გაუძლებსო, მაგრამ კაი რომ ჭირმა კარგად გაუძლო და საქონელმა კი ვეღარ აიტანა ორი სუნი ერთად — ჭირი და იმ ჭირის ჭირი — წამალი. ამნაირად თავზარი დაეცა ჩვენის საწყალის გლეხობის ოჯახობას ამ საშინელის პირისაგან, — გვეგონა ზამთარი მაინც დაასუსტებდა ამ საშინელს სენს, მაგრამ თითქმის უფრო გაცხარა წრეუნდელმა არა ჩვეულებრივმა სუსხმა — ზამთარმა.
პირველ იანვრიდამ მოკიდებული. აქამდისინ დაუდნობლივ თოვლი ძევს გურიის ბევრს ადგილებში და შინელი სიცივეები დგას. თოვლის დაწყებამდი ერთი საშინელი იმერული ზენა ქარი შემოგვეჩვია და თუმცა ერთის მხრით ის სარგებელი მოიტანა, რომ ჩვენი მუდამ მოღრუბლული ცა და ნოტიოთ სამსე ჰაერი დროებით გაგვიწმინდა და გაგვიშრო და ამით სხომინდელი შემოდგომის ხანგრძლივი წვიმები შეგვიმცირა, მაგრამ ბევრი ავათ-მყოგობაც კი მოგვიტანა საიდღამაც: ყელის ტკივილი, ალაგ-ალაგ ყვავილი და ცხელება. მეტადრე საშიშს მდგომარეობაშია ამ მხრით გაზაფხულისათვის ქალაქი ოზურგეთი. ამ პაწაწა, უიმისოთაც დამპალ, ხაშმიან, ნოტიოან ორმოში შეყრილია ერთად რამოდენიმე ათასი მცხოვრები, რამდენიმე საავათმყოფონი ავათმყოფებით გამოვსებულნი, ცხენები და მათი ნაგავი, ერთი- ერთმანეთში არეული და სხვა ათასნაირი უწმინდურება, რომელსაც სხვა ქალაქიდამ შორს გაზიდავენ ხოლმე ან მდინარეში ჰყრიან. ამასთან აქაურები ვინ იცის რა საჭმლით იკვებებიან: ჭირიანის ხორცით და დამპალის პურით. უეჭველია, რომ გაზაფხულზე და ზაფხულზე აქ ბევრი გადამდები სენები გაჩნდება და აქედგან მოედება მთელს გურიას, მაგრამ ოზურგელები ამაებზე მგონი არაფერსაც არ ჰფიქრობენ: ყველა გაუყრუებია ჩლას. აბა რა დიდი მოსაფიქრია სხვა და სხვა უწმინდურების ქალაქს გარეთ გაზიდვა ან მდინარეში ჩაყრა! მით უმეტეს, რომ აქაური მდინარე (ჟურჟი) ქალაქ გარეთ ჩადის და ქალაქი იქიდამ წყალს არ ხმარობს, ან და იმისი არ იყოს, რომ მთელ ქალაქში ერთი ორი ფანარი არა აქვთ და ბნელ ღამეში კისერს ადვილად მოიგრეხს კაცი, როგორც ერთს ჩემს ნაცნობს დაემართა ამას წინათ აქაურს ოღრო-ჩოღრო ვითომ ქუჩებში: ეს საწყალი 30-ს საჟენის მანძილზედ საღამოს ათ საათზე რამდენსამე ალაგს ლაფში თურმე ჩაეცა და სახლში თავიდამ ფეხამდი ტალახში მოლაფული მივიდა.
გურული.
19 თებერვალს 1878 წ.
„ივერიის“ №№37 1877წ. გამოცხადების ძალით, შესახებ საზოგადოების დაარსებისა შესაწევნელად მოსწავლეებისა და გასავრცელებლად სწავლისა, შემდეგნი პირნი აცხადებენ სურვილს ჩაურიცხონ წევრებად ხსენებულ საზოგადოებაში წლიურის შეწირვით:
1) ნიკო დადიანი — — — — 5 მან. — კ.
2) გიორგი დავითის ძე ერისთავი — — —1 მან. — კ.
3) პ. წულუკიძე — — — — — — 2 მან. — კ.
4) ბესარიონ ღოღაბერიძე — — — — — — 5 მან. — კ.
5) ალექსანდრე ფაღავა — — — — — — 2 მან. — კ.
6) ივ. მესხი — — — — — — — — — —2 მან. — კ.
7) ეფროსინე კლდიაშვილისა — — — — — 1 მან. — კ.
8) ივანე კვიტაშვილი — — — — — 2 მან. — კ.
9) პ. ნაკაშიძე — — — — — — — — 5 მან. — კ.
10) დავით ლორდქიფანიძე —— — — — 5 მან. — კ.
11) დავით ერისთავი — — — — — 2მან. — კ.
12) ნესტორი ერისთავი — — — — — 2 მან. — კ.
13) დავით ლეონიძე — — — — — 2 მან. — კ.
14) იაკინთე ყიფიანი — — — — — 3მან. — კ.
15) ბესარიონ ლოსაბერიძე — — — — — 3 მან. — კ.
16) ილია ჩხეიძე ერთჟამიერად — — — — — — „ 62კ.
_________________
ჯამი 42მ. 62კ.
ეს ფული სრულიად მიიღო რედაქციამ, და თავის დროზედ ჩააბარებს საქმის გამგებელს.
წერილი რედაქციისადმი
უფ. რედაქტორო! თქვენის გაზეთის №3-ში დაბეჭდილია კორრესპონდენცია „ზოგიერთი მასწავლებელი,“ რომელსაც ბოლოს აწერია ასოები დ. და რ. აშ კორრესპონდენციაში აწერილს მასწავლებელს უფ. კრუგლოვს მოუწერია უფ. ლისაჩოვისათვის, რომ კორრესპონდენციის დამწერი არის ალექსანდროვის ინსტიტუტის მოსწავლე დავით როსტომაშვილიო, ე.ი. მე, უფ. ლიხაჩოვმა მიჩვენა ეს მოწერილობა, უფ ლიხაჩოვი არის ქრისტ. აღმადგ. საზოგადოების შკოლების ინსპექტორი და ჩემი მომავალი უფროსი, რადგანაც მე ვსწავლობ ამ საზოგადოების ხარჯით. ახლა ადვილად წარმოიდგენთ თუ რა უსიამოვნობას
მიქადის ზემოხსენებული ბრალი, რომელსაც უსაფუძვლოდ მწამებს უფ. ლიხაჩოვი. ამიტომ გთხოვთ უმორჩილესად შეამოწმოთ, რომ კორრესპონდენციის დამწერი მე, არ გახლავარ.
დავით როსტომაშვილი.
PS. ვთხოგ აგრეთვე „ტფილისის მოამბის“ რედაქციას გადიღოს ეს ჩემი წერილი თავის გაზეთშიაც.
რედაქციის მიერ. პასუხის მგებელი ყოველის უსახელო წერილისა, რომელიც დაბეჭდილია „ივერიაში“ არის თვითონ რედაქცია. რაც შეეხება კორრესპონდენციას „ზოგიერთი მასწავლებელი, მისი დამწერი დავით როსტომაშვილი არ არის.
_______________
1 ივერია №9, 1878წ.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
ინგლისი. ინგლისის მთავრობამ დანიშნა კიდეც იმ მხედრობის მთავარ-სარდალი და შტაბის უფროსი, რომელიც გაგზავნილ უნდა იქმნეს აღმოსავლეთს თუ ვინიცობაა ომიანობა აუტყდება ინგლისს. მთავარ-სარდლად გაუნწესებიათ ლორდი ნეპირი და შტაბის უფროსად უოლსლეი. ამ პირთა განწესება ძალიან მოსწონებია თურმე ინგლისის საზოგადოებას და გაზეთებსაც დიდ სამნიშვნელო საქმედ მიაჩნიათ. „ეს ამბავი ფრიად შესანიშნავიაო, ამბობს გაზეთი „Standart“-ი: დიდებული მთავრობა არ ნიშნავს მსედრობის მთავარ-სარდალს შტაბის უფროს თუ არ მოელის შემთხვევას ამ მხედრობის ნამდვილად გასტუმრებისას. მაგრამ აქედან რა საკვირველია, ის დასკვნა არ გამოდის, რომ ომი გარდაწუვეტილია ან აუცილებელი. ეს ამბავი გვეუბნება მხოლოდ, რომ ინგლისი ვერ დათანხმდება შერიგების პირობებზედ და თუ რუსეთი არაფერს არ დასთმობს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით წავავლოთ სული უკანასკნელს ღონისძიებას. ჩვენ უდგევართ ომიანობას პირის პირს, რადგანაც რუსეთმა დასდვა შეუძლებელი პირობა და მოთხოვნილება. ევროპა ენდო რუსეთს; ამანაც ისარგებლა ამ ნდობით, დაარღვია თავისი სიტყვა და ცდილობს გაადიდოს თვისი მფლობელობა მათ წინააღმდეგ, რომელთაც დაიჯერეს მისი დაპირება. შიშის აცილება რუსის მთავრობაზედ ჰკიდია. ჩვენს მიერ მეტი მშვიდობის მოყვარეობა შეუძლებელია... ინგლისი დაღალული იყო ოსმალეთის მმართველობის უწესოებით; მას გულში უღვივოდა ქრისტიანთა განთავისუფლების სურვილი; იგი მოელოდა, რომ რუსეთი დაპირებისამებრ გააკვირვებს ქვეყანას თვისის უანგარობით და ზომიერობით. მაგრამ ეს მოლოდინი ვერ გამართლდა. ესლა ჩვენი ქვეყანა აღელვებულია: მას სცხვენიან რომ ეგრე ადვილად დაიჯერა რუსეთის სიტყვა. რუსის მთავრობა მალავს, სცდილობს თვალი აუხვიოს ყველას, აცდინოს, ინგლისის აღელვების მიზეზიც ეს არის როდესაც დროებით შერიგების პირობებზედ ჩამოვარდა ლაპარაკი, ჩვენში არსებობდა კიდევ გავლენიანი დასი. რომელსაც სრული ნდობა ჰქონდა რუსეთისადმი. ეხლა კი ერთი ადამიანიც ძნელად მოიპოვება, რომელიც ამ ნდობით იყოს აღსავსე. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელთა აზრით ომიანობა საჭირო არ არის და იმედიცა აქვთ, რომ აიცილებენ თავიდგან. მაგრამ, რა უნდა იყოს, მთელი ხალხი ერთხმად სძრახავს რუსეთი პროგრამმას. რუსეთს ეხლაც შეუძლიან შეამციროს ეს უსიამოვნო შთაბეჭდილება და მისი შედეგი.“ გაზეთი Standart-ის აზრით ბალკანიის ნახევარ-კუნძულის მომავალი ბედი რუსეთმა მთელს ევროპას უნდა მიანდოს როგორც მიანდო შავი ზღვისა და სრუტების ბედი, დ სხვა.
გაზეთის „Северный Вестникъ“-ის ლონდონელი კორრესპონდენტი იწერება შემდეგს: „ამ ჟამად ხალხის მიდრეკილება ომიანობაზედ არის მომართული, და იმიტომ კი არა, რომ ომიანობა სურს; არამედ იმიტომ რომ სრულიად გაწყვეტილი აქვს ნდობა რუსეთისადმი ეს მიმართულება მით უფრო დამკვიდრდა, რომ შერიგებაზედ მოლაპარაკებამ დიდხანს გასწია და საიდუმლოებითაც იყო გარემოცული. მუშა-ხლსი და მოწინავე კაცები ფიქრობენ, რომ რუსეთმა უღალატა სლავიანთა განთავისუფლებას, რომლისთვისაც ამოიღო ხმალი; სხვა დასის კაცთა ჰგონიათ, რომ რუსეთი - სან-სტეფანოში მახესა სდებს ინგლისის დასამცირებლად. უკანასკნელნ ყვირიან, პირველთ ეშინიანთ მშვიდობიანობის ქადაგობა რუსეთისადმი მეგობრობა არ დაგვწამონო. ამიტომაც ინგლისის ხალხს და საზოგადოებას ეტეობა განხეთქილება, ყოყმანობა, გლადსტონს ყოველდღე მოსდის მრავალი ლანძღვა-თრევით აღსავსე წიგნი; ქუჩაშიაც კი მრავალი წყენა და შეურაცხყოფა ხვდება. ეხლა ლორდ დერბისაც (გარეშე საქმეთა მინისტრი) გლადტონის დღე დაადგა, რადგანაც იგი მთავრობას უშლის ომის გამოცხადებას. აი რას შვრებიან იგინი, რომელნიც ომიანობის ნატვრაში არიან. მშვიდობის მოყვარენი კი გაჩუმებულნი არიან. რატომ? იმიტომ რომ არ ენდობიან რუსეთს. იგინი მერეც გაჩუმებულნი იქმნებიან, თუნდ ომიც რომ ასტყდეს. ყველას ეგონება ომის გამოცხადება მთელის ხალხის სურვილიაო, — არ არის კი. თუ გამარჯვება ერგო, ეს ომი ხალხშიაც გაითქვამს სახელს, როგორც ყოველი მარჯვე ომი. მაგრამ თუ ომიანობას დაერთვა დამარცხება, მაშინ კი ვაი კონსერვატორებს და უმაღლეს თავად–აზნაურობას! (რომელნიც ეხლა ცხადათ ქადაგობენ ომს). რაც კი რამ გაჩუმებულია ამ ჟამად, მაშინ თავს დაეცემა ომის ამტეხს. გაჩუმებულთა შორის კი არიან მუშა-ხალხი და უმაღლესი ინტელიგენცია, ერთის სიტყვითაო, ამბობს ბოლოს კორრესპონდენტი, დღე-დღეზედ ომს მოელიანო. ყველაფერი შერიგების პირობებზედ არის დამოკიდებულიო.
საქმეც ეს არის, რომ ყველაფერი შერიგების პირობებზედ არის დამფარებული, მაგრამ ამ პირობებისა კი ნამდვილი არა ისმის რა. თუ დავუჯერეთ გაზეთის „Daily News“-ის კორრესპონდენტს ეს პირობები მდგომარეობენ შემდეგში: ხომალდებზედ არაფერი არ იარის მოხსენებულიო, აგრეთვე სრუტებზედაც. ეგვიპტის ხარკი ხელუხლებელად დარჩებაო, გარდასახადი, რომელიც ოსმალეთმა უნდა მისცეს რუსეთს ერთს მილიარდამინ ადის. ამაში უნდა ჩაითვალოს არსი, ბათუმი და დობრუჯა, რომელთა ფასი ჯერ ცნობაში მოყვანილი არ არის, მაშასადამე არც ის იციანო. თუ რამდენი ნაღდი ფული უნდა მისცეს ოსმალეთმა რუსეთსაო. არზრუმი რუსეთს არ მიეცემაო. თუ რუმინია თანახმა იქმნებაო, დობრუჯა ბესსარაბიაზედ გაიცვლებაო; თუ არა და დობრუჯა ბოლგარიის ნაწილად შეიქმნებაო, ბოლგარიაიოში მცხოვრებნი მაჰმადიანნი განდევნილ არ იქმნებიან იბოლგარიიდამ, ბოლგარიას ეძლევა დაუმოკიდებლობა და მმართველად მთავარი, რომელიც არ უნდა ეკუთვნოდეს ცრც ერთს ამ ჟამად ტახტზედ მჯდომს გვარს. ეს მთავარი ამორჩეული იქმნება ხალხის წარმომადგენელთა მიერ ხარკის რაოდენობა, რომელიც ბოლგარიამ უნდა აძლიოს ოსმალეთს, დადგენილ იქმნება მხოლოდ ორის წლის შემდეგი ბოლგარიაში იქმნება დაყენებული რუსის ჯარი (50,000 კაცი), ვიდრე ადგილობრივი მალიცია გაიმართება. ბოლგარიის მმართველობა იქმნება მთავარისა და ხალხის მიერ ამორჩეულის კრების ხელში. მაგრამ რა გვარი მმართველობა იქმნება — ამის გარდაწყვეტა მიენდობს მთავარს და კრებას, აგრეთვე ევროპას. ბოლგარიის საზღვარი უფრო ვრცულია, ვიდრე ის რომელიც სტამბოლის კონფერენციაში იყო აღიარებული. დანარჩენში შესანიშნავი არა არის რა. ამაში მდგომარეობენ შერიგების პირობები, თუ გაზეთებს დავუჯერეთ მეთქი. მაგრამ „მთავრობის უწყებები“ ამბობენ: გაზეთებში მოხსენებულნი პირობები დასაჯერებელნი არ არიანო. მაშ ნურც ჩვენ დავუჯერებთ და დავუცადოთ ნამდვილს ამბავს. რომელსაც მალე უნდა მოველოდეთ, რადგანაც გრაფი იგნატიევი და რეუფ-ფაშა პეტერბურღს მისულან კიდეც ამ პირობების დასამტკიცებლად.
ოსმალეთი „უწინდელმა აღელვებამაო, იწერება ერთის ნემეცურის გაზეთის კორრესპონდენტი სტამბოლიდამ დაუთმო თვისი ადგილი სასოწარკვეთილებას. აქ ამ ჟამად არსებობს სრულიადი განცხრომა; გული აღარავის არაფრისა არა აქვს. უკანასკნელნი მძიმე ამბებიც კი არავის უღელვებს და უმღვრევს სისხლსა. აი თუნდ მაგალითად ოსმალეთის პარლამენტის დაშლა ავიღოთ. მთავრობას მობეზრდ ეს ახირებული პარლამენტი და დაშალა კიდეც, ე.ი. დროებით მოსპო მისი სხდომა. ამ გვარი განკარგულება სხვა დროს დიდ არეულობას დაბადავდა, მაგრამ ეხლა კი მშვიდობიანად ჩაიარა. მართალია თვით დეპუტატებმა წინაღმდეგობა გამოიჩინეს და მოინდომეს ძალად დარჩომ სტამბოლში. მაგრამ მთავრობა არც კი დაფიქრდა: პოლიციის მინისტრმა მიიწვია ასრებული დეპუტატები და გამოუცხადა, რომ პალატის დაშლის შემდეგ თქვენი ყოფნა სტამბოლში სასურველი არ არისო და მთავრო გთხოვთ ეხლავე შინისკენ წაბძანდეთო, და თუ თხოვნა არ აასრულეთო, ძალასაც დაგატანთო. ეს მოწვეულნი დეპუტატები იყვნენ უკეთესნი და ყველაზედ უფრო ნიჭიერი მთელს პარლამენტში ყველაზედ უარესი დღე დადგა ადრიანოპოლის დეპუტატს, რომელიც ამჟამად ბრუსსას (მცირე აზიაში) გადაასახლეს.“
ამ განდევნილთა შორის გახლავსთ ერთი იერუსალიმელი დეპუტატი იუსუფ-ბეი, რომელმაც მისწერა მდურავი წიგნი სამინისტრო ის მოთავეს. ეს წიგნი, რომელიც გაზეთებშია დაბეჭდილი, ღირსშესანიშნავია და შეიცავს შემდეგს: „თქვენო ბრწყინვალებავ! წარსულს პარასკევს მეწვივნენ ჟანდარმები და საიდუმლო პოლიციის აგენტები ჩემ წასაყვანად პოლიციის მინისტრთან. სამწუხაროდ შინ არ დავუხვდი, და ამიტომ მეწვივნენ მეორე დილას და დამიგდეს პატარა ოფიციალური წერილი, რომლის ძალით დილის 10 საათზედ პოლიციის მინისტრთან უნდა წავსულვიყავ. იქ დამიხვდა სამი ჩემი ამხანაგი, რომელნიც ჩემსავით იყვნენ მოწვეულნი. მინისტრმა მოგვიგო. შემდეგი სიტყვა: „რადგანაც დეპუტატთა პალატი დაიხურა, თქვენ ეხლა აქ საქმე აღარ აქვთ-რა, და ამიტომ პირველსავე ხომალდით თქვენს სამშობლოში უნდა დაბრუნდეთ“. ამის პასუხად ვიკითხე კანონიერი მიზეზი ამ გვარის ძალის დატანებისა; მე მინდოდა მენახა ოფიციალური ბძანება, თაც ასე მოგვექცა მინისტრი. პოლიციის მინისტრმა გვიპასუხა: „რადგან მე ოფიციალურად გულაპარაკებით,ჩემი სიტყვა ოფიციალური ბძანებაა და არავითარი მიზეზი და თავის გამართლება საჭირო არ არის“. როდესაც, ვუთხარით, რომ ჩვენ სტამბოლში ბევრი კერძო საქმე გვაქვს და ჯერ გზას ფულიც არ აგვიღია, მინისტრმა შეურაცხყოფით მოგვიგო: „მე მენანება ის ხალხი, რო მელმაც ამისთანა გლახები ამოირჩია დეპუტატებად“ ამაზედ ვუთხარით, რომ ჩვენ მაინც და მაინც დეპუტატები ვართ და ჯეროვანი უფლებაც გვიპყრია, და მოვინდომეთ ამ ბაასის პროტოკოლის შედგენა. ამის პასუხად პოლიციის მინისტრმა განიმეორა თავისი ბძანება, და ჩვენც გამოვედით.
„თქვენო ბრწყინვალებავ! რადგანაც ჩვენ არა გვგონნია, რომ ამისთანა უკანონო და კონსტიტუციის წინააღმდეგი მოქმედება იყოს ჩვენის კეთილისა და სიმართლიანის ხელმწიფის მიერ ბძანებული, ან თქვენ მიერ, ამიტომ გთხოვთ მე და ჩემი ამხანაგეთიც გამოგვიგზავნოთ ოფიციალური წერილი და აგვისსნათ ზემოხსენებული ჩვენს წინაღმდეგ ხმარებული სახსარი. ამასთანავე გთხოვთ პასუხი მოგცეთ იმ შეურაცხყოფისათვის, რომლითთაც მოგვექცა ჩვენ პოლიციას მინისტრი — 16 თებერვალს 1878 წ. იუსუფ-ბეი-ალხალიდი იერუსალიმის დეპუტატა.“
აბა, იტყვიან ოსმალეთის მთავრობა განათლებული არ არისო! როგორ განათლებული არ არის, რომ ასე მალე მოჰყოლია ევროპის მთავრობათა მოღვაწეობის მიბაძვას? ვითომ რით ჩომოუვარდება ზემოხსენებული მოქმედება ოსმალეთის მთავრობისა. თუნდ მაგალითებრ საფრანგეთის მთავრობას ნაპოლეონ III-ს დროს, ან თვით მაკ-მაგონის მთავრობას ბროლჰის დროს? რას მიქვიან დეპუტატობა, რას მიქვიან პარლამენტობაო. დღეს ქეიფი მომივიდა და უფლება მოგეცით, ხვალ სხვა ქეიფი მომივიდა და უფლებაც წაგართვითო და პანღურიც ამოგკარითო. მაგრამ ერთი რამ კი გასაკვირველია სწორე მოგახსენოთ: საზოგადოთ შემჩნეულია, რომ როდესაც რომელიმე სახელმწიფო დამარცხებული გამოდის ომიანობიდამ იგი უფრო მტკიცედ იდგამს ფეხს შინაგანს წარმატებისაკენ და ყოვულ ღონისძიებას ხმარობს, რომ სიყვარული და თანაგრძნობა მოიპოვოს თვის ხალხში. ოსმალეთის მთავრობა კი ისე იქცევა, თითქო ომიანობამ არამც თუ არა დააკლო რა, არამედრაღაც ძალაც მიუმატა და ამ ძალის მფარველობის ქვეშ რაცა ჰსურს იმას მოქმუდობს. მაშ იქნება მართალი იყოს გაზეთის „Times“-ის კორრესპონდენტი, რომელიც ამობს: „მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოსმალები ჭკვიანათ მოიქცევიან და მათ და რუსთა შორის არავითარი უთანხმობა აღარ გაჩნდება, ოსმალეთს შეუძლიან დაიმკვიდროს თვის ნანგრევზედ უფრო მტკიცე მდგომარეობა ვიდრე უკანასკნელს ორ საუკუნის განმავლობაში ეპყრა. ოსმალეთის უმთავრესი ტკივილი იყო მისი უშველებელი სივრცე, უგზო-უკვლობა და მის მამადიანთა აქა-იქ გაფანტვა, რომელთაც გარს ერტყათ მოწინააღმდეგნი ბერძნები, სლავიანები და სომხები. თუ ოსმალები თავს დაანებებენ მოწინააღმდეგე პროვინციებს და მათგან მხოლოდ ხარკის აკრეფას იკმარებენ; თუ, გარდა ამისა, მამადიანებს თან და თან გადაასახლებენ იმ ადგილას, რომელიც ერთვის სტამბოლს და მჭიდროდ დაასახლებენ მცირე აზიაშიაც, მაშინ ახალი ოსმალოს სახელმწიფო ათჯერ უფრო მძლავრი იქმნება ვიდრე ეხლა.
ავსტრია ავსტრიელებს ძალიან მონდომებიათ ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დაჭერა. გაზეთი „Presse“ ამბობს: „მოვიდა დრო მოქმედებისა. ჩვენ პატივსა ვცემდით ოსმალეთს, როდესაც იგი თავის სახლს პატრონი თვითონვე იყო და თავის ქონებას თავის ნებით ხმარობდა. მაგრამ ეხლა, შერიგების შემდეგ, ოსმალეთის მთავრობას სახელიღა შერჩა. ნამდვილად იგი არსებობს მხოლოდ რუსეთის მოწყალებით და რუსეთისთვის. ოსმალეთმა თვითონვე დაუთმო თავისი სამთავრო (верховный) უფლებანი. მაშ რაღა დაგვიშლის ბოსნიის დაჭერით და ვიცვათ ჩვენი სარგებლობა? ტყუილად ამბობენ რუსები ვითომ ღია კარში შესვლა გვინდოდეს; ჩვენ გვინდა მხოლოდ დავიცვათ ჩვენს მეზობლად მდგომი სახლი, რომლის კარი ყველასთვის გაღებულია და სხვათა შორის იმათთვინაც, ვინც ჩვენს ეჭვ ქვეშ არის.“ მეორე გაზეთი კი, „Deutsche Zeitung,“ ამბობს, რომ თვითონ რუსეთი ცდილობსო აგები როგორმე ბოსნია მოგვაჩეჩოსო: „სერბიისა და ჩერნოგორიის საზღვრები იმდენად იმატებენო, ამბობს გაზეთი, რომ ბოსნია სრულიად დაშორებული იქმნება ოსმალეთზედ; ასე რომ ავსტრია იძულებული იქმნება ან თვითონ აიღოს ბოსნია ან სერბიას მისცეს, რუსეთი გვიგზავნის ბეგებს, რომელთაც უცებ ძალიან მოსდომებიათ ავსტრიის ბატონობა და დეპუტატებს გზავნიან ვენას, ბოსნია წაიღეთო. ერთის სიტყვით, ისღა გვაკლია, რომ რუსეთმა ძალა დაგვატანოს, გინდათ თუ არა ბოსნია წაიღეთო, და ამით გათავდეს ეს უცნაური ხანა აწინდელის ისტორიისა.“ უნდა მოგახსენოთ, რომ პირველი გაზეთი არის მთავრობის მომხრე, მეორე — მისი მოწინააღმდეგე მაშ საქმე ასე იქმნება: ავსტრიის მთავრობა ეშმაკობს ვითომ და რუსეთის ავკაცობას ვეღარ გავუძლებო და მის წინააღმდეგობისთვის ბოსნიას დავიჭერო, მთავრობის მოწინააღმდეგენი კი ეუბნებიან — ეს წინააღმდეგობა კი არ იქმნებაო, არამედ რუსეთსაც ეს უნდაო.
ახლა მოდი და ჭეშმარიტება გაიგე.
![]() |
3 თაგვებისა და კატების ომი |
▲back to top |
თაგვებისა და კატების ომი
თაგვთა მეფა ავად იყო,
სიდამწვრით, თუ ქეცითაო,
ბუმბულები ქვეშ დაეგო,
მოეფინა ბეწვითაო;
წამალს მეფა არ ნებულობს,
არცა დიდის ხვეწნითაო;
და მას ვირთხა ექიმბაშობს,
სწამლობს მხოლოდ წეწვნითაო!..
კატას ცნობა მოუვიდა,
თაგვთა მეფა შემძიმდაო,
სთქვა: `მარჯვე დრო მე ახლა მაქვს.
შევასრულო რაც მინდაო”;
ულვაშებს ტოტი გადისო,
ტუჩები გადიწმინდაო
და ჩაცინებით წარმოსთქვა:
`თაგვებს დღე დაუბინდდაო!..:
ვეზირები შემოიხმო,
შეექმნათ დიდი თათბირი:
ერთმა სთქვა: `წიგნით ვიკითხოთ, _
თაგვთა მეფას გასაჭირი”,
მეორემ სთქვა: `გავუგზავნოთ
მოსაკითხად ლეღვის ჩირი”,
მესამემ სთქვა: `რას ვეფეროთ,
დავამტვრიოთ ცხვირი, პირი!”
ციცამ ყველას თათბირებში
პირველის თქმა დაიჯერა,
სთქვა: `დავეშურნეთ, მივწეროთ,
აღარ უნდა ამას ცქერა,
თორემ შეგვიტყობს თათბირსა,
აცნობებს, ვინც დაგვამტერა,
საწერ-კალამი მოართვეს
და დაიწყო წიგნის წერა.
_ `ბატონო, თვალის სინათლევ,
დიდება თაგვთა მეფეო,
სამი ამბრისა მფლობელავ,
ნიგვზითა ხარკთა მკრეფაო,
თქვენი უძლება ვისმინე,
ამტკივდა თავის კეფაო,
სიკვდილსაც მოსძულებიხარ,
ვით მე მძულს ძაღლის ყეფაო!..
ნეტა ვიცოდე რა გარგებსთ,
მოგართო რამე მალამო,
ნება მიბოძეთ მოვიდე,
მსურს გნახო, მოგესალამო,
გულს მოგეხვიო, თქვენს დარბაზს,
მტირალნი თვალნი დავლამო,
ჩემს მწუხარებას ვერ მოვთვლი, _
დასწერე ჩემო კალამო!..”
რა მისწერა, თაგვთა მეფეს
გაუგზავნა კატა ჭრელი,
წიგნი მისცა და უბრძანა
თაგვთა მეფის ნახე ხვრელი,
ეს ბარათი მას მიართვი
მოსაკითხად ერთი ყველი,
და პასუხიც მომიტანე, _
სწორედ მოუთმენლად ველი.”
მსწრაფლად გასწია ჭრელამა,
წიგნი პირში დაიჭირა,
ყველსაც მიათრევს ბაწრითა,
საქმე აღარ გაიჭირა,
რა შეემძიმა, გამოძღა,
ამით ბარგი შეიმცირა,
თაგვთა მეფის სასახლეში
ჩუმად მისვლა დააპირა..
რომ მივიდა სასახლესა,
მოფენილსა ძველი ქუჩით,
ხვრელში ვეღარ შეეტია,
თუმც ეცადა დიდის ჩეჩით,
შეიძახა: `გამომხედეტ! _
კატათ მეფის მოველ ელჩი,
სამოყვროდ ვარ, მოსაკითხით,
დამერწმუნეთ არას გერჩით…”
თაგვთა მეფას მოახსენეს
კატათ მეფის წიგნის ხლება,
ეს ამბავი დედოფალსა,
არ იამა, იმჭვალება,
აათრთოლა საცოდავსა,
მტერსაც კი შეეწყალება…
ბრძანა: კატებს უფიქრიათ,
სწორედ, თაგვების აკლება”…
თაგვთა მეფამ ვერ გაბედა
ინახვინოს კატა ჭრელი,
ვერ გაბედა ელჩის ნახვა,
თვალად იყო საზარელი…
მოითხოვა და მოართვეს
კალამი და საწერელი, _
კატა სწერს ტკბილსა პასუხსა,
ვით მოძმისა საყვარელი…
ძლიერო, დიდო ხელმწიფევ,
ტომო ვეფხვის ბუდიდანო,
მიამა რომ წავიკითხე
თქვენი წიგნი, ყურდიდაო,
უძლურისა კითხვისათვის
ძლიერ გმადლობ, ჩემო დაო,
ნუ მიწყენ, ვერ გინახვინებ,
აღარა ვარ ავადაო”…
ციცამ პასუხი მიიღო
თაგვთა მეფას მონაწერი,
როცა იგი გადიკითხა,
მას გადაჰკრა ცუდი ფერი;
თავში იცა, გადიგლიჯა
ულვაში და მერე წვერი,
კაპასობით გააქნივა ეშმაკურად კუდის წვერი…
კატა ჯავრობს, მრისხანეობს,
ჩხავის როგორც მარტის თვეში,
,,უარი ვით გამიბედა?_
გავგზავნე მას ფეშქეში,
მოყვრობა არ გამოვიდა
თუ მტრობა ჰსურს _ ვაძვრენ ხვრელში…
და მე ციცა არ ვყოფილვარ,
თუ არ ვჭამო მათი ლეში”…
ციცათა მეფემ მოიხმო
სარდლები და ვეზირები,
უბრძანა: ,,მოემზადენით,
ჯარად წასვლას ვეპირები,
სალაშქრო ბუკი დაუკართ,
ბარგით დატვირთეთ ვირები,
გაჩვენოთ ომი ფიცხელი,
თაგვები ანატირები!”
სარდლები კარს გამოვიდნენ,
დაიძახეს: ,, შეკრბეს ჯარი!_
ას_ასი ერთად დაეწყვნენ,
ერთმანეთს მოაბით მხარი.
ხატაურები თავს დაგნენ,_
სანაქებო მეომარნი,
კნუტებს ბარგი ჩააბარეთ,
სალაშქრო ნაღარას ჰკარით!..”
კატის ლაშქარი დაიძრა,
მებუკედ ახლავსთ მამალი,
წყნარად მიდიან წყობითა,
გზა აქვთ მათ დიდი სავალი,
თან მიაქვთ ტყვია, წამალი,
დაჭრილებისთვის წამალი,
საზრდოდ: თევზი და ძეხვები,
სხვა ნუზლი დიაღ მრავალი…
იარეს დღე და ღამეცა,
მივიდნენ თაგვთა მხარესა,
მინდორზედ ჯარი დაბარგდა,
თაგვთ ემუქრიან მწარესა,
ამბობენ: ,,დავხოცთ, გავჟლეტავთ,
ერთიან, დიდს და მდარესა,
თუ კი ხვრელიდან გამოსვლა
იმათ არ დაიზარესა”…
თაგვთა მეფამ რომ გაიგო
ლაშქრის მოსვლა, დაბარგება,
თხუნელების ჯარი იხმო,
ბრძანა ვირთხის დაბარება;
,, დედოფალიც თუ არ ვიხმე,_
ამბობს, _ხომ არ ევარგება?
მოყმე, მოძმეც მოვიმარჯვოთ,
არ ვარგა დაგვიანება”…
ეს რომ სთქვა_და, დაიბარა:
ვირთხები, ბლომად თხუნელა,
უბრძანა: როცა დაღამდეს,
წრუწუნა დამალეთ ყველა,
მას უკან კატის ურდოში
შეიპარეთ ნელ_ნელა,
რადგან ჯარი ჯერ ცოტა გვყავს
ვერ შევებით ხელ_და_ხელა”.
იმ ღამეს ლურჯა თაგვები
შეეპარეს კატის ურდოს,
ტომრები სულ დაუხვრიტეს,
ლაშქრობაში, დიაღ ცუდ დროს,
ნუზლი ბევრი შეუჭამეს,
თითქო ვისმე გაექურდოს,
რა ინათა, მიაშურეს,
სოროებში ფეტვის ბურდოს…
გათენდა, მამლის ყივილმა
სულ შესძრა კატის ჯარია,
რა ნახეს ნუზლი შეჭმული,
სთქვეს თუ_ვის გაუპარია?
ტომრის ნახვრეტთან ამცნივეს,
რომ თაგვთა ნასაქმარია,
სთქვეს: ,,თუ ასეა, თაგვებსა
დღე დაუღამოთ მწარეა!..”
შეგროვდა კატისა ჯარი,
შემოკრბა ყველა ერთ წამსა,
უცვივდნენ თაგვთა სოროებს,
დაუწყეს ფხოჭნა მიწასა,
მოგეხსენებათ_კლანჭები
როგორ მჭრელი აქვს ციცასა!
კნავიან, მრისხანეობენ,
ზოგი თავის კუდს ჰფიცავსა!..
თაგვთ რა შეიტყეს კატების
მოხდომა მათსა კარებსა,
შექმნეს წრუწუნი, გასწიეს,
ერთიან აიყარესა,
ხვრელ_ხვრლ იარეს დიდ ძალზე,
სულ ისე გაიპარესა,
სხვა სოროებით ამოძვრნენ,
წყლის პირზედ დაეპწკარესა.
კატებმა ნახეს მოტყუვდნენ,
მაშინ მოსწყდათ იმათ წელი,
დაიძახეს: ,,ვაი მაგათ!
მაგ ბილწებსა მივყოთ ხელი!”
ისკუპეს და გადაცვივდნენ,
დაერივნენ, ვით თხებს მგელი,
თაგვებმაც შემოგვიტყუეს_
და გაჩნდა ომი ფიცხელი!..
შეიქმნა ჩხავილ_კნავილი,
წრუწუნი, ლაწილუწია,
სისხლის ღვრა, ტყავების ფხრეწა,
თაგვებსა ცოვამ უწია,
მრავალი ყრიან უთავოდ,
ზოგი სულ აუკუწიათ,
და აგერ დაჭრილ ციცისაც
ტყავის სისხლს გაუწუწია!..
დამარცხდა თაგვთა მეფაი,
ვერ ყოფილა მეომარი,
გაჭირვების ტალკვესივით
მოეშველა თრიის ჯარი,
ნაღმის ჩამდგმელი დასჭირდათ,
თხუნელაა მოსახმარი,
დედოფლებიც გამოჩნდნენ,
ამათვე მოაბეს მხარი!
კატებმა ტოტსა გაიკრეს,
კლანჭი გაშალეს მრუდები,
მარჯვნივ, მათ მოსდგნენ ვირთხები,
ციცებს უხვედრეს კუდები,
თაგვები ურდოს დაეცნენ,
ხელთ იგდეს ნუზლის გუდები…
ბაყაყნი სეირს უცქერენ,
ომში არიან ცუდები!…
ამ დროს გამოჩნდა სერზედა
მეფე ქორ_მეძებრებითა,
თურმე ნადირობს იმ დღესა
მწევრებით, დიდის კრებითა,
იამა თაგვთა მეფესა,
ეშველა ღვთისა ნებითა,
გაბრუნდა ციცისა ჯარი,
გაიქცა დიდის ვნებითა!…
ასე გათავდა ეს ომი,
ასე მიამბო გადიამ,
თავს არ შეგაწყენთ მეტადა,
კალმის დადებაც მწადიან,
მე ისტორიას არა ვწერ,
ზღაპრის თქმად მოვემზადეა,
ჩემისთანა მელექსებად
ხომ მესტვირებიც დადიან!
თ.რ.ერისთავი
![]() |
4 სასამართლოს მატიანე |
▲back to top |
სასამართლოს მატიანე
საქმე ანდრიევსკის ქალის მოკვლისა.
27 თებერვალს ტფილისის ოლქის სასამართლო შეუდგა ნინო ანდრეევსკის მოკვლის თაობაზედ საქმის განხილვას და 5 მარტს გაათავა კიდეც და ბრალი დასდვა თ. დავით ზურაბის ძეს ჩხოტუას და გლეხს პეტრე დავითის ძეს გაბისონიას. მესამე ბრალდებული თ. ნიკოლოზ ზურაბის ძე ჩხოტუა გამართლდა. სასამართლოს განჩინების ძალით ორთავე დამნაშავეს ერთმევად ყოველგვარი უფლება და გაგზავნილ უნდა იქმნეს — პირველი, დავით ჩხოტუა. მადნებში სამუშაოდ (ძალაუნებურ ოცის წლის ვადით და მეორე, პეტრე გაბისონია, ციხეებში სამუშაოდ ძალაუნებურ) ათის წლის ვადით. ვადის განმავლობის შემდეგ ორივე ბრალდებული სამუდამოდ დასახლებულ უნდა იყვნენ ციმბირში,
ამ საქმემ დიდი ყურადღება მიიცია საზოგადოებისა, და მართლაც ღირს შესანიშნავიც არის. ღირს. ია, შესანიშნავია იმ პირთა საზოგადობრივ მდგომარეობით, რომელნიც ჩართულნი არიან ამ საქმეში, — როგორც თვით მსხვერპლიც, აგრეთვე ზოგმერთი ბრალდებულთაგანიც ღირს შესანიშნავია ეს საქმე იმ სადუმლოებით, რომელიც თავიდგანვე მოუვა ანდრეევსკის ქალის დაკარგვა და რომელიც ჯერაც არ არის მთლად გამოაშკარებული ღირსშესანიშნავია აგრეთვე თვით საქმის გამოკვლევით როგორც წინა გამოძიებაში, აგრეთვე სასამართლოშიაც მაშასადამე ამ საქმემ უნდა წამოუენოს მრავალგვარი კითხვა და ფიქრი, რომელნიც ყოვლად ყურადღების ღირსნი არიან. ამ კითხვისა და ფიქრის თაობაზედ ჩვენც გაუწევთ მკითხველს საუბარს. მაგრამ ყველაზე უწინარეს უნდა, და ვაცნობოთ საქმის შინაარსი შემოკლებით მაინც.
საქმე მდგომარეობს შემდეგში:
1876 წ. მკათათვის დასაწყისში ოდესიდამ მოვიდნენ ტფილისს ანდრეევსკის ცოლი (ქვრივი. მისი ქმრი თ. ვარანცოვის ექიმი იყო) თავისის გასათსოვარის ქალით დედა და შვილი მოვიდნენ ტფილისს იმ მამულის გასაყოფად, რომელიც განსვენებულმა ანდრეევსკიმ უანდერძა თვის ორს ქალს, რომელთა შორის ერთი არის თ. შერკაშიძის მეუღლე ანდრეევსკის ცოლი და ქალი ჩამოხტნენ „ევროპის“ სასტუმროში, სადაც იმ დროს მათი სიძე, შერვაშიძეც იყო სტარი, რომელიც ანდრიევსკის მოსვლის მეორე დღეს გადავიდა თავის საკუთარ სახლებში, კუკიაში, მტკვრის პირას, „კრუჟოკის“ გვერდით.
საქმე რომ გაათავეს (მამულის დაყოფა), შერვაში-ანჩაბაძე წავიდნენ ქუთაისისაკენ, და ანდრეევსკის ცოლი და ქალი კი გადავიდნენ „ევროპის“ სასტუმროდამ თ. შერვაშიძის სახლში.
22 მკათათვეს დილის მეთერთმეტე საათზედ ანდრეევსკის ცოლი და ქალი წავიდნენ სტუმრად კნ. ბარბარე თუმანოვისას, სადაც სცხოვრობდა ანდრეევსკის ცოლის დედა, რომლის დღეობაც იყო იმ დღეს. ანდრეევსკის ქალი დაპირებია თუმანოვის ქალებს, რომ დღეს საღამოს ათ საათზედ ბაღის ღობესთან მოვალო. (ეს ღობე ყოფს საზაფსულო „კრუჟოკის“ ბაღს და შერვაშიძის ბაღს) და იქა ვნახავთ ერთმანეთსაო, ანდრეევსკის ცოლი და ქალი გამოვიდნენ თუმანიანთგან და წავიდნენ „კავკასის“ სასტუმროში პურის საჭმელად. სასტუმროდამ ეწვივნენ კნ. ქეთევან ორბელიანისას და შემდეგ საათის შვიდზედ ან რვაზედ წავიდნენ შინ, სადაც დაუხვდათ მათ დავით ჩსოტუა (შერვაშიძის მოურავი, რომელიც სცხოვრობდა იმავე სახლში). უმცროსი ძმა, ნიკოლოო ჩხოტუა შინ არ იყო და მუშტაიდის ბაღში სეირნობდ ცხენით. მანამ ნიკოლოოზ ჩხოტუა დაბრუნდებოდა მუშტაიდიდამ, ანდრეევსკის ცოლი, ქალი და დავით ჩხოტუა ისხდნენ სახლის წინ მტკვრის პირას. როდესაც დაბრუნდა ნიკოლოოზ ჩხოტუა, მისი ძმა დავით ჩხოტუა სადღც წავიდა. ათი წუთის შემდეგ ანდრეევსკის ცოლი და ქალი სახლში შევიდნენ. ანდრეევსკის ქალმა დაიწყო წიგნის წერა შერვაშიძესთან, რადგანაც დავით ჩხოტუამ, როცა შინიდამ გადიოდა, თქვა, რომ ხვალ ქუთაისს მიგდივარო, შერვაშიძეს ხმალი უნდა წაუღოვო. წიგნის წერა რომ გაათავა (თითქმის ათი საათი იყო) ანდრეევსკის ქალმა მოდიდო სანთელი აიღო (პატარა ნამწვი კი დედას დაუგდო) და ჰსთქვა, რომ სამზარეულოში მივდივარო მზარეულ პეტრეს (გაბისონიას) ჩემი ფეხსაცმელები უნღა მოვკითსოვო, რომელიც დილას გასაწმუნდათ მივეციო როგორც ბრალმდებელი ოქმი (обвинителный актъ) ამბობს, ანდრეევსკის ქალი უთუოდ ღობესთანაც აპირებდა მისვლას (დაპირებისამებრ თუმცა დედისთვის არა უთქვამს რა. ეს კია, რომ ანდრეევსკის ქალი, ნინო არაფერში არ ეკითხებოდა თურმე თავის დედას.
ანდრეევსკის ქალი რომ აღარ დაბრუნდა და ნამწვიც გაუთავდა, გამოვიდა კორიდორში სადაც ზურაბი (სტოროჟი) დაუხვდა; კითსა ნინო. სად არისო, და ზურაბმა უასუხა, იქნება ბაღში წავიდაო (ანთებული სანთელი კი კორიდორში იდგა.) ბაღში რომ ვერ იპოვეს, დაუძახეს ნიკოლოოზ ჩხოტუს, რომელიც დაწოლილი იყო. კიდეც, და დაუწყეს კიდევ ბაღში ძებნა. ეზოში რომ გამოვიდნენ, ზემო სართულის ფანჯარაში გამოჩნდა დავით ჩხოტუა (მისი ოთახი ზემო სართულში იყო), რომელიც, გაიგო თუ არა ნინოს ამბავი, მაშინვე ძირს ჩამოვიდა. ანდრეუისკის ცოლის სიტყვით, დავით ჩხოტუა ძალიან კანკალებდა თურმე და გონება „სტული“. ანდრეევსკის ცოლმა უთხრა დავით ჩხოტუას „კრუჟოკის“, ღობესთნ მივიდეთო. დავით ჩხოტუა თუმცა დათანხმებულა თურმე, მაგრამ არ წასულა კი და დაუძახნია მებაღე ივანესთვის და რაღაც უთქვამს თურმე. შემდეგ ივანესა და ზურაბს ისე მაგრამ დაუჭერიათ ანდრეევსკის ცოლის ხელები, რომ დიდხანს გაუოლია ტკივილი. ამ დროს დავით ჩხოტუას უფიქრია, იქნება ნინო. ბანაობი დრო და წყალში დაიხრჩოვო, და ჩავიდა მაშინვე წყლის პირას, სადაც ნახა ანდრეევსკის ქალის ტანისამოსი და ფეხსაცმელი ამბავი შეტყობინეს ია სულხანოვს, რომელიც ანდრეევსკის ქალმა მოურავად ამოირჩია მამულის გაყოფის შემდეგ, შეტყობინეს აგრეთვე კნეინა თუმანოვისას, ამ დროს კრუჟოკში მყოფს და მესამე განყოფილების მომრიგებელ-მოსამართლეს წინამძღვაროვს, პოლიციას და გამომძიებელს.
მეორე დღეს დილით ავლაბრის მეთევზეებმა ყარაიაზში დაინახეს, რომ მტკვარს მიაქვს ვიღაც ქალი, რომელსაც ეცვა ვერცხლის ვიწრო ბრასლეტები. მეთევზეებმა დაიჭირეს მკვდარი (ეს იყო ნინო ანდრეევსკისა), გააძრეს ყოველი საცმელი და ჩაფლეს მიწაში, რომ სხეული სრულად არ დარღვეულიყო. პოლიციამ მოთხრევინა მკვდარი და უჩვენა სხვათა შორის ექიმს მრევლოვს, რომელმაც შეამჩნივა ანდრეევსკის ქალის ტანზედ სხვა და სხვა ადგილას ლურჯ-წითელი ლაქები ამ გვარად დაიკარგა ანდრეევსკის ქალი.
თუმცა ჯერ-ჯერობით ყველა დარწმუნებული იყო, რომ ანდრეევსკის ქალი ბანაობაში დაიხრჩო, მით უფრო, რომ თვითონ ანდრეევსკის ცოლი წინაპირველად არწმუნებდა, რომ ნინოს იმ დროს შეეძლო ბანაობაო, მაგრამ შემდეგ გამომძიებელნი დარწმუნდნენ, რომ ანდრეევსკის ქალი არის მოკლული და მერე წყალში ჩაგდებული. რა საბუთით დარწმუნდნენ:
1) შარვაშიძის სახლიდამ მტკვრის ნაპირამდე ისეთი დაქანებული თავდაღმართი ბილიკია, რომ დღითიც ძალიან ძნელი ჩასასვლელია, არამც თუ ღამე, მით უფრო, რომ ეს ბილიკი ყოველთვის სველი და ალაფებულია.
2) რადგანაც მტკვარზე ჩასასვლელი ბილიკი სველი და ტალახიანია, ანდრეევსკის ქალი კიდეც რომ ჩასულიეო უთუოდ კაბას და ფეხსაცმელს მოისვრიდა . მაგრამ ის ტანისამოსი, რომელიც მტკვრის-პირს ნახეს, სრულიად სუფთა და მშრალი იყო. მაშასადამე ამ ტანისამოსით ანდრეევსკის ქალი არ ჩასულა მტკვარზედ. აზრში მოსასვლელი არც ის იყო, ვითომ ანდრეევსკის ქალმა ჯერ ტანისამოსი გაიხადა, ჩამოაგდო ძირს და მერე თითონ ჩავიდა — ტანისამოსი არ გავისვაროვო, ეს აზრში მოსასვლელი არ იყო, რადგანაც, სულ ერთია, უკან რომ დაბრუნდებოდა ანდრეევსკის ქალი ხომ მაინც და მაინც გაისვრიდა ტანისამოსს, და გარდა ამისა ტანისამოსი გადმოგდებული რომ ყოფილიყო ისე რიგზედ დალაგებული არ იქნებოდა, როგორც ეწყო: ჯერ ჩითის სარტყელი მერე ჩითის ჯუბა, მერე ამავე ჩითის კაბა და ზემმოდამ შავი აბრეშუმის ყელსახვევი.
3) ანდრეევსკის ქალს რომ ბანაობა ნდომოდა უსათუოდ პერანგსა და მის ამხანაგსაც გაიძრობდა, ან არა და საცვალს მაინც წაიღებდა, რომ სველი პერანგით აღარ დაბრუნებულიყო.
4) იმ ღამეს მტკვრის მეორე ნაპირს ბევრი ხალხი ბანაობდა. ანდრეევსკას ქალი, დედისა და ივანე დონაიანის სიტყვით, იმდენად მორცხვი იყო, რომ დედის წინაც კი არ იხდიდა ხოლმე არას დროს ტანისამოსს. მაშასადამე საფიქრებელი არ იყო, რომ ანდრეევსკის ქალს უცხო კაცების წინ ებანავა.
5) ანდრეევსკის ცოლის სიტყვით, ნინო. იმ დღეს, როდესაც დაიკარგა, რიგში იდგა. სოფიო ბეზირგანოვისამაც თქვა, რომ ნინოს სიკვდილის შემდეგ ერთ-ორ დღეს უკან მრეცხელმა (პოჩკამ) ნინასი თეთრეული მოუტანა და აგრეთვე რამდენიმე ტილოს ნაჭერი, რომელსაც ქალები რიგის დროს ხმარობენ. ამ მდგომარეობაში ნინო ანდრეევსკისა ვერ იბანაებდა.
6) ანდრეევსკის ქალი, რომელიც დაიკარგა საღამოს მეათე საათზედ, იპოვეს მეორე დილის მზის ამოსვლის უმალ, ყარაიასში. მაშასდამე მკვდარმა გაიარა წყალში 40 ვერსტის სიშორე შვიდ-რვა საათის განმავლობაში. ეს შეუძლებელია, როგორც შეამოწმეს იმ პირთ, რომელთაც კარგად იციან მტკვრის დენა და თვისება.
და 7) ქალაქიდამ თექვსმეტის ვერსტზედ სიშორეზედ მტკვარი იმდენად დალეულია (სიღრმე 6-8 გოჯი აქვს), რომ ვერ გაიტანდა მკვდარს ადამიანს, და კიდეც რომ გაეტანა, ნიშანს დააჩნევდა რასმეს, რადგანაც მტკვარი ძალიან ქვიან ადგილას მიმდინარეობს. ანდრეევსკის ქალის გვამი კი იმდენად სუფთა და თეთრი იყო, რომ მეთევზეების სიტყვით, მძინარე ანგელოზსა ჰგავდაო და არა წყალში დამხრჩვალს ადამიანსაო. ეს გარემოება შეამოწმა აგრეთვე ექიმმა მრევლომაც, რომელმაც ყველაზედ უწინარეს ნახა გვამი და ვერაფერი ვერ შეამჩნია ანდრეევსკის ქალის ტანზედ მოლურჯო ლაქების გარდა, რომელნიც იმის ნიშანი იყვნენ, რომ გვამი იხრწნებოდა.
ყველა ამ საბუთის ძალით გამომძიებელნი დამტკიცდნენ, რომ ანდრეევსკის ქალი თავისთავად კი არ დამხჩვალა, არამედ წინად არის მოკლული და მერე წყალში ჩაგდებული. ექიმებმა თუმცა გარდაწყვეტილად არა თქვეს რა, რადგანაც გვამი წამხდარი იყო და ლპებოდა. მაგრამ ის კი შეამოწმეს, რომ ანდრეევსკის ქალი უთუოდ წინადვე მოკლული უნდა ყოფილიყო და მერე ჩაგდებული წყალში.
ახლა ვინ იყო მისი მკვლელი?
(შემდეგ იქმნება.)
![]() |
5 შვილი მოხუცებულის გამზისა |
▲back to top |
შვილი მოხუცებულის გამზისა
(დასასრული) VI
ერთს დაბურულს და მიყრუებულს ტყეში, საცა ხეთა სიხშირე ძირს არ უშვებდა მზის სხივსაცა, საცა არ სმენია თავის დღეში ფრინვლის გალობაცა, იქ ერთი ბნელი და უდაბური ნაპრალი იყო. მხოლოდ მაშინ გაიხმაურებდა ხოლმე ეს უდაბური ადგილი, როცა დაიქროლებდა გრიგალი და ხეთა წვერს, როგორც საქანელს, აქანებდა. მხოლოდ მაშინ კი ის უდაბნო ხმას ამოიღებდა და ისმოდა საშინელი გრგვინვა გრიგალისა, უზარმაზართა ხეთა რხევის შუილი და მიკიოტის ძახილი. იმ უდაბურ ნაპრალის პირზედ იდგა ქვითკირის ციხე, საცა შეამწყვდევდნენ ხოლმე მამულის მგლობელთა და ეკკლესიისაგან შეჩვენებულთა. ამ ციხის ძველ კედლებს შორის თავის დღეში არავის სმენია სიტყვა შენდობისა და მიტევებისა; მხოლოდ წყევა-ქოქვა იყო წარწერილი შესისხლულის ასოებით ამ ციხის ნამიან თვლილ ქვებზედა. რკინის კარი ამა ციხისა მარტო იმისთვის გაიღებოდა ხოლმე, რომ მიიღოს ახალი მსხვერპლი და იმწამსვე ისევ დაიკეტოს მისთვის საუკუნოდ.
აი ეხლაც გაიღო იგი კარი და სამმა კაცმა მოიყვანეს რკინის ჯაჭვით მეფისაგან შერისხული მსხვერპლი იმ განზრახვით, რომ იმ უბედურმა თავის დღეში აღარ ინახულოს ვარსკვლოვანი ცა, აღარ ინახულოს მზის სხივი, აღარ გაიგონოს სიტყვა შგწყალებისა... მეფემ ამისთანა სასჯელიც დასვა, რომ არასოდეს არ ინახულოს მშვენიერი მეფის ქალი – კრინა. ის მსხვერპლი რადიშა იყო.
მზე ჩადიოდა და ღამე წყნარ-წყნარად შლიდა თავის შავს კალთას ვარსკვლავებით, როგორც ალმასებით მოჭედილს. რადიშამ უკანასკნელად შეხედა ტანჯვით და წუხილით ჩამავალს მზის სხივსა, რომელიც ერთნაირად დაჰნათის როგორც სიყვარულსა, ისეც სიძულვილს. მწუხარებით ქანცგაწყვეტილი გული მისი ესალმებოდა ყოველს მას, რაც ხსოვნამ ამჟამად წამოუყენა თვალწინ. მოეჩვენა, ვითომ ერთ გიჟ ცხენზედა ზის და მიაქროლებს მამეულს ტყეში, თავზედ ხელაღებულსავით, გაბედვით და უშიშრად; თვალწინ მოეჩვენა პრიშტინა, ყურთ მოესმა საომარი საყვირი და ნაღარის ცემა; ჰგრძნობდა, ვითომ თავზედ ადგა გვირგვინი გამარჯვებისა. მსწრაფლ გაუქრნენ ეს გულის მიმტაცნი ხილვა-ზმანებანი და მათ მაგიერ წარმოუდგა წინ თვისი შავი ბედი სრულის გულსაკვდავის სამკაულითა.
– აი საბნელეთი, – ეუბნებოდა თავის თავს საწყალი რადიშა: აი ცოცხალის კაცის ადრეული სამარე! აი ეს არის ჯილდო მეფისა!... ჰოი, ცაო, ცაო, მშვიდობით, მე შენ ვეღარ გნახავ ამას იქით! ოხ, ღმერთო, ღმერთო! რა მოწმენდილი იყო იგი, რა უღრუბლო, რა განათებული, როცა მე იარაღში ჩამჯდარი თავისუფლად დავდიოდი მამის ჩემის სასახლეში. რარიგის ალერსით გამიღიმებდა ხოლმე იგი ცა, როცა მე ვნადირობდი ტყეებში... დიაღ, ნათელი ცა იყო, ნათელი იმ დროს! ვიშ, რა რიგად ბრწყინვალებდა, რა რიგად, როცა მან თვისი შუქი მიაყენა მეფის ქალის ღვთიურს სახესა!... ვიშ, მზეც ჩავიდა. მშვიდობით, მშვიდობით შენ ცისა ხელმწიფავ! მშვიდობით შენ მანათობელო ქვეყნიერებისავ! „მე შენ მიყვარხარო! მენ ხარ ჩემი სიცოცხლეო!“ მეუბნებოდა ის მშვენიერი ქალი. უჰ, რა ნათელი და მადლი იდგა მაშინ ჩემს გარეშემო!... ეხლა?... ეხლა კი წყვდიადია, წყვდიადი! დამიბნელდა მზე, და დამიბნელდა ყოველისფერი! გაჰქრნენ ვარსკვლავნიცა! ეს რა საშინელი ღამე დგება, მშვიდობით შენც, ღამის მანათობელო! შენს ვერცხლისფერს სხივებს ვუმჟღავნებდი ხოლმე ჩემს ფიქრებს, შენს წინაშე გადავშლიდი ხოლმე ჩემს სულსა და გულს!... რარიგად ჩამობნელდა! რარიგად შავად შეიმოსა ყოველივე... განა უყვარვარღა ვისმეს? ნუთუ ყველამ გულიდამ ამომიღო და დავიწყებას მიმცა?... არა, არა?... „შენ უყვარხარ მეფის ქალსა“, – ამოსძახა გულმა თავისის სიღრმიდან და ციხის ბნელ და ნესტიან თაღებ შორის ყრუდ გაიხმაურა ამ ძახილმა. ციხის გუშაგნი ხმაგაკმენდილნი შეჰყურებდნენ რადიშას, როცა იგი ეგეთის ლმობიერებით ესალმებოდა ქვეყნიერობასა; თვით ამ გულქვა კაცებსაც კი გელი აუტირდათ სიბრალულითა. ხოლო როცა მოესმათ ის უკანასკნელი ძახილი: „შენ უყვარხარ მეფის ქალსაო“, – მუქარით და რისხვით წასწვდნენ რადიშას.
ხელახლად დაიჭრიალა დაჟანგებულმა რკინეულობამ ციხის კარისამ, ხელახლად გაიტკაცუნა კლიტემ და რადიშა დარჩა მარტო გაუთენებელ საბნელეთში, საცა ცის, ნამის მაგიერ ზედ ეცემოდა ხოლმე ცივნი წვეთნი სველისა და ნესტიან კედლებისა და საცა რკინის ბორკილის ჩხრიალის მეტი სხვა არა რაიმე ხმა აღარ ისმოდა. ამ ყოფაში მიდიოდნენ საათნი ისე გძლად, როგორც წელიწადნი და დღენი მდინარებდნენ, როგორც საუკუნენი.
....................................
VII
საპყრობილეში ეწვია რადიშას ერთი მოხუცებული მღვდელი. მის თეთრს წვერქვეშ გულზე ბრწყინავდა ოქროს ჯვარცმა.
– კურთხევა ღვთისა იყოს შენზედა, ჰოი ძეო მოხუცებულის ჰამზისავ! გიხსნას შენ იესო ქრისტემ, – წარმოსთქვა მღვდელმა გულმტკივნეულად.
– ღმერთნი ჩემთა მამა-პაპათა არ დასტოვებენ თვისთა თაყვანისმცემელთა, – მიუგო პყრობილმა.
– ღმერთი ერთია! მხოლოდ მას ერთს უნდა სცეს კაცმა თაყვანი. მას ყოვლად მოწყალეს და ყოვლად შემძლებელს თაყვანი-ეც შენცა! იმ ერთმა ღმერთმა შეგიწყალა შენ... მეფეს აღარ სძულხარ... მიიღე სარწმუნოება! ქრისტესი და მეფის ქალი კრინა თვის ბედს შეაუღლებს შენს ბედთან... მეფის ქალს უყვარხარ! შვილი მოხუცებულის ჰამზასი ათრთოლდა.
– არა ვიქ მაგას, წმინდაო მამავ! განდგომა და გმობა შერისხული და შეჩვენებულია მთელის ქვეყნისაგან! მე ვერ ვიწამებ იმ ღმერთს, რომელსაც თაყვანს სცემენ მეფენი, შთამომავალნი ნემანიჩებისა.
მღვდელი ადგა და გამოვიდა საპყრობილედამ.
წავიდა მღვდელი და წარმავალის ფეხის ხმა, როგორც ლახვარი, ისე განეწონებოდა ხოლმე გულში შვილსა მოხუცებულის ჰამზისას.
უფრო გრძლად, უფრო უფერულად და მოსაწყენად ვიდოდნენ ამას იქით დღენი პყრობილისა. უბედური! საპყრობილის სიბნელეზე უფრო ბნელთა ფიქრთა შეიპყრეს მთელი მისი არსება და მწარე ცრემლი ჩამოუგორდა მიმქრალთ თვალთაგან გაფითრებულს და ტანჯვით მიქანცულს ლოყებზედა. ზოგჯერ სიზმრად მოეჩვენებოდა, რომ ვითომ მეფის სასახლეშია, მხიარულს მეჯლისში, სახელოვან იუნაკთა შორის და გვერდთ უდგა დაუვიწყარი კრინა.
ამისთანა სიზმრებ შემდეგ გამოღვიძება რადიშასი უფრო გულსაკვდავი იყო; საპყრობილე უფრო ბნელად ეჩვენებოდა და სიცოცხლე უფრო აუტანელად და სამძიმოდ.
ერთხელ ღამით, როცა გრგვინავდა გრიგალი, როცა გაცოფებული ქარი ჰლეწდა უზარმაზართა ხეთა, კლდის წვერებიდამ ჰგლეჯდა ქვებს და თვით საპყრობილის კედლებს აზანზარებდა, რადიშა იჯდა თავჩაკიდული და გულზედ დაეკრიფა ხუნდგაყრილი ხელები. მას ეგონა, რომ მის მამა-პაპათა ღმერთნი გასწყრომიან ქვეყნიერობას და სურთ შემუსრონ ის დედაბოძი, რომელზედაც დამყარებულნი არიან დედამიწა, მზე, მთვარე და ვარსკვლავნი. ჭექა-ქუხილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, მეხი აქა-იქ გამოიჭექებდა ხოლმე, თითქო იბრძვის, რომ შელეწოს რკინის კარი საპყრობილისა.
უეცრად კარი გაიღო და სიბნელეში გამოკრთა სინათლე ჭრაქისა, მოისმა ადამიანთა ხმაურობა და გაოცებულ რადიშას წარმოუდგა თვალწინ იგი, რომელიც არასოდეს ფიქრიდამ არ მოუშორებია. იგი იყო მისი ნეტარება თავისუფლების დროს და მისივე სიყვარული ასულდგმარებდა მის სიცოცხლეს, რომელიც უამისოდ უნდა გამქრალიყო საპყრობილეში.
კრინა ფერმკრთალი იყო, როგორც მთის თოვლი, დაღონებული, როგორც მოტეხილი ზამბახი. მარცხენა ხელში ეჭირა ჭრაქი და მარჯვენაში – ოქროს თასი, იქნება ის თასიც, რომლითაც მეფეს უნდოდა დაელია სადღეგრძელო გამოჩენილის გმირისა მაშინ, როცა გამარჯვების შემდეგ წვეულობა ჰქონდა.
– მე შენ მიყვარხარ!... ეს ქვეყანა მომწყინდა და შევიძულე!... საათნი საუკუნოებად მეჩვენებიან... მე თვალით ვეღარ დამინახავს ვერც მამა, ვერც დედა, ვერც ძმები! მე შემძულდა ყოველისფერი, – ქვეყანა, ადამიანი და თვით ჩემი თავიცა!... შენ კი... მარტო შენ კი მიყვარხარ!... მე არ ძალმიძს უშენოდ სიკვდილი... მე მოვსულვარ, რომ შენთან ერთად სული დავლიო!...
– დავიხოცნეთ ერთად, ჩემო ნეტარებავ! დავიხოცნეთ, უწარჩინებულესო ასულო სერბიის ერისა! შენს მკერდზე სიკვდილი საუკუნო ცხოვრებაა!
– ერთი წვეთი ამ თასიდამ მიგვიყვანს ჩვენ მამათა შენთა ღმერთებთან... მეც შევტრფი იმ ღმერთებს, რადგანაც იგინი შენნი ღმერთნი არიან. დალიე და დავიხოცნეთ! – სთქვა კრინამ.
საწამლავის წვეთმა გაიბრწყინა რადიშას და კრინას ფერმიხდილს ტუჩებზედ; ჭრაქი ძირს დაეცა სველს მიწაზედ და გაქრა.
– მშვიდობით!...
– მშვიდობით!... მშვიდობით!... მშვიდობით!... – ნელის ხმით აღმოკვნესოდენ მომაკვდავნი ბაგენი ორის შეტრფიალებულის გულისა.
IX
მეფემ მოახდინა კრება.
ყველანი დიდებულნი, იუნაკნი და ხუცესნი შეიკრიბნენ მეფის სასახლეში მეფის ბრძანების მოსასმენლად.
მეფის ტახტთან იდგნენ სამნი იმედნი სერბიის ერისანი – მეფის შვილნი: სტეფანე, ვუკი და რადცკო.
მოხუცებული მეფე წამოდგა ფეხზედ.
– ბატონებო, დიდებულნო, იუნაკნო და მოძღვარნო! მხრები ჩემნი დაუძლურდნენ და სამეფო პორფირი ემძიმებათ. ხელს ვეღარ შეუმაგრებია სკიპტრა, გვირგვინს ვეღარ იმაგრებს თავი... მე აღარ ძალმიძს გვირგვინის ტარება! შემინდეთ, დიდებულნო და იუნაკნო! წავიდეთ, შევავედროთ ყოვლად შემძლებელს ღმერთსა ერი ჩემი, ვევედრნეთ, რომ მფარველ ექმნას სერბიის თავისუფლებას, სახელსა და დიდებას! ვევედრნეთ, რომ უზენაესმა სიბრძნემან სიბრძნე მიანიჭოს ჩემსა და სერბიის მეფის მემკვიდრესა – სტეფანეს!
მოხუცებულმა მეფემ სხვა აღარა სთქვა რა და დაჩუმდა;. აიხადა გვირგვინი თოვლივით გათეთრებულ თავიდამ, ჩამოვლა თვისგანვე დამყარებულ ტახტიდამ და ორი სხვილი ცრემლი გადმოსცვივდა თვალთაგან თეთრს წვერზედ.
დიდებულთაც ცრემლი მოუვიდათ.
მას შემდეგაც კიდევ დიდხანს მოსთქვამდნენ ხოლმე სიმღერით ლექსსა ნემანიჩების გვარის პირველს მეფეზედ.