The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (11)1878.16.03


ივერია (11)1878.16.03



1878.16.03

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორრესპონდენციები)

თელავი. ბევრის ყვირილის და ვაი-ვაგლახის შემდეგ თელავის მართებლობამ გზების კეთება დაიწყო მეთქი. ამ ჟამად გზების კეთება შეყენებულია, არ ვიცი დროებით თუ საუკუნოდ. თუ გააგრძელეს და დააბოლოვეს ეს კეთილი საქმე, როგორც დაიწყეს, იმედია, რომ თელავში შემცირდება ცხვირ-პირის მტვრევა ოღრო-ჩოღრო გზების გამო. მაგრამ... რა გამოვა? რაც უნდა იყვეს, მომეტებული ნაწილი თელავისა მაინც უგზოდ დარჩება. მე ვამბობ „უგზოთა“ მეთქი, რადგანაც იმ ოღრო-ჩოღრო ორღობეებს, რომლები ზედაც დაიარება ზემო (სამხრეთის მხარე) თელავის ხალხი არ დაერქმევა „გზები“ წარმოიდგინეთ: გზას რომ ერთი საჟენის სიფართოე ქონდეს და ისიც ისეთი ოღრო-ჩოღრო იყვეს, როგორც მაგ... რაღა მაგალითად, როდესაც მე არსად შემხვედრია იგეთი უხეირო გზები, როგორიც თელავშია!.. მე მიკვირს როგორ დაიარება „იმ“ გზებზე თელავის ხელოსნობა?! (ზემო თელავში ხელოსანი და მუშა ხალხი ცხოვრობს). ურემი რომ უნდოდეთ გასატარებლად, ურემი, უხიფათოდ ვერ გაატარებენ! ერთი მიბძანეთთ, ქალაქის სამმართველოს... (სად არის?! თელაველები ვერც კი მოიფიქრებენ, რომ ქალაქს თავის სამმართველო უნდა ჰყვანდეს!) აფუ მაშ! უნდა მეთქვა: თუ მარზრის სამმართველოს (ქალაქის შემოსავალი მგონი მაზრის სამმართველოში შეაქვთ) არა აქვს იმდონი ფული, რამოდენიც საჭიროა გზების გასაკეთებლად თელავში განა სამმართველოს არ შეუძლიან, ვალდებული გახადონ თელავის მცხოვრებნი, რომ ყველა უბანმა თვითონ გააკეთოს თავისის უბნის გზები? მაგრამ (კიდევ გულსაკლავი „მაგრამ“), რამდენჯერა ვსთქვი: დაუდევნელები არიან მეთქი, დაუდევნელები!.. განა მარტო ზოგნი! სულ ერთიანად ფეხებიდამ თავამდინ!... აბა ახლა ყველიერის სადილებზე ნახეთ როგორი ერთგულნი არიან! აბა ერთი „გადაკვრის“ შემდეგ მუშტის კრივში ნახეთ როგორი მარდები დ ვაჟკაცები არიან! სილაქით-კი ძირს დაჰსცემენ ხოლმე ერთმანეთსა და! მერე ნაღვინევზე როგორი მწვავე ყოფილა სილაქი, — ოთხს თითს დააჩნევს ხოლმე ლოყაზე?.. ეს ხომ ასეა, მაგრამ რო იცოდეთ, ქართლელებო და იმერლებო, რა დარები დაგვიდგა! ნამდვილი გაზაფხულია, ნამდვილი. ეხლა სწორეთ ის დროა კახეთში, როდესაც „ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის...“ და „აყვავებულა მდელო“, მაგრამ, თელავო! „შენ როსღა აყვავდები“?!.. მაშინ, მგონია, როდესაც ჩვენი პატიოსანი მ..... ერთგულად აღასრულებენ თავის თანამდებობას; — ან კიდევ მაშინ, როდესაც მათ მაგიერ მთავრობა დაგვინიშნავს უკეთესებს და სხვანი და სხვანი.

X

ერთი საქმე მოხდა ამ ჟამად თელავში და გაცნობებთ ამ საქმეს და კიდევაცა გკითხავთ: უსამართლოდ არის ეს საქმე მომხდარი თუ სამართლიანად. ეს საქმე შეეხება თელავის პოლიციას. ამ ცოტას ხანში ერთი გლეხი დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ რომ მეზობელს ქურდობა დაებრალებინა. ჩვენის პ. უ. ბრძანებით ეს გლეხი დაიჭირეს სატუსაღოში და ამყოფეს ორი თვე ციხეში. როგორც შევიტყე, ის უბედური მხოლოდ მაშინ გამოეშვათ ისევ იმათის ბძანებით, ვინც დააჭერინა, როდესაც გამომძიებელს მოეკითხნა ის კაცი! საქმე იმაშია, რომ პოლიციას უგამომძიებლოდ შეუძლიან დაამწყვდიოს კაცი ორის თვის განმავლობაში? თუ მარილა უსაფუძვლოდ დადაამწყვდიეს ის კაცი, მე მგონია, რომ სახელმწიფოსათვისაც ზარალია და თვით იმ უბედურის გლეხისათვისაც…

ქართველი.

ორიოდე სიტყვა ოზურგეთზედ

„ალიას დარდი ფლავიაო“

სწორედ საკვირველი რამ ქალაქია. ჩვენი ოზურგეთი: აქ ყველაფერს თავისი განსაკუთრებული ფერი აქვს, განსაკუთრებული გარეგანობა და ხასიათი, ქალაქი ქალაქს არა ჰგავს და კაცი კაცსა. უცხოეთის კაცი ღამე რომ ჩამოვიდეს ოზურგეთში, მაშინათვე იფიქრებს: ოზურგეთი გვარიანი დიდი ქალაქი უნდა იყოს, მაგრამ ეს ფეხის ადგილები კი ცუდი ჰქონიაო. იზვოშჩიკო! გასწი ჩქარა, გადამარჩინე ამ მამაკვდინებელ სიმყრალეს, ქალაქს ოზურგეთს ჩამიყვანეო. მიაძახებს სიმყრალისაგან გარეტიანებული სტუმარი ის კი არ იცის საბრალომ, რომ ეხლაც ქალაქშია და მისის დაშხამულის ჰაერით სუნთქავს. „როგორიც მღვდელი, იმისთანა ერიო.“ სწორეთ ასეთაც გახლავს, ჩემო მკითხველო. როგორიც სახელია, იმისთანა ქალაქია. აბა რას ნიშნავს — ოზურგეთი? ეს თათრული სიტყვაა, შემდგარია ორის სიტყვიდამ — „ოზურ“ და „გეთ“, რომელთაგან უკანასკნელი სიტყვა ნიშნავს – წადიო; პირველის კი რა მოგახსენო, ჩემო მკითხველო: ეს გაზეთში დასაბეჭდი სიტყვა როდიღაა. აბა ვინ ოხერი მოიცდის აქ, თუ კაცი რამე სამსახურისაგან დაკავებული არ არის. მოსამსახურეებმა უნდა იკითხონ, თორემ სხვას რა უჭირს. ესენი ყოველდღე სტკეპნიან იმ აყროლებულ ტალახსა, რომელიც შეზავებულია, თითქო განგებ, მრავალ გარდუწმინდურერებით. აი ამ ტალახშია ჩაფლული მთელი ოზურგეთი.

X

ოზურგელების გონებითს გახსნაზედ მინდოდა რამ მეთქვა, მაგრამ საჭიროთ არ ვრაცხ ამაზედ ლაპარაკს, რადგანც თვითონვე მიხვდებით, ჩემო მკითხველო, თუ გაიხსენებთ ერთს რომაელების ჭეშმარიტს ანდაზას: „მრთელი გონება მხოლოდ მრთელს სხეულშიაო,“ რა საკვირველია, ოზურგეთში ყველას მრთელი სხეული ექნება და გონებაც ამის შესაფერი!! მერწმუნე, მკითხველო, დიოგენი რომ ყოფილიყო აქ, არასოდეს თავს არ ამოჰყოფდა თავის ბოჭკიდან, არც ფარანს მოსძებნიდა, რადგანც დარწმუნებული იქნებოდა, რომ კაცს ვერას გზით ვერ იპოვიდა ამ საზოგადოებაში. აქ ყველა თავის საკუთარ წვრიმალ საქმეშია შთანთქმული, ყველა მარტო თვის ჯიბეზე ზრუნავს. ქუჩაში გდებულ ავათმყოფს რომ წაებორძიკონ, შუბლსაც არ შეიჭმუხნავენ. ოხ! ფეხი მკტკინაო, წაიბუტბუტებენ და თავის გზას წავლენ, ვითომც და რაღაც როკზე წაბორძიკებულან. „ალიას დარდი ფლავიაო,“ ეს გახლავს. ჩემო ბატონო! აი ამისთანა გულ-შემატკივარნი და თანამგრძნობელნი არიან აქაური განათლებულები, ნაყოფნი აქაურის საზოგადოებისა. უბრალო ლაპარაკში კი ლიბერალებად იჩენენ თავის თავს, ვითომც ისინიც უსამართლოების მებრძოლნი იყვნენ.

X

დღევანდელი დღე ნათლად ამტკიცებენ ჩემს აზრს და შეხედულობას ოზურგეთის ბინადარ საზოგადოებაზედ, ცხადათ გვაჩვენებს, რომ ამ საზოგადოებაში არ მოიპოება ერთი პირიც, რომელსაც ნამდვილად შესტკივოდეს გული საზოგადო საქმეზედ. თანაუგრძნობდეს და ზრუნავდეს, შეძლებისა დაგვარად, საზოგადო საქმის განკარგებაზე. დღეს ოზურგეთში გაიხსნა გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობა. რა ნაიარად მიეგებენ ოზურგელები ამ კეთილ მოვლენას და რა თანაგრძნობა გაუწიეს? ამ ამხანაგობაში არ მიუღია მონაწილეობა და არ დასწრებია გახსნაზედ არც ერთი ოზურგელი, თუმცაღა კი არავისთვის არ იყო ეს საქმე მძიმე და შემავიწროებელი. აბა ვინ იყოო, მეტყვის გაკვირვებიო მკითხველი. ვუპასუხებ: ოზურგეთის მეზობლათ მდებიარე საზოგადოების წევრნი, აზნაურები და გლეხები, ის ნაწილი ოზურგეთში მოსამსახურე პირებისა, რომელიც თავის ჩამომავლობით სრულიათ არ ეკუთვნის აქაურ საზოგადოებას.

X

მე არ ვიცი, თუ რომელიმე კავკასიის კუთხეში იქნებოდა ამისთანა ძვირობა ყოვლისფრისა, როგორ ოზურგეთში იყო. აქ ყველაფერი მამა-სისხლათ იყიდებოდა, და ეხლაც თითქმის ასეა, რომ რამე სთქვა, გეტყვიან: „როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო.“ რასაკვირველია საცოცხლე ყველას სურს და სინამდის შეუძლია ამ სიტყვებს ემორჩილება. ჯერ დროებითმა მორიგებამ და მერმე თითქმის სრულმა მშვიდობიანობამაც გლახა შთაბეჭდილება მოახდინა აქაურ ვაჭრებზედ და სახლის პატრონებზედ. რას ქვიან მშვიდობიანობა! ეს თათრების თვალთ-მაქცობა არისო, ამბობენ ისინი ჩუმ-ჩუმათ. აი რა ხმები გაავრცელეს აქ ამ დღეებში; სტამბოლში ხოჯებმა ხვანთქარი მოკლესო, რატომ გაურიგდა რუსეთსაო; მის ტახტზე გადაყენებული მურადი დასვესო და მის ბრძანებით ოცი ათასი რუსის ჯარი დახოცესო. წუხანდელი ბათუმში ზარბაზნის სროლა ამ ამბვის ხარება იყოო. აი რა ხმებს ავრცელებენ მოვაჭრეები და მათი აგენტები: უნდათ ხალხი დააჯერონ, რომ ომი არამც თუ გათავდა, ხელახლავ უარესი ატყდაო; რა საკკირვლია, აწი უფრო გაძვირდება ყველაფერი, მინემ აქმადის იყოო.

X

აქ ავათ-მყოფობა ძრიელ ვრცელდება. რა გასაკვირველია ხშირი სნეულება და სიკვდილი ამისთ კეთილ გაწყობილ ქალაქში! ეს მხოლოდ მიუცილებელი შედეგია ზემოხსენებულ გარემოებისა სახადი, საოფლე, ყვავილი, ყელის ტკივილი, ანთება, აგება და სხვა სნეულებანი ხშირი სტუმარნი არიან ახლა ოზურგეთში, რადგანც მასპინძელნიც კარგნი ჰყავსთ: დაშხამული ჰაერი, აყროლებული ტალახი აღტაცებით და მკლავები გაშლილი მაეგებნენ თავის სტუმრებს რა გასაფრთხილებელს ზომიერებას ხმარობენ აქაური საზოგადოება და მართებლობა? ესენი ამაზედ ისე ზრუნვენ, როგორც თქვენ, ჩემო მკითხველო, რომელსაც, ვინ იცის, იქნება თვალითაც არ გენახოსთ, თქვენდა საბედნიეროთ, ოზურგეთი.

X

აქაური ერთ სასწავლებელშიაც კაი ხანია ავათ-მყოფობა სუფევს. ავათმყოფობა ის არის, რომ საქმე თავის რიგზე არ მიდის. ამაზედ შარშან, დეკემბერში, ერთი მოკლე წერილი იყო „დროებაში,“ მაგრამ, შენც არ მომიკვდე, სასწავლებლის ზედამხედველს ყურიც არ გაებერტყოს. შემდგომ ამ გამამტყუნებელ სიგელზედ „ივერიამაც“ ხელი მოაწერა უფრო გავრცელებით; „თბილისის მოამბემაც“ კი ბეჭედი დაჰკრა, მოდი ახლა და ყურებს ნუ გაიბერტყავ. შეფაცურდა სასწავლებლის ზედამხედველი; კლასის დაფები გააკეთებინა და კლასებში შეატანინა. მაგრამ ერთს საბრალო მოსწავლეს ძვირად დაუჯდა ეს ცვლილება: მან ახალ დაფაზედ წერა დაიწყო თურმე; საიდგანღაც იყო, იმდროს ზედამხედველიც იქ გაჩნდა. როგორ გაბედე შენ ახალ დაფაზედ წერო, დაუყვირა ზედამხედველმა და ლაზათიანათ ბარე ხუთი სილა უთავაზა საწყალს შაგირდს, ასე რომ იქვე წააბარბაცა ლათინურ ენის მასწავლებელიც დაიბარა, მაგრამ რუსეთიდან კი არა, ქუთაისიდან, იქაურის მეოთხე კლასის სასულიერო სასწავლებლის შაგირდი, ესეც ნამდვილად არ ვიცი, შეასრულა მან სწავლა აქ თუ არა. ზედამხედველის გასაკვეთსაცა უფროს ნაწილად ეს ახალი მასწავლებელი ასწავლის, რადგანც ზედამსედველი სხვა საქმეებშია გართული.

მ-შვილი.

5 მარტს 1878 წ.

ქ. ოზურგეთი.

2 კახის უჩასტკა (ზაქათალის მაზრაში)

▲ზევით დაბრუნება


კახის უჩასტკა (ზაქათალის მაზრაში)

ჩვენის ცხოვრებიდამ

I

ცოტა არ იყოს იღვიძებს ხალხის ცხოვრება! 13 თებერვალს საინგილოს ბლაღოჩინის დ. უ. განკარგულებით, კახში იყო საინგილოსავე სამღვდელოთა კრება, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ კახის უჩასტკის უფროსი (ნაიბი) და ადგილობრივი მასწავლებელი. მგონია ბევრი არ იქნება ჩვენ საქართველოში იმისთანა კუთხე, სადაც ეგრეთის მხურვალებით შიკრიბებოდნენ ჩვენის ხალხის მოძღვარნი რაიმე კეთილის განზრახვისა და საქმისათვის.

დღეს ჩვენმა სამღვდელოებამ მოინდომა უფრო მკვიდრი და გარკვეული გზა გაიტანოს თვისის დანიშნულების აღსრულებისათვის! დღეს მან მოინდომა ჯვარწერის, ნათლობის, დამარხვის, გაკურთხვის და სხვა რჯულის წესების აღსრულების გარდა, შეასრულოს ისინი რისთვისაც სახელდობრ და ისეთის თავგანწირულებით იღვწოდა ჩვენი მაცხოვარი! დღეს მათ მოინდომეს ბეჯითად და ზედ მიწევნით დაუწყონ თავის სამწყოს გარდაცემა ჭეშმარიტის სწავლისა როგორც სარწმუნოების შესახებ, ისეც შესახებ საყოველდღეო ცხოვრებისა. უამისოდ ჩვენი ხალხი უმეცრებაშია ჩაფლული, ნამეტნავად ინგილოები, რომლებმაც ქრისტიანობის დამაარსებელი ერთი ჭეშმარიტი ჰაზრი რა არის, ისიც არ იციან. აწინდელმა კრებამ გადაჰსწყვიტა ხალხს ასწავლოს და ჩააგონოს საჭირო ცნობანი წირვის გამოსვლის შემდეგ, კვირაობით. ამ საქმისათვის პროგრამმაც შეადგინეს, თუ რა და რა საგანი ასწავლონ ხალხს, და რომელს და რაგვარს მოვლინებას ცხოვრებისას მიაქციონ ყურადღება:

ამის გარდა კრებამ გადაწყვიტა, რომ რადგანაც გაქრისტიანებულ სოფლებს — ალიბეგელოს და ყორღანს არა გზა არა აქვთ ასწავლონ თავიანთ შვილებს ქართული წერა-კითხვა მაინც, რადგანაც კახის შკოლა მათთვის შორს არისო და ამას გარდა თვით სოფელ კახსაც აღარა ჰყოფნისო, ვამბობ, კრებამ გადასწყვიტა, რომ ალიბეგლოს და ყორღნის მღვდლებმა შეკრიბონ ათი ხუთმეტი ყმაწვილი და ასწავლონ მათ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ქართული წერა-კითხვა, თვლა, ქართული ლუქსები, ლოცვები, გისურვებთ, რომ ამ კეთილმა დაწყობილებამ კარგი ნაყოფი მოიტანოს და ამით უფრო მომეტებული ძალა და სურვილი აუღორძინდეს ჩვენ სამღვდელოებას ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ. დაგვირგვინდება ეს ახალი საქმე. ამასაც მოვუცდით და შევიტყობთ.

II

ამ ჟამად ჩვენს უჩასტკაში, როგორც მთელ ზაქათალის მაზრაში გაცხარებული ბეგარაა გზის საკეთებლად, რადგანაც ლეკების აჯანყების გამო, აქაურები გზებისთვის ვეღარ იცლიდნენ და ცოტა არ იყოს გაფუჭდნენ. დილიდამ მოყოლებული კარგა საღამომდე აუარებელი ხალხი მუშაობს გზებზე. კახის უჩასტკის გზის ბეგარა იმით არის საყურადღებო, რომ ეს მძიმე ტვირთი მხოლოდ საწყლების თავზედ არა დევს. უჩასტკის უფროსის წყალობით და ბძანებით, ეგრეო წოდებული „პაჩოტნებიც“ ძალა-უნებურად უნდა გამომბძანებულიყვნენ გზის სამუშაოზე, მაშინ როდესაც ამათ არასოდეს აქამომდე არ უკადრიათ ეს საქმე. ამით მაინც მოიპოვეს სახსარი, თვისის თავის დახსნისათვის. ამათ ჩააგონეს მამასახლისს, რომ თითო ათ კაც მუშაზედ დაევენებინათ ერთი ზედამხედველი, რომ ყური უგდოს მუშაობას წინდაუხედავმა მამასახლისმაც დაუჯერა და თითო ათ კაც კაკელზედ დააყენა თითო უფროსი, რომელსაც არც ურემი გამოჰქონდა, არც არა მუშაობას არ ეწეოდა, გულხელდაკრებით მხოლოდ ზედამხედველობდა. ახლა მკითხველი ადვილად მიხვდება, თუ ვინ დაინიშნებოდა ამ ათეულების უფროსი! რასაკვირველია „პაჩოტნები“ მაგრამ სასიხარულოდ ჩვენდა, კაკის ახალგაზდებმა დროზედ შაატყობინეს და აუხსნეს უჩასტკის უფროსს, რომ კაკში 260 კომლი ინგილო არისო; დაუყენებიათ თითო ათ კაცზე ერთი უფროსიო და ამ გვარად 26 მუშა ჰსცდებაო. მამასახლისები თავისის თანაშემწეებით და გზირებით რაღას აკეთებენო? განა არ შაუძლიანო მამასახლისმა თვისის თანაშემწეებით ყური უგდოს როგორ აკეთებენ გზას? უფროსმა დაინახა ამათის სიტყვების საფუძვლიანობა და უბრძანა, რომ თვითონ მამასახლისმა უგდოს ყური გზებზე მომუშავე ხალხს და ათეულების უფროსობაც მოისპოსო. ეხლა ეგ უფროსები აღარც არიან და უფრო კარგად და მარდად აკეთებენ გზებსა!

III

მაგრამ ე რა საქმე გაგვიჭირა ამ მამასახლისმა?! საითაც გაიწევს და სადაც ის გამოჩნდება, იქ უთუოდ ცემა-ტყეპა გაიმართება ხოლმე „ნეტავი ხელით ჰსცემდეს!“ ან დაქვეითებული იცემებოდესო, ამბობს ხალხი, „ზის ის ოჯახდაქცეული ცხენზედ და იქიდამ შიგ ცხვირ-პირში სცემს მათხრახს თავისის გოლიათის მკლავებითაო, ნეტავი დანაშაულობისათვის მაინც ჰსცემდეს!“ და მართალიც არის ამ დალოცვილების სიტყვა: შუადღემდი კიდევ კაცსა ჰგავს, მაგრამ შემდეგ დაჰსწყევლოს ღმერთმა ბახუსი! შაბრუნდება ეს დალოცვილი, ვისთანმე გზაზე არ გამოსულთან, მითომ იმისთვის, რომ გამოიყვანოს სამუშაოზე, მაგრამ ვერ მივართვით! გლეხი კარგად იცნობს ამას: გამოუტანა ერთ წუთს ყოვლისფრით დატვირთული ხონჩა, რომელიც მამასახლისის მომლოდინეს, წინათვე აქვს მომზადებული. ბახუსის წვენიც, ხომ რაღა თქმა უნდა, განუშორებული კერის „ამირხან! რატომ გზაზედ სამუშავოდ არ გამოდიხარ?“ ეუბნება მამასახლისი გლეხს. „და აი მაიცადე, ჯერ ვისუზმოთ და მერმე წავიდეთ! დასხდებიან. მასპინძელი კარგად მიათრობს ხოლმე სტუმარს, რომ მას შემდეგ აღარაფერი გაეგება და გაისტუმრებს თავის გზაზედ. თვითონ კი ისევ შინა რჩება. მაგრამ ვაი იმათ, ვისაც ამდვენი პატივი ვერ მიუცია თავიანთის მამისათვის?! დაურბენს ცხენით გზის მუშებსა და ვაი იმისი, ვისაც ერთ რამეში შეცდომა მოსვლია! ცხელი მათრახები მზათ არის. —

ამას წინეთ გზაზედ მუშობდნენ ორი ინგილო: დარჩინა პაპიაშვილი და ბალლიგადა პაპიაშვილი, ბალლაგადა ეზიდებოდა ურმით ქვიშას, დარჩინა პაპიაშვილი კი ასწორებდა, ფენდა ამ ქვიშას გზაზედ. თურმ ნუ დაიჯერებთ, ჩამოუვლია მამასახლისს, დაუნახავს, რომ დარჩინას წინ სხვილი ქვიშა ჰყრია; ეს ქვიშა. ამისთანა სხვილი რად არისო? აღარც კი გამოიძია – ვის მოუტანია ეს ქვიშა, ვის არა, მიადგა ცხენითა და თუმცა საწყალი დარჩინა ხან აქეთ ეცა, ხან იქით ეცა, რომ როგორმე აიცდინოს ამ უღმერთოს მათრახი, მაგრამ ვერ აიცდინა! დარჩინა საშინლათ იყო ნაცემი. ნუ გეგონებათ, რომ ეს ერთათ ერთი მაგალითი იყოს ამ გვარის ქცევისა! არა, დღეში ამ გვარი საქმეები სამი-ოთხი ხდება....

ვანო.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

შერიგების პირობები. მთავრობას გამოუცხადებია შერიგების პირობები, რომელნიც შემდეგში მდგომარეობენ: ჩერნოგორიისა, სერბიისა და რუმინიის დაუმოკიდებლობა. ჩერნოგორიას და სერბიას საზღვარი გაუსწორდებათ. რუმინია მოითხოვს ხვედრს სამაგიეროს, ბოლგარია შეიქმნება თვით მმართველ მოხარკე სამთავროდ, რომელსაც ეყოლება ქრისტეს სარწმუნოების მთავროს და საერო მხედრობა (3eмеское войско). ბოლგარიის უკანასკნელი სამზღვარი დადგენილ იქმნება რუს-ოსმალოს კომმისიის მიერ ვიდრე რუსის ჯარი რუმინიას დასცლის. ბოლგარიის მთავარი თავისუფლად ამორჩეული იქმნება მცხოვრებთა მიერ და დამტკიცებულ იქმნება ოსმალეთის მთავრობის მიერ უპირატესთა სახელმწიფოთა ნებართვით, არც ერთს წევრს უმთავრესს სახელმწიფოთა ტახტზედ მჯდომის გვარისას არ შეუძლიან აღმორჩეულ იქმნას ბოლგარიის მთავრად. ვიდრე მთავარი იქმნება ამორჩეული, წარჩინებულ ბოლგარიელთა კრება ფილინოპოლში ან ტარნოვაში რუსის კომისარის ზედამსედველობის ქვეშ და ოსმალოს კომისარის თანადასწრებით გამოსცემს მომავალ მმართველობის წესდებას. რომლის აღსრულება მიენდობა რუსის კომისარს. ბოლგარიის ხარკის რაოდენობა შემდეგში იქმნება დადგენილი. ოსმალეთის სასელმწიფო იძულებული იქმნება მიანიჭოს კრიტს 1868 წლის წესდება. ამ გვარივე წესდედება მიეცემა აგრეთვე ეპირს, თესსალიას და ევროპის ოსმალეთის სხვა ნაწილებსაც. ოსმალეთის მთავრობამ უნდა შეუნდოს თვის ყველა ქვეშევრდომს, რომელთაც მიუღიათ მონაწილეობა უკანასკნელის დროის საქმეში. ომისათვის საზღაური შემდეგია: ცხრა ასი მილლიონი სამხედრო ხარჯი ოთხასი მილლიონი ზარალი, რომელიც რუსის ვაჭრობას მოუვიდა; ასი მილლიონი ზარალი, რომელიც კავკასიას მოუვიდა და ათი მილლიონი ზარალი, რომელიც რუსის ქვეშევრდომთა მოუვიდათ ოსმალეთში. ამ ფულის ზოგიერთა ნაწილის მაგივრად ოსმალეთი აძლევს რუსეთს ტულჩის სანჯაყს (დუნიაზედ), რომელსაც რუსეთი თუ უნდა გასცვლის ბესსარაბიაზედ, არტაანს, ბათუმს, ყარსს, ბაიაზეთს. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, როგორც ომიანობისა ისე მშვიდობიანობის დროს თავისუფალნი იქმნებიან სავაჭრო ხომალდებისათვის. ევროპის ოსმალეთიდამ რუსის ჯარი უნდა გავიდეს ექვსის თვის განმავლობაში იმ დღიდამ მოყოლებული, რა დღესაც დამტკიცდება შერიგება. ბოლგარიაში დარჩება 50,000 ჯარის კაცი. შერიგების დამტკიცების შემდეგ დაიწყობა ტყვეების გაცვლა რუსის და ოსმალეთის შორის.

ეს პირობები მხოლოდ შემოკლებით არიან გადმოცემულნი და ამიტომ მათზედ ლაპარაკი შემდეგში გვექნება, როდესაც დაწვრილებით შერიგების ყველა მუხლი გვეცოდინება.

ამ შერიგების შესახებ ინგლისური გაზეთი „Times“-ი ამბობს, რომ ეს პირობები იმ გვარნი არ არიანო, რომ სჯა და ბაასი მათზედ შეუძლებელი იყოსო ნემენცური გაზეთი „Nord deutsche Zeitung“ იმავე საგანზედ ამბობს, რომ შერიგების პირობები გერმანიის სარგებლობას არ ეხებიანო. ეს ყველა კარგი მაგრამ ინგლისი რომ თხოულობს შერიგების ყოველი მუხლი წარდგენილ უნდა იქნესო კონგრესის წინაშე, ეს კი ვერაფერი სანუგეშო ამბავია. რუსეთი, რასაკვირველია, არას დროს არ დათანხმდება, რომ ყოველი მუხლი შერიგებისა კონგრესის ნება-ყოფლობაზე იყოს მიგდებული. რუსეთის აზრით კონგრესს მხოლოდ იმაში აქვს ხელი, რაც შეეხება მთელს ევროპას. თუ ინგლისი არ შეამცირებს თვის მოთხოვნილებას შერიგება, რასაკვირველია, დიდხანს ვერ გასწევს. რუსის გვარდიას ბძანება მისვლია თურმე ჯერ ოდესაში ნუ წახვალთო და ისევ სან-სტეფანოში დარჩითო.

— ნემეცურის გაზეთის „Kolnische Zeitung“ -ის ბერლინელი კორრესპონდენტი იწერება: „ყველა სახელმწიფონი და მათ შორის რუსეთიც თანახმანი არიან, რომ შერიგების პირობები, რამდენადაც ევროპას ეხებიან, წარდგენილ უნდა იყვნენ კონგრესის წინაშე. ინგლისი ამას კი არა თხოულობს, რომ შერიგების პირობები მთლად, თავიდამ ბოლომდე კონგრესსის მიერ იყოს გარჩეული. ინგლისი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მარტოკა რუსუთს არ შეუძლიანო აღნიშნოს რა და რა მუხლი ეხება ევროპის, რუსეთს აქამდისინ შესანიშნავი არა დაუთმია რა, და ამიტომ გასაკვირველიც არა არის რა, რომ ბერლინში, მეტადრე ინგლისელები ძალიან გულგრილად და ეჭვით უყურებენ მომავალს კონგრესს“.

— გაზეთს „Times“-ს სწერენ ვენიდამ: „რუსეთი თავისაზედ დგას და უნდა რომ მხოლოდ ის პირობები იყვნენ წარდგენილნი კონგრესსის წინაშე, რომელნიც შეეხებიან ევროპას. ეჭვი არ არის, რომ ავსტრიაც დაეთანხმება ინგლისს, რომ საბერძნეთსაც უნდა ქონდეს მონაწილეობა კონგრესში“.

— პეტერბურღის ოფიციალური Agenee géne rale Russe იწერება: „რუსეთი სრულიად უარს არ არის, რომ საბერძნეთისა და სხვა პატარა სახელმწიფოთა წარმომადგენელნიც დაესწრნენ კონგრესსში. რუსეთმა მხოლოდ ისა სთქვა, რომ ჩვეულებრივ კონგრესი შესდგება უპირატესთა სხელმწიფოთა წარმომადგენელთაგან ექვსი უპირატეს სახელმწიფოსაც გაუძნელდებათ ერთი-ერთმანეთის დაყოლიება, და მცირე სახელმწიფოებიც რომ მიუმატოთ ეს დაუოლიება ხომ შეუძლებელი იქნება.“

4 საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა)

▲ზევით დაბრუნება


საქართველო (ისტორიული და ეთნოგრაფიული გამოკვლევა)

(შემდეგი).[1]

ქართლის-ცხოვრების თქმით, „მას ჟამსა შინა განძ ლიერდეს საზარნი და დაუწვეს ბრძოლა ნათესავსა ლეკისათ და კავკასიოსთა. ესე თარგამოსიანნი ყოველნი მას ჟამსა იყვნეს მშვიდობით, სიყვარულსა ერთმანეთისასა; ხოლო შვილთა ზედა კავკასიისთა იყო უფალ დურძუკ, ძე ტირეთისი, ეზრახნეს ესე ექვსთავე ნათესავთა თარგამოსიანთა და ითხოვეს შველა ხაზართა ზედა. ხოლო შეკრიბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი და გარდავლეს მთა კავკასია და მოსტყვენნეს ყოველნი საზღვარნი საზარეთისანი და აღაშენეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა და წარმოვიდეს. ამისსა შემდგომად ხაზართა იჩინეს მეფე და დაემორჩილნეს ყოველნი საზარნი მეფეს მას ჩივნებულსა მათსა და წარმოიძღვნეს იგი და გამოვლეს ზღვა კარი, რომელსაც აწ ჰქვიან დარუბანდი. ვერ წინააღუდგინ თარგამოსიანნი, რამეთუ იყო სიმრავლე ურიცხვი ხაზართა. წარტყვენეს ქვეყანანი თარგამოსიანთანი და შეჰმუსრნეს ყოველნი ქალაქნი არარატისანი და მასისისანი და ჩრდილოეთისანი. ხოლო დაურჩეს ციხე-ქალაქნი თუხარისისა, სამშვილდე და მტკვრის-ციხე, რომელ არს ხუნანი, შიდა-ქართლი და ეგრისი. და ისწავეს ხაზართა ორნივე ესე გზანი, რომელ არს ზღვის კარი, დრუ ბანდი და არაგვის-კარი, რომელ არს დარიალა, და გასამრავლეს ხაზართა. გამოსვლა და ტყენვა მათი, და ვერღარა წინა-აღუდგეს და მიერიდგან იქმნეს ყოველნი თარგამოსიანნი მოხარკე საზართა ხოლო ოდეს პირველ გამოვიდა ხაზართა მეფე და მოსტყვენნა ქვეყანანი, რომელნი ზემოდ დაგვიწერია, და გარდავლო მთა კავკასია... და იყო ძე მისი სახელით უობოს, და მისცა ძესა მისსა ტყვე სომხითისა და ქართლისა. და მისცა ქვეყანა კავკასიის ნაწილი ლომეკის მდინარისა დასავლითა, დასავლეთამდე მთისა და დაეშენა. უობოს და მათნი ნათესავი არიან ოსვნი და იგი არს ოვსეთი, რომელ ნაწილი იყო კავკასისა. და დურძუკ, უწარჩინებულს იყო. შვილთა შორის კავკასისთა, მივიდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, უწოდა სახელი თვისი დურძუკეთი, და მისცემდა ხარკსა მეფესა ხაზართასა.“

„ხოლო მასვე გზობასა მისცა მამის ძმის-წულსა მისსა ხაზართა მეფემან ნაწილი ლეკნისა, აღმოსავლით ზღვიდგან დარუბანდისით მდინარემდე ლომეკისა, და მისცა ტყვე რანისა და მოვაკანისა და ეშენა იგი მუნ, რომელ ნაწილი იყო ლეკანისი: ხოზანის, რომელი უწარ-ჩინებულეს იყო ნათესავთა შორის ლეკანისათა, მივდა და დაჯდა ნაპრალსა შინა მთისასა, აღაშენა ქალაქი და უწოდა სასული თვისი ხოზანისეთი“.[2] ხაზარნი ეკუთნოდნენ ძველადვე ვრცლად გავრცელებულს საშულო აზიაში თურანის მოდგმას ანუ ნათესაობას, რომელსაც შეადგენდნენ ოთხნი უმთავრესნი ტომნი: თუნგუზნი, მონგოლნი, თურქნი და ფინნი. თუნგუზნი იყვნენ გაბნეულნი ჩინეთის საზღვრით ჩრდილო-მხარეს ვიდრე ციმბირამდე. მონგოლნი თავდაპირველად ცხოვრობდნენ ბაიკალის ტბის მახლობლად და ციმბირის აღმოსავლეთს ნაწილში, ვიდრე ჩინგიზ-ხანმა მე-XIII საუკ. ქრისტეს შობის შემდეგ მთელი მონგოლას ნათესაობა ერთად შემოჰკრიბა და მონგოლის სამეფო დააწესა. თურქნი ბინადრობდნენ ალტაის მთიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე. ფინნი ანუ ჰუნნი იმყოფებოდნენ ურალის მთებში, ამისთვისაც ფინნურს ენას ურალური ენა ეწოდა. ის სივრცე, რომელიც იმათ ეჭირათ, იყო: კასპიის ზღვისა, ვოლგისა და ტანაისის კიდეები ბალტიის ზღვამდე.[3] ფანნურის ტომის შტოს შეადგენდნენ სხვათა შორის ბულგარნი, ვენგრნი და ხაზარნი.

აღმოსავლეთის ისტორიკოსების თქმით, ხაზართ დასაწყისი იკარგება დროს წყვდიადში. იმათი წინა-პარი ხაზარი, შვილი იაფეტისა და ძმა თურქისა, დამკვიდრებულა ვოლგის მდინარეზე. ხაზართ შთამომავლობა თვით სომხეთის მწერალთა აზრით უძველესის დროდამ მომდინარეობს.[4] ზოგნი მწერალნი იმათ უწოდებენ სკვითებად, [5] ზოგნი — თავრო-სკვითებად, [6] ზოგნი — თურქებად.[7] ხაზარნი გავრცელებულან დაღისტნის საზღვრიდამ მოყოლებული კავკაზის ჩრდილოდ ვიდრე შავ-ზღვამდე და თავრო-სერსონამდე, ანუ ახლანდელს ყირიმამდე. იმათი მთავარი იწოდებოდა სახანად. საზონი ყოფილან დაყოფილნი მრავალ მუხლებად[8] და ძველს ეპოსებში შეადგენდნენ უძველეს ტომს.

ევროპის მეცნიერნი ხაზართა კვალს ეძებენ თვით კავკაზში. ჟან-სენ-მარტენის თქმით დაღისტნის ავარები, იმათის მონათესავე დიდოს ტომით, არიან ხაზარნი ანუ ჰუნნი: „ზოგიერთნი მწერალნი, ამბობს სენ-მარტენი, რომელთაც ავართ ისტორია გამოუკვლევიათ, იმათ შორის დეგინი, ლეკებთ რიცხვში გაძლიერებულ ტომად ავარებს მოიხსენებენ. კლაპროტს შეუნიშნავს კავკაზის ავარებში მრავალი სახელ-წოდება, რომელიც ხშირად ყოფილა ხმარებული დუნაის ჰუნნებში და პანნონიის ავარებში. კავკაზის ავარნი განსხვავებულნი არიან ლეკებში: ისინი ხმარობენ ენას, რომელიც ლეკურს არ მიემსგავსება;[9] ცხოვრობენ ხეობებში და ამ ხეობებს საზღვრავენ — ჩრდილოეთით კავკაზი, დასავლეთით ჩეჩნები და აღმოსავლეთით ტარკოვი შამხალისა. სომეხნი და ქართველნი ავარიას უწოდებენ ხუნზახად. ადგილობრივ იმას ჰქვიან ჰუნნის მიწა. შესაძლებელია, რომ ეს ტომი მომდინარეობდეს იმ კიდარიტის ჰუნებთაგან, რომელთაც პროპი და მოსე ქორენელი მოიხსენებენ კავკაზის დასავლეთად ანუ კასპიის ზღვის მახლობლად ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნაწილი ვენგრიისა, რომელიც ოდესმე თურქის ტომს კომანებს სჭერიათ, სასელ-წოდებულა აგრეთვე კუნ-საგად.[10] სენ-მარტენივე ამტკიცებს, ვითომც ერეკლე იმპერატორის დროს მე-VI საუკ. დაღისტანი ჰუნნებს სჭერიყოთ.[11] ჰოსსონს შემოაქვს თვის თხზულებაში კავკაზზე რეინგისაგან შენიშნული ლეკების გარდამოცემა, ვითომც იმათნი უძველესნი წინ პარნი მოსულიყვნენ ინდოეთიდამ და ჯერ შირვანში დასახლებულიყვნენ, მასუკან ჩრდილო-კავკაზის მხარეებში, ვითომც შემდეგ ისინი ხაზარებს შეეჭყლიტოთ მთაში და თვითონ დაეჭიროთ ნაწილი იმათის ადგილებისა[12] — საზართ შთამამავლობადვე ჰხადიან ჩერქეზებს. ლებო ამას დარწმუნებით ამბობს, იმის სიტყვით, ხაზარნი ყოფილან დაყოფილნი რამდენსამე შტოდა იმათში ერთი შტო ყაბარდად თურმე იწოდებოდა. ლებო ამ აზრს აფუძნებს კონსტანტინე პორფიროგენეტის სიტყვაზე. პორფიროგენეტი გვიამბობს, რომ ხაზართ — ყაბარდოელებმა თავისი სახელი გადასცესო იმ მხარეს, რომელიც ჩერქეზეთის აღმოსავლეთად მდებარებსო. სენ-მარტენი ლებოს აზრს არც უარ-ჰყობს, არც ითვისებს; ის მხოლოდ ვერ იჯერებს, რომ ვიზანტიელების ბარდას ჰქონდეს რაიმე დამოკიდებულება ჩერქეზების ყაბარდოსთან, რადგანაც ჩერქეზის ტომი ფინნებთ მონათესავე ტომი არ არისო.[13]

ახლა ჩვენ შეგვიძლიან ქართლის ცხოვრების თქმულებას ხაზარებზე ძალა მივცეთ. ზოგიერთთაგან მიღებული აზრი, ვითომც ხაზარნი გამოჩნდნენ ქრისტეს შემდეგ და ვითომც იმ დროს, რომელსაც ვუჩვენებთ, ხაზარნი კი არა, არამედ სკვითნი შეადგენდნენ ისტორიულ მომქმედს ტომს, უსაფუძვლოა. ან ვინ იყვნენ სკვითნი? მართალია მომატებული ნაწილი სკვითებისა ინდო-ევროპიელნი არიან, ესე იგი გეთნი ან გოთნი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სკვითებადვე ირიცხებიან ზოგიერთნი ნომადნი ტომნი, რომელნიც მოძრაობდნენ იმ სივრცეზე, სადაც სხვა და სხვა დროს თურანელებს და არიელებს ვპოულობთ და რომელნიც სხვა და სხვა მოდგმას ეკუთვნიან.[14] ზოგნი მწერალნი სკვითებად სახელ-სდებენ თვით ხაზარებს პოტოცკი ამტკიცებს, რომ კატიარის ტომი რომელთაც ჰეროდოტი სკვითებად უჩვენებს იქ,სადაც ქართლის–ცხოვრება ასახელებს საზარებს, ყოფილან ხაზარნი კატირების მეზობლებად იგივე ჰეროდოტი უჩვენებს. იმავე მოდგმის ტომს ბასილიანებს, ბერძნულად სამეფო სკვითებს. მოსე ქორენული სარმატიაში პოულობს ხაზი რეის და პარსელინებს.[15] ერთის სიტყვით, ქართლის ცხოვრების თქმულება ხაზარებზე, ჩვენის ფიქრით ეჭვ-გარეთ უნდა იყოს.

ბევრით ადრე ამ დროზე, რომელსაც ქართლის-ცხოვრება აგვიწერს, ის უჩვენებს ეგრისის საზღვრა მცირე-ხაზარიის მდინარეს, ესე იგი ახლანდელს უბანს ამ აზრის თანახმაა თვით ჰეროდოტი,[16] ის ლომეკს, შემდეგ თერგს, და ვოლგას შუა მდებარე სივრცეს სახელს-სდებს დიდ-ხაზარეთად.[17] ხაზარნი, ქართლის ცხოვრების თქმით, თვით საქართველოშიაც ყოფილან და ახლებულნი და იმათი ენა ქართველებს სცოდნიათ,[18] ქართლის-ცხოვრება ხაზარებს ასახელებს ლევანის სამფლობელოში, სახელდობ ლევანის აღმოსავლეთს მხარეი[19]. აქ ჩვენ უნდა დავურთოთ, რომ მე-X საუკ. არაბული გეოგრაფი მასსუდი ჩერქეზებს უწოდს ხაზრებად, ხაზრანებად.[20] დიუბუას სიტყვით ჩერქეზის ტომი იყოფა ოთხ შტოდ: ადიგე, ყაბარდო, აბაზა და აფხაზი. მათ ენებში შეინიშნება საზოგადო ფესვი და ფორმები, რომელნიც აღმოაჩენენ ფინნურის ენის სისტემის მსგავსებას, სახელდობრ ოგულურისას და ოსტიაკურისას, რომელნიც ციმბირში არიან გავრცელებულნი. თვით ჩექეზების ყოფა-ცხოვრების წესი ძველს ფინნებს მოგვაგონებს.[21] მართალია თუ არა დუბუას აზრი, ვითომც გრამმატიკული ფორმები ჩერქეზულისა და ლეკურისა ფინნურს ენას ეკუთნოდეს, ამაზე ახლა ვერას ვიტყვით დარწმუნებით, რადგანაც ლეკური (ავარური) და ჩერქეზული. ენები ამ მხრით გამოკვლეულნი არ არიან.

ქართლის-ცხოვრების მოთხრობა ხაზართ გავლაზე ზღვის-კარით და იმათგან დატყვევება სომეხთა და ქართველთა, რანელთა და მოვაკანელთა, დიუბუას სიტყვით, სრულებით ეთანხმება ჰეროდოტის ნაამბობს სკვითების გალაშქრებაზე ამ მხარეებში. „როდესაც სკვითნი სდევნიდნენ კიმმერიელებს — ამბობსო ჰეროდოტი — კიმმერიელებმა მიმართეს შავის ზღვის ნაპირ აფხაზეთს და კოლხიდას, ხოლო სკვითებმა, (ანუ ქართველების ხაზარებმა) განვლეს კავკაზი, რომელიც იმათ მარჯვნივ მდებარებდა, გაიარეს დერბენდი და აქედამ დაესხნეს აზიას დასავლეთისას და დაიმონავეს ისა 28 წლის განმავლობაში, ესე იგი 633 წლიდამ 605 წლამდე ქრისტეს წინად. ქართლის ცხოვრება ამტკიცებს ერთს შემთხვევას, რომელიც ამ გარემოებაზეა დამოკიდებული და რომელიც გადმოგვცეს ბერძნებმა, ეს შემთხვევა არის სკვითებისაგან მიდიელთ კოლონიების გადმოსახლება კავკაზის ჩრდილო-მხარეს.“

„როდესაც სკვითების ანუ ხაზარების მეფე პირველად დაეცა კავკაზის სამხრეთად მდებარე ქვეყნებს და ააოხრა იგინი, მაშინ იმან შემდეგ უკუ-ქცევისა თავის შვილს უობოსს დაუმკვიდრა ქართველთ-სომეხთ ტყვენი იმ ადგილებითურთ, რომელნიც თერგის დასავლეთად მდებარებენ კავკაზის კიდემდე. უობოსის შთამამავალთაგან და ამ ახალთ მოსახლეთაგან წარმოსდგნენ ოსნი ანუ ოსეთის მცხოვრებნი. ამას გვიამბობს ქართლის-ცხოვრება; ამასვე გვიამბობს დიოდორე სიცილიელი, როდესაც ის ამბობს, რომ სკვითებმა მიდიელნი გადმოასახლესო ხარმატიაში, რომელიც კავკაზის ჩრდილო მხარეს მდებარებს. ამ მიდიურს კოლონიას შეადგენდნენ ნესტორის იაზები და საშუალო საუკუნოების ალანები.“[22]

აზები ანუ ალანენი, რომელთაც დიუბუა მოიხსენებს, ცნობილნი არიან ძველადვე. ალანები ისე ძლიერნი და გავრცელებულნი იყვნენ, რომ იმათ ეპყრათ მთელი მხარეები შავის-ზღვისა და კასპიის ზღვის შორის, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით. პტოლომეს დროს, I საუკუნის გასულს, ალანებს ეჭირათ აღმოსავლეთი აზიისა და იმათვე სახელ-სდეს ალანიის მთებად იმ მთების, რომელნიც აზიის შუა-გულამდე მიემართებიან და რომელნიც, როგორც ამბობენ, უდრიდნენ ახლანდელს ალთაის მთებს. ალანებს იხსენიებენ თვით ჩინელნი. ესენი იმათ იქვე ასახლებენ, ესე იგი კასპიის ზღვის ჩრდილო აღმოსავლეთს მხარეებში. იმათის თქმულებით, ალანნი იყვნენ ხომადნი და შემძლე ტომნი. საბერძნეთისა, რომისა და სომხეთის მწერალნი თანახმად ჰმოწმობენ, რომ ქრისტეს შემდეგ ოთხის საუკ. განმავლობაში ალანნი იყვნენ ყველა ტომებზე უშემძლებელესნი და ცხოვრობდნენ ვრცელს ვაკე—მინდვრებში, რომელნიც მდებარებენ კავკაზის ჩრდილოეთად, შავისა და კასპიის ზღვას შუა, აოხრებდნენ ყველა ადგილებს ვიდრე მეოტიდის ზღვამდე და კიმმერიის ბოსფორამდე, გადიოდნენ კავკაზით მიდიისა და სომხეთის ასაკლებად. ჩინელნი იმათ ჰუნნებად უწოდებენ. მაგრამ იმათი აგებულება ინდო-ევროპიულს შთამომავლობას მოგვაგონებს. ალანნი იყვნენ ტანოვანნი; სახით კარგად მოწყობილნი, ფერით თეთრნი. ხასიათით ამაყნი; მკვირცხლნი და ცხენოსნობის მოყვარენი. ალანნი ყოფა-ცხოვრებით ჰუნნებს მიემსგავსებოდა ნენ. ალანნი მოძრაობდნენ ჯგუბ-ჯგუბად უდაბურებში და ცხოვრობდნენ ხის ქერქით მოფარდულს ურმებში ანუ კიბიტკებში. ალანნი შესდგებოდნენ იქ, სადაც პირუტყვისთვის სასარგებლო საძოვარს ჰპოებდნენ. ისინი ისე შემოჰკრებდნენ ურმებს, რომ იმრგვლივ ზღუდეს შეადგენდნენ. ეს იყო იმათი სიმაგრე და ქალაქი. აქ ბინადრობდნენ ვიდრე საძოვარი მოისპობოდა. მუდამ შეიარაღებულნი ისინი იყვნენ გართულნი ნადირობაში და სამხედრო დროს გატარებაში. უმთავრესი იმათი ხელობა იყო ბრძოლა: მტერის ხელით სიკვდილი თვითოეულს იმათგანს სასიქადულო საქმედ მიაჩნდა. ალანნი თაყვანს–სცემდნენ მარსს, რომლის წარმომადგენელადაც ჰქონდათ მიწაში ჩარჭმული ხმალი. ალანნი ყველანი კეთილ-შობილებად ირიცხებოდნენ. იმათში მონაობა არ იყო: ისინი მონებად იმსახურებდნენ ომში ტყვედ დაჭერილს და იმის შთამომავალს. ალანების უფროსნი სახელ-იწოდებოდნენ მსაჯულებად. მსაჯულის ღირსება ეკუთნოდა იმას, ვინც უაღმატებულესად განვითარებული იყო მეომრობაში.

მოშემდეგ ჰუნნების დასახლებისა ბასკირის მხარეში იმათ დაესხნენ უცხო ტომნი, რომელნიც დასავლეთის სათათროდამ იძროდნენ, თვით ჰუნნები შეირყნენ და ალანებს მიაწვნენ. ეს იყო I საუკ. ქრისტეს წინ. ალანენი იძლივნენ და ზოგნი მეოტიის ზღვისკენ და დუნაის მდინარისკენ მიილტვნენ, ზოგნი კავკაზის პირად შემოჯგუბდნენ და თვით ჩრდილო კავკაზის ხეობებში შეფარდნენ. ამ დროდამ აქ დიდ ხეობას უცხო-ტომთ უწოდეს ალანეთის კარადა, ქართველებმა დარი-ალად, დარი-ალანად. იმათ ჰყუვანდათ საკუთარი მთავრები. მე-XIII საუკ. მონგოლებმა ბატუ-ხანის დროს და მასუკან ყაბარდოელებმა ისინი ვაკე-მინდვრებიდამ განდევნეს და სრულებით შეჭყლიტეს კავკაზის მთებში, სადაც აქამომდე ცხოვრობენ. ამ დროს უნდა იყვნენ ისინი გადმოსახლებულნი საქართველოს მხრივ მდებარე მთის ხეობაებში.[23] ამ ალანთ ადგილ-სადგოს ჩვენ ქართველები ვუწოდთ ოსეთად, თვით იმათ ოსებად. ისინი არიან ძველის აღმოსავლეთის მწერლების აზნი, პტოლომეს და სტრაბონის აზიანები, ჩინელთ აზიები ანუ უზი-უნები. თვით ოსების საკუთარი სახელ- წოდება გვიმტკიცებს ამას: ოსები უწოდებენ თავიანთ თავს ირონებად, თავიანთ ადგილ-სადგომს ირონისტანად. ირონი იყო ძველი სახელ-წოდება მიდიისა და მიდიის მაცხროვრებლებისა[24] — ოსების ყოფა-ცხოვრების განხილვაში და იმათ ენას გამოკვლევაში შესულან რამდენნიმე გამოჩენილნი მწერალნი: პოტოცკი, კლაპროტი დიუბუა დე მონპერე, შეგრენი, ოსურის გრამმატიკის შემადგენელი, როზენი და ჰეკსტგაუზენი, რომელნიც ცხადად მოწმობენ ოსების ნათესაურს დამოკიდებულებას მიდიელებთან, სპარსებთან და ნემცებთან.[25] იმათ გამოკვლევით, ოსები სახის მოყვანილობით, ხასიათით და ჩვეულობით ახლაც წარმოგვიდგენენ დიდს მსგავსებას ალანებთან და თვით ზოგი-ერთს აწინდელს გერმანიელ ტომებთან. ოსური ენა, ლინგვისტის შიერნის სიტყვით, ეკუთვნის ინდო-გერმანიულ ნათესაობას, თუმცა უფრო სპარსულთან არის დაახლოებული.[26] დიუბუა ალექსანდრე გუმბოლტთან მიწერილს 24 სეკტ. 1839 წიგნში ამტკიცებს, რომ ოსური ენა არისო მიდო-სპარსულის ენის შტო და ევროპიულს ენებში უფრო ახლოაო ლთიშურთან, ლითვინურთან, ლივურთან და კურულთან ამ ტომთ შუა-მდგომელობით შეერთებულნი არიანო ერთი მეორესთან გერმანიული და სლავიანური ენები.[27] ჰეკსტგაუზენის შენიშვნით, „დაწყნარებული ოსის საუბარი, რომელიც სხვა კავკაზიელთ მოსაუბრობას არ მიემსგავსება, თვით სიტყვას წარმოთქმის თვისება და ხმა მოგვაგონებენ ნემეცურ ენას, სახელდობრ ჩრდილო ნემეცურს, ასე რომ ცოტა მოშორებით თქვენ გგონიათ, რომ ქვემო-საქსონური გლეხის ლაპარაკი მოგესმით და მხოლოდ სიშორის გამო არ გესმით სიტყვები“.[28] ჰეკსტგაუზენი ფიქრობს, რომ ოსები უნდა მომდინარეობდნენო იმ გოთებთაგან და გერმანიელთაგან, რომელნიც შემდეგ დაძლევისა ჰუნნებთაგან კავკაზის მთებში შეხიზნულანო.[29]

___________

1 „ივერია“ № 8,9, 1878 წ.

2 ქართლის-ცხოვრება, I, 21-23,

3Наука объ языка Маска Мюллера, стр. 225 — 229, 239.303, Lebeau, Hist. du Bas-Emp. t. IV p. 60 note 2.

4Hist. du Bas-Emp. t. XIp. 115 n. 2, 116.

5Hist. du Bas-Emp. t. IV, p. 61—65.

6 Ibid. t. XI p. 115.

7Ibid. p. 115 n. 2.

8Hist. du Bas-Emp. t. XI, p. 116.

9 ავარული ენა და სხვა ლეკური ენები ახალი ლინგვისტიკურის გამოკვლევით შეადგენენ მონათესაგე ერებს.

10Hist. du Bas Emp. t VI. p. 460 n. 2. IX p. 404 n. I.-Зап. Кавк. Отд. Русс. Геогр. Общ. Кн. VII, Смсъ. стр. 28. ამ წიგნში კრიტიკისა და ბიბლიოგრაფიის სვტორი (გვერ. 51-52) უარ-ჰყოფს ავარელების ფინნურის შთამომავლობას და ამასთანავე ამტკიცებს, იმათის ენის მოიწმობით, რომ ისინი ძველად ნომადები იყვნენო და დიაღ, დიდი-ხნის მოსულნი არიანო. ჩრდილოეთით.

11 Ibid t. XI, p 104 n. 1.

12 D' Ohsson, Des peuples du Caucase, Pa 53) ris, 1828, p. 5.

13 Hist. du Bas-Emp. t. XI, 117 n. 1 et. 2

14 Fr. Lenormant, Man. d Hist. II, 462—47 Hovelacque, La Linguistique, 144— 145.

15Collect.,II, 114.- Hérodote IV, 220-225.

16 ქართლი-ცხოვრ., I, 17.—Hérodote, IV 225.

17 Jum. sb., I. 17.

18 იქვე, 26.

19იქვე, 23.

20Massoudi, Descript. du Cauc. Journ d'une résidence en Circassie par Bell, t. I, p LXIX.

21 Dubois Voyage. t. I. 102, 114.

22 Dubois, Voyage, t. II, p. 26—28 — სილ 63) —ის ლე აგრეთგე Hérodote, 1V, 219—223. F. Lenorm. II, 349-351, 388.

23 ვახუშტის საქართველოს გეოგრაფია, გვ. 461.

24Hist. du Bas-Emp IV, 77-85 Dubois II, 28. Rech, 150, 189, 191.

25 Rech..., 150 n. I.-Hovelacque La Linqu-istique, 230—231.

26 Барона Гекстгаузена, Закавказскій край. CПь., 1857 г. T. II, cтp. 113.

27Там же, стр. 124,

28Там же, стр. 415.

29 Там же, стр. 117.

5 სასამართლოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


სასამართლოს მატიანე

საქმე ანდრეევსკის ქალის მოკვლისა

(შემდეგი)

ბრალმდებელის ოქმის სიტყვით საფიქრებელი არ არის, რომ ანდრეევსკის ქალის მკვლელი გარეშე გაცი იყოს და არა შინაური: ტანისამოსის განგებ დადება მტკვრის პირას იმ განზრახვით, ვითომ ქალის დაკარგვის მიზეზი დავმალოვო, შეეძლო მხოლოდ იმას, ვინც იცოდა, რომ ყველაზედ უწინარეს მას მოკითხავდნენ პასუხს შეეძლო მხოლოდ იმას, ვისაც კარგად და დაწვრილებით ჰქონდა გამოკვლეული ადგილ-მდებარეობა და ვისაც საკმაო დრო და შეძლება ჰქონდა თვის ნამოქმედარის დამალვისათვის.

ამ შემთხვევაში ამ გვარი პირნი არიან ორნი ძმანი ჩხოტუები და მათი მოსამსახურე. გარეშე კაცისა თვის სრულიად საჭირო არ იყო იმისთანა ეშმაკობა რომელიც მოჰყვა ანდრეევსკის ქალის მოკვლას. გარეშე უცხო კაცი ვერც შევიდოდა ღამე შერვაშიძის სახლში. რადგანაც ეზოში ქოპაკი ძაღლები იყვნენ, რომელნიც უსათუოდ ყეფას დაიწყებდნენ და მით ყურადღებას მიაქცევინებდნენ. გარდა ამისა ანდრეევსკის ქალის მოკვლას არ დაერთვის არავითარი ცხადი აზრი და მიზეზი, როგორც, მაგალითებრ, გაცარცვა, ან მის უმანკოების შეურაცხყოფა და სხვ. ეს გარემოება ამტკიცებს, რომ ანდრეევსკის ქალისა და მის მკვლელის შორის უნდა ყოფილიყო, რაიმე პირადი დაახლოვებული ურთიერთობა, რომელიც შეიქნა მკვლელობის მიზეზად. ამ გვარი პირნიც არიან მხოლოდ ორნი ძმანი ჩხოტუები, რადგანაც ანდრეევსკის ცოლსა და ქალს ტფილისში სხვასთან არავისთან არ ჰქონდათ დაახლოვებული ცნობა და იმ გვარი ურთიერთობა, რომელიც საკმაო მიზეზი ყოფილიყო მოკვლისათვის.

ამის გამო ბრალი დაედვათ დავით ჩხოტუას და მის ძმას ნიკოლოოზს, აგრეთვე მათ მოსამსახურესაც (ზურაბ ქორიძეს, პეტრე გაბისონიას და ივანე მგელაძეს) რადგანაც ძნელი საფიქრებელი იყო, რომ მარტო ჩხოტუებს ექნათ ეგ ავკაცობა და შინაურ მოსამსახურეს კი არა-ვითარი მონაწილეობა არ მიეღო.

ამ ბრალდებულთ შორის არც ერთი არ გატყდა, არცერთმა არ აღიარა თავისი თავი დამნაშავეთ. თითოეულს მათგანს წინა-გამოძიებაში შემდეგი უამბნია:

დავით ჩხოტუას სიტყვით, 22 მკათათვეს, საღამოზედ, იგი და ანდრეევსკის ცოლი და ქალი სახლის წინ მტვრის პირას მსხდარან. როდესაც მისი ძმა მუშტაიდიდამ დაბრუნებულა, დავით ჩხოტუა და გაღმა (ქალაქს) გასულა სავაჭროებისათვის, რადგანაც მეორე დილას ქუთაისში აპირებდა თურმე წასვლას — შერვაშიძესთვის ხმალი უნდა წაეღო, რომულიც. მას ტფილისში დარჩენოდა და დეპეშით დაებარებინა. ალექსანდროვის ბაღამდე რომ მისულა დავით ჩხოტუა, დროჟკაში ჩამჯდარა და მკერვალს კაპანაძესთან წასულა (მთავარ მმართებლის ქუჩაზედ) იმ შალვრის გამოსართმევად, რომელიც დასაკერებლად ქონია მიცემული და რომლითაც ქუთაისში აპირებდა თურმე წასვლას. კაპანაძის მაღაზია რომ დაკეტილი დახვედრია, დავით ჩხოტუა სოლოლაკის აფთიაქში წასულა ქინაქინის მარილისა და კორძის წამლის სასყიდლად. მასუკან დროჟკა გაუსტუმრებია და უკან გზად ხარახჩიანის მაღაზია გაუვლია, სადაც შავი ყელსახვევი უყიდნია და შემდეგ „ევროპის“ სასტუმროში შესულა ვახშმის საჭმელად. ვახშამი რომ მიუტანიათ ათის ნახევარზედ მეტი ყოფილა. სასტუმროდამ ფეხით წამოსულა და ხიდამდე რომ მისულა დროჟკაში ჩამჯდარა და შინ დაბრუნებულა (მეთერთმეტე საათი იქნებოდაო). ანდრეევსკიანთ ოთახში სინათლე კი ყოფილა, მაგრამ ლაპარაკი კი არ ისმოდა თურმე. დავით ჩხოტუას ზურაბისათვის დაუძახნია გამხადეო და თავის ოთახში წასულა დასაძინებლად. პატარა ხანს უკან დავით ჩხოტუას ანდრეევსკის ცოლის ყვირილზედ გაუღვიძნია. ფანჯარა გაუღია და ანდრეევსკის ქალის დაკარგვა რომ შეუტყვია, მაშინვე ტანთ ჩაუცვია და ქვევით ჩასულა. ანდრეევსკის ქალი რომ ვერასგზით ვერ მონახულა, დავით ჩხოტუას თავის გუნებაში უფიქრია — იქნება ბანაობდაო და უეცრად დაიხჩოვო. ამის გამო დავით ჩხოტუა მტკვრის პირზედ ჩასულა, სადაც ტანისამოსი უპოვნია, და სრულიადაც დარწმუნებულა რომ ანდრეევსკის ქალი დამხჩვალა. იმ ღამეს ჩხოტუას ანდრეევსკის ცოლისთვის არა უთქვამს რა, რომ უფრო უარესად არ შეწუხებულიყო. ეს ამბავი პოლიციისთვის და მომრიგებელ მოსამართლისთვის რომ შეუტყობინებია, დავით ჩხოტუა ტელეგრაფის სადგურში წასულა და შარვაშიძისთვის დეპეშა გაუგზავნია, — ნინო შეწუხებული ავადმყოფიაო და ამ წამსვე უნდა ჩამოხვიდეო, მაგრამ რადგანაც დავით ჩხოტუამ ნამდვილად არ იცოდა ქუთაისში იყო იმ დროს შარვაშიძე თუ ფოთში, ამიტომ ამ გვარივე დეპეშა გაუგზავნა აგრეთვე ბესარიონ ღოღაბერიძეს და მარია წულუკიძისას ქუთაისს შარვაშიძისთვის გარდასაცემად. დავით ჩხოტუას იმიტომ არაფერი არ მიუწერია ანდრეევსკის ქალის დაკარგვაზედ, რომ ამ უეცარს ამბავს არ შეეშინებინა შარვაშიძე.

ნიკოლოოზ ჩხოტუას უთქვამს, რომ 22 მკათათვეს საღამომდე შინიდგან არ გავსულვარო; სადილიც, პეტრეს მოტანილი, შინა ვჭამეთო. საღამოზედ, საათის შვიდზედ ან მერვეზედ ცხენით სასეირნოდ წავედიო, როდესაც დავბრუნდიო. ჩემი ძმა სადღაც წავიდაო, და მე და ანდრეევსკიანი პატარა ხანს მტკვრის პირას ვისხედითო. როდესაც ანდრეევსკიანი თავის ოთახში წავიდნენო, მეც ჩემ ოთახში წავედიო, ტანთ გავიხადეო და დავიძინეო. ეს იქნებოდაო ცხრაზედ ან მეათე საათზედაო. პატარა ხანს უკან ანდრეევსკის ცოლმა და ზურაბამ გამაღვიძესო და მითხრესო, რომ ნინო დაიკარგაო. ტანთ ჩავიცვიო და ეზოში რომ გამოვედიო, იქ ვნახეო. ანდრეევსკის ცოლი, ზურაბა და ჩემი ძმა დავითი, რომელიც ნინოს მოსაძებნელად წავიდაო და როდესაც დაბრუნდაო მეგრულად მითხრაო, რომ ნინოს ტანისამოსი მტკვრის პირზედ ძევსო.

პეტრე გაბისონიას უთქვამს, რომ 22 მკათათვეს მას ანდრეევსკიანი უნახავს მხოლოდ დილით, როდესაც შინიდგან სადღაც მიდიოდნენ, მასუკან უნახავს, კი არ რადგანაც იმ დღეს გაბისონია ავად ყოფილა და სამზარეულოში წოლილა. მას მხოლოდ ზურაბისაგან შეუტყვია ნინოს დახჩობის ამბავი. ანდრეევსკის ქალის ფეხსაცმელზედ, რომელიც გაბისონიის საწოლის ქვეშ იპოვეს, გაბისონიას უთქვამს, რომ ეს ფეხსაცმელი ანდრეევსკის ქალმა მომცაო. მეჩექმეს წაუღეო და დააკერებინეო. პეტრე გაბისონიას დილითვე წაუღია ეს ფეხსაცმელი მეჩექმესათვის, და საღამოზედ, ალექსანდროვის ბაღში რომ წასულა სასეირნოდ, დაკერებული ფეხსაცმელი გამოურთმევია მეჩექმესთვის, და ვიდრე სახლში დაბრუნებას დააპირებდა. მეურნისათვის მიუბარებია. შემდეგ ფესსაცმელები მეფურნესთვის გამოურთმევია და შინ წამოსულა, ფეხსაცმელები იმ ღამესვე არ მიუტანია ანდრეევსკის ქალისთვის ავათმყოფობის გამო.

რაც შეეხებათ ზურაბ ქორიძეს და ივანე მგელაძე (მებაღე), იმათ წინაპირველად თქვეს, რომ ჩვენ ანდრეევსკის ქალის მოკვლაში არავითარი მონაწილეობს ან მიგვიღიაო და არც არაფერი გაგვიგიო მანამ თვითონ ანდრეევსკის ცოლმა არ შეამჩნია თავის ქალის დაკარგვაო. ანდრეევსკიანი, რომ შინ დაბრუნებულან, ზურაბას უნახავს ნინო, როდესაც ეს კაბასა ბერტყავდა. ზურაბას სიტყვით, მაშინ დავით ჩხოტუა შან არა ყოფილა. დავით ჩხოტუა რომ დაბრუნდაო, ტანთ გავხადეო, თვითონ კი სამზარეულოში წავედიო. ამ დროს ანდრეევსკის ცოლმა დამიძახო და ქალს ძებნა დავუწყეთო. ივანემ თქვა. რომ ანდრეევსკიანთ მოსვლის შემდეგ, ნიკოლოზ ჩხოტუას რომ ჩაი მივართვიო, ჩემს სადგურში შევედიო ალაყაფის კარებთან, და დასაძინებლად დავწექიო. პატარა ხანს უკან ზურაბამ გამაღვიძო და მითხრა რაც მოხდაო.

თუმცა ზურაბ ქორიძე და ივანე მგელაძე არც შემდეგში გატეხილან და თავისი თავი დამნაშავედ არ უღიარებიათ, მაგრამ ჭეშმარიტების გამოაშკარება კი მოუნდომებიათ და ვითომ შემდეგი უამბნიათ, ბრალმდებელის ოქმის სიტყვით:

22 მკათათვეს, ანდრეევსკიანთ შინ მოსვლის უმალ ბაღში დავით ჩხოტუას უბძანებია ზურაბისათვის ცხენი შეკმაზეო და ჩემ ძმას მიართვიო. თვითონ დავითი კი ანდრეევსკიანთთან დარჩენილა. როდესაც ნიკოლოოზ ჩხოტუა დაბრუნებულა. დავით ჩხოტუას უბძანებია ზურაბასათვის —

ცხენი (რომელიც დაქანცული და გაქაფებული იყოვო) კარგად ატარეო. შემდეგ რაღაცა უთქვამს ნიკოლოზისთვის და უბძანებია ივანესთვის — ყველაზედ დიდი და კაპასი ძაღლი მოკალიო და დანარჩენნი საკუჭნაოში შელალე და ჩაკეტეო. ივანესაც აუსრულებია ეს ბძანება. შემდეგ დავით ჩხოტუას უთქვამს ივანესთვის ჩემ ძმას ჩაის რომ მიართმევო, დაწექი და დაიძინეო, მე კი გაღმა წავალ და სტუმრებს მოვიყვანო. დავით ჩხოტუას წასვლის შემდეგ, ნიკოლოოზ ჩხოტუასთვის რომ ჩაი დაუსხამს, ივანე თავის სადგურში შესულა და რადგანაც ჯერ ძილის დრო არა ყოფილა, დავითისთვის ლოდინი დაუწყვია. პატარა ხანს უკან რაღაც ფეხის ხმა ჰსმენია და გარეთ რომ გამოსულა უნახავს. დავით ჩხოტუა და მასთან შავად ჩაცმულნი ვიღაც უცნობი პირნი, რომელნიც მიდიოდნენ სახლის უკანა პირისაკენ. მეც თან გავყევიო (უთქვამს თურმე ივანეს), მაგრამ დავით ჩხოტუამ რამდენჯერმე შემომიტიაო და როცა მაინცა და მაინც მივყევიო, ჩხოტუამ თავში მუშტი დამკრაო, ჯიბიდამ დამბაჩა ამოიღოვო და მითხრაო — თუ კიდევ მოხვედი, მოგკლავ და წყალში ჩაგაგდებო. შემდეგ ივანე მაინც კიდევ მიპარებია და ანდრეევსკიანთ ფანჯრის გვერდით დამდგარა. აქედგან რაღაცა ფაცური შეუმჩვნევია ბუჩქებში ბილიკის (მტკვარზედ ჩასავალი) ახლო და ყელში ხრიალიც ჰსმენია; დასცქერებია თურმე და დაუნახავს, რომ დავით ჩხოტუა და მასთან მოსული კაცები ვიღაცა ქალს მიათრევდნენ მტკვრისკენ, მაგრამ წყალში ჩააგდეს თუ არა, ის კი არ დაუნახავს, ივანე მიმხვდარა თურმე, რომ ანდრეევსკის ქალი დაუხჩვიათ, და გაქცევა დაუპირებია, მაგრამ დავით ჩხოტუა თმებში ჩაჰჭიდებია და თავი არ დაუნებებია იმ განზრახვით თურმე რომ ივანემ ვერ დაინახოს ალაყაფის კარებში გასული კაცები, რომელთაც დავით ჩხოტუაც გაჰყოლია. დავით ჩხოტუა ისევ ივანესკენ დაბრუნებულა და უთქვამს — ჩვენ დავახჩეთ ანდრეევსკის ქალიო და ნურავის კი ნუ ეტყვიო, ეგონებათ თვითონ დაიხჩვა მტკვარშიო. შენ ნუ გეშიიანო, — უთქვამს თურმე ჩხოტუას ივანესთვის — კიდეც რომ დაგიჭირონ, მე დაგიხსნიო. დაუფიცებია თურმე ივანე: „ჩემ სვინიდისზედა იყოს შენი ცოდო, ამ კაცების ცოდო და ქალის სიკვდილიც თუ უთხრა ვისმესო. — ეს უამბნია თურმე ივანეს წინა გამოძიებაში.

ზურაბის ნაამბობი შემდეგია: დავით ჩხოტუას გასვლის შემდეგ, (საღამოზედ) ცხენი რომ უტარებია ზურაბას უნაგირი მოუხსნია და სამზარეულოში შესულა. ამ დროს ნიკოლოოზ ჩხოტუას დაუნახავს ზურაბა და დაუყვირია — ცხენი მოუარე, თორემ ჩემი ძმა გაგიჯავრდებაო, თუმცა ამ გვარი ბძანება ძალიან გაჰკვირვებია. ზურაბას, რადგანაც ღამე არასდროს არ მოუკლია ცხენისათვის, მაგრამ მაინც ბძანება აუსრულებია და გომურში შესულს ცხენის მოსავლელად საქმე რომ გაუთავებია, ისევ, სამზარეულოში დაბრუნებულა, სადაც არც ერთი მოსამსახურე იმ დროს არ ყოფილა, არც ივანე ყოფილა თავის ოთახში, ძაღლები კი, როგორც, შეუმჩნევია, დამწყვდეულნი ყოფილან. ერთის ძაღლის, მოკვლა კი წინადვე სცოდნია. ხელმეორედ რომ სამზარეულოში შესულა, ფანჯრიდამ ვიღაცა კაცები დაუნახავს მაღლობზედ სახლის წინ (მტკვრის პირას, სადაც იმ საღამოს ჩხოტუა და ანდრეევსკიანი ისხდნენ). ზურაბა გარედ გამოსულა და დაუნახავს, რომ ორნი ძმანი ჩხოტუები და კიდევ ვიღაცა სამი კაცი რაღასაც ადამიანის მსგავს მიათრევდნენ მტკვრისკენ. პეტრე გაბისონიაც იმათთანა მდგარა. უეცრად ვიღაც ხანჯალ ამოღებული კაცი ყელში წაჭიდებია ზურაბას და იქამდისინ არ გაუშვია, ვიდრე ჩხოტუა და მისი ამხანაგები არ მოსულან. ნიკოლოოზ ჩხოტუას გაულანძღავს თურმე ზურაბა, — რად მოხვედიო და ცხენს თავი რად დაანებეო. დავით ჩხოუტუა კი მიუბრუნდა თურმე ძმას და უთხრა: „მოვკლათ ეს მამაძაღლი, თორემ გაგვცემს.“ მაგრამ ნიკოლოოზ ჩხოტუა არ დათანხმებულა და უთქვამს დავითისთვის: განა ერთის მოკვლა კი არ კმარა? ეს (ე.ი. ზურაბი), არ გაგვცემსო. მერე დავით ჩხოტუას შემდეგი სიტყვებით დაუფიცებია თურმე ზურაბა „ძაღლის სისხლით მაზიარონ თუ გაგცეთ“. შემდეგ, დავით ჩხოტუას თავის ამხანაგები რომ ალაყაფის კარებამდე გაუცილებია, ზურაბისთვის უბძანებია გამხადეო და დასაძინებლად წასულა თავის ოთახში. ტანთ გახდომის დროს ზურაბას შეუმჩნევია, რომ ჩხოტუას შალვარი და ჩექმები ტალახში ჰქონია მოსვრილნი; ჩექმებს წყალიც სდიოდათ თურმე. ზურაბა რომ გასვლას აპირებდა, დავით ჩხოტუას უთქვამს თურმე, ანდრეევსკის ქალი ჩვენ მოვკალითო და ნურავის კი ნუ ეტევიო. შემდეგ ზურაბა გასულა და კორიდორში რომ მიმავლებულა ანდრეევსკის ცოლს დაუძახნია და ჯერ წყალი მოუთხოვია და მერე უკითხავს, ჩემი ქალი სად არისო. შემდეგ ძებნა დაუწყვიათ.

გარდა ამისა ზურაბას და ივანეს უთქვამთ, რომ ჩხოტუას მიერ მოყვანილს კაცებს არ დავკვირვებივართო და ვერც ვიცნობთო. ივანეს არც ის შეუმჩნევია, — იმათ შორის რეულან ნიკოლოოზ ჩხოტუა და პეტრე გაბისონია თუ არა.

თუმცა არც ერთი ზემო ხსენებულთაგანი ბრალდებული არ გატეხილა და დამნაშავედ არ უღიარებია თავისი თავი, მაგრამ, წინა გამოძიებამ მაინც მათ დააბრალა ანდრეევსკის ქალის მოკვლა და ამისათვის ბრალმდებელ ოქმს შემდეგი საბუთები მოჰყავს:

I. დავით და ნიკოლოოზ ჩხოტუას შესახებ, ზურაბ ქორიძემ და ივანე მგელაძემ პირ-და-პირ შეამოწმეს, რომ ანდრეევსკის ქალი ჩხოტუების მიერ არის მოკლული. ზურაბის და ივანეს ნაამბობის შორის მხოლოდ ის განსხვავება არის, რომ ამ უკანასკნელს არ უნახავს ნიკოლოოზ ჩხოტუასაც მიუღია მონაწილეობა თუ არა. დავით ჩხოტუას შესახებ კი ორნივე ამბობენ, რომ ეს იყო საქმის მოთავედო. არავითარი საფუძველი არ გარისო, რომ ზურაბისა და ივანეს ნაამბობს არ დაუჯეროს კაცმაო, რადგანაც ისინი, როგორც ჩხოტუას მსახურნი უფრო დამალავდნენ, ვიდრე გამოაშკარავნენ ჩხოტუების მონაწილეობისაო. გარდა ამისა მათი ნაამბობი მით უფრო მართალი უნდა იყოს, რომ უსაფუძვლოდ ბრალას დადებით ჩხოტუებზედ იმათაც დაედებოდათ ბრალი, რადგანაც იგინი (ე.ი. ზურაბა და ივანე) თუ არ პირ-და-პირი დამნაშავენი, მაყურებელნი და ხელის მომართველნი მაინც იყვნენ.

ამის გარდა ზურაბისა და ივანეს ნაამბობის სიმართლე დაამტკიცეს ტუსაღებმა მურა — ლიზმაილ-ოდლიმ და მელიკ-მაჰმედ–მურად-ალი-ოღლიმ, რომელთაც სამხედრო საავათმყოფოში შეიტყეს პეტრე გაბისონიასგან, რომ ანდრეევსკის ქალის მოკვლაში მონაწილეობა მიუღიათ. ორთავე ძმას ჩხოტუებს და ყველა მოსამსახურეს დავით ჩხოტუას თაოსნობით.

2) ვიდრე ანდრეევსკის ქალი დაიკარგებოდა, რამდენიმე საათის წინ დავით ჩხოტუას მოუკვლევინებია ერთი, ყველაზედ უფრო დიდი და უფრო კაპასი ძაღლი და დანარჩენნი ძაღლები დაუმწყვდევინებია, თუმცა დავით ჩხოტუამ თქვა, რომ ერთი ძაღლი იმიტომ მოვკალიო, რომ ცოფიანობა შევატყეო და დანარჩენი ძაღლები არ დამიმწყვდევინებიაო, მაგრამ მისი ნათქვამი დასაჯერებელი არ არისო, რადგანაც ა) ქორიძემ და მგელაძემ. თქვეს, რომ ძაღლი სრულიად ცოფიანი არ იყოვო, და მისი ავათმყოფობა — არაგრიდაც არ დამტკიცებულა; ბ) სულხანოვმა, იაკობ ისარლოვმა, კოტე გაბაშვილმა, მომრიგებელ მოსამართლემ წინამძღვაროვმა, ვასილ კადურინმა და სხვებმაც, რომელნიც იმ ღამეს შერვაშიძის სახლში იყვნენ მოსულნი, შეამოწმეს, რომ ეზოში ძაღლები არ იყვნენო; გ) იმ ღამეს პეტრე გაბისონიასაც უთქვამს ვასილ კაშმიგოროდსკისთვის, რომ უცხო კაციც რომ შემოსულიყო ვერას გავიგებდითო, რადგანაც ძაღლები დამწყვდეულნი იყვნენო; დ) ანდრეევსკის ქალის დამარხვის დღეს და შემდეგაც დავით ჩხოტუას უთქვამს პეტრე უმიკაშვილისათვის, ანდრია მოძღვაროვისთვის და სტეფანე მელიქოვისათვის, რომ მართალია ძაღლები მე დავამწყვდევინეო, რადგანაც მეშინოდა არავინ არ დაგლიჯონო და, მოძღვაროვის სიტყვით, იმათმა ყეფამ „კრუჟოკის“ მუზიკას არ დაუშალოსო. ეს კნ. ბარბარე თუმანიშვილისამაც შეამოწმა.

ამ გვარად ეჭვი არ არის, ძაღლები ჩხოტუას ბძანებით იყვნენ დამწყვდეულნი. მანამ სახლი არ გაჩხრიკეს, (პოლიციამ) და გასისხლიანებული ცული (რომლითაც ძაღლი მოუკლავთ) არ გამოჩნდა, არც ჩხოტუებს, არც მათ მოსამსახურეს ამ გარემოებაზედ არა უთქვამთ რა: იმედი ჰქონიათ, — როგორც ეტყობა, — ვერას გაიგებენო. გარდა ამისა წინამძღვაროვის სიტყვით როდესაც ჩხოტუებს შეუტყვიათ, რომ სახლს გასჩხრეკენ, ფერი წასვლიათ და საშინლად გაფითრებულან თურმე. მაშასადამე (ყველა ეს რომ ვიქონიოთ მხედველობაში) ძაღლების შესახებ დავით ჩხოტუას ბძანება გაუცია იმ განზრახვით, რომ დაუბრკოლებლივ შემოეყვანა ეზოში თავისი თანაშემწენი. ეს გარემოება ფრიად მძიმე და ბრალმდებელია ჩხოტუასთვის. დავით ჩხოტუას მოქმედებაში ძაღლების შესახებ ცოტად თუ ბევრად ნიკოლოოზ ჩხოტუასაც ედება ბრალი, რადგანაც ძნელი საფიქრებელია, რომ მას არაფერი არ სცოდნოდა ძაღლების დამწყვდევისა და მოკვლის შესახებ, და აგრეთვე რა მიზეზით იყვნენ დამწყვდეულნი. გარდა ამისა ნიკოლოოზ ჩხოტუა ცდილობდა დაემალა ძაღლების დამწყვდევა და ამბობდა თურმე რომ იმ ღამესაც ძაღლები ჩვეულებრივ ჰყეფდნენო.

3) ბძანება რომ გასცა ძაღლების შესახებ, ჩხოტუა საღამოს მეცხრე საათზედ სადღაც წავიდა (თვითონაც ამბობს) და როდესაც დაბრუნდა თან მიიყვანა. მგელაძის სიტყვით, ვიღაც კაცები, რომელნიც შეიქნენ ჩხოტუას თანაშემწენი ანდრეევსკის ქალის მოკვლაში.

თუმცა დავით ჩხოტუამ თქვა სად და რისთვის წასულიყო შინიდამ, მაგრამ მისი ნაუწყი ტყუილი გამოჩნდა: ა) იმ დროს კაპანაძეს, როგორც თვითონ უთქვამს, არა შალვარი არ ჰქონია ჩხოტუასი, მართალია თიბათვეში ჰქონდა კაპანაძეს მისი შალვარი, მაგრამ იმ თვეშივე წაუღია დავით ჩხოტუას. ბ) 22 მკათათვეს სოლოლაკის აფთიაქში მართალია გაყიდულა ხელად ქინაქინის მარილი და კორძის წამალი, მაგრამ, როგორც პროვიზორის თანაშემწეს უთქვამს ეს წამლები საღამოზედ კი არა, არამედ დილით უნდა ყოფილიყვნენ გაყიდულნი, და აი რად: აფთიაქში არის სია, რომელშიაც ყოველ ხელად გაყიდულს წამალს თავისი ნომერი უზის. ეს სია იწყება ღამის თორმეტ საათზედ მეორე ღამის თორმეტ საათამდე და შემდეგ იწყება ახალი სია. იმ სიაში რომელიც 22 მკათათვეს ეკუთკნის 53 ნომერია ჩაწერილი, ე. ი. ღამის თორმეტი საათიდამ მეორე ღამის თორმეტ საათამდე გაყიდულა ხელად ორმოცდა ცამეტი წამალი, რომელთა შორის ქინაქინის მარილს უზის მერვე ნომერი და კორძის წამალს მეათე. მაშასადამე ეს წამლები გაყიდული უნდა იყვნენ ბევრი-ბევრი დილის შვიდ-რვა საათზე და არა საღამოზედ, როდესაც სიას ბოლო უახლოვდება. გ) ჩარუხჩიანცმა სთქვა, რომ მართალია ამისთანა ერთი ყელსახვევი გაყიდულა ჩემს მაღაზიაშიო 21, 22 და 23 მკათათვეს, და ნამდვილად კი არ ვიცი ამ სამში რომელ ერთს დღეს გაყიდულა. მაშ დავით ჩხოტუას ტყუილი მოუგონია, რომ იმ ღამეს აფთიაქში და კაპანაძესთან ვიყავიო, ალბათ იმ იმედით, რომ დროს ნამდვილათ ვერ გამოიკვლევენო. დავით ჩხოტუას ტყუილი მოუგონია იმ განზრახვით, რომ დაამტკიცოს თავისი შინ არ ყოფნა ანდრეევსკის ქალის დაკარგვის დროს რომ დავით ჩხოტუას ეს განზრახვა ჰქონია ამას ამტკიცებს როგორც პეტრე უმიკაშვილის ნაუწყი, აგრეთვე თ. გიორგი შარვაშძისაც. პეტრე უმიკაშვილს უთქვამს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ დავით ჩხოტუამ მკითხაო: „იმ საღამოს ათ საათზედ, მგონი ვნახეთ ერთმანეთი.“ ამაზედ პეტრე უმიკაშვილს უპასუხნია — მართალია იმ დღეს მინახივხარო, მაგრამ დილით და არა საღამოზედაო. სალომე კარაევის ცოლის სიტყვით გიორგი შარვაშიძეს ქუთაისში უთქვამს თურმე, ალბათ დავით ჩხოტუას სიტყვითვე, რომ დავით ჩხოტუაზედ ბრალის დადება ძნელიაო, რადგანაც იმ საღამოს დავით ჩხოტუა ჯერ ქინაქანის მარილს ყიდულობდა აფთიაქშიო. და მერე სასტუმროში წავიდა ვახშმის საჭმელადაო.

4) დავით ჩსოტუას ისიც ტყუილად მოუგონილი ვითომ შინ რომ მოვედიო, ფიცხლავ დავიძინეო. ის კი რა თუ დავით ჩხოტუას უთქვამს ისარლოვისთვის და მელიქოვისთვის, რომ როდესაც ანდრეევსკის ქალის დაკარგვა გამოჩნდაო, მე ჯერ არ მეძინაო და მხოლოდ დაძინებას ვაპირებდიო. გარდა ამისა თვითონ ანდრეევსკის ცოლს უთქვამს, რომ მე ისე მაღლა არ დამიყვირიაო, რომ მეორე სართულში მძინარე ჩხოტუა გამეღვიძებინაო. თუმცა ამ გარემოებასაო, ლაპარაკობს ბრალმდებელი ოქმი — დიდი მნიშვნელობა არა აქვსო. წამოყენებულს საქმეში, მაგრამ იგი მით არის შესანიშნავი რომ დავით ჩხოტუას აქაც ტყუილი მოუგონიაო, თითქო იმ განზრახვით, ვითომ მე რომ მომეკლა ანდრეევსკი ქალიო, ისე მალე და ისე გულმშვიდათ ვერ დავიძინებდიო.

ნიკოლოოზ ჩხოტუამაცა სთქვა, გახდილი ვიყავიო და მეძინაო, მაგრამ, ზურაბ ქორიძის და ანდრეევსკის ცოლის სიტყვით ესეც ტყუილი უნდა იყოს, ზურაბ ქორიძემ სთქვა, რომ ნიკოლოოზ ჩხოტუა მხოლოდ იწვაო და კი არ ეძინაო, ჩაცმულიც იყოვო და წაღები კი გასდილი ჰქონდაო. ანდრეევსკის ცოლს თუმცა თვითონ არ უნახავს ეძინა ნიკოლოოზ ჩხოტუას თუ არა, ან ჩაცმული იყო თუ არა, მაგრამ ჰგონია კი რომ არ ეძინა, რადგანაც ძალიან ჩქარა წამოხტა და ფიცხლავ გამოვიდა კორიდორში, როდესაც ზურაბა არც კი მიჰკარებია და მარტო უთქვამს: „ქალს ეძებენო.“

5) ანდრეევსკის ცოლის სიტყვით, დავით ჩხოტუა გარედ რომ გამოვიდა, ძალიან გატაცებული ყოფილა და კანკალებდა კიდეც თურმე. ეს გარემოება მით უფრო საკვირველი უნდა იყოს, რომ იმ ჟამად დავით ჩხოტუაშ არც კი იცოდა ნამდვილად რა მოხდა. არც ის არის საფიქრებელი ვითომ დავით ჩხოტუა იყო აღელვებული ანდრეევსკის ცოლის სიბრალულით, რადგანაც არც იმას და არც ნიკოლოოზ ჩხოტუას არავითარი მეცადინეობა არ გამოუჩენიათ ანდრეევსკის ქალის ძებნაში, არამედ ხელებსაც უჭერდნენ თურმე ანდრეევსკის ცოლს და არსაიდ არ უშვებდნენ. მაშასადამე დავით ჩხოტუა იმიტომ კანკალებდა და, რომ ეშინოდა დანაშაულობა არ გამოჩნდესო და პასუხი არ მომკითხონო. სხვა პირთა სიტყვითაც (მაგ. თ. სუმბათოვი, ისარლოვი, გაბაშვილი, წინამძღვაროვი და სხვ.) იმ ღამეს ორნი ძმანი ჩხოტუები უცნაურად იქცეოდნენ: ნიკო ჩხოტუა ყველა მომსვლელს ეგებებოდა. ფაცხი-ფუცხში იყო, თვალ-ყურს ადევნებდა მომსვლელთა პირთა ლაპარაკს და ცდილობდა ყველასთვის გაეგებინა, რომ ანდრეევსკის ქალი წყალში დამხჩვალა. წინამძღვაროვის სიტყვით, დავით ჩხოტუა იმ საღამოს ძალიან აღელვებული ყოფილა, ძლივს ლაპარაკობდა თურმე. პირი უშრებოდა, ერთ ალაგას ვერა დგებოდა, თითებს იმტვრევდა, ოფლს იწმენდდა, ერთის სიტყვით, ეტყობოდა რომ რაღაც აწუხებდა. ამ გვარი აღელვება და საეჭვო ქცევა დავით ჩხოტუას რამდენიმე დღის წინად ეტყობოდა და შემდეგაც. მაგალითებრ, ჰასან ბაირა–შვილს უთქვამს, იმ დღეს ტყეში რომ მივდიოდითო (ანდრეევსკის ქალის სიკვდილის რამდენიმე დღის წინ), დავით ჩხოტუა ძალიან, იწყენილი იყოვო და სულ ოხრავდაო, ეტყობოდა რაღაც აწუხებდაო. შემდეგ, როდესაც ჰასან-ბაირაშვილმა შეიტყო ანდრეევსკის ქალის ამბავი, მაშინ გუნებაში იფიქრა ეს ჩხოტუას ამბავი იქნებაო, რადგანაც იმისთანა სევდა და წუხილი იმ კაცს უნდა ჰქონდესო, ვინც ამ გვარ ავკაცობისათვის ემზადებაო. არისტოტელ ქუთათელაძისა და ანდრია მოძღვაროვის სიტყვით, ამ გვარივე აღელვება და თითქმის კანკალიც დავით ჩხოტუას შემდეგშიაც ეტყობოდა, მეტადრე როდესაც ეუბნებოდნენ, რომ უცხო კაცი ვერ შევიდოდა იმ ღამეს შარვაშიძის სახლშიო.

6) ანდრეევსკის ქალის ძებნის დროს დავით ჩხოტუა მოულოდნელად აზრში მოვიდა, იქნება ნინო წყალში დაიხჩოვო და მტკვარზედ ჩავიდა, თითქო წინადვე იცოდა, რომ იქ იპოვიდა თვს მოსაზრების დასამტკიცებელს საბუთს. ტანისამოსი რომ იპოვეს ნიკ. და დავ. ჩხოტუები ყველას არწმუნებდნენ, რომ ნინო წყალში დაიხჩოვო, კნეინა თუმანოვის სიტყვით, დავით ჩხოტუამ ჯერ კი ხელი წაავლოვო ტანისამოსს, მაგრამ მერე მოიაზრო, რომ ეს პოლიციამ უნდა ნახოსო და თავი დაანებო ეს გარემოება თვით კნ. თუმანოვისასაც კი გაკვირვებია, რომელსაც არ სწამდა ჩხოტუას დამნაშავობა. ერთის სიტყვით, ნიკ. და დავ. ჩხოტუები ცდილობდნენ თავის გასამართლებლად ესარგებლათ ნაპოვნ ტანისამოსით, რომელიც, ზურაბისა და ივანეს სიტყვით, თვითონვე დააწყეს მტკვრის პირას; სცდილობდნენ რომ ანდრეევსკის ქალის დაკარგვა ბანაობაში დახჩობით აეხსნათ ამას ამტკიცებს აგრეთკე ივანე კადურინი, რომელიც იქ ნავზედ (паромъ) წოლილა და დაუნახავს ვიღაც კაცი (დავ. ჩხოტუა ყოფილა) შარვაშიძის სახლიდამ მომავალა, რომელიც წყლის ნაპირას დამდგარა და ხელების ბანვა დაუწყვია; ნავსადგურზედ რომ დამდგარა და კადურინი რომ დაუნახავს, სწრაფად დაუწყვია, ვითომ შეშინებული იყო, — და დაუძახნია კადურინისათვის:

„მენავევ, მენავევ, — ჩემი სახლიდამ დაიხჩო“, ვინ დაიხჩო — კი არ უთქვამს. კადურინს უკითხავს, რით იცი რომ დაიხჩოვო, და დავით ჩხოტუას უპასუხნია — „ტანისამოსიაო აქ“. შემდეგ კადურინი შარვაშიძის სახლისკენ წასულა, სადაც ანდრეევსკის ცოლი და ნიკ. ჩხოტუა უნახავს ალაყფის კარებთან უნახავს აგრეთვე ერთი მოსამსახურეთაგანი (პეტრე გაბისონია იქნებოდა), რომელსაც ნიკ. ჩხოტუას კითხვაზედ — ხომ არ გინახავსო — პასუსად ხელი გაუქნევია და რომელმაც ისე აჩვენა თავი, თითქო არც კი მომძებნიაო, ვერც ვიპოვითო და ძებნაც საჭირო არ არისო. — ანდრეევსკის ქალი რომ ვერასგზით ვერ იპოვეს და მკვლელობაზედ ჩამოვარდა მოსაზრება და ლაპარაკი, ორნი ძმანი ჩხოტუები, წინამძღვაროვის სიტყვით, სრულიად გაფითრებულან. შემდეგ, როდესაც ჩხოტუებს ვერ მოუხერხიათ პოლიციის მოტყუება, დავით ჩხოტუამ გამოიცვალა უწინდელი ყოფა-ქცევა და, კოტე გაბაშვილის სიტყვით, მშვიდობიანი სახე მიიღო და თითქო გულ-გრილ დ უცქერდა ყველაფერს.

და 7) იმავე ღამეს პოლიციამ სამი მოსამსახურე გააშორა ერთმანეთს და თავს ყარაულები დააყენა მოსამსახურესთან ლაპარაკი გამომძიებელის მიერ აღკრძალული იყო. მაგრამ დავით ჩხოტუა მაინც მისულა თურმე გაბისონიასთან და რაღასაც დაჰლაპარაკებია ყრაულებისთვის გაუგებარს ენაზედ. თუმცა არავინ იცის რა უთხრეს ერთი-ერთმანეთს, მაგრამ ეს ლაპარაკი უეჭველად წამოყენებულს საგანს შეეხებოდა, რადგანაც, წინამძღვაროვის სიტყვით, როდესაც ამას მიუსწვრია ამ ლაპარაკზედ, დავით ჩხოტუა გადარეულა და არ იცოდა რა ექმნა; ამის გარდა დავით ჩხოტუა და პეტრე გაბისონია უარზედ მდგარან — არა გვითქვამს რაო, მერე კი დავით ჩხოტუა გატეხილა და უთქვამს — გაბისონიამ მითხრაო „უბრალოდ რისთვის ვიღუპებიო“ და მე კი არა მითქვამს რაო. სჩანს რომ დავით ჩხოტუა შეშინებულა გაბისონიამ არა გამოაჩინოს რაო და ალბათ ჯეროვანს დარიგებას აძლევდა.

ყველა ამ საბუთის გამო დავ. და ნიკ. ჩოტუები პირ-და-პირ დამნაშავენი არიან ანდრეევსკის ქალის მოკვლაშიო, ამბობს ბრალმდებელი ოქმი.

II. პეტრე გაბისონიას შესახებ. 1) ზურაბ ქორიძემ გამოაცხადა, რომ იმ კაცებთან, რომელნიც გვამს მიათრევდნენო, პეტრე გაბისონიაც იდგაო. მაშასადამ ამასაც მიუღია მონაწილეობა.

2) მოწმებმა ივანე წერეთელმა, მუსა-იზმილ ოღლიმ და მელიქ-მაჰმად მურად-ალი-ოღლიმ, რომელნიც გაბისონიანთან ერთად იყვნენ სამხედრო საავათ-მყოფოში. თქვეს, რომ გაბისონია გაგვიტყდაო და გვიამბო კიდეც საქმე როგორ მოხდაო: დავით ჩხოტუას დაურგებია თურმე მოსამსახურენი ანდრეევსკის ქალი მოკალითო და ყველაფერს მოგცემთო, რადგანაც იმ ღამეს ანდრეევსკის ქალი სამზარეულოში უნდა მოსულიყო. ფეხსაცმელებისთვის, სამზარეულოში მოგროვილან თურმე ორნი ძმანი ჩხოტუები, ივანე და ზურაბა და ნინოს მოსვლას ელოდნენ თურმე. ანდრეევსკის ქალი კარებთან მისულა და ხალხ რომ დაუნახავს შემდგარა. მაშინ პეტრე გაბისონიას ძალად შეუთრევია ანდრეევსკის ქალი, რომელსაც ერთხელ დაუყვირნია და გულიც გაუკაწრავს გაბისონიასთვის. მერე ყველანი დასცემიან თურმე ქალს და დაუხჩვიათ. შემდე გაბისონიას ფაიტონი მოუყვანია, ჩაუსვამთ ქალი და ორთაჭალას მტკვარში გადუგდიათ. გარდა ამისა მუსა- იზმაილ-ოღლიმ სთქვა, გაბისონიის სიტყვით, რომ არსენალის მაღლობზე ფაიტონს მაიორი ალიხანოვი დაუხვდაო, რომელსაც გაჰკვირებია თურმე, რომ ამდენი ხალხი მსხდარა ფაიტონში, მაგრამ მეფაიტონეს უთქვამს აბანოში მივდივართო. გაბისონია იმიტომ გატეხილა რომ მუსა-ზმაილ-ოღლი, როგორც გამოცდილი ტუსაღი დაჰპირებია გავიპარებიო და შენც თან წაგიყვანო. მართალია ექიმს მარქაროვს 14 მარიამობისთვეს გაბისონიას გულზედ უნახავს ნაფხაჭნი, რომელიც, გაბისონიის სიტყვით, ერთის თვის წინეთ გოურიძეს დუქანში ჩხუბში მოსვლია. გარდა ამისა ტუსაღების ნაამბობი მართალი უნდა იყოს, კიდევ იმიტომ, რომ ანდრეევსკის ცოლის სიტყვით, ქალი სწორედ დაკარგულა, როდსაც ფეხსაცმელებისათვის წასულა სამზარეულოში, და კიდევ იმიტ რომ, ზურაბის სიტყვით, ნინოს დაკარგვის შემდეგ გაბისონია არ ყოფილა და შესაძლებელია, რომ ფაიტონში იჯდა მით უფრო, რომ იმ ღამეს გაბისონია გვიან გამოჩდა.

3) რაც გაბისონიამ თქვა ფეხსაცმელების შესახებ (იხილე ზემოდ) ტყუილი გამოდგა და აი რად: ანდრეევსკის ცოლის სიტყვით ფეხსაცმელები დასაკერებლად კი არა, არამედ გასაწმენდათ იყვნენ მიცემულნი, როდესაც ჰკითხეს გაბისონიას რომელს მეჩექმეს მიეცი დასაკერებლადაო, გაბისონიამ ჯერ კუჩუ გვასალიაზედ უჩვენა, მერე არტემ ხიზანოვზედ. მაგრამ ერთმაცა და მეორემაც თქვეს, რომ იმ დღეს გაბისონიას არა ფეხსაცმელები არ მოუციაო დასაკერებლად.

4) გაბისონიამ თქვა, რომ იმ დღეს ავათ ვიყავიო და სამზარეულოში ვიწექიო. მაგრამ ესეც ტყუილია, რადგანაც თვითონვე ამბობს, რომ მთელი დღე ფეხზედ ვიყავიო: ჩხოტუებს სადილი მიუტანეო, მეჩექმესთან ვიყავიო, ალექსანდროვის ბაღში ვსეირნობდიო და სხვ. გარდა ამისა ზურაბამ და ივანემ თქვეს, რომ გაბისონია კარგად იყოვო, და ანდრეევსკის ცოლმა თქვა, რომ გაბისონია ჯერ თავ წაუკრავი გამოვიდნო და მერე კი, პოლიციის მოსვლის შემდეგ, თავ წაკრულიო.

5) პეტრე გაბისონია რაღასაც დალაპარაკებია დავ. ჩხოტუას, თუმცა ლაპარაკი აღკრძალული ჰქონდა. მერე კი თქვა არა მითქვამს რაო.

6) ივანე კადურინის სიტყვით გაბისონიამ ნიკ. ჩხოტუას კითხვაზედ, ისე გაიქნია ხელიო თითქოს ეუბნებოდა ძებნა საჭირო არ არისო.

და 7) თ. ალექსანდრე გებუაძეს სიტყვით, გაბისონია დახვედრია მას, გებუაძეს, ალექსანდროვის ბაღში (რამდენიმე დღის წინედ) და შემდეგი უთქვამს: „ერთი რჩევა უნდა გკითხოთ — ჩემი ამხანიგი გიორგი ჩხოტუა (დავითს ყმაწვილობით გიორგის ეძახდნენ) ჩამციებია დღე და ღამ, ანდრეევსკის ქალი გავცარცვოთო და მერთ გავიქცეთო.“ ამაზედ გებუაძეს უთქვამს, უჩემოდ ნურასა იქო, კარგად გაიგე რას აპირებს ჩხოტუაო. და მერე მოდი და მითხარიო. მაგრამ გაბისონია აღარ მოსულაო და მარც მინახავსო.

აი ეს არის მოხსენებული ბრალმდებელ ოქმში სამ ბრალდებულთა გასამტყუნებლად.[1] მიუბრუნდეთ ახლა სასამართლოს და ვნახოთ ამ ოქმის რა საბუთი დარჩა შეურეველი და რა დაირღვა.

(შემდეგ იქმნება)

__________________

1 რაც შეეხება ზურაბ ქორიძეს და ივანე მგელაძეს მათზედ ლაპარაგი საჭირო აღარ არის, რადგანაც ერთი მათგანი ან მოკვდა და მეორე ისე ავათ არის, რომ სასამართლოშიც არ მოსულა და განჩინებაში არ უპყრია ადგილი.