The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (27)1878.13.07


ივერია (27)1878.13.07



1878.13.07

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

* * *

გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.

ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.

ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.

1 საქართველოს მატიანე

▲back to top


საქართველოს მატიანე

ახმეტა. „ივერ“ კორეს. აი გახდა თითქმის ორი კვირა, რაც ციდამ ნამიც აღარ ჩამოვარდნილა. ბუნება აშკარად ატყობინებს კაცს, რომ ახლა კი დადგა მწოველ ზაფხული. ეს სიცხე მით უფრო საგრძნობელია კაცისათვის, რომ ბუნებას თითქო ნახტომი შეეშალა და ავდრიანობიდამ გვალვაზედ გადავიდა. ჯერ რომ დაბარდნულის ხის ქვეშ გრილოში და ნიავზედა ისე ცხელა, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა დააჭიროს კისერში სიცხემ საწყალს მუშა-კაცსა! ჰქონდა ხოლმე წინა წელიწადებში მუშა კაცსა ერთი საშუალება, რომელიც აძლებინებდა ზაფხულის მზის სიმწოვეში — ეს იყო ღვინო. ღვინო ავიწყებდა მას თავის მწარე ბედსა და გაბედვით ამუშავებდა სიცხე პაპანქებაში, ხომ გაგიგონიათ —„ოროველა ბანიაო, ღვინო კაცის ჯანიაო“. მაგრამ წელს ამ „კაცის ჯანსაც“ მოკლებულია ახმეტელი მუშა. ჯერ ხომ საზოგადოთ ღვინო ძვირია მრთელს კახეთში, და ამ ახმეტაში უფრო გაძვირებულია მედუქნეების წყალობითა. თუ როგორ უნდა იყოს აქ ძვირათ ღვინო, მკითხველი წარმოიდგენს შემდეგიდგან: ის ღვინო, რომელიც თელავში ისყიდება ოთხ აბაზათ, აქ არის რვა აბაზათ თუნგი (25 ვერსტი კი არის თელავიდამ ახმეტამდი, მეტი კი არა!). აბა მითხარით, როგორ უნდა მისცეს გლეხმა თუნგში რვა აბაზი და დაალევინოს მუშასა? დარჩებაღა რამე იმისი ფასი, რასაც ის მუშებს დაალ ვინებს და აჭმევს? წელს ახმეტაში ვერა ნახავთ მუშას ისეთს მდგომარეობაში, როგორც გვიხატავს თ. გ. ერისთავი ანდუყაფარის პირით:

„მერყოლიშვილი გაცოფებული,
რვა ჯამისაგან გამგელებული
ცეცხლივით ყანას მოედებოდა,
კაცი ყურებით გაგიჟდებოდა.“

აი იქმნება ერთი კვირა, რაც აქ გაიჭრა ქერები; პურის ყანებიც მზათ არიან და ელიან მხოლოდ მომკლებსა, მშვენიერი სანახავი რამ არის ეხლა ჭირნახულით დათესილი მინდვრები. გახედავთ — მშვენიერი აბრაშუმივით უბალახო ყანებია, რომელშიაც კაცი მკერდამდე დაიმალება. დაჰბერავს ნიავი და შრიალით დაიწყებს სასიამოვნოთ ღელვასა მხოლოდ ათასში ერთგან ნახავთ აქ წაქცეულს ყანასა, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ აქ გადაევლოს ზედ ბალახსა. ახმეტელ ყანას, ძვირად გადაუვლის ბალახი, რადგანაც აქ ჰმარგლიან ხოლმე ყანებსა.

ახმეტაში შარშან მშვენიერი მოსავალი რომ სასოფლო პურის მაღაზია ისევ ისე ხელ-უხლებელია რადგანაც სოფელს არ უჭირდა პური და ამის გამო არავის რა გაუტანია მაღაზიიდგან. მაგრამ წელს შარშანდელზედ გაცილებით უკეთესი მოსავალის იმედია, თუ ციდამ არა დაუშავდა რა, ერთის სიტყვით, წელს ახმეტაში დიდი მოსავალი მოვა. მაგრამ რა? ვის ხელში მიდის ის გლეხის ნაწოვ-ნადაგი?! ეჰ, რაღა უამბო მკითხველს, განა არ იცის! ამ ზამთარში აქაურს მედუქნეებს სულ რომ ცოტა ვსთქვა, ექმნებოდათ უკანასკნელი რვა ათასი კოდი სულადი (პური, ქერი და სიმინდი). ჯერ მარტო ერთ მედუქნესა ჰქონდა ხუთი ათასამდე კოდი. რას იზამდა სოფელი, რომ ეს ამოდელა მოსავალი შინა რჩებოდეს და არ ჩადიოდეს სომხების ჯიბეში?

სხვას ჯერ ხნობით ვერას გაცნობებთ ახმეტაზედა, ამას წინათ ახმეტას არე-მარეში (ესე ამბობენ) დაიკარგა ერთი ვაჭარი ურია ბევრის ფარჩით და ფულითაცა. ამ ურიისა ვერაფერი გაუგიათ რა ჯერეთ, მხოლოდ ცხენი ეპოვნათ დაბმული უნაგირ მოხდილი. თითონ ურიაც არა სჩანს არც ცოცხალი და არც მკვდარი, ამაზედ იმდენი რამე ისმის, რომ გერ გაარჩევთ, რომელი არის მართალი და რომელი ტყული — ხომ მოგეხსენებათ სოფლელი და ქვრივების ჭორები იმ ურიაზედ გამოძიება არის შემდგარი და იმედი მაქვს „ივერიის“ მკითხველებს ვაცნობო, საქმის დაბოლოვების შემდეგ, თუ როგორ გათავდება ეს საქმე ან თუ გამოაჩინა გამოძიებამა — რა მიწის მგელმა პირი ამ უბედურს ებრაელთა ტომისასა.

X

გუშინ საღამოს მოვიდა ერთი ახმეტიური გლეხი ჩემთან და მეხვეწებოდა, ერთი თამასუქი დამიწერეო; ამოიღო უბიდგან ქაღალდი და მომცა, არ და მეცალა თამასუქის დაწერა და მოწევა, რომ ესე და ესე გაგვიძნელდა ცხოვრებაო; რომ მანეთი ავიღოთ ვალათ, აბაზი მარტო. სათამასუქო ქაღალდში გვეხარჯებაო, ეს რომ სთქვა გლეხმა, დავხედე სათამასუქო ქაღალდსა და ფასი შაური ეწერა ზედა. ბოლოს შევიტყვე რომ ამ სათამასუქო ქაღალდებს გლეხები ყიდულობენ მედუქნეებისაგან, რომლებიც შაურიან ქაღალდს აბაზ სამშაურის ნაკლებ არ აძლევენ, მე ახმეტაში შევიტყე ეს ამბავი, მაგრამ, უეჭველია, რომ თუ ყველგან არა, ბევრს და ძრიელ ბეგრს ადგილს იგივე უნდა იყოს, ე.ი. ან მედუქნეებსა და ან კერძო პირებს გამოაქვთ ხაზინიდგან სათამასუქო ქაღალდები და მამასისხლათა ჰყიდიან გლეხებზედა.

ნუ თუ ისე არა ჰსჯობია, რომ მამასახლისმა ერთბაშათ გამოიტანოს ხოლმე ხაზინიდგან სასოფლო ფულით ეს სათამასუქო ქაღალდები და დააწყოს კანცელიარიაში, და აქედამ გლეხებმა იყიდონ ხოლმე ქრისტიანულ ფასად.

X

ჩვენ როდესღაც „ივერიის“ მკითხველებს მოვახსენეთ, რომ სოფლებში სარბევლო იფულებს სულ მორბევლები სჭამენ დუქნებშია და რბევას ჭიანი ტყემლის ოდენა სარგებლობა ვერ მოაქვს მთელი სოფლისათვისა, მაგრამ ეს არაფერი: ეს კიდევ თაფლი და შაქარია იმასთან, რასაც ეხლა მოგახსენებთ, მოგეხსენებათ, რომ სოფელში მამასახლისსა და სუდიებსა აქვთ ნება გადაახდევინონ დამნაშავე გლეხებს სამს მანეთამდე ჯარიმა, გადახდილი ფული უნდა ჩაიწეროს ხოლმე „კნიღაში“ და იყოს დაცული სასოფლო კასსაში. ეს ესე უნდა იყოს, მაგრამ ახმეტელი მამასახლისისათვის ეს კანონი არ არსებულა. ვისაც შეხვდებით ახმეტელ გლეხსა და აუხსნით, რომ მამასახლისმა ჯარიმის ფული უნდა ინახოს და არა ხარჯოს, მოგიგებთ; მაშ რატომ ჩვენი მამასახლისი არ იქცევა ისეო, რა წამს წაგვართმევენ ჯარიმასაო, მაშინვე ის და სუდიები დუქნისაკენ კრავენ თავსაო, ამას არ დაგიჯერებდი, რომ საქმიდამაც ისე არა სჩანდეს. აი როგორ: ამავე სოფლის ნაცვალი მტკიცედ მარწმუნებს, რომ ახმეტის სასოფლო კასსაში სულ არ მოიპოვბა ხუთი მანეთი ჯარიმის ფულიო, ეჰ, „კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რასაკვირველია“ ამბობს ჩვენი რუსთაველი.

X

ცოტა რამ ყურადღების ღირსნი არიან ახმეტური სანიტარები, თუ როგორ სინიდისიანათ იქცევიან, გვიჩვენებს შემდეგი: ერთს გლეხთან მქონდა გუშინ ლაპარაკი და იმან შემომჩივლა, რომ თუმცა მოწერილობა ასე არისო, რომ როცა ბეგარაზედ დააკლდება კაცი, არ უნდა დაარბიონ, მხოლოდ დაკლებულის დღის ბადლათ შემდეგ უნდა გაიყვანონ სამუშაოთო, მაგრამ ბეგრის უსტაბაშებმა (როგოც ეძახიან აქ სანიტარებს) ერთი დღე ბეგარაზედ დაკლებისათვის დამარბიესო და დაკლებულის დღის ბადლათ სამუშაოთაც გამიყვანესო, ძრიელ სასურველი და სასიამოვნო იქმნებოდა, რომ აქაურმა მმართველობამ ახმეტურის სანიტარების მოქმედებას თვალი გადაავლოს: მე ნემსის ოდენას მოგახსენებთ და იქმნება აქლემის ოდენაც ბევრი რამ გამოჩნდეს ამათ მოქმედებაში.....

X

მოგაწყინეთ, მკითხველო, თავი ახმეტურის ამბებითა, მაგრამ ნება მომეცით ერთი კიდევ. დღემდის ახმეტელებსა აქვსთ სასოფლო კანცელარია შიგ დუქანში დამთანხმდით, თუ როგორი გავლენა უნდა ჰქონდეს ამას მოსამართლეების მართლმსაჯულებაზედ, თუ მოსამართლეები ცოტათი მსუნაგებიც არიან და უყვართ ყელის ჩათუთქვა (და ეგეთებიც არიან ეხლა ახმეტის მოსამართლეები!).

ეხლა აპირებენ ახმეტელები სხვა კანცელიარიის აშენებასა და, მგონია, ისევ დუქნის ახლო... ნუ თუ ასეა განგებული რომ ჩვენი მართლმსაჯულება დუქანზედ შორს არ უნდა წავიდეს?

დ. რ.

1878 წ. 28 ინვისს.

არტაჰანი. („ივერიის“ კორესპ.) ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ეხლა არიან არტაჰანი ანუ სხვა ახალი ნღებული ქალაქები, კაცს რაღაც იმედი აქვს, რომ ბევრს თვალის და გულის – შემაქცევარს საგანს ნახავს, მაგრამ როცა კაცი ათვარიელებს იქაურობას, წინ ცარიელი ცხოვრების უდაბნო ხვდება, და თუ ჩემსავით ხანდისხმნ კალამთან შექიშპება იცის, არ იცის გაშმაგებულმა საიდამ და რისგან დაიწყოს — თავიდგან თუ ბოლოდგან, ტყავიდამ თუ გულღვიძლიდამ? უკაცრაოდ ნუ ვიქმნები, თქვენის მოთმინების ჭირიმე! ამ ჯერად არტაანის გარეგან სახეს გაცოდინებთ შეძლებისამებრ, მემრე ნელ-ნელა გაცოდინებთ აქაურობის შიგნეულებასაც. რა გვეჩქარება? ნათქვამია: „ვინც ღამე ხნა, ისიც მოკვდაო“.

არტაჰანი, საზოგადოთ რომ ვსთქვათ, ამ წამს სამხედრო ქალაქია (ქალაქს რომ ვამბობ ცოტას ვცოდავ) ჯარების ბანაკები თეთრის კარვებით, ჯარის მოძრაობა, სამხედრო მოსამსახურეების დეზ-ხმლების ჟღერა ბუკ-მუზიკის ხმაურობა განა მაგას არ ამტკიცებს?

ლამაზი მდებარეობა აქვს არტაჰანს — ის დგას ცოტა მაღლობზე. წინ გაშლილი აქვს მშვენიერი მწვანე ბალახით შემკული ვრცელი ჭალა-მინდორი, რომლის სიგძე იქმნება მთებამდისინ ოცდა ხუთი ვერსტი.

მტკვარი ჰყოფს, არტაჰანს ორ ნაწილად: ძველი და ვითომ ახალი; ეს ორივ ნაწილი გძელის ხიდით არის შეერთებული: ეს ხის ხიდი თათრების დროს ძალიან ფერუშანად ყოფილა, მაგრამ ჩვენებს განუახლებიათ და სასეირნო ადგილის მაგიერებას გვიწევს ეხლა, ბაზარი ძველ ქალაქშია. ყველაფერში ეტყობა, რომ არტაჰანი თათრის ქალაქია. ვიწყევლე ბედი ბაზარში, რომ პირველად გამოველი, რომ დადის კაცი, იმავე დროს ფიქრობს: არ იქმნა, არ ჩაგიფლო. სადმე ტალახში და თრევით ამოსაყვანი არ გავხდეო, მტკვრის მარცხენა მხარეზედ დგას კარგა მოზდილი ძველი ციხე, რომელიც სრულებით გაუქმებულია. კედლები ზოგან სულ ახალია და შენობა ამტკიცებს, რომ ეს ციხე ქართველების ნაშენია. ციხის ერთი კედელი ზედ მტკვარზეა, ასე რომ წყალი ზედ მოდის. შიგნითა შენობები სულ დანგრეულია და ზოგან იმისთანა ნაშთია, რომ ეტყობა, რა შენობაც ყოფილა. ზედ ნაწერები ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე. კარებზე კი არის თათრული ზედ-წარწერილი. ეს ზედ-წარწერა გვამცნებს, რომ ეს კარები თათრებს განუახლებიათ. მეორე ნაწილში, ე. ი. ახალქალაქში უფრო განათლებულ ჰანგზეა შენობები, აქ შეხვდებით ორ სამ სართულიან სახლებს ქითტკირისას, აქ მიღებულია ხის შენობებიც. ბევრს ნახავთ ხის ორ სამ სართულიან შენობებს, როგორც ქართლ-იმერეთში ყავარი არ იციან აქა, სახლები სწორე, მიწა წვრილი ერდოებით არიან დახურულნი, როცა წვიმა მოვა, ბანებზედ გაჩნდება მრავალი ტბები, წვიმის წყალი ბევრხანს ვერ მოითმენს ბანზე ყოფნას, ნელ-ნელა ჩაეშვება სტუმრად სახლის პატრონთან და წვეთ-წვეთად ცემით შეაქცევს ხოლმე მას ციურის ამბების მბობით. სახლის პატრონს არ იამება ეს მოუწოდებელი სტუმარი, მაგრამ რა გაეწყობა! უნებურათ ისმენს იმის ნაამბობს და მემრე თავაზით თითბრის თასით ისტუმრებს გარეთ, სუფთა აქვს არტაჰანს ჰავა. მაგრამ ის არის უბედურება, რომ ერთ დონეზე არ დგას ხოლმე: ხან ცივა, ხან გრილა, ხან ცივი ქარი ქრის და ხანაც საშინლად ცხელია.

სამხრეთ-აღმოსავლეთით არტაჰანს ჩამოუდის პატარა მდინარე, რომელსაც ალაგეზის წყალს ეძახიან, და უერთდება მტკვარს, ახალი ნაწილი თითქმის ნახევრად გაოხრებულია, ბრძოლის უმალ სახლის პატრონები შეშინებული გაქცეულან სოფლებში და სახლები დარჩენიათ უპატრონოდ.

დუქნები აქ ძალიან პატარები სცოდნიათ; იმოდენებია, რომ ცოტაოდენი საქონელი და თვითან თეთრი ჩალმიანი პატრონი ძლივს თავსდებიან, და თუ მუშტარი მოემატა, გარედ უნდა გამობძანდეს, მცხოვრებლების მომეტებული ნაწილი თათრები არიან ართვინელი ფრანგები, რომლებიც ლაპარაკობენ სომხურს და ურევენ ბევრ ქართულ სიტყვებს, თათრები ახალციხის საათაბაგოდამ არიან გადმოსახლებულნი მაგრამ ქართული ენა სრულებით გადავიწყებული აქვთ. ახალციხელ და ახალქალაქელს სომხებს და ურიებს რაცხა არა აქვთ, საცა ესენი იქმნებიან, იქ რა სიკეთე ინახება, ყველაფრის საძირეა, რომის, კონიაკის და სხვა ამისთანა სასმელებისა და მაწვნის გარდა.

არტაჰანის შენობებში, რაც დარჩა, შესანიშნავია კაზარმები. სიგრძე აქვთ სამას ნაბიჯამდისინ და ყოფილა თათრების დროს საავად-მყოფოდ და კაზარმად. ახლაც იმაში თავსდება საავად-მყოფონი, ტელეგრაფი, და სცხოვრობენ ექიმ-დოხტურები და გულ-შემატკივარი და-ძმები — წითელ-ჯვაროსანის საზოგადოებისა

ს. ბავრელი.

1878 წ. 20 ივნისს.

ატაჰანი, 25 ივნისს, ( „ივერ“, კორეს.) პატარობისა, როცა კაცი ჯერ პურს ბაბას, ხორცს ჩიჩი, ხილს კაკას და წყალს ტრპტპუს უსხის, მაშინ ხშირად მოსდის სასაცილო ყმაწვილური ცნობის მოყვარეობის აზრები: თუ როდის გავხდები დიდი, მაღალი, როგორც მამა, ან როდის მექმნება ის გძელი წვერ-ულვაში, როგორც ამას აქვს; თუ რისგან და როგორ კეთდება კაცი და ან რომ გაიყიდოს, როგორ ეღირება ურთი კაცი? მეც ბევრ ჯერ მამდიოდა ეს აზრები, ვფიქრობდი: ვსთქვათ ჯამს თიხისაგან აკეთებენ, კოვზს ხისაგან, ქვაბს სპილენძისაგან ანუ კიდევ თიხისაგან, კაცს? კიდევ ვამბობდი — ვსთქვათ სამი ვაშლი ერთ გროშად, ათი კვერცხი ხუთ გროშად, ერთი ქათამი ორ შაურად (მაშნ იეფობა იყო); ერთი პური ოთხ გროშად, ორი კამფეთი ორ გროშად. მაშ კაცი? ვფიქრობდი ღრმად. გამდელი ანუ გადია არ მღირსებია, რადგან ბობოლა არა მყავდა, ამისთანა შემთხვევაში მე ჩემის თხოვნით მივმართავდი ხოლმე ბებერასთან – დედის დედასთან. ჩვენ სახლში ყველაზე ჭკვიანი ის მეგონა, პირველ კითხვაზე, თუ როდის გავიზდები — მიპასუხებდა, რომ მაშინ გახდებიო დიდი, თუ ჭკვანთ იქნებიო (მე იმისგან უფრო ტყუილი ვისწავლე ვიდრე მართლი) მეორე კითხვას უყურადღებით დააგდებდა, მესამე კითხვაზე კი ჩემდა გასაოცრად მეტყოდა ხოლმე, რომ ცოცხალ კაცს ფასი არა აქვსო, უფასოაო და რომ ვინმემ მოინდომოს ყიდვა ფასის მიცემას ვერ შეიძლებსო.

წარმოიდგინეთ რა ნაირად შევწუხდებოდი ხოლმე ამისთანა გაურკვეველ პასუხზე!....ამ გვარის პასუხის შემდეგ მე ღრმად ჩავფიქრდებოდი ხოლმე და ვხმარობდი ჩემს ყმაწვილურ ღონეს და ძალას, რომ გამეგო, აზრით მაინც, რა ეღირებოდა კაცი. ბოლოს გადავწყვეტდი ხოლმე, რომ უეჭველად ათასი მანათი უნდა ჰღირდს მეთქი. ათასს იმიტომ გვიქრობდი, რომ არ ვიცოდი რამდენია ეს „ათასი“ ჩემის აზრით განუსაზღვრელი უნდა ყოფილ ეს რიცხვი.

ახლა კი (ამ ომის დროს) ნამდვილად დავრწმუნდი, რომ მართლა კაცს ფასი არ ქონია: ერთი კვერცხი, ბოთლი ღვინო მეტად ეღირები, ვიდრე კაცი... არტაჰანის საავთმყოფოში დღეს გადაიცვალა ერთი ახალ-ციხელი — უფ. აბ. გადაიცვალა, მოკვდა, დამარხეს, — რა გამოვიდა? აქ ახალი არაფერია! განა ცოტანი კდებიან და იმარხებიან? განა

ცოტა დედა, ცოლი, ძმა, და შვილნი თვალ-სველნი?! ბევრი, რასაკვირველია.

ახლა საქმე იმაში არ არის, რომ მოკვდა; სიკვდილი არაფერი, საქმე სიკვდილის მიზეზი გახლავს. ეს საცოდავი უნაცვალა ერთს „აბაზს“, ესე იგი, ერთ აბაზად გაიყიდა წვალებით და ტანჯვით, უფ. აბ. იყო. მოვაჭრე და სტამბოლში დიდ ხანს ნამყოფი, როცა ომი სტყდა არტაჰანი აიღეს, მაშინ ის გადმოვიდა არტაჰანში და ვაჭრობდა.

მის ნავაჭრ ფულებში, ვინ იცის საიდგან, შერეულა ერთი ყალბი აბაზი. იმასაც ერთხელ ეს აბაზი უხაბროთ მიცა სალდათისთვის ხურდაში; სალდათს უცვნია აბაზის სიყალბე და წარუდგენია გოროდროდნიჩისათვის. პოლიციის მოხელეები დიდ აქლემის ოდენა საქმეს ისე მნიშვნელობას არ აძლევენ, როგორც ნემსის ოდენასა, თუ სადმე შენიშნეს მაგისთნა საქმე, ეცემიან, როგორც ქორი ქათამს რადგან ქორმა იცის, რომ ის ქათამი იმის მუცელს გააძღობს,.. მაშინვე შედგება ფიცხელი გამოძიება: აი, როგორ და სიდგან მოხდა ესა?.. კაცი, რომელსაც უცხოვრია სათათრეში და მაგისთანა წმინდათ თავის დღეში არ დაურთავს, რასაკვირველია, გაშეშდა და არ იცოდა თუ რომელ ერთ კითხვაზედ მიეცა პასუხი. კაცს ბრალი დედვა; დაამწყვდიეს, მაღაზია დაუკეტეს — ვაჭრობა გაუჩერეს. საწყალს შიშ კანკალისგან სიყვითლე დაემართა, როცა სიარულის ჩარა აღარა ქონდა, მაშინ შეიყვანეს საავათმყოფოში და შეიყვანეს იმისთანა ალაგას, საცა იყო ათასი კვნესა, ოხვრა სახადით ავათ-მყოფებისა. კაცობრიობის ჯანმრთელობის მხრუნველთ სრულიდ არ უფიქრნიათ, თუ უბედურზედ რა გავლენა ექმნებოდათ ამ გვარ სურათებს შენ არ მომიკვდე.....

ეს ავათ-მყოფი ჩვენ ბებრებს იქმნება უფრო მალე მოერჩინათ, აქაური მკვიდრი მცსოვრებლები, გაიგეს ეს შავი თუ, შიშ-კანკალში არიან ჯერ ამათ ისე არ გაუცვნით ჩვენი გულები და რომ მიხვიდე სავაჭროდ, ფულის მიცემის დროს, სანამ თვრამეტ ჯერ ალლახს არ დაგაფიცებენ რომ ყალბი არ არის, გულ-მშვიდათ არ იღებენ ფულს.

კაცს ღმერთი ყოველის მხრით არ დაჰკარგავს; მართალია ეს კაცი უბრალოდ ენაცვალა ერთ ყალბ აბაზს და დასტოვა ორი ობოლი და ღარიბი ტოლი უნუგეშოდ, მაგრამ გაჩნდა ერთი კეთილი კაცი და შვება მისცა მათ ძნელ მდგომარეობას…

ღმერთმა აცოცხლოს უფ. იასონ ევსელიანი და გაამრავლოს ამისთანა გულ-კეთილი ქართველები, რომელნიც არიან მანუგეშებელნი ბევრი ქვრივ-ოხერისა…

უფ. ევსელიანის გულ-კეთილობას, პატიოსნებას და ქართველებისთვის თავგანწირულობას ყველა აქ ჯარში მყოიფი მეომარი ღაღადობს. ოსები ასობით სტოვებენ თავიანთ ცოლ-შვილს და მოდიან იმასთნ სამსახურში შესასვლელად. რომ ჰკითხოთ თუ რად მოდიან იქიდამ, აქა სამი თუმნისთვის, გიპასუხებენ: — „იმტომ, სენი წირიმე, რომ ნაცალნიკი კარგი ხარ. იმისი სული წირიმე ისე, როგორც სვილი გიყურებ. ძალიან კარგი კაცი ხარ ყარა მაორი“. თათრები იმას ყარა მაიორს (შავ მაიორს) უძახიან, და ყველა იმის მზესა ჰფიცავს. განა მაგისთანა კაცის მზე საფიცველი არ არის თუ?

ს. ბავრელი.

იმერეთი. („ივერ“. კორეს.) მადლობა ღმერთს, მოვრჩით ამდენ ავდრებს, წვიმებმა, ბატონო, თავი მოგაბეზრეს: ვაი-ვაგლახით, როგორც იყო, დავსთესეთ სიმინდა, მაგრამ რად გვინდა? გათოხნა ვეღარ მოგვიხერხებია ამდენი წვიმისაგან, მართალია ათიოდე დღე იქნება, რაც წვიმა არ გვინახავს... რაც ძალი და ღონე გვაქვს ვეჩქარებით თოხნას, მაგრამ აგერ ლამის გამოგვალოს; რა ქნას კაცმა, არ ვიცი, ხან წვიმა გვაწუხებს გოლვა. იმედი კი გვაქვს მაინც მოსვლისა, იქნება ღმერთმან არ მოვიძულოს და ისევ ვაჭრების ხელში იქნებ არ ჩაგვაგდოს, წლევანდულებრ, შარშან, ბატონო, ცოტა არ იყოს, ზემო-იმერეთში ნაკლები მოსავალი გახლდათ, ამის გამო იძულებული შევიქენით გვეყიდა საზრდო, მაგრამ სად უნდა გვეყიდა? სადა, ბატონო, და სამეგრელოში, იქ წასვლა ჩვენ ასი ორასი ფუთი სიმინდის სასყიდლად ხელს არ მოგცემდა და ვერც წავედით. ამ შემთხვევით ისარგებლეს ვაჭრებმა, მოიტანეს რკინის გზით ათას-ათასი ფუთობით სიმინდი და დააგროვეს დუქნებში, მთელი ზესტაფონი და პოლ-სტანცია ძირულა აივსო სიმინდით. გაჩნდენ მყიდველე ბიც, მაგრამ ვაი ამათ ვაჭრობას, ფუთი სიმინდი ოთხ აბაზათ გააჩინეს, როგორც ერთგან, ისე მეორედგან. რას ვიზამდით, უნდა გვეყიდა. გული გვიკვდებოდა, რა გვექნა არ ვიცოდით, ამ დროს გავარდა ხმა ჩვენში, ერთმა ყმაწვილმა კაცმა სიმინდი მოიტანა და სხვაზე ორი შაურით უფრო იაფათ ჰყიდისო. მაშინვე, ვინც კი გავიგეთ, მივმართეთ ამ ყმაწვილს კაცს და ორი-სამი კვირის განმავლობაში ათას-ხუთასი ფუთი სიმინდი მეტი გაუსაღეთ, ჩვენ არ ვიცოდით, მას რამე მოგება ჰქონდა, თუ არა, მაგრამ მისი სხეული ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება. ჩვენდა საუბედუროდ. ამ ყმაწვილმა კაცმა სიმინდის ვაჭრობას თავი გაანება მაისშივე. დავრჩით ისევ ვაჭრების ხელში. ახლა კი იყარეს ამათმა ჩვენზე გულის ჯავრი. ფუთი სიმინდი გახადეს ოთხ აბაზ უზალთუნად. ახლა კი უფრო ხშირ-ხშირად გვაგონდება ხოლმე ჩვენი წინანდელი საცნობი ვაჭარი, ღმერთო, ისე კეთილი კაცი გამოგვიჩინე ვინმე კიდევ. ნუ ჩაგვტოვებ ამ ყლაპია ვაჭრების ხელში…

ამას წინათ, ბატონო, ურიებს ქრისტიანის ყმაწვილის წამებას აბრალებდენ, და ყველას ის ჰგონია აქ იმერეთში, რომ ყმაწვილი ნანდვილად ურიებისაგან მოკლულიაო, ამას წინათ რამოდენიმე საჩხერელი ურია დაიჭირეს ამ საქმის თაობაზე და ქუთაისში გაგზავნეს; საქმე გამომძიებელს აქვს მინდობილი და რა გამოვა შევიტყოთ. აქ ლაპარაკობენ ვითომ გუბერნიის დოქტორს უცვნია, რომ ყმაწვილი ძალად მოკლულიო.

გლეხი პავლია.

მოგვყავს მაგალითი, თუ რა ჭორი იწერება ჩვენს ქვეყანაზედ საზღვარ გარეთ გაზეთებში. ერთს ნემენცურს (ავსტრიულს) გავლენიანს გაზეთში.[1] აი რას იწერება მისი ტიფილისელი კორრესპონდენტი ქიზიყელების ამბავის თაობაზედ:

„მთავარმმართებელს ძალიან უსიამოვნო მდგომარეობა დაუხვდა, როდესაც დაბრუნდა. სხვა და სხვა ადგილებიდამ მიუვიდა ამბავი, რომელსაც მოჰყვა შიში და მთავრობის მიერ მტკიცე ზომიერება, ეს ყველაზედ უწინარეს შეეხება სიღნაღის ამბავს, სამხედრო მინისტრის განკარგულებით სამაზრო უფროსებს მოუვიდათ ბძანება. სამი კვირის წინედ შეკრიბონ ხელმეორედ ყველა დრუჟინები კავკასიის მილიციისა. რადგანაც ეს მილიცია მხოლოდ მარტში იყო დათხოვნილი, ამიტომ ამ განკარგულებას მოჰყვა ყველგან უკმაყოფილობა, რომელიც ზოგიერთ მაზრაში გადიქცა აშკარა აჯანყებად. ამ აჯანყებას ნამეტანი შიში მოჰყვა ქვემო და ზემო მაჩხაანში, უკმაყოფილოთ გადიყვანეს თვისი სახლობა და მოძრავი ქონება ალაზნის იქით და შემდეგ წაავლეს ხელი თოფ-იარაღს, რამდენიმე დღის შემდეგ უფროსები იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ ადგილი დაიარაღებულთათვის. სოფ. ანაგის ახლოს გამოჩნდნენ 800 ინსურგენტი და დაიპყრეს ყველა საომარი საყრაულონი. სოფ. ბაკურციხეში ინსურგენტები იერიშით მიადგნენ ალაზნის მხედრობის უფროსს, თ. ორბელიანს, რომელიც გაიქცა; გრაფი ტიხენგაუზენი კი ტყვეთ წაიყვანეს, თ. ვაჩნაძის შტაბის უმთავრესს სადგომს იერიშით მიუდგნენ და დიდი ზარალიც მისცეს. მხოლოდ სიღნაღის გუშაგმა შეიმაგრა თავი, რადგანაც დროზედ მიაშველეს რამდენიმე ასი ყაზახი. მეორე დასახმარებელი გუნდი გაგზავნილი იყო ტფილისის გუბერნატორისა და თ. ჭავჭავაძის წინამძღომლობით.

ეს ადგილი ზემოხსენებულის კორრესპონდენციისა გადმოვიღეთ რუსულ გაზეთ „Голос“-იდამ შესანიშნავი ის არის, რომ გაზეთს „Голос“-ს მოჰყავს ეს ცრუ-პენტელობა და თავის მხრით არავითარ სიტყვას, არავითარ შენიშვნას არ ართავს მას. რუსულს გაზეთს იმ გვარად მოჰყავს ეს ადგილი, თითქო ფიქრობს — აგები მე რამე ვისწავლოო ქიზიყელების ამბავის შესახებ, ახლა „Голос“-ი დაიწყებს ჩივილს — პირში თითს უდებ ევროპასაო და დახე მის სიბოროტეს, მკვნეტსო.

_______________

1 Politische Correspondenz.

2 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲back to top


საპოლიტიკო მიმოხილვა

როგორც უწინ მოგახსენეთ, კონგრესის ქმნილების სიმტკიცე ჯერ-ჯერობით ეჭვ-ქვეშ არის და გადაწყვეტილებით ვერ იტყვის კაცი ომი მოყვება კონგრესს თუ მშვიდობიანობა, მაგრამ ეს გარემოება, რასაკვირკელია, ნებას არ ართმევს კაცს იქონიოს აზრი და მხედველობა კონგრესის ქმნილებაზედ და მასზედ დართულ გარემოებათა შესახებ, ამ მხრით ღირს საცნობია ის სხვა და სხვა შთაბეჭდილება, რომელიც აწარმოვა კონგრესის მოღვაწყობამ თვითოეულის ქვეყნის საზოგადოებაში, რამდენათაც იგი შთაბეჭდილება გამოიხატებას მწერლობაში.

რამდენათაც ჰსურს — ოსმალოს ომიანობაში ჩართული იყო. „ჩაგრულთა განთავისუფლება ოსმალეთის მფლობელობისაგან, იმდენად სამუდამოდ გარდაწყვეტილია. ეხლა ბალკანიის ხალხთა შორის ზოგიერთნი თავის ანაბარაზედ არიან მაშვებულნი, ზოგიერთნი უნდა გახდნენ სხვა ევროპიელის პატრონის ქვეშევრდომნი, მოემატებათ „ჩაგრულთ“. დღეგრძელობა და კეთილ-მდგომარეობა, თუ არა — ღმერთმა უწყის, მაგრამ ერთი გარემოება კი უეჭველია: თუ კიდევ ასტყდა ომიანობა, ამაში „ჩაგრულთა დაცვას“ არ ვათარი ადგილი აღარ ექმნება, და მიზეზი, მოპოვებულ უნდა იქმნეს სხვა რამეში. ბედნიერნი იქმნებიან ბალკანიის მცხოვრებნი თუ უბედურნი მათი მდგომარეობა იმ გვარადვე იქმნება მოწყობილი, როგორადაც მოწყობილია სხვა ევროპიის ხალხის ცხოვრება, მაშასადამე ომიანობა მათთა განთავისუფლებისათვის ცოტად თუ ბევრად იმედიც უნდა გაუწყდეთ მათთა უსაყვარლესის წადილის შესახებ. მართლა და რაღას უნდა დაართვან სლავიანთა მარადი „მიდრეკილება უფროს მოძმეთადმდი“, და სხვ.? იქმნება. ამიტომაც გაბრაზებულან ზოგიერთ გაზეთები კონგრესის გადაწყვეტილების თაობაზედ. ანკი როგორ არ უნდა გაბრაზდნენ, როდესაც ნათლად ჰხეადვენ, რომ ევროპა ხელიდგან აცლის სლავიანებს და მით აცლის აგრეთვე კარგ შემთხვევას ყოველ გვარის დაპყრობისას, გარეშე მძლავრობის გავრცელებისას და სხვ. აცლის და მერე როგორ? თქვენ ხომ კერძო ანგარიში ფიქრშიც არა გქონიათო, — ეუბნება თითქოს ევროპა, — თქვენ ხომ დღე და ღამე მარტო ის გაგონდებოდათო, რომ როგორმე საწყალი სლავიანებს ხელი მოუმართოთო და ოსმალეთის მტარვალობისაგან დავიხსნათო, აი ეხლა ხომ დახსნილნი არიანო, და თქვენის უანგარო გრძნობისათვის ესეც საკმარისიაო…

ოსმალეთის არსებობა ევროპაში დამოკიდებული იყო, როგორც მოგეხსენებათ, ევროპის სახელმწიფოთა ურთიერთშორის ცოლობაზედ და შურისძიებაზედ. დიდი ხანია ევროპაში ოსმალეთის ხსენებაც არ იქმნებოდა, ეს ცილობა რომ არ ყოფილიყო და აგრეთვე შიში ევროპის ომიანობის ატეხისა, რადგანაც ოსმალეთის გაქარწყლება იმავე დროს უნდა ყოფილიყო შისის მემკვდრეობის დაყოფა სხვა და სხვა სახელმწიფოთა შორის. ბელინის კონგრესმა, იკისრა ორგვარი საქმე: ერთის მხრით ოსმალეთის გაქარულება ევროპაში და მეორეს მხრით ევროპიის მშვიდობიანობის დაცვა, რაღა თქმა უნდა, რომ ძნელი საქმე უკისრნია კონგრესს, და ამიტომ ბევრი სამდურავიც უნდა მოჰყვეს მის გადაწყვეტილებას, ასეც მოხდა, მით უფრო, რომ კონგრესმა ჯერ-ჯერობით მარტო ევროპის ორმა სახელმწიფომ (გარდა რუსეთისა და მცირე სახელმწიფოთ, როგორც მაგალითებრ საბერძნეთი, სერბია, ჩერნოგორია) ირგუნა მსხვილ-მსხვილი ლუკმა — ავსტრიამ და ინგლისმა, თუმცა კონგრესის მოღვაწეობას ეძახიან ოსმალეთის პირველს გაყოფას, რომელსაც უნდა მოყვეს მეორე და იქმნება მესამეც; მაგრამ მაინც რაც ეხლა მოხდა იმაზედაც ბევრი სამდურავი ისმის, მეთქი რა ირგუნა ავსტრიამ — მოგეხსენებათ კიდეც. რაც შეეხება ინგლისს, მას თუმცა პირდაპირ კონგრესიდამ არა გამოუტანია რა, მაგრამ კონგრესის გარედ კი კაი ლუკმა გამოგლიჯა ოსმალეთს. ამისათვის ინგლისმა იხმარა უცნაური და ღირს-შესანიშნავი ოსტატობა. გეხსომებათ ის პირშეკრულობა ინგლისსა და რუსეთის შორის, რომელიც გააქვეყნა გაზეთმა „Globe“-მა და რომელიც დადგენილ იქმნა ვიდრე კონგრესი შეიკრიბებოდა. გეხსომებათ აგრეთვე, რომ ამ პირშეკრულობის ძალით ინგლისმა პირობა მისცა რუსეთს ბათუმის შესახებ არავითარ წინააღმდეგობას არ გაგიწევ კონგრესში, თუ სხვა სახელმწიფონი რას იტყვიანო, ეხლა გამოჩნდა, რომ ინგლისს ოსმალეთთანაც შეუკრავს პირობა, რომლის ძალით ოსმალეთმა უნდა დაუთმოს ინგლისს კიპრის კუნძული. საქმე მდგომარეობს შემდეგში: როდესაც ინგლისს ზემოხსენებულ პირ შეკრულობაზედ მოუწერია ხელი ლორდ-სალისბერის გაუგზავნია ლეირდისთვის (ინგლისის ელჩი სტამბოლში) დეპეშა, რომელშიც მოხსენებულია, რომ რუსეთი, როგორც ეტყობა, ბათუმზედ ხელს არ აიღოსო. ეს გარემოებაო, ამბობს დეპეშა, ინგლისისათვის სულერთი არ არისო. კიდეც დარწმუნებული იყოსო, რომ ბათუმისა, არტაჰანისა და ყარსის შემდეგ რუსეთი სხვა ადგილებსაც (მცირე აზიაში) არ წასწვდებაო, რაც უნდა იყოს, ამ სიმაგრეების დაჭერა რუსეთის მიერ თვით აზიის ოსმალეთის დარღვევკას მოასწავებსო. ოსმალეთის მფლობელობის დაცვისათვის მცირე აზიაში მხოლოდ ერთი საშვალება სუფევსო ერთმა რომელიმემ ძლერმა სახელმწიფომ უნდა იკისროსო თოფ-იარაღით დაუხვდეს ყველას, ვინც ოსმა ათას სამფლობელოში შემოვარდებაო. ამისათვის ინგლისის ჯარის სიახლოვე ურიგო არ იქმნებოდაო, და ამ ჯარს სადგომად უფრო კიპრის კუნძული მოუხდებოდაო. ეს კუნძული ისევ ოსმალეთის მფლობელობის ქვეშ დარჩებოდაო და ყოველი შემოსავალი, გარდა იმისა, რაც მმართველობას დასჭირდებოდაო, შეტანილ იქმნებოდაო ოსმალეთის ხაზინაში, ამისთანავე ლორდ-სალისბერის შეუთვლია ლეიარდისთვის, ოსმალეთის მთავრობას ამის თაობაზედ პირობა შეაკვრევინე ინგლისთანაო. ოსმალეთი შინვე თანახმა გამხდარა და შემდეგ პირ-შეკრულობაზედ მოუწერია ხელი.

„თუ ვინიცობაა. რუსეთმა ჩაიგდო ხელში ბათუმი, ან არტაჰანი, ან ყარსი (სამივე ერთად), და თუ ვინიცობაა შემდეგში ხონთქრის სხვა სამფლობელოის დაპყრობაც დააპირა, ინგლისი მოვალეა, შემწეობა მისცეს ხონთქარს თოფ-იარაღით. ამის სამაგიეროდ ხონთქარი აძლევს ინგლისს პირობას მოახდინოს თვის ქვეყანაში ჯეროვანი ცვლილება რათა უკეთეს ფეხზედ დააყნოს მართველობა და ხელი მოუმართოს ქრისტიანთა და სხვა სარწმუნოების ქვეშევრდომთ; გარდა ამისა ხონთქარი უთმობს ინგლისს კიპრის კუნძულს, რათა შეაძლებინოს მას მოვალეობის (ე.ი. ოსმალეთისავის დახმარება) აღსრულება. „თუ ვინიცობაა რუსეთი როდისმე უკანვე დაუბრუნეს ოსმალეთს შეძენილს ადგილებს, ეს პირ-შეკრულობა გაუქმდება და ინგლისელები დასცლიან კიპრის კუნძულს, ეს პირ-შეკრულობა 4 თიბათვეს. (26 მაისს) წაკითხულ იქნა ინგლისის პარლამენტში. მინისტრმა კროხმა დაუმატა კიდევ შემდეგი: „რადგანაც ეხლა, კონგრესის განჩინების ძალით, სუფევს კიდეც ის გარემოება, რომელზედაც დამოკიდებულია მოხსენებული პირ-შეკრულობა (ე.ი. რადგანაც კონგრესმა არგუნა რუსეთს, ბათუმი, არტაჰანი, ყარსი), ოსმალეთის მთავრობამ გამოსცა ბძანება, რომლის ძალით ინგლისს ეხლავე ეძლევა კიპრის კუნძული. ამის თაობაზედ ინგლისის მთავრობამ მოახდინა კიდეც ჯეროვანი განკარგულება და კუნძულის მმართველად დანიშნა უფ. უოლსლეი“, ოსტატობაც ეს არის!

კიპრის კუნძული მდებარეობს მცირე აზიის ახლოს, ხმელეთა შორის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის კუთხეში, ეს კუნძული ღირს-შესანიშნავია, როგორც ბუნებითის

სიმდიდრით და სიუხვით, აგრეთვე თვის ადგილ-მდებარეობით, რომლის ძალით მის მფლობელს შეუძლიან მტკიცედ ეჭიროს თვალყური ერთის სუეცის არხისკენ, მეორეს მხრით მცირე აზიაში, თუ კიპრი ამჟამად დაცემულია და მისი სიმდიღრე ოხრად მიგდებულია, მაგრამ ინგლისელები მალე უპატრონებენ.

ზემოსენებული პირ-შეკრულობა კიპრის თაობაზედ რომ გამოცხადდა ელდა ეცათ, მაგალითებრ, საფრანგეთს და იტალიას, როგორც რუსთ-ინგლისის ხელშკრულობამ გააკვირკა საფრანგეთი, ისე ამ უკანასკნელმა პირშეკრულობამ. ორივე შემთხვევაში ინგლისმა უღალატა თვის წინ პირველი პოლიტიკას აღმოსავლეთ ის საქმის თაობაზედ. ინგლისი სულ იმას იძხდა, რომ ოსმალეთი ხელუხლებელი უნდა დარჩესო, ან არა და, თუ მისი უწინდელი მდგომარეობა შეუძლებელია, მისი შეცვლა შეუძლიანო არა თვითოეულ სახელმწიფოს ცალკე, არამედ მთელს ევროპას საერთოდო, ეხლა კი ინგლისის თავის ნებით არავის დაუკითხავად[1] ლუკმა გამოგლიჯა ოსმალეთს. გარდა ამისა იტალია და საფრანგეთი გულ-ნაწყენნი არიან კიპრის თაობაზედ, რადგანაც ხმელთთა-შორის ზღვაში მათაც აქვს თვისი საკუთარი სარგებლობა, რომელსაც დიდ ვნებას უქადის ინგლისის უპირატესობა ამ ზღვაში. საფრანგეთის უმთავრესი გაზეთები პირ-და-პირ ამბობენ, რომ ინგლისი თვის პირ-შეკრულობით დიდ მოვალეობას კისრულობსო და აგრეთვე დიდ პასუხის გებასაცაო.

თვით კონგრესის მოღვაწეობაზედაც მრავალი სამდურავი ისმის, მაგალითებრ, ისმის სამდურავი ბესსარაბიის შესახებ, რომელიც რუსეთს მისცესო, თვით მცხოვრებთა დაუკითხავადაო. ისმის უკმაყოფილება აგრეთვე იმაზედ, რომ კონგრესმა საკმაოდ არ აუსრულა საბერძნეთს მისი საწადელი და მით სიმტკიცე მოაკლო თავის გარდაწყვეტილებას, რადგანაც ადრე თუ გვიან ბერძნები მაინც და მაინც თავისას გაიტანენ.

— ბერლინის სასამართლოს განუხილავს ჰედელის საქმე და გარდაუწყვეტია მისთვის სიკვდილით დასჯა. რაში მდგომარეობს საქმე — ცოტად თუ ბევრად მოგეხსენებთ, ასე რომ ბრალმდებელის ოქმის მოყვანა საჭირო არ არის. მოგეხსენებათ აგრეთვე, რომ ჰედელმა წინა გამოძიებაში თუმცა აღიარა დამბაჩის გასროლა, მაგრამ სთქვა, რომ ჩემ თავს გესროლეო; სიგლახაკემ სიცოცხლე გამიჭირაო და მდიდარისა, მაძღარის ხალხის წინაშე ვისურვე თავის მოკვლაო, ბრალმდებელის ოქმის გითხვის დროს ჰედელი იქცეოდა მშვიდად და გულადად.

სასამართლოშიც ჰედლი სულ იმაზედ იდგა, რომ ტყუილი უბრალოდ მამიგონეს იმპერატორის მოკვლის სურვილიო. ბრალდებულის მოსარჩლე სცდილობდა გამოეყვანა ქედელი, როგორც მსხვერპლი სოციალ-დემოკრატთა ქადაგობისა, რომელმაც გაუწყვიტაო ჰედელს ყოველგვარი პატივისცემა უფროსთადმი. იგი გახდაო წინააღმდეგი საზოგადოებისა, თვისი სახლობის, თვისი თავისა. სიცოცხლისა და მის შორის აღარავითარი კავშირი არ სუფევდაო. თავის-თავის მოკვლა მისთვის უფრო შესაფერი საშუალება იყოვო ვიდრე ხელმწიფის მოკვლა. ჰედელის ზნეობითი მდგომარეობა იმ გვარი იყო, რომ საკვირველი არა არის რაო, თუ ისურვა მან თავის მოკვლა ამ წუთის სოფლის ძლიერთა წინაშე. ერთის სიტყვით მოსარჩლე ცდილობდა ეჩვენებინა ბრალმდებლობის სისუსტე ჰედელის დანაშაულობის დასამტკიცებლად, უწინაც უცდია ჰედელ თავის-თავის მოკვლა.

ადვოკატის სიტყვის შემდეგ, თავმჯდომარე მიუბრუნდა ბრალდებულს და ჰკითხა — ხომ არას იტყვიო თავის გასამართლებლათაო, ჰედელმა უპასუხა: „მადლობელი გახლავარ, საჭირო არ არისო“. ჰედელი გამოვიდა სასამართლოდამ იმ გვარათვე მშვიდი და პირმღიმარე, როგორიც განჩინების განმავლობაში იყო. შუადღის ხუთის ნახევარზედ გამოაცხადეს სასამართლოს გარდაწყვეტილება, რომლის ძალით ქედელი გამტყუნებულ იქმნა სახელმწიფოის ღალატობაში და მიცემულ სიკვდილს. ბორკილი რომ გაუბეს, ჰედელმა სთქვა: ეს ცერემონია სრულიად საჭირო არ არისო, რადგანაც დიდის სიამოვნებით წავალ ციხეშიო და ხვალვე რომ დამახრჩონო არას ვიტყვიო. შემდეგ დაიძახა „გაუმარჯოს კომმუნასაო!“ და გამოვიდა სასამართლოს სასახლედამ.

____________

1 კიპრის თაობაზედ კონგრესს არავითარი ლაპარაკი არა ჰქონია

3 საქართველო ანდრია მოციქულის დროს

▲back to top


საქართველო ანდრია მოციქულის დროს

არტაგის შემდეგ საქართველოს მეფედ დაჯდა იმისი ძე ბარტომი, რომელმაც იმეფა 33 წელი (66 — 33 ქრისტეს წინად). იმის დროს სპარსეთში მამა-მძუძესგან აღზრდილმა ფარნაჯომის შვილმა მირვანმა, ქველმა, მხნემ, მხედარმა და მრავალ-გზის გამოცდილმა ბრძოლაში თურქებთან და არაბებთან, სპარსეთის სპის ძალით მოსთხოვა მამის ტახტი ქართლის ერისთავებს, მე ვარ ასე შეუთვალა იმათ — შვილი მეფეთა თქვენთა ფარნავაზიანთა, დაღაცნუ აღზდილ ვარ სპარსთა თანა, არამედ ვარ მე სჯულსა ზედა მამათა თქვენთასა, სასოებითა მოვალ ძიებად მამულისა ჩემისა, ერისთავთ არ შეიწყნარეს ბრძანება მირვანისა და ყველანი მიემხრნენ ბარტომს. ბარტომმა შემოიკრიბა სპა ქართლისა, მოირთო სომხეთით ძალი და მიეგება ის მირვანს ხუნანში, ბერდუჯის მდინარეზე. ასტყდა ბრძოლა ბუმბერაზთა. „მარვანმა თავისის-თავით მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი, და არავინ გამოჩნდა ქართველთა და სომეხთა შორის მძლე მირვანისა და ვერცა მეფე ბარტომ ჰბრძოდა მას, რამეთუ არა იყო მისთანა ძალი გოლიათობისა, იძლივნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთაგან და მოკლულ იქმნა მეფე ბარტომ, ხოლო ბარტომს არა ესვა ძე, არამედ ასული ერთი, და სიცოცხლესავე მისსა მოეყვანა ეგრისით ძის წული ქუჯისა, სახელით ქართამ, რომელსა შესდგმიდა ფარნავაზიანობა. ფარნავაზის დის ქუჯის ცოლისაგან და დედისა მისისა საურმაგის ასულისა ქუჯის ძის ცოლისაგან. და ამის ქართამისდა ეგრისით მიეცა ასული ცოლად ბარტამ მეფესა და აღეღო. ესე შვილად. ქართველთა სათნოებისათვის ექმნა ფარნავაზიანთ მიმართ; რამეთუ არა უნდა ქართველთა სხვისა ნათესავისა მეფობა, რომელსაცა არა შესდგმიდა ფარნავაზიანობა. ესე ქართამი მასვე წყობასა შინა მოიკლა ბარტომისთანა. ხოლო ცოლი მისი, ასული ბარტომისა უძლები დარჩა და ივლტოდა სომხითს. მუნ ჰშუა ყრმა, რომელსა უწოდა ადერკი“.

მირვანმა დაიპყრა ქართლი; იმან ფიცით და აღთქმით გამოიყვანა ციხე-სიმაგრეებიდამ ერისთავნი; მძლავრობით შეუღლდა ბარტომის ქვრივს, რომელიც იმყოფებოდა სამშვილდეს. ამ დროს სომხეთში იზდებოდა ადერკი. ის იყო ტანოვანი, გოლიათი და მრავალ-გზის გამოცდილი სომეხთა ბრძოლაში სირიელებთან. იმას მოეკლა მრავალი ბუმბერაზი და სახელოვან ქმნილ იყო. გამოსთხოვა სპა სომხეთის მეფეს და წარმმართა ქართველთ მეფეზე, მირვანის შვილზე არშაკზე, რომელიც იმისივე დედის-ძმა იყო, თვით არშაკმა შემოკრიბა ყოველნი ქართლის ერისთავნი, მოირთო ძალი სპარსეთით და თრიალეთზე იწყეს ბრძოლა ჩუგლუგებით და მშვილდ-ისრებით. „ოდეს უხეთქნიათ ჩუგლუგი იგი საჭურველსა მათსა ზედა — იტყვის ქართლის-ცხოვრება, — მზგავს იყვეს ხმასა უროსასა. რომელ იცემის მჭედლისაგან გვრდემლსა ზედა, და და ხმა ზახილისა მათისა მგზავს იყო ქუხილისა, მაშინ ვერა სძლეს ერთმანერთსა, დაჰშვრეს და უკუდგეს ამიერ და იმიერ. შეღამდა დღე და განისვენეს ორთავე, და დილეულ კვალად გამოვიდეს, აღიღეს მშვილდები, იწყეს რბევად და სისრად ერთმან-ერთისა. ჰკრა ადერკმა ისარი მკერდსა არშაკისასა და ვერა უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, განვლო ზურგით და ჩამოვარდა არშაკი ცხენისაგან შეიქცა ადერკი მსწარაფლ მივიდა. სპათა თანა სომხითისათა და ჰრქვა: გაფუცებ ღმერთთა თქვენთა, ნუ განმარტებთ მახვილთა თქვენთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნი ჩვენნი და აწ მე ვარ მეფე მათი ძალითა და შეწევნითა თქვენითა. ისმინეს სომეხთა ვედრება მისი და დაადგერს ადგილსა ზედა-შემოიქცა და მოვიდა მახლობლად ქართველთა სპისა და ხმა ჰყო ხმითა მაღლითა: „მე ვარ შვილი მეფეთა თქვენთა და სვესა ჩემსა მოუცემია მეფობა ჩემდა. აწ მიიღეთ ჩემგან კეთილი და სიხარული. აქა ესერა სპანი სომხითისანი არა მოუშვეს თქვენზედაო“. მაშინ მიუგეს ქართველთა: „გამოსჩნდა უმჯობესი ყოგელგან ნათესავთა ფარნავაზისათა. რადგან მოკვდა მეფე ჩვენი, და ვმადლობთ სვესა ჩვენსა, რამეთუ მოგვცა საზღვრად მეფისა ჩვენისა შვილივე მეფეთა ჩვენთა, გოლიათი და სახელოვანი, გარდახდეს ყოველნი ქართველნი და სცვივეს პირსა ზედა თვისსა და თაყვანი-სცეს ადერკის და მშვიდობით შეკრბეს ერთად სომეხნი და ქართველნი და სპარსნი რანისანი და მიიღეს ქართველთა გვირგვინი არშაკისა და დაადგეს ადერკის“.[1]

ამ გვარად დაარსდა კვლავ ჩვენში ქართლოსიანთ სახლი ანუ ფარნავაზის შთამომავლობა. ადერკმა იხელმწიფა მეორის წლიდამ ქრისტეს შობამდე ვიდრე 55 წლამდე ქრისტეს შემდეგ. შემდეგ ადერკისა იმისნი შთამომავალნი მეფობდნენ ერთი მეორის შემდეგ შეუწყვეტელად საუკუნეზე ცოტა მეტი დრო და 186 წელს კი მოისპნენ სრულებით. უკანასკნელი იმათი სახლის წარმომადგენელი იყო ამზასპ მეორე. 186 წელს ქართლოსიანთ ტახტზე დაჯდა ისევ წევრი არშაკიდებისა, მაგრამ ის იყო ძე სომხის მეფისა რევი, რომელიც მეფობდა 213 წლამდე და შემდეგ მეფობდნენ იმისნი სუსტნი შთამომავალნი 265 წლამდე. ამ დროდამ კი ანუ მირიან მეფის დროდამ აღმოჩნდა ახალი სამეფო გვარი ხოსროიდებისა ანუ, უკედ ვთქვათ, სპარსეთის სასანიდების შტო, რომლის შემდეგაც საქართველოს ტახტზე დამყარდნენ ბაგრატიონნი.

ადერკის მეფობაში რამდენიმე შემთხვევაა ღირს საცნობელი: მგზავრობა ანდრია მოციქულისა საქართველოს დასავლეთს მხარეებში ქრისტეს აღსარების განსავრცელებლად; საქართველოს აღწერა განვითარებულთ უცხო-ტომთ მწერალთაგან, სტრაბონისაგან და ტაციტისაგან; თვით ადერკის შემდეგ მოხდა: საქართველოს დაყოფა ორ-ორთ მეფეთა შორის და იმისი საზღვრები დაჭერა სომხეთის მხრივ სომხების მეფეებისაგან, რომელსაც შეუდგა ხანგრძლივი ბრძოლა იმათთან ქართველებისა ამ საზღვრების გამო.

ქართლის-ცხოვრება ჩვენ წინა-პართ ძველს სარწმუნოებას და ზნეობას თავ-და-პირველად შეეხება მამასახლისების დროს. მივუგეთ იმის თქმულებას. „მას ჟამსა — იტყვის იგი — დაივიწყეს ქართლოსიანთა ღმერთი დამბადებელი და იქმნეს მსახურ მზისა, მთვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა.[2] ქაიხოსრო სპარსთა მეფემ „მოვლო ყოველი სომხეთი და ქართლი... და დაუტევნა ერისთავნი და აღაშენა არდაბადაგანს სახლი სალოცავი სჯულისა მათისა...[3] ქართველთა დაიპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთა, რამეთუ ცოლ- ქმრობისათვის არა უჩნდათ ნათესაობა, და ყოველსა სულიერსა ჭამდეს. საფლავი არა იყო, მკვდარსა შესჭამდეს. „ალექსანდრე მაკედონელმა ჰპოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა, რამეთუ ცოლ- ქმრობისა და სიძვისთვის არა უჩნდათ ნათესაობა, ყოველსა სულსა სჭამდეს, მკვდარსა შესჭამდეს“.[4] „და უბძანა ალექსანდრემ აზონს, რათა პატივს-სცემდენ მზესა და მთვარესა და ვარსკვლავთა ხუთთა, და მსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა“.[5] „მოკვდა ალექსანდრე და ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული. იწყო კერპთ-მსახურებად და შექმნნა ორნი კერპნი ვერცხლისანი, გაცი და გაიმ“.[6] „ვახუშტი დაურთავს: აზონმა ნება-მისცაო ქართველებს თავიანთის შვილების მსხვერპლად შეწირვისა კერპთათვის.[7] „ფარნავაზ მეფემ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა. ესევე არს არმაზი, და ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა მიერიდგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთვის. და ქმნა სატფურები დიდი კერპისა მისთვის აღმართებულისა…“ „რადგან წარვიდა ალექსანდრე, არღარა სჭამდეს კაცსა, თვინიერ რომელ შესწირვიან კერპსა მსხვერპლად“.[8] ფარნავაზის შვილმა „საურმაგ შექმნა ორნი, კერპნი, აინინა და დანანა, და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა“.[9] ფარნაჯომ ნებროთიდზე ქართლის-ცხოვრება იტყვის: „შეიყვარა სჯული სპარსთა ცეცხლისა მსახურება, მოიყვანა სპარსეთით ცეცხლისა მსახურნი და მოგვნი და დასხნეს იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქვიან მოგვთა, და იწყო ცხადად გმობად კერპთა. ამისთვის მოიძულეს იგი მკვიდრთა ქართლისათა, რამეთუ დიდი სასოება აქვნდა კერპთა მიმართ.“ ეს იყო მიზეზი, როგორც ზემოდ მოვიხსენეთ, რომ ქართველებმა ფარნაჯომი განსდევნეს და მეფედ მოიწვიეს არშაკ არშაკიდი.[10] მოვიდა ათორმეტთა მოციქულთაგანი ანდრია ქალაქად ტრაპიზონდ, რომელ არს სოფელი მეგრელთა, და იხილა უგუნურება პირუტყვებრივი მკვიდრთა შორის მის ქალაქისათა;

განვიდა მიერ და შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, ხოლო მუნ კაცნი პირუტყვთა უგუნურეს იყვნეს, რამეთუ არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა და ყოველსა საძაგელსა და არა წმინდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადცა უჯერო არს…“ „მოვიდა საზღვართა სამცხისათა; აქ სოფელსა ზადენ-გორას იხილა, რამეთუ კაცნი მის ადგილისანი უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა.... და ყოველნი იგი კერპნი დაემხვნეს და შეიმუსრნეს.“[11] „ხოლო აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა ხოსანგეთი, იყო ტაძარი საკერპო და მას შინა იმსახურებოდეს კერპნი მათნი“.[12]. „იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდეს ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ. და ვითარცა იხილეს საქმე ესე (ქვრივის აღდგინება მკვდრეთით ანდრია მოციქულისაგან) მღვდელთა მათთა, აღივსნეს შურითა, ხალხი იტყოდა. „აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი“[13]. მეფე რევზე ამოვიკითხავთ ქართლის-ცხოვრებაში: „ამან რევ მოიევანა საბერძნეთით ასული ლოღეთეთის, სახელით სეფელია, მოისვნა თანა კერპი, სახელათ აფროდიტოს და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა... მეფობასა შინა მისსა არღარავის უტევა ქართლსა შინა ყრმათა კლვა, რომელსა იგი ამისსა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შესწირვიდეს მსსვერპლად ყრმათა და ვიდრე იგი იყო მეფედ არღარავის კლვიდა ყრმათა კერპთათვის. ხოლო ცხვრისა და ზროხის შეწირვა განუწესა“[14]. როდესაც სპარსეთის მეფემ ქასრემ ქართველების თხოვნით მოსცა იმათ მეფედ თავისი შვილი მცირე-წლოვანი მირიანი, მაშინ ქასრემ უბრძანა მირიანის მამა-მძუძეს მირვანოზს, რათა იყოს შვილი ესე ჩემი ორსავე სჯულსა ზედა, მამათა ჩვენთა ცეცხლის — მსახურებასა და თქვენთა კერპთასა“.[15] „აღიზარდა მირიან მსახურებასა შინა შვიდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა... და ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონთა, კეთილად იპყრნა ქურუმნი (მღვდელნი) კერპთანი და ყოველთა მკვეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა მას კერპთასა.[16] „წმინდამან ნინო ურბნისის ქალაქში იხილა ერი უცხო და უცხოთა ღმერთთა მსახურნი, რამეთუ თავანის სცემდეს იგინი ღმერთად მათდა ტეცხლსა, ქვასა და ხეთა.... დღესა ერთსა აღიძრნეს ურნი დიდნი სიმრავლითა მით ქალაქით წარმავალნი დედა–ქალაქად სამეფოდ მცხეთად.... წინაშე არმაზ ღვთისა მთისა და წარყვა მათ წმინდა ნინო... და დაისადგურეს მათ წიაღ მოგვთასა, ხიდსა მას ზედა; იხილა მუნ მოგობა ცეცხლის-მსახურთა მათ ერთა... და საყვირისი და გამოსვლა ერისა ურიცხვისა... და ზარი საშინელი ვიდრე გამოსვლამდე მეფისა... ჰეკითხა წმინდამან ნინო დედაკაცსა ურიასა: „რაი რის ესე“. „ღმერთი ღმერთთა არმაზ უწესს მათ წინაშე მისსა აღსვლად, რომლისა მსგავს არა არს სხვა კერპი“.[17] „შეუსწრო წმიდამან ნინო ციხედ არმაზად და დადგა იგი მახლობელად კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა და ხედვიდა... ვითარ იგი იყო.. შიში და ძრწოლა ზარისა აღსახდელი მეფეთა მათ და ყოვლისა ერსა, წინაშე კურპთა მათ წარდგომილთა, რამეთუ იხილა მუნ წმინდამან ნინო მდგომარე კაცი ერთი სპილენძისა, რომელსა ეცვა ტანსა მისსა ჯაჭვი ოქროსა, და თავსა მისსა ჩაფხუტი ოქროსა, სამხრენი და თვალნი მისნი იყვნენ ზურმუხტისა და ბივრიტისანი, და ეპყრა ხრმალი ხელსა მისსა, ელვარე და ბრწყინვალე, რომელი იგი იქცეოდა ხელსა შინა მისსა. არავინ განუკრძალველად შეემთხვევოდის კერპსა მას, არამედ ესრედ განიკითხის თავი თვისი და თქვის: ჩემდა, უკეთუ დასამევაკლდი დიდებასა დიდისა ამის ღვთისა არმზისასა, ანუ შესამევსცე სიტყვად ებრაელთა თანა, გინა მოგვთა თანა სმენასა ოდენ დამთხვეულ იყო მზისა მსახურთასა… და კვალად იყო მარჯვენით მისსა სხვა კერპი ოქროსა, სახითა კაცისათა, მდგომარე და სახელი მისი გაცი, და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვერცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი იგი ღმერთად უჩნდენ ურთა მათ ქართლისათა“.[18] როდესად წმინდამან ნინო ლოცვის ძალით კერპნი დაამხო, მაშინ უმრავლესნი იგი იტყოდეს გულ-ფიცხელნი, მოუდრეკელნი ესრეთ, ვითარმედ ქალდეველთა ღმერთი ითრუჯას და ჩვენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე ურთიერთისა მტერ არიან, რამეთუ ამან ოდესმე მათზედა ზღვა მოიქცია, და აწ მან შური იძია და მოაწია ესე ამასზედა, ხოლო რომელნიმე ესრეთ იტყოდეს, ვითარმედ რომლის ღმერთისა ძალითა თრდატ, სომესთა მეფე ეშვად შეიცვალა, და კუალად ეშკისაგან კაცადვე მოაქცივნა, მან უკვე ღმერთმან ჰყო და მოაწივნა ესე რისხვა თვისი მათ ზედა.[19]

როგორც ამ გამონაწერიდამ სჩანს, ჩვენი მატიანე უჩვენებს ორს სხვა და სსვა მხარეს, საიდამაც საქართველოში ძველი აღსარება გავრცელებულა. ეს მხარეების საბერძნეთი და სპარსეთი აზონს შემოაქვს გაცი და გაიმი; საურმაგს — აინინა და დანანა; ფარნაჯომს — ზადენი. ანდრია მოციქულის დროს მესხნი მსახურებენ ბერძნების ღმერთებს არტემის და აპოლონს, რვეის მეუღლე, ასული ლოღოთეთისა, შემოიტანს აფროდიტს. ვიდრე ბერძნების სარწმუნოებრივი გავლენა აღმოჩნდებოდა ჩვენ მხარეში, ბევრით ადრე იმ დროებზე აქ ვპოულობთ იმავე აღსარების წესს და ღმერთებს, რომელნიც აღმოიპოებიან ტავრო - სკვითებში და რომელთაც თვით საბერძნეთის ტომნი ექვემდებარებოდნენ, ამ საგანს ქართლის ცხოვრება შეეხება; „მსასურებდნენ მზესა, მთვარესა და ხუთთა ვარსკვლავთა,“ სპარსეთიდამ ჩგენ შემოგვიტანია არმაზი. ქართლის-ცხოვრება იტყვის ფარნავაზზე: „შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თავსსა, ესე იგი არმაზი,“ მაგრამ ცხადია, რომ არმაზი ძველადვე დამყარებულა საქართველოში, ჩვენი არმაზია სპარსების ორმოზდი, სომხების არმაზტი. ის სპარსეთში იყო „მზის ანუ ცეცხლის წარმომადგენელი; იმისნი მსახურნი იყვნენ მოგვნი. საქართველოში და სომხეთში იმას კერპთმსახურების გავლენის ქვეშ შეუცვლია თავისი ხასიათა და ბუნება: აქ ის გარდაქცეულა საწარმართო კერპად და რადგანაც სხვა კერპებზე ხალხის აზრში უძლიერესი ყოფილა, ამისთვის ის აქ, როგორც სომხეთში, უმთავრეს ღმერთად გადაქცეულა. სომხეთის არმაზტი იწოდებოდა ღმერთების მამად და მეფედ; იმისი ტაძარი იყო აღმართული ანის ქალაქში; აქვე ჰქონდა ადგილი სადგომი არამაზტის მღვდელთ-მთავარს.[20] მოსე ქორენელის სიტყვით, ქართველების არმაზი, ჭექა-ქუხილის მპყრობელი, აღმართულა იყო ქალაქს გარედ, გაღმა მდინარისა, ჩვეულებისამებრ ქალაქის მცხოვრებნი თაყვანს-ჰსცემდნენ იმას ყოველ-დღე, განთიადის დროს, თავიანთის სახლის — სართულებიდამ და ვისაც იმისთვის მსხვერპლის შეწირვა ჰსურდა, ის გავიდოდა მდინარეს და ტაძრების წინ დაჰკლავდა მსხვერპლს“.[21] რასაც ჩვენ ზემოდ ვამბობთ საქართველოს სარწმუნოების თვისებაზე თითქმის იმასვე ამბობს სენ-მარტენი სომხეთის ძველს სარწმუნოებაზე. იმის სიტყვით „ტრდატ მეფის წინა — მოადგილეთ დროს სომხეთი აღიარებდა იმავე აღსარებას, რომელსაც მისდევდნენ პარფიელნი; ესე იგი: შეიძლება ვიფიქროთ, რომ სომხების აღსარება იყო ზოროასტრის სარწმუნოება, მაგრამ შეცვლილი და შერეული როგორათაც ბერძნების აღსარებასთან, აგრეთვე სხვა და სხვა გვარს ამაო — რწმუნებასთან, რომელნიც სომხების წინა-პართ სკვითიიდამ გამოუტანიათ. სომხების საკერპოებში იხილებოდა მრავალ — რიცხვი კერპები, რომელთაც პირუტყვთ შესწირავდნენ. ამ გვარი მსსვერპლები აღკრძალული იყო ზოროასტრის სარწმუნოებაში. უშემძლებელესნი ღმერთნი, სომხების აზრით, იყვნენ: რამაზტი, სპარსების ორმუზდი და ბერძნების იუპიტერი; ღმერთა ჰანაიდი ანუ ვენუსი და მიჰრი ანუ მითრა, სომხები თაყვანს სცემდნენ აგრეთვე სბანტარადს, ვაჰაკანს, ფარშამს, ნანეს და სხვათა მრავალთა, რომელნიც ჩვენ მიერ ცნობილი არ არიან“.[22]

კერპთ-მსახურება იყო გავრცელებული როგორც საქართველოს თემებში, აგრეთვე იმის მოსაზღვრე ქვეყნებში, სტრაბონის წარმოდგენით, ალბანელნი თყვანს სცემდნენ მზეს, იუპიტერს და მთვარეს (ანაჰიდს), და მომატებულად ამ უკანასკნელს, რომლის ტაძარიც — იყო იბერიის სამზღვრად[23] მცირე-აზიაში მსახურებდნენ; თიანინში აპოლლოსს; ფილოსტრაფის აზრით, იქვე ნაშობს;[24] ბითინიაში — მარსს;[25] ტრაპიზონში — მერკურის და ჯოჯოსეთის ღმერის.[26] ჩვენის პონტის მხარეების ღმერთნი იყვნენ: ჰერაკლისის, ანუ ახლანდელის ანაკლიის, იუპიტერი სტრატია,[27] ფაზისა — ვენერა, რომელიც, არრიანის სიტყვით, იმყოფებოდა მდინარის შესართავის მარცხნივ. ვენერას ხელში ეპყრა კიმბალი და იმისი ტრონი იყო დაბჯენილი ლომების სტატუებზე. ვენერა იჯდა პიფიის მსგავსად ფაზის ქალაქშივე უჩვენებს არრიანი ახილლესის ტაძარს, ახილლესისავე სასელით წოდებულს, რომელიც კუნძულზე თურმე იყო აღმართული[28] - აფხაზთ თაყვანის-ცემის საგანს. პროკოფის მოწმობით, შეადგენდნენ ჭალები და ტყეები.[29] თვით ძველნი ჩერქეზნი ამბობს დუბუა, თაყვანს სცემდნენ „ქალწულს, რომელიც წარმოადგენდა როგორც ჰანაიდს ანუ ვენერას — მთავრეს სომხებისას, აგრეთვე la Venus Uranie. ეს ღმერთი იგივე იყო, რაც დიანა ლუციფერა ანუ ტედიფერა, რომელსაც უპყრა ნათელი ანუ ლამპარი“[30] ხერსონესში აღმართული იყო ტაძარი „იგიფენიად გადაქცეულის საზარელის დიანასი“.[31]

ამ გვარად იყო მოფენილი სქართველოში და იმის გარეშემო კერპთ-მსახურება. თუმცა, როგორც ქართლის-ცხოვრება ამბობს, კერპთ-მსახურებას ძველადვე ებრძოდა ცეცხლის აღსარება, თუმცა ზოგიერთს მეფეებსაც მიიმხრობდა ის, თუმცა იმისნი მსახურნი — მოგვნი ხალხშიც ავრცელებდნენ იმის მსახურებას, თუმცა ამ ბრძოლამ კაი ხანიც გასწია და თვით ქრისტეს სჯულის მიღების შემდეგ საქართველოში, ესე იგი მე-V – VI საუკ. აღძრა დიდი ბრძოლა ლაზიკაში, ვიზანტიელებსა და სპარსებს შორის, მაგრამ მაინც შეუძლებელი საქმე იყო ცეცხლის თაყვანის-ცემისაგან დაჩაგრვა ძველად კერპთ-მსახურობის, შემდეგ ქრისტეს სარწმუნოებისა, შეუძლებელი იყო ამისთვის, რომ ჯერ კერპთ-მსახურება, მასუკან ქრისტიანობა საქართველოში და იმას მოსაზღვრე მხარეებში იყვნენ მჭიდროდ დამყარებულნი და მოფენილნი.

რა ძალით მოქმედებდა საქართველოში კერპთ მსახურება, ამას ქართლის-ცხოვრებავე მოისსენებს. ის იტყვის: ქართველებს ეპყრათ სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთა: ქართველები შესწირვიან კერპებს ყრმათა, სჭამდნენ კაცთა, რომელთა შესწირკიან კერპთა. შესაწყნარებელია თუ არა ეს თქმულობა, აი ამაზე რას ამბობს ბროსსე: „მე მჯერა ქართლის-ცხოვრების, სიტყვა ცოლ-ქმრობაში ნათესაობის შერევაზე ურიების ჩვეულებას მიყოლით და მკვდრის დაუმარხაობაზე ცეცხლის თაყვანისმცემელთ მიბაძვით. მაგრამ მეძნელება დავიჯერო, ვითომც იბერიელთ ოდესმე ჩვეულებად ჰქონიყოთ კაცის მჭამლობა. კაცის-მჭამლობას, ჩვეულებად შეთვისებულს, ძნელად პოულობენ თვით აზიის ტომებში. ამერიკის და ოკეანიის მცხოვრებნი, რომელთაც, მართალია, ჰქონიათ და აქვთ ეს ჩვეულება, არიან ველურნი მეომარნი; იმათ არ იციან არც ბინადრული ცხოვრება, არც იმისი საფუძველი მიწის შემუშავება, ისინი იკვებებიან წყლის ცხოველით და ტყის ნაყოფით, ამისთვის შესაძლებელია, რომ იმათი პირუტყვის მსგავსი ბუნება და შიმშილი აღძრვენ ამათ გულის-წადილს, როდესაც ისინი ხედვენ მტერს, მიწაზე გართხმულს, მაგრამ ადამიანის ჭამა ნაყოფიერის მიწის-მუშაკთ იბერთაგან, რომელნიც, ბერძენებისა და რომაელების თქმით, მჭიდროდ დაფუძნებულს ტომს შეადგენდნენ, შესაწყნარებელი საქმე არ არის, და მე უარ-ვჰყოფ ამას.“[32]

_________________

1 ქართლ. ცხოვრ. 36-39.

2ქართლ-ცხოვრ., გვ. 21

3აქ ქართლის-ცხოვრება ცეცხლის თაყვანის-ცემაზე ამბობს. რით არის შესანიშნავი ეს თქმულება ჩვენთვის, ამის შემდეგ დავინახავთ.

4 იქვე, 26.

5 იქვე, 27.

6 იქვე, 28.

7Hist. de la Géor. I, 36 n. 1.

8ქართლ. - ცხ. გვ. 32.

9 იქვე, 33.

10იქვე, გვ., 34-35

11იქვე, გვ. 42.

12ქართლ.-ცხ. გვერ.34

13 იქვე, გვ. 44.

14 ქართლ.-ცხ. გვ. 56.

15იქვე, გვ. 60.

16 იქვე, გვ. 61.

17 ქართლ.ცხ. გვ. 73

18იქვე, გვ. 74

19 ქართ.ცხ. გვ. 75.

20 Моисея Хсенскаго, Исторiя Арменiи, 274,

21 Тамъ же, 153,

22 Mém sur l' Arm. t. I, p. 305-306, Hist. de la Géor. t. p. 84. n 5

23Strabe, XI, 410—411.

24 Руководство къ познанію Кавказа, кн. 1, 93.

25 Тамъ же, 86,

26 Тамъ же,, 51, 94.

27 Тамъ же, 102.

28Pyк.къ. Кавк. Кн. I; 51

29Dubois, Voyage… I, 230.

30Ibid. VI, 13.

31 Ibid. V, 303.

32 Hist. de la Géor. I, 31 n. 4; II, 2 livr. Introd. et. tables, XXI.

4 ცხადი და სიზმარი

▲back to top


ცხადი და სიზმარი

(დასასრული)[1]

ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორ შორს წაველი! მაგ. რამ, რავქნა? ჯერ კიდევ ვერ დამიძინია და, მაშასადამე, ჯერ სიზმარიც არ მინახავს, უძილოდ სიზმარი არ შეიძლება, განა მთელი ჩემი სიცოცხლე კი სულ სიზმარი არ არის!... ჰო, მართლა მოგახსენებდით, რომ სივა და სხვა გულ-დამშხამავი თავ-გარდასრული შემთხვევაები წარმომიდგენ, მეთქი. მაგალითებრ: ის, რომ გიმნაზიის კურსის შესრულების შემდეგ დიდხანს ვეთრიე უმოწყალოდ, რადგანაც სარგოიანი ჩემთვის არა უსწავლებით-რა, და კლასსიკური gerundium-ი და blativus obsolutus-ი კი ცხოვრებაში ნაკლებად გამომადგა. სამსახურის ადგილი კი ვერავის ვსთხოვე. მეგონა, თუ „ადგილი უნდა ეძებდეს კაცს და არა კაცი ადგილს“.... მაგრამ, თურმე მწარედ ვცდებოდი. „ახლანდელ“ დროში ადგილი კაცს არ მოსძებნის, და მით უმეტესად „ჩემისთანა“ კაცს. ეს, გამოუცდელობისაგამო, არ ვიცოდი. ეჰ, რა მივქარე მაშინ! ეჰ, გამოუცდელობავ, რამდენ უმანკო და წრფელ ყმაწვილ-კაცობასა ღუპავ! რამდენს ცოცხლად უთხრი სამარეს!...

ცხოვრებაში გამოუცდელ ყმაწვილ-კაცსა ჰგონია, რომ მრთელი ქვეყანა „სამოთხე“ არისო, საცა მცხოვრებნი ადამიანნი ვითომ ყველანი უმანკონი არიან; ვითომ ყველანი ერთისათვის და ერთი ველასათვის სცხოვრებენ და მოქმედებენ; ვითომ ყველანი იმდენად სპეტაკნი არიან სინიდისით, როგორც ჰაერიდან მომავალი თოვლის ფითქილაო... შენ უბედურო, ახალ-გაზდავ! რატომ არ იცი, რომ თუ თოვლმა რაოდენიმე ხანი დაჰყო ამ ჭუჭუიან დედა-მიწაზე „გაუდნობლად“ — „წყლადუქცეველად“, იმდენ ტალახს და ვაი-ვაგლახს გადიყრის თავზე, რომ იმის მეათედი სისუფთავეც აღარ ექმნება, რაც მას ჰაერში ქვეყნად მოგზაურობის დროს ჰქონდა.... ეს რომ შეგემჩნია, ხომ მაგოდენი რწმენა არ გექმნებოდა კაცისა და მის სიმართლე-პატიოსნებისა, ეს მაინც უნდა დაგმახსოვრებოდა: „ყოველი კაცი ცრუ არს, რა მივაგოთ უფალსა?...

ეს ყველა რომ წარმოედგინა შენ, ხომ დარწმუდებოდი, რომ თუნდაც ადამიანი ბუნებითად სიმართლისა და პატიოსნებისაკენ უფრო მიზიდულ იყოს, მაგრამ მაინც გარემორტყმული წრე თან და თან აშენებს მას იმ კალაპოტში, როგორშიაც თვითონ წრე არის: „ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის ან ზნესაო“, რიტყვიან ჩვენში. ადამიანი, ცხოვრების გზაში ჩამდგარი, იგი აღარ არის, რაც ბუნებითად იყო, არამედ გადასხვაფერებულია, გამრუდებულია; ამის გამო შენ უფრო ფრთხილად იქმნებოდი და მის მაგიერ, რომ ზეციურის „მანნის“-თვის გელოდინა, ჩაჰყოფდი სულს იმ უფსკრულ ზღვაში, საცა ყოველი სიმდიდრე, თვით მეპატრონეთ გაუგებრად, ბლომადა ჰყრია, და აღმოიტაცებდი, რასაც ჭკუა და ღონე მოგახერხებინებდა..... ამ ნაირად შენ შეიქმნებოდი მაძღარი, და თუ ხერხი და ღონე მეტი გექმნებოდა, მაშინ ხომ კიდევაც გამდიდრდებოდი და ოქროს განძიც შაგეძინებოდა... ამ ნაირად შენ გათამამდებოდი — გაზვიადდებოდი და ზევით-ზევით ოთხ-თვალათი ცქერას დაიწყებდი, თითქო მიწაზე სიარული გეთაკილებაო, თითქო მიწა შენი ხამლის ღირსი არ იყოს, მაშინ წაფორხილებიდგან უდარდელ ყოფილა იქმნებოდი, და ან რა საფრხე გაგიბედავდა შენ წინ დახდომას!.. დიაღ, მაინც და მაინც ასე არ იქმნებოდი რაც ეხლა ხარ თავჩაღუნული და ქედ-მოხრილი დადიხარ, თითქოს კენჭის გეშინოდეს — ფეხი არ წამოვკრა, არ წავიქცე და თავ-პირი არ დავიმტვრიოო....

სიტყვით, ბევრი რამ წარმომიდგა ჩემის გონების გამოხატულების წინ, და თან ბევრი ვებრძოლე ჩემს თავს; მაგრამ თან და თან ბუნებამ თავისი მოითხოვა: უგრძნობლად დამძლია, და წამეძინა.... და აჰა სიზმარიც ვნახე:

კარგათ მოგეხსენებათ, რომ სიზმარი, თუ სიზმრის შემდეგ წამოდგომამდის არ გამოგუღვიძათ, და თუ გამოგეღვიძათ, ხელახლა აღარ დაგეძინათ, ისე ცხადად ჩაგრჩებათ გამოხატულებაში, თითქოს თვალთ წინ უცქეროდეთ უველაფერს, სიზმარში ნანახს. ეს მით უმეტეს ცხადად ჩაგრჩებათ თვში, თუ ხშირად შეგხდომიათ ცხოვრებაში საგანი სიზმრისა. აი, სწორედ ესრე მომიხდა მე, და ამისთვის ვრცელად გამოუტოვებლად უნდა მოგივეთ ჩემს სიზმარს, სიზმარში წარმომიდგა შემდეგი:

ვარ ერთ ბუნებით მდიდარ ქვეყანაში, საცა, საითაც გინდა გაიხედო, ყველაფერი ედემის წალკოტად წარმოგიდგება. ერთის მხრით ხედავ ჭალას, საცა მდინარე წყლის ნაპირებზე ორთავ მხრით დიდმანძილზე გაჰყვებიან ვაკე ადგილები, ზურმუხტის ფერის ტანსაცმლით მოსილნი; ამ კაკე მდაბლიოს იქეთ-აქეთ მშვენივრად ამოყვიათ თავი მაღლობებს, რომელნიც თვითოეულად ისე გრძნობენ თვისს სიმშვენიერეს, გეგონება, კეკლუცი ქალები ამაყებიან ურთიერთსაო. თითოეულს მართლა, აქვს ისეთი რამ საკუთარი ბუნებითი მშვენიერება, რომ თუ მეორესაც მის მაგიერი არა ჰქონდეს, მაშინ კი, უთუოდ, იქაც „ბატონ-ყმობა“ იქმნებოდა. მაგრამ მათ იგეთი „წყალ-შეუვალი“ და წრფელნი ძმობა აქვსთ, რომ ერთი მეორეზე უფროსობას არც კი იფიქრებენ. მუდამ სამოთხებრივს განწყობილებაში არიან ერთი მეორესთან, ხან ისე დადუმებულნი არიან, თითქოს „ანგელოსმა ჩამოიარაო“. ხან ჰაერს შესძვრენ და ერთმანეთს ემუსაიფებიან ჯერ წყნარად, მერმე, თუ სურსთ, თან გააძლიერებენ ბაასს და დიდ გაცხარებულს ხმაურობას ეწევიან; ხან ერთი მეორეს ეამბორებიან, ერთმანეთის ხელით გაყრით,... სატყვით, რაც რამ ნამდგილ მეგობრობას და ძმობას შეადგენს, ის ყველაფერი უვლისად არის მათში. ეს მაღლობები და ქედები მუდამ შეუშფოთებლად და ანგელოსებრ სცხოვრობენ, თუ კაცმა ამ ბუნების შვილმა და თან ბუნების მტერმა არ აამღვრია მათი მშვიდობიანობა. კაცი, თვისთ მგლურ მოთხოვნილებათა მებრ, ხან და ხან მოგლეჯს რამოდენიმე ნაწილს იმ ბუნებით მშვენიერს ტანისამოსს, რომელზედაც ჩვენი „ერთი მარტო“ კაცთ-მოყვარე დიდი მოძღვარი ამბობს: „დავითიც მრთელ თვისს სიცოცხლეში ისე არ შემოსილა, როგორც“.......

ზემო მოხსენებულ ქედების და გორაკების შუა მდაბლობში გამოჩიჩქინობენ წყარონი ისეთის ანკარო წყლისა, ისეთი ბრწინვარე, როგორც მაისის ცვრიან დილას მზის ამოსვლისას ხედავთ ბალახებზე მოკამკამე ცვრის წვეთებს. ამ წყაროთაგან მიდიან ქვევით ნაკადულები და ერთის მაღლობიდამ მეორე უფრო მოდაბლო მაღლობზე გადაჩქეფების დროს ისეთნაირად ჰბუტბუტობენ, თითქოს რაღაცაზედ გაჯავრებულნი არიანო, და რამდენად ერთი მეორეს მდურიან, იმდენადვე მრთელს თვისს სამშობლო ქვეყანასო, სწორედ ჩემს სიზმარში ამებს ვხედავდი და ვნიშნავდი. უცბად ჩემი ბუნება შეიცვალა და ბრწყინვალე ნაკადულის ბუტბუტი ისე გარევით მესმოდა, როგორც კარგი მოლაპარაკე ადამიანის საუბარი.

ერთი ამბობდა: „ჩვენი ქვეყანა. . . . . . . . გაფუჭებული არის ისე, რომ აქ სიცოცხლეს და ამ მშვენიერს ცის ქვეშ სუნთქვას, სჯობს მთლად სული ამოგვხვდეს, მოდი ჩქარა დავესაჭოთ ამ თავდაღმართს და თუ გინდ ჯოჯოხეთში შევრგოთ თავი, ამაზედ მეტი ხომ აღარა მოგვივა რა...“ მეორე ამბობდა: ეჰ, ჩემო ძმებო, თქვენა გგონიათ, რომ სხვაგან უკეთესი იყოს?! სცდებით. არის ერთი ქვეყანა, საცა ანდაზათა ესა აქვსთ შემოღებული: „იქ უკეთესია, საცა ჩვენ არ ვართო“. ეს მხოლოდ იმას ნიშნმვს, რომ კაცი, თუ გიჟი არ არის, თვისის აწმყოთი არაოდეს კმაყოფილი არ იქმნება, თუნდ ოქროშიდაც ჩასვა ყელამდის... კაცის ბუნება აგეთია. ეს რომ არ იყოს, დავიღუპებოდით: კაცის ჭკუა ვერ გაღორძი დებოდა, წინ ვერ წაიწევდა.... მესამე ამბობდა: „მე მაგ ანდაზას, რომელიც მხოლოდ ეხლა მესმის, ასე ვხსნი, რომ მაგის შემადგენელი ხალსი მართლა იგეთი ყოფილა, რომ საცა ისინი არიან, იქ სწორედ მართლა არ ღირებულა ცხოვრება... ეჰ, რაღა ბევრი ლაყბობა უნდა მას? ჩვენში ცხოვრება არა ღირს: გავსწიოთ და რაც მოგვივა, — მოგვივიდეს! თუგინდ ამ „ტალახიანი“-ს ცხოვრების ტალღამ, იქ ჯოჯოხეთს რომ იტყვიან, შეგვარგვევინოს თავი გამოუსვლელად, მაინც არას წავაგებთ — რა გვქონია, რას დავკარგავთ…

ვაი თქვენს ცოდვას! — შეჰყვირა ისევ მეორემ: ნეტა რაებსა ჩმახავთ, როგორ არ დაკვირებიხართ ეხლანდელს სოფელს და გიცვნიათ ეს ლიტონი ჭეშმარიტება; სანამ „ხუცესი მაძღარია, დიაკვანიც მაძღარი ეგონება“; თითოეული მას არ წარმოიდგენს, რომ მეორე კაცს შეუძლია მოშივდეს; სანამ ადამიანი ერთი მეორეს მგლურისა და არა ძმურ მეგობრულის თვალით უყურებს; სანამ ერთი ყველასათვის, და ყველა ერთისათვის არ სცხოვრობს; სანამ „ჩემი“ და „შენი“ ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ და ცხოვრებისათვის ბრძოლით იმართლებენ თავსა; სანამ მე, ეს ყველაფრის აღმაშენებელი და თან დამარღვეველი გმირი, არ წარმოიდგენს თვის თავად ერთსა და ყველას; სანამ კაცი იმდენად მხეცია, რომ უნდა ყველაფერი საკუთრად შეჰნთქას; სანამ თევზსავით პირში წყალი გვიდგა და სხვა და სხვა, — მანამ „ჯოჯოხეთიცა“ და „სამოთხეც“ ამავე ქვეყანაზედ არის, და მაშასადაშე, ეშმაკნიც, სამოთხისა ჯოჯოხეთად გადამქცევნი, იგინივე კაცნი არიან...... სხვა კიდევ ბევრი რამ გავიგონე მე იმ ნაკადულთაგან, მაგრამ ყველაფრის წერა თავსაც მოაბეზრებს კაცს და „არ შაიძლება“......

ვაი, ჩემო თავო, ეხლა არ გამახსენდა ერთი ბებრუხანა ბებიაჩემის ნაამბობი ამაოდ მორწმუნება?! თუ ეს თავიდამ გამხსენებოდა, არას გზით არ შავიწუხებდი თავს მის ჯღაბნითა.

ბებრუხანა ბებია ჩემმა მითხრა ერთხელ ჩემს ბალღობაში; „ბუშის-ბუში ქარს თვალით დაინახავსო და უენო საგნების სმენა ისე შეუძლია, როგორც კარგის მჭევრ-მეთქვისაო“.

ვაი, თუ მე არა თუ „ბუში“, არამედ ბუშის-ბუშიც ვიყო! თუარა, როგორ გავიგებდი, რას ბუტბუტობდნენ ის ნაკადულნი? მაგრამ არა უშავს-რა! თუნდ ეგრეც იყოს, რითა გარშე სხვაზედ ნაკლები? ერთი პატენტი ხომ მაინცა მაქვს: მეტრიკის წიგნებში მამის ჩემის ბაღში მოსულად ვსწერივარ. მეტი რაღა დამტკიცება გნებავსთ ჩემის უბუშობისა?! კარგი კი იქმნებოდა, ღმერთ წინაშე, დედის ჩემის გვარით გამოვეშვით ქვეყანაზე. ეს უფრო სიმართლე და კანონიერობა იქმნებოდა... შეჩერდი შენ უხეირო კალამო; რას ამბობ? მანდილოსნები გაგვიჯავრდებიან და ხომ იცი…

უკაცრავად, ბატონებო, რომ ჩემს ნაჯღაბნში სიტყვა „ბუში“ ვიხმარე! მაგრამ გასამართლებელი მიზეზი კა მაქვს. ვჰსთქვათ ბუშის მაგიერ „უკანონოდ შობილი“ უნდა მეთქო, თუმცა ეს სიტყვა გაუგებარი არის ჩემთვის, მაგრამ „ბუშის-ბუშისათვის“-თვის რაღა უნდა დამერქვა? მასწავლეთ, თუ ღმერთი გწამსთ! მე კი „ორკეც უკანონოდ შობილის“ მეტი სიტყვა ვერ მომინახავს, და ეს კი ჯერ შემოღებული არ არის…

ეჰ, რეკა მოისმა აღდგომა კარზედ მოგვადგა, საყდარში უნდა წავიდე.

მეორედ შეხდომამდის!

ბედკრულაძე.

ქ. ქუთაისი.

_______________________

1 „ივერია“ №26, 1878 წ.

5 განცხადება

▲back to top


განცხადება

გამგეობა ტფილისის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკისა ამით უცხადებს ფინანსთ სამინისტრო. ის კრედიტის განყოფილების ცალკე კანცელარიის მოწერილობას 21 თიბათვეს 1878 წ. №8479 მაზედ, რომ ფინანსთ მინისტრთ შესძლოდ დაუნახავს ტფილისის თავად-აზნაურთა საადგილ-მამულო ბანკის გირავობის ფურცლები სახელმწიფო პოდრიადებში მიღებულ იქმნენ გირაოდ ამიერ კავკასიაში. ამის გამო ხსენებულნი გირავობის ფურცლები ჩაწერილნი არიან იმ სარგებლიან ქაღალდთა შორის, რომელნიც გირაოდ მიღებულ იქმნებიან ამა 1878 წლის მეორე ნახევარში. ათ თუმნიანი გირავობის ფურცელი ჩარიცხული ექვს თუმან ნახევრად, ე.ი. ას მანეთიან ფურცელს ხაზინა მიიღებს გირაოდ 65 მანეთად.