![]() |
ივერია (28)1878.20.07 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
|

საქართველოს მატიანე
ქუთაისი, („ივერიის“ კორრეს.). დღეს საკათედრო სობოროსთან მომიხდა გავლა და შევნიშნე უჩვეულებრივო კრება სოფლის კაცებისა, რომელნიც რაღაცაზე ეგრე გულმხურვალეთ სჯიდნენ, რომ, ეტყობოდათ, ეს „რაღაცა“ მათ უაღრეს საქმეთ მიაჩნდათ... ხალისის დასაკმაყოფილებლად შიგ შუა კრებაში შევერიე და ერთს დავუწყე გამოკითხვა ყრილობის მიზეზისა. ამ დროს მთელმა საზოგადოებამ შესწყვიტა სჯა და ჩვენ ორს საუბარს დაუწყო ყურის-გდება. დროითი დრომდე ზოგიერთი ჩვენ სიტყვა-პასუხში ჩამოერევოდა ხოლმე.
განუმარტებლად, ერთის სიტყვის შეუცვლელადაც გწერთ, რაც მითხრეს, აი მათი ნათქვამი:
„ჩვენ ვართ ქუთაისის მაზრის მანდიკოს საზოგადოების მცხოვრებნი.... ამ მესამე გამოწვევით ჩვენს საზოგადოებას უნდა გამოეყვა 15 კაცი (5%) ჯარში სამსახურისათვს, და კიდევაც გამოვიყვანეთ. ამ გამოყვანილთა რიცხვში ურევია ერთი არსენიძე რომელსაც ჯარში გამოყვანა ვერაფრად ეჭაშნიკა . . . . . . . . . . . . . . და ყოველ ღონისძიებას ხმარობს, რომ ამ უსიამოვნობიდგან თავი დაიხსნას. მას ამოუჩნდა ერთი მწე-პატრონი აზნაური, რომელსაც მაზრის უფროსი შვილს უნათლავს. ეს აზნაურიშვილი შეეხვეწა თავის ნათლიას, რომ მის მაღალ-კეთილშობილებას გაენთავისუფლებია არსენიძე ჯარში სამსახურიდგან. მაზრის უფროსმა ნათლი-მამას ხათრი არ გაუტეხა და საზოგადოებას უკან დაგვიბრუნა არსენიძე, აქაო და ეს კაცი უკანონოდ არის გამოყვანილიო, სხვა ვინმე ამოარჩიეთო. კანონიერად და წარმოადგინეთო.....
„შეიყარა საზოგადოება და გამოჰკითხა ნაფიცებს (რომელთ მითითებითაც გამოგვყვანდა კაცები) არსენიძის ვითარება, მაგრამ, რაც უკვე ნამდვილად ვიცოდით, იმის მეტი რა უნდა გაგვეგო! ე.ი. ის რომ არსენიძეს მამას გარდა სამი ძმა კიდევ ჰყავს, თვით სრული წლოვანია, თვალს არ აკლია და ფეხს, ერთის სიტყვით, მის ამორჩევაში უკანონო არა ყოფილა რა.... ეხლა მოდით და გვითხარით, მის მაგიერ ვინმე დედისერთა, რად უნდა გამოგვეყვანა, ან და როგორ გამოვიყვანოთ?!. ყველაფერი ეს მოვახსენეთ მაზრის უფროსს, მაგრამ ეს ჩვენი მოხსენება არ შეიწყნარა და მეორე ჯერ გამოგვიგზავნა მოწერილობა „არსენიძის მაგიერი ამოარჩიეთო“. მეორეჯერაც იმგვარადვე ვუპასუხეთ...... მესამეჯერ კიდევ მოგვიკიდა მოწერილობა „ანდრიაძის სამაგიერო ამოარჩიეთო“. მესამეჯერაც იმ რიგი პასუხი მავეცით. მეოთხეჯერაც გამოგვიგზავნა მოწერილობა და თან ნაფიცები დაიბარა ქუთაისში. ამ ნაფიცებს საზოგადოების ერთი ნაწილაც გამოყევით, და აწი როგორ წავა საქმე არ ვიცით კი, მხოლოდ ანდრიაძის გამოცვლაზე არასოდეს არ დავთანხმდებით.“
ეხლა მობძანდით და უმეცარ მამასახლისებს გაუმტყუნეთ ნათესაობის გულისთვის უსამართლობის ჩადენა!...
ჰოი დროებანო, ჰოი ზნეობანო!!!
ი-ა ი-ძე.
12 ივლისი 1878 წ.
ხიდისთავი, („ივერიის“ კორრესპ.) ვაი ჩემს დროს და გარემოებას, მკითხველო, თორემ აქამდისინაც დრო იყო, რომ მეცოდინებინა თქვენთვის ეს ჩვენი საბრალო სოფელი, რა სანადირო მინდორი გვაქვს, რომ იცოდე, ქუთაისელო მონადირე? ნეტავი როდისმე გამოისეირნებდა ჩვენკენ სანდიროთ, რომ დარწმუნდე, თუ რამდენ ნაირი მტაცებელი, მცბიერი, ავ-ზნიანი მხეცები ბუდობენ აქა. უკაცრავათ, რომ ავცილდი საუბრის საგანსა და დაგიწყე იგავით ლაპარაკი; მომიტევე, ესე მაქვს მე ჩვეულებათ და მიყვრს, როგორც აღმოსავლეთის მცხოვრებს.
ყველა ქართლელი დაგიმტკიცებთ, რომ ქართლში ორი სოფლი არ იპოვება ხიდისთავისთანა შემკობილი ტყით, წყლებით, მინდვრებით და უფრო ვენახებით. აქაური ღვინო კაი კახურს არ დაუვარდება არც გემოთი და არც ფერით. ამისთანა ადგილ-მამულის და მოსავლის პატრონი, კარგი შემძლებელი ხალხი უნდა იყვეს, სიტყვი მკითხველო, დიახ, უნდა იყვეს. მაგრამ აბა კარგა გამოიკვლიეთ ხიდისთაველების ცხოვრება, რას ნახავთ. მაშინ ნათლად დაინახავთ ხიდისთაველების სიღარიბეს; ესენი ყელამდინ არიან მოყრილნი გორელის სომხების ვალითა და ნისიებშითა. ხიდისთაველების მშვენიერი შეკმაზული ვენახები და სახნავი მიწები სულ იმათ და ორიოდე ჩვენებური ბობოლების ხელშია. ისინი პატრონობენ ამათ მიწა-წყალს და ფარფარობენ ამათ გამშვენიერებულ ვენახებში. თუ რა პოლიტიკით ექცევიან ეს უსვინიდისოები ჩვენ დაჩაგრულს გლეხებს, როგორ წურბელასავით ეკიდებიან და, მანამ არ დასცლიან სისხლით, თავს არ ანებებენ, ეს ყველამ კარგათ ვიცით, რადგანაც ესენი ყველა საქართვლოს სოფლების მოუშორებულნი სტუმრები არიან საკვირველია, იტყვით, თუ ასე უსინიდისოთ ექცეოდნენ, რაღას მიიზიდებიან მათკენაო? მაშ რა ექნა ბედ-ჩაგრულა გლეხს?! — ამათ არ ჰქონდათ საზოგადო ბანკი, რომ გაჭირების დროს ესარგებლათ; ამათ არ ჰქონდათ საამხანაგო დეპო, რომ პირნათლად ევაჭრათ და თავიანთ ნაწარმოებით თვითონვე გაეხარათ. მოადგებოდა რა კარს ბედი, თუ უბედობა, იასაული ან ამ გვარი ვინმე სხვა, დასჭირდებოდა რამე ტანზე მისაკორობათ, გარბოდა გორში სომხებთან და მათგან იმართებოდა გორში სომხებთან და მათგან იმართებდა ხოლმე ხელს, რამდენი ას, ორს თუმნიანი ვენახები დარჩომიათ ღიპიან სომხებს და მაწანწალა ოლექოებს წვრილ-წვრილ ნისიებში, ეხლაც ერთს ამათგან გახვეწნილ კაცს ჩვენებურმა ბობოლამ ააწერინა პრისტავს სახლი წვრილ- წვრილ ნისიებში. რაღა ბევრი გავაგრძელო, მკითხველო, სულ ამისთანა ღვარძლით არის დათესილი ხიდისთავი. რას აკეთებდნენ ის ახალ-გაზდები, რომლებიც აქ სუფევენ? დავიჯერო, მათ არ შეიძლოთ რაიმე კეთილი საქმის დაფუძნება. — შკოლისა, ბანკისა, ან სამხანაგო დეპოსი, რომ გამოესხნათ თავიანთი მოძმენი ამ სხვა და სხვა გვარ უბედურობისაგან? რა უნდა გაეწყოთ ჩვენს ახალ-გაზდებს თავიანთ სუსტის ისრებით ამდენ ავ-ზნიან მხეცეში. ზოგნი ჯერ არ გამოსულან ამ ცხოვრებში და ვინ იცის, აღელვებულმა ტალღამ ესენი რომელ ნაპირს მიაგდოს!... ზოგნი ბედიდგან დაგდებულნი, ამ ჟამად აქ მცხოვრებელნი, ტყუილად არ ატარებდნენ დროს; ბევრს კეთილ-საქმეს აღმოუჩენდნენ ხოლმე სოფელს, მაგრამ მათი აზრები აღსრულებაში ვერ მოდოდნენ, რადგანაც მთელი სოფელი მოხელეებით ყურ-მოჭრილ ყმათა ჰყავდა ერთ ბაჯაჯღანა მწერალს და როგორც უნდოდა ისე ათამაშებდა. ამის მოწყალებით ბევრი ღვარძლი დაითესა ამ სოფელში განსვენებულმა ღენ. ი. მამაცოვმა ბევრი შრომა გასწია ამ სოფელში ამის შემწობით პირველად ხიდისთავში დაარსდა შკოლა და ბანკი; პირველად ამ სოფელმა უჩვენა მაგალითი მთელ ქართლს, მაგრამ ჩვენდა საუბედუროთ ერთა მხნე-კეთილსინიდისიანი წინამძღოლი პირი არ აღმოჩნდა შემდეგში, რომ საქმე კეთილად ეწარმოებინა და ხალხისთვის დაენახვებინა, რომ ამისთანა გაწყობილებას ბევრი სარგებლობა მოაქვს. ათის წლის ნაყიდი შკოლა, რომელშიაც არის მიცემული ოთხმოც თუმნამდინ, უქმათ დარჩენილა აქნობამდე. რისთვის?...... ეჰ, ბანკისთვის შეგროვილი სამოც თუმნამდინ ვინ ჩა-ყლა-პა?....... მაშინდელი დაშინებული ხალხი ვეღარ ბედავს, რაიმე კეთილ-საქმის დაწყებას. ისინი ამბობენ: „რაც სარგებლობაც ბანკიდგან დაგვანახვეთ, იმას ეხლა დავინახავთ.“ ეგ კარგია თქვენის მხრით, თუ ბრმათ არავის დაემორჩილებით, აშკარათ და ჩუმათ არავის შეეჭმევინებით, გაფრთხილებული იქნებით ყველა საქმეზედ. ვგონებ, არც ეს იქნება ურიგო, რომ კაცს იცნობდეთ, ე. ი. ვინ არიან თქვენი ერთ-გულნი და ორ-გულნი; კეთილის-მომდომნი ან ბოროტისა. მკიოხველო! ეს ლაპარაკი ის რაზედ ჩამოვაგდე ყველამ კარგათ ვიცით, თუ რა სარგებლობას მოუტანს სოფელს საამხანაგო დეპოს გაღება. ეს აზრი ჩვნ სოფლში გავრცელდა და ბევრიც მოწადინებულიც არის ამ კეთილ საქმეზედ. ოც-და-ცხრა თიბათვისას ჩვენმა ახალმა მამასახლისმა, რომელიც ძალინ მოწადინებულა არის, შეკრიბა ბლომათ ხალხი, აქ ღვდელმა შიო ბარნაბოვმა და ზოგმა ახალ–გაზდამ ვასილ მეღვინეთხუცესოვმა და მიხეილ ჭეჭელოვმა წარმოსთქვეს ორიოდე სიტყვა ხალხში ამ საამხანაგო დეპოს დანიშნულებაზედ, თუ რა სარგებლობას მოუტანს ის ხალხს. ამათმა სიტყვებმა აგრძნობინეს მსმენელებს სომხების და ურიების გესლიანი ნესტრები, ბევრისგან ისმოდა სამწუხარო და დაჩაგრული სიტყვები გულსაკლავი კილო ვნებით: ოჰ, ღმერთო! თუ კი ამისთანა საქმე გვეღირსება! თუ ესე მოხერხდა, შენმა მზემ, რომ აღარც სომხებს მივადგებით კარს და ჩვენ წყალ-წაღებულს ოჯახსაც ეღირსება რამე....“ სხვათა შორის, მკითხველო, ურია იმისთანა დათვები (აშკარაა სომხების მომხრები) რომლებიც ხედავდნენ, ფრთები მოგვეკვეცებაო, თუ ეს საქმე აასრულესო და ამის გამო დადიოდნენ და ბუტბუშტობდნენ: „მაგათ თქვნი დატყვევება უნდათ,“ „არამცა და არამც არ ენდოთ, თორემ ფულიც დაგეკარგებათ და ბევრსაც ინანებთ“.
ამათ სიტყვებს თითქმის ყური არავინ უგდო და დაიწყეს სიაზედ ხელის მოწერა, რადგანაც ისინი მიენდნენ თავიანთ მოძმებს და ნათლად მოელიან ამათგან სანიდისიანათ საქმის წაყვანას. არ დაიჯერებთ, ჩვენებურმა ქვრივებმაც კი მიიღეს მონაწილეობა ამ საქმეში და დაიწყეს სიაზედ ხელის მოწერა.
შემდეგში გაცნობებთ კიდევ თუ ხარისხეულად როგორ გასწევს ჩვენი საქმე. იმედი გვაქვს, რომ საქმე კარგად წავა, რადგანაც ურევია იმისთანა პირნი, რომლებსაც სწამთ ეს სიტყვები:
„მე ქართველი ვარ! მრწამს, რომ როდისმე
წავა, გაივლის ეს დრო ძილისა
და დღესა თუ ხვალ, უეჭველათა
ამოგვივა მზე განათლებისა...“
7 მკათათვეს 1878 წ.
ს. ხიდისთავი.
სოფლელის ნაამბობი
ს. გუგე. („ივერიის“ კორესპ). ძლიერ არ მაკვირვებს, ბატონო, ეს ჩვენი სოფლელების ბედ-იღბალი?! ბევრად თუ არა რამოდენიმე ნაწილად მაინც ჩვენი თავი ჩვენს ხელშია. ხელმწიფე იმპერატორმა მოგვანიჭა ის უფლება, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი პოლიცია გყვანდეს, ჩვენი მსაჯულები და სხვა ამ გვარი! მაგრამ, დასკდეთ, ჩვენს უიღბლობას საქმე ისრე მიდის, რონ ლამის ამ უფლებით ჩვენ ბევრიც მოგვაკლდეს, მანამ ხეირიანათ მოვეწყობოდეთ. დამიჯერეთ, რომ ეს ასეა. თუ არ გჯერათ, მომითმინეთ და ქვევით მაგალითსაც მოგიყვანთ, ეხლა კი ერთს გკითხავთ, — რადგან მე სოფლელს ამოდენი არ გამეგება, რომ ეგეც ვიცოდე: აგრე უბედ-იღბლონი რისთვის შევიქენით ჩვენ სოფლელები? კაცო, ჩემი ძმები მოსამართლეთ ამირჩევია და ის რომ არ მიჭრის ხეირიანად სამართალს, მაშინ როდესაც მან ჩემი საქმის თავი და ბოლო იცის ის რომ არ მასამართლებს და ორმოც აპელაციას და ბაპელაციას ჩამადენინებს, სინამ ისევ ბოლოს მასვე მოუვიდოდეს ჩემი საქმე, - მე რა იმედი უნდა მქონდეს ვიღაც გარდამთეულის თათრისა ან ინგლისასა! ბაშიბუზუყები გაგვასამართლებენ თუ? აი ისემც აუშენდათ ოჯახი, მათ ჩვენზე კეთილათ იზრუნვოს თუ გაუწერათ მათი ალლაჰი და ჩვენს ცხენის-წყალს გამოჰსცილდნენ... ჩვენ ხომ ჩვენი დაგვემართება, მაგრამ არც ჩვენ გაურამ შემხედავი ვინ არის!! ვინ არის აქ დამნაშავე ხომ ისევ ჩვენ? კაცო, ბაშიბუზუყები ხომ არ გაგვასამართლებენ, რომ ეგრე დაგვიღია პირები!... აბა ჩვენ ამოგვირჩევია, არ გვასიამოვნა, ჩვენვე გამოვცვალოთ!....
კი ბატონო! სულ ჩვენ ვარ ჩვენი თავისვე დამღუპველები:— მე შენი მეზობელი ვიფიცებ, რომ ეს შენი ადგილები შენ ჩემს მეზობელს არ გეკუთვნის არა! ის ვიღაც თავადს ეკუთვნის! ამას იმისთვის ჩავდივარ, რომ ერთი ორი თუმანი მომცეს ქრთამად... მე ამ ფულებს შევჭამ, შენ ადგილებს გართმევენ ჩემი სიტყვით და ორნივე მეც და შენც უმიწა-წყლო ვრჩებით!! ამისათვის არის, რომ მდ. გუბის წყალი სოფ. გუბის აღარაა. ამ მდ. ჩვენი სოფლის სახელი ტყუილა შერჩენია, ჩვენი პირუტყვები კი წყურვილით იხოცებიან... ვსთქვათ იმუშავა ბედმა, — რომელიც ათასში ერთხელ უბედურსაც გაუღიმებს ხოლმე, როგორც გუბელებზე მოხდა ახლა, — და შენს ადგილებს სამართლით შენვე გიბრუნებენ, მაშინ მე შენ, ჩემო მეზობელო, მოჩივრად გიხდები, როგორც გუბშივე მოხდა, და შენს საქმეს ვახდენ... მერმე გამოდის რომ ჩემი თავიც შენთანვე დამიღუპავს — ამის მაგალითიც გუბშივეა. ახლა ვიკითხავ: რისგან არის ეს? ვინ გვატანს მე ან შენ ძალას, რომ ორის გროშისთვის თავი დავიღუპოთ საამქვეყნიოთ ჩვენი შვილების და მათი შვილების საწვევრათ და საიმქვეყნოთ ღვთის წინაშე ტყუილის ფიცისათვის. აბა დალოცვილ ღმერთს ხეზე ხომ არ გაუჩენივართ ჩვენ გუბელები, რომ არც მიწა მოეცა და არც წყალი? გუბის სახელი რათ ქვია გუბის წყალს, თუ ჩვენში არ გამომდინარეობდა და ჩვენი არ იყო?
წელს შეგროვდა ჩვენში მილიციისათვის ოც-და-ერთ კაცამდის, მაგრამ ისე არა როგორც შარშან მამასახლისის ოინებს ბოლო მოუღო წელს მაზრის უფროსის მაგიერმა კაცმა ოჯახ აშენებულმა უფ. ალშიბაიამ, ყველაფერი კანონები ხელისგულზე დაგვიგორა, თუ ვის ერგება ამორჩევა და ვის არა; რისთვის გავყავართ და სხვ. და სხვ. ბოლოს მამასახლისზედაც, გვკითხა თუ ვინმემ ქრთამი მიეცითო და სხვა. მაგრამ რვა თუმნის ტყუილად მიმცებმა რომ ვერ ამოიღეს ხმა, ხუთმეტი მანეთიანები რას იტყოდნენ? ახლა მაინც ცხადია, რომ ჩვენ სოფლელები თვითონვე ვიღუპავთ თავს. შარშან ამ დროს ამავე მამასახლისზე რამდენს რას ვყვიროდით, სანამ გამომძიებელი მობძანდებოდა, მაგრამ მერმე კი გავჩუმდით. ვისი ბრალი იქმნებოდა, თუ არა ჩვენი? აღარა გვაქვს, ბატონო, ერთობა წაგვირთმევია ურთიერთთან კავშირი, აღარც ურთიერთისათვის გულის-შემატკივრობაა ჩვენში და არც ურთიერთის გამოსარჩლება. თან და თან ვიგებთ, რომ ეს უძვირფასესი თვისებები ჩვენ გვაკლია, მაგრამ მათი შეძენისათვის ჯერ ფეხიც არ დაგვიძრავს.
ბატონო, მეგაზეთე, გთხოვთ, ეს ჩემი ნათქვამი თქვენს გაზეთში ჩაბეჭდოთ. ბრძენს უთქვამს: „დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდესო“.
სოფლელი.
1 ენკენისთვე 1878 წ.
![]() |
2 ყოყმანი თავის ბჭობისა |
▲back to top |
ყოყმანი თავის ბჭობისა
არ მინდა გავთბე იმით, რომე სხვებსა ჰსციოდეს,
არ მინდა გავძღე იმით, რომე სხვებსა შიოდეს,
არ მინდა ჩაცმა, თუ მე მმოსავს სხვების შიშვლობა,
არ მინდა ყოფნაც, თუ მით სხვისი ყოფნა იმხობა.
მინდა, — არც მინდა აღსარება სულის გამწმენდი,
მინდა, — არც მინდა სიტყვა - მადლი, საქმე წამწყმენდი;
მინდა, გეგონო, რაც არა ვარ ერსა რეგვენსა,
ყველას ჰაზრში შორს ავსცილდე ხმას შესარცხვენსა.
ხომ უნდა ვგრძნობდე, მიხაროდეს ბევრი ქონება,
უნდა ვსტკბებოდე, რომ გარშემო მომესმის ქება;
მაგრამ როცა მე დავუწუნებ რასმეს ჩემს თავსა,
მთელი ქვეყნის ხმაც ვეღარ შესცვლის კარგად იმ ავსა.
უჭკუობაა, უაზრობა ასე ცხოვრება,
როს შენი ქცევა ხალხში ცნობას არ ესწორება;
ისევ შენ გჩხუტავს შენივ კორძი, შენი ეკალი,
შენვე იშხამვი შენის გესლით — არ გაქვს წამალი.
შენი ამბავი შენ იცი სხვებს ემალები,
შენის ცუდისთვის ხომ სწვალობ და თავს ეძალები!
ორ-პირი დანა ჩაყლაპე და მიწყივ იჭრები,
და ამ ტანჯვაში ხან სხვის წინაც ოფლით იღვრები.
როს სამართალი ცხოვრებისა იწყებს დუღილსა
და ღრმად გაგინძრევს შენს ბნელ სულში ორ-პირ მახვილსა;
მაშინ გოდება შენ შიგნითვე მძვინვარედ კვდება,
და ჭირვეული ვერ იტყვი, რა ცეცხლი გედება.
სხვას უმალავ და თვით კი იწვი ამ ჯოჯოხეთში,
სხვის წინ მღიმარე კუპრს უმატებენ ამ შიგ მწვავ ბრძმედში;
შიგნით უბედურს გარს გმოსია ბედნიერება,
უშვერს, უკეთურს გაფარია მშვენიერება!
წამოსხმული გაქვს მატყუარი რბილი პორფირი,
რომლის სარჩულად ეკალი გაქვს მცემ — შემაჭირი:
ზღარბსა გარედ აქვს მოსაგერად თავის ეკალი,
და შენ-კაცს-შიგნით თვის საგმერად ცოდვის სამრჭვალი,
არა, არა ჰსჯობს ასე სულის დამუწუკება.
არა სჯობს ასე ტალახში და ჩირქში წუმპება.
მინდა — ვყოყმანებ, ვირყევი და ვფრთხები ძაბუნი,
რომ თავს გაუტყდე, ვრქვა ქვეყანას, თუ რა მაქვს წუნი.
მინდა დაგუბულს ცოდვის ბალღამს გავუპო კარი,
სიავით მწავეს, სულის მუწუკს დავკრა შაშარი!
მეტკინოს, დამწვას, ოღონდ მოვრჩე ამ ბიწთა სვრასა,
შევრცხვე, გავწბილდე, ოღონდ მოვრჩე ამ უწყვეტ ზრვასა.
ის მირჩევნია, მოვკვდე ყველას დაწუნებული,
და არ მიმქონდეს შიგ ცრუ სული შეგინებული;
ის მირჩევნია, მე მიმდევდეს კიცხვა და რცხვენა —
უმძიმესია შინ-მწყვრეულის ყალბის მოთმენა!
უმძიმესია უნაწილო სულის წრტიალი,
უამხანაგო სატკივარი, უნდოდა ტრიალი,
გაუმხელელი სულის ხუთვა, უჩინო ჭირი,
მოუშვებელი, მოუწყენი, გამოუტირი!
არა, არ მინდა ცრუ პატივი ასე ნაყიდი,
არ მინდა ენა, სახე, ქცევა მტრელი და ფლიდი;
არ მინდა თავი გადვიმტერო, გადავიკიდო,
და მითი ქვენის ცუდი ქება ჭირად ვიყიდო,
ეს უნამუსო, ეს უგონო, ბრიყვი ვაჭრობა,
ეს სიბოროტის საუნჯეში თავის ჩაქრობა, —
დამიწყევლია, შეჩვენებით უარ-მიყვია, —
გამიფენია, რაც სიავე გულში მიწყვია!
მიტომ კი არ, რომ გულ-ჩჩვილი, ან დიდ სული ვიყო,.
მიტომ კი არ, რომ სინდისმა კარი გამიღო;
არა; მიტომ, რომ ტანჯვისაგან დავიხსნა თავი
და ვიყო შიგნით, როგორც გარედ ვარ სანახავი,
არც ერთს ეკალსა ჩემს წყლულებში არ შევინახავ,
ყველას დავიძრობ, ყოველს ბრძვილში ცალკე მოვნახავ,
ყველას ვაჩვენებ ჩემს წყლულებსა, ნაბეჟ — ნაგმერსა,
სულ აღვუარებ, რაც შევცოდე, ნაწამებს ერსა
ნუ მომიტევებს, — მე არ მინდა ისევ ეკლები!
დამსაჯოს, მგვემოს, შემაჭირვოს, არ გავეცლები;
თავის განკითხვას დამავიწყებს რისხვა სხვებისა
და შიგნით წულულებს დამიშუშებს ქენჯნა ძმობისაგან.
გარს გამოზიდავს შინაგანსა მწვავ სატკივარსა,
და დაადუმებს სვინდისის ხმასა მყივარსა:
გარედ მაწუხონ, მარტო ჩემთვის ხომ მოვისვენებ
წარსულ ნაქნარს სიავესა არ მოვიხსენებ!...
მაგრამ არ მინდა სხვისი ჭირით ვიშოვო ლხინი,
სხვისის ძიგძიგით და მკლავითა მოვიგო ჩინი,
სხვისის დაღალვით, დაქანცვითა მე მოვისვენო
და სხვისი ზურგი ჩემ საფარად გამოვიყენო.
არ მინდა გავთბე იმით, რომე სხვებსა ჰსციოდეს,
არ მინდა გავძღე იმით, რომე სხვებსა შიოდეს,
არ მინდა ჩაცმა, თუ მე მმოსავს სხვების შიშვლობა.
არ მინდა ყოფნაც, თუ მით სხვისი ყოფნა იმხობა.
26 იანვარს 1878 წ.
ნ. დ.
![]() |
3 საქართველო ანდრია მოციქულის დროს |
▲back to top |
საქართველო ანდრია მოციქულის დროს
მართლა და ჩვენ დროს ხმელეთის პირზე იშვიათი საქმეა ადამიანის მსხვერპლად შეწირვა და კაცის-მჭამლობა. ამ ჩვეულობის მიმყოლნი ტომნი იპოებიან მხოლოდ ავსტრალიის კუნძულზე, ამერიკის და აფრიკის ველურ მცხოვრებში, თუმცა ზოგნი იმათგანნი არიან ადგილობრივ დამყარებულნი და ცხოვრობენ უხვად მინიჭებულ მხარეებში. ამ საზიზღარის ჩვეულების მიზეზი არის პირუტყვული ბუნება. ავსტრალო-ამერიკულნი ტომნი ისე დაბლა დგანან გონებით და ზნეობით, რომ იმათთვის კაცის კვლა, მტრის ველის გამოჭრა ისეთი საქმეა, როგორც ნადირის დაკვლა. ისინი არც თავიანთს სიცოცხლეს სდებენ ფასს, არც სხვისას. ამ მდგომარეობაში იყვნენ ისტორიის წინა-დროებაში თვით აზიელნი და ევროპიელნი, რომელნიც ახლა გონებისა და ზნეობის წარმატებაში არიან შესულნი, მათში მაშინ ისეთ სიმხეცეს ვხედავთ, როგორც ახლა ავსტრალო-ამერიკელებში. ასეც უნდა ყოფილიყო. ამას გვიმტკიცებენ საზოგადოდ ბუნების კანონი ენები მიფოლოგ დაიური ისტორიულა ცნობა, რომ ადამიანის მსხვერპლად შეწირვა და თვით კაცის მჭამლობა შესაძლებელი იყო სულ ძველად როგორც აზიაში, აგრეთვე ევროპაში, აი რამდენიმე ცნობა ამაზე. ჰეროდოტის თქმით, სკვითები მსხვერპლად სწირავდნენ ღმერთს მარსს იმ უცხო ტომს, რომელიც კი იმათ ხელში ჩაუვარდებოდათ,[1] უცხო-ტომსვე უმსხვერპლავდნენ ღმერთას ქალწულს ტავრო-სკვითნი.[2] ეს ჩვეულება ჰქონდათ აგრეთვე უწინდელ ჩერქეზებს.[3] სტრაბონის სიტყვით, ალბანელნი იბერიის საზღვრად ადამიანს დაუკლავდნენ მთვარეს, იმის სადღესასწაულო დღეს.[4] ბერძენნი, თავიანთ ბარბაროსობის დრის, როგორც ტავრო-სკვითნი, უკლავდნენ დიანა ღმერთსა ჩჩვილს ყრმებს ორისავე სქესისას.[5] აღამემნონმა განიზრახა თავის ქალის იფიგენიის მსხვერპლად შეწირვა დიანაორთისთვის, აგები ამ ღმერთამ მოწყალე თვალით გადმოგვხედოსო და ქარი აღძრასო, რომ ჩვენი ფლოტი საბერძნეთიდამ დაიძრასო.[6] თუ მოვიგონებთ დაბადებაში მოხსენებულ შემთხვევას, როდესაც აბრაამმა ისურვა თავის შვილის შეწირვა.[7] მაშინ რასაკვირველია დავრწმუნდებით, რომ იმის დროს ურიასტანის მოსაზღვრე ქვეყნებშიაც იყო ეს ჩვეულება. — თუმცა ეს ცნობები არ გვიჩვენებენ კაცის-მჭამლობას, მაგრამ როდესაც ადამიანი ისეთ მხეცურს მდგომარეობაშია, რომ მსხვერპლად შეწირვას თავის მოყვასისას არ იზიზღებს, მაშინ ის არც კაცის ხორცის ჭამას უარ ჰყოფს. ამ საგანს ზოგიერთნი მწერალნიც გვიმოწმებენ. ისინი ძველის მწერლების ჩვენებით კაცის-მჭელობას მიაწერენ სკვითებს, ეფიოპლებს, აზიელებს და თვით ელლინების წინა-პართ.[8]
მაშასადამე ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქართლის-ცხოვრების თქმულება ქართველთაგან ადამიანის მსხვერპლზე და ამის მიერ ხორცის ჭამაზე არ ეწინააღმდეგება არც ბუნების კანონს, არც მსოფლიო ისტორიას, თუმცა დასაჯერებელი არ არის, რომ ჩვენნი წინაპარნი ამ ჩვეულებაზე მდგარიყვნენ მე-II და მე-III საუკ. ქრისტეს წინად. ამ დროს იმათ ისე კარგად ჰქონდათ დაშეარებული სამოქალაქო წესი, ისეთს ხარისხზე იდგნენ ისინ გონებითაც და ზნეობითაც, რომ ყოვლად შეუძლებელი საქმეა, როგორც ეს საფუძვლიანად შეუნიშნავს ბროსსეს, რომ ამ მხეცურს თვისებას მაშინ ადგილი ჰქონიყო. ჩვენ ზემოდ ვუჩვენეთ რამდენიმე შემთხვევა, რომელიც ამტკიტებს, რომ მრავალი იმ ფაქტებთაგანი, რომელიც ჩვენ მატიანეს ისტორიულს დროებში შემოაქვს, უნდა მიეთვისოს ისტორიის წინა-დროებას. კაცის მსხვერპლზე და მჭამლობაზედიც ეს უნდა ითქვას.
საქართველოში კერპთ-მსახურების შემდეგ დამყარდა ქრისტეს სჯული. ქრისტიანობის გავრცელება ჩვენ ქვეყანაში ერთისა და ორის წლის საქმე არ არის, ყოველივე, რასაც მთელის საზოგადოების წესისა და ზნეობის ცვლილება მოაქვს, ვრცელდება, ფუძნდება ნელ-ნელად, დროის განმავლობაში, ამ გვარადვე საქართველო მზადდებოდა ქრისტეს სახარების მისაღებად მრავალი ჟამი. იმის საფუძვლი აქ დიდო მოციქულების დროდამ, თუ რომ შესაძლებელი საქმე იყო ახალის აღსარების მითვისება რომელსამე ტომისაგან პირელსავე საუკუნეში, იმ დროს ის, ჩვენს ფიქრით, უეჭვლად უნდა შეჰხებიყო სომხეთსაც და ჩვენ მხარესაც, მთელს საქართველოს თუ არა, იმის საზღვრებს მაინც. ამ ქვეყნების ნაწილები მოციქულების დროს ეჭირათ რომაელებს. შავი-ზღვის ნაპირები მოფენილი იყო ბერძნების კოლონიებით, სომხეთში და საქართველოში მკვიდრობდნენ მრავალნი ურიანი; აქედამ გაბნეულან ისინი სამხრეთ რუსეთში;[9] იმათ შეუწყვეტელი დამოკიდებულობა ქონიათ იერუსალიმთან. მაშასადამე რაც იერუსალიმში და ურიასტანში მოხდა, იმისი ხმა აქაც უნდა შემოსულიეო. უპირველესი ყურადღება მოციქულებისა და იმათის მოწაფეებისა მოქცეული იყო. მცირე-აზიაზე. სომეხნი და ქართველნი ცხოვრობდნენ ან მცირე-აზიის საზღვრად, ან თვით მცირე-აზიაში. მცირე-აზიას პირველ საუკუნეში შეადგენდნენ, სხვათა შორის, დასავლეთად — ლიდია და იონია იმათის უმთავრესის ქალაქებით სმირნით და ეფესით; შუა-გულად— ფრიგია ქალაქებით კოლოსით და ფისიდონიის ანტიოქიით; გალატია და ბითინია ქალაქებით ნიკეით, ნიკომიდიით, ხალკიდონით, პონტას ჰერაკლეით; ჩრდილოეთად პონტი პოლემონიისა და იმისი ქალაქები კერასუნი, ტრაპიზინი, რაზა. ამ პონტის საზღვრებში მკვიდრობდნენ სხვათა შორის, ქართველნი ტომნი ტიბრენნი; აღმოსავლეთად — კაპადოკია ქალაქებით კესარიით, კომანით. კაპპადოკიის საზღვრებში მდებარებდნენ მცირე-სომხეთი, კილიკია ქალაქებით სელევკით და ტარსით; სამხრეთად — პაფლაგონია, ფიზიდია.[10] აღმოსავლეთი ნაპირები შავის ზღვისა შეადგენდა აგრეთვე პონტს. აქ მდებარებდა კოლხიდა აფხაზეთით და იმისი ქალაქები ფაზი, ჰერაკლია, სებასტაბოლი დიდი ანუ დიოსკურია, ნიკოპსია და პათიუსი ანუ ბიჩვინტა. ის ადგილები, რომელნიც ჩვენ აქ აღვრიცხეთ, შეადგენდნენ მოციქულების და იმათს მოწაფეების პირველ ასპარეზს. ჩვენ ვიცით, რომ სული-წმინდის მოფენის დროს იერუსალიმში იმყოიფებოდნენ, სხვათა შორის, კაპადოკიისა და პონტის მცხოვრებნი,[11] რომ მოციქული პეტრე მიუწერს თავი ეპისტოლეს პონტში, გალატიაში, კაპპადოკიაში, და ბითინიაში გაბნეულთ, უცხო-ტომთ, სულის-წმიდისაგან წინათ განწესებულთ ქრისტეს იესოს სისხლის სასხურებლად.[12] ჩვენ ვიცით, რომ სახარება ჰქადადებს პონტის სინოპში მოციქულებმა პეტრემ და პავლემ, რომელიც კილიკიის ქალაქმით ტარსში იყო შობილი.[13] კოლხიდაში — მათემ.[14] მაგრამ წილს-ხდომით ჩვენი პონტი ერგო. ანდრია მოციქულს. იმისი გზა იდო: ბითნიაზე, ხალკიდონზე, ჰერაკლიაზე, სინოპზე და ტრაპიზონზე. იმამ დაჰსვა ეპისკოპოსად თავისი მოწაფე ფილოლოგი. ანდრიას ქადაგებას ჩვენს პონტის მხარეში სებასტოპოლში ანუ დიოსკურიაში, სადაც მომდინარეობენ მდინარენი აფარაფაზისი და სადაც ცხოვრობენ ეთიოპნი,[15] მოიხსენებენ მესამე საუკუნეში. ორიგენი, მეოთხის საუკ. დამდეგს იპპოლიტი და დოროთე ტირის ეპისკოპოსი; მეოთხის საუკ. გასულს სოფრონი კიპრის ეპისკოპოსი. იბერიას ანდრია შეეხო მხოლოდ დასავლეთის მხრივ: მე-IX საუკ. ნიკიტა პაფლაგონი ამ გვარ შესხმას უძღვნის ანდრიას:
„შენ, ჩემის საქადულის ყოვლად ღირსო. ანდრია, მიიღე რა შენ წილად ჩრდილოეთი, გულს-მოდგინედ მიმოვლე იბერნი, სავრომატნი, ტავრნი და სკვითნი, განვლე ყველა თემები და ქალაქები, რომელნიც ჩრდილოეთით და სამხრეთით ჰსაზღრავენ ევქსინის პონტს.“[16]
ჩვენი მატიანეც თითქმის ამის თანახმად გადმოგვცემს ანდრიას ქადაგებას ჩვენ მხარეში. თუ რომ დასაჯერებელია ქართლის-ცხოვრების სიტყვა, პირველი ცნობა ახალის სჯულის დასაწყისზე, ესე იგი ქრისტეს შობა ბეთლემში, მოგვთაგან იმისთვის ძღვნის მირთმევა იმისი ქადაგება და იმისი ჯვარზე სიკვდილი შემოტანილია და ჩვენ ქვეყანაში ურიათაგან, რომელნიც აქ ცხოვრობდნუნ და რომელთაც შეუწყვეტელი დამოკიდებულობა ქონდათ თავინთ ძველ მამულთან. იმის თქმით, ურიები დასახლებულან საქართველოში შემდეგ ნაბუქოდონოსორისა, რომელმაც მეხუთე საუკუნის დამდეგს ქრისტეს შობამდე წარმოსტყვენა იერუსალიმი და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, მოითხოვეს მცხეთელ მამასახლისისგან ქვეყანა სარკითა. ხოლო მცხეთელმან მა-მა-სახლისმან მისცა და დასხნა არაგვსა ზედა წყაროსა რომელსა ჰქვიან ზანავი და რომელი ქვეყანა აქვნდა მათ სარკითა. აწ ჰქვიან ხერკე ხარკისა მისთვის“. [17] ურიები ცხოვრობდნენ აგრეთვე ურბნისში და მცხეთაში[18] ქართთლის-ცხოვრება იტყვის, ვითომც ქრისტეს ამაღლებს შემდეგ საქართველოს მოქცევა წილად ჰხდა ღვთის-მშობელს და ღვის-მშობელმა ეს მოღვაწეიბა მიანდო პირველ-წოდებულს ანდრია მოციქულს, რომელსაც თან გაატანა თავისი ხატი, „აწ წოდებული აწყვერის ღვთის მშობლად და ყოველთა მიერ სახილველი“.[19] საქართველოს წილად-ხდომა ღვთისმშობლისადმი ჩვენ ტომში ძველადვეა გავრცელებული. ამ ჰაზრს მოწმობენ მრავალი იმის სახელზე აღმართული აქ ეკკლესია, გუჯრები, ქართული ისტორიული და სამღთო წერილები.[20] ანდრიას მოგზაურობა მოხდა ადერკი მეფის დროს. ის მოვიდა ჯერ „ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრულთა აქედამ შემოვიდა „ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების და იწყო ქადაგება სახარებისა; გარდავლო მთა, „რკინის-ჯვარად სახელდებული; შთავლო ოძრსის ხევი, მოვიდა სამცხის საზღვარზე სოფელს ზადენ-გორას; წარემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა საზანგეთი და პირის-პირ საქრისი. აქ ამ დროს მთავრობდა დედა-კაცი ვინმე ქვრივი სამძივარი; თუმცაანდრიამ „მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან“, მაგრამ იმის ქადაგებას მაინც წარმატება შეუდგა. იმან დაამხო კერნი, მოაქცია სამძივარი იმისი შვილით და სახლით, დაერწმუნა ყოველთა უფალი იესო ქრისტე და ნათელს — იღეს ყოველთა“. ანდრიამ „ასწავა წესი სჯულისა და სარწმუნოებისა, დაუდგინა ეპისკოპოზი, მღვდელნი და დიაკონნი, აღუმართნა ჯვარნი, აღუშენა ეკკლესიანი დასტოვა აწყვერში ხატი ღვთის-მშობლისა და შემდგომად ამისა არტაჰან—კოლით და კლარჯეთით განვლო სომხითი და აღვიდა იერუსალიმს აღსრულებად პასექისა“.
„ესმა რა მეფესა ადრეკის ქართველთა და მეგრელთა[21] სჯულის დატევება განუწყრა და წარავლინა ერისთავნი მისნი, კვალად იძულებით მიაქცივნა ქართველნი და მეგრელნი, და დამალნეს ხატნი და ჯვარნი, და შერისხნა ადერკი ერისთავსა კლარჯეთისასა, რომელ მშვიდობით განუტევა ანდრია.“ ანდრია მეორედ თურმე კიდევ შემოვიდა ჩვენში. იმას მოჰყვნენ სხვანიცა მოციქულნი მატათა და სვიმონ კანანელი. იმათ „განვლეს ტაოს კერძი ქვეყანა ვიდრე მდინარედ ჭოროხამდე, ყოველი იგა სოფლები მის კერძისა მოკლეს და დაუცადებელად ქადაგებდეს და ესრედ ქადაგებითა... შევიდეს ქვეყანასა აფხაზეთისასა და მივიდეს სევასტე ქალაქად, რომელსა აწ ეწოდების ცხუმი, და უქადაგეს სიტყვა ღვთისა და მრავალთა შეიწყნარეს და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სვიმონ კანანელი, სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიხეთისა ქვეყანად აღვიდა. ხოლო კაცნი მის ქვეყნისანი ჯიქნი ყვნეს ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უძღებნი, რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენება მოკლა მისი... და იხილა რა მიუდრეკელობა მათი და პირუტყვებრივი გონება, დაუტევა და წარვიდა, ამისთვისცა ვიდრე აქამომდე ურწმუნოებასა შინა არიან, ხოლო სვიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა. რამეთუ მუნ აღესრულა წმინდა სვიმონ კანანელი“. როგორც სჩანს, ანდრიამ განამტკიცნა მეგრელნი და აფხაზი“; „მოაქცივნა ქვეყან-სვანეთისა, სადაცა მთავრობდა დღეთა მათ დედა-კაცი ვინმე მთავარი და მატათა სხვათა მათ თანა მოწაფეთა დაშთა მათ კერძოთ“. შემდეგ ამას ანდრია გვიდა ქვეყანს ოსეთისასა და მიიწია ქალაქად, რომელს ეწოდება ფოსტსფორი და ბოსფორი...... და წარვიდა სკვითედ“.[22]
თქმულება ანდრიას ქადაგებაზე საქართველოს დასავლეთად ჩვენში გავრცელებული ყოფილა. ქართლის-ცხოვრების გარდა ამ შემთხვევას იხსენებენ, მაგალითად 1480 წლის გუჯარი, რომელიც აგვიწერს იოაკიმეს ქათალიკოზად კურთხევას. თითქმის ის აზრიც კი იყო საქართველოში, ვითომ ანდრია წვალებულა და დასაფლავებულა ბიჩვინტაში. „ჩვენ ვუწყით, ამბობს ერთი გუჯარი 1731 წლისა, რომ წმინდა ანდრია იწამა კაცის-მჭამელ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ანუხაზეთი (აფხაზეთი) და დაიფლა ბიჩვინტას“. მეთერთმეტე საუკ., როდესაც გიორგი მთაწმინდელი ანტიოქიაში ჩვენის სარწმუნოების მართლ-მადიდებლობას უმტკიცებდა პატრიარქს, იმან ამ საგანზე ის საბუთი წარუდგინა, რომ საქართველოს ეკლესია დაფუძნებულია ანდრია პირველ-წოდებულისაგან და სვიმონ კანანელისგან, და სვიმონი ნიკოფსიასვე არისო დამარხული. სვიმონ კანანელის საფლავს უჩვენებენ ნიკოფსიაში თვით უცხო-ტომნი მწერალნი — ევსევი და ფაბრიცი.[23] როდის ან ვისგან არის შედგენილი ანდრიას ქადაგების ისტორია, არ ვიცით, ჩვენ ცნობამდე მოუღწევია მხოლოდ ანდრიას ქადაგების აღწერას, რომელიც შეუდგენია მეხუთე საუკუნეში ქართველს ვისმეს „ღვთის კაცს, ფრიად მეცნიერს“ ნიკიტას შესაძლებელია, რომ თვით ამ ნიკიტასაგან გარდამოცემული ცნობა იყოს ჩართული ქართლის ცხოვრებაში.[24] ერთის სიტყვით, უეჭველი უნდა იყოს არა თუ მხოლოდ ანდრია მოციქულის ქადაგება, არამედ თვით იმისგან მოქცევა საქართველოს დასვლეთისა. მრავალ-გვარი შემთხვევა ამხნევებდა და ამტკიცებდა ახალ-დანერგილს ქრისტიანობას. ჩვენ ვიცით, რომ იმ ქრისტიანეთაგანნი, რომელთა ზედაც პირველისავე დროდამ განსაცვიფრებელი დევნულობა ასტეხეს რომის იმპერატორებმა, მრავალნი იკრიფებოდნენ ჩვენის პონტის მხარეებში, როგორც უშორელი ადგილებში. ჩვენ ვიცით, რომ აღმოსავლეთი კიდეები შავის ზღვისა იყო ვიზანტიის სასახლისათვის ევქსორია — ადგილად, სადაც საშიშნი მაღლად დადგენილნი ქრისტიანენი იგზავნებოდნენ, რომ თვით იოანე ოქროპირი განდევნილ იქმნა ფითიუნს ანუ ბიჩვინტას, „მივარდნილს მხარეს, ზღვის პირად, ბარბაროსების საზღვრად“.[25] რომის ეპისკოპოსი კლიმენტი ევქსორია იქმნა 100 წ. ქრისტეს შემდეგ ხერსონესში და აქედამ მოქმედებდა ივერიელებზე და კოლხიდელებზე, რომელნიც „მრავალს ადგილს აღიარებდნენ სახარების სწავლას“. ამ შემთხვევათა გავლენა დიაღ ნაყოფიერი გავლენა იყო. მოციქულების დროდამვე ჩვენის ქვეყნის საზღვრად ჰყვაოდნენ ეპისკოპოსნი, მაგალითად ანდრიას მოწაფე ფილოლოგი, სინოპის ეპისკოპოსი, უძველესი ტრაპიზონის ეპისკოპოზი ფოტი, აქვე დიოკლიტიანეს მეფობაში მელეტი და სხვ.; კოლხიდის ძენი პონტის ეპისკოპოსნი პალმი და იმისი შვილი მწვალებელი მარკიონი, ზოგნი იმათგანნი იხსენებიან თვით იმათ რიცხვში, რომელთაც მსოფლიო კრებებში მიუღიათ მონაწილეობა, ესე იგი ნიკეაში და სხვა ქალაქების ყრილობაში; ბიჩვინტის და ნიკოფსიის ეპისკოპოსნი იპატი, სტრტოფილი, ეპაციანი და სხვ.[26] ეს ფაქტები საკმაოდ ფმოწმობენ, რომ ჩვენ საზღვრად ქრისტიანობა ჰყვაოდა მეოთხე საუკუნის წინათვე, რომ თუ ასე არ ყოფილიყო თვით დანაშთენ საქართველოშ ადვილად ვერ გაავრცელებდა და ვერ დაამყარებდა ქრისტეს სახარებას წმინდა ნინო.
_______________________
1 Herodote IV, 238. p. 10, 18.
2 Ibid., 252.
3 Dubois, Voyage, VI, 13 — 18
4 Strabon, XI, 410.
5 Dubois Voyage, TI, 11; Dictionn, des an- tiq. qrecques et rom, 28.
6 Dubois Voyage, VI, p. 16.
7 დაბ.დ. XXI, 1—10.
8 Ethnegenie Caucasienne, p. 29, 36, ახლანდელ ველურ ტომთაგან ადამიანის ხორცის ჭამაზე იხილე AI. Maury, La terre et 1 homme, Paris, 186, p Nouveau Dist. de Géogr. univers., 32 162, 314, 347, 370, 406, 435, 547.
9 Journal Asiatique, 1868 juin, p. 529-537 joullet-aoit, p. 29.
10 Asie Mineure, t. II, p. 431-433.
11 საქ. მოციქ. II, 9.
12 პირ. ეპისტ. პეტრესი, 1 - 2,
13 I, 54, 58,Руковод: к-ъ поз. Кавказа, 1; 54, 58, 59
14 Ахимандритъ Макарія. Исторія христіанства въ. Ргссіи до равноапостольнаго кн. Владиміра: Єпб. 1846. стр. 117-118. Пл. Іосселіани Исторія груз.. церкви, 1843 г. Спб., 1-7
15 ეფიოპიად სახელ-სდებდნენ ძველი კოლოხიდას. Руков. къ позн. Кавк. І, 60 Макарія Исторія христ.
16 Руководство 59-61. Макарія Исторія. 17, 116,117
17 ქართ.ცხ. გვ. 25 ვახუშტის გეოგრაფია გვ. 284
18 ქართ.ცხ. გვ. 38-40, 73
19 იქვე გვ. 41.
20 Hist. de la Géor. I, p. 55 n. 3.
21 იქ მეგრელებდ იგულისმებიან ჭანები
22 ქართლის-ცხოვრება გვ. 42-47
23 Voyage archeol, VII, 140. Pуководство къ позн. Kавказа, 1, 63-65. Hist. de la Géor. I, 60 n. 5.
24 Hist. de la Géor. I, 60 n. 5.
25 Lebeau, Hist. du Bas-Emp, VII, 90 et note. Руководство къ позн. Кавказа.. 1, 57, 69; 104:
26 Исторія груз. церкви, стр. 7-8. Руководство къ познанію Кавказа, I, 77, 78, 103. Hist, de la Géor. I, 90 п. 1.
![]() |
4 უწმუნო დიეგო |
▲back to top |
უწმუნო დიეგო
ერთი ხანა კარლისტების აჯანყებისა.
(შემდეგი)[1]
III.
პატერ მალალიასს, თვითონ ეპისკოპოსს და მთელს სამღვდელოებას რომ მოენდომებინათ ადელინ შეეშინებინათ ჯოჯოხეთში დაიტანჯების დიეგო სიყვარულისათვისაო. ეს იმათ არ დაუჯერებდა და თავის დიეგოს არ უღალატებდა. მაგრამ პატრები სულ სხვა ნაირად მოიქცნენ: ღვთის მოყვარე და წმინდა მამა მალალიას ყოვლის ღონისძიებით ცდილობდა დაერწმუნებინა ადელინა, რომ მარტო ეს კი არ იქნებოდა საუკუნოთ შეჩვენებული, არამედ მასთან ერთად დიეგოც უფრო მეტს სატანჯველს მიეცემოდა. ზეცა თავის დღეში არ გააბედნიერებს ქრისტიანს და ურწმუნოს ერთათ ქორწინებასაო, ეუბნებოდა მალალიასი, თქვენის ქორწინების შედეგი ის იქნებაო, რომ დიეგო მოგიძულებსო, შენ ამას ვერ აიტანო და ჯავრით მოკვდებიო, და დიეგო ამის შემდეგ უფრო მომატებულათ მიჰყოფს ხელს ღვთის გამარისხებელს ცხოვრებასო და იქამდინ მიაღწევსო, რომ ეშმაკი მთლად დაისაკუთრებს თავის ნამდვილ სხვერპლსაო, სულ ყოველთვის ამ გვარათ უქადაგებდა ადელინას კეთილი პატრი ყოველგან: ეკკლესიაში აღსარების დროს, გინდათ თუ თავის დედის სასტუმროში, ქუჩაში და სხვაგან, საცა კი ადელინა ომს შეხვდებოდა.
საწყალი ქალი დარწმუნდა, რომ ან დიეგო უნდა დაეყენებინა სწორე სარწმუნოების და პოლიტიკის გზაზედ და ან არა და თვითონ უნდა აეღო ხელი დიეგოზედ იმისავე ბედნიერებისათვის.
მაგრამ საშინლათ კი იბრძოლა ამ გადაწყვეტილებასთან. ყოველ დღე თავისის გოგოთი ეს დაიარებოდა საყდარში, ანთებდა წმინდა სანთლებს; წმინდა ლობლანის წინ და ცხარის ცრემლით ლოცულობდა, მაგრამ მამა მალალიასმა ეს ნუგეშიც არ შეარჩინა. ერთხელ, როდესაც ადელინა მუხლ-მოდრეკილი იდგა და ცხარის ცრემლით ლოცვულობდა, მალალიასმა უთხრა: ტყუილათ სტირი, ღმერთი თავის დღეში ურწმუნოს მოწყალის თვალით არ გადმოხედავს; ღვთის გული მარტო იმით არ მოიპოვება, რომ კერპი ქალი მთელი დღე მუხლ-მოდრეკილი იდგეს და ორ ტოტათ ცრემლებს ღვრიდესო.
საწყალი ადელინა გულ-დაწყვეტილი წავიდა შინ; გზაზედ დიეგო შეხვდა. სწორეთ ერთი კვირა გახდა მას აქეთ, რაც სენიორა ფიეროს სასტუმროში ის საზარელი ლაპარაკი მოხდა, და მას აქეთ ადელინას არ ენახა თვის საყვარელი. დიეგო, საჭიროთ სად და არ ენახა თავის ადელინა, მანამ სუყველა ამ არეულობას ბოლო არ მოეღებოდა. დიდი ხნის უნახავობის გამო ადელინას დიეგო უფრო ძვირფასად და მშვენივრად ეჩვენა, თუმცა დიეგოს სახეზედ ისეთი დაღონება ეწერა, თითქო დიდი უბედურება მისდგომია რამეო.
დიეგო შედგა, როცა ადელინა დაინახა. ხნიერი მოახლე, როგორც შეეფერება კარგს დახელოვნებულს გამდელს მივიდა მაგაზინის ფანჯრებთან და დიდის გულმოდგინებით შინჯვა დაუწყო, იქ გამოფენილ მარაოებს, ვითომ აქ არაფერი ამბავიაო. ერთის სიტყვით თვალი მოარიდა. ადელინას ჰსწვდა დიეგოს ხელში ისე მხურვალეთ, როგორც კი მარტო მოსიყვარულე დედა-კაცს შეუძლიან, და გაბედვით, ხალხის მოურიდებლივ, ყოველის რიგიანობის დაურღვეველად შეითრია ერთ ახლო მდგომ სასახლის კარებში.
— დიეგო, დიეგო! მე აღარ შემიძლიან ამის ატანა, დაიყვირა იმან და ქვითინით მოეხვია ყელზუდ: — ქვეყანაზე არავინ დატანჯულა ამ გვარათ, როგორც მე ვიტანჯები. შენ იცი რომ მე სუყველას მოვიქმედებ, რაც კი შენ გსურს, თითქმის სიცოცხლესაც არ დავზოგავ შენთვის! შენ კი, როგორ დავიჯერო არ შეგეძლოს ჩემი გულისათვის დაჰსთმო მხოლოდ შენი აზრები? ჩვენ რა გვენაღლება, თუ ვინ იხემწიფებს ამედეი თუ კარლოსი, ან თუ რა დაემართება ისპანიას? ჩემთვის მთელი ქვეყანა შენა ხარ, და, ვგონებ, შენთვისაც მე უნდა ვიყვე უფრო მეტად ღირსებული ვიდრე ამედეი და ლიბერალები! ოჰ, საყვარელო დიეგო! მე ვგრძნობ, რომ ჩვენ დიდი უბედურება მოგველის, თუ შენ დარჩები მტრად ეკკლესიისა და პატრებია! მე ეხლა ვლოცვულობდი ღვთის მშობლის წინ და ღვთის-მშობელმა ისეთის სიბრალულით გადმომხედა, თითქო მიბძანებდა, ვაი შენი ბრალიო არ იცი რა უბედურობა მოგელისო, ო, რა საშინელებაა! როდესაც მე შევყვირე: „ყოვლად მოწყალეო ღვთის-მშობელო, თუ ჩვენში უნდა იტანჯოს ვინმე მეთქი, ისევ მე მტანჯე და არა დიეგო, მეთქი, მაგრამ გთხოვ დაგვიფარე ორნივ შენს მადიდებლათ; — ღვთის-მშობელმა მომხედა, მაგრამ შემოხედვა მისი იყო ცივი, გამყინავი.
— ჩემო საყვარელო, ძვირფასო ბავშვო, წარმოსთქვა ღიმილით დიეგომ, მიიკრა გულზე და კოცნა დაუწყო — იმ ხალხს შენ შეუშინებიხათ, შენ ნუ ადარებ პატრებს ღმერთთან და ღმერთს პატრებთან. განა შენ გგონია, რომ ღმერთიც ისე სჯის, როგორც მამა მალალიასი, რომელიც იმ სახსოვარ საღამოს, სწყევლიდა მთელ ცხრა მეათედს კაცობრიობას, მხოლოთ იმისათვის, რომ ისინი არ აფასებენ პატრების აზრებს? შენ იცი, რომ ჩემი სიცოცხლე, ყოველი ჩემი აზრი და იმედი შენში იმყოფება; მაგრამ შენ ნუ მთხოვ, რომ მე თაყვანი ვცე შენს ცრუ მორწმუნე პატრებს, რომელნიც ჩვენს დაღუპვას ცდილობენ: მე ვბრძვი იმათ, ჩემო სიხარულო, და ამ ბრძოლაშია ჩემთვის საჭირო შენი შემწეობა. ისინი სცდილობენ ჩემს გაღარიბებას. დღეს დილით, ერთმა ქარხნის პატრონმა, რომელმაც ამას წინათ მე ერთი მაშინის გაკეთება შემომიკვეთა, უარი სთქვა, მარტო იმის მიზეზით, რომ მღვდლები ნებას არ მაძლევენო და მე და სრულიად იმაზედ ვარ დამოკიდებულიო. მე, ჩემო კარგო, ის ბატონები ყოველგან მლანძღვენ და ქალაქში არ არის ერთი სახლი, სადაც ისინი მე ჩირქს არ მაცხობდნენ. ნეტა რაღა ვქნა, რომ ამ გაჭირებაში შენც თავი დამანებო, ჩემო საყვარელო?
ამ სიტყვებმა მცირედათაც არ დამშვიდეს ადელინა; არა, ამათ უფრო მოუხშირეს ადელინას ცრემლები და ტანჯვა; გაცხარებული ადელინა დიეგოს ორივეს ხელით მოეხვია ყელზედ, მაგრა მიეკრა და შეევედრა:
— დიეგო! ჩემო საყვარულო დიეგო..... ჩემო სიცოცხლევ..... გთხოვ, გეხვეწები..... ნუ მელაპარაკები მაგეებზე.... როდესაც შენ ლაპარაკობ, მე მჯერა, ჩემ თავს ღონივრად ვხად, მაგრამ, უშენოთ, მე ისევ ისე ღონე მიმეხდება და შიში წამიღებს ხოლმე. გთხოვ, გეხვეწები... ისე მოიქეც, როგორც მე მინდა.
დიეგომ პასუხი ვეღარ მოასწრო, ადელინას აერია თვალები, პირზე მკვდრის ფერი დაედო და გულ შემოეყარა. ძლივს მოაბრუნა დიეგომ საწყალი ქალი, მოახლის შემწეობით მიაცილა სახლამდინ და თვითონ ქარხანაში დაბრუნდა. ათასნაირ ფიქრმა და გრძნობამ საწყალი ყმაწვილი კაცი არიეს. ჯერ უნდოდა წასულიყო ეპისკოპოსთან და მალალიასთან და ეთქვა, რომ ძაღლებივით ამოგწყვეტთ, თუ კიდევ შემიშინებთ ადელინასო, მაგრამ მალე მიხვდა ამ აზრის უსაფუძვლობას. მაშინ გულზედ სევდა მოაწვა და ჰკითხავდა თავის-თავს, ნეტა რისთვის ვიბრძვიო? რა მჯისო? ის არ ემჯობინებოდა გამერეკნა ურწმუნო მუშებიო და ბედზე მიმეგდო ქარხნის საქმეო, შევრიგებოდი სამღვდელოებას, მიმეცა ფულები პატრებისთვის, უარი მეყო ჩემი საკუთარი აზრებიო და მშვიდობიანათ მეცხოვრნა ადელინასთან და მქონოდა მხოლოთ ერთი საგასი ცხოვრებისა ადელინას ბედნიერებაო? სუყველა, ვინც კი შებმია „მძლავრთა ამა ქვეყნისათა“, ჩავარდნილა ჩემებრ სასოწარკვეთილებაშიო.
დიეგო რომ შემცდარიყო და ეღადატნა თავის-თავისათვის ეგ საკვირველი არ იქნებოდა, ამიტომ რომ სწორეთ რომ ვსთქვათ, იგი არ იბრძოდა არავითარ უმაღლესის საგნისათვის; თავისის აზრების გამარჯვებით ის არ მოელოდა გამდიდრებას, რადგანაც უამისოთაც ძრიელ მდიდარი იყო და დამარცხება კი სრულებით გააღარიბებდა. დააკარგვინებდა ადელინას, გადაღუპავდა სამშობლო ქალაქიდგან და, ვინ იცის, იქნება სხვა მოულოდნელს უბედურებასაც შეამთხვევდა. მაგრამ დიეგო მაინც მაგრა იდგა თავის აზრზედ, თუმცა იმის ალაგას მრავალი სხვა მოიდრეკდა თავს მუხთალის ბედის წინაშე. როდესაც ის ქარხანაში მოვიდა, ნახა, რომ ყველა ისპანიელი მუშები ეზოში გამწკრიებულიყვნენ. მათ გამოუცხადეს, რომ, თუ არ გარეკავო უცხო ქვევნელ მუშებს, ჩვენ შენი არ გვინდა რაო, თავს დაგანებებთო.
ეს თხოვნა სისულელე იყო. დიეგომ დიდის ჯაფით ასწავლა ამათ ხელოსნობა და დიდ ჯამაგირებსაც აძლევდა მხოლოთ იმისათვის, რომ მარტო სხვა მხრის მუშები არა ჰყოლოდა, იმას შეეძლო საქმე თავისი გეკეთებინა მარტო. საფრანგეთისა და ინგლასის მუშებითა და უამათოთ კი, ესე იგი მარტო ისპანიელებით არას გზით არ შეიძლებოდა, ამ მუშების წინამძღომელს ძრიელ ნათლათ ესმოდა ამ თხოვნის უჭკუობა და ცალკე გადიყენა, წაიყვანა დიეგო და წმინდის გულით სუველაფერში გაუტყდა. ამ ცოტა ხანში კარლისტების აჯანება აუცილებლად მოხდებაო, უთხრა მუშების წინამძღომელმა: და თუ ისინი გაიმარჯვებენო, რომელიც ძრიელ შესაძლებიაო, თუ გინდა რამდენიმე დღით მაინცო. მაშინ უთუოდ, პატრები დაეცემიან თქვენ ქარხანასო, ცეცხლს წაუკიდებენ და უცხო მუშებს სუყველას ყელებს დასჭრიანო; ამისათვის ძრიელ კარგს იზამთო, რომ აჯანყების დამშვიდებამდინ, სხვა მხრის მუშები დაითხოვოთო. რასაკვირველია, მუშებისთვის ძრიელ სამწუხაროაო, ამბობდა წინამძღომელი, რომ ამ გვარათ ეპყრობიან ქარხანას, რომელიც ამათთვის ყოველთვის აგრე ხელის-შემწეობი იყოვო, მაგრამ რა ჰქმნან, კარლისტები და პატრები ძრულ საშიშარნი მტერნი არიანო.
— მე ვივიქრობდი, მიგუელ, რომ სუყოველთვის შემეძლო თქვენზე მონდობა, უპასუხა დამშვიდებით დიეგომ.
— თუ მე დამჭირდება ჩემის ცხოვრების დაცვა ავაზაკებისაგან, რასაკვირველია, ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა, რომ გვერდით რამდენიმე ისპანიელი მყოლოდა.
— მე მყავს ცოლშვილი, დონ დიეგო, უპასუხა მიგუელმა, და ბევრი სსვანიც ჩემს ყოფაში არიან:
— ჩვენ იქნება დავრჩენილვიყავით თქვენთან, რომ თქვენ ინგლისელნი ან პროტესტანტი ყოფილივით: მაშან თქვენ ვერავინ შეგეხებოდათ, მაგრამ ლიბერალი კათოლიკე — საყოველთავო მტრად არის მიჩნეული და პატრებს ეშმაკზე ძრიელ ეჯავრებათ.
— მაშ მეტი ღონე არ არის: რაც მოსასვლელია უნდა მოვიდეს, კაცი ამას ვერ ასცდება, სთქვამ დიეგომ და წავიდა კანტორაში, რომ ისპანიელ მუშებს გაუსწორდეს.
იმას ჯერ არც კი გაეთაევებინა ეს საქმე, როდესაც კანტორაში შემოვარდა ერთი ყმაწვილი კაცი. ეს იყო დიეგოს საუკეთესო მეგობარი. ეს ერთი იმათგანი იყო, რომელნიც არასოდეს არა გაჭირვებაში მეგობარს არ უღალატებენ, და რომელთაც, ამ სიპატიოსნესთან საუბედუროდ ყველაფრისა ეშინიათ და ყველაფერი აოცებთ.
— დიეგო, შენ დიდი უბედურება მოგელის, ჩუმათ წამოსთქვა იმან და ნელა კარები ჩაკეტა. მთელი ქალაქი ლაპარკობს: კარლისტები დღეს არა, ხვალ აჯანყდებიან. იქნება ხვალ, ვინ იცის ამღამაც შემოერტყან ქალაქს, და ხომ იცი, შენ პირველს დაგეცემიან. პატრებმა ყველა კაცი შენზე გააცეცხლეს და აამღვრიეს. თავი დაანებე სუყველას შეურიდგდი პატრებს და როდესც არეულობა მოხდეს, შენც კარლისტობა დაირქვი.
დიეგომ ამ რჩევაზე მარტო გაიცინა და თავის მეგობარს პაპიროსი უთავაზა.
— ღმერთს და წმინდა დობლანოს გეფიცები, მე არ ვხუმრობ! დაიწყო კვლავ დიეგოს მეგობარმა, მხარზედ ხელი წაავლო და თვალი თვალში გაუყარა შეშინებულმა: შენ დაღუპული კაცი ხარ, შენ ერთის ფეხით საფლავში სდგეხარ! მუშებს შენ ეჯავრები, პატრები შენ გწყევლიან და მუნიციპალიტეტის წევრნი, რომელნიც, უეჭველია, იდუმლად კარლისტების მხარეს დაიჭერენ, სიხარულით ერთ კვირას მომეტებულს იმარხულებენ, რომ შენ სახჩრობელაზედ გნახონ და თუ შენ იმოდენათ კერპი ხარ, და იმოდენა ძალასთან თავს არ მოიდრეკ, გაიქეცი აქედამ მაინც და ან დაიხსენი შენი თავი წადი პირველის რკინის გზით. მადრიდში. ეხლავე ადე და წადი, ერთს წამსაც ნუ დაჰკარგავ. სად არის შენ მაფრაშა?
— შენ ვინ გითხრა, რომ ისინი აქ მოვლენ? დამშვიდებით ჰკითხა დიეგომ.
— ვინ გითხრა ისინი აქ არიან ისინი კიდეც; ყოველგან არიან, ვინ იცის, იქნება თითონ შენ სახლშია კი იყვნენ და მხოლოდ ნიშანს რასმეს ელიან, რომ აღზდგნენ. სუყველა საქმე გაჩერებულია ქალაქში. არავინ არას ყიდულობს, არავინ არ იცის, თუ ხვალ რა იქნება თუ გიჟი არა ხარ, აბა ნუღარ ლაპარაკობ, დაიხურე ქუდი და წავიდეთ.
— არა, სთქვა დიეგომ გადააგდო პაპიროსი გულზე ამყად ხელები დაიკრიბა — არა, მე არ გავიქცევი და არც ჩემ სიტყვებზედ უარს ვიტყვი, ანტონიო მაშ რისთვისა გვაქვს ხელები, თუ არ მტრებთან შებმისათვის. მე აქ ვრჩები, რაც უნდა უბედურობა მომელოდეს.
— შენ სწორედ ჭკუიდამ შეშლილი ხარ! შეჰყვირა გაჯავრებულმა ანტონიომ: — ისინი რომ სხვა მხრის მტრები ყოფილიყვნენ, მაშინ მიგიხვდებოდი მაგ სიტყვებს. ჩვენს პატარებთან კი აბა რა შეგიძლიან? მე შენ გკითხავ, აბა რა შეგიძლიან?
გაბაშვილი.
(შემდეგი იქმნება)
_______________________
1 „ივერია“ №№ 25, 26. 1878 წ.