![]() |
ივერია (30)1878.03.08 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
|

საქართველოს მატიანე
წერილი კახიდამ
(„ივერიის“ კორრესპოდენცია“)
დღეს ზაქათალის მაზრის უფროსის გამგეობამ გამოაცხადა ერთი იმ გვარი განკარგულება, რომელიც გაახარებს არა ერთს საწყალს გლეხს, ვისაც კი წაუკათხავს „ივერიაში“ დაბეჭდილი კორრესპონდეციები კახიდამ, ცოტაოდენად ეცოდინება რა გვარი ურთიერთობა სუფევს ჩვენ ვაჭრებთან და ადგილობრივ მცხოვრებთა შორის, ჩვენი უწინდელი მმართველობა (ადმინისტრაცია) დიდად ცდილობდა მომეტებული ვაჭრები გადმოესახლებინა ზაქათალის მაზრაში, მაგრამ იმავე დროს სრულიად არ უზრუნვია ადგილობრივ გლეხკაცობის დაცვისათვის ამა ვაჭრებისაგან, რომელნიც თავის ნებით და ძალმომრეობით ექცეოდნენ გლეხის ქონებას, ამის გამო მრავალი გლეხ-კაცი სრულიად დაგლახაკდა, თუმცა ჩვენში სამი სავაჭრო ადგილი (ბაზარი) სუფევს (სოფ. კახში, ალაბადში და ქ. ზაქათალას), მაგრამ ჩვენი ვაჭრები ამათ არ კმაყოფილდებიან და იფანტებიან ზაქათალის მაზრის ყველა სოფლებში, სადაც, მოშორებულნი ყოველ გვარ ზედამხედველობას, არამც თუ სცარცვენ. ხალხს, არამედ შეაქვთ აგრეთვე მის ოჯახში ყოველგვარი სიბილწე და გარეგნილობა, რომლის გამოც რა ერთი ვაჭარი მოუკლავთ ან დაუჭრიათ. ბოლოს ხალხმა ვეღარ მოითმინა და იჩივლა მაზრის უფროსთან, პოდპოლკოვნიკ სერაფიმოვიჩთან და სთხოვა დაგვიხსენით ამგვარი ვაჭრებისაგანაო, რომელნიც ვითომ მაზრის წარმატებისათვის არიან მოწვეულნი, ამ ჩივილის გამო მაზრის უფროსმა ბძანება გამოსცა, რომლის ძალით ყველა ვაჭრები, რომელნიც სოფელ-სოფელ არიან გაფანტულნი, უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ იმ სამ ადგილას, რომელნიც ვაჭრობისთვის არიან დანიშნულნი (კახში, აღაბადში და ზაქათალაში), მართა ბოლო მოეღოს ყველა იმ ცუდ-კაცობას, რომელსაც სჩადიან ვინ იცის საიდამ მოწვეულნი გამნათლებელნი ჩვენს ქვეყნისა. ამას იქით მათი სავაჭრო მოღვაწეობა ნაიბების ზედამხედველობის ქვეშ უნდა - იყოს.
ჩვენი სასამართლოს პრისტავიც საოცარ საქმეებს სადის ხოლო მის წინააღმდეგ არავითარი ზომიერება არ არის ხმარებული, თუმცა გაზეთებში ბევრი რამ იყო ნათქვამი). მიკვირს მისი სიამაყე. უნდა მოგახსენოთ, რომ მომრიგებელი მოსამართლე ეხლა აქ არ არის და ამიტომ გლეხ-კაცს საჩივარის შეტანა არსად არ შეუძლიან, მათ სარგებლობს ზემოხსენებული პრისტავი, რომელსაც საცხოვრებლად კახის უჩასტკა აურჩევია, და დღითი ბაზარში თითქმის შუა ქუჩაში საეჭვო კაცებს ძვალს ეთამაშება, ღამე კი დაეცემა ხოლმე გლეხი-კაცის სახლს, გარშემოარტყავს თვის ამხანაგებს და იწყებს ქონების აღწერას (ვალებისათვის), და ამასთანავე გლეხის უსაჭიროეს ნივთსაც არა ზოგავს, აი მაგალითიც: ერთის ინგილოს იმაშ აღა გელაშვილის სახლს ამას წინად მიადგა რაღაცა ხალხი ზემო ხსენებულის პრისტავის წინამძღომლობით. ამა წანამშღომელმა აუწერა ვალში იმ ინგილოს ყოველი მისი ქონება და სხვათა შორის ერთად ერთი ცხენი, რომელიც პატრონისათვის ძალიან საჭირო იყო, რადგანაც გელაშვილი ორივე ფეხზედ კოჭლობს და ამიტომ სიარული არ შეუშლიან; თავის საქმისათვის ყოველთვის ცხენით გამოდიოდა. ურიგო არ იქმნებოდა რომ ყურადღება მიაქციონ, ვისიც ჯერ არს, იმ პრისტავის მოქმედებას.
ბევრსა ვჩივით იმ უწესოებაზედ, რომელიც სუფევს ჩვენ ფოშტის სტანციებში; რომლებიც უჭიარავს ვიღაცა არტემ არუთინოვს, მაგრამ ვერა გავაწყვთ რა სტანციები იმავე მდგომარეობაში არიან, როგორც უწინ იყვვნენ, იემშჩიკები არ არიან, ცხენები დღეს თუ ხვალ დაიხოცებიან, მგზავრი ზოგჯერ ოროლ საათობით არას გაჩერებული, რადგანაც ხან ურმის თვალი გაუტყდება, ხან აღვარი წაუხდებათ ცხენებს და სხვა. ნუ თუ არტემ არუთინოვზედ უფროსი ფოჩტის გამგეობაში არავინ არის?
სანდრო.
ორიოდე სიტყვა ჩვენებურ ავადმყოფებზე, რომელნიც სამკურნალო წყლებზე მიდიან.
აბასთუმანი. („ივერიის“ კორრესპონდენცია.) ბუნებას ჩვენი სამშობლო სხვა სიმდიდრეების გარდა სამკურნალო წყლებითაც უხვად შეუმკია. ზოგიერთნი ამ უკანასკნელებიდან მამა-პაპიდანვე სახელგანთქმულნი არიან და დღევანდლამდის ყოველ წლივ ბლომად იზიდავენ ხოლმე სნეულებს, დიდის სასოებით მორჩენაზე, ხანდის-ხან რაოდენიმე დღის სავალიდამ, ამასთანავე, მგონია, თითქის ყველას თუ არ უნახავს, გაუგონია მაინც იმისთანა სამწუხარო შემთხვევანი, როდესაც წყლებს სარგებლობის მაგიერად ვნება მოუტანია და ავადმყოფი მორჩენისა ანუ თავის სენის ბევრად თუ ნაკლებ შემცირების მაგივრად, უფრო დაუძლურებულა და სულიც დაულევია. უმეტეს ნაწილად მიზეზი ამნაირ შემთხვევისა ის არის, რომ ზოგიერთნი ავადმყოფები, მეტადრე დაბალი ხალხი, მიდიან წელებზე ექიმის დაუკითხავად, ისინი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ამ გვარის მაგალითით: ვსთქვათ, ვისმე აქვს ხელი ან ფეხი შეხუთული, ამასთანავე იმან იცის, რომ აბასთუმნის ცხელ წყლებს მოურჩენიათ ამნაირი ავადმყოფები, ამ ცნობებით ის სრულებით კმაყოფილდება და პირველ ზაფხულსავე, თუ აძლევს მას საშუალება ნებას, მიდის აბასთუმანში და ბანაობს ცხელ წყლებში. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ავადმყოფს ხელ-ფეხის ხუთვის გარდა სხვა კიდევ იმ ნაირი სნეულებაც აქვს, რომ ბანაობა ცხელ წყლებში უეჭველად ბევრად თუ ნაკლებ ავნებს, მაგალითებრ, ფილტვები აქვს გაფუჭებული ან გული და სისხლის მატარებელი ძარღვები აქვს ნავნები, რაღა ლაპარაკი უნდა, რომ ეს ავადმყოფი თუნდა რომ კიდევაც მოიშოროს ის სნეულება, რომლის მოსარჩენად წყლებზე წავიდა, ვაის გაეყრება და უის შეეყრება; მერე ვინ იცის რანაირი უი იქნება, შეიძლება იმისთანაც, რომ თანაც გადაიტანოს.
გასაკვირველი ის არის, რომ ექიმის დაუკითხავად მიდიან წყლებზე და იქ ბანაობენ არამც თუ მარტო შეუძლებელნი, შეძლებულნიც — ექიმის რჩევა კი წყლების ამორჩევაზე მიუცილებელი საჭიროებაა, და თუ რომელიმე ექიმი საიმისოდ უსვინიდისო იქნება, რომ ღარიბს მაინც უფულოდ რჩევას არ მისცემს, ამ შემთხვევაში ისევ ჯანი გავარდეს მანეთს ვინ იცის მაგ მანეთმა რა უბედურებიდან დაიფაროს.
ამნაირი შემთხვევებიც არარის იშვიათი: ვსთქვათ, ერთხელ ექიმმა ურჩია ავადმყოფს წასვლა რომელსამე წყლებზე და თუ ეს წყლები ბევრად თუ ნაკლებ მოუხდა, შემდუგ წყლებში, თუ შეძლება ნებას აძლევს, ხშირად ექიმის დაუკითხავადვე მიდის: აქაო და ადრე მომიხდა, ახლაც მომიხდებაო. იმას კი არა ფიქრობს, თუ ამ ხნის განმავლობაში მისი აგებულება შეიძლება იმ ნაირად შეცვლილიყოს, რომ ადრე დანიშნული წყლები ახლა ავნებენ. ამ ზაფხულში მე მომიხდა ყოფნა აბასთუბანში რაოდენიმე დღით და იმ მოკლე ხანში ორი ვნახე ამ შემთხვევის კაცი, ორის კაცისათვის შარშან ერჩიათ ექიმებს ბანაობა აბასთუმნის წყლებში და ეს წყლები მართლაც მოხდენოდათ, წელს ის ორივე პირნი ისევ ჩამოსულან ექიმის დაუკითსავად საბანებლად, თუმცა ერთი მათგანი საშინლად დასუსტებულია ციებ-ცხელებისგან და მაშინ, როცა მე ვნახე კიდევ არ დაენებებინა თავი ციებას, მეორეს — კი ექიმის რჩევის შემდეგ შეეძინა გულის ფრიალი, კიდევ კარგი, რომ ეს პირნი მალე ეჩვენნენ ექიმსა, რომელმაც, რასაკვირველია, მაშინვე აუკრძალა განგრძობა ბანებისა, თორემ ვინ იცის, რითი გათავდებოდა საქმე.
სამკურნალო წყლების ახლო-მახლო სოფლებს მცხოვრებლები ხო ამ შემთხვევაში უფრო ურიგოთ იქცევიან. იქ კაცი რითაც უნდა გახდეს ავად, იმ წამსვე წყლებში ბანებას დაიწყებს, მაგალითებრ, მარიამობისთვის დამლევს და ენკენისთვეში, როცა აბასთუმნიდან და სხვა ქალაქებიდან მოსულები დაიძვრიან, მოაწყდებიან ხოლმე ამ წყლებს ახლო-მახლო მცხოვრებლებიც, და ბრალიანი და უბრალო დაიწყებენ ბანებას.
ი. გ—ძე.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
კონგრესი გათავდა, მაგრამ ხვალინდელ დღეს მაინც ღრუბლები დაჰსტრიალებენ. ვიღაცამ, მგონია გამოჩენილმა პატერმა გავაცციმ დიპლომატია უკბილო ბებერს დაადარა და მისი მოღვაწეობა უკბილო ბებრის ცოხნასა. ჩვენა გვგონია, რომ ეს სახელები დღესაც ზედ გამოჭრილია. დიპლომატიამ ღეჭა, ღეჭა ეს აღმოსავლეთის საქმე და უკბილობით რომ ვერ მოერია, ისე დაუღეჭავად გადაჰყლაპა. უღეჭი საზრდო არგებს დიპლომატიის სტომაქს თუ არა, ეგ ბოლოს გამოჩნდება. ეხლა კი ამას ვიტყვით, რომ აღმოსავლეთის საქმე შეფერხდა და არა შემთავრდა და გადაწყდა. მისი გადაწყვეტა სამემრისოდ არის გადადებული და ვინ იცის, კიდევ რამოდენი სისხლი დაიღვრება და რამოდენი ნაღვაწი დაინთქმება.
მაინც ხომ ჰქმნა რამე ქვეყნის საკეთილოდ კონგრესმა, იკითხავს გაკვირვებული მკითხველი? უპირატესნი ჭკუიანი კაცნი ამ საუკუნისანი შეიყარნენო და ნუთუ ტყუილუბრალოდ ილაქლაქესო და შრომა გაჰსწიესო? არა, ბატონებო, ტყუილუბრალოდ არ ულაქლაქნიათ. იმათ, იმ ჭკვიანმა კაცებმა მარტო ის ჰქმნეს, რომ განსაცდელი თავისთავს მოარიდეს და ჰსთქვეს: ჩვენს შემდეგ, თუნდ ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო, ოღონდ ეხლა კი, მინამ ჩვენა ვართო, ნუ წამოდგება ფეხზედა ის ცხრა თავიანი დევი, რომელსაც აღმოსავლეთის საქმეს ეძახიანო.
ეს აღმოსავლეთის საქმე ისე დახვლაჭნილია ოდითვე, იმდენის ასაფეთქებელის წამლებით არის გავსილი და გატენილი, რომ ყველა შიშობს ნეტავი მინამ მე ვარო, არ იფეთქოსო და მერე რაც უნდა, იგი ჰქმნასო. ბერლინის კონგრესს თავი დამ ფეხამდე ამ აზრის ფერი ედო და მის ნაღვაწსაც იგივე ფერი დაედო. საქმე ისე გაათავა, რომ არც ერთი მხარე, არც ერთი სახელმწიფო, არც ერთი დევნული ბედისაგან ერი არ დააკმაყოფილა და ყველას დღევანდელის მშვიდობის მაგიერი ხვალინდელის ბალღამი ჩააწვეთა. დღეს გუშინდელის ომის გრიალით გამოყრუებული ადამიანი შიშით უმზერს ხვალესა, რომელიც უფრო სისხლის მღვრელი, უფრო სასტიკი და შეუწყნარებელი იქმნება.
ჩვენის ფიქრით, კონგრესზედ ყველას თავისი საკუთარი საქმე ჰქონია და არა აღმოსავლეთის საქმე. აღმოსავლეთის საქმე მარტო მიზეზად იყო და არა საგნად. ბიკონისფილდმა, თუმცა ინგლისს კარგი ლაზათიანი ლუკმა არგუნა, ესე იგი, მდიდარი და მრავალმნიშვნელობიანი კუნძული კიპროსი ხელში ჩაუგდო და მცირე აზიაშიც დიდი ხმა შეაძენინა, მაგრამ ამას არ დაჰსჯერდა, ეს საყველპურო საქმეაო, სამემრისოდაც პოლიტიკის ფონი უნდა გავსინჯოო. გასინჯა კიდეც და დაინახა, რომ ხვალ თუ რამე მოხდა, ძლიერი გულით, სულით და ფულით საფრანგეთი ინგლისს მხარს მიჰსცემსო. ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრე რომ ეგრე ეკურკურება გამბეტას ეგ სახუმარი საქმე არ არის და გამბეტამაც რომ ლბილად დაიწყო ამ ბოლოს დროს ლაპარაკი ბერლინის კონგრესის მოღვაწეობაზედ - არც ეს არის უფათერაკო ამბავი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხომ თითქმის განსაკუთრებით იმ აზრით იყო წასული კონგრესზედ, რომ ემცნო ზოგიერთი სახელმწიფოთა გული ვისკენ უფრო მიიზიდებაო, თუ ვინიცობაა დღეს თუ ხვალე ზარბაზანმა ევროპაში დააგრიალა.
ამის გამო აღმოსავლეთის საქმეს ბათქაში ჰკრეს, ნარღვევნი დაუმალეს ჯერ-ჯერობით და თვითეულმა მათგანმა კი სამერმისოდ საქმე გაირიგა. ჩვენის ფიქრით, ეხლა მათ შორის ცნობილია ვინ ვისკენ იქნება, თუ ვინიცობაა ევროპა რომლისამე მიზეზით აიშალა. ასაშლელი მიზეზი მრავალი დაჰსტოვა კონგრესმა: სერბია, რუმინია, ბოლგარია, საბერძნეთი გულნატკენად დააგდო, რუსეთიც არ არის კონგრესის მადრიელი, ბოსნია, ჰერცოგოვინა, რომელნიც თვისთა უნებურად ავსტრიამ ჩაიგდო ხელში, დრტვინვენ და ჰსჩივიან და თითქმის უიარაღოდ არ ნებდებიან; ოსმალო ხომ გაბრაზებულია და გაბრაზებული. მაშ სადღაა დამშვიდება აღმოსავლეთისა? სად არის დაყენება, მომავალშია. აბა მაშინ იქმნება ჭაპან-წყვეტა და კბილთა ღრჭენა!... ვის არ უნდა დრო მომზადებისა ამ საშინელის მომავლისათვის? კონგრესმაც ჩვენის ფიქრით, შეაფერხა საქმე იმ დრომდე, ვიდრე მოემზადებიან. ფონი კი, როგორცა ვსთქვით, გასინჯული აქვთ და სახტომიც გაზომილი....
![]() |
3 საქართველოს საზღვრებს სომხეთის მხრივ იჭერენ სომხები |
▲back to top |
საქართველოს საზღვრებს სომხეთის მხრივ იჭერენ სომხები
საქართველოს საზღვრების დაჭერა სომხებისაგან იყო შედეგი იმის დაყოფისა და შესუსტებისა. ქართლის — ცხოვრების თქმით, „ადერკის მეფობამდე ქართლს ერთი დადის მეფედ, როცა მრავალნი იყვნენ შვილნი მეფეთანი, ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა განუყო ქალაქი მცხეთა და ქვეყანა მტკვარსა: შიდა ― ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი, მტკვარსა ჩრდილოეთით, ჰერეთითგან ვიდრე თავამდე ქართლისა და ეგრისისა, ესე მისცა ბარტომს უხუცესსა ძესა თვისსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკვარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავამდე მტკვრისა და კლარჯეთი მისცა ქართამს ძესა თვისსა უმრწემესსა.“[1] შესანიშნავია, რომ ამ დროს თვით სომხეთიც ორად ივლის სომხის ისტორია ამბობს, რომ ავგარ მეფის სიკვდილის შემდეგ, 32 წელს ქრისტეს დაბადებით, იმისი სამეფო ორად განნაწილდაო: ავგარის შვილმა ანანუმ ანუ ანანუნიმ ედესსა თურმე დაიჭირა და ავგარის დის-წულმა სანადრუგმა კი სომხეთის ნაწილი და ადიაბენი მიითვისა. ასე მოხდა საქართველოშიაც. ეს კია, რომ სანადრუგმა მაშინათვე მოინდომა სომხეთის შეერთება თავის ხელში და ამ განზრახვით ანანეს ბრძოლა აუტეხა.[2] საქართველოში ორ-ორ მეფეთ კაი-ხანი ურთი-ერთი კავშირი შეუწყვეტიათ. ერთი იმათგანი იჯდა არმაზში, მეორე შიდა-ქალაქში, ანუ, უკედ ვთქვათ, იმათ ჰქონდათ გაყოფილი ქალაქი მცხეთა: უფროსს ეჭირა „მუხნარით კერძი, უმცროსს არმაზით კერძი“. ორნივე ერთ-გვარ მეფობდნენ თუ არა, ორივეს ერთ-გვარი ძალა ჰქონდათ თუ არა, ამ საგანს ჩვენი წელთ-აღწერა ყრუდ უჩვენებს. სტრაბონი კი ამბობს: „იბერია დასახლებულია ოთხის განვითარებულის წოდებით. პირველს ეკუთვნიან მეფენი; მათში უმთავრესობს ის, რომელსაც მემკვიდრეობა და წლოვანება უპირატესობას აძლევს; მეორე მსოლოდ მსაჯულობს და სპათა წინა-მძღომელობს“.[3] ჩვენის ფიქრითაც ერთი ამ მეფეთაგანი მეორის დამოკიდებულობაში უნდა ყოფილიყო, რადგანაც აქ ყოველთვის უხუცესობას უპირატესობა ჰქონდა. თუმცა ქართლის-ცხოვრება გვიამბობს: „მეფობდეს ძენი“[4] ... „შეითქვნეს ესენი და განიზრახეს“[5] ... „ერთგან მოყვარენი ვისნიმე და ერთგან მტერნი ვისნიმე“[6] ... მაგრამ ესეც არ ამტკიცებს ერთგვარ უფლებას და ძალას ორისავე მეფისას. საკვირველია ისიც, რომ ჩვენნი ორ-ორნი მეფენი ერთს დროს ასრულებენ თავიანთ მეფობას: ასე გგონიათ, ისინი ან ერთსა და იმავე ჟამს იხოცებიან, ან როდესაც უხუცესი იმათგანი კვდება, მაშინ უმრწემესიც სტოვებს თავის უფლობას, თავის მოხელეობას — ასე თურმე იყო ფარნავაზ ქველამდე და მირდატამდე, რომელნიც მეფობდნენ 113-129 წელს ქრისტეს შემდეგ.
იმ მხარეს, რომელიც სომხებმა ქართველებს ჩამოართვეს, საზღრავდა მთის ქედი, რომელიც შეკავშირებულია თრიალეთის მთასთან და აქედამ მოკიდებული მისდევს ჯერ ჩრდილოეთით სამხრეთად, შემდეგ დასავლეთით აღმოსავლეთად ვიდრე გოგჩის ტპამდე და რომელიც სახელ-ცნობილია ბამბაკად და ბეზობდალად. ეს ქედი შეადგენს მცირე კავკაზის ნაწილს და ჰყოფს ერთი ერთმანეთში ორს მდინარეს მტკვარს და არაქს. მთელი მხარე არის ნაწარმოები ქვესკნელის ცეცხლისა. აქ მრავალია რკინისა და სპილენძის მადნები, მეტადრე ლელვარის მთაში, რომელიც ამ მხარის შუა-გულში მიემართება და რომელიც ჰნიშნავს გამოთარგმანებით მადნის მთას. აქ, ვახუშტის თქმით, „სარკინეთს ითხრების ლითონი რკინისა და სპილენძისა, და იპოების მცირე ლაჟვარდიცა“. აქა აწინდელის გამოკვლევით, დებედის ხეობაში, ძველის დროდამ მოქმედებენ სახელგანთქმული მადნები: ალავერდისა და ახტალისა, თვით ირაკლი მეორის დროს ამ მადნებიდამ გამოჰქონდათ როგორათაც ვერცხლი, აგრეთვე ოქროცა. აქ მრავალი მადნები აღმოიშოვება აგრეთვე იმ ადგილში, სადაც ბამბაკის და ბორჩალას მდინარეები ერთი მეორეს ერთვიან.[7] აქ შესანიშნავი მდინარეებია: ბერდუჯი ანუ დებედა (ახალს კარტებზე ბორჩალა) და ხრამი, მასუკან ალგეთი და ქცია, ვახუშტი სწერს თავის გეოგრაფიაში: ეს მხარე „არს შემკობილი ყოვლითა, ვენახნი და ხილნი მრავალნი, არამედ მთის კერძოდ არა არს; თესლნი ყოველნი ნაყოფიერებენ. მროწლენი, არვერი, კოლტნი ღორთა, ჯოგნი მრავალნი. ღვინო მრავალი. მთათა ნადირი ურიცხვი, და მფრინველნი, რომელნი აღვსწერეთ, უთვალავნი. ჰაერი ქცია-ბერდუჯის მდინარეთ კიდესა ცხელი, უმშვენი, გაუძლისი, სხვათა ადგილთა კეთილი, ტყენი ბევრნი, წყარონი ცივნი და მშვენნი, უამრავნი. და ქციის სამხრით ველი იყო უწყლო, გაიღო 94 მეფემან ვახტანგ ძველი რუ, და აწ ირწყვას მით და ნაყოფიერებს ფრიად. ამ ადგილთა შინა მოსახლენი არიან სარწმუნოებით სომეხნი და მცირედად ქართლის სარწმუნოებისა, არამედ ქცევა ზნით ქართულითა, სახლობენ თავადნი, ხოლო აზნაურნი მრავალნი“.[8] აქ იყო ციხე-სიმაგრეები; გაჩიანი ანუ სანადირო — ქალაქი, ლორი, ბოლნისი.[9] აქ იყო მონასტრები და ტაძრები; აგარაკი ანუ ახტალა.[10] ბოლნისის ეკკლესია[11] ახპატი და სანაინი.[12] ზემოდ მოხსენებული მტკვრის და არაქსის მსაზღვრავი მთის ქედი ჰყოფდა ქართველს ტომს და სომხის ტომს; იმისი ჩრდილო კალთა ეკუთნოდა ქართველებს, სამხრეთი კალთა — სომხებს. ის ქედი საზღვრავდა ქართულ ენას და სომხურ ენას[13] უძველესის დროდამ ეს მხარე შეადგენდა ორ საერისთავოს: ხუნანისას და სამშვილდისას.[14] კაი-ხანი იმას სომხები ქართველებს ედავებოდნენ ქართველები სომხებს, ის ხან პირველთ ხელში იყო, ხან მეორეთ ხელში. იმას უწოდნენ სომხები გუგარკად ანუ საქართველოდ, ქართველები — სომხეთად. ეს უკანასკნელი სახელწოდება შემოდის საზოგადო ხმარებაში მეთორმეტე საუკუნეში, დავით-აღმაშენებელის დროდამ. ძველის დროს ბერძნების მწერალნი სტრაბონი, პტოლომე და სტეფანე ვიზანტიელი იმას სახელ-უწოდებენ გოგარენად.[15] სომხის არშაკიდების დროს გუგარკის საზღვრები შეიცავდა დიდს სივრცეს. ამ საზღვრებში მდებრებდნენ — კლარჯეთი, არტაანი, ჯავახეთი და თრიალეთი.[16] მოსე ხორენელი იტყვის, რომ გუგარკი შეადგენდაო საქართველოს ნაწილს[17]. გუგარკის დედა-ქალაქად ირიცხებოდა ცორტავი, ანუ ვახუშტის ფიქრით, სანადირო ქალაქი.[18] აქ ისხდნენ გუგარკის პატიას შნი, ანუ ბდეშსნი, ანუ ჩვენებურად ერის-თავნი. პატიახშნი იყვნენ უახლოესნი მეფის მზრახველნი და უმთავრესნი ქვეყნის გამგენი, ძველად უჩვენებდნენ ოთხ პატიახშს: გუგარკისას, ახცნივისას, ანგეგათ-თუნისას და კორდუკისას.[19] მოსე ხორენელის თქმით გუგარკას პატიახშს ეპყრა უპირველესი ადგილი ყველა სომხების პტიახშებთ რიცხვში: სამეფო ნადიმში ის უპირველესობა მარჯვნით მეფისა, ჯარში უფროსობდა ჩრდილო — მრივ და ბძანებლობდა 22 თავადს.[20] როდესაც ქართველთ მეფენი ჰფლობდნენ გუგარკს ანუ სომხეთს, მაშინ აქაური ერისთავი პატიხშადვე სახელ-იწოდებოდა.[21]
რასაც აქ ვამბობთ სომეხთაგან იმათის საზღვრების გავრცელებაზე, ის დაფუძნებულია სომხურს ცნობაზე. იმას თვით ქართლის ცხოვრებაც ეთანხმება. ის იტყვის: „ხოლო ადერკისითგან მეფენი ფარსმან და კაოს (72-87 წ. ქრისტეს შემდეგ) იყვნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა, უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდეს სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა....მაშინ მეფე იქნა სომხითს დიდი იგი მეფე იარვანდ და ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა და მიუღო საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და არტანი მტკვრამდე..... და ვერ იძებნეს მეფეთა ქართლისათა საზღვარი და მოკვდეს მწუხარებასა შინა დიდსა ფარსმან და კაოს... იმათ შემდეგ გამეფდნენ აზორკ და არმაზელ (87-103 წ.) შეითქვნეს იგინი და განიზრახნეს ძმებად საზღვართა ქართლისათა, მაშინ მოკლა სუმბატ ბივრიტიანმან იარვანდ, მეფე სომეხთა დასვა მეფედ ძმა იარვანდისა არტაშან.[22]
ჩვენ ამას წინად, ვაჰარშაკ სომხის მეფის დროს, მოვიხსენეთ მოღვაწეობა და დიდება შამბუ ბაგარატისა სუმბატი იყო შთამომავლობით ბაგრატიდი, ძე ბიურატისა, ქართლის-ცხოვრების ბივრიტიანისა, რომელიც არ არის ისტორიაში ცნობილი. როგორც ჩვენს წელთ—აღწერაში, აგრეთვე სომხურ ხრონიკაში ის დიაღ სახელგანთქმულია. იარავანდ ანუ ეროვანდ მეფის მოკვლის შემდეგ სუმბატმა ისსნა სიკვდილისაგან ყმაწვილი არტაშეზი, შორეული ნათესავი და არა ძმა ეროვანდისა, ფარულად შეიყვანა ის სპარსეთში, სადაც მეფობდა იმ დროს მეფე დარეხი ანუ ვოლოგეზ არშაკიდი, გამოსთხოვა იმას ჯარი და ამ ჯარის შემწეობით დასვა არტაშეზი, 78 წელს, სომხეთის ტახტზე. სუმბატის სამფლობელო იყო სპერის მახლობლად, სემბატავანშა. სომხის მეფის ვაჰჭარშაკის დროს ბაგრატიდების სასტრაპო ანუ საერისთავო მდებარებდა სომხეთის დასავლეთის საზღვრად.[23] სუმბატი დიდად დაასაჩუქრა არტაშეზმა. „გარდა გვირგვინის დადგმის უფლებისა მეფის თავზე, გარდა დასავლეთის ჯრის წინ-მძღომლობისა მემკვიდრეობით, არტაშეზმა მიანიჭა იმას მთელის სომხეთის სპათა—ბძანებლობა და გამგეობა როგორც სამეფო სახლისა, აგრეთვე ყველა სამეფო მოხელეებისა, — სუმბატ იყო მოსული თავის ახოვანების შესაფერად; ის იყო შემკული მიშზიდავის ქველის-მოქმედებით და ტურფა ჭაღარით; მოძრავი ტანით და მთელის გვამით; ფრთხილი ყოველშივე, ის ყველაზე მომატებულს წარმატებას აღმოიჩენდა ყოველსავე ბრძოლაში.“[24] თვით არტაშეზის მოღვაწეობა იტყვის მოსე ხორენელი, ცნობილია რაპსოდთ ანუ მოლექსეთ ქებათაგან. არტაშეზმა სძლია მტკვრის პირად ალანებს[25] რომელნიც მთიულთ და იბერიელთ თანა-შემწეობით დაესხნენ სომხეთს, და თვით ალანის მეფის ძე დასტყვევა; შემდეგ მიზიდული ალანთა მეფის ასულის სატანიკის სიტურფით,[26] შეუღლდა იმას და ჰშო სხვათა შორის ძე არტავაზი, სპარსთა მეფის არშაკის სიკვდილის შემდეგ არტაშეზი დასვამს სპარსეთის ტახტზე იმის ძეს თავის მოსახელე არტაშეზს; მაგრამ ამ შემთხვევის გამო კასბნი[27] აიშლებიან და არტაშეზი სუმბატის თანა-შემწეობით იმათ სძლევს და დაამშვიდებს. რომის იმპერიაში მოხდება არეულობა; ამ შემთხვევით არტაშეზი ისარგებლებს და ხარკის მიცემას იმათთვის უარ-ჰყოფს; იმპერატორი დომიციანი, გულ-მოსული სომხეთზე, წარგზავნის იქ თავის ჯარს; ბაზიანში ორივე მხარე შეიბმიან და მოხუცი სუმბატი დაამარცხებს რომაელებს; მაგრამ შემდეგ, როდესაც ტრაიანე იმპერატორი სპარსეთზე გაილაშქრებს, არტაშეზა მოსთხოვს იმას შენდობას და ისევ რომის მოხარკე შეიქნება.[28] ღირს-შესანიშნავია არტაშეზის შინაგანი მოქმედება, ის აფუძნებს არაქსის და მეწამურის მდინარეების საშუალ, მაღლობზე, სატახტო ქალაქს არტაშატს, სადაც ბაგარნიდამ იმას შემოაქვს ახალ-აშენებულს ტაძარში ღმერთის არტემიდას წარმომადგენელი კერპი და თავის წინა-პართ კუმირები; აქ ასახლებს ერუანდის ქალაქიდამ გამოყვანილ ურიებს. არტაშეზი ამრავლებს სომხეთის მოსახლე რიცხვთ; იმას შემოჰყავს მრავალი უცხო-ტომთაგანი, რომელთაც ის აბინავებს ქალაქებში და სოფლებში, ხეობაებში და ვაკეებში, იმის დროს არის აქ დასახლებული ამატუნების გვარი, ურიის შთამომავალი, არიელების ქვეყნიდამ მოსული. არტაშეზის დროს ისაზღვრება დაბები და მინდვრები; ესე იგი, მიჯნებათ ჩაიყრება მიწაში გათლილი ქვები და ამ ქვების საძირკველზე აღიმართება ოთხ-კუთხიანი პატარა კოშკები. ამბობენო. იტყვის მოსე, რომ არტაშეზის დროს არ იყოო. სომხეთში, როგორც მინდვრათ, აგრეთვე მთებში, არც ერთი კუთხე შეუმუშავებული. ამ გვარად ჰყვავოდო ჩვენი ქვეუანა“. „თუმცა, განაგრძნობს მოსე, უწინაც მრავალი იყო წესდება და კეთილი ჩვეულება, მაგრამ არტაშეზამდე სასარგებლო სწავლა-ხელოვნება არ იცოდნენ, თვლა კვირისა, თვის და წელთა ჯერ შემოღებული არ იყო. ნავები არ დჰასცუარავდნენ სომხეთის ტბებში და მდინარეებში; იარაღის ხმარება წელის მონადირეთათვის ხმარებაში არ იყო დედა-მიწის შემუშავება იშვიათი საქმე იყო; ჩრდილო ქვეყნებში თუ სომხეთში იკვებებოდნენ უმის ხორცით და იმის მსგავსით. ყოველივე ეს აქ შემოსულა არტაშეზის დროს.[29]
ეს არტაშეზია ქართლის-ცხოვრების არტაშანი, რომელიც ჩვენ მოვიხსენეთ აზორკის და არმაზელის დროს. განვაგრძობთ იქ, სადაც ზემოდ შევდეგით. აქ მკითხველი თვითონ შენიშნავს, რაში ეთანხმებიან ერთი მეორეს ჩვენი წელთა აღწერა და სომხის მატიანე.... მაშინ მეფეთა ქართლისათა აზორკ და არმაზელ მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა და გარდამოიყვანეს ოვსთა მეფენი, ძმანი ორნი გოლიათნი, ბაზუკ და აბაზუკ,[30] სპითა ოვსეთისათა და მათ გარდამოიტანნეს თანა პაჭანიკნი და ჯიქნი; და გარდამოვიდა მეფე ლეკთა და მან გარდამოიტანნა დურძუკნი და დიდონი; ხოლო მეფეთაცა ქართლისათა შემოკრიბნეს სპანი თვისნი, შევიდეს სომხითს და უგრძნულად წარმოტყვენეს შირაკვანი და ვანანდი ბაგრევანამდე და ბასიანამდე, და აიღეს ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი, — და აღივსნეს ყოველითავე ხვასტაგითა, და გამოვლეს გზა ფარისოსისა. მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან მოუწოდა ის სპათა სომხითისათა და შეკრბეს მსწრაფლ სომეხნი და დევნა უყვეს, ხოლო ესე ყოველნი ჩრდილონი განსრულ იყვნეს მტკვარსა და მისრულ იყვნეს კამბეჩოვანს და დაებანაკათ იორსა ზედა, და განიყოფდეს ტყვესა და ნატყვენავსა. მაშინ სუმბატ მოციქულის პირით ქართველთ მეფეთ მოსთხოვა ტყვენი და მშვიდობა; ხოლო მათ უპასუხეს: „არამედ სხვად შემოვედით სომხითს, არამედ ძიებად შენდა, და ვერ გპოვეთ შენ და აწ მოვედ ჩვენდა და მიიღე ნაწილი შენა, თუ რა მოვიდეთ შენდა, სადაცა იყო და არა განერე ხელთაგან ჩვენთა ცოცხალი“.
„მაშინ სუმბატ აღიჭურა და აღჯდა და ვარსამატსა თვისსა და განვიდა განწყობილთა შორის და მუნით გაამოხტა ბრზოკ და აღიზახნეს ორთავე და მიეტევნეს. დასცა სუმბატ ოროლნი სარტყელს ზედა და განვლო ზურგით წერთა ერთი, აღიღო ცხენისაგან და დასცა ქვეყანასა ზედა. მაშინ მიეტევა ანბაზუკ შვველად ძმისა თვისისა და მოსწვადნა სუმბატ ოროლნი, და მიეგება, ეგრეთვე მასცა სცა და განავლო, და აიღო, დასცა ქვეყანასა, და ჰსთქვა: „ესე სომეხთა დედათა და მამათა ყრმათა ჩჩვილთათვის, რომელნი თქვენ ასწყვიდენით“. - მაშინ სპანი იგი ყოველნი ოვსთა, ლეკთა და ქართველთა ჩრდილოთა ნათესავთა — შეკრბეს სპასალარობას ქვეშე აზოკ და არმაზელისა, და ყოველნი მიეტევნეს სუმბატს და სპათა მისთა; იქმნა ბრძოლა დიდძალი, მოსწყდა ორთგანვე ურიცხვი; იძლია ბანაკი ჩრდილოსა სომეხთგან, მეოტ იქმნნეს და დაიფანტნეს ყოველნივე მიუდგა სუმბატ, სდევნა ღამემდე და მოსრნა ყოველნი ოვსნი და ლეკნი, მცირედნი დაურჩეს, და შემოიხვეწნეს ორნი მეფენი ქართლისანი მცხეთას მოწყლულნი.
„სუმბატ გამარჯვებული შემოვიდა ქართლად, მოაოხრა ქართლი, რომელ ჰპოვა ციხეთა და ქალაქთა გარე.... აღაშენა ციხე ოძრხისსა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა, რომელსა ჰქვიან დემოთი, მოკიდებულ მთასა ლადოისასა, და დაუტევნა შიგან ლაშქარი შემწედ წუნდელთა, რამეთუ ბრძოლად ოძრსელთა წარვიდა, ხოლო აზოკ და არმაზელი არა შეუშინდეს და არა დასცხრეს კირთებისაგან სომეხთა ზედა. იწყეს ოვსთა სისხლისა მათისა ძიებად სომეხთა ზედა, გარდამოვიდეს ქართლად და დაემეგობრნეს ქართველთა, და იგინი ქართველთანა მარადის ბრძოდეს სომეხთა. და იყო ერისთავი ოძრხეს ქალაქსა შინა მეფისა არმაზელის აზნაურთაგანი, იგი დადგრომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებას ზედა არმაზელისასა, და მას შეეწეოდეს; ხოლო წუნდელნი და დემოთულნი შეეწეოდეს ერთმანეთსა და დაუცხრომლად იბრძოდეს. უფროსი ბრძოლა იყვის მდინარესა ზედა, რომულს ჰქვიან ნოსტე და იყო კლარჯეთს ერისთავი აზორკი მეფისა აზნაურთაგანივე. იგი ავნებდის საზღვართა სომხითისათა, ქვეყანასა პარხისასა, რომელ არს ტაოს, და ვერვინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს, რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, და მკვიდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკვირცხლნი და მხედარნიცა. ხოლო თვით მეფენი ქართლისანი მცხეთით გაემართვოდიან სომხითს, გზასა აბოცისასა და მარადის ესრეთ ჰკირთებოდეს ქართველნი. მაშინ წარმოემართა ძალითა თვისითა ყოლითა არტაშან, სომეხთა მეფე და სპასპეტი მისი სუმბატ ბივრიტიანი. მოვიდეს და დადგეს მცხეთას და ბრძოდეს ხუთი თვე და დღეთ ყოველთა იყვეს ბრძოლა ბუმბერაზთა. მაშინ შესჭირდათ ქართველთა და ოვსთა, ითხოვეს მშვიდობაი, არა ძებნად სისხლისა და ზღვრისა. ისმინა სომეხთა მეფემან ვედრებაი მათი და იქმნა საფიცი და აღთქმა, და დაიმონნა ქართველნი და ოვსნი სომეხთა მეფემან და წარვიდა.
„ხოლო გარდახდეს ამასა შინა წელნი რაოდენნიმე, აღშენდა ქართლი მოოხრებული სომეხთაგან, მაშინ უცალო იქმნეს სომეხნი, რამეთუ იწყეს ბრძოლა სპარსთა და ბერძენთა. ჰპოვეს ჟამი მარჯვე ქართველთა და ოვსთა, იწყეს კირთებად სომეხთა, რამეთუ სპანი სომეხთნი ყოველნი და ორნი ძენი მეფისანი სუმბატითურთ იყვნეს ბრძოლად სპარსთა, მაშინ არტაშნ მეფემან შეკრიბა
_____________
1 ქართ.-ცხოვრ. 47
2 S-Martin Mém. sur l'Arm., I, 295, 411-412. — Моис. Хоренскаго, исторiя арменiи 109, 110
3 Strabon, XI, 405.
4ქართლ.-ცხ., 47, 51.
5იქვ. 48.
6 იქვ. 52.
7 Геологическіе очерки Кавказа Щуровскаго, Pyс. Вестн., Mapтъ, 1862 r., cтp. 73—75, 92— 94, 106. ვახუშტის გეოგრაფია, გვ. 146.
8ვახუშტ. გეოგრ. გ. 146
9 იქვე, გვ. 145
10 იქვე, გვ. 143
11 იქვე, გვ. 145
12 იქვე, გვ. 139
13Viv. de S-Mart. Recherches sur les populations du Caucase, p. 100-101.
14 ვახუშტის გეოგრ. გვ. 1, 80
15S-Mart. Mém. sur l' Arm. t. I, p. 81.
16 lb I, 82-83. Lebeau, Hist. du Bas-Emp. XV, 490-491
17Addit. et 'Eclairc. á l' Hist. de la Géor. p. 125. Mém. sud l' Arm II, 355, 366.
18ვახ. 142 n. 1. Addit... 109 n. 3..
19 Mém. sur l' Arm. I, 79. Hist. de la Sio- unie, 11, 6-7.
20Hist. de la Siounie, II, 6, n. 3.
21 Hist. de la Géor, I, 227, 238, 241, 248, 250.
22 ქართ.-ც. გგ. 48.
23Hist. de la Géor. I, 66 n. 1.
24Ieropis Apueniu, crp. 112 —116, 119, 123 — 124.
25 ალანები არიან ქართველების ოსები
26 Lebeau, list. du Bas—Emp. III, 276, 277.
27კასბებს უჩვენებდნენ ძველად ალბანიის მახლობლად, მტვრის მარჯვენა მხარეზე, ამ მდინარის სართვის მახლობლად. სენ-მარტენი ფიქრობს, ვითომც ეს მხარე ის ადგილი იყოს, რომელსაც ახლა ეწოდება მუღანი Lebeau, liist. du B Emp. III, 286 n. 2.
28 Историа арменiи стр. 121—122, 124-126.
29 там же, стр. 121, 127 и 128.
30აბაზუკ ანუ ამბაზუკ არის ჰუნური სახელწოდება, Lebeau, Hist. lu Bas — Emp. VII, 399.
![]() |
4 ბიბლიოგრაფიული ცნობა |
▲back to top |
ბიბლიოგრაფიული ცნობა
ორიოდე სიტყვა ჩვენს საყმაწვილო ლიტერატურაზე
„პატარა ბიბლიოტეკა“. წიგნი პირველი, ი. გოგებაშვილის რედაქციით. ამ დღეებში ტფილისში გამოვიდა ერთი პატარა, მაგრამ ფრიად სასარგებლო წიგნი, სათაურით „პატარა ბიბლიოტეკა“, რომლის რედაქცია აპირებს ამგვარ წიგნების დრო გამოშვებით გამოცემას. უფ. გოგებაშვილი ამბობს, რომ „ამ ბოლოს წლებში ქართველ მოზარდ ყმაწვილებში გაჩნდა მოთხოვნილება საბავშო ლიტერატურისა“, და „თუ ჩვენ გვსურს ამ მოთხოვნილების გაძლიერებაო, დროზედ უნდა მივაძლიოთო ჩვენ ყმაწვილობას შესაფერი და შემრგო საზრდო გონებისაო“. ამ განზრახვითაც არის გამოცემული „პატარა ბიბლიოტეკა.“ გამომცემელს ჰსურს, შემდეგში, თუ გარემოებამ ხელი მოუმართა, „პატარა ბიბლიოტეკა“ გარდააქციოს საყმაწვილო თვიურ ჟურნალათ სხვ. თქმა აღარ უნდა, რომ ეს მოვლინება და ეს პირველი დაწყება უფ. გოგებაშვილისა, ძრიელ კეთილი დაწყება და განძრასვაა ჩვენში, ამიტომ ქართველ საზოგადოებას ვალი ედება, ამ დაწყებას მხარი მისცეს და ხელი მოუმართოს ამ ახლად დაბადებულს „პატარა პილიოტეკას“, რადგაანაც ყველა ეს ისევ ჩვენის შვილების საკეთილ-დღეოთ მომართულია. ვიდრე ზემოხსენებულას წიგნის გარჩევას შეუდგები, საჭიროდ ვრაცხ ორიოდე სიტყვა ვსთქვა, სააზოგადოთ საყმაწვილო ლიტერატურაზე. მით უფრო რომ ამ ჟამად ჩვენში ისე გახშირდა სხვა და სხვა წიგნების გამოცემა, რომ საჭიროა დავაკვირდეთ და გავსინჯოთ, თუ რა შინაარსის წიგნები უფრო სასარგებლო და გამოსადეგნი იქნებოდნენ, განსაკუთრებით ჩვენის ყმაწვილებისათვის.
წიგნის კითხვას ორგვარი დანიშნულება აქვს: ერთი ის, რომ მისცეს მკითხველს სხვა და სხვა ცნობა, რომლითაც მისი ჭკუა-გონება გახსნილ და განვითარებულ უნდა იქმნეს; მეორე — ის, რომ აღუძრას მკითხველს მაღალი ზნეობითი გრძნობანი.
პირველის მიზნისთვის ძლიერ ბევრს და კარგს მასალას მოგვცემენ გეოგრაფია, ბუნებითი ისტორია და აგრეთვე ჩვენი და უცხო სალხთა ისტორია. მხოლოდ უნდა ვეცადოთ, რომ მრავალის ცნობების ერთთ გარდაცემით არ დაუფანტოთ ბავშს გონება; არამედ ცხადათ უნდა წარმოუდგინოთ ის პირნი, ადგილები და ბუნების მოვლინებანი, რომლებზედაც ჩვენ გვსურს დავაკვირვოთ ბავშვის გონება. საზოგადოთ პატარებს ძალიან უყვართ და ხალისიანად კითხულობენ სხვა და სხვა მოგზაურობის აღწერას, თუ მეტადრე ადგილის თვისებანი, ხალხის ცხოვრების ხასიათი იქნება აღწერილი ცხადად. სიმართლით, მსუბუქად და ცოცხლად. ადგილების აღწერის დროს, მწერალმა უნდა გააცნოს თვის პატარა მკითხველს, სხვათა შორის ამ ადგილების შესანიშნავი მცენარეები, ცხოველები, ჰავა, მცხოვრებნი, მათი ჩვეულებანი, ადათები, ხელ-საქმენი, საზოგადობრივი მოწყობილობა და სხვ. ნათლად უნდა აღწერილ იყოს კაცისა და ბუნების შორის ურთიერთობა, კაცის განუწყვეტელი ბრძოლა ბუნებასთან და ადამიანის ცხოვრება, რომელიც დაერთვის ამა ბრძოლას, მაგრამ, ვიმეორებ, ყოველივერი ისე კი არ უნდა იყოს აღწერილი, რომ მკითხველის ყურადღება დაიფანტოს მრავალ წვრილმან ცნობებში, არამედ ისე, რომ მას ადვილათ შეეძლოს გამოხატულის სურათის მთლად წარმოდგენა.
აგრეთვე შეიძლება ვისარგებლოთ ბუნების ყოველგვარის მოვლენით, წვიმით, ქარით, თოვლით და სხვ. გარდა ამისა შეგვიძლიან, ვისარგებლოთ ცხოველებით, მცენარეებით და სხვა. ბუნებითი მეცნიერება აძლევს ადამიანს მკვიდრ და შეურყეველ ცოდნას და ძალიანაც შვე-ის მის გონებითს და ზნეობითს განვითარებას, მაგალითებრ, კარგი იქნება აუწეროთ ხოლმე ჩვენ ბავშებს ცხოველთა და მცენარეთა ურთიერთშორისი დამოკიდემულობა; ამ უკანასკნელთა დამოკიდებულობა ჰავასთან და მიწასთან, სადაც იგინი იზრდებიან; სხვა და სხვა პირუტყვთა ცხოვრება, ჩვეულებანი, მათი ხეირი და ვნება და სხ. თუ ყველა ეს ცოცხლად და სამართლიანად იქმნება აღწერილი და შემკული კარგ სურათებით, მაშინ ყველა მხრით სრული იქმნება ეს ნაწილი. მხოლოდ ამგვარ მოთხრობებში სრულიად არ უნდა ჰქონდეს ადგილი იმ გვარ მოვლენას, რომელიც არასოდეს არ არსებობს ბუნებაში, როგორც მაგალითებრ პირუტყვთა ლაპარაკი, მცენარეების ტირილი და სხვ.
ისტორიას აქვს ძლიერ დიდი გავლენა ბავშკზე დიდი მნიშვნელობა, როგორც მის ჭკვა-გონებისა აგრეთვე და ნამეტნავად მისის ზნეობის აღზდისა და წარმატებისათვის, ისტორიულ მოთხრობების მწერალმა თავის დღეში არ უნდა დაივიწყოს, თუ რა წლოვანობისთვი სწერს იგი თავის მოთხრობას. სხვა არავითარი მოთხრობა ისე სასტიკად არ მოითხოვს, როგორც ისტორიული მოთხრობა, — არ მოითხოვს მეთქი, რომ შემდეგი გამომდინარეობდეს წინანდელიდამ, აწმყო დამყარებული იყოს წარსულზედ, ახალი-ძველზედ. ამიტომ თუ ვწერთ, რომელსამე ისტორიულ პირზე, საჭიროა ავიღოთ იმ გვარი მოვლინებანი ხალხის ცხოვრებიდამ (სადაც ეს პირი მოქმედებდა), რომელნიც ცხადათ გვიხატავენ ამა და ამ დროის ხასიათს და ამ მოქმედ პირსაც, როგორც ამ დროების და ამა და ამ გარემოებათა ნაყოფს, ესევე უნდა ვსთქვათ აგრეთვე რომლისამე ისტორიულის ხალხის ხასიათის შესწავლაზედ: საკმარისი იქნება აღიწეროს მისი ცხოვრება, რწმუნება, ჩვეულებანი, ადათები, ტანისამოსი, შენობანი და სხვა ადგილობრივი გარემოებანი, რომელთა გავლენის ქვეშ იგი იზრდებოდა და მოქმედებდა. მძლავრი (და იქმნება ნამეტანიც) გავლენა ყმაწვილებზედ აქვთ იმ სახელგანთქმულ ისტორიულ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს, რომელთაც არც შრომა, არც ქონება და არც სიცოცხლე არ დაუზოგავთ თვისის სამშობლოისა, თუ მთელის კაცობრიობის სკირისათვის, მეტადრე ამ გვარ მოთხრობებს აქვსთ, მეთქი, განუსაზღვრელი გავლენა ყმაწვილებზედ, რომელთაც აღუძვრენ მაღალს ზნეობით გრძნობას, ენერგია, თვით-მოქმედება, კაცთ-მოყვარეობა — აი ის თვისებანი, რომელნიც შეუძლიან ჩაუნერგოს ჩვენ ახალგაზდობას ხეირიანად დაწერილმა ღირს-შესანიშნავი პირთა ბიოგრაფიამ, ახლა მიუბრუნდეთ სხვაგვარ ლიტერატურას, ე.ი. იმ გვარ ლიტერატურას, რომლის განსაკუთრებითი დანიშნულება (როგორც ზემოთაც მოვიხსენეთ) არსებობს იმაში, რომ აღუძრას ყმაწვილებს ზნეობითი გრძნობანი. ამ გვარს ლიტერატურას ეკუთვნიან სხვა და სხვა პატარა მოთხრობანი და ზღაპრები, რომელთა დანიშნულება გარდა ზემოხსენებულისა არის აგრეთვე ენის შესწავლა. ამ მოთხრობებში გამოყვანილნი გვამნი უნდა იყვნეს მართალნი და ცოცხალნი, ე.ი. ნამდვილის, ყოველ-დღიურის ცხოვრების შესაფერნი, რათა კითხვას შეეძლოს აღძრას მკითხველში მსჯელობა და შედარება წაკითხულის იმ ცხოვრებასთან, რომელშიაც თვითონ ტრიალებს. მაშასადამე, ამ მოთხრობებში გამოყვანილნი პირნი არ უნდა იყვნეს, მაგალითებრ, არც მხოლოდ და განსაკუთრებით კეთილნი, არც მხოლოდ და განსაკუთრებით ბოროტნი, არამედ უნდა იყვნენ პირნი შემკულნი, ყოველის თვისის ღირსებით და ნაკლულევანებით როგორც ამ წუთის სოფლის ჩვეულებრივ გვამს შეგფერის. ზღაპარი არის ერთი იმ გვარი მოთხრობებთაგანი რომელიც, როგორც თვისის შინაარსით, აგრეთვე გარეგანის ფორმით, ძალიან შეჰფერის ყმაწვილების ხასიათს მის ჭკუა-გონებას და მოთხოვნილებას; მაგრამ ზღაპარიც არის და ზღაპარიც. არის ზღავრი, რომელშიაც სხვა და სხვა სასწაულისა და გასაოცარ მოვლენათა გარდა, სხვა არაფერი არ მოიპოვება, ამგვარი ზღაპარი მართალია მთლად პყრობს ყმაწვილის გულსა და გონებას, მაგრამ არამც თუ არავითარ სასარგებლო საზდოს არ აძლევს მის ცნობის მოყვარეობას, არამედ სჩაგრავს მის თვით-მოქმედობას და უკრთობს მას თავისუფალს სურვილს და მიდრეკილებას, არის კიდევ ზღაპარი, რომელიც მისდევს რაიმე იდეას, აზრს, მაგალითებრ ზღაპრები, რომელნიც გვიხატავენ ადამიანის თუ ცხოველების განსაკუთრებით ხასიათებს; აგრეთვე ზღაპრები, რომლებშიც აღწერილნი არიან ხალხის საყვარელი გმირები და აგრეთე „იგავ-ირაკნი, რომლებშიაც ცოცხლათ, თვალ და თვალ იხატება ბუნება, ადამიანისა და სხვა ცხოველების ხასიათები, ღირსებანი და ნაკლულევანებანი. მაშასადამე ზღაპრების ხმარებაში წასაკითხავად გვმართებს გაფრთხილება, რომ სასარგებლო და შემრგო შინაარსი მსხვერპლად არ იქცეს გარეშე მიმზიდველობისა და ინტერესისა.
ახლა მივუბრუნდეთ თვით „პატარა ბიბლიოტეკსაც“. ამ წიგნში დაბეჭდილია ორი ზღაპარი — „მეფე და ხელოსანი“ და „ფაშა მწყემსი“ — და ერთი პატარა მოთხრობა — ყმაწვილის გამოღვიძება. ორივე ზღაპარი თავიდამ ბოლომდე დაერთვიან ამ იდეას, იმ აზრს, რომ მდიდარს თუ ღარიბს, მეფეს თუ უბრალო კაცს, ყველას და ყველგან ეჭირება რამე ხელობის ცოდნა. აზრი მოისაწონია და საჭიროც არის მისი გავრცელება ჩვენს საზოგადოებაში, მეტადრე აწინდელ დროში, როდესაც ყველა მხოლოდ იმას ცდილოა, რომ იცხოვროს სხვისის შრომით, სხვისის ოფლით, და არა საკუთარის ნაწვავ-ნადაგით.
რაც შეეხება მესამე წერილს, თვით გამომცემელი ამობს, რომ მხოლოდ თაბახის შესავსებლად დავბეჭდეო და მით თვითონვე აღიარებს ამ მოთხრობის უვარგისობას.
ამ მოთხრობაში გამოყვანილია ერთი ყმაწვილი, რომელსაც დაჰსძინებია, სიზმარი უნახავს და შიშისაგან გამოუღვიძნია. ბავშვი სტირის და დედას ეძახის. შამოდის დედა. აქ ბავშვი უამბობს დედას ნახულ სიზმარს, რომლისაგან ბავშვს ძალიან შეშინებია და რომელიც ყოფილა ამისი გამოღვიძების მიზეზი. აქ დედა გულ-მტკივნეულათ არიგებს და ეუბნება: „ახლა ხომ ხედავ, რომ შენი სიზმარი არაფერია? კაცს, განა ცოტა რამ მოელანდება სიზმარში? გაიღვიძებს და ყველა გათავდება: სიზმარი ნისლისავით გაქრება; სიზმრისაგან არც კარგი, არც ცუდი არა წარმოსდგება რაო და სხვ... შემდეგ ბავშვი უამბობს დედას მეორე ნახულ სიზმარსაც — ვითომ ისინი ყოფილან ერთ საწყლ ქვრივთან, რომელსაც ორი ავათ-მყოფი შვილი ჰყავს და რომელსაც საჭმელი არა აქვს შვილებისათვის, ყმაწვილი ცრემლებით სავსე თვალებით ეუბნება დედასა, — წავიდეთ იქაო, ჩემი წილი თეთრი პური ჩაიზე არ მინდაო, იმათ უნდა წაუღოო, მე შავ-პურსაც კარგათ შევჰჭამო. დედაც ეთანხმება შვილს და მიდიან ქვრივის სახლში... საქმე იმაში გახლავს, რომ დედა, ამ მეორე სიზმრის ნაამბობის დროს, ეუბნება შვილს: „ჰო, ეს კი უბრალო რამ არ არისო. და სხვა!“ რა შთაბეჭდილება უნდა გამოიტანოს ამ მოთხრობიდამ ცოტათი მახვილ-გონებიანმა ბავშვმა? არ ჰკითსავს ან სხვას, ან თავის-თავს: „ეს რა ამბავია: ჯერ დედა ეუბნება შვილს — სიზმარი არაფერიაო, ნისლისავით გაქრებაო, სიზმრისაგან არც კარგი, არც ცუდი არა წარმოსდგება რაო და მეორე ნაამბობ სიზმარზე კი იგივე დედა ეუბნება — „ჰო შვილო, ეგ კი უბრალო რამ არ არისო და სხვ?!“ ამ ცრუ, არა ჭეშმარიტს საფუძველზე დაწერილ მოთხრობას, თუ დაუმატებთ, ამავე მოთხრობის დასასრულ სიტყვები — „კეთილია ბავშვი, რომელიც სიზმარშიაც კი არ ივიწყებს ღარიბებს! ბედნიერია ბავშვი, რომელსაც შუძლიან ცხადივ მიჰსცეს მათ შემწეობა!“ მაშინ კი სრულიად წარმოიდგენ, მკითხველო, იმ შთაბეჭდილებას, რომელსაც იგი მოახდენს შენზე, ჩემზე და ჩვენი პატარა მკითხველ ქართველზე! ვიმეორებ: ჩვენ უნდა აღვზარდოთ ყმაწვილობა, რომელიც ცრემლებსა ჰღვრიდეს არა მგრძნობიარე სიტყვების გამო (რომელნიც იმავე წამში თოვლისავით დნებიან), არამედ თვით მომხდარის მაგალითის შემაძრწუნებელის ხასიათით, რომ მას გული უკვდებოდეს თვით ნამოქმედარის საქმისაგან — და მაშასადამე აღორძინებდეს კიდეც კეთილისადმი!! პირველის ორის ზღაპრის წაკითხვას კი ჩვენ დიდის სიამოვნებით ვურჩევთ ყველა ქართველ დედ-მამის შვილებს, მხოლოდ ზოგიერთის ადგილების აღსნით კი.
ჩვენში, კითხვის შემწეობით მაინც უნდა სწავლობდეს ახალგაზდობა და ხალხი სხვა და სხვა გეოგრაფიულ ცნობებს, რადგანაც ამ ჟამად ამას არც ერთ სახალხო შკოლაში, არ აცოდინებენ ხოლმე მოწაფეებსა, თუმცა ნამდვილი სახალსო შკოლისაგან შეგგეძლო მოგვეთხოვა ამ გვარის სწავლებაც. მაშ როგორ უშველოთ ამ საქმეს? აქ ერთთ-ერთი სახსარია: ისე მაინც აუღსნათ ხოლმე შენიშვნებით, როგორც მაგალითად ი. გოგებაშვილს აქვს აღსნილი ინდოეთი „საყმაწვილო კონაში“ მე-30 გვერდზე: „ჩვენს საქართველოდგან, რომ აღმოსავლეთ-სამსრეთისაკენ წახვიდე, ჯერ სპარსეთში მიხვალ, მერმე ექვსი-შვიდი თვის მოგზაურობის შემდეგ, მიადგები ერთ დიდ ნახევარ-კუნძულსა, რომელიც მეტათ მდიდარის მცენარეობით არის შემკული, ამ ნახევარ კუნძულს ჰქვიან ინდოეთი. სწორეთ ამ გვარათვე რომ აღსნილიყოს — ბაღდადი, არაბეთი სმირნა, ინგლისი, სირია და სხვა, რომელნიც შაჰხვდებიან მკითხველს მეორე ზღაპარში, უმჯობესი იქნებოდა!
ამ გვარითვე უნდა აიხსნას ხოლმე უცხო ენის სიტყვები. ანუ რა საჭიროა ახსნა, როდესაც პირ-და-პირ ჩვენს ენაზე შეიძლებოდა იმ სიტყვების ხმარება და გამოთქმა, მაგალითად, რა საჭირო იყო სიტყვა „პიასტრის“ ხმარება? არა ჰსჯობდა „მილიონი პიასტრი“ თქმულიყოს სიტყვა „მანეთის“ ხმარებით? მაშინ ჩვენც უკეთესათ გავიგებდით, მკითხველო, და ჩვენი პატარა მკითხველიცა.
აგრეთვე სიტყვა „ფარა!“ ეს სიტყვა ხმარებულია მე-14 გვერდზე, ახსნილი კია (კაპეიკის ნაწილიაო) მე-23 გვერდზე. და სხვა....
იმედი გვაქვს, რომ ამ შენიშვნებს რედაქცია „პატარა ბიბლიოტეკისა“ ყურადღებას მიაქცევს და შემდეგისთვის გამოიყენებს დასასრულათ, მივიმართები რა, ჩვენ ახალგაზდა მწერლებისადმი ვისურვებ, რომ მათ დიდის გულ-მოდგინებით სული მოუმართონ „პატარა ბიბლიოტეკის“ რედაქციას, როგორც სხვა და სხვა საკითსავი სტატიების გამოგზავნით, აგრეთვე ამ გვარის წიგნების სახლობაში და განსაკუთრებით სახალხო შკოლებში და ხალხში გავრცელებით!
ყველა ზემოდ თქმულიდამ, მგონია, კარგათ დაინასა მკითხველმა, თუ რა დიდი გავლენა ჰქონია ყმაწვილობის ჭკუა-გონებითს გახსნაზე და მზნეობითს აღზრდაზე კარგის წიგნების კითხვას, ამიტომ ყველა მშობლის და მასწავლებლის ვალია დაუღალავათ თვალ-ყური ეჭიროსთ, თუ რა წიგნებს კითხულობენ პატარები ყმაწვილობამ არ უნდა იკითხოს ბევრი, რადგანაც ეს აცდენს მათ სხვა, უფრო საჭირო საქმისთვინ და ართმევს ძლიერ ბევრ თავისუფალ დროს, ამას გარდა ყური უნდა უგდოთ, რომ ყმაწვილობა კითხულობდეს გაგებით და დაკირვებით. ამისგამო კარგი იქნება დრო და დრო გამოშვებით ხოლმე წაკითხულზე სხვა და სხვა საუბრითა და შედარებით გამოკითხოთ ხოლმე მათ, თუ რა წაიკითხეს, განსაკუთრებით რამ მიიზიდა მათი ყურადღება, რომელი მოქმედება (რომელი პირის) უფრო მოსწონთ, რომელი არა და სხვა. ეგრე მოიქეცით, მაგრამ ყოველთვის გამუდნებით კი არ, არამედ კარგის შემთხვევის დროს, რომ ყმაწვილობა არ ჰსწუხდებოდეს თქვენის მუდმივის საუბრით და გამოკითხვით.
ბევრჯელ ძალიან უხარიანთ ხოლმე, რომ პატარებმა ძალიან შეიყვარეს კითხვაო. აქ დიდი გაფრთხილება გვმართებს, რადგანაც ბევრ კითხვას, ძლიერ დიდი ვნება მოაქვს ჯანმრთელობის წესიერათ გახსნისათვის; ამას გარდა მომეტებული კითხვა, აძლევს ბავშს უდროვოდ მომეტებულ გონებით გახსნილობას; ბევრჯელ ცნობის მოყვარეობა გარდაიქცევა ხოლმე მხოლოდ კითხვის სიყვარულათ, ესე იგი ყმაწვილი კითხულობს მხოლოდ იმისათვის, რომ როგორმე მარდ ხელზე შეიტყოს ახალი ამბავი და სხვ.
ცუდის შინაარსით წიგნს ცუდი ზედმოქმედება აქვს ხოლმე ჯერ დიდზე, და რაღა უნდა ვსთქვათ პატარებზე, რომლებშიაც ჯერ არც ჭკუა, არც ხასიათი, არც გრძნობანი, ერთი სიტყვით, არაფერი არ დამყარებულა? ამას გარდა თუ წიგნში აწერილია არა ნამდვილი ცხოვრება, მაშინ ხომ მკითხველი სულ მოტყუებულის თვალით დაუწებს ყურებას, და როდესაც თვითონვე გამოვა ცხოვრების ასპარეზზე, იგი სრულიად იკარგება მის ტრიალში, რადგანაც ნამდვილ ცხოვრებაში იგი სულ სხვასა ჰხედავს და არა იმასა, რაც ამას წიგნით გაუგია და უსწავლია. ჩვენ თავის დღეში არ ვიტყვით იმას, რომ წიგნს შუძლიან ამცნოს ყმაწვილს ცხოვრება ისე, როგორც თვითონ ნამდვილი ცხოვრება აცნობინებს ხოლმე თავის თავს. არა, — ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ წიგნი შველის ნამდვილის ცხოვრების გაცნობას და შესწავლას, იმ ცხოვრების შესწავლას, რომელშიაც ბავშვი ყოველ დღე ბრუნავს და რომელსაც იგი ყოველ დღე ხედავს წიგნი აძლევს შემთხვევას შეადაროს წაკითხული ცხოვრებაში შენიშნულს მოვლინებას და სხვ. ჩვენ უნდა ვეცადოთ ავღძრათ ყმაწვილობაში სიყვარული კითხვისადმი არა მხოლოდ კითხვისთვის, არამედ სხვის შეუწევნელად ცნობის შეძენისათვის. თუ მშობლები და მასწავლებელნი წიგნთან ერთად არ ეცდებიან მაგალითით, საქმითა და მოქმედებით აღძრან ყმწვილობაში ზნეობითი გრძნობანი, მაშინ რასაკვირველია, რომ ბავშვი მარტო წიგნიდამ ვერა დროს ვერ შეითვისებს მაღალ გრძნობებს. მხოლოდ მაგალითთან, გამოცდილებასთან. ცსოვრებასთან ერთად წიგნსა აქვს დიდი მნიშვნელობა და ძალიანაც შველის ყმაწვილობის წარმატებით აღზრდას.
ვანო.
26 მკათათვეს 1878 წ.