![]() |
ივერია (31)1878.10.08 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
|
|

საქართველოს მატიანე
ქართლი, 3 აგვისტოს. („ივერიის კორრესპ.). რაღაც ჩემის საქმისთვის ერთხელ სოფელ ხიდისთავს მივედი. ეს სოფელი მდებარეობს ორ ვერსტზედ გორიდგან. გამეგონა, რომ ხიდისთავი ძალიან კარგი სოფელიაო. და სულმა წამძლია და ვაგზალიდგან გავიარე. გავიარე, მაგრამ ძალიან კი ვინანე სწორე მოგახსენოთ: ახალი ნაწვიმარი იყო და ასეთი ლაფები გახლდათ, რომ ფეხის გადაცდენა და ყურებამდინ ჩავარდნა ერთი იქმნება. სახლებს ნუღარ მეტყვით! გლეხ-კაცების სადგომები წარმოგიდგენთ ერთს უზარ-მაზარ სოროს, ლაბირინტს, ასე რომ ერთი სახლის გვერდი რომ გახვრიტოთ და შეძვრეთ, მთელ ხიდისთავის გლეხობის სახლობას მოივლით ისეთ ნაირად არიან ერთმაანერთზედ გადაბმულნი. გზები ბანებზედ გახლავთ გაბმულნი და თუ ღამე გავლა მოგიხდათ, ნამდვილად კისერს მოიჩენჩხთ, სიამოვნებასაც ბევრს მიიღებთ ღამე აქ ყოფნით: ხიდისთავის ბოლოზედ ასეთი გუბეები გახლავთ, რომ რაღა მოგაწონოთ! ეს გუბეები გახლავან ავსებულნი თვალებ-დაჭეტილ მცურავებით — ბაყაყებით. მობინდდება თუ არა, ესენი შეაბმენ კონცერტს და ასეთი დამატკბობელი გალობა გახლავთ, რომ თბილისის თეატრშიც ვერ გაიგონებთ, მეტადრე თუ ტუროლლა და გროპპელო იქნებიან მგალობლად. აბა, ამათი ყურები გაარჩევენ ხმებს კარგად აი! დალოცვილები, დააშრონ ეს გუბეები. რა არის!!
ხათაბალა ყოფილა აქ ჯვარის წერა. გაკრიჟანდა მღვდელი ერთ ჯვარის წერაზედ, ბატონო, და მინამ თავისი არ გაიყვანა, ნირი არ შეიშალა. ახლა მნათეა, თუ რაღაც ჯანაბა ჩააცივდა კარის გასაღების ფული მამეციო. გაყვლიფეს, გაყვლიფეს საწყალი მეჯვარისწერეები, იმ მაღალი ჯვარის ხათრი არ მოიღეს არც მღვდელმა, არც მნათე, რომელიც ეკო კლესიაში ასვენია. მეც ვახათი შემივიდა გულში და კარებს ავეტუზე — აქ არა მთხოვონ რა, მეთქი, ღვთის მადლით გადავრჩი. — ხალხი ხიდისთავის საშინელი გამკილავი და ოინ-ბაზია, როგორ ეტყობა, რომ ამ სოფელს გორი ახლო ახლავს, მაინც აქაური მამულები გორელი სომხებისაა მომეტებული ნაწილი. მგონია ამათგან არის ხიდისთავი, რასაკვირველია, ზნეობით გაკეთებული!?
X
აქედგან ბევრი ვიარე, ცოტა ვიარე, გამოვედი გორში. ოო, ჩემი ჭირი შენ-მეთქი, გორო! ვუთხარი იმას, როცა ამირანას ხიდზე შევდექ. ეს საწყალი ქალაქი! რამდენი ტანჯვა აქვს ამ უბედურს კორრეს–პონდენტებისაგან! არ ასვენებენ, ბატონო, არ! ვი მოასვენებს, როდესაც რომ ყურებამდინ სიფინთით არის მოცული. სწორე გითხრა, ისრე გავიპარე გორის ქუჩებში, რომ კაცს არ დავენახვე: შეშინოდა ვაი, თუ ან ჭორი შემითხოზონ რამე, მეთქი, ან გამდ კალონ, ან ცუდი მიმართულება დასწამონ ჩემს სამგზავრო ტანისამოსსა მეთქი სხვა და სხვა „ბუებმა“ მხოლოდ იმ ქუჩაზედ, რომელზედაც „ივერიაში“ არა ერთგზის იყო მოხსენებული, რომ ადამიანის ფეინით არის მოკირწლულიო, — დიახ, სწორედ იმ ქუჩაზედ შემხვდნენ პაწაწა ბავშვები, გოგებაშვილის ანბანებით იღლიაში მიეშურებოდნენ. სად მიცუნცულებთ, მეთქი, ვუთხარ ერთსა. მე ლავრენტას შკოლაში მივდივარ. ორიოდე სიტყვით გაგაგებინებთ ამ შესანიშნავ ორიღინალურ „ლავრენტის შკოლის“ გარემოებას, ლავრენტი ქართველოვი გახლავთ გორის ოქონის ეკკლესიაში მთავრად. ამას თავის სახლში, ერთს მოზდილ ოთახში, აქვს გამართული შკოლა; ამ შკოლაში დადიან გორის ხელოსნების შვილები. მამა ლავრენტი ასწავლის წერა-კითხვას ერთად მოძრავის ასოებით, რომლებსაც დასწავლის უმალვე ხატვენ. ამის შეგირდები ძალიან გარკვევით კითხულობენ ქართულს, ხშირად შეხვდებით ამის ნაშეგირდლებს გორის ბაზარში დახლიდრებათ, რომლებსაც უჭირავთ ქართული წიგნები და კითხულობენ, თვითაც და სხვებსაც უკითხავენ, ეს ლავრენტი თვეში ერთს აბაზს ართმევს თურმე და შეძლებულებს ექვს შაურს და ორ აბაზსაც ერთის სატყვით მამა ლავრენტი არის გამავრცელებელი ქართულის წერა-კითხვისა ხელოსნების შვილებში, რა იქნებოდა, რომ სოფლის მღვდლებს, სემინარიაში კურსს შესრულებულებს, მიებაძნათ მ. ლავრენტისათვინ და გაეხსნათ ამ გვარი შინაური შკოლები და გაევრცელებინათ ცოდნა წერა-კითხვისა! მაგრამ ღვინო ვიღამ დალიოს! ამასთან ნუ დაივიწყებთ, რომ მ. ლავრენტის განათლება არ მიუღია. მაგრამ მშვენივრად იცის ქართული ენა, რაც კი ქართული წიგნი მოიპოვებს სადმე და გამოვა, უთუოდ ამან უნდა გაიჩინოს, ამასთან უსწავლია რიგიანად რუსულიც და ხალისიც აქვს სწავლასა, ქართველთ საზოგადოებისაგან ეს კაცი მადლობის და ყურადღების ღირსია. იმედოვნებთ, რომ კეთილ საქმეს მ. ლავრენტი თაგს არ დაანებებს და თავის შესაწირავს ქვრივის შესაწირავივით არდაინანებს, ე.ი. შრომას.
X
მშვიდობით გადაურჩი გორსა, წამოველ მეჯვრისხევისკენ, რომელიც თვრამეტს ვერსტზედ მდებარეობს ქ. გორიდგან. აქედგან სოფლამდინ მშვენიერი გზა-ტკეცილი გახლავთ გავლებული. გამოვცდი გორს ვერსს ნახევარზე და ს. ბერბუკის ახლო, იქვე გორთან, ასეთი მოზდოკური ხარები ეყარა გატყავებული გზის ახლო, რომ-რომ რაღა მოგახსენოთ, „ფოდრაჩიკებს“ დახოცვიათ ჭირით, ასეთი კარგი სუნი კი ამოდიოდა, რომ რაღა მოგაწონოთ, წარმოიდგინეთ: ქვევით ქ. გორია, და ზევით ს. ბერბუკი, უყურებენ ამ მშვენიერ სანახაობას! გამვლელს რუსულ კარტუზიანს ვკითხე: რათ ჰყრია, მეთქი, ასე დაუდევრად ეს აყროლებული ხარები, ხომ ვნებას მოუტანს ხალხს, საქონელს, მეთქი? — ეგ, დალოცვილო! ამას ჩვენში ასსენიზაციას ეძახიან, მითხრა კარტუზიანმა ააშენათ ღმერთმა კარგა გაუგიათ მეთქი, აქაურებს სისუფთავის საჭიროება!
X
დავადექ გზა-ტკეცილს, დილა იყო, ისე შენ ისიამოვნე ყოველის კეთილით, მკითხველო, როგორც მე: გზას აქეთ-ქით არტყია მინდვრები, გადახნულები, რასაკვირველია, გლეხისაგან თავის „ლაბათი,“ და შემოსილები გამხმარის ყანით, მოჰქონდა ქარს, დილის ნავს, მშვენიერი სუნელოვანება; ჭიკჭიკი და სტვენა ტორუებისა გულს მიხალისებდნენ, მაგრამ მეორეს მხრით, ჩემი გული ნაღვლით აივსო, როცა შევხედე წელში ხუთათ გაღუნულ „მინდვრის შვილებს,“ „გულ-გაღეღილი, პერანგა პურს ცეცხლივით მოსდებოდნენ“ საცოდავები. მოისმოდა მწარეთ, ამოხვნეშით „ჰოპუნას“ ხმა და ნამგალს ჰაერში გაქონდა კრიალი, გადასდიოდათ სახეზე ხვირთქლი, მზე რომ დააჭერს, მაშინ რაღა სანახავები იქნებით, მეთქი, ვთქვი ჩემ გულში. იქ ხედავ, დედა-კაცები გლეჯენ ფეხშიშველა ფეხით ცოცხს, აქ პატარა ბავშვს გუდით ზურგზედ მოუდის ხარები, ბავშვი ალაგზედ ძლივს სჩანს, ხარისთვის კუდზედ ხელი მოუკიდნია და ისრე მობობობღამს. ეტყობა შენს პატრონს, საცოდავო ბავშვო, გასჭირვებია, რომ ძუძუმწოვარას გზავნის მინდვრად. საშინელება არ არის ამათი შეწუხება! ესენი განა არ უნდა შეიბრალოს კაცმა! ოჰ, თქვე გულქვანო, ვიფიქრე მე, ვინც ამათ არ იბრალებთ, რა გაქვთ გულის მაგიერ!..
ამოვედი მეჯვრისხევს ამ გაუთავებელ „მეჟევანიეში“. აბა, ფეხის მომჭრელი მედუქნეები აქ ყოფილან აი! ღვინო აქ სანაქებო სცოდნიათ; თავს (საუკეთესო) ღვინოს დუქანში თუნგს მანეთად ჰყიდიან; თამბაქოს — მახორკას გირვანქას სამ აბაზად, როდესაც რომ მაგისი ფასი სამი შაური, ძლიერ ბევრი — აბაზი გირვანქა. ყოვლისფერს ცეცხლი უკიდია, ძალიან საყვლეფავი ხალხი ყოფილა, ამიტომაც გორიდგან ამოესახლა ერთი მატრაბაზი სომეხი და აქ ვაჭრობს, ყვლეფს, კრეჭავს, ვინ არის პატრონი!! დუქნებთან რომ მოვედი, ერთი რაღაც ღარღარი იყო: „უნდა გავაგდოთ ეგენი, უნდა კარგად გავტყიპოთ; არა, უნდა მოვკლათ“. გამოჩნდა, რომ ლაპარაკი იყო „დროების“ კორესპონდენციაზე მეჯვრისხევიდგან. ამას ვერავინ დასწერდა ამ ორის უჩიტლის მეტიო. „ეგ ორი უჩიტელია“. ამის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამან გამაკვირა: დავიჯერო, უჩიტლის მეტს წერა არ შეუძლიან სხვას? დავიჯერო, მეჯვრისხევის საზოგადოებას სხვა ვერავინ იცნობს? ბევრი ტყუილი სწერიაო; ამასთანავე ამბობენ: ეგ იცნობს კარგად აქაურ საზოგადოებასაო. თუ ტყუილი სწერია, მაშ ვეღარ იცნობს, თუ იცნობს, მაშ რაც სწერია მართალია, ორში ერთი უნდა იყოს. ეჰ, რა ჩემი საქმეა ამაზე ლაპარაკი, სხვა ათასი საქმე მაქვს... ზოგი სხვა დროს იყოს.
მგზავრი კოხი.
P. S. მოსავალი პურისა და ქერისა ქართლში ძალიან კარგია, მხოლოდ ალაგ-ალაგ სარწყავებში და ურწყავებშიაც დაოდა, დააფშუტა თავთავი უხეირო ამინდმა. ჯერ ბევრი წვიმები ჰქონდა, მერე უცბად სიცხეები დაუჭირა და მოასწრაფა მოსავალი, რომელიც ამის გამო ფეხად ძალიან მაღალი და მსხვილი ღეროიანი გაიზარდა, მოსავალს კი უკლო. ვენახებს ისეთნაირად ასხია ქართლში, რომ დიდი ხანია არ ყოფილა ასრეო, ამბობენ მოხუცებულები, და არც წახდენილია, როგორც კახეთში უჩივიან.
მეჯვრისხევი, 13 ივლისს. (ივერ. კორესპ.) ს. მეჯვრისხევი კარგა მოზრდილი გახლავთ, აქ ჩამოდის მდინარე მეჯუდა, რომლისგანაც ჰქვიან სახელი — მეჯვდის-ხევი, მაგრამ გადაკეთებულია ხალხისგან მეჯვრისხევად. ეს მდინარე ჰყოფს ორად ამ სოფელს; აღმოსავლეთით დიდი მეჯვრისხევია და დასავლეთით პატარა მეჯვრისხევი სხვა და სხვა უბნებით. ამ პატარა მეჯვრისხევში გახლავთ გასამიჯნავი კომისია, გამმიჯნავად გახლავთ უფ. სამარღანოვი. გათენდა დილა, გაიღვიძა კამმისიამ და გავიდა მინდვრად. აქედან მორბის ქვეითად კობლით ხელში აზნაური, იქიდან ცხენით მოჩანჩალებს მეორე, აივსო მინდორი აზნაურებით და მთის კობლებით. შემოუარეს გლეხის მამულს, აქ საიდანაც იქნება გაუჩნდება მოდავეთ შრიანი აზნაური საცოდავ გლეხს. აქეთ ეცემა საცოდავი გლეხი, იქით ეცემა, იშოვის დალალს, მიგზან-მოგზავნა გაჩნდება, ელჩები მოარიგებენ მოდავეებს აი როგორ: საცოდავ გლეხს წაართმევენ რამდენსამე თუმანს და მერე უდავოთ ეღირსება „დაყორღვნა“. ძვირად იქნება ისეთი მამული გლეხისა ძალიან ძვირად, რომ ეს გაუმაძღარი აზნაურები არ წაედავონ და ამ წადავებით არ გამორჩნენ რამდენსამე მანეთს, უჩნდებათ ამ საცოდავებს გულის შემატკივრებიც, არიგებენ, ყურში აწვეთამენ, რომ მამული რა კი მამით-პაპით შენ გჭერია, და აქნამდინ მოდავე არ გყოლია, ესეთი მამული შენია, ვერავინ წაგართმევს, ტყუილად ნუ შეგეშინდება აზნაურის წამოდავებისაო, მაგრამ გაბრუნდება თუ არა, ეცემა აზნაური და ეტყვის: არამცა და არამც მაგას არ გაუგონო, შენი დაღუპვა ჰსურსო, და გადაბარამენ საცოდავს გლეხს, ამას გარდა, საცოდავი გლეხები გაუბრიყვებიათ და აზნაურებისგან, რასაკვირველია, რომლებიც მოხერხებულები არიან იმისთვის, რწმუნების წერილები მიუციათ (доверенность) და ამის ძალით ისინი „ჰყორღნიან“ გლეხის მამულებს და ერთი ორად უსმენ მამულს. ამ საცოდავებმა რით ვერ გაიგეს, რომ ესენი — აზნაურები შესაჭმელად არ ინდობდნენ უწინ და ეხლა უფრო გაცოფებულები არიან, რადგან გარეგნობით გამოეცალნენ ხელიდან, და არ დაზოგავენ, უფრო დახელოვნებულნი გახლავან ამ ყვლეფაში ახრისის აზნაურები ყანჩავლები, რომლებსაც შეიძლება ყვლეფიაშვილები დავარქვათ და მერმედ ჩიკოიძეები — მეჯვრისხეველები, ერთი სიტყვით მთელი მეჯვრისხევი ამ ყანჩავლებისა ყოფილა, როგორც ეტყობა. ამასთან ბრიყ-გაუგებელ გლეხებს აბრიყვებენ და აშენებენ შფოთს და აყალ-მაყალს. ამ ივლისის თვეში ისეთ ნაირად მოუხერხეს საქმე დავით ერისთავის (ლამისყანელია) მიჩემებულს კაცს თავის მამულზედ, რომ ძვირფასი მამული ამ თავადს ლამის ხელიდან გამოსთხლიშონ, ამ მიჩემებულის კაცისთვის უთქვამთ, რომ ჯერ ერისთავის მამულამდინ ვერ მივაო გამმიჯნავი, და ამა და ამ დღეს გამოდიო. ეს გლეხი გახლავთ, დაუჯერებია. ის კი არა თუ კომისია მიადგა ერისთავის მამულს, რომელიც სჭერია „უსტავნი გრამოტით“ გლეხს ახალ-უბნელს. აზნაურებს, მგონი ყანჩავლებს, გაუბრიყვებიათ ეს გლეხი, რომ ჩვენ ათი თუმანი მოგვეციო და ამ დ. ერისთავის მამულს შენზედ შემოვაყორღნინებთო. ამასაც ხელში არ ჰქონია და მგონი ბარათი მიუცია; შემოუვლიათ მამულისთვინ. არც ნამდვილი პატრონი, არც რწმუნებული, არა სჩანან, წარსდგება გლეხი მომხრე აზნაურით და შემოჰყორღნიან გლეხის სახელზედ. მოტყუებით დანიშნულ დროზედ გაჩნდება დ. ერისთავი, ნახავს, მამული ჩამოურთმევიათ. გაჩნდება ჩხუბი, აყალ-მაყალი, „ზემლემერს“ ეცემა, მოუვათ ლაპარაკი. მაგრამ „ზემლემერმა“ რა ჰქნას, თუ კი არ გამოცხადდება პატრონი, ან იმისგან დაყენებული კაცი. ბოლოს წავა-წამოვა საქმე და ისევ გლეხი დაიტანჯება, ვისით? აზნაურის წაცდით. — ასრე ამბობენ: სულ უკანასკნელი, წრეულს ახრისული აზნაურები — ყანჩავლები ორას თუმანს ნაღდს გაიტანებენ გლეხებისაგან და მამულ-ადგილი კიდევ სხვა, სად არის სამართალი, სად არის ღმერთი ამათთვის? დავიჯერო, არ შეუძლიან, ნება არა აქვს კომისიის „ჩინოვნიკს“, რომ ეს მოქმედება მოსპონ და თუ თვით არ შეუძლიანთ პოლიციას აცნობონ? „ზემლემერს“ იქნება არც მწვადი ეწვის და არც შამფური და რას ინაღვლის.
მეჯვრისხევს დასავლეთით უძევს ს. ახალ-უბანი; აქაურ მამასახლისს სხვა უბედურებასთან, რომელიც ამათ სჭირთ, არშიყობაც დაუწყია გლეხის ცოლებთან. უფ. ფსიტიძეს — ახალ-უბნის მამასახლისს ვენახში დაუჭერია მეზობლის ცოლი, რომელსაც დაუყვირნია და რძალი მიშველებია. ამას შეუტყობინებია იქვე მყოფ ქრმისთვინ, რომელიც ქერს თურმე სცელდა, გამოქცეულა ცულით და ფსიტიძე წინ შეჰფეთებია — აი, დაგიდგა თვალი, დაგიდგა, მუძახნია რძალს, რაღათა ხარ ცოცხალი, რომ შენს ცოლს გიუპატიურებდაო! ეს გაბრაზებულა, უდვია და უდვია ცელის პირი, მერმე ტარი და სულ ზედ დაუმტვრევია მამასახლისისთვის; ძალიან ნაცემი გახლდათ, ექიმმაც შეამოწმა, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა. ჩვენს გლეხს ამის მეტი სიკეთე არა სჭირს, რომ ზნეობა ძალიან კარგი აქვს, გაგონებაც ეზიზღება ამისთანა რისამე და თუ თვითონ შეემთხვა, ან თავს მოიკლავს, ან ბრალეულს თვით თავის ხელით გადაახდევინებს. ახიც არის: რაღა ეგ უნდა ისეც განიორწყლებულ გლეხს — იქნება სხვა მამასახლისებმა აღარ გაბედონ მუხუდოში უბრალოდ შესვლა, ახალუბნელის მაგალითი წინ უდევთ. ჩრდილოეთით მეჯვრისხევიდან ოსეთი იწყობა, თვე გავა ისე, რომ ან კაცი არ დასჭრან, ან არ მოკლან; აქ ისეთი იაფი გახლავთ კაცის კვლა და დაჩეხა, რომ სულ სამი შაური დაგიჯდებათ: ერთი ტყვია მისი ქაღალდ-წამლით, სხვა არაფერი. მტრედი, მწერი, ან სხვა რამის მოკვლა რომ მოინდომო, ძლიერ ძნელია: მიპარვა უნდა, მიხოხება და ისიც ვინ იცის, აგიფრინდეს. კაცის მოკვლა კი ადვილია: აიღე თოფი, ჰკარ და გადააბრუნე. ამას წინათ ერისთავის მოურავი დასჩეხა საყვირეთელმა ოსმა; გუშინ იმავე ოსმა თავის მამის ძმას თოფი ჰკრა და გადააბრუნა, თითონ კი მოუსვა ხეობისკენ — ამბობენ, რომ ასეთი მოუსვენარი იყოო ეს მოკლული ოსი, რომ მთელი ხეობა მომყრალებული ჰყავდაო, დაშინებული და დაწიოკებულიო. მაგის შიშით ქართველი გლეხი შეშას თურმე ვერ მოიტანდაო. სიცოცხლით უსარგებლო იყო და სიკვდილით სარგებლობა მოუტანა ამ ოსმა გლეხებს: თავისუფლად ივლიან ტყეში. აქვე ახლო, ს. ანდორეთში, წარსულ თვეში ახალგაზრდა ოსმა თავის ბიძაშვილს ჩამოჰკრა ხმალი და ყური გააგდებინა, მხარი ჩააჩეხა; რასაკვირველია, უნდა დაეჭირათ, მაგრამ ძმა — ლაქია დაუდგა თავდებად და გადაარჩინა დატუსაღებას. რა გამოვიდა, მოჰკლამ კაცს, ან გამართლდები, ან ციმბირში კატორღაში გიკვრენ თავს; ერთი წავა ციმბირს, მეორე მეორე დღესვე ჰკლამს კაცს. ისევ ციმბირი, ისევ კატორღა; დაუსრულებელი კია და! ციმბირი და კატორღა თავის დღეში ხალხს არ დაჭკუიანებს, არ გააგონიერებს, წინააღმდეგ უფროც აზიზღიანებს იმას, ერთი წინააღმდეგობა მეორეს გამოიწვევს. ამ სენს უნდა განათლებით ვებრძოლოთ და არა შემავიწროებელის ღონისძიებით.
მ. კოხი
— გაზეთ „დროებაში“ (№156) დაბეჭდილია ქობულეთელი ქართველის წერილი, რომელიც სიტყვით, აზრით ისეთი კარგია, რომ ჩვენ დიდის სიამოვნებით ვბეჭდავთ, აი ის წერილი:
ბატონო მეგაზეთე!
თქვენს „დროების“ გაზეთსა ვკითხულობ ძველი ბებია ჩემის ნასწავლი ანბანით. ამას წინათ წავიკითხე თქვენ გაზეთში ამბავი ჩვენი ქვეყნის სასარგებლო და ისე ჰგავს, თქვენ ჩვენი ხალხის მწყალობელი უნდა იყვეთ. ახლა გთხოვთ, რომ ჩემი გლახა მოწერილი წიგნი თქვენს გაზეთში ჩამიბეჭდოთ; ჯერ გაასწორე კი, ბატონო მეგაზეთე, თორემ დაგვცინებენ. თბილისის სომხებს უფიქრნიათ ჩვენს ქვეყანაში ადგილის, მიწის და მამულის შეძენაი. ნეტაი რა შეიტყვეს: ჩვენ თუ რუსებს დავრჩით, ჩვენი ქვეყნიდან ხომ არ გაგვდენის! ჩვენს თავზედ ქვეყანა ხომ არ იქცევა, რომ ჩვენი სახელი და გვარი მოისპოს და სომხებს დარჩეს ჩვენი ადგილი და მამული.
ძიავ მეგაზეთე! ჩვენი მომხმარე ხარ და გაზეთში განცხადება მიეცი, ამან, ამან ეცადე ალლა (ღმერთი გიშველის). მოგვეხმარე, ასთეი არ დავყრით ჩვენ ქვეყანას, რომე ქალაქის სომხებმა იშოვნონ, ჩაიგდონ ხელში და თაღმა ქნან, ისთე ღმერთი არ წაგვახდენს, განათლება და კაცობა არ მივიღოთ და არ მოვიხმაროთ ჩვენი ადგილ-მამული.
აქ თუ რამეა, ჩვენ გვინდა.
ჩვენ პაწაი უსამართლოდ დაცემული ვართ; ახლა კი მოველით სამართალს და კაი ცხოვრებას, ალლახ ქერიმდურ (ღმერთს ვენდობით).
ჩვენი ხალხის ყოფა-ქცევაი ასეთია, რომ ორს ამბავს ვერ ეიტანს: ყრალს ლანძღვას, გაუპატიურობას (ისეც არის გურულები რომ მალ-მალ წამოგვძასხვენ — ვითომ ყმათ გვშონილობენ) და ერთიც მიწა-მამულის შევაჭრებას და წართმევას.
ეს ამბავი ჩაწერეთ, ძიავ ბატონო, თქვენს გაზეთში, თუ შესაწყნარია.
ერთი სათხოვარი მაქვს კიდოვ; თქვენი კაი კაცობა გამიგონია და იქნება ამისრულო; თქვენი „დროება“ გაზეთაი მიბოძეთ ქობულეთს გამომიგზავნე ჩემ სახელზე....
ძველი ქართველი.
ახმედ-აღა კაიკაციშვილი
ქალაქი ქობულეთი, 27 მკათათვეს.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
საპოლიტიკო მიმოხილვა
ბათუმის მოცემაზედ და ბათუმის ოლქის მცხოვრებლებზედ აი რას იწერებიან ტრაპიზონიდამ ნემეცურს გაზეთში „Politische Correspondenz“. „თუმცა შერიგება ჯეროვანად ხელმოწერილია, მაგრამ აქ მაინც საპოლიტიკო და სამხედრო წყობილებაში დიდი ალიანქოთია, მერე ისეთი ალიანქოთი, როგორიც იყო რუსეთთან გაცხარებულის ომიანობის დროს. ერთის მხრით ლაზებსა და ქურთებ შორის არეულობაა, მეორე მხრით ოსმალეთის მთავრობა თავისას არ იშლის და ომისათვის იჭურვება, მერე ისე ძლიერ იჭურვება, რომ თითქო ხვალ უნდა დაიწყოს ახალი ომიო. თვითონ პორტა (ოსმალეთის მთავრობა) ყოველს ღონისძიებასა ხმარობს, რომ მისი საქციელი და ამ საქციელის მნიშვნელობა ყველასათვის ცხადი იყოს. დერვიშ-ფაშამ ჯერ ისევ რვას ივლისს მიიღო ოფიციალური ბრძანება, რომ შეუდგეს ბათუმიდამ ჯარების გამოყვანას და ბათუმის დაცლასა. ეს ბრძანება მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, აცნობეს რუსებსაცა, მაგრამ მაშინადვე ფილიპოპოლის კომენდანტი იბრაიმ-ფაშა მოვიდა ბათუმს და საიდუმლო ბრძანება მოუტანა დერვიშ-ფაშას, ხოლო აზრი რომ არავის აეღო, იბრაიმ-ფაშას ჩააბარეს ერზინგიანის ჯარები ვითომ და ახალის თანამდებობის მისაღებად მოვიდაო. იბრაიმ-ფაშა აქ ტრაპიზონში მარტო ერთი დღე დარჩა და მერე კი მაშინათვე ჩაჯდა ცეცხლის გემში და ბათუმს წავიდა. თუმცა მან ბათუმში დიდხანს არ დაჰყო, მაგრამ მისმა ყოფნამ უნაყოფოდ არ ჩაიარა და მალე გამოიჩინა თავი ძალიან აშკარად და მკაცრად.
„იბრაიმ-ფაშამ მარტო რამდენიმე საათით ინახულა ლაზების თავ-კაცები, ბათუმის ახლო-მახლოდამ მოწვეულნი და ამ ნახვამ მალე ახადა ზეწარი დაფარულს განზრახვასა. ლაზებმა ხელახლად დაწერეს პროტესტი რუსეთთან შეერთების წინააღმდეგ, გადასცეს იგი პროტესტი დერვიშ-ფაშას, აქაურს ინგლისის მთავარ კონსულს და გაუგზავნეს თვით ოსმალეთის მთავრობასაცა. ლაზები ამბობენ პროტესტში, რომ თავის დღეში არ დაუმორჩილდებიან რუსეთს, რომ მათი სარწმუნოება და სხვა საერო სიკეთე სამღვთო ვალსა ჰსდებს ყოველი ზომიერება იხმარონ, რათა მათი ქვეყანა რუსმა არ დაიპყრას და თუ ოსმალოს მთავრობა არ დაგვეხმარება ამაშიო, ჩვენ თვითონ ვეცდებითო. ჩვენის სისხლით და ძვლებით დავიცავთ ჩვენი რჯული და თავისუფლებაო.
„დერვიშ-ფაშამ საჭიროდ დაინახა და ყოველივე ეს აცნობა თავის მთავრობას, ზედაც დაუმატა, რომ ლაზები სწორედ აასრულებენ იმ მუქარასო, რომელსაც პროტესტში იხსენიებენო და ამის გამო მე მეფიქრებაო ბათუმის დაცლაო, რადგანაც მაგას მოჰყვება ნგრევა და სისხლის ღვრაო და ამის პასუხისგებას მე ვერ ვიკისრებო. ერთის სიტყვით, ამ ბებერმა და ხერხიანმა მელამ, როგორიც ადრითვე ცნობილია დერვიშ-ფაშა, ძალიან კარგად შეითვისა ის როლი, რომელიც დაუნიშნა მას იბრაიმის საიდუმლო დესპანობამ. დერვიშ-ფაშა ბევრს არა ჰსტყუის: მართლა და ლაზების გაბოროტება უკანასკნელ წერტილამდე ავიდა. ამას ამტკიცებს სხვა, გარეშე პირთაგან მოსული ამბებიცა. ოცდა თოთხმეტი ათასი ლაზი დაიარაღებულია და საომარს ფეხზედ დგას. ძალიან კარგად არიან შეიარაღებულნი და სულ ყველას ინგლისური თოფები აქვთ ახლის აგებულებისა. ამ ყოფაშ რუსები მოსტყუვდებიან, თუ ფიქრობენ ბათუმის დაჭერას იმაზედ წინ, ვიდრე ლაზებს არ გაუძღვებიან.
„ამაზედ ნაკლები არეულობა არც სომხითშია, ნამეტნავად ერზინგიანის, ვანის და დიარბეკირის ოლქებში. ამ სამის კვირის წინად სტამბოლიდამ სომხეთში გაჰგზავნეს კომისია, რომ გამოიძიოს ის აუარებელი ავკაცობა, რომელიც იქ ავაზაკთა გუნდებს ჩაუდენიათ. მაგრამ ესტიბარი მაშინვე წუხდა ამ კომისიას, რა კი შეიტყეს, რომ კომისიაში დანიშნულია სახელ დაცემული კაცი ახმედ-შეფიქ-ბეი, გვარტომობით ქურთი. ახმედ-შეფიქ-ბეიმ ძალიან ცუდი სახელი დაჰსტოვა სომხეთში ჯერ მას აქეთ, რაც ის კამმისრად იყო იქ. კამმისიის წევრთა შორის ერთი სომეხიც არის მელიტოს ეფენდი, რომელიც ოსმალეთის პარლამენტში იყო წარმომადგენლად ერზინგიანის ოლქისა. მელიტოს ეფენდი შრომისმოყვარე კაცია და მზად არის ყოველთვის ხელი მოაწეროს მასზედ, რასაც ახმედ-შეფიქ-ბეი ისურვებს; იგი ყოველთვის ფაშების ყურმოჭრილი ყმა ყოფილა და მას ფაშები ხმარობდნენ მარტო იმისთვის, რომ მისი სახელით თავისი საძაგელი საქმეები დაეფარათ. მაგ კამმისიამ, რასაკვირველია, ის ჰქნა, რომ შიშს უფრო შიში მოუმატა და მთავრობას მისცა მიზეზი, რომ ჯარები საომარს ფეხზედ დააყენოს. მთავრობამ დააიარაღა თორმეტი ათასი ქურთი და შემდეგისათვისაც განზრახვა აქვს სამუდამო ჯარად აქციოს — ისე ქურთის-ტანის მუსტახფისის მაგგვარი რამ შეადგინოს. მაშინ, როდესაც მელიტოს ეფენდი დადის ხალხის სურვილისა და საჩივრების შესატყობლად, ახმედ-შეფიქ-ბეი ვანში ზის და მხედრობის მზადებაშია. იგი ყოველს ქურთს, რომელსაც კი შეუძლია იარაღის ხმარება, აგროვებს, გუნდ-გუნდებათ ჰყოფს, იარაღს ურიგებს და უნიშნავს ასისა და ათასის თავებს ქურთისტანის მილიციას, როგორც აქ ოფიციალურად ეძახიან. ქურთთა ავ-კაცობა მას აქეთ, რასაკვირველია, უფრო გავრცელდა. სომხები სულ მუდამ შიშ-ქვეშ არიან და რადგანაც ვაჭრობა ამათ ხელშია, ვაჭრობაც შიშიანობის გამო დაცემულია.
„თუმცა ამას ყოველს ჯერ კიდევ ჩუმად და ჩრდილში მოქმედობენ, მაგრამ ოსმალეთის მთავრობაც ცხადლივ ისე იქცევა, რომ სანუგეშოს არაფერს წარმოგვიდგენს. მესამე წყობის რეზერვი ბაირაღ ქვეშ მოწვეულია მთელს ანატოლიაში; მხედრობას, რომელიც ჰსდგას ერზინგიანს, ყოველ დღე ემატება ახლად მოკრეფილი ჯარის-კაცნი, ასე გასინჯეთ, მესოპოტამიიდანაც კი მოერეკებიან ხალხს. სამხედრო ხომალდებს ყოველ დღე მოაქვთ სტამბოლიდან იარაღი და თოფის წამალი. ხომალდებს ღამღამობით ჰსცლიან ხოლმე და გლეხების პატარა ურმებით და ჯორებით გადააქვთ სხვა და სხვა ადგილას დიდის შტაბის აფიცრები დადიან და სინჯვენ სიმაგრეებს და აქ მოელიან კიდეც ბლუმა-ფაშას ახალის ციხეების და სიმაგრეების ასაშენებლად. ინგლისის ინჟინრები სომხეთში ყველგან დაწანწალებენ და შველიან ფაშებს და ძალიანაც შველიან. ყოველს ფერს ომის ფერი ადევს და ამიტომ შეიძლება ვჰსთქვათ, რომ ჩვენ ომის დირეზედ უფრო გვიდგა ფეხი, ვიდრე მშვიდობიანობისაზედ.
![]() |
3 მოკლე შენიშვნები საზღვარგარეთიდამ |
▲ზევით დაბრუნება |
მოკლე შენიშვნები საზღვარგარეთიდამ
ტფილისიდამ კრაკოვამდინ
I
ევროპიელების ცხოვრების თვალით ნახვა, მათის აზროვნების და მოქმედების გაცნობა, ერთის სიტყვით, მათის ცხოვრების ჩარხის ტრიალის ახლოს ცქერა ვის არ სურვებია და არა სსურს ჩვენში? ვის არ უფიქრნია იმაზე და კიდევაც არ უნუგეშნია თავისი თავი, რომ როდესმე მოესწროს ამის აღსრულებას? აგრეთვე ვინ არ იცის, რომ როდესაც კაცი უახლოვდება თავის გულის წადილის აღსრულების დროს, მაშინ ის ხდება მოუთმენელი და, ასე გასინჯეთ, იწყებს დღეების და საათების ანგარიშსაც კი?! სწორეთ ასე მომივიდა მე, როდესაც დაჭეშმარიტებით გადავწყვიტე დასავლეთის ევროპისკენ წამოსვლა. რამდენიც აქ წამოსასვლელი ვადა მიახლოვდებოდა, იმდენი უფრო მოუთმენლობა მაწუხებდა და ჩემს თვალში თითქმის დღე და საათი მატულობდა. ჩემს ამგვარს მდგომარეობას მოეღო ბოლო და ივნისის ორს, პარასკევ დილით, გამოვედი ვაგზალში, სადამდინაც გამამაცილა ერთმა ჩემმა ნამდვილმა მეგობარმა. ორთქლით მავალი მაშინა მალე დაიძრა თავის ადგილიდამ და ერთი კიდევ დავუქნიეთ თავი ერთმანეთს მე და ჩემმა მეგობარმა, რომლის სახეზედაც ამ ჟამათ ნათლად იყო წაწერილი: „მიხარიან, რომ შენი სურვილის აღსრულების კარის ბჭეში დგეხარ. წადი, იმგზავრე; ჩვენის კაცისათვის საჭიროა სხვა ხალხების ბედ-იღბლის ადგილობრივი გაცნობა“.
X
ტფილისიდამ ავსტრიის საზღვრამდინ შვიდი დღე ვიმგზავრე და ამ ხნის განმავლობაში ვნახე მრავალი სხვადასხვა სურათები, რომლებიდანაც მხოლოთ ზოგიერთებს დავუხატავ მკითხველს. აი, მირბის რიონის ვაკეში ორთქლით მავალი მაშინა და მიჰყავს სიჩქარით მასზე აკონწლილ ვაგონებში მსხდომნი, რომლებშიაც სხვადასხვა ჯურის ხალხია; მაგრამ ამათში ძრიელ ერჩევიან მეგრელები და იმერლები. აბა შეხედეთ ერთ ყმაწვილ კაცს, ტანოვანს, წვერ-ულვაშით შემოსილს, თავით ფეხამდინ შეიარაღებულს, მომავალს იმგვარად, თითქოს ამბობსო: „ეჰ, განზე, თორემ გაგაპობ!“ აი კიდევ მეორე ტანოვანი, ხანში საკმაოდ შესული, თეთრის გრძელის წვერით დამშვენებული, მავალი იმგვარათ, თითქოს უბრძანებს ვისმეო. აი კიდევ მესამე ახმახის ტანის პატრონი, წვერ-მოპარსული, თავ-მოტვლეპილი, მაგრამ დიდის ულვაშით დამშვენებული, მშვენივრად შეიარაღებული, მაღალ-ხმით მოლაპარაკე, თითქოს უწყრება ვისმეო და კიდევ სხვა მრავალი, რომელნიც ნაკლებნი არ არის თავისის წამოსადეგობით აღწერილ პირებზე. ახლა ყური დაუგდოთ ამათ ლაპარაკს; მე თქვენ გითხრათ, ენა წამოუბორძიკდებათ. ამათ ლაპარაკს რომ კაცი უცქერის, ასე ჰგონია, რომ სამსჯავრო-ყრილობაში, ანუ უკეთ ვთქვათ, პარლამენტში ასე დახელოვნებულან ლაპარაკშიო.
„კი კარგი ქნა უფ. ლოლუამ, რომ თავი დაანება ბანკს. აქვე ის იქ ვერას გააკეთებდა“. „აბა, ეუბნება მეორე, პირი მოგვაჭამა, პირი, ამომირჩიეთო, ამოვირჩიეთ და კი არაფერს აკეთებდა“. „ეგ არაფერი, იღებს მონაწილეობას ლაპარაკში მესამე, — მაშინ იქნებოდა ჩვენი დაღუპვა, რომ დირექტორად ამოგვერჩია“. „მართალია ქვე“, ამბობს მეოთხე. „ის პატიოსანია მისთვის, ვინც ბლომად ფულს აძლევს, აბა!“ აი, მეორე ვაგონებშიაც შეჯგუფებულან იმერლები და ბაასობენ: „ბევრ თივას გაჰყიდდი წელს?“ ეკითხება ერთი მეორეს. „ბლომად გავყიდე. წისქვილთან ქვე ერთი ნამწეწა ადგილი მქონდა და წრეულამდინ ჩემს დღეშიაც არ გამითიბნია, ახლა კი გავთიბე და ორასი რგვალი მანეთი ავიღე, აბა!“ ამ ვაგონშივე ფანჯარასთან ერთი წამოსადეგი იმერელი ქართველს აჩვენებს ხელით. „აბა შეხედეთ — ეს სულ მე ეკუთვნის, შენი მტერი იყვეს ისე, როგორც აქ ყაზახები არიან“. „ეს კიდევ, როცა რამდენიმე ვერსი გაიარეს: „ანნ - ისაა და მისგან ხომ კეთილი არ იქნება და არ იქნება“.
x
აი კიდევ სურათი. ორთქლით მავალი გემი შვილდისარივით მოცურავს შავ ზღვაში. მზე იწვერება და მისი სხივები ზოგიერთ ადგილას წყლის ზედაპირზე უფრო და უფრო აშუქებს, თითქოს უძალიანდება თავის პატრონს და არ უნდა ზღვას მოშორდესო. გემის ახლო-მახლო მოზრდილი თევზები თამაშობენ, ხან ამოხტებიან და ხან ჩახტებიან წყალში; ზოგი მათგანი თითქოს ცდილობსო გემს მოეწიოსო, ზოგი კიდევ თითქოს მზის სხივებს ესალმებაო. გემის „პალუბაზე“ სხედან სხვადასხვა მილეთის კაცები და ქალები. ზოგნი ერთ კუნჭულში მოგროვილან და ზოგნი კიდევ მეორე კუნჭულში და თევზების ჭყაპი-ჭყუპს და თამაშობას უცქერიან; ზოგნი კიდევ ცალ-ცალკე ანუ სხედან, ანუ დგანან და ესენიც ანუ ზღვას ჩასცქერიან, ანუ კიდევ აქეთ-იქით იცქირებიან; იქნება მთა დავინახოთ რამეო. პალუბის წინა ადგილს, დაჭრილების ყურ მგდებელ ქალებს უწევთ გრძელ სკამზე სახადისაგან ახლად მორჩენილი, საშინლად გამხდარი, თითქოს სამარიდამ ეს არის ეხლა ამოუღიათო, დოკტორი - ექიმი და ერთის საკვირველის სინაზით და პატივის-ცემით უფრთხილდებიან. ხან ერთი ქალი უზის თავ-ქვეშ და ელაპარაკება და ხან მეორე; ხანდისხან კიდევ სამი-ოთხი ერთად ეხვევიან და ღიმილით ელაპარაკებიან. ამ ქალებზე უფრო ხშირად ელაპარაკება ერთი ქალი, რომელსაც ყველა „დები“, როგორც ერთმანეთს ეძახიან, უფროსად ჰსთვლიან და კნეინად იხსენიებენ.[1] ამასაც ისე უბრალოდ აცვია, როგორც სხვა „დებს“. ხანდისხან ეს კნეინა გრძელ სკამზე მარტო ზის და წინ უსკუპია ორი მშვენივრად ბალნით შემოსილი კატა. ეს კატები სომხეთიდამ წამოუყვანია და ისე უფრთხილდება, როგორც თავის შვილებს; ხან ერთს უსვამს ხელს და ხან მეორეს. სხვა ქალებიც არ აკლებენ ამ კატებს თავიანთ ალერსს. ზოგიერთი დები რომ დოქტორს ეხვევიან, ზოგნი უთუოდ კატების ალერსში არიან. ბევრი მგზავრთაგანი ამათ მოქმედებას შესცქერის პირდაღებული. პალუბის შუაში დასაკეც სკამებზე სხედან ორი ყმაწვილი ქალი და თავიანთ მომავალ მგზავრობაზე ლაპარაკობენ, უმეტესად ერთი მათგანი, რომელიც მადიანათ გამომეტყველებს თითოეულს სიტყვას. მე ამათ ლაპარაკში მივიღე მონაწილეობა და მივიდგი სკამი მათ ახლო. ბევრი ვილაპარაკეთ უმეტესად სწავლის მიღებაზე საზღვარგარეთ. სომხების აწინდელ პოლიტიკურ მდგომარეობასაც შევეხეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ რა სიცოცხლით, რა ენერგიულად, რა სიამოვნებით ლაპარაკობდა ამ საგანზე მადიანად მოლაპარაკე ქალი და თავისი ლაპარაკი შემდეგის შესანიშნავის სიტყვებით გაათავა: „თუ ჩემის სამშობლოს, ოსმალოს სომხეთის ბედი კარგად დატრიალდა და თავისუფლება ანუ „ავტონომია“ იშოვნა, როგორც სწავლას შევასრულებ საზღვარგარეთ, მაშინვე დავბრუნდები უკან და ჩემს სულიერ ძალას მოვახმარებ ჩვენის ხალხის კეთილ-დღეობის წარმატებას“. რას იტყვი ამაზე, ჩემო ძვირფასო მკითხველო? ამას ამბობს ჩვიდმეტის წლის ქალი, — ამას ამბობს ქალი სათუთად და სიმდიდრეში აღზრდილი, — ამას ამბობს შთამომავლობით სომხის ქალი. ეს ქალი აასრულებს ამ მშვენიერ სიტყვებს, თუ არა, ეს ჩემთვის ორივ ერთია. მე აქ ვხედავ მაგალითს მხოლოდ და მაგალითი ანუ საქმე იმაშია, რომ ჩვიდმეტის წლის ქალი თამამად ამბობს, თავს შევწირავ ჩემ სამშობლოსაო, თუ მან ეხლა თავისუფლება იშოვნაო. მე ამ მაგალითიდამ გამომყავს ის, რომ ჩვენს ძველთაგან ძველთ მეზობლებში მუშაობს თავისუფლების სურვილი, რომ დიდს და პატარას გასჯდომია ძვალში და რბილში იმგვარი ძალის შოვნის სურვილი, რომელსაც აქვს თვისებად განაცხოველოს და გააკეთილშობილოს კაცის ბუნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სიძუნწე, ის გაუმაძღრობა, რომელსაც ეხლა ჰსწამობენ და ხედვენ სომეხ ვაჭრებში და რომელიც ზოგიერთის ისტორიულის გარემოების ძალდატანებით დაბადებულა ანუ მათ გასჩენია, მალე აღმოიფხვრება მათში, რაკი თავისუფლება გადააფარებს მათ თავის კალთას.
X
აი კიდევ ერთი სურათი. ოდესიდამ ორთქლით მავალი მაშინა მირბის ერთის საშინელის ბუტბუტით და ვაგონებში მსხდომნი კი მის ბუტბუტს სრულებით ყურს არ უგდებენ. ზოგს მათგანს სთვლემს და საცოდავად თავს იქნევს, ზოგი ფანჯრიდამ გასცქერის ჭირნახულით სავსე მიწებს; ზოგნი კიდევ ერთმანეთს ებაასებიან. ერთი მათგანი ძალზეა მოკაკული და სერთუკის ღილები აქვს გახსნილი; მარცხენა ხელიც ჩამობმული აქვს. საწყალს ორ ადგილას აქვს მოხვედრილი ტყვია. ეს დაჭრილი რომ ლაპარაკობს, პირს სულ ღიმილი მოსდის — თითქო თავის მობაასეს ასე ეუბნებაო: „ხომ ხედავ, რანაირად ვარ დაჭრილი, მაგრამ მაინც სიკვდილმა ვერა დამაკლო რა და აი, ჩემს სახლში, სადაც მიმელიან ჩემი პაწაწკინტელა შვილები და მათი ერთგული დედა“. მეორე მხედარს, აფიცერს, მარჯვენა ხელი აქვს წამხდარი და სულ დაღრეჯილი ზის. მესამე აფიცერი, თუმცა დაჭრილი არ არის, მაგრამ სახადს ძრიელ შეუბერტყია; მადაზე ახლა მოსულია და ხელიდამ პურს არ უშვებს. მეოთხე მხედარი კიდევ სულ პალტოში გახვეულია და ლაპარაკს ძრიელ ზარობს. ერთს მგზავრს ანუ პასაჟირს გულმა აღარ მოუსვენა და ჰკითხა პირ-მოცინარე მხედარს: „რაო, ძრიელ ხართ დაჭრილი?“ „ძრიელ. ერთის ადგილიდამ კი ამომაცალეს ტყვია და მეორედამ კი არა. ახლა პეტერბურღში მივდივარ მოსარჩენად, მაგრამ ჯერეთ ჩემს სახლობას შეუვლი“. „ხომ ყოჩაღად მოქმედებდნენ ჩვენები?“ „ყოჩაღად ვიქნებოდით, მაშ არა? თათრები ხომ არა ვართ, რომლებმაც თავი უთუოდ უნდა ამოიფარონ რასმე, თორემ თოფის სროლას ვერ შეიძლებენ. ჩვენები ყოველთვის პირდაპირ მიდიოდნენ ხოლმე - სრულებით არაფერს ერიდებოდნენ. ხომ წაკითხული გაქვთ, რა ოინები ჩავიდინეთ პლევნის ასაღებად. მართალია, ბევრი მოგვიკლეს, მაგრამ სამჯერ ჩვენი მიხტომა საკვირველი საქმე იყო“. როცა ეს მხედარი ლაპარაკობდა, ვაგონში საშინელი სიჩუმე იყო — სულყველანი განაბულნი ყურს უგდებდნენ ამის ლაპარაკს. „რუმინიელები როგორ მოქმედობდნენ?“ ჰკითხა ამ მხედარს მეორე პასაჟირმა — მგზავრმა. „რუმინიელები? აი, შეარცხვინოთ ღმერთმა!... თათრებზე უფრო მხდალნი ისინი ყოფილან. გარდა ამისა, გაეშმაკებული და ორი პირი ხალხია. ყველაფერს ერთი-ორად გვაძლევდნენ და ცდილობდნენ, როგორმე მოვეტყუებინეთ“. პალტოში გახვეულმა აფიცერმა ერთბაშად ხმა ამოიღო და ჰსთქვა: „განა რუმინიელები პლევნასთან ჩვენზე ნაკლებ მამაცობდნენ? აგრეთვე — განა მეგობრულად არ გვექცეოდნენ ისინი იქამომდე, მინამ ბესარაბიას მოვთხოვდით? ეს კი მართალია, რომ ახლა ცუდის თვალით გვიცქერიან და სურთ, რომ ფეხი გადაგვიბრუნდეს“. „სმა-ჭამა როგორი გქონდაო?“ ჰკითხა დაჭრილს აფიცერს მესამე პასაჟირმა. ღიმილით უპასუხა: „ჰოო, რა უშავდა“. პალტოში გახვეულმა კიდევ ამოიღო ხმა და სთქვა: „რა უშავდა კი არა — საძაგელი იყო“. ხშირად და ივნისის 8-ს, ხუთშაბათს, სამ საათზე ვოლოჩისკის სტანციას თავი დაუკარით. აქ მოგვთხოვეს ბაშფოთები და ნახევარ საათის შემდეგ გაგვისტუმრეს ავსტრიის სტანციაში, რომელიც სამ ვერსტზე იქნება დაშორებული ვოლოჩისკის სტანციაზე. კონდუქტორების მიხრა-მოხრა და ტანოვანება, ვაგზლის სიმშვენიერე, ვაგონების სიმაღლე და სიფაქიზე — ყველა ეს ცხადად გვიმტკიცებდა, რომ რუსეთს გამოვეთხოვეთ და უცხო ქვეყნის საზღვარზე გავედით. ცოტა ხნის განმავლობაში ჩემოდნები ჯერეთ გვისხურეს ერთნაირის სიმჟავით, რომ რა არი რუსეთიდამ სენი არაფერი შეგვეტანა იმათ ქვეყანაში, და მერე გაგვჩხრიკეს; ბილეთები ვისაც არ ჰქონდა, აყიდვინეს და ისე ჩაგვსხეს ვაგონებში. ჩვენი დასხდომა ვაგონებში და კარების ჩაკეტვა ერთი იყო, მალე ორთქლით მავალი მაშინა დაიძრა თავის ადგილიდამ და გაიტაცა მასზე მიბმული ეტლები. მე ვამბობ ეტლები, მართლაც თითოეული ვაგონი რომ აიღოთ, წარმოგიდგენთ სწორედ დიდ ეტლს, რომელშიაც ზიხარ და კარები გარედამ გაქვთ ჩაკეტილი. ნუ იფიქრებთ, რომ ერთის ვაგონიდამ ანუ ეტლიდამ მეორეში გახვიდეთ. ამათ ერთი ერთმანეთში გასავალი არა აქვთ. სასხდომი ადგილები ანუ მდივნები და პატარა ჩემოდნების ანუ ყუთების შესადგამები აქ მშვენიერია. აქ მხოლოდ ის აწუხებს კაცს, რომ ჩაკეტილში ზის და თავის ნებით კარში ვერ გავა. რასაკვირველია, ნემცებს, როცა ეს ვაგონები უკეთებიათ, სახეში ჰქონიათ მარტო თავიანთი თავი და დავიწყებიათ, რომ იმათ ვაგონებში სხვა ქვეყნის კაცებიც იმგზავრებენ, რომლების კუჭებიც შესაძლებელია ისე არ იყვნენ მიჩვეულნი დისციპლინას, როგორც ნემცებისა.
X
ჯერეც თხუთმეტი ვერსიც არ გაგვევლო სამძღვრიდან, ერთმა ჩემს გვერდზე მჯდომმა მგზავრმა წამოიძახა: „ერთი შეხედეთ ამ მიწებს, თუ რა ხელოვნებით არის დახნული და დათესილი! მაშინვე თავი ფანჯარაში გავყავი და ბეჯითად ყველაფრის შინჯვა დავუწყე, მაგრამ რის გაშინჯვას მოასწრებს კაცი, როდესაც ორთქლით მავალი მაშინა გამალებული მირბის? მაინც კი, მინამ კარგად არ შებინდდა, კაცის ხელით შემუშავებულ მიწებს თვალი არ მოვაშორე. როცა კი შებინდდა, მივჯექ ეტლის კუნჭულში და მივეცი თავი თვლემას და ქნევას. მხოლოთ ხანდისხან კი ავდგებოდი ხოლმე, რა არი გამეგო, თუ რომელ სტანციის წინ შედგა მაშინა და რამდენ ხანს იდგება. ჩემმა მეზობლებმაც ძილს მისცეს თავი და ზოგიერთმა მათგანმა დიდი ხვრინვაც ამოუშვეს. მეორე დღეს დილა ადრიან თვალები შევაჭყიტე ორ ჩასუქებულს და პირ-მოპარსულს ნემეცს, რომლებიც იმ ღამეს ჩამოსხდნენ ვაგონში. ერთს მათგანს ძრიელ გულიანად ეძინა და კარგი ტახისაებრ ხრუტუნებდა. იმის ბედზე, ვაგონში ბუზები არ იყვნენ, თორემ მის დაღებულ-დაღრენილ პირში სწორედ ლეკურს მორთავდნენ. ამ ტახ-ნემეცს ფეხთ გაეხადნა და თავისი მსხვილი ფეხები დაეწყო ერთი რუსის ქალის გვერდზე, რომელიც ტუჩს იწევდა მაღლა, მაგრამ ვერას ხდებოდა. მეორე ნემცს კიდევ მუცელზე ხელები დაეწყო და გულიანად სთვლემდა. ამათ ათვალიერებას და ჩათვალიერებას რომ მოვრჩი, მივაჩერდი ჩემს გვერდზე მჯდომს, სუსტად აგებულ კაცს. ამის ნაკვთები ცხადად მიმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ებრაელი. ეს ცქვიტათ იჯდა ვაგონში და თითქოს ფრთხილობდა, არავის ვაწყენინოო. კარგა ხანს ვუცქირე მე ამას და მერე ვჰკითხე: „მალე ვიქნებით ლემბერგში?“ „მალე, მალე,“ მომიგო სიამოვნებით და მომაყარა კითხვები: „სად მიდიხართ, რისთვის მიდიხართ?“ და სხვა ამ გვარი. რომ როგორმე ამ კითხვებზე პასუხი თავიდამ მომესხლიტნა, მე თვითონ ვკითხე: თქვენ უთუოდ ლემბერგიდან იქნებით? „დიახ“. მაშ იქ უთუოდ მაღაზია გექნებათ? არა, მე მამულის პატრონი ვარ და მამულის ნაწარმოებით ვცხოვრობ. ჩემი მამული ლემბერგთან ახლოს არის და ზაფხულობით სულ იქ ვცხოვრობ, ზამთრობით კი ლემბერგში. ამ პასუხმა მე გამაკვირვა და ცოტა არ იყოს ეჭვშიც შემიყვანა მისის ვინაობის შესახებ და ამისთვის საჭიროდ დავინახე მეკითხა ვინაობა. მან თავ-მოწონებით დაასახელა თავისი თავი ებრაელათ და სთქვა: „ეხლა გალიციაში და კრაკოვში სხვა დროება არის ჩვენთვის. ჩვენ, ებრაელებს, გვაქვს იგივე უფლებები, რა უფლებებიც აქვთ ქრისტიანებს; ამისთვის ჩვენი კაცი ახლა ცხოვრების ყველა კუნჭულში მოიპოვება“. ამის მშვენივრად და ფხიანად ლაპარაკმა ნემცურ ენაზე გამაკვირვა და ვკითხე: სად გისწავლიათ აგრე კარგად ნემცური ენა? „სად მისწავლია? ცხოვრებაში და უნივერსიტეტში, პოლონურ ენაზე უფრო კარგად ვლაპარაკობ და ვსწერ, რადგანაც ჩვენს უნივერსიტეტში ამ ენაზე ასწავლიან მეცნიერებას“. ამ სიტყვებზე ყურები ვცქვიტე და გაკვირვებული სახით შევხედე. „რაო?“ მაშინვე მითხრა ებრაელმა. „ნუთუ არ გჯერათ, რაც მე გითხარიო?“ სრულებით მჯერა. მე მხოლოდ ისე შემოგხედეთ. ბევრი რამ კიდევ ვილაპარაკეთ მე და დალოცვილმა ებრაელმა, რომელიც ლემბერგის სტანციაში ჩამოხტა. ლემბერგიდან მოკიდებული, მინამ კრაკოვში მივიდოდი, ჩემი თავიდან არ გამოსულა ებრაელის ლაპარაკი და გონებაში გამოვსახე, სამი-ოთხი დღე გამეტარებინა კრაკოვში და აქ სულყველაფერი სანდო კაცებისაგან გამეგო. როგორც გამოვიხატე გონებაში, სწორედ ისეც მოვიქეცი. საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, რომ კრაკოვში თავი ამოვყავი და დავბინავდი „დრეზდენის სასტუმროში“. ამ დროიდანვე შეუდექი ჩემი სურვილის აღსრულებას.
ქართველი მგზავრი.
(შემდეგი იქნება)
______________________
1 როგორც შემდეგ შევიტყვე, ეს ადამიანი იყო კნეინა ხილკოვისა, რომელმაც მცირე აზიაში თავის მოღვაწეობით დაჭრილების შესახებ დიდი პატივის-ცემა დაიმსახურა მხედრობთ შორის.
![]() |
4 რამეთუ კაცი ვარ |
▲ზევით დაბრუნება |
რამეთუ კაცი ვარ
(ისტორიული რომანი გეორგი ებერსისა)
I
გარშამო კლდეებია – შიშველნი, ტვიფრნი და დარიჩინისფრად მაყურებელნი, არაფერია ზედ, არც ერთი ბუჩქი, არც ერთი ძეძვი, არც ერთი მუჭა ხავსი; ერთის სიტყვით, არც ერთი იმისთანა რამ, რომელიც ჩვეულებრივ ამოდის ხოლმე კლდეზედ, თითქო იმის მაგალითად, რომ ცხოვრების შემოქმედი ძალა ბუნებისა თავის კვალსა სტოვებს უნაყოფო ქვაზედაცაო. არაფერია, არაფერი გარდა სიპის ქვისა და ზედ წამოდგმულის ცისა, რომელიც ისე მოწმენდილია ღრუბლისაგან, როგორც თვით კლდეგბი ბუჩქისა და მწვადისაგან.
მაინც კიდევ ადამიანის ცხოვრება მოძრაობს. აი იქ, გამოქვაბულში, და ორი პატარა ჩიტი დაჰსცურავს წმინდა და სუბუქს ჰაერში. მაგრამ აი, ისინიც თვალს მიეფარნენ და გადაფრინდნენ კლდეებს იქით, რომელნიც ხევის პირს გადმოჰკიდებოდნენ, თითქო კედელიაო, კაცის ხელით განგებ გაკეთებულიო.
ტყუილად კი არ გადვიდნენ ის პატარა ჩიტები; იქ სწორედ მადლია ღვთისა მოფენილი. მთის წყარო მოჩუხჩუხებს და ჰრწყავს ქვიანს ადგილს და საცა ნამია, იქ სურნელი მცენარენიც არიან, იქ მიმზიდველი ბუჩქიც არის.
მეოთხე საუკუნის ნახევარში აქ სინაიას მთის წმინდა ადგილებზედ რამდენიმე წლის წინად დაბინავდნენ მეუდაბნოენი, ბერები, კაცნი, რომელნიც ცხოვრებისაგან მოღალულ იყვნენ და შეჰსდგომოდნენ სულის საცხონებელს და სინანულის საქმეს. ჯერ კიდევ ცალ-ცალკე ჰსცხოვრებდნენ, არ იყვნენ ერთმანეთთან შეკრულნი არც რაიმე წესდებითა, არც რაიმე დადგენილებითა.
წყაროს ახლო ხევში, რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ, იდგა მრავალშტოიანი ალვის ხე ფრთასავით ტოტმოწყობილი. ხოლო იგი არ აჩრდილებდა წყაროს და არ იფარებდა იქაურის მწვავის მზის სხივთაგან. მისი გრილო მარტო მის საკუთარს ძირს აჩრდილებდა. ერთს მის გრძელს ტოტზედ გადაფენილი იყო გაშლით სუბუქი მოლურჯო ხელთსახოცი და მისი ჩრდილი ჰფარავდა სიცხისაგან სახეს ახალგაზრდა ქალისას, რომელიც გაშხლართულ იყო გახურებულს ქვებზედ და ღრმად რაღაცაზედ ფიქრობდა. მის გარეშემო ჰსძოვდნენ რამდენიმე მოყვითანო თხები; მხიარულად დაჰხტოდნენ ქვიდამ ქვაზედ, თითქო შუადღის პაპანაქება დიდად ესიამოვნებათო. ზოგჯერ ყმაწვილი ქალი წამოავლებდა კომბალს ხელსა და უძახდა თხებსა. აი, ხტომით მოგოგდა მასთან პატარა ციკანი. ბევრს პირუტყვს არ შეუძლიან სიხარულის გამოთქმა, მაგრამ თხებმა კი ეგ ყოველთვის კარგად იციან ხოლმე.
ქალმა გაიშოტა თავისი შიშველი და ლამაზად მოყვანილი ფეხი და ღიმილით გაიგდო ციკანი. ციკანს იამა ამისთანა შექცევა და უფრო მეტის თამაშობით და მხიარულებიო ხელახლდ გადმოასკუპა ქალისაკენ. ქალი კიდევ ისე ლამაზად ხმარობს ფეხს მის გაგდებაზედ, თითქო ვისმეს ელამაზებაო.
ციკანი ხელახლად მოეხუტა ქალს, ეხლა კი თავმოღერებით, თითქო რჩოლას უპირებსო, შუბლი დააჯახა ქალის ფეხის გულს, მაგრამ მაშინ კი, როცა თავისი ცხვირ-პირი ქალის ფეხის გულს წაუს-წამოუსო, ქალმა ასე ძლიერ ფეხი ჰკრა, რომ საწყალმა პირუტყვმა დაიბღავლა და შესწყვიტა თამაშობა.
აშკარაა, ქალს უნდოდა იმისთანა დრო ჩაეგდო, რომ სატკენად ეკრა ფეხი ციკნისათვის. მოლურჯო ხელთსახოცის ჩრდილი სახეს უმალავდა ქალს; მაგრამ ეჭვი არ არის, რომ გაუჯავრდა და თვალები აუპრიალდა, ციკანი რატომ აღარ მეთამაშებაო.
დიდხანს იწვა იგი უძრავად; ხოლო ხელთსახოცი ჩამოვარდა, გადაეფარა სახეზე და იგი იძროდა ოდნივ მისის ამოსუნთქვისაგან. ქალი დიდის გულისთქმით და ყურაცქვეტით რაღაცას უგდებდა ყურს.
მოისმა რაღაცა ხმაურობა. ხმა მოდიოდა იმ ადგილიდამ, საცა უშველებელი ბუნებითი კიბე დიდროვანის ქვებისა ჩამოჰსდევდა ფრიალო კლდეს ხევამდე, რომელშიაც წყარო მიჩუხჩუხებდა.
ქალს ელდამ გაურბინა ნაზსა და ჯერ ძლივად შემთავრებულ ასოებში, მაგრამ არ დაიძრა მაინც. პატარა ჩიტები, იქავ ძეძვზე მსხდომარენი, დაფთხნენ და გაფრინდნენ. მათ მოესმათ ხმაურობა, მგრამ ჯერ ვერ შეეტყოთ, ვისგან არის ის ხმა. ქალი კი უფრო ყურმახვილი იყო.
ქალმა გამოიცნო, რომ ეგ ხმა ადამიანის ხმაა. ისიც კი გამოიცნო, რომლის ხმაა; იმისთანა ძახილი მარტო ერთს შეეძლო.
ქალმა ხელი გამოიწოდა, წაავლო ქვას ხელი და ჩააგდო წყაროში. წყარო მაშინვე აიმღვრა. მერე გადმობრუნდა, გვერდზე დაწვა, თავის ქვეშ ამოიდო მკლავი და თავი მოიმძინარა. მტკიცე და მარჯვე ფეხის ხმა უფრო და უფრო ცხადად მოისმოდა.
კიბეზე ჩამოდიოდა მაღალი და მშვენიერი ტანადი ყმაწვილი კაცი. ტანისამოსზე ეტყობოდა, რომ იგი ერთი ბერთაგანია სინის მთისა. მას ტანზე ეცვა მარტო ერთი პერანგი სხვილის ტილოსი და ფეხის გულზე ეკრა ტყავი, ალვის ხის ხრალით ფეხზედ გამაგრებული.
ამაზე საწყლად ტყვესაც არავინ მოჰრთავდა, მაგრამ მაინც ვერავინ იტყოდა, რომ იგი აზატი და თავისუფალი კაცი არ არის; ისე ამაყად, თავმოწონებით და რიხიანად მოდიოდა. ბევრი-ბევრი ოცის წლისა ყოფილიყო. ამას ამტკიცებდა ბუსუსი, რომელიც ამოსვლოდა ულვაშების ადგილს, ნიკაბზედ და ლოყბზედ. გარნა დიდრონი, ცისფერთ თვალები ჭაბუკობის ცეცხლით არ ჰქონდა ანთებული. პირიქით – თვალებში გამოკრთოდა რაღაც გულნატკენობა და პირიც მოეკუმშა, თითქო რასმეს ჯიუტობსო.
ყმაწვილი კაცი შედგა და გადიყარა უკან სქელი თმები, რომელნიც ლომის ფაფარივით გადმოეფინა არეულად შუბლზედ. შემდეგ მივიდა წყაროსთან და მოემზადა, რომ წყალი ამოეღო გოგრითა. მაშინ ჯერ დაინახა, რომ წყალი აუმღვრევიათ, მერე თვალი მოჰკრა თხებსაც და ბოლოს მძინარე ქალსაცა.
გაჯავრებულმა ჭურჭელი ძირს დადგა და ხმამაღლა დაუყვირა ქალს. ქალი არც კი გაინძრა, ვიდრე უშვერად ფეხი არ წაჰკრა. მაშინ კი წამოხტა ქალი სწრაფად, თითქო გველმა უკბინაო და ორი თვალი, ბნელი როგორც ღამე, ცეცხლით აენთო და გამობრწყინდა ქალის ჭაბუკი და შავგვრემანი სახე. ცხვირის ნესტოებმა თრთოლა დაუწვეს და თეთრად გამოკრთდნენ ქალის კბილები, როცა შეჰსძახა:
– განა ძაღლი ვარ, რომ მაგრე მაღვიძებ?
ყმაწვილი კაცი წამოწითლდა, გაჯავრებით მიუთითა წყაროზედ და მკვახედ უთხრა:
– შენმა თხებმა ხელახლად აამღვრიეს წყარო; ეხლა მე აქ უნდა ვიჯდე და ვუცადო, მინამ დაწმნდება.
– არა გიშავს რა. დღე დიდია, – მიუგო ქალმა და კიდევ ჩააგორა ქვა წყაროში ისე, ვითომ ფათერაკად მოუვიდაო.
ყმაწვილმა კაცმა შეამცნივა, რომ ქალს ძალიან იამა ხელახლად ამღვრევა წყლისა და რისხვით შეჰყვირა:
– მართალი მითხრა მე იმან! შენ სწორედ შხამიანი გველი ჰყოფილხარ, ჯოჯოხეთიდამ გამოსული სატანა ხარ!
ქალს სიცილი წაჰსქდა, მოუბრუნდა და ისე დაეღმიჭა, თითქო უნდაო დაუმტკიცოს, რომ მართლა ეშმაკების ჩამომავალია. შეჰკრთა ყმაწვილი კაცი, უკან მოდგა, გაიწვდინა ხელი მოსაგერებლად, ღვთის სახელი მოიწოდა და რა ხედავდა, რომ ქალი უფრო და უფრო მხეცურად ხარხარებს, დაიყვირა:
– გამეცა, სატანავ, გამეცა! სახელითა უფლისათი გკითხავ: შენ ვინა ხარ?
– მე მირიამი ვარ, სხვა ვინ უნდა ვიყო? – მიუგო სიცილით ქალმა.
ყმაწვილი კაცი სხვა პასუხს მოელოდა. ქალის კასკასი ძალიან ჰსწყინდა და გაჯავრებით უთხრა:
– შენ რაც გინდა დაირქვი სახელად, ხოლო შენში კი რაღაც ბოროტი სული ჰზის და მე პავლეს შევეხვეწები, რომ შენ აგიკრძალოს და თხები აღარ მოგარეკინოს აქ ჩვენის წყაროს წყლის დასალევად.
– უფრო კარგს იზამდი, შენს ძიძასთან გაიქცე და იმასთამ დამაბიზღო, – მიუგო ქალმა და სასაცილოდ აიგდო.
ყმაწვილი კაცი წამოწითლდა, ქალმა კი უშიშრად განაგრძო ლაპარაკი:
– შენ დავაჟკაცებულ კაცად უნდა გეჭიროს თავი, იმიტომ რომ ტანი და ღონეც შეგწევს. ამის მაგიერ შენ მიგიცია ნება და როგორც ბაშვს ანუ გოგოს, ისე გექცევიან. აბა, რა კაცი ხარ, ერთი მითხარი. ძირხვენას ჰგლეჯ, ხილსა ჰკრებ და ამ უბედურის ჭურჭლით წყალს ეზიდები. ამის მეტს ხომ არას აკეთებ? მაგაებს მე ჩავდიოდი მაშინ, როცა აი, ამოდენა ვიყავი.
ამ ქალმა ხელი დაბლა დაიდო და მიწიდამ ძალიან მოკლე სივრცე ანიშნა.
– ფუჰ! შენ უფრო ღონიერი ხარ და ლამაზად მოყვანილი, ვიდრე აი, ის ამალეკიტელი ჭაბუკი, ქვევით რომ ჰსცხოვრებს. ხომ ასეა, მაგრამ აბა ერთი ჰსცადე და გამოეჯიბრე, ვინ ვის ჰსჯობია ან მშვილდოსნობაში, ან შუბის ხმარებაში!
– მე რომ გაბედვა მქონდეს, რაც მინდა, ის ვქმნა, – გააწყვეტინა სიტყვა ყმაწვილმა კაცმა, სირცხვილით ჭარხალსავით წამოწითლებულმა, – მე იმისთანა მჭლე ქონდრისკაცებს თუნდა ათს გავუძღვებოდი.
– მე მაგაზედ დარწმუნებული ვარ, – უპასუხა ქალმა და მისი გულისთქმით სავსე თვალი რაღაც თავმოწონებით დააჩერდა ყმაწვილის კაცის მხარბეჭს და ძარღვიანს მკლავებსა. – მე მაგაზედ დარწმუნებული ვარ-მეთქი, მაგრამ, ერთი ეს მითხარ, რატომ ვერ ჰბედავ? განა შენ ყმა ხარ იმ კაცისა, რომელიც აიქ, ზევითა დგას?
– ის მამაჩემია და ამასთანაც...
– რა ამასთანაც? – დაიძახა ქალმა და გაიქნივა ხელი, თითქო რაღაც უნდა უკუირიდოსო. არც ერთმა ფრინველმა რომ არ მოინდომოს თავის ნებაზედ ბუდიდამ გამოფრენა, კაი წეწვაგლეჯა არ შეუდგებოდათ ბუდეში! ჩემს ციკნებს მაინც შეხედე; მინამ დედა საჭიროა, უკან დაჰსდევენ და რაკი იმოდენად მოიყრებიან, რომ თვითონ იშოვონ საზრდო, წავლენ და სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე შოულობენ. დამიჯერე, რომ აი, ამ ერთის წლის ციკანს აღარც კი ახსოვს, ვისი ძუძუ უწოვნია: თეთრის თუ შავის თხისა. ან ვითომ მამაშენი რა დიდს საქმეს გიკეთებს, რომ მაგაებს ამბობ?
– ჩუმად! დაუყვირა მართალის გულისწყრომით ჭაბუკმა – ეშმაკი ლაპარაკობს შენის ენითა. გაეთრიე აქედამ. მე ის არ უნდა შევუშვა ყურში, რის თქმაც მე თვითონ მეშინიან.
– უნდა ყურში შეუშვა, უნდა და უნდა! – გამოაჯავრა ქალმა. – თუ მაგას ვერ ჰბედავ, მაშ რის პატრონი ბრძანებულხარ? დახე, ყურში სიტყვაც ვერ შეუშვია, ეშინიან! ფუ... მაშ რაღა კაცი ყოფილხარ!
– ის კაცი ვარ, შე სატანავ, რომ შენი სიტყვა არ უნდა ყურში შევუშვა, – უთხრა გაჯავრებით. – მე შენი ხმაც კი მძულს და თუ კიდევ აქ წყაროსთან გნახე, სულ ქვის სროლით გაგაგდებ აქედგან.
ქალმა გაშტერებით დაუწყო ყურება ყმაწვილკაცსა, ტუჩები გაულურჯდა და პაწაწა ხელები მუშტებად დაეკუმშა.
ყმაწვილკაცმა წყაროსაკენ წასვლა დააპირა, მაგრამ ქალი წინ გადუდგა და თვალი თვალში გაუყარა. ტანში ჟრჟოლამ გაურბინა, როცა ქალმა ტუჩების თრთოლით და ნაღვლიანის ხმით უთხრა:
– მე შენთვის რა დამიშავებია?
– გამეცალე-მეთქი, – უთხრა ყმაწვილმა კაცმა და გაიწოდა ხელი, რომ გზიდამ ჩამოიცალოს.
– თუ კაცი ხარ და ხელს მახლებ! – დაუყვირა ქალმა. – რა დამიშავებია, არ იტყვი?
– შენ არ იცი ქვეყანაზედ ღმერთი არის თუ არა, და ვინც ღვთისა არ არის, ის ეშმაკისაა!
– მაგას ხომ შენსას არ ამბობ, სხვის სიტყვას მეუბნები, – უპასუხა ქალმა და ხმაზედ ეტყობოდა, რომ ცოტად დაჰსცინის. – შენთვის ეგ სიტყვები უსწავლებიათ, სხვისი ჭკუა ალაპარაკებს შენს ენასა. ვინ გითხრა, რომ მე ეშმაკისა ვარ?
– მე არ დაგიმალავ მაგას! – უთხრა თავმოწონებით ყმაწვილკაცმა. – ღვთისმოყვარე პავლე მაფრთხილებს და მეუბნება, შენ მოგერიდო და ამისთვის მე დიდი მადლობელი ვარ. იმან მითხრა, რომ შენის თვალით ეშმაკი იყურება. მართალიც არის, ათასჯერ მართალია! როცა შენ მე შემომხედავ ხოლმე, მაშინვე გულში სურვილი გამივლის ფეხქვეშ გავქელო ყოველი, რაც კი წმინდაა ქვეყანაზედ. უკანასკნელს ღამეს მე მესიზმრა, ვითომ კუდიანობის სერობაში მე და შენ თავგადაგლეჯით ვბუქნაობდით.
ამ სიტყვაზედ მარიამის სახიდამ გაჰქრა გულის ნატკენობა და ნაღვლიანობა. ხელი ხელს შემოიკრა და ნატვრით წამოიძახა:
– ეგ რომ ცხადი ყოფილიყო და არა სიზმრად! ნუ შეშინდი კიდევ, შე სულელო! განა შენი ჭკუა მისწვდება, რა კარგია, როცა სალამურს უკრავს, სიმები წკრიალებენ და ფეხები ატოკდებიან ცეკვითა, თითქო ფრთები გამოებათო!
– ფრთები სატანისა! – მკაცრად მოჰსწყვიტა სიტყვა გერმასმა. – შენ ეშმაკი ხარ, ეშმაკი, შე ღვთისაგან შეძულებულო ურჯულოვ!
– ღვთისმოყვარე პავლე ეგრე ამბობს განა! – დაიწყო ხარხარი მირიამმა.
– მეც ვამბობ მაგას, მეც, – შეჰყვირა ყმაწვილმა კაცმა.- განა შენ როდესმე უნახვიხარ ვისმე კეთილ მორწმუნეთა შორის? განა შენ როდისმე გილოცვინა? როდისმე მადლობა გადაგიხდია ღვთისა და მაცხოვრისათვის.
– ვითომ რისთვის უნდა გადამეხადა? იმისათვის თუ, რომ თქვენში ყველაზე უფრო ღვთის მოყვარე კაცი სატანას მეძახის?
– დიაღაც იმიტომ, რომ შენ ცოდვილი ხარ და ღმერთი თავის მოწყალეს თვალს გარიდებს.
– არა, არა და ათასჯერ არა! – დაიძახა მარიამმა. – არა რომელსამე ღმერთსა ჩემთვის გულთ არა ჰსტკენია. აბა, როგორ ვიყო გულკეთილი, როცა ავის მეტი ჩემს წილად თავის დღეში არა ურგუნებიათ რა? იცი, მე რა ვარ და რათა ვარ ასეთი? განა მე ბოროტი ვიყავ მაშინ, როცა დედ-მამა დამიხოცეს, სალოცავად რომ მიდიოდნენ იერუსალიმს? მე მაშინ ექვსის წლისა ვიყავ, ექვსისა! მაგრამ მაინც კარგად მახსოვს, რომ ჩვენს ეზოში ბევრი აქლემი და ცხენი ჰსძოვდა, სულ ჩვენი საკუთარი იყო. მე მახსოვს, რომ დედისჩემის ხელზედ, რომელიც მე მიალერსებდა, უშველებელი ალმასი ბრწყინავდა. მეცა მყვანდა ზანგის ქალი მოახლედ და ყოველს ჩემს ბძანებას ხმაგაკმენდით ემორჩილებოდა. თუ არ დამიჯერებდა, მე ნება მქონდა, თმებით მეთრია და ტყავი გამეძრო. ვინ იცის, ის ეხლა სად არის! მე ის არ მიყვარდა, მაგრამ ეხლა რომ ის ჩემთან იყოს, რარიგად გულკეთილად მოვექცევოდი! აი ეხლა ეს თორმეტი წელიწადია, რაც ტყვის ლუკმასა ვჰსჭამ და სენატორის პეტრეს თხებს ვუვლი და უკანა ვსდევ. მე რომ მორთულს და თავისუფლად მყოფს ტოლ-ამხანაგში გავერივო ეხლა, პანჩურის კვრით გამომაგდებენ და თავიდამ მორთულობას მომხდიან. ნუთუ ამისათვის მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთსა და თაყვანი ვჰსცე! რომელი ღმერთი ზრუნავს ჩემთვისა, რომელი? მეძახეთ სატანა, მეძახეთ! ხოლო თუ პეტრე და შენი პავლე იტყვიან, რომ ის ღმერთი, რომელმაც მე ამ შავ დღეში ჩამაგდო, კეთილი ღმერთიაო, იტყუებენ. ღმერთი თვითონ ბოროტია და იმას არა ედარდება რა იმისაგან, რომ შენ ჩაგაგონა ჩემი აქედამ ქვის სროლით გაგდება.
ამ სიტყვებზე ქალმა ქვითინით ტირილი დაიწყო და ყოველი ასო სახეზედ შაეშალა.
გერმასს შეეცოდა მტირალი მირიამი. ასჯერ მაინც ენახა აქამომდე ეს ქალი, იგი ხან გულშხამიანად დახვდებოდა, ხან მხიარულად, ხან გულმრისხანედ, ხოლო თავის დღეში არ ენახა იგი ასე გულჩათუთქული და კეთილმგრძნობიარე.
დღეს პირველად გადაუსხნა გერმასს თავისი გული მირიამმა. ცრემლმა სახის მეტყველება შეუცვალა ამ ქალს და მთელს მის არსებას ისეთი ფერი დაჰსდო, რომ გერმასს ამისაკენ გული მოუბრუნდა. გერმასი ეხლა ხედავდა თავის თვალწინ ღონემიხდილს, მწუხარებით დაჩაგრულს ქალსა. შერცხვა, რომ წინად ეგრე უგულოდ მოექცა. მივიდა მრიამთან და ალერსიანად უთხრა:
– კარგი, ნუ ჰსტირი. როგორც გინდა და როცა გინდა, იარე ამ წყაროზედ. მე აღარ დაგიშლი. მისი რიხიანი ხმა მორბილდა და მოტკბა, როცა ეს სიტყვები უთხრა; მაგრამ ქალი უფრო ძლიერ ატირდა, უფრო ძლიერ ამოუჯდა გული. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ შეიძლო. მთელი მისი ნაზი აგებულება კანკალმა აიტანა და ეგრე მწუხარებით მოკლული მშვენიერი ტანადი მწყემსი ქალი იდგა უძრავად გერმასის წინ. გერმასმა იგრძნო, რომ შველაა საჭირო.
ჭეშმარიტი გულმტკივნეულები დაიძრა მის გულში და დაუბა მოხერხებული ენა.
სიტყვა ნუგეშის ცემისა რომ ვერ მოახერხა, მარჯვენა ხელიდამ მარცხენაში გადიღო კოკა და მარჯვენა დაანდო ქალს მხარზედ.
ქალი შეკრთა და არ ეურჩა.
მისის სუნთქვის სითბო ეცა ჭაბუკსა.
გერმასს უნდოდა უკუ მდგარიყო, მაგრამ იგრძნო, რომ თითქმის მიკერებულია ერთს ადგილას. მას სწორედაც ვერ გაეგო, მართლა ტირის ქალი, თუ იცინის. ყმაწვილი კაცის ხელი ისევ ქალის მხარზედ იყო დანდობილი. ქალი მაინც ადგილიდამ არ დაიძრა. ბოლოს კი თავი მაღლა აიღო, თვალებში ცეცხლმა გაუელვა და ყმაწვილმა კაცმა უეცრად იგრძნო, რომ ორი ნაზი ხელი მოეხვია ყელზედ.
მას ის ეგონა, რომ ზღვამ მის ყურში უცებ შუილი დაიწყოო და თვალთა წინ მეხმა გაიელვაო.
რაღაც გაუგებარმა ელდამ სრულიად შეიპყრო ჭაბუკი. ერთი ღონიერად დაიბერტყა, გამოეცალა ქალს, მაღლა ხმით დაიყვირა და გაიქცა, თითქო ავი სული დაედევნაო. ისიც ვეღარ შენიშნა, რომ მისი კოკა სირბილში ქვას მოხვდა და დაიმსხვრა.
მირიამი გაოცებული უძრავად დარჩა და თვალი ააყოლა გერმასსა, მერე შემოიკრა თავისი პატარა ხელი თავში, მივიდა ისევ წყაროს პირს, დაწვა და თვალი გაუშტერა ცარიელს სივრცესა.
როცა მზემ გადიხარა და ხის ჩრდილი დაგრძელდა, მირიამი წამოხტა, მოირეკა თხები და სულგანაბულმა ყური მიაპყრა იმ მხარეს, საიდაც გერმასი გაიქცა.
საღამო მოკლეა ხოლმე იმ ადგილებში და მირიამმა იცოდა, რომ ცოტა კიდევ დაიგვიანოს, ღამე მოასწრობს ღორღიანსა და ოღროჩოღრო გზებზედ. უიმისოდაც ღამით ეშინოდა ხოლმე, ეშმაკისა და მავნე სულის მოჩვენებისა ეფიქრებოდა, თუმცა არ იცოდა, რა მიზეზით კი. მაგრამ მაინც ის ადგილიდამ არ იძროდა და სულ სმენად იყო გადაქცეული. მას იმედი ჰქონდა, რომ გერმასი ისევ მობრუნდებოდა.
მზე მიეფარა კიდეც წმინდა მთასა და მეწამული ფერი დასავლეთისა ცაზედ გაქრა.
ჩამოვარდა საშინელი მყუდროება. ასე რომ ქალს თავისი საკუთარი გულისცემა ესმოდა. ღამის სიცივემ შეაჟრჟოლა. უცბად მოესმა რაღაც ხმაურობა უკანიდამ. ჯიხვის ფარა ჩამოდიოდა წყაროზე წყლის დასალევად. კაცის სუნი აიღეს და გაფთხნენ. მარტო ერთი წინამძღვარი ყოჩიღა შერჩა ხევის პირზე და აქეთ-იქით იყურებოდა. მირიამმა იცოდა რომ ყოჩი ამის წასვლას ელის, რომ ჩამოიყვანოს ფარა წყალზე.
გულში რაღაც მადლიანმა გრძნობამ გაურბინა და აიწია კიდეც ფეხი, რომ წასულიყო და დაეთმო ადგილი იმ პირუტყვთათვის. მაშინ უეცრად მოაგონდა მუქარა გერმასისა, რომ ამ წყაროდამ გაგაგდებო. გაბოროტებულმა წამოავლო ქვას ხელი და ესროლა ყოჩს. ყოჩი გაფრთხა და გაიქცა. უკან დაედევნა ყოჩს მთელი ფარაცა.
მირიამმა ჯიხვების ფეხის ხმა გაიგო. მერე ჩამოჰკიდა ნაღვლით თავი, გამოირეკა თხები და ბნელაში გაემგზავრა თავის გზაზედ.