![]() |
ივერია (32)1878.17.08 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
|
|

საქართველოს მატიანე
„ივერიის“ მე-31 №-ში იყო მოყვანილი ერთის ქობულეთელის წერილი დროებიდამ გადმობეჭდილი ახმედ აღა კაიკაციშვილისა. დროებას კიდევ მეორე წერილი მოსვლია იმავე ქობულეთელისაგან, რომელიც პირველ წერილზე ნაკლები ყურადღების ღირსი არ არის, ამისათვის გვსურს ეს წერილიც გავაცნოთ ჩვენის გაზეთის მკითხველებს. აი ეს წერილი:
ძიავ ყარდაში ეფედუმი მეგაზეთევ!
შეიძლება, რომ ეს მეორე ჩემი წერილი მიიღოთ და გაზეთაში ჩაწეროთ ადრე: რავაც სული გვიწუხს, ისე გვეჩქარება; ეგება დიდი კაცი წაიკითხავს და ყურადღებას მიაქცევს.
ყარდაში ეფენდი! ჩვენი ქობულეთის ხალხი შეწუხებული არის იმიზდა, რომ ზოგიერთი მცხოვრები ახლა ემშვიდობება თავის ქვეყანას და იმიზა რომა ჩვენ სიცოცხლეს არა აქ სახელი, ჩვენი ხარი, ძროხა, ცხენი, საჭმელი, პური გაფუჭებულია და მიაქვან.
დერვიშ-ფაშამ გამოგვიცხადა, რომ რუსეთის არჩაო ქობულეთი და ბათომიო, თქვენ წამოდითო თქვენი ხარჯითო, მიდის ზოგიერთი პირები.
წამსვლელები ურჩევენ დანარჩენს წამოდითო; მაგრამ ზოგები ვერ მიდიან და ფიქრობენ, რომ ძიძა მიდის და ვიღან გვაჭმესო ჩვენო, ზოგი ლუთფისი (ჩინის-კაცი) ვართო, ნიშანი (ორდენი) გვაქვსო, პეცია გვაქვსო. ახლა რა ვქნათო! ადუღებული არიან.
ოთხი კაცი ხუც-უბნის კამანდირთან (პოლკოვნიკია) გაგზავნეს, რამოდენის საქმის მოსალაპარაკებლად და მან მისწერა მის უფროსს. ვნახოთ რა პასუხი გამოვა იმისი.
გარდა ჩიან (ამბობენ) ქვეყანა, რომე გაგვიგონია, რომ ასი წელის წინეთ ჩვენი ბატონი თავდგირიძეს გარდა გურიელი იყო და საქართველოს დიდი ფაშაო გამოგიგზავნიდისო თავადს ლევან გუარიელს და ძმასა მისსო. გირგოლი გურიელისო და ნუგეშინს გვეტყოდესო, რადგან ძველი ნაბატონევი არისო, ჩვენ დაუჯერებთო იმასო. ღმერთმა ქნას უფროსათ გირიგოლი დაგვენიშნოდესო.
ძიავ მეგაზეთევ! 156 ნუმერში მიგიღიათ ჩემი თხოვნა და გაზეთას მიგზავნით, მადლობელი ვარ, ბატნო.
ესეც თქვენ შემისწორეთ, კარქი თქვენ დასძინეთ რაცხა და დამიბეჭდეთ.
გამოვდივართ ოსმალოსი ხელიდან. ვნახოთ თქვენი მეზობლობა რავაია!...
ქობულეთი, 8 აგვისტოს.
ახმედ-აღა კაიკაცისშვილი
![]() |
2 მოკლე შენიშვნები სამზღვარ გარეთიდამ |
▲ზევით დაბრუნება |
მოკლე შენიშვნები სამზღვარ გარეთიდამ
შემდეგი [1]
II
კრაკოვი, 9 — 13 ივნისს.
აბა, ერთი ჩვენს ჭკუა-გონებას ძალა დავატანოთ და წარმოვიდგინოთ: შუა ქალაქში ამაღლებული ადგილი, შემორტყმული მაღალის კედლით; გალავნის ზოგიერთ ადგილას თითქმის ჩვენებური კოშკები; შიგნიდან გალავნის კედლებზე ორი მიშენებული სახლია ჯარისათვის; ამ სახლებზე ახლო საშინელი, ერთი უზარ-მაზარი, მაღალი, გრძელი და ვიწრო თლილის ქვით ნაშენი ეკკლესია მაღლა აწოწილ გუმბათით; ეკკლესიაში, ანუ სობოროში პოლშელების თითქმის ყველა ხემწიფეების და გამოჩენილის კაცების ერთნაირი, მარმარილოს ქვისგან მშვენივრად გაკეთებული, გამოთლილი სახეები; ეკლესიის ქვეშ — აკლდამეები; ეკლესიის საკვირველი ძვირფასი მომართულობა. ციხეს გარეთ, ცოტა მოშორებით, ორი კიდევ სხვა ძველი სობორო გრძელი, ვიწრო და მაღალი, - წოწოლა გუმბათებით, მაღალის და ვიწრო სანათურებით; შიგ სობოროებში - ეკკლესიებში — სვეტები და ვიწრო თაღები. ამ ეკლესიების გვერდზე — ვიწრო ქუჩები და ზედი-ზედ მიტყუპებული მაღალი სახლები, სიძველის გამო ცოტა თითქოს შემურულები; ადგილ-ადგილ მაღალი უნაყოფო ხეების ბაღები; კიდევ ეკკლესიები, თითქმის ოც-და-ათამდინ სულ ნაირნაირად ნაშენნი; აღმოსავლეთის მხარისკენ ერთი დიდი მშვენიერი ბაღი, სადაც აღმაშენებლის სახსოვარი სდგას; ამ ბაღის ახლო-მახლო, უფრო აღმოსავლეთის მხარისკენ ახალი სახლები განიერის ქუჩებით; - ყველა ეს რომ წარმოვიდგინოთ, მაშინ თვალწინ გვექნება კრაკოვის სურათი. ეს ქალაქი ერთ დროს დედაქალაქი იყო პოლონეთის სახელმწიფოსი და ამისთვის აქ ხედავთ დიდ და მაღალ გოთურის შენობის ეკლლესიებს, ქარხნების ადგილებს და მრავალ შესანიშნავს შენობებს. გარდა ამისა, კრაკოვი, როგორც მკითხველი ჰხედავს, სრულებით საშუალო საუკუნეების ქალაქია. აქ მყოფობის დროს მგზავრს ჰგონია, მეცხრამეტე საუკუნიდან მეთხუთმეტე საუკუნეში დავიწიეო; მხოლოდ სასტუმროში ბიჭების მიხვრა-მოხვრა და საჭმელები მაგონებენ, რომ ისევ მეცხრამეტე საუკუნეში ჰსცხოვრობს და უკან ერთი ნაბიჯიც არ გაუდუდგამს.
ახლა მივუბრუნდეთ კრაკოვის მცხოვრებლების განხილვას. აქ მგზავრს ძლიერ მაგარი აგებულება უნდა ჰქონდეს, რომ სეირნობის დროს სიცილით გულ-ღვიძლი არ ამოიგდებინოს. ქალაქის ძველ ნაწილში ფეხს როგორ გადადგამთ, რომ ურიების ქალებმა დამტვრეულ და დახიჩრებული ნემცურ ენაზე არ გითხრან: „რა გინდათ? ჩვენთან იყიდეთ, ჩვენ სულ ყველაფერი გვაქვს და იაფადაც ვყიდით; იქნება პერანგები გინდათ, ანუ დანა, ჩითეულება?“ ერთის სიტყვით, ყველა იმ საგნის სახელს ჩამოჰყვებიან, რაც კი დუქანში ულაგიათ. ამათზე ნაკლები არ არიან ამათი მამები, ძმები და ქმრები. კიკინების ნძრევით და წვერების ცანცარით ესენიც იწვევენ რისამე მოსასყიდავათ გამვლელს და გამომვლელს. მაგრამ უფრო ის არის საშინელი, რომ აქ ხშირად ხედავთ ცამეტ-თოთხმეტი წლის ებრაელს, რომელსაც ხელში უჭირავს წვრილი ჯოხი, თავზე ახურავს მაღალი შლაპა — ცილინდრი, ტანზე აცვია მღვდლის კაბის მსგავსი სერთუკი და ისე მიცუნცულებს კიკინების ქნევით. საზოგადოდ, აქაური ებრაელები თავიანთი ჩაცმა-დახურვით და პატარა ტანადობით სასაცილონი არიან და ქართველ მგზავრს აკვირვებენ. მართლაც, იმ დროს, როდესაც საქართველოში ებრაელნი წამოსადეგობით და თამამობით, აგრეთვე ქართული ენის ცოდნით ნაკლებნი არ არიან ქართველებზე, აქ ესენი შეადგენენ რაღაც ბაჯაჯღანა და წელში გახრილს ხალხს, თუმცა კი ამ ბოლოს დროს დიდი თავისუფლება მიუღიათ, ეჭვი არ არის, რომ ამ გვარი აგებულობა და თვალ-ტანადობა აქაურის ურიებისა არის ცხადი ნიშანი იმისა, რომ აქ უწინ საცოდავებს დიდი გაჭირვება სდგომიათ ქრისტიანებისაგან. ნუ იფიქრებ, მკითხველო, რომ კრაკოვში მარტო ურიები სცხოვრობდნენ, — აქ, როგორც პოლშის სახელმწიფოს ძველ დედა-ქალაქში, პოლშელებიც ბევრნი არიან; მაგრამ, მგონი, ურიების რიცხვი კი უფრო ბევრია, მინამ პოლიაკებისა, როგორც ჩვენ დედა ქალაქში თფილისსში სომხების რიცხვი უფრო მეტია, მინამ თვითონ ქართველებისა. ხშირათ სოფლიდამაც ჩამოდიან ხოლმე კრაკოვში დროებით საცხოვრებლათ პოლშელი თავად-აზნაურობა. ჩემს აქ ყოფნაში, ერთ საღამოს საზოგადო ბაღში შემხვდნენ ოთხნი წამოსადეგნი და მდიდრულად მორთულნი ვაჟკაცნი. ამათმა ტანისამოსმა მიიპყრა ჩემი ყურადღება. მაუდის კაბები უკან გადაგდებული სახელოებით, ტანზე კაბას ზემოთ შემორტყმული ფარჩის სარტყელები, განიერი შარვლები, აპოიკის მაღალყელიან წაღებში ჩაკეცილები, ხავერდის ერთნაირი ფასონის ქუდები, კაბების ქვეშ ახალუხის მგზავსი ჩასაცმელები ყველა ეს სწორედ კახელის თავადის შვილის მორთულობას მოგაგონებდა. უნდა გეცქირათ, თუ კიკინიანი ურიები როგორ დასდევდნენ თან და გაკვირვებით უცქეროდნენ ამ წამოსადეგ კაცებს. რაც შეეხება მაღაზიებს კრაკოვში, მომეტებული ნაწილი ებრაელებისაა, მხოლოდ მცირე ნაწილი კი პოლშელებისაა. როგორც გავიგე, ამ ბოლო დროს ხელი მიუყვიათ პოლშელებს ვაჭრობისათვის და იმედოვნებენ, რომ მათი რიცხვი ძლიერ გამრავლდება. ნუ იფიქრებ, მკითხველო, რომ კრაკოვი იმ მხრით იყოს უფრო შესანიშნავი, რა მხრითაც ავწერე. არა, როგორც კრაკოვი და მისი მაზრა, ისე მთელი გალიცია უფრო სხვა მხრით არიან შესანიშნავნი და აი, ამათ აღწერას სხვა მხრით შევუდგები ქვემოთ.
III
კრაკოვის მაზრის და გალიციის ახლანდელი მდგომარეობა
ავსტრიის სახელმწიფოს სხვადასხვა კუთხეებში 16 მილიონამდისინ სლავიანების ტომის ხალხნი ცხოვრობენ. გალიციელებს და კრაკოველებს უჭირავთ კარპატის მთების ჩრდილოეთ-დასავლეთი გვერდი და მდინარის ვისლის სათაურის ღელე. ეს მდებარეობა ნოყიერი მდებიარობაა და კრაკოვის მაზრაში, სხვათა შორის, მარილიც ბევრია. ბოსნიას და ველიჩკას მარილის სიმდიდრით დიდი სახელი აქვთ მთელს ევროპაში.
გალიციელები წარსულსავე საუკუნეში პოლშის განაწილების, ლუკმა-ლუკმა დაფლეთის შემდეგ, ავსტრიის სახელმწიფოს შეუერთეს. რაც შეეხება კრაკოველებს, ამათ 1846-სინ ჰქონდათ პატარა თავისუფალი სახელმწიფო, მაგრამ ამ წელიწადში ბედის ჩარხი უკუღმა დაუტრიალდათ და შემდეგ აქ არეულობისა, აიღეს და ესეც სრულებით შეუერთეს ავსტრიას. ამ წელიწადიდამ, როგორც გალიციელების, ისე კრაკოველების ბედი სანატრელი არ იყო; მხოლოდ 1866-დამ ავსტრიის მთავრობა დაადგა მმართველობის გონივრულ გზას და მოხსენებულის სლავიანების უფლებაებსაც მოემატა. ამ ჟამად აი როგორია ამ ხალხის მდგომარეობა: გალიცია და კრაკოვი ერთს საგუბერნატოროს შეადგენენ და უფროსად ჰყავთ იმპერატორისაგან დანიშნული გუბერნატორი. ეს არის ადმინისტრატიული მმართველი და წესიერების დამცველი მოხსენებულს მაზრებში. მისს კანცელარიაში საქმეებს აწარმოებენ პოლშურს ენაზე. თვითონ გუბერნატორთანაც პოლშურ ენაზე შევლენ ხოლმე ქაღალდით, და ამისთვის მხოლოდ პოლშურის ენის მცოდნე ინიშნება გალიციაში და კრაკოვში გუბერნატორათ. რაც შეეხება შინაურის საქმეების განგებას, მმართველობას, ამისათვის არსებობს აქ „ხალხის ყრილობა“ (сейм), რომელიც წელიწადში ერთხელ შეჰსდგება ლემბერგში — გალიციის დედა ქალაქში. რაღა ლაპარაკი უნდა, რომ ამ ყრილობაში მხოლოთ პოლშურ ენაზე შეიძლება ბაასი და საგნების, საჭირო საქმის განმარტება — განვითარება. რადგანაც ყრილობა წელიწადში ერთხელ მოხდება ხოლმე და მისს წევრებს არ შეუძლიანთ დიდხანს დარჩნენ ლემბერგში, ამისთვის ეს ყრილობა თავის მხრით ირჩევს კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეს ნიშნავს იმპერატორი გალიციის ანუ კრაკოვის მცხოვრებლებიდგანვე ანუ ყრილობის წევრთაგანვე. ეს კომიტეტი ვალდებულია აღსრულებაში მოიყვანოს ყრილობის გადაწყვეტილებანი და თავის მხრით წარუდგინოს ყრილობას თავისი მოსაზრებანი იმ საგნებზედ, რომლებიც წლის განმავლობაში გამოჩნდებიან. აი, ეს კომიტეტი და გუბერნატორი განაგებენ გალიციის და კრაკოვის მაზრის საქმეებს. ამათ მიწერ-მოწერა და ბაასი თავიანთ ყრილობაში აქვთ პოლშურ ენაზე. რაც შეეხება რეიხსტაღთან ანუ შინაურის საქმეების მინისტერთან მიწერ-მოწერას, ეს კი ნემეცურ ენაზეა. გარდა ამისა, მთელი მოხელეები დაწყობილი სოფლის მამასახლისიდგან და მსაჯულებიდგან გუბერნატორის თავმოხელეებამდინ და ქალაქების მსაჯულებამდინ — სულ გალიციელები არიან. ბევრმა მათგანმა სრულებით არ იცის ნემეცური ენა. საქმე მარტო ამით არ თავდება. საჭიროა, რომ გალიციას და კრაკოვის მაზრას თავიანთი წარმომადგენელები ჰყავდეთ ავსტრიის ყრილობაში — „რეიხსტაღში“, რომ რა არი აქ არ იეშმაკონ და მათი მავნებელი საქმეები არ გადაწყვიტონ. ამათ კიდევაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენელები „რეიხსტაღში“. ამ სამის წლის წინეთ გალიციის და კრაკოვის „ხალხის ყრილობა“ თავის წევრთაშორის ირჩევდა ხოლმე ოცდათორმეტს კაცს და გზავნიდა ვენაში. ეხლა კი სხვა წესია. ეს ოცდათორმეტი კაცი უნდა ამოირჩიოს თვითონ ხალხმა და არა თუ „ყრილობამ“. ეს ახალი წესი არაფრათ ეპიტნავებათ აქაურ სლავიანებს. ერთ განათლებულს კრაკოველს ვჰკითხე, თუ რატომ არ მოსწონთ ახალი წესდებულება შესახებ დეპუტატების ამორჩევისა, როდესაც ეს უფრო საზოგადო კაცობრიულია, მინამ უწინდელი წესი? „ეგ მართალია“ მითხრა ამ განათლებულმა კაცმა, „მაგრამ აი საქმე რაში მდგომარეობს. დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენ ვიშოვნეთ და მოგვანიჭეს ზოგიერთი პოლიტიკური უფლებანი, ამისათვის ჩვენ დეპუტატებათ იმისთანა კაცები გვინდა, რომლებსაც შეეძლოთ ყოველ შემთხვევაში ამ უფლებისა და საზოგადოდ ჩვენის ქვეყნის სარგებლობის დაცვა. ახალ წესდებულებით კი დეპუტატებში ებრაელებიც ბევრნი ერევიან ანუ ჰყვებიან. ჩვენ წინააღმდეგნი არა ვართ ებრაელებისა და ბევრს ამათგანს ყოველ გვარს სამსახურში ვირჩევთ; მაგრამ ჩვენის ქვეყნის პოლიტიკურის უფლებების და სარგებლობის დაცვის მინდობა გარდაცემა მათთვის გვეჩოთირება და გვაშინებს. აი ამ პოლიტიკურ მოსაზრების გამო არაფრათ გვეპიტნავება ახალი წესდებულება დეპუტატების ამორჩევის შესახებ“.
— სლავიანები ხომ უმრავლესნი ხართ და შეგიძლიათ ყოველთვის თქვენი კაცები ირჩივოთ დეპუტატებათ, ვუთხარი მე კრაკოველს და აი რა პასუხი მომცა ამაზე.
— ზოგიერთ ადგილებში, უმეტესად ქალაქებში, ებრაელების რიცხვი უმრავლესია და ამასთანავეც გაიძვერა ხალხია და ყოველთვის მოახერხებენ თითქმის ბევრი პოლშელებიც მიიმხრონ და თავიანთი კაცები ამოირჩიონ. სრულებით სხვა საქმეა, როცა ხალხის „ყრილობა“ ირჩევს. აქ ურიები ჯერეთ ბევრნი არ არიან და ამასთანავე „აღიტაცია“ როგორც სიტყვიერი, ისე ლიტერატურულიც ღირსეულის კაცების სასარგებლოთ შესაძლებელია“.
— თუ აგრე არ მოგწონთ და მავნებელია თქვენთვის ახალი წესდებულება, მაშ როგორ მოხდა, რომ „რეიხსტაღმა“, ავსტრიის საზოგადო ყრილობამ თქვენი სურვილის წინააღმდეგ მაგგვარი წესდებულება მიიღო? იმ დროს, როდესაც მარტო ავსტრიაშიაც, რომ ვენგრიელების ქვეყანაც არ ჩავთვალოთ, სლავიანების რიცხვი უფრო ბევრია, მინამ ნემცებისა და, მაშასადამე, რეიხსტაღში თქვენის დეპუტატების რიცხვიც ბევრი უნდა იყვეს? ვჰკითხე კიდევ განათლებულ კრაკოველს.
— მე თვითონ გვრძნობდი, რომ მაგას მკითხავდით და აი მაგისი სრულებით უბრალო პასუხი, მითხრა მე იმან და განაგრძელა: — თქვენ ამბობთ, რომ ავსტრიაში სლავიანების რიცხვი ბევრიაო. ეგ მართალია. წიგნებში ბევრგან წაიკითხავთ, რომ ავსტრო-ვენგრიაში 16 მილიონამდისინ სლავიანები ჰსცხოვრობენ; მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ სლავიანებში ბევრი იმისთანა სლავიანებიც ურევიან, რომლებშიც სლავიანური აღარაფერი დარჩენილა. მსწავლულების აზრით შტირიაში და კარინტიაშიც სლავიანები ჰსცხოვრობენ, მაგრამ ახლა რა არის მათში სლავიანური? გარდა ამისა, სადაც სლავიანები სცხოვრობენ, იქ სხვა ჯურის ხალხიც სცხოვრობს და დეპუტატებათ ამათ კაცებსაც ირჩევენ; ასე რომ ხშირათ სლავიანების დედ-მამულიდამ დეპუტატებათ მიბძანდებიან ხოლმე ვენაში ნემცები. ყველა ამას უნდა დაუმატოთ შესანიშნავი ამბავი: როგორც იცით, ჩეხელები დაწინაურებული ხალხია ჩვენ სლავიანობაში და სლავიანების წინამორბედათაც ჰსთვლიან თავიანთ თავს. ამათ ამ ოთხის წლის წინეთ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, სთხოვეს იმპერატორს, რომ მათთვის მიეცა ნება ჰქონოდათ საკუთარი რეიხსტაღი და სამინისტროები, ერთის სიტყვით, იგივე უფლებანი, რა უფლებანიც კი აქვთ ვენგრიელებს. იმპერატორმა არ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და ჯიბრზე თავიანთ დეპუტატებს ავსტრიის „რეიხსტაღში“, საზოგადო ყრილობაში, აღარ გზავნიან. ნემცებსაც ეგ უნდოდათ, რადგანაც ჩეხელებიდგან დეპუტატები აღარ მოდიან „სახელმწიფო ყრილობაში“, ამისთვის სლავიანების დეპუტატების რიცხვი უფრო კიდევ მცირეა და ნემცებს როგორც ჰსურთ, ისე იქცევიან. აი, როცა რეიხსტაღში ლაპარაკი იყო დეპუტატთ ამორჩევის წესდებაზე ჩვენ მხარეში, ჩვენი დეპუტატები, რომლების რიცხვი იმ ჟამათ ორმოცდა თორმეტი იყო, წინააღმდეგნი გახდნენ, მაგრამ ვერა გააწყვეს რა. ან რას გააწყობდნენ?!.. ჯერ ხომ ჩეხელებიდგან დეპუტატები არ იყვნენ; ამას გარდა, სხვა სლავიანების დეპუტატების რიცხვიც მაგდენი არაფერი იყო და ამ მიზეზის გამო გამარჯვებული დარჩნენ ნემცები და „რეიხსტაღმა“ გამოსცა ზემოხსენებული წესდებულება. ამ ჟამათ „რეიხსტაღში“ ნემცების პარტია ძლიერია და ეს გარემოება ჩვენ სლავიანებს გვეჩოთირება, სთქვა ბოლოს ჩემმა მემუსაიფემ, და ამით გავათავეთ კიდეც ლაპარაკი ერთმანეთთან.
აი ამგვარ პოლიტიკურ გარემოებაში არიან გალიციის და კრაკოვის მაზრის მცხოვრებნი. — ახლა დროა შეუდგეთ მათის განათლების გაცნობას.
X
მეცნიერების და ხალხის განათლების გასავრცელებლათ მოხსენებულ ადგილებში არის ორი უნივერსიტეტი, ერთი კრაკოვში და მეორე ლემბერგში, — სამეცნიერო აკადემია (академiя наук) კრაკოვში, რამდენიმე საოსტატო სემინარია — ორი ამათგანი თვით კრაკოვში, — გიმნაზიები, როგორც ქალებისთვის, ისე ვაჟებისთვის, სამხედრო სასწავლებლები ერთი თვით კრაკოვში, სასულიერო სასწავლებლები და სოფლის სასწავლებლები. სამხედრო გიმნაზიების გარდა, ყველა სასწავლებელში მეცნიერებას ასწავლიან მარტო პოლშურს ენაზე; არც ერთს საგანს არ ასწავლიან სახელმწიფო ე.ი. ნემეცურ ენაზე. ერთი სიტყვით, პოლშური ენა არის საზოგადო ენად მიღებული და ამ ენაზე ავრცელებენ მეცნიერებას და განათლებას. რაც შეეხება ნემეცურს ენას, ამას ერთ-კლასიან სასწავლებლებში სრულებით არ ასწავლიან; მაშასადამე ერთ-კლასიან და ორ-კლასიან სასოფლო სასწავლებლებში ამისი ხსენება სრულებით არ არის. მხოლოდ ამის სწავლას იწყებენ სამ-კლასიან სასწავლებელში, — ანუ მესამე კლასიდამ — ერთი სიტყვით, იმ კლასიდამ, სადაც ბავშვები სრულებით დახელოვნებულნი არიან თავიანთ ღვიძლის ენის ცოდნაში. ამ ენისათვის კვირაში ხუთ გაკვეთილზე მეტი თითქმის არც ერთს სასწავლებელში არ არის. რაც შეეხება ფრანციულის ენის სწავლას, ამას დიდ კლასებში ასწავლიან და ამის შესასწავლად კვირაში სამი გაკვეთილია დადებული თითქმის ყველა სასწავლებელში, ასე რომ ნემეცურის ენისთვის უფრო ბევრი გაკვეთილია მიღებული, მინამ ფრანციულის ენისათვის. რადგანაც აქაურს სასწავლებლებს ამგვარი მოწყობილობა აქვს და ამას ითხოვს თვით პოლიტიკური მდგომარეობაც, ამისთვის მასწავლებლები სულ დიდიდამ პატარამდინ დახელოვნებულნი არიან პოლშურს ენაში. მათი უმეტესი ნაწილი ეკუთვნის სლავიანთა გვარტომობას.
ჩემ კრაკოვში ყოფნის დროს, საათის პირველს გავსწიე აქაურის საოსტატო სასწავლებლების გასასინჯავათ და პირ-და-პირ მივედი ჯერეთ კაცების სასწავლებელში. ჩემდა სამწუხაროთ, აქ სწავლას მორჩენოდნენ და შეგირდები თავ-თავიანთ სახლებში მიდიოდნენ. მე მაინც დირექტორი ვნახე და ვსთხოვე, რომ მას ჩემთვის კლასები ეჩვენებინა. ჩემმა თხოვნამ ეს კაცი ცოტა არ იყოს ჩააფიქრა და რამდენიმე წამის შემდეგ მითხრა: „დიდის სიამოვნებით, მაგრამ ეხლა სწავლა არ არის და ცარიელის კლასების ნახვა რა სასიამოვნო იქმნება თქვენთვის; მაინც წამოდით“. პირველათ შევედით მოსამზადებელ კლასში. უბრალო სტოლებმა, მაგრამ ახალ სისტემაზე გაკეთებულებმა, მშვენიერმა დიდმა, ადვილათ ასაწევ დასაწევმა ფიცარმა, დაკვირვებითის სწავლისათვის სხვა-და-სხვა სურათებმა, მასწავლებელისათვის კოპწია კათედრამა, კრაკოვის გეგმამ (პლანმა), მთელის კრაკოვის მაზრის და გალიციის დიდმა რუკამა — ყველა ამან მიიპყრა ჩემი ყურადღება და ბოლოს ვჰკითხე უფ. დირექტორს: ყველა კლასები ასე გაქვთ მოწყობილი, თუ არა?
— სულ აგრეაო, — ჯერეთ ახალათ ვეწყობით და ბევრი რამ კიდევ გვაკლიაო.
სხვა კლასებიც რომ გავშინჯე, შევატყვე, რომ უფ. დირექტორს ეჩქარებოდა სახლში. კიდევ რამდენიმე საგანი ვჰკითხე და იმან გაკვრით კითხვაზედ ესე მომიგო: „ეს სასწავლებელი შესდგება სულ რვა კლასისაგან: ოთხი საოსტატო სემინარიაა და ოთხი კიდევ დაბალი კლასებია. ამ ჟამათ აქ სწავლობენ ორასზე მეტ მოწაფენი. მეცნიერებას ვასწავლით პოლშურს ენაზე; ნემეცურს ენას ვიწყებთ მხოლოთ მესამე კლასიდამ.
ეს პასუხები რომ მივიღე, მადლობა გადავუხადე და გამოვეთხოვე. აქედამ ქალების საოსტატო სემინარიაში გავქანდი. მე თან მომდევდა ერთი ჩემი ნაცნობი რუსი, რომელსაც უჭირდებოდა წარმოედგინა, რომ ავსტრიის სახელმწიფოში ამ გვარი წესებია და გზაში ამიხირდა, რომ ის დირექტორი, რომელსაც შენ ელაპარაკებოდი ნემეციაო და ეს ასეც უნდა იყვესო, დირექტორებათ მაინც ნემცები იქმნებიან აქაურს სასწავლებლებშიო.
ეს კაცი რომ ვერაფრით ვერ დავაჯერე, ბოლოს ვუთხარი: აი ეხლა მივალთ ქალების სასწავლებელში და იქ უთუოთ შენთან ვჰკითხავ იქაურს დირექტორს და იმისგან შეგვიძლიან ნამდვილი შევიტყოთ. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ქალების სასწავლებელში მივედით, მაგრამ აი კიდევ უბედურება: აქაც მორჩენილან სწავლას და გასათხოვარი ქალები მხიარულის სახით, მღიმარის თვალებით, საამურის ხარხარით, ერთ ხელში წიგნებით და მეორე ხელში შლიაპების ჭერით გამოდიან სასწავლებელიდგან. მე მაინც არ დავიშალე და შეველ სასწავლებლის კარიდორში. ერთი ვნახო, ქალების წრიდამ გამოქცეული წამოვიდა ჩემსკენ ხანში შესული, მაგრამ ცქრიალა და მალხაზი კაცი და პოლშურათ რაღაც დამიძახა. ერთის წამის შემდეგ ეს კაცი ჩემ წინ დაერჭო. ნემეცურს ენაზედ პრტყელ-პრტყელათ ავუხსენი ჩვენი განზრახვა და როდესაც ვუთხარი ჩვენი ვინაობაც, ხანში შესულმა კაცმა გამომიცხადა, რომ ის სიამოვნებით აასრულებს ჩვენს თხოვნას და გაგვიძღვა წინ. დაწვრილებით ჯერეთ კლასები გვაჩვენა, მერე ბიბლიოთეკა, ფიზიკური და მინერალოგიური ოთახები, მასწავლებლების საზოგადო მოხდენილი ოთახი, აგრეთვე შეგირდების სათამაშო დიდი ოთახი, ბოლოს სამუზიკო ოთახი. ყველა ეს ძალიან საამური იყო ჩემთვის. სასწავლებელს ნათლად ეტყობოდა, რომ ცდილობენ ჩვენის დროის პედაგოგიის ყველა მოთხოვნილებანი, რამდენათაც შესაძლოა, დააკმაყოფილონ. როდესაც ყველაფერი გადავათვარიელე, მივმართე მარდს და თავის საქმეში დახელოვნებულს დირექტორს, უფ. იაბლონსკის, ზოგიერთის კითხვებით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ რა სიამოვნებით ყურს მიგდებდა და თითოეულს კითხვაზე რა გარკვეულს პასუხს მაძლევდა. მხოლოდ ერთმა ჩემმა კითხვამ როგორღაც გააოცა, აი ეს კითხვა: ერთი მიბძანეთ — მეცნიერებას ამ თქვენს სასწავლებელში რომელ ენაზე ასწავლით? რაო? — მითხრა და კარგა ხანს გაჩუმდა. მაშინ მე იმის პირის-სახეზე წავიკითხე: „რა ვქნა, ეს კაცი რას მკითხავს! თუ მე ვერ გავიგე ამისი კითხვა?!“ რამდენიმე ხნის შემდეგ მიპასუხა: მე თქვენი კითხვა არ მესმის. გთხოვთ გაიმეოროთ. მე რაც ძალა და ღონე მქონდა, მოვიფიქრე, რიგიანათ დავაწყვე ნემეცურს ენაზე სიტყვები და კიდევ განუმეორე ჩემი აზრი. „ეგ რა საკითხავია, მიპასუხა მან, როდესაც თქვენ სინჯავთ პოლშურს საოსტატო სემინარიას, რასაკვირველია, პოლშურს ენაზე ვასწავლით ყველაფერს. რაც შეეხება ნემეცურის ენის სწავლას, ამანაც ისვე ჰსთქვა, რაც პირველმა დირექტორმა. სხვა ჩემს კითხვებზე მივიღე ამგვარი პასუხები: ექვსი წელიწადია, რაც ეს სემინარია არსებობს და ამჟამათ 190 ყმაწვილი ქალი სწავლობს, სულ რვა კლასი; ოთხი მათგანი უფროს კლასებათ ითვლება, ოთხი კიდევ დაბალ კლასებათ. ამ დაბალ კლასებში პირველის კლასის შეგირდები აძლევენ გამოსაცდელის გაკვეთილებს და გამოცდილ მასწავლებლების გაკვეთილებზე დადიან. ყველანი ძალიან ბეჯითნი არიან და სიამოვნებითაც მიდიან სოფლის მასწავლებლათ. ჩემის ნაცნობის დასაკმაყოფილებლათ, თუმც კი მეთაკილებოდა მეკითხნა, გავბედე და ვკითხე: ვაჟების სამასწავლებლო სემინარიის დირექტორი ხომ პოლშელია? რასაკვირველია, პოლშელია ბუნებითი და იმის გვარი არის ტვაროკ, მომიგო ფიცხლავ დირექტორმა. ამ დროს მე ჩემს ნაცნობს შევხედე, რომლის სახეც თითქო ამას ამბობდა: „რა ვქნა, ეს სადა ვარ?“. ბოლოს დიდი გულითადი მადლობა გადავუხადე უფ. დირექტორს და კიდევაც ვთხოვე რჩევა, თუ რომელი სოფლის სასწავლებელი მენახა. იმან მირჩია სიახლოვისა გამო ლობზის სასწავლებელი, სადაც სადილის შემდეგ თავი ამოვყავი და იქ მასწავლებელს და ერთ გასათხოვარ ქალს ველაპარაკებოდი. დიდი გაჭირვებული ლაპარაკი გვქონდა მე და ამ მასწავლებელს, ეს ნემეცურს ჩემზე უხეიროდ ლაპარაკობდა და პოლშურის ენისა კი მე არ ვიცოდი რა. რაც შეეხება ქალს, ამან ხომ ერთი სიტყვაც არ იცოდა ნემეცურს ენაზე. მასწავლებელმა ვაი-ვაგლახით ამიხსნა, რომ მე სხვა შკოლის მასწავლებელი ვარო და ამ შკოლის მასწავლებელი კი ეს-ეს არის კრაკოვში წავიდაო. ამ ლაპარაკში რომ ვიყავით, გასათხოვარმა ქალმა პოლშურათ რაღაც უთხრა მასწავლებელს; ამან ბოდიში მოითხოვა ჩემთან და ცოტა ხნობით მეორე ოთახში გავიდა. რამდენიმე წამის უკან დაბრუნდა, მაშინვე, როგორც იყო, მკითხა ჩემი ვინაობა. სახეზე ნათლად ეტყობოდა, რომ დაერიგებინათ მეორე სახლში, რომ გაეგო, თუ ვინა ვარ მე. რასაკვირველია, მე ავუხსენი ჩემი ვინაობა და განზრახვაც. ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, დაწვრილებით გამოვკითხე ამ ყმაწვილს, როგორც სასწავლებლის, ისე მასწავლებლის მდგომარეობა. აი რა შევიტყვე: დიდი ხანი არ არის თურმე, რაც ლობზოვის სასწავლებელი არსებობს და ითვლება ერთ კლასიან სასწავლებლათ. მოწაფენი ამ კლასში უნდა დარჩნენ ხოლმე ექვს წელიწადს. ამ ჟამათ აქ სწავლობს 50 მოწაფე, ამათში ოც-და-ათი ვაჟია და ოცი ქალი. სასწავლებელს რამდენიმე განყოფილება აქვს და სასწავლებლათ დანიშნულია: საღმრთო სჯული, წერა-კითხვა, პოლშური ენა, არითმეტიკა, სხვა-და-სხვა ცნობები ბუნებისმეტყველებიდამ, შესანიშნავი ისტორიული მოთხრობები უფრო პოლშის ისტორიიდამ, სამშობლო გეოგრაფია და საზოგადო ცნობა მთელს ქვეყნის გეოგრაფიიდამ, გალობა და ხატვა. ყველა ამას ასწავლიან პოლშურს ენაზე. სასწავლებელის სახლი არ არის გვარიანი, თუმცა კი დიდი ოთახია, სკამები სულ უბრალო და არც ზურგის მისაყუდებლები აქვთ. სამასწავლებლო მასალები გვარიანია; უფრო შესანიშნავია კრაკოვის გეგმა (პლანი) და სამშობლოს რუკა. ასე გასინჯეთ, კარგი მოზრდილი „გლობუსიც“ კი აქვს ამ სოფლის სასწავლებელს. მასწავლებელი არის აქ უფ. დომბროვსკი, რომელსაც საოსტატო სემინარია აქვს გათავებული; თურმე ესეც ძლიერ სუსტათ ლაპარაკობს ნემეცურს. ჯამაგირათ აქვს 300 გულდენი. გარდა ამისა, სოფლისაგან აქვს სადგომი სახლი და საკმაოთ შეშა. როგორც გავიგე ჩემის მემუსაიფესაგან, ზოგიერთს სოფლებში ორ-სამ კლასიანი სასწავლებლებია და ამ სასწავლებლებს ორ-ორი და სამ-სამი მასწავლებლები ჰყავთ. ძლიერ მინდოდა ერთი ამ სასწავლებელთაგანაც მენახა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე და იძულებული ვიყავი მასწავლებელს და პოლშელს ქალს, რომელიც სულ ჩვენთან ტრიალებდა და ხანდისხან მასწავლებელის შემწეობით საჭირო ცნობებს იძლეოდა, გამოვთხოვებოდი და დავბრუნებულიყავი კრაკოვში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამი სასწავლებელის გაკვრით აღწერა კიდევ უფრო ნათლად დაანახვებდა მკითხველს, რომ როგორც კრაკოვში და იმის მაზრაში, ისეც გალიციაში სასწავლებლებს აქვთ სრულებით ნაციონალური ხასიათი და ამ გვარი მათი სახე სავსებით შეესაბამება მოხსენებულის მხარეების პოლიტიკურ მოწყობილობას.
X
ვინ არ იცის, რომ წარმატება, როგორც სასწავლებლების საქმის, ისე თვით გამგებლობისა, არის დამოკიდებული საზოგადო აზრზე, რომ საზოგადო აზრმა უნდა უჩვენოს როგორც სასწავლებლებს, ისე გამგებლობას თვითმმართველობას — ჯეროვანი გზა და საგანი. მხოლოდ ეს საზოგადო აზრი იხატება გაზეთ-ჟურნალში ანუ თანამედროვე მწერლობაში. თუ ეს ასეა, მაშ მოვიხსენიოთ, თუ რა გაზეთები გამოდის მოხსენებულ მაზრებში: კრაკოვში: „ხორაპ“, „დიაველ“, „ჩას“; ლემბერგში: „დნევნიკ პოლსკი“, „გაზეტადივოსკა, „შჩუტეკ“ და სხვა კიდევ პატარა გაზეთები. აი ამათში ისახება აქაური სლავიანების საზოგადო აზრი. რასაკვირველია, მკითხველი მოელის ჩემგან გარდავცე მას მოკლედ ის, თუ რა მიმართულებისაა თითოეული ჩემგან დასახელებული გაზეთი, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ მე არა მქონდა დრო ეს გაზეთები დაახლოებით გამეცნო. აქ მხოლოდ ის შემიძლიან ვჰთქვა, რომ მოხსენებული გაზეთები ფხიზლად დამცველნი არიან თავიანთი ხალხის უფლებებისა და ცდილობენ ხალხის წარმატებაში წინ წაყვანას.
X
ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ხალხის მუშაობაზე და ნაწარმოებზედაც. როგორც ზემოთ შევნიშნე, კრაკოვის მაზრას და გალიციას აქვს კარგი გეოგრაფიული მდებარეობა და ნოყიერი მიწა. მცხოვრებლებიც შრომაში არავის ჩამორჩებიან. უწინდელ დროში, როცა აქაურ სლავიანებს ქარი უქროდათ და შეადგენდნენ პოლიტიკურად განსაკუთრებულ „ორგანიზმს“ და არავიზე დამოკიდებულ სახელმწიფოს, მათი ყოველგვარი ნაწარმოები: პური, მარილი, საქონელი, აგრეთვე საქსოვი და ქარხნებში მომზადებული მაუდი ახლო-მახლო სახელმწიფოებში გადიოდა და კარგი ფასიც ჰქონდა. ეხლაც დაინახავთ ერთ უშველებელ შენობას კრაკოვში — „სუკონიცა“, სადაც მაუდის დიდი ქარხანა ყოფილა. მაგრამ ამ ჟამათ კი მოხსენებული მხარეები სრულებით სხვა სურათს წარმოგვიდგენს. ის ადგილები, სადაც აუარებელი მარილია, ეკუთვნის ავსტრიის მთავრობას; ხვნა-თესვას იმოდენად მისდევენ, რამოდენადაც საჭიროა თვითონ სლავიანებისთვის და ამისათვის მეურნეობას ნამდვილი ვაჭრული ხასიათი არა აქვს. რაც შეეხება ქარხნებს, ამაზე ძალიან უკაცრავად არიან აქაურები. აქაურ მაღაზიებში თითქმის ვერაფერს ვერ ნახავთ კრაკოვის და გალიციის ქარხნებში შემუშავებულს. ამ ორი წლის წინეთ კრაკოვის მახლობლად ორი შაქრის ქარხანა ყოფილა და ეხლა მარტო ერთიღაა და ესეც ვაი-ვაგლახით არსებობს. რა არის ამგვარის მოვლინების მიზეზი?“ იკითხავს მკითხველი. მეთვრამეტე საუკუნე უბედური საუკუნე იყო პოლშელებისათვის. შინაურმა უწესურებამ გადააჭარბა აქ ყოველს წრეს და ამასთანავე მემიჯნე სახელმწიფოებს თვალი ფხიზლათ ეჭირათ, რომ რა არი როგორმე ხელში ჩაეგდოთ მათი ქვეყანა და ერთმანეთში გაენაწილებინათ. ეს ასეც მოხდა მოხსენებულ საუკუნეში. ამ დროდამ პოლშელების ყურადღება იყო მიქცეული იმაზე, თუ როგორ დაებრუნებინათ თავიანთი პოლიტიკური სიცოცხლე და, რასაკვირველია, ისინი ყოველივე ღონისძიებას ხმარობდნენ ამ საქმეზე. ვიღას აგონდებოდა მუშაობა და ქარხანების განკარგება. ვისაც უჭყაოდა რამე, ეხლა საზოგადო საქმისთვის უნდა მოეხმარებინა. აი, როცა ამ მდგომარეობაში იყვნენ მოხსენებულის მაზრების სლავიანები, ნემცების ქარხნებმა ძლიერ მოიმატეს და წარმოებამ დიდი ნაბიჯი წასდგა წინ. ნემცების ნაწარმოებმა საზოგადო ბაზარში მთელ გერმანიაში და ახლო-მახლო ადგილებში დაიჭირა უპირატესობა და პოლშელების წარმოება სრულებით დაეცა. დაუმატეთ ამ გარემოებას ისიც, რომ კრაკოვის და გალიციის მცხოვრებლების ნაწარმოები ვერც რუსეთში ჯეროვანს ადგილს დაიჭერდა. ეს ამისთვის, რომ რუსეთის პოლშაში უფრო დარჩა წარმოება და რადგანაც ქარხნები ძველი საქმე არ იყო რუსეთში, ამისთვის პოლშელები წათამამდნენ და უფრო ხელი ჩაავლეს ქარხნებს უკანასკნელ დროს. ამათ ნაწარმოებს, რასაკვირველია, უფრო ბევრი მსყიდველი ეყოლებოდა, მინამ კრაკოველების და გალიციელების ნაწარმოებს; ესენი უბაჟოდ ავრცელებდნენ თავიანთ საქონელს რუსეთში, კრაკოველებს და გალიციელებს კი ამის ნებას არავინ მისცემდა. ყველა ეს მიზეზები მგონი საკმაოა, რომ კრაკოვის მაზრაში და გალიციაში წარმოებაზე შენახულიყო წარმოდგენა მხოლოდ ხალხის გონებაში.
რასაკვირველია, უნდა მოველოდეთ, რომ მომავალში საპოლიტიკო განათლებითი მდგომარეობა, რომელშიაც ეხლა არიან კრაკოვის მაზრის და გალიციის მცხოვრებნი, დაჰბადებს მათში წარმოებას და გაჰხდის ეკონომიურის მხრითაც თავისუფალ ხალხათ.
ამით ვათავებ გაკვრით აღწერას ავსტრიის სლავიანების ერთის ნაწილის მდგომარეობისას და თუ დროება მექნება, იქნება ავსტრიის სხვა სლავიანების მდგომარეობაც გავაცნო ჩემს მკითხველს, ვამბობ ავსტრიის, რომელთანაც თუ ეხლა არა, მომავალში მაინც მოუხდება რუსეთს განხეთქილება და ამ წერტილიდამაც კი საჭიროა სლავიანების მდგომარეობის ცოდნა.
ქართველი მგზავრი
(შემდეგი იქნება)
_______________
1 1 „ივერია“ №31, 1878 წ.
![]() |
3 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
საპოლიტიკო მიმოხილვა
„ბათუმის დაცლა ოსმალოთა თხოვნით ხელმეორედ გადაიდვა 25-ს აგვისტომდე. ბათუმის მისაღებად კამმისიაა დანიშნული სამი პირისაგან. თავმჯდომარედ ღენერალ-ადიუტანტი კნიაზე მირსკია ამ კამმისიაში, რომელიც ამჟამად ქუთაისშია შეკრებილი. მრავალი სხვადასხვა ხმები ისმის აჭარლებზედ და ქობულეთლებზედ. ამბობენ, ვითომ ნებით არ დანებდებიან რუსებსაო და თუ იარაღით ვერა გააწყეს რაო, ან გადასახლდებიანო, ან ინგლისის მფარველობის ქვეშ შესვლას გამოაცხადებენო. ძალიან ადვილად საფიქრებელია, რომ ოსმალნი აჭარასა და ქობულეთში იმავეს უზამენ რუსებს, რა საქმეც დაჰმართეს ავსტრიასა ჰერცეგოვინაში და ბოსნიაში. ავსტრიამ, თუმცა ამ ქვეყნების დასაჭერად ჯარები გაგზავნა და დიდი იმედიც ჰქონდა, რომ ნებაყოფლობით დაჰნებდებოდნენ, მაგრამ ყველა ეს იმედები გაუცრუვდა და ეხლა თითქმის ყოველ ნაბიჯზედ ავსტრია სისხლსა ღვრის. ამ ყოფას ოსმალთა ეშმაკობას აბრალებენ. ვინ იცის, იქნება ბათუმის ოლქის დაჭერაშიაც ესევე ეშმაკობა იხმარონ ოსმალებმა და საწყალ აჭარლებს და ქობულეთლებს სისხლი უბრალოდ დააღვრევინონ. სასურველია, რომ ამ ახლად შეძენილის ქვეყნების შემოერთება უსისხლოდ მოხდეს და იმ შორ-გამჭვრეტელობით, რომ სამართლიანი მოთხოვნილება ერთისა თუ მეორის მხრისა დაკმაყოფილებულ იყოს და არა შეგინებულ. საფუძველი სიმკვიდრისა ეხლავ უნდა დაიდვას, თორემ მერე გვიანღა იქმნება. ერთხელ ნაწყენი და ნატკენი გული ხალხისა, მერე იმისთანა თავ-მომწონესი, როგორიც აჭარლები და ქობულეთლები არიან, მერედ ძნელადღა მოიგება. ეხლავე უნდა იმის ფიქრი, რომ წყენის მიზეზი მოისპოს და ხალხსა საბუთი ჰქონდეს ჰსთქვას: ვაის გავეყარენით და ვუის არ შევეყარენითო.
ღმერთმა ჰქნას, რომ ეს ასე მოხდეს და ჩვენი ძმები პირველ დღიდანვე მტრებად არ გადაგვექცნენ.
აქამომდე ბათუმის საქმის დახვლანჭას და აჭარლებას ვითომ ინგლისელების გაიძვერობას აბრალებდნენ და ოსმალონიც დიდის სიხარულით ხელს უწყობდნენ ინგლისელებს. ამ უკანასკნელ დროს კი ინგლისის გაზეთებმა სულ სხვა კილოზედ დაიწყეს გალობა. კილოს შეცვლის მიზეზი ჯერ ვერავის გამოუცნია, თუმცა კი ამას ყველა ხედავს. ყველაზედ უფრო დიდის ხმის მქონე ინგლისური გაზეთი „Times“ უქადაგებს ოსმალოს, ყოველი ღონისძიება იხმაროს ბათუმის მშვიდობიანად და უსისხლოდ გადაცემისათვის და აფრთხილებს არა რაიმე არეულობა არ მოახდენინო იქაურს ხალხსაო. დერვიშ-ფაშას, ტელეგრამმის სიტყვით, უთქვამს ვითომ კნიაზ მირსკისათვის, რომ ჩვენ ოსმალონი არამც თუ ვაქეზებთ, დიდად ვუშლით კიდევაცო, რომ აქაურებმა არაფერი ურჩობა არ გასწიონო. კნიაზ მირსკის უპასუხნია, ეგ მაშინ უფრო ცხადად დამტკიცებული იქნება, თუ როცა ხალხი აჯანყდებაო, თქვენ თქვენის ჯარით დაამშვიდებთო.
რუსეთი
4-საგვისტოს, ცხრა საათზედ დილით, პეტერბურგში, შიგ შუა ქალაქში მოხდა საშინელი ამბავი, მოჰკლეს ჟანდარმების შეფი (უფროსი), ღენერალ-ადიუტანტი მეზენცოვი. აი მის თაობაზედ რა ჰსწერია „Правительственный Вестник“-ში: 4 აგვისტოს, 9-ს საათზედ, ღენერალ-ადიუტანტი მეზენცოვი ჩვეულებისამებრ გამოვიდა მიხაილოვის მოედანზედ სასეიროდ. თან მოჰსდევდა სამსახურიდან გადამდგარი პოლკოვნიკი მაკაროვი. მიხაილოვის მოედნის და იტალიანსკის ქუჩის შესაყარში, კოჩკუროვის მაღაზიის ახლო, კუთხიდან მოულოდნელად გამოვარდა ვიღაც ყმაწვილი კაცი ლურჯის პალტოთი და სათვალეებით, მეზენცოვს მუცელში ატაკა ხანჯალი და გაიქცა დიდს იტალიანსკის ქუჩაზედ. უკან გამოუდგა პოლკოვნიკი მაკაროვი და ყვიროდა: „დაიჭი! დაიჭი“. იმოდენადაც დაეწია, რომ ქოლგაც კი მოხვედრა მკვლელსა. იმავე წამს მეორე ყმაწვილი კაცი, რიგიანად ჩაცმული, ლურჯ პალტოიანი, შავის რგვალის შლიაპითა, შავ-ულვაშიებიანი, დახვდა მაკაროვს წინ და დაჰცა რევოლვერი. ტყვია აჰსცდა და თავზედ გადაუარა. ორივე მკვლელნი, რადგანაც ქუჩა უკაცური იყო, შეჰხტნენ დროჟკაში, რომელშიაც ება ძალიან კარგი მარბენალი შავი ცხენი; კუჩრად იჯდა ყმაწვილი კაცი შავულვაშიანი და უწვერული. ჩასხდნენ თუ არა ბოროტ-მოქმედნი დროჟკაში, მაშინვე გააჭენეს ცხენი დიდ სადოვოის ქუჩაზედ და თვალთაგან მიეფარნენ. პოლკოვნიკი მაკაროვი ამოდ ყვიროდა: დაიჭირეთ, დაიჭირეთო და რომ ვერა გახდა რა, მოუბრუნდა დაჭრილს, რომელსაც კოჩკუროვის პრიკაზჩიკების კითხვაზედ ვინ დაჰსჭრესო? მიუგია: მე დამჭრესო და უჩვენებია თავისი სისხლში მოსვრილი ტანისამოსი. პოლკოვნიკს მაკაროვს და ამ დროს სახლიდან გამოსულს კამერგერს ბოდისკოს უშველიათ და ღენერალი მეზენცოვი მიუყვანიათ პატარა სადოვოის ქუჩის კუთხემდე და აქ ფაეტონში ჩაუსვამთ. აქედამ გენერალი მეზენცოვი თავისის სახლამდი მისულა. სისხლის დენას ძალიან დაესუსტებინა. დოქტორი მამონოვი თერთმეტს საათზედ მოსულიყო, ენახა დაჭრილი და ეთქვა, რომ ძალიან მძიმედ არის დაჭრილიო. ეს ამბავი ძალიან მალე მოედო მთელს პეტერბურგსა. გაკვირვებული და გაბოროტებული გროვა ხალხისა დიდხანს არ დაშლილა იქიდან, საცა ეს ამბავი მოხდა და სულ ამ საშინელს საქმეზედ ლაპარაკობდა. მამონოვის მოსვლის უმალ სხვა ექიმებიც მივიდნენ და რაც ეწამლებოდა, ყოველივე უწამლეს დაჭრილსა, მაგრამ მეცადინეობამ უქმად ჩაუარათ: ღენერალ ადიუტანტი მეზენცოვი მეექვსე საათზედ, ოთხს აგვისტოს, გადაიცვალა.
მინისტრები, ელჩები სხვადასხვა სახელმწიფოებისა და უპირატესნი დიდებულნი მაშინვე მოვიდნენ თავისის გულისტკივილის გამოსაცხადებლად. გამოძიება დანიშნულია და გამოძიების ზედამხედველად დაყენებულია პროკურორი სუდებნი პალატის ლოპუხინი.
ამბობენ, რომ დამნაშავეთა კვალს ჩასდგომიანო. რამდენიმე დღის წინათ ერთს ყმაწვილ კაცს დაუნახავს დემიდოვის ბაღში მეზენცოვი და იქ მდგომ პრისტავისათვის უკითხავს: მეზენცოვი ეგ არისო? პრისტავს უთქვამს ეგ არისო, მაგრამ ყმაწვილ კაცს კიდევ ეკითხა: ეგ სწორედ ღნერალ-ადიუტანტი მეზენცოვიაო. პრისტავს ეპასუხნა: სწორედ ეგ არისო. პრისტავს ამ ყმაწვილი კაცის ნიშნები აუწერია და ვისაც თვალი მოუკრავს მკვლელისათვის, ისინი ამბობენ, რომ პრისტავისაგან აწერილი ყმაწვილი კაცი ჰგავს მკვლელსაო.
გაზეთი „Голосъ“-ი ამბობს, რომ ჩვენ დარწმუნებით გვაცოდინესო, რომ ერთმა პირმა ხუთი ათასი თუმანი წარადგინა ხაზინაშიო იმის საჩუქრად, ვინც მეზენცოვის მკვლელს წარმოუდგენს მართლ-მსაჯულებასო.
![]() |
4 სასანიდების სამეფო სახლი სპარსეთში და ქრისტეს აღსარება სომხეთში |
▲ზევით დაბრუნება |
სასანიდების სამეფო სახლი სპარსეთში და ქრისტეს აღსარება სომხეთში
სომხის მეფის ვაჰარშაკ პირველის ძის ხოსრო დიდის დროს (187-232წ.) უკანასკნელის საქართველოს არშაკიდის, ასფაგურის მეფობაში, სპარსეთში მოხდა ცვლილება. არშაკიდები დაეცნენ და მათი ადგილი დაიჭირეს სასანიდებმა. ამ სამეფო სახლის, ანუ დინასტიის დამფუძნებელი იყო არტარქსერქსი ანუ არდაშირი, სპარსეთის მოგვთ უხფროსის ბაბეგის შვილი და სასანის შვილის-შვილი. არდაშირი შეითვისა სპარსეთის სპასალარმა და შემდეგ იმის მოადგილედ დაჯდა. იტყვიან, ვითომც ერთხელ იმას ანგელოზმა ჩვენებაში უთხრა: „მოწყალების მომნიჭებელს მოუნიჭებია შენთვის მფლობელობა ხმელეთისა და იმის მცხოვრებთა“. არდაშირმა განიზრახა აღსრულებაში მოყვანა სიზმარისა. იმისმა მაღალმა მოხელეობამ და სპარსეთის მეფის, არტაბანის სისუსტემ შეუმსუბუქეს იმას პლანის აღსრულება. სამს შებრძოლაში 223 და 226 წელს არდაშირმა სრულებით დაამხო პარფიიდამ შემოსული არშაკიდის დინასტია და დაამყარა სპარსეთში სასანიდების სახლი.[1] არშაკიდები ჰფლობდნენ სპარსეთს 482 წელს - 256 წლიდამ ქრისტეს მოსვლამდე ვიდრე 226 წლამდე ქრისტეს შემდეგ; სასანიდები კი მეფობდნენ 426 წელს. ისინი იეზდედჟერ მესამის მეფობაში, 652 წელს, დასცა ხალიფის სპასალარმა საჰადმა.[2] ამ დინასტიის თვისება და ცხოვრება დიაღ მეტად შესანიშნავია: ზოგნი სასანიდი არიან ცნობილნი სწავლა-ხელოვნებით. არდაშირი იყო განვითარებული მეცნიერი და მწერალი. მან დასტოვა, სხვა თხზულებათ გარდა, კარნამე, ანუ „განმარტება თავისი ცხოვრებისა და მოქმედებისა“ - და აგრეთვე წიგნი ზნეობაზე.[3] მეოთხე სასანიდი, ბარამ პირველი იყო მეჯინიბობის მოყვარე და პირუტყვთ ექიმობაში დახელოვნებული[4] ხოსრო ნუშირვანშა შეექვსე საუკუნეში გამოიცა მეორედ არდაშირის თხზულება ზნეობაზე;[5] იმის დროს გავრცელდა სპარსეთში ინდოეთიდამ შემოტანილი, სანსკრიტულ ენაზე შედგენილი, ზღაპართ-კრება ქოლეილაჰ-ვე დიმნაჰ, ანუ ჩვენებურად ქილილა - დამანა, გადაღებული მრავალ აზიურს და ევროპიულს ენაზე და თვით ქართულადაც ნათარგმნი ჯერ თამარ დედოფლის დროს და შემდეგ ვახტანგ მეექვსისაგან და საბა ორბელიანისაგან.[6] სასანიდები განითქვნენ არხიტექტურის ნაწარმოებებით: იმათი დედა-ქალაქი მადაინი, კტეზიფონის მახლობლად და კტეზიფონის არე-მარე, ბუნებით შემკულ მხარეში, ეფრატის კიდეებზე, მოფენილი იყო გასაოცარი ძეგლებით. აქ, იულიანე იმპერატორის სპარსეთზე გალაშქრების დროს სპარსეთზე რომაელებმა ანუ ვიზანტიელებმა ჰპოვეს ტურფად, ბერძნულის სკულპტურით შემოსილი შენობაები, ვრცელი მტილები და დიდ-მშვენიერი პარკები, სადაც შემწყვდეულნი იყვნენ ლომები, დათვები და სხვადა სხვა მრავალგვარი მძვინვარე მხეცები და სადაც დროითი დრომდე სასანიდები ნადირობით ჰსიამოვნებდნენ.[7] ამ გვარმა სწავლა-ხელოვნების სიყვარულმა ვერ მოარბილა იმათი მხეცური ბუნება; თითქმის მთელის დინასტიის ხასიათი განსხვავდებოდა სისხლის ღვრით, როგორც შინათ, აგრეთვე გარეთ. ხშირად მოხდებოდა, რომ შვილი ტახტზე მამის სიკვდილით შესისხლული. ეს იყო მიზეზი, რომ ოც-და-თხუთმეტს სასანიდების წევრთ რიცხვში ხანგრძლივ მეფობდნენ მხოლოდ შვიდნი, ესენი იგი, - შაბური პირველი, შაბური მეორე, იეზდედჯერდი პირველი, ჰორმუზდი, ფეროზი, ჰორმუზდი მესამე, ხოსრო მეორე და უკანასკნელი სასანიდების წარმომადგენელი იეზდეჯერდი მესამე. სასანიდები გულმხურვალედ ემონებოდნენ იმათი წინაპრების დროდამვე ზოროასტრის აღსარებას ანუ ცეცხლის თაყვანის-ცემას, როგორც ამას გვიმოწმებს, სხვათა შორის, სასანიდების მონეთები, რომლებზედაც გამოხტულია ამ სარწმუნოების სიმვოლი (Pyrée) და მისი თაყვანის-მცემელები ლების სურათი.[8] დიდი გავლენა ჰქონდათ იმაზე მოგვებს, რომელთაც ეჭირათ გამოჩენილი ადგილი თვით სასახლეში[9]. სასანიდები ყოველს ღონის-ძიებას ხმარობდნენ, რომ მოგვთ აღსარება დაემყრებინათ ყველგან. ისნი სდევნიდნენ ქრისტეს სარწმუნოებას, რომელიც იმათ დროს მოეფინა მცირ-აზიაში, სომხეთში, საქართველოში და აგრეთვე სპარსეთში.[10] ამასთანავე ისინი უშიშრად და ურყეველად ცდილობდნენ თავიანთის საზღვრების გავრცელებას და უცხო-ტომთ დამონავებას. ისინი ხანგრძლივ ებრძოდნენ ჯერ რომალებს, მასუკან, როდესაც რომი დაეცა, ვიზანტიელებს, როგორც სომხეთში და საქართველოში, აგრეთვე აზიაში. ბედ-კრული სომსეთი იმათის ხელით დაიმხო და დაიგლიჯა[11] საქართველოს ეს უბედურება არ ეწვია, თუმცა ამ განზრახვით სასანდები მთელს საუკუნის გამავლობაში (455 — 560 წ.) სასტიკად ებრძოდნენ ვიზანტიას, საქართველოს დასავლეთს მხარეებში, ანუ ვიზნტიელების ლაზიკაში.
მიუბრუნდეთ ისევ არდაშირს და იმის დროს. სასანიდების უფლების დამყარების გზაზე არდაშირი დიდს დაბრკოლებას მიაწყდა. პირველ იმის მოწინააღმდეგედ აღმოჩნდა არტაბანის ნათესავი, სომხის მეფე ხოსრო დიდი, შვილი ვაჰარშაკისა, რომელიც დერბენდის მახლობლად მოკლულ იქნა ბრძოლაში ხაზარებთან და რომლის სიკვდილიც ხოსრო დიდმა იზღვია იმით, რომ შემდეგ ტასტზე ასვლისა იმან განვლო კავკაზი დიდის ჯარით და თვით ხაზარეთში შეჰმუსრა იმათი ძლა. სცნა თუ არა არდაშირის გალაშქრება არტაბანზე ხოსრომ მაშინვე მიჰმართა თავის ჯარით სპარსეთის შერყეულ ტახტს. ასსირიის საზღვარზე იმან შეიტყო, არტაბანის ძლევა და სიკვდილი. ის უკუ-იქცა სომხეთში, სადაც შემოჰკრიბა სპები, გამოითხოვა რომის შემწეობა და ისევ სპარსეთისკენ გაემგზავრა. ასსირიაში იმან გაჰფანტა ყველა მომხრენი არდაშირისა და შემდეგ შიგ სპარსეთის შუ-გულად შევიდა; მაგრამ რადგანაც სხვა და სხვა არშაკიდების ნათესავის წევრთ ხოსროს უმუხთლეს, ბაქტრიის არშაკიდების გარდა, ამისგამო ხოსრო უნდა დაბრუნებულიყო თავის სამფლობელოში. გარდა ამისა რომში ასტყდა შფოთი და აღრეულობა, რომელმაც რომაელების ჯარი სომხეთით მიიხმო. ხოსრომ მინც იმედი არ დაკარგა. იმას მისცეს შემწეობა ეგვიპეტმა, პონტმა და „ჩრდილო ტომებმა, იმან კიდევაც სძლია სპარსეთის ძალას და დაიჭირა ასსირია და თვით არდაშირს სდია ინდოეთის საზღვრამდე.[12] შემდეგ ამ წარმატებისა, როდესაც ხოსრო სომხეთში კვლავ ემზადებოდა ახალის ჯარით გალაშქრებას არდაშირზე, ის მოკლულ იქნა სომხეთში ღალატით თავისავე ტომ-ნათესავისაგან ანაგისაგან, რომელიც არდაშირისაგან იყო მოსყიდული. ანაგმა არა თუ სარგებლობა ვერ ნახა ხოსროს სიკვდილით, არამედ თვით იმასაც მოეღო ბოლო ხოსროს მომხრეთ ხელით და მთელი იმისი სახლი ამოწყვეტილ იქნა. გადარჩნენ მხოლოდ ორნი ანაგის შვილნი; ერთი იმათგანი იდუმალ გაიყვანეს კაპპადოკიის კესარიაში, სადაც ის გამოიზარდა და განისწავლა. ის იყო. გრიგოლ, რომელმაც ხოსროს შვილის ტარდატის დროს სომხეთში ქრისტინობა შეიტანა და ამის გამო სომხეთის განმანათლებლად სახელ-იწოდა.[13]
ხოსროს სიკვდილმა ყოველივე არდაშირის შიში და დამაბრკოლებელი შემთხვევა მოსპო. არდაშირმა მოჰფინა თავისი მფლობელობა სპარსეთში და დაიმონავა სომხსეთი, რთმელსაც 27 წლის განმავლობაში თავისუფლად განაგებდნენ არდაშირი და იმისი შვილი შაბური პირველი. ხოსროს დარჩა შვილი ტირტადი, რომელიც არტავაზ მანტაგუნიმ სიყრმითვე გააპარა რომში და აღზარდა იქ. ტირდატმა 232-ს წელს რომაელების ჯარის შემწეობით სძლია სპარსებს და დაჯდა სომხეთის ტახტზე. სომხეთის მთავარნი თავის ძალით მიეკერძნენ იმას, იმის დროს შემოვიდა ჩინეთიდამ სომხეთში მამიკონიანთ სახლი და აგრეთვე მიემხრო ტირდატს, არტავაზ მანტაგუნი შეიქნა სომხეთის სპასალარად, რომელმად დიდი შემწეობა მიაგო თავის მეფეს. თუმცა სპარსეთის მეფე იძლია ტირდატისაგან, მაგრამ ის მაინც იმედოვნებდა სომხეთის დამონავებას. ამ აზრით, ტირდატის ყოფნის დროს რომში, ის დაეცა სომსხეთს, კავკაზის მთას-იქით მცხოვრებთ შემწეობით და აგრეთვე შემძლე სომხეთი გვარის სალგუნიანის მიმხრობით. სპარსეთის მეფემ სომხეთი ისევ ხელში ჩაიგდო. ტირიდატი გამოვიდა რომიდამ, რომაელების ჯარით მხლებელი შევიდა სომხეთში განდევნა სპარსნი და მამიკონის ხელით აოტნა სალგუნიანთ გვარი და იმისი ვრცელი სამფლობელო თვით მამიკონს უბოძა. ტირდატმა გაიმარჯვა დად „ჩრდილო-ტომებზე“ და ისინი ისევ კავკაზს იქით გადაფანტა. ამ ომში მოიკლა არტაკაზ მანტაგუნი. შემდეგ ამისა დაეცნეს სპარსეთს — ადარბეგანის მხრით ტრდატი, სამხრეთით — რომაელნი. ტირდატი შევიდა თვით სპარსეთის შუაგულს, რამდენჯერმე დაამარცხა სპარსნი დ უკუ-იქცა დიდის ნატყვენავით.[14]
ისტორია მიაწერს ტირდატ მეფეს ზოგიერთ ცვლილებას სომხეთის შინაგან განმგეობაში. ტირდატმა დაამყარა აქ სახელმწიფო წესდება საბერძნეთის მიბაძვით; იმან დასდო რიგი სხდომისა მთავართათვის, მარჯვნივ და მარცხნივ, თვითოეულის ღირსებისამებრ; დასდო აგრეთვე რიგი ჯდომისა და მუთაქებისა ნადიმობის დროს 400 თავადთათვის, რომელთ შორისაც უპირატესობდნენ: ბდეშხი გუგარკისა და მთავარნი არძრუნიკისა, სიუნისა და მამიკონები. ესენი იყვნენ სომხეთის უაღმატებულესნი თავადნი, რაიც შეეხება მხარეს და მის სპათ, მთელს სამეფოში მხოლოდ ოთხნი იყვნენ უახლოესნი მეფის ბძანების აღმასრულებელნი: აღმოსავლეთით სიუნის მთავარი 22 თავადითურთ; ჩრდილოეთით — ბდეშხი გუგარკისა 21 თავმდითურთ; სამხრეთით მთავარი ანგეგთუნისა 22 თავადითურთ.[15] ტირდატის მეფობა უფრო იმითია შესანიშნავი, რომ იმის დროს სომხეთში დაფუძნდა ქრისტეს სარწმუნოება. უწინ აქ, როგორც ყველგან გავრცელებული იყო კერპთ-თაყვანისცემა. რა გვარი იყო ეს სარწმუნოება, რა ღმერთებს სცემდნენ აქ თაყვანს ეს ჩვენ ზემოდ მოვიხსენეთ. სომხის ისტორიის განვითარებით მცოდნე სენ-მარტენს შეუნიშნავს, რომ როგორც ამას ევსევი მოიხსენებსო, ვიდრე იმპერატორი კოსტანტინე ქრისტეს აღსარებას მიიღებდაო, ქრისტიანობა გავრცელებული იყრო სომხეთში, რომ სომხეთი შეადგენსო იმ მსრეს, სადაც სახარება სხვა მხარეებზე ადრე დამეყრებულაო.[16] მართლა და სომხურის წყაროების მოწმობით, აქ პირველად ირწმუნეს ქრისტე იესო, თადეოს მახარებელის ქადაგებით, მაცხოვრისავე თანამედროემ ედესსის მეფემ ავგარმა და ედესის სომხებმა; მასუკან ნათელ-იღეს ბართოლომე მოციქულის ხელით სიუნელებმა და აღოვანელებმა.[17] ისინი უჩვენებენ აქ ადგილ-ადგილ პირველ-დროდამვე ეკლესიებს, უდაბნოებს და ეპისკობოზებს რომელნიც ახალ სამწყსოებს განაგებდნენ. შემდეგ, როდესაც ავგარ მეფის შტო აღმოიფხვრა, სომხეთში ქრისტიანობა შემცირდა და შესუსტდა ვიდრე ტირდატ მეფემდე. ტირდატი მოაქცია გრიგოლ-განმანათლებელმა. ტირდატის მიაძვით ნათელიღო. მომატებულმა უმთავრესთ პირთ ნაწილმა და თვით ხალხმაც. პირველი მასწავებელი სომხეთისა გრიგოლ შეიქმნა პირველ სომხეთის ეპისკოპოზადვე, რომელმაც მიიღო ხელ-დასხმა კაპადოკიის კესარიაში, სადაც თვით იმისნი მოადგილენი მიიღებდნენ ამ ხელ-დასხმას, ორის საუკუნის განმავლობაში. იმან მოიწვია მრავალნი მოძღვარნი ბერძენთა და სირიელთაგანნი, და იმათის შემწეობით დააფუძნა საეპისკოპოზო კათედრები, მონასტრები და ეკლესიები და მოჰფინა ახალი მცნება მთელს სომხეთის სივრცეზე. „უეჭველი საქმეა, სიტყვის სენ-მარტენი, რომ ვიდრე ქრისტიანობა გავრცელდებოდა სომხეთში, სასტიკი ბრძოლა უნდა ატეხილიყო აქ, მეტადრე დარონის მხარეში, სადაც მოფენილი იყო. წარმართ ტაძრები. აქ კერპთ თაევანის-მცემელთ მღვდლებმა დიდი წიინააღმდეგობა აღმოაჩინეს, ასე, რომ საჭიროებამ მოითმოვა მახვილის მოხმარება იმათ განდევნისათვის.“ შემდეგ ქრისტეს სჯულის მიღებისა კოსტანტინესაგან და იმის გავრცელებისა რომის იმპერიაში ძველი კავშირი სომხეთისა რომთან უფრო დამტკიცდა. მაგრამ ამასთანავე ამ შემთხვევამ მომატებულად აღძრა მტრობა სომხებთან სპარსეთის მეფეებში. ეს იყო მიზეზი, რომ სომხეთში ასტეხეს იმათ შინაური სარწმუნოებრივი შფოთი და განხეთქილობა. ამ საქმეში იმათ შემწეობას აძლევდნენ სომხის თავადნი, რომელთაც არ ისურვეს მამა-პაპურის აღსარებას უარის-ყოფა და რომელნიც თავიანთ მეფეებს უმზერდნენ, როგორც სჯულის მოღლატეებს.[18]
რა ცნობანიც ამ დროს სპარსეთს და სომხებს შეეხებიან, მოყვანილნი არიან ქართლის-ცხოვრებაში. ის უჩვენებს თვით იმათ წყაროებს: სპარსეთის ცხოვრებას,[19] და სომხეთის ცხოვრებას,[20] საიდამაც ზოგიერთი შემთხვევა თითქმის სიტყვა-სიტყვით არის გამოწერილი.[21] თვით ბერძნულის წყაროდამაც უსარგებლია ჩვენ მატიანეს.[22] ამას ამტკიცებს ზოგიერთი სახელ-წოდება ბერძნულის ფორმით, მაგ. კოსაროს,[23] რომელიც ყოველთვის ასეა ხმარებული[24] ამ ჟამის ხრონოლოგია ქართლის-ცხოვრებაში მეტად არეულია, მირიანის წინა-მოადგილე ასფაგური, რომლის დროსაც, იმის თქმით, არდაშირი სასსანიდი ჰფლობდა სპარსეთს, მეფობდა საქართველოლოში 262 წლიდამ — 263-მდე, მაშინ როდესაც დაჭეშმარიტებით ვიცით, რომ არდაშირი მეფობდა 226—235 ამდე, მაშასადამე არდაშირი მოკვდა 26 წლით ადრე ასფაგურის ტახტზე ასვლისა, მირიანი მეფობდა 265 — 342-მდე. ამ დროს განმავლობაში მეფობდნენ: სპარსეთში — რვა მეფე: არდაშირის შვილი შაბური პირველიდამ დაწყობით ვიდრე შაბურ მეორემდე; რომში — 31 იმპერატორი, იმათ რიცხვში კოსტანტინე დიდი და იმისი ძე კონსტანი; სომხეთში — ტირდატ 2, დირანი 2 და არშაგი 3. საკვირველია, რომ უცხო-ტომთ მატიანენი მირიანს იშვიათად მოიხსენებენ, სომხის მწერალი მოსე ხორენელი უჩვენებს იმას ტირდატის დროს. მოსეს თქმით, იბერიის გამგე მიჰრანი მოქცეულ იქმნა ქრისტეს სჯულზე ნუნეს ხელით, და იყო ერთი ტირდატის ჯარის-უფროსთაგანი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ტირდატის ბრძოლაში „ჩრდილო-ტომებთან“[25] რომის მწერალი ამმიანი მარცელინი ამბობს: როდესაც იმპერატორი კოსტანსი საომრად ემზადებოდა სპარსეთთან, მაშინ იმან უხვის საჩუქრით მოსთხოვა მონაწილეობის მიღება ამ ომში სომხის მეფეს არზასს და იბერიის მეფეს მერიბანესს. ეს იყო 361 წელს, მაშინ როდესაც ქართლის-ცხოვრებით საქართველოს ჰფლობდა მირიანის შვილი ბაქარ პირველი[26] ქართლის ცხოვრების ნაამბობი უცხო ტომთ ნაამბობს ზოგში ეთანხმება, ზოგში არა. პირველ სასანიდს არდაშირს ის უწოდს ქასრედ და ამ სახელით სახელ-სდებს „იმის ძიდამ“ მირიანიდამ დაწყობილი, მთელს საქართველოს დინასტიას ხოსროიანებად ანუ სოხროიდებად.[27] არდაშირს ქასრედ უცხო-ტომთ მწერალნი არ მოიხსენებენ, მაგრამ ეს-კია, რომ სპარსეთის თქმულება ზოგიერთ სასანიდების დინასტიის წევრთა უწოდს კესრად.[28] ქართლის-ცხოვრებით ქართველების ასფაგური და სომხების კოსაროსი ერთად ებრძვიან არდაშირს და ასფაგური მოიწვევს ოსებს, ლეკებს და ხაზარებს, სდევნიან არდაშირს, შედიან სპარსეთში და აოხრებენ სპარსეთს.[29] შემდეგ ამისა, როდესაც „ხოსრო მეფე განმზადებულ იყო კვალად შესვლად სპარსეთს, იმისმა ნათესავმა, წარჩინებულმა მთავარმა, სახელად ანაბ, ქასრესაგან მოსყიდულმა, და ძმამან მისმან მოკლეს მახვილით ნადირობის დროს მეფე და ივლტოდეს; ხოლო დევნა უყვეს მთავართა სომხითისთა და მოკლეს იგინი და მოსრეს ყოველი ნათესავი მათი, თვინიერ დაშთეს ორნი შვილნი მათნი, რომელნიცა აღიხვნეს მამა-ძმუძეთა მათთა; ერთი შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა და მეორე საზღვართა სპარსეთისათა.[30] აქ მოხსენებული ძე ანაგისა იყო გრიგოლ განმანათლებელი. მოსე ხორენელის სიტყვით ანაგს ჰყვანდა მხოლოდ ერთი შვილი გრიგოლი, კესარიაში გაყვანილი, ჩამჩიანის თქმით კი-ორი გრიგოლი და სურენი სპარსეთში განვლტოლილი.[31] კოსაროს სიკვდილის შემდეგ ქასრე სასანიანმა „პირველად დაიპყრა სომხითი, მოსრა და ტყვეჰყო ყოველი ნათესავი სომეხთა მეფისა; ხოლო ერთი ძე კოსაროს მეფისა, მცირე ყრმა, შეივლტოდა საზღვართა საბერძნეთისათა და მუნ იზრდებოდა, რომელსაც ერქვა ტრდათ, შემდეგ შემოვიდა ქართლად. ხოლო ასფაგურ წარვიდა ოვსეთს, რათამცა მოიმატნა სპანი ოვსეთით და განამაგრნა ციხე - ქალაქნი; მუნ ეწია სიკვდილი და აღესრულა.[32]
_____________
1 Notice chronologique de la Perse, depuis les temps les plus recullés jusqu' a ce jour L. Lanqlés: Voyage de Chevalier Chardin en Perse et autres lieux del' Orient. Paris 1811, t. x, p. 172-173. Lebeau, Hist. du B-Emp. 1, 77.
2Mém. sur l' Arm. I, 335.
3 Notice ehron... p. 173
4 Ibid p. 174.
5 Ibid p. 173.
6 lbid., p. 179 Hist. de la Géor. I, 393 n. 3, II. 2 livr., p. 112 n. 2.
7 Lebeau, Hist du B-Emp. III, 103-106.
8 Brosset. Revue de numismatique géorgien- ne, 1847. SPB p 28-29
9 Lebeau, Hist. du B-Emp. III, 294 n. 2.
10 Ibid I, 331 n 1, 332. III, 363-366. Addit et' 'Eclairsis. a l' Hist, de la Géor. 67 et suiv.
11 Lebeau, Hist du B-Emp. IV, 429-432.1
12 Моисея Хоронс, Исторiя Арменiи 139, 140
13 Mém. sur. 1, Arm. 1, p. 301-“
14 Mém. sur l' Arm. I, 303-305, 412. Моисея Ходенск. Ист. Арм., 143-151,
14 Hist. de la Siounie, I, 15.
16Lebeau, Hist. de B-Emp. I, 76.
17აღოვანელნი ანუ სტრაბონის ალვანელნი მკვიდრობდნენ ივრის მდინარიდამ მოყლებული დერბენტამდე და მეტკვრის სამხრეთამდე. შემდეგ აღოვანელნი მტკვარს გაღმაც გავრცელდნენ, ესე იგი ყარბაღის გაკე-მინდვრებში, რომელსც შეადგენდნენ სომხეთის მაზრები არტახი, უტი და ფაითავარანი, სიუნი მდებარებდა გოქჩისა, არიქსსა და აღოვანს შორს (Hist de la Siounie, I, 8 n. 1).
18 Hist. de la Siounie, I, 8-17. Mém sur l' Arm. I., 291 n. I., 306—307.
19 ქართ.-ცხ. 57.
20 იქვე, 63.
21 იქვ. 58 Моис. Хор. Ист. Арм. 141. Hist. de la Geor. I, 94 n. I.
22ქართ.-ცხოვ., 63.
23 ხოსრო სომხეთის მეფე
24 Hist. de la Gédr. I, 79 n. 2.
25 Ист. Арм.it, 151, 152, Hist. de la Géor. I, 88 n. 5.
26 Hist. de la Géor. I, 134 n. 3. Leceau, Hist. dB Emp. II, 353.
27 ქართ.-ცხ. 57, 60
28 Notice chronologique Langles. Voyage de Charden, x. 111, 183. Brosset, Revue numism
29 ქართ.-ცხ. 57.
30 ქართ.-ცხ. 58.
31 MМоисея Хореник, История Арменiи 141, Hist. de la Géor. I. 82 n.1
32 ქართ.-ცხ. 58 - 59.
![]() |
5 რამეთუ კაცი ვარ |
▲ზევით დაბრუნება |
რამეთუ კაცი ვარ
(შემდეგი)
II
იმ ხევ-ზემოდამ, საცა წყარო მდინარებდა, პატარა ვაკე იყო, რომლის ბოლოსაც კლდის კედელი მოჩანდა.
როგორც ფოლადი, ისე მაგარი სიპი ქვა საძირკელად ჰქონდა იმ კედელსა. იმის ქვემოდ თვით ბუნების შემოქმედობისაგან რგვლად გამოქვაბული იყო კლდე. როდესღაც ამ ქვაბში ნადირს, ფოცხვერს და მგლებს უცხოვრიათ, ეხლა კი ახალგაზრდა გერმასისა და მისის მამის სადგურად გადაქცეული იყო.
ბევრი ამისთანა ქვაბი იყო წმინდა მთაზე და რომელნიც ყველაზე დიდრონი იყვნენ, ისინი ბერმონაზონებმა დაიჭირეს.
გერმასის მამის სტეფანეს ქვაბი მაღალი იყო და გრძლად კლდეში შესული, მაგრამ მაინც ადგილი გამხმარის მთის ბალახისა, რომელიც მამისა და შვილის ქვეშსაგებს შუა ეფინა, ძალიან პატარა იყო.
შუაღამე გადასული იყო, მაგრამ არც ახალგაზდას და არც მოხუცს მცხოვრებს ქვაბისა, არ ეძინათ.
გერმასი ხმამაღლა იკვნესოდა და მოუსვენრად ხან ერთს გვერდზედ გადაბრუნდებოდა, ხან მეორეზედ და სულაც ყურადღებას არ აქცევდა თავის მამას, რომელიც ტკავილებისაგამ დაქანცული იყო და ძილს ჰსაჭიროებდა. მამა კი გადაბრუნებასაც ერიდებოდა, რომ ხმაურობით შვილს ძილი არ დავუფთხოვო, როცა შვილს ეძინა.
რა დაჰმართვია ამ ჭაბუკს, რომელმაც ადრე ასეთი მაგარი ძილი იცოდა, რომ ძნელად თუ კაცი გამოაღვიძებდა? რამ დაუფთხო ძილი და მოსვენება? რად არის ესე, ფიქრობდა სტეფანე, რომ უამისოდაც ღონიერს სიჭაბუკეს ეგრე მაგრად და ხანგრძლივ სძინავს ხოლმე და მოხუცი და სნეული კი, რომელთათვისაც ძილი და მოსვენება აგრე საჭიროა, ძილი გაკრთობილი აქვთ? იმისათვის ხომ არა, რომ ის მოკლე დღენი ცხოვრებისა, რომელნიც მათ ჰშთენიათ, პატარა გძლად ეჩვენონ! ან ნეტა ამ უწმაწურ ცხოვრებას ყველანი ეგრე მაგრა რად ეჭიდებიან! რარიგად ემალებიან ყველანი იმ ანგელოზს, რომელიც იწვევს ადამიანს, საიქიოს და უღებს ოქროს კარებსა სამოთხისას. ყველანი ჩვენ ვგევართ საულსა, იუდეველს, რომელიც იმალებოდა მაშინ, როცა მოციქულნი ეწვივნენ სახელმწიფო გვირგვინის მოსართმევად! უხ, წყლული საშინლადა მწვავს! ერთი ყლაპი წყალი მაინც მიმცა! ჩემს საწყალს ბავშვს რომ არ ვჰსთხოვდი, წყალი მოეწოდებინა.
სტეფანემ ყური თავისის შვილისაკენ მიჰმართა, მაგრამ არ გააღვიძა, როცა ცხადად გაარჩია მისი მძიმე და წყობილი ქშენა.
სიცივით ათრთოლებული შეეხვია ცხვრის ტყავში, რომელიც ნახევრამდის ჰყოფნიდა მის ტანსა. ტანში დაურბინა ღამის მშრალმა სიცივემ, რომელიც შემოდიოდა იმ გვირაბიდამ, საიდამაც დღისით პაპანაქება სიცხე უდაბნოისა შემოდიოდა ხოლმე.
აგრე გაიარა რამოდენიმე დრომ. ბოლოს მოხუცმა დაინახა, რომ გერმასი წამოიწია და ქვეშსაგებზედ წამოჯდა. და მართლაც, გერმასმა გაიღვიძა, რაღაც ლაპარაკს მოჰყვა და ღვთის სახელი ახსენა.
მამა მიუბრუნდა შვილს და ნელის ხმით ჰკითხა:
– გაგეღვიძა, ჩემო კარგო?
– მე ძილი არ მომივიდა, – უპასუხა შვილმა.
– მაშ ერთი წყალი დამალევინე, – სთხოვა სტეფანემ. – დაჭრილი ადგილი საშინლად მეწვის.
გერმასი მაშინვე წამოხტა და წვალებულს მიაწოდა წყალი ლიტრითა.
– მადლობელი ვარ, მადლობელი, ჩემო კარგო, – უთხრა მოხუცმა და დაიწყო ხელის ფაცური, რომ ლიტრას პირი უპოვოს და რა ნახა, რომ ლიტრას პირი მოტეხილი აქვს, გაკვირვებით წამოიძახა:
– ეს ჭურჭელი რა ცივია და სველი! ეს ხომ თიხისაა და ჩვენი კი გოგრისა იყო.
– ჩვენი გავტეხე, – ჩამოართვა სიტყვა გერმასმა: – და ეს პავლეს გამოვართვი ნათხოვრად.
– ჰო, ჰო, – წაიდუდუნა სტეფანემ და ხარბად დაეწაფა ლიტრას, მერე ისევ შვილს მიჰსცა, მოიცადა, ვიდრე შვილი დაწვებოდა და როცა დაწვა, უთხრა:
– შენ დღეს გვიანიც მოხვედი, გოგრაც გაგტეხია და ძილშიაც იკვნესოდი. ხომ ცუდი არა წაგკიდებია რა?
– მე ჯოჯოხეთიდამ გამოსულს ეშმაკს შევემთხვივე, – უპასუხა გერმასმა. – და აი, ეხლაც თვალწინ მეფეთება და ჭკუასა და გონებას მირევს რაღაცების მოლანდებითა და მოჩვენებითა.
– ლოცვით განაგდე იგი ბოროტი, – უთხრა გულმართლად სტეფანემ. – ღვთის სახელზე ბოროტნი სულნი განჰქრებიან.
– ღვთის სახელიც ვახსენე, – სთქვა გერმასმა; – მაგრამ არა მეშველა რა, მე მელანდებიან დედაკაცები იაგუნდისფერ ტუჩებითა და მშვენიერის ნაწნავებით, თვალწინ მიდგანან თეთრი როგორც მარმარილო, მშვენიერნი ტანადნი ქალნი ცეცხლით სავსე თვალებითა, სულ ხელს მიქნევენ და თავისთან მეძახიან.
– აიღე მათრახი! – უბრძანა მამამ. – და სისხლი დაიმშვიდე.
ხმაამოუღებლივ წამოდგა გერმასი ხელმეორედ ქვეშსაგებიდამ, აიღო მათრახი და გამოვიდა გარედ. ქვაბის სივიწროვე დაუშლიდა მათრახის თავისუფლად ხმარებას.
ბევრი ხანი არ გამოსულა, რომ სტეფანეს მოესმა მათრახის წვერების შუილი. მას მოესმა კაცის ტანზე მათრახის ტყლაშუნი და მტკივნეული კვნესა თავისის შვილისა.
ყოველს ტყლაშუნზე მოხუცს მამას ჟრუანტელი გაუვლიდა ხოლმე, თითქო ამასა ჰსცემენო. ბოლოს რაც შეეძლო ხმამაღლა დაუძახა შვილს: „ამხანად ეგ სამყოფია, სამყოფი!“
გერმასი შემობრუნდა ქვაბში. მამამა და შვალმა ერთად ილოცეს; მას მერმე მამამ ხელი გაუსვა შვილს მშვენიერს თმაზე და უთხრა:
– მას აქეთ, რაც ალექსანდრიაში იყავ, სულ სხვა ხარ, ძალიან ვნანობ, რომ მე არ დავუჯერე ეპისკოპოზს აღაპიტსა და შენ იქ წასვლის ნება მოგეცი! მაცხოვარი მალე მიმიხმობს მე სააქაოდამ და ჩემს შემდეგ არაფერი აღარ დაგაყენებს შენ აქა. მაშინ შემოგადგება შენ მაცდური, შენ წინ ვეღარ დაუდგები დიდის ქალაქის მრავალგვარს სიტურფესა, რომელნიც ბრწყინვალებენ როგორც დამპალი ხე, როგორც ჭრელი გველი, როგორც შხამით სავსე ყვავილი...
– არა, მე ეგენი ვერ მაცდუნებენ, – ჩამოართვა სიტყვა გერმასმა. – თავბრუ დამასხა, შემაშინა მე იმ ხმაურობით სავსე ქალაქმა. მე ჩემს დღეში იქ არ წავალ.
– არა, შენ მარტო სიტყვით ამბობ მაგასა, – უპასუხა სტეფანემ. – მაინც შენმა იქ ყოფნამ სრულიად შეგცვლა. რა იქმნა ეხლა შენი მხიარული ღიღინი და გალობა? როცა შენ ღიღინებდი ანუ იცინოდი, მე დარწმუნებული ვიყავ, რომ შენი ხმა ღვთისათვის საამური იყო. მაგრამ ეხლა? ხმაამოუღებლად, პირმქუშედ დადიხარ და თან გდევენ ცოდვილნი ფიქრნი და გაბოროტებულსავით იყურები. –
რა ვუყოთ! ყველა ეგ მე მავნებს, სხვას ხომ არა! – მიუგო გერმასმა. – ეხლა დამეხსენ, მამავ, გამიშვი! საცაა გათენდება და მაშინ მთელი დღე წინ გედება, რომ მე დარიგება წამიკითხო.
სტეფანემ ამოიოხრა. გერმასი თავისის ქვეშსაგებისაკენ წავიდა. არც ერთს აღარ დაეძინა. ყოველმა მათგანმა იცოდა, რომ მეორეს არა სძინავს. ჯავრმა და კერპობამ შვილს ენა დაუბა, მამა კი ცდილობდა, მაგრამ ენაზედ არ მოსდიოდა ტკბილი, გულსმისახვედრი სიტყვა.
ბოლოს გათენდა. მკრთალმა ნათელმა შემოანათა ქვაბის გვირაბიდამ. ჭაბუკი მთქნარებით წამოდგა ფეხზე და რა დაინახა მამა, თვალღია მწოლარე, გულგრილად ჰკითხა:
– რაო, მე აქ დავრჩე, თუ ცისკარზედ წავიდე?
– აქ დარჩი, ერთად ვილოცოთ, – უთხრა სტეფანემ. – ვინ იცის? დიდხანს მერგება შენთან ყოფნა კიდევ, თუ არა! მე მომიახლოვდა ის დღე, რომელსაც ჩემთვის საღამო აღარ ექმნება. მოდი აქ, ჩემს ახლო მოიყარე მუხლი და მომეც, ვემთხვიო ჯვარცმასა.
გერმასმა მამის ბრძანება აასრულა და როცა გაათავეს სამღვთო გალობა და „ამინი“ სთქვეს, მათს ხმას მესამე ხმაც ჩაემატა.
– პავლევ, – დაიძახა მოხუცმა. – დიდება მაცხოვარსა! აბა დაჭრილობა გამისინჯე. ისრის წვერი გარედ იწევს და ცეცხლს მიკიდებს სიმწვავითა.
ახლად მოსულმა ბერ-მონაზონმა, რომელსაც სამოსელის მაგიერ ეცვა რაღაც უბრალო მოუთელავის შალის პერანგი და ცხვრის ტყავი, ყურადღებით გაუსინჯა სტეფანეს დაჭრილობა, რაღაც ბალახები დაადვა და ამასთანაც რაღაც ლოცვები წაიბუტბუტა.
– ეხლა მე უფრო უკედა ვარ, – ამოიხვნეშა სტეფანემ. – შენის კეთილობის გამო მეც მომხედა ღმერთმა.
– მე ვარ კეთილი? მე ვარ ჭურჭელი უწმინდურებისა! – უპასუხა პავლემ თავისის ზარიანის ხმითა და მისი მიმზიდველი ცისფერი თვალები მიეპყრნენ ზეცასა, თითქო იმისათვისაო, რომ რასაც ჩემზედ ჰფიქრობენ, სულ ტყუილიაო. მერე თვის ჭაღარა თმას ხელი გადუსვა, გადიყარა უკან, რადგანაც ყელსა და პირზედ ურიგოდ ჩამოშლოდნენ და პირმღიმარედ წარმოსთქვა:
– ყოველი ადამიანი ადამიანია და სხვა არაფერი. ზოგნი ადამიანობამდინაც ვერ მიაღწევენ ხოლმე. ნოეს კიდობანში მრავალი მხეცი იყო, მაგრამ ნოე კი ერთი იყო.
– ჩვენს პაწია კიდობანში ჩვენი ნოე შენა ხარ, – უთხრა მოხუცმა.
– მაშ ეს ახმახი ვაჟიკაციც ჩვენი სპილო იქნება, – გაიცინა პავლემ.
– არც შენა ხარ ქონდრისკაცი, – უპასუხა სტეფანემ.
– ვაი, რომ ეს ქვის კიდობანი ასეთი დაბალია, თორემ ეხლავ ღონეში ერთმანეთს გამოვცდიდით. დიაღ, მე და გერმასს რომ იმოდენა ღვთისმოყვარება და სიწმინდე გვქონდეს, რაც ტანი და ღონე გვაქვს, ჩვენ სამოთხის გასაღები ჯიბეში გვედებოდა. შენ, ჩემო ძამიავ, მგონი კარგად იგვემე წუხელ! მე ეგ მესმოდა. სწორედ ეგრეთაც უნდა! როცა ხორცი ტოკვას მოჰყვება, მაშინ საჭიროა გვემა და წამება მისი.
– გერმასმა სულ კვნესით გამოიარა ის გვემა და მერე ძილიც აღარ მიეკარა, – ჰსთქვა სტეფანემ.
– ახია, ახი მაგისათვის! – დაიძახა პავლემ და მუშტები მოუღერა ჭაბუკსა. ამ სიტყვებში უფრო ტყუილუბრალო მუქარა იყო, ვიდრე გაჯავრება. თუმცა მეტად აწოწილი ბერ-მონაზონი პავლე მკვახედ იყურებოდა ხოლმე თავის ცხვრის ტყაპუჭიდამ, მაგრამ მის თვალსა და ხმაში იმოდენა სილბო და სიტკბო გამოკრთოდა, რომ არავის ფიქრადაც არ მოუვიდოდა მისი გაჯავრება და გულზე მოსვლა.
– ჯოჯოხეთის ავი სულნი შეემთხვნენ საწყალსა, – ჰსთქვა სტეფანემ შვილის გასამართლებლად. – და მე კი თუნდ მაგას არ ეკვნესა, მაინც თვალს ვერ მოვხუჭავდი. აი, ეს ხუთი დღეა, რაც მე ძილი არა მაქვს.
– მეექვსე დღეს კი, სწორედ გითხრა, შენთვის ძილი საჭიროა, – უპასუხა პავლემ. – ტყავი წამოისხი, გერმას, და ქვევით სოფელში ჩადი. სენატორს პეტრეს, ან იმის ცოლს დოროტეას სთხოვე ერთი კარგი ძილის წამალი ჩვენის ავადმყოფობისათვის. წადი რაღა.
– ჯერ ცოტა კიდევ მოიცა, ცოტა კიდევ, – დაიძახა სტეფამემ. – ერთი ახალი ლიტრაც მოიტანე, ჩემო კარგო, ქალაქიდამ. შენ, ჩემო პავლე, გუშინ შენი გვათხოვე და ეხლა მინდა....
– მე, ეგ არც კი მახსოვდა, – წაართვა სიტყვა პავლემ: -მე ძალიან მადლობელი ვარ გერმასისა, რომ გოგრა გატეხა, იმიტომ რომ მარტო ეხლა გავიგე ჯანმრთელმა კაცმა, წყალი როგორ უნდა სვას. ერთი ფუთი ოქროც რომ მამცეთ, ლიტრას უკან აღარ ავიღებ! წყალი მაშინ ყოფილა სარგო და გემრიელი, როცა პეშვითა სვამ. მე ეგ ლიტრა აღარ მინდა. მადლობა ღმერთს, ეხლა თოკიდამ გამოსული ქურდიც კი ვეღარას მომპარავს აი, ამ ტყაპუჭის მეტს, იმიტომ რომ სხვა აღარა მაბადია რა.
სტეფანემ მადლობა უთხრა პავლესა და პავლემ კი ხელი მოჰკიდა გერმასს და ქვაბიდამ გარედ გამოიყვანა.