![]() |
ივერია (33)1878.24.08 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲ზევით დაბრუნება |
|
|

საქართველოს მატიანე
აბაზთუმნიდამ გვწერენ: „ახალციხიდამ აბაზთუმნამდე გააქვთ გზა-ტკეცილი (შოსსე) და ამ გზის გამკეთებლები, მუშები მიადგნენ ერთს ნანგრევს ეკკლესიას, რომლის კედლები აღარც კი ჰსჩანს, რადგანაც სიმაგრე დახვედრიათ, მიუციათ ნაღმი, იმით გადმოუნგრევიათ შენობა და აუგლეჯიათ ქვები. შიგ გამოჩენილიყო აკლდამა, ერთს მხარეს დებულიყო ერთი ცხედარი და მეორეს მხარეს სამი თუ ოთხი. — ამ დროს მოადგა ზედ ინჟინერი, რომელსაც ენახა, რომ აკლდამის ქვაზედ არის ნაწერი, მას დაეცვა დაწერილი ქვა და აღარ დაემტვრევინებინა მუშებისათვის. როგორც ამბობენ, აკლდამაში ცალკე მდებარეს ცხედარს ჰქონოდა გულზედ ჯაჭვი, რომელსაც ბოლოზედ ბმია ჯვარი ძვირფასის თვლებით შემკული, ზედ ჰქონია ბეჭედი აგრეთვე ძვირფასის თვლისა და გვირგვინი, — ეს ცხედარი ეტყობა ყოფილა დამარხული ქვის კუბოში. იგი ქვა, რომელშიაც დებულა ცხედარი, არის თეთრი და ჰგავს ალებასტრს, აშკარათა სჩანს ქვაში ამოჭრილი ლაგი, სადაც დებულა ცხედარი, თავთან გვირგვინის მაგვარად აქვს გამოჭრილი ქვა, გარეშემო გაკეთებული აქვს სხივები. ეს კუბოს ქვები არის დამტვრეული, ზემო აკლდამის ქვაც შუაზედ გახეთქილია, მაგრამ სჩანს ხუცურად ნაწერი. ეს დაწერილი ქვები წყლების ზედამხედველს პავლენკას გადმოუტანინებია თავისთან, კუბოს ქვები კი ადგილობრივ ჰყრია ჯერაც, და ნივთეულობა, თუ რომ მართლა იყო, არ იციან ვინ წაიღო და ან ვინ ეძებს? ამ ქვებზედ აწერილი ამოუკითხავს ერთს ვიღაცა ფრანგის მღვდელს, რომელსაც დაეწერა ამოკითხული ქართული სიტყვები რუსულის ასოებით და გარდაეცა უფ. პავლენკოსათვის. ამ უკანასკნელს მე გამოვართვი და გადმოვწერე ყოველი სიტყვა. ერთს ქვაზედ ჰსწერია: „ივანე, გიორგი მეფე... მაგდალინ... თავადი... ქ...თივ... დედოფალი... ფარსადან... ვაჩად... ვახტანგ პირველი, ქრისტე... პირველსა... ჰხსენთა უბოძე... წყალობა... ივავ... დროთა... ვახტანგსა მეფესა... ღმერთი მცველი“... მეორე ქვაზედ ჰსწერია, ფრანგის მღვდლის აღნიშვნით: „სულთა ჩემთა... დაცვად... ჰყავ… მეოხებად... ღირსთა ჰყავ... წმიდათა რიცხვად, საუკუნოდ ცათა აღსვლად... ღირსი... სამოცდა თვრამეტსა წელსა ქრისტეს უწინარეს“. მხოლოდ ეს სიტყვები აღმოუკითხავს იმ ფრანგის მღვდელს, დანარჩენი ვერ გაურჩევია, — მაგრამ, მე როგორც ვჰფიქრობ, რაც გაურჩევია, ისიც შეცდომა უნდა იყოს, ამიტომ რომ — ჯერ ერთი, რიგიანად არა სჩანს ყოველი სიტყვები ქვაზედ წერილისა, მეორეც ეს მღვდელი რომ დაჰკვირვებოდა, ადვილად შენიშნავდა თავის შეცდომილებას, ამიტომ რომ უკანასკნელი სიტყვა ამბობს: „ქრისტეს უწინარეს“. თუ ეს ცხედარნი ქრისტეს უწინარეს იყვნენ დასაფლავებულნი, მაშინ ქრისტეს როგორ სცნობდნენ, როდესაც არ იყო ჯერ შობილი ქვეყნად, — და თუ ვახტანგ გორგასლანის საფლავია, იგი მეფობდა მეხუთე საუკუნეში ქრისტეს შემდეგ.
რაც უნდა იყოს, ნაწერი ჯერჯერობით ჩვენთვის საიდუმლოა, მაგრამ ეს ამბავი და ეს აკლდამა ღირსშესანიშნავია; მთავრობამ რომ ყურადღება მიაქციოს, ურიგო არ იქნება. ძალიან კარგი იქნება, რომ მთავრობამ ყოველი ღონისძიება იხმაროს აკლდამაში ნაპოვნ ნივთეულობის აღმოსაჩენად. გარდა ამისა, ფრიად საჭიროა ყოველივე გარემოება ამ საქმისა გამოიკვლიონ, მცოდნე ხალხს გაარჩევინონ ქვებზედ ზედწარწერანი და თვითონ ქვები არ დაანებონ უფ. პავლენკოს, რომლის სახლშიაც ნებადაურთველად ეხლა აწყვია ეს ამისთანა ისტორიული საუნჯე. სადაც ის აკლდამა იპოვეს, იმ ალაგს უძახიან აქაურნი მცხოვრებნი „კურცხანას“. ამ ალაგს ყოფილა წინად ნასოფლარი და ეკკლესია, რომლის კედლები აღარც კი სჩანს. ამ ნასოფლარის პირდაპირ ეხლაც არის დიდი ძველი დაქცეული ეკკლესია თლილის ქვისა.
თ. გიორგი ორბელიანი
საკვირველია, რომ ამისთანა იშვიათის ნაშთის პოვნა და აღმოჩენა ჩვენში ისე გულგრილად მიიღება ხოლმე ახლო მდგომ მოხელე კაცთაგან, თითქო არაფერი იპოვნესო. ეს ამისთანა ამბავი სხვა განათლებულს ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მთელი მმართველობა ფეხზედ დადგებოდა და ყოველს ღონისძიებას იხმარებდა, რომ ამ გვარის ისტორიულის ნაშთის კვალი და გარემოება ხელუხლებლად დაცულიყო მცოდნე კაცთა მოსვლამდე და გამოკვლევამდე. ჩვენში კი ყურსაც არავინ შეიბღერტავს ხოლმე. ეს, რასაკვირველია, მოხელეთა უწვრთელობას, გაუნათლებლობას, უვიცობას უნდა მიაწეროს კაცმა და სხვას არაფერს. ვინ იცის? იქნება ეს ნაპოვნი და აღმოჩენილნი ნაშთნი ისეთი რამ გამოდგეს, რომ მთელს საუკუნეს, ანუ რომელიმესამე ბნელს დროს ისტორიისას ნათელი მოჰფინოს, და აბასთუმნის მოხელეებს კი ყურიც არ უთხოვებიათ და, ვინ იცის, არც უცნობებიათ მთავრობისათვის. უფ. პავლენკოს მიუტანია და შინ უწყვიაო, კარის დირედ თუ გამოიყენებენ!... თელავი. („ივერიის“ კორრესპ.), რომ იცოდე, მკითხველო, როგორ შეაფუცხუნა ჩვენი ადმინისტრაცია „დროების“ მე-150 №-მა! მეორეს დღეს, ხსენებულის „დროების“ №-ის მიღებისა, სამაზრო სამმართველოს უეცარი ცვლილება დაეტყო... რომ მკითხველმა უფრო კარგად გაიგოს, თუ რაში მდგომარეობს ეს ცვლილება, მე დავუხატავ რამდენიმე სიტყვით მას, თუ რა სურათს წარმოადგენდა „ამას“ წინად მაზრის სამმართველო. წინად, როდესაც უნდა შესულიყავით, იშვიათად ნახავდით აქაურს სამმართველოში არამც თუ მოსამსახურე პირთა, არამედ მსახურებსაც (сторож); თუ ნახავდით, ისიც ორ-სამ მოსამსახურე პირსა, თორემ მთელს წყობას თავის დღეში არა!... ვინ იცის, რამდენჯერ შევსულვარ (აგრეთვე სხვებიც მრავალნი) მაზრის სამმართველოში საქმისათვის და ერთი რა არის, ერთი კაციც არ მინახავს! მსახურიც კი არ იყო ხოლმე ხანდისხან, თუმცა იმ დროს (10–12 საათზედ) მოსამსახურე პირნი უნდა ყოფილიყვნენ სამსახურში! მაგრამ განა სცალიან მოსამსახურესა მაზრის სამმართველოსათვის, ვინ მოაცლის მას? სეკრეტარმა და სხვებმა ვიღა უნდა იმსახურონ სახლში?!.. რა მიზეზია ამისი?! ნუ თუ მაზრის სამმართველოს ეგრე ხშირად საქმე არა ჰქონდა ხოლმე?! ნუ თუ თელავის მაზრაში საქმეები არ არის გასაკეთებელი?! სხვა არა იყოს რა, მედღევე (дежурный) მოსამსახურე პირი ხომ მუდამ გამოულეველი უნდა იყოს სამმართველოში საჭიროებისა გამო; სად იყვნენ?! განა ეს კანონი თელავის სამაზრო სამმართველოს არ შეეხებიან?!... რა ვიცი, განსვენებულის თელავის მაზრის უფროსის უფ. დუმბროვსკის დროს კი ყველა ესენი კარგად იყო მოწყობილი და კანონებიც კარგად სრულდებოდნენ და!.. საქმეებიც ბლომად აქვს მაზრის სამმართველოს, მედღევე მუდამ უნდა ყოფილიყო, კანონებიცა აქვთ, მაგრამ... ახსნა საჭირო აღარ არის, თვითონ მკითხველი და მთავრობა კარგად უნდა მიხვდნენ, რაცა მაქვს სათქმელი... საქმეები ჰქონდათ და აქვს თუ არა გასაკეთებელი თელავის ადმინისტრაციას, „ივერიის“ მკითხველი ცხადად დაინახავდა იმ წერილებიდგან, რომელნიც ხშირად იბეჭდებოდნენ თელავიდამ „ივერიაში“... ოხ, რა შორს წავედი!! დალახვრა ღმერთმა, რაკი გულსაკლავი ფიქრები მომაწვება გულზე, მინდა რომ ერთბაშად გამოვსთქვა და ქვეყანას დაგანახო და ვაცნობო იგინი, მაგრამ.... კიდევ გულსაკლავი „მაგრამ“!... ჰო, იმას მოგახსენებდით, სამაზრო სამმართველომ „ფერი იცვალა“ მეთქი. (იქნება იმისათვისაც, რომ კარებზე ქრისტეს ფერის-ცვალება მოგვდგომია?!. ამასაც შევიტყობთ თავის დროზე). „დროების“ მე-150 №-ის მიღების შემდეგ, მეორეს დილით, თელავის საზოგადო ბაღში ყველა დასაჯდომ სკამზე ეწერა შემდეგი რუსული სიტყვები: „№150 Дроеба“. უთუოდ იმის დამწერს სცოდნია, რომ აქაურს სამმართველოს „ჩინოვნიკებს“ გაზეთების კითხვა არ უყვართო (რადგანაც თავის-თავი განვითარებულად მიაჩნიათ სწავლაში. ოჰ, განათლებავ!!) და ეგები ამითი მაინც ძალაუნებურად წავაკითხოვოო. მართლაც რომ იგი არ მოსტყუვდა... რაღა ბევრი გავაგრძელო, სკამებზედ წარწერილი თუ „დროების“ მე-150 №-ის კორრესპონდენციის შინაარსი შეიტყო არამც თუ ვისაც შეეხებოდა, არამედ მთელმა თელავმა და კახეთმა… ამ დღესვე მოხდა ცვლილება მაზრის სამმართველოშიაც. ეს ცვლილება, რასაკვირველია, მაზრის უფროსისაგან იქმნებოდა. როგორც ხმა არის, მაზრის უფროსს თ. ა. შეეკრიბა მთელი თვისი ქვეშევრდომნი, მოსამსახურე პირნი (ყველანი), მაგრამ... („გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო“!) და ეთქვა სხვათა შორის: სირცხვილია ჩვენთვის, რომ ჩვენი სამმართველო ასე უყურადღებოდ არის ჩვენგან დატოვებულიო (მხოლოდ ეხლა შეიტყვეს?!), რომ აქედგან სხვა-და-სხვა საქმეების №-საც კი სწერენ გაზეთებშიო... ამის შემდეგ ეგ აღარ იყოსო! ყოველ დღე მედღევე იყოს შემოსავალ კარებთან და მომსვლელს პასუხი აძლიოსო, ვინც უნდა იყოს. კანცელარიაში უსაჭიროდ არ შემოუშვათო; ჩემთან მოსალაპარაკებლად 12 საათზე შეუძლიანთ მოსვლა და არა ადრე და სხვა, და სხვა… ნუ თუ ეხლა შეიტყო თელავის ადმინისტრაციამ, რომ ზემოხსენებული წესი ყოველთვის და ყველგან სამმართველოებში საჭიროა?! იმოდენად არ ესმით თელავის მაზრის მმართველებს თვისი მოვალეობა და სამსახური, რომ სანამ საქვეყნოდ არ გაამხილებენ, მანამდის არ გაახილებენ თვალებსა?! მაშ თუ „მაზრის“ მმართველებსაც არ ესმით ეს უბრალო ჭეშმარიტება, სოფლის მოხელეებმა რაღა უნდა ჰქმნან?! ამის შემდეგ რად უნდა გვიკვირდეს სოფლის მოხელეების უკანონოდ ქცევა?! რასაც ჰხედავენ, იმ გვარად მოქმედობენ: უჩვენეთ ჩვენს გლეხს სწორე გზა, და, თუ არ გაივლის, ვერ დაინახავთ! ნათქვამია: ვისაც ბევრი მიეცემა, ბევრიც მოეკითხებაო; მაშასადამე, მაზრის მმართველებს, როგორც მომეტებულის მიმღებლებს, მომეტებულიც მოეკითხებათ. მოეკითხებათო! მაგრამ ეჰ, ჩვენი კახეთი (თელავის მაზრა) სულ სხვა ქვეყანაა: აქ რომ გლეხმა სამართლიანი ხმა ამოიღოს, „ტუსაღანაში“ უკრავენ თავსა... აი ერთი მაგალითი: ერთი ახლად გაყვანილი მილიციონერი გამოპარულიყო. იმის მაგიერად, რომ დაიჭირონ ის კაცი და გაგზავნონ თავის ადგილას, ჩვენის სამაზრო სამმართველოს განკარგულებით, იმისი ძმა დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს. მესამე ძმა თელავში სიარულს მოუნდა, ეგები გამოვაშვებინო როგორმე ჩემი ძმაო, მაგრამ ყური არავინ ათხოვა... სცდებოდა ორ-ორი კაცი საქმესა, ისიც ამ დროს!.. ამ გვარი მაგალითები რამოდენიმე ჩაუდენია ჩვენს ადმინისტრაციას… ნეტავი ერთი შემატყობინა, დიდი ხანი გაგრძელდება კიდევ ეს უთავბოლოობა და უკანონობა ჩვენში? ნუ თუ ბუნებით მშვენიერს, პატარძალსავით მორთულს საქართველოს თვალს — კახეთს ესრეთი მმართველნი უნდა ებედებოდნენ?! ნუთუ განგება არ შეიბრალებს ამ მშვენიერს ქვეყანას თავის კეთილის მცხოვრებლებით და არ აღირსებს მოსვენებასა?!.. მაგრამ, ღმერთო ჩემო! ამას რას ვხედავ?! განა განგება ეგრეთი უწყალოა?!
X
მე მეგონა, თელავში მხოლოდ ადმინისტრაციას მიჰყავს საქმე უხეიროდ მეთქი, მაგრამ აკი მოვსტყუვდი! მივიხედე თუ არა მეორე მხარეს, სამსჯავრო სასამართლოსაკენ, ჩემი იმედი გაცრუვდა, რადგანაც ზოგიერთმა ფაქტებმა ცხადათ დამარწმუნეს, რომ არც აქა ჰსუფევს „წესიერება“! რომ არ გავაჭიანურო წერილი, მოკლედ მოგახსენებთ, რომ ჩვენი მომრიგებელი მოსამართლე ძალიან გვიან შებრძანდება ხოლმე „ზასედანიებში“ — არა ადრე 12-ის საათისა. აბა ერთი მითხარით, ორს საათამდინ რა საქმეები უნდა მოასწროს? ნახევარი დაბარებული ხალხი ისევ ცარიელები, დაუკმაყოფილებულნი გადიან ხოლმე სამსჯავროდგან… დარჩენილი ხალხი, რასაკვირველია, მეორედ და მესამედ ცხადდება თავის საქმისათვის და უნდა მოსცდნენ თავის შინაურს საქმეს იმ დროს, როდესაც დღე ორი-სამ მანეთად უღირს... ეს კიდევ არაფერი: ერთი საგარეჯოელი კაცი და გრდანის მღვდელი დაიბარა, პირველი მკათათვის 28 თუ 29-სათვის და მეორე თიბათვის 30-ს თუ 31-სთვის. როდესაც ესენი გამოცხადდნენ, მაშინ პირველს უთხრა მოსამართლემ: შენ 28 მკათათვისათვის კი არა — მარიამობისთვისა ხარ დაბარებულიო; მეორეს კიდევ, — მკათათვესაო, მწერლებს უთუოდ შეცდომით მოსვლიათო… ერთი მითხარით, მეორედ წასვლა-მოსვლაზე ამათ ვის უნდა მოსთხოვონ ხარჯი და ზარალი? თელავის ბაზარში ხომ არა სცხოვრობენ, რომ გამოვიდნენ და შევიდნენ, როდესაც დაიბარებენ! ერთი 40 ვერსტის სიშორეზეა, მეორე — 80 ვერსტის!... სამსჯავროს მწერლებმა რომ აგრე შეცდომითა სწერონ უწყებები, დაბარებულის ხალხის ბრალია?! — ესეც უნდა ვსთქვა, რომ სამსჯავრო სასამართლოში რომ გვარიანი მწერლები იყვნენ, ზემოხსენებულს შეცდომებს არ მოახდენდნენ. საქმეც ის გახლავთ, რომ ხეირიანი მწერლები არ არიან და! აბა სამ და ხუთ მანეთიანმა მწერალმა რა ხეირიანი საქმე უნდა გააკეთოს?! მე ის მიკვირს: თუ მომრიგებელი მოსამართლე დადებულს ფულს ხარჯავს მწერლებზე, ის არა სჯობია, რომ ორი-სამი რიგიანი მწერალი იყოლიოს, ვინემ 7-8 უხეირო?! — ბარემ სჯობია, მაგრამ... ზოგი შემდეგში…
X
„დროების“ ერთს უკანასკნელის №-ის დღიურში სხვათა შორის იყო მოხსენებული, რომ არქიმანდრიტი მაკარი გურიაში წაბრძანდა „ამჟამად“ ქართულის გალობის მცოდნე პირების მოსაძიებლადაო. მე ძრიელ მიკვირს: ვის შეუტყობინებია ეს ამბავი „დროებისათვის“? მიკვირს მიტომ, რომ ცოცხალი ტყუილია ეს ამბავი. „იმ ჟამად“, რომელიც „დროებაში“ იყო მოხსენებული, არქიმანდრიტი მაკარი კახეთში იყო. კახეთში იყო მეთქი გამოგზავნილი ეკკლესიების ნივთების ასაწერად, თუმცა მან მხოლოდ რამოდენიმე ეკკლესიის ნივთები ასწერა. სხვათა შორის, ალავერდის სობოროს ნივთები არ აუწერია, — მხოლოდ ძველი სია წაიღო. აქედგან... ნუ თუ ალაგვერდში უფრო შესანიშნავი და ძვირფასი ნივთები არ იყო; რატომ დასტოვა აუწერავი?! — იმიტომ, ბატონებო, რომ, როგორც თვითონა ბძანა — „ალავერდი დამცდელი ადგილია და რამოდენიმე დღე რომ დაჰრჩე აქ — ავად გახდები, შემოდგომაზედ მოვალ და მაშინ ავსწერავო“. მე მიკვირს: ნუ თუ ალავერდის სობოროში (ალაზნის პირზეა) ნივთების აღწერვა მართლა ავად გახდიდა მამა არხიმანდრიტს... ღმერთო ჩემო! ნუ თუ ბოლო არ მოეღება ამ სულის და გულის შემაწუხებელს სიმრუდესა?! ნუ თუ ჩვენში არ მოიპოვება ისეთი პირი, რომ „პატიოსნურად“ აღასრულოს თვისი მოვალეობა?! ნუთუ ყველამ ჩვენგანმა უნდა იმეოროს ბოდბელის სიტყვები: „თუ მე არ ვიქნები, თუნდ ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო?!“ დროა გავიგოთ: აღარ შეგვშვენის ჩვენ ბოდბელობა![1]
X
ერთი სასიხარულო ამბავიც. თელავში იანვრიდამ არსდება დამზოგველი საზოგადოება, ხელის-მოწერა კვლავ გაიმართა და ჯერ-ჯერობით 60-მდინ წევრია, ეგრეთვე საზოგადოება არსდება სოფ. კონდოლშიაც. კახელები დიდს გულითადს სურვილს აცხადებენ ამ კეთილის საქმის დაფუძნებაზედ. მოთავე პირები რომ იყვნენ — თითქოს 12 დამზოგველი საზოგადოება შესდგება კახეთში… კახეთში ჯანმრთელობაა ხალხისა და საქონლისა; თუმცა ზოგგან კი ამბობენ, რომ საქონლის ჭირიაო, მაგრამ მგონი რომ ტყუილად. კახეთში ჯერ „ოროველა“ არ გათავებულა, არც სიმინდია ჯერ მოჭრილი. პური ბლომად არის; ღვინის იმედი ზოგს სოფელში აქვსთ, ზოგში კი ცოტა, რადგანაც დაინაცრა ვენახები, ზოგგან კიდევ დაძზრა. აქ ხან გრილა, ხან ცხელა, ძლივს აიღო კავკასიის მთებზე თოვლი, მაგრამ ჯერ ბალახი კი არ მოსულა, ტიტველა მთის წვერები სჩანს ისევ... სალხინოელი ქ....
1878 წ. მარიამობისთვის 12-ს.
წერილი რედაქტორთან.
უფალო რედაქტორო! თქვენის პატივცემულის გაზეთის მე-28-№ ში დაბეჭდილი იყო ჩემი კორრესპონდენცია შესახებ მანდიკორას საზოგადოებისაგან ერთი დროზებითი ჯარში სამსახურისთვის გამოწვეულის გლეხისა, მისის მწე-პატრონის აზნაურის ი-შვილის ცუღლუტობისა და მაზრის უფროსის ნათესაობის გულისთვის მიდგომით მოქმედობისა.
ამ კორრესპონდენციამ გამოიწვია „დროებაში“ ჩემდა პასუხად დაბეჭდილი წერილი, რომელიც როგორც ჩემგან მკაცრის გამოკვლევის მოხდენის შემდეგ აღმოჩნდა, უსინიდსო სიცრუვის მეტს არარას შეიცავს. ეს ადვილად გასაგებია: იგია თვით იმ აზნაურის სიტყვით, რომელსაც ჩვენ ვეხებით, მისივე ნათესავისაგან დაწერილი… და ვის უთქვამს „დედა ჩემი კუდიანიაო?!..“
ახლა იმიტომ კი არ ვუბრუნდებით მე-28-№-ში მოხსენებულს. ამბავს, რომ გვსურდეს ცრუ ოკრიბელს და იმის მსგავს commezil faut-ებს და აჭია-ბაჭიებს გამოვებაასოთ, არამედ იმიტომ, რომ გვსურს მივაქციოთ შესაფერი ყურადღება ვისიც ჯერარს მათზე, ვინც ამ საქმეში ბოროტებას ჩადიოდნენ... საქმის გარემოება ნამდვილად ისე იყო, როგორც ქვემოდ მოგახსენებთ, ამის სინამდვილეში მე პასუხს ვაგებ.
„მანდიკორის საზოგადოებას ამ მესამეს გამოწვევით უნდა გამოეყვანა 15 კაცი დროებითი ჯარში სამსახურისათვის. თანახმად პრისტავის ს. მ. — თქმულებისა ამ რიცხვის გამოყვანა საზოგადოებამ მოახდინა კენჭის ყრით. ზოგი გამოყვანილი და საზოგადოების ერთი ნაწილი უკმაყოფილოდ დარჩნენ კენჭის ყრაზე.“ ეს კენჭი ჩვენ ვერ გაგვიგია და არც გვსურსო,“ ამბობდნენ. მაგ. რამ კენჭის ყრით ვისაც ხვდა ჯარში გასვლა წარდგენილნი მაინც იყვნენ ქუთაისს სამაზრო სამმართველოში. აქ კომმისიამ, რომელშიაც ერივნენ მაზრის უფროსი და მომრიგებელი შუამავალი ლუკა ავალიანი, გაანთავისუფლა 5 კაცი. 3 საკუთარის უვარგისობის გამო სამხედრო სამსასურისათვის, ერთი იმიტომ, რომ მისი ოჯახი მარტო მისგან რჩებოდა და მეხუთე — არსენიძეს[2] ვითომ ამ გვარივე მიზეზი აბრკოლებდა.... პირველის ოთხის კაცის დაწუნება მართლაც სამართლიანი იყო, მხოლოდ რაც შეეხება არსენიძეს, ის მიზეზი, რომლითაც კომმისიამ იგი დააბრუნა, სრულიად არ შეჰფერის მას. იგია შეძლებული ოჯახის შვილი, სამი ძმა და დედ-მამა ჰყვანან მუდამ ჯანმრთელნი. ბუნებითი ნაკლულევანება, რომელიც საზრდოს მოპოვებას უშლიდეს, მათ სრულიად არა აქვთ.
რადგანაც ამ შეძლებულს ოჯახს არ ეჭაშნიკა მისი წევრის გაყვანა, მან კალთა დაუჭირა ვიღაც ხერხიანს ი—შვილსა, „ჩვენი ოჯახის შვილი გვიხსენი ჯარში სამსახურითგანო“. ამანაც, რასაკვირველია, ლუკმა-პური რომ იგდო, შეჰპირდა. ამ ი—შვილს იმის იმედი უფრო ჰქონდა თურმე, რომ, როგორც თვითონ ამბობდა: „მაზრის უფროსს შვილს მინათლავსო, პრისტავი ბიძა არის ჩემიო და მომრიგებელი-შუამავალიც ბიძაშვილის ქმარიო, ერთს გლეხს კი არა, მთელს სოფელს თავ-უკუღმა დავატრიალებ, თუ მოვინდომებო“.
თავდაპირველად ამ ი—შვილის ცუღლუტობამ კინაღამ გასტანა. მან იხმარა შემდეგი ხრიკი წარადგინა არსენიძის მთელი ოჯახი, გარდა წილად ხდომილისა, მაზრის სამმართველოში. იმავე დროს კერძოდ უთხრა მაზრის უფროსს, რომ თუმც ეს ოჯახი ხუთის სულიდგან შესდგებაო, მაგრამ მისი მრჩენელი ეს გამოწვეულია, რადგანც მამა და უფროსი ძმა ბუნებითის ნაკლულევანების გამო ვერ მუშაობენო, და ერთი ძმაც ამაზე უმცროსი ჰყავსო (მიუთითა სულ უმცროსს ბიჭზე, 17 წლის ყმაწვილზე, დამალული 20 წლის იყო), და ამიტომაც გთხოვთ გაანთავისუფლოთ წილხდომილი არსენიძე დროებით ჯარში სამსახურიდგანო.
ახლა გავსინჯოთ ამ სიტყვების სიმართლე. მამას - ნეკი მოკაკული და უსახელო თითი ცოტა მოხრილი აქვს (ცეცხლისაგან დასწვია პატარაობისას). ამას იგი არაფერს უშლის და ძალიან იწყენს, რომ ვინმემ უთხრას — სული არ გივარგაო. უფროს შვილს ცალი ხელი ოდესღაც სტკივებია... ამან იცის გიშრის ნივთეულების მშვენიერი კეთება, ასე რომ ამ ხელობისაგან მას წელიწადში 150—200 მ. შემოჰსდის.
ამითი ისარგებლა ი—შვილმა, რომელმაც ურჩია მათ: მაზრის სამმართველოში თქვითო, რომ თქვენი ნაკლულევანებანი ძრიელ ჭირვეულნი არიან, მუშაობას გიშლით და თქვენი მრჩენელი ჯარში გამოწვეულიაო. იმათ, რასაკვირველია, სიხარულით აღასრულეს ეს დარიგება. ზემო მოხსენებულის ნათესავების დახმარებით ეს აშკარა სიცრუენი აზნაურისა ჭეშმარიტებად მიიღეს და არსენიძეც, სხვა ოთხის ნამდვილის ნაკლულევანების მქონებლებთან, კომმისიამ დაუბრუნა საზოგადოებას: „ამათი მაგიერი სხვანი ამოარჩიეთო“.
მაშინ მანდიკორის საზოგადოებაში ჩამოვიდა მაზრის უფროსის თანაშემწე უფ. ალშიბაია, რომელსაც მთელი მანდიკორის საზოგადოება ძრიელ ემადლიერება კეთილ-სვინიდისიანობისთვის. ამ უფ. ალშიბაიამ უთხრა საზოგადოებას: ხუთი კაცი ხელახლა უნდა ამოარჩიოთო და კენჭით გსურთ, თუ უკენჭოდ ამორჩევით მათი გაყვანაო. საზოგადოებამ ერთხმად შესძახა: „უკენჭოდ ამორჩევით გვსურს, ბატონოო!“ ამის შემდეგ საზოგადოებამ ამ საქმის შესასრულებლად ამოირჩია 16 კაცი. ამათ გამოსცვალეს ის ოთხი ნამდვილ ნაკლულევანების მქონებელნი და მეხუთე — არსენიძე კი ხელახლა ამოირჩიეს, რადგანაც იგი მოგონილი მიზეზის გამო და კომმისიის მიდგომით იყო დაწუნებული.
მაშინ არსენიძის მამა მივიდა უფ. ალშიბაიასთან და მოახსენა: „რადგანაც საზოგადოებამაც ამოარჩია ჩემი შვილიო, კი წავა, შენი ჭირიმეო“.
ზემოხსენებულმა აზნაურმა იფიქრა: არსენიძე თუ წავიდა, შენი მტერია, რაც მე იმისგან ნამსახური მაქვს, მთხოვსო და კიდევ დააიმედა ოჯახი: „ნუ გეშინიათ გაყვანისაო“. იმ წამშივე გაჩნდა ქუთაისში, შესაფერ კუთვნილებანით ზემო მოხსენებულს ნათესავებთან და ისე მოახერხა, რომ მაზრის უფროსმა, თვინიერ ყოვლის კომმისიისა, დააბრუნა არსენიძე და უბრძანა მამასახლისს: რადგანც ეს უკანონოდ არის ამორჩეულიო, სხვა ოჯახები ჩამოიყვანე ქუთაისშიო და იმათაგან გამოვიყვანოთ ამის მაგიერიო.
მამასახლისმა გამოუცხადა მაზრის უფროსის ბრძანება სოფლის მსაჯულებს და იმ ოჯახებს, რომელთაგანაც მაზრის უფროსი აპირებდა არსენიძის სამაგიეროს გამოყვანას. ეს მთელმა საზოგადოებამ შეიტყო და საშინლად გაბრაზდა: „თუ ჩვენს განაჩენს მეტი რწმენა არა აქვს, მაშ რაღას გვკითხავდნენ კაცების გამოყვანას? და რადგანაც გვკითხეს, ჰსჩანს ჩვენი საქმე ყოფილა და ვინც ამოვარჩიეთ, იგინი მიიღონ, თუ არა და — ეს მათი საქმეა — თვითონ გაიყვანონ; ჩვენ სხვებს არ ამოვარჩევთ“, ამბობდა საზოგადოება. ამასთანავე ერთი ნაწილი საზოგადოებისა, მამასახლისისა და მწერლის დაუკითხავად ჩავიდა ქუთაისში, მაზრის უფროსის სანახავად და საქმის ვითარების ასახსნელად. მამასახლისმა და მწერალმა, რომ შეიტყვეს ეს, იმ წამსვე დაედევნენ უკან, რადგანაც მათი მოვალეობაც ამას მოითხოვდა. ქუთაისში რომ მივიდნენ, მაზრის უფროსს გამოეცხადნენ. მწერალი ერთმა ხელოსანმა მაშინვე გააგზავნა სადღაც, დარჩა მამასახლისი პირის-პირ მაზრის უფროსისა. მოგეცათ სიცოცხლე, რაც ვერსები მან უბრაგუნა ალალ-მართალს მამასახლისს და ურიგო სიტყვებიც თან მიაყოლა! ბოლოს უკივლა: „შე ხალხის ამჯანყებელო, მაგ ჯაჭვს აგხდი და ციმბირში გაკვრევინებ თავსო!“ და გამოვიდა ეზოში, სადაც ხალხი იდგა. ერთი-ორი ხალხსაც შეუკურთხა, ხალხსაც და პირდაპირ ციმბირში გაგზავნა, ჩასჯდა ფაეტონში, დაემუქრა ხალხს: „გუბერნატორთან მივდივარ და თქვენს სეირს გაყურებინებთო!“ და... გასწია…
ეს დაინახა ხალხმა და სთქვა: „თუ მასეა, ჩვენც კი გვაქვს ენაო, ჩვენც გიახლებით გუბერნატორთან და მოგახსენებთ ჩვენს სიმართლესო“, — თქვეს და აასრულეს. მაზრის უფროსი ფაეტონით მიჰქროდა გუბერნატორთან საჩივლელად საზოგადოებაზე, და საზოგადოება ფეხდაფეხ უკან მისდევდა მაზრის უფროსის ფაეტონს — გუბერნატორთანვე საჩივლელად მაზრის უფროსის ნათესავის გულისთვის მიდგომით მოქმედებაზე და აზნაურიშვილის ცუღლუტობაზე... ფაეტონის წყალობით მაზრის უფროსმა მიასწრო საზოგადოებას, მაგრამ მისდა სამწუხაროდ გუბერნატორი არ ყოფილიყო შინ. როდესაც გუბერნატორი მოვიდა შინ, შეხედა ხალხს თავის სახლის კარებთან, იკითხა მათი სადაურობა, მიზეზი მოსვლისა და გულსმოდგინედ მოისმინა მათი საჩივარი…
ფერ-ცვლილი მაზრის უფროსი გუბერნატორის გვერდით ცოტა მოშორებით იდგა…
თავის საჩივარში საზოგადოება სხვათა შორის ხშირად იხსენიებდა აზნაურის ცუღლუტობას და ამბობდნენ: „ამ აზნაურისგან მოსვენება არ გვაქვს, სიცოცხლე გვიჭირსო“. გუბერნატორმა იკითხა: „სადაურია, რა კაცია ეს აზნაურიო?“ მაზრის უფროსმა წამოიძახა: „ვიღაც ოკრიბელია“. მაშინ ერთმა გლეხმა აიმაღლა ხმა და სთქვა: „ვიღაც კი არა, ბატონო, ის კაცი ასე ამბობს — მაზრის უფროსი შვილს მინათლავსო, ამიტომ ვითმენთ მისგან ამდენს წვალებას და ყოველგვარს სიავეს, თვარა სხვას კი არ მოვუთმენდით…“
როდესაც საზოგადოებამ გაათავა საჩივარის მოხსენება, მაშინ გუბერნატორმა მადლობა უთხრა მას, მართლადაც მადლობის ღირსს და ურჩია, რომ კვლავაც ასე გაბედულად მოდით ჩემთან, თუ რამ გასაჭირი გექნებათო და მე ყოველთვის დიდის კმაყოფილებით მოვისმენო…
საქმე კი ქუთაისის ოლქის მმართველობას გარდას. ცა განსახილველად. იქ დაინიშნა კომმისია, რომელიც ყოველ მხრივ მიუდგომლად იქცევოდა. მისგან მოხდენილ გამოძიებამ დაამტკიცა ა) რომ არსენიძის მამის და უფროსის შვილის ბუნებით ნაკლულევანებანი სიცრუეა და ბ) რომ ეს ოჯახი სრულიად არ არის ჯარში გასაყვან წევრისაგან სარჩენათ... ამ საფუძვლებით ჯერ კენჭი ხდომილი და მეორედ საზოგადოებისგან ამორჩეული არსენიძე გაყვანილ იქნა დროებითი ჯარში…
ეს გახლავთ ამ საქმის ნამდვილი მოთხრობა.
ი—ა—ძე.
სოფ. ბობოთი, ქუთ, ეზრა.
4 მარიამობისთვე
________________
1 „დროების“ რედაქციას ვსთხოვ გადაბეჭდოს მ. არქიმანდრიტის შესახებ წერილი, რათა გაასწოროს თავისი შეცთომა, რომელიც ამას წინად იყო „დროების“ დღიურში. ავტ.
2 ეს გვარი ანდრიაძეთაა შეცვლილი №28-ში
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
საპოლიტიკო მიმოხილვა
თუმცა სრული მშვიდობიანობა არ მოჰყვა კონგრესს ბალკანიის (ნახევარ-კუნძულზედ ხომ სისხლის ღვრა ჯერაც არ შემდგარა); თუმცა ჯერ მრავალ-გვარი შიშია წამომდგარი, მაგრამ მაინც მშვიდობიანობის იმედი ევროპელ სახელმწიფოთა შორის თან და თან რო მკვიდრდება და ვრცელს ადგილს იპყრობს საზოგადოების მხედველობაში, ამ იმედის სიმტკიცე ცოტად თუ ბევრად დამყარებული უნდა იყოს, რასაკვირველია, სხვათა შორის იმ შინაგან მდგომარეობაზედ, რომელშიაც იმყოფება ზოგიერთ სახელმწიფო. თუნდ მაგალითებრ გურმანია. გამარჯვება ომში, ყოველ-გვარი დაპყრობა, თვისის სამფლობელოს გაპტყელება კარგი რამ არის, მაგრამ თუ შინაგანი მდგმოიარობა განსაცდელშია, თუ შინაობაში ვაი-ვაგლახის მეტი არა ისმის რა, არს მგონია, რომ ვისთვისმე სანატრელი იყოს ომიანობა. აბა როგორღა უნდა მოაგონდეს ომი კნიაზ ბისმარკს, როდესაც ხალხის უკმაყოფილება გერმანიაში ისე აშკარად არის გამოჩენილი, რომ ლამის თვით აწინდელი წყობა სახელმწიფოისა დაირღვას და ლუკმა-ლუკმად იქცეს; როდესაც მთავრობის ჭკუა-გონება მთლად იმაშია, რომ როგორმე შეიმაგროს სახელმწიფოის შენობა, გამონახოს სახსარი, რათა დასძლიოს შინაგანი მტერი, რომელსაც თითქმის ყოველ კუთხიდამ ამოუყვია თავი. მთავრობა ამისათვის, რასაკვირველია, არ ზოგავს არც ხალხის თავისუფლებას, არც სიმართლიანობას, და მით, რასაკვირველია, უფრო მეტს განსაცდელს უმატებს თავის ხალხს და სახელმწიფოს… ახლა არჩევანი გერმანიაში გათავდა ამ ჟამად და ცხრა სექტემბერს უნდა შეკრებილ იქმნეს ახალი რეიხსტაგი. უწინდელი რეიხსტაგი, როგორც მოგეხსენებათ, დათხოვნილი იყო მთავრობის მიერ იმიტომ, რომ რეიხსტაგმა უკუაგდო მთავრობის წინადადება სოციალ-დემოკრატთა შესახებ. ამ ჟამადაც ყველაზედ უწინარეს შეტანილ იქმნება რეიხსტაგში წინადადება კანონად მისაღები, რომელიც დიდი ხანია დამზადებული აქვს მთავრობას და რომელიც შეტანილია კიდეც მოკავშირეთა საბჭოში. ეს ახალი კანონი სოციალ-დემოკრატთა შესახებ უფრო სასტიკია, ვიდრე პირველად შედგენილი და უკუგდებული რეიხსტაგის მიერ. გასაოცარი რამ კია ეს ახალი კანონი; იგი იმ გვარად არის მომართული, რომ მისი წარდგენა პარლამენტის წინაშე არის იმავე მუშტის შემოკვრა ხალხის წარმომადგენელთათვის და მათის კონსტიტუციისათვის. ძალიან ამაყი და უშიშარი უნდა იყოს კაცი, რომელიც ხედავს ამისთანა კანონის წარდგენას თავის ხალხისათვის, და დიდად ყურმოჭრილი და მიძინებული უნდა იყოს ხალხი, რომ მიიღოს ამ გვარი კანონი. კანონი მიმართული ყველა საზოგადოებისა და ასსოციაციის წინააღმდეგ, რომელსაც განზრახვა ექმნება შესცვალოს აწინდელი წყობა. ყოველი ამ გვარი საზოგადოება აღკრძალული უნდა იქმნეს; ქონება და ფული წაერთმევა, ყოველგვარი წერილი, წიგნი თუ სხვა რამე დაბეჭდილი ფურცელი, რომელსაც დაეტყობა სოციალისტური მიმართულება, მთავრობას ნება ექმნება აუკრძალოს. ზემოხსენებულის მიმართულების პირთ ამ და ამ ადგილას ცხოვრება. სტამბა, წიგნის მაღაზია, ბიბლიოტეკა, სასტუმრო და დუქანიც, თუ პოლიციამ შეამჩნია რამ ზემოხსენებულისაებრ, უსათუოდ დაკეტილ უნდა იქმნენ. ყველა ამ აღკრძალვისა და დაკეტვის უფლება ეძლევა პოლიციას. ასე რომ, ყოველ პოლიციის მოხელეს, თვით დესიატნიკსაც შეუძლიან აღკრძალოს, თუ საეჭვო რამ დაინახა; რასაკვირველია, ჩივილი შეიძლება, მაგრამ მაინც პოლიციის გადაწყვეტილება ფიცხლავ უნდა იყოს მოყვანილი აღსრულებაში. ჩივილი შეტანილ უნდა იქმნეს „იმპერიის წერა-ბეჭდვისა და ასსოციაციის გამგეობის“ წინაშე. ეს გამგეობაც ახლად იქმნება დაარსებული. საქმე ის არის, რომ უწინდელ წინადადებაში, რომელიც უკუგდებულ იქმნა რეიხსტაგის მიერ, სოციალ-დემოკრატთა დევნაში უმაღლესი ზედამხედველობა ცოტად თუ ბევრად რეიხსტაგსაც ეკუთვნოდა. ახლა კი თვითონ რეიხსტაგი ჩალადაც არ არის ჩაგდებული. საეჭვოა, რომ ახალმა რეიხსტაგმა, რომელიც ბევრად არ ერჩევა ძველს, მიიღოს ეს ახალი კანონი, რომელიც მთლად ამოფხვრას უქადის იმ ცოტაოდენ თავისუფლებასაც, რომელიც უჭირავს გერმანიას.
9 მარიამობისთვეს გამოიცა შემდეგი უმაღლესი ბრძანება რუსეთში: ამ ბოლოს დროს ძალიან გახშირდა სხვა და სხვა დანაშაულობა სახელმწიფოის წინააღმდეგ, უმორჩილობა და წინააღმდეგობა უფროსთა წინაშე, დაყენებულთა მთავრობის მიერ, და სხვა და სხვა ავკაცობა მიმართული მოხელეთადმი. ყოველის ამის საფუძვლიანი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ არსებობს მთელი წრე ფარულთა ავკაცთა, რომელნიც, სხვა და სხვა სარევოლუციო ქადაგებათა ძალით, ცდილობენ აღმოფხვრან სახელმწიფოის წყობა. ამ პირთა აზრით საჭირო არ არის არავითარი საზოგადოებრივი წესიერება, საკუთრების ხელუხლებელობა, ოჯახობის სიწმინდე და თვით რწმენა ღმერთისა. ავკაცთ მათთა განზრახვისათვის არავითარი საშუალება არ ეზიზღებათ, რაც უნდა ბოროტი და უზნეო იყოს იგი, და სხვა და სხვა ავკაცობით ამღვრევენ საზოგადოების მშვიდობიანობას და აშინებენ მთავრობის მიერ დაყენებულთ უფროსთ, რომელნიც მოვალენი არიან დაიცვან საზოგადოება და წინააღუდგნენ ამ აღმაშფოთებელ მიდრეკილებას. საჭიროა სწრაფად მიღება იმ გვარ განკარგულებულ საშუალებათა, რომელთაც შეეძლოთ ჩქარი და სასტიკი დასჯა ზემოხსენებულის ავკაცობისა. ამისათვის სასიკეთოდ დავინახეთ ჩვენ, რომ საქმენი ამ გვარ დანაშაულობათა შესახებ განრჩეულ იქმნენ დროებით სამხედრო სასამართლოთა მიერ, დახმარებულ იქმნენ სამხედრო კანონები ომიანობის დროისათვის დადგენილნი. ამისათვის ვბრძანებთ შემდეგს: ხსენებულ შემთხვევაში, პირნი, დამნაშავენი იარაღით წინააღმდეგობაში უფროსთადმი, ანუ თავ-დასხმაში პოლიციისა და ჯარისკაცთა ზედა და საზოგადოდ ყველა მოხელეზედ მისის აღსრულების დროს, თუ ავ-კაცობას მოჰყვა კაცის კვლა — ანუ მოკვლის სურვილი, დაჭრა, მძიმედ ცემა, — ყველა ამაში დამნაშავენი სამხედრო სასამართლოის სასჯელ ქვეშ უნდა იყვნენ მიცემულნი.
![]() |
3 პროვინციალური მეთვალყურის ჩივილი და შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
პროვინციალური მეთვალყურის ჩივილი და შენიშვნები
I
მოდი, ჩემო კალამო!
დრო არის მოგესალამო
და შენით შეგიმზადო
წყლული გულის მალამო.
აბ. მაჩაბელი
ბედმა მარგუნა, ჩემო მკითხველო, პროვინციაში ცხოვრება, მაგრამ ამ „ბედს არ ვემდური, ვარ და ბედნიერი ვარ“. ბედნიერებაა, მე და ჩემმა ღმერთმა, იმ ხალხში ცხოვრება, რომელსაც შენ და მე, მკითხველო, აღუზრდივართ, ვის კალთაშიაც ჩვენ უდარდელად და უზრუნველად ვგორაობდით და კიდევაც ვგორაობთ. ჰხედავ გლეხის დაფიჩხებულს ხელებს, დამსქდარს ფეხებს, რომლის გული მიწა-მწვარა და მუწუკს ამოუფლეთია; ჰგრძნობ, სწუხხარ, რომ ამისთანა გახროკილს უღელში აბია და კისერს აცვეთს შენს აღმზრდელს, შენს საუკუნო ლალას, და ნუგეში ვერა გიცია რა; ცარიელი ლიტონის სიტყვით ბევრი არა გამოდის რა და საქმეზედ კი ნაკლებად გახლავართ. - ბევრს ბრიყვს კაცს კი ეთაკილება სოფლად ცხოვრება; გულის ზაფრა მოსდის, თუ დიდ-ხანს დაჰყო „ტეტიებში“, იმ „ტეტიებში“, რომლებსაც დღე და ღამე გაუსწორებიათ, სისხლის ოფლი უღვრიათ, ცხელ პაპანაქებაში ცეცხლის პური უჭამიათ და იცით — რათა — „თეთრ-ფაცებიანის“ აღსაზრდელად. დახე უბედურებას: რა ძნელია, რომ მჭამელ-მცარცველნი თვისს აღმზრდელებს ვეღარც კი სცნობენ, ეზიზღებათ იმათთან ცხოვრება, მათის ხელის ჩამორთმევა!? შე ასეთ-ისეთო, ვისი წყალობით ხარ „თეთრ-ფაცებიანი“ და „ჩინიანი“? კანდახეთქილი, ეკლისაგან გაზებ შეხაზულ-შეკაწრულის გლეხისაგან. ასე გასინჯე, ის პირნიც, რომელნიც ახლო სდგანან ხალხზე, ერიდებიან ხალხს, მაგ. სასოფლო შკოლის მასწავლებელნი. სამწუხაროდ ჩვენდა, „ივერიის“ №22-ში წავიკითხე უფ. ძამსაშვილის კორრესპონდენცია, სადაც სხვათა შორის, უფ. გ. ქუჩუკოვზედ ამბობს შემდეგს: „უფ. ქუჩუკოვის ნაკლულევანებათაგანი ის არის, რომ ხალხს ერიდება — რა ჩემი საქმეა ხალხში გარევა, სხვანაირად მიიღებენო“. სამწუხაროა ეს ამბავი მით უფრო, რომ ქუჩუკოვი თვით ხალხის შვილია, მის კალთაში დაბადებულა და მისი ნანინათი აღზრდილა. როცა კაცად აქცია, მაშინ მას ერიდება? სოფლის მასწავლებლად რაკი მიდის კაცი, მაშინ იმან ყოველივე ბრმა თავის-მოყვარეობას უნდა თავი დაანებოს, ხალხს უნდა დაუკავშირდეს. ყოველი ჩვეულებანი, რწმუნებანი, ავი თუ კარგი, გაიცნოს, თორემ ის ვერას გააკეთებს, მისი „ხმა დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ხალხისა სხვანაირად მიღებისა გეშინიათ, თუ სხვისი ვისმე? უფრო ვისიმე, არა? აი, აი, აი!! თქვენი დედ-მამა ეს არის და მას უერთგულეთ, თუ ჭკუა გაქვთ!...
ოჰ, მკითხველო, იცით თუ რა ძნელია იმ როლის თამაშობა, რომელიც მე ვიკისრე, ე.ი. პროვინციის მეთვალყურობა? შეხვდებით აქ, პროვინციაში, „თეთრ-ფაციანებს“, ხედავთ იმათ უმსგავსო ქცევას და გული ვარამით გევსებათ. ეს ვარამი ისეთნაირად გიშუშხავთ გულს, თითქოს სავსე ტაშტით ნაღვერდალი ჩაუღვრიათო. რა გაეწყობა ამის მეტი: უნდა, ჩემო მკითხველო, ამათ მოსაშორებლად, ლაფის დასასხმელად, მათის ბოროტის გესლების საკლავად ვიხმაროთ კალამი — ესღა დაგვრჩენია. ამ ქვეყნის შემობორბოქებულ საგანს შევამზადებინოთ ჩვენის დაწყრულებულის გულისთვის მალამო და მერმედ შევსძახოთ უშიშრად ჩვენი პოეტის სიტყვებით (მე საცოდავს თვით მსურდა შესხმა რამ მეთქვა, ბუნებას ლექსთ-მთხზველად არ დავუწესებივარ):
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად გავაგდოთ ხალხში
ბოროტ-საკლავად, — და შორიდამ სეირს ვუყუროთ.
ბოროტ-მოქმედებს შხამიანი კალმით უნდა ებრძოლო, გვერდები უნდა ჩააჭიანებინო, ჩაახვრევინო, რომ მალე ჩაიფუშოს. მოგეცათ ღვთის-წყალობა, რომ კარგი სასეიროა ხოლმე, როდესაც ბოროტის მომქმედს საიდანღაც გამოუტყვრება უხეირო ბატის კალამი, ან დაჟანგულის რკინისა, გაუგმერს გულს, უკბენს და მარტირუზასავით ასკიკუკას ათამაშებს. „ჰე, უგებ ნიშანს, შე თავ-ლაფიანო, იხტუნე ხანდისხან შენცაო! თუ თქვენ სხვა ღონისძიებათა ძალით გვიკლავთ გულს, ჩვენ ამ პაწაწინა ისრით თვალებს დაგჩაჩქნითო“. ხშირად შეგხვდებათ ჩივილი, რომ ამა და ამ ჩინოვნიკზე რაღაცაები დაუწერიათო, შეგხვდებათ თვით „ჩინიანიც“ შეწუხებულის სახით და სახეზედ ჯავრისგან ოფლით (ხვირთქლით). მაგრამ იმდენს იძვრენენ, რომ თავი დაიხსნან. „თვისი პერანგი ტანთან ახლოაო“, — იტყვის რუსული ანდაზა. მისი არ იყოს: ერთი „ჩინიანის“ კუდი მეორესთან არის ჩაკვანძული. რასაკვირველია, რომ არ მოინდომებს გამოხსნას და ნამდვილის გამოაშკარავებას: „თავში ქვა მირახუნონო, მე მაინც დავიფარავ, რაც უნდა მომივიდესო“. ვინ გააშტერებს? ესეც ხომ უცოდველი არ არის, ცოტა რამ ცოდვის ნამცეცები ადგია გულზედ და ვაი თუ დაახრჩოს. ამ გვარად ერთი „ჩინიანი“ მეორეს ხელს უმართავს ბოროტმოქმედებაში. მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც ბევრს კი ჩასცხებს ხოლმე ცხვირში საწყლის მსუბუქის კალმის ნაჩხაბნი. როგორც მე და შენ გვინდა, მკითხველო, ისე კი ვერ, მაგრამ ჩაჰკრავს კი ხოლმე.
ახლა, მკითხველო, თუ არ მომიწყენ, ნება მომეცი, რომ ერთი მოკლე ლაპარაკი ჩემს მეგობართან მოვიყვანო — ამასაც შენიშვნა ჰქვიან — და მერმე დავიწყოთ პროვინციის ამბები. მართალია, ჩვენ ისეთი ზარმაცები ვართ, რომ ლაპარაკი გვეზარება ხოლმე, მაგრამ რადგან ქართული ნაწერი იშვიათად გვხვდება, მგონი, რომ მოისურვოთ და არ დაიზაროთ წაკითხვა. ამას წინად მე და ჩემი მეგობარი ვეცით გაცოფებულივით ახლად მოსულს „ივერიის“ №22-ს და, როგორც მოგეხსენებათ, უწინ მოვნახეთ „საპოლიტიკო მიმოხილვა“. ეს უფრო მიგვიზიდავს ხოლმე, რადგან სოფლად ვცხოვრობთ და უცხო ქვეყნების ცხოვრების მიმდინარეობა, და უფრო ეხლანდელი დახლართული, გვინდა ხოლმე გავიგოთ. „ვაი, შე საცოდავოო!“ — შეჰყვირებს მკითხველი, „შენი საცოდავი სამშობლოს ცხოვრების კიბოსავით მიჯაჭვას დაუგდე ყური, სანამ უცხო ქვეყნებისასაო“. რა ვქნა, მკითხველო, არ მივადევნებთ განა? მაგრამ მოგვწყინდა ლამის ამდენი ერთფერობა, უსულობა ჩვენის ცხოვრებისა: მუდამ ერთმანეთში შური, უსიყვარულობა, დაუნდობლობა, ქედ-დრეკილობა მუდამ მდაბლის ჩაგვრა მაღლისაგან, რომელიც ზღაპრულ კუდიან დედა-კაცივით შემჯდარა გლეხზე, როგორც როდინის ქვაზედ კუდიანი, და ფოჩიანი მათრახით მიერეკება.. თუ ხმა გასძრა, შეუტევენ: შე უბედურო! რით ვერ გაიგე, რომ უღონო ყოველთვის ღონიერის წინ ბრალიაო. ამას ეუბნება ერთი კაცი ათასს. ღმერთია! სამართალია...... უჰ, შე ძალიან გადავტოპე და დავშორდი ლაპარკის საგანს, დიახ, ვეცით „საპოლიტიკო მიმოხილვას“, რომ გული გვენუგეშებინა. მართლაც და ვინუგეშეთ გამოჩინებულის მოხუცებულის პოეტის ვიქტორ-ჰუგოს სიტყვით, რომელიც იმას წარმოუთქვამს ვოლტერის თაობაზედ. როდესაც ჩავედით ამ სიტყვებამდე: „ვოლტერმა მეთქი, მარტოდ მარტო იკისრა ბრძოლა (ამ) ყოველგვარ უსამართლობასთან. რა იყო მისი იარაღი? ის, რასაც აქვს სიმსუბუქე ნიავისა და ძალა მეხისა, ე. ი. კალამი. ამ იარაღით უბრძოლია, ამ იარაღით გაუმარჯვნია“ — აქ მე ვეღარ შევიკავე თავი და წამოვიძახე:
— ოჰ, ღმერთო, ღმერთო! რა სიტყვებია!! როგორა ჰსჩანს, რომ გულფიცხი ფრანციელი ლაპარაკობს.
— დიახ, ფრანციელი ლაპარაკობს და ლაპარაკობს, ნუ დაივიწყებ, თავისუფალ ხალხში, იმ ქვეყანაში და ხალხში, რომელსაც სისხლი უღვრია, ეკლის გზაზედ უშიშრად უშაშრავს — და რისთვის? — კაცობრიობის კეთილდღეობისათვის, თავისუფლებისთვის... ვაი, ჩვენი ბრალი.... გაწყვეტით ჰსთქვა ჩემმა მეგობარმა და დაუმატა: ვითომც ჩვენც ნახირ-ნახირ რაღა!? დავიწყობთ რისამე თქმას და უნდა თან დავატანოთ ანდაზა: „ბევრის თქმა მინდა, მაგრამ პირი წყლითა მაქვს სავსეო“, როგორც მაგ. უფ. ბედკრულაძის სტატია „ცხადი და სიზმარი“ (ივერიის №26-ი). რამდენი მწარე ფიქრები აღელვებენ ჩვენს თანამოძმე ბედკრულაძეს, მაგრამ სუო, ეუბნებიან. გავათავებთ რასმეს და ზედ დავატანთ, მაგ. როგორც უფ. ს. ბავრელის სტატიაში „მგზავრის შენიშვნები“ (ივერიის №25-ი): „ბევრი რამ დამრჩა სათქმელი — ბევრისაც თქმა ვერ შევიძელი, რადგან პირი წყლით მაქვს სავსე“. რა გინდა ქნა ამისთანა ოხერს დროში, ამისთანა ხელშეკრულობაში საზოგადოების მხრივ; რაც კარგი გულ-საწვავი რამ გაქვს სათქმელი, ვერ ამბობ, რადგან გეუბნებიან გაგრძელებით: სუუოოო!..
— ბიჭოს, მაშ მე თავისუფალი არა ვარ? მაშ მე ვერ ვიტყვი, არა მაქვს ნება ამის თქმისა? ოჰ, ნეტა ვეღირსებით იმ ჟამს, რომ კალამს, ამ მსუბუქს იარაღს, მაგრამ მეხს, ისეთივე ძალა ჰქონდეს ჩვენში, როგორიც სხვაგან? — ვუთხარი მე.
— ერიჰა, მეგობარო, შენ ლამის სულ ჭკუიდამ გამოხვიდე. მაგას ვინ გიშლის: იმდენი ინატრე, ივახ-ვახე, მინამ ენა დაგეღლებოდეს, ან მოგწყინდებოდეს. მხოლოდ ეს არის, რომ შენი ნატვრა ნატვრათვე რჩება, ვაჰი-ვოჰი, ვაჰი-ვოჰხათ და სხვა არაფრად. შენ, ჩემო ძამიავ, ძალიან შეტევით ბძანებ: „ბიჭოს, მაშ მე თავისუფალი არა ვარ?“ ძალიან კარგი, ძალიან კარგი, ხარ თავისუფალი, არც ამაზედ გაწყენინებ. მაგრამ, და ისევ მაგრამ, შენ, თუ მე, თუ სხვა, ისეთი თავისუფლები ვართ, ისეთი თავისუფლებით ვსარგებლობთ, როგორც გალიაში დამწყვდეული ჩიტი, რომელიც თავის გალიის ოთხ კედელს აწყდება თავისუფლად, თვის ნებით, რომელსაც ჭიკჭიკს, გალობას არავინ უშლის. მაგრამ რომ გამოუშვა, ისეთი ხალისით იჭიკჭიკებს, იგალობებს, მივა-მოვა, როგორც გალიაში? სულაც არაო. ჩვენც ისე გახლავართ. ოთხ კედელ შუა რაც გინდა ილაპარაკე, ვინც და რაც გინდა კეთილშობილურის გულის ღელვით გაჰკიცხე, როგორ კილოზედაც გინდა უგალობე შენს წმინდა აზრებს. მხოლოდ სულო და გულო, შენი ცხვირის წინ, ოთხ კედელ შუა ჩაიდინე და მასთან თვალები გაფიცხებული გეჭიროს, კედლიდგან „ბუა“ არ გამოგიხტეს. როცა შენ ოთახში — გესმის! — შენ ოთხ კედელ შუა გულმა მოგცეს და წამოწოლილი სადილს შეექცეოდე, იქაც გაფრთხილდი, რა კაცი მეთვალყურე არ გამოგიხტეს და შენს უმანკო მოქმედებას — წამოწოლას — სხვა მნიშვნელობა არა მისცეს რა. ახალი რამ რომ შეითვისო, გაიგო, დაბალის ხმით შენს თავსვე თუ არ უთხარი, პირში ბურთს დაგიცობენ უფ. შჩედრინის აღწერილ მოლჩალნივით, რომელსაც მედიცინურ აკადემიაში მოსწავლე შვილი ეუბნება, რომ კაცი მაიმუნისაგან წარმოსდგებაო. ეს აოცებს მამას და ეუბნება: „ჯერ ერთი ეს, ვეუბნები, შენ მაგას მიჰქარავ, რომ კაცი მაიმუნიდგან წარმოსდგება, და მეორეთ, აბა შენ, უგუნურს, ეგ რომ ვინმემ გაგიგონოს!“ აბა, მართლა ვსთქვათ: რა არის წინააღმდეგი, რომ ვსთქვათ: კაცი მაიმუნიდგან წარმოსდგებაო. არა, განა? მაგრამ ნუ იტყვი — საზოგადოება ჩაგქოლავს. — თუ ის გაქვს სახეში, რომ იცხოვრო მხოლოდ, გაასუქო შენი სხეული ჭიების გასაძღობლად და ერთი ფუთი მიწის მოსაგროვებლად, მაშინ ხელს ვინ გახლებს. ღობე-მძვრალა ჩიტი ძნელი დასაჭერია. მაშინ შენი ცხოვრება ეგვანება ზღაპარს: იყო და იყო რა, იყო ერთი კაცი; ჭამა, სვა და მოკვდა; ჭირი იქა დავაგდე და ლხინი აქ მოვიტანე. სწორედ ასეა ჩვენი ცხოვრება და მონატურნი, მსურველნი ამგვარის ფუჭის ცხოვრებისა მრავლისაგან უმრავლესნი არიან. რა ძნელია, ღმერთო, რომ ცხოვრებაში იყო, კვალი კეთილობისა არა დაატყო რა, მოჰკვდე უხეიროთ და არა იყო რა წაიღო სახელად. „კეთილი რამ რომ შევძინოთ საზოგადოებასაო“, გაიძახიან ზოგნი, თან რა წაგვყვებაო, რას გავიგებთ შავ მიწაში, თუ ჩვენ დიდი სახელი და სახსენებელი დაგვრჩებაო“. მინამ ცოცხალი ხარ, მაშინ ხომ გაიგებ და ასიამოვნებ შენს თავს, რომ შენმა დათესილმა სიკეთემ ნაყოფი მოიტანა; იყო და არა იყო რა, სასელის დარჩენას კეთილი სახელი დავირჩინოთ. კარგია, რომ თქვან: იყო ესა და ეს, ეგდო ქვეყანაზედ ლეშივით, მაგრამ ქვეყნისათვის კი არა იყო რა? სირცხვილი არ არის, რომ მხოლოდ ამ სხეულისათვის ვიცხოვროთ? ბუნებას მოუცია სხვადასხვა კეთილშობილური სურვილებანი, ნიჭიერებანი: სიყვარული, გაკიცხვა უსამართლოებისა, თავ-გაწირვა მოძმეთათვის და სხვ. ყველამ იცის და დარწმუნებულია, რომ სიყვარული ბურჯია ყოველივე კეთილის საქმისა, რომ უიმისოდ არა გაკეთდება რა რიგიანი; რომ სიმართლის ხმა იმას გვეუბნება, რომ განჰკიცხო, სახალხოდ ლაფი დაასხა უსამართლობას, მაგრამ, თუ მიჰყვე ამ ბუნებიდგან მოცემულს გზას, სიცოცხლეს ჩაგაშხამებენ. ამოგლეჯა გულიდგან ამ სურვილებისა არ შეიძლება, დააჩუმებ და გულ-გვამს სამუდამოდ დაგთუთქავს…
— შენი ლაპარაკიდგან ის გამოდის, ჩემო ძამია, რომ უნდა ხმაგაკმენდილი ვისხდეთ ოთახებში და კედლებს, ვსთქვათ, ვუქადაგოთ ჩვენი აზრები, თუ გვაბადია რამე და ისე, რომ არავინ შენიშნოს შენი კედლებთან ბაასი. ვაიმე, ვაიმე! ბიჭო, კედლებთან ლაპარაკს ვიღა დამიშლის, ენას ხომ არ ამოიდგამენ. ისე ჩემი ჭიის გასართობლად ვილაპარაკებ. არა, ეს შენი მოგონილია, შენ გეშინიან, ან არ გინდა ლაპარაკი, როგორც ქართველს, და იმიტომ მაშინებ.
— არა, ერთიც ვნახოთ ენა გამოიბას კედელმა, მერე? ხომ დაიღუპე, — სიცილით მითხრა მეგობარმა. აქ ჩავფიქრდით და ლაპარაკი გავწყვიტეთ. დიახ, მკითხველო, ძნელია პროვინციაში ცხოვრება. ჯერ ვერ შეხვდები მეგობარ კაცს შენის ჭკუისას, შეხვდები და ისეთ გულის გასახეთქებს გეტყვის, რომ დავთრებს დაგიკარგავს. გული გვაქვს წამხდარი ამდენს მხეცებში ცხოვრებით; ჩვენი უდაბნო ქართლი, როგორც ადრევაც შეგატყობინე, მკითხველო, მხეცებით არის სავსე — ორი-სამი კაცი გამოკრთა და რას იზამს. მაგრამ ათასი რომ შემოგბღავლონ, ვერ გაგვახმობენ. ვიხმაროთ ბოროტთ საკლავად კალამი, ყოველი რიგიანი კაცი იმას უნდა ცდილობდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას წამოუყაჭოს თვისი ცხოვრების სიბილწე, იქნება გადმოყრილმა სიჭუჭყის სუნმა, ოხშივარმა, იმათ ცხვირში უღიტინოს და შეახედოს თავის სიჭუჭყეზედ; ერთის სიტყვით მათ ტვინს, სულს და გულს ასსენიზაციაა თუ რაღაც ჯანაბა მოუხდინოთ.
წაკოლა-ც.
1878 წ. 27 ივლისს.
(შემდეგ იქნება)
![]() |
4 მოკლე შენიშვნები სამზღვარ გარეთიდამ |
▲ზევით დაბრუნება |
მოკლე შენიშვნები სამზღვარ გარეთიდამ
(შემდეგი)[1]
IV
ფრიდრიხსვალდი 1 — 4 ივლისის 78 წ.
ივნისის 25-ს, შაფათს, ორ საათზე, მე და ერთი ჩემი ახლად გაცნობილი ყმაწვილი კაცი, სოფლის სასწავლებლის მომავალი ოსტატი, გამოვედით დრეზდენიდამ ვაგზალში, ჯერეთ პირნაში და მერე აქედამ სოფელ ფრიდრიხსვალდში წამოსასვლელად. როგორც კი ჩავჯექით ვაგონში და ორთქლით მავალი მაშინა დაიძრა თავის ადგილიდამ, მე სულ ყურებად გარდავიქეცი. ფანჯრებიდამ ხან ერთ დათესილ მიწას, გზის მხრით შემკობილ ალუბლის და ბალის ხეებით, გავსცქეროდი და ხან მეორეს; მივაჩერდებოდი ორთქლით მავალის მაშინის გზას და ხეებს, რომლებიც ამ გზაზე განგებ დარგულებია; ხან კიდევ განგებ ვეძებდი თვალით მოუვლელს და თავმინებებულს ადგილს, მაგრამ ამგვარს ადგილს მე ვერსად სად ვპოვებდი. მე სულ აქეთ-იქით ცქერაში გავატარე დრო პირნამდინ. აქ მოვედით ოთხის ნახევარზე და შევუდექით რისამე შოვნას სოფელში წასასვლელად. აი კიდევაც ვიშოვნეთ დროშკა ერთცხენიანი. მე ჩემს ნაცნობს ვუთხარი: ეს ცხენი ისე დაშორებულს სოფელში, როგორიც ფრიდრიხსვალდია, ვერ წაგვიყვანს; ამასთან, ხომ ხედავთ, წვიმაც მოდის, გზაში დიდი ტალახი იქნება. ამაზედ აი რა პასუხი მივიღე: „აქ ტალახს რა უნდა; გზები აქ სულ მშვენიერია“. დავემორჩილე ამ კაცის სიტყვებს და ნახევარის საათის შემდეგ გზას გავუდექით. მართლაც გზა მშვენიერება რამ იყო; ამისთვის წვიმას ყურადღება დაეკლო. ამას გარდა, ეს გზა მგზავრს მშვენიერს სურათს წარმოუდგენს და ქართველს მოაგონებს ტფილისის უკეთესს ქუჩას. ამას აქეთ-იქით სულ ბალის და ალუბლის ხეები აქვს ჩარიგებული.
— ვისია ეს ხეხილები? — ვეკითხები ჩემს ნაცნობს.
— გლეხებისაა, ხომ ხედავთ გზის პირებზე დათესილს მიწებს; ვისაც ეს მიწები ეკუთვნიან, ხეხილებიც იმისია, — მიპასუხა ამ ახალგაზრდა კაცმა.
— ამ ხეხილებს განა ქურდები არ იპარავენ, ან კიდევ საქონელი არ აფუჭებს? — ვკითხე კიდევ მე იმას. მივიღე ეს პასუხი:
— „პატრონის გარდა ამ ხეხილებს არავინ ეკარება და რაც შეეხება საქონელს, ამას ხომ ვინ გაატარებს დათესილებში და გზის პირებზე უთავბოლოდ“.
მალე მიეჩვია ჩემი თვალი ასე მშვენიერად მორთულს და გატკეცილს გზას და შორს აქეთ-იქით ცქერა დავიწყე. მანძილი პირნადამ მოკიდებული ფრიდრიხსვალდამდინ მშვენიერს სხვადასხვა სურათს წარმოგვიდგენდა. ერთის მხრით ხედავდით ბორცვებს — პატარა მაღლობ ადგილებს, შემოსილთ ყანებით, რომლებიც ნიავის ქროლვით საამურად იქნევდნენ თავებს, და ამ ბორცვების ძირში სულით გაჩენილ პატარ-პატარა ტყეს; ხან ხედავდით ბორცვებს, შემოსილს ქოჩორა ქათამსავებ ბუნებითის ტყით და ამათ ძირში მიწებს, რომლებშიც იდგა ანუ პური, ანუ ქერი, ანუ ფშვრია ანუ კიდევ კარტოფილი და კომბოსტო; მეორეს მხრით ხედავდით ღელეს ორს პატარა მაღლობთ შორის და ამ ღელეს მისდევდა კოხტა პატარძალის სარტყელივით ფიჭვის და სხვა ხეების ტყე. ამ ტყის ბოლოს სჩანდნენ კრამიტით დახურულნი ორსართულიანი სახლები, რომლებთ შორის ეკლესია თავისის სიმაღლით და წოწოლა გუმბათით ძლიერ ერჩევა. ამ გვარის სურათების ცქერას და დათვალიერებას ხშირად გვაწყვეტინებს სოფლები, რომლებიც გამწკრივებულები არიან პირნადამ მოკიდებული ფრიდრიხსვალდამდინ. აი მივადექით სოფელს „ზუშენდორფს“ და ჩემს ნაცნობს კი აღარა, პირდაპირ კუჩერს ვეკითხები: „ეს რა ქალაქია?“
— „ეს ქალაქი კი არ არის, სოფელია“, — მეუბნება იგი.
აი კიდევ სოფელი „ზეხიშტა“, რომელიც მშვენივრათ გამოიცქირება. ვიფიქრე ჩემს გულში: ეს კი უთუოდ უნდა ქალაქი იყოს და კიდევაც ვკითხე კუჩერს, რომელიც ღიმილით მეუბნება: „ეს სულ სოფლებია და თქვენ ქალაქებად რათ მიგაჩნიათ?“ ჩემს ნაცნობს ახალგაზრდას ღიმილი მოსდის და კუჩერს პასუხს აძლევს: „ისე, უნდა გაგვაბრუოს და სოფლები ქალაქებად დაგვარქმევინოს“. თითქო დაიჯერა ამ კუჩერმა და თავისი შოლტივით გრძელი მათრახი გაუტკაცუნა ძალზე ჩატრუკებულს, ჩასუქებულს წაბლა ცხენსა, რომელმაც ძუგძუგით გასწია. ასე — სოფლების, მათის არემარეების, დათესილის მიწების, ბორცვების და პატარა ღელეების ცქერაში ვიყავი სულ, მინამ ფრიდრიხსვალდში მივიდოდი და ბოლოს დროს მივედი კიდევაც. მოვედი აქ საღამოს შვიდ საათზე და დავბინავდი სასტუმროში. ექვსი დღეა, რაც მე მოხსენებულ სოფელში ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ეს სოფელი, ისე ყველა მახლობლად მყოფი სოფლები თავიანთ მცხოვრებლებითურთ, რამდენადაც შესაძლო იყო, გავიცანი. მინამ ფრიდრიხსვალდის დაწვრილებით და სხვა სოფლების საზოგადო აღწერას შევუდგები, მე მკითხველს უნდა ვუთხრა, რომ ყველა ჩემი ცნობა, რომელიც ამ წერილში და სხვა წერილებში იქნება მოყვანილი, იქნება დადგენილი — დაფუძნებული იმაზე, რასაც მე თვითონ ვნახავ და ჭეშმარიტებით გავიგებ სანდო კაცებისაგან. მე ისეთი სიყვარული მაქვს ჭეშმარიტებისა და პატივისცემა კაცისა, რომ უმჯობესად შევრაცხავ მარჯვენა მოვიჭრა და წყალში გადავაგდო, მინამ განგებ რამ ტყუვილი გამოვურიო ჩემს ნაწერებში, ამისათვის მკითხველთ შეუძლიან ჩემს ნაწერებს სრული რწმუნება აღმოუჩინოს.
X
ფრიდრიხსვალდი დიდი სოფელი არ არის და მდებარეობს ერთ პატარა ღელეში, რომელსაც ორივე მხრივ უწევია ცოტა ამაღლებული ადგილები. შუაში კიდევ მიჩხრიალებს პაწაწკინა უჩინარი წყალი. სახლები გამომწკრივებულია ღელეში და მაღლობებზე. ჯერეთ სახლების ერთი რიგი მისდევს ღელეს ორივე მხრივ; მერე მეორე რიგი, ამ რიგებთ შორის გაზიდულია დაწკრიალებული ქუჩები, თითქო განგებ, ეს არის ეხლა დაუგვიათო. ეკლესია სდგას უფრო მაღლობზე და ამ ეკლესიის მახლობლად ამავე მაღლობიდამ სასწავლებელი მთელს სოფელს გასცქერის და თითქო მგზავრს ასე ეუბნება: „მე ვარ ამ სოფლის აღმაღორძინებელი და პატრონიო“. თითოეულს სახლს დიდი კარ-მიდამო და საბოსტნე ადგილი უჭირავს და ამისთვის სოფელი გრძლად არის გაზიდული. თითოეული სახლი ორ სართულზე ნაკლები არ არის და ზოგიერთ სახლში ხუთმეტამდინ — უფრო მეტი ოთახია. ზოგიერთ სახლს თავის კარ-მიდამოზე, რომელსაც ან ქვითკირის კედელი ავლია, ან კიდევ ერთნაირი ღობე, აქვს დიდი სარაია, სადაც მიწის მუშაობის ყველა იარაღი და საზამთრო შეშა ულაგიათ; აქვე გვერდზე სდგას ქვითკირის, შუაში მშვენიერი სვეტებით, თავლა ცხენებისათვის და ბოსელი კიდევ საქონლისათვის. ყველა სახლები კრამიტით არის დახურული და გალესილი გარედამ კირით, შიგნიდამ გაჯით, ანუ კიდევ სასტუმრო ოთახებს აქვთ გაკრული სხვადასხვა ფერის ქაღალდი; ყველა სახლებში ღუმელები რკინისაა, მაგრამ მათ მილებს (ტრუბებს) კი ერთნაირი აგურები აქვთ გარეშემო შემოვლებული. აგრეთვე ყველა სახლები მორთულია მებელით. ამ სოფელში ორი სასტუმროა ორ-ორ სართულიანი. ამავე სოფელში ნახავთ თქვენ დერციკს, მჭედელს და სხვა სოფლისათვის საჭირო ხელოსან კაცს. მთელი სოფელი თავის შენობებით ისეთ ნაირად მოქმედებს კაცზედა, უმეტესად ქართველ მგზავრზე, რომ მას ჰგონია — ეს სოფელი კი არ არის — სწორედ ქალაქია, თუმცა კი ძრიელ პატარაა.
ფრიდრიხსვალდს უწვია ახლო-მახლო სხვადასხვა სოფლები: „ოტტენდორფი“, „ზაიდევიტცი“, „ნენტმანსდორფი“, „გერსდორფი“, „ბორნა“ და სხვა კიდევ სოფლები. ყველა ამ სოფლებს იმგვარივე შენობები აქვთ, როგორც ფრიდრიხსვალდს და თითოეული მათგანი ზოგიერთ მგზავრს ქალაქად ეჩვენება ხოლმე.
X
აბა ახლა ჩავიხედოთ ფრიდრიხსვალდის ზოგიერთ მოსახლეების ყოფა-ცხოვრებაში. აი ოც-და-ათ წლამდინ მიღწეული ვაჟ-კაცი, მორთული შლაპით, ვიწრო შარვლით, სერთუკით, გახამებულის პერანგით და გავაქსულის წაღებით. კვირა დღეს — სახლში დარჩენილა და იფუსფუსებს ხან სარიაში და ხან თავლაში. შევიდეთ და დავათვალიეროთ ამ გლეხის სახლი. აი დარბაზი (ზალა). აქ სდგას მშვენიერი მდივანი და ამის წინ მრგვალი სტოლი. კედლებთან მწკრივად აწყვია ხმელი-გადაწნული კოხტა სკამები. ერთს კუნჭულში სდგას მოზრდილი ფორტეპიანო, მეორე კუნჭულში კიდევ დიდი სტოლი, რომელზედაც გაზეთების ახალი ნომრები აწყვია. აქ ხედავთ ნემეცურის გაზეთების „პირნაერ ანცაიგერ“ და „დრეზდნერს ანცეიგერ“ ნომრებს და სხვა წიგნებსაც. ამ დარბაზში (ზალში) გლეხი თავისის ახალგაზრდა ცოლით, უმცროსი ძმებით და მოხუცის მამით პურს შეექცევა ხოლმე. აი მეორე ოთახი, სადაც ამისი მუშანი და მოჯამაგირეები პურსა სჭამენ. ამ დარბაზის გვერდზეა და აქ სდგას დასაკეცი მრგვალი სტოლი და რამდენიმე სკამი, აქვე სდგას დიდი „შკაპი“ - რომელიც საჭმელ-სასმელის შესანახავია. ამ ოთახს აკრავს ზედ მშვენიერი, კოხტა სამზარეულო და იქით კიდევ არის მოჯამაგირეების საწოლი ოთახები. ზემო სართულში კიდევ ამ გლეხის და მისის ცოლის საწოლი დიდი ოთახია; სხვა ოთახები კიდევ განაწილებულია სახლობის სხვა წევრთა შორის. რაც შეეხება სარდაფებს, აქ ზოგში გლეხს რძის და ერბოს ჭურჭელი ულაგია, ზოგი რძეს აცივებს; ერთს დიდ ოთახში კიდევ უდგას კარაქის მოსამზადებელი მანქანა და აქ აკეთებინებს კარაქს. გლეხის სახლს არტყია გარშემო ქვითკირის გალავანი; ამ გალავნის კედელს აქვს მიდგმული დიდი ბოსელი ძროხებისათვის და თავლა ცხენებისათვის. ბოსელში აბია ძროხები და აქვე დგას ერთნაირი მანქანა კარტოფილისა და სხვის რისამე დასაკუწავად და ისე მისაცემად საქონლისათვის საჭმელად. ამ ბოსელშივე კუნჭულში, ერთნაირი წნულია და ოთხი ძალზე ჩასუქებული ღორი ამწყვდევია.[2] თავლაში კიდევ უბია ოთხი უზარმაზარი ტანის ცხენი; თითოეულ მათში 600 მარკა ანუ ოც-ოცი თუმანია მიცემული. გალავნის მეორე კედელზე მიშენებულია დიდი სარაია, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა. ერთ ნაწილში შეშა და სამუშაო იარაღი აწყვია, მეორეში კიდევ პურის გასალეწი მანქანა აქვს მოწყობილი. ამ მანქანაშია მიცემული ოცი თუმანი ფული, ჩვენებურად რომ ვიანგარიშოთ. მანქანის დასატრიალებელი ჩარხი სარაიას გარეთ არის და ამას ორი ცხენი ატრიალებს ხოლმე. ჩარხის ტრიალის დროს მანქანა მოქმედებს და წმინდა ბზეს ცალკე ჰყრის და პურს კიდევ ცალკე.
გალავნის გარეთ ჯერეთ კოხტა ბოსტანია, რომელიც სახლზეა მიკრული. ამ ბოსტანში სახლის კედელთან სდგას რამდენიმე ვაზი, რომლების ტოტები კედელზეა აყვანილი და ფანჯრებს აქვს შემორტყმული. გალავნის მეორე მხრივ აწყვია მშვენიერი ნაფუზრები, რომელშიაც სდგას ზოგში თეთრი პური, ზოგში შვრია, ზოგში კიდევ ფშვია და ცხენების საჭმელი ბალახია. ამ ნაფუზრებს არტყია გარშემო სათიბები. ამ სათიბებიდამ მოდის ერთი ახალგაზრდა, წითელლოყებიანი ქალი, ხელში რაღაც ბალახი უჭირავს. აცვია სრულებით უბრალოდ, მაგრამ რაც კი აცვია, სულ ფაქიზია. ეს გახლავთ გლეხის ცოლი, რომელიც ისე მუშაობს, როგორც თვითონ ქმარი.
როგორც მკითხველი ხედავს, ეს აღწერილი გლეხი გაკეთებული კაცია და მაშ გადავავლოთ თვალი ხელნაკლებ კაცის მდგომარეობას. აი ორსართულიანი სახლი. ქვემო სართულში სამი ოთახია და სამი კიდევ ზემო სართულში. ხელნაკლებ გლეხსაც კარგად აქვს მორთული თავისი სახლი, ამასაც კი უდგას დარბაზში მდივანი და უწყვია სკამები; აგრეთვე ამასაც კი მოსდის ერთი გაზეთი, მხოლოდ ამას არ უდგია ზალაში ფორტეპიანო.
საწოლი ოთახები ამასაც ფაქიზადა აქვს. სახლის წინ უდგია ამასაც რამდენიმე ვაზი, აყვანილი ზემო სართულის ფანჯრებამდინ. რაც შეეხება თავლას, ამას მარტო საქონლის ბოსელი აქვს, სადაც უბია მარტო ორი ძროხა, ესენი არიან ამ გლეხის მხვნელნი და რძე-კარაქის მომცემნი. ამ მეორე გლეხსაც სარაია აქვს გაყოფილი ორად — ერთში სამუშაო იარაღი ულაგია, მეორეში კიდევ პურის სალეწავი აქვს მოწყობილი. მაგრამ ამას პურის სალეწი მანქანა არა აქვს და ამისთვის ეს ლეწავს ანუ სცემს პურის თავთავებს თასმებზე მილურსმულ კეტებით. სახლის გვერდზე ამასაც აქვს მშვენიერი შემუშავებული ბოსტანი და ბოსტნის იქით უწვია ნაფუზრები და ცოტაოდენი სათიბები. ეს მეორე გლეხი გახლავთ აქაურების აზრით ღარიბი კაცი, მაგრამ რაღა ღარიბია? პური აქვს საკმაოდ და კიდევაც ჰყიდის, რძეს და კარაქს არ იკლებს. გარდა ამისა, იმ ორ საცოდავ ძროხას თავის ხელით დათლილს ქვებს აზიდვინებს თავის კარებ წინ გასაყიდავად და ცხოვრობს ტკბილად და იფაქიზად.
ნუ დაიზარებ, ჩემო მკითხველო, და შემომყევით ერთის მოხუცებულის მეწისქვილის მდგომარეობის დასათვალიერებლადაც. წარმოვიდგინოთ მოხუცებული კაცი, წვერ-ულვაში მოპარსული, ძალზე სახით დახმაჯული, მოკლე სერთუკით და შავის შარვალით, ლურჯი ჟილეტით და ამ ჟილეტის უბეში საათი, ფლოშტოს მსგავსი ფეხსაცმელით, გახუნებულის ქუდით და მაშინ თვალწინ გვექნება ჩემის მეწისქვილის სურათი. აი ამის უფროსი ქალიც. სადღაც ყოფილა დათესილ მიწებისკენ; მოკლე კაბა აცვია, პერანგი სრულებით წმინდაა და ყელთან უჩანს; ამას ტიტველა ფეხები და კიდევ კოჭას ზემოდაც ტიტველა წვივები თეთრათ გამოიცქირებიან;[3] თავზე არაფერი ხურავს და თმა მშვენივრათ აქვს გადავარცხნილი; მკლავები კიდევ დაუმკლავებია, თითქო დასაჭიდავათ მომზადებულაო. მკითხველი იტყვის: „ღარიბი კაცი ყოფილა საწყალი მეწისქვილე და უთუოდ სახლში ძრიელ ღარიბად არის მოწყობილიო“. ნუ ჩქარობთ, მკითხველო, და შემოდით ამ მეწისქვილის სახლში, რომელიც წისქვილის ზემო სართულშია. აი ამის დარბაზი (ზალა). აქ კედელთან სდგას გვარიანი მდივანი და წინ უდგია მრგვალი სტოლი, რომელსაც გარეშემო ურიგია სამიოდ სკამი. სკამები კიდევ კედლებთან არის გამწკრივებული. მრგვალ სტოლზე აწყვია პირნას გაზეთის რამდენიმე ნომერი. ჩვენი მეწისქვილე კითხულობს გაზეთებს და კაცობრიობის ტრიალს თვალყურს ადევნებს. ამან იცის, რომ ბერლინში ყრილობაა და მორიგებაზე ლაპარაკობენ. ამან კარქად იცის, რომ შარშან წინაპირველათ ძრიელ გაიმარჯვეს თათრებმა და ბოლოს რუსებმა; ამან კარგად იცის პლევნა სად არის და რა ბიჭობა გამოიჩინა ოსმან-ფაშამა. რას იტყვი ამაზე, მკითხველო? მე ვიცი, რასაც იტყვი და ამისთვის ჩვენი საქმე განვაგოთ. მეწისქვილეს ამ ზალის გარდა ორი ოთახიც აქვს და აბა ამის ქალის საწოლ ოთახში შევიხედოთ: აი ტახტი (კროვატი), ფაქიზად ლოგინიც დაგებული; ამ ლოგინს ზედ ხურავს ახალი გარეცხილი საური და ყველგან რაღაც სიწმინდეა. მეორე ოთახში კიდევ მეწისქვილის და მისი მოხუცებულის ცოლის საწოლია; აქაც ზოგიერთი ბარგეულობა აწყვია, მაგრამ ყველაფერი თავის ალაგას. რა აცხოვრებს ახლა ამ კაცს? ერთი ძროხა ჰყავს და ეს ყოველ თვეში, როგორც ნამდვილად გავიგე, შვიდ კაკალ მანეთის ანუ ოც-და-ერთ მარკის კარაქს აძლევს. ორი მაშკები ღორიც უმწყვდევია და ესენიც, როგორც ვიანგარიშე, სამ თუმნამდინ მისცემენ წელიწადში. ამათ გოჭებს ჰყიდის ხოლმე, ზოგს კიდევ ასუქებს, ჰკლამს და ამათ ხორციდამ აკეთებს ძეხვებს გასაყიდავათ. დაუმატეთ ამას ისიც, რომ წისქვილი ამისი არ არის, — ამას იჯარით აქვს აღებული და პატრონს აძლევს ჩვენებური ფული რომ ვიანგარიშო თხუთმეტ თუმანს, და რაც წისქვილს შემოუვა, სულ მეწისქვილისაა. ამ წისქვილში ტრიალებს წყლობის დროს ორი წისქვილის ქვა. გარდა ამისა, წისქვილს ეკუთვნის რამდენიმე სახნავი და სათიბი მიწა. აი აქედამ საზრდოობს ჩვენი მეწისქვილე. — ერთის სიტყვით, რომელი გლეხ-კაცის სახლობასაც კი აიღებთ ფრიდრიხსვალდში ანუ რომელიმე სხვა სოფელში პირნას მაზრაში და ჩაუკვირდებით, თქვენ შენიშნავთ ყველა ნაბიჯზე განათლების გავლენას. აქ დედულ-მამულის მქონე გლეხკაცი სცხოვრობს სრულებით განათლებულად. აბა ერთი აიღეთ პირველი გლეხის მდგომარეობა და შეადარეთ ჩვენის სოფლის რომელიმე თავადიშვილს, რასაკვირველია, დიდის დედულ-მამულის პატრონს, და ნათლად დაინახავთ, რომ ის გლეხკაცი უფრო კარის ბჭეში უდგას განათლებას და დასწაფებია მის მადლს, მინამ ჩვენი თავადიშვილი, დიდის დედულ-მამულის პატრონი კოლხიდის ქვეყანაში. აბა მიჩვენეთ თავადიშვილი, რომელიც ისე ბეჯითად ადევნებდეს თვალს კაცობრიობის ცხოვრების ტრიალს, როგორც საწყალი სხვის მიწაზე მცხოვრები მეწისქვილე — ანუ რომელიც იწერდეს იმდენს სხვადასხვა გაზეთებს, როგორც პირველად აღწერილი გლეხი, — ანუ რომელი გლეხია ჩვენს სამშობლოში, რომელიც თავისი ნაყოფიერებით არც ერთ ქვეყანას არ ჩამორჩება, რომ ისე წმინდად და კაცურად სცხოვრობდეს, რებდეს, როგორც ზემოთ აღწერილი გლეხები? განა ჩვენი გლეხები ღარიბები არიან? არა. რამდენი გლეხია საქართველოში, რომლებსაც ხუთას კოდამდინ ჰური მოზდით და ორას კოდამდინ ღვინო წელიწადში, ორი გუთნის ხარ-კამბეჩი ჰყავს — თითო უღელ კამბეჩში ოც-ოცი თუმანი აქვთ მიცემული, ამათ ნფუზრებს და ვენახებს ნუღარ იტყვით, მაგრამ მაინც ამ გლეხების ცხოვრება დიდად არ განირჩევა ღარიბის კაცის ცხოვრებისაგან, შინ მოწყობილობა არის უმგზავსი და ეოველ ნაბიჯზე ყურში ჩასძახის მხედველს, რომ პატრონებს განათლება ჯერეთ არ მიჰკარებია და ეკონომიური მოსაზრებისაც არა იციან რა.
ქართველი მგზავრი.
(შემდეგი იქნება)
_____________
1ივერია №№31, 32. 1878 წ.
2 მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ იქ ძრიელ უფრთხილდებიან სათიბებს, ტყეებს და დათესილ მიწებს და ამისთვის საქონელს მინდვრად არ ატარებენ და სულ ბოსელში ჰყავთ დაბმული შემოდგომის გარდა. ამ დროს კი ცოტას ხნობით მინდვრად დაუდით საქონელი, მაგრამ დიდის სიფრთხილით.
3 უნდა შევნიშნოთ იქ, რომ სოფლად ძრიელ გახშრებულია სარული შიშველ ფეხით. უბრალო დღეებში გასათხოვარი და ქმრიანი ქალები სულ ფეხშიშველები დადიან. ეს კიდევ არაფერი, სასწავლებლებში ძნელად ნახავთ მეხთ-ჩაცმულ მოსწავლეს; სულ ყველანი ფეხთ-შიშველები დაიარებიან სასოფლო სასწავლებლებში, რასაკვირველია, ეს წარმოსდგება ჩვეულობისაგან და არა სიღარიბისაგან.