![]() |
ივერია (34)1878.31.08 |
„ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.
სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.
* * *
გაზეთი ივერია გამოვა 1878 წელს იმავე სახით, იმავე პროგრამმით და ისევ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.
ფასი ერთის წლისა, გაგზავნით თუ გაუგზავნელად, შვიდი მანეთია.
ხელის მოწერა მიიღება ტფილისში, „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლების ზემოდ, ქანანოვის სახლში, სახლი №35.
ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
ტფილისის გარედ მცხოვრებთა შეუძლიანთ დაიბარონ გაზეთი „ივერია“ ამ ადრესით: Въ Тифлисъ, въ редакцiю газеты ИВЕРІЯ.
![]() |
1 საქართველოს მატიანე |
▲back to top |
|
|

საქართველოს მატიანე
თელავი: თელავის გამოღვიძება. ნადიკვარი და მისის სტუმრების ბაასი. ჭორები თელავში. შესანიშნავი მეჭორეები, ილიუმინაცია თელავში. თელავის სასტუმრო, გაზეთის შენიშვნა, სომხების არხიეპისკოპოსი თელავში. ლატარიები.
თელავს ამ ზაფხულობით სიცოცხლე მოემატა როგორღაც. ამ მოვლენის მიზეზი თვით თელაველები ნუ გეგონებათ მკითხველო, — არა, — ამის მიზეზი თელავის სტუმრები არიან, რომელნიც საზაფხულოდ არიან მოსულნი თბილისიდამ, თუ სხვა ადგილებიდამ. ამას თქმა აღარ უნდა, რომ თელავის სტუმრები „უბრალოთაგანნი“ არ იქნებიან. სხვათა შორის თელავში გადმოვიდა მადამ ლისენკოს პანსიონი. ჰო, თელავს სიცოცხლე მოემატა, მეთქი. ახლა რაში მდგომარეობს ეს სიცოცხლე. ნუ გგონიათ, რომ აქ ან წარმოდგენები და ან საკუთარ საქმეზედ ყრილობა და ბაასი იმართებოდეს, — აქ სხვა ნაირი სიცოცხლე გახლავსთ. აქ თუ საღამოს ხანზედ 20—30 ქალი და კაცი ვნახეთ „ბულვარზედ“ მოსეირნენი — დიდი სიცოცხლეა თელავში. მაგრამ ამ ცოტას ხანში უფრო მშვენიერს ნადიკვარზედ დასეირნობენ, რადგანაც იქ ყოველს საღამოს მშვენიერი ცივი ნიავი სცემს. რა სურათი წარმოუდგება ნადიკვარიდამ — „ივერიის“ მკითხველმა კარგად იცის, თუ დავიწყდა წაიკითხოს პირველი ხანა ლექსისა „ელეგია“. მერე ნადიკვარზედ სასხდომი სკამებიც გამართეს. სკამები რომ არ გაემართათ კი, შენი მტერი, რომ აქაური „ნაზი“ ქმნილებანი დაიღუპებოდნენ! ბატონო, ერთი უბედურება იყო მინამ სკამებს გამართავდნენ, დაიქანცებოდნენ ხოლმე ჩვენი ქალები და რომ შეგეხედათ საღამოობით, ზოგი სად იკუნტა, ზოგი სად; ასე რომ ხშირს ბინდში უცხო კაცს ბუჩქები ეგონებოდა... მერე, თურმე მეტის-მეტის ცხარის ლაპარაკით გართობილნი ისე დაიქანცებოდნენ ხოლმე, — როგორც შესჩივლებენ ხოლმე „კავალერებს“ — რომ ღამე ვახშმის მადა აღარა ჰქონდათ. რასაკვირველია, სეირნობის დროს დიდს ბაასში არიან თუ „დამები“ დადიან და თუ „კავალერებიცა“ ჰყავთ. კავალერიანი დამები რას ლაპარაკობენ მე არ ვიცი, რადგანაც კავალერობა არ გამომიცდია, კი ვიცი, რომ ხეირიანს არაფერს ლაპარაკობენ; ვაი იმ საწყალს, ვინც ერთ ორს დამას ჩაუვარდება ხელში. საწყლები სულ თავ-ბედს იწყევლიან... საწყლები ყველა სუსტის ჭკუიდამ გამოსულს ჰაზრზედ უნდა დაყაბულდნენ... თუ მარტო დამები დადიან, — შენი მტერი, რომ ისინი მოჰსთხრიან მთელს ქვეყანას, ე. ი., ვისაც თვალში ამოიღებენ. ისეთს ჭორებს მოჰყვებიან, რომ ადამიანი განცვიფრებულია ამათის ფანტაზიით! „ყარამანიანის“ ავტორი ფანტაზიით რამდენიმე ასის ნაბიჯით არის აქაურს ზოგიერთს მანდილოსნებზედ ჩამორჩომილი. ერთის გორელის კორრესპონდენტისა არ იყოს („ივერია“ მე-6 №-რი, 1878 წ.), ნათესავს ქალსა და ვაჟსა ვერ გაუვლიათ ერთად, მაშინვე ეს ჩვენი მემატიანე — მეჭორეები შეადგენენ მთელს მოთხრობას, თუ აი ამა და ამ ვაჟს ესა და ეს ქალი წაუყვანია იქა და… ამა და ამის ქალი „პოდრუჩკით“ დასდევდა ამა და ამ ახალგაზდა ვაჟსა; ქა! გაგონილა ამისთანა ამბები? უი თვალები კი დაუდგეს იმათთანა ქალებსა! გარედედ როგორღა გამოდიან?! მერე, ეს რომ იყოს მხოლოდ, კიდევ მადლობა ღმერთსა, მაგრამ ეს ჩვენი „პათიები“ ამას როდი სჯერდებიან: ისინი მივლენ და ეტყვიან ტყუილად რომელსამე ქალსა, რომ ამა და ამ ქალმა შენზედ ესა და ეს ილაპარაკაო. შემდეგ ვაჟთან მივლენ და იმას კიდევ ქალზედ ეტყვიან, რომ შენზედ ისეთი ცუდი რამეები ილაპარაკა, რომ მოთმენა შეუძლებელიაო. ამ ნაირად აძულებენ ერთმანეთს, არამც თუ მეგობრებს, არამედ ნათესავებსაც კი. შესანიშნავი მეჭორე აქ სამია: ორი გასათხოვარი, ერთიც ქვრივი. ახალ-გაზდები, როგორც იცით, ვაჟებზედ ლაპარაკობენ და რომელსაც კი თვალში ამოიღებენ, ისე ნაირად შეამკობენ, რომ ღმერთმა შეარცხვინოს ჩახრუხაძე და შავთელი, ამათთან ვერ მოვლენ! რასაც კი მოიგონებენ, მაშინვე თავის ნაცნობს ქალებს გარდასცემენ, ესენი სხვებს და ამ ნაირად ორის-სამის მოგონილი ჭორი მეორეს დღეს მთელმა თელავმა იცის. ბევრი ახალგაზდა ვაჟიც მინახავს ამ მეჭორეებისაგან გაკენწლილი, გაბრაზებულ-დაღონებული. ზანდისხან ისეთს ჭორს მოიგონებენ ეს ჩვენი ახალგაზდა მეჭორეები, რომ ყმაწვილკაცმა, რომელზედაც არის გამოგონილი ჭორი, ლამის არის თავი მოიკლას. მერე აქაური ქალები საზოგადოდ (ზოგიერთის გარდა) ისეთნი ბრძანდებიან, რომ რაც გინდა საბუთები მოუყვანოთ თქვენის სიმართლის დასაცველად, უწყალონი არიან და არც დაგიჯერებენ.
ბულვარზედ რომ გაიაროთ, როდესაც ქალებიც დასეირნობენ, აქეთ-იქიდამ გესმისთ თქვენი სახელ-გვარი. მერე, სულ იმ ქალებისაგან ისმის თქვენი გვარი, ვისაც სრულებით ვერ იცნობთ. ამის მიზეზის გამოცნობა „ივერიის“ კორრესპონდენტებისათვის და მკითხველთათვის მიმინდვია… ერთი ხნიერი მეჭორეა, ბატონებო, და სულ სხვა ხასიათისა: ეს ყველა გაზეთებს, რედაქტორებს და კორრესპონდენტებს, — მეტადრე თელაველებს, — ემდურის ძალიან. ერთის სიტყვით, ვაი იმ რედაქტორს და კორრესპონდენტს, ვინც ჩაუვარდება ხელში, ან ენაზედ მოადგება — ძირიან-ფესვიანად ამოიღებს! ნეტავი რაცა ჰსწერია ქართულს გაზეთებში, იმაზედ მაინც ემდუროდეს: რაც ენაზედ მოადგება, ყოვლისაფერს გაზეთებს მიაწერს. ესა და ეს (თავისივე ფანტაზიის ქმნილება) „დროებაში“ ან „ივერიაში“ ჩაუწერიათო, ნეტა რა ჩასაწერი იყოვო?! (ჰსწერია კი?). ღმერთო ჩემო, ზეციურის „დროებიდამ“ ან „ივერიიდამ“ თუ იცის — არ ვიცი, თორემ რაც ეს პატიოსანი მეჭორე ამბობს, სრულებით ვერ ჰპოვებთ ჩვენებურს გაზეთებში, თუნდ სანთლითაც ეძიოთ! ქა, დაიწყებს მეჭორე, ნეტა ეს რა ჩასაწერი იყო გაზეთში, ადამიანმა შიშით ვერაფერი უნდა ჰსთქვას? ვერსად ვერ უნდა გაიაროს, ვერაფერი იმოქმედოს?! დიახ, ბატონო მანდილოსანო, ეგ მეჭორე ენა დაიმოკლეთ და აღარ დასწერენ თქვენზედ. მე გთხოვთ, მეჭორეებს თუ ამ წერილის წაკითხვა მოგიხდეთ სადმე და გეწყინოთ — ცივი წყალი დალიეთ: მადლობა ღმერთსა თელავში წყაროები ბლომათ არის.
„ილიუმინაციაც“ გვეღირსა თავის განუშორებელის ქონის მაშხალით და ქონისავე ჭრაქებით. ვიშ იმ ქონის სუნსა! რაც ამ ღამეს თელავის ბულვარში ჭორი ითქვა - თელავის სასტუმროსათვის (გოსტინიცისათვის) მიმირთმევია, საჭმელის მასალად გამოადგებათ.
ჰო, მოგონებაზედ სასტუმროზედაც ვიტყვი ორიოდე სიტყვას. საღამოზედ (დღისითაც) რომ გაიაროთ აქაურის სასტუმროს ახლოს, თქვენს ყურადღებას მიიქცევს სასტუმროდამ გამომავალი ყვირილი. შედით, რა სანახავი წარმოგიდგებათ: წინ დიდი სტოლი მწვანეს სუფრით დახურული, გარშემო შვიდი-რვა კაცი მოთამაშე (მაყურებელნი კიდევ სხვა) ქაღალდისა, თან არაკუნებენ და თან ჰყვირიან საშინლად. ამ ყვირილით გაათენებენ და ბოლოს დროს ჩხუბი და თავ-პირის მტვრევაც მოჰყვება ხოლმე... პურის ჭამა რომ გინდოდესთ, კერძს ვერ იშოვნით, თუმცა პატრონები ბლომა ფულს იღებენ და მამასისხლად ჰყიდიან ყველაფერს. თუმცა ეხლა თელავში ხორცი გირვანქა 7-8 კაპიკია, მაგრამ აქაურს სასტუმროში კერძს 25-30-დ ვერ იშოვნით. აქ მხოლოდ არაყი და სათამაშო ქაღალდი გახლავსთ გამოულეველი. ამ ჟამად ძვირი მხოლოდ ღვინო არის აქ.
კახეთში სრულიად დაიმკო ყანები; სიმინდს საფშვნელი მარცვალი აქვს. ამ ერთს კვირაში აგრილდა კიდეც. მცხოვრებთა შორის მშვიდობიანობაა. ერთი შენიშვნაც: ყოველს გაზეთებში სწერდნენ, რომ თელავის მაზრაში მშვიდობიანათ გათავდა მილიციის მოკრებაო. ტყუილი გახლავსთ. ჯერ ურმები და ცხენები რომ გაისტუმრეს — იმაში უსამართლობა ბევრი მოხდა და საჩივრებია გამართული, და მილიციის მოკრებაზედ კიდევ უარესი... ბევრი ფული ახვეტეს „მეკენჭეებმა“... ამ საგანზედ საჩივრებია შეტანილი და როგორ დაბოლოვდება საქმე — ვაცნობებ „ივერიის“ მკითხველებს.
სომხების არქიეპისკოპოზიც ბრძანდებოდა თელავში ახლა. დიდი დავიდარაბა ჰქონდათ აქაურს ტერტერებს ურთიერთშორს და აბეზღებდნენ ერთმანეთს თავის უფროსთან, რაც შეეძლოთ…
ერთი ამ ლატარიების გახშირებას უყურეთ თელავში და! დღეში ხუთი-ექვსი სხვა და სხვა ბიჭები, თუ დედა-კაცები ატარებენ ქაღალდებს ხელის-მოსაწერად და მკლავზედ გადაკიდებულის მანეთიანის თუ მანეთ-ნახევრიან პაწაწკინტელა სუფრას. ბატონო, აღარა გვაქვს მოსვენება ამ ლატარიებისაგან: ღამე არ გავა, რომ ლატარია არ გამართონ (ღამე სჯობიაო, ამბობენ აქაური ბარიშნები). ხშირად უცვივიან სახლში ხალხს „მელატარიები“, უნდა უეჭველად ხელი მოაწეროთო. გაგონილა! აღა-მაჰმად-ხანობა ხომ არ არის?! ახლა რა სათაურებია ხელის მოსაწერს ქაღალდზედ. აი ნიმუშები: „ლატარიაში ითამაშება ოქროს საყურეები — ბილეთი აბაზი, ჩაი და ხილი იქნება“ (მერე გვარი ნივთის პატრონისა). მეორე ნიმუში: „Лотерея. Разыгрывается вязаный коверъ, цѣна билету 50 коп. Будетъ вечеръ и танцы“ (მერე გვარი M. B.) და სხვა ამ გვარები… ლატარიის თამაშის ღამეს ჩვენებური ქალები მუხლებს დაიწყვეტავენ ხოლმე ხტუნაობით, ოოო! თუ რომელსამე „დამას“ რომელიმე „კავალერმა“ არა სთხოვა სათამაშოდ, ე.ი. თუ რომელიმე ქალი უცეკვაოდ დარჩა — შენი მტერი, რომ ის გაიბუტება: „განა ჩვენი ფული კი ზედმეტი იყო, რომ ჩვენ არ გვათამაშეთო“, ამბობენ გაკაპასებული ქალები... რაღა ბევრი მოგაწყინო, მკითხველო, საითაც გაიხედავ თელავში, ყოვლის მხრით შემოგესმება: „ლატარიაზედ ხელი მოაწერეთო“... რაღა ჩიჩინი უნდა, რომ ლატარიის მოთავე აქაური „ბარიშნები“ არიან ხოლმე, იშვიათად „ბარინები“. თელაველებო! ნეტავი სხვა კეთილს საქმეზედ ვიყოთ ეგრეთი მხურვალე თანამგრძნობელი, როგორც ლატარიებზედ, პიკნიკებზედ და სათამაშო ქაღალდზედა ვართ... ეს ასე და ზოგიც შემდეგში... კახეთში აგრილდა წვიმების გამო.
ქართველი
ქ. თელავი.
1878 წ. მკათათვის 29
არტაჰანი. („ივერიის“ კორრესპ.) ათასფერი ამბავი მოგვდის აჭარიდამ და ბათუმიდამ; სანამ ჩვენამდის მიაღწევდეს, ამბავი ათასფერად იცვლება, ისე რომ ნამდვილის განრჩევა გაუძნელდება კაცს. ზედა აჭარა ემორჩილება თავის ბედს — ჩვენის მიღებისთვის მზად არიან, მხოლოდ ქვემო აჭარა კურტანს ისვრის, რაღასაც აპირობენ.
აქამომდის დერვიშ-ფაში დიდის მეცადინობით ხელს უმართავდა და ყველა ღონისძიებას ხმარობდა, რომ ხალხი აეჯანყებინა; ამოდიოდა ზედა აჭარას, ტყუილ-უბრალო იმედებს აძლევდა. — კონგრესის ძალითა რუსი თქვენ თოფს ვერ გესვრითო, რომ მოვლენ, წინ დაუდექითო; თუ ის კანონი დაარღვიეს და გესროლეს, მაშინ ჩვენ მოგეშველებითო. გზად მიმავალს დაებარებინა ზედა და ქვედა აჭარელები და ეთქვა: მოდითო, შურუთი (советъ) მაქვს თქვენთან; თუ თოფის წამალს მოიტანთ — კარგი, თუ არა და ჩვენ დაგირიგებთო. ზედა აჭარლები უარზე დამდგარან: ჩვენ არაფერში არ გავერევითო. ახლა, როგორც იქიდამ მოსულმა კაცმა მიამბო, დერვიშ-ფაშას თავისი წვრთნა გადაუსხვაფერებია, ძლივს ჭკუაზე მოსულა. ახლა ხალხისათვის ცხადად უცნობებია, რომ მთავრობის მხრით არავითარი შემწეობა არა გექნებათ, რომ წინააღუდგეთ რუსებს, როგორც გინდათ ისე მოიქეცითო (რა ეშმაკია შეჩვენებული ჩვენი დერვიშელი!!). ართვინსა ჰსცლიან და თათრები მალე მოგვცემენ უკანასკნელს სალამს. ჩვენი ჯარი და ტელეგრაფი მალე შელაგდება.
დაბადების დღიდამ იქნება არტაჰანს ეს დღეები არ უნახია. უეცრად გაცოცხლდა და დუღილი იწყო: დღეს ორი დღეა არტაჰანში მოვიდა სამი პოლკი გრენადერის დივიზიის ჯარი, რომელიც იყო დაბანაკებული ახალქალაქის ახლო. ეს ჯარი დაბანაკდა არტაჰანის ახლო, მტკვრის პირზე.
იმავე საღამოზე მოვიდა არტაჰანში უფ. გენერალ-ლეიტენანტი ტერგუკასოვი, რომელიც მიიღეს შესაფერის პატივით. მეორეს და მესამეს დღეს იმან დაიარა სულ საავათ-მყოფოები და მთელი არტაჰანი.
გენერალი ტერ-გუკასოვი არის მაღალი ტანისა და მოსული. თეთრი თმა და ულვაშები ამტკიცებენ, რომ აღმართი ამოუვლია და ახლა დაღმართში მიდის. ტერგუკასოვი არის ახლა დანიშნული მთელს არტაანის და ახალციხის ატრიადების უფროსად. ეს ატრიადები თავისივე განკარგულებით უნდა გაჰყოს ნაწილებად — კალონებად.
თუ აქ მოსული ჯარი ბევრხანს დარჩა არტაჰანში, რა თქმა უნდა, რომ სიძვირე ჩამოვარდება და ეს სასიამოვნო ამბავი აქაურის ვაჭრებისთვის მართლა სასიამოვნო იქმნება, ჩვენთვის, რასაკვირველია, კი სამწუხარო....
ს. ბავრელი.
10 მარიამობისთვეს 1878 წ.
![]() |
2 საპოლიტიკო მიმოხილვა |
▲back to top |
საპოლიტიკო მიმოხილვა
ბერლინის კონგრესის გარდაწყვეტილება თან და თან სრულდება და შედის ცხოვრებაში. აი ბათუმიც დაუცალა ოსმალეთმა რუსეთს, და მადლობა ღმერთს არავითარი ვაი ვაგლახი და სისხლის ღვრა არ მოჰყვა ამ გარემოებას, როგორც მოგეხსენებათ, შიში კი იყო, რომ რუსებს ბათუმში იმ გვარივე დახვედრა მოელოდათ, როგორიც ავსტრიელებს ბოსნიაში. მადლობა ღმერთს მეთქი რომ ეს შიში არ გამართლდა ერთი წელიწადიც საკმარისია იმ ვაივაგლახში ცხოვრება, რომელიც მოსდევს ყოველს ომიანობას. დრო არის დამშვიდდეს და ცოტა მაინც დალაგდეს ცხოვრება. თვალი აქამდისინ მიმართული იყო საზღვარზედ და მტერს გასცქეროდა; ეხლა დრო არის შინისკენაც მიბრუნდეს — იქმნება იქაც დაინახოს იმისთანა რამ, რასაც სჭირსო დახმარება, ხელის მომართვა, ხეირიან გზაზედ დაყენება... მშვიდობიანობას, ნამდვილ მშვიდობიანობას, თან და თან ფეხი შემოაქვს მეთქი ჩვენ ცხოვრებაში, და უნდა ვინატროთ, რომ დიდის ხნით მაინც გვეწვიოს თუ არ სამუდამოთ, როგორც ნატრობენ (და თვით ქადაგობით აღიარებენ ამა ნატვრას) „მშვიდობიანობის მოყვარენი“, რომელთაც თოთხმეტს ამ თვეს პარიჟში ხალხთა შორის მიტინგი (ყრილობა) გაუმართავთ. თუმცა აწ მომქმედ პოლიტიკაში ამ მიტინგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იგი ღირს შესანიშნავია იმ სხვა და სხვა აზრით რომელიც გამოთქმულ იქმნა საჯაროდ, ყრილობაში, რომელზედაც დაესწრა თითქმის სამასი სული. გარდა ამისა, რა ეთქმის კაცს აწ მომქმედ ხალხთა შორის პოლიტიკაზედ? რამდენადაც დართულია აღმოსავლეთის საქმეზედ, იგი, ჩვენის აზრით, საკმაოდ არის გამოკვლეული „ივერიაში“. ასე რომ მაზედ ლაპარაკი იქმნება უქმი გამეორება ერთისა და იმავესი. მაგრამ უკაცრავად: ზემოხსენებული მიტინგიც შეეხება ერთის მხრით აღმოსავლეთის საქმეს თუ არა, იმ ომიანობას მაინც, რომელიც მას დაერთვა. იქმნება ეხლანდელი ომიანობა რომ ყოფილიყო, წრეულ არც კი შერილიყვნენ „მშვიდო ბიანობის მოყვარენი“ მაშასადამე შეგვიძლიან დღიურ პოლიტიკის წრეს არ გადავაცილოთ და იმავე დროს მოგახსენოთ ზემოხსენებულ მიტინგზედაც.
მიტინგი გამართულ იქმნა ინგლისის მუშა-კაცთა ასსოციაციის თაოსნობით. თავ-მჯდომარემ (საფრანგეთის სენატორმა ტოლენმა) წაიკითხა შემდეგი წიგნი ვიკ ტორ ჰიუგოსაგან: „ჩემო საყვარელნო ევროპიის თნა-მემამულენო! დიდად ვწუხარ, რომ არ შემიძლიან ვიკისრო თავ-მჯდომარობა თქვენს ყრილობაში. მე ვთხოულობ იმასვე, რასაც თქვენ; მსურს იგივე რაც თქვენა გსურთ. ზავი ჩვენი არის თესლი საყოველთაო ერთობისა. ნურას შევწუხდებით, მთავრობანი ბევრს რასმეს მეცადინეობენ, მაგრამ ყოველი მეცადინეობა ფუჭად ჩაივლის თუ მიმართული იქნება თავისუფლებისა და მუშა-ხალხის უფლებათა წინააღმდეგ, უყურეთ ამ გვარი მეცადინეობას მშვიდად და გულ-წყნარად. მომავალი თქვენია, რაც კი რამ ხდება, თუნდ თქვენ წინააღმდეგ იყოს მიმართული, მაინც სარგებლობა მოაქვს თქვენის საქმისათვის. წარემართენით წინ, იმუშავეთ და იფიქრეთ. თქვენ ხართ ერთი ხალხი — ევროპა და გაქვსთ ერთი წადილი — მშვიდობიანობა, თქვენი მეგობარი ვიკტორ ჰიუგო.“
შემდეგ წაიკითხეს ლუი-ბლანისაგან მოწერილი წიგნი:
„საყვარელნო თანამემამულენო! მე მგონია, რომ ეხლა, როდესაც მონარხიელი ევროპა აღჭურვილია, არ მოინდომებთ იარაღის ჩამოცლას რესპუბლიკელ საფრანგეთისათვის, სალაშქრო ყოჩაღობა იქამდისინ იქმნება სასახელო ხარისხად ვიდრე კაცობრიობა არ მიაღწევს თვის სრულ-წლოვანობას; უფლებას მხოლოდ მაშინ აღარ ეჭირება ძალა, როდესაც იგი (უფლება) მთლად იქმნება დამკვიდრებული ქვეყნიერობაში. მაგრამ, რაც უნდა იყოს, მე მაინც გეთანხმები თქვენ აზრს, რომ საზოგადოება მომზადებულ უნდა იქმნეს იმ წყობისათვის, რომელშიც ზარბაზანი აღარ იქმნება შეურყეველი დასამტკიცებელი საბუთი, ომიანობა, რასაკვირველია, ეწინააღმდეგება საზოგადობრიობას, ურთი-ერთობას, ყოველ საზოგადობრივ წყობას აქვს განზრახვა დაუშალოს ადამიანს კისრის მოჭირება თვის მოძმესთვის, საზოგადობრივი წყობა მით განირჩევა ველურ მდგომარეობისაგან, რომ ყოველ-გვარი დავა და უკმაყოფილობა განიხილება მედიატორების მიერ, ამიტომ, უმაღლესი ხალხთა-შორის, სასამართლო იმ საქმეთა გასასილავად რომელთა გარდაწყვეტისათვის ამ ჟამად თოფ-იარაღს ხმარობენ, იქმნება მსოლოდ განვითარება საზოგადობრიობის დედა- აზრისა, იგივე კანონი სამართლიანობისა, რომელზედაც დამყარებულია თვითოეულ გვამთა ურთიერთობა უნდა სუფევდეს აგრეთვე სხვა და სხვა სალოსთა და ტომთა შორის. ორივე შემთხვევაში ძალას უნდა წაერთვას შეძლება უფლების დარღვევისა, საჭიროა აცილებულ იქმნეს ის მრავალი სიბოროტუ, უსამართლობა, რომელიც უსათუოდ მოსდევს ძალადობას.
„ჩემის აზრით, მამულისა და კაცობრიობის მოყვაარეობას, ამ ორივე გრძნობას იმ გვარათვე შეუძლიანთ მოთავსდნენ ერთი-ერთმანეთში, როგორათაც ოჯახისა და მამულის მოყვარეობას. გარდა ამისა, მე არა მგონია რომ კაცს შეეძლოს თავიდგან აიცილოს რომელიმე დედა-აზრი მარტო იმიტომ რომ უტოპია (უსრულებელი რამ) არისო, ყოველიფერი, რაც კი რამ თვით საქმით არსებობს ამ ჟამად, როდისმე უწინ იყო მხოლოდ აზრში, იყო მხოლოდ იდეა. ყოველი ამ ჟამად აშკარა და ყველასათვის ცხადი ჭეშმარიტება იყო როდისმე ახალი, რაც ეხლა მიგვაჩნია სამართლად იყო როდისმე სიცრუე. დღევანდელი ჭეშმარიტება გუშინ იყო უტოპია. აგრეთვე დღევანდელი უტოპია შეიძლება ხვალ გასდეს ჭეშმარიტებად. თუ ომის მაგივრად ამ წამსვე ვერ იქმნება დადგენილი მედიატორთა სამართალი, მაინც არავითარი საბუთი არ არის, რომ ეს აზრი უკუგდებულ იქმნეს. ჟან-ჟაკრუსოსი არ იყოს, თუ ეს აზრი არ სრულდება, ბრალი ამაში აქკს არა თვით აზრს, არამედ აწინდელის კაცობრიობის უგუნურობას მართლა და უგუნურობაა ხალხთა შორისის უკმაყოფილობის იმ გვარი გადაწყვეტა, რომლის შემდეგ თვით გამარჯვებული მხარეც წაგებაშია. არამც თუ დამარცხებას, არამედ თვით გამარჯვებასაც მოსდევს მრავალის სიცოცხლის დაღუპვა, მრავალ დაჭრილთა აუარებელი ტანჯვა, ცოლთა და დედების ვაი-ვაგლახი, ობოლთა უბედურება, სოფელთა გაოხრება, აღებ-მიცემობისა და მეურნეობის დაცემა, და ამასთანავე ყოველ გვარ ხარჯთა მომატება. ვამბობთ: „ვაი დამარცხებულთ!“ და ისტორია უმატებს: „ვაი გამარჯვებულთ!“
ბოლოს ლუიბლანმა აღიარა აუცილებელი საჭიროება ყველა მშვიდობის მოყვარეთათვის, რომ ეცადნენ დაამკვიდრონ რესპუბლიკის დედა-აზრნი, რომელთაც განსაკუთრებით შეუძლიანთ მიანიჭონ კაცობრიობას მარადი მშვიდობიანობა.
მიტინგმა მიიღო წინადადება, რომელშიაც სხვათა შორის აღიარებულია სურვილი, რომ ომიანობას სამუდამოდ მოუღოს ბოლო, ამისთვის ყოველმა მიტინგის წევრმა უნდა იხმაროს ყოველ-გვარი საშუალება რათა გაავრცელოს თვის საზოგადოებაში შესაფერი აზრი და და მიმართულება; აგრეთვე ყოველი ღონისძიება უნდა იხმაროს, რომ თვის მთავრობას ხელი მოამართვინოს ხალხთა მედიატორთა სამართალის დადგენისათვის, პრლამენტის წევრთა არჩევანშიო, — ამბობს მიტინგის გარდაწყვეტილება, — იმ კანდიდატებს უნდა ჩაუგდოთ კენიჭო, რომელიც ხალხთა-შორის მედიატორობის მომხრენი ართანო. მუშა ხალხთა ინტერესი და მიდრეკილება ყველა სახელმწიფოში ერთი და იგივეა, და ამიტომ არავითარი მიზეზი არ სუფევს ჩხუბისთვისაო.
![]() |
3 პროვინციალური მეთვალყურის ჩივილი და შენიშვნები |
▲back to top |
პროვინციალური მეთვალყურის ჩივილი და შენიშვნები
(შემდეგი)[1]
„გეთაყვა, გაათავე უთავბოლო ყბედობაო შენს მეგობართან, ჩვენ გვინდა თქვენი პროვინციის, თქვენი უდაბნოს ამბებიო, თუ ლაპარაკი გინდა, გვიამბე რამე სეირიანიო“, შემომიტევს მკითხველი, ბატონი ბძანდებით, შეგტყობინებთ, ასეთ-ასეთ ამბებს მოგწერთ, რომ თქვენ დღეში არ გაგეგონოთ, თუმცა კი იტყვით: აი, დასწყევლოს ღმერთმა, ეს ხომ მეც გავიგე, ეს ხომ მეც ვიცოდიო.... ეჰ, მეც ბევრის თქმა მინდა, მაგრამ, თეკ ზისა არ იყოს, პირი წყლითა მაქვს სავსე. როგორც მიადგები ისეთს საგანს, რომ შენი შხამი იმაზედ გინდა ამოანთხიო. ასეთი გაჭიანურებული ხმა შემოგესმის სუუ-ო-ო! რომ ენა პირში ჩაგივარდება. ღმერთმა შემარცხვინოს თუ დირბული ბატი იტყვის ასე გრძელს კილოზე თავისს „მეც სუ და შენც სუ“-ს თუ ევას ვაშლამდინ ხელი როგორმე მივაწვდინეთ, სომ იმასაც მოგახსენებთ, თუ არა ჯანი გავარდეს.
ბატონო, ავათ-მყოფობის გამო შემოვიდა ასსენიზაცია, კარგი მოგეცეთ, კარგი ეგ იყოს, მომეტებულად სოფლათ, სადაც კარ-მიდამოები სავსეა ახალისა თუ ძველის პატივით, საქონლის ბაკები დაუგველია და აშმორებული; აქ კამბეჩს დაუკრავს ტატყი — ფეხი, მოუთხრია მუხლამდის ორმო, შიგ ჩამდგარა მოშარდულივე საქონლისა, გამოირეკა საქონული, ვინღა დარჩა ბაკის მომვლელი? მამა-კაცებმა ზაფხულობით სახლისა არ იციან რა, მინამ უქმე დღე არ დადგება, სახლში რჩებიან დედა- კაცები, რომლებიც დილითვე ზოგი ქერის, უგრეხლის, მუხუდოს საგლეჯლად მიდის, ზოგი ცოცხის მოსაგროვებლად, ზოგი ქარქვეტისთვინ, შვინდ–კრინჩხისთვინ და სხვ. და სხვ. დარჩება სახლში ერთი ვინმე მუშის ჯერის მოსახარშათ და ფეხებზე ჰკიდია თუ ბაკი პირთამდის სავსეა წუმპით! ამან რა იცის, თუ რა შედეგი მოაქვს ამ შხამიანს წუმპეს, რომელსაც დააჭერს მზე, ადუღებს, აშმორებს, რომელსაც დაეხვევა ბუზი, იბერება შხამიანი წუმპის წვნით, შედის ბაკის პატრონის სახლში და უშხამავს საჭმელს, სასმელს, ჭურჭელს, უბედურება ეს არის, რომ მომეტებული ნაწილი ჩვენის ბაკის კარები (უფრო ქართლში) დერეფანში გამოდის, რადგან საქონლის მოპარვისა ეშინიანთ, რომ ცალკე კარი გაუღოს. ამ საზარელ, მზისგან გაცხელებულს წუმპეს ასდის და მახრჩობელი სუნი და გადის, რასაკვირველია, დერეფანში, რადგან ბაკს ზეიდგან ან სათივე, ან სასიმინდე ჯიხური ადგია, რომელიც ცუდს სუნს ზევით არ უშვებს. დერეფანიც — ზაფხულის საძილე გლეხისა — ისეა მოწყობილი, როგორც მოგეხსენებათ, რომ ამ „მშვენიერს ვარდის სუნს“ არ იწვევს გარეთ, რომ ქარმა გაფანტოს, და რჩები სახლში, აქედგან ჩნდება ცივებ-ცხელება, რომლის მოსარჩენად მკითხავთან გარბიან, იმდენი მოხერხება არ აქვთ, რომ თავისით გაიგონ მიზეზი სენისა და მკითხავთან დაკარგული დრო თავის კარ-მიდამოს გასუფთავებას მონდომონ. გულის შემატკივარი არა ჰყავთ, რომ ტვინში გაუთქვიფოს ეს საჭირო საგანი ჯანმრთელობისა, მე შენ მოგახსენო, მოძღვარი ქადაგებაში გაუხსნის ამ საჭიროებას და თვით მაგალითს უჩვენებს, ვაი, მაგათი ბრალი ამისთნა მოძღვრების ხელში. ნეტა გეღირსებით „გლახის ნაამბობის“ მღვდელს?!...
სწორე მოგახსენო და ჩვენი საზოგადოება უფრო საჭიროებს ასსენიზაციას, გასუფთავებას, ვინემ ქუჩები, ბაკეპი და კარ-მიდამოები, ეს იესო ქრისტეს იგავს მაგონებს ხორბალზე და ღვარძლზედ, საცა მონები ეუბნებიან ბატონს, რომ ყანაში მტერს ღამე ღვარძლი ჩაუბნევიაო და შურს მორევიაო, ამოვმარგლითო, — არა ჯერ შემოვიდესო, მე შენ მოგახსენო, შემოსული არ არის ჩვენი საზოგადოება თუ! რამდენი შემწიფებული, ყოვლად უვარგისი გოგრა გდია ოხრათ, ვინ დასთვლის!... დიახ, იგავისა არ იყოს, უნდა ამ ჩვენს საცოდავს საზოგადოებას გამარგვლა, სისუფთაგე, მაგრამ ჩვენის გლეხის ბაკისა არ იყოს, გორაობს თავის სიმყრალეში, თავის წუმპეში, და თუ გაბედე და სახრე დაარტყი ამ წუმპეს, დიდად გარისხდება; მამა მიცხონდება, წინწკლებმა თვალები დამთხრაო! აბა, ჩემო ნათლია, რაზედ იჭირვებ საქმეს? რაზედ ათხრევინებ თვალებს? არა სჯობია ეგ სიმყრალის გუბე დააშრო, გაისუფთავოთ ზნეობითი მხარე შენის ცხოვრებისა, რომ ნამდვილი, ხალასი კაცი ამოხვიდე და აღარავინ შემოგაფურთხოს. თორემ ღორს დაგიძახებენ, ღორს!! და ნუ გეწყინება, ამასაც ამბობ, ჩემო ნათლია, როცა გარედ გამოჰფენენ შენს სიცუდ-კაცობას, რომ მართალია, ასეთი ვარო, მაგრამ არ უნდა დაეწერათო, არ უნდა გამოეაშკარებინათო. გაგონილა!? ამაზედ მეტი სიბრიყვე-ღა იქნება კაცისა!?... ეჰ, გიყვარდა, მამავ, გუთანი, დაწექ და დაიძინეო. გიყვარს, გესიამოვნება უმსგავსო ცხოვრება, და დაიძინე, ჩემო ნათლია ქართველო, წუმპეში, ექელვინე და ვნახავთ ძირ-ძირ წახვალ თუ არა!...
დიახ, იმას მოგახსენებდით, რომ ზნეობითს მხარეს ჩვენის პროვინციის საზოგადოებისას გასუფთავება, გაწალდვა უნდა. „რას ჩააცივდი „ზნეობით მხარესა“, ასე საშინელ მხეცებათა გამოგყავს შენი პროვინციელები და ესმით კი „ზნეობითი მხარე“ რა არის“, შემნიშნავს ჩემი მკითხველი, აუხსენ და! აუხსნათ მდაბიოთ, იმათი ჭკუის სამყოფად: „ჩემო საცოდავო პროვინციელო ქართველო, ლამაზ ქალს, ან ვაჟს რომ დაინახავ, ამასთან მორთულ მოპრანჭულს, არ მოგეწონება ხოლმე? უჰ, რა ლამაზია! უჰ, прелесть-ო, იტყვი ხოლმე გული ფაცა-ფუცს დაგიწყებს სიამოვნებით, ასე გგონია, მე ვარ ლამაზიო. აბა, ეხლა ეს ლამაზი გარეგნობით ქმნილება ახლო გაიცან, იმის სულში ჩაიხედე, ხასიათი გაუსინჯე. თუ როგორც სახე აქვს ლამაზი, ისრე სული, ხასიათი აქვს, ხომ უფრო მოსაწონი იქნება და თუ გარეგანს სილამაზესთან შინაგანი სიგონჯე აქვს, მაშინ ის ლამაზი ქმნილება მაიმუნზედ საზიზღარი გახდება. ამისთანა კაცზე იტევიან, რომ ამას ზნეობა არა აქვს, ხასიათი ცუდი აქვსო. კაცს უნდა უყვარდეს თვისი მოძმე, იმისთვის არას ზოგავდეს, სწვავდეს სხვის წვა-დაგვა, სტანჯავდეს სხვის ტანჯვა, შესწირვიდეს მსხვერპლად თავს თავის საყვარელს მამულს, როცა საჭიროა — თავის კალო-საბძელს კი არა. ეს ნუ გგონია, ჩემო უდაბნოელო ქართველი, მამულად. — ერთის სიტევით „რაც შენ შენი თავისთვინ გინდა, ის შენ უნდა სხვისათვის ინდომო“. თუ ამ სიტყვების მიმდევარი იქნება, თუ ეს სიტყვები სწამს და კადეც ასრულებს, მაშინ ის ყოფილა სულით ლამაზი. ან მოკლეთ რაში მდგომარეობს ზნეობითი მხარე. ეს ჩამოთვლილი თვისებასი სულისა რომ გქონდეს, ჩემო ნათლია ქართველო, ჩემო ჭკუით გლახა საპყარო, მაშინ შენ ვინღა რაღას დაგიწერს, მაგრამ შენში ვიწრო, დამახინჯებული, გადარჯულებულ გადამხეცებულია ეს თვისებანი; მარტო შენის ოჯახისთვინ გინდა ყოველისფერი, მარტო შენი სახნავსათესი მიწები მიგაჩნია მამულად და ეგენიც შენის სირეგვნით კი გიყვარს, გაფუჭებულია, სახლობა გალაქათავებულია. შენ სახლობა ისეთ ნაირათვე გიყვარს, როგორც დათვს მეუდაბნოვე კრილოვის ზღაპარში, რომელმაც ბუზი რომ ვერ მოაშორა საყვარელს მეგობარს, ქვა ჰკრა შუბლში და ბუზს თან მეგობარსაც ფეხები შეაშვერინა, შენ, ჩემო ნათლია, ნუ გწყინს, ნუ! როცა შენს სიმარჯვეს გიჩვენებს ვინმე. სარკეში იხედები, შენი სიგონჯის სახე სჩანს და ფეხს სხვასა სცემ მაიმუნივით: შეხე, რა გონჯია ის ვიღაც ოხერ-ტიელი იცქირება ამ სარკიდგანაო. ის შენი გონჯი სახეა ხოლმე გადასული, სხვისა არა ვისი, გიამება, სასიამოვნოა შენთვის, რომ სულ მაგ სახეზე იყო?!...
წაკოლა — ც.
(შემდეგი იქნება)
_____________
1 „ივერია“ №33, 1878 წ
![]() |
4 მოკლე შენიშვნები სამზღვარ გარეთიდამ |
▲back to top |
მოკლე შენიშვნები სამზღვარ გარეთიდამ
(შემდეგი)[1]
მე ცოტა შორს წაველი და თავ-საგანს თავი დავანებე. მკითხველის ყურადღებას ისევ ფრიდრიხსვალდის მცხოვრებლების აღწერას მივაქცევ. ამ სოფელში, როგორც სხვა სოფლებში, მარტო გლეხები არ სცხოვრებენ. აქ ამათის გონების გამღვიძებელნი და განათლების ფესვების ჩამდგმელნიც სცხოვრებენ. მე ვამბობ მღვდელზე და მასწავლებულზედ თავისის სასწავლებლითურთ, ამათზედ მეტი კი არავინ სცხოვრობს ამ სოფელში. აქ თავადისა და აზნაურის ხსენება არ არის. ჯერეთ ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა მღვდელზე მ. კავერშტეინზე. წარმოიდგინეთ ახალგაზდა, პირ-მოპარსული და ცოცხალი ვაჟ-კაცი, ცნობის დიდი მოყვარე და თავისის თანამდებობის ბეჯითი აღმსრულებელი — ესე იგი, ყოველს ბედნიერს დღეს მქადაგებელი — და მაშინ ცოტათი მაინც გექნებათ თვალ-წინ ამ მღვდლის სურათი. ამას შეუსრულებია კურსი ლუიფციხის უნივერსიტეტში და ეს განათლებული კაცი სოფელში კი მღვდლობს, მაგრამ განა შეიძლება აქაურს სოფლებში უნივერსიტეტში კურსი შეუსრულებელნი მღვდლებად გამოდგნენ? არა, და ამისთვისაც ყველა სოფლებში განათლებული მღვდლებია. უნდა გითხრა, მკითხველო, რომ ამ ახალ-გაზდა მღვდელმა თავის ცნობის მოყვარებით და ბევრის ცოდნით გამაკვირვა. რა წიგნი არ ვნახე ამის მდიდარს ბიბლიოტეკაში? მე თქვენ გითხრათ საქართველოზე არა იცის რა? მას წუკითხავს ყველაფერი, რაც კი ამ ბოლოს დროს ნემცებს დაუწერიათ საქართველოზე, ამას თავის სტოლზე უძევს ისეთი წიგნიც, სადაც ქართული ბეჭდური ასოებია მოყვანილი, არც რუსეთი გაუშვია უყურადღებოდ. აი ეხლა ჩემს აქ მყოფობაში ეს მღვდელი კითხულოს შემდეგს თხზულებას: „Vom Don zur Donau, von arl Franzof.“ ამას დიდი ყურადღება მიუქცევია თხზულების ერ თი ადგილისათვის, სადაც ავტორს გამოჰყავს ერთი ციმბირიდამ დაბრუნებული კაცი და ლაპარაკობს, რომ ის მოქმედობს, ისე კი არა, როგორც მას სურს, არამედ ისე, როგორც სხვას სურს და ამისათვის თავის თავს და თავის ჯურის კაცებს ეძახის: „Die Gezwungenen“ „ძალდატანებულები“. რაღა თქმა უნდა, რომ ეს მღვდელი წმინდათ უნდა სცხოვრებდეს და კიდევაც სცხოვრობს. ამისი მშვენიერი საეკკლესიო სახლი და ამის მოწობილობა, სწორედ გითხრად, საამურია, ამ მღვდელზე ნაკლები აღარ არის სწავლით და ცხოვრებით ოტტონდორფის მღვდელი, მ. შტრაკე.[2]
X
დროა, რომ ფრიდრიხსვალდის მასწავლებელის და სასწავლებელის მდგომარეობის აღწერას შევუდგეთ. მე წანედ ვსთქვი, რომ სასწავლებელი მაღლობზე დგას, მეთქი. ამ სასწავლებელს არტყია გარეშემო სათიბი, რომელშიაც თხლად დგას სხვა და სხვა ხეხილი, უფრო ვაშლი და ალუბალი, წინ კიდევ აქვს პატარა ბაღი, რომელშიც თურმე ბეჯითად მუშაობს ყოველს დღეს მასწავლებელის ცოლი. თვით სასწავლებელი სამ სართულიანი სახლია. ერთი სართული დედა-მიწაში დგას და შეადგენს სარდაფს; ორი სართული მიწას ზემოდ. შუა სართულში სამი პატარა ოთახია და ერთი დიდი სამასწავლებლო ოთახი. პატარა ოთახების და დიდის ოთახის შუა არის მშვენიერი კარიდორი, თლილის ქვით დაგებული. ამ კარიდორიდამ ასდევს თლილის ქვის კიბე ზემო სართულში, სადაც სცხოვრობს მასწავლებელი. ამას უჭირავს სამი პაწაწკინა და სამი მოზდილი ოთახი. რაღა თქმა უნდა, რომ ფრიდრიხსვალდის მცხოვრებლების განმანათლებელს კარგად ექნება მოწყობილი თავისი სადგომი და კიდევაც აქვს. ამისი დარბაზის (ზალას) მოწყობილობა სანახავად სასიამოვნოა. მე და ჩემი ნაცნობი ყმაწვილი უფ. ლორენცი რა წამსაც ჩამოვედით ფრიდრიხსვალდში, პირ-და-პირ მასწავლებელთან წავედით დაუკითხავად, (რადგანაც უფ. ლორენცი ნათესავია ამ მასწავლებელისა), ავედით კიბეზე და ზალაში თავი შევყავით. მე აქ ვნახე ერთი შესანიშნავი სურათი, რომელიც მკითხველს უნდა გარდავსცე: დარბაზში სკამები და სტოლები სულ ერთს კუნჭულში იყო მიგროვილი და ერთი წაბლის ფერის თმით შემოსილი, მოშავო თვალებიანი, დატკეცილ ლოყებიანი და ტანოვანი გასათხოვარი ქალი ჩამჯდარიყო ძირს; ედგა გვერდზედ პატრა წმინდა „ბოჩკით“ წყალი და რეცხდა თავისის ფაფუკი ხელებით ზალის იატაქსა, რადგანაც მეორე დღეს კვირა იყო, რომ დაგვინახა ჩვენ, მარდად წამოხტა, ბოდიში მოითხოვა, რომ არეულობა იყო დარბაზში, სისწრაფით ყველაფერი მიალაგ-მოალაგა და მეორე ოთახში გავიდა. ჩვენთან დარჩა იმისი ცოტათი ხანში შესული დედა. ამ სურათის მნახველს თავში ნათლად გამოესახა ის აზრი, რომ ევროპიულ ადამიანს, როგორც სიწმინდით ცხოვრება უყვარს, ისე მუშაობაც. ქალი მალე გამოვიდა ისევ ზალაში — თავ გადავარცხნილი და ფეხ-ჩაცმული. ის მე გაკვირვებით მიცქეროდა, როცა გაიგო, თუ რა შორის ქვეყნიდამ ვიყავი, და ცდილობდა ლაპარაკში განუწუვყტლივი მონაწილეობა მიეღო. რადგანაც მასწავლებელი შინ არ იყო, ყავის დალევის შემდეგ, გამოვეთხოვე და ჩემს სადგომში წამოვედი.
ზემოთ ვსთქვი, რომ სასწავლებელის ოთახი შუა სართულში, მეთქი. ეს ოთახი დიდი და მაღალი ოთახია. ფანჯრებიც დიდები აქვს. შიგ ამ ნაირად არის მოწყობილი: შუაში ფანჯრების პირ-და-პირ გარიგებულია მოწაიფეების სტოლები, ეს სტოლები დიდის ხნის გაკეთებულების და ამისთვის ცოტა რა რომ უფრო ძველი ფასონისაა, რასაკვირველია, ამათ ზურგის მისაყუდებლები არ აქვთ; ერთი-ერთმანეთს უწევენ ზურგის მისაყუდებლობას, საწერი და საკითხი ფიცრები კი სრულებით კარგი აქვთ. სასწავლებელის დიდი ფიცარი ანუ დოსკა — კედელზეა ჩამოკიდებული, სტოლების წინ სდგას მასწავლებელის კათედრა. კედლების გარეშემო ჩამორიგებულია ქუდების და პალტოების ჩამოსაკიდებლები; კედლებზე ყველა ქვეყნის ქარტებია მიკრული და შაპში ანუ განჯინაში სასწავლებელი წიგნები და სურათები საღმრთო და ბუნებითის ისტორიის აწყვია, საჭირო ნივთები კი, ყოველ დღეს სახმარი, მასწავლებელს თავის კათედრის უჯრაში უწყვია, ამ სასწავლებელში ამ ჟამად ოთხმოცდაათი ყმაწვილია — ორმოც-და-ათი ვაჟი და ორმოცი ქალი; მაგრამ ეს ყმაწვილები მარტო ფრიდრიხსვალდიდამ არ არიან, ამ სოფელზეა მიწერილი ორი სხვა პატარა სოფელი, რომლებშიაც სამასი სული, ანუ სულ ოც-და-ათი (30) კომლი კაცი ცხოვრობს; ასე რომ, სამ სოფელში ამ ჟამად ირიცხება 700 სული ადამიანი და ამ რიცხვიდამ სასწავლებელში სწავლობს 90 ყმაწვილი. ჩემის გამოკვლევით საქსონიაში ყველგან — ყველა სოფლებში შვიდასი (700) სულიდამ ოთხმოც-და-ათი ყმაწვილი საწავლებელში დადის — სხვანი კი ზოგნი დედ-მამანი არიან ზოგნი კიდევ ძმები და დები, რომლებსაც სასწავლებლი გაუთავებიათ, ზოგნი კიდევ უსუსური ბავშვები არიან ამ რიცხვების მნიშვნელობას უფრო კარგად გაიგებს მკითხველი, თუ წარმოიდგენს, რომ საქართველოში ბევრ სოფელში ათასობით და ორი ათასობით სული ცხოვრობს და ამათში ერთა მოსწავლე ყმაწვილი არ არის.
ფრიდრიხსვალდის სასწავლებული შესდგება ორი კლასიდგან, და ერთი მასწავლებელი კი ჰყავს უფ. შრედერი. საზოგადოდ უნდა შევნიშნო, რომ აქ თითქმის ყველგან ორ კლასიანს სასწავლებელში თითო მასწავლებელია, რადგანაც ყმაწვილები ბევრნი არიან არა გზით ერთ ოთახში ვერ დაეტევიან და ამასთანავე კიდევ თითოეული კლასის შეგირდები დაყოფილნი არიან რამდენიმე გუნდათ, აქაურს მასწავლებელს, როგორც სხვებსაც, ეს წესი შემოუღია: დილით შვიდ საათიდამ მოკიდებული თორმეტის ნახევრამდინ ასწავლის პირველის, ესე იგი უფროსის კლასის მოწაფეებს, რომლებიც ზოგი ერთს საგნებში, ორ-ორ და სამ-სამ გუნდათ არიან დაყოფილნი; ორის ნახევრიდამ კიდევ ხუთის საათის ნახევრამდინ — რასაკვირველია სადილს უკან — მეორე კლასის მოწაფეებს ასწავლას და ესენიც გუნდებათ ჰყავს დაყოფილნი.[3]
X
სასწავლებელის კედელზე სხვათა შორის არის გაკრული საგნების და გაკვეთილების სია. ამ სიაში შემდეგი საგნებია მოხსენებული: საღმრთო სჯული — ანუ სარწმუნოებითი სწავლა, წერა-კითხვა, ნემეცური ენა, დავირვებითი სწავლა, ანუ ბუნებითი ისტორია, თვლა ანუ არითმეტიკა, გეოგრაფია სამშობლოსი და მთელის ხმელეთისა, ისტორია, ხატვა, გალობა და ხელ-საქმე ქალებისთვის. მე დავესწარი თითქმის ყველა მოყვანილ საგნების სწავლაში როგორც ამ სასწავლებელში ისე სხვა სოფლების სასწავლებლებში, და ასე გასინჯეთ, დრეზდენის ორ გამოჩენილს სამასწავლებლო სემინარიაშიც. მაგრამ დრო ნებას არ მაძლევს წარუდგინო მკითხველებს, რომლებშორის უთუოდ ბევრი მასწავლებელნიც იქნებიან, დაწვრილებითი ანგარიშის შესახებ ყველა და ყოველ გვარის გაკვეთილებისა, მე აქ მოვიყვან მხოლოდ ორის საგნის ანგარიშს — ნემეცურის ენისას და არითმეტიკისას.
ივნისის 27-ს, ფრიდრხსვალდის მასწავლებელმა, სადილის შემდეგ ორის ნახევარზედ დაიწყო ნემეცურის ენის სწავლება. ამ საგანში დაბალი კლასი სამ გუნდად ჰყავს გაყოფილი, პირველ გუნდს მიუბრუნდა და დაუძახა; წაიკითხეთ ესა და ეს გვერდი ფუტკარზე — ამ დროს მეორე გუნდი შეუდგა წერას: Kunst bringt Gunst (ხელოვნებას მოაქვს ანუ მოსდევს თან სიამოვნება). ხოლო მესამე გუნდის მოწაფეები კიდევ — ექვსისა და შვიდის წლის ბავშვები შეუდგნენ ამ მარცელების და სიტყვების წერას mein, dein და სხვ. — თითოეული მოწაფე ცდილობდა ასოები ლაზათიანად დაეწერა. პირველი გუნდი კი კითხულობდა ფუტკარზე. რამდენიმე წინადადება, ანუ აზრი წაიკითხა ერთმა, რამდენიმე მეორემ და რამდენიმე კიდევ მესამემ; ასე რომ კითხვაში მიიღო მონაწილეობა პირველის გუნდის ყველა მოწაფემ, კითხვა რომ გაათავეს და მასწავლებელი დარწმუნდა, რომ გვარიანად კითხულობენ ყველანი, მისცა მათ სხვა და სხვა კითხვები: რაზეა ლაპარაკი? რა აგებულებისა ფუტკარი? რაში იჩენს მოფიქრებას? რა არის სტატიის აზრით დედა ფუტკარი? რა მნიშვნელობა აქვს დედა ფუტკარს ფუტკრების საზოგადო საქმეში? ერთის სიტყვით — მასწავლებელმა კითხვებით თითოეული აზრი სტატიის ნათლად გამოათქმევინა მოწაფეებს და ყველა შემთავრებული და გამოკვლეული აზრი ყველას ერთად გალობით ათქმევინა. ძნელი წარმოსადგენია ის სისწრაფე, ის მიხრა-მოხრა, რა სისწრაფით და მიხრა-მოხრით მოქმედობდა ფრიდრიხსვალდის მასწავლებელი, როგორც ცერცვი — ეს პატარა კაცი ისე დახტოდა და სხვა გუნდებსაც ყურს უგდებდა, ხომ არავინ ცუღლუტობსო, დიდი სიჩუმე იყო კლასში, მხოლოდ მოქმედი პირების ხმა ისმოდა. მასწავლებელმა გაათავა მეცადინეობა პირველს გუნდთან, უთხრა ამ გუნდის მოწაფეებს თავიანთი სიტყვით დაეწერათ რაც ილაპარაკეს და წაიკითხეს ფუტკრის შესახებ, და თვითონ სისწრაფიდ მიუბრუნდა მეორე გუნდსა. ამ გუნდის მოწაფეებს წააკითხა დაწერილი: Kunst bringt Gunst და მისცა კითხვები: რას ვუწოდებთ ხელოვნებას? მითხარით. — წერა, კითხვა, მხატრობა, გალობა ყველა ეს არის ხელოვნება, თუ არა? დამისახელეთ კიდევ კაცის მოქმედებანი, რომლებსაც შეიძლება ხელოვნება ვუწოდოთ. სიამოვნება რაღა არის? ანუ კიდევ ხალხი? რა სარგებლობა და სიამოვნება მოაქვს ხელოვნებას? მრავალი კიდევ სხვა კითხვები მისცა მოწაფეებს, ალაპარაკა დალაგებით — თითოეული ნათელი აზრი გალობით ათქმევინა ყველას და დაუნიშნა ჯერეთ გადასაწერად და მერე წასაკითხავათ პატარა სტატია „ფრინველის ბუდე.“ ბოლოს მიუბრუნდა მესამე გუნდის მოწაფეებს, სიწრაფით დაუშინჯა ნაწერები, ზოგს მოუწონა, ზოგს დაუწუნა და გაუსწორა, და დაჰკრა ტაში. სუყველანი გასწორდნენ და კლასის ფიცარს დაუწყეს ცქერა. გაიმეორეთ, ეუბნება მასწავლებელი შეგირდებს კკკ―კკკ — ყველამ. თითოეულმა ცალკე. აი დავსწერ ამ ხმას — კ. სწერს თვითონ მასწავლებული და აწერინებს მოწაფეებსაც. ხელ- მეორედ აწერინებს და ათქმევინებს ხან ერთად ყველას ხან ცალკე. მოძებნეთ ეგ ასო თქვენს წიგნებში და გამოთქვით კიდეც. მერე მიუბრუნდება ერთნაირად მოწყობილს უჯრას, რომელშიაც უწყვია მოძრავი ბეჭდური ასოები, იღებს კ და ამ უჯრის ზემო პირზე სდებს - ეუბნება მოწაფეებს: დააცქერდით ამ ასოს და შეადარეთ წინანდელს ასოს. ესეც კ არის. დავსწეროთ. — სწერს და აწერინებს! — რასაკვირველია, ასოს თითოეულს ხაზს ცლკე უხსნის და ისე აწერინებს. შეგირდები სწერენ. ამას მიუმატეთ ზოგიერთი ასოები: a, u, i, e და სხვები — თვითონ ამ ასოებს გვერდზე — მოუსომს კ-ს. წაიკითხეთ ჯერეთ ყველამ, მერე ცალ-ცალკე. — მოწფეები ასრულებენ მასწავლებელის სიტყვას. მონახეთ ყველა ეს ასოები თქვენს წიგნებში და წაიკითხედ. აკითხებს ჯერედ ყველას ერთად, მერე თვითოეულს ცალ-ცალკე. ერთის სიტყვით, მასწავლებელი ხმარობს ყოველს ღონის-ძიებას, რომ შეგირდებმა ასო კი გონებაში კარგად ჩაიბეჭდონ. ამ ასოს შემდეგ გაარჩია ერთი ასოც ლ და დაუნიშნა საწერათ: Raum, Rein და სხვანი. კლასი გათავდა და მასწავლებელმა კიდევ დაჰკრა ტაში. ყველა შეჩერდა. ერთი, დაუძახა მასწავლებელმა მოწაფეებს და მათ ხელები წიგნებზე და დოსკებზე დააწყეს; — ორი, ყველამ თავის ნივთი ხელში აიღო; სამი — ამ სიტყვაზე შეგირდებმა თავიანთი ნივთები უჯრებში შეაწყეს. ყველა ამას რომ მორჩა მასწავლებელი, გამოუცხადა მოწაფეებს კარში გამოსულიყვნენ ვისაც სურდა. მსურველი არავინ გამოჩნდა და მასწავლებელმა დაიწყო არითმეტიკის, ანუ თვლის გაკვეთილი. მან ჩვეულებრივი წესით ამოაღებინა მოწაფეებს დოსკები და არითმეტიკის წიგნები და სისწრაფით ყველა განყოფილებას დაუნიშნა საქმე. პირველს გუნდს მისცა რთული გასაკეთებელი და გამოსაცანი ციფირები; მეორე გუნდს შესათვლელი და გამოსათვლელი რამდენიმე ციფირები; მუსამე გუნდს კიდევ დაუნიშნა ხატვა + და ოთხ-კუთხიანისა. თავდა-პირველად მიუბრუნდა პირველს გუნდს: აბა წაიკითხეთ, თუ რა უნდა გამოიკვლიოთ. პირელი მაგალითი, — შეგირდები სიტყვით ხსნიან, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს მაგალითი, მასწავლებელი კი დაფაზე ჰსწერს. ამ ნაირად ყველა მაგალითზე გადაავლებინა თვალი მასწავლებელმა მოწაფეებს და ბოლოს გამოუცხადა, რომ მათ ეს მაგალითები დაფაზედ გაეკეთებინათ და შემდეგ, დაფის ერთს გვერდზე დაეწერათ; თვათონ კი მეორე გუნდს მიუბრუნდა და უთხრა: ყველამ ერთად წაიკითხეთ. კითხულობენ მაღალის ხმით წიგნებში: 30+10; 30+20=; 20+30; 20 - 50; 70 - 20; 30 - 10 და სხვ. ამ გვარ რიცხვებს. ახლა თვითოეულმა ცალკე, ეუბნება მასწავლებელი მოწაფებს. ჯერეთ შენ, ახლა შენ, ახლა შენ და ამგვარად ყველას ავარჯიშებს. ბოლოს აძლევს გამოსაცან, გამოსაკვლევ სხვა რიცხვებს და სამს მაგალითს დასაწერად. თვითონ კი უახლოვდება მესამე გუნდს. ჯერეთ თითებზე აჩვენებს: ორი თითი და ერთი თითი შეადგენს სამს; ერთი თითი და კიდევ ორი კიდევ სამს. ჯერეთ ყველას ერთად ათქმევინებს, მერე ცალ-ცალკე. ბოლოს ამ რიცხვებს სწერს ანუ ხატავს ჯვრებით და ოთხ-კუთხიანს ხაზებს დაფაზედ და ასე სამის წარმოდგენაში ავარჯიშებს ყმაწვილებს ჯვრების და ოთხ-კუთხიანის ხაზებით; სამს უმატებს კიდევ ერთს ჯვარს და იმავე რიგზე, ამავე შუამავლობით აცნობებს ოთხს რიცხვს, რა შუამავლობითაც შეასწავლა სამი რიცხვი. მერე სისწრაფით უსინჯავს ნამუშავარს პირველის და მეორე გუნდის მოწაფეებს და ბოლოს ყველა მოწაფეებს ეუბნება: არიფმეტიკის კლასი გათავდა. რიგზე, მასწავლებლის ბრძანებით, შეგირდები დაფებს და წიგნებს უჯრებში აწყობენ, ხელები მაღლა, ეუბნება მასწავლებელი მოწაფეებს — ჯერეთ ხელის გულები მაჩვენეთ — მერე ხელის ზემო კანი, მასწავლებელი სისწრაფით უშინჯავს თითებს ვაჟებს და ქალებს, ხომ ხელები დაუბაუნელი და მელანში ამოსვრილი არავის აქვსო; მერე მივარდება წინათვე მომართულს ჭიანურს (სკრიპკას) და აგალობებს ბავშვებს ჯერეთ პატარა საღმრთო გალობას და მერე „ლორელაი,“ ცოტახნის შემდეგ ბავშვები კარში გადიან, მაგრამ ისევ მალე ბრუნდებიან, რომ რა არი მასწავლებელმა შემდეგი გაკვეთილი დაიწყოს.
ქართველი მგზავრი.
(შემდეგი იქნება).
_______________
1 „ივერია“ №№31, 32, 33. 1878წ.
2მე ამ მ. შტრაკის სახლში ვნახე ათამდის ახალგაზდა ხუთმეტის და თექვსმეტის წლის ქალები, და, რასაკვირველია, ამ გარემოებამ მიიპყრა ჩემი ყურადღება, როგორც შევიტყვე, თურმე საქსონიაში ადათად აქვთ შემძლებელს კაცებს - უფრო ვაჭრებს თავიანთი ქალები, დაბალის კლასების გათავების შემდეგ, მიაბარონ პატიოსანს და ის ნასწავლს მღვდლებს, უფრო სოფლებში — სიმრთელის გასამაგრებლად და ზნეობითის ხასიათის გასახსნელად. ერთის წლის შემდეგ მათ თავიანთი ქალები უკან მიჰყავთ და აძლევენ დიდ კლასებში სასწავლებლად. მ. შტრაკი ქალის აღზდაში წელიწადში იღებს ოც-ოც თუმანს და მშგენივრადატ ინახავს.
3ზამთრობით კიდებ სხვა წესია: სწავლას იწყობენ რვა სათიდამ და ათავებენ დიდ კლასში თერთმეტ საათზედ; მეორე კლასში იწყობენ სწავლას პირველის საათიდამ და ათავებენ ოთხის ნახევარზედ; ექვს საათზედ ― რასაკვირველია, საღამოს, პირველის კლასის მოწაფეები კიდევ იკრიბებიან და სწავლობენ რვა საათამდინ, სანთელზე ანუ ლამპაზედ.
![]() |
5 რამეთუ კაცი ვარ |
▲back to top |
რამეთუ კაცი ვარ
(შემდეგი)
III
რამდენსამე ხანს პავლემა და გერმასმა ხმაამოუღებლივ იარეს კლდესა და ღრებზედ.
მთის წვერზედ, რომელზედაც გზა გადადიოდა სოფლისაკენ, პავლე შედგა, მოუბრუნდა გერმასს და უთხრა:
- ჩვენ, ადამიანთ რომ ყოველთვის მოსაზრება და წინად დანახვა შეგვეძლოს ჩვენის საქციელის შედეგისა, მაშინ ქვეყანაზედ ცოდვაც აღარ იქნებოდა.
გერმასმა ალმაცერად შეხედა პავლეს, თითქო ჰკითხავს, რას ამბობო, ამიხსენიო; მაგრამ პავლემ ამას ყურიც არ ათხოვა და განაგრძო:
- შენ ცოტად მაინც რომ მოგესაზრა რამოდენად საჭიროა საწყალის მამისშენისათვის ძილი და მოსვენება, მაშინ წუხანდელს ღამეს სულგაკმენდილი იწვებოდი შენთვის, რომ მისი ძილი და მოსვენება არ დაგეფთხო.
- არა, მე მაგას ვერ ვიქმოდი, ვერა, - უპასუხა გერმასმა დაღონებით: შენ ხომ იცი, რარიგად ვიგვემე და ვიწამე თავი.
- ძალიან კარგიც ჰქმენი, რომ თავი იწამე და იგვემე. ახია შენთვის. შენის ავის საქციელის სრული სამაგიერო ეგ გვემა იყო.
გერმასმა გაჯავრებით შეხედა თავის მოსაყვედურე მეგობარსა. თავში სისხლი აუვარდა, ლოყები აენთო. გერმასს მოაგონდა მირიამის დაცინვა, რომ ბაშვსავით ჯერ ლალაობა გინდაო და წყრომით წამოიძახა:
- არავის მივცემ ნებას, რომ მაგგვარად მელაპარაკოს, - მე ეხლა ბაშვი აღარა ვარ.
- მაშ არც მამაშენსა? - გააწყვეტინა სიტყვა პავლემ და ისეთის გაოცებით შეხედა, რომ გერმასს შერცხვა და თავი დაჰკიდა.
- ცუდს შვრები, რომ უმწარებ სიცოცხლეს მას, ვისაც მარტო შენის გულისათვისღა უნდა ამ ქვეყანაზედ ყოფნა რაოდენიმე ხანი კიდევ.
- მე ხმას გავიკმენდდი და ისე ვიწვებოდი, რომ შემძლებიყო. მეც ისე მიყვარს მამაჩემი, როგორც სხვებს.
- მართალია, ცემით არა ჰსცემ, - შეუბრუნა სიტყვა პავლემ. - პურიც მოგაქვს იმისათვის, წყალიც და არც მარტოკა სვამ ღვინოს, რომელსაც ეპისკოპოზი მამაშენს უგზავნის ხოლმე. მაგრამ ყოველივე ეს ცოტაა.
- მე ხომ წმინდა კაცი და ანგელოზი არა ვარ.
- არც მე ვარ! - დაიძახა პავლემ. - მე ცოდვითა და უძლურებით სავსე ვარ. ხოლო მე ვიცი, რაში მდგომარეობს სიყვარული, რომელსაც მაცხოვარი გვასწავლიდა ჩვენ, და შენ შეგიძლიან ამისი ცოდნა. მაცხოვარმა დაანთხია სისხლი ჯვარზედ შენთვისა და ჩემთვისა, ღარიბთა და მდიდართათვის. სიყვარული ძალიან ადვილია და ძალიან ძნელიც ერთსა და იმავე დროს. სიყვარულისათვის საჭიროა თავგანწირვა. შენ კი? აბა რამოდენა ხანია, რაც მამაშენისათვის ალერსიანი სახე არ დაგინახვებია.
- რა ვუყო? მე პირმოთნეობა არ შემიშლიან.
- არც უნდა იპირმოთნეო, მაგრამ სიყვარული კი შენი ვალია. ხოლო ხელებით კი არა, გულით უნდა დაამტკიცო შენი სიყვარული.
- განა ეს კი თავშეწირვა არ არის, რომ ჩემს ყმაწვილკაცობას აქა ვღუპავ?
პავლე ორს ბიჯზე უკან გადგა, გაკვირვებით გაიქნივა ბანჯვლიანი თავი და ჰსთქვა:
- მაშ ეგ არის რაღა! შენი ფიქრი ალექსანდრიაშია განა? მართალია, იქ უფრო ჩქარა გადის ცხოვრების დღე, ვიდრე ამ ჩვენს უდაბნო მთაზედ. შავგვრემანი მწყემსი ქალი არ გიყვარს, იქნება იქ თვალში მოგივიდა რომელიმე თეთრი ვაშლისავით წითური ბერძნის ქალი. ვინ იცის!
- მაგ შენის ქალებით თავი მომაწყინე, დამანებე თავი! - უპასუხა გერმასმა და მართლა გულზედ მოვიდა; - იქ, ალექსანდრიაში, სხვაც ბევრი რამ არის ნახვის ღირსი.
ამ სიტყვებზედ ყმაწვილ კაცს თვალები აენთო. ასე რომ პავლემ დიდის სურვილით ჰკითხა:
- სახელდობრ რა არის იმისთანა?
- შენ უფრო კარგად იცი ალექსანდრია, ვიდრე მე, - გააქარწყლა ნამდვილი პასუხი გერმასმა. - შენ თვითონ იქაური ხარ, იქა ხარ დაბადებული და ამბობენ, ერთს დროს შენ ყოფილხარ მდიდარი ყმაწვილი კაცი.
- მაგას ამბობენო? - ჰკითხა პავლემ - ვინ იცის, იქნება ეგ მართალიც იყოს. მაგრამ ეს კი უნდა იცოდე, მე მოხარული ვარ, რომ მე ეხლა აღარა მეკუთვნის რა იმ ყალბ ზიზილ-პიპილებისაგან, რომლის მფლობელადაც მე ერთხელ ვიყავი. მე ვმადლობ მაცხოვარსა, რომ ძალა მომცა ადამიანთა გროვისათვის ზურგი შემექცივა. აბა რა ჰპოვე იქ, ქალაქის ამაოებაში გულის მიმზიდველი, აბა რა?
გერმასმა პასუხი დაუგვიანა. თქმასაც მორცხვობდა და უნდოდა კიდეც, წარმოეთქვა ის ნაღველი, რაც გულს უმძიმებდა.
თუ დაღვრემილთა და ამ წუთის-სოფლის მოძულეთა მეუდაბნოეთა შორის კაცი ვინმე იქნებოდა იმისთანა. რომ გერმასის გულისტკივილი თანაგრძნობით მიეღო, ამისთანა კაცი კიდევ მარტო პავლე იყო.
პავლე მეტად დამჯდარის გონების კაცი იყო და სასტიკად ექცევოდა მარტო თავის თავსა. დღეს თუ ხვალ გერმასს ამისათვის უნდა გადაეშალა გული და ამის გამო აჩქარებით ჰკითხა:
- შენ როდისმე ტერმაში1 ჰყოფილხარ?
- როდისმეო? იმდენჯერ ვყოფილვარ, რომ მიკვირს, ფქვილსავით როგორ არ დავიშალე თბილს წყალში და ცომსავით არ გავფუვდი.
- რად დაიცინები მასზედ, რაც კაცს აფაქიზებს და ამშვენიერებს? - ჰკითხა გულფიცხად გერმასმა. - რად დაიარებიან ალექსანდრიაში ქრისტიანები ტერმებში და აქ კი, სინაიაზედ, შენ და მამაჩემი და სხვა მეუდაბნოენიცა წყალსა ხმარობენ მარტო წყურვილის მოსაკლავად? თქვენ მე ძალდატანებით თქვენებურად მაცხოვრებთ მაშინ, როდესაც მე არ მინდა ჭუჭყიან და საძაგელ მხეცად ყოფნა.
- ჩვენ მარტო მაღალის ღმერთის თვალისათვის ვცხოვრებთ, - უპასუხა პავლემ, - და მის მოსაწონად ვამკობთ სულთა ჩვენთა.
- ხორციც ხომ ღვთისაგანვეა მოცემული, - გააწყვეტინა სიტყვა გერმასმა, - კაციაო მსგავსება ღვთისა, ჰსწერია სამღვთო წერილში. ჩვენ კი? საძაგელ მაიმუნად მეჩვენა ჩემი თავი, როცა ვნახე დიდის ტერმიდამ გამომავალნი კაცნი და ჭაბუკნი ლამაზად დავარცხნილნი, გაბანილნი, გაწმენდილნი და განსპეტაკებულნი. ამის მნახველს რომ ჩემი თავი მომაგონდა ამ დაგლეჯილს ბანჯგლიანს ტყავში, რომ დავხედე ჩემს ხელებს და ფეხებს, რომელნიც იმათზედ არაფრით ნაკლები არ იყო, მე სიცივის ჟრუანტელმა დამიარა ტანში და დამცხა კიდეც ერთსა და იმავე დროს და ხახაც ისე ამომიშრა, თითქო ბალღამი დავლიეო. მე კინაღამ არ დავიკივლე სირცხვილის, შურის და ჯავრისაგან. არა, მე აღარ მინდა ყოფნა ამრიგად, მე მატლი არა ვარ!
უკანასკნელს სიტყვებზედ გერმასმა კბილები დააკრაჭუნა, პავლემ ნაღვლიანად შეხედა მას, როცა მან ხელახლად ჰსთქვა:
- ჩემი ხორციცა და სულიცა სულ ღვთისაგან არის და რასაც ალექსანდრიელი ქრისტიანები ჰსჩადიან....
- ჩვენ იმისი ნება არ უნდა მივჰსცეთ ჩვენს თავსა, - უთხრა მკვახედ პავლემ. - ვინც თავისი თავი ზეცისათვის დანიშნა, იგი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოეთხოვოს სააქაო ცხოვრების ყოველგვარს სიტკბოებას და ერთიერთმანეთზე შეჰსწყვიტოს თვითოეული კავშირი, რომლითაც იგი მიბმულია ამ წუთის-სოფელზედ. იყო დრო, როცა მეც ვანებივრებდი ხორცს, ამ ბანჯვლიანს თავზედ ვისვამდი სურნელოვანს ზეთს თმის დასარბილებლად და მე თვითონ შევხაროდი ჩემს სახეს სარკეშია. ხოლო შენ კი გეტყვი, ჩემო გერმას, და გეფიცები მაცხოვარს, რომ გეტყვი იმიტომ, რომ ამას ღრმადა ვგრძნობ: ლოცვა ჰსჯობია ბანობასა... მე რა ვარ? ერთი ფეხქვეშ გასაჭყლეტი მატლი, მაგრამ მეც კი ლოცვის მეოხებით ზეცამ მარგუნა იმისთანა წუთნი, იმისთანა წუთნი-მეთქი, რომელთ მიმავლობაში სული ჩემი სრულად განთავისუფლდა ამ წუთის-სოფლის ბორკილთაგან და მიიღო მონაწილეობა ზეცის დღესასწაულობაში, როგორც პატივსაცემმა სტუმარმა.
როცა პავლემ წარმოსთქვა უკანასკნელი სიტყვები, საშინლად გადიდებულნი თვალები ცისაკენ მიემართნენ და რაღაც უცნაურის ელვარებით განუბრწყინდნენ.
რამოდენიმე ხანი ორნივ ერთიმეორის პირდაპირ იდგნენ ხმაამოუღებლივ და უმოძრავოდ. ბოლოს ბერ-მონაზონმა გადიყარა უკან შუბლზე ჩამოშლილი თმები და მარტო ეხლა გამოუჩნდა შუბლი. შუბლი ჰქონდა მშვენივრად მოყვანილი და ისეთი თეთრი, რომ საოცრად ირჩევოდა მზისაგან დამწვარს სახეზედა.
- შენ არ იცი, ჩემო ბავშვო, - უთხრა პავლემ აღმოოხვრით. - რა ნეტარებას ანაცვალებ ამ წუთისსოფლის ამაოებას! ვიდრე მადლიანს კაცს ზეცა თავისთან აღიყვანს, ჯერ თვით მადლიანი ჩამოიყვანს ხოლმე ზეცას დედამიწაზედ.
გერმასს კარგად ესმოდა მეუდაბნოეს სიტყვა. მამამისი ხანგრძლივის ლოცვის შემდეგ ეგრევე დაუწყებდა ხოლმე ყურებას ცასა და მერე, როცა აღტაცებულის ხილვისაგან გამოფხიზლდებოდა, ეტყოდა ხოლმე შვილსა, მაცხოვარი ვნახეო და ანგელოზთა გალობა მოვისმინეო.
თვითონ გერმასმა კი ვერც ერთხელ ვერ მიაღწია მაგ ყოფამდინ, თუმცა სტეფანე დააყენებდა ხოლმე დიდხანს მუხლმოყრილს და ხანგრძლივ ილოცებდა ხოლმე თავისთან ერთად.
ხშირად მოხდებოდა ხოლმე, რომ უძლური ფეთქა მოხუცის ცხოვრებისა აპირებდა გაქრობას, ისე ძლიერი იყო ხოლმე ზედმოქმედება საოცარის ხილვისა. გერმასი დიდის მოწადინებით წინააღუდგებოდა მამას, რომ ეგრე ხანგრძლივ არ ეცოცხლნა, მაგრამ თვითონ მოხუცი ამ ლოცვითა ჰპოვებდა იმედს უმაღლესის ნეტარებისას და გერმასი ვერ ჰბედავდა, დაათმობინოს წმინდა მოქმედება იგი.
პავლეს კი ყველაფრის თქმა გაუბედა გერმასმა, რადგანაც იმისთანა გუნებაზედ იყო დღეს მოსული.
- განა მე კი არ მინდა სამოთხეში შესვლა, მაგრამ სამოთხის კარი სიკვდილის შემდეგ გაიღება ხოლმე. ქრისტიანი მოთმინებით უნდა იყოს. რატომ არ იცდით, ვიდრე მაცხოვარი თვით არ მიგიწვევთ საიქიოს ნეტარებისათვის? ამ წუთის-სოფელში მაინც რაღად გინდათ ის ნეტარება? ჯერ ერთი და მერე მეორე განა! რისთვის მოგვანიჭა უფალმა სიკეთე ხორცისა, თუ არ იმისათვის, რომ მითი დავჰსტკბეთ? სიტურფე და ღონე ამაო საქონელი არ არის, და თუ არ სულელი, ვინ ინდომებს, რომ მისგან მინიჭებული ძვირფასი ნივთი აიღონ და გადააგდონ.
პავლემ გაოცებით შეხედა ჭაბუკსა, რომელიც აქამომდე ხმაამოუღებლივ ემორჩილებოდა მამასა და თვითონ პავლესაც ყოველს სასულიერო საქმეში. თავის ქნევით უპასუხა:
- ეგრე ფიქრობენ ძენი ამაოებისანი, ღვთისაგან განშორებულნი. მეც ეგრე ვფიქრობდი, როცა ურჯულოდ ვიყავ და ხორცის სიტკბოებას თვგადადებით ვეძლეოდი. მერე ქრისტიანად შევიქენ. მადლი ღვთისა ჩამოვიდა ჩემზედ და მე თითქო ხელმეორედ დავიბადე. წინანდელი ქვეყნიერობა განჰქრა ჩემთვის, მე განმესხნა ზეცა. წინად მენანდრი ვიყავ, ეხლა კი, როგორც სავლე, პავლედ შევიქმენ და რაც მოჰსწონდა მენანდრს: ტერმები, წვეულობა, თამაშა რამ, ცხენები, ეტლი, სიმღერა და ქალის ტრფიალება - სულ ყველა ესენი ზურგთ უკან დამრჩა, როგორც მყრალი საფლობი ტინი, საცა კინაღამ მე მგზავრი არ ჩავიფალი და საიდამაც ძლივს დავიხსენი თავი. ძველისაგან მე განახლებულს აღარა დამრჩა რა და აი ეხლა, როცა საფლავის გზაზედა ვარ მდგარი, მეც, როგორც ყოველს ღვთისმოყვარე კაცს, ახალის ცხოვრების მზე ამომიბრწყინდა. შენი დროც მოვა! როცა იქნება, შენი საათიც დაჰკრავს!...
- დიახაც, თუ რომ რამდენსამე ხანს შენსავით მენანდრად ვყოფილვიყავ! - გააწყვეტინა სიტყვა გერმასმა. - რაც არ მინახავს, ის როგორ შევიძულო! იმისათვის რომ კაცი კაცურად მოკვდეს, ჯერ სიცოცხლე უნდა იგემოს. მომწყინდა ამისთანა უხეიროდ ცხოვრება და აღარ მინდა, რომ თქვენ უკან გდევდეთ, როგორც ხბო ძროხასა. მე თავისუფალი კაცი ვარ და გამოჩენილის გვარისაცა; თვითონ მამაჩემს უთქვამს ეგ ჩემთვის, და დამიჯერე, მე არაფრით უარესი არა ვარ იმ ყმაწვილ კაცებზედ, რომელთაც მე ტერმიდამ გავყევ ყმაწვილ კაცთა სავარჯიშო შკოლაში.
- შენ პალესტროშიაც2 იყავ? - ჰკითხა პავლემ გაკვირვებით.
- თიმაგეთის შკოლაში ვიყავ, - უპასუხა გერმასმა და ცოტად აწითლდა. - იქ მე ყმაწვილ კაცთა ვარჯიშობას და თამაშობას ვუყურებდი; მე ვნახე, როგორ ჭიდაობდნენ და როგორ ესროდნენ ნიშანში მძიმე თეფშს რკინისას. მე კინაღამ არ მოვჰკვდი შურისაგან, რომ მე ისე უხეიროდ ვიდეგ შორს ტყაპუჭში გახვეული და არა მქონდა ნება, იმათში გავრევულვიყავ და თავი მეცადინა. პახომო რომ არ შემსწროდა, ვფიცავ წყლულთა მაცხოვრისათა, გავიდოდი შუა მოედანზედ და გამოვითხოვდი, ვინც იმათში უკეთესი იყო. თვითონ რკინის თეფშსაც მე უფრო შორს გავისროდი, ვიდრე ის გალიპული და გასპეტაკებული სულელი, რომელმაც მაშინ გაიმარჯვა და გამარჯვების გვირგვინიც იშოვნა.
- მადლობელი იყავ პახომისა, - ჩაიცინა პავლემ. - რომ ეგ არ გაქმნევინა, თორემ ბევრს სირცხვილს გაჭმევდნენ შენ იქ და სასაცილოდაც აგიგდებდნენ. მართალია, ღონიერი ხარ, მაგრამ დისკოს სროლას, როგორც ყოველს სავარჯიშოს, ცოდნა და შეჩვევა უნდა. თვით ჰერკულესიც კი დამარცხდებოდა მაგაში, თუ რომ ხერხი წინადვე არ ესწავლა და არ ევარჯიშნა.
- დისკოს სროლა ჩემგან პირველი ხომ არ იქნებოდა, - დაიძახა ყმაწვილმა კაცმა: - აბა, უყურე რარიგად ვიცი!
ამ სიტყვაზედ დაიხარა, დასწვდა ერთს მოზდილს ბრტყელს ქვასა, რომელიც გზის პირს ეგდო, ღონივრად მოიქნივა და ქვის დისკო თავ-თავქვე გასტყორცნა.
- აი ხომ ნახე, - უთხრა პავლემ, რომელმაც დიდის ყურადღებით თვალი ააყოლა გატყორცნილს ქვასა. - თუმცა ღონიერი ხარ, მაგრამ ყველა ახლადმოსწავლე შენზე შორს გაჰსტყორცნიდა, თუ ცოტა ხერხი ეცოდინება. ეგრე არ უნდა სროლა, არა! დისკომ გალესილის პირით ისე უნდა გააპოს ჰაერი, როგორც დანამ, ან ხელი როგორ გიჭირავს. ეგრე მარტო დედაკაცები ისვრიან, თითი ამრიგად უნდა მოსახრელში გეჭიროს, პირდაპირ, მარცხენა უკან უნდა გასდგა და ცოტად შეიხარო. აი, შე უთაურო! მომეცი აქ მე ქვა! ცოტა უნდა დარგვალდეს და მერე ვეცდებით აიმ ხეს მოვარტყათ.
დიდის ხალისით ამბობდა ამას პავლე, შემოაცალა მეტ-ნაკლებობა ქვას; დადგა ისე, როგორც რამდენიმე ხნის წინად დადგებოდა ხოლმე, ესე იგი მაშინ, როცა არც ერთი ალექსანდრიელი ყმაწვილი კაცი ამას დისკოს სროლაში ვერა ჰჯობნიდა.
მუხლი შეიხარა, ზედა ტანი წინ წამოიწია, მთელის მკლავის გაშლით მოიქნივა და გაჰსტყორცნა ქვა. დისკომ ვერ მიაღწია ხემდინ და ახლოს დაეცა.
- დაიცა, - დაიძახა გერმასმა: - აბა ეხლა მე ვესვრი ხეს.
ქვა ზუილით წავიდა, მაგრამ ამხანად ბექამდინაც ვერ მიაღწია, საცა ხე იდგა.
პავლემ გულნატკენად გაიქნივა თავი, წამოავლო ხელი მეორე ქვას და დაიწყეს ერთმანეთთან გამოჯიბრება. ყოველს ახალს სროლაზე გერმასის ქვა უფრო შორსა და შორს ეცემოდა და ხანში შესულ მეუდაბნოეს ხელი კი თანდათან ჰღალატობდა.
ბოლოს გერმასის ქვა ხეს მოხვდა კიდეც და პავლემ კი ბექსაც ააცდინა.
გამოჯიბრების ჟინმა, ჯობნის სურვილმა თანდათან უფრო შეიპყრო განდეგილი. გაიძრო სამოსელი, წაავლო ხელი ახალს ქვას და ერთი დაიძახა, თითქო თიმაგეთის მოედანზედ არისო, თავის ამხანაგებში, საცა იმდენი დაფნის გვირგვინი მიუღია:
- ვფიცავ აპოლონს და მის ვერცხლის შვილდსა, ვფიცავ არტემიდას და მის საისრეს, რომ ხეს მოვარტყამ!
ქვა ზუზუნით წავიდა, მოხვდა ხეს ასე ძლიერ, რომ ხე შეინძრა და გერმასმა აღტაცებით დაიძახა:
- ოჰ, აბა ეგრე უნდა აი! უჰ, რა კარგი იყო! აი მაგას ქვიან სროლა! ჰსჩანს, ძველი მენანდრი ჯერ არ მომკვდარა. მშვიდობით! ხვალ კიდევ ვცადოთ ჩვენი თავი.
ამ სიტყვებზედ გერმასი გამოეთხოვა მეუდაბნოეს და ჩქარის ფეხით დაეშო მთიდამ სოფლისაკენ.
როგორც მძინარე მთელის ტანით დაიძვრის, როცა მის სახელს ხმამაღლა ჩაჰსძახებენ, ისე შეიძრა პავლეცა გერმასის სიტყვებზედა.
გონებამიხდილსავით დაიწყო აქეთ-იქით ყურება, თითქო რაღაც უცხო ქვეყანაში ჰპოვა თავისი თავი.
სხვილი ოფლი დაესხა შუბლზედ; შემკრთალმა წამოავლო ხელი მიწაზდ გდებულს ტანსაცმელს და შიშველი ტანი შეიმოსა.
რამდენსამე ხანს გერმასს თვალს ადევნებდა, მერე ერთი საშინლად ამოიკვნესა, დიდის მწუხარებით თავზე ორივე ხელი წაივლო და წაჰსქდა ორ ტოტად თვალთაგან ცრემლი.
- რაო, რა ვჰსთქვი მე? - წაიდუდუნა თავისთავად. - ტყუილია, ტყუილი, ვითომ ჩემში უწინდელი ყოველისფერი მომკვდარა! ვაი მე სულელსა, უგუნურს რეგვენს! მე პავლეს მეძახიან, ისევ სავლე კი ვარ, სავლეზედაც უფრო უარესი!
ამ სიტყვებზედ მუხლებზედ დაეცა, თავი მიაყუდა კლდის ქვასა და დაიწყო ლოცვა.
მას ისე მოეჩვენა, რომ ვითომ მაღლიდამ ძირს დაეცა და მახვილისა და შუბების პირზედ აეგო, თითქო გულზედ სისხლბალღამი გადაესხა. ლოცვაში და მწუხარებაში ისე დაავიწყდა თავი, რომ ვერ ჰგრძნობდა საშინელს პაპანაქებას და სულ ზევით და ზევით აღმავალის მზისას, ვერ გაიგო, რომ დიდმა ხანმა გაიარა და ვერც ის დაინახა, რომ მის ახლო მოვიდა მოვიდა მთელი გუნდი მლოცავ ეპისკოპოზს აღაპიტის წინამძღოლობით, რომელნიც წამოსულიყვნენ წმინდა მთის თაყვანის საცემად.
ამათ ნახეს, რარიგად გულმოდგინედ ლოცულობდა, ამათ თავის ყურით გაიგეს მისი გოდება და უკვირდათ მისი ღვთისმოყვარება. ეპისკოპოზმა ანიშნა და ყველამ მუხლი მოიყარა პავლეს ზურგთ უკან.
ბოლოს როცა ფეხზე წამოდგა და დაინახა თვისის შენანების მოწამენი, გაოცდა და ელდა ეცა. მივიდა აღაპიტთან, რომ კალთაზე ემთხვიოს;.ხოლო ეპისკოპოსმა უბძანა:
- ნუ, ნუ! ეგ საჭირო არ არის! ვინც ყოველს ჩვენზედ უფრო წმინდაა, ის არის ყველაზედ უმაღლესიცა. მუხლი მოვიდრიკოთ, ძმანო, ამ წმინდა კაცის წინაშე!
ყველამ მუხლი მოიდრიკა.
პავლემ სახეზედ ორივე ხელი აიფარა და გოდებით წარმოაჰსთქვა:
- ვაი, ვაი მე ცოდვილსა!
მლოცავნი ამისი თავდაბლობით გაოცებულნი, წავიდნენ თავის გზაზედ.
![]() |
6 წერილი რედაქტორთან |
▲back to top |
წერილი რედაქტორთან
ჩვენ მოგვივიდა შემდეგი წერილი: „ქვემოთ მოხსენებულ პირთ ჰსურთ ჩაეწერონ წევრათ ახლად დაარსებულის „ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ მოხსენებულის ყოველ-წლიურის ნივთიერის შემწეობით:
1) ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანოვი . . . . . . 5 მანეთი
ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი . . . . . 5 მანეთი
რომან დავითის ძე ცამციევი . . . . . . . . . . 3 მანეთი
მიხეილ დავითის ძე მაჭავარიანი . . . . . . . 3 მანეთი
5) კნეინა ბარბარე ვახვახოვისა . . . . . 2 მანეთი
კნეინა ბარბარე ვახვახოვისა . . . . . . . 1 მანეთი
მღვდელი იოანე შიუკოვი . . . . . . . . . 2 მანეთი
ქრისტეფორე აბრამის ძე ზარფოვი . . . . . . 1 მანეთი
გიგო ვაჩნაძე . . . . . . . . . . . 2 მანეთი
10) ილია აბრამის ძე ზარიკოვი . . . . . . . 2 მანეთი
იუსტინე მომფორია . . . . . . . 1 მანეთი
დავით მელითონოვ ბერძნიშვილი . . . . . . . 1 მანეთი
სიმონ გრიგოლის ძე რცხილაძე . . . . . . . 1 მანეთი
პლატონ დიმიტრის ძე ტარიელოვი . . . . . . . 1 მანეთი
15) ნიკოლოზ გულბაათის ძე ჭავჭავაძე . . . . . . . 1 მანეთი
ილია დავითის ძე ჭავჭავაძე . . . . . . . 1 მანეთი
ალექსანდრე ვახვახოვი . . . . . . . . . . 1 მანეთი
ვასილი სიდამონოვი . . . . . . . . . . . 1 მანეთი
გიორგი სულხანოვის ძე ჭავჭავაძე . . . . . . . 2 მანეთი
20) მღვდელი აბრამ დიღმელოვი . . . . . . . 1 მანეთი
დეკანოზი სოლომონ ფარანოვი . . . . . . . 1 მანეთი
მღვდელი იერემია ხირსული . . . . . . . 2 მანეთი
აზ. ივანე აბულის ძე აბელოვი . . . . . . . 1 მანეთი
გრიგოლ ხირსელი . . . . . . . . . . . . . 1 მანეთი
25) კნეინა ეკატირინე ვახვახოვისა . . . . . . . 1 მანეთი
კნეინა ნინო ვახვახოვისა . . . . . . . 1 მანეთი
კნეინა სოფიო ვახვახოვისა . . . . . . . 1 მანეთი
მღვდელი იოსებ ჩიკკაიძე . . . . . . . 2 მანეთი
აზნაური გიორგი თუშმალოვი . . . . . . . 1 მანეთი
30) თ. გიორგი სულხანის ძე ვახვახოვი . . . . . . . 1 მანეთი
აზ. ანნა ხირსულისა . . . . . . . 1 მანეთი
მღვდელი ხარლამპი ლაყაფოვი . . . . . . . 1 მანეთი
ივანე როსტომაშვილი . . . . . . . 2 მანეთი
ლ. გრიგორაშვილი . . . . . . . 2 მანეთი
მ. ზედგინიძე . . . . . . . 2 მანეთი
თ. გიორგი მაყაშვილი . . . . . . . 1 მანეთი
ტერ-გეურქ ტერ-სარქისოვი . . . . . . . 1 მანეთი
მღვდელი დიმიტრი კალატოზოვი . . . . . . . 1 მანეთი
ზაქარია ჭავჭავაძე . . . . . . . 1 მანეთი
მღვდელი დიმიტრი ხარიტონოვი . . . . . . . 1 მანეთი
41) პრაპორშჩიკი ალექსანდრე გრ. მანუჩაროვი . . . . . 1 მანეთი
სრულიად 63 [1]
„თელავის მცხოვრებთ დიდის სიამოვნებით მიიღეს ჩემი თხოვნა ახალის საზოგადოების წევრად ჩაწერაზედ და იმედია, რომ ამ მცირე ხელის-მომწერლებით ეს საქმე არ გათავდება, ესრეთი სიმცირე წევრთა იმით აიხსნება, რომ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის ამ სასარგებლო საქმის დაწყობა, ხოლო ბევრისთვის მე თვითონ ჯერ არ მიმიცია ამაზედ წინადადება, იპოვებიან იმისთანა გვამნიც, რომელთაც, ჟამთა ვითარების გამო, დაუკარგავთ ქართული მამა-პაპური პირი, ნდობა. ბევრი შიშობს და ეჭვშია, ჩემის აუწონავი ქცევით, ფულები სხვას არ შევაჭამოვო, ერთის მხრით არც გასამტყუნარია ამაში ჩვენი ხალხი, რადგან ესრეთს მათს ფიქრს აქვს საბუთიანი საფუძველი ჩვენს ცხოვრებაში; წინაპართა დათესილის ნაყოფს, ეხლა ჩვენა ვმკით.
ვგზავნი ამასთანავე 63 მან. და უმორჩილესად სთხოვ „ივერიის“ რედაქციას მიიღოს ეს ფული ჯეროვან ადგილს გარდასაცემად, ხოლო ეს სია დაბეჭდოს ერთს მახლობელს ნომერში, სრული იმედი გვაქვს, რომ სხვანიც მრავალნი გამოაცხადებენ აღნიშნული საზოგადოების წევრობის სურვილს, რომელთა სიას და შეწირულებას თავის დროზედ წარმოვუდგენთ რედაქციას. უსარგებლო არ იქნება, თუ რედაქცია გამომიგზავნის რამდენსამე ეგზ. საზოგადოების წესდებისას ხალხში გასავრცელებლად“.
ნ. მთვარელიშვილი.
ამათ გარდა „ივერიის“ რედაქციამ მიიღო ამავე საგნისთვის:
უფ. ივ. როსტომოვისაგან — ხუთი მანეთი,
კნ. ნინა სოლომონის ასულის ანდრონიკაშვილისაგან — ექვსი მანეთი.
კნიაჟნა ელენე ლუარსაბის ასულის ანდრონიკაშვილისაგან — ორი მანეთი.
კნ. ივლიტა ალექსანდრეს ასულისა და თ. ნიკო ბადურის ძის ჩერქეზისშვილთაგან: — ოთხი მანეთი.
_____________
1ეს ფული მიღებული აქვს „საზოგადოების“ სეკრეტარს.