The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №2 (1859)


ცისკარი №2 (1859)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსები სხუა და სხუათა თანამედროვეთა მწერალთა

▲ზევით დაბრუნება


1.1 კალამი

▲ზევით დაბრუნება


კალამი

მოდი ჩემო კალამო!
დრო არს მოგესალამო,
და შენით შევიმზადო.
წყრული გულის მალამო!

კეთილი ხარ ცათამდის,
ბოროტი ქვესკნელამდის,
უღმრთო ხელთა მახვილი,
მართალთ მკვლელი მარადის!...

მაგრამ შენვე კალამო
უნდა მოგესალამო.
და შენით შევიმზადო.
წყრული გულის მალამო!

ღარიბთ გარდაქმნი მთავრად,
დიდებულთ კვლა გჩანს არად,
ზოგს მოაწყენ ლხინითა,
ზოგს ადენ ცრემლთა ღვარად....
ოხ, მუხთალო კალამო!
რად მსურს მოგესალამო?
და შენით შევიმზადო
წყრული გულის მალამო!

მწარე ხარ ვით ნაღველი,
ხან ნეკტრის სიტკბოს მსმელი,
ხან ცეცხლთა სთოვ პირითა,
ვითარ დეირის ველი!...
მაშ ვითარღა კალამო
ძალმიძს მოგესალამო
და შენით შევიმზადო
წყრული გულის მალამო!

სიმცირით ჩხირსა დარავ,
მაგრამ ზღვა-ცათა ფარავ,
უძრავ პლანეტთ მოძრავ ჰყოფ,
სოფელს ვით ტარი ცარავ!...
ვით გავბედო კალამო
რომ შენდა გესალამო
და შენით შევიმზადო
წყრული გულის მალამო!

მაგრამ ჩვენის ცხოვრების,
ყოვლი დიდება სოფლის
შენ ხარ და შენვე ძალგიძს
წამსვე გარდაქმნა ყოვლის!...
მაშ ისევ შენ კალამო
ჯერ არს მოგესალამო
და შენით შევიმზადო
წყრული გულის მალამო!...

თ. ა. მაჩაბელი.
ქ. ქუთაისს.

1.2 ცრემლთა შინა ნუგეში

▲ზევით დაბრუნება


ცრემლთა შინა ნუგეში

(შილლერით.)

მოღელვენ ზვირთნი, მოქუხს მდინარე,
ტყე ყრუთ ხმაურობს ორ მხრივ მდგომარე,
გადახრილ წყლისკენ ზის ნაზი ქალი,
უფრო სიშფოთით ზვირთი ზვავდება;
უნებურ ცრემლნი ქალის არ მალვით
ორ ნაკადულთა თვალით იღვრება
და მის სიმღერა მოდის წყალსავით:

„დამემსხვრა გული და ეს სოფელი
შეიქნა ჩემთჳს სულ ცარიელი;
ბედნიერება აღარ მაქვს ქვეყნათ
გათავდა, რაც მხვდა ჩემ წილით, მხვედრათ.
დედავ წმინდაო! ოხ, ღვთის მშობელო!
წარმიღე შენ მე, ნუგეშმცემელო!
ბედნიერება აწ წუთ სოფლისა
ვცანი ყოველი კიდეც გათავდა,
ვსცოცხლე ცხოვრებით ამ სიცოცხლისა
ვიყავ ბედნიერ, კიდეც მიყვარდა.“

- „აფრქვევ ამაოთ ცრემლთ ნაჯადულსა,
შენი სატრფო მათ საფლავს ვერ ისმენს
მითხარ მე, შენსა გულისა წყრულსა
რა გაამთელებს, რაი მოგირჩენს
შემდეგ სიყვარულთ სიტკბოებისა?
მითხარ და ყოველს ვავლენ შენთჳსა.“

- „ნება მომეცი ეგრე ურგებათ
ვღვრიდე ჩემს ცრემლებს შეუშრომელათ,
თუნდ არ ესმოდეს თჳს ცივსა საფლავს
ჩემს საყვარელს და გულის მეგობარს.
შემდეგ სიტკბოის და აღტაცების
თვით მშვენიერის სიყვარულისა,
შემდეგ დიდ გრძნობით აღფრთოვანების
არის წამალი ჩემის წყრულისა,
არს უმაღლესი ბედნიერება
რითაც ტანჯვა ჩემს გულს ნელდება. -
ეგ-ცრემლნი ჩემნი-მათში ნუგეშს ვგრძნობ,
მათში წარსულის სიცოცხლით ვცხოვრობ!“

თ. ილია ჭავჭავაძე.
თებერვლის 13
1858 წელსა.
ს. პეტერბურღს.

1.3 განა უნდა მოვკვდე?

▲ზევით დაბრუნება


განა უნდა მოვკვდე?

ვით უნდა მოვკვდე? მიმეღოს ძალი!
ლამპარის მზგავსად, ვიქმნე გამქრალი?-
უნდა დავტეო კეკლუცთ მონება!
მიმეღოს გრძნობა, მასთან გონება,
თავისუფლება, აზრი, სურვილი,
აღარც მაქვნდეს ქალთ, ტრფობის წყურვილი!
გამოვესალმო მსწრაფლ ამ სოფელსა,
ძმათა, მეგობართ, თვით ჩემს მშობელსა
და შთავწვე საფლავსა მეტად ბნელ ქმნულსა,
სადა მეყრების მიწა მე გულსა!...

ვით უნდა მოვკვდე? ვიცვალო ყვითლად?
როდესაც რომე, აწ ვღვივი წითლად.
აწ ვარ და ვსუნთქავ კარგის ჰაერით,
ვხარობ აღსავსე, კეთილთა ერით.-
მესმის მნათობთ ხმა, ნაზი და ტკბილი,
აგრეთვე მათი ოხვრა, გმინილი.
უცებ მომივალს ამ დროს სიკვდილი,
მომნამგლის, ვიქმნი მყის ფერმიხდილი!
სად არან მაშინ სატრფონი ძმანი;
სად არინ მცნობნი, მოყვასნი დანი.
რაც უნდა უყვარდე, თავს ედვისთ ზარი,
შიშით გარბიან, ვწევარ რა მკვდარი!...
რადგანც მოვკვდები, ვგრძნობ ბუნებას:
არ ხარ მის შემდგომ ჩემი მშობელი,
არცა რა შენი, ვარ მე მტრფობელი.
რადგანც ვუტევებ აქ, მე ყოველსა
და მივალ სოფელს, ჯერ უმცნობელსა.
მარამ მერწმუნე, არ ვემდურები
დედა მიწასა, თუმც ვუძლურდები.
მხოლოდ შევთხოვ მყოს, მკვდართ ამხანაგი,
მეც შემითჳსოს, მომცეს ალაგი.
დაეხსენ ნავი ჩემი დაებას
მუნ, სად დამტევებს, უძრავ არსებას.
რათა ვფარვიდე, ერთ ოდენ ძვალსა,
ვაცნი ჰპოვებდენ მხოლოდ ჩემს ძვალსა!

ვით უნდა მოვკვდე? ვერ ვსჭვრეტდე ძმასა?
ზედ დამტიროდეს ვერ ვსცემდე ხმასა?
მუნ მეგობარი მეუბრებოდეს,
გულსა მას ცეცხლი, მოედეოდეს
და მე კი ვიყო, ხმა გაკმეტილი,
პასუხს ვერ ვსცემდე ქანც გაწყვეტილი?
მაშ ღვარონ ცრემლნი, ღამესა ბნელსა,
გარნა კი სთხოვდენ ცხონებას მხსნელსა.
დაეხსენ ქვასა, ჩემზედ მდებარეს,
ხმონ სიტყვა მწარენი, მევლოდენ გარეს.
მაინც მწოლარე საწყალი მკვდარი,
ვიქნები გულ-გრილ, მუნჯი და წყნარი.
ვერც გავსცემ პასუხს მაშინ ჩემთ მცნობათ,
ვერცა უსმენ მათ მწუხარეთ ხმობთა. -

ივ. კერესელიძე

1.4 კატ...

▲ზევით დაბრუნება


კატ...

არ გეტყვი თნებით ქართველო ქალო!
რომ გშვენის რიდე ღრუბლებრ მღელვარე;
როს მოწყენილი ნაზად მჯდომარე,
გრილსა საღამოს იწყებ შენ მზერას!...
შენნი მხილველნი ვარდნი სჭკნებიან
და ცის მნათობნი მყისვე კრთებიან:
მთვარე კამათობს შენსა ხატებას
და შენნი თვალნი, ორნი ვარსკვლავნი,
შვენებით სავსე ეშხის მამკლავნი,
როს გამობრწყინვენ კრთოლით სინაზით,
ვის არ შეიპყრვენ ტრფობისა ალით!...

ლუკა ისარლოვი.

1.5 ქორი და ბუ

▲ზევით დაბრუნება


ქორი და ბუ

მწყაზარი ქორი მაღალს ქედს-მშიერი შემოჯდომოდა,
მუნვე კლდის პირსა გვირაბი ბუ იჯდა იჭყიტებოდა,
ბრჭყალთ ხორცნი ეპყრნა ნაშოვნი,-მაძღარს
სხვაც ლუკმა რჩებოდა;
ქორი მის უხვსა საზრდოსა, ჰკვირობდა, ეკითხებოდა:

თავდიდო, თვალი ჭყეტ, ყურ-ცქვიტო!
თითქმის შენ ბრმობას გწამობენ?
მაგდენს სად ჰშოობ? ვინ მოგცა? ჰსჩანს
ქურდობ, ქურდსა გითმობენ?
კვლავ ბაიყუშად გიხმობენ. ვერც ჩემებრ
მწყაზრობ... გიცნობენ.
აწ შენ მაღძარს-სხვაც საზრდო გაქვს; ხოლო.
მე მშიერს?... მკიცხობენ.
შენ აქ მარტოდ ჰზი ქეიფობ.-მე მყვანან ბარტყნი, მშივრობენ
თუმც მოვლე მიდამო, მთა-ბარი, საზრდო არ
შემხვდა, მით მგმობენ
რისგან არს? შენებრ შოობს-ჩემებრს არა რას მწყობენ?-
ბედია? თუ სხვა მიზეზი? მითხარ: რას ჰფიქრობ, რას ჰხმობენ?

ბუმ უპასუხა: - მწყაზარო! ნუ მიწყენ მოხსენებასა:
მაგ გვარს შემთხვევას ბედს ვარქმევთ, ზოგჯერ ვჰსცდებით ნებასა,
ბრძენნიც ჭკვიანნიც შენებრიც შთახდეს არ ერთსა ვნებასა:
ხოლო ჩემებრ? ოდესმე ჰპოვენ ბრმად ბედსა... ქებასა.

ბედს იტყვიან ძველთ დროთაგან: „ბრმა
ყრუა მისაწყდომელი,
„ცდა მისი მონახევრეა,- როს დრო არს
მისდა მდომელი:
„ყველა დროს ჰმონებს, დრო ითვლის,
დრო არის დაუდგრომელი;“
ხორცს ნუ მომტაცებ... ნუ გიკვირს: ვინც
ნახო, სად რის მფლობელი.
ქორმან სთქვა მაგით გადაწყდა... შენ
თვითონ მეტყვი დროებას?...
ნათლად ჰსჩანს: შენის საზრდოთი, რგებიხარ
აწ ჩემს ბედობას!
სიტყვით ბრძნულებრ ჰსჯი... არ მიწვევ?
გეძრახი პურა ძვირობას,
ამად ხორცს გტაცებ,- შენ დაგთმობ, ვეკრძალვი
ბაიყუშობას.“

ქორი გაფრინდა საშოვრით, ბუ დარჩა ბაიყუშობით.
ვინმცაა? ვისას ბედობით თჳსებით ანუ ზნეობით?
მწყაზრის ტაცებით, დათმობით, მაძღრისა პურა ძვირობით?
სოფლად ვინ ვიცით: ვის, სად? რა
შეხვდეს ჟამთა დროებით.

თ. ალ. ჩიქოვანი.

1.6 ახალ გამოჩენილს მშვენიერებას

▲ზევით დაბრუნება


ახალ გამოჩენილს მშვენიერებას

ვინა ხარ ეჰა მშვენიერო, გამოჩნდი სითა,
ხარ ამ ქვეყნისა, თუ ციერი მოფრინდი ცითა,
შენის მზერითა აქმომდე, ვინ დასტკბებოდა,
ცა თუ ცის ქვეშე, შენით ტურფავ, განბრწყინდებოდა?
ვინა ჰგალობდნენ, შენს მშვენიერება ცასა ციერნი,
თუ ფეხთ-მოდრეკით, განკვირვებით აქ ქვეყნიერნი?
ხარ ანგელოზი, სახოთხიდამ, გამოფრენილი
ჩვენ საბრალოთა, დასატკბობლად, აქ მოვლენილი?
ან თუ სატანა, ჯოჯოხეთმა, მოგგზავნა ხმელად,
მოგცა შვენება, გარდმოგაგდო, გულთ სავნებლად!
ან ხარ ასული, ამ ქვეყნისა, ვით სხვა ასული!
მაგ ლამაზს მკერდს ქვეშ, როგორც სხვათა შენც გიძგერს გული?
აბა მაშ გვითხარ, ვით შემკულხარ ეგრე მდიდრული,
გარმონიითა, სიტურფითა, შვენებით სრული!
ვინ ბადნიერმა, სად და როგორ ეგრე აღგზარდა!
ან ვისი თვალი, შენით მთვრალი, მარად გიმზერდა!
აღმოსავლეთსა, ყვავილთ შუა, თუ გაიშალე,
ან თუ ჩრდილოთ ხარ მწყვდიადს სტუქსე, მოხველ აქ მალე,-
მოგესალმებით ნათლის გულით შენ მშვენიერსა;
შენც გაუღიმე, სიმშვიდითა ძველსა ივერსა,
სადაც ბუნებამ, დიდებულათ ზღვათა და ბართა
შესამკობლათ ფრიალონი წინ აღუმართა!
სადაც მთათ წვერნი, ცისა კიდეს, ებჯინებიან,
ველნიც მარად, ყვევილებით იმოსებიან
და მათზედ რბიან, წალკოტთ შუა, წყალნი მცინარნი:
აქ სიყვარულსა, შტვენენ მარად ბულბულნი წყნარნი;
რა ფუფუნებით, ზამთარ-ზაფხულს ვარდნი შლილობენ!
ღიმით ზეფირი, დილით ნამი მაზედ ხარობენ.
აქა ცა არის ლურჯი, წმინდა მნათი მარად ჟამს,
აქა დავითი და თამარ სულსა კიდევ სწამს!
აქ რუსთაველისა ლექსნი კვალად ატკბობენ ყურსა;
აქა ისმენენ ბესიკისა, მღერას ციურსა.
აი სად მოხველ; მაშ აქ მყოფნი, თუ მოგეწონა
გაგიშლით გულთა ფიანდაზათ, შენთ ფერხთა წინა!
იყავ შვენება, ნეტარება ივერიისა,
იყავ ჩვენთჳსა, ცით ვარსკვლავი, შუქი მთვარისა!

ყ...

2 მოთხრობა

▲ზევით დაბრუნება


მოთხრობა

ერთი ახალ გაზდა მოგზაური სახელად იულიანე, შემდგომ რაოდენთამე სახელმწიფო და ქალაქთ ნახვისა, მივიდა საფრანგეთში და სხვათა საგნებთა შორის ნახა მონასტერი კარტეზიანთა, სადაცა სასაფლაოზედ დაინახა, რომელ ერთი კაცი, თეთრად ჩაცმული სთხრიდა სამარეს. იულიანე რა მიუახლოვდა მას, იცნო რომ ის კაცი იყო ახლად ნაკურთხი ბერი.

რას შვრებით მამაო, ჰკითხა იულიანმა, ვისთჳს სთხრით ამ სამარესა?

ჩემთჳს შვილო ჩემო, მიუგო ბერმა, მე მინდა რომ მზად მქონდეს საფლავი, რადგანც ვგრძნობ ჩემს მალე მიცვალებასა და კიდევაც რომ არ მოვკვდე, მაინც მე ცოცხლად აღარ ვრაცხ ჩემს თავს, შემდგომ მისა, რაიცა მე გარდამხედია და ამის შემდგომ დაუწყო ბერმან იულიანს მოთხრობა თავის ისტორიისა.

„უსარგებლო იქნება თქვენთჳს ცოდნა სახელისა იმ მხარის, სადაც მე დავიბადე და ადგილისა სადაცა ვსცხოვრებდი. შვიდმან წელიწადმა განვლო შემდგომ იმ შემთხვევისა, რომელისაც ეხლა მსურს თქვენთჳს მოთხრობა; მაშინ მე ვიყავ ოცდა ოთხის წლისა.“

„მე ვიყავი მდიდარი და შთამომავალი ჩინებულის გვარისა. ვერ შეუსრულებელ სწავლისა გავერთე სოფელში. მე ვფიქრობდი, რომ არა რასა არ ძალუძს დაუბრკოლება ახალგაზდა კაცისა, რომელსაც აქვს მაგარი ხასიათი და შეუძლია აღსრულება მიცემულის პირობისა. პირველთა შემთხვევათა უმეტეს დამარწმუნეს მე ამ ჰაზრში.

„ერთს გაზაფხულს ისყიდებოდა სოფელი ახლოს დედის ჩემის სოფლისა, რომელიც კიდევაც იყიდა ღენერალმან. არცა მე მენახა ის ღენერალი ხშირად, ოდესაც ვიყავ ყმაწვილი. ის იყო ფრიად პატიოსანი და წარჩინებული კაცი. მე მეგონა, რომ მას ყავდა ცოლად რომელიმე მარშლის ქვრივი, რომელსაც შეეძლო მუსაიფობა, მარნელო და აუსტერლიცის ომებზედ და ამისთჳს უფრო მიხაროდა, რომ ბევრი კმაყოფილება მექნებოდა იმათი მეზობლობისაგან.

თქვენ უწყით, მოწყალეო ხელმწიფეო, რა არის ეს სოფელი, უწყით ყოველივე სოფლიური ჩვეულებაი ჩვენ არ ძალგვიძს შეხება სხვისა საკუთრებისა, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ თავის მემკვიდრეს; უწყით აგრეთვე, რომელ ეს სოფელი ნებას არ გვაძლევს სხვის ცოლთან კავშირის მექონობას, რომელშიაც მდგომარეობს ყოველივე ქმრის ნეტარება და ბედნიერება. შემდგომ იმა წუთისა, როდესაც ვნახე მე ღენერლის ცოლი კაროლინა. ეს იყო იმისი სახელი, მე დამავიწყდა ცუდი ხასიათი ღენერლისა, დიდება, რომელშიც მოპოებული იყო მისგან შინ, როდესაც ჩვენ ჯერეთ ვიმყოფებოდით აკვანში, ოცი წყრული რომელიც მან მიიღო მაშინ, ოსესაც ჩვენ ვჰსწოვდით დედის ძუძუსა ჩვენის, დამავიწყდა ყოველი ესენი მისთჳს, რათამცა მეფიქრა მხოლოდ ერთ საგანზედ: მქონდა კავშირი კაროლინასთან.

სამფლობელო დედის ჩემისა, როგორც მე უკვე ვსთქჳ, იყო პირის-პირ ღენერლის სამფლობელოსთან, ეს იყო მიზეზი ჩემი ხშირად მისვლა მოსვლისა მასთან. ღენერალს ძალიან შეუყვარდი მე და შევიქენი კარგი მეგობარი მისი, გარნა უმადურმან, მე აჰა მის მეგობრობაში ვჰპოებდი საშვალობასა, რათა მქონოდა მის ცოლთან კავშირი.

კაროლინა იყო, ორსულად და ჰსჩანდა რომ ღენერალი უმეტეს ამპარტავნობდა თავის მყობადის მემკვიდრითა ვიდრეღა ყოველთჳს თავის მოგებულის ომებითგან და ამისაგამო მას შეუყვარდა უმეტესად იგი, ხოლო რაიცა შეეხების კაროლინას, იგი იყო ესრეთი ცოლი, რომელიცა არა ფიქრობს არა ბედნიერებას თავის ქმრისას, პირმოთნეობით აჩვენებს თავს, ვითომც უყვარს მას იგი. რაოდენ ამ ნაირად გაწყობილება იყო მათ შორის, იმოდენი სხვა და სხვა პირმოთნეობა კაროლინასი მე შევნიშნე და სრულებით დავრწმუნდი, რომელ კაროლინას არ უყვარდა ქმარი თჳსი, გარნა მე ძალიან ეჭვში ვიყავი რომელ ჩემს მსახურებას და პატივისცემას მიიღებდა კაროლინა, თუმცა კმაყოფილებით, გარნა ცივად. იგი არ ცდილობდა ჩემთან ლაპარაკს. რომელიც დაამტკიცებდა, რომელ არა ჰპოებდა ჩემში კმაყოფილებას და არცა სურდა მას ჩემგან განშორება,რაიცა ამტკიცებდა, რომ არ ჰპოებდა ჩემში საშიშარ კაცს.

ამ სახით განვლო ზაფხულმან. ჩემი სუბუქი სიყვარული შეიცვალა ნამდვილ სიყვარულად, გულგრილობა კაროლინასი იყო მიზეზი ჩემის საჩხუბრად გამოთხოვისა მისგან, მე მივიღე ესე გვარი გამოთხოვა ყოვლის ღონის ძიებით და ამ გვარად: რადგანც მე არ შემეძლო პირის პირ გამოცხადება სიყვარულისა, ამისათჳს მე გავბედე მასთან წიგნის მიწერა. ერთხელ საღამოს, მე შევახვიე პატარა ბარათი. მის საკერავებში, და როდესაც დილით მან დაიწყო კერვა, მე (ჩუმათ) მალვით, უცქერდი თუ რას იტყოდა იმა წერილზედ, მე დავინახე, რომ მან დახედა ადრესზედ გაუწითლებლად და უეცრად ჩაიდვა ჯიბეში. ამ დროს ნაზად გაიღიმილეს მისმა ტუჩებმა.

მრთელი დღე ვატყობდი, რომ კაროლინას უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ მე ვემალებოდი. საღამოს კაროლინა და სხვანი რაოდენიმე ქალები ისხდნენ სტოლის გარშემო და ხელსაქმობდნენ; ქმარი კაროლინასიკი კითხულობდა რაღაცას ჟურნალს; მე ვიჯექი ზალის კუთხეში და მალვით უცქერდი კაროლინას მოქმედებას. შევატყვე, რომ მას უნდოდა ჩემი დაძახება და დასასრულ დამიძახა და მითხრა:

- გთხოვთ, დამიხატოთ ჩემის ცხვირისახოცის ყურებისათჳს ორი ასო ხ. და მ.

- ბატონი ბძანდებით, დიდის კმაყოფილებით უპასუხე მე. ამ დროს ადგა ერთი ქალი და მის ალაგზედ კაროლინას თხოვნით დავჯექი მე; მან მომცა კალამი.

მე არა მაქვს ქალბატონო ჩემი ქაღალდი მიუგე მე. აი ქაღალდი მითხრა მან, და ამ სიტყვით მომცა ბარათი შეხვეული ინგლისის ქაღალდში. მე მეგონა, რომ იგი იყო პასუხი ჩემგნით მიწერილის წიგნისა. ამ დროს კაროლინა ადგა და უნდოდა წარსვლა, მაგრამ მე გავაჩერე და უთხარ: მეფაო ჩემო! თქვენ მომეცით შეცთომით ბარათი თქვენსახელზედ მოწერილი. ის მოვიდა საჩქაროდ და გამოართვა რა ბარათი, სთქვა ახ! ეს დედიჩემის წიგნია.

- ეს გაგრძელებული მოთხრობა იქნება გეჩვენათ თქვენ მოსაწყენათ, მითხრა ბერმა, იქნება გიკვირსთ, რომ ამ გვართ სიტყვებს ისმენთ ესრეთის კაცისაგან, რომელიც წინ და წინ ითხრის საფლავს თავისათჳს, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ ყველანი ცოდვილიანი ვართ.

- ახ, გთხოვთ, რომ გაათაოთ, მიუგე მე. „მეორეს დღეს, ექვს საათზედ მე გამაღვიძა ღენერალმან, მორთულმა სანადიროთ. იგიმთხოვდა წაყოლას თჳსთან.

ესრეთმა მოულოდებელმან შემთხვევამ ცოტად დამაფიქრა მე, მაგრამ სახე მისი მეჩვენა ესრედ წყნარად, რომელ ყოვლის უფიქრელად მივიღე მისი თხოვნა და წავყევი. როდესაც ჩვენ მოვემზადეთ თოფების გასატენათ, ამ დროს ღენერალმან დამიწყო ცქერა თვალებში.

- რას ჰფიქრობთ ღენერალო? ვკითხე მე.

- ღმერთს გეფიცებით, მითხრა მან, თქვენ გადარეულხართ, რომ გაგიბედავს ჩემი ცოლის შეყვარება.

- მე, ღენერალო? მიუგე განცვიფრებით...

- ჵო, თქვენ! არა გნებავსთ რომ გარდაგხდეთ....

- ღენერალო! გეფიცებით თქვენ....

- ნუ ლაპარაკობთ ტყუილს უფალო. ტყუილის თქმა საკადრისი არ არის. პატიოსანი კაცი ბძანდებით!...

- ვინ მოგახსენათ ესე, ღენერალო?...

- ვინა? ჩემმა ცოლმა! არ გნებავთ თქვათ, რომ ისიც შემცდარა? დახედეთ, აი წიგნი, რომელიც გუშინ თქვნ გაუგზავნეთ ჩემს ცოლს... ამ სიტყვით მან მომცა ქაღალდი, რომელიც ვიცანი პირველ შეხედვითვე და ოდესაც შემატყო, რომ მე ვერ ვბედავ მის გამორთმევას, მან შეკუმშა იგი და ჩადვა თოფში, მერმე მომკიდა ხელი და მითხრა: შვილო ჩემო, რადგანც შენი ტანჯვა ისეთია, როგორც შენ მიგიწერია ჩემის ცოლისათჳს, მაშ მე გირჩევ, რომ შენ გაემგზავრო და ნახო იტალია, ანუ ღერმანია და მობრუნდე მაშინ, ოდესაც სრულებით განთავისუფლდებით მაგ სიყვარულისაგან, ესე იგი, ოდესაც შენ დაივიწყებ ჩემს ცოლს კაროლინას.

ამ გვარის რჩევისათჳს მე მოვახსენე ღენერალს დიდი მადლობა.

როდესაც ჩვენ დავბრუნდით სახლში, მთხოვა მან ნახვა კაროლინასი. მე მივედი გამოსათხოვად კაროლინასთან. მას და სხვათაც გაუკვირდათ ესრეთი მოულოდებელი მგზავრობა ჩემი, ღენერალმან თვითონ გამაცილა მე; აქედგან ვცდილობდი, რათა დამევიწყა კაროლინა, ჩემი სიყვარულის მიზეზი.“ მე ვმგზავრობდი მრთელი ერთი წელიწადი. ვნახე ნეაპოლი, რომი, ვენეცია და სხვანი. განკვირვებით ვატყობდი ჩემს თავს, რომელ ეს სიყვარული, რომელიც მეგონა საუკუნო, ყოველ დღე ცოტ-ცოტა მავიწყდებოდა და დასასრულ მე მივახწიე იქამდისინ რომელ უყურებდი ამა სიყვარულს, ვითარცა ერთს უბრალოს შემთხვევასა.

მე შემოველ საფრანგეთში მონსენით, მოვედი რა ღრენობლს, მომაგონდა ნახვა კარტეზიანის მონასტერისა. მივედი ერთს ახალგაზდა კაცთან, რომელიც გავიცან ფლორნციაში, და მას მერმეთ ვსცხოვრებ აქა უკვე ექვსი წელიწადი არის. შემდგომ ერთის წლისა მე მოვბრუნდი საფრანგეთში და აქ მოვნახე უწინდელნი ჩემნი ნაცნობნი.

აქ მე ვნახე ღენერალიც, რომელიც იყო ჩემგან ფრიად კმაყოფილი. მან მსთხოვა ნახვა თავის ცოლისა და დარწმუნებული, რომელ მე იგი არღა მიყვარდა, წაველი სანახავად. შევედი რა იმის ოთახში, მე ვიგრძენ სუბუქი თრთოლვა, კაროლინა იმ დროს სახლში არ იყო.

რამოდენიმე დღის შემდგომ, დავსეირნობდი რა, შევხვდი ღენერალს და მის ცოლს.

მე მივედი მათთან; კაროლინა მეჩვენა ეხლა უფრო მშვენიერად: ოდესაც მე გავეცან კაროლინას, მაშინ იგი იყო ორსულობისაგან შეწუხებული. ხოლო ეხლა მას მობრუნებოდა თჳსი მშვენიერი ფერ-ხორცი.

დაიწყო რა კაროლინამ ჩემთან ლაპარაკი მე შევნიშნე მის ხმაზედ რომელიმე განსხვაებითი პატივის ცემა. მე ვგრძნობდი, რომ ხელი მისი ძრწოდა ჩემს ხელში. მე შევიძარი ყოვლის სხეულით და როცა უეცრად შევხედე მას პირის პირ, მან ვერ გამიმართა თვალები.

ღენერალმა მიმიწვია მე თავის სოფელში, სადაცა შემდგომ ორის დღისა მიდიოდა ცოლითურთ. გარნა მე უარ უთხარი, მაშინ კაროლინამ დამიძახა და მითხრა: გთხოვთ წამოხვიდეთ.- ამოდენს ხანს მე არ გამეგონა მისი ხმა მე გავჩუმდი და ვკვირობდი კაროლინას ცვლილებასა.

ამ დროს იგი მოუბრუნდა თავის ქმარს და უთხრა:-ახ, მაგათ იქნება გონიათ, რომ მოეწყინებათ ჩვენთან! სთხოვეთ, რომ წამოიყვანოს ერთი თავის მეგობართაგანი, მაშინ უფრო კარგადვე გაატარებენ დროს.

- ეგ სრულებით მაგათი ნება არის, მიუგო ღენერალმან!

- არა მე მიმიცია სიტყვა... წარმოვსჩუჱნ მე. - რომელსაც ჩემთჳს, იმედი მაქვს, დაუტევებთ, მითხრა მე კაროლინამ, და ამ დროს შემომხედა ასეთის სახით, რომელშიაც ერთის წლის წინათ მივსცემდი ჩემს სიცოცხლეს დასასრულ მე მივეცი პირობა წაყოლისა.

როდესაც მე ვსცხოვრებდი პარიჟში, ჩემთან ხშირად დადიოდა ემმანუილი, რომელსაც მე გავეცან ფლორენციაში; იგი მოვიდა ჩემთან ერთის დღის წინეთ წასვლისა ღენერალთან და მკითხა თუ სად მივდივარ. მე არა მქონდა მიზეზი დამემალა მისთჳს და უთხარი.

- ახ, მითხრა მან, მე თითქმის შემიძლიან თქვენი ამხანაგობა, ამ შემთხვევაში...

- თქვენ არ ხართ ნაცნობი ღენერალთან? ვკითხე მას?

- არა, კელმწიფეო. ერთს ჩემს მეგობარს უნდოდა წარვედგინე ღენერალთან, გარნა მან ვეღარ მოასწრო და წავიდა ნორმანდიაში სამკვიდრო მამულის მისაღებად.

აქ მე მომაგონდა თხოვნა ღენერლისა, რომელმანც მომცა ნება ამხანაგის წამოყვანისა სოფელში და შევპირდი მას მეორეს დღეს წაყვანას.

პირველს საათზედ მეორეს დღეს ჩვენ მივედით ღენერლის სოფელში, სადაც კაროლინა, ერთად რამოდენიმე ქალებით, დასეირნობდა ბაღში.

- ხედავთა, უთხრა კაროლინამ თავის ქმარს, ხედავთაა, ჩვენს იულიანს, უნდოდა რომ ნება მიგეცათ ამხანაგის წამოყვანისი.

სადილად მე ვიჯექი პირის-პირ კაროლინასთან და ვატყობდი, რომ იგი იყო ჩემთან მეტად ხალისიანად.

ნასადილევს შემდგომ ყავის დალევისა, ღენერალმან გვთხოვა ბაღში გასეირნობა მე მივეცი კაროლინას ხელი ხელში და მან დიდის კმაყოფილებით მიიღო ესე.

ოხ! რა მდგომარეობაში ვიყავ მაშინ, ოდესაც კაროლინას ნაზი ხელები, სუბუქად გადაჭდომილ იყო ჩემს კლავზედ,

ერთის საქმისათჳს ღენერალი უნდა წასულ იყო პარიჟში. შაიტყო რა ესე, კაროლინას გაეხარდა და მე ვანბობდი, რომ კაროლინას უხარის ქმრის წასვლა მისთჳს, რომ უნდა ჩემთან დროს გატარება.

ნასადილევს ღენერალი წავიდა და ჩვენ ყველამ გავაცილეთ იგი ოდესაც დავბრუნდით კაროლინა ჩვეულებისამერ ჩამოწვა ჩემს მკლავზედ. მე ვატყობდი, რომ გული მისი სძგერდა და ვერ შევიტყვე თუ რას ფიქრობდა იგი ამ დროს.

დღემ გაიარა ისრე, ვითარცა ერთმა წამმან. დასასრულ ჩვენ უნდა წავსულვიყავით თავთავის ოთახებში.

დასარწმუნებლად კაროლინას სიყვარულისა, მე მაკლდა გამეგონა მისგან ეს სიტყვები: „მიყვარხარ შენ, მიყვარხარ შენ!„

გაგიჟებული სიყვარულისაგან შემოველ ჩემს ოთახში და დავეგდე საწოლში, ვფიქრობდი; დღეს ანუ ხვალ, კაროლინა იქნებოდა ჩემი-ჩემი საუკუნოდ...

მე დავწევი, მაგრამ არ მეძინებოდა. ავდექ, მივედი ფანჯარასთან და გავაღე იგი. მშვენიერი ღამე, ბრწყინვალება ვარსკვლაებთა და სხვა სიმშვენიერე ბუნებისა ცხადათ გამოხატავდა ჩემს მდგომარეობას. მე მალ-მალ ვნახვიდი ადგილსა, სადაცა კაროლინას ედგა ფეხი და ვკოცნიდი სკამსა, სადაცა იჯდა იგი... დასასრულ მე დავინახე, რომელ მრთელს საოცარს დიდს სახლში მხოლოდ ორი ფანჯარა იყო განათებული, ესენი იყო ფანჯრები კაროლინას ოთახისა. -

მე გარდავაწევი ბალკონს და უყურებდი კაროლინას ფანჯრების ფარდებს.

განსაცვიფრებლად ჩემდა, მე, კაროლინას თვალი მოვკარი: ის კიდევ არ დაწოლილ იყო, მას არ ეძინებოდა მისთჳს იქნება, რომ ფიქრობდა ჩემზედ.

დიდხანს იდგა იგი შეურყეველად და სჩანდა მალვით მიყურებდა მე, შემდგომ მსწრაფლ მივარდა კარებზედ, რომელიც იყო პირდა პირ აკოშკებისა; ამ დროს მე მომეჩვენა რომ ვიღაც ეხვეოდა კაროლინას. უეცრად სამთელი გააქრეს და მე შემხედველმან ამისა, წავიქეც, ძლივსღა ვსუნთქამდი...

მე ვგონებდი, რომელ ესე ყოველი იყო სიზმარი ვიყავ გაჩერებული და განცვიფრებით უყურებდი კაროლინას ოთახის ბნელსფანჯრებს.

ისე მიყვარდა კაროლინა, რომ ყოველს ჩემს საცხოვრებელს, სულს და გულს მისთჳს შევსწირავდი. გარნა იმ ურწმუნომ გაუტანელმან დამღუპა მე, ამა და იმ სოფლად საუკუნოდ. ნაცვლად მისა, რათა ვილოცო სულისათჳს, მე მოვკვდები კაროლინას ფიქრით.

გაათავა რა ესე მოთხრობა ბერმან, გაიხსნა გული და მაჩვენა. წარმოიდგინეთ! მე დავინახე მის ტანზე რკინის პერანგი, რომელსაც მეტად შეეწუხებინა იგი.

- ხედავთაა? მითხრა ბერმა.

- თქვენ მოჰკალით იგი?

არა, მე უყავ მეტი: რათა შემეტყო, თუ ვინ იყო ის, რომელიც ეხვეოდა კაროლინას. მე ვიდექი კაროლინას ოთახის კარებთან და ველოდი.

არ მახსომს რამდენი ხანი ვიყავი იქ, მხოლოდ ვიცი, რომ გათენების დროს მე შემომესმა კაროლინას ხმა: „მშვიდობით საყვარელო. ემმანუილ, მშვიდობით ხვალამდის!...

ემმანუილმან გაიარა ჩემს ახლოს და ვერ დამინახა.

მე შევედი ჩემს ოთახში და მთელი ღამე ვფიქრობდი საშუალობასა, თუ რა ნაირათ დამესაჯა კაროლინა.

დილით ყველანი იქ მყოფნი შეველით კაროლინას ოთახში ჩაის სასმელად. მე მეტყობოდა მოწყენილობა და შემატყო რა კაროლინამ, მითხრა: რისთჳს მოწყენილ ხართ და გამხდარხართ თქვენო. მე ვუთხარ, რომ წიგნი მივიღე და ხვალ უნდა წავიდე პარიჟში მეთქი.

სადილზედ ერთად ვისხედით და ნასადილევს მე ვსთხოვე კაროლინას ადრესი იმ ვაჭრისა, ვისგანაც იგი ყიდულობდა ნივთებს; მან დამიწერა თავის ხელით ადრესი და მომცა; მე მხოლოდ ეს მინდოდა.

ნაცვლად ამისა, რომ წავსულ ვიყავ ჩემს ადგილს, მე წაველ პარიჟში. ერთს საათს მივედი დედის ჩემის პრიკაშჩიკთან, გამოვართვი მას დედისჩემის მაგიერათ სამოცი ათასი მანეთი და იქედგან წავედი პირდაპირ ემმანუილის სახლში. აქ მე დაუძახე მსახურს და იგი მოვიდა ჩემთან. მას ეწოდებოდა ტომ.

- ტომ! გინდა მოგცე ოცი ათასი მანეთი?

- ოცი ათასი მანეთი? დიახ მინდა: რატომ არ მენდომება, მიპასუხა მან.

- მაშ მითხარი: ხომ არ მოსდის ხოლმე შენს ბატონს ამისთანა ნაწერი წიგნები? ვაჩვენე რა ხელნაწერი კაროლინასი, ტომმა მიპასუხა: დიახ მოსდის ხოლმეო!

- სად ინახავს მათ?

- თავის ყუთში.

- მე მინდა, რომ მიშოვნო ის წიგნები. აი ჯერეთ, შენ, ბეთ ხუთი ათასი მანეთი; დანაშთენს მიიღებ მაშინ, ოდესაც მომიტან იმ წიგნებს. ტომი წავიდა და შემდგომ ერთის საათისა დაბრუნდა და მომიტანა ერთი ჯიბე წიგნები.

შევათანასწორე რა ნაწერი, მე გამოვიცან ისინი კაროლინას ნაწერად. მაშინვე მივეცი ტომს დანაშთენი ფულები. შემდგომ დავჯექი, წავიკითხე იგინი და ვჩუჱნ: ამ წიგნებისათჳს მიმიცია ამოდენი ფული და თუმცა რომ ესენი ყოფილიყო ჩემთან მოწერილი, მაშინ მე მივსცემდი ჩემს უკანასკნელს სიცოცხლეს.

ემმანუილს უყვარდა კაროლინა უკვე ორი წელიწადი, იგი იცნობდა მას მინამ გაუთხოვარი იყო; გათხოვების შემდგომ არა ჰქონდა დრო, რომ გაეცნო ღერენალი. ამ დროს შევხვდი მე მას, როგორათაც მოგახსენეთ და მე კაროლინამ აღმომირჩია შუამდგომლად. ხედავთ როგორ კარგად ქონდათ მათ დაწყობილი საქმე? როგორ სულელად მხდიდენ მე... მაგრამ ეხლა მოვიდა ჩემი დრო.

მე მივსწერე კაროლინას.

„ხელმწიფაო, გუშინ საღამოს მე ვიყავი თქვენს ბაღში და დავინახე როდესაც თქვენთან შამოვიდა ემმანუილი; დღეს დილით ოთხ საათზედ, მე ვიყავ თქვენს ოთახის კარებთან და ვნახე ოდესაც თქვენგან გამოვიდა ემმანუილი; ერთი საათის წინეთ ამისა მე ვიყიდე ტომისაგან ოცი ათას მანეთად თქვენი მინაწერი წიგნები ემმანუილთან.“

მეორეს დღეს, თორმეტ საათზედ ჩემს ოთახში შამოვიდა ემმანუილი, რომელიც სჩანდა ძრიელ შეწუხებულად, მე მაშინ ვიწექი, მოვიდა რა ჩემთან, ემმანუილმან მითხრა:

- თქვენ უეჭველად იცით, რამ მომიყვანა მე ეხლა?

- მე არ ვიცი, მაგრამ მივხვდი კი.

- თქვენ გაქვსთ ჩემი ბარათები?

- დიახ. მე მაქვს.

- არ მომცემთაა იმათ?

- არა, ხელმწიფეო.

- რა უნდა უყოთ იმ წიგნებს?

- ეს ჩემი საიდუმლო არის.

- მაშ თქვენ არას მეუბნებით მოცემისას?

- სრულებით.

- უფალო, ნუ მათქმევინებთ ვინ ხართ თქვენ.

- გუშინ მე ვიყავ (შპიონი.) მზვერავიდღეს ვარ ქურდი.

- უფალო, მე თქვენ გამოგითხოვთ დუელში.

- მზათ ვარ, დიდის კმაყოფილებით. მე დაუძახე ჩემს მოსამსახურეს, რომელიც ამ გვარს საქმეში იყო ძალიან გამოცდილი.

- იოსებ! მე მივდივარ დუელში ამ უფალთან და ადვილად შეიძლება, რომ მან მომკლას მე, როდესაც კი შაიტყო შენ ჩემი სიკვდილი, მაშინვე ეს წიგნები წაიღე და მიუტანე ღენერალს. ათი ათასი მანეთი, რომელიც არის ამ ყუთში გეკუთვნის შენ! აჰ გასაღები.

-აი ეხლა კი წავიდეთ, უთხარ მე ემმანუილს. ემმანუილმა დაიწყო ოფლის წურვა და გაყვითლდა ვითარცა სიკვდილი.

- თქვენ უსინდისოთ იქცევით, მითხრა მან.

- მეც ვიცი რომ უსინდისობა არის-ესე.

- მითხარით, მაშინ ხომ მისცემთ ამ წიგნებს კაროლინას, როცა მომკლავთ.

- ეს ჩემი საქმე არის.

„რა უნდა მოგცეს კაროლინამ, რომ მიიღოს ეს წიგნები? ვნახოთ.....

- უნდა თვითან კაროლინა მოვიდეს მისაღებლად.

- აქა?

- ჰო, აქა.

- ეს საკვირველია, მარტო!

„არას ოდეს.“

- ვინ იცის. მიბძანდით კაროლინასთან და არჩიეთ როგორც სჯობდეს; მე თქვენ გაძლევთ სამს დღეს ვადას.

ემმანუილი მსწრაფლ გამოვიდა ოთახითგან. მესამეს დღეს მოსამსახურემ მითხრა, რომელ ერთს ქალს, თეთრად ჩაცმულს სურს ჩემი ნახვა. უბძანე რა შამოყვანა ჩემს ოთახში, მე ვსცან რომ იგი იყო კოროლინა...

იგი დაჯდა, და მე დავადეგ ფეხზედ, უყურებდი, ვითარცა მსხვერპლს.

- ხედავთაა, ხელმწიფეო! მე მოვედ... მითხრა მან.

- ძალიან შესცდებოდით კიდევაც რომ არ მოსულ იყავით.

- მოვედი და იმედი მაქვს შემიწყნაროთ.

- თქვენ ძრიელ შემცდარნი ხართ ხელმწიფაო.

- ინებეთ ხელმწიფეო, მაგრამ პირობით.

- რა პირობით?...

- ოჰ, კაროლინა! თქვენ უსათუოდ მიმხვდარხართ.

გაიგონა რა ესე კოროლინამ, მას დაუბნელდა თვალები და მაშინვე იგრძნო რომ მე იგი აღარ შევიწყნარე.

- გამიგონეთ ხელმწიფეო, უთხარ მე. ჩვენ ვითამაშეთ ქაღალდი, ბოლოს წააგეთ.

- ოხ, მითხრა მან, მე დაგიფიცავ წმინდა საკურთხეველის წინაშე, რომ აღარ ვეჩვენო ემმანუილს.

- განა თქვენ არ დაგიფიცნიათ ეკკლესიაში და არ მიგიციათ ქმრისათჳს აღთქმა, რომლისაც შეცვლა არ შეგეძლო?

არაფერი ხელმწიფაო, არაფერი არ მინდა იმიწიგნებისათჳს!!... არც ოქრო, არც მარგალიტი... მხოლოდ... არაფერი...

- ოხ, თქვენი საქციელი მეტად უწყალო და უსამართლო არის.

- თქვენს საქციელს როგორღა უწოდებთ ხელმწიფაო?

- მთელი წელიწადი ვცდილობდი, რომ დამევიწყნა შენი სიყვარული, მე ეს აღვასრულე, მოვბრუნდი საფრანგეთში სრულიად განკურვნილი და ვცდილობდი შეუცოდელად პატივის ცემას თქვენსას. მე აღარ მახსოვს სიყვარული თქვენი, მინდოდა მეფიქრა სხვა რაიმე სასარგებლო საქმეზედ და ამ დროს მე თქვენ გნახეთ; ეხლა არა თუ მე, არამედ თქვენ მოდიხართ ჩემთან, თქვენ თქვენის ხელით ცდილობთ ანთებას ჩემს გულში დავსებულის ცეცხლისა. შემდგომ, როდესაც ჩემს გულში თქვენის საშუალობით ახლად აინთო ცეცხლი, როცა მე მნახეთ გაგიჟებული,მაშინ რისთჳს მომინდომეთ მე კაროლინა? მისთჳს რათა მომეყვანა თქვენთან ემმანუილი, თქვენი მიჯნური. მისთჳს, რათა დამეფარა თქვენი ცუდი ქალობა, განა?.. და მე დაბრმავებულმან ეს ვქმენი! მაგრამ თქვენც დაბრმავებულმან ვერ იფიქრეთ, რომ მე შემეძლო დაღუპვა თქვენი... ეხლა თქვენზედ არის დამოკიდებული ვიქმ მე ამას თუ არა?..

- მოწყალეო ხელმწიფეო, თუ კი არ მიყვარხართ, რა ვქნა? მიპასუხა მან უწყალოდ. - მე ქმრიანს ქალს არა ვთხოვ სიყვარულს.

- ეს ნიშნავს ძალათ მოქმედებას, იფიქრეთ კარგად.

- უწოდეთ როგორც გნებავთ!...

- ოხ, თქვენ არ ხართ ისრე შეუწყნარებელი, როგორც სჩანს; თქვენ შეიწყნარებთ ცოდვილს სულდგმულს, რომელიც დავარდნილ არს თქვენ ფერხქვეშ.

ამ სიტყვით კაროლინა დაეცა მიწაზედ.

- როგორ გგონიათ კაროლინა, ქონდათაა თქვენ ჩემი შეწყნარება, ოდესაც მე ვიყავ დავარდნილი თქვენ ფეხქვეშ?

- რა ვქნა, მე ქალი ვარ, სუსტი ქმნილება და თქვენ კაცი...

- ეგ თავის სიმართლე არ არის.

- ყოვლად შემძლებელს ღმერთს გაფიცებ მისი სახელით გევედრები, ხელმწიფეო ჩემო მომეცით ჩემი ბარათები.

- მე არა მწამს თქვენი ფიცი!...

- გაფიცებთ იმ სიყვარულს, რომელიც გქონდათ თქვენ ჩემზედ.

- ოხ, იგი აღარ არის, გაქრა!

- გაფიცებ ყოველთა საყვარელთა თქვენსა ქვეყანაზედ.

- მე აღარაფერი აღარ მიყვარს, მე შევიქენი დღეს ურწმუნო.

- მაშ, მითხრა კაროლინამ, რადგანც ესრე არის, მოექეცით მაგ წიგნებს როგორც გნებავდესთ მაგრამ არ შეიძლება ჩემგან ქმნა იმისი, რასაც თქვენ თხოულობთ. ამ სიტყვით კაროლინა, გავიდა ოთახითგან.

- კაროლინა! შეუძახე მე, - თქვენ დაგრჩენიათ ხვალ ათ საათამდის ბორჯი, და ამ დრომდინ თუ არ მიხველ აღსარებად ვისდამიცა ჯერ არს, მაშინ თქვენ დაიღუპებით საუკუნოდ.

მეორეს დღეს ათ საათზედ კაროლინა შამოვიდა ჩემთან ოთახში.

- აი მოვედი! მითხრა მან.

- ძრიელ კარგათ გინებებიათ.

ბოლოს ისევე შემეცოდა, მიველ სტოლთან, ამოვიღე ერთი წიგნი და მივეცი კაროლინას. როგორ თუ ერთიო, მითხრა მან.

- დიაღ, სხვა წიგნებს მიიღებთ თვითოეულის შენის გარჯისათჳს მეთქი.

და მოვიდა კი ისა? ვკითხე ბერსა.

- ორს დღეს ზედიზედ, ხოლო მესამე დღეს კაროლინა ნახეს დახრჩობილი სენის მდინარეში.

აჲ ბოლო გარყვნილის დედაკაცისა, რომელიცა ჰსტეხს საღმრთოს ფიცსა ქმრისადმი მიცემულსა.

მომბეზრდა ესე ქვეყანა ბოროტებით სავსე და ვარჩივე ცოცხლადვე დამარხვა თავისა ჩემისაო, ამოხვრით მითხრა ბოლოს ბერმა.

ს. აბულაძე.

3 წიგნი ვახტანგ მეფისაგან მიწერილი ბატონი-შვილობის დროს კოსტატინოპოლში, ფრანციის ელჩთან

▲ზევით დაბრუნება


წიგნი ვახტანგ მეფისაგან მიწერილი ბატონი-შვილობის დროს კოსტატინოპოლში, ფრანციის ელჩთან[1]

ქ. არსებისა და სამებისა წმინდისა მოსავნი და მადიდებელნი და უბიწოდ მშობლის მისისა ქალწულისა მარიამისა საკუთარნი და წილხდომელნი და მისმიერ ძლევაი შემოსილის უფლისა და მეფისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართხისა და სვეტსა ღვთივ აღმართებულსა ზედან აღშენებულსა დედაქალაქსა შინა აღმაღლებულსა მცხეთის ეკკლესიის მქონებელი და სამაროვნოდ მჭირავი დიდის წინასწარ მეტყველისა დავითისა და ძისა მისისა სოლომონისა ტომნი და რტონი ბაგრატიანი, ძე ქართველთა მეფისა და აწცა ბიძისა ქართველთა მეფისა მაგიერად გამოსული ბატონის-შვილი ვახტანგ, მოგიწერ შენ დიდისა და ამაღლებულის ხელმწიფისაგან ღირსებით ცნობილსა და სამართლად შეყვარებულსა კაცსა მის მიერ გამორჩეულსა და მისანდოდ ხვაშიადთა შემნახავს ყოველთა სიბრძნეთა შინა აღზდილსა და საღმრთო. საეროს ზნეობის მქონებელსა დიდისა ძლიერის ფრანქსისის ელჩსა, ბატონს მარკეზ დეფერიოლეს მოკითხვას, მშვიდობას და სიყვარულს ყოვლისა კერძობითისათა. მერმე ეს მოიხსენიეთ: ეს თქვენის ხელმწიფის საბატონოდამ წამოსულა ქრისტიანი დედაკაცი, აქ ჩვენს საბატონოში მოვიდა და მანდ წამოსასვლელის გზის შოვნას შემოგვეხვეწა. აქ რომ ბედნიერს ყენთან თქვენი ელჩი არის ამას წიგნი მოეწერა, გზავრი უშოვნეთო და სტანბოლამდინ, თქვენი კაცი გაატანეთო. ჩვენ ამ დედაკაცის საქმე მოკითხული ვქენით: ქრისტიანი და კარგი ნამუსიანი დედაკაცი ყოფილა ერთი, ჯინზვიტი პატრი და სხვა მრავალი ქრისტიანი ფრანგები ერის კაცნი სიკვდილს მოურჩენია ამისთანის კაი დედაკაცობით უვლია და ახლა მანდ გვიახლებია, თუ ვისმეს მტერობით ამისი ურიგო ანბავი მოეხსენებინოს, ნუ დაუჯერებთ და ერთი წიგნი ამაღლებულს ფრანციის ხელმწიფესაც აახლეთ რომე ჩვენის გულისათჳს ნურას უწყრომებენ. ჩვენი ერთგული და მისანდო. ყმა ნერსესა გვიახლებია და მანდ რომ გიახლოს, მერმე ისევე ადრე გამოისტუმრეთ.

ქ. ფრანციის ხელმწიფის ელჩს მარკეზ დე ფერიოლეს ქალაქსა შინა კოსტანტინოპოლს მივიდეს.

ქრისტეს აქეთ ჩღზ

_____________

1 ეს წიგნი გადმოწერილია ნამდვილისაგან, კოროლის ბიბლიოტეკითგან პარიჟში და დავბეჭდეთ მით უმეტეს, რომ ეგების გამოადგესთ ისტორიკოსთ ისტორიის წყაროებად.)

4 სიტყვა დღესა ქრისტეს შობისასა, თქმული გორის ეპისკოპოზის საქართველოს ვიკარნის გაბრიელის-მიერ, სიონის სობოროში

▲ზევით დაბრუნება


სიტყვა დღესა ქრისტეს შობისასა, თქმული გორის ეპისკოპოზის საქართველოს ვიკარნის გაბრიელის-მიერ, სიონის სობოროში, ჩვენსა წელსა. დეკემბრის. კე.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა:

და შვა ძე თჳსი პირმშო, და შეახვია იგი და მიაწვინა ბაგასა; რამეთუ არა იყო მათდა ადგილი სავანესა მას.

(ლუკ. თა. 2. მუხ. 7.)

ოდესაც მოვიგონებთ მდგომარეობათა, განვლილთა ჟამსა მაცხოვრის შობისასა, მაშინ უმეტეს ყოვლისა განგვაცვიფრებს ჩვენ არა ჩვეულებითი შეერთება, გარეგანის სიწრფელისა და სიღარიბისა მისისა, შინაგანის ზეციერისა დიდებულებისათანა. ამა სამღრთომან ყრმამან, რომელმანცა შემდგომს ჟამს შინა ჰსთქვა თავისა თჳსისათჳს: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და ცხოვრება.„ (იოან. თავი. მუხლ.) ჟამსავე შობისა თჳსისასა მოგვცა ჩვენ უდიდებულესიცა ჰსწავება, რომლითაცა გვიჩვენებდა ჩვენ, თუ ვითარ უპირატეს არიან შინაგანნი სისრულენი. გარეგანსა სიბრწყინვალესა ზედა, და ამხილებდაცა ფუფუნებასა და ამაოდ დიდებასა გროასა. იგი იშვა ღარიბსა ქალაქსა შინა არა ჩინებულთა მშობელთაგან; იშვა ქვაბსა შინა ამად, რომელ მშობელთა მისთა არა ძალედვათ პოვნა სავანის ადგილისა. ყრმა შეხვეული სახვეველითა მიაწვინა ბაგასა, და პირველსავე განცხადებასა მისსა ქვეყანასა ზედა შეემთხვივნენ ღარიბნი მწყემსნი ბეთლემისანი: აჰა გარემოცულება ჯამსა უფლისა შობისასა! გარნა ამავე მცირედ გამოსაჩინებელს გარემოებასა შინ, ვითარი უკვე იყო სავსება მის შორის შინაგანის დიდებულებისა! ამა ბაგასა შინა მწოლარეს, ყრმისა შორის განხორციელდა თვით მღვთაება; მას შინ არს ყოველი სასოება, და ყოველი მყობადობაცა კაცობრიობითის ნათესაობისა. მას მოელოდნენ ერნი მთელთა საუკუნეთა შინა, და ოდესაც იშვა იგი, ანგელოზნი, გარდამოვიდნენ რა ზეცით, ახარებდნენ ქვეყანასა და ერთა ზეციერსა სათნოყოფილებასა ესრედ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!„ ლუკ. თავ. 2. მუხ. 15.)

არამედ ყოველსავე ჟამსა თჳსის ქვეყნად ცხოვრებისასა, მაცხოვარი იყო ეგრედ,ვითარცა ჩვენ ვხედავთ მას თვით შობასავე შინა მისსა; გარეგანისა შესახედაობითა მას შინა იხილვებოდა უდიდესი სიწრფლე; აღცაღა ვის ძალედვა განესხვავებინა იგი, არცა მშვენიერითა ტანისამოსითა, არცა მდიდრულად მომზადებულის სანოვაგითა, და არცა მისის სადგურის შემკულებითა წინააღმდეგ ამისა ყოველთა სიტყვათა, და მოძრაობათაცა შინა თჳსთასა, აცხადებდა იგი უდიდესსა თჳსსა უხელოვნობასა და სიწმინდესა გულისასა: ყოველი უდიდესობა მისი იპყრობებოდა სულითადთა თჳსებათა შინა. შესახედაობა მისი იყო დამცირებულ უფრორე ყოველთა ძეთა კაცთასა;-გარნა სულისამებრ ბრწყინევდა იგი საღმრთოებითითა თჳსებაებითა: ესრედ ითქმის: ყოველი ცხოვრება მისი იყო ერთი უდიდესი ჰსწავება ამისა, თუ ვითარ თანამდებ ვართ ჩვენ ყოველნი ზრუნვად შინაგანთა სისრულეთა ჩვენთათა, და აღვირსხმად ჩვენ შორის ფუფუნების მიდრეკილებისადმი. და არა ამაოდ ესრედ დაუცხრომელად, სიტყვით და ყოვლისა ცხოვრებითისა მაგალითითა მოძღვრებდა მაცხოვარი, უმჯობესად მიჩნევასა შინაგანთა სისრულეთასა, გარეგან უპირატესობასა ზედა: თვით ბუნება გრძნობილი შეიყვანს კაცსა განცხრომასა და საგრძნობელთა შინა. ბევრი რაიმე შესაძლო იყო თქმად ჰაზრისა ამის დასამტკიცებლად; მრავლად არიან მაგალითნი ისტორიათა შინა მთელთა ხალხთასა და კერძობითთა პირთასა, რომელთა მაგალითთა მოღება შესაძლო არს უკვე შესაგონებლად ამისა, თუ ვითარ მსუბუქად მიიდრიკებიან ერნი ფუფუნებისადმი, და ანუ ვითარნი წარმოსდგებიან ამისგამო სამწუხარონი შედგომილებანი; გარნა ესოდენ შორით რაისათჳს მოვიძიოთ მაგალითნი და დამტკიცებანი? უმჯობეს არს მიმოვჭვრიტოთ იგვრდივ გარემო შვენსა; ვიფიქროთ ადგილისა მისთჳს, სადაცა ჩვენ ვსცხოვრებთ; შევუსწოროთ მას, რაიცა იყო ქალაქსა შინა ჩვენსა წინარე არა უმეტეს ოცისა წლისა, და რაისა ვხედავთ აწ ჩვენ.

ვითარი საშინელი ფუფუნება განვრცელდა და ხარისხოვნად ემატებისცა განდიდება ქალაქსა შინა ჩვენსა! არ პირმოთნესა ზედა მხედველსა არ ძალუძს არ შენიშნოს გარდამატებულება იგი, რომელიცა აღმოიღინების აქა ყოველთა ზედა და ყოველთა შინა, და რომელიცა იძულებულ გვყოფს შევიგნოთ, რომელიცა არცა ერთსა მშობლიურთა ქალაქთაგანსა შინა არ შესაძლო არს პოვნა მგზავსისა ამაოდ დიდებისა და ამაოების გამოჩინებისა.

არამედ თუმცა ყოველნი შეგნებულ არიან ამა უმაგალითოსა განვრცელებასა შინა ფუფუნებისასა; გარნა მრავალთა არა ჰსურთ იხილონ მას შინა არა რაიმე სიცუდე და წინააღმდეგად ამისა, რაცხვენ მას ხალხის კეთილმდგომარეობის დამამტკიცებლად. გვეყავნ ნება იჭვნეულობისა ამას შინა! ფუფუნება თჳსის საკუთრებითის ჰაზრით არაოდეს არ შესაძლო არს იყოს ნიშნად ხალხისა კეთილმდგომარეობისა ამად, რომელ ვითარი კეთილმდგომარეობა არს მას შინა ოდესცა ათასთა ერთაგან ერთსა ოდენ ძალუძს მიქცევად ყოველთა გარდამატებულებათადმი? წინააღმდეგ ამისა, ჰაზრისამებრ შთამჭვრეტთა ერთასა, კეთილმდგომარეობა ხალხისა ყოველთა საზოგადოებათა შორის ერთასა განიზომების, ოდენ შეძლებისამებრ, თანაზომიერებითის განვრცელებითა საკმარებელის და მოხერხებულის ცხოვრებისა; არამედ რათა საფუძვლიანად და შეუცილებლად დავიჯეროთ მავნებლობა ფუფუნებისა, გიჩვენებთ რაოდენთამე კერძობითთა მაგალითთა: თვითოეულსა ჩვენგანსა მაგალითად, ძალუძს ახსოვდეს რავდენიმე პირნი, რომელთაცა არა ჰსწადსთ რა, უკან დაშთეს სხვათაგან ფუფუნებასა შინა, მიილტვიან მოქრთამეობისა და სხვათა სასირცხვილოთა ზომიერებისადმი. არა მცირედ უწყებელ არს, ესე ვითარნიცამაგალითნი, რომელ რომელთამე განაბნიეს სამკვიდრებელნი ქონებანი თჳსნი, იმავე განმაღვიძებელითა მიზეზებითა დასასრულსა შინა. არს ესე ვითარიცა შემთხვევაი, რომელ მრავალთა ყმაწვილთა კაცთა ჰსურდესთ დაიწყონ განკრძალვითი ცოდვილიანობით ცხოვრებაი, გარნა ეშინისთ შეუღვლება ამად, რომელ იგი ღონის ძიებანი ცხოვრებისანი, რომელნიცა სრულიად კმასაყოფელ ექმნებიან, უმეტესად განკრძალუბითთა ზნეობითთა და ჩვეულებათა შინა საზოგადოებისათა, აწ უჩანს მათ არა კმასაყოფელად.-

არამედ რაისათჳს ვასაჭიროებდეთ მგზავსთა მაგალითთა, ოდესცა ყოვლად მსოფლიო შემთხვეულება, რომელსაცა დღეს ვდღესასწაულობთ ჩვენ, უმეტეს ყოვლისა მშვენიერ სიტყვაობით დაგვაჯერეს ჩვენ, რათა განვევლტოდეთ განცხრომასა; ძემან ღვთისამან დღეს დაიმდაბლა თავი თჳსი ჩვენისა ღარიბის დაცემულის ბუნებისადმდე, მისთჳს რათა ჩვენცა აღგვამაღლოს თჳსადმდე. მას ჰსწადს და მოითხოვს ჩვენ მიერ, რათა გული ჩვენი უწინარეს ყოვლისა და უმეტეს ყოვლისა იყოს შემსჭვალულ ერთისა მისდამი; რათა სული ჩვენი უმეტეს ყოვლისა დატკბებოდეს სიყვარულითა ღვთისადმი, გულმზრახველობითა მაღალთა სასულიეროთა საგანთათჳს: ამისამო არა ღირს შესაწუხებელ არსა, ოდესცა ნაცვლად მაღალთა და წმინდათა ზრახვათა სარწმუნოებისათა, კაცი თანა შეკრული ჰყოფს თავსა თჳსსა ამაოთა საგანთა თანა? არა შესაბრალ არსა ხილვად, ოდესცა, მაგალითად, დედაკაცი, რომლისაცა გული ღმერთმან ნიჭიერ ჰქმნა, რათა თანა მგრძნობელ იყოს მახლობელთა ვნებულებისა, და ეძიებდეს კმაყოფილებასა თავისსა მოწყალებასა შინა შესაწევნელად უქონელთა; ნაცვლად ამისა ეძიებს იგი მორთულობათა შინა თჳსთა ანუ შემკულებასა შინა თჳსსა სადგურისასა? ჰფიქრობს იგი, მას ჟამსა შინა, ოდესცა მას ზედ და იგვრდივ მისა ყოველივე ბრწყინავს ოქროთი და ძვირფასთა ქსოვილებათა მიერ, ოდესცა სადგური მისი სავსე არს ასეულითა ძვირფასითა და ყოველთურთ არა საჭიროთა ნივთებითა, ოდესცა მრავალ რიცხვითთა ოთახებთა შიან მისთა, არღა არს სავალი მრავალთა მბრწყინავთა, გარნა მომატებულთა სამკაულებთაგან, რომელ მრავალთა ღარიბთაცა, შესაძლო არს ყოფად, არა აქვნდესთ რაიმე განიმზადონ საზრდო, ანუ სადა თავი მიიდრიკონ.. განსაკვირვებელი საქმე არს! ზომისამებრ ფუფუნების განვრცელებისა, განმრავლდა რიცხვიცა ღარიბთა არაოდეს არ ყოფილ არს, ესოდენ შეუწევნელი ქვრივნი და უბინაონი ობოლნი, რაოდენნიც აწ იპოვებიან. -

და ესრედ, რათამცა რაოდენმე განვამართლოთ და მოვისყიდოთ ესე ფუფუნება, რომელიცა ყოველგან ეკვეთების თვალთა, ყოველი საზოგადოება თანამდებ არს, უმწვერვალესითა მონაწილეობითა მიიღოს ზომიერებანი მას ზედა, რათამცა უჩვენოს შემწეობა შეჭირვებულთა. მრავალნი კეთილნი და გულის შემატკივარნი ერნი, დიდი ხანი არს ჰგრძნობენ საჭიროდ, რათა განაწესონ ქალაქსა შინა ჩვენსა რაიმე ბინა ღარიბთა, ქვრივთა და ობოლთათჳს, მაგალითისამებრ სხვათა დიდთა ქალაქთასა; არამედ ჯერ არს, რათამცა ყოველთა წევრთაცა საზოგადოებისათა მიიღონ გულს მოდგინებით მონაწილეობა მას შინა.- ვითარი სასიამოვნო მახვერპლი იქმნების მისდა მიმართ, ვინცა იშვა დღეს ჩვენთჳს, უკეთუ სახელითა მისითა რამდენიმე ქვრივნი და ობოლნი მოიპოვებენ თავთა თჳსთათჳს ნავთ საყუდელსა! ბევრი არსა საჭირო ამისთჳს, რათა აღსრულდეს კეთილი საქმე ესე? მხოლოდ თვითიეულმან ჩვენგანმან უმსხვერპლოს უმცირესი ნაწილი თჳსთა მოწყობილებათაგან, რასა ვამბობ მე მოწყობილებათა, ნამეტნავთა ანუ თჳსისგულის თქმით შეძინებულთაგან, რომელნიცა ოდესმე ესრედ ძვირად დაფასდებიან რომელმანმე დედაკაცმან გაბედოს აქვნდეს მას გინდ ერთი კაბა ნაკლები, რაიცა მრავალთა კაბებთა შორის მისთა ყოველითურთ არ იქმნების შესამცნევი მისთჳს; და რომელმან მამაკაცმან არ დამზოგველმან ფულების ქაღალდში წარგებისამან ანუ განბნევისა მათისამან, სხვათა კვალად უფრორე განსაქიქებელთა კმაყოფილებათა ზედა, უმსხვერპლოს გინდ ერთი რაიმე თჳსთა კმაყოფილებათაგან. და მაშინ კეთილი საქმე მოვალს აღსრულებასა შინა, რაიცა მოგვანიჭოს ჩვენ ღმერთმან. - ამინ.

ნათარგმნი თ. გრიგოლ ბაგრატიონ- მუხრანსკისაგან.
წელსა. ჩყნთ-სა.
იანვრის ბ-სა დღესა
ქ. ტფილისში.

5 სხვა და სხვა ანბავი

▲ზევით დაბრუნება


5.1 გამოსარჩლება

▲ზევით დაბრუნება


გამოსარჩლება

ზოგიერთნო პატივცემულნო ქართველნო, გთხოვთ გვიცნობდეთ ჩვენ თერთმეტთა ბუკის მცემელთ: ჯერ მე მყვირალას, 2. გადარეულს, 3. თავხედს, 4. ყბედს, 5. ავყიას, 6. გიჟმამს. 7. ავგულს, 8. ბრაზიანს, 9. დაუფერებელს, 10. რეტიანს და 11. მოლაყბეს. აქამდისინ საჭიროდ არა ვრაცხდით, ჩვენი ვინაობა შეგეტყოთ. ახლა გვიცნობებია, რადგანც მიზეზი რამ გამოხდა უკმაყოფილობისა, ამისთჳს უცოდველნი ვიყვნეთ, გვინდა ჩვენი აზრი წარმოვსთქოთ; გინდათ დაგვემდურენით, გინდათ, როგორც თქვენი ნება იყოს.

ვიცით სასაცილოდ მიიღებთ ჩვენს სახელს, მაგრამ მეტი ღონე არ არის, ვინაიდგან ზოგნი ერთნი არ მიუდგნენ თავიანთს ცისკარს და ითაკილეს თავიანთი მამაპაპის ენა, ამისაგამო ჩვენ თერთმეტნი შევთჳსდით მტკიცისსიყვარულით და ვცდილობთ ჩვენის ენისათჳს გულმოდგინედ. ამის ანბავი აი როგორ იყო თავდაპირველ:

ამ ჩვენის ქვეყნის თავიდგან წამოველ და ბოლოში გაველ, მე თქვენი უმორჩილესი მონა მყვირალა, დიდის და საშინელის ყვირილით, მინდოდა ჩემი საფერნი მეპოვა რაისამე თათბირისათჳს, ნუ ბძანებთ ეს ათნი მოვიდნენ ჩემთან, როგორიც მინდოდა სწორეთ ამისთანა ჩემის ხასიათისანი, ამათთან დავჯექ და საქართველოს „ცისკარზე„ მოვიუბნე.- „აბა რას იტყვით, ამ ჩვენს ცისკარს, აგრე რიგათ ყურს რომ არ ათხოებენ, რავქნათ, რა უყოთ მეთქი?“

ამ კითხვაზედ ამასთანავე ჩვენი წინადადება ეს იყო. იმ პატივცემულს მოხუცს უგანათლებულესს კნიაზ ვარანცოვს რომ სურდა ჩვენი კეთილი და სხვათა კეთილთა შორის რადგანც ეს ცისკარიც მოგვცა ქართველებს, ამისთჳს ეს ცისკარი, იმ დიდკაცის სახსოვრად გვქონდეს, მარადის და საუკუნო განსვენებას ვეტყოდეთ იმის სულსაო? -

იმ დიდს კაცს არ ვაკმარებთ ჩვენ ამას, რომელმანცა არცკი იცოდა, სად ვიყავით ჩვენ თერთმეტნი, არამც თუ ჩვენი ცნობა ჰქონიყო, მარამ აი რა არის კეთილი, რომ უცნობელთაც გვახსომს, ის დიდი კაცი ვარანცოვი. ამისთჳს განვიზრახეთ თერთმეტთა, ყოვლის იანვრის თჳს ცისკარში ნახვენ, კნიაზ ვარანცოვის სახეს, შესაბამის წარწერით. თუ შევიძლებთ, იქნება ეხლავ დავაბეჭდინოთ და გამოვცდეთ კიდეც.

ღმერთმან საუკუნოდ განსვენება მისცეს იმ დიდ კაცს! დანარჩენი იმისი ანბავი ისტორიას დავანებოთ და ახლა კიდევ ჩხუბისათჳს ვიტყოდეთ, ჩვენი ცისკარის გამოისობით:

რაღა ბევრი თავი შეგაწყინოთ, ამ ცისკრის საგანზედ ბევრი თათბირი გვქონდა ჩვენ თერთმეტთა, იძულებულ ქმნილთა, ბოლოს ასე გადავწყვიტეთ; ის ჩვენი მეთერთმეტე მოლაყბე ამოვარჩიეთ: წადი წართველებზედ ლაყბობას მოჰყევ, ვინაიდგან ზოგნიერთნი წინააღმდეგნი არიან ცისკრისა, ამისთჳს სჩუჱნ და დასწერე იმათზე, მაგრამ ვინიცობა არის, თუ შენი ლაყბობა ეჯავროსთ, შეგვატყობინე და უჩვენოდ არას შეუდგეო.

წავიდა ეს ჩვენი მოლაყბე ღვთის წინაშე, რაც საჭირო იყო სთქვა და რასაც ანბობდა სასარგებლოდ ჩვენთჳს. უნდა ჰკმაროდათ, და უნდა შესდგომოდნენ იმის მოხსენებას. ნაცვლად ამისა, ზოგერთებმა ღაღად ჰყვეს და ზეცამდის აღამაღლეს ხმა: „ვინ არის ის მოლაყბე, რომ თავს იციებს, გავალთ, წიხლქვეშ გავთელავთ და თვალსაც ამოვთხრითო.“

ჰა!-„არა იციან რასა იტყვიან? - ჰო, ჰო გლეხურია, სჩუჱნ დია აი ზდილობიანი სიტყვა.

საკვირველია! ის ზოგიერთები არც ხელს უწერენ ცისკარს, შეწევნით ხომ ცხრა მთას იქით არიან, ესე იგი ცარიელის ლითონის სიტყვით, მაშ არ ვიცით რაღა უნდათ რომ მოჰყოლიან, ჩვენს მოლაყბეს ლანძღვენ ძახილით და ყველას ეხვეწებიან მუხლ დადრეკით, არავინ არ მოაწეროს ცისკრისათჳს. ე! კაი ვაჟკაცობაა და დიდი გონიერებაც. ამაზე ოთხს თუ ხუთს შეთქმულობაცა აქვთ საიდუმლოთ და ყოველს მხარეს დაფარვით ცდილობენ დიდათ, სადაც ბძანება გასდით, უბძანებენ; სადაც არა და ეხვეწებიან. რა ვთქოთ ამაზე: არას მამცემ და ყბასაც მამტეხო. ამ ანბავსა გავს, ეს საქართველოს ცისკარი.

ვინც ილანძღებიან, იქნება იმათა ჰგონიათ, მხოლოდ ისინი იყვნენ ქართველები და სხვა აღარავინ აღარ საქართველოში?- არა ბატონებო! ნება მოგვეცით რომ პირდაპირ გითხრათ, თუ თქვენ ქართველები იყვნეთ, არამც თუ სალანძღველს იტყვით, არამედ წინამორბედნი იქნებით და დიდად შეეწევით თქვენს ქართულს ენას. რა გაეწყობა, მაშ თუ აღარ დაგიშლიათ, ერთს რასმეს გთხოვთ.

ვისაც გნებავდეთ, მობძანდით თქვენი ჭირიმე, ეგ თქვენი დიდრონი პტყელი ფეხები და სე ჩვენი მცირედი მოლაყბე: მოგცემთ ხელში და ღმერთი გადღეგრძელებდესთ, ბევრი ეცით, ასე ჩათათხეთ, რომ ფარდაგით წაიღონ. მაგრამ ამასკი ვიტყვით, ამ მოლაყბეს რო მოჰკლავთ, მასუკან გადარეული დაჰსწერს უფრო უარესად და გარკვევით, ამასაც რომ მოჰკლავთ მერე თავხედი და ბოლომდისინ ასე ვივლით, მანამდისინ სულ ერთიანათ არ გაგვწყვეტთ. მართალია ეს უმზგავსო სახელები გვქვიან, მაგრამ კანონ გარეთ არას დავწერთ და არას ვიქმთ. ჩვენ კარგათ ვიცით ჩვენი ვალი, ამის ნება გვაქვს ჩვენ მოცემული.

ამ 1859 სა წელსა, იანვრის თჳს ცისკარში წავიკითხე უ. რედაკტორისაგან დაბეჭდილი, რომელიცა ანბობს: აღარ გამოიცება სალაყბოს ფურცელიო. ამასთანავე ჩვენი მეთერთტმეტე მოლაყბეც მოვიდა და შეწუხებულმა შემოგვჩივლა: თუ სამართალი იყოს, ნუღარ გამოიცემა სალაყბოს ფურცელიო?“

როგორ თუ აღარ გამოიცემა, ზოგიერთების სასიამოვნოდ, რომელზედაცა გაფრთხილებული ვართ, არა ვთქოთრა იმაზე?

ბატონებო! ამ თერთმეტს ჩვენ, ნუ მოგვიყვანთ იქამდისინ, რომ თავი და გული შეგიწყონოთ გიწყინოთ დიდათ არამც თუ მხოლოდ თქვენი ლაპარაკის მრისხანება შეგვაშინებს ჩვენ, არამედ რაც უარესია ის რო დაგვმართოთ, უფრო ძლიერად დავწერთ თქვენზედ. ნუ გეგონებათ ცხადად სახელი ითქვას ვისიმე, მაგრამ ვიზედაც ითქმის იმისი სახე, იმისი ქცევა და ყოველი იმისი ხასიათი სულ ცისკარში დაიხატება და საქმე მაშინ არის იმის განრისხება. მაგრამ ადრითვე გვიცნობებია თუ იმ ჩვენს დაწერილზე გაგვლანძღამთ და ყიჟინას მოჰყვებით, უფრო უარესი და უარესი დაიწერება ჩვენ წინააღმდეგებზედ, მაშ დაიჯერეთ, მშვიდობით მოთმინებით, ბძანდებოდეთ, ისევ სჯობია მხარი დაუშვენოთ თქვენს ცისკარს, თქვენს ქართულს ენას, რომ ამით ღმერთს ასიამოვნებთ და თქვენ შვილიშვილებსაც მადლობელსა ჰყოფთ საუკუნოდ. ამას რას ვანბობთ? - რავდენი ამ გვარი სიტყვები თქო ჩვენმა მოლაყბემ, უმდაბლესად სთხოვა, ავედრა, ეხვეწა და სხვანი... მაგრამ ამათ უარესი ჰქმნეს და უარესად ყაყანი დაიწყეს. იმ ზოგიერთებთან ლმობით და მართალი ლაპარაკი არ შეიძლება, ისევ სხარტული, რაც მოხდეს, მოხეს. ისინი სიტყვას აქარვებენ და ჩვენი დაბეჭდილი მეორედ მოსვლამდინ წაიკითხება. ვინ უფრო ვართ მოგებაში? - ახლა თქვენ გასინჯეთპატივცემულო საზოგადოებავ?-

მოდით ერთს რჩევას მოგცემთ იმ ზოგიერთებს. ეს ჩვენი ცისკარი ხომ, ვითომც „ცისკარია“ თქვენის მოწყალებით, ახლა თქვენ თორმეტი მზე გამოეცით, მეორე ქართული ჟურნალი და ეს ორნი მხარენი შევიჭიდნეთ. თქვენ თორმეტის მზის დასნი და ჩვენ მცირედი ცისკრისა. ხედავთ? ცხადია, რომ მზის დასნი ბევრით ძლიერნი იქნებით ცისკრის დასზედ, მაგრამ არ დაგერიდებით: ვწეროთ და დავბეჭდოთ ერთმანეთზედ: ღმერთი და ბედი, ვინ უფრო გავიმარჯვებთ.

და თქვენ უ. რედაკტორო, ბევრს ნუ ლაპარაკობთ, როგორც აქამდისინ ულაყბია ჩვენს მოლაყბეს, ისევ ისე უნდა ილაყბოს, თორემ შემოგახედებთ ჩვენზედ. ხომ ხედავთ ბრძოლა უნდა მოგვიხდეს, უძლიერესთ თორმეტის მზის დასებთან და ერთმანეთს წეწა დაუწყოთ, ქართულის ენის ასპარეზზე, ამისთჳს ისევ მოლაყბე, მინამ მოგვიკლამდნენ!...

თერთმეტი მებუკე

5.2 ანეკდოტები

▲ზევით დაბრუნება


ანეკდოტები

- ერთმა სამსახურისაგან დათხოვნილმა ჩინოვნიკმა გამოაცხადა საქვეყნოდ, რომ მიღებული მისდამი უსამართლოება მოაკლებს ხუთას კაცს მაინც სიცოცხლესა, - ამ მუქარებამ მიახწია გუბერნატორის ყურადმდე, რომელმაც მოუწოდა იმ კაცს და ჰკითხა მას, რას ნიშნავს ამ გვარი მუქარება?

- საკუთრად არაფერს, უფალო გუბერნატორო, უპასუხა მან: მე მინდოდა ამით მეცოდინებინა ხალხთათჳს, რომ ამას შემდეგ ექიმობას ვაპირობ.

- ერთმან მახინჯმა ქალმა ჰკითხა კაცსა: რისგან არის, რომ ლამაზნი ქალნი ისე ჭკვიანნი არ არიან, როგორც გონჯნიო?

- ამიტომ, უპასუხა კაცმა, რომ ლამაზნი ექცევიან კაცებსა, და გონჯნი ეძებენ მათთან ლაპარაკსა.

- ერთმა ყმაწვილმა კაცმა მიჰყო ლოთობას ხელი. მახლობელმა ნათესავმა დაჰსტუქსა იგი ამაზედ და უთხრა: ღვინო და არაყი მხოლოდ მოხუცებულთათჳს არიან სასარგებლონი; ყმაწვილ კაცებისათჳს კი სავნებელნიო

- მე მაგაზედ სრულებით დაჭეშმარიტებული ვარ, უპასუხა ყმაწვილმა კაცმა, მაგრამ ასე მძულს სასმელი, რომ თუ ეხლავე არ შევეჩვიე მე მას ძალის-ძალადობით, სიბერისას გემოთ ვერა ვნახამ, როდესაც ჩემის სიმრთელისათჳს საჭირო იქნება.

- ერთს მოხუცებულს და ძუნწს ბებიასთან მოვიდნენ იმის წვრილნი შვილის შვილები დღეობის მოსალოცავად. ბებერს უნდოდა, რომ ხილის მაგიერად მათთჳს ეჭმევინა გრძელნი დარიგებანი. მან შემოიხვია იგინი გარსა და უთხრა:

- საყვარელნო შვილნო! მე ვარ ფესვი და თქვენ შტოებიო!...

- დაიცა, დაიცა დიდი დედავ! გააწყვეტინა პატარა შვილის შვილმა.

- რა გინდა შვილო?

- ჩვენი მებაღე ამბობს ხოლმე, რომ შტოები უკეთესად იხარებენ, როდესაც ფესვი მათი მიწაში არის ჩაფლულიო. მართალია?

- ერთს მაღალს გამხმარს კაცსა უეცრად დაეჯახა მთვრალი კაცი და დააბარბაცა.

- უფალო, უთხრა გამხმარმა: თქვენ ვგონებ, საუზმეზედ საკმაოდ გისვამსთო?

- მეც ვგონებ, რომ შენ მეტად ცოტა გიჭამიაო, უპასუხა მთვრალმა.

- საყვარელო სულიკო! მიჰსწერა ნარნარმა ცოლმა თავის ქმარს, რომელიც სხვაგან წასულ ჰყვანდა: მე ვხდები მწუხარებით შენს გამო! როდის იქნება დაბრუნდე შინა! დღე და ღამ შენზედა ვჰფიქრობ, და როდესაც შევხედამ ლურსმანზედ ჩამოკიდებულს შენს ხალათსა, ვინატრი ხოლმე ცრემლით: ნეტავი ამ ხალათის მაგიერად თავისი პატრონი ეკიდოს მეთქი ამ ლურსმანზედ.

- ერთს მოურავს უნდოდა წასვლა ერთს სოფელში; ხოლო რადგანც ხევხუვები იყო და გზა არ იცოდა, მან უშიშროებისათჳს გაიმძღვარა მენახირე. - როდესაც იგინი მივიდნენ ვიწროში ბილიკთან, მენახირემ უთხრა, ფრთხილათ იყავი, მოურავო! აქედგან ბევრი სახედარი გადაჩეხილა ხევშიაო.

- თუ შენ ოდესმე შეირთამ ქვრივსა, ეუბნებოდა მომაკვდავი მამა თავის შვილს, ისეთი მაინც ამოარჩიე, რომელსაც პირველი ქმარი ჰყოლოდეს ჩამოხრჩობილი, მაშინ შენს ცოლს აღარ ექნება მიზეზი დაგადაროს მას და დაგაყვედროს, რომ შენ იმაზე უარესი ხარ.

- ეგ რჩევა მე არას მიშველის, უპასუხა შვილმა: მაშინ ჩემი ცოლი მეტყვის, რომ შენ თოკის ღირსიც არა ხარო! -

- ერთს ძუნწს კაცს ჰყვანდა გონჯი ცოლი. ერთხელ ქმარმა ნახა, რომ ცოლი მისი ფარდებს უკეთებს ფანჯრებსა.

- რა საჭიროა ეგ ტუტუცობა? უთხრა ქმარმა.

- მე არ შემიძლიან უფარდოდ ყოფნა, უპასუხა ცოლმა: მეზობლები ნახვენ ჩემს ტანთ გახდა ჩაცმასა.

- თუ რო ეგ მართალია, დარწმუნებული იყავ, რომ ისინი თავიანთის ხარჯით გაგვიკეთებინებენ ფარდებსა, მიუგო საყვარელმა ქმარმა,

- ერთი ოფიცერი დასჭრეს ომში, ექიმმა გაშინჯა მისი წყლული და უთხრა. არ დაგიმალამ, რომ მძიმეთ ხარ დაჭრილი, ტვინი გიჩანს თავშიაო...

- მართლა! სიხარულით შეჰყვირა დაჭრილმა: თუ ღმერთი გწამს, პატარა ამოიღე და ჩვენს კომანდორს გაუგზავნე: იგი ყოველთჳს მარწმუნებდა, რომ უტვინო ხარო.-

გ. რჩეულოვი

6 რედაქციისაგან

▲ზევით დაბრუნება


რედაქციისაგან

დარწმუნებულნი ვართ, ქართულის ენის მოყვარენი ქართველნი მიიღებენ სასიამოვნოდ რომ, ამ დღეებში მივიღეთ ს.პეტერბურღით ახალი ასოები, რომლითაცა დაბეჭდილია თვით ეს განცხადება. ამასთანავე განუცხადებთ უგულითადესსა მადლობას პირთა მათ, რომელთაცა მოგვცეს შემწეობა ამ ასოების დაბარებაზე. ვეცდებით თვითოეულად განვაცხადოთ თავის დროზე სახელი და გვარი შემწეობის მომცემელთა პირთა.

- წარსულს წიგნში აღუჩუჱნთ მკითხველთა დაგვებეჭდა შემდგომს ნუმერში შეგსპირის ჩინებული დრამა „რომეო და ჯულიეტა“ გადმოღებული უ. დიმიტრი ყიფიანისაგან. მცირედის მიზეზისაგამო შეგვხდა დაბრკოლება, და ვერ მოვახერხეთ ამ მეორეს წიგნში, გარნა ვეცდებით ახლოს ხანში დაბეჭვდას.