The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №4 (1858)


ცისკარი №4 (1858)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


1.1 ბაიათი

▲ზევით დაბრუნება


ბაიათი

იადონს ის ევარდა,
და სუმბულს ის ევარდა,
თქვა მაისმა მე თქვენგან დაბმულ ვარ ის ევარდა.
შავმან შაშვმან იშტვინა,
პირველ ვინ ჰკლა ისტვინა,
ეშყის ხმასა შეაკლა აშორ ვრემდის ისტვინა.
მოლაღურმან შალახმა,
შევლო გულს მან შალახმა,
დაეკონა ღულამბარს დაჰსჭრა და მან შალახმა.
თუკი ლაღობს რა ღაწვად,
მას ვადარნეთ რაღა წვად,
ვეჭვ ყაყაჩო უხარის, გულს აღნია და ღაწვად.
გვრიტი ყელსა უგარებს,
არ ავ ხმასა უგარებს,
შეტკბობით შეღუღუნებს თვალ შებნედით გუგარებს.
ნარგიზ დარა მან დარა,
რამცა დარა მანდ არა,
აჭიკჭიკდა მერცხალი სათზედ დარა მან დარა.
ბაგედ ვჰსთქვი შენდა ლალო,
უცხოს ხმის გშვენს დალალო,
ჰაირს ტოროლა დაგრტფის შეგბრალდეს შენ დალალო.
ნარინჯთა დახედ დახედ,
მოკრეფად და ხედ და ხედ,
მიჯნურმა ხმა შეაწყვე ტან ალვად დახედ დახედ.

ბესარიონ გაბაშვილი.

1.2 ბაიათი

▲ზევით დაბრუნება


ბაიათი

ვიწყო წერა მაჯამით,
დაშურეს ჩემი მაჯა მით,
ღებავ ნეკტარის ნაცვლად მასვი ვსტირი მა ჯამით.

მუზნო ჩემ კერძ მომართვით,
მოდით ებნის მომართვით,
გრაციის აღსამკობლად ლექსნი თხზულნი მომართვით.

მსურს მას ვრქვა ბაიათი,
შებკული ბაიათი,
კუპიდონისა ისრები ვინ ისვრის ბაიათი.

ბედსა ვხედავ მზარადა,
რისხვას მირევს მზარადა,
მიკვირს თუ კრული გული, საკულად არის მზა რადა?

გული ეშხზე წარეგო,
მის ლახვარზედ წარეგო,
სუსტ ქმნილი დანაშთობი, ცრემლო შენ არ წარეგო!

თ. ალ.ჭავჭავაძე.

1.3 კოლხიდელს

▲ზევით დაბრუნება


კოლხიდელს

ნამდვილს პოეტს, სულით, გულით, აქვს ესრეთი ჩვეულება!
არად იჩნევს კაცთ განკიცხვას, მხოლოდ ერთს ჶებს ეუბრება,

ერთს გზაზედან მდინარეობს, არვის აძლევს ყურადღებას,
რასაცა გრძნობს, მჭევრ სიტყვებით წარმოსთქვამს თვის გულის ნებას.

შეგსპირს, გოტეს თვით ჩვენს რუსთველსც, ვუწყით აქვნდათ ეს თვისება,
გჭვრეტ პოეტო და მიხარის, რომ შენცა გაქვს ეს ღირსება.
ვხედავ, ვატკბობ თვალთა ჩემთა, ვით აღსრულებ მუზთ მცნებათა;
ვით ამტვერებ შენს ფერხთ ქვეშე, მზვაობრივთა ოცნებათა;

ვით შორდები, სიკეკლუცით მდიდრად-შემკულთ ქალთ წყევათა,
რადგანც უწყი, რომ გონებას, უძსთ ავნონ მათ მშვენებათა.

დაეხსენი, ავ-სიტყვებით, მეშურეთა ჰქმნან შურობა,
დაგიწინწკლონ, ზეგარდამო-ნიჭებულის დაე შრომა,

გინდ პირთაცა განკიცხვიდნენ, -იგი გონით ბნელდებია,
არარანი არან იგი და არარად მოკვდებიან.

უკეთუ რომ ნიჭს, რომელი გაქვს ზენითა მოვლენილი,
დაუყვედრად მოიხმარებ მას, რომელ არს განსდევნილი,

ნეტარ მაშინ, შენ პოეტო! ყოველთზედ ხარ უდიდესი,
წინ მოგელის შვილის-შვილთგან, შენ, დიდება თვით უვრცესი!

არსებობა ეგე შენი, გარდეცემის შვილის შვილთა,
რომელნიცა მკობით ქებას შემოგწირვენ ღირსეულთა.

განგეთქმის მაშინ დიდება, ყოვლე ნათესავსა ზედა,
და გვირგვინსა დაუჭკნობელს დაგადგამენ თავსა ზედა!...

ი.კერესელიძე

1.4 ხელის უფალთადმი

▲ზევით დაბრუნება


ხელის უფალთადმი

ოდეს მეფემან თვისს მაგიერად,
ანუ თუ დრომან გყოს შენ ძლიერად!
მაშინ გმართებს შენ სლვა გონიერად,
ნუ თუ ვინ გპოვოს, გულ მანკიერად,
საქმეთა მყოფი ბოროტ ცბიერად,
და მომხვეჭ ოდენ ქვეყანიერად,
არამედ ეგე ღირს, მეცნიერად,
საქმეთა მსჯელი გულის ხმიერად,
კეთილთ მფარველი სწორ წადიერად,
პატიჟთ წარმთქმული გულ ლმობიერად.
სოფლის მომგონე წუთ ჟამიერად,
ურცხვენელ სიტყვის მგე ზეციერად,
და ნაცვალთ მოსავი კეთილთ ციერად.

თ.ირაკლი ლორთქიფანიძე
მაისს ჩუნე წელსა.
ქვაშიხორი.

1.5 იმერეთის მეფის სოლომონის დედაზე, ქეთევან დედოფალზე ნათქვამი

▲ზევით დაბრუნება


იმერეთის მეფის სოლომონის დედაზე, ქეთევან დედოფალზე ნათქვამი

აჰა ამბად აღვამაღლოთ, აწ ალვისა აღნაგობა,
ბეწვ-ბნელოდა, ბროლ-ბადრობა, ბაგებისა ბადახშობა,
გულ გარემო გიშრის გრუზვა, განგაშორა განგაცნობა,
დიდებითა დავლამ, დაზვრამ, დაგიმტკიცოს დღეთა დრობა.

ესუფთოდის ედემობას, ერხეოდა, ელატობდა,
ვაშად ვნახე, ვარდს გამჰსგავსე, ვისგან ვისი ვალალობდა,
ზე ზილფებით ზანანობით, ზამბახთაგან ზარიფობდა,
ჱე კალმუხსა ჱედრებოდა, ჱეთერსავით ჱელვარობდა.

თეთრ-თითობით, თმა თხზულობით, თინათინი თამამობდა,
იასამანს იზილფებდა, ირხეოდა იგ ირმობდა,
კინამოსა კავ-კაწაწით, კეთილ კაზმით კამკამობდა,
ლალის ლამპრეებ ლაპლაპითა, ლოყათაგან ლომილბობდა.

მუდამ მიყვარს მზემან მისნი მე მეტკბობის მანანობით,
ნამენასა ნარგიზებსა, ნაძვზედ ნახვა ნარნარობით,
ომაინობს ოდეს ორბობს, ოი ოობს ოლოლობით,
პაწაწაა პერანგითა, პირად პირობს პრწყინვალობით,

ჟღეროვანობს ჟივკავითა, ჟამობასა ჟამით ჟამობს,
რიდით რიდობს რიგიანად, რონინითა რხევით რხეობს,
სირინ სუფთა სირინოზებს, სვეტს სიწლოთი სარისარობს,
ტრფიალთ ტანჯავს ტრედი ტურფა, ტატანივით ტანსა ტანობს.

უმანკოსა, უზადოსა, უცხოდ უქებ ულუმბობას,
ფაქიზობით ფინიკობას, ფერხის ფრინველთ ფარფარობას.
ქაღალდზედა ქარაგმებით, ქოხებთაგან ქარქროლობას,
ღიღინს ღუღუნს ღაბაბზედა, ღაწვებზედა ღაჟღაჟობას.

ყირმიმულად ყაყაჩობს, ყარყუმოოვნობს ყელსა ყურად,
შუბლთა შუქთა შვენებანი, შეცაჰცვლიან შირინ შურად,
ჩინთა ჩემთა ჩაბნელება, ჩამტკობია ჩამი ჩურად,
ცნობიერობს ცხოვრებასა, ციმციმითა ცვარობს ცურად.

ძინადობით ძნელოვანობს, ძიებითა ძუძუს ძალად,
წარბის წარბის წამწამითა, წალკოდთაგან წმიდათ წყალად,
ჭიქებ ჭრელობს ჭეჭელაა, ჭენებითა ჭენობს ჭალად,
ხატველნი ხატვენ ხატურად, ხალისითვე ხატვენ ხალად.

ხმობს ხორცითა ხელმწიფურად, ხორხითა ხმობს ხელოვანობს,
ჯარში ჯიღობს ჯერანია. ჯავაირით ჯეროვანობს,
ჰაეროვნობს უცხოდ რასმე,ვახტანგ ვჰფიცავ მზესა გვანობს,
ოი გულსა რად მიუძღვნი, სამარადოდ მისთვის ვანობს.

თ. ვახტანგ ჯ. ორბელიანი [1]

__________

1 ეს ვახტანგ ყოფილა ვახუშტის შვილი,რომლისაცა ანბავს დაწვრილებით ვამცნებთ თავის დროს „ცისკრის“ მკითხველთა. რ.

1.6 მაზედვე ნათქვამი

▲ზევით დაბრუნება


მაზედვე ნათქვამი

ალალებს ბაგებს, გულთ დასადაგებს, ელვარებს
ვჰფიცავ ზე ჱეთერულად,
თვალთ ინდი კაზმავს, ლალს მინა ნახავს, ოდეს
პირით ჟღერს რიტორებულად,
სუმბულს ტევანსა უფენს ჰშვევასა, ქონდეს ღაწვ
ყელნი შემკულ ჩენილად,
ცრობენ ძოწთ წყალნი, ჭვირობენ ვალნი, ხმობს
ჯავაირთა ჰა ოოცნებულად.

თ. ვახტანგ ჯ. ორბელიანი.

2 პროზა

▲ზევით დაბრუნება


2.1 შჳლი უმანკოებისა

▲ზევით დაბრუნება


შჳლი უმანკოებისა

მოქმედება 4.

(სცენა წარმოადგენს ბნელსა საპყრობილესა, რომელშიაც ალაგზედ გდია გრიგოლ თოკით შეკრული.)

გამოსვლა 1.

გრიგოლ. (მარტო)

გრიგოლ.

აი, ერთი ბოროტი მინუტი, როგორა ღუპავს ბოლომდინ კაცსა! - რა გამოვმგზავრდი დღეს დილით, და შეუდექი გზასა, ვიყავი მხიარულად და ჩემს თავს ვსახავდი ბედნიერად ყოველზედ; გული მიცემდა მეტის სიამოვნებისაგან, რომ ვფიქრობდი, დღეს ვნახავ დედა ჩემსა, დიდის ხნის უნახავს, როგორ უცებ გავახარებ და ვასიამოვნებ მეთქი! სად დაიკარგა ეს ფიქრი და ეს იმედი? რა იქნენ ეს ჩემთვის სასიამოვნო აზრები? - მოვდივარ ჩემს ქვეყანაში; და მხვდების პირველადვე სამწუხარო საგანი, რა ვხედავ დედა ჩემს სიკვდილად მიხწეულსა; ჩემს სადგომად. მხვდების საპყრობილე. - მართლ მსაჯულო ღმერთო! მრავალთ მოწყალეო შემომქმედო! რა მიქმნია იმისთანა, რომ ასე უწყალოთ მსჯი? ან იქნება მსჯი შვილსა, როგორც შვილსა ბოროტ მოქმების (მოქმედის) კაცისას? - მე ვიკარგები მიუწდომელს შენს განგებაში!უნდა მოვითმინო და ყოველივე ესე შენის მადლობით მივითვალო. მოთმენა და სიყვარული უსწავლებია ჩემთვის ჩემს მშობელს, რომელსაცა ჩემთვის მრავალი ტანჯვა გამოუვლია. - ღმერთო ჩემო!... (იყურება (მაღლა ხელგაპყრობით.)

გამოსვლა 2.

პელაგია. (უკან მისდევს მოახლე თეფშით და ჩარექა ღვინით.) და გრიგოლ

გრიგოლ.

(რა მიესმის კარის ხმა, უკან მიიხედავს.) ვინ არის? ეს ვინ შემოვიდა?

პელაგია.

მშვიდობა შენთან, საწყალო მილიციონერო! მე მგონია მშიერი ხარ, და პურის ჭამა გინდა! თუ რომ არ ითაკილებ, მოგიტანე სასმელ საჭმელი...

გრიგოლ.

ახ! მე არ მინდა, არცა სმა და არცა ჭამა. -მე მშიერი არა ვარ.

პელაგია.

აი ერთი ჩარექი კარგი წითელი ღვინო.

გრიგოლ.

(უცებ.) ღვინო?

პელაგია.

დიახ, ღვინო. (მხარეზედ.) რამდენჯერ გამიგია მამიჩემისაგან კახური წითელი ღვინო ყუათს მიცემს კაცსაო.

გრიგოლ.

გმადლობ მშვენიერო, მაგ მოწყალებისათვის! ეს ჩემთვის უძვირფასესი საჩუქარია. ჩქარა, ღვთის გულისათვის, ჩქარა კეთილის მოქმედო ქალო, ჩქარა გაუგზავნეთ ღვთის სიყვარულისათვის ვისიმეს ხელით ეგ ღვინო და საჭმელი ახლოს აქ სოფლად სნეულს დედა ჩემსა, რომელიცა წევს ერთის გლეხ-კაცის სახლში და რომელიცა ძლივსღა სუნთქავს სიმშილით და აღუებს სულსა სიკვდილისათვის, უბრძანე დალიოს ეს ღვინო თუ რომე ცოცხალი და ჯერ არ მომკვდარა. -ახ! რისთვის არა ვარ იმის ახლოს და მე თვითან ჩემის ხელით არ ვასმევ? (უკანვე აძლევს ღვინოს.) გაგზავნეთ თქვენი ჭირიმე ჩქარა, თუ ჩემთვის სიკეთე გინდათ! მიუბრუნეთ სიცოცხლე დედა ჩემს. იყავით იმისი მცველ ანგელოზათ!

პელაგია.

(გულმტკივნეული) შესაძლებელი არ არის, რომ შენ იყო საწყალობელო, კაცის მკვლელი ან ბოროტ მომქმედი თული კაცი; შენ როგორც გატყოფ ძალიან კეთილი კაცი ხარ!

გრიგოლ.

მადლობა ღმერთსა. ბოლოს გამომიჩნდა ამისთანა სული, რომელიც იჭერს ჩემს მხარეს და ვებრალები!

პელაგია.

მე თვითან წავალ დედა შენთან და მიუტან სასმელსაცა და საჭმელსაცა. ეს ღვინო და საჭმელი შენთვის იყოს აქა. (იქ უშვებს ყოველსავე რაც მოიტანა და თვითან ილამის გასვლას.)

გრიგოლ.

მოწყალეო ხელმწიფავ, მოიღეთ მოწყალება და ნუ გამირისხდებით კითხვისათვის, ვინა ბრძანდებით თქვენ?

პელაგია.

მე ვარ აქაურის სოფლის მებატონის ქალი. მამა ჩემი გვარად არის დიასამიძე.-

გრიგოლ.

(განკვირვებით.) მართმსაჯულო ღმერთო!

პელაგია.

რა ამბავია შენ საწყალო?

გრიგოლ.

(ცახცახით.) იმისი ქალი ყოფილა, რომელმაცა შემაპყრობინა და რომელსაცა ეგონა ვითომც მე იმასა ვკლავდი...

პელაგია.

აბა ისა აი, რომლისაცა სიკვდილსა ლამოდი იყო მამა ჩემი.

გრიგოლ.

მამა ჩემი?

პელაგია.

რაებს ლაპარაკობს, მამა ჩემიო, უთუოთ შეშლილა საწყალი, გული მიკანკალებს შიშითა...

(გარბის.)

გამოსვლა 5.

გრიგოლ. (ერთი.)

გრიგოლ.

(იმეორებს თრთოლით სიტყვასა.) მამა ჩემი!... მამა ჩემი!... ბოლო მოუღებელო მართმსაჯულებაო! შენ უხილავად განაგებ ჩვენზედ. -დახე რა მესმის! ის კაცი რომელზედაც ამოვიღე ხრმალი, ყოფილა მამა ჩემი! -ერთი მუნიტიც რომ დამცალებოდა, უეჭველად შევიქმნებოდი მამიჩემის მკვლელი!- საშინელებაა! -სისხლი მიცივდება ძარღვებში... თმები მაღლა მეშლებიან... თვალში სინათლე მელევის!... (თავს ჩაჰკიდებს და ცოტას ხანს ჩუმათ არის.) -განგებას რომ სდომოდა ჩემის ხელით იმისი სიკვდილი! -ჩემს ხელს რომ მოეკლა ისი! მართლმსაჯულო, უხილავო გამომძიებელო! განა შენ იქნებოდი მიზეზი უსჯულო მამის სიკვდილისა შვილისაგან, შეურაცყოფისათვის დედისა? -იმ ქალმა რომელიცა ახლა გავიდა ჩემგან; იმ უმშვენიერესმან კეთილმან და საყვარელმა არსებამ განაღვიძა ჩემს გულში ახალი სასიამოვნო რაღაც გრძნობა: ის ქალი ჩემი და არის! - ის უგუნური ყმაწვილ-კაცი, რომელიცა ვნახე ტყეში მამაჩემთან, უთუოთ ჩემი ძმაა. - იცის რა რომ თავადის შვილია და დილის ქონების პატრონი. აბნევს უხრად ფულსა, იცვამს მდიდრულად და ვინ იცის რაებს შჩადის. - მე კი იმის ძმა ვცხოვრებ ღარიბად, საწყლად და დედასაც ერთის ლუკმის ფასიც არა აქვს.

გამოსვლა 4.

დიონოსე დაგრიგოლ.

დიონოსე.

მშვიდობა შენთან ძმაო!

გრიგოლ.

ღმერთმა მშვიდობა მოგცეს საყვარელო!

დიონოსე.

მსურს რა, რომ განვამხიარულო შენი გული და მოგცე ნუგეში, მე დაგიფარავ და გექმნები შემწედ; ამისთვის რომ სინიდისი ყოველს დასჯაზედ მეტობს.

გრიგოლ.

ეგ მართალი გახლავსთ, მაგრამ რას ბრძანებთ თქვენ იმ გვარ დამნაშავეზედ, რომელსაცა სინდისი არა თუ სჯის, არცა თუ მოქმედობს.

დიონოსე.

მაგ თვისების კაცი სრულებით არა მგონია, და თუ იქნება უთუოთ დიდი ბოროტი და საძაგელი კაცი უნდა იყოს.

გრიგოლ.

არა, საყვარელო! მე სრულებით ფიქრათაც არ შეუშვებ, რომ შენ მაგას ჩემზედ ანბობდე. - მე იმისთანა გული მაქვს რომ არა მგონია სხვას კიდევე ვისმეს ქონდეს. არა სიმდიდრეზედ, და არა სწავლაზედ არ გავცვლი მე ჩემს გულს.

დიონოსე.

მაგას შენზედ კი არ ვანბობ, საზოგადოდ ვანბობ.

გრიგოლ.

მერწმუნეთ საყვარელო ძმაო, რომელსაცა სრულებია არა გცნობ, რომ სრულებით ჩემს გულში ბოროტი არ მოიპოება. მაგრამ ამ შემთხვევაში რომლისათვისაც დაჭერილი ვარ, სრულებით არა მოქმედობს სინიდისი ჩემზედ.

დიონოსე.

მაგაზედ ტყვილად ნუ სწუხდები მეგობარო, თუკი ეგ იცი რატომ ეს კი არ იცი, რომ ზოგჯერ სინიდის გადაჭარბებს თავის მოყვარეობა.

გრიგოლ.

არა საყვარელო ჩემო, რასაც თქვენ ანბობთ აგრე არ არის! ახ, რა ვწუხვარ რომ არა მისწავლიარა და არა მაქვს ჰსწავლა, რომლითაცა შემძლებოდა ახლა წარმომეთქო ჩემი აზრები თავის კანონის წესით. მე ვიცი რომ მაქვს გრძნობა, მაგრამ ამ გრძნობის წარმოთქმა და დამტკიცება არ შემიძლიან. - მითხარით ღვთის გულისათვის, რა ცოდვა არის რომ უნდა წამერთვა რამე იმ თავადისათვის! აბა ერთი თქვენ ყოფილიყავით ჩემს ალაგს. - ერთი მიბრძანეთ, გყავსთ თუ არა დედა?

დიონოსე.

არა. მე დავობლდი მაშინ, როდესაც რომ პატარა ვიყავი.

გრიგოლ.

ვწუხვარ! რადგანც არა გყოლიათ დედა, საითგან შეგიძლიანთ შეიტყოთ მშობლიური სიყვარული.- მაშ ნება მომეცით მე გეტყვით რამდენიც შემიძლიან ყური მიგდეთ: როდესაც რომ უყურებს კაცი თავის გარს, და ხედავს რომ ბუნებას თავისი ნაყოფიერება ყოველგან ერთობ მოუფენია; საითაც კი შეხედავს კაცი ყოველგან საკმაო სასმელი და საჭმელია.- როდესაც რომ ხედავს ისივე კაცი, რომ ესე ნაყოფიერება არის ახლოს თავის დედისა, რომელიცა აღუებს სულს სიკვდილისათვის შიმშილით და უხმება ენა მწყურვილით, თხოულობს ახლოს მყოფთაგან შემწეობასა და ყოველნი ვინცა ვინ გაივლის იმის ახლოს, საზიზღრად შეხედვენ და არც კი მიაქცევენ ყურადღებასა. - საცოდავი შვილიც შეყურებს მშობელს და ვისაც კი მოწყალებასა სთხოვს სტუქსავენ და არ გაიკითხამენ რისთვის? ამისთვის რომ იმ უბედურისათვის ვისა სცალიან, ჭკუა და გონება კურდღლებში აქვსთ გართული, მაშინ რასაკვირველია რომ კაცის გულში შევა რაღაც რამ გრძნობა!

დიონოსე.

საყვარელო ძმაო, მე მგონია ეგ შენი ჰსწავლა უფრო მეტობს სიღარიბეზე. საწყალი ყოფილხარ და მიკვირს თუ მაგ წერილებით ეგ ჰსწავლა სად მიგიდია.

გრიგოლ.

როგორცა მხედავთ მე, თუ ჩემს ჰსწავლასა, ყოველივე მიმიღია ჩემის მშობლისაგან. - იმას ვანბობდი წეღან, რომ სინიდისი მე სრულებით არა მსჯის. თქვენ კითხულობთ ჩემს დანაშაულსა და იმას კი აღარ ანბობთ თუ რა იყო მიზეზი დანაშაულობისა. თუ რიგიანად განსჯით, გარწმუნებთ რომ უეჭველად გამამართლებთ. - მე ესეც გითხრა, რომ გაბედვით წარვსდგები წინაშე უმაღლესის განმსჯელისა, რომელსაცა მიუგებ ყოველსავე ჩემს დანაშაულსა.

დიონოსე.

საყვარელო ჩემო, ღირს იმად, რომ მქონდეს შენთან ახლო მეგობრობა. ბედნიერად ვრაცხ ჩემს თავს, რომ შემემთხვა დრო შენთან ლაპარაკისა თუ რომ გაგჭირებია ცხოვრება, წამოდი ჩემთან დედიშენით, მოგცემ კარგს ოთახს სადაცა ყოვლისფერი გექმნებათ და დადექით.

გრიგოლ.

(მოეხვევა.) დიდათ გმადლობ დედიჩემისათვის და არა ჩემთვის, რომელიცა მოვედი დიდს დასჯას. იქნება დამარჩონ კიდეც.

დიონოსე.

ნუ გეშინიან, შენ ახლა ხარ კეთილის კაცის ხელში, რომელსაცა მოსწონს ეგ შენი დედის სიყვარული, მიიღებს კიდეც მონაწილეობასა მაგ შენს საწყალს მდგომარეობაში, გაპატიებს ყოველსავე რაც რამ დღეს შეგემთხვა. -შენ ახლა თავისუფალი ხარ, ამისათვის ვარ მე აქ გამოგზავნილი,რომ მამობრივ დარიგებით გაგიშო ამ საპყრობილითგან.გრიგოლ. მიბრძანეთ კეთილის მოქმედო ჩემო, თუ რა გვარია ის სულგრძელი კაცი?დიონოსე. თავადი დიასამიძე.

გრიგოლ.

დიასამიძე! - იმერეთში ხომ არ ყოფილა როდესმე?

დიონოსე.

სწორეთ, მაგრამ რამდენსამე ხნის შემდგომს კი თავისის ცოლის სიკვდილის უკან, გარდმოსახლდა თავის სოფელში.

გრიგოლ.

მართლა ცოლი მოუკვდა? ვიღა არის ის ქალი, რომელიცა ღირსია სიყვარულისა და რომელიცა აქ იყო რამდენსამე მინუტის წინ. ქალი ხომ არ არის იმისი?

დიონოსე.

სწორეთ იმის ქალია, რომელსაცა ჰქვიან პელაგია.

გრიგოლ.

ის ყმაწვილ-კაცი, რომელსაცა რუსულათ აცვია? უთუოთ შვილი იქნება?

დიონოსე.

იმას შვილი არა ჰყავს.

გრიგოლ.

(თავისთვის.) მადლობა ღმერთსა! (მაღლად.) მაშ ვინ არის ის?

დიონოსე.

ის სტუმარი არის. ქალაქითგან ამოსულა დროს გასატარებლათა.

გრიგოლ.

გმადლობ რომ ყოველივე შემატყობინე, ეგ შეტყობა ჩემთვის დიდი საჭირო იყო. კიდევ გმადლობ თქვენის კაცთმოყვარეობისათვის; მაგრამ დიდათა ვწუხვარ, რომ არ შემიძლიან ვიქონიო თქვენთან მეგობრობა; თუ რომე მეც შენი დარი ვიქნებოდი, მაშინ კი შეიძლებოდა. დიონოსე.

განა მეგობრობა არა გავს სიყვარულსა, რომელიცა თანასწორეა ყოველთათვის.

გრიგოლ.

არა, ხელმწიფეო ჩემო! ეგ ღირსება მხოლოდ აქვს სიყვარულს, რომელიცა არაფერს არ განარჩევს და დაურიდებლად მოქმედებს დიდზედ თუ მცირეზედ. ამას თავი დავანებოთ და ერთი რამ მაქვს თქვენთან სათხოვარი. გთხოვთ ბატონო ჩემო თუ რომე შეიძლებოდეს საკუთრად მაჩვენოთ დიასამიძე. რომელთანაც შემეძლოს თავისუფლად ლაპარაკი. - მე მინდა მადლობა მოვახსენო. ჩემის განთავისუფლებისათვის; თუ რომ სხვანიც იქნებიან იქ, მაშინ შემრცხვება. ცოტა მორცხო გახლავართ და ვეღარაფერს რიგიანს ვერ მოვახსენებ.

დიონოსე.

მაგ სურვილსაც აღგისრულებ. მომყევი! (ორნივე გავლენ.)

გამოსვლა 5.

(სცენა უცებ შეიცვლება ისევ დიასამიძის ოთახად, სტოლს მიჯდომია დიასამიძე და სწევს ჩიბუხს.შერაშიძეც მოშორებით ზის სკამზედ და პაპიროზსა სწევს,პელაგია კუთხეში ზის და რაღასაცა ჰკერავს.)

დიასამიძე.

(ქალს.) თუნდა ჯერ მოიცა, როდესაც სიცხე გამონელდება, მაშინ შეიძლება გაგზავნა.

პელაგია.

თუ რომ კაცს უნდა კეთილის ქმნა, მოსამსახურის ხელში როდი უნდა ჩააგდოს! - მეკი ასე მგონია და, კეთილის ქმნა ჩემთვის დიდი სიხარულია! სიხარულში რა გვედიდკაცება!!

დიასამიძე.

შენ, არა დიდკაცობაზედ რას ლაპარაკობ? დიდკაცობა მიქარვაა, ყოველნი კაცნი ერთის კაცის შთამამავალნი ვართ. კიდევ გაგიმეორებ, რომ მე იქ კაცი გამიგზავნია ერთი ხელობა, და ამბავიც მომიტანა, ახლა უკეთ არისო, საღამოზედ ერთათ გავისეიროთ და იქითკენაც შევიაროთ, ჩვენ თვითან ვნახოთ თუ როგორ არის.

პელაგია.

(კმაყოფილებით.) რადგანც აგრეა, მაშ კარგი. (კერავს.)

დიასამიძე.

(- შერაშიძეს.) მე მგონია კნიაზო მიხეილ, რომ ეს თქვენთვისაც სასიამოვნო იყოს?

შერაშიძე.

თქვენს ქალთან გასეირნება, აბა რას ბრძანებთ ბატონო, სასიამოვნო როგორ არ იქნება! მაგრამ ვაი თუ იმ დედაკაცს შესაყარი რამ სჭირდეს! მაგრამ არაფერია; ასეთი წამალი მაქვს თქვენმა მზემ, რომ მეტი ქება აღარ უნდა. პარიჟითგან მოვატანინე! იმას რომ კაცმა უსუნოს, არა სენი არა მიუდგება.

დიასამიძე.

კეთილს საქმეს წამალი არა ეჭირებარა, მე ასე მგონია. - შინ ჯდომა ყოველთვის კაცს მობეზრდება, თუ ზოგჯერ არ გაისერნა, გასეირებასთან ჩვენ დღეს კეთილსაც ვიქმთ.

შერაშიძე.

კაცს როგორ მობეზრდება კნიაზო ცხოვრება იქ, სადაც კნიაჟნა დგას. (გადახედა პელაგიას, რომელიცა თავს ჩაჰკიდებს.)

დიასამიძე.

(თავისთვის.) ზოგი ჩემს ქალს ჰკითხე. (მაღლა.) მითხარით ერთი თუ ღმერთი გრწამთ კნიაზო მიხეილ, რა ყოველთვის ისვამთ თავზედ პომადასა?

შერაშიძე.

ამისთვის ბატონო, რომ რომელიც ქალი ამის სუნს შეიტყობს, ვინ იქმნება რომ ყურადღება არ მოგვცეს. მერე რა პომადა გახლავსთ, თუმცა უფრო კარგი კი შინ დამავიწყდა. სერთუკსაც რომ ხვდება ამის სუნი, ერთს თვეს არა შორდება, მინამ ბიჭი არ გაამზევებს და რადგან თქვენ არ მოგწონთ ამის სუნი, წავალ მაშ თავს კარგათ წყლით დავიბან და ტანისამოს გავაბერტყინებ და გავაფენინებ. (გავა.)

გამოსვლა 6.

დიასამიძე და პელაგია.

დიასამიძე.

(უკან უყურებს შერაშიძეს და იძახის.) სწორეთ თქვენმა მზემ აქლემია. კაი მოუვა შენს თავს კარგი ჭკვიანი რამ შენ ჰყევხარ მამაშენს.

პელაგია.

მამა ჩემო, თუნდა გეწყინოთ სწორეთ მოგახსენებ, რომ მე მაგისი შემრთველი არა ვარ.

დიასამიძე.

მე თვითან არ შემიძლიან, რომ ეგ სულელი ვისიძო.

პელაგია.

თითქმის მეჯავრება კიდეც.

დიასამიძე.

მეც აგრე ვარ.

პელაგია.

მამაჯან! როგორ უნდა მოვექცე იმ კაცს, რომელიცა მძულს?

დიასამიძე.

როგორ თუ როგორ? არაფერი.

პელაგია.

საკვირველია რომ კაცმა ზოგჯერ თვითანაც არ იცის, ვინ რისთვის უყვარს და ვინ რისთვის სძულს.

დიასამიძე.

ეგ მართალია.

პელაგია.

აი მაგალითად. რისთვის მძულს შერაშიძე...

დიასამიძე.

სწორეთ ანბობ...

პელაგია.

და რისთვის მიყვარს დიონოსე?

დიასამიძე.

(სიჩუმე.)

პელაგია.

ძალიან კი მინდოდა ქმრის შერთვა.

დიასამიძე.

(თავისთვის.) დახეთ როგორ განათლდა საქართველო. აი რას მეუბნები ქალი. (ქალს.) რასაკვირველია უნდა გინდოდეს.

(სიჩუმე.)

პელაგია.

გეთაყვა მამა ჩემო ერთი მითხარი: ცოლს რატომ არა თხოულობს ჩვენი დიონოსე?

დიასამიძე.

იმისა ჰკითხე შვილო.

(სიჩუმე.)

პელაგია.

(თან ეშურება კერვას.) ძალიან კი მიყვარს.

დიასამიძე.

ეგ ჩემთვის დიდად სასიამოვნოა.

პელაგია.

იმასაც უყვარვარ.

დიასამიძე.

რასაკვირველია.

(სიჩუმე.)

პელაგია.

მე მგონია მამა ჩემო, რომ გაგეგზავნათ მოციქული ჩემზედ, უარს არ იტყოდა?

დიასამიძე.

ეგ მეც მგონია.

პელაგია.

როგორი გაგიგონებდით, რომ თქვენი ნება ყოფილიყო.

დიასამიძე.

(გაჯავრებით.) იქნება შენ რასაცა როშავ, სულ მართალს ანბობ?

პელაგია.

ტყვილათ როგორ ვიტყვი.

დიასამიძე.

ხა! ხა! ხა! ვნახოთ, ვნახოთ!

პელაგია.

(უყურებს მხიარულად.) მამა ჩემო, გეტყობათ, რომ თქვენცა გსურთ?

დიასამიძე.

არაოდეს.

პელაგია.

(მოწყენით.) არა!

დიასამიძე.

არა ჩემო პელაგია! შენ ჭკუა როგორღაც გიხტის და ის კი არ იცი რომ ჩვენთვის დიდი სირცხვილია ეგ საქმე. ან გულში რომ გედო, პირათაცარი როგორ ანბობდი.

პელაგია.

თქვენ იმისთვის ბევრი სიკეთე გიქმნიათ.

დიასამიძე.

ეგ იმან თვითან იცის.

პელაგია.

როგორ ბედნიერი იქმნებოდა თქვენი ქალი იმის ხელში.

დიასამიძე.

შენ მაგისათვის ღირსი ხარ დასჯისა, მაგრამ რადგანც ყმაწვილ ხარ და ყმაწვილური სურვილი გაქვს, ამისთვის არას გეტყვი.

პელაგია.

მე ისეთი ყმაწვილი არა ვარ მამა ჩემო, როგორსაც თქვენა ჰგონებთ.

დიასამიძე.

გამიგონე რეგვენო, შენ თავადის ქალი ხარ და თავადის შვილმა უნდა შეგირთოს და არა იმისთანა უგვარკუდო გლეხმა, რომელიცა სწავლით სცხოვრობს და თუ ის სწავლაც არა ჰქონოდა, ნახშირი უნდა ეწვა.

პელაგია.

მაშ არა?

დიასამიძე.

რომ არავინ ყოფილიყო ქვეყანაზედ შენი დარი კაცი, მაშინ კიდევ ო, ვიტყოდი რომ ასე მეთქი, მაგრამ ნათქვამია, აუტკივარი თავი კაცმა ტყვილათ რათ აიტკივოსო, შენ ჯერ ბევრი არავინ გინახავს. მოიცა ჯერ მოვიდეს ზამთარი და ჩავიდეთ ქალაქში, ასეთი ყმაწვილ-კაცები ნახო ტეატრში, რომ არ იცოდე რომელი აირჩიო ქმარათა.

პელაგია.

ვინ უნდა ავარჩიო იმისთანა არ იქნება.დიონოსეს დიდი ხანია ვიცნობ, რა გულიც აქვს და ან რა სული.

დიასამიძე.

აბა იმდენი არ იცი რომ შენი მასწავლებელია, შენი დამრიგებელი და თითქმის მეორე მამა, და შენ მაგას ფიქრობ. ატეხილხარ მიყვარსო, რომ არცკი იცი სიყვარული.

პელაგია.

თქვენ თვითან დღეს არ მეუბნებოდით, რაც არის სიყვარული.

დიასამიძე.

მე?

პელაგია.

რასაც კი მეუბნებოდით შერაშიძეზე, მე სულ ისე მეგონა და იმასაც ვგრძნობდი, რომ დიონოსეზე მელაპარაკებით მეთქი.

დიასამიძე.

საკვირველია!

პელაგია.

მამა ჩემო! მამა ჩემო! მიყვარს და უყვარვარ კიდეც. ერთის სიტყვით ერთმანეთი ძალიან გვიყვარს.

დიასამიძე.

განა იმასაც უყვარხარ? გაგიტყდა განა?

პელაგია.

გამიტყდა და მითხრა. მეც მიყვარხარო.

დიასამიძე.

ეგ დიდი სირცხვილია იმისთვის, მე იმისაგან მაგას არ მოველოდი.

პელაგია.

ახ! მამა ჩემო, უნდა იცოდე, თუ იქიდამ რას მივხვდი.

დიასამიძე.

რას მიხვდი?

პელაგია.

როდესაც რომ მოვიდა საკითხავად თქვენის ბრძანებით, ვითხოვდი შერაშიძეს თუ არა. მე მაშინვე ვუთხარი შენ მინდიხარ მეთქი.

დიასამიძე.

ემაგ პირდაპირ თქმას როგორღაც მიბედავ!... მერე რა მოგიგო პასუხად?...

პელაგია.

ჯერ ბევრს მელაპარაკა, მეუბნებოდა: შენ დიდი კაცის ქალი ხარო და მე როგორ მიკადრებო. ბევრი მთხოვა, მაგ აზრს ნუღარ იქონიებო, მაგრამ ჩემი გული როდი შვრებოდა.

დიასამიძე.

მაშ ნიშნავს რომ ის მე ვერ გამიბედავს მაგას?

პელაგია.

ეგეცა ჰსთქვა, რომ მამკლან მე მაგას იმას ვერ გაუბედავო.

დიასამიძე.

ეგ უფრო კარგი! მითომ არ ვიცი ეს ანბავი.

პელაგია.

მაგრამ მე დავარწმუნე და ვუთხარი: მე თვითან ვეტყვი მეთქი.

დიასამიძე.

(გაჯავრებით.) ეგ უფრო ცუდი! რისთვის უთხარი ეგა?

პელაგია.

მამა ჩემო!

დიასამიძე.

შენ როგორღაც თავს გახვედი.

პელაგია.

მიყურეთ მამა ცრემლები მომდის.

დიასამიძე.

(ზურგს შეაქცევს.) ნუ დამანახებ მაგ ცრემლებს!

(სიჩუმე.) (-პელაგია ადგება და ვითომც რაღასაც ეძებს.)

დიასამიძე.

რას ეძებ?

პელაგია.

ნემსი დავკარგე.

დიასამიძე.

(ადგება და ისიც ეძებს.) აგრე შორს როგორ გადავარდებოდა.

პელაგია.

(მივარდება და მამას ყელზედ მოეხვევა.) მამაჩემო, აკი გიყვარდი.

დიასამიძე.

რა ანბავია?

პელაგია.

გეთაყვა მამაჯან...

დიასამიძე.

თავი დამანებე ერთი მამაშენი ნუ წაგიწყდება, რა მიქარვაა ცრემლებით სულ ეს ლოყა დამისველე.

პელაგია.

მე სხვა არაოდეს არ მინდა.

დიასამიძე.

მიქარვაა! -სიყმაწვილეა! -გონს მოდი შენ სულელო! (ლოყაზედ ცრემლს უწმენდს.) დაჯექი! მე და შენ მოვილაპარაკოთ; ეგ საქმე აგრე აჩქარებით არ იქნება. ცოლქმრობის შეკავშირება ერთს მინუტში მოხვდებს ხოლმე და გაწყვეტა მრთელს საუკუნეში. ზოგი ერთი ქალი, ბევრსა ტირის რომ არ აძლევენ თავის სიყვარულს, მაგრამ როდესაც შეირთავს ორწილად უფრო ბევრს ტირის შერთვისათვის. - ამისთვის გეუბნები ამას შვილო, რომ მიყვარხარ და მინდა შენთვის კეთილი, რომელი მამა იქნება, რომ შვილისათვის ბოროტი უნდოდეს.

პელაგია.

(რა დაჯდება.) განა არა ვხედამ, რომ სამაგალითო მამა მყევხარ.დიასამიძე. არა თუ? -ეგ კიდევ კარგია, რომ დედა არა გყავს. თორემ რომ გყოლოდა, ეგრე იაფათ არ დაგიჯდებოდა ეგრეთი პირდაპირ ლაპარაკი.

გამოსვლა 7.

ადრინდელნივე და დიონოსე. (შემოვა.)

დიასამიძე.

ჰა! მოხველი?

დიონოსე.

თქვენის ბრძანებით განვათავისუფლე ის კაცი საპყრობილითგან, ის ახლა გარეთ ეზოში გახლავსთ და სურთ თუ რომ ნებას მისცემთ შემოვიდეს და პირის პირ მოგახსენოთ მადლობა.

დიასამიძე.

ეგ ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ნათქვამია, თუ რომ კაცმა მადლი ქმნასო, მარილიც უნდა მოუყაროსო. ეს ხომ გამოუშვით და აქედანაც რიგი არ არის რომ ცარიელი გაუშვათ.

დიონოსე.

ძალიან სურთ მარტო მოლაპარაკება თქვენთან და მადლობის მოხსენება.დიასამიძე. მარტო? რათაო?

დიონოსე.

იქნება გულში საიდუმლოება აქვს რამე, უნდა გაგიტყდეთ და მოგახსენოთ.

დიასამიძე.

კარგი! ძალიან კარგი! ვნახოთ რა უნდა.პელაგია შენ გადი სხვა ოთახში და დიონოსეც გამოვა.

(-პელაგია გადის, დიონოსე უღებს კარებს და გრიგოლ შემოჰყავს. რა აჩვენებს დიონოსე დიასამიძეს, თვითან მოშორდება.)

გამოსვლა 8.

დიასამიძე დ აგრიგოლ.

დიასამიძე.

(მიეგებება.) კეთილი იყოს შენი აქ მოსვლა ჩემო საყვარელო! ახლა შენ თავისუფალი ხარ, დღეს გავგზავნე კაცი დედა შენთან და მომიტანა ანბავი უკეთობისა, იმის გულისათვის ყოველსავე გაპატიებ, მაგრამ გაფრთხილდი, რომ შემდგომში მაგისთანა საქმე არ მოგიხდეს. რაზბორიკობა და ავკაცობა ცუდი ხელობა არის. -აი ერთი მანეთი შენთვის მიჩუქებია, მაგრამ ამ პირობით რომ მოძებნო პატიოსანი ხელობა; თუ რომ გავიგებ შენ კარგათ ქცევას, მოდი და კიდევ გაჩუქებ რასმეს.- ახლა წადი იქით, საითკენაც გსურს.

გრიგოლ.

(ართმევს მანეთს.) ნება მიბოძეთ მოგახსენოთ თქვენო ბრწყინვალებავ, რომ სულგრძელი კაცი ბრძანებულხართ... ამასთანავე უხვი და არა ძუნწი მოწყალების და რჩევის მიცემაზე. მაგრამ მე გთხოვ სხვა უფრო კეთილს საქმეზე რომელიცა ყოველზედ დიდია თქვენს მოცემულ ვერცხლზედაც და ოქროზედაც. მოიღეთ ჩემზედ მართლმსაჯულება და შემეწიენით წინაშე უსამართლოს მამის ჩემისა.

დიასამიძე.

თუ რომ შემიძლიან რამ საყვარელო! ვინ არის მამა შენი?

გრიგოლ.

(მწუხარებით.) დიდი კაცია, აქვს ბევრი ყმა და მამული, ბევრს დიდ ხალხს იცნობს და ყოველგან მიღებულია, არის კეთილის მომქმედი, პატიოსანი, გულწრფელი და სულგრძელი.

დიასამიძე.

(განკვირვებით.) მაგისთანა მამა გყოლია და შენ კი აგრე სიღარიბეში ხარ?

გრიგოლ.

ასეთი მამა მყავს და მე კი საშინელს სიღარიბეში გახლავართ.

დიასამიძე.

(თავისთვის.) მივხვდი. (მაღლად.) უთუოთ საყვარელო ჩემო, ვერა ჰყევხარ კარგი შვილი, იქნება სხვების მიბაძვით ლოთობ, ქაღალდს თამაშობ და პაჟარნობ, ამისთვის მამაშენმა გაგაგდო სახლითგან, მიქცა მილიციაში იმ აზრით ეგება ჭკუა ისწავლოსო. ჯარში შესვლა ახლა შენისთანა კაცების ხელობა არის... მანდ რომ არ მიეცე, იმ სიმდიდრეს დაუნთქვამდი და ამისთვის ეგ მოგიხდინა მე არ ვამტყუნებ მამაშენსა, თუ რომ ეს ასეა.

გრიგოლ.

არა, თქვენო ბრწყინვალებავ, როგორც თქვენ ფიქრობთ აგრე არ გახლავსთ. მამა ჩემი სრულებით არც კი მიცნობს მე თუ ვინა ვარ, თავის დღეშიაც არ უნახვივარ და დაუგდივარ დედის ჩემის მუცელში მინამ ვიშობებოდი და ქვეყნად მოვიდოდი.

დიასამიძე.

(განკვირვებით.) რაო?

გრიგოლ.

სამკვიდროდ მამის ჩემისაგან არა დამრჩომიარა, დედის ჩემის ცხარის ცრემლების მეტი, თავის დღეში ჩემთვის მამა ჩემს არა უფიქრიარა, ჩემი ცხოვრებისათვის, თუ როგორ ვიცხოვრო, ფიქრშიაც არ მოსვლია.

დიასამიძე.

ეგ ძალიან საძაგელობა არის. (ამღვრევით.) ეგ... ეგ დიდი უმღრთობაა.

გრიგოლ.

ერთის სიტყვით უნდა მოგახსენოთ თქვენო ბრწყინვალებავ, რომ მე გახლავართ უკანონო შვილი. საწყალს და საცოდავს დედა ჩემს, რომლისათვისაც წაურთმევიათ უმანკოება, აღუზრდივარ დიდის მწუხარებით და შეიწროებით; თავისის ხელსაქმით იმდენი მეცადინეობა გაუწევია, რომ გაუნათლებია ჩემი გული და ჩემი გონება. მწუხარების ნაცვლად იქნება მე გამემხიარულებინა მამაჩემი, მაგრამ იმას არ უნდა ეს სიხარული და სინიდისიც აძლევს ნებას, რომ არის ესრეთ გულგრილათ თავისის შვილის უბედურებაზე.

დიასამიძე.

ღმერთი როგორ მისცემს მშვიდობას და როგორ მოასვენებს სინიდისი? -თუ რომე მართლა სინიდისი იმაზედ არ მოქმედებს, მაშინ ის კაცი დაწყევლილია ღვთის პირისაგან.

გრიგოლ.

რა მოვიზარდე და ვნახე რომ ძნელი იყო დედი ჩემისათვის ჩემი შენახვა, სხვა ღონისძიება არა მქონდარა მილიციაში შესვლის მეტი, რადგანც უკანონო შვილი ვიყავ აბა კარგათ მოგეხსენებათ სად მიმიღებდნენ.

დიასამიძე.

ეგ ძალიან სამწუხაროა.

გრიგოლ.

ესრეთ განვლო ჩემა სიჭაბუკემ შრომაში. ნაკლულევანებაში და ბევრ აქა-იქ თრევაში. რამდენჯერ გავილახე იმისათვის ვინცა მამიყვანა მე ქვეყნად და რამდენჯერ ვიყავი მშიერი. ვინ იყო პატრონი.- მამა ჩემი აბა რას ინაღვლიდა ამაზედ, როდესაც რომ აქვს კარგი სასმელი, კარგი საჭმელი, კარგი სახლი. კარი და სიმდიდრე: სინიდისი იმაში სრულებით არ მოიპოვება, რადგანც არარას გრძნობა.

დიასამიძე.

(თავისთვის.) ეს კაცი საკვირველად გულს მიტკიებს.

გრიგოლ.

რა მოვშორდი დედა ჩემს და ხუთის წლის უკან დავბრუნდი ისევე უკან დედის ჩემის ნახვისათვის და მხიარულის განზრახვით ვნახე მშობელი საშინელს სიღარიბეში; სამის დღის უჭმელი, თავის ქვეშ არცა თუ ერთი მუჭა ბალახი ეგო ბალიშის მაგიერ, სადგომი ხომ სად ჰქონდა, რომ დაეცვა ტანი სიცივისა და წვიმისაგან; გულმოწყალე კაცთმოყვარე კაცი ხომ სად მოიპოვებოდა, რომ ვინიცობა მომკვდარიყო თვალები დაეხუჭა და გულს ხელები დაეკრიფნა, ალაგიც არა ჰქონდა საწყალს (ტირის.) რომ თავისუფლად მომკვდარიყო.- რათ იფიქრებდა მამა ჩემი, იმ საწყალს დედა ჩემზედ, მაშინ როდესაც რომ, სასახლე კარგი უდგას, ბალიშები და ქვეშაგები ლბილი აქვს და რა მოკვდება, სიმდიდრე იმისთანას გულ ლმობიერს სიტყვებს დააწერს საფლავზედ კეთილმოქმედობისას, რომ ის სიტყვები გარდეცემიან ნათესავით ნათესავამდე.

დიასამიძე.

მითხარი საყვარელო! რა ჰქვიან მამაშენს? (შეშფოთებით.)

გრიგოლ.

იმას კი აღარ ფიქრობს ის კეთილი კაცი რომ სისუსტე უმანკოს ქალისა მოიხმარა ბოროტათ, დაარწმუნებდა რა ცრუს ფიცითა, რომ მოიყვანა ქვეყანად უბედური არსება, რომელიცა ყოველ დღე სწყევლის მამას; რომ თავისი შვილი მიახწია იქამდინ, რომ კინაღამ მოკლა თავისი შემქნელი მამა. მერე კაცმა იკითხოს, რისთვის? აი (გადუგდებს ფულსა.) ამ ერთის მანეთისათვის. დიასამიძე. (მოთმინებითგან გასული.) მითხარი ჩქარა, თუ რა ჰქვიან მამაშენს და რა გვარია?

გრიგოლ.

დიასამიძე.

(- დიასამიძე შემოჰკრავს ხელი ხელს, დაიკრეფს გულზედ ხელს, ჩაჰკიდებს თავს და დადგება გაქვავებული.)

გრიგოლ.

(მეტის მეტად ამღვრეული.) ამ სახლში... იქნება კიდეც თვითან აი ამ ოთახში შეაცთინე დედა ჩემი და მომეცი მე სიცოცხლე მხოლოდ ამისთვის, რომ შენგნითვე ვიყო მიცემული სასიკვდილოდ და დასასჯელად! -ახლა ხელმწიფეო ჩემო! მე თვითან არ მინდა რომ თავისუფალი ვიყო. -არ მინდა. -მე რაზბონიკი ვარ, თული ვარ, სახალხოთ გავიმტყუნებ თავსა. თქვენ თვითან უნდა მიმცეთ სამსჯავროსა, რომელმაცა უნდა ჩამომახჩოს, როგორც კაცის მკვლელი და თული კაცი; თქვენ თვითან უნდა ნახოთ, როგორ დამარჩობენ. თქვენ თვითან უნდა გაიგონოთ როდესაც ამიყვანენ ძელზედ ჩამოსაკიდებლად, თუ როგორ გულმხურვალედ დავსწყევლი მამა ჩემს! თქვენ თვითან უნდა იდგეთ მაშინ იქ და ხედავდეთ რისთვისაც ქანაობს თოკზედ დამრჩალი თქვენი შვილი.

დიასამიძე.

საკმაოა!... ნუღარ მტანჯავ!... მაკმარე!...

გრიგოლ.

თქვენ თვითან უნდა ნახოთ, როდესაც ჩამომხსნიან ძელითგან, თუ როგორ ტირის და მოსთქვანს მშობელი ჩემი. თუ როგორ ცხარე ცრემლს ანთხევს დედა ჩემი.

დიასამიძე.

მაკმარე!... კაცთშეუბრალებელო!...

დიონოსე.

(შემორბის.) რა ანბავია. - აქ რა მამხვდარა (მიუბრუნდება დიასამიძეს.) ამ წყეულმა ხომ არა გაწყინა რა?

გრიგოლ.

მე აღვასრულე თანამდებობა მოძღვრისა და ავათრთოლე ცოდვილი კაცი, (ხელს იშვერს დიასამიძეზედ.) უყურეთ ხელმწიფევო, თუ როგორ სასტიკათ სჯის ნდომა, რომელიცა მომხვდარა ოცის წლის წინათ. -მე კაცის მკვლელი ვარ! -რაზბონიკი ვარ!... მაგრამ რასაც ახლა ამ საათში ვგრძნობ, ვერ აღიწერენ ენით, მე წეღანაც ვანბობდი, რომ არ მინდა თავისუფლება; მე თვითან ჩემის ფერხით ჩავალ ქალაქში, შევალ საცა ალაგია და გამოუცხადებ ჩემს დანაშაულსა. (გავა.)

გამოსვლა 9.

დიასამიძე და დიონოსე.

დიონოსე.

ღვთის გულისათვის ერთი ჩქარა მითხარით, თუ ეს რა ანბავია? მე სრულებით არ მესმის.

დიასამიძე.

(შეშფოთებით.) როგორ არ გესმის!... ის კაცი ჩემი შვილია!... ჩემი შვილია!... ღვთის გულისათვის მიდი!... მიდი და დაამშვიდე!... მიდი იმ სნეულ დედა კაცთანაც, რომელიცა გლეხ-კაცის ქოხში წევს და მდებარეა. გაგზავნე ბიჭები, თუ შენ არ წახვალ!... ჩქარა!... ჩქარა ღვთის გულისათვის!...

დიონოსე.

რომ წავიდე, რა გამოვა? არა, რა უნდა გავაკეთო მე იქ?

დიასამიძე.

ღმერთო ჩემო! - თვითან შენი გული გეტყვის რაც უნდა გააკეთო. (- დიონოსე გავა. დიასამიძე ორის ხელით იჭერს თავის თმებს.) ხომ არ გადვირივე? ჭკუითგან ხომ არ შევიშალე? იქნება სიზმარში ვარ? მე შვილი მყავს! შვილი მყავს!... მერე რა შვილი!... კეთილი და ღირს პატიოსნებისა, ასეთი შვილი ჰყავს მამასა, ჯერ არ მოხვევია შვილსა სიყვარულით! - ეი! ბიჭო! ვინა ხართ მანდ? (ბიჭი შემოდის.) რა იქნა?

ბიჭი. ვინა? - თული კაცი? - რაზბონიკი?

დიასამიძე.

როგორ თუ თული!... ის ყმაწვილკაცი რომელიც აქედან გავიდა ახლა?

ბიჭი.

ის კაცი ქალაქში მირბის, მთავრობას უნდა ვაცნობოვო. ჩვენს ნაცვალს შევატყობინეთ, რომ მაგრათ დაიჭიროს, ვაი თუ კაცი მოჰკლას ვინმე გზაზედ.

დიასამიძე.

რას ლაყბობ, როგორ თუ დაიჭირონ, ვინც იმისი დამჭერი მოვიდეს ხელი ჰკარი და გააგდე! არავინ გაბედოს დღეის ამის იქით იმ ყმაწვილის წყენა!... გესმის?...

ბიჭი.

(განკვირვებით.) მესმის თქვენი ჭირიმე. (უნდა გავიდეს.)

დიასამიძე.

ბიჭო?

ბიჭი.

რას მიბრძანებთ თქვენი ჭირიმე.

დიასამიძე.

შეიყვანეთ ის ყმაწვილი კარგს საპატიო ოთახში და თქვენ ახლდით მოსამსახურებად.

ბიჭი.

ერთი ოთახი გახლავსთ თქვენი ჭირიმე წმინდა, იმაშიაც შერაშიძე დგას, აბა სხვა სად დავაყენო?

დიასამიძე.

შერაშიძეა ვიღაც მუდრეგი სადაც უნდა იქ დაიკარგოს, რა მაგისი მცხელა! (ბიჭი განცვიფრებით უყურებს ბატონს დიასამიძე გაივლ-გამოივლის.) საჭირო არ არის ჩემთვის სიძე... მე შვილი მყავს... შვილი, რომელიცა ჩემს გვარს გადასცემს შვილის შვილს და არ ამოწყდება ჩემი გვარი და იქნება ჩემი მემკვიდრე; მე მყავს შვილი, რომლის ხელზედ თავისუფლად მოვკვდები! სწორეთ, ნამდვილად ჩემი შვილია. რისა მრცხვენიან! დაეხსენი ხალხმა როგორც უნდა გამკიცხოს. -ეი! ბიჭო!

ბიჭი.

რას მიბრძანებთ?

დიასამიძე.

წადი ის ყმაწვილი აქ შემოიყვანე, სთხოვე მოწიწებით, რომ შემობრძანდითქო. ვინცა ვინ არიან გარეთ ყველანი შემოიყვა.- (ბიჭი გადის.) სისხლი ამიდუღდა ძარღვებში!... თავით ფერხამდინ სულ ჟრიალი მამდის! - ეს მგონია სიხარულია!- ის მოულოდებელი სიხარულია, რომლისაცა ღირსი არა ვარ! (-გრიგოლ შემოდის და რამდენიმე კაცნი მოსდევენ, მოურავი სტვირით,დიონოსე, ბიჭი და სხვანი,დიასამიძე კარებში ეგებება.) აგერ მოდის! მოდი!- აქ მოდი საყვარელო შვილო! ორივ თვალის სინათლევ შვილო! მოდი მომეხვიე!- მომეხვივე შენს მშობელს მამას!- (მიიკრავს გულზედ გრძნობით და ყოველნი განცვიფრებით და პირდაღებით უყურებენ.) შვილო!- შვილო!...

(ფარდა დაეშვა.)

დასასრული მეოთხის მოქმედებისა.

3 სხუა და სხუა ანბავი

▲ზევით დაბრუნება


3.1 ქვრივის ლიმონების განხილვა ანუ კრიტიკა

▲ზევით დაბრუნება


ქვრივის ლიმონების განხილვა ანუ კრიტიკა

უ. გრიგოლ რჩეულოვისაგან დაწერილი ქვრივის ლიმონებზე შეიჭურნენ მრავალნი, ისე ფიცხად ლაპარაკობდნენ იმაზედ, რომ მეგონა განხილვას დაუწერდა ვინმე, მარამ აქამომდე ამაზედ არა გამოიცარა ცისკარში, ამისთვის ისევ მე დაუწერე, რაოდენი რაიც ვიცი და განვიხილამ.

პირველი დაწყება სამი ტრიქონი, უ. რჩეულოვისაგა სახელ განთქმულს მეფეს ირაკლიზედ, მართლად კარგი და ღირსად წარწერილია, შემდეგ დაიწყებს: 1786-საწელსა, მაისის 1-საქ ტფილისს კნეინა კეკე (უწინდელს დროს საქართველოში, წოდებით კნეინობა არ იყო, არც კნიაზობა.) ქვრივი ოცდა ორის წლისა, იჯდა თავის სახლში ფანჯარასთან დაფიქრებული და თვალ გაშტერებით ადევნებდა ხალხსა, რომელიც ჟიჟინით დადიოდა ტფილისის ქუჩაში. ამ დროს შეწუხდება, ეკლესიაში წირვის გამოსვლაზე, ამასთან კიდევ ივიშვიშებდაო, თუ მოსამსახურე არ შემოსულ იყო და არ მოეხსენებინა, მეფე მობრძანდებაო.

უადგილო ქმულს, უბრალო თავის მომზადებას კეკესაგან, მე აღარ განვიმეორებ რჩეულოვის სიტყვას, მხოლოდ კარზედ გაეგებება კეკე მეფეს, ხელს ჩამოართმევს მეფე, შუბლზედ აკოცებს, მოიყვანს, ტახტზედ დასვამს, და თვითონაც გვერდს მოუჯდება კეკეს. ამასთან იმის დასატუქსად მოსულა მეფე, იმისთანა „გარყვნილს შვილობილთან ყმაწვილი ქალი, მეტადრე შენსავით ლამაზი, დაჯდება შინ პირველს მაისსა და წირვას არ მოისმენს? - მე სამოცდა თექვსმეტის წლის კაცი ვარო. ვითომც უტრფის მაისის ბუნებას და ამისგამო გადახალისებული ჰქონია მოხუცებულობა ჭაბუკად.

ჯერ ეს უნდა ვსთქვათ რომ უწინდელს დროში არას დროს ალერსში არავინ არ იტყოდა სიტყვას, „გარყვნილოვო“ არამც თუ მეფეები. მასუკან არ ვიცი პირველი მაისი რა ყოფილა, ან რა დღესასწაული უწინდელს დროში? - მერმე ქვრივიკეკე ბოდიშს მოიხდის, ბატონის შვილსანასტასიას დასდებს მიზეზათ, თავის წირვაზე წაუსვლელობას და ლაპარაკში ხმარობს. „თქვენო დიდებულებავ“ არც ამ სიტყვას მოახსენებდნენ უწინდელი ქართველები მეფეს, იყო „ჩვენო ბატონო, შენი ჭირიმე ბატონო და ბატონო მეფევ!

ამაში მეფე ირაკლი და ქვრივი კეკე, ვითომც სიამოვნით დაიწყებენ საუბარს, მეფეს დიდსულოვნად მიაჩნია კეკეს ეკლესიაში წაუსვლელობა, რადგანც იმის სიმშვენიერება სხვა გასათხოვარს ქალებს გულს დასწვავდა და ამას მორიდებია. მეფეს ჰგონია, თავის ექვსი ქალიც, ვერ მოვა კეკესთან. გარდა ამისა, უწინდელს დროში, ეკლესიებში ყმაწვილ-კაცებისაგან კისრის გრეხა და ქალების ყურება როგორ შეიძლებოდა! - თავის დღეში საკიცხავად დასდებდენ.

როგორც მეფე და ქვრივი კეკე, ვითომც სიამოვნით ლაპარაკობენ. არა დარბაისელთან არ იქნებოდა ამ გვარი ლაპარაკი, რაც უნდა ახლო ნათესავი ყოფილ იყო, არამც თუ მეფესთან.

მგონია ზევით თქმული კარგათ გახსოვდეთ უ.რჩეულოვისაგან, 1786 წელსა, მაისის 1-სა ქ. ტფილის. ქვრივი კეკე, ოცდა ორის წლისა იჯდა, სადაცა ამ დროს მეფე ეტყვის ქვრივსკეკეს, მე 76-სა წლის კაციო და სხვანი?...

უ. რჩეულოვის ორივ სიტყვა ეს წინა აღმდეგია ერთმანეთისა, მაგალითად ვსთქვათ: ვითომც უ.რჩეულოვი ანბობს ამას.

- „1786 სა წელსა იყო ეს ლიმონების ანბავიო“.

ამის პასუხს ჩვენ მიუგებთ:

- ამ წელიწადს მეფე ირაკლი იყო, 66-სა წლისა, ანასტასია, ბატონიშვილი თორმეტის წლისა, და ამ პატარა ქალს, რა მახლობლობა ანუ მეგობრობა უნდა ჰქონიყო ოცდა ორის წლის ქვრივს ქალთან.

ამის შემდეგ, თუ ახლა ასე იტყვის.

- „შემცდა, მეფეი რაკლი. 76-სა წლისა იყოვო“.

ამის პასუხს ახლა ასე მიუგებთ.

- მეფე ირაკლი. 76-სა წლისა, რომ იყო, ერთის წლის წინათ აღამამადხანმა, ქ. ტფილისი მოსწვა, მოაოხრა და ნაწილი საქართველო; ამის მეორე წელიწადს, ესე იგი 76-სა წლისა რომ იყო მეფე, კიდევ მეორეთ მოელოდნენ საქართველოზედ აღამახმადხანს, სადაც ამ დროს, სულერთიანათ მეფის სახლობა, თელავში ყოფილან, და ამის შემდეგ კიდევ ექნებოდა გული მეფე ირაკლის, ქვრივის კეკესთან საუბრისა, თუნდა ზდილობაშიაც შემოსულიყო უწინდელს დროში! კიდევ უ.რჩეულოვი, რომ სწერს მოხუცებულს მეფეზედ, უგონოდ უწოდებს, ის ამისთანა უგონო მოხუცებული იყო, რომ 77-სა წლის მოხუცებულმა, განჯის ციხე აიღო, რომელზედაც ორი ბატონი შვილი ოთხი თვე ადგნენ დიდის ჯარებით; მინამ მეფე ირაკლი არ მიიწვიეს ბატონი-შვილებმა და არ ჩავიდა, ვერ აიღეს და როდესაც ჩავიდა, ქართველთ ჯარსა ფრთები შაესხათ. - „ჩვენი ბატონი ირაკლი მოგვივიდა. ახლა იმის საკვირველს გონებას რა გაუმაგრდებაო!... მართლა ისეც მოხდა და გააკვირვა ყველანი!...

მოწყალეო ხელმწიფეო გრიგოლ რჩეულოვ! ამის შემდეგ, კიდევ იტყვით საგიებელს სიტყვას მეფესირაკლიზედ? - მხოლოდ ახლა ნება მომეცით დაგიმტკიცოთ, რომ არცა ის ივანე აბაშიძე ყოფილა, რომელსაცა მეფის ირაკლისათვის შეუწირავს თავი ოსმალოს ომში და არცა ქვრივი კეკე ოცდა ორის წლისა.

1. მეფის ირაკლის დროს იყო სამი ივანე აბაშიძე.ერთი აღა-მამადხანის ომში მოკლეს ქ. ტფილისის აღების დროს, ამას ოთარ ამილახვრის და ანა ჰყვანდა ცოლათ, ამასთან ორი შვილი დარჩა, ერთოი ვაჟი და მეორე ქალი ეკატრინე. პირველიდგანვე, ეს ეკატრინა ჰყვანდა, გიორგი ბაგრატიონის მუხრანცკის, რომელთაცა გარდაცვალება იქნება, თხუთმეტიდგან ოცდა ხუთს წლამდინ. (ცოტა მეტ ნაკლები იყოს. მაგთენი შეცთომილება არა იქნებარა) გიორგის (ანუ გოგიას) მუხრანსკის და ამის ცოლს ეკატრინეს, ორთავე კარგათ ვიცნობდი. ეკატრინე მეფის ირაკლის უკანასკნელს დროში დიახ პატარა ყოფილა, ასე რომ თუნდა ენახოს, ხსომა არ ექნებოდა.

მეორე ივანე აბაშიძე იყო ანუ ყოფილა, რომელსაცა თავის დღეში ცოლი არა ჰყოლია, ისე უცოლშვილოთ მომკვდარა.

და მესამე ივანე აბაშიძე, მეფის ირაკლის ახლო ნათესავი. კახელი, აღამამადხანის მოსვლის შემდეგ, თავის დღით მომკვდარა: ამის ქალების სახელი სულ ვიცი, რომელთაცა არცეთს არა ჰქმევია კეკე, ამის შემდეგ, არ ვიცი რა ნდომია და ან რა გაუკეთებია უ. რჩეულოვს? - ისტორიისათვის? - უკარგია. რამანი? - რამანის აჩრდილი არ არის. - მოთხრობა? არც მოთხრობად ითქმის.

ეს აქ დაუტევოთ და კიდევს ქვრივს კეკესვე დაუბრუნდეთ: ქვრივს კეკეს ვითომც ლიმონები ფანჯარაში უწყვია, მეფე ირაკლი იმ ლიმონებისას ჰკითხავს? კეკე მოახსენებს: თქვენი ბაღიდგან მამცა ანასტასია ბატონიშვილმაო. ამაზედ მეფე ეჭვში შევა და გამოჰკითხავს? - გაუტყდება, ეს ლიმონები ჩემი საკითხავი არის, ავაგდებ და ჩემს საქრმოსას ვკითხავ რომელი შემირთავდეს, ის ლიმონი დავიჭირო ხელშიო ზაზა თარხნის შვილი თუ ქაიხოსრო ენდრონიკაშვილიო? მარამ ორ ლიმონებსვე ხელში ვიჭერო. კეკეს სიტყვით, ორივ საუცხოვო ყმაწვილ კაცები არიან, რომელნიცა ზაზა თარხნისშვილი და ქაიხოსრო ენდრონიკაშვილი, ორივ უფროსები იყვნენ მეფეს ირაკლიზედ ხანით და დაცოლშვილიანებიულიც ორივ: ესე იგი 1786-სა წელსა.

გაიგონეთ ახლა რას ვანბობთ? - უ. რჩეულოვის სიტყვით, ვითომც მეფე ირაკლი შუა კაცათ გაუკეთდება ქვრივს კეკეს, იმ ყმაწვილ-კაცებთან, რადგანც იმისი მამა, ივანე აბაშიძე ოსმალოს ომში გარდაეფარა მეფეს; თვითონ ერთს ოსმალოს შეაკლა თავი, ამით მეფე გამოიხსნა სიკვდილისაგან, მეფე ირაკლიმაც ამის სამაგიერო უნდა შესძღვნას კეთილი და გარსევანის შემდეგ მეორედ კარგი ქმარი შეჰრთოს. ამაობაში მეფე ირაკლი დაიმალება მეორეს სახლში, ამასთანავე ზაზა თარხნისშვილს დაიბარებს კეკე, რომელთანაც ლაპარაკობს ცოლ-ქმრობაზე და ზაზაც არწმუნებს დიდს სიყვარულს, სადაც დამალულს მეფეს ესმის ყველა.

ამათ ლაპარაკს შემდეგ, ზაზა წავა, მას უკან ქაიხოსროს დაიბარებს კეკე ვისთანაც, ეგრეთვე ლაპარაკი აქვს და დასასრულზე ესეც გავა, მაგრამ ბოლოს ეს ქაიხოსრო შეირთავს კეკეს.

რა არის უფალი რჩეულოვის თხზულება ესე? - არც უწინდელს ჩვენს ზნეობაში შემოვა ესენი, არც ჩვეულობაში, არც გცევაში, არც მართებულობაში, არც ხასიათში, არც ზდილობაში და სრულიად არაფერში.

ბოლოს ანბობს, უ. რჩეულოვი მეფეს ირაკლიზე ვითომც ერთს გლეხს ეთქოს მეფის ირაკლისათვის. „ქართლის მამინაცვალოვო და კახეთის მამაო. „მართალია თქმულია, მაგრამ რომელი გლეხი კაცი გაუბედავდა ამ სიტყვას? - თქმულია წინა აღმდეგისა და მტრებისაგან. ურჩეულოვო, იცით რა ღვაწლი დაუდვია ქართლისათვის მეფეს ირაკლის და ან რა საშინელი ომები გადაუხდია საშინელს მტრებთან, ქართლის გამოსახსნელად?... მგონია ამისი არა იცოდეთრა თქვენ? ამასთანავე ამბობს უ.რჩეულოვი მეფეს ირაკლიზე, რომ ვითომც ვერას ღონისძიებით, კარგი ქცევა ვერა ესწავლებინოს რა კახელებისათვის და ამაზედ შეწუხებული იყოს მეფე. ესეც კახელების საწინა-აღმდეგოდ არის თქმული. ამ ორს ქვეყნის გრსა. ქართლისას და კახელებისას; ამ ახლო მეზობელთ, ურთიერთთან ჰქონდათ, ვინ იცის რავდენი საუკუნოები განუყრელი ერთობა, ნათესაობა, ერთი-ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა ხშირი; ნამეტნავად მეფის ირაკლის მეორის დროს ხომ სულ ერთად იყვნენ ესენი, სადაც თავთავისად იზდებოდნენ და სწავლობდნენ; ერთს საღმრთო საეროს წერილებს, ერთს ზნეობას, ერთს ზდილობას, ერთს ჩვეულებას, ერთს ხასიათს, და სრულებით ერთ გვარათაც ცხოვრებდენ, რომ განსხვაება არა იყორა იმათში, ამის შემდეგ, თუ ჩვენ ქართლელები ვიქნებოდით კარგნი; კახელები რატომ აღარ უნდა ყოფილიყვნენ კარგნი? შეცთომილება. - არ არის კარგი, ქართლელები კახელებზე ვლაპარაკობთ ანუ ხან დავცინით და კახელები ქართლელებზე ლაპარაკობენ ანუ ხან დაგვცინიან მაშინ როდესაც რომ ზურგზე ვაკერივართ ერთმანეთს დასაკლისიც ერთია ჩვენი და შემატებაც.

კიდევ კარგი ძველი ამბავი ვიცით, თორემ ოცდა ათის წელიწადის ანუ უცრო მეტის შემდგომ, ამ გვარი რომ დაწეროს ვინმემ მეფეს ირაკლიზე ანუ ერთი ერთმანეზე უ. რჩეულოვის გვარად, არ ვიცი ვიღა განიხილავს? - დაიჯერეთ, თუ გამხილველი არ ეყოლება, მაშინ შესაბრალისია მეფე ირაკლი და ერთობ ჩვენი ერიც, ამისთვის რომ იქნება ის მოგონებულები, ისტორიამ მიიღოს და საუკუნოდ მოითხაროს, საკვირველი სახელი მეფის ირაკლის მეორისა და სრულიად ჩვენის ერისაც.

იმ რჩეულოვის თხზულებაში, თუ არის რამე კარგი, მხოლოდ უცხო სიტყვიერება და ყურის სმენისათვის კარგი გასაგონი, თუმცა ცოტა მეტნაკლებია იქაც, მაგრამ ამითი არაფერია, თავის დროზე გასწორდება ყოველი ჩვენი ნაკლულოვანება. სხვა კი მოგვიტევოს უ.რჩეულოვმა, იმის თხზულებას, კარგს ღირსებას ვერას დავდებთ.

ის რჩეულოვის თხზულება ასეთი რამ არის, რომ თუ დაწვრილებაში შევიდა ვინმე და ნამდვილად განიხილა, ერთი კარგი დიდი წიგნი მოვა ის განხილვა ... არ დაიჯერებთ, რამდენჯერ გარდვიკითხე და ყოველს თვითო გარდაკითხვაზე ვიტყოდი ხოლმე, ნეტავი მითხრა, რა უნდა იყოს უ. რჩეულოვის თხზულება ესე? - ამის მეტი ვერა ვიფიქრერა: ერთმა კაცმა, რომელიმე დიდი შენობა დაწო და მიზეზი ჰკითხეს დაწვისა - მიუგო, ჩემი სახელი დარჩესო. იქნება უ. რჩეულოვს ჰგონია, იმისი სახელი დარჩეს, იმ თავის თხზულებით!

ამ თქმაზე არ უნდა გაწყრეს უ.რჩეულოვი, თუ ის მეფეს ირაკლის, იმ საკვირველს კაცს ისე დამდაბლებით ახსენებს და საგიებელს სიტყვას იტყვის იმაზე, მგონია მე უფრო არ დავიძრახო სწორეთ თქმაზე უ. გრიგოლ რჩეულოვის მიმართ.

თ. ალ. ვახტანგის ძე ჯ.ორბელიანი.