![]() |
ცისკარი №6 (1860) |
ცისკარი
ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.
„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.
![]() |
1 შიმშილი გემზედ |
▲ზევით დაბრუნება |
შიმშილი გემზედ
მოთხრობა დიკკენსისა
(ფრანცუზულითგან.)
უფრო მეტი ნაწილი ჩემის ყმაწვილობისა გავატარე ერთს კერძოობითს გემზედ, რომელიც აღებ-მიცემობდა სამხრეთის ამერიკის პორტებში. ამ გემის პატრონი და, თვითანვე კაპიტანი, იყო აბრაგიმ ხიგგინსონი; ამასთანავე ესეც უნდა მოგახსენოთ, რომ ამ გემზედ უგულითადეს მეგობრათ მეგულებოდა მატროსი სახელად რიჩარდ ტორსბი. ეს ჩემი მეგობარი, თვითქმის ყველას უყვარდა და პატივსა სცემდენ: ჩვენ ისრედ ბრმად გვწამდა იმისი ნიჭი, რომ გვიკვირდა თუ რატომ აქამომდე არ იყო შკიპერათ და კაპიტნათაც ჩვენნის გემისა. თვით ხიგგინსონს ჩვენს კაპიტანს უყვარდა იმასთან დაახლოვებული ლაპარაკი, რომელსაც ნებას არავის აძლევდა. თუმცა ტორსბი იყო საზოგადოდ განთქმული, მაგრამ იყო დიდათ ჩუმი, მშვიდი და თავის ცხოვრების დიდს ნაწილს ატარებდა ჩვენგან განშორებით რაღაც რამ მწუხარებაში. არ ვიცი, რათა ჰქონდა ჩემი განსაკუთრებითი მიდრეკილება, მაშინ, როდესაც რომ წლოვანებით ერთიერთმანერთში დიდი განსხვავება გვქონდა.
ერთხელ ჩვენი გემი შევიდა ლიმაში, სადაც იმ დროს განცხოვლებული იყო ჰაერის ცივება. ისრე მოხდა რომ სხვათა მსხვერპლთა შორის, ამ სნეულებით გაგვიხდა ტორსბი. მე მივედ ავათმყოფთან სანახავათ, რომლის გამოისობითაც კაპიტანმა დამიშალა გემზედ დაბრუნება, შიშითა მით, რომ არ მიმეტანა ის შესაყარი სნეულება. ჩვენ გამოგვიგზავნეს ჩვენი მარკი და ფულები, რაღა უნდა მექნა: დავრჩი ჩემს ავათმყოფს ამხანაგთან, მომვლელად. უნდა ვაღვიარო სწორედ, რომ ამ მდგომარეობამ დიდად შემაწუხა, თუმცა ძალიან მიყვარდა ტორსბი. ავათმყოფის მოვლა ძალიან მოსაწყენი რამ არის და ამასთანავე მეტად საშინელი. ავათმყოფობა სასტიკად მძვინვარებდა ყოველს სახლში და სიცხიანი ზაფხული უფრო აცხოველებდა ამ შესაყარს სნეულებასა. რაც მდიდარი ვაჭრები იყვნენ სულერთიან გავიდნენ სოფლებში, რომლისაგამო ქალაქის მოძრაობა და ცხოვრება შედგა. ჩვენ ვსცხოვრებდით ერთს დაბალს აშენებულს სახლში, რომელიცა ხშირად შეგხვდებათ ყოველს ქალაქებში სამხრეთის ამერიკისა, სადაც მცხოვრებთ ეშინიანთ მიწის ძვრისა.
ტორსბის ჰქონდა ცოტა ოდენი ფული, ჩემს გარდა არავის არ მიუშვებდა ხოლმე თავისთან. მე იძულებული ვიყავ დღისითაცარი მოვრიდებოდი. სიცხე იყო მოუთმენელი და, სიჩუმე ქუჩებში დღისით საშინლად მიწუხებდა გულს, ღამე არას დროს არა ვშორდებოდი ავათმყოფის საწოლს და, როდესაც დათეთქვილი დიდის ხნის მოვლით მივიძინებდი, მაშინ ჩემს ძილს შეარყევდენ ოხვრანი საწყალის ტორსბისა, რომელიც ტრიალებდა ქვეშსაგებში და ყოველს წუთს ითხოვდა წყალს. აქიმის მოპოვება ძნელი იყო ფულითაც. ერთმა ვიღამაც თავის-თავის აქიმად მწოდებელმა ურიამ, რომელსაც ქალაქში სრულებით არავინ იცნობდა, თავს იდვა ტორსბის წამლობა, მაგრამ რას იტყვით, მხოლოდ ავათმყოფი ერთხელ ნახა და დაუწერა წამალი. ავათმყოფმა ეს წამალი რამდენიმე მიღების შემდეგ, აღარ დალია, მე მაინც არა ვკარგამდი იმედს ჩემი მეგობრის მორჩენისას. ცხელებამ მოუმატა და დიდმა ბოდვამ შემიყვანა შიშში, რომ არ მომკვდარიყო უგონოთ. შიშმა ესრედ შემიპყრო, რომ თვითან მეც შემეშინდა. თვით ჩემის თავისაცა: ასე მეგონა, სიკვდილი ტორსბისა მეც ჩამიყვანდა საფლავში.
ამისთანა მწუხარებით აღშფოთებული, ერთხელ მიუჯექი სტოლსა და დავსწერე უდიდესი ანდერძის წიგნი, რომელიცა რა დავბეჭდე ზედ გამოვაცხადე ჩემი სურვილი, რათა ეს წიგნი გაეგზავნათ ანგლიაში, ჩემის სიკვდილის შემდეგ. იმ ღამეს, როდესაც ვათავებდი ამ წიგნსა, ტორსბიმ ბურანში დაიწყო ლაპარაკი, რაღაც თავის თავზედ, შემდეგ თითქო თავის თავს დაატყო უკეთობაო, მიმიწოდა ქვეშსაგებთამ და მითხრა: ერთი შესანიშნავი საქმე მაქვს შენთან სათქმელათაო.- და მომიყვა დასუსტებულის ხმით. ვეცდები ეს ანბავი გარდავცე მკითხველთა სიტყვითი სიტყვად ავათმყოფისა, რაოდენიცა შემიძლია:
„იქნება 30 წელიწადი შემდგომად ამის, როდესაც ჩვენი გემი გავიდა მონრეალიდამ და მიადგა ლივერპულს. ჩვენ ვიქმნებოდით ცამეტ კაცამდენ კაპიტანითურთ, რომელნიც ვეკუთვნოდით გემსა, გარდა ამისა იყვნენ ოთხნი მოგზაურნი: ერთი აქიმი თავისის ცოლით და მოხუცი ფრანცუზი კანადიდგან თავისის გასათხოვარის ქალით ძმისწულით. ეს იყო იანვრის თქეში ქარი გვიქროდა სასიამოვნო, მაგრამ საუბედუროდ, ჩვენი გემი დაერივა ყინულებთ შორის. სიცივეები ძალას გვატანდნენ, რომლისაგამო ხშირად ვნატრობდით ტფილს ტულუფებს, მშობლიურს ქვეყანას და იმის მშვენიერს გახურებულს ბუხრებს. როდესაცკი ავდიოდი ხოლმე ანძაზედ და ვკიდებდი ხელს გაყინულს თოკებს გაშეშებულის თითებით, მეგონა, პირველის ქარის შემობერვით უთუოთ ჩავარდებოდი ძირს. ჩვენ ვცურავდით ყინულების შუა და ვშორდებოდით საგანს ჩვენის მოგზაურობისას. ბოლოს დროს რა ნახა კაპიტანმა, რომ ამის მიზეზით დიდხანს დავრჩებოდით ზღვაში, გამოგვიცხადა ყოველთ იქ მყოფთ, რომ უნდა დაეკლო ჩვენთვის საზრდო. მე ამან საშინლად შემაწუხა, ვფიქრობდი: რა მოგვივა რომ მართლა დიდს ხანს დავრჩეთ ამ მდგომარეობაშია მეთქი? საზრდო ჩვენი სულ გამოილევა და ჩვენ უნდა დავიხოცნეთ სიცივით და შიმშილით მეთქი. მე მრავალჯერ შემხვედრია გემის დაღუპვის ანბავების წაკითხვა ჩვენის ხომალდის მსგავსად, რომელიცა იმყოფებოდა ყინულებში, საზრდო მოკლებული და რომელსაცა შეუდგებოდა შიმშილით სიკვდილი. ამ საშინელთა უბედურებათა ფიქრი მსდევნიდა დღისით თუ ღამით.
ამ ფიქრმა გამომახატვინა თავში ერთი გადარჩომის ღონის-ძიება, მინამდის სრულებით გათავებულიყო ჩვენი საჭმელი: მე ყოველს დღეს ვინახამდი ჩემის საზრდოდ დანიშნულითგან ნაწილს ჩემს საკუთარს ყუთში, რომლის ქონება არავინ იცოდა; ამას გარდა ჩემს თავს მშიერად ვაჩვენებდი ხოლმე და ზოგიერთის ავათმყოფისგან ანუ ვისაც დაკარგული ჰქონდა მადა კერძს ვყიდულობდი. რაცკი შეიძლებოდა, ან რაც არ წახდებოდა ვინახამდი მაგრად ჩემს ყუთში. როდესაც ვნახავდი ყველას ეძინათ, მაშინ დიდის კმაყოფილებით, გავსინჯამდი ხოლმე ჩემს საუნჯეს, რომლისაცა მოგონება ახლაცა სვინდისს მიშფოთებს და მარცხვენს. ყოველთვის მიხაროდა რა რომ ჩემს ძვირფასს ქონებას ემატებოდა სამზადისი. მოვიგონებდი ხოლმე იმ დროს, როდესაც ერთი ბუთილკა წყალი, რომელსაც მე ვინახამდი სხვათა შორის, გახდებოდა ჩემთვის და ყველასათვის ერთს ბოჭკა კარგს ღვინოზედ უკეთესი; მე წინათ ვფიქრობდი იმ შესაწუხარს დროზედ, რომელიცა არ არის ეჭვი გვიან თუ ადრე მოგვივიდოდა. ჩემს გვერდით მყოფნი ვიცოდი დაიხოცებოდნენ შიმშილით და მეკი ვიქნებოდი ისევე ცოცხალი.
ფრანცუზი და იმისი ძმისწული გასათხოვარი ქალი ძალიან დაახლოვებულნი იყვნენ ჩემთან, რადგან მე მთელი წელი ვსცხოვრებდი იმათ სახლში. ის იყო სამსახურითგან გამოსული ჩინოვნიკი, თვით მცირეს პენციით და მიდიოდა ფრანციაში სიმრთელის გასამაგრებლათ. იმისი ძმის წული ქალი ჭკვიანი და ლამაზი, კარგათ ლაპარაკობდა ანგლიურათ, რადგანც დედა იმისი ყოფილიყო ანგლიჩანკა. ამ ფრანცუზის სახლობას სრულად არ მიეცათ ფული გემის პატრონისათვის და ამისთვის აძლევდნენ სხვაზედ ნაკლებს კერძს საგძლისას. რა დღითგანაც ჩვენს კერძებს დაუწყეს მოკლება, იმ დღითგან ჩვენს ყუთსაც აკლდებოდა და ბოლოს იქამდინ მიახწივა, რომ გვაგრძნობინა შიმშილის ცივების მოახლოვება.
ამ დროს განმავლობაში, დაგვიდგა თოვლის თვისების სიტფო დღეები, რომლითაც გაადნეს ყინული და ჩვენი გემიც დაჰსძრეს ალაგითგან. მაგრამ რას იტყვით, ჩვენ მიგველოდა სხვა უფრო საშინელი უბედურება იმ დღითგან, რადღითგანაც ყინულის ბორკილებმა განათავისუფლეს ჩვენი ხომალდი: შევატყევით, რომ გემმა დაიწყო წყალში როგორღაც რწევა: ყინულისგნით მოწოლისა და გალესის მიზეზით გემი გასკდა და იმ ნახეთქში გაკეთდა ერთი სორო საზოგადო აღრეულებაში მეხომალდეთა ცოტა უშველეს უბედურებას, და ჩვენცა საზოგადო შემწეობით კაი დარის გამო შევსწყვიტეთ წყლის დენა გაბზარულის ადგილებში შვრების დაცმით. მაგრამ ვერც ამითი იქნა. ხომალდმა დაიწივა წყალში ნახევრამდე, გემის ოთახები სრულებით წყლით აიმსნენ, ყველანი ძალა დატანებულ იქმნენ რომ ხომალდის ზემოთ უნდა გადასახლებულიყვნენ, თუმცა ძალიანი ციოდა.
როდესაც ამ უბედურების ანბავი, რომელიცა ჩვენ გვემართებოდა, განისმა გემზედ, მე ვიყავი ქვევით და რასაკვირველია მაშინვე მოვიგონე ჩემი ძვირფასი ყუთი. ის იყო საშინელი მძიმე, მაგრამ ავწიე და ავათრიე როგორც იყო ჩარდახზედ. ეს დრო იყო ღამე. მაგრამ მაინც უნდა გამევლო ხალხში, რომელიცა ჩოჩქოლებდა და არ მოაქცია ჩემზედ ყურადღება. რა ავიტანე, მაშინვე ჩავდე ჩემი საუნჯე პატარა ნავში და წავაფარე ზედ ბლომათ თოკები. ვიცოდი რომ ხელს არავინ ახლებდა ამ ნავს, ვიდრე გემი წყალზედ დაცურავდა და თოკებს არ დასდევდნენ, რადგანც ჯერ არა ჰქონდათ საჭიროება. ამ უბედურებაში ჯერ კიდევ კაპიტანი ოთხ დღემდინ გვაძლევდა საჭმლის თვით მცირე ნაწილს. აქიმის ცოლი მოკვდა, და იმისი გვამი გადააგდეს ზღვაში. ჩვენ დავრჩით თხუთმეტნი კაცნი. მოხუცი ფრანცუზი აგრეთვე იყო ავათ, მაგრამ მაინც არა წვებოდა, გულ მხურვალედ ზრუნვისაგამო თავისის დედრობითის მოგზაურისა. ყველანი მიიღებდენ დიდს მონაწილეობას ამათში. ჩვენ გვიკვირდა ესრეთი გულგრილად ქცევა, მამაცობა და თავის განწირვა ყმაწვილის ქალისა, რომელიც მოუღალავათ და დიდის გულს მოდგინებით უვლიდა მოხუცს.
თუ რომ მარტო ისინი ყოფილიყვნენ ჩემთან, ვფიქრობდი, დიდის კმაყოფილებით გაუყოფდი ჩემს საზრდოსა მეთქი.
ამ საშინელებას უყურებდი, ვხედავდი ჩემს გარს შიმშილით იხოცებოდნენ და მეკი ჩუმათ ვიმაგრებდი ჩემს ჯანს, მით რომ, ღამე მივდიოდი ნავთან, შევსჭამდი ხოლმე საჩქაროდ, მაგრამ სრულებით უმადოთ, რადგანც მეშინოდა ჩემს მშიერთ ამხანაგებს არ გაეგოთ. რასაკვირველია, რომ მსდომნებოდა შემეძლო დროებითაცარი შემემსუბუქებინე იმათი ტანჯვაცა, თუ რომ გაუყოფდი იმათაც ჩემს საზრდოს, ამ გვარი გულქველობითი და კაცთ მოყვარებითი განზრახვა იყო დარღვეულ თავ-მოყვარულის გრძნობითა, ჩემის თავის დაცვისათვის.
გასამართლებლად ამა თავის-მოყვარებისა მე ნუგეშს ვაძლევდი ჩემს თავს შემდეგითა სილოგიზმითა: უკეთესი არის, ერთი დარჩეს ცოცხალი, ვიდრე ყოველნი გაძღნენ ჩემის ყუთითგან, მხოლოდ ამისთვის, რომ დაიხოცნენ ერთის დღით გვიან.
ჩვენი მდგომარეობა შეიქნა სამძიმოდ, ხომალდი უფრო და უფრო იძირებოდა წყალში ასრე, რომ ზევითი ჩარდახიც დაიფარა წყლითა, და რომელნიც დარჩნენ ცოცხლათ გადასახლდნენ ზოგნი პირუტყვთ საკვეებს ადგილს, ზოგნი გემის ცხვირზედ და ზოგნი ანძაზედ. ჩემის ყუთი მაშინათვე დავმალე ძველის იალქნითგან შეკერილს პარკში, იალქნის ნახევითგანვე გავიკეთე ზევიდან წამოსასხამი და შევეხვივე შიგ, ჩემის გაშეშებულის ტანის დასაცველად. ამისთანავე ტანისამოსი გავუკეთე ფრანცუზს და ფრანცუჟანკას. რადგანც მეშინოდა ჩემს ყუთზედ ეჭვი არ აიღონ მეთქი, ამისთვის თავი მოვიავათმყოფე, განგებ დავისუსტე და ისე ვაჩვენებდი სხვათა, რომ ძალიანი მშიოდა მეცა.
მე დავდექ ხომალდის აფრაზედ და გავაკეთე ჩემთვის საკმაოდ კარგი ტახტი ფიცრებისგან და ძველის შინელისგან. ჩემ ზევით იყვნენ ფრანცუზი და იმისი დედრობითი ძმისწული. უმეტესი ნაწილნი მოთავსდენ პირუტყვთ საკვებზედ და იმათ ანძაზედ. მახლობელთ ჩემს მეზობლებთან: ფრანცუზთან და ფრანცუჟანკასთან ძვირათ ვლაპარაკობდი. უკანასკნელი იყო მხიარულის ხასიათისა, რომელიც არა ჰკარგამდა არც ამ მდგომარეობაში. რაკი ამ უბედურებაში ჩავარდით, ახლა აღარა ვყრიდით მკვდრების სხეულებს ზღვაში, მაგრამ ვხედავდი, ყოველს დღით დანაშთენთ ცოცხალთა რიცხვი თან და თან მცირდებოდა. არავინ არ ზრუნავდა ზღვაში მკვდრების გადაყრას, ყველანი ისხდნენ ანუ იწვნენ უძრავათ, ფერ-მკრთალნი და დასუსტებულნი.
ერთს მეხომალდეს უნდოდა გადასვლა ერთის ანძიდგან მეორეზედ, ამ გადასვლის დროს ჩავარდა წყალში ჩარდახის შუა ნაწილს და არავინ ჩაეშველა განსათავისუფლებელად. ბოლოს დროს ყველანი ისრე დასუსტდნენ, რომ ვეღარც თუ ლაპარაკობდენ. სიჩუმე იყო იმისთანა საშინელი, რომ რომელიცა გაქვავებულს გულსაცკი შეაძრწუნებდა: საწყალი ფრანცუზი მომკვდარიყო და მიყუდებულიყო, ანუ უფრო უკეთ ვსთქვათ, მიბმულიყო ანძაზედ, მდედრი თანამოგზაური იმისი, გახვეული წამოსასხამში, დასველებულს იალქნის ნაჭერში, იწვა კიდევ ცოცხალი, უკანასკნელად კიდევ შემომესმა იმისი ხმა. იმას არა ეჭამარა რამდენსამე დღეს და საზრდოებდა რამდენიმე წვიმის წყლის წვეთით, რომელიც იმას შეენახა თავის იალქნის ნაჭერისგნით შესამოსის ნაკეცებში. მე ჩამოვედი ძირს. მივძვერი ჩემს ყუთთან, სადაც კიდევ მრჩებოდა რამდენიმე სუხრის ნაჭერი, ღორის ლორი, რამდენიმე ნაჭერი შაქარი და ბუთილკა, რომელისაც ძირზედ იყო რამდენიმე წვეთი რომი, და მინა წყალით. რამდენიმე რომის წვეთით წყალში არეულით ჩემს მუჭაში, მე დაუსველე საწყალს ტუჩები და მოვიყვანე გრძნობაში. ვიდრემდის მოსულიერდებოდა მე გადავაგდე ფრანცუზის სხეული ზღვაში.
რამდენიმე დღე რჩებოდა მომაკვდავი უგრძნობელად, ამ დროების განმავლობაში ბურუსი მფარამდა მაგნიტურის შემოხედვისაგან ეფრაიმისა, მაგრამ მაინც მესმოდა იმისი მხეცური ყვირილი და რა ღონის ძიებით იკვებებოდა ის? არ ვიცი აქამომდე ხან და ხან გამოსთქვამდა ხოლმე ჩემს სახელს, რომელთანაც აღმოიოხვრიდა თუ არა? ჰსჩანს რომ იმას ჰქონდა ჩემზედ რაღაც რამ განზრახვა მაგრამ რა სახელდობრივ, არ ვიცოდი. ამასთანავე დარწმუნებული ვიყავ, რომ იმან არ იცოდა ჩემის ყუთის საიდუმლოება.
მაგრამ სიფრთხილის გრძნობამ ძალა დამატანა გადაცლისა ჩემის ყუთისა იმ ფიცარზედ, სადაც იწვა ფრანცუჟანკა, და მე დავასკვენ ია გარდასახლება მოსავლელად ავათმყოფისა. ერთხელ, როდესაც მოსულიერდა, გაახილა თვალები და დაიწყო რაღასიც დათვალიერება. ასე ვგონებ ეძებდა ძვირფასს თავისს თანა მოგზაურსა. დამინახა რა მე, შეკრთა, შემდგომს მომაქცია მავედრებელი თვალები, რომლითაც მთხოვდა მომეგონებინა იმისთვის იმის თავზედ გადახდილი უბედურება. ხან და ხან ვატყობდი, რომ თვალებით მიძღვნიდენ მადლობას, ყურადღებისათვის როდესაც მე მივაწვდენდი ხოლმე პირში, წყალში დასველებულს შაქარს, ის კიდეც ცდილობდა ძალდატანებით ღიმილსა, რომლით ეჩვენებინა რომ ჩემი განთავისუფლება ამ საშინელის განსაცდელისაგან გაახარებდა იმას.
უფრო და უფრო ყმაწვილი ქალი სუსტდებოდა და უახლოვდებოდა სიკვდილს; უფრო და უფრო უახლოვდებოდა სისუსტესა, სასურველმა ძვირფასმა ჩემთვის გულის შეტკივნისა გრძნობამ და, შესაძლოა სიყვარულმაც, დაიწყეს ჩემი შეპყრობა ისრედ რომ, მზათ ვიყავ უმძიმეს თავის განწირვაზედ. მსურდა რა განმეგრძელებინა დღენი ფრანცუჟანკის სიცოცხლისა, მოუკელ ჩემს საჭმელს და სასმლის კერძს. როდესაც იმას ეძინა შევყურებდი დაღალულს და დატანჯულს სახეს და ამ დროს განმავლობაში მე ის უფრო და უფრო მომწონდა. საკურველი ბედი ჰსდევს ზოგსერთს კაცს! დასანთქავათ მომზადებულს ხომალდზე და, ოკიანის ტალღებთა შუა და მკვდართა შორის ჩემის ამხანაგებისა, მე პირველად მომიხდა შეყვარება ქალისა, რომელიცა კვდებოდა შიმშილით. იმ დრომდინ მე სრულებით არავინ არა მყვარებია, რადგანც ვერ შევხვდი იმისთანას ქალს, რომლსაცა გაეღვიძებინა ჩემში სიყვარულითი გრძნობა. საწყალმა რანცუჟანკამ სრულიათ გამომცვალა და მე, გარემოცული საშინელებით, ვსახავდი ჩემს თავს ბედნიერად. წარმომიდგებოდა ხოლმე ოცნება, რომლით მოველოდი დიდს მიუწთომელს ბედნიერებას, თვითქმის ვიმყოფებოდი სამოთხეში, სადაცა დედოფლად უსათუოდ იყო ის. მაგრამ საწუხარი მდგომარეობა ზოგჯერ არ მაძლევდა ოცნების ნებას. უმეტესად მე ვფიქრობდი იმაზედ, როგორ გადამერჩინა ავათმყოფი. ხან და ხან მეგონა, რომ ყუთი რომელსაც მე ვამსებდი, შეიძლება ვსთქვა მოპარულის საჭმლით და, რომელსაც სიმდაბლით და სულმოკლეობით ვმადლობდი ჩემს გარშემო დაღუპილთა, რადგანც იმათგან იყო დარჩენილი, და მგონია უფრო გამოგზავნილი განგებისაგან, ჩემის თავის გადასარჩენათ და ყმაწვილი ფრანცუჟანკისა, მაგრამ ხან და ხან სხვა აზრი წარმოდგებოდა ჩემს თავში: რა იქნება რომ შევიძლო იმისი გადარჩენა, რომ ბოლოს გაიგოს მე გადამირჩენია. მაგრამ მეორეს მხრით ამასაც ვფიქრობდი, ვაი თუ, როდესაც მორჩეს მე მომაწეროს თავისის ბიძის სიკვდილი, რადგანც შემეძლო იმის სიცოცხლის გაგრძელება და ამით მომიძულოს? ეს მოძულება ჩემთვის უფრო სიკვდილზედ საშინელი იქნება.
ერთს ღამეს, დახეულის იალქნისა ნაჭერში გახვეულმა რა მივიძინე, მელანდებოდენ ტფილნი საკმაო ალაგნი ჩემის სამშობლო ქვეყნისა, ნაცნობნი ალაგნი, სადაც ვსეირნობდი ბაღში და ვტკბებოდი ტფილის გაზაფხულის მზის სხივებით, რომელნიც უყურებდენ აგურის კედელს და შემოსულს ნაყოფებს. ჩვენთან იყო ჩემი მშვენიერი მდედრი თანა მოგზაური. მე თვითან აღრ ვიყავი ახლა გაუზდელი მენავე, არამედ ღირსეული ჯელტმენი. შემდეგ მე გავჩდი მეორეს ბაღში, სადაცა იყო უფრო მეტი ნაყოფიერება,- შემდეგ მესამეში,- ყოველს ალაგს ის იყო ჩემთან. უცებ შემომესმა საზარელი ხმა, წამოვხტი და ვნახე ვიღასაც ხელი მოევლო მაგრად ჩემის კისერისათვის, არ გაიარა სეკუნდმა, რომ ვიგრძენ დაჭრილობა დანისგან კისრის მარცხენა მხარეს. მე დავიწყე ბრძოლა ჩემს წინამოქმედთან, მხეცურმა ყვირილმა, გამოუთქმელმა მისგან, დამარწმუნა, რომ ის იყო ეფრაიმი. ეშმაკმა დაგწყევლოსო! ო! ყვიროდა ის რაც შეეძლო და მაწვებოდა: რა შეცთომილებისათვის უნდა ვჭამო ძერების საჭმელიო?!
იმას ჰქონდა დიდი ძალა და იმასთანავე მჭრელი დანა. მე ვებრძოდი თავგამოდებით, მაგრამ რას იტყვი, სრულებით იარაღითგან არაფერი მქონდა, მაშასადამე უნდა დავღუპულვიყავ. ჩემს ბედობაზედ, სივრცე, რომელზედაც ეს უბედურება მემთხვეოდა იყო ნოტიო და სველი, ღამის ბურუსებისგან, - ეფრაიმს უცებ ამ ბრძოლაში დაუსხლდა ფეხი და დეეკიდა იალქნის ნაჭერს დათოკებს, რომელშიაც მე ვიყავ შეხვეული. რა ეს ვნახე, ცოტა არ იყო რომ ძალა მოემატა ჩემს სხეულს, ხელი ვჰკარი რაც შემეძლო ეფრაიმს, ის ჩავარდა და მე გავიგე წყალის შემოსხმა, - სხეულის დაბლა დაცემა. რა ყური კარგათ მიუგდე, ყოველი საგანი დუმილებდა, ყველგან მეფობდა სიჩუმე; ბუსუსები გარდაიყარა და მე გავეჩქარე ძვირფასის თანამოგზაურისა ჩემისა მდედრისათანა. ის ჩავარდნილიყო ღრმა ძილში, დაუწყე ზახილი, პასუხი არ გამცა მაშინაც, როდესაც ავსწიე იატაკიდგან. ბოლოს ვნახე რომ, ის იყო მოსვრილი სისხლში. ჩემი ყუთი, რომელშიაცა რჩებოდა რამდენიმე სუხარი, შეხვეული ტილოში, მომზადებულის ჩემგნითვე ფრანცუჟანკასთვის და რომელიც დავსდე ბალიშის ნაცვლად თავქვეშ, იყო გადამდგარი და ტილოგადახსნილი. ეფრაიმს, რომლიც მებრძოდა, უთუოთ შეეტყო ყუთის საიდუმლოება და რადგან ეფიქრა ფრანცუჟანკამ არ შეიტყოს ჩემი მოპარვის განზრახვაო, დაეცა საცოდავისათვის დანა. ის იყო კიდევ ტფილი და სუნთქამდა; ბოლოს სულთქმაც შესდგა. ხმა მაღლად ვუძახოდი სახელს, მაგრამ, ის იყო შორს. საუკუნოებაში!...
მთელის, უბედურის ხომალდითგან მხოლოდ მე დავრჩი ცოცხალი. ამაოთ მორწმუნე გრძნობა მეუბნებოდა, რომ ყუთი იყო მიზეზი ჩემის უბედურებისა: მე ის გადავაგდე წყალში, დავჯექი მარტო და მივეცი ფიქრსა...
ჩემის ჭრილობისაგან სისხლის დაკარგვამ მაგრძნობინა რომ დავბლუვდი. დავიძინე მჯდომარემ და საკვირველის შემთხვევისგამო არ გარდმოვარდი იმ სიმაღლიდგან. პატარახანს შემდეგ ბურანში შემომესმა ხმები. რა წამოვიხედე, ძლივს ჩავხედე ძირს და ვნახე ნავი ორის მეხომალდეთი და შორს ზღვაში მოჩანდა დიდი ხომალდი.
ჩამომიყვანეს რა, მაშინვე მიმიყვანეს გემზედ. ყველანი მივლიდნენ. მოვრჩი, მაგრამ არავის არ უყვარდი. ყველანი ჰფიქრობდნენ, რომ მე მოვკალ ფრანცუჟანკა და იმისი მფარველი, რომ დავიკოდე წინააღმდეგისგან ფრანცუჟანკას გულისათვის. ისენი ანბობდნენ, ვითომც ეს ჩავიდინე მხოლოდ ამისთვის რომ, მე დამრჩენოდა იმათი სასმელ-საჭმელი. როდესაც ჩვენ მივედით ერთს ფრანცუზის ნავთსადგურში, იმათ მიმცეს სამსჯავროში სიკვდილით დასასჯელად და ითხოვდნენ რომ თუ სიკვდილით არ დამჯიდნენ განდევნილ მაინც ვყოფილვიყავ. იმათ ვერ შეიძლეს დამტკიცება ჩემის დანაშაულისა. ცოტას ხანს შემდეგ გამამართლეს და გამომიშვეს.
დიახ, მე ვიყავ განთავისუფლებული! „განაგრძელა ტურსბიმ, და მომიჭირა ხელი: „მაგრამ ცილის წამება მაინცა მსდევნიდა. მე ძალდატანებულ ვიქმენ განვშორებულვიყავ, მოვრიდებულვიყავ კაცებს და შური მეგო იმ უსამართლო ეჭვისათვის, თავის მოყვარებით. ამისთვის შევიქენნი ამ თვისებეების პატრონი, როგორათაც ახლა მხედამთ...“
აი ანბავი, რომელიც მიამბო ტორსბიმ თავისს სიკვდილის წინათ. ის მოკვდა მეორეს დღეს უგონოთ, დამტოვა მე მემკვიდრეთ მთელის თავისის შეძლებისა. არ ვიცი რაც მიანბო მართლად გარდახედოდა, თუ ცხელების ბოდვა ათქმევინებდა. მხოლოდ მარტო მე გავაცილე იმისი კუბო; ცივება ლიმაში გადავარდა, მე დავრჩი უვნებელად და უპირველეისის ხომალდით დავბრუნდი ანგლიაში.
თ. ზაქ. ერის-თავი.
ჩყაი-სა წელსა.
ფებერვლის კ-სა დღესა.
ქ. ქუთაისით.
![]() |
2 ჩემს მერანს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემს მერანს
(თ. ნიკოლაოზ ბარათოვის ლექსებისგან.)
მირბის, მიმაფრენს უგზო უკვლოთა ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალ-ბედითი შავი ყორანი!
გასწი მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,-
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გადაიარე კლდენიდა ღრენი,-
გაჰსწი, გაქუსლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა;-
ნუ შეიბრალებ დაქანცულობით თავ-გაწირულსა შენსა მხედარსა!
რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორსა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილ-მოუბარსა,-
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,-
მხოლოდ ვარსკვლავთა თანა მავალთა, ვამცნო სულისა მე საიდუმლო!-
კვნესა გულისა ტრფობის ნაშთი, მივჰსცე ზღვის ღელვას
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გაჰსწი მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,-
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი!
ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებთ შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლნი მწუხარის...
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!
სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი;
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივავალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი:
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!
დაე მოვჰკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი,
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
ცუდათ ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელვილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება,
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ღონე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!...
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოთ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალ ბედითი შავი ყორანი,
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
1842 წელსა.
![]() |
3 ჩიბუხი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩიბუხი
ჩემო ჩიბუხო, რა რიგ მიყვარხარ,
ამა ადგილსა ყოველი შენ ხარ.
ძმა, ამხანაგი ან მეგობარი,
კეთილი მცნობი და მოუბარი;
მარტო დროებას შენთან ვატარებ,
და ჩემს ფიქრებსა კომლსა ვაყოლებ.
ვხედავ როგორცა, კომლი თამაშით
ამოდის შენგან, ჩქარის ტრიალით.
ხანა გრგოლებსა ერთმანერთშია
შიგა ატარებ შენ ჰაერშია,
ბეტად ხშირადა აღმოსულს ბოსა,
დაფიქრებული უშტერებ თვალსა.
ვხედამ კიდეცა, როგორც მაღლდება,
შემდეგ წყნარ-წყნარად, - იგი იშლება;
ამასა ვფიქრობ: ჰაერსა ჰყვება,
სამშობლოსაკენ ნიავს გაჰყვება.
იქ ნახამს დედას დაფიქრებულსა
და მამაჩემსა მოხუცებულსა;
იგინი ორნივ, ერთსა ჰფიქრობენ,
ფიქრის მიზეზსა ღმერთს ავედრებენ.
ნახამ კიდეცა, ძველსა მწერალსა
ქართულს ენაზედ ტკბილად მღერალსა;
მაგრამ ეხლაკი, იგი აღარ ჰსწერს,
აღარცა ჩვენთვის, ტკბილადა იმღერს.
სთხოვე საერთოთ შრომა მიიღოს:
დაცემულს ენას რითმე უშველოს.
თ. გიორგი ორბელიანი.
1860 წელსა. იანვრის 15 დღესა.
ვედენო.
![]() |
4 ჩემს მეგობარს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემს მეგობარს
ა... მსურს შენდა სიმრთელე,
დღეგრძელობა და ბედნიერება;
ასწელ სიცოცხლე, მხიარულება,
სიცილ-თამაში და გახარება!
ლხინი, შექცევა, განცხრომა, შვება,
ტურფა კეკლუცთან დროს გატარება,
შემდგომად ამის ანგელოზთ კრებით
საღმრთო მამისა სახლად სტუმრება.
ამას აკლია ერთი რამ ნივთი:
ახალის სიბრძნის შენგან ქონება,
მახსოვდა, მაგრამ აღარ გინატრე
კალმით უგვარო ჭკუის რონება.
ქვიშათა დათვლას, მტკავლით ზღვის ზომას,
არა აქვს ჩემგან სულ მოწონება,
შენც დაეთხოვე მე დამიჯერე
თუ გინდა შენის სულის ცხოვნება.
ახლა სიბრძნეა დიდი მოწყენა,
თავ დაღვნვა და ცხვირ ჩამოშობა,
თვალთა დახუჭვა, სხეულის რხევა,
ჯდომა ურგები და ზარმაცობა;
სხვაზედ სიცილი, სხვაზედ უბნობა,
ერთის ნათქვამის მეორის თხრობა,
მე არ მომწონს ეს და ვისაც მოჰსწონს,
ღმერთმან მის ჭკუას მისცეს მშვიდობა.-
ახალნი ბრძენნი, ახალნი ძენი,
რომელნიც ჰსწავლით მედიდურებენ,
სტუმრათ რომ მოვლენ არას ანბობენ,
და თუ რამე ჰსთქვეს დაგვიმდურებენ.
სიბრძნეს ჩემობენ, ვითომც მზეობენ,
ოქრო სხივითა ჩვენ გვაჯავრებენ,
მაგრამ მე ვგონებ მათ თავშიდ მწყერნი
სტვენა ჭიკჭიკით დროს ატარებენ,-
არ უყვართ იმათ თვისი პატრონი,
მასთან მეჯლიში და შეყრილობა,
თავის გამოცდა, ჭაბუკთ ჭედობა,
ჯირითი, კრივი და ბურთალობა.
სიმარდე, სიმხნე ანუ ბაასი,
ქართული შეყრა და გაზრდილობა,
მიკვირს რმერთმანი კაცისა გულსა
როგორ მიეცა ესრედ გრილობა.-
შეურაცხს ყოფენ გორა მაღალსა,
მაზედან მწვანეს ყვავილოვანსა,
წყაროთ გრიალსა, ხეთა შრიალსა,
განსაცხრომელსა დროს მთვაროვანსა;
სუფრა გაშლილსა, კათხა ბადიას,
აზარფეშასა კახუროვანსა,
შენ ვითა მოგწონს ესრეთი კაცი,
გკითხავ მეგრელი იმეროვანსა?
ნუ გინდა მეტი მე რაც გინატრე,
გეყოფა თუ გაქვს გონიერება,-
კარგი სიმრთელე, ბედნიერება,
ასწელ განვაგრძე შენი ცხოვრება,
ლხინი, შექცევა, მხიარულება,
არ დაგაკელი გამიჯნურება,
შემდგომად ამის ანგელოზთ კრებით,
გაჩვენე მამის სახიერება!
თუ სიბრძნე გინდა ახალთა კაცთა,
სიბრძნე სიბრძნესა არ ეწოდება,
ყური მომიპყარ სიბრძნე მოგითხრა,
რომელი ქართველთ სულთ ეთვისება:
ქვრივთა, ღარიბთა, შეჭირვებულთა,
კეთილი გული და მოხმარება;
მტრისა განბნევა, მამულის ქება,
შექცევა, ქება მოყვსიერება.
ჩემი ანბავი შენც კარგად იცი,
სიბრძნედ მიპყრიეს მხიარულება:
გორაზედ ჯდომა, სმა და ხუმრობა,
ჭმუნვის ხალისით მოქარგულობა,
პატრონთან ყოფნა, სიამოვნება,
მტერთა ზარ მცემად მოკაზმულობა.
ღვთისა მონება, სულის ცხონება,
საღმრთო საქმეზედ ხანდაზმულება.
თუ მოგწონს სიბრძნე ნათქვამი ჩემი
მესტუმრე, ვზივარ ახლა სადილად,
ნუ მიგვაჩნია ახალნი ბრძენნი,
ურჩნი, მკუხენი ჩვენებრ გაზდილად-
მოდი შევექცეთ მემამულეო,
სურვილის ჩვენის გულის საჩრდილად;
შევექცეთ სულით ვისიამოვნოთ,
საწუთრო ესე შევსცვალოდ ლხინად!
კოლხიდელი.
ოკტომბერს 1845 წ.
ს. პეტერბურღი.
![]() |
5 სამაჯე |
▲ზევით დაბრუნება |
სამაჯე
სად ხარ სამაჯევ ჩემგან ხსოვნილო?
ნახის ხელებით ძაფზედ ასხმულო,
ლაჟვარდ ქარვაო, მარჯანო თლილო,
იალდუზებით ტურფად კაზმულო!
მცირე დრო არის რაც შენ მოგშორდი
და მით არ ვფიქრობ დაგვიწყებოდე,
თვით დაუდგრომლად მასაქეთ ვრბოდი,
რა დავსდეგ მინდა გეუბნებოდე
ჩემსა ანბავსა მწარე უგემურს:
წვირილად გაცნობო შენთვის არა მშურს,
მაგრამ არა ღირს ამაზედ წერა,
რადგანაც ბედი მე დამემტერა.
მო მოვიგონოთ კარგი საღამო,
ერთად შექცევა დროს გატარება;
შენი ბაასი უხმო საამო,
ჩემი ყბედობა და ხარხარება.
გახსოვს ჩემს მკლავზედ განისვენებდი?
მკერდზედა მედევ საძინლად მზასა;
ძილშიდ შენს პატრონს რო მაჩვენებდი,
თითქო მასმენდი მის კტბილსა ხმასა.
თუმცა ხან და ხან შენის ჟღრიალით,
უეცრად უცხო სიზმარს მიფრთხობდი
და მე შენზედა გამწყრალი, ძალით
თვალსა ვხუჭევდი ძილსა ვჩქარობდი.
იქნება განგებ მან გამოგგზავნა,
რომ ჩემი გრძნობა ასრე აღეძრა
და ამ გაყინულს გულშიდა ხსოვნა,
შენის შეწევნით მან გაამედგრა.
დიაღ, გაქვს რაღაც თილისმის ნიში;-
კაცსა გადარევ სიყვარულზედა,
უთუოდ ვინმე ბერი დერვიში,
შენზედ არაბულს ლოცვასა ჰსწერდა.
მაშ თუ ასრე ხარ ჩემო სამაჯე,
მო შემივედრე მეცა მიაჯე,
ამ შევმთხვევაში დემონს ემზგავსე
და მისი გულიც ნდომით აღავსე.
მ. ფაზელი.
![]() |
6 ფულით სავსე ქისა |
▲ზევით დაბრუნება |
ფულით სავსე ქისა
მშვენიერო ქისაო,
ვარდო მაისისაო!
შენ ხარ ყველას ნუგეში,
ოდეს ჰსუფევ ჯიბეში!
არავინ შაგედრება
თუმცაკი გაქვს ყვედრება!
არვისგან უძლეველი,
რაც გულით მოისურვო
ოდესმე გაიხუმრო!
მყის ისრულებ ნებასა,
მიეცემი შვებასა!
მაგრამ ვისაც ესტუმრო,
შენებურ გაეხუმრო!
ჯოჯოხეთის უფრსკრულსა,
ჰშთანთქავ უმანკო სულსა!
და უწყალოდ ტანჯულსა
აძახებ იქაც ფულსა!
კაც კვლის შურის-მტერობის,
ენით მობიზღარობის!
ძმათა შეძულებისა
ცოლ-ქმართ ორგულობისა!
შენ ხარ მიზეზი ყოვლის
ვით მეუფე ამ სოფლის!
ვისაც გნებამს დაარჩობ,
დიდებულსა დაამცრობ,
თვით ცრემლოვანსა თვალსა,
ერთს წამშია შეაშრობ!
გენებოს აატირებ,
უეცრად მოალხინებ!
და უგრძნობელს პირუტყვსა
მოაბამ ოქროს კუდსა!
მრავალნი ჰსთავაზობენ,
ხშირად ასე ანბობენ:
თუმცა ჰო! პირუტყვია
და ენით უსიტყვია,
მარამ აქვს ოქროს კუდი
ვითა იქნება ცუდი;
სალამსა მიართმევენ,
კრძალვით პატივსა ჰსცემენ!
ყველა ანბობს ბრძენია,
ხილვით მოსალხენია!
მარამ...........
ფულო!
კარგი ხარ მაშინ, ოდეს,
კაცი ზომით შეგტრფოდეს
და რაც მას ეჭირვება,
მას შენგან მოითხოვდეს!
მაგრამ ხარ ანდამატი,
ზღვა სიღრმითა ევფრატი!
ვინც ნახა შენი სახე,
მას ექმენ მოსალხენი!
გზა კეთილი უტევა
შენთანა აქვს სუფევა!
წინ როკავს ტანის ჭიმით,
დაგმღერის ტუჩთა ღიმით;
დაგიწყებს არშიყობას,
და შემოგწირავს გრძნობას!
მარამ კი ხარ ამაო,
ჩემო ცოდვის მამაო!
შენ ხარ წამისა ბედი
და სულისა წამწყმედი!
ჩემს გულსა უხაროდეს,
რომ არ ჰსწყალობ არაოდეს!
როდესაც მაქვს სიმართლე,
მასთან ჭეშმარიტება!
სინიდისი განწმენდით
რათ მინდა მეტი შვება!!!
დიმ. ბერიევი.
14 იანვარს 1869 წელსა
![]() |
7 ქართული უბნობა ანუ წერა |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული უბნობა ანუ წერა [1]
როდესაც ამ გვარი ლაპარაკი მოხდეს სადმე, ანუ ანბავი რამ, ის უნდა ქაღალდზედ დაიწეროს რომ საბოლოოდ ამ გვარი არა დაიკარგოსრა; ვინ იცის იქნება სასარგებლო იყოს კიდეც ოდესმე? როგორც ვხედავ, ეს საგანი ასე უნდა იყოს; ქართული უბნობა ანუ წერა:
ჩემის აზრით, ჯერ ამ საგანს არ უნდა მოვეშვნეთ, ჯერ ერთგვარი წერა უნდა დაიდოს ქართულის სიტყვიერებისა, რა გვარად ვსწეროთ საზოგადოდ, რომ სხვა და სხვა ჭრელი წერა არა გამოვიდესრა ხოლმე ცისკარში, მკითხველების უსიამოვნო არ იყოს. როდესაც ეს წესდებულება ასე დაიდება, მას უკან შესაფერია განსხვავებული საგნები იბეჭდებოდეს აქა.
ეს ჩვენი ქვეყანა, ერთს მშვენიერს სავსეს საპირფარეშოს ბოხჩასა ჰგავს, ოთხს კალთებს ზედ დაფარებულსა, რომელსაცა თუ დაუხედად ხელსა ვტაცებთ ამ ჩვენს ბოხჩას, უნდა ვიშიშოდეთ არ აფოლიაქდეს და სამუდამოდ არ აირიოს? ამისი გაფრთხილება გვმართებს ყველას. ამ წესდებულებასა რომელსაცა ვანბობ, თუ ეს ასე მოხდება, მაშინ იმედია საუცხოვოთ დააშვენოს ქართველების ცისკარი და მკითხველები დიდად ასიამოვნოს.
ამ წერილის გამოცემის მიზეზი, შემდგომში შეიტყობა რისათვისაც გამოიცა ეს წერილი, მაგრამ თუ გეხსომებათ პირველი არ არის ეს ჩემი თქმა, ადრევაც მითქვამს ამ აზრზე, თუმცა წამკითხველთ სხვა გვარად ეჩვენებათ ადრინდელი ჩემი გამოცემული, მაგრამ ჩემი გარკვეულიკი ერთი აზრი იქნება ნათლად, ადრინდელი და ესეც, ამიტომ კარგის გონების დაკვირვებით უნდა ესა და უეცრად არ შემრისხონ გამხილველთა.
ქართულის ენის თვისებას რომ ერთიც ზედ დაუმატოთ, სამათ გაიყოფება: პირველი საღმრთო წერილად ანუ ეკკლესიურად, მეორე მდაბიურად ანუ დარბაისელთ უბნობად და მესამე გლეხკაცების ენად; ვნახოთ, გავარჩიოთ ესენი?
გამიგონია ჩვენი დიდი ანტონი ქათალიკოზი და იმერეთის გამოჩენილი მოქადაგე, პირველი ანტონი ჭყოინდელი, ერთს დღესასწაულის წირვის შემდგომ, ანტონი ქათალიკოზთან მისულა, (აქ ქ. ტფილისში) რომლითაცა პირველს ნახვაშივე, სამღთო წერილის ენაზედ დაუწყვიათ ლაპარაკი, ღრმათ დახელოვნებულთა იმათ ქართულს ენაზედ.
იტყოდნენ, იმათი ლაპარაკი, ასე კარგათ გამოითქმებოდაო, უკეთესს საამოს ლაპარაკსა ქართულს ენაზედ ვერავისგან ვერ გაიგონებდითო. ვიცით, მეტი კარგი ენა არის ქართული სამღთო წერილი მაგრამ, რა უყოთ, აბა როგორ იქნება ამისი შემოღება? თუ შეიძლება და მართლა შემოიღებენ, საკურველება იქნება? პირველს ჩვენ ანტონ ქათალიკოზსავით და პირველს ანტონი ჭყონიდელისავით, რომ დაახელოვნონ, ერთობ ჩვენი ერი სამღთო წერილის ენაში, მე ძნელათ მეჩვენება!
ურიგო არ იქნება, ახლა სამივეს ენის მაგალითები მოვიტანოთ აქა, ქართულის უბნობისა უფრო ჰწორე გარჩევისათვის. ჯერ ჩავწეროთ სამღთო ანუ საეკკლესიოს წერილის რომელიმე დედანი, მასუკან ეს დედანი დარბაისელთ ენის თვისებაზე გადმოვიღოთ და მერე გლეხკაცების ენაზედ, ვნახოთ ამ სამში რომელი საუკეთესო ენა იქნება?
დავითნიდგან კანონი ვ. ფსალმუნი მბ.
„მისაჯე მე ღმერთო, და საჯე სჯა ჩემი თესლისაგან არა წმინდისა; კაცისა ცრუსა და მზაკვრისაგან მიხსენ მე. რამეთუ შენ ღმერთი ძალ ჩემდა ხარ, რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვარ მე ჭირთა მტრისათა. გამოავლინე ნათელი შენი, დაჭეშმარიტება შენი. ესენი მიმიძღვეს და მიმიყვანეს მე მთასა წმინდასა შენსა, და საყოფელთა შენთა. და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღვთისასა, ღვთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა, აღგიარო შენ ბობღნითა ღმერთო ღმერთო ჩემო. რად მწუხარეხარ სულო ჩემო: ანუ რად შემაძრწუნებ მე: ესევდე ღმერთსა რამეთუ მე აუარო მას მაცხოვარსა პირსა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.“
ჩემის აზრით, სამღთო წერილის თვისება არის მაღალ ხარისხის სიტყვიერება და მართლად რომ შესაბამი ეკკლესიებისა.
ეს ხომ ასე ითქვა, ახლა უწინდელის დარბაისელების სიტყვიერებით ვიტყოდეთ ამ ფსალმუნს.
„განსაჯე, გამისამართლე, თუ ბრალეულად დავიდო ცუდისა ადამიანისაგან დამსაჯე მე ღმერთო. ცრუ კაცისა და მზაკვრისაგან დამიხსენ მე, რადგან ჩემი იმედი ბძანდები შენ. რისთვის მიშორებ? რისთვის შეწუხებული და შეჭირვებული დავიარები მტრისაგან? მიწყალობე მე ჭეშმარიტი სამართალი. ამან გამაბედვინოს შენთან ხლება შენს უმანკოს სასახლეში, სადაც მოგმართო და შემოვიდე შენს საუკეთესოს სენაკში, რითაც მოეცემა ჩემს სიჭაბუკეს დიდი ნუგესი, მაშინ გულის სიწმინდით აღვიარებ საკრავით, შენს დიდს მსაჯულებას, ამისთვის სულო ჩემო, რაღათ მწუხარებ შენ? ანუ რისთვის შემაძრწუნებ მე? მიენდე იმ დიდს მსაჯულს, რომელსაცა მივახლოვდები ჩემს განმაცოცხლებელს პირსა და ღმერთსა ჩემსა.“
ეს დარბაისელთ ენით ხომ დაიწერა ეს ფსალმუნი, ახლა ჩვენი გლეხკაცების ენით ვიტყოდეთ ასე:
„განსაჯე, ისე მიბოძე სამართალი ღმერთო, თუ ავმა კაცმა დანაშაული დამდოს გადამახდევინე. მტყუანის კაცისაგან და გულ ღვარძლიანისაგან გამამიხსენი მე, ამიტომ რომ ჩემი მფარველი ბძანდები შენ. რაღათ მიწყრები მე? ან შეწუხებული და დაჩაგრული რაღათ დავდივარ მტრისაგან? შენს წყალობას მოველი, სწორე სამართალი მიბოძო, იმან გამაბედვინოს შენთან გიახლო, მეტად კარგს სასახლეში, რომ შენს საკუთარს სადგომში შემოვიდე და შემოგეხიზნო. იქნება ჩემი ყმაწვილკაცობისათვის დიდი წყალობა შენი. მაშინ შემოგიდგები დავით ღმერთო ჩემო. ახლა ჩემო სულო, რაღათ უნდა შესწუხდე და ან შფოთავდე? ამისთანას დიდს მოსამართლეს მიენდე, დაგიახლოვოს იმ ჩემა შემწემა და იმ ჩემმა დიდმა მოსამართლემ ღმერთმა.“
ეს ორი უკანასკნელი ფსალმუნი, თუმცა ზოგიერთი სიტყვა შეცვლილია ეკკლესიურს ფსალმუნთან, მაგრამ აზრი ერთი და იგივეა სამივ. თუნდა ცოტაოდენი აზრიც რო შეცვლილი იყოს ერთი არაფერია, რადგან ჩვენ სამ რიგათ გავყავით ქართული ენა: საეკკლესიოს წესითა, დარბაისელთ რიგითა და გლეხების თვისებით.
ჩვენ ქართველებს, თუმცა ამ სამში ერთი უნდა ამოგვერჩია ქართული სიტყვიერებიდგან, იმისთვის მიგვებაძა, იმ ენაზედ დაგვეწყო ლაპარაკი და წერა, მაგრამ ეკკლესიურის წესისათვის ზევით ითქვა: ძნელი შემოსაღებია მეთქი. ახლა თუ მეორეს ჩემზედ მოაგდებთ და ამამარჩევინებთ მე საშუალს ენას ამოვარჩევ, დარბაისელთ ენას ამისთვის რომ უფროსი ერთი უწინდელი საერო წიგნები, დარბაისელთ ენაზედ უწერიათ და იმათის ენითვე ულაპარაკნიათ: ვითარცა რუსუდანიანი, ვისრამიანი, დავრიშიანი, სიბრძნე სიცრუე, ყარამანიანი; სხვანი და სხვანი და ბოლოს ვიტყვი ვეფხვისტყოსანი.
მგონია ამ წიგნების დამწერნი უფრო დარბაისელების ენის წესზედ დასწერდნენ და იმის წესითვე ილაპარაკებდნენ, მინამ დაშვებულის ენით? რასაკვირველია იმ დარბაისელთ წერილებთა შორის არის გარჩევა, ერთნი საუცხოვოს გაწყობით სწერდნენ და მეორენი უფრო ნაკლულად, მაგრამ მაინც დარბაისრული ენა არის, ერთი და მეორეც. მაგალითად: ერთსა ვხედავთ, საუცხოოს ენით საუბრობს მეტად კარგათ, რომ სმენას მოიტაცებს, იმისი გაწყობილი სასიამოვნო ლაპარაკი და მეორე იმაზედ ნაკლულად; ისე წერა არის, რომელნიცა ბევრს წიგნებს წაიკითხავთ ყოველს ენაზედ: ერთი დიახ კარგათა სწერს სასიამოვნოდ, მეორე იმაზედ უფრო კარგათ და მესამე უფრო იმაზე კიდევ კარგად. ქვეყანაზედ მჯობთა მჯობი არ დაილევა არსად. შოთა რუსთაველის ვეფხვის ტყაოსანი ამისათვის არის ისე კარგი, რომ ყოველი სიტყვა თავის კავშირებით, ისე შეწყობილია,თავთავის ადგილს ყველა, ვითარცა საგანგებოს ხელოსნისაგან შეწყობილი, მარგალიტი ძვირფასი!
ესეც ხომ გავათავეთ ასე, ახლა მესამის ქართულის ენის წესისა ვთქოთ რამე? ჩვენი გლეხების ლაპარაკი არის, დარბაისელთ ენაზედ დაშვებული დაბალი, მაგრამ დღესაც ბევრი გლეხები არიან, ასე კარგად იციან ქართული ენა და წერა მართებულ დარბაისლებსავით ქართულის მცოდნეთ, თორემ უწინდელებისას, ვინ გეტყვის, ვინღა მოგვითვლის?...
ჩვენი ლაპარაკი და წერა, კვალად ვიტყვი, ერთგვარი უნდა იყოს: რა გვარად ილაპარაკონ, ისე დაიწეროს და რაგვარად დაიწეროს, ისე ილაპარაკონ, ამისთვის ჩვენი საშუალო ანუ დარბაისელთ ენა, ასეთი უნაკლულო ენა არის რომ, დიაღ ადვილად შეიძლება რომ ესე, რაც უნდა მაღალი საგანი იყოს, იმაზედაც და კარგათაც გამოვა ყოველი ქართული სიტყვიერება. მართლად, ჩვენს საშუალს ქართულს ენას, როგორც გნებავთ ისე მიმოხრით, ისე მომიაქცევთ და გამოთქმას ხომ, ისე ლბილად გაიგონებს ყური, მეტი საამო იყოს სმენისათვის, მაშინ როდესაც რომ გლეხკაცების ენაზედ ეს არ შეიძლება. მართალია გლეხკაცების ლაპარაკი მარტივი ენა არის და ადვილი გასაგონი, მაგრამ მაღალი საგანი რამ ვერ გამოვა რიგიანად, არა ყურის საამოდ, რადგან მოშვებული ენა არის გლეხების ლაპარაკი. ჩემის აზრით, მაშ ისევ სჯობია, იმ გვარი ქართული ენა დაიდოს, რომ ყოველს საგანში საუცხოვო რამ იყოს და ყოველს ფერში მოსახმარებელი. ურიგო არ იქნება, ეხლა ამ საგნისათვის ეს მაგალითი მოვიტანოთ აქა და ამის შემთხვეულობა.
1824-სა წელსა, სხვა და სხვა სოფლიდგან, გადავასახლე ჩემი ყმები ერთს რომელსამე ჩვენს მამულზე და ერთს სოფლად გავაკეთე ეს მოყრილნი კომლეულნი, მაგრამ პირველს გადასახლებაში მეტად ჰსწუხდნენ გლეხნი. არც გაიმტყუნებიან ისინი. ერთის ადგილიდგან მეორეს მხარეზე გადასახლება, რასაკვირველია ძნელი იყო იმათთვის. მე რომ იმათი მოწყენილობა როგორმე განმექარვებინა იმათგან, ქართული საერო წიგნები რავიბარე ქალაქითგან, რომელთაცა ყოველს საღამოზე შემოვისხამდი გარს უფროს უფროს კაცებს და სხვა და სხვა წიგნებს უკითხამდი, ორს თუ სამს საათამდისინ: ხან დავრიშიანს, ხან ვისრამიანს, ხან სიბრძნე სიცრუეს და ხან ყარამანიანს. ამითი ასე გავიერთე ისინი, რამწამს დაბინდდებოდა,უფროსი კაცები მოვიდოდნენ ამ სიტყვით.- „ღმერთი გადღეგრძელებს, ერთი კარგი ანბავი რამ წაგვიკითხე.„ ბევრჯელ მე იმათზე მივაგდებდი, რომელს მწტყოდნენ, ის წამეკითხა.
- შენი ჭირიმე, სულ კარგი ანბავია, რასაც წაიკითხამთ ხოლმეო ისინი მიპასუხებდნენ.
- მერე გესმის, რასაც ვკითხულობ?„ მე ვკითხამდი.
- ძალიან კარგათ ბატონო, ერთი სიტყვა არ გამოგეპარებაო.
ამითი ასე დაიმშვიდეს გული, მადლობით ამიშენეს სოფელი და თვითონაც მადრიელნი დასახლდნენ თავიანთს ნაშრომს სოფელში, მაგრამ მე რომ იქიდგან წამოველ ქალაქისაკენ, ის უფროსი კაცები მეტად შეწუხდნენ ჩემს წამოსვლაზე.
„ღმერთი გადღეგრძელებს ჩქარა მობრძანდით, ერთი კიდევ წაგვიკითხოთ წიგნები, თორემ ძალიან შევსწუხდებითო“.
რაზედ მომყავს ეს ავდენი ჩემი ლაპარაკი, ეხლავ მოგახსენებთ.- ორს მახლობელს ჩემს მცნობებს მიუსწარ, რომ პირველმა ეს პირველი სთქვა და მეორემ შემდეგი.
- თუმცა მოვალეობას იხდიან ბევრნი და რაც შეიძლება იმ გვარს წერილებს აბეჭდინებენ ცისკარში, მაგრამ ძნელი ეს არის, რაც უნდა რიგიანი რამ დაიბეჭდოს: მაინც ცუდია სულ, სულ უმსგავსო, სულ სიგიჟე, სულ უბრალო ჩმახვა, სულ სულელობა, სულ სიცრუე, სულ მოგონებული და სხვანი. არიან რომელნიცა ასე არწმუნებენ ყველას, რა გგონიათ? სიწრფელისაგამო ბევრნი იჯერებენ იმათ სიტყვას.
მგონია ამათ თუ აგრე არაქნეს, უბედურნი იქნებიან, თორემ საწყალს ჩვენი ცისკრის შური რა იქნება? სხვა მიზეზი ამის მეტი არა სჩანსრა ჩემის აზრით:
ამ სიტყვასთან, მასუკან მე მამიბრუნდნენ ორივ და ღმერთი დამარისხეს: თუ ეს ჩვენი სიტყვა ისკარში არ დაბეჭდინოვო. ჩემის ასე დარისხვისათვის, მეტი ღონე არ იყო, აქ მოვაიხსენე ამ წერილში ესე. სავაჭროს ტვირთში, პატარა ხელსახოციც რომ თან გავატანოთ, მგონია არას დაამძიმებს იმ ტვირთს, და არცავინ დამემდურებიან ამისთვის.
ამ ლაპარაკის შემდგომს, ორივე შინლის სახელი დამიჭირეს იმათ მაგრა და დაჭრილისავით წამიყვანა იმ პირველმა თავის სახლში, სადაც ბევრი ლაპარაკი გვქონდა ქართულს სიტყვიერებაზე და მის წარმატებისათვის. ბოლოს ჩემის წამოსვლის დროს მე დავპირდი იმათ; რადგან ასე ხანგრძლივ მოხდა ეს ჩვენი ლაპარაკი, ბარემ ჩემს აზრს დავაბეჭდინებ ცისკარში, ქართულის სიტყვიერებაზედ, რაზედაც ჩვენ ეხლა გვაქვს ლაპარაკი, იმაზე მეთქი? ამისთვის ამ მიზეზმა მამცა ამ წერილის გამოცემა ცისკარში და ავდენი ლაპარაკი.
ქართულის ენის თვისება, კარგის დაფიქრებით უნდა გაირჩეს, ვითარცა მორეული ხორბალი ანუ წმინდა გარჩეული წისქვილზედ დასაყრელი, რადგან ხელოვნებაში აღარ ყოფილა დიდი ხანია, თუ კარგად გავჩხრეკთ და იმის დაწვილილებაში შევალთ, რაც უწინდელს დროს, საეკკლესიო წიგნები დაუწერიათ, მეორე მდაბიურის ანუ დარბაისელთ ენით და მესამე დაშვებულის სიტყვით გავხსნათ ორივე; საეკკლესიო წიგნები და საერო თუ ასე არ იყოს როგორც ვანბობ? ჰგავს რომ უწინდელს დროშიაც, საეკკლესიო წიგნები ეკკლესიურის სიტყვიერებით უწერიათ და საერო საქვეყნიერო ენით. მაშასადამე, მგონია არც ჩვენ უნდა გადვიდეს ჩვენთ მამაპაპის და იმათ წესსა, მივდიოთ ამ საგანზედ.
ვიცი ამ საგანზედ, მაინც თავისი აზრი აქვთ ყველას, ერთნი ირჩევენ საეკკლესიოს სიტყვიერებით წერას, მეორენი დარბაისელთა ენაზედ და მესამენი უფრო დაშვებულს ენაზედ. ეს სამი სითანასწორე ერთი-ერთმანერთისაგან რო გაირჩეს რომელი სამჯობინაროა საზოგადოებისათვის, ჩემის აზრით, ჩვენი საშუალო ენა უნდა დაიდოს, მხოლოდ თუ მეტნაკლულევანება მოხდება სადმე, რასაკვირველია ის უნდა გასწორდეს და გაიმართოს, მაშინ გახდება უმშვენიერესი ძველი ქართული ენა დარბაისლებისა და ღრმათ ნამძინარევი გამოიფხიზლებს კეთილად. მგონია ყველანი დამეთანხმნენ უწინდელს ქართულს საეროს წიგნების ენაზედ და შოთა რუსთაველის ქართულს სიტყვიერებაზედ, სხვა უკეთესი ქართული ენა ვერ მოიგონება და არც უნდა ვიფიქროთ ამისათვის.-
ჩემო ხელმწიფენო, თუმცა ჩემის აზრით მე ასე ვამტკიცებ, მაგრამ ნურავის ნუ ეგონება, მე იქამდისინ უბრალო ამპარტავნება მქონდეს, ანუ ურიგო თავის მოყვარება, ამ ჩემს გამოცემულს წერილზედ დავემყარო: რაცა ვსთქვი უთუოთ ასეა და უფრო სხვა გვარად იყოს. კაცი თავის ნაკლელევანებას აგრე რიგათ ვერ დაინახავს. ამისთვის უმდაბლესათა ვითხოვ ბაქარ ქართლელს, იმან გამოიკვლიოს ქართულის წიგნებიდგან ყველა, რადგან ზედ მიწევენით იცის ქარტული ენა და იმან განიხილოს წვრილად, თორემ თუ ეს ასე არ იქნა, სრულიად აირევა ქართული სიტყვიერება: ერთნი ერთ გვარად დაიწყებენ წერას, მეორენი მეორეს წესით და მესამენი მესამეს რიგით, რომელთაცა ყველას თავისი უნდა მოსწონდეს და თავისს აზრზე იყვნენ დაფუძნებულნი.
1857-ს წლის ცისკარში ვანბობ მე ამას რავდენსამე სტიქონში. როგორ დავიჯეროთ, ჩვენს ქართველებში კარგი მხილებელი არავინ იყოს რომელსაცა შეეძლოს ჩვენი სტყვიერების განხილვა? არ არის დასაჯერებელი! ნამდვილად ვიცით კარგი მხილებელი გვყვანან და შეუძლიანთ ჩვენი სიტყვიერების ნაკლულევანება კარგად განიხილონ მეთქი.
ამ წერილის აზრს ახლაკი გამოვაცხადებ, რომ მაშინ მე ეს სიტყა მიმართული მქონდა ბაქარ ქართლელზედ: ადრითვე გულით და სულით პატივცემულსა ჩემგნით, ვისგანაც იმედია ჩვენი სიტყვიერების წარმატება. ეს ჩემი თქმა საგრგინოდ არ უნდა მივიღოთ არავინ, ვისაცკი გულით გვიყვარს ჩვენი ქართული ენა; იმას უნდა მივენდნენ ვინც ის იცის კარგათ, რომ იმანვე წარმართოს კარგათ, თორემ თუ ეს ასე არ მოხდება, სულ არა იქნებარა ჩვენი სიტყვიერება. ამასაც ვსთხოვთ ბაქარ ქართლელს, თუ ოდესმე მოცლა ჰქონდეს ბევრი საქმისაგან, შემოკლებული სწორე ქართული ღრამმატიკა შეგვიდგინოს საძღნო ძმებისა და ამით დაგვავალოს ყველანი, თუმცა შრომა დიდი ექნება ამაზე, მაგრამ ჩვენი მადლობა უფრო უკეთესი!
ვანიცობა არის თუ აამ ჩემის აზრის თანხმობა არ იყოს, ეს მაინც ინებონ, რომ ვინც გამოჩენით იციან ქართული ენა, ხანდისხან შეიყარნენ ქართულის სიტყვიერების განსჯისა და იმისი წარმატებისათვის. ეს იქნება კარგი შექცევა და სასარგებლო ჩვენი ცისკრისა.
ეს შემთხვევა მოხდა წარსული წლის ნოემბრის თვეში, რავდენთამე პატივცემულ პირთაგან, რომელთაცა კიდეც ისიამოვნეს და სარგებელიც შესძღვნეს ჩვენს ჟურალს, რომ იმათგანმა ერთმა პატივცემულმა გვამმა: თავადმა გრიგოლ ჯამბაკურიან ორბელიანმა უშუამდგომლა ჩვენს ქართულს ჟურნალს, ჩვენს ბრწყინვალეს კნიაზ ნამესტნიკთან და ფულები ებოძებინა ჩვენს ცისკრისათვის. კვალად იმედია, ჩვენი ქართული ჟურნალი მოელის იმისაგან წყალობას ბევრს, იმ სახელ განთქმულის დიდის კაცის ჩვენის ნამესტნიკისაგან!
თ. ალექსანდრე ვახტანგის ჯ. ორბელიანი.
_______________
1 მდაბიური მესმის მე, ეკკლესიის წერილების შემდგომ საქვეყნიერო ანუ ყველასათვის გასაგონი.
![]() |
8 ქ. ქუთაისის |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ქუთაისის
საზოგადო აღწერა - ქუთაისი - მისი აღწერა - მცხოვრებნი - ბაზარი - ურიანი - ძველი ქალაქი ბაგრატის ტაძარი - და ფერმა.
_________
სივრცე, რომელიც უჭირამს, როგორათაც ქუთაისს, ეგრეთვე იმისს არემარეებს მთიანი და ტყიანია; ყოველგან არის სიმრავლე წყლებისა და მდინარებისა; ბუნებითი სიმდიდრე აქ არის განსხვავებული და დიდათ მშვენიერი. მცენარეობა ამ ალაგებისა მეტად ჩინებულია, აქაურს ჰავასა აქვს მსგავსება ზღვის პირების ჰავასთან გეოგრაფიულის სივრცით ზომიერი და აქვს რასაკვირველია თვისება ტენიანობისა და, ეს ტენიანობა მეტად უხდება აქაურს მდიდარს მიწის მოსავალს. იმერეთის მხარემ, რასაკვირველია უფრო დაბლობმა ალაგმა, იცის ზაფხულს მეტად სიცხე. აქაური ჰაერი არის ჩჩვილი, ლბილი; წვიმები შეუწყვეტელი და ძრიელი, სულ იჟინთხება სინოტიოეთი, მაგრამ სიფრთხილით მცხოვრებით კაცს ავათმყოფობა სრულებით არ მიეკარება. ეს ალაგები ძველადვე არიან გამოჩენილნი და ცნობილნი. ბერძნებთაც და რომაელთაც დააგდეს აქ კვალი თავიანთის მფლობელობისა. აქამომდე არიან დაშთენილნი სახხსოვრებია ძველის დროებისა, რომელნიც მიიზიდვენ მოგზაურის ყურადღებას. ამათ რიცხვს ეკუთვნის ქ. ქუთაისიც:
ქ. ქუთაისი მდებარეობს ხნარცვში და, მთანი, რომელნიც მას შეადგენენ არიან დაბურულნი პატარას ტყეებით. და ალაგ-ალაგ ეს ხნარცვი შესწყდება მწვანე ველებით, ნახნავებით და ბაღებით, რომლებისაგანაც გამოიყურებიან პატარა ხის, იმერული სახლები.
ხმაუროვანი რიონი დაკლაკნული როგორათაც გველი, ჩამორბის და ჰყოფს ქალაქს ორს ნაწილად: ახალს და ძველს ქალაქად. ეს არის ის ფაზისი, რომლითაც ოდესმე მოვიდნენ არგონავტები ოქროს საწყმსისთვის და, რომელზედაც გემებით ძველნი ბერძენნი და მერმეთ ვენეციელნი და გენუელნი აწარმოებდნენ დიდს ვაჭრობას ყვირილის მდინარეზედ შოროპნამდე, რომელიც იყო დანიშნული ადგილად, სადაცა აწყობდნენ სავაჭროს.
ქალაქსა აქვს საკმაოდ სწორე ქუჩები, რომელთაგანაც უმეტესნი ნაწილნი არიან მოკირწყულნი ქვით. ქუთაისის მცხოვრებნი კარგათ მიემარჯვნენ ნოტიო ჰაერს და აშენებენ აქ მხოლოდ ხის სახლებს, რომელნიცა აქ მიიზიდვენ იმდენს მაწყინარს სიმრთელისათვის სინოტიოვეს, როგორათაც ქვისას, რომელნიცა აქ არიან მცირედნი რიცხვინი. ეს სახლები არიან ერთ ეტაჟიანი, არა ჩინებულის არხიტეკტურისა, აშენებულნი უხერხულად და გათეთრებულნი გარედგან,- შიგნითნი ოთახები არიან ანუ გათეთრებულნი, და შეიმკობიან ნაწილ ევროპიულ და ნაწილ აზიურის მებელებით. ყოველი სახლი ანუ თვით არის ბაღში და ანუ თვით თავის ეზოში აქვს ბაღი. ეს ყოველი არის ნიმუში ძველის ცხოვრებისა და აქვს თავისი ხასიათური განთვისებულება. ჩვენ არ შეგვიძლიან არ მოვიგონოთ აქ ბულვარი, როგორათაც საკუთარი სასიარულო ალაგი ქუთაისის საზოგადოებისა. ბულვარი არის შუა ქალაქში: ფართოობა ბულვარისა ემზგავსება დიდის კვადრატის სივრცეს და გარს შემორტყმულია ოთხის კუთხით წითლად შეღებულის მოაჯირით. ამას თანასწორ მისდევენ შიგნით ხეივნები, გარდა მათისა ორნი გასჭრიან შუას ადგილს ბულვარს ჯვარედინად. ამ შუაგულს სადაც ეს ორი ხეივანი ჯვარედინად შეიყრებიან, არის გამართული სატანციოთ პატარა სწორე მეიდანი. ეს ხეივნები არიან დაფენილნი ქვიშით, შემოხვეულნი ხეებით, ბზით და ზამბახებით; იმაზედ არიან ადგილ-ადგილ გძელი სკამები. დანარჩენი არის დათესილი კოლინდარით, რომელიც წარმოადგენს გაბმულს მწვანეს. ერთს კუთხეში ბულვარისა სდგას კოშკის მსგავსი პატარა ოთახი, აღშენებული სხვა და სხვა ფერის აგურებით, სადაც აპირებენ კაფეს გამართვას. აქ ყოველ კვირა და დღესასწაულში უკრამს მუზიკა და ბულვარი აღივსება ხოლმე ხალხით; ნაცვლად ამისა სადაც დღეს ძვირათ შეიძლება აქ საზოგადოების პოვნა, თუ არ კარგს ჟამს ზაფხულში.
რიცხვი აქაურთ მცხოვრებლებთა არ აღემატების 3,000 და ამ აქაურს მცხოვრებლებს შეადგენენ რუსები, სომხები, ფრანგები და ურიები, და რომ მივიღოთ უმეტესი მცხადი ცნობა, ჩვენ შეგვიძლია განვყოთ ესენი ორს ნაწილად; ვაჭრებად და დიდს საზოგადოებად. მთელი ქუთაისის ვაჭრობა არის განსაკუთრებით სომხების, ფრანგების და ურიების ხელში, თუმცა მცხოვრებთა არე-მარე სოფლებითგან კიდეც შემოაქვსთ ადგილობრივი სავაჭრო, მაგრამ ჯერ კიდევ უცხოები არიან ვაჭრობისა. ნაცვლად ამისა აქაურთ მცხოვრებთა იციან კარგი ხელოსნობა, რომლითაც არ საქმობენ: სომხები, ფრანგები და ურიანი.
დიდს საზოგადოებას შეადგენენ აქაურის თავადის შვილის სახლეულობანი და რამდენიმე რუსებისაც, რომელნიც აქ სცხოვრებენ სრულიად ევროპიულად. ერთ ეტაჟიანი ხის სახლები მათში შეიცვლებიან ქვიტკირის ორ ეტაჟიანად; კარგმა ევროპიულმა მებილმა დაიჭირა ეგრეთვე მათში რუსების მოსვლის შემდეგ ალაგი აქაურის ტახტებისა. გვარი ცხოვრებისა დიდის საზოგადოებისა არის შემდგომი: კაცები, რომელნიც არიან სამსახურში ატარებენ მთელს დღეს სამსჯავროებში, და რომელნიც არა მსახურებენ საქმობენ საქმით და ანუ კითხულობენ. ქალები ეგრეთვე კითხულობენ, ქსოვენ, ქარგაზედ ჰკერვენ და ზდიან თავიანთ შვილებს ქალების სასწავლებელში ანუ გიმნაზიაში, რომელთშიაც იმათ ამ ათს წელიწადს წინ ქონდათ დიდი საჭიროება. ამიტომ აქაურნი მცხოვრებნი იყვნენ ძალდატანებულნი თავიანთ ვაჟების და ხან და ხან ქალების გაგზავნისა ქ. ტფილისში. აქ უმეტესად არის შესანიშნავი ქალების სასწავლებელი, რომელიც დაფუძნებულია კნეინა ვორონცოვის შეწირულს ფულზედ, და ეგრეთვე არსებობს კერძობითის შეწირვით. იმასში სწავლობენ 35 ყმაწვილნი ქალნი, რომელნიცა ყოვლისფერში წარემატებიან როგორათაც რუსულს ენაში, ეგრეთვე ჰსწავლაში. გემნაზიაში, სადაც არიან 200 მოწაფენი, წარმატება არ არია ნაკლები. ის ითვლება უპირველეს გემნაზიათ საქართველოში, რადგან იმერნის ყმაწვილნი არიან დაჩუქრებულნი მახვილის გონიერებით და ადვილად ითვისებენ აღზრდას. უკეთესთ სახლობაში მიღება არის დიდათ გულითად: არც ერთს უცხო ქვეყნის კაცს, არც ერთს მგზავრს არ დაუტევებიათ ქუთაისი, რომ არ მიეღოთ იმისს საზოგადოებასთან გულითადი დამოკიდებულობა. ზამთარში, როდესაც იწყებს მოსვლას წვიმა და თოვლი, ქუთაისის საზოგადოება, განათლებულთ სახელმწიფო ქალაქების მსგავსად, აკეთებს ბალებს და ვეჩერებს, სადაც ტანციობენ კერძობით სალებშია. ქუთაისში არის ეგრეთვე კლუბი, რომელშიაც ყოველს კვირას თვითქმის ორჯერ დაიარება საზოგადოება. გაზაფხულში, რომელიც ამ მხარეში იწყობა ძალიან ადრე, აქ შედგებიან კავალკადები, მცირე მგზავრობები მშვენიერს არე-მარეებში და სხვანი მსგავსნი დროს გატარებანი. რაკი დადგება ზაფხული თავისის სიცხეებით და აღმოსავლეთის ტფილის ქარებით, მაშინ საზოგადოობა ძალიდგან დატანებული დაუტეოს ქუთაისი, განეშოროს და მოსძებნოს გრილი საზაფხულო ალაგები შემოდგომადმდე, რომლისა შემდეგ ქალაქითგან გასულნი ხელახლად ჩამოიკრიფებიან, მოწყენილის ზამთრის, მხიარულად გასატარებლად.
ვსთქვათ რამდენიმე სიტყვა ბაზარზედ, როგორრათაც მთელი ქალაქის ვაჭორბის შუა გულზედ. როგორათაც ჩვენი წინეთ ვსთქვი აქაური ვაჭრობა არის სომხების, ფრანგების და ურიების ხელში. შენობა ბაზრისა: ჩრდილოეთიდგან სამხრეთისკენ მიდის განიერი ქუჩა, რომელსაცა აქვს საკმაო სივრცე, მერმეთ მობრუნდების აღმოსავლეთისკენ და თავდების ბულვართან. ორთავე მხარეზედ ამ მქუჩისა არის ბაზარი, შედგენილი რიგზედ დუქნებისა ყაფაზით. აქ სწარმოებს მთელი ქალაქის ვაჭრობა. აქ ყველი: საყასპოც, მწვანილეული; ყოველი საჭირო ხორაგი; მატყლი, ბანბა, აბრეშუმი, ყაჭი, დიგორული შალები, დარია და მერდინები; სხვა და სხვა ოქროს და ვერცხლის ნივთები; უნაგირები, იარაღი, სხვა და სხვა ტყავების ხელთსაქმნარნი, რომელთაც აკეთებენ თვით აქაურნი მცხოვრებნი. მეორეს მხარეზედ დუქნები არიან უფრო დიდი და თქვენ შეგიძლიანთ იპოვნოთ აქ ყველა, რაცკი თქვენთვის საჭიროა. - აქაური თუ ევროპიული საქონელი არ არის მატყლის, აბრეშუმის და ხავერდის ნაქსოვები, მაუდები, კრუჟავები, ფერხთ-საცმელი, საწვრიმალო ნივთები. ვაჭრობა ეგრეთვე სწარმოებს სხვა და სხვა უცხო ქვეყნების მაღაზიებში, დაფანტულებში სხვა და სხვა სახლებში. ბაზარი სამსეა ხოლმე ხალხით, მაგრამ უფრო დიდი ძალი შეიყრება პარასკეობით, რადგან აქ ამდღეს ყოველს კვირა არის ბაზარი. ქალაქის გარემო სოფლებში მცხოვრებელთ ჩამოაქვთ აქ გასაყიდად სხვა და სხვა ადგილობრივი ნაყოფი, ესე იგი: კარტოფილი, ჭარხალი, ღომი, თაფლი, თუთუნი და შინაური ფრინველი, და წარმოება, რომლებიდგანაც ღირსნი არიან ყურადღებისა აღებმიცემაში, და გიშრის კრიალოსნები, რომელნიცა აგრეთვე არიან დიდს ხმარებაში და დიდათმიღებული ასე, რომ ამ საქონელს, არამც თუ ხმარობენ იმერეთში, არამედ გზავნიან საქართველოში და რუსეთში. გიშრისგან აკეთებენ ეგრეთვე ჯვრებს, პაპიროსებისთვის მუშტუკებს და სხვა და სხვა სახმარ ნივთებს.
რომ სრულებით გავათაოთ აღწერა ახალის ქალაქისა, უნდა უთუოდ გავაცნოთ ჩვენის „ცისკრის“ მკითხველნი აქაურს ურიების სახლ-კარიანობას და ამასთანავე მოკლეთ აღუწეროთ, თუ როგორ და საიდან გარდმოსახლდნენ აქ ქუთაისის ურიანი?- დაიმორჩილა რა ისრაელთ სამეფო 722 წელს, ასსირიის ხელმწიფემ სალმონასარმან, მრავალნი ურიენი გადმოასახლა პატარა აზიაში, აქედგან ბევრნი მათგანნი გარდასახლდნენ კოლხიდაში, ეხლანდელს იმერეთში. აქ იმათ დაიწყეს წასვლა წამოსვლა ქალაქებში და სოფლებში, და რადგან არა ჰქონდათ მისწაფება მიწის მუშაობისადმი, ამისთვის ყოველს ალაგს მიჰყვეს ხელი ვაჭრობას. ქუთაისი იყო იმ დროებში პირველი ქალაქი იმერეთში და მიიზიდა ესენი თავისთან, და რა ნახეს ურიებთ მეტი წარმოება ვაჭრობისა აქ დასახლდნენ ცალკე ქუჩაში; ესრეთ უნდა ვიფიქროთ. ურიების გარეთუბანი ჰსდგას მთის დაღმართზედ შემსვლელზედ მთების შედგომილებაში, რომელიც გარეთ ერტყვიან ქუთაისს და უჭირავს უკეთესი ნაწილი ქალაქისა. ეს გაშენება განგრძელდება ორის მხრით კარგათ განიერის ქუჩისა, რომელიც მდებარეობს მდინარის რიონის ნაპირზედ. ეს ქუჩა იყო ერთ ძველ ქუჩათაგანი, რომელთაც ნახვას ჩვენ ვართ მიჩვეული აზიის ქალაქებში. მისი სივიწროე და აღმოუხწეველი ტალახი უშლიდა თვით ურიებს სიარულს. ეხლა უკეთესის ქუთაისის ქუჩების რიცხვს ეკუთვნის ეს ქუჩაც, რომელიც არის მოკირწყული ქვით და აქვს აქეთ იქით ნაპირებში არხები, რომელთაც ჩაყავსთ ყოველი უწმინდურება მდინარეში. სახლები ურიებისა სულ ხისა არიან და ნაწილ არიან დადგენილნი შეუწყვეტელ რიგობითა ქუჩაში და ნაწილ მთაზედ აქა იქ ბაღებში. გარედგან ისენი არ არიან გათეთრებულნი, როგორათაც შიგნიდგან. ტახტები, უბრალო სკამები და სტოლები შეადგენენ მათ კუთვნილობას. მომეტებული იქნება აქ, ურიების სურათის წარმოდგენა, რადგან ამათი ტიპი ერთი და იგივეა, რომელ მხარეშიაც უნდა სცხოვრებდნენ, მაგრამ გასაშტერებელი ეს არის, რომ ამათ ძველს კაცებს პირის სახეზედ აჩნიათ რაღაც რამ ქალური სახის მეტყველება, ასხედან თვითქმის რაღაც საშიშარი ნიშნები, მაგრამ მათ შუა შეხვდებიან ხოლმე პატივცემულნი მოხუცნი, სუქანნი, თეთრის წვერით, შთამჭვრეტელის შეხედულობით, რომელთაც სრულიად ეკარგებათ ეს ნიშნები.
ურიანი არიან კაცნი გულწრფელნი, კეთილის გულისა, შრომის მოყვარენი, კაცნი მოუდრეკელნი საწრმუნოებაზედ და მტკიცენი თავიანთ დოღმატებზედ; მაგრამ იმათში უფრო ეს არის საქები რომ ერთად იყოფენ ერთმანერთში როგორათაც ბედნიერებას, ეგრეთვე უბედურებას. საკუთარი საქმე კაცებისა არის ვაჭრობა. ზოგიერთნი იმათგანნი კიდეც დადიან სამზღვარს გარეთ საქონლის მოსატანად. დედაკაცნი ქსოვენ, ართამენ, ყურს უგდებენ სახლკარს და შვილებს, და არ უცხოებენ სხვათა სარწმუნოების კაცებთან. ურიებსა თავიანთს უბანში, რომელსაცა უწოდებენ აქ გარეთუბნად, აქვსთ სალოცავნი ოთახნი, ესე თორანი მთელს საქართველოში არიან სამნი, ანუ ოთხნი. ურიები ინახამენ ყოველთ ძველთ თავიანთ უქმეებს, რომელთაცა გარდაიხდიან მოსეს სჯულის წესით. უპირველესნი რაბინი, მიიღებს თავისის ღირსების კურთხევას იერუსალიმში თვისის პატრიარხისაგან, რომლისგანაც ის არის დამოკიდებული. ამ რაბინსა აქვს საკუთარი ზედამხედველობა და მოქმედება თავისს სამწყსოზედ, გარდასწყვეტს იმათ შორის საჩივრებს, ართმევს ჯარიმას დამნაშავეთა და სხვას. იმან იცის კარგათ ებრაულის ენა და კარგათ წაუკითხავს მოსეს რჯულები. - ეხლა გადავიდეთ ძველ ქალაქის აღწერაში:
გარდა ამ ახალის ქალაქისა არის კიდევ ძველი ქალაქი, როგორათაც მე ზემოთა ვსთქვი. ეს არის უფრო სხვაზედ მეტათ შესანიშნავი ისტორიულის მხრით. აქ ძველს ქალაქში მისასვლელად უნდა გადახვიდეთ ქვის ხიდზედ, აღშენებულს მდინარეს რიონზედ. გზა წინაპირველად მიდის მდინარის პირზედ, მერმეთ მიუბრუნდება მარცხნივ და გავა უწინდელს ფოჩტის გზაზედ. ღმერთმა იცის, ადრე როგორ დადიოდნენ ამაზედ, მაგრამ ეხლა დიდის ტანჯვით დაიარებიან დროშკები. აღმართი საშინელია; ციცაბია; კლდოვანია თვით ბაგრატისაგან აშენებულს ტაძრამდე. დიდის გაჭირვებით მიმავალი კაცი ააღწევს ხოლმე ზემოთამდე.
ძველი ქალაქი, რომელიც ას ორმოც და ათი წელიწადია, რაც მოესპო უკეთესს თავისს სახსოვარს, - მშვენიერს სობოროს და მაგარს კედლებს, ყოვლის მხრით ღიაა და განშიშვლებული ყოვლის დიდებისგან კიდევაც დაჰყურებს ძირს ახალს ქალაქს, ვითა მფლობელი. ესე ძველი სობორო სდგას ერთს მთის ციცაბს დაღმართზედ, რომლისა ძირს შეადგენს რიონის კიდე. ამ სობოროს გარშემო მთაზედ აქა-იქ მოჩანან ხის სახლები, ბაღები და ქუჩები. ქუჩა მხოლოდ ერთია განიერი, ამ სახლებთა შორის არიან ორნი თუ სამი ქვის სახლები. როდესაც ქვეითი ქალაქი იწვის ხოლმე სიცხისაგან, მაშინ აქარნი მცხოვრებნი განცხრებიან უკეთესის განმაცოცხლებელის სიგრილითა. აი ამ ალაგების შუა, რომელთააც ახსოვსთ საზღაპრო დღეები იაზონის ოქროს ნაწმსისა, აღდგებიან უხემირიონი და დროებისგან შემუსვრილი ნაქცევები ბაგრატის ტაძრისა. სობორო, რომლისათვინაც ორმა დიდმა ბაგრატმა, XI-ს საუკუნეში გამოლიეს ყველა თავისი სახელწიფო საუნჯე და ხელოვნობა უკეთესის საბერძნეთის ხელოსნებისა, რადგან ეს სახსოვარი უკეთესია მთელს საქართველოში, ეხლაა გადაქცეული სასაფლაოდ. დღევანდლამდე გვიკვირს იმისი თხელი მაღალი კედლები, რომელთაც მაინც ეჭირათ იმისთანა დიდი შენობა, და მშვენიერება გარეგანის გამოქანდაკებულისა. შესასვლელი კარები, რომელიც საკურთხეველის პირის-პირ მდებარეა, აგონებს კაცს ძველს კარი-ბჭეებს რომის მაშპრებისას სვეტებით, მაგრამ ეხლა ესა არის უგვარო ხროვა დაქცეულთ სვეტების თავებისა სხვა და სხვა ჩუქურთმით მოვლებულთ და ქვებისა დარჩომილის გამოქანდაკებაებით. ჩრდილოეთის მხრის კედელი სხვებზედ მეტად შერჩენილია. დრომ, რომელიც ყველა ნაქცევებს შემოსავს პოეტიურს ფორმებში, შესცვალა მდიდარნი ჩუქურთმები მწვანეს ბრწმალზედ, რომელიც ამოსული ერთის ძირიდგან საგანგებოთ დახურავს ფარდის გვარად მთელს ჩრდილოეთის კედელს, და პატარა ჰაერის მოძრაობაში ირხევა, ქანაობს და შრიალებს და რომელიც აყენებს ყოველის განმლველის ყურადღებას.
მიზეზათ დანგრევისა ბაგრატისა ტაძრისა, იყვნენ შინაგანნი ურთიერთისა შორის განხეთქილობაები მეფეებთა და მთავრებთა შუა, რომელთაც არა ჰქონდათ დიდი ღონის ძიება. მოიყვანდენ თავიანთ საშველად ოსმალოებს და მთის მცხოვრებლებს, რომელთაც ჰქონდათ არცა თუ მცირე პატივისცემა სიწმინდისა. 1691-ს წელში ახალციხის ფაშამ დაადგინა რა ალექსანდრე მეოთხე ტახტზედ, პირველად დაამგვრია ქუთაისის სობორო და რა არ ჰქონდა ძალა მაგრის შენობის საძირკვლის დანგრევისა, კუთხეებში შეუდო წამალი. დრომ და ხალხთა დაასრულეს მისი დაქცევა. სოლომონ მეფემ, რა ნახა თავისი გამოუსვლელი მდგომარეობა, ჰსთხოვა დიდს ეკატრინეს ემწეობა, რომელმანც გამოუგზავნა ჯარები ღენერალ ტოტლებინის ხელ მძღვანელობით. მაგრამ ბრძოლელმა მეფემ დაიწყო მოსვლამდე და კიდევაც გამოყარა ყველა ციხეებიდგან ოსმალნი. მაშინ საზოგადო რჩევით სოლომან მეფემ დაასკვნა დანგრევა ზემოთის ქალაქისა და ყველა ციხეებისა რომ აღარ მიეცა საშუალობა ოსმალებისათვის მის სამძღვრების დარჩომისა. სასარგებლო იყო იქნება, მაგრამ სამწუხაროდ რჩებოდა იმერეთს დაცემა თავისის აღთქმითის სიმაგრისა. ის სდგას და აპირებს ჩამონგრევას. შიგნით და გარეთ მოფენილია ბალახით და ბუჩქნარით; შემოხვეულია საფლავის ქვებით ძველის და ახლებით და არ არის დაცული წმინდათ.
სობოროს ნანგრევების რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ აღმოსავლეთისაკენ სხვა ნაგვრევებია: ეს ნარჩენია ციხისა, რომელიც უხემირიონის სახელით იყო გამოჩენილი ლაზების მეფეებთ დროებში და ითვლებოდა მიუკარებელ სიმაგრეთ აფხაზთ მეფეებთა, როდესაც ისენი მფლობელობდნენ მთელსსაქართველოზედ. მეფემ სოლომონმა სრულიად გააუქმა თავისი შესაფარებელი თავისის წინაპართა, თვითქმის წინათვე გრძნობდა, რომ ქუთაისს ექნებოდა ამასში დაჭირება. ეხლა აქ ერთს გაუქმებულს ეკკლესიაში ინახების წამალი; დახურულს ჩასავალს კლდეში, აღმოჭრილს ჩაჰყავს რამდენიმე კიბის ფეხებით განმაცოცხლებელს წყაროსთან, რომელიც საამოთ აღმოჩქრიალებს ფრიალოს კლდის ძირში, და რომელიცა ერთვის რიონს. პატარა ციხიდგან, როგორათაც სჩანს, აქამომდე მიდიოდა ქვის კედელი მთის თავზედ, რომელიც შეიპყრობდა ბაგრატის სობოროს და მეფეების სახლებს და დაეშვებოდა დაღმართზედ რიონამდე. ეხლა ამათ მაგიერად სდგას ქვის სახლი ეპისკოპოსისა, და ერთი სადგომი, სადაც არის სასულიერო სასწავლებელი. დიდნი ხეები, მოზარდენი ციხის შუა ველს უჩრდილებენ მომსვლელთ სიცხეში.
რა მშვენიერი სანახავი ადგილია! იმ სიმაღლიდგან, რომელსაცა ვერც დრომ და ვერც კაცმა შეახეს მოსპობის ხელი, დაინახების შემდგომი პოეტიკური სურათი: რიონი დუღს ციცაბის კლდეების ძირში, მოცარბის რა შორის ხეეობითგან და ჩამორეცხს თავისს ნაპირებს მოცულთ მდიდარის მოზარდულობით. პირის-პირ მდებარეობს კოშკი მთელი ქვეითი ქალაქი თვითქმის იკარგება ბაღებში. შემორტყმულთ რიონის მიმოსვრილის მდინარეობით. მაღლა ტყიან ხეობაში მდინარისა მოსჩანს გუნათის მონასტერი. ჩრდილოეთისაკენ თქვენს წინ იფინება მთელი დათოვლილი რიგობა კავკაზიის მთებისა. ახლოთ სჩანს, ლეჩხუმის მთები, ერთ ერთის მენგრელიის მაზრებისა. მათ შუა ამპარტავნათ აღსდგება ხომლი მარჯვნივ მხეცური ქედი რაჭისა ფასის მთით, სადაც აქვს რიონს სათავე,- ამისთვს ამ უკანასკნელმა მიიღო ბერძნებისაგან სახელი ფაზისისა, რომელიც მორწყავს იმერეთს და მენგრელიას, ხდება გემთ სავალი მარანიდგან და ბოლოს დროს შეაერთებს თავის ტალღებს შავი ზღვის ზვირთთან. სამხრეთისაკენ იფანტებიან გორიზონტად დიდათ მშვენიერნი ახალციხის და გურიის მთები, დაბურულნი შავათ ტყით და ალაგ-ალაგ დათოვლილნი უმეტეს ნაწილს წლისას.
სხვათა შორის უნდა მოვიხსენოთ ფერმაც, რომელიც მმართელობამ დააფუძნა აქ უკეთესს მდგომარეობაში მოსაყვანად მიწის მუშაობის, ადგილმამულის-მართვისა.
ფერმა არის მთის ძირისა მახლობლად, რომელზედაც სდგანან დღევანდლამდე დიდნი ნანგრევები ბაგრატის ტაძრისა, მაშასადამე წინააღმდეგ ქალაქის ნაპირზედ რიონისა. იმას უჭირამს ორმოც და ათი დღიურამდე, მაგრამ სულ ეს სიფართოვე არ არის სულ შემუშავებული, ნახევარ მეტი რჩება დაქანებული მდებარეობა და მიქცეულობა აღმოსავლეთისაკენ. ფერმა საკმაოდ კარგად არის შემუშავებული; დაყოფილი ქვიშით დაყრილის ხეივნებით. იმათ გვერდებზედ გარიგებულია სხვა და სხვა სამხრეთის ხეებთაგან, რომელთ შორის არიან შესანიშნავნი: ფიჭვი, ნაძვი, დაფნი, ზეთის ხილის ხეები და სხვანი; ხილი, სხვა და სხვა ყვავილები, და ბოსტნეული აქ დიდს სიმრავლეშია. ფერმის შუაში, მაღლობზედ სდგას ქვის თეთრი სახლი, მხოლოდ ერთი სახლი ქუთაისში დახურული ტოლით, სადაც სცხოვრებენ ფრანცუზი აგრონომი და რამდენიმე მებაღეები. აქავე არის არანჟირეი, სადაც ზამთარში ინახამენ ყვავილებს, ლიმონებს და იშვიათს ხეებს.
დამაფუძნებელი ამა ფერმისა იყო განსვენებული კნიაზი გაგარინი, აქაური უწინდელი გენერალ გუბერნატორი, რომელმაც დააწესა იმ აზრით, რომ უკეთესს მდგომარეობაში მოეყვანა აქაური მიწის მუშაობა, ბაღის შემუშავება და სახლის გაწყობა. იმას ქონდა სურვილი, რომ აქაურთ მებატონეებთ მიეცათ თავიანთ გლეხ-კაცებიდგან, ყმაწვილი ბიჭები სასწავლებლად ფერმაშიდ, რამდენსამე დროს, რომ აქაურთ მცხოვრებთ წაეღოთ ფერმიდგან თესლეული სხვა და სხვა მცენარეებისა, გასავრცელებლად თავიანთ მამულებში. წინა დადებითი განზრახვა ესე ვერ აღსრულდა და ფერმამ ვერ მისცა კმაყოფილება თავისს დანიშნულობას, ამისთვის რომ ჯერ იყო ომი ფიცხელი ოსმალოებთან და შემდგომს, უფროოთ სიკვდილი კნიაზის გაგარინისა. ეხლა, როდესაც ყოველი დამშვიდებულია და დრო ეხმარება ყოველს სასარგებლოს საქმეში, ფერმას ხელი მოჰკიდეს გულს მოდგინებით, ტყიანი ალაგები გასტეხეს და მიალაგმოალაგეს. წყლიან ალაგებში გაიყვანეს არხები და დააშრეს, მისცეს თავისუფალი ნება აქაურთ მცხოვრებთ თესლეულობის წაღებისა; მიიღეს ყმაწვილი ბიჭები სასწავლებლად; დაიბარეს მაშინები და არის იმედი, რომ ფერმა ამ ცოტას ხანში აღასრულებს თავისს მნიშვნელობას და მოჰსცემს დიდს სარგებლობას თავისს მამულს, ყმაწვილნის ბიჭები, რომელნიც ახლა სწავლობენ ფერმაშიდ ჰსწავლის დროს შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ მებატონესთან. აქ ისენი დაიწყებენ მიწების და ბაღების შემუშავებას იმ ღონის ძიებით, რომელიც ესწავლებათ ფერმაში; გარდიტანენ სხვა და სხვა საუკეთესოს ხეხილებს, რომლისაც მოვლა არ არის ეჭვი იმათ კარგათ ეცოდინებათ. მოიყვანენ უკეთესს მდგომარეობაში მიწას და უწამლებენ სენიანს ნაყოფიერებას. მცხოვრებნი, რა დაინახვენ სიკეთეს ამ შემუშავებისას, თვითანვე გადმოიღებენ ამ ჰსწავლას და ესრეთ უკეთესს მდგომარეობაში მოყვანილი ღონისძიება ყოველგან იქნება მიღებული. განამშვენიერებენ რა მიწის მუშაობას, ბაღების შემუშავებას და ადგილმამულის მართვას ეგრეთვე უმშვენიერესს მდგომარეობაში მოიყვანენ.
ქუთაისის მცხოვრებნი ფერმის აღყვავილებით და მასთან კარგის გზის გაკეთებით, რომელშიაც ეხლა არის დიდი ნაკლულევანება, დიდად ისარგებლებენ, ეხლა იღუპებიან ხეხილის და მწვანილეულის სყიდვით, რადგანაც შემოაქვთ გარემოს სოფლებიდგან, ზოგჯერ მეტად და ზოგჯერ ნაკლებ ფასად. რა რომ თვითანვე ეცოდინებათ მცხოვრებთ ხილი, ბოსტნეული ფერმიდგან, სადაც მოიყვანენ მრავალს.-
თ. ზაქ. ერის-თავი.
აპრილის იე-სა დღესა, ჩყა-სა წელსა. ქ. ქუთაისს.
ჰაიოსიანთ გვარის წოდებისათვის[2]
ნოემ შუა იაფეთი, იაფეთმა შუა თირას, თორასმა შუა გამერი, გამერმა შუა თარგამოსი, თარგამოსმა შუა სახლოვანი მამამთავარი ჰაოსი, რომლი იყო გმირი და დამთრგუნველი ყოველთა თანამედროეთა თვისთა, როგორათაც მოგვითხრობენ ყოველნი ისტორიკოსნი. ძმანი ამისნი დასახლდნენ ჩრდილოეთის მხარეს სხვა და სხვა ადგილთა შინა, ხოლო ესე გულოვანი ჰაოსი იყო, ვითარცა ერთგული მონა და დაემკვიდრა მახლობლად არარატისა მთისა, სადაც შესდგა წმინდა კიდობანი ნოესი, რომელსა ჰსჭვრეტდა ესე ჰაოსი პატივისცემითა, ვითარცა განმათავისუფლებელსა კაცთა ნათესავისასა: ამა ჰაოსმა მოჰკლა რა დიდათ გამძვინვარებული ნებროთი, და მით დაუტევა განმრავლებულსა შთამომავალსა თვისსა უკვდავი სახელი თვისი, რომლისა გამო ვიწოდებით აწ ჰაი ანუ ქართულის ენით ჰაოსიანი.
თუმცა იყვნენ ეგრეთნი გლეხნი ქართველნი, რომელნი არ იცნობდნენ არარატის მთას და თვით ცხოვრებდნენ ჩრდილოეთის მხარეს და ჩვენ ქვეყანას სცობდნენ თავიანთ სამხრეთის კერძოთ, ამა მიზეზებისაგამო თავიანთ ენაზედ ჩვენს ქვეყანას უწოდეს სომხეთი, რომელიც გამოვალს მათის წიგნურის ენით სამხრეთის ლექსიდგან, და ჩვენ მუნ მცხოვრებთათვის ეწოდებიათ უშესაფერო სომეხი, გარნა წოდება ესე არის სრულიად უკანონო და უთანხმო ჩვენის წოდებისა, რომელზედაც მემოწმებიან მე სხვა და სხვანი ისტორიკოსნი; გარნა სწავლულთა და მცოდნეთა კეთილშობილთა ქართველთა უწოდებიათ ყოველთვის ჩვენის ხალხისათვის ჰაიოსიანად, და არა სომეხად; ამისთვის, რომელ უთანხმო არის ამა ქვეყნისა დამაფუძნებელისა ნათესავთ მთავრისა ჰაოსისა წოდება ესე. მაშასადამე სჩანს, რომელ ლექსი სომეხი არის ნამდვილი სახელი ჩვენის ხალხისათვის მისთვის, რომელ უწოდებიათ ქართველთ გლეხთა და დაფუძნებულან თვისის ქართულის ენითა ამუნამდვილო სახელზედ; და ნამდვილი ჩვენის ქვეყნის სახელი არის ჰაიასტან, ესე იგი ჰაოს სახელი. გავკადნიერდები თქმად, რომელ არა გვარისაგან და არცა ერთისა შთამომავლობისაგან არ გვწოდებია ჩვენ ესეთი ნამდვილი და შესაფერი კეთილშობილური წოდება, როგორათაც გვწოდებია ჩვენ სწავლულთა და კეთილშობილთა ქართველთა მწერალთაგან: როგორათაც ვიწოდებით გრიგოლიან, ეგსახედ ჰაიოსიან: და ჩვენ საქართველოს მხრებში ჰაიოსიანთ ნათესაობისათვის რაისთვის ყური არ გვიგდია, მით უმეტეს რომელ ყოველი კაცი სცდილობს უკეთუ აქვნდეს ვისმე სახელი მდაბალი ანუ წოდება თუგინდ ნამდვილიც იყოს, მაშინ სურს ყოველს კაცს შეცვლა უკეთეს სახელზედ. ხოლო ჩვენ წინააღმდეგ ამისა ნამდვილი, პატიოსანი, კეთილშობილური წოდება შეგვიცვლია უნამდვილოსა, და გლეხურსა წოდებასა ზედა დავფუძნებულვართ.
ამისთვის გთხოვთ, რათა ვიწყოთ კეთილი აზრი და წმინდა ვალისაგან გამოსვლისა გავრცელება ამა საჩინო წოდებისათვის, ამა მიზეზით კვალად გთხოვთ და მოგვილოცავ ახალ-წლისათვის საყვარელთა ნათესავთა ჩემთა, რომელ ამიერიდგან ქართულის საუბრისა და დროსა წერისასა ჩვენს ხალხს უწიდებენ ნამდვლს ჰაიოსიანის წოდებით და არა თუ უნამდვილოს სომეხის წოდებითა, რომელიც არის უშესაბამო. - მდაბალი მონა ნათესაობისა ჩემისა.
არხიმანდრიტი ანდრია ტერ-ყაზარიანცი.
___________
2
რადგან ჰაოსიანნი ძველათგანვე ჩვენი თანამოძმენი არიან, ამისთვიდ რაც რამ ამათს გვარის ჩამომავლობას ისტორიას შეეხება, დიდის კმაყოფილებით ვბეჭდავთ. ამასთანავე უნდა ვახარო „ცისკრის“ მკითხველთა, რომ ჩვენს ჟურნალში მიიღეს კვალად მწერლობითი მონაწილეობა ორთა ჰაიოსიანთა: არხიმანდრიტმა ანდრია ტერ-ყაზარიანცმა და უფ. უზბაშიანცმა, რომელნიცა გვპირდებიან გადმოთარგმნას ჰაიოსიანთ, სპარსულის და სხვა აზიის ენებთგან იმ საისტორიო ანბავებისა, რაც რამ ჩვებს ქვეყანას შეეება.
რედ. გ.
![]() |
9 ხელთა ნაწარმოების გამოფენა ქ. ტფილისში |
▲ზევით დაბრუნება |
ხელთა ნაწარმოების გამოფენა ქ. ტფილისში
უფალმა კავკაზიის ნამესტნიკმა, მიაქცია რა საკუთარი თვისი ყურადღება ადგილ-მამულის მართვის ნაყოფიერების ვაჭრობის განვრცელებისათვის უმაღლესის მინდობილს მხარეზედ და, აქვს რა სურვილი იქონიოს ზედამხედველობა ამ უმთავრესს სახელმწიფოში. საგანზედ კავკაზიის მხარეზედაც, ამასთანავე წაახალისოს რა ადგილ-მამულის მმართველნი ამ საზოგადოდ სასარგებლოს საქმეში, ინება: რათა განიმართოს კავკაზიის ადგილმამულის მართვის საზოგადოებაში ყოველ წლივ გამოფენა ჩვენის მხრის სოფლების ხელთა ნაწარმოებისა.
ადგილ მამულის მმართველი, უმეტესის ხელთა ნაწარმოებისა განვრცელების ღონისძიების მიცემისათვის გამოფენა დაინიშვნება წელიწადში ორჯელ, სახელდობრ: მაისის და ოკტომბრის ნახევარს, შემოდგომის და გაზაფხულის ნაყოფიერებითგან.
ამ 1860 წელს, გამოფენა დაიწყობა ოკტომბრის თთვეში.
წარსადგენად მიიღებიან. 1) ხვნა-თესვის ნაყოფიერება სხვა და სხვა სახისა. 2) ნაყოფიერება ვენახისა, ბოსტნეულისა და სხვა და სხვა ყვავილებისა. 3) საღები მცენარენი, სველნი, გინა გამხმარნი. 4) ხელოვნებით მომზადებულის მცენარეთაგანი: ბანბა, სელი, კანეფი, თანბაქო – გაკეთებული თუ გაუკეთებელი. 5) აბრეშუმის და ფუტკრების ნაყოფიერება. 6) პირუტყვითგან გამონაცემი: ბეწვი, ყველი, ერბო და სხ. 7) სახნავ-სათესის იარაღი. ყალიბი, თუ ნამდვილი. 8) სხვა და სხვა გვარი ღვინო ბუთილკებით; სპირტი, არაყი და ლეკორი. 9) ბეწვისაგან შემზადებელი მაუდი, ხალიჩები, ფარდაგები, ქეჩები და სხ. 10) მიტკალი, შემზადებული ბანბისაგან, კანეფისაგან, სელისაგან და სხ. 11) ჭილობისგნით ანუ ლერწმისგნით დაწნული ნივთი და სხ. 12) ტყავი, ბეწვეული და სხ. 13) ტანთსაცმელი, ცხენის იარაღი, უნაგირი და სხ. 14) რკინის ნაწარმოევი, ფოლადი, თითბერი,- ვერცხლეული და ოქროულნივთი. 15) იარაღითაგან: ხანჯალი, თოფი და სხ. 16) თიხის ჭურჭელთაგან: საღვინე, ბადია, წყლის გასაყვანი მილები და სხ. 17) მინა და მინის ჭურჭლეული. 18) სადურგლო და სახარატო. 19) მთის ხელთ ნაწარმოევი 10) აღსაშენებელი მასალა: აგური, კრამიტი და სხ.
სხოლიო.
ა, წარსადგენელი, რომელიცა ქვიშის მსგავსია, უნდა წარიდგინებოდეს 5-დგან 10 გირვანქამდე.
ბ, ყოველმა წარმდგენელმა, თავისის სახელის, გვარის და ცხოვრების გარდა, უნდა დააწეროს ფასი, როგორც ისყიდება და ზომა თავის წარმოევისა.
გ, ყოველი წარსადგენელი უნდა წარიდგინებოდეს ზემოთ დანიშნულს ვადაზედ.
წასახალისებელი საჩუქარი დაენიშნებათ მისის ბრწყინვალების კნიაზის ნამესტნიკის ზედა მხედველობით.
ნიმუშები წარიდგინებიან ამ ადრესით: კავკაზიის ადგილმამულის მართვის საზოგადოებაში.
![]() |
10 უპატივცემულესნო „ცისკრის“ მკითხველნო! |
▲ზევით დაბრუნება |
უპატივცემულესნო „ცისკრის“ მკითხველნო!
ამ წიგნსა გწერთ თქვენ, და არა „ცისკრის“ რედაკტორს, რომელმაც დამიბრუნა რამდენიმე ჩემი სალაყბოს ფურცელი და არ დამიბეჯდა ამ მიზეზით, რომ ვითომც ჩემს კალამს ძალიან თავისუფლებას ვაძლევდე. „მკითხველნი გვემდურებიან გარდამეტის ლაყბობითაო“. არა თქვენი ჭირიმე ერთი მიბძანეთ, განა კაცს აღეკრძალება სიმართლით ლაპარაკი? რისთვის გამოდის ჟურნალი? ჩემის აზრით ჟურნალი გამოდის მწიგნობრობის განცხოველებისათვის, ხოლო მწიგნობრობითგან წარმოსდგება ყოველი სიმართლე, სიკეთე და ჭეშმარიტება. თუ ვსწერ რასმე, ღმერთმა ხომ იცის გულწრფელობით, ჩვენის ერთმამემულეთ სიყვარულისათვის, სიმართლეს, რომლითაც შევიძლოთ რამდენიც შესაძლებელია ბოროტებას განვშორდეთ. მე ვემსახურები ჟურნალს, ჩემმა ჟურნალის წინაშე ნამსახურობამ რედაკტორის მეოხებით რათ უნდა ჩაიაროს? იმ ალაგს გამაჩერა და აღარა დამაწერინარა, საიდანაც ბევრი მქონდა სათქმელი. მე ვმოგზაურობდი ტფილისში, ჯერ მეოთხედი ნაწილიც არ გამესინჯა ტფილისში, რომ შემაყენა და მითხრა: „შენის ლაყბობით მკითხველნი გვაკლდებიანო“. - რა გაეწყობოდა. იქნება მართლაც ანბობდეს უფ. რედაკტორი და ჩემი სტატიები მიგაჩნდეთ წინააღმდეგათ, მაგრამ უკანასკნელ ნომერში, რაღათ დაბეჭდა წიგნი თ. ალ. ორბელიანისა და თავისის მხრივ სხოლიოში თხოვნა? კიდევაც ვიწყობ ჩემის ფურცლების წერას, და ვგზავნი ამასთანავე რედაქციაში ორს სტატიას, რომლისათვისაც ვითხოვ, მეორე სტატია საბადრის შესახები დაიბეჭდოს მეექვსეს ცისკრის ნომერში და პირველი სტატია, სადაცა ვწერ ჩემის გაჩუმების მიზეზს, „საბადრის„ შემდგომში. მხოლოდ ამას ვითხოვ, უკეთუ დამიპირეს კიდევ ადრინდელივით ჩემის პირ და პირ და სიმართლით წერისათვის ხიდიდგან გადაგდება, გაეცით პასუხი, თქვენ, რომელთაც გიჭირავთ ჩემი სიმართლის მხარე. მაგრამ, ვაი თუ თქვენც იმ მოწინააღმდეგეების მხარე დაიჭროთ? მაინც ფიქრი არ არის? კალიოსტროს ანბავი ხომ წაგიკითხავთ, აბა ის კალიოსტ... ეჰ, თუნდა დარჩეს.-
თქვენი მორჩილი მოლაყბე
![]() |
11 ხაბარდა |
▲ზევით დაბრუნება |
ხაბარდა
ტფილისს. 5 აპრილს 1860.
(ქრისტეს აღზდეგის მილოცვა მკითხველებთან. - განრჩევა პარიჟის და ტფილისის პალე-როიალის შორის. - საქართველოს ქალებისგან ტფილისის პალეროიალში ვაჭრობა. - ახალი მოდები. - ხურო ლაზარეს ცოლის მოთხრობა. - ქალებისგნით ერთიერთმანერთის მიბაძვა. - ადრინდელი სამკაული და ახლანდელი .- შემთხვევითი სიკვდილი კარზეთისა და საბადრისაგან. - ფრანცუზების აღებმიცემა. - დარიგება.-)
დღეს უნდა მიულოცო ბრწყინვალე ქრისტეს აღზდეგის დღე საყვარელთა საქართველოს ნარნარათა არსებათა, რომელთაცა შეეხება ეს სტატია და რომელთათვისაც ვხმარობ ყოველს ღონის-ძიებას პატივისცემისათვის.- ამ მოლოცასთან, მოწიწებით ვითხოვ მოტევებასა იმ ზოგიერთის აზრის წარმოთქმისათვის, რომელსაცა არ არის ეჭვი ყურადღებით წაიკითხვენ ნარნარანი და მშვენიერნი ქართველი ქალები. - ჩვენს ქალებს კარგათ მოეხსენებათ ის მაგნიტიზმური ძალა ტფილისის პალეროიალისა, რომლითაცა მიიზედავს თავისს დამქცევს საფარველს ქვეშ ურიცხვს ქალებს, რომელიმე დღესასწაულის მოახლოების წინადღეებში, - მაშასადამე ქრისტეს აღზდეგის წინადღეებში ყოველი ქართველი კარგათ მიხვდება, ტფილისის პალეროიალი იქნებოდა ქალებით სავსე. ჯერ ერთი ეს უნდა მოგახსენოთ ბატონებო რას ვეძახი მე ამ უცნაურს ჩვენთვის სახელს „პალე-როიალი?“ თვითან ეს ლექსი თავის-თავად გაჩვენებთ თავისს თავის წოდებასა, რომ ფრანციის მხარეს ეკუთვნის და, არის იმ სახელთაგანი, რომლითაცა იდიდება პარიჟის ქალაქი. - მე გხლებივართ ბატონებო პარიჟში და მინახავან ის დიდრონი შენობაები, რომელნიცა თამაშობენ უპირველესს როლს მთელს ფრანციაში. პარიჟის ქალაქში ოთხი რამ გახლავსთ (რასაკვირველია სხვების გარდა) უფრო მეტად ღირსი ყურადღებისა: პირველი, დიდი სასახლე, რომელსაცა ეძახიან ლუვრს და, რომელშიაცა მდგარან ადრე ფრანციის კაროლები; მეორე, აგრეთვე დიდისასახლე, რომელსაცა ჰქვია ლიუკსენ-ბურღ და, რომელიცა ეკუთვნის გრაფს პროვანსკის. ეს სასახლე გახლავსთ აღშენებული, როგორც შემიტყვია პარიჟში მცხოვრებთაგან, კაროლის ცოლის მარიამ მედიცისაგან; მესამე, სასალე აგრეთვე დიდი, რომელსაცა ეწოდება ტიულიერი და მეოთხე პალეროიალ. ეს უკანასკნელი ლექსი რომ ვთარგმნოთ ქართულად გამოვა: პარიჟის გული, ანუ სული პარიჟისა, გინდა პარიჟის ტვინი. სხვა გვარადაც შეიძლება ამისი თარგმნა,- პარიჟის დროს გამტარებელი. ეს გახლავსთ დიდი ქარვალსა, აღშენებული რიშელისაგან, რომელსაცა შემდგომს უჩუქებია ფრანციის კაროლის ლიუდოვიკ მეცამეტისათვის და უკანასკნელსაცა გარდაუცია ჩუქებითვე ორლეანის გერცოგისათვის. მაგრამ ეს უნდა მოგახსენოთ ახლა: რას არა ჰპოებთ იმ საშინელს შენობაში? მაღლის ეტაჟის მცირე ნაწილი როდესაც მე აქ ვიყავი ეჭირა გერცოგის ორლეანის ჩამომავლობასა, ახლა კი არ ვიცი ვის ხელშია. ხოლო სხვა დანაშთენი ნაწილი მსახურობს მრთელს პარიჟის საზოგადოებას დროს გასატარებლად. ამ სასახლეში ნახავთ ჩინებულს წარმოდგენეებს, კონცერტისათვის დარბაზებს, კლუბებს, მაგაზინებს, ტრაკტირებს, რესტორაციებს, დუქნებს, შუაგულს ჩინებულს ბაღსა, რომლისა საშუალ ამოდის შადრევანი. აქ ნახავთ სხვა და სხვა ქვეყნებითგან მოსულს ხალხსა, რომელთაცა უჭირავთ ქირით სადგომი; იქ მიაქცევენ თქვენს ყურადღებას მშვენიერნი ნიმფები; აქ ბუდობენ საზიზღარნი პირნი. რასაც კი ადამიანი გულით მოიწადინებს, შეუძლიან მოიპოვოს პარიჟის პალეროიალში: გსურსთ იქონიოთ კარგი კაბა მზათ შეკერილი, ან წამოსასხამი, მიბძანდით პალეროიალში, პირველი ჩაიცვით, მეორე წამოისხით და გამობძანდით; გსურთ იქონიოთ რამდენიმე მინუტში თქვენი სადგომი კარგათ გაწყობილი, მიბძანდით და რამდენსამე წამში გაგიწყობენ ისე, როგორც თქვენი სურვილი გახლავსთ. ერთის სიტყვით, რას მოიწადინებთ რომ იქ არა ჰპოვოთ. შეიძლება მთელი თავისი სიცოცხლე გაატაროს კაცმა პარიჟის პალეროიალში და სიკვდილის წინათ გაბედვით ჰსთქვას: ყოვლისფერი ვნახე ქვეყანაზედ და ყოვლისფერი შევიტყეო!...
ტფილისის პელეროიალი თუმცა ყოველში არ ემსგავსება პარიჟისას, მაგრამ ზოგი ერთსში კი შეიძლება დავამსგავსოთ, - მაგალითად: რა მოიწადინოთ, რომ ტფილისის პალეროიალში არა ჰპოვოთ, ესე იგი თამამშოვის ქარვასლაში. რა ჯურა წამოსასხამიცა გსურთ, მიბძანდით ტფილისის პალეროიალში, წამოისხით და გამობძანდით. მაგრამ, როგორ გამობძანდით? ესეც უნდა მოგახსენოთ ჩემო ხელმწიფავ! დაიქეცით, დანელდით და ისე დააღწივეთ თავი ამ ანდამატის შენობასა! თქვენა გაქვსთ ახლა სრული უფლება, კეკლუცი სახის მეტყველება შეიმოსოთ დაღრუბლულის შეხედულობით, გამიწყრეთ და მიბძანოთ: დავიქცევით თუ დავნელდებით, ეგ თვითან ჩვენი საქმეა და არა შენიო! ამასთანავე უკაცრავათ, - ჩვენ უფრო კარგათ ვიცით, ან რაც იშოვება ტფილისის პალეროიალში, ან ვის რა წამოსასხამი, ან ვის რა თავზედ მოსახვევი აქვსო!... საბუთიანი ბძანდება გახლავსთ თქვენი ჭირიმე! თქვენ ყოველივე მოგეხსენებათ უკეთ და ყოვლისავე ქალის სამკაულის გარემოება იცით. თქვენ გიჭირავთ ხელში სია, ყოვლის ახალის მოდებისა, იმ მოდებისა, რომელიცა გამოსულია მოდის სამზღვარითგან პარიჟში და თვითქმის მრთელს ფრანციის სოფლებში, სადაცა აღარცკი კადრულობენ ჩაიცვან და აქ მიგაჩნიათ უპირველეს მოდად...
ზემოთა ვსთქვი: აღდგომის წინადღეებში ტფილისის პალე-როიალი იყო სავსე ქალებითა მეთქი. მართლადაც რომ, დილიდგან მოკიდებული ვიდრე საღამომდინ, კაცი გზას ვერ აუქცევდა ისე ირეოდნენ ქალები. რასაკვირველია უკანასკნელი ღონის-ძიება რაც რამ ვის ებადა სახლში, აქ მოიტანდა ვაჭრის ქისის ასავსებლად. გგონიათ, მე ვიცი იმ ქალებთაგანი ზოგი იმისთანა, რომელსაცა დუჟინობით უწყვია შინ კაბები, თუ წამოსასხამები, მაგრამ რას იტყვით: ის მოდიდგან არის გამოსული და ახლა სხვა არის შემოღებული, ისინი აღარ ვარგანანო. უთქვამს თავისის ქმრისათვის. ამას გარდა, თუკი ამა და ამ პოია სომხის ცოლს აცვია და ასხია, მე რაღა ვარო? ამასკი აღარ წარმოვიდგენთ თვალწინ, რომ ამ გვარ საქმეებში მიბაძვა ადამიანს დაღუპავს; იქამდინ დახშულია (თქვენ არ მოგახსენებთ არ იწყინოთ) ჩვენი გონება, და არ გვესმის რომ, ღირსება კაცისა სამკაულში არა მდგომარეობს! მიღდისა კარაპეტას ცოლს რაც გინდა ჩააცვი, მაინც იტყვიან: კარაპეტას ცოლიაო. ასე გახლავსთ თუ არა ჩემო ხელმწიფაო? კაცს, სახლის უფროსს შეაქვს შინა ჯამაგირია, თუ სხვა მამულის შემოსავალი იმდენი, რაც რამ აბადია და მიუცია თავისს სვეს; ცოლი ჰსთხოვს მოდებს, ქისა ნებას არ აძლევს. სახლის მეუფროსეს და თავისს სამღთო ამხანაგს მოსდით ერთმანერთში ლაპარაკი, საიდგანაც წარმოსდგება სახლის უბედურება და, ეს სახლის უბედურება აშოროს ღმერთმა ყოველს სახლს. ზოგი ისეთი სუსტი კაციც გახლავსთ, რომ ემორჩილება რა თავისს სუსტს ამხანაგს, - საიდგანაც არის და არ არის შოულობს, რასაკვირველია ან სესხით, და თუ იმ გვარის სამსახურის კაციც გახლავსთ, იღებს მომატებით ქრთამს, ჰყვლეფს ხალხს, ცრცვნის და უღსრულებს ნებას თავისს დამქცევით ერთგულს მეუღლეს. ეს კიდევ არაფერი რომ აღარიბებს ქმარს, - არღვევს საღმრთო მოვალეობას და იზინებს ბოროტებასა ასე, რომ ეს ბოროტება გადადის ამისს შემდგომს მდაბალს ხალხში. ეს მდაბალი ხალხიც მაღალს უყურებს, - იცის ისე მოგახსენებთ, თუკი ამა და ამ თავადის-შვილის ცოლს, გინა კეთილშობილისას, გინა ჩინოვნიკისას ასე აცვიაო, მე უფრო არ მომიხდებაო. მიდის ესეც, მისდევს იმათს კვალს და, ისე აღარიბებს უიმისოთაც სწაყალს თავისს ქმარს, რომ მოვალეები ბოლოს ციხეშიაცა სმენ,- ცოლი რჩება მარტოდ, ითქვეფს ორის ხელით თავს და რაც გადახდება მარტო ხელ ქალს, თვითან იფიქრეთ. რავდენი მაგალითები გვიძევს წინა. თუ გნებავსთ იმათგანს ერთს მოგახსენებთ, თვითან ჩემის თვალებით ნახულს: მეზობლად ამ ახლოს ხანში ერთი საწყალი ხურო გვიდგა, თუ გნებავთ სახელსაც მოგახსენებთ. ამ ხუროს ერქვა ლაზარე. საცოდავს, თავისს სიცოცხლის ორმოცის წლის განმავლობაში და ოცის წლის დღე და ღამ მუშაობაში შეეკრიბა ათი თუმანი ფული! შეირთო ბოლოს ცოლი; ეს ათი თუმანი რასაკვირველია მიბარებული ჰქონდა ცოლთან, როგორც თავისს ერთგულ ამხანაგთან. გამოვიდა რამდენიმე ხანი, ჩვეულებრ ხურო ლაზარე გადიოდა. დილით და შემოდიოდა საღამოზედ. ამ დროს ჩვენ ქალებში განისმა ხმა „ახალი ფარჩა შემოსულა მოდათა და ყველგან უკერამენო.“ ამ ხუროს ცოლს, გვერდით ერთი დიდის კაცის ცოლი უდგა, თავისს საუბედუროთ აკი იმისს ტანზედ არ დაინახა ეს ახალი შემოღებული ფარჩა,- მოეწონა მეტაად, იმ ერთის მელასავით კბილები აუკაწკაწდა და იფიქრა: მოდი მეც შევიკერამო, მობარებულის ფულებითგან დავხარჯამ, მაინც ხომ ქმარი ჯერ არა მთხოვს, შემდგომს ხელსაქმეს გავაკეთებ, ცოტ-ცოტათი შევაგროვებ და ისევ შევამსებო. ამ ფიქრით ამ ჩვენმა პატიოსანმა ხურო ლაზარეს ცოლმა დიდის შრომით და დიდის ღვაწლით მოგებულის ათის თუმნით ტფილისის პალე-როიალში კი თავი ამოყო. თქვენ რა გგონიათ, დიდ გულათ და ამაყათაც შეიძახოდა ხან ერთს დუქანში, ხან მეორეში „ანტიკ მორა სად ისყიდებაო?“ ამ ანტიკ მორამ კარგი საქმე დამართა“ ორის თუ სამის კვირის შემდგომს ლაზარეს ტივები ეყიდნა, მეტივე სახლში ამოიყვანა, შინ მომყევი ფულს იქ მოგცემო და რა ცოლს ფული მოსთხოვა,- თქვენ მტერს დასდგომია ის დღე, რა დღეც იმას დაადგა!... სამი დღე ბოძზედ მიკრულს ანტიკ მორას მსყიდველს იმდენი ჰსცემა, რომ სიკვდილად მიიწურა. ვერც მეზობლების თხოვნამ და ვერც მეგობრებისამ ვერ უშველეს. საცოდაობამ დაგვწვა: ცალკე ცოლის გაჯოხამ, ცალკე ლაზარეს თავში თქვეფამ და ტირილმა, რომელიც ვაებით გაჰკიოდა, ახლა რა ვჰქნა, რომ ლუკმა პური გამიწყდაო. ახლა ეს მიბძანეთ თქვენი ჭირიმე ბატონებო, ეს მადლი გახლავსთ ჩვენთვის? რასაც მაგალითს ვაჩვენებთ ჩვენზედ მდაბალს ხალხსა, ისინიც გარწმუნებ ისე მოიქცევიან. ადრე რათ იყო კმაყოფილებით ცხოვრება? ჭეშმარიტად მე მინახავს ერთის პირველის საქართველოს თავადის-შვილის სახლის ქალს ადლი აბაზიანი ნაშურის კაბა ეცვა, მაგრამ მიღდისა კარაპეტას ანტიკ მორა ჩაცმულის ცოლის და იმ დიდ კაცის ქალის შორის დიდი განსხვავება იყო. ტანისამოსი ეცვა მდაბლის ფარჩისა, მაგრამ ყოველივე შიგანი თუ გარეგანი თვისება იმისთანა ჰქონდა, რომელიცა მილლიონში ახლა ერთი არ მოიპოება... რამდენს და დაუგირავებია ახლა სახლის ნივთი და რამდენი რა ბოროტებას სჩადის ტანისამოსისათვის ვინ იცის!... იქნება არც ეს დამიჯეროთ და, ერთი მებურნუთეს ცოლია, დიაღ, სწორეთ მებურნუთესი, გვარიც... ეჰ, თვითან მიხვდებით, რაღა საჭიროა გვარის გამოცხადება და, იმისი სალოფი რომ ნახოთ, უეჭველია ას ორმოც თუმნად დააფასებთ. ეს ას ორმოცი თუმანი ერთის გვარიანის მამულის ფასია, რომლითაცა შეუძლიან კმაყოფილებით დაირჩინოს თავი ერთმა ოჯახმა. ჯერ ერთი ეს უნდა მოგახსენოთ რომ თვითან სალოფის პირი გახლავსთ უპირველესი (თქვენ რომ ეძახით) ბანოშის ხავერდი, ბეწვი სრულიად... არ ვიცი ჭეშმარიტად როგორ დაგისახელოთ, ამისთვის რომ სიზმრათაც არსად მინახავს. ყელთან შესაკრავი ღილი ჩინებულის ბრილიანტისა აქვს!... ოხ! ქვეყნის ოხრობავ! კიდევა ვჩივით, ყოველი ფერი ძვირიაო! მოდი ნუ იქნები ძვირი, სად მოგიტანო იმდენი, რომ ასე ჩავაცო ჩემს ცოლს? უეჭველია, თუ მეპურე ვარ პურს ძვირად გავყიდი, თუ სირაჯი ღვინოს გავაძვირებ რომ იმდენი ავიღო, რამდენიც ეყოფოდეს ჩემის ცოლის ჩაცმა დახურვას. მაშ არ ჩავაცო? არ ჩავაცო და, ბარემ მირჩიეთ სახლითგან აიყარეთქო! თუნდა ავიყარო კიდეც, რომლის ქვეყნის კუთხეში გადავიკარგო, რომ ჩემმა ცოლმა (ჩემია თუ სხვისა, მე ვარ თუ სხვა.) არ მომნახოს, დღეში ორმოცი საჩივარი არ შეიტანოს სასამართლოებში, ორმოცს ალაგს კბილები არ აჩხრეკინოს და იძახდეს: ქმარი არ მინახავსო. თუ ანტიკ მორა და დამა არ ჩააცვი, შენახვა ხომ არა ჰგონია. სმა და ჭამას ვინ უყურებს, ტანს უყურებენო! ასე მოგახსენებენ! აფერუმ! აი განათლება! რომ არ იჯერებთ, ხალხი განათლდაო. განათლება არ არის მაშ რა ეშმაკია!...
ხაბარდა? ხაბარდაზედ რაღასა ბძანებთ? საბარდაც მოდათ გახლავსთ შემოღებული? არა, რა მოდაა თქვენი ჭირიმე მაშინ, როდესაც რომ ქალსა, როგორ ქალს? ესეც უნდა მოგახსენოთ, იმისთანას ქალს, რომელიცა ისრე რომ დავაყენოთ, სწორეთ ერთი ციდა ალაგი უჭირავს, - და თავისის ხაბარდით იმოდენი ალაგი უპყრია და იმოდენი დედა მიწის სივრცე, რომელზედაც შეიძლება თვითქმის ათი კაცი მოთავსდეს! მამა ვაცხოვნე იმისი, ვისაც თავ-და-პირველად დაურქმევია ხაბარდა. მოდი და გზას ნუ დაუგდებ! მე გავზომე ერთს მაგაზიაში ეს ხაბარდა, რომელსაცა გამოუვიდა გარშემო რვა ადლი, მაშასადამე ქართული დიამეტრი, ესე იგი ორათ რომ მოვკეცოთ გამოვა ოთხი ადლი. ოთხი ადლი! ერთს დიდს ქართულს დარბაზში ამის მიხედვით ათი ქალიც არ მოთავსდება! რასაკვირველია ეს ჩემგნით ზემოთ აწერილი ყოველს საქართველოს ქალს არ მიეწერება, ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ თქვენ ეს მიბძანეთ, ბევრნი არიან, რომელნიცა მისდევენ მამაპაპების ჩვეულებასა? გაბედვით შემიძლია მოგახსენოთ,- ძალიან ცოტანი. ისიც თუ არიან უფრო სოფლებში, სადაცა ამ ტანისამოსის სიყვარულის სნეულებას ჯერეთ იქამდინ არ მიუწევია!... პარიჟის ქალები თვითქმის ყოველ დღეს სხვა და სხვა მოდის კაბებს მართალია იცმენ, მაგრამ ჩვენ რომ იმათ მივებაძნეთ ძალიან შორს მოგვივა სწორე მოგახსენოთ. იქ ყოველი ფრანცუზი, დიდი თუ პატარა, მდიდარი თუ ღარიბი, მაღალი თუ მდაბალი ვაჭრობით გამოდის, ამას გარდა უმეტესს ნაწილს აქვს თავისი საკუთარი ფარჩების ქარხანა; ყოველი კაცი იქ იმასა ცდილობს იმისთანა ფარჩა გამოიყვანოს თავისს ქარხანაში, რომელიცა ჯერ სხვაგან არ იყოს. გამოიყვანს თუ არა, რასაკვირველია ჯერ თავისს სახლობას შეჰმოსავს, რომ სხვათაც რა დაინახონ ფასით სხვა ქვეყნებში გადაიტანონ. თავისს საკუთრებას თავის საკუთრებისათვის იხმარებს. ჩვენ? ჩვენ, როგორც ჩვენში იტყვიან, ის ფარჩა, რომელიცა სამი ოთის წლის შემდგომს ჩვენკენ გადმოახწევს, იქკი მოდიდგან დიდი ხანაა გადავარდნილია, მამა-სისხლათ უნდა ვიყიდოთ და, ეს მამასისხლის ფასი საიდგან უნდა მოვიტანოთ? დავიჯერო რომ მომტანის შებრალება არა ქონდეთ? შებრალება კი გაქვსთ, მაგრამ ბალა ეს არის, რომ თუ არ მოდის ტანისამოსით როგორ დაენახვებით თქვენ მცნობებს ქალებს, რომელთაცა არ არის ეჭვი მოდურად ეცმებათ. ეს უბედურება არის ჩვენში (მომიტევეთ სულგრძელებით ამ კადნიერებისათვის. რა ვქნა. ღმერთმა ხომ იცის; თქვენის სიკეთისათვის, ჩვენის ზნეობისა დასაცველად მოგახსენებთ) რომ ერთიერთმანერთსაც ახდენენ!... ეს რომ მოგახსენეთ, რომ მოდები ქისის დამქცევნი არიან, ახლა ეს უნდა მოგახსენოთ, რომ მოდებს ზიანიც ბევრი მოაქვსთ, თვითქმის სიკვდილიც! ახლა ამაზედ გაოცდებით და მიბძანებთ, „ეგ შესაძლებელი არ არისო!“ შესაძლებელი კი არა, მე ფაკტებით მოგახსენებთ ამასა. არ არის დიდი ხანი, რაღა დიდი ხანი, ამ წარსულს ყველიერებში, პეტერბურღში ერთის დიდი კაცის ბალში, გასათხოვარი ქალი როგორღაც სამთელს მიჰკარებია, წაჰკიდებია იმისს საბარდას ცეცხლი და მიმშვლებელნი ქალებიც იმასთან დამწვარან, - რამდენიმე! აი ესეც თქვენი მოდა!... ახლა სხვა მაგალითს მოგახსენებთ: ერთი გასათხოვარი ქალი, პარიჟის პირველ საზოგადოებაში, კიდევ ბალში (სახელგანთქმულის გაზეთებითგან ვიცით და ამისთვის მოგახსენებთ) ტანციობის დროს უცებ წაიქცა თურმე და მოკვდა. მეორეს დღეს მთავრობამ ინება გაჭრა, თუ საიდგან წარმოსდგა ეს უეცარი სიკვდილი. ჰაქიმებმა რა გასჭრეს და შეამოწმეს, ნახეს რომ კარზეთებისგან იყო მკვდარი. თურმე კარზეთების ძალიანის მოჭერით, გულღვიძლი შეიწროებინა ისე, რომ დაიარავებოდა და მოგეხსენებათ გულის იარა ადვილი მოსარჩენი არ გახლავსთ!... ბატონებო! არა, რაზედ იძნელებთ საქმეს? რაზედ ამონებთ თქვენს ძვირფასს თავისუფლებას უბრალოს უსულოს საგანს? რამდენჯერ შევხვედრივარ სადილზედ ზოგ ერთ ქალს, რომელიცა მშიერი ამდგარა და ფერ წასულს გაუწევია შინისკენ, რა არის მოდურად მორთული ვიყო და ჭამას ვინ დასდევსო!... კარგი სამღთო წერილის კანონების აღსრულება გახლავსთ, სადაცა გვიწერს: „დედაი წესიერებისა სამკაულითა მორცხვედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა არა განსთზვითა: ანუ ოქროითა, ანუ მარგარიტითა, ანუ სამოსლითა დიდ ფასითა. არამედ რომელი იგი ჰშვენის დედათა, რომელთა აღუთქვეს ღმრთის მსახურებაი... (1 ტიმოთესი, თავი 2 მუს. 9.) ჯერ ეს საკმაო გახლავსთ. ამას გარდა, რომ გამოუდგე ბევრი რამ სათქმელია და თუ გაგრძელდა, „ცისკრის“ რედაკტორიც ადრინდელსავით არ დამიბეჭდავს, მოგახსენებს გრძელის სტატიების ბეჭვდა ცისკარში არ შეიძლებაო. უმეტესად ამ გვარებისაო, რა გაეწყობა, უნდა, ჩემს სუსტს კალამს ცოტათი შეიწროება მივცე ვიდრე ცისკარი გაიზდებოდეს და საბარდის ტოლად შეიქნებოდეს... უკანასკნელში ამას მოგახსენებთ მოწიწებით ბატონებო! დროა, მივდიოთ ძველის საქართველოს ქალების ზნეობას, წაიკითხეთ ყურადღებით უუ. დიმ. ყიფიანისა და დიმ. ბაქრაძის სტატიები, საქართველოს ქალების შესახები; ჰსცანით თუ როგორ კეთილზნეობიანი ქალები ჰყოლია ჩვენ საყვარელს მამულს დროა მივდიოთ იმათს კვალს: ვიკითხოთ, ვწეროთ, შევიქნათ ბეჯითნი სახლ-კარის მმართველნი. ეს მოვალეობა აწევს ჩვენთა დედათა, - ჩვენ ქალებს. გარწმუნებთ, რომ მაშინ დიდი სიმდიდრე შემოვა ჩვენშიაცა, თუ არა და... ესკი დამავიწყდა, დღეს საღამოზედ ერთის მცნების დიდკაცის სახლში ვეჩერი გახლავსთ, იქ წასვლასაც ვაპირებ, ქალები ბევრნი იქნებიან,- როგორ ბევრნი არ იყვნენ, მაშ არ აჩვენონ ერთმანერთს თავიანთი სააღდგომოთ შეკერილი მოდის კაბები!...
მოლაყბე.
![]() |
12 მოწყალეო ჩემო, თავადო |
▲ზევით დაბრუნება |
მოწყალეო ჩემო, თავადო
ალექსანდრე ვახტანგის ძევ![1]
თქვენი მიწერილი უფალს რედაკტორთან წავიკითხე, რომლითაც კითხულობთ ჩვენს მებუკეების ანბავს: ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამაო? - არა, აქ გახლავართ მიწაზედ თქვენი ბრძანების მორჩილი.
გსურთ ზოგთ დავარქვით მოლაყბე;
გსურთ ზოგთ ბატონის ავყია,
გინდა ჰსთქვით ცუდათ მაშვრალი
ვით კრუხის კვერცხი ლაყია.
მე ერთმ მებუკეთაგანს,- ავყიას, აქამდინ მეძინა, სიზმრებში ვიყავ, სიზმარსაც თავის სამეფო აქვს, იქაც ჩვენსავით ხალხია. მზე დგას და მთვარე. ბევრი შესანიშნავი ვნახე, თუ მიბძანებთ ვეცდები ყველა გიანბოთ. ვის რა დავა აქვს? ნურავინ მიიღებს თავის თავზე! მე რა, ან თქვენ რა?
უკაცრაოთ, ეხლა ჯერ კიდევ არა ვარ ძილისაგან გამორკვეული. მშვიდობით! ნახვამდე!
ავყია. (ერთი მებუკეთაგანი.)
ქ. გორს.
____________________
1 ეს-ეს არის მივიღეთ ეს წიგნი, რომელსაცა ვბეჭდავთ სიამოვნებით. რედ.
![]() |
13 განცხადება |
▲ზევით დაბრუნება |
განცხადება
უფალი გაბრიელ ირიცფუხოვი გვთხოვს ვაცნობოთ ჩვენის „ცისკრის„ მკითხველთა, რომ თავისს პანსიონში, რომელიცა გახსნილი აქვს ქ. ტფილისში უმაღლესი მთავრობის ნება დართვით ყმაწვილების სასწავლებლად, მოუმატა სხვა და სხვა ენები და საგნები. ამ პანსიონში ასწავლიან იმდენს, რასაც ასწავლიან გიმნაზიის სამს კლასში ასე რომ, როდესაც აქ ასრულებს კურს და გადაჰყავს ყმაწვილის მშობელს გიმნაზიაში, იქ იღებენ მეოთხეს კლასში. ჰსწავლის საგანნი არიან ამ პანსიონში შემდგომნი: 1, საღმრთო წერილი, მართმადიდებელთ სარწმუნოებისა. 2, საღმრთო წერილი ჰაოსიანთ სარწმუნოებისა. 3, არიფმეტიკა. 4, ალგებრა. 5, გეომეტრია. 6, საზოგადო ისტორია. 7. რუსეთის ისტორია. 8, საზოგადო გეოგრაფია და 9, მცენარების ისტორია.- ენებთაგან. 1, რუსული ენა. 2, სომხური. 3, ქართული. 4, ფრანცუზული. 5, ლათინური. 6, ნემეცური. 7, თათრული - ამას გარდა ასწავლიან მხატვრობას, კარგათ წერას, მუზიკას, (ფორტოპიანოს დაკვრას ანუ სკრიპკას, რომელისა ჰსურს მოსწავლეს მშობელს.) და ტანცაობას. - ამ პანსიონში არის სამი კლასი. ამ პანსიონსა ჰყავს საკუთარი ჰაქიმი. ვინიცობა არის მოსწავლე ავათ შეიქნა, მხოლოდ წამალზე გასავალი ეკუთვნის მშობელს. პანსიონში მიიღებენ სრულს ხარჯზედ ანუ ნახევარ ხარჯზედ. სრულს ხარჯზედ მიღებულს გამოერთმევა 240 მანეთი წელიწადში, ხოლო ნახევარ ხარჯზედ მიღებულს 126 მანეთი. ფულის შეტანის ვადა დაინიშვნების წელიწადში ორჯელ ყოვლის ნახევარ წლისა პირველად: იანვარში და სეკტემბერში. ამავე დროს მიიღემიან პანსიონში მოსწავლენი. რვა წლისაზედ ნაკლები ყმაწვილი ვერ მიიღება. პანსიონში იქნებიან მოწაფენი მხოლოდ 40-ამდინ. სრულს ხარჯზედ რომელიც იქნება, ის არის დღე და ღამ პანსიონში, ხოლო ნახევარ ხარჯზედ რომელიც იქნება, იმას მხოლოდ ეძლევა სადილი და საღამოზედ თავისს სახლში მივა. როგორც სრულს ხარჯზედ, აგრეთვე ნახევარ ხარჯზედ მყოფთა, პირველ მიღების დროს უნდა შემოიტანონ თავისი საკუთარი სტოლის და ჩაის კოვზი, აგრეთვე ექვსი სალფეტკი და ქვეშსაგები. მუზიკის სასწავლებელი ფული შემოიტანება საკუთრად წელიწადში 40 მანეთი, ხოლო ტანცაობისათვის 10 მანეთი.უკეთუ კანიკულებში ისურვენ მშობელნი დარჩეს თავიანთი შვილი პანსიონში, რომელიცა გადაიტანება ხოლმე ზაფხულში ქალაქს გარეთ, მაშინ ორის თვისათვის უნდა შემოიტანონ 30 მანეთი. პანსიონი ესე იმყოფება სოლოლაკზედ საკუთარს ირიცფუხოვის სახლებში.
წარსულს თვეში ცისკარს მოემატნენ შემდგომნი ხელის მომწერნი.
თ. გიორგი ჯავახოვი.
თ. თადეოზ გურამოვი.
პეტებრბუღის უნივერსიტეტის ბიბლიოტეკა.
გრიგოლ წინამძღვაროვი.
გორის უეზდში.
თ. ივანე ციციანოვი.
თ. ქაიხოსრო ავალოვი.
თელავის უეზდში.
თ. გიორგი მაყაევი.
მიხეილ რუსიევი.