The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (1)1877.03.03


ივერია (1)1877.03.03



1877.03.03

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წინასიტყვაობა

ჟურნალ-გაზეთობაში შემოღებულია ერთი ახირებული ჩვეულება. გამოვა ახალი გაზეთი თუ არა, მისი რედაქცია უცილო ვალად ჰრაცხს პირველ ნომერშივე საზოგადოებას აუხსნას თვისი დედა-აზრი, თვისი მიმართულება, აღნუხსოს ყოველი ის, რითაც უპირობს გაზეთს სულის ჩადგმას და ხორცის შესხმასა. ამ ჩვეულების ძალმომრეობით გაზდილი საზოგადოებაც დაინახავს ახალს გაზეთს თუ არა, გულდაჯერებულია რომ პირველს ნომერშივე იპოვის რედაქციის აღსარებას მასზედ თუ რა აზრი და დანიშნულება აქვს ამ ახალ გაზეთსა; რის შემოტანა ჰსურს მწიგნობრობაში, თუ ცხოვრებაში; რა გზას, რა კვალს დაადგება საზოგადო ცხოვრებისაგან მოვლინებულთ საგანთა გამოძიებაში; რა თვალით განიხილამს ყოველს მას, რაც ჩვენი თუ სხვის ცხოვრება თვისს დაუდგრომელს მიმდინარეობაში აღმოაჩენს; რას და როგორ ემსახურება და ბოლოს რას გვპირდება და რას გვიქადისო. ამ ჩვეულებას თვისი მართებული და პატივ-სადები საბუთი აქვს. საზოგადოებამ, რა საკვირველია, უნდა იცოდეს რა აზრის კაცთან იჭერს საქმეს, რისა და ვისს მიმდევარს უნდა ათხოვოს თავისი ყურადღება. მაგრამ ყოველს მასზედ, რაც წინ მოვიხსენიეთ, პასუხის მიცემა თითქმის შეუძლებელია. თუნდ ეგ არ იყოს, ცოტა უხერხოთაც მიგვაჩნია. ამ შემთხვევაში პასუხად ხომ ცარიელი ლიტონი სიტყვა უნდა იყოს, - და ცარიელი სიტყვა რა თამასუქია ნამეტნავად ამისთანა ეჭვით სავსე დროში. ვინა ვარ, რა აზრისა ვარ, რა საქმის დადგენა მინდა, რისთვის გამოვდივარ მოედანზედ - ესე ყველა იმისთანა საგანია, რომელზედაც საუბარი ვერ ეხერხება კაცსა. ორში ერთი: კარგს იტყვის კაცი, - თავისთავზედ თქმა იქნება და თუნდ მართალიც იყოს, ტრაბახობაში ჩამოართმევენ, ცუდს იტყვის კიდევ - სულელობა გამოვა, ჰეინესი არ იყოს.

არც ერთი ეს თვისება ისე მიმზიდველი არ არის რომ კაცმა თავი იტკინოს და იმ ზემოხსენებულს ჩვეულებას თავიდამ ბოლომდე მიეცეს. გაზეთის საქმე დროთა მიმდინარობისაა. დროს დავაცალოთ მის თქმა, რის მოლოდინიცა აქვს მკითხველს რედაქციისაგან.

ჩვენ დღეს მარტო ზოგიერთს ჩვენს აზრს გამოვსთქვამთ მასზედ თუ გაზეთ-ჟურნალობა რა ღონეა, რა ძალა, რა ფარ-ხმალია ადამიანისათვის ცალკე და საზოგადოებისათვის საერთოდ, რის უფლებას აძლევს მას, ვინც მაგის ასპარესზედ გამოვა და რა მოვალეობასა სდებს კისრად.

ჟურნალ-გაზეთობა არის ერთგვარი ნაწილი მწიგნობრობისა. როგორც მრთელს მწიგნობრობას, როგორც ყოველს გონებითსა ძალას ადამიანისას და მის ნამოქმედარს, ისე ჟურნალ-გაზეთობას საგნად ადამიანის ცხოვრება აქვს. ცხოვრება დაუდგრომელს დუღილშია, ფეხშეუფერხებელს მოძრაობაშია. იგი თვის დუღილში, თვის მიმდინარეობაში ბევრს რთულს საქმესა და საგანს წამოგვიყენებს ხოლმე თვალწინ. ამ საქმესა და საგანს გარჩევა უნდა, ახსნა და თავისი ადგილის მიზომვა. ადამიანის გონებითი ძალა, რომელიც დღე მუდამ უნდა დაჰსტრიალებდეს ცხოვრებას, ორგვარად შეეხება ამ ცხოვრებისაგან აღმოჩენილს საქმესა და საგანსა. პირველი, როგორც მასალას, რომლიდამაც მეცნიერებითსა ძალას ადა-მიანისას გამოჰყავს დედა-აზრი (პრინციპი) და ამ დედა-აზრზედ ამყარებს მეცნიერობის შენობასა, საიდამაც ეს დედა-აზრი ისევ ცხოვრებაში უნდა გადმოვიდნენ. უამისოდ მეცნიერება უხმარი განძია, უქმის ჭკვის უქმი ვარჯიშობაა. მეორე, როგორც წილადებს, რომელთაგანაც შემდგარია დღევანდელი დღე, მის შინაგან_გარეგანი, ერთის სიტყვით, ის ჰაერი, რომლითაც დღეს ვსუნთქამთ, ვცხოვრობთ და ვაი ვვაგლახობთ, ჩვენ და თქვენ, მკითხველო. რა ღონისძიებაა იმისთანა, რომ დღე მუდამის ცხოვ-რებისაგან მოგროვილი მასალა მეცნიერებას უზიდოს და მეცნიერებიდამ დედა-აზრნი გადმოიტანოს ცხოვრებაში? მეორეს მხრით, რა საშუალებაა იმისთანა, რომ დღე-მუდამის ცხოვრების ავ-კარგიანობა, ვითარება გადიხატოს, გადისახოს? მწიგნობრობა ერთობ და ჟურნალ-გაზეთობა საკუთრივ.

ამ სახით ჟურნალ-გაზეთობას ორგვარი დანიშნულება აქვს. ერთის მხრით იგი არის შუამავალი ცხოვრებისა და მეცნიერების შორის, გამავრცელებელი კაცობრიობის ჭკვით მოპოებულის, გამოძიებულის და აღიარებულის სიმართლისა და ჭეშმარიტებისა; მეორეს მხრით, იგი არის სარკე საზოგადოების რთულის ცხოვრებისა, მისი გონებითის, ზნეობითის მოძრაობისა. მასში ჰსჩანს და ისახება ყოველ-დღიურის აზრის მიდენ-მოდენა.

როგორც აზრისა და ცოდნის გამავრცელებელი, ჟურნალ-გაზეთობა წარმოგვიდგენს ერთს უდიდეს სასწავლებელს, რომლის მეოხებითაც უნდა აღორძინდეს, აღიზარდოს, დაფუძნდეს და გამშვენიერდეს საზოგადოების აზრი და რწმენა, გრძნობა და გემოვნება. როგორც ცხოვრების სარკე, ჟურნალ-გაზეთობა წარმოგვიდგენს მას, რაშიაც უნდა იხატებოდეს თვით საზოგადოების აზრი, გრძნობა, სურვილი ცხოვრების სხვა და სხვა საგანთა თაობაზედ. რამოდენადაც იგი ამის ამსრულებელია, იმოდენად იგი საწყაოა საზოგადოების გონებითის, ზნეობითის ძალისა და ნიჭისა, იმოდენად იგი საზომია ცხოვრების მოთხოვნილებისა და საჭიროებისა, იმოდენად იგი საშუალებაა, რომლის ძალითაც თვით საზოგადოება თვისის ცხოვრების სადავეს ხელთ იპყრობს და ცხოვრების თვით რჯულს დენას საკუთარს თაოსნობას უმორჩილებს.

ამ ორგვარს დანიშნულებას ჟურნალ-გაზეთობისას ერთი და იგივე ფერი არ ადევს სხვა და სხვა საზოგადოებაში და ერთსა და იმავე საზოგადოებაში სხვა და სხვა ისტორიულს დროს. არის დრო და საზოგადოება საცა ჟურნალ-გაზეთობა განსაკუთრებით თუ არა, უმთავრესად მაინც მარტო მას მისდევს, რომ აღზარდოს საზოგადოების ჭკვა და გონება, გაუწმინდოს აზრი და გრძნობა, ააღორძინოს საზოგადოების თვით-მოქმედობითი ძალი და ხალისი თვით-ცნობისა. არის დრო და საზოგადოება, სადაც ჟურნალ-გაზეთობა საზოგადოების გამჭრიახობის, ზნეობითის მხნეობის და თაოსნობის გამომეტყველია, ასპარეზია სხვა და სხვა ცხოვრების კავშირთა და ძალთა ბრძოლისა. არის დრო და საზოგადოება, საცა ჟურნალ-გაზეთობა და ცხოვრება და-ძმასავით ხელი-ხელს გაყრილნი მიდიან, ჟურნალ-გაზეთობა წინ მიუძღვის ცხოვრებასა და გზას უნათებს და ცხოვრება კიდე მწიგნობრობის მოედანსა თავისის უკეთესის ყვავილითა ჰფენს. არის კიდევ დრო და საზოგადო-ებაო, მეტყვი, მკითხველო, საცა ჟურნალ-გაზეთობა ერთმანეთის ლანძღვა და თრევაა. ეგეც არის, ჩვენდა საუბედუროდ, მაგრამ რა ვუყოთ, საცა წვრილია, იქა წყდება ხოლმე. ეს ვეება ტანი ადამიანის ცხოვრებისა ისე როგორ გადარჩება, რომ დროთა ბრუნვამ სადმე მუწუკი და იარა არ აუჩინოს.

ეს სხვა და სხვა ფერობა ჟურნალ-გაზეთობისა დამოკიდებულია სხვა და სხვა გარემოებაზედ. იმ ქვეყანაში, საცა საზოგადოების თვით-მოქმედობის ძალა მილეულია, საცა გონებითი და ზნეობითი ნიჭი დაძინებულია, იქ, რა საკვირველია, მწიგნობრობა ერთობა და ჟურნალ-გაზეთობა საკუთრივ ძნელად თუ იქნება საზოგადოების აზრისა და გუნების გამომთქმელი. აქ უპირველესი მოვალეობა ჟურნალ-გაზეთობისა სწავლისა და ცოდნის გავრცელება უნდა იყოს, მან უნდა ფეხი აუდგას თვით-მოქმედობის ძალსა, მან უნდა აღადგინოს გონებითი და ზნეობითი ნიჭი. იმ ნიჭი აწარმოებს ცხოვრებასა და მის გამო ცხოვრება დუღს და ჰსჩქებს - იქ ჟურნალ-გაზეთობა აზრის აღებ-მიცემობაა, იქ იმის ამომძახელია, რასაც ჩაჰსძახებს საზოგადო აზრთა დენა, შეტაკება და ბრძოლა.

ხოლო ამას კი დავუმატებთ, ანუ უკედ ვჰსთქვათ, განვიმეორებთ, რომ ცხოვრება რაც უნდა უძლური, მიმკვდარი და უღონო იყოს იმოდენად ღირსშესანიშნავი რამ არის, რომ ჟურნალ-გაზეთობას არ შეუძლიან თვის ერთგვარს დანიშნულებას აჰყვეს და ცხოვრებას თვალი და ყური არ ათხოვოს. როგორიც უნდა იყვეს ცხოვრება ძლიერი, თუ უძლური, მაღალია თუ დაბალი ჟურნალ-გაზეთმა უსათუოდ უნდა თვალი დააკვირვოს, უნდა შეისწავლოს, უნდა განმარტოს. იმიტომ, რომ ადამიანები განა მარტო მაყურებელნი არიან ცხოვრებისა, არამედ მომქმედნი პირნიცა. ცხოვრება არის თვითონ ამ პირთა ქმნილება, ამ პირთა ნამოქმედარი და ჭირნახული. რასაკვირველია მოჭირნახულემ უნდა იცოდეს თვისი ნამოქმედარის ავ-კარგიანობა, თვისება. ამისათვის ყოველ საგანს, ყოველს მოვლენას ცხოვრებისას, ავს თუ კარგს, დიდს თუ მცირეს ჟურნალ-გაზეთმა უნდა მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება და შეძლებისამებრ მიჰსცეს სასტიკს გარჩევას, განმარტებას თავისის რწმენისა, აზრისა და ცოდნის და კვალად. ამ შემთხვევაში მძიმე საქმეზედ ექმნება ლაპარაკი, თუ უმცირეს საგანზედ - ყოველგან და ყოველსფერში ჟურნალ-გაზეთმა უაღრესი და უპირველესი მნიშვნელობა უნდა მისცეს იმ იდეას, იმ დედა-აზრს, რომლითაც თვითონ სულდგმულობს, იმ გონებითს მხედველობას, რომლითაც თვით უყურებს საგანსა.

ზემოხსენებული აზრები რომ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მწიგნობრობას მივმართოთ, ადვილად გამოსაცნობია. რა გზა უნდა ამოირჩიოს ჩვენში ჟურნალმა, თუ გაზეთმა.

სამეცნიერო ცნობათა გადმოტანა და გავრცელება საზოგადოებაში, ჩვენისა და უცხო ხალხთა ცხოვრების დაკვირვება და განმარტება, - აი რაში მდგომარეობს ჩვენის გაზეთის პროგრამმა.

დრომ გამოაჩინოს რამოდენად შევძლებთ იმ საქმეს, რომლის კისრად აღება ჩვენ დღეს გავბედეთ.

რადგანაც ჟურნალ-გაზეთი ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში უნდა მოქმედობდეს და იმ ყოფაცხოვრების საკეთილოდ იღწოდეს, ამის გამო ადამიანი ცალკე როგორც კერძო პირი და ერთად როგორც საზოგადოება ხელ შეუხებლად ვერ გადურჩება გაზეთსა. იმ გაზეთს, თუ ჟურნალს, რომელსაც აქვს თვისის ღირსების ცნობა, თვისი პატივისცემა, და თვისი კეთილშობილური თავმოწონება, იგი იმავე ღირსებით, იმავე პატივის ცემით უნდა მოექცეს ყოველს კერძო პირს და ყოველს საზოგადოებას. ეგ პატივის ცემა კერძო პირისა და საზოგადოებისა დედა-კანონად უნდა ჰქონდეს ყოველს რიგიანს თუ მართებულს ჟურნალს თუ გაზეთსა. ხოლო პატივისცემა იმაში კი არ უნდა მდგომარეობდეს, რომ ადამიანი ადამიანს პირმოთნეობით ექცევოდეს. ეგ ადამიანის პატივის-ცემა კი არა, ეგ შეურაცხყოფა იქნება. ცუდია, თავის მეცნიერების შემაგინებელია, ადამიანის მოღალატეა ის ექიმი, რომელიც სნეულს უებარს წამალს არ ასმევს მარტო იმის გამო, რომ მწარეაო. არა, ჭეშმარიტი პატივის-ცემა ის არის, რომ პირში, გულახდილად ადამიანმა ადამიანს მართალი სიტყვა უთხრას. ისე უთხრას რომ არ შეუგინოს, არა შეურაცხჰყოს მისი ადამიანობა, მისი კაცობრიული გრძნობა, ღირსება და პატივი, არ დაურღვიოს ის ძვირფასი და უკეთესი ზნეობითი კანონი, რომელიც კაცს კაცად ჰქმნის და რომლის მეოხებითაც იგი თავის-თავს კაცად ჰსცნობს და აღიარებს.

სხვა რა უფლებაა ადამიანისა იმაზედ უცილო, იმაზედ სანატრელი, იმაზედ წმინდა და უძვირფასესი, რომ კაცმა კაცისაგან პატივის-ცემა, ღირსეულად და მართებულად მოქცევა ითხოვოს? სხვა რის მეოხეთ უნდა იყოს მწიგნობრობა საერთოდ თუ არ ადამიანს უფლების შემნატრეთ, მწეთ და მოსარჩლეთ? სხვა რით არის ადამიანი სხვა ცხოველზედ წინ წამომდგარი, თუ არ ამ ზნეობითის კანონით, რომ მეც კაცი ვარ, შენც კაცი ხარ, ერთმანეთის პატივის-ცემა გვმართებსო?

ძნელია ეს ყოველისფერი, ჩვენო მკითხველო, მაგრამ მაგ სიძნელეშია ის საწყაოც, რომლითაც უნდა აიწყოს გაზეთის ღირსება და რომლითაც შენ უნდა მიუწყო მისთა მოღვაწეთა შენი გულითადი თანა-გრძნობა, შენი პირუთვნელი პატივის-ცემა და შენი უანგარო სიყვარული.

2 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

ტფილისის გუბერნიის ეკონომიური დონე რის ნაკლებ არ უნდა იყოს. ჩვენ აქამომდე ჩვენის ქვეყნის სტატისტიკისა, თუ ეკონომიურის ვითარებისა ბევრი არა ვიცით რა. თუ ამ საგნებზედ ხსენებულა რამ ისიც რუსულად ნაწერებში კანტი-კუნტად თუ სადმე მოიპოვება, თვარემ ქართულს ენაზედ ჩვენ ამის შესახებ არა გვახსოვს რა. ამის გამო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იქნება მეტი ამ საგნებზედ წარმოვუდგინოთ მკითხველს ზოგიერთი ცნობა და ამასთანავე განვუზიაროთ მას ის ფიქრი და დასკვნა, რაიც, ჩვენის აზრით, მაგ ცნობებს შეუდგება. ცნობანი, რომელთაც ეს წერილი ქვემოდ მოგახსენებთ ამოკრეფილია ტფილისის გუბერნიის დებულების ოქმებიდამ. ამიტომაც ეს ცნობანი უფრო დასაჯერია, რადგანაც დებულების ოქმები ჯერ არის განხილული მებატონისა და გლეხის მხრითა, რომელთ მწვავს ინტერესს მაგ ოქმების სიმართლე შეადგენს და მერე ადგილობრივ გამოკვლეულია, შეთანასწორებულია და შემოწმებული მთავრობის კაცისაგან. ამის გამო თუ რაიმე სიგელი ქვეყანაზე დასაჯერია, იმათში დებულების ოქმები უკანასკნელნი არ უნდა იყვნენ. ამას კი მოვიხსენიებთ, რომ ჩვენ მხედველობაში გვქონდა მარტო 14230 კომლის ოქმი. მთლად კი ნაყმევნი თბილისის გუბერნიაში 17,360 კომლია.[1]

ამ ოქმებიდამ სჩანს, რომ დროებით ვალდებული გლეხი, რომელთაც მიწა და ბინა მიჰსცემიათ ტფილისის გუბერნიაში ყოფილა:

1) კამერალიის აღწერითა:

ა) კომლი ― 14,119.

ბ) სულ ― 57,077.

2) დებულების ოქმებით:

ა) კომლი ― 14, 230

ბ) სულ ― 57,632

ამათ მისცემიათ სახმარად:

1) ვენახები ― 9,484 დღიური და 874 ოთხ-კუთ.საჟ.

2) სახნავი და სათიბი - 135,814 ― და 237 - ამათ შორის:

ა) სარწყავი, ანუ სარწყავად ჩათვლილი 85,300 - და - 353

ბ) ურწყავი ― 50,513 - და 1084 -

რიცხვთა შუა ანგარიშით ვენახები მოდის:

1) კომლზედ: - 800 ოთხ.საჟ.ანუ 2/3 დღიურისა

2) სულზედ: ― 198 - ანუ 1/6 დღიურზ.ცოტა ნაკ.

იმავე ანგარიშით მიწები მოდის:

1) კომლზედ:

(სარწყავი ― 6 დღიურზედ ცოტა ნაკლებ.

(ურწყავი ― 3 1/2 დღიურზედ ცოტა მეტი

2) სულზედ:

(სარწყავი ― 1 1/2 დღიურზედ ცოტა ნაკ.

(ურწყავი ― 1 დღიურზედ ცოტა ნაკლ.

ეხლა ამ რიცხვთა სქემას რაც შეუდგება რომ წინ გავიძღოლოთ, შეგვიძლიან, ვარაუდობით მაინცა თუ არ გულ დაჯერებით, აღვსხნათ ტფილისის გუბერნიის მთელის გლეხობის ვითარებაცა.

ვიდრე ამ აღსნას შევუდგებით საჭიროდ ვრაცხთ მოვიხსენიოთ, რომ ნაყმევთა გარეითად ჩვენის გუბერნიის გლეხობას შეადგენენ საეკლესიო (რომელნიც ეხლა სახასოდ არის შერიცხულნი) და სახასო გლეხნი, რომელთაც როგორც ვენახები, ისე სახნავ-სათიბი მიწები უფრო უხვადა და ბლომადა აქვსთ. ამას დამტკიცება არ უნდა. ეს ყველამ იცის, ვისაც კი ამ მხრით თვალ-ყური უდევნებია ჩვენის ქვეყნისათვისა. მაშასადამე ნაყმევთა წილად ხდომილობის ზომაზედ რომ წავიდეთ და იმ ზომით აღვხსნათ საეკლესიო და სახასო გლეხთა მიწათ-ქონებლობის რაოდენობა - ეგ რაოდენობა ნაკლები იქნება და არა მეტი მასზედ, რაც ნამდვილად უნდა იყოს. მაგ გვარად გამოკვლეულს რაოდენობას ის ღირსება მაინც ექმნება, რომ კაცი გულდაჯერებით იტყვის: „ეს უკანასკნელია; ამაზედ თუ არ მეტი ნაკლები აღარ შეიძლება იყოსო“, ესეც ერთის ფეხით წინ წადგმაა მისთვის, ვისაც ჩვენის ქვეყნის ვითარების გაგება უნდა. ჯერ ეს ვიმყოფინოთ, ვიდრე ჩვენის ქვეყნის მკვიდრთა მოსახლეთა თაობაზედ უფრო ნამდვილის ცნობის შეკრება შესაძლო გვექნება.

ტფილისის გუბერნიაში სულ ითვლება სული - 652,833. წინად - ხსენებულის რიცხვთა - შუა ანგარიშით სულზედ რომ 198 ოთხ-კუთხიანი საჟენი ვენახი ჩავთვალოთ, 11/2 დღიური სარწყავი მიწა და 1 დღიური ურწყავი, გამოვა რომ მთელს გუბერნიაში, სულ ცოტა რომ ვსთქვათ, გლეხობას უჭირავს:

1) ვენახები - 108,550 დღიური და 914 ოთხ.საჟ.

2) სახნავ (სარწყ. - 972,249 1/2დღ.)

სათიბი (ურწყ. - 652,833) 1,625,082 1/2 დღ.

მცოდნე პირნი გულდაჯერებით ამბობენ, რომ დღიურს ვენახზედ რიგიანს მოსავალში სამი საპალნე (ოთხასი თუნგი) ღვინო უნდა გამოვიდესო. ჩვენ რომ ერთი საპალნე (133 1/3 თუნგი) მაინც ვიანგარიშოთ, გამოვა რომ ტფილისის გუბერნიის გლეხობას წელიწადში მოსდის ღვინო:

საპალნე - 108,500

ბევრგან მიღებულია რომ წელიწადში სეტყვისგან ხდება 1/10 ადგილი. ჩვენ რომ ამაზედ მეტი სეტყვის სხვერპლად გადავდოთ, ესე იგი, 1/8 მთელი გუბერნიისა და ამის წინახედი 1/8 ღვინის მოსავლიდამ გამოვიდეთ. ძირს დარჩება 94, 937 საპალნე და ცოტა მეტი.

სახნავი მიწები რომ ნახევარი ჩვეულებისამებრ იხვნებოდეს და ნახევარი ისვენებდეს გამოვა, რომ ყოველწლივ ჭირნახულს ქვეშა იქნება:

1) სარწყავი ― 486,124 [2]

2) ურწყავი ― 326,416.

მცოდნე პირთაგან გაგონილი გვაქვს, რომ რაც მიწებია მოქმედებაში, იმათგანი 1/2 პურის მოსავლისაა, 1/4 სიმინდისა, 1/6 ქერისა და 1/12 ფეტვისა. ამ ამგარიშით გამოვა რომ:

1) სარწყავ მიწებზედ მოდის:

ა) პური ― 243,062 დღიურზედ.

ბ) სიმინდი ― 121, 531

გ) ქერი ― 81,020

დ) ფეტვი ― 40,510

2) ურწყავ მიწებზედ მოდის:

ა) პური ― 163,208

ბ) სიმინდი ― 81,604

გ) ქერი ― 54, 402

დ) ფეტვი ― 27, 201

დღიურმა სარწყავ-მიწამა რომ 12 სამ-ფუთიანი კოდი პური ააყენოს[3], სიმინდი - 16 კოდი, ქერი ― 16 და ფეტვი ― 16 კოდი, გამოვა წლის მოსავალი:

ა) პური ― 2, 916,744 კოდი

ბ) სიმინდი ― 1, 944, 496

გ) ქერი ― 1, 296, 320

დ) ფეტვი ― 648, 160

სულ ერთად იქნება : ― 6,805,710 კოდი.

დღიურმა ურწყავმა რომ 6 კოდი პური ააყენოს და რვა-რვა კოდი სხვა ზემოხსენებული სულადი, წლის მოსავალი გამოვა:

ა) პური ― 979,249 კოდი.

ბ) სიმინდი ― 652,833

გ) ქერი ― 435, 222

დ) ფეტვი ― 217, 611

სულ ერთად: ― 2, 284, 915 კოდი.

სულ ტფილისის გუბერნიის გლეხობის სულადის მოსავალი სარწყავისა და ურწყავისა ერთად ამ ანგარიშით შეადგენს 9, 090, 625 კოდს.

ერთი მერვედი დათესილის მიწებისა რომ ყოველ-წლივ ისეტყვებოდეს, გუბერნია რვა წელიწადში ერთხელ და ამისგამო 1/8 წანახედი ყოველის წლის მოსავლიდამ გამოვიდეთ, ძირს დარჩება 7, 954, 297 კოდი.

ამ დანარჩენიდამ რომ დღიურზედ სამი კოდი თესლისათვის გადავსდვათ, სარზდოებისათვის, ხალს მთელს გუბერნიაში დარჩება 5, 517,677 კოდი.

სულადისა და ღვინის მოსავალი რომ ტფილისის გუბერნიის სულთა რიცხვზედ გავანაწილოთ, გამოვა რომ წელიწადში თვითო სულს ხვდება:

ა) სულადი ― რვა კოდი და ორს ფუთზედ ცოტა მეტი

ბ) ღვინო ― ოცდაორს თუნგზედ ცოტა ნაკლებ.

1877 წ. რუსულს კავკასიის კალენდარში მოხსე-ნებულია, რომ მთელის გუბერნიის მოსავალს, (მაშასადამე არამც თუ მარტო გლეხობისას, არამედ თავად-აზნაურობისასაც) შეარდგენსო:

1) ღვინო 2,297,800 ვედრას.

2) სულადი, სათესლეს რომ გამოვიდეთ, ― 1, 574,846. ჩეტვერტსა.

მაშასადამე კალენდარის ანგარიშით სულზედ წე-ლიწადში მოდის:

1) ღვინო ― ათ თუნგ-ნახევარი.

2) სულადი (პური, სიმინდი, ქერი და ფეტვი) სამი კოდი და ერთი ფუთი.

ამას რომ დავუჯეროთ, გამოვა რომ ჩვენის გუბერნიის ხალხი თუ წყურვილით არა, შიმშილით მაინც აქამდინ უნდა ამოწყვეტილიყო, ან არა და ღვინოცა და პურიც სხვიდან უნდა ეზიდნა ყოველ წლივ. ეს დაუჯერებელია, იმიტომ რომ სხვიდამ მოტანილს სასყიდელი უნდა და ჩვენს გუბერნიას თუ ღვინო და პური სხვიდამ უნდა ზიდოს, სხვა რა აქვს, რომ ის გაყიდოს და მის ფასით პურისა და ღვინის აუცილებელი საჭიროება მოიკლას.

––––––––––––

1 ინახულეთ: Поземельная регистрацiи временнообязанныхъ крестьянъ Тифлисской губернiи (по уставнымъ грамотамъ) 1873-1874 г.

2 ამას ქვევით ყველგან წილადებს (დრობი) ანგარიშში აღარ მოგიტანთ, იმიტომ რომ რიცხვს ტყუილ-უბრალოდ ააჭრელებს და თითქმის არა ვითარს მეტ-ნაკლებობას კი არ შეადგენს.

3 ჩვენ ქვევით დღიურზედ თესლი 3 კოდი გიანგარიშეთ ამის კვალობაზედ პურის მოსავლის ერთს ოთხად ვაგდებთ და სხვა სულადისას ერთს ხუთად და ერთ მესამედად. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეგ მოჭარბებულად ნაანგარიშებულაო.

3 ცხოვრება და კანონი

▲ზევით დაბრუნება


ცხოვრება და კანონი

წერილი პირველი

ბუნებამ რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მიჰსცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინც და მაინც ხალხთა კეთილ-დღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა ჰსდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღრული არ არის ურთიერთ-შორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისა-თვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყ-ნიერობაზედ. მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულ-დახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თვითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავ-გადადებით, თავ-გამომეტებით დღე და ღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმა პური ძლევა-მოსილობაა მისის მხნეობისა, შრომის-მოყვარეობისა. თუმცა ესრედ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსე-ლი, რომლისათვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულ-და-გული კაცი, მეორე არის გულ- ჩათუთქვილი, ილაჯ-გაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე სასო-წარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს მშვიდობით გატარებულს დღეს ნატრულობს და არა ჰსწამს ხვალე. ერთი სულით თუ ხორცით ყოველ-დღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე სულითაც და ხორცითაც და-ლევაშია, თუმცა მისგარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის „ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყობაო“, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა.

რაც სხვისაა, - ჩემი მოვალეობაა; რაც ჩემია, - ეგ ჩემი უფლებაა.

უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირ-ველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთ-შორის განწყობილებისა, დაიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთ-მდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ ვინც ამბობენ, რომ მომქმედთა კანონთა უვარგისობა, თუ სიკეთე თვითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო. რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით. ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი, კაცთა უფლება და მოვალეობა ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღრული ცხადად და უცილოდ, აქ ხალხის წარმატება და კეთილ-დღეობა, თუ ყოველ-დღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. ამისა მაგალითი თვით ჩვენი ქვეყანაა. ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისთვის? ყოველისფერი უხვადა გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება. მაგრამ ამ უკანასკნელს ათს წელიწადში, სახელდობრ 1864 წლიდამ, ჩვენში ბევრ-გვარი ცვლილება მოხდა, რომელთ აზრათ ჰქონდათ და აქვთ საზოგადო ურთი-ერთშორისი წყობილება უკეთესს და უფრო უმართლესს ნიადაგზედ დაედგინა. ამ ცვლილებას ჩვენში ყოველი გონიერი და მიხვედრილი კაცი დიდის სიხარულით და თითქმის აღტაცებით მიეგება. ხოლო გამართლდა ჩვენი სიხარული და აღტაცება თუ არა? ჩვენ ვეცდებით, ამის პასუხი მივცეთ მკითხველსა.

1864 წ. მოხდა ჩვენში ყმების განთავისუფლება. მოისპო ჩვენში ერთისაგან მეორის ადამიანობის გაქელვის მიზეზი, კაცი კაცად აღიარეს. ეს ერთი დიდი და უკეთესი მხარე ამ სახელოვანის ცვლილებისა. აქ ყოველივე დამოკიდებულების კავშირი სამუდამოდ გაწყდა; ერთს ჩამოაცალეს ის, რაც სიმართლის შეურაცხყოფა იყო, მეორეს დაუბრუნეს ის, რაც უმართლოდ წართმეულ ჰქონდა. ამ მხრით ორთა შუა ხელის მოსაკიდებელი და სადავიდარაბო არა დარჩენილა რა, ჩემსას და შენსას ამ მხრით მათშორის ადგილი აღარა ჰქონდა. მაშასადამე აქ საჭირო არ იყო განსაზღვრა უფლებისა და მოვალეობისა. ხოლო ბატონ-ყმობის საქმეში არის მეორე მხარეც, რომელსაც ქვეყნის კეთილ-დღეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. განთავისუფლებულს გლეხს დაბინავება უნდოდა. უამისოდ გლეხის განთავისუფლება იმას ეგვანებოდა, რომ კაცისათვის გეთქვათ: წადი, ეხლა თავისუფალი ხარ, რომ შიმშილით მოკვდეო. ჩვენდა საკეთილოდ ეს ასე არ მოხდა. გლეხს ბინა მიეცა, მიწა მიეცა. რადგანაც გლეხის ადრინდელი ბინა და მიწა საბატონოდ აღიარეს და გლეხს სახმარისად დაუტევეს, მაშასადამე აუცილებელი საჭიროება მოითხოვდა განესაზღვრათ უფლება და მოვალეობა გლეხისა და ნაბატონარის შორის. აი ჩვენის ფიქრით, ამ განსაზღვრაში მოხდა ის, რამაც ჩვენი თავდაპირველი სიხარული არ გაამართლა იმოდენად, რამოდენადაც იმედი გვქონდა. რასაკვირველია, ვიდრე ეგ საქმე გადაწყდებოდა, დიდი ლაპარაკი და ყაყანი იყო მასზედ თუ როგორ უნდა გააშველონ ბატონი ყმასა, ყმა ბატონსა. მცირემ, მაგრამ უკეთესმა, ნაწილმა ჩვენის საზოგადოებისამ მაშინვე აღიარა, რომ თუ საქმე იმაზე მიდგაო, რომ უსათუვოდ უნდა გავშველდეთო, ისა ჰსჯობიაო ეხლავე ისე გავშველდეთო, რომ ურთიერთშორის სამდურავისა და დავიდარების მიზეზი ჩვენში აღარა დარჩეს რაო. რაკი გლეხი მისის ნაჭერის მიწების მეპატრონეთ არ იცნეს, რასაკვირველია ეს აზრი ფრიად მოსაწონი და სამჯობინარი იყო ყველასათვისა. ამ გვარად გაშველებისათვის ორი გზა იყო: ერთი ის რომ მებატონეს მაშინვე მიეყიდნა გლეხისათვის მამული და მთავრობას გლეხისათვის ამაში ხელი გაემართა, ან არა და გადასახადი მოჭრით განესაზღვრათ, გადაეკვეთათ. რასაკვირველია, პირველი გზა უმჯობესი იყო, თუ არჩევაზედ მივარდნილ იყო საქმე. მაგრამ არამც და არც ერთი ეს გზა არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ მაგ გზების დედა-აზრიც სრულად უარ ჰყო. ჩვენის საზოგადოების მეორე ნაწილმა, უფრო უმრავლესმა, განდევნა სრულად პირველთა დედა-აზრი და ირჩივა საქმის გათავება ისე, რომ გლეხი-სა და ნაბატონარს შორის ცოტა კლანჭ-გამოსადები რამ დარჩენილ იყო. ჩამოვარდა მეოთხედობა - ეს განუსაზღვრელი მიზეზიანი მოვალეობა ერთისა და მეორისაც. მოჰყვა ამას, ვითარცა აუცილებელი შედეგი, სხვა და სხვა კანონები სადავიდარაბო და ორივე მხრისათვის თავში საცემი. რომ მებატონესთან გლეხი პირნათლად გამოსულიყო, რასაკვირველია მებატონის კაცი უნდა დასწრობოდა ნამუშევარის შინ შემოტანის დროს, რომ მეოთხედი მიეთვალა თუ აეწყო. დაიდვა ეს კანონიცა. ყველამ იცის, რომ ნამუშევარი თითქმის ერთსა და იმავე დროს შემოდის მთელ საქართველოში თუ არა, ერთ და იმავე სოფელში მაინც. აბა ეხლა იფიქრეთ, რა უნდა ექმნა ამ შემთხვევაში იმ მებატონეს, რომელსაც ათი და ოცი კომლი ნაყმევი ეყოლებოდა? როგორ უნდა გასწვდენოდა ათსა და ოცს კომლსა? სადა ჰყვანდა ათი და ოცი კაცი მაგ მეოთხედების უკან სადევნებელად ერთ და იმავე დროს? არ გაგზავნიდა - ეჭვში უნდა ჩავარდნილიყო, გლეხი მომპარამსო და გაგზავნიდა - კიდევ იმ მეოთხედიდამ კაცების დაჭერის ხარჯს კაი წილი მიჰქონდა. იყო ორ ჭირშუა. ამ შემთხვევაში ან გლეხის კეთილ სინიდისიანობას უნდა დამყარებოდა, ან არა და ერთი თუ ორი კაცი უნდა ეტარებინა მეოთხედების ასაკრეფათა, რადგანაც მეტს მძიმე ხარჯი მოსდევდა. გლეხი უფრო ცუდს დღეში იყო. თუ მოუცდიდა ნაბატონარის კაცს, ვინ იცის როდის მოვიდოდა, და ბატონის კაცის ლოდინში შიშით სული ელეოდა, ავდარმა ნამუშევარი არ წამიხდინოსო; არ მოუცდიდა კიდევ შიში ჰკლავდა, მეტს წამომედავებიანო.

ამ ყოფაში ან ერთს რა გამორჩომა ექმნებოდა თავისის მამულიდამ, ან მეორეს თავის ნამუშევარიდამა. ამ მდგომიარობაში ან ერთის გაკეთება რა საფიქრებელია, ან მეორისა. აქ ბევრსაც რომ ცდილიყვნენ ვერც მებატონე და ვერც გლეხი ვერ შესძლებდნენ საქმე ისე მოემართათ, რომ ურთიერთის უფლება და მოვალეობა არ დაერღვიათ. ჩვენ ამისი მოწამეც ვყოფილვართ რომ გლეხს გარედ დალპობოდეს ნამუშევარი ბატონის კაცის ლოდინშია. ხანდისხან ჯაბრი ამაზედ უარესს საქმესაც მოახდენდა ხოლმე. ამისი მაგალითები ორი-ვეს მხრით ბევრია. ესე იყო თუ არა, მაინც და მაინც მაგ განუსაზღვრელს მეოთხედობის გამო ბატონსაც და გლეხსაც საქმე იმაზედ შეუდგათ, რომ ნებით თუ უნებლიედ ურთიერთის კეთილ-სინიდისიანობაზედ უნდა დამყარებულიყვნენ. ვინ არ იცის კიდევ, რომ კეთილ-სინიდისიანობა გაჭიმული თოკია, რო-მელსაც დიდნი ზედ გადააბოტებენ და ისე გადადიან პატარები კი ქვეშ გაუძვრებიან ხოლმე. რადგანაც ამგვარს ვარჯიშობას არც დიდნი თაკილობდნენ და არც პატარები, ამიტომაც ატყდა ბატონისა და გლეხისშორის აუარებელი საჩივარი და დავიდარაბა. პირველ ხანებში ამ საჩივრებს ვერ აზდიოდნენ მოსამართლენი.

ამ მეოთხედობას ამას გარდა სხვა აუცილებელი კანონიც დაერთო საშფოთო და სადავიდარაბო, რაკი მეოთხედი უნდა ეძლია გლეხს, ისიც უნდა დაეწესათ თუ რამოდენა უნდა ეხნა გლეხს ყოველ-წლივ, უამისოდ გლეხს რომ ათის დღის მიწა სჭერებოდა და მარტო ერთისა ეხნა, მებატონეს თავისის საკუთრებიდამ ბევრი არა შემოუვიდოდა რა. ამისათვის გლეხს კანონმა კისრად დასდვა, რომ უსათუვოდ რგებულის მიწების ნახევარი ყოველ წლივ მოხნული უნდა გქონდესო. ამ კანონმაც მრავალი შფოთი ჩამოაგდო ორთა შუა და მრავალი საჩივარი გამართა. შფოთებმა ამ ორ წოდებათა შორის უსიამოვნობა დათესა და საჩივრებმა კიდევ თავი მოაბეზრა მებატონესა და გლეხსაცა. ახლა ამას ისიც ზედ დაართეთ, რომ მაგ საჩივრების გამო ჩვეულებრივი მიწერ-მოწერა გაიმართებოდა ხოლმე, დაბარება, გამოძიება და ამისგამო სიჩივარის თავი თუმცა იყო, მაგრამ ბოლო კი არა ჩანდა. რადგანაც აქ საქმე თითქმის დღიურს საზრდოებაზედ იყო შემდგარი, ამისათვის ვერც მებატონე ითმენდა და ვერც გლეხი იმ დრომდე, ვიდრე სამართალი თავისას იტყოდა. გაიმართებოდა ხოლმე ძალ-მომრეობითი ტაცება, დარბევა და სხვა ამგვარი. ამ დანაშაულობას შეუდგებოდა ხოლმე ახალი საჩივრები და დავიდარაბები. ამაების გამო ცხოვრების ილაჯი გლეხსაცა და მებატონესაც გაწყვეტილი ჰქონდა. რასაკვირველია, გლეხს უფრო ვიდრე მებატონესა, იმიტომ რომ გლეხი დღიური მუშა კაცია და იმისათვის საჩივრების გამო აქა იქ თრევა და ტანტალი ლუკმა პურის დაკარგვაა. მართალია ზოგან რომ არაქათი გაუწყდათ ბატონსა და გლეხსაც, აიღეს და ეგ საშფოთო და განუსაზღვრელი მეოთხედი გადაკვეთილ და გადაჭრილ გადასახადად გაიხადეს, ერთის სიტყვით, შინაურულად მორიგდნენ, მაგრამ საუბედუროდ ყველგან არა. ეგ მარტო იქ მოხდა სადაც გლეხს უფრო კაც-მოყვარე და მშვიდობიანი მამულის პატრონი შეხვდა და საცა მაგისთანა მამულის პატრონს - გულ-მართალი გლეხი. უფრო ბევრგან კი ჯაბრისაგამო თუ დავიდარაბის სიყვარულისა გამო, ისევ ის განუსაზღვრელი, სახათაბალო, მიზეზიანი მეოთხედობა დარჩა. ამისგამო დღესაც თუ არ წეწვა და გლეჯაა, უსიამოვნობა მაინც არის და არის.

მთავრობას, რომლის თაოსნობითაც გაუქმდა ჩვენში ბატონ-ყმობა, წინადვე დანახული აქვს ეგ უსიამოვნო შედეგი განუსაზღვრელის ყოფა-ცხოვრებისა და ბატონისა და გლეხის საკეთილოდ წამალიც ცნობილი და ნაპოვნი აქვს. თუმცა მეოთხედობა გლეხთა-განთავისუფლების წესდებაში შევიდა, მაგრამ მთავრობის შორმხედველობითმა მსჯელობამ ყურადღება მიაქცია იმ უმცირესთა დედა-აზრსაც, რომელიც წინ მოვიხსენიეთ. იმავ წესდებაში ორი გზა არის ნაჩვენები ბატონ-ყმობის საქმის უკეთ დაბოლოებისათვის. პირველი და უკეთესი ის, რომ გლეხს ღონისძიება აქვს მთავრობისაგან დანიშნული მამული შეისყიდოს და მეორე ის, რომ ვიდრე ეს მოხდება, ეგ მეოთხედი ერთს განსაზღრულ და გადაკვეთით გადაჭრილ გადასახადათ უნდა იქცეს. ამ ორს საგანზედ შემდეგში გვექნება ლაპარაკი.

4 მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის

▲ზევით დაბრუნება


მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის

წავიდა ის დრო, როდესაც თვითვეული სახელმწიფო, თუ საზოგადოება მარტო თავისის თავის მაყურებე-ლი იყო და მარტო თავის კერძო ავკარგიანობაში გართული. თვითოეული ქვეყანა ისე მკვიდრად იყო კარჩაკეტილი და ზღუდე მოვლებული, ისე მიუკარებლად განშორებული სხვა ქვეყნებთან, რომ თითქო ჭირს ერიდებაო, ან მტერს ესაფრებაო. ერთის ქვეყნის ხალხი მეორეს ან მტრის თვალით უყურებდა, ან თავ-მოწონებით, რომ მე ის როგორ მეკადრებაო. თქმა აღარ უნდა, რომ ამ გვარს კარჩაკეტილობას და მიუკარებლობას დიდი მავნებელი ზედმოქმედება უნდა ჰქონოდა ხალხთა ყოფა-ცხოვრებაზედ, უნდა ძალიან შეეფერხებინა მისი განათლება, განვითარება, მისი უკეთესობის წადილი და მიდრეკილება. ოთხს კედელშუა დამწყვდეული საზოგადოება ერთხელ დადგინებულის წესასა და ჩვეულების შეგუბებულს ჰაერში სულს იტრიალებდა; გარედამ მას არც მზე და არც გამაცოცხლებელი სიო არ ეკარებოდა. ჯეროვანად ცნობილი სხვის მაგალითი, რომელიც შეადგენს დიდს ძალს განათლებისას და უკეთესობისას, თავისის მეზობლების გაცნობა, მათი ყოფა-ცხოვრების შესწავლა, მათის ავ-კარგიანობის შეტყობა და აქედამ ნაყოფის გამოტანა ყველა ეს გაუგებარი იყო იმ დროების საზოგადოებისათვის, თუ არ მტრობისა და ჩხუბისთვის, თუ არ ომიანობისათვის ერთი ხალხი მეორეს არ შეხვდებოდა ხოლმე.

ხოლო მოვიდა ჟამი და ქვეყნის ისტორიის სურათი სრულიად გამოიცვალა. საზოგადოებამ ჰსცნო აუცილებელი საჭიროება უცხო ხალხთა ცხოვრების გაცნობისა; დაინახა რომ თავისი ბედი და უბედობა ბევრად დამოკიდებულია უცხო ხალხთა ბედსა და უბედობაზედ, დაინახა რომ ხალხთა შორის მისვლა-მოსვლა, ურთიერთის გაცნობა ძლიერი საშუალებაა ხალხის წინ ფეხის წადგმისათვის, ცხოვრების უკედ მოწყობისათვის. ამაში მდგომარეობს სხვათა შორის ამ ახალის დროის ერთი შესანიშნავი ღირ-სებაცა. როგორც ადამიანისათვის ცალკე, ისე საზოგადოებისათვის საერთოდ სხვის მაგალითი დიდი რამ არის ცუდი, თუ კარგი ორივ გამოსაყენებელია, ცუდს ავიცდენთ, კარგს მივითვისებთ. აქედგან ჰსჩანს, რომ ყოველმა გაზეთმა ანუ ჟურნალმა უნდა შესაბამი ადგილი მისცეს და ღირსეული ყურადღება მიაქციოს უცხო ხალხთა ცხოვრებას და მდგომიარობას, თუ სურს სხვის მაგალითით თვით ცნობა გაუადვილოს საზოგადოებას, ბედნიერების გზა აპოვნინოს, იმიტომა რომ ყოველ ამისათვის მაგალითი ცნობანი სხვა ცხოვრებაში აუარებელია.

ამ სახით სამაგალითო და ღირს საცნობ საგნად წარმოგიდგება სხვათა შორის უცხო ხალხთა საპოლიტიკო ცხოვრებაცა. გარდა ამისა ხალხნი და სახელმწიფოები ისეთ ნაირად არიან ერთი-ერთზედ დამოკიდებულნი, ურთერთის საქმეში ჩართულნი და ჩაბმულნი, რომ ერთას საპოლიტიკო ცხოვრებას და მოძრაობას მეორისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრითაც საპოლიტიკო ცხოვრების შესწავლას თვისი ღირსება და ადგილი აქვს. მაშასადამე ჩვენც უნდა მივცეთ საზოგადოებას ღონისძიება, რომლის მეოხებითაც მან უნდა გაიცნოს უცხო ხალხთა ყოფა-ცხოვრება, და ცნობიერებით თვალ-ყური ადევნოს მათს საპოლიტიკო მოძრაობასა. ამ მოვალეობის აღსასრულებლად დანიშნულია ჩვენის გაზეთის ერთი ნაწილი „უცხოეთი“.

აწინდელ საპოლიტიკო ცხოვრების მიმდინარეობას მით უფრო ადვილად ავადევნებთ თვალ-ყურს, მით უფრო სახეიროდ და მკვიდრად გამოვიყენებთ მას, რასაც ამ საგანზედ გავიგებთ და დავინახავთ, რამოდენადაც ჩვენ შესწავლული გვექნება სხვა და სხვა სახელმწიფოების აგებულება, მათი საზოგადობრივი და მთავრობითი წყობილება, მათი აწმყო და წარსული. ამ მიზეზით საჭიროდ ვრაცხთ წარვუდგინოთ მკითხველს ზოგიერთი თვალთ საჩინო ცნობა იმ სახელმწიფოებზედ, რომელთა შორის უმთავრესად მიმდინარეობს ამ ჟამად საპოლიტიკო ცხოვრება. ჩვენ აღვნიშნავთ მხოლოდ იმისთანა საგანსა, იმისთანა საჭირო ცნობას, ურომლისოთაც ჩვენის ფიქრით საყოველ-დღეო მოძრაობა პოლიტიკისა ძნელად გასაგებია და მისაწვდომი.

ამ გვარ განხილვას ჩვენ ვიწყობთ ოსმალოთა სახელმწიფოდგან, რადგანაც თითქმის ამ სახელმწიფოზედ არის ამ ჟამად მიქცეული მთელის ევროპის განსაკუთრებითი ყურადღება.

–––––––––––

ოსმალეთი. დიდძალი უჭირამს დედამიწაზე ოსმალეთის სახელმწიფოს. მისი სივრცე შეადგენს 103, 816 ოთხკუთხე მილს (გეოგრაფიულს[1]), ამ სივრცეზე სცხოვრობს ორმოცდარვა მილიონზე მეტი სული (48, 283, 400). უმეტესი ნაწილი ამ სივრცისა მდებარეობს აზიასა და აფრიკასა, ასე რომ ევროპის ოსმალეთს ეკუთვნის მარტო 9,594 ოთხ-კუთხე მილი, რომელზედაც (რუმინია და სერბიაც რომ ზედ მივათვალოთ) იმყოფება თხუთმეტ მილიონამდე მცხოვრები (14, 956, 900). ოსმალეთის პირ-და-პირის მფლობელობის ქვეშ იმყოფება სივრცე 6, 602 ოთხ-კ. მილი, რომელზედაც სცხოვრობს 8, 506, 900 სული.

აი როგორ განიყოფება ეს რიცხვი სხვა და სხვა ტომის ხალხთა შორის: ოსმალები ორ მილიონზე ცოტა მეტია (2, 210, 800), დანარჩენი ეკუთვნის სლავიანებს (უმეტესი ნაწილი) ე.ი. სერბიელებს და ბოლგარიელებს, შემდეგ რუმინიელებს, ალბანელებს, ბერძნებს, სომხებს, ურიებს, ბოშებს და თათრებსა.

ოსმალეთში მცხოვრები ხალხი სარწმუნოებით განიყოფება უმთავრესად ორნაწილათ, ქრისტიანები და მაჰმადიანები. ევროპიისოსმალეთში, ბალკანიისნახევარ-კუნძულზე, ქრისტიანნი შეადგენენ უმეტეს ნაწილს, მაჰმადიანების რიცხვი მხოლოდ ოთხ მილიონამდისინ ადის. ეს რიცხვი შესდგება როგორც ოსმალებისგან, აგრეთვე სხვა ტომის ხალხებთაგანაც (სლავიანები და ალბანიელები), რომელთა შორის ბევრმა მიიღო მაჰმადის სარწმუნოება ოსმალების ძალდატანებით და ბევრმა კი თავის ნებითა, უფრო აზნაურობამა და მამულის მეპატრონეებმა. ამათ ამით დაიხსნეს თვისი უფლებანი და თვისი ქონება. ეს გამაჰმადიანებული ბატონები, ეს თავიანთ სამშობლოს მოღალატენი უფრო სასტიკად ეკიდებიან თავიანთ ადრინდელ მოძმე ხალხს ვიდრე თვითონ ოსმალნი. ამიტომაც მათკენ არის მიქცეული მათის ქვეყნის რისხვა და შეჩვენება.

პირველად ოსმალები შევიდნენ ევროპაში მცირე აზიიდგან 1355წ., წაართვეს ბერძნებს ქ. ადრიანოპოლი, დაიპყრეს მაკედონია, ალბანია, სერბია და 1453წ. აიღეს სტამბოლი (კოსტანტინეპოლი). ამ წლიდგან მოყოლებული და თითქმის მეჩვიდმეტე საუკუნემდე ოსმალეთის სახელმწიფო იზდებოდა და მკვიდრად სდგამდა ფეხს ევროპაში. მაგრამ მეჩვიდმეტე საუკუნედგან ბედმა ღალატი დაუწყო: სერბია და ეხლანდელი რუმინია (უწინდელი მოლდავია და ვლახეთი)[2] თითქმის სრულებით განთავისუფლდნენ, ოსმალეთს ხელიდამ გამოეცალა საბერძნეთიც და სხვა.; 1830 წ. საფრანგეთმა წაართვა მას ალჟირი, 1840 წ ეგვიპტემ თითქმის სრულებით გაიტანა თავი. ყირიმის ომიანობაში ოსმალეთი სრუ-ლად დაიღუპებოდა საფრანგეთი და ინგლისი რომ არ მიშველებოდნენ.

ახლა გადავავლოთ თვალი ოსმალეთის შინაგან განწყობილებას და იმ საფუძვლებს, რომლებზედაც დამყარებულია მისი ძალა და გამძლეობა.

ოსმალეთში მონარხიული განუსაზღვრელი მართველობაა[3] ე.ი. მთავრობითი უფლება ეკუთვნის ერთ პირს, რომელსაც უწოდებენ ხონთქარს ანუ ფადიშაჰს. ყოველისფერი, რაცკი შეეხება თითოეულის კაცის ცხოვრებას ან საზოგადო განწყობილებას დამოკიდებულია ხვანთქრის განუსაზღვრელს ნებაყოფლობაზედ. ყოველი მისი ქვეშევრდომი კაცი უნებური ყმა არის მისი და ერთიანათ, ხორცით და სულით ეკუთვნის მას. ხონთქარს განუყოფელად უპყრია საერო და სასულიერო უფლება; იგი არის ლაშქართ-მთავარი, უმაღლესი მოსამართლე და მღვდელთმთავარი. ხონთქრის შემდეგ პირველი საერო პირი ოსმალეთში არის ვეზირთუუხუცესი, რომელსაც პირ-და-პირ ემორჩილებიან მინისტრები და არიან მისი ხელქვეითნი. შეიხ-ულ-ისლამი არის სამღვდელოების წარმომადგენელი, ულემების უფროსი, ულემები აღსრულებენ ორგვარ თანამდებობას: სასულიეროს და სამსაჯულოს. თვითონ შეიხულ-ისლამს კი არა აქვს არც სასულიერო და არც სამმართველო მნიშვნელობა. მისი საკუთარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ განმარტოს და აღხსნას კანონი, როცა ამაზედ ცილი ჩამოვარდება. ყველა უმაღლესი თანამდებობის კაცები შეადგენენ საბჭოს, რომელსაც უწოდებენ დივანს, ამისგარდა 1808 წ. დაარსებულია სახელმწიფო საბჭო, რომელსაც კანონმდებლობითი უფლება აქვს მინიჭებული, ესე, იგი, კანონისა და წესდებულების დადგენის უფლება. მისთა მწევრთა ირჩევს და ნიშნავს თვითონ ხონთქარი.

ოსმალეთის სახელმწიფო დაყოფილია რამდენიმე ვილაიეტებათ, იმის მსგავსად როგორც საფრანგეთი დეპარტამენტებათ ან რუსეთი გუბერნიებათ. თითო ვილაიეტის უფროსი არის ვალი (გენერალ-გუბერნატორი). ვილაიეტი შესდგება რამდენიმე სანჯაყიდგან (უეზდები), რომელთა უფროსებს უწოდებენ მუტტე-სარიფებს. თითო სანჯაყი თავის მხრით შესდგება რამდენიმე ყაზასისგან, რომლის გამგებელი არის კაიმაკამი.

რასაკვირველია ეს ზემოხსენებული განწყობილება არ შეეხება იმ ქვეყნებს, რომელნიც მხოლოდ ხარკს აძლევენ ოსმალეთს და სხვაფრივ კი სრულებით თავისუფალნი არიან. ამათ თავიანთ განწყობილება აქვთ.

ოსმალეთის შემოსავალი ერთიანად იქნება 160 მილიონი მანეთი, გასავალი კი 190 მილონზე მეტია; ასე რომ ყოველ წელიწადს აკლდება 30 მილონი მანეთი და ამისგამო განუწყვეტელ ვალშია ჩავარდნილი. 160 მილიონიდგან მარტო ვალების სარგებელში ოსმალეთს ეხარჯება 100 მილიონამდისინ და შინ სახარჯოთ რჩება მარტო 60 მილიონი.

აქედან სჩანს, რომ საშინელს ვალში უნდა იყოს ჩავარდნილი ოსმალოთა სახელმწიფო. მაგალითებრ, ორის წლის წინეთ მისი ვალი იყო 1,500 მილიონი მანეთი. ახლა იფიქრეთ როდის უნდა ამ უბედურმა გადაწყვიტოს ამოდენა ფული? სახელმწიფოს, რომელიც ამისთანა მდგომარეობაშია ჩავარდნილი, ცოტაღა უკლია გაკოტრებამდე და დიდი ხანია გაკოტრდებოდა კიდეც ევროპიელი ბანკირები რომ არ მოშველებოდნენ. ესენი თითქმის ნახევარ ფასათ ყიდულობდნენ ოსმალეთის თამასუქებს და როგორც იყო ასაღებდნენ ბირჟაზე. უბედურება ის არის, რომ ეს უშველებელი ვალი, სრულებით უნაყოფოთ იხარჯება და არა ვითარი წარმოება არ აქვს ხალხის სიკეთისა და კეთილ-მდგომარეობისათვის. უმეტესი ნაწილი ამ ფულისა მიდის სულთანის არამხანაზე (гарем), და სხვა და სხვა მოხელეთა ჯიბეში.

ოსმალეთის უფლება დამყარებულია, რასაკვირველია, სამხედრო ძალაზე, რომელიც ამ რიგად არის გამართული: 1869 წ. დადებულის კანონით ყოველი სრული წლოვანი მაჰმადიანი ვალდებულია სამხედრო სამსახურისა. ლაშკარში უნდა იგი უნდა ითვლებოდეს ოცი წელიწადი: ოთხი წელიწადი მომქმედ ლაშკარში (ნიზამი), რვა წელიწადი რეზერვში (რედიფი) და რვა წელიწადი ლანდშტურმში, ე.ი. იმ ნაწილში, რომელიც სამსახურიდგან დათხოვნილია და მხოლოდ ომიანობის დროს გამოიწვევა.

მშვიდობიანობის დროს ოსმალეთის ლაშქრის რიცხვს შეადგენს 157, 667 კაცი. ომიანობის დროს კი ოსმალეთს გამოჰყავს ლაშქრათ - 586, 100 კაცი. ამას უნდა მიუმატოთ სამხედრო ხომალდის ჯარი, რომელიც შეადგენს 50, 000 კაცს ომიანობის დროს.

დიდ სამწუხარო სურათს წარმოგვიდგენს ოსმალეთის შინაგანი ყოფა-ცხოვრება. თუმცა ბუნება ოსმალეთში მდიდარია და უხვად აძლევს მას ყოველისფერის მოსავალს, მაგრამ ხალხი კი საშინელ სიღარიბეში და სიგლახაკეშია ჩავარდნილი. ეს გარემოება ჩვენის აზრით დიდათ შესანიშნავია და ღირს რომ შევუდგეთ ცოტაოდნათ დაწვრილებულ მოთხრობას, მით უფრო რომ ეხლანდელი სლავიანების არეულობა გაუგებარი დარჩება თუ არ გამოვიკვლიეთ ოსმალეთის ეკონომიური და საზოგადოებრივი მდგომარეობა. ჩვენ გვექნება მხედველობაში ნამეტნავად ბალკანის ნახევარ-კუნძული, რადგანაც მხოლოდ აქ მცხოვრები ხალხი აძლევს ოსმალეთს იმ მნიშვნელობას, რომელიც მას აქვს ევროპიის ისტორიაში ამ უკანასკნელს დროს.

ავიღოთ მაგალითად ჰერცოგოვინა, ის ნაწილი ბალკანის ნახევარ-კუნძულისა, რომელშიაც პირველად ასტყდა სლავიანების აჯანყება 1875 წ., რომლიდამაც გადაედვა ეგ აჯანყება თითქმის მთელ ნახევარ-კუნძულს და რომელმაც წამოაყენა ეხლანდელი პოლიტიკური არეულობა ევროპაში.

ჰერცოგოვინა არის სანჯაყი ბოსნიის ვილაიეტისა. მისნი მკვიდრნი მცხოვრებნი სერბიელნი არიან. უმეტესი ნაწილი ქრისტეს სარწმუნოებისაა და ზოგნი კი მაჰმადიანები. ეს მაჰმადიანები არიან შთამომავალნი იმ აზნაურშვილთაგან, რომელთაც, როგორც ზემოდ იყო მოხსენებული, ჰერცოგოვინის დამორჩილებისა და აოხრების დროს, მიიღეს მაჰმადიანობა და მითი მოიგეს თავიანთი მამულები, ქონება და ადრინდელი უფლებანი.

ყოველ ქვეყანაში ხალხის კეთილ-მდგომარეობა, მისი ეკონომიური ცხოვრება ბევრად დამყარებულია მასზედ თუ როგორ არის განწყობილი მცხოვრებთა შორის მიწის მფლობელობა. დავხედოთ რა გვარად არის მოწყობილი ჰერცოგოვინაში ეს მიწის მფლობელობა. მაჰმადიანთა სასულიერო წიგნში, რომელსაც ყორანს უწოდებენ, გამოხატულია ის კანონი, რომლის ძალითაც მიწა ერთიანად ალლაჰის საკუთრებაა და იგი ვისაცა სურს, იმას ჩააბარებს მოსახმარებლად, ამის დაგვარად მიწის მფლობელობის უფლება, მაჰმადიანის კანონის ძალით, მინიჭებული აქვს ხონთქარს, რადგანც დედა-მიწაზედ ალაჰის წარმომადგენელი მარტო იგია. ამის გამო განუსაზღვრელი პატრონი მთელის ოსმალეთის მიწისა მარტო ხონთქარია და თუ კერძო პირთ ხელთ უჭირავთ მარტო იმისათვის, რომ დროებით იხმარონ და სამუდამოდ თავისათ არ გამოელოდნენ. ამ შემთხვევაში ხონთქარის ნებას წინ ვერ დაუდგებარა. როცა სურს, ერთს წაართმევს მიწას და გადაჰსცემს მეორესა, ან ერთსაც ხელ ცარიელს დასვამს და მეორესაც. ამ გვარს ძირეულს წყობილებას ის სამწუხარო შედეგი მოსდევს, რომ მიწის დროებით მხმარებელს არავითარი სარფა და ხალისი არა აქვს ბევრი შრომა გაჰსწიოს მამულის სამკვიდროდ გაკეთებისათვის, უკედ შემუშავებისათვის. მემამულეს ხვალის იმედი დაკარგული აქვს: დღეს ასეა, ხვალე ღმერთმა უწყის რა იქნებაო.

აი ამ საგანზედ რა შეუნიშნავს ჰერცოგოვინაში ერთს მწერალსა. იგი მოგვითხრობს:

„როდესაც ჰერცოგოვინის უფროსებმა მიიღეს მაჰმადის სარწმუნოება, ხონთქარმა მოჰამედმა II დაურიგა მათ თითქმის ერთიანად რაც მიწა იყო. ხალხსკი, რომელმაც არ ინდომა ქრისტიანობის ღალატი, მიწის საკუთრება ჩამოერთო. იგი დარჩა თვის მიწაზედ მოიჯარადრეთ, მას უნდა ემოქმედებინა იჯარასავით აღებული მიწა, მიწის პატრონისათვის ეძლია ხარჯი და მთავრობისათვის მოსავლის მეათედი ნაწილი. თუმცა ნამდვილი ბატონ-ყმობა ჰერცოგოვინაში არასოდეს არა ყოფილა, მაგრამ ეკონომიურის მხრით ჰერცოგოვინის რაია (გლეხი) სრულიად ყმა იყო მიწის პატრონისა, რომელსაც აღას ეძახიან. რაიას სრული უფლება ჰქონდა ერთის ადგილისათვის დაენებებინა თავი და მეორეზე გადასულიყო, მაგრამ ეს უფლება მისთვის სრულებით ფუჭი იყო. რადგანაც ყოველგან ერთრიგი მოწყობილობა დახვდებოდა ხოლმე და აღისა და ადგილის გამოცვლით მისი ბედი არ იცვლებოდა. გარდა ამისა მიწის მეპატრონეებს პირობა ჰქონდათ შეკრული, რომ არ მიეღოთ იგი, ვინც უკმაყოფილობით ერთს აღას თავს ანებებდა და მეორესთან მიდიოდა. რაიას არავითარი ღონისძიება არა ჰქონდა რომ ამ უბედურ მდგომარეობას როგორმე გადარჩენოდა, რადგანაც არ იყო მისთვის დანიშნული სახელმწიფო მიწა სამუდამო სამფლობელოდ. თუ ქრისტიანი როგორმე მოახერხებდა და ჩაიგდებდა ხელში უქმს მიწას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრება იყო, ანუ სადმე ტყეში ახოს გამოიღებდა და საცხოვრებელს გაიკეთებდა, მაშინვე მის მეზობელი აღა დაიჩემებდა ამ მიწას და თვით მოამაგეს კი ხდიდა თავის მეიჯარადრეთ (кметъ). ოსმალეთის მთავრობა არასოდეს არ ყოფილა იმდენად შემძლე, რომ შუამდგომლობა გაეწია მეიჯარადრის და აღის შორის, თავის მფარველობის ქვეშ მიეღო მიწის მოამაგის შრომა და მით დაესხნა იგი ადგილობრივის თავად-აზნაურობის ძალმომრეობისა და ტაცებისაგან. ეს თავად-აზნაურობა რასაც უნდა იმას მოქმედობს. ჩივილი ფაშასთან სრულებით უნაყოფოა და რაიის სამწუხარო მდგომარეობას არა ვითარს შეღავათს არ აძლევს. მისი სიცოცხლე და ქონება აღის ხელშია.

ამგვარი განწყობილება მამულიანობის უფლებისა ძალიან მავნებელია როგორც სახელმწიფოსათვის, აგრეთვე ხალხის ეკონომიურის წარმატებისათვის. ჰერცოგოვინას საუბედუროთ მიწაც ნაყოფიერი არა აქვს. ეგეც რომ არ იყოს, თუ კაცი თავისუფალი და დარწმუნებული არ არის, რომ მისი საკუთარის ოფლით ნაშრომი მისია, ხელუხლებლად თვით მოხმარდება და სხვა არ შეეცილება, იმისი ხალისი შრომისათვის მკვდარია, იმისი მეურნეობა წინ ფეხ-წაუდგმელია, უკეთილოა. ჰერცოგოვინის რაიიმ კარგათ იცის, რომ იგი თავის ქვეყანაში მხოლოდ მუშა ხარია. რაგინდ ჯაფა გასწიოს და სულიც გაიგდებინოს მაინც ახალ-ახალი გარდასახადი უარესს დღეს დააყრის. ამის გამოისობით ყოველს ჰერცოგოვინელს მარტო ისა აქვს ფიქრად, რომ თავისის ოჯახის სამყოფი მოსავალი მოიყვანოს და მხოლოდ მარტო ამისათვის ამოქმედოს მიწა.

მიწის უკედ შემუშავება, მისი გაკეთება, განაყოფიერება ამისათვის ოფლის ღვრა, მეტის შეძენისათვის შრომა იმას გულიდამ ამოღებული აქვს.

ხვანთქრის მთავრობას არავითარი ღონისძიება არ მიუღია, რომ როგორმე შესწყვიტოს ეს ქვეყნის დასაღუპავი უწესობა მაჰმადიანის აღის და ქრისტი-ანის რაიის შორის დამით ბრძოლას და ვაი ვაგლახს ბოლო მოუღოს.

მთავრობა იქმნება კიდეც ძალად ხუჭავდეს თვალს, რომ ურთიერთის მტრობით ჰერცოგოვინამ ძალა გამოილიოს და მით უფრო მტკიცედ და ამასთანავე უხარჯოდ და უიარაღოდ დაამყარებინოს მუნ მთავრობის უფლება. საზოგადოდ მთელს ოსმალეთში ერთი უცნაური წესიც არის მაჰმადიანთ-მამულის მეპატრო-ნეთ სასარგებლოდ. რადგანაც მიწას სახელმწიფო ხარჯი ადევს, მაჰმადიანები აი რა საშუალებას ხმარობენ, რომ ეგ ხარჯი თავიდამ აიცილონ: რომელსამე მეჩითს შეჰწირვენ ხოლმე თავის მამულს და რადგანაც მამული ამით წმინდანის კუთვნილებათ შეიქმნება, ამისგამო იგი თავისუფალია ყოველის გარდასახადის და ხარჯისაგან, თუმცა კი მამულს ისევ თვით შემწირველი ხმარობს თავის სასარგებლოდ და არავის არასფერში წილს არ უდებს. ამ რიგად შეწირულს მამულებს ჰქვიან „ვაკუფ“. თითქმის მთელი მესამედი ოსმალეთის მიწებისა ვაკუფად არის დადებული. ამ მიწებიდამ არავითარი შემოსავალი არა აქვს სახელმწიფოს. რაც რამ მიწის ხარჯია სახელმწიფოში აწევს ზურგზე იმავე რაიას.

მაჰმადის კანონის ძალით მეათედი ნაწილი მოსავლისა ხაზინაში შედის,[4] აი მაგალითად როგორც ჰკრეფენ ამ ხარჯსა. ეს გარდასახადი, როგორც ყოველივე სხვა ხარჯი ოსმალეთში კერძო პირებს აქვსთ აღებული იჯარით. გუთნის-დედანი ვალდებულ არიან მოაგროვონ ერთიანათ ჭირნახული ერთს ადგილს, მინდორშივე დააწყონ და ისე შეინახონ ვიდრე ხაზინის მოხელე თუ მოიჯარადარე მოვა და წაიღებს მეათედ ნაწილს. ეს ასეა დაწესებული, რომ მოტყუებას ადგილი არ ჰქონდეს. ვიდრე მოხელე მოვა ჭირნახულს ან წვიმა დაასველებს, ან საქონელი ააოხრებს, ან ფრინველი შეჰსჭამს. ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ვიდრე ხაზინა მოვა და წაიღებს თავის მეათედს, ჭირნახულს თითქმის ნახევარი ფასი აკლდება.

––––––––––––

1 გეოგრაფიული მილი შვიდი ვერსტია

2 სერბია და რუმინია ამ ჟამად ოსმალეთის მოხარკე სახელმწიფონი არიან: ვალდებულნი არიან აძლიონ ოსმალეთს ყოველ წელიწადს დადებული გარდასახადი. მხოლოდ ამაში მდგომარეობს მათი დაოკიდებლობა ოსმალეთზედ, სხვაფრივ კი სრულებით თავისუფალნი არიან.

3 ეხლა ოსმალეთში გამოცხადებულია ხონთქარის ნება, რომლის ძალითაც მის ხალხს ეძლევა კონსტიტუცია ე.ი. იმ რიგი მამრთველობა (სხვა ევროპიელის სახელმწიფოების მსგავსად), რომლითაც ხონთქრის თავისუფალ ნებას ეძლევა საზღვარი, ისე რომ ერთი შესანიშნავი ნაწილი ფადიშაქის უფლებისა უნდა მიეცეს თვითონ ხალხს. ეს ახალი წესი გამოცხადებულია და ჯერ სუფევს მხოლოდ ქაღალდზედ.

4 ეს მეათედი (ასის-თავი) თან-და-თან მატულობს და ეხლა თითქმის მეოთხედამდე ასულია.

5 ქალაქის სცენები

▲ზევით დაბრუნება


ქალაქის სცენები

ერთის დღის აღწერისა 1876 წ.

I

(ქუჩაში ორი დედაკაცი ერთმანეთს შეეყრებიან).

- მშვიდობა შენი ნახვა, ბატონჯან, როგორა ბრძანდები, ხომ მშვიდობითა ხარ? რახანია არ მინახევხარ. ასეთი მენატრებოდი, ვიძახდი ნეტავი ერთი ბატონი ვნახო მეთქი.

- ღმერთმა მშვიდობა მოგცეს და კეთილი, ჩემო თინათინ! მზის ცქერით გამაძღარიმც ყოფილ-ხარ და დაგიბეროს ღმერთმა ი შენი ყვავილები! მე რაღა ყოფაში ვარ, რომ იცოდე, ჩემო დაზე უსაყვარელესო დაო და თვალის სინათლევ!? დღე მოსვენება აღარა მაქვს და ღამე ძილი. ფიქრისაგან ჭკუაზე აღარა ვარ; ასეთი ნაღველი და ვარამი დამაწვა, რომ ღმერთო შეგცოდე, სულის წაწყმენდისა არ მეშინოდეს, წყალს მივეცემოდი.

- რა ამბავია, ბატონჯან, ავათ ხომ არავინ გაგხდომია? გული შეიმაგრე დედაკაცო.

- ავათ კი არავინ გამხდომია, ვენაცვალე ღვთის მადლსა; მაგრამ ავათმყოფობაზე უარესი ვარამი მაწუხებს. აბა შენ იფიქრე, ერთი შვილის მაყურებელი რა გულით უნდა ვიჯდე: ამბობენ, ახლა კარ-და-კარ უნდა იარონო და ბიჭები სალდათათ უნდა ჩასწერონო. აბა რა დღე მადგება ამ მოხუცებულობის დროსა!

- იჰ, დედაშვილობას! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ტყუილი ამბავია ეგ ამბავი. შენგან არ მიკვირს, ჭკვიანი დედაკაცი ხარ, ეგ რა დასაჯერებელია! მოხუცებული დედაკაცი ხარ, განა არ გეხსომება მაგისთანა ჭორები რამდენჯერ მოუგონიათ და ყოველთვის კი გამტყუნებულა. მე კი არ მოვსწრებივარ და გაგონებით კი გამიგონია, რომ ერმოლოვის დროს ლაპარაკი ყოფილა, სალდათი უნდა გაიყვანონო.

- ეგ კარგა არ მახსომს.

- ვიშ ქა, ერმოლოვის დროსა!

- ჰო, და მერე შვილო, თქვი.

- მერე ისა, რომ ქალაქის ხალხი და ამქრო-ბა ამდგარა ერთ დღესა, თოფ-იარაღით შე-კმაზულა და გასულა ერმოლოვის სახლის წინა. ერმოლოვს უკითხამს, ეს რა ამბავიაო, და ხალხს უთქვამს: ჩვენი მეფეების დროს ასე ვიცოდითო, როცა ომი იქნებოდა, ქუდზე კაცი გამოვიდოდითო და კვლავაც მზათა ვართო; თუ ომი იყოს სადმე, ასე გამოვალთო. სალდათები არა ვართ, მარა ვართო? სალდათის გაყვანა რათ გინდათო? ერმოლოვს თურმე უთქვამს: წადით დამშვიდდით, თქვენ თქვენ საქმეზე იყავითო. საქართველოს ხალხი მეომარი ხალ-ხიაო და სალდათათ თავის დღეშიაც არ გა-ვიყვანთო, რადგანაცაო რომაო ყოველთვის თითონვე გამოვა ომშიო და ვაჟ-კაცობა კარგი იცისო.

- ღმერთმა კეთილი არ დაულიოს. ეგრე, ეგრე ახლა მაგონდება.

- ხომ გეხსომება ერმოლოვი? იმისი სიტყვა ხომ იცი რა სიტყვაა. დიდი გამოჩენილი მთავარ-მმართებელი იყოვო, ასე რომ იმისი სიტყვა თავის დღეში ძირს არც დავარდნილა და არც დავარდება. ხომ გაგიგონია ხელმწიფესთან მიღებული კაცი ყოფილა?

- დიახ გამიგონია და მახსომს კიდეცა. ასეთი წამოსადეგი კაცი იყო, რომ მტრის სანატრელი.

- ჰო და ტყუილია სალდათის გაყვანა და ნურც ინაღვლი, ღმერთი მოწყალეა.

- ღმერთი მუდამ მოწყალეა, ვენაცვალე იმის მადლსა, მაგრამ სანამ ეს საქმე არ გათავდება, მე კი გული გულის ადგილს აღარ მექნება. შენ შვილო მეუბნები, ტყუილიაო; მაგრამ თუ ტყუილია, ე ხალხი მაშ რას ლაპარაკობს, რომ კარ-და-კარ გაწერა იქნებაო და სუყველა დიდი და პატარა ახალ დავთარში უნდა ჩავარდესო. ეს გულს მიხეთქამს. ეს რა დავთარია, რომ ახლა ეს ახალი დავთარიც შემოუღიათ? ერთი დავთარი ხარჯის დავთარია ქალაქისა; ჩაწერილია ჩემი შვილი და გათავებულია. ე რაღა დავთარია?

- ეგ არ გამიგონია.

- როგორ არა. დავთარი უნდა ჩამოატარონ და ძუძუ-მწოვარიდამ მოყოლებული საპყარ მოხუცებულამდინ სულ უნდა ჩასწერონო. სულ წვრილათ უნდა ჩასწერონო; ქალი იყოს თუნდა კაცი; რა ხელობისაა, რა ქონება აქვს, დედ-მამა ჰყავს, თუ დედამთილ-მამამთილი, სიდედრ-სიმამრი, ქვისლი, - ერთის სიტყვით მეშვიდე თაობამდის რაც ნათესაობა ჰყავს, ისიც კი უნდა ჩასწერონ.

- ახლა მითომ ეგ რაღა საჭიროაო, რომ მეშვიდე თაობამდინ ყველა უნდა ჩასწერონო?

- ღმერთმა ნუ იცის ეხლანდელის დროსა და ჟამის ამბავი! ზოგს ცოლი ჰყავს გაქცეული, ზოგს ქმარი, ზოგს შვილი და მითომ ესენი სულ უნდა გამოჩნდეს და გამოცხადდესო; მაგრამ უფრო მეტადრე იმისთვისა, რომ სასალდათო ბიჭები და ვაჟკაცები მოსძებნონო.

- დედმამიშვილობამ სულ ტყუილი ჭორებია და უბრალოთ კიდეც იმას შეუშინებიხარ. აგრე კი არა, აი ასეა; ახლა მივხვდი, რომ სწორეთ არ შეგიტყვია. ქალაქში ახალი უფროსი გამოუგზავნიათ, რომ ყველა ვითარება შეიტყოს. კა-ცებით უნდა მოიაროს ყველას სახლი, დიდისაც, პატარისაც. ყველას სახლი უნდა გაჩხრიკოს, აფურ-ჩუფურიც კი უნდა გაჩხრიკოს და გამოიძიოს. უნდა გამოიძიოს და შეიტყოს, ვის სად რა საჩივარი ჰქონია, ან არზა მიუცია სადმე, ან სასამართლოში შესულა, ან პოლიციაში, - ყველა დაწვრილებით უნდა გამოიძიოსო და სამართალი თავისის ხელით გადასჭრასო.

- ეგ კარგი საქმე ყოფილა! აი ეგ კარგი და ღვთის მოსაწონი საქმეა. ღმერთმა გიშველოს, ჩემო შვილო და თვალის ჩინო, რომ გული დამი-მშვიდე და შვება მომეცი. ღმერთმა სამაგიერო გადგიხადოს! სწორეთ კი ეგრეაო?

- სწორეთ დედმამიშვილობამა! თორემ ნახამ ამ ორიოდ დღეში კიდეც დაივლის ქალაქსაო. მოსკოვიდამ გამოუგზავნიათ.

- კეთილი იყოს იმისი ფეხი! რამდენი ატირებული დედა არის და დაცემული ოჯახი! მშვიდობით ჩემო დაო.

- მშვიდობით, ბატონჯან, ღმერთმა გული დაგიმშვიდოს!

ანჩისხატისუბნელი

(შემდეგი იქნება. „ივერია“ №2)

6 „კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რასაკვირველია“

▲ზევით დაბრუნება


„კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რასაკვირველია““

აი ესეც ახალი გაზეთი ჩვენის ძველის სახელითა. ძლივს არ დაიბადა!.. მაგრამ რაღაც უგემური კი გამოდის. არა აქვს, ფხა!.. მოჰყოლიან, ბატონებო, ეს მეცნიერებაო, ეს ცხოვრებაო, ეს ისაო, ეს ესაო. ვჰსთქვათ რომ მართლაც მეცნიერი იყოს (ტყუის კი თქვენმა მზემ), ვჰსთქვათ, რომ ცხოვრების ამწონიც და დამწონიცა, - ვითომ მაგით რაო? არა ვის წინა თამაშობთ მალაყებსა? მაგითი გინდათ თვალი აგვიბათ განა? მაშ კარგად გიცვნიათ ქართველები, მოგესევით ბატონებო, ასეთს კორიანტელს აგიყენებთ, რომ თქვენის საქმის, ვერც თავი გაიგოთ და ვერც ბოლო. ვითომ ბევრი ქექა და თავის-ტკენა დაგვჭირდება თუ!..ამის მეტი ხომ არა დაგვეხარჯებარა, რომ ეგ თქვენი „ივერია“ უკუღმა წავაკითხოთ საზოგადოებასა. ეგ სახელი უკუღმა რომ წავიკითხოთ „აირევი“ გამოვა. აი აგერიოთ გზა და კვალი!.. კაი სახელი დაგირქმევიათ, ო თქვენმა მზემ!

რაო? მეცნიერება და ცხოვრებაო?!.. აი მეხი კი და-გეცათ. გაზეთიო მეცნიერებისა და ცხოვრების შორის შუამავალიაო. მაჭანკალი გეთქოთ. არა, ჯერ ერთი ეს მითხარით: ჩვენს უფერულს, უგემურს, ზლაზვნით მოარულს ცხოვრებას რა აქვს დასაბარებე-ლი მეცნიერებასთან, რომ მოციქული აგიჩენიათ. ან თვითონ მეცნიერებას ნუ თუ უჩვენოდ ვეღარ გაუძლია, ნუ თუ უჩვენოდ ფეხი წინ ვერ წაუდგამს, რომ მის მხრითაც შუამავლის მოგზავნა საჭიროდ დაგინახავთ. ჩვენს ცხოვრებას მეცნიერებასთან რა ხელი აქვს და მეცნიერებას ჩვენს ცხოვრებასთან? ვითომ აქამომდე, რომ ესენი უმძრახად იყვნენ და უერთმანეთოდ სუფევდნენ _ რა ცუდი იყო, რა დაგვაკლდა? არაფერი, თქვენმა მზემ. მაშ ისე რა გასჭირებია ან მეცნიერებას, ან ცხოვრებას, რომ ერთმანეთთან მოციქულის მიგზავნა დაჰსჭირვებიათ და ამ მოციქულათ ამოურჩევით ეს ახალი გაზეთი. მაგრამ ვინ იცის? იქნება ერთს მეორის ვალი ედოს, იქნება ეხლა დრო მოვიდა გადახდისა და ვიდრე ისტორიის წინაშე განიბჭობიან, სურთ რომ მოციქულის პირით როგორმე მოშველდნენ? იქნება თვითონ ცხოვრებაც ადამიანისა სესხი და ვალი იყოს? თუ ეგრეა, ჩვენ ქართველებს ათადამ ბაბადამ მაგ სესხისა და ვალის მეტი არა გვიკეთებიარა? გვიღია სესხიცა და გვიხდია ვალიცა. ეგ დიდის ხნის ამბავიაო, მეტყვი, მკითხველო! მაშინდელია, როცა ჩვენი ცხოვრება ჩვენს მხრებზედ ეყუდა; როცა ამ მძიმე ტვირთიდამ მხარის გამოცლა ჩვენში სირცხვილი ყოფილა. ეხლაო? ეხლა სეხია ჩვენი ცხოვრება ყველასათვის და ვალია თუ არა ვისთვის მე - ეგ კი ღმერთმა იცის.

შორს წავედი. რაზედ დავიწყე ლაპარაკი და რაში გავები. ქართველი ვარ და ტიტინი მიყვარს. შემინდეთ მეტი სიტყვა გაზეთმაო მეცნიერების შენობისათვის ცხოვრებისაგან მოგროვილი ქვა-კირი უნდა ზიდოსო და იქიდამ კიდევ დედა - ჰაზრები უნდა გადმოიტანოს ცხოვრებაშიო, ნეტა რას მიჰქარავთ!.. მაშ ჩვენი ცხოვრება ქურახანა ყოფილა და თქვენი გაზეთი ტვირთთა მზიდველი სახედარი და სხვა არა რა? ეგ ეგრეც რომ იყოს, რად გიტკენიათ თავი, მაგოდენა ტვირთი რად აგიკიდნიათ? ორში ერთი: ან უნდა გვაჩვენოთ რომ ღონივრები ვართო, შემოგვხედეთ რამოდენა ტვირთსა ვძრავთო, ან გინდათ დაგვანახოთ, რომ გაზეთი ტვირთია და არა ქეიფი, შრომაა და არა ცუღლუტობა, საქმეა და არა მასხარაობა, ვითომ თქვენ მართლა მეცნიერების კარი უნდა გაგვიღოთ?.. თუ ეგ მაგრე ადვილი იყოს, ვითომ ჩვენ უთქვენოდაც მაგას არ ვიქმოდით?.. მეცნიერება სალაროა, საცა აწყვია უკეთესი განძი ადამიანის უკეთესის ჭკვითა და გრძნობით მოპოვებული; იგი უდიდესი ტაძარია, საცა დაყუდებულია დიდებული ხატი კაცობრიობისა, ადამიანის ჭკვითა და გულით ძვირფასის თვალებით შეჭედილი, საცა განუქრობლად ანთია უმშვენიერესი ხომალდი ადამიანის ჭკვითა და სულით ანთებულის ჭეშმარიტებისა. თქვენ იქ, ამ უწმინდესს ტაძარში თქვენი გაზეთი - ეგ ტვირთთა მზიდველი სახედარი უნდა შეიყვანოთ?!.. ფიცი მწამს და მეშინიან ბოლომ არ გამაკვირვოს.

ფიცს მალე ვიწამებთ ხოლმე, იმიტომ რომ გულჩჩვილნი ვართ და მალე დამჯერნი, მაგრამ ბოლო კი ყოველთვის გვაკვირვებს, იმიტომ - რომ უბედურნი ვართ; ყოველი ჩვენი უკეთესი იმედი მტვრად აუგვია ამ ულმობელს ქვეყნის უკუღმართობას და ცხოვრების მძღვრიე წყალთა დენასა წაულამავს, წაულექნია. ვჰსტირით და ვალალებთ რომ ეს ასრე მოხდება ხოლმე და როცა ღრმად ჩავფიქრდებით, ის კი აღარ გვიკვირს, რომ უბედურნი ვართ, მარტო ის გვიკვირს როგორღა ვართ ცოცხალნი შაბაშ, ქართველთ გამძლეობას!...

ნუ დამიღონდი, მკითხველო! რა ვქნა, სიცილით ვიწყობ და გლოვით ვათავებ ხოლმე. სიცილი და გლოვა ვითომ და-ძმანი არ არიან? ვითომ ხელი - ხელ გაყრილნი არ დაიარებიან იმ მუშტის-კრივში, რომელიც არსებითის პურისათვის დღე ყოველ გა-მართულია და რომელსაც ცხოვრებას ეძახიან? ორ პირია, ბატონო, ცხოვრება: როცა ერთი პირი უცინის, მეორე უტირის. ნუ დამიღონდი. ავყვეთ კიდევ ამ ჩვენს ახალს გაზეთსა. თუ ეგრეა დაწესებული, დეე სიცილ-ტირილმა, ამ და-ძმამა გვდიოს ჩვენ ბოლომდინა.

მოჰყოლია ეს ახალი გაზეთი და ყვირის: ჩვენ არ ვიკადრებთო ადამიანის შეურაცხყოფასაო. ნუ იკადრებთ, თუ გიყვარდეთ. განა ქართველები არა ხართ? ვაი თქვენს ლხენასა, თუ ეგრეა. და თუ ქართველები ხართ, გული გაგიძლებთ, რომ არ იმასხარაოთ!.. ყოველი წესი, ჩემო საყვარელნო, პაჭიჭსა ჰგავს, თუ კი ერთი წვერი შემოერღვა, გათავდა კიდეც - სულ ბოლომდე რღვევით წავა. ეს კარგად დაიხსომეთ და ჩაიჭდიეთ გულში.

ეს ადამიანის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო!.. დასწყევლოთ ღმერთმა, რეებს არ მოიგონებენ კაცის მაცდურებისათვის! გვიხსენ, უკუღმართო წუთო სოფელო, ამ ბოროტებისაგან! ბევრი კევრი დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ამისთანა კი ჯერ არც ერთხელ. რაებს ბოდვენ!.. ახლა გინდათ ეგ ვალიც დაგვადოთ კისერზედ, რომ კაცის უფლებას, ზნეობითს კანონს საყარაულო გავუმართოთ. ცოტა ვალი გვაქვს, რომ ეგეც ზედ არ დაართათ. ამ საადგილ-მამულო ბანკებს კი გადაურჩით, რომ მაგაებისათვის მოვიცალოთ! თუნდ ეგეც არ იყოს, მაშ მასხარაობას ქვეყანაზედ ადგილი აღარ ჰქონია. მაშ ადამიანმა რით უნდა მოიშოს გულიდამ ყოველ ცისამარის დღის ვალალება! რით უნდა გაართოს გული! და თუ მასხარაობას ადგილი აქვს, რაზედ და ვისზედ იმასხარებთ, თუ არა დამიანზედ, თუ არ ჩვენს მოძმეზედა? დავიჯერო, რომ თქვენ აქ ფეხი არ წაგისხლტებად და ადამიანის უფლებას და ზნეობითსა კანონსა თქვენ ცოტად თუ ბევრად არ დაარღვევთ? პაჭიჭი გახსოვდეთ, პაჭიჭი! მაგრამ რა? მიგიხვდით, მიგიხვდით თქვენს ოინბაზობას. დახეთ, დახეთ შიშით რა სოროში შეძვრა დაბადებისვე უმალ ეს „ივერია“? თუმცა სოროში მიმალეთ თავი, კუდი კი გარედ დაგრჩათ. არ ვიკადრებთო! ეს კაცის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო! დამეკარგენით!.. თქვენ კარგად იცით რომ თქვენს გაზეთს გამჩხრეკი აუჩნდება ვინმე. უამისოდ გაზეთი უსულოა, უფეროა, უღონოა. რადგანაც თქვენ თქვენის თავის იმედი არა გაქვსთ, რომ თქვენს მოპირდაპირეს სიტყვა შეუბრუნოთ, თვალი გაუსწოროთ, შიშით და სირცხვილით ხმას გაიკმენდთ და იტყვით: არ ვკადრულობთო. თუ ეგრეა ასე მოუხრჩოლებთ ამ თქვენს „ბურთივით რგვალს“ რედაქტორსა, ასე მოუყეფამთ, რომ აიღოს და თვითონვე გამოძვრეს სოროდამა. აბა სეირი მაშინ იქნება აი! აბა მაშინ ვიცინებთ და ვიხარხარებთ! ჩვენს უგემურს ცხოვრებაში ამის მეტი არც გვინდა. ჩვენ ქართველები ვართ, ბედს ჩვენთვის გული არასფერზედ არ აუსუყებია, ამიტომაც ზოგჯერ ცოტასაც ვიმყოფინებთ ხოლმე.

ადამიანის უფლების დარღვევაო!.. ვიშ რა მოუგონიათ! რა გაბერილი სიტყვაა!.. რამოდენი კალთები აქვს! რასაც გინდა, ქვეშ იმას შეაფარებ. აი, აი, აი! ახლა მაგ ქანდარაზედ რომ შემსხდარხართ, ვითომ ფეხს მოიკიდებთ და თავ და ყირა ძირს არ დაეშვებით? ერთი მითხარით, თქვენ ადამიანები ხართ, თუ არა? თუ ადამიანები ხართ, „არა რა ადამიანური თქვენ არ უნდა გეუცხოებოდეთ. ვითომ თქვენ უარჰყოფთ ვნებათა ღელვის ძალ-მომრეობასა: ვითომ უმგზავსოდ დაბრეცილი და აწოწვილი თავ-მოყვარეობა ადამიანისა - არაფრად მიგაჩნიათ: ვითომ ადამიანის შური, მტრობა, შურისძიება თქვენ დაგიმორჩილებიათ; ვითომ გაწუწკებულის გულის ლაქლაქობის სენი ადამიანის თვისებათ არ გიცვნიათ! დავიჯერო რომ ესენი ყველა ერთად და თვითეულად ცალკე გული-დამ სამუდამოდ გაგიდევნიათ? მაშ ადამიანობისა საერთოდ და ქართველობისა საკუთრივ რაღა დაგრჩენიათ? აი თქვე ანგარების მოყვარენო! თქვე ადამიანის უარმყოფელნო, თქვე ქართველობის მოღალატენო! მიგიხვდით, მიგიხვდით. რაც ადამიანობის, ქართველობის უბედურებას შეადგენს, იქიდამ თავს ისხლეტთ და რაც სიკეთეს და ბედნიერებას, იმაში კი წილს იდებთ. ფუ, თქვენს ვაჟკაცობასა, გულშემატკივრობასა, თქვენს სულგრძელობასა! განა ეგრე უნდა? ლხინში მეც შენთანაო, ჭირშიკი შენ შენთვისო და მე ჩემთვისო. ამას უცილოთ თქვენ ვინ დაგითმობთ!

ჩვენი გაზეთიო ჩვენის ცხოვრების სარკე უნდა იყოსო. თუ ეგრეა, მაშ ხომ ჩვენს ცხოვრებაში უნდა ჩაებათ. ის კი აღარ იცით, ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო. ვნახოთ თუ ფერიცა და ზნეც არ გაცვლევინოთ. მე ადამიანის ცხოვრება ცოტად თუ ბევრად მიწვნევია და მწამს რომ შექსპირი მართალია, „სულელთ თამაშაა ადამიანის ცხოვრებაო, ამბობს იგი, გინდა თუ არა ჩავდგეთ და ვიტრიალოთო“. ჩვენც გვინდა თუ არა, ჩავდგებით, ვიტრიალებთ და თან ჩავითრევთ ამ ახალს გაზეთსაცა. მაშინ ვნახამთ ეს თქვენი „ივერია“ როგორ გადიხატავს ამ ტრიალსა. ერთი სიტყვით, კარგი რამ გეჭირება გაგიკვირდება, ავს კი აღარ გავიკვირვებთ. ვნახოთ, მოვიცდით! ჯერ კი როგორღაც უგემუმურია. უფხოა, უფხო, თუ შენც იტყვი, მკითხველო. იქნება გემო და ფხა იმაშია, რისთვისაც ამ „ივერიას“ თავი დაუნებებია? ვინ იცის! ეჰა, ქვეყნის უკუღმართობავ, არა იყავნ ნება შენი!...

7 წვრილი ამბები

▲ზევით დაბრუნება


წვრილი ამბები

28 თებერვალს ტფილისის საადგილ-მამულო ბანკის გამგეობამ წარუდგინა ამა ბანკის ზედა-მხედველს კამიტეტს წარსულის წლის ანგარიში. ამ ანგარიშიდამ სჩანს, რომ ხარჯ გარეითად ბანკს შარშანდელის წლიდამ სამი ათასს თუმანზედ მეტი მოგება დარჩენია. ზედა_მხედველს კამიტეტს, მიღებულის წესისამებრ, დაუნიშნავს კომმისია ამ ან-გარიშის გასასინჯავათ და შესათანასწორებლად. ზედა-მხედველის კამიტეტის დამტკიცების შემდეგ ეგ ანგარიში გამოცხადდება და დაიბეჭდება ბანკის წესდებულებაში აღნიშნულს გაზეთებში.

1 მარტს ფინანსთ სამირისტროს უცნობებია ტფილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველის კამიტეტისათვის, რომ მას პატივის დებაში მიუღია ბანკის წესდებულების ცვლილებანი, რომელნიც შარშან ბანკის მწევრთა საჭიროდ დაინახეს და ზედამხედველის კამიტეტის შუამდგომლო-ბით წარუდგინეს მინისტრსა. მხოლოდ ზოგიერთს დამატებას და ახსნას თხოულობს კამიტეტისაგან სამინისტრო და აწ საქმე ამაზე არის შემდგარი.

თებერვალში დაიბეჭდა ცალკე წიგნათ და ამ დღეებში გამოვა გასასყიდად ინგლისის გამოჩენილის პოეტის ვილლიამ შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირი“ თარგმნილი ქართულად ივ. მაჩაბლისა და ილ. ჭავჭავაძისაგან.

ჩვენ შევიტყეთ რომ მზადდება დასაბეჭდად ქართული წიგნი „ქართველთ ცხოვრება ნიკოლოზ დადიანისა“. ეს თხზულება მით არის უფრო შესანიშნავი თურმე, რომ უკანასკნელი ჩვენის ისტორიის დრო, ვრცლად არის აღწერილიო, ნამდტნავათ იმერეთის ამბებიო.

ამბობენ რომ ქალაქში შეყრილის მილიციიდამ ზოგიერთნი დაუთხოვნელად და თავისი ნებით უკანვე ბრუნდებიანო. ამისი მიზეზი თურმე ის არის მარტო, რომ სოფლის საზოგადოებათა,რომელთაც მილიციონერები ამოურჩევიათ და გამოუგზავნიათ, პირობა მიუციათ და ზოგან ხელ-შეკრულობის ხელ-წერილიცაო, რომ თვეში ამდენ და ამდენს ჯამაგირს ჩვენად მოგცემთო და ამას თურმე არ უსრულებენო.

რედაქცია „ივერისა“ ამით აცხადებს, რომ სასოფლო საამხანაგო ბანკების ანგარიშს და აგრეთვე ქართულის წიგნების თაობაზედ განცხადებას უფასოდ დაჰბეჭდავს.

8 განცხადება

▲ზევით დაბრუნება


განცხადება

ამ წლის მარტის თვიდამ გამოდის ტფილისში

ქართული

საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი

ივერია

დამტკიცებული პროგრამმა რედაქციას ნებას აძლევს იქონიოს გაზეთში შემდეგი განყოფილებანი:

1) წინამძღომელი წერილები, რომლებშიაც გამოითქმება რედაქციის აზრი შესახებ საზოგადო ცხოვრების სხვა და სხვა გვარ საგანთა.

2) საქართველო: განხილვა ყოველის გვარის საგნისა, რაც კი შეეხება ჩვენში მთავრობითსა წარმოებასა და საზოგადოების ცხოვრებასა.

3) რუსეთი: განხილვა ყოველის გვარის შესანიშნავის საგნისა, რაც კი შეეხება რუსეთის სახელმწიფოს წარმოებას და საზოგადოების ცხოვრებასა.

4) უცხოეთი: განხილვა ყოველის გვარის საგნისა, რაც კი შეეხება საზოგადო პოლიტიკას, უცხო ქვეყნების სახელმწიფოს წარმოებასა და საზოგადოების ცხოვრებასა.

5) კორრესპონდენციები შესახებ ჩვენის ქვეყნისა, რუსეთისა და უცხო ქვეყნებისა.

6) სამეცნიერო განყოფილება: წერილები შესახებ ყოველის გვარის მეცნიერებისა.

7) ბელლეტრისტიკა: მოთხრობები, სცენები, ლექსები და სხვა ამ გვარი.

8) კრიტიკა და ბიბლიოგრაფია.

9) ფელეტონი.

10) სასამართლოს მატიანე: სასამართლოების განაჩენის ბეჭვდა და მისი განხილვა.

11) სხვა და სხვა გაზეთის ნაამბობნი.

12) კერძოთა პირთა განცხადებანი და საჭირო ცნობათა სქემა.

გაზეთი „ივერია“ გამოდის კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით.

მარტიდამ იანვრამდე გაზეთის ფასი ექვსი მანეთია როგორც ტფილისელებისათვის, აგრეთვე ტფილისის გარეთ მცხოვრებთათვის.-

ხელის მოწერა მიიღება: „ივერიის“ რედაქციაში, რომელიც იმყოფება ტფილისში, მთაწმინდის ქუჩაზედ, შიოევის სახლებ ზემოდ №5

ქუთაისს, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში. რედაქტორი - გამომცემელი ილია ჭავჭავაძე.