The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (2)1877.03.10


ივერია (2)1877.03.10



ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 „კავკასიის სამეურნეო საზოგადოების“ გამო

▲ზევით დაბრუნება


„კავკასიის სამეურნეო საზოგადოების“ გამო

ამ ცოტას ხანში უმთავრესნი მომქმედნი პირნი „კავკასიის სასოფლო მეურნოების საზოგადოებისა“ გადადგნენ. ძველის პრეზიდეტნტის ნაცვლად საზოგადოებამ ამოირჩივა ახალი, დიმიტრი ჯორჯაძე და სეკრეტრად უფ. ხატისოვი. იმედია რომ ამ ორთა თაოსნობით ჩვენი აქამდის მკვდარი „საზოგადოება“ გამოცოცხლდება და რაიმე სარგებლობას შუსმენს ჩვენს ქვეყანასა. იმედია რომ ამ ორში არც ერთი არ გაექცევა ჯეროვანს შრომასა. ეს იმედი უქმის ჭკუის მონაბერი არ არის და საბუთიანია. ახალი სეკრეტარი, თითქმის თანამდებობის მიღებისვე უმალ, შეუდგა იმის მეცადინეობას, რომ მაგ „საზოგადოებას“ ცხოველი სული ჩაუდგას და მოაშოროს ის მიზეზნი, რომელნიც მას გზას უხლართავდნენ. 14 იანვარს მან წარუდგინა ხსენებულის საზოგადოების მწევრთა კრებას წერილი მაზედ თუ რა ცვლილებაა საჭირო. და რაზედ უნდა იყოს მიქცეული „საზოგადოების“ ყურადღება საკულაოდ, რომ „საზოგადოებამ“ ვალდებული სამსახური გაუწიოს კავკასიას საერთოდ და ჩვენს ქვეყანას საკუთრივ. სიხარულით მოვისმინეთ იგი წერილი. მან გაგვიღვიძა ჩვენ ზოგიერთი აზრი, რომლის წარმოთქმისათვისაც ჩვენ დღეს დრო ჩავიგდეთ.

სოფლის მეურნოებას, ადგილ-მამულის პატრონობის წარმოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის სიმდიდრისათვის ყველგან და ჩვენში უფრო განსაკუთრებით, იმიტომ-რომ ჩვენში სხვა თვალსაჩინო ეკონომიური წარმოები არა არის რა, თვინიერ სოფლის მეურნეობის წარმოებას. თავი და ბოლი ხალხის ცხოვრებისა, საზრდოებისა. სიმდიდრისა მაგაზედ არის დამყარებული. ჩვენ ვიმეორებთ რომ ეს ყველგან ესეა და ნამეტნავად ჩვენში მეთქი. ხალხის სიმდიდრეზედ კიდევ დაფუძნებულია ყოველის მთავრობის სულიერი და ხორციელი კეთილ-დღეობა. აქედამ ადვილად მისახვდომია, რომ მთელს ევროპაში ყოველის ხალხის მთავრობას დიდი ყურადღება, დიდი ზრუნვა აქვს მიქცეული თვისას ხალხის სოფლის მეურნეობაზედ და დიდს ფულსაც ხარჯვენ, რომ მაგ უმთავრესს წეროს ხალსის სიმდიდრისას ფართო რიგიანი და შეუფერხებელი დენა ჰქონდეს.

ჩვენ მოკლედ მოვიხსენიებთ რა წყობილება აქვთ მიღებული ევროპაში ზოგიერთს სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნო წარმატებისათვის.

რომ მართლა მთავრობის ყურადღება და ზრუნვა ფუჭს გულის-ტკიკილად არ იქცეს, მთავრობას იმისთანა წყობილება უნდა ქონდეს, რომ ერთის გზით თავის მეურნოების ნამდვილს, უტყუარს და აუცილებელს საჭიროებას დღე მუდამ სცნობდეს, და მეორეს გზით –– მზად იყოს ფულით, ცოდნით. რჩევით დაუყოვნებლივ შემწეობა მიაშველოს იქ მაინც, საცა კერძო პირთა შემოლება ვერ გასწვდება. ზოგიერთს სახელმწიფოში ესე იყო, რომ ორივე ეგ გზა მთავრობას განსაკუთრებით ხელთ ეჭირა და სასოფლო მეურნოების საქმეთა მარტო თვით განაგებდა, თვით თავისის მოთანამდე პირთაგან ჰსცნობდა საჭიროებას ხალხისას და თვით მოთანმდე პირთაგან მოპოებულს წამალს ადებდა. თითქმის ესე იყო საფრანგეთში, საცა სასოფლო სამეურნო საქმეთა განაგებდა ცალკე „სამინისტრო მიწათ–მოქმედობისა,ვაჭრობისა და საყოველთავო. სამუშაოსი.“ ამ წყობილებას ემდუროდნენ ფრანციელნი. ამბობდნენ, ეგ სამინისტრო, მარტო მიწერ-მოწერაში ვარჯიშობსო და დროსა კარგავსო, საქმე კი იმოდენად არა კეთდება, რამოდენადაც სასურველიაო. ამას გარდა მთავრობის მოთანმდე პირიო, რაც უნდა გულშემატკივარი იყოსო, ნამდვილს ადგილობრივს საჭიროებას ვერ შეიტყობსო, ჯეროვანად ვერ ასწონსო და დააფასებსო. ხალხს რაც უჭირს, თვითონ ხალხმა უკეთ იცისო, ამიტომაც მთავრობა უნდა ცდილობდეს, რომ თვით მიწათ-მომქმედთა იყოლიონ თვისის საჭიროების წარმომადგენელი კრებაო. უტყუარს, ნამდვილს და აუცილებელს საჭიროებას მარტო ეგ ადგილობრივნი წარმომადგენელნი იტყვიანო. ერთი მწერალი ლავერნი ამბობს, რომ სამინისტრომ მოსპო და გააუქმა საფრანგეთში ადგილობრივი სოფლის მეურნეობის საბჭონი, რომელნიც ბევრად თუ ნაკლებ ატყობინებდნენ მთავრობასა ნამდვილს საჭიროებას საფრანგეთის სხვა და სხვა მაზრიდამ, — და ამ სახით თვითონ ხალსს შეუვიწროვა თვით–მოქმედობის ასპარეზი და ყველაფერი თვითონ სამინისტრომ ხელთ იგდოო. ამგვარივე წყობილება არის ბელგიაში. მაგრამ რადგანაც ბელგია პატარა ქვეყანაა (სულ 536 ოთხ-კუთ, მილია), კარგი გზები აქვს, სწრაფი და დაუყოვნებელი ფოშტა და თვით მოთანამდე პირთა ჩვეულებათ არა აქვთ ტეუილ-უბრალო მიწერ-მოწერა, ყოველს თხოვნაზედ მალე იციან პასუხის მიგება, ამიტომაც ფრანციელთა სამდურავის მგზავს რასმეს აქ ბელგიაში ადგილი არა აქვს. თუნდ ეგეც არ იყოს, ბელგიაში მთავრობამ ადგილობრივთ მიწათ-მოქმედთა საზოგადოებას მიანდო. სოფლის მეურნეობის საქმეთა მართვა და გამგეობა, ასე რომ ადგილობრივის საჭიროების გამომთქმელ ორგანოთ თვით ადგილობრივი საზოგადოება გახადა. თვითონ მთავრობამ დაიშთინა მხოლოდ უმაღლესი ზედა–მხედველობა. ეგ ზედა–მხედველობა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობა დრო გამოშვებით შეჰყრის ერთად სოფლის მეურნოების წარმომადგენელთა პირთა, რომელთაც მეურნოენი ირჩევენ, შეადგენს ამათგან საბჭოს, რომელსაც მოსთხოვს ხოლმე ანგარიშს მასზედ თუ სად და როგორ მიდის სოფლის მეურნოების საქმე, გამოკითხავს ადგილობრივთა მიწათ-მომქმედთა საჭიროებას და მათის რჩევით და თვის შეძლებისა კვალად ნიშნავს კარგა ფულს სოფლის მეურნეობის წარმატებისათვის. ამბობენ, განსაკუთრებით ეს არის მიზეზიო, რომ ბელგიის სოფლის მეურნოება ბევრად მაღლა დგას საფრანგეთის მეურნოებაზედა. პრუსია უფრო წინ წავიდა ზოგიერთის უფლების დათმობის გზაზედ. აქ მთავრობა მარტო იმის ცდაშია, რომ სოფლის მეურნოების წარმატებას ყოველივე დაბრკოლება მოაცალოს და საცა საჭიროება მოითხოვს ფულით, ცოდნით, რჩევით და ხშირად, მაგალითითაც შეეწიოს მიწათ-მომქმედთა. სხვა ყოველისფერი თვითონ ხალხზედ არის მიჩემებული; მთავრობა მხოლოდ იქა შველის ხალხსა, საცა კერძო პირთა უღონობა ვერ მისწვდება. მის გამო გერმანიაში ჯერ კიდევ 1887წ. ჩვეულებით არის რომ მიწათ-მომქმედნი, დიდი თუ პატარა, ყოველ წლივ ხან აქ, ხან იქ მოიყრის ხოლმე თავსა ურთიერთის საჭიროების საცნობელად და გამოსათქმელად. ამას გარდა გერმანიაში მიწათ-მომქმედთა საჭიროების გამომთქმელად და წარმომადგენელად 1541 სასოფლო მეურნოების საზოგადოებაა, რომელთაც 120,000 მწევრნი ჰყვანან სასოფლო მეურნოების საქმეს პრუსიაში განაგებს ცალკე სამინისტრო, რომელიც იმითია შესანიშნავი, რომ ძალიან ცოტა მოთანამდე პირნი ჰყავს. ტყუილ უბრალო მიწერ-მოწერა არ იციან და თვით საქმის წარმოების წესი ისე მარტივია, რომ ყოველივე საქმე ადვილად და დაუყოვნებლივ კეთდება. ამგვარის მოწყობილობისა გამო გერმანიის სასოფლო მეურნოება დღე და დღე ყვავის და და წარმატებაშია.

სოფლის მეურნოების მოწარმოეთა ამაზედ უფრო ბევრი უფლება აქვსთ ჰოლანდიაში და ნამეტნავად ინგლისში თავისის საჭიროების ვრცლად გამოთქმისთვის და მთავრობის წინაშე შუამდგომელობისათვის. ამ ქვეყნებში მთავრობა მარტო იმის ცდაშია, რომ საცა სოფლის მეურნოებას უჭირს, იქ მიეშველოს დაუყოვნებლივ. ამაში არასფერს არა ზოგავს და არა ხარჯს არ ერიდება. რობერტ პილის წარდგენითა 1846 წელსა ინგლისის მთავრობამ გადასდვა სოფლის მეურნოების მოწარმოეთა ხელის გასამართავად 18,750,000 მანეთი. 1846 წლიდამ 1850 წლამდე ინგლისის მთავრობამ სოფლის მეურნოების მოწარმოეთ ორმოცდათოთხმეტ მილიონზედ მეტი მანეთი მიაშველა სესხობით. ჰოლანდიაში. თუმცა პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქაც მთავრობა მილიონებით შველის სოფლის მეურნოებასა. მაგალითად ჰარლემის ტბის დასაშრობლად 4,200.000 მანეთი მთავრობამ დახარჯა და ეხლა ეგ ტბის ალაგი მთელის ჰოლანდიის ბოღაზია. ზუიდერზის ტბის დაშრობისთვის 30 მილიონია გამოყვანილი. საცა სოფლის მეურნოებას თვისის საჭიროების გამოსათქმელად თვისი საკუთარი საზოგადოება ყავს, საცა ამ საზოგადოებას დაუბრკოლებელი შუამდგომელობა აქვს მთავრობის წინაშე და საცა მთავრობა მარტო იმის ცდაშია, რომ ყველგან საზოგადოების ჩვენებით და დანიშვნით თავისი შემწეობის ხელი მიაწვდინოს, ერთის სიტყვით — საცა მთავრობას სოფლის მეურნოების საჭიროების გამომთქმელ ორგანოთ თვით საზოგადოება ყავს და ამ საჭიროების პასუხის საგებად და დასაკმაყოფილებლად მარტივი მთავრობითი წყობილება, იქ სოფლის მეურნოებს დღე და დღე წინ მიდის ხალხისა და მთავრობის საკეთილოდ.

აქედამ ჰსჩანს რა ნერგზედაც შეუძლიან აჰყვავება ჩვენს კავკასიის სასოფლო. მეურნოების საზოგადოებას. იგი უნდა იყოს ჭეშმარიტი წარმომადგენელი ადგილობრივთა მიწათ-მომქმედთა და სასოფლო მეურნოების მოწარმოეთა, რომ ამ გზით მთავრობას საშუალება ჰქონდეს სცნოს ნამდვილი, უტყუარი და აუცილებელი საჭიროება, ჩვენის მეურნოებისა მეორის მხრით – იგი უნდა იყოს შუამდგომელი მთავრობის წინაშე, რომ საცა საჭიროა, მთავრობის მუდამი მზრუნველობა და შემწეობა იქით მიმართოს. მხოლოდ მაშინ ეს საზოგადოება გაუწევს ჯეროვანს სამსახურს თვით მთავრობასა და, მთავრობის შემწეობით, ქვეყანასაცა. თუ ეს ასე არ იქმნა ეს „საზოგადოება“ ისევ-ისე მკვდარი იქნება, როგორც აქამომდე იყო. ტყუილი გამართლებაა, რომ ჩვენებური სასოფლო მეურნოების მოწარმოენი მონაწილეობას არ იღებენ „საზოგადოებაშიო“ და ამიტომ „საზოგადოებას“ ის ვერ შეუძლიან ჰქმნას, რის ვალდებულიც არისო. რაც უნდა გაუნათლებელი ხალხი იყოს, ოღონდ აჩვენეთ რომ იმის სატკივარს საიდამ ეშველება და გვერწმუნეთ, რომ დიდი და პატარა კარზედ მოგაწყდებათ.

2 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

პირდაპირი სახელმწიფო ხარჯი ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიების გლეხ-კაცობისა[1]. — ტფილისისა და ქუთაისის გლეხ-კაცობას მარტო ერთ-გვარი პირდაპირი სახელმწიფო ხარჯი ადევს. ამ ხარჯს ჩვენში დღეის აქამომდე ფოშტის ფულს უწოდებენ. რადგანაც პირველი ხარჯი, ეხლანდელის მთავრობის დამკვიდრების შემდეგ, ამ სახელით გაეწერა ჩვენს ქვეყანასა. ეს ფოშტის ფული თუ ხარჯი კომლზედ არის გაწერილი, რადგანაც დამყარებულია მარტო კომლთა რიცხვზედ და სხვა არარაზედ. თუმცა ეს ასეა, მაგრამ სხვა-და-სხვა ზომით ერთმევა კომლს ეს გადასახადი. ამ სხვა და სხვაობის საფუძვლად მიღებულია პირველი წოდება გლეხთა, მეორე,—ბინადრობის ადგილი. წოდების კვალობაზედ დროებით-ვალდებული გლეხი ყველგან ნაკლებ იხდის ამ ხარჯს, ვიდრე სახასო; ბინადრობის ადგილის კვალობაზედ — ქუთაისის გუბერნია უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ტფილისისა და თვით ტფილისის გუბერნიის ზოგიერთ მაზრაში ხარჯი ნაკლებია და ზოგიერთში მეტია. ტფილისის გუბერნიაში ვალდებულის გლეხის გადასახადი არ აღემატება სამს მანეთს და ერთს აბაზს კომლზედ, სახასო გლეხისა — ცხრა მანეთს და ერთს აბაზს; ქუთაისის გუბერნიაში კი დროებით ვალდებულის გლეხის ხარჯი ერთს მანეთზედ არც მეტი, არც ნაკლებ, სახასო გლეხისა, — არ აღემატება ექვს მნეთსა.

აი რიცხვნი მოხარჯეთა კომლთა და მათის დასახადისა.

I. ტფილისის გუბერნია.

1) სახასო გლეხნი, სოფლად მცხოვრებნი.

ა) ტფილისის მაზრისა — 14,606 კომლი, იხდის 63,294 მან. ხარჯს.

ბ) გორისა — 8,205 —„ — 8,696.

გ) სიღნაღისა — 9,587 —„ — 28,606½

დ) თელავისა — 5,254 —„ — 20,088

ე) თიანეთისა — 5,467 —„ — 16,244½

ვ) ახალციხისა —3,912 —„— 15,443.

ზ) დუშეთის —„— 2,843 —„— 8,577 ¾

ჱ) ახალ–ქალაქის — 5,056 —„— 23,582

―――――――

სულ 54,930 —„— 224,508

2)სახასო გლეხნი, ქალაქებში მცხოვრებნი.

ა) ტფილისი —11,724 — 42, 543 მან.80 კაპ.

ბ) გორი —- 1124 — 3372

გ) სიღნაღი— 2017 — 6051

დ) თელავი — 1445 — 4335

ე) დუშეთი — 449—1347

ვ) ახალ-ციხე — 2420 — 8,190

―――――――

სულ 19,660 კომლი იხდის 67.299 მ.80კ.

ამათ შორის ქალაქს ტიფილისში 1189 კომლი იხდის ცხრა მანეთს და ერთს აბაზსა, ახალციხეში 340 კომლი იხდის ექვს-ექვს მანეთსა, დანარჩენნი კი ყველგან სამ-სამს მანეთს იხდიან.

3)დროებით ვალდებულნი გლეხნი.

ა) ტფილისის მაზრის —322 —4198

ბ) გორისა — 5792 — 8212

გ) სიღნაღისა — 2669 — 2758

დ) თელავისა — 2273 — 2668 1/2

ე) დუშეთისა — 2996 — 2833

ვ) თიანეთისა — 402 — 591 1/4

―――――――

სულ 17.360კომლი იხდის 21.260¾ მ.

ამათ შორის სამის მანეთის და ერთის აბაზის გამომღები არის შვიდი კომლი, ორის მანეთის — 800, მანეთი ნახევრის — 6496, ერთის მანეთის 9734 და ათის შაურისა — 326 კომლი.

II. ქუთაისის გუბერნია

1) სახასო გლეხნი სოფლად მცხოვრებნი.

ა) ქუთაისის მაზრისა —11.587 კომლი 37.679 მან. ხარჯი

ბ) ოზურგეთისა — 4290 — 11,695მან. 53 ¼ კაპ.

გ)შორაპნისა — 6207 — 18.569 —

დ) რაჭისა —- 2722 — 9,670 —

ე) ზუგდიდისა — 3571 — 3589 —

გ) სენაკისა — 4387 — 4387 —

ზ) ლეჩხუმისა —1733 — 2113

―――――――

სულ 34.497 —— 87,702მან. 53¼ კაპ.

2)სახასო გლეხნი ქალაქებში მცხოვრებნი.

ა) ქუთაისი —— 1496 კომლი 5871 მან. ხარჯი

ზ) ოზურგეთი —137 —— 411 —

გ)ფოთი — 4 —12 —

დ) ზუგდიდი — 72— 216 —

ე) ყულევი(რედუტ-კალე) —123 — 369 —

―――――――

სულ 1832 კომლი იხდის 6879 მან.ხარჯს

ამათ შორის ქალაქს ქუთაისში ისდის ექვს ეს მათნეთს 461 კომლი. სხვანი კი ყველგან იხდიან კომლზედ სამს მანეთს.

3)დროებით ვალდებულნი გლეხნი.

ა)ქუთაისის მაზრის — 6796 კომლია, 6796 მან. ხარჯია

ბ)ოზურგეთისა - 3637 — 3637—

გ)შორაპნის — 8060 —8060 —

დ)რაჭისა — 3024- —3024 —

ე)ზუგდიდისა — 9772 — 9772—

ვ)სენაკისა — 9045 — 9045 —

ე)ლეჩხუმისა — 2630 — 2630—

———————

სულ 42.964 — 42,964.

მაშასადამე ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიაში სულ ზემოხსენებულის ხარჯის გადამხდელი გლეხ-კაცობა ყოფილა 171.241 კომლი, რომელნიც რეოველ წლივ იხდიან სახელმწიფო ხარჯს 450 614 მანეთს და 83¼ კაპეიკსა.

———

შარშან შემოდგომიდგან „ტფილისის უყებებში“ დაიწყეს გამოთქმა პედაღღიურის ზრებისა, რომელნიც ჯერ მოკლე შენიშვნებით იყვნენ გამოხატული და შემდგომ განვითარებულნი და გავრცელებულნი კარგა ფართო წერილებითაც. დიდი ყურადღება მიაქცია ჩვენმა საზოგადოებამ მაგ შენიშვნებს და წერილებსა. მეტნავად წერილებმა ძლიერ ჩააფიქრა ჩვენი საზოგადოება. ის რომ, მაგ წერილების მეოხებითა, ხალხის განათლების საქმე, ერთობ კვლავ უინტერესო საგანი, სასაუბრო და საბაასო საგნად შეიქმნა. ამ მხრით ყველას გადაამეტა, იმ წინამძღომელმა წერილმა, რომელიც უსახელოდ და უსთაუროდ დაბეჭდილი იყო „ტფილისის უყებების“ 31,32 და 33 №№-შია. ამ წერილმა ღირსეული, არა ჩვეულებრივი თანაგრძნობა აღძრა ჩვენს საზოგადოებაში და მიიქცია თვით მმართველთა დაპირების განსკუთრებული ყურადღება. დედა აზრი ამ წერილისა იყო შემდეგი: ხალხის განათლების წყობილება, რომელიც უარ ჰყოფს დედა-ენის შუამდგომელობას პირველ-დაწყებითის სწავლის გარდასაცემად, გახსნის მაგიერ გონებას უხშობს ახალს თაობას, გონებითად და ზნეობითად სჩაგრავს და ყოველ მხრივ ამდაბლებს; ხალხის კეთილ-დღეობას არამც თუ არ ემსახურება, არამედ პირიქით სიღარიბეს უმატებს; ერთის სტევით, მოაქვს ნაყოფი, პირ-და-პირ ეწინააღმდეგება ხალხის განათლების დანიშნულებას. ეს ჰაზრი დამყარებულია სხვათა შორის იმ მაგალითზედ, რომელიც კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოებისა სასწავლებელნი წარმოგვიდგენენ. სასწავლებლები მშვენივრად იყვნენ მოწყობილნი და გამართულნი, მაგრამ ნაყოფი კი ხეირიანი ვერ გამოიღეს და საზოგადოების მოლოდინი სრულიად განაცრუეს მარტო იმმიზეზის გამო, რომ მათში დედა ენას ჯეროვანი ადგილი არ ეჭირა. ამ წერილსა, რომლის წაკითხვას ვურჩევთ ყველას, ვინც კი გულ-გრილად არ უყურებს ხალხის განათლების საქმეს, ბევრი კეთილი ნაყოფი მოყვაო, ამბობენ. ამის გამო იმედია. რომ ჩვენის განათლების საქმე წესიერად წარიმართება და, თუ ეს, ჩვენდა სანუგეშოდ, მართლა მოხდა, ზემოხსენებულს წერილს ამ სიკეთეში შესანიშნავი მონაწილეობა ექმნება.

———

თბილისის პედაღოღიურ ინსტიტუტთან არსებობს ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი აგერ თითქმის ოთხი წელიწადია, მთავრობისაგან დამტკიცებული წესდებულებით ყველა საქალაქო სასწავლებელში დადებულია ადგილობრივის ენის სწავლება. ამ მოხსენებულ სასწავლებელში კი გასულს ორშაბათამდის ქართულის ენის ხსენებაც არსად იყო და ყმაწვილები სრულიად მოკლებულნი იყვნენ დედა-ენის შესწავლის ღონისძიებასა. მხოლოდ ამ მოხსენებულ დღეს დრო დანიშნეს ქართულის ენის სასწავლებლად. დანიშნეს მასწავლებელიცა და ყმაწვილებს მოაპოებინეს სახელმძღვანელოები. ჩვენ გვითხრეს, რომ ბავშვები დიდის სიხარულით და აღტაცებით მიეგებნენ ქართულის ენის შემოღებისაო, ეს, რასაკვირველია, ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ საქმე მარტო შემოღება როდია. ამასთან საჭიროა ენის სწავლებას ჯეროვანი და სვინიდისიანი მეცადინეობა წინ უძღოდეს. სასიამოვნო და სანუგეშოა ეს ცვლილება, მაგრამ მარტოკა ამითი საქმე ვერ წარიმართება. ამიტომ რომ მეორე უკუღმართი მოვლენაც არსებოს ამ სამოქალაქო სასწავლებელში. ორ მის მასწავლებელთაგან არც ერთმა არ იცის ქართული ენა და ქართველ ბავშვებს სწავლას აწყობინებენ სრულიად უცნობ ენაზედ. ამ გვარი სწავლა მამაკვდავი ცოდვაა, რადგანაც ბავშვს უკეთეს ადამიანის საუნჯეს-გონებას უხშობს და უბნელებს. ამ სასწავლებლის მთავრობამ ორში ერთი და მოახდინოს: ან არ მიიღოს სრულიად ქართველი ბავშვები და, თუ მიღება მათი მიუცილებელ საჭიროდ მიაჩნია, ერთი მასწავლებელი მაინც იყოლიოს ქართული ენის მცოდნე და იგი ვალდებული გახადოს, რომ პირველ-დაწყებითი სწავლა ქართველის ბავშვებისათვის დედა ენაზედ გამართოს.

———

თებერვლის ცირკულირი კავკასიის სამოსწავლო ოლქის მმართველობისა გვაცნობებს, რომ სამზრუნველო საბჭოს (Попечительскiй соЂтъ) მოსწონებია და სახალხო სასწავლებელში სახმარებლად დაუნიშნავს საყმაწვილო წიგნი „დედა ენა“ შედგენილი ი. გოგებაშვილისაგან. ეს გადაწყვეტილობა, რომელიც ამ სასარგებლო წიგნს ფართო გზას უხსნის სახალხო სასწავლებელში შესასვლელად, მით უმფრო სასიხარულოა, რომ ამტკიცებს იმ ვაჟბატონების გავლენის შესუსტებასა სამზრუნველო საბჭოში, რომლებიც ადგილობრივის ენების სწავლებას საზოგადოდ ხელს უცრიდნენ და რომელნიც ცდილობდნენ, რომ ამ ჩინებულის წიგნისთვისაც გზა გადეღობათ.

———

გორში დაარსდა და გაიხსნა. წარსულ სექტემბერს ახალი სასწავლებელი, რომელსაც ჰქვიან საოსტატო სემინარია და რომელმაც უნდა მოამზადოს სასოფლო სასწავლებელთათვის მასწავლებლები. ყველასათვის ცხადია, რომ ისე არვისათვის არის საჭირო ზედმიწევნითი ცოდნა ქართულის ენისა. როგორც სასოფლო მასწავლებლისთვის. ამიტომ სრული მოსალოდნელი იყო, რომ ამ სემინარიაში ქართულის ენის სწავლას მიეცემოდა ფართო და ჯეროვანი ადგილი და მსვლელობა. წარმოიდგინეთ ჩვენი განცვიფრება, როცა შევუტყვეთ, რომ ამ სასწავლებელში ქართულ ენას ადგილი სრულიადაც არაა ჰქონია და ერთი საათიც არა ყოფილა წელიწადში დანიშნული ქართულის ენის სასწავლებლად. მაგრამ უკუღმართობა თურმე ამითი არა თავდება: თვით პირველ-დაწყებითს ქართულს სასწავლებელში რომელიც ამ სემინარიასთან არსებობს და რომელიც უნდა იყოს სამაგალითო სხვა სასოფლო სასწავლებელთათვის, ისე უხეიროდ, უგულოდ და უგემურად მიყავთ ქართულის ენის სწავლის საქმე, რომ მას სრული უსწავლელობა სჯობია. ცხადია, რომ ამ უკუღმართობას საზოგადო სენის ნიშანი ატყვია, და საჭიროა. რომ რაიმე მტკიცე განკარგულებამ ბოლო მოუღოს.

———

გარეთვე შევიტეეთ, რომ ამ სასწავლებლების ახლად-დანიშნულს ინსპეკტორს შემოდგომაზედ და ზამთრის დამდეგს დაუვლია თავისი სახელქვეითო სასწავლებელნი ახალციხისა და თიანეთის მაზრაში დაარსებულნი, და თავისი მხურვალე გულის-ტკივილი და ერთგულობა მითი გამოუჩენია, რომ დაუშლია ქართულის ენის ის უხეირო სწავლებაც, როგორიც აქამდის ვაინაჩრობით მაინც იყო და ქართულის სასწავლებლის წიგნების ქონვა მოუსპია. მაგრამ ამ უკანასნელ დღეებში რაღასაც და ვიღასაც ჭკუაზედ მოუყვანია, ისევ გაუხსნია გზა ქართულის ენისათვის და სასწავლებლებში გაუგზავნია საჭირო სახელმძღვანელო ქართული წიგნები. შესაძლებელია არ ვისურვოთ, რომ ქართულის ენის ბედი და უბედობა ამ მოხსენებულ სასწავლებლებში არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ზედამხედველის ქეიფზედ და სულს-წამის მომართულებაზედ.

———

ამას წინახედ ერთ ქართველს თავადი-შვილს გამოუგზავნია თხოვნა რეალურის სასწავლეელის დირექტორისათვის, რომ ჩემს შვილს ქართულს ენას ნუ ასწავლითო. ამ გვარი უკუღმართი ზრუნვა მამისა შვილზედ მხოლოდ ჩვენშია შესაძლებელი. ვერ მოსძებნით იმისთაანა ქვეყანას, სადაც დედა-ენის სწავლა მიუცილებელ საჭიროებად არ მიაჩნდეთ და სადაც არ რიცხდნენ მახინჯათა და გამოუსადეგრად ყველა ყმაწვილსა, რომელიც ამ ცოდნას მოკლებულია. ვერ მოსძებნით ევროპიელ ქვეყნებში იმისთანა სახლობას, რომელიც დედა-ენის სწავლებას თავისი შვილებისათვის არა სთვლიდეს საძირკვლად, რომელზედაც უნდა აშენდეს მათი გახსნა და განათლება. ჩვენში კი ამისი წინააღმდეგი მაგალითები ერთი და ორი არ არის. მეტად ცუდი ნიშანია ამ გვარი ულმობელი უარ-ყოფა დედა-ენისა. იგი ცხადად ამტკიცებს, რომ შვილების აღზრდის შესახებ სულ უბრალო, მრთლად მარტივი ჭეშმარიტებაც ვერ მიგვითვისებია და წინადაუხედავად უარს-ვყოფთ უძვირფასეს საუნჯეს, რომელიც ჩვენთვის დაუტევებია რამდენიმე ათასის წლის ისტორიულ ცხოვრებას მთელის ჩვენის ხალხისასა. ჩვენ აქამდის ვერ მიმხვდარვათ, რომ ჩვენი შვილი, რომელსაც მოვაკლებთ ჩვენისავე უგუნურებით ამ ძვირფასს საუნჯეს, ბოლოს იცნობს თავის თავს მახინჯთა, გამოსადეგარ პირათ, და არა მგონია კარგად მოიხსენიოს ამისთანა მშობლის უკუღმართი და შემცოდებელი მზრუნველობა.

———————

1 ინახულეთ: ВЂдомость о подымной подати поселянъ на 1877 год

3 უცხოეთი

▲ზევით დაბრუნება


უცხოეთი

სლავიანების მოძრაობა. მისი დასაბამი და აწმყო სერბიის დამარცხებამდე. — საკვირველი რამ არის ეს კაცობრიობის ისტორიის საქმე.ცხოვრება ჩვეულებრივად წყნარი და მშვიდია. იგი ისე ნელ-ნელად, ისე ტაატობით მიმდინარეობს რომ, თუ უკან არ მიიხედა და შორს მანძილს არ გააწვდინა თვალი, ადამიანი ვერც კი შეამჩნევს წინ წაიწია ცხოვრებამ თუ არც წინ მიდის და არც უკან და ერთს ადგილს გაჩერებულია, ხოლო ზოგჯერ ჩამოვარდება უცებ ნაპერწკალი გაჩნდება ცეცხლი და მოედედება ამ დამშვიდებულ ცხოვრებას. ასტედება ცხოვრების დ სხვა და სხვა კავშირთა შორის ბრძოლა, ასტყდება ერთი საშინელი არეულობა და თან მოყვება სისხლის ღვრა,ცრემლთა ფრქვევა, გლოვა, კვნესა და ვაი ვაგლახი. შესწყდება კიდევ ეს არეულობა თუ არა დაღალულ-დაქანცული ადამიანი შეძვრება ისევ თავის ქოხში და მიეცემა ცხოვრების ჩვეულებრივს წყნარს და მდოვრს დენასა.

რისთვის იღვრება ამდენი ცრემლი და სისხლი? რისთვის იმღვრევს და იშფოთებს ცხოვრებას ადამიანი? რაც არის. მის ბადლად რას მოელის ადამიანი თავის სანუგეშოდ და მომავალი მას რას უქადის? ისტორია და გვიმტკიცებს რომ არც ერთი იოტი წარმატებისა, არც ერთი იოტი ცხოვრების კეთილ-დღეობისა ადამიანს უბრძოლველად და უტანჯველად არ დაუპყრია. ადამიანის წარმატებას ბევრი დაბრკოლება ხვდება წინ ბევრი ბოროტება უხლართავს გზას. ადამიანი, ძალაუნებურად ებრძვის ამ დაბრკოლებებს და ამასობაში მას ბევრი დრო და ღონე ეკარგება სასოება ელევა. ეს გარემოება რასაკვირველია, სამწუხაროა, მაგრამ რა გაეწყობა ჯერ-ჯერობით ასეა. ის კი უნდა შევნიშნოთ, ჩვენდა საიმედოთ რომ თან და თან, რაც უფრო წინ მიდის კაცობრიობის განათლება და განვითარება. იმდენად ეს დაბრკოლება და ბოროტება ნაკლებობს და ილევა. ადამიანის მიდრეკილებას საგნთაც ისა აქვს. რომ შეამციროს ეს დაბრკოლება და გაიადვილოს ბრძოლა და შრომა თავის ბედნიერების დადგენისათვის. ამ ფიქრებს უღვიძებს ადამიანს უნებურად ეხლანდელი სლავიანთა მოძრაობა ოსმალოთა და მათ შორის ბრძოლა.

ჩვენის გაზეთის პირველ ნომერში მოხსენებული იყო, თუ რა მდგომარეობაში არიან ჰერცოგოვინის სლავიანები ოსმალეთის მფლობელობის ქვეშ. ამ მდგომარეობით შეწუხებულნი, ჰერცოგოვინელნი მოთბინებიდან გამოვიდნენ, წაავლეს ხელი თოფ-იარაღს და წინა აღუდგნენ ოსმალეთის მოხელეებს, როდესაც ესენი ჩვეულებრივ მიადგნენ კარს ხარჯის ასაკრეფად, 1875 წ.

ჯერ-ჯერობით, ევროპის საზოგადოება შესაბამს ყურადღებას არ ათხოებდა ამ არეულობას, რადგანაც ფიქრობდა რომ ეგ არეულობა ოსმალეთის შინაური საქმეაო, მაგრამ ეს არეულობა თან და თან ვრცელდებოდა. ოსმალეთს თან და თან უჭირდებოდა ერცოგოვინელთა დამორჩილება. რამდენიმე კვირის განმავლობაში მოძრაობა გადაედვა თითქმის მთელს ჰერცოგოვინას, შემდეგ ბოსნიას და სხვა ოსმალეთის ნაწილებს. თუმცა ოსმალეთის ჯარის რიცხვი უფრო მომეტებული იყო, ვიდრე გადამდგართა რიცხვი, მაგრამ მაინც ესენი თითქმის ყველგან ჰსძლევდნენ ოსმალებსა. ამისგამო შეკრთა ევროპა, მეტადრე დიპლომატია, რომელიც ყოველ ღონისძიებას ხმარობდა როგორმე საჩქაროდ მოესპო ეს არეულობა და შეეყენებინა აჯანყება.

შემოდგომას (1878წ.) ოსმალეთმა გამოიყვანა 30.000 ჯარის კაცი გადამდგართა დასამორჩილებლად, მაგრამ ვერა გააწყო რა: სლავიანებმა რომელთა რიცხვი ამის მესამედიც არ იყო, თითქმის ყველგან გაიმარჯვეს.

უპირატესთა სახელმწიფოთა ელჩებმა იკისრეს შუამდგომლობა სლავიანთა და ოსმალეთის შორის ე.ი. აჯანყებულ სლავიანებს მიუგზავნეს მოციქულად თავისი კონსულები. ამათ უნდა ჩაეგონებინათ სლავიანებისთვის, რომ ტყუილად ელიან ევროპის შემწეობას, სჯობს დამშვიდნენ და მართებულად წარუდგინონ მთავრობას თავიანთი ჩივილი და თხოვნა ბევრი მეცადინეობა და ბეჯითობა გასწიეს მოციქულებმა ბევრი სიტყვა და დრო დაკარგეს, მაგრამ სლავიანები ვერ დაიყოლიეს, ვერ შესწყვიტეს მათი აღელვებული მოძრაობა. გადამდგარნი დიდის ყურადღებით ისმენდნენ მათ რჩევას და ჩაგონებას; დიდი მადლობა მიუგეს მათის თანაგრძნობისათვის, კეთილ-სურვილისათვის, მაგრამ თოფ–იარაღი კი ხელიდგან არ გაუშვეს.

ამასობაში ოსმალეთს კიდევ ურთი უბედურება დაემართა: ოსმალეთმა თავისის აუარებელის ვალის სარგებლის გადახდა ვეღარ შესძლო და ეს ამბავი საქვეყნოდ თვითვე აღიარა ლონდონის, პარიჟის და ვენის ბირჟაზე ოსმალეთის თამასუქების ფასმა ძალიან იკლო, რადგანაც ოსმალეთს ევროპის ვალი მართებს და სარგებლის ძლევის შეწყვეტა გაკოტრებას მოასწავებდა. ამის გამო უფრო შეკრთა ევროპა. მაშინ დაიწყო ევროპის ჟურნალ-გაზეთობამ ოსმალეთის ვითარების ჩხრეკა, მისი სამწუხარო მდგომარეობის აწონ-დაწონვა. მარტო მაშინ დაინახეს, რომ ოსმალეთი იმავე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რომელშიაც ყირიმის ომიანობის წინედ იმყოფებოდა დაინახეს, რომ არც ერთი წინად დაპირებული და გამოცხადებული წესი და წყობილება აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, — და ეხლა ყურადღება მიაქციეს. თუმცა ყოველს ამას უწინაც კარგად ხედავდენ, მაგრამ უყურს არ ათხოებდნენ. თქვენ კარგად იცით მკითხველო, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ისე გულ–ჩჩვილი არ არის, რომ სხვაზე ბევრი რამ იზრუნოს და სხვისთვის თავი იტკინოს. ვიდრე კაცი თავისთავზე თვითონ არ იზრუნავს, თვითონ არ ამოიღებს ხმას, თვით გაუწევეტლივ არ იბრძვის, სხვას მისი არა ენაღვლებარა. სლავიანების საქმეც ასე იყო. ვიდრე მათ აღელვებამ არ გამოაშკარა ოსმალეთის შინაგანი უძლურება, ვიდრე ეს მოძრაობა თითქმის მთელს ბალკანის ნახევარ-კუნძულს არ გადაუდვა, ევროპა ხმასაც არ იღებდა. ბოლოს კი ცხადად დაინახა, რომ საზოგადობრივი და მართებლობითი ცვლილება აუცილებელი საჭიროება ოსმალეთისათვის, ამ ცვლილების შედგენა მიანდეს ავსტრი–ვენგრიის მინისტრს ანდრაშს. ავსტრი–ვენგრია არ თანაუგრძნობდა სლავიანთა მოძრაობას, რადგანაც მისი ძალა დამყარებულია მის ქვეშევრდომთა სლავიანთა მორჩილობაზე, და ეშინოდა რომ ოსმალეთის სლავიანების მოძრაობამ არ მიიზიდოს ავსტრიის სლავიანებიცა და არ წინააღუდგინოს იგინი თვით ავსტრი–ვენგრიასა.

აბა წარმოიდგინეთ ახლა რას მოიგონებდა ანდრაში სლავიანების კეთილ-მდგომარობისათვის. აი რა მოიგონა: 1) სრული სარწმუნოებითი თავისუფლობა მთელს ოსმლეთშიო. 2) ხარჯის იჯარით მიცემის მრსპობა, 3) ოსმალეთის მთავრობამ უნდა გამოაცხადოს კანონიო, რომლის ძალითაც ბოსნიაში და ჰერცოგოვინაში მოკრეფილი ხარჯი ამათვე უნდა მოხმარდესო. 4) უნდა დანიშნოს კომმისია (მის წევრთა შორის უნდა ივნენ მაჰმადიანნიც და ქრისტიანნიც) თვალ-ყურის დასაჭერად რომ ოსმალეთმა აღსრულებაში მოიყვანოს მის მიერ დაპირებული ცვლილებანი, 5) სოფლის მეურნეობის და ერთობ მიწის-მქონებლობის რიგიანი განყოფილება ბოსნიაში და ჰერცოგოვინაში უნდა იქმნასო.

ყველა ეს ახალი ამბავი არ იყო ოსმალეთის სლავიანებისათვის. ბევრჯელ გაეგონათ მათ ამისთანა დაპირება თვითონ ოსმალეთისაგან, მაგრამ არც ერთი დაპირება აღსრულებაში მოყვანილი არ უნახავთ. თუნდ ეგეც არ იყოს, ეს ახლად გამოგონილი ცვლილებანი იმისთანანი არ არიან, რომ ძირიანად ამოსთხარონის ბოროტება, რომლის მოსასპობლად სლავიანებმა წაავლეს ხელი თოფ–იარაღს. მათი დედა-სურვილი იყო სრულიადი განთავისუფლება ოსმალეთისაგან. მათ სურდათ ძირიანად ამოეჭრათ შემაწუხებელი იარა, ევროპა კი ურჩევდა მალამო დაიდე რომ ტკივილი ცოტას ხანს მინც დაგიყუჩოსო და სამუდამოდ მორჩენაზედ კი ნურას უკაცრავათო. აი რა მიუგეს აჯანყებულმა სლავიანებმა ევროპის ანდრაშის წინადადების შესახებ:

„სწორეთ გითხრათ, ვერა გაგვიგიარა იმ ცვლილებისა, რომელიც მოიგონეს ჩვენთვის ევროპის სახელმწიფოებმა მაჰმადიანთა და ქრისტიანთა შორის თანასწორობის დამყარებისათვის. ამ რიგი თანასწორობა შეუძლებელია. ჩვენი გულითადი სურვილი მსოლოდ სრულიადი თავისუფლება არის. თუ არ იქნა და ვერ შევიძინეთ ეგ თავისუფლება სიკვდილს ვირჩევთ და ვიდრე ცოცხალნი ვართ კი თოფ-იარაღს არ დავყრით. თუ ჩვენ არ ვიქნებით, ჩვენი ცოლ-შვილი აიღებს ჩვენს სისხლსა და იყრის ოსმალეთის ჯავრსა.

„ჩვენ ჩვენი ხმა ევროპას მივმართეთ: დღეს გვიშველეთ, დაგვიფარეთ; ხვალ გვიანღა იქნება.

„რა ჩვენი საქმეა — პოლიტიკური მანქანებანი; დეე ევროპის ჟურნალ-გაზეთობამ მაგით შეიქციოს თვისი თავი ვიდრე მოსწყინდებოდეს. ჩვენ კი ვეღარ შევჩერდებით - დაწობილს საქმეს ბოლოც უნდა მოვუღოთ, უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ თოფ-იარაღს მხოლოდ მაშინ დავყრით, როდესაც მოგვეცემა იგივე თავისუფლება, რომელიც ჩერნოგორიას უპყრია ამ ჟამად, იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვართ რომ დიდებული, ძლიერი რუსეთი მოგვეშველება და დაიცავს სლავინების თავისუფლებას. ყოველივე ეს უნდა იქმნას ან ეხლა, ან აღრას დროს.“

ამასობაში სლავიანების აჯანება თან-და-თან ვრცელდებოდა და ბოლოს იქამდინ მიაღწია, რომ თითქმის მთელი ბალკანის ნახევარ-კუნული წინააღუდგა ოსმალეთსა. ევროპის შუამდგომლობამ ვერა გააწყორა. ბერლინში შედგენილმა წინადადებამ[1] ისე უნაყოიფოდ ჩაიარა, როგორც ანდრაშის წინადადებამა, ევროპაზედ იმედგადაწვეტილთა სლავიანებმა თვისი იმედი დაამყარეს თავის მოძმეს სერბიის ხალხს და მის მთავრობაზედ. მართლა და დიდი მოძრაობა და ღელვა ასტყდა ამისგამო სერბიაში. რადგანაც თვის მოძმეთათვის სერბიის ხალსმა თავი გამოიდო. მისი მთავრობა ორ წყალშუა დარჩა. ყოველ ღონისძიებას ხმარობდა, რომ ომი აეცილებინა თავიდგან, თან ხალხის წინააღმდეგობას ერიდებოდა. ბოლოს, რასაკვირველია, ხალხის სურვილმა გაიტანა და სერბიამ ომი აუტეხა ოსმალეთს. ესევე მოძრაობა აღჩნდა ჩერნოგორიაში. ჩერნოგორიის ხალხმაც ოსმალეთთან ომი დაიწო. ამრიგად ჰერცოგოვინის აჯანყებამ შორს გადაგა ფეხი.

ამ მცირე ხალხთა თავგამოდებამ და თავისუფლებისათვის თავ-გამომეტებამ მოიპოვა დიდი თანაგრძნობა კაცობრიობის უკეთესთ წარმომადგანელთა შორის. ევროპიდამ ბევრი კაცი წავიდა სლავიანების ჯარში ჩასადგომად და საშველად და ფულითაც შემწეობა მიეცა. უფრო მომეტებული შემწეობა მისცა სლავიანებს რუსეთის საზოგადოებამ და ხალხმა ფულით. სხვა და სსვა ნივთით და კარგა ბლომად მეომარი კაციც მიაშველა. მათშორის, პირველთაგანი ღენერალი ჩერნიაევიც იყო, რომელიც სერიის ჯარის სასპეტად დანიშნულ იქმნა. ამ გვარს თანაგრძნობას ევროპისას თუ რუსეთისას ბევრი მიზეზი და საბუთი ჰქონდა, მაგრამ მათში არა უკანასკნელი კაცთ-მოყვარეობის გრძნობა იყო. რა ტომის ხალხიც უნდა იყოს. სლავიანია, თუ სხვა, თუ კი მწუხარებაშია. თუ კი ვაივაგლახშია ჩავარდნილი, თუ კი იბრძვის თავისუფლების დაცვისთვის — შეუძლებელია, რომ გულითადი თანაგრძნობა და გულშემატკივრობა არ მოიპოვოს ყველგან საცა კი არ არის ჩამქრალი კაცობრიულის გრძნობის ნაპერწკალი. აი რა თვალით უყურებდა სლავიანების აჯანყებას უკეთესი ნაწილი ევროპისა და რუსეთის საზოგადოებისა.

რასაკვირველია რუსეთის საზოგადოებს თავისი საკუთარი საბუთიც ჰქონდა, რომ მხურვალე მონაწილეობა მიეღო. ზოგი ამას ჰფიქრობდა: ჰერცოგოვინის აჯანყებამ ხელახლად წამოაყენაო აღმოსავლეთის საქმეო. აი ეხლა დავესწარით იმ დროს, როდესაც რუსეთმა აღსრულებაში უნდა მოიყვანოს თავისი უმაღლესი საპოლიტიკო დანიშნულებაო. ესე იგი, სლავიანების ხალხთა შეერთება და თვისის მფლობელობის ქვეშ მათი აყვანო. ზოგი ნატრობდა, ეგება ერთი ნაჭერი ადგილი ზღვის პირისა. თუ ხმელეთისა, ხელში ჩავიგდოთ სადმეო. ამ ფიქრებმა დაიბადა მრავალი ეჭვი ევროპაში და ევროპის სახელმწიფოების მთავრობამ ყური აცქვიტა.

სლავიანებს დიდი იმედი ქონდთ რუსეთისა: დღე დღეზე ელოდნენ. მოვა რუსის ჯარი და მოგვეშველებაო. ამ ლოდინში სერბიმ კინაღამ სული დალია და რუსის ჯარი კი არა სჩანდა. ეს ამაო ლოდინი ბევრად რუსის ჟურნალ-გაზეთების ბრალი იყო. ეს გაზეთები გაცხარებით ყვიროდნენ, რომ რუსეთის საზოგადოება და ხალხი საშინელ მოძრაობაშიო, დიდიდგან პატარამდე მარტო იმ ფიქრშია — წავიდეთ სლავიანები დვიცვათო.

როგორ იმოქმედეს ან სლვიანებმა ან ოსმალოებმა ურთიერთის შორის ბრძოლაში, რა განსაცდელი გამოიარეს ან ერთმა, ან მეორემ — ამაზედ ვრცლად საუბრი მეტია მით უფრო, რომ ყოველივე ეს ცოტად თუ ბევრად მკითხველს უჩვენოდაც ცნობილი აქვს. ყოველი მისი ბოლო ეს იყო, რომ ოსმალომ დაამარცხა სერბია, ჩერნოგორიამ კი გაიმარჯვა და მათშორის ჩამოვარდა დროებითი ზავი. ამით გათავდა პირველი ხანა სლავიანების მოძრაობისა.

(დასასრული შემდეგ. „ივერია“ №3)

———————

1 ბერლინისა და ანდრაშის წინადადებათა შორის მოლოდ ის განსხვავება იყო, რომ ჰერცოგოვინისა და ბოსნიის გარდა, ბოლგარიას იყო მოხსენებული.

4 ცხოვრება და კანონი

▲ზევით დაბრუნება


ცხოვრება და კანონი

წერილი მეორე

წინა წერილში ჩვენ თვალი გადავავლეთ მეოთხედობას იმ მხრით, რა მხრითაც იგი შეეხებოდა ადამიანის შინაურს მშვიდობიანად ცხოვრებასა რომ ცნობიერად და რიგიანად მივმართოთ ეხლა იმ საგანთა, რომლის ვითარების ახსნაც ჩვენ პირველს წერილში დავპირდით მკითხველს, საჭიროა, ჩვენის ფიქრით, გამოკვლევა მის თუ რა ნერგზედ არის აღმოცენებული ეგ მეოთხედობდა რა ეკონომიური ზედ-მოქმედება აქვს ქვეყნის ნივთიერს კეთილ- დღეობაზედ. რაკი ამ მხრითაც ეგ მეოთხედობა განიხილება, მაშინ ჩვენ ხელთ გექნება მისი ავ-კარგიანობის სასწორი,

რასაც ევროპაში მიწის რენტას ეძახიან, იმას ჩვენში ღალა ჰქვიან, ღალა არის ის სასყიდელი, ანუ უკეთ ვსთქვათ, ის მიწის ქირა, რიმელსაც მიწის მომქმედი იხდის მიწის პატრონის სასარგებლოდ. ყოველს გვარს ეკონომიურს მოღვაწეობაში ცილებას (соперничество) ცოტად თუ ბევრად ზედ მოქმედება აქვს სასყიდლისა, ანუ ფასის აწევ-დაწევაზედ. მაგრამ არის მეორე ძალაც, რომლის მეოხებითაც ფასი, თუ სასყიდელი, განისაზღვრება ხოლმე. მაგისთანა ძალა ჩვეულება ღალის ზომიერებაზედ და რაოდენობაზედ ამ უკანასკნელს ძალას უფრო დიდი ზედ-მოქმედება აქვს, ვიდრე ცილებასა. აქ ჩვეულება სწორედ რჯულთ უმტკიცესია.

საჯონ სტუარტ მილლი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ცილებას თითქმის ადგილიც არა აქვსო, მარტო ჩვეულება მოქმედობსო. ეს საზოგადოდ ცნობილი და აღიარებული ჭეშმარიტება ჩვენში ბევრს ცხადსა და უცილო მაგალითებს წარმოგვიდგენს.

ქვეენიერობაზედ ორ გვარი ღალა ყოფილა და არის ჩვეულებაზედ დამყარებული ერთი–ის სასყიდელი (სულადით, თუ ფულით), რომლის რაოდენობაც და ზომაც წინადვე განსაზღრული და ცნობილია, მაგალითებრ: დღიურზედ კოდი, დღიურზედ მანეთი, ანუ მეტ-ნაკლები; მეორე — ის სასყიდელი (უსათუოდ კი სულადით და არა ფულით), რომლის რაოდენობასაც ნამუშევრის წილი შეადგენს და რომლის ზომაც წინადვე არ არის ცნობილი, მაგალითებრ, მეექვსედი, მეხუთედი, მეოთხედი და სანახევრო. იმ გვარს ადგილ-მამულის ჭერას, რომლის გამოც მამულის პატრონი მიწის-მომქმედს წილში უდგას, ევროპაში, თუ რუსეთში „მონახევრობას“ ეძახიან (половничество, mètayage), ჩვენში კი „წილზედ ჭერას“. იტევიან. სიტყვა „მონახევრობა“ ევროპაში წარმოდგა იქიდგან, რომ უფრო ბევრგან პატრონის წილად ღალა ნამუშევრის ნახევარი იყო. ეხლა კი სახელი საზოგადოდ „წილზედ-ჭერს“ ჰქვიან, ნახევარი იქნება, მესამედი, თუ მეოთხედი — სულ ერთია. რადგანაც ჩვენი სიტყვა „წილზედ-ჭერა“ უფრო მრთლად გამომთქმელია, ამისათვის ჩვენ ყველგან, საცა ამ საგანზედ სუბარი ჩამოგვივარდება, ამ სიტყვას ვიხმრებთ.

წილზედ-ჭერა ადგილ-მამულისა დიდის ხნის ამბავია, დიდიხანია შეთვისებულია ჩვეულებისაგან და მისგანვე ყოველის მხრით განვითარებული. ინდოეთის ძველს კანონებში მოხსენებულია მეექვსედი და მეოთხედი ნამუშევრის მიწის-ღალათ. ევროპაში „წილზედ ჭრა რომელთაგან არის შემოღებული და მათგან მომდინარეობს. ჯერ კიდევ კატონი და პლინი იხსენიებენ გლეხობას, რომელთაც ადგილ-მამულები წილზედ ჰსჭერებიათ. ევროპიის ეხლანდელმა ხალხებმა ეგ ჩვეულება რომაელთაგან მიიღეს XIII საუკუნეს, ვენეციაში წილზედ-მჭერელნი ადგილ-მამულისა აძლევდნენ პატრონს მესამედს, მეოთხედს ნამუშევრისას და ნამჯას კი სრულიად. რომის კამპანიაში დღესაც მეხუთედია, ტოსკანაში — ნახევარი, ლუკაში — ორი მესამედია. ერთობ იტალიაში დღესაც წილზედ-ჭრა ადგილ-მამულისა ძალიან გახშირებულია. 1861 წელსა იტალიაში წილზედა-მჭერელნი 1,284,286 კაციყოფილა. ადგილ-მამულის მაგგვარი ჭერა იტალიაში სამუდამოა. თუმცა ზოგან თვითო წლობით შეიკვრიან ხოლმე მიწის-პატრონი და მიწის მომქმედი ხელწერილითა, მაგრამ ეგ ხელ-წერილი ყოველ წლივ ახლდება მარტო ჩვეულების თვით-რჯულობისა და სიმტკიცის გამო. ჩვეულებას ამ შემთხვევაში ისეთი ძალა აქვს იტალიელთა შორის, რომ ვერც მიწის პატრონი ჰბედავს მის ღალატსა, ვერც მიწის-მომქმედი. ერთხელ დადგინებული ნამუშევრის წილი არც იკლებს, არც მატულობს. აქ, იტალიაში, ამ ჩვეულების მფარველობითა მაწის-მომქმედი წილზედ–აღებულს მამულზედ დგას, მასზედ აქვს ბინა მოკიდებული. ვიდრე მამულის პატრონს თავისას აძლევს, იმას ადგილ-მამულიდამ ვერ დაითხოვს მიწის-პატრონი, ბინის ვერ მოუშლის. მას ადგილ-მამული საშვილიშვილოდ უჭირავს. ეს უფლება გლეხისა კანონზედ კი არ არის დაფუძნებული, დამყარებულია მხოლოდ ჩვეულებაზედა. გარდა ამისა იმავე ჩვეულების ძალით მიწის-პატრონი მოვალეა მიწის-მომქმედს წარმოების ხარჯში მიუდგეს. ზოგან საწარმოებელს თანხას მამულის პატრონი სრულად თვითონ აძლევს მიწის-მომქმედს, ზოგან ნახევარს აძლევს, ზოგან აძლევს მარტო საქონლს და იარაღს, ზოგან თესლსა და სხვა ამ გვარსა. ერთმა რომ სადმე რიმე ცვლილების შემოღება გაბედოს მთელი ქვეყანა დიდი და პატარა, ყაყანს და ალიანქოთს შეიქმს თურმე. საფრანგეთშიაც ასეა. აქაც ძალიან გახშირებულია „წილზედ-ჭერა“ ადგილ-მამულებისა. 1859წ. 1,356,909 წილზედ მჭრელი მამულისა ყოფილა საფრანგეთში. განსხვაება მხოლოდ იმაშია, რომ საფრანგეთში მოკლე ხნობით იღებენ წილზედ ადგილ-მამულებსა. ხშირად ვადა სამს წელიწადზედ მეტი არ არის.

ჩვენშიაც, როგორც სხვაგან, ორ გვარი ღალა იყო. წილზედ-ჭერა ჩვენში თუმცა ყოფილა და მაგრამ ძალიან იშვიათად მოხდება, რომ მაგ გვარად სახნავი-მიწა გაიცეს ან აიღებოდეს ერთს წელიწადზედ მეტის ხნითა. ეგ ჩვეულებაში არცა ყოფილა და არც დღეს არის. ამიტომაც თითქმის ვერსად ვერ ნახავთ, რომ წილზედ აღებულს ადგილ-მამულზედ ჩვენებურს გლეხს ბინა მოეკიდებინოს, ჩვენებური გლეხი დასახლებულ იყოს. ეს ერთი შესანიშნავი მხარეა, რომლითაც ჩვენი ჩვეულება იტალიის ჩვეულებას არა გავს. სხვა ფრივ კი ეგ ჩვეულება ბევრით ემგზავსება. ჩვენშიაც, თუ გლეხი წილზედ სახნავ-მიწებს იღებდა, უსათუოდ იმ პირობით, რომ მამულის პატრონს მიწის წარმოების ხარჯში ცოტა თუ ბევრი მონაწილეობა მიეღო. თუ მეტს წილს ჩაიდებდა მამულის პატრონი, მეტი მონაწილეობაც უნდა მიეღო ხარჯში. თუ მამულის პატრონის წილად ნახევარი იყო. ნამუშევრისა, მაშინ თესლი სრულად მამულის პატრონისა უნდა ყოფილიყო, ხშირად მკის ხარჯიცა, ნამუშევრის ზიდვა და ლეწვა კი თავ-თავისი. წილზედ-ჭერაში ჩვენს ჩვეულებას ამაზედ წინ ფეხი არ წაუდგამს. მაგრამ მაინცადამაინც წილზედ-ჭერა საზოგადოდ ხშირი არ იყო და დღესაც არ არის. ხშირად, და ძალიან ხშირადაც. ჩვენში გადაკვეთილი ღალა წარმოებდა, დღიურზედ ერთი კოდი; ამაზედ მეტი იშვიათად თუ სადმე მოიძებოდა. ჩვეულების ძალ-მომრეობა ასეთი მტკიცე და ძლიერი იყო ამ შემთხვევაში. რომ არა რაიმე სხვა ეკონომიურმა ძალამ ამ ღალის აწევ-დაწევაზედ ვერ იმოქმედა. თვით ყოვლად შემძლემ ბატონ-ყმობამ მაგ ღალის ზომას ვერა გადაამატა რა, და ერთსულ გადაკვეთილი ღალა ნამუშევრის წილზედ ვერ შესცვალა. პირიქით, ჩვენ იმისთანა მაგალითებიც ვიცით, რომ ახლ შემოღებული მეოთხედობა მაგ ჩვეულების ძალმა დაიმორჩილა და ისევ დღიურზედ ერთს კოდად შეჰსცვალა.

ერთის სიტყვით, ჩვენში წილზედ-ჭერას ხალხი და ხალხის ჩვეულება ეურჩებოდა, და, თუ სადმე სუფევდა, იმ აუცილებელის ნიშნით სუფევდა, რომ გლეხი, თუ წილზედ მამულს აიღებდა არამც თუ სამუდამოდ მასზედ ბინას მოიკიდებდა, არამედ სანგრძლივობასაც ერიდებოდა და, ამას გარდა, რამოდენ წილშიც მამულის პატრონი ჩაუდგებოდა, იმოდენად მეტ-ნაკლები მონაწილეობა უნდა მიეღო ხარჯშიცა აქედამა ჰსჩანს, რომ იმისთანა სამუდამოდ წილზედ-ჭერა, რომელიც ამჟამად განხორცილებულია მეოთხედობაში, ჩვენის ცხოვრების ნერგზედ არ არის აღმოცენებული, რადგანაც, ჩვენის ჩვეულების წინააღმდეგ. მეოთხედობა წილია და არა გადაკვეთილი ღალა, და მერე იმისთანა წილი, რომლის მოპოებაშიც ხარჯი სრულად ერთის მხრისაა და არა ორივე მონაწილის მინც.

ხოლო ეს კი უნდა აღვიაროთ, რომ საიდამაც უნდა იყოს ეგ მეოთხედობა წარმომდგარი, მაინც და მინც იგი ცხოვრების წინ წდგომა. ნამეტნავად მაშინ, როცა ბატონ-ყმობას წარმოვიდგენთ. რაც უნდა იყოს გლეხი სხვის ნების ანაბარად არ არის დარჩომილი. მძიმეა თუ მსუბუქია ეგ მეოთხედობა. გლეხმა იცის. რომ მას ბინას ვერავინ შეუშლის, და რაც მეოთხედს გადურჩება, ის უცილოდ და ხელი შეუხებელად მისია. მაგრამ, ეკონომიურის მხრით, წილზედ-ჭერას საერთოდ და მეოთხედობას საკუთრივ — მაინც და მაინც მავნებელი შედეგი მოსდევს, რადგანაც აქ ნაშრომის ნაყოფში ცოტად თუ ბევრად. სხვასაც წილი უდევს, გლეხს არ ექმნება ისეთი ხალისი, ისეთი თავ-გამომეტებითი მხნეობა შრომისათვის, როგორც იმას, რომელიც თვის საკუთრებაზედ მუშაობს. მაშასადამე, შრომა გლეხისა იმოდენად ნაყოფიერი არ უნდა იყოს, რამოდენადაც ეგ შესაძლოა. ეს ერთი, მეორე — მიწის განოყიერებისათვის, მიწის გაკეთებისათვის გლეხი ხარჯს ვერ გაიმეტებს, იმიტომ-რომ ამ ხარჯში მონაწილე არ უდგება და წილი კი სრულად მიაქვს. ადამ სმიტი ამბობს: „მხვნელ-მთესველს (რომელსაც წილზედ უჭირავს მიწა) არა ვითარი სარფა არა აქვს მამულის კარგა შემუშავებისათვის ხარჯი რამ გასწიოს, იმიტომ რომ მიწის პატრონი იმ დანახარჯის მოგებაში წილს იდებსო და ხარჯში კი არაო. მეათედი წილი ხომ ცოტაა, მაგრამ ყველასაგან მიღებულია,რომ ეგეც ამ მხრით სოფლის მეურნოების წარმატებას დიდად აბრკოლებსო. რომ ეს მართალია, აი მის დასამტკიცებლად რა მაგალითებია შენიშნული. არტურ იუნგი მოგვითხრობს: „საცა კი წილზედ ჭრა არის, შეიძლება კაცმა გულდაჯერებით ჰსთქვასო, რომ იქ მცხოვრებნი უხეირონი და საცოდავად ილაჯ-გაწვეტილები არიანო. საცა, მილანის მაზრაში, უხეირო, ღარიბი, მოურწყავი მიწა შემხვედრიაო, ყველგან ისე გამოსულა, რომ მიწები წილზედ უჭირავთო“. მაკ-კულოხი ამბობს: „წილზედ- ჭერა ყველგან წარმატების დამაბრკოლებელიაო. ასე რომ წილზედ-ჭერამ ყველგან მხვნელ-მთესველნი უკიდურესს სიღარიბეში ჩააგდოო“. ჯონ სტუარტ მილლი ამბობს, რომ თუმცა წილად-ჭერას ბევრი მაქებარიცა ყავსო, მაგრამ ეს წესი არც ერთის მხრით ისეთი სახარბიელი არის, რომ საცა მას ფესვი არა აქვს, იქ ხელახლად შეიტანოო. ამის სიტყვით, გადაკვეთილს ღალას კი ის სიკეთე მაინც მოსდევს რომ ბევრია, თუ ცოტაა გლეხს ხელს არ უშლის მამულის გაკეთებისათვის ხარჯი გასწიოს, უფრო მედგრად იმუშაოს, უფრო დიდი მხნეობა და მეცადინეობა იხმაროს, იმიტომ-რომ ამ შემთხვევაში მომატებულის ხარჯისა და შრომის მონაგები სრულად მისია. აქ ღალას მიწის ქირის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ და არა შრომის ნაყოფის გაწილადებისა. აქ შრომა ცოტად თუ ბევრად თავისუფალია და რამოდენადაც თავისუფალია, იმოდენად ყოვლად შემძლებელიც არის.

ეს წერილი ძალა-უნებურად გაგვიგრძელდა და ამის გამო. პირველ წერილში მოხსენებული საგნები ამ ჟამად გაურჩევლად დაგვრჩა. ეგ შემდეგისათვის იყოს.

5 მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის.

▲ზევით დაბრუნება


მოკლე მოთხრობა სხვა და სხვა სახელმწიფოთათვის.

სერბია. — რაც შეეხება ოსმალეთის მოხარკე სამთავროებს, მათ-შორის პირველი ადგილი უჭირავთ სერბიას და რუმინიას, და აწ ამ სამთავროების მოკლე განხილვას შეუდგებით.

სერბიას ამ ჟამად უჭირავს სივრცე 791 ოთხ-კ. მილი, რომელზედაც სცხოვრობს 1,377,068 სული. ამათთა შორის 1,100,000 სერბიელია, 130.000 რუმინები (ვლახები) და დანარჩენი ბოშები, ურიები და სხვ. სერბიაში არის მონარხიული მმართველობა, რომლის წარმომადგენელს უწოდებენ კნიაზს (ქართულად მთავრად ითარგმნის). კნიაზის უფლება დამკვიდრებულია ობრენოვიჩების გვარში და ისე განუსაზღვრული და ისე განუსაზღვრული არ არის როგორც ოსმალეთში. კანონთ-მდებელი უფლება ეკუთვნის როგორც კნიაზს, აგრეთვე სკუპშტინას, ე.ი. სერბიის ხალხის წარმომადგენელთა კრებას (2,000კაცზე ერთი დეპუტატი). ამ წარმომადგენელთა კრებაში ამ ჟამად ირიცხება 134 წევრი[1]. ყოველს კაცს (მოჯამაგირე–მსახურთა გარდა), რომელიც კი 21 წლისზედე მეტია, აქვს არჩევანის უფლება.

სერბიაში არის აგრეთვე სახელმწიფო საბრჭო რომლის წევრთა ნიშნავს მხოლოდ კნიაზი.

ამ ჟამად სერბიის ტახტზედ ზის მილანი IV ობრენოვიჩი. პარიჟის ტრაქტატის ძალით (30 მარტს 1856წ.) სერბია იმყოფება ევროპის უპირატესთა სახელმწიფოთა ფარველობის ქვეშ. სერბია იხდის ყოველ წელს განსაზვღრულს ხარკს ოსმალეთის სასარგებლოდ.

ამ უკანასკნელი ოცდა ათის წლის განმავლობაში სერბიის შემოსავალმა იმატა თითქმის ნახევარ მილიონამდისინ. ამ ჟამად წლის შემოსავალი სერბიისა შეადგენს მილიონ-ნახევარ მანეთსა. გასავალიც თითქმის ამოდენაა. წარსულ წლამდინ სერბიას სრულებით არა ქონდა ვალი.

სერბიელი 20 წლიდგან 50 წლამდე ვალდებულია სამხედრო სამსახურისა: ოთხი წელიწადი ემსახურება მომქმედ ლაშქარში, ოთხი წელიწადი რეზერვში და დანარჩენი 24 წელიწადი ითვლება საერო ჯარში. ომიანობის დროს სერბიას შეუძლიან გამოიყვანოს ჯარად 135,000 კაცამდე.

ამ უკანასკნელ ათის წლის განმავლობაში სერიამ დიდად წინ წაიწია როგორც ხალხის განათლებით, აგრეთვე სხვა ფრივადაც. ხალხის განათლებაზედ სერბიას დიდი ყურადღება აქვს მიქცეული. 1808 წ. სერბიაში მხოლოდ ერთი სასწავლებელი იყო. 1836წ.—72, სადაც 2,500 შეგირდი სწავლობდა. 1846 წ. სასწავლებელთა რიცხვი გახდა 213 (მათ შორის 18 საქალებო) და მოსწავლეთა 6,200. ბოლოს დროს სასწავლებელთა რიცხვი ოთხასია, რომელთშიაც სწავლობს 20,000 შეგირდი. ამ სახალხო სასწავლებელთ გარდა. სერბიას აქვს სხვა და სხვა საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებიცა. სერბიის სატახტო ქალაქი არის ბალგრადი, სადაც სცხოვრობს 27,705 სული.

———

რუმინია. — ადრინდელი მოლდავია და ვლახეთი 1859 შეერთდენ და მით დამყარდა ეხლანდელი რუმინია. მისი სივრცე შეადგენს 2,200 ოთხ კ. მილს და მასზედ მცხოვრებთა რიცხვი 5 მილიონზე მეტია. უმთავრესი ნაწილი ამ რიცხვისა (4 ½ მილიონი) ეკუთვნის რუმინებს (ვლახებს) და დანარჩენი ბოშებს, ურიებს. ვენგრებს, სომხებს და სხვ. ეხლანდელი რუმინები არიან იმ ხალხთა შთამომავალნი, რომელთაც ეჭირათ ძველ დროში თითქმის მთელი ბალკანის ნახევარ კუნძული საბერძნეთის ჩრდილოეთი და რომელთაც ბერძნები უწოდებდნენ ფრაკიელებს. შემდეგ, რომაელებმა დაიპყრეს ეს ქვეყანა და დაარქვეს მას დაკია. ეხლანდელი რუმინების ენა შერეულია, ორის ენისაგან — ლათინურისა და სლავიანურისაგან — არის შემდგარი.

რუმინიაში, როგორც სერბიაში, განსაზღრული მმართველობაა ე.ი. მთავრობითი უფლება ეკუთვნის როგორც კნიაზს, აგრეთვე ხალხის წარმომადგენელთა კრებას, რომელიც განიყოფება ორ ნაწილათ: სენატი (76 წევრი) და რჩეულთა კრება (157 წევრია).

ომიანობის დროს რუმინიას შეუძლიან გამოიყვანოს ჯარში 144,668 კაცი.

რუმინიაში ამჟამად იმყოფება კნიაზად კარლო I. (1866 წლიდგან). პრუსიის კოროლთა გვარის-კაცი. სატახტო ქალაქი არის ბუხარესტი, რომელშიაც სცხოვრობს 221,803 სული.

დიდი ვალი აწევს რუმინიას და ამისგამო მისი ფინანსიური მდგომარეობა ვერაფრად არის.

———

ბალკანის ნახევარ კუნძულზე იმყოფება ერთი პატარა, მაგრამ ძალიან შესანიშნავი სამეფო ანუ სამთავრო — ჩერნოგორია. მისი სივრცე შეადგენს 80ოთხ-კ. მილს, და მცხოვრები —190,000 კაცსა. ეს პატარა სახელმწიფო. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს განთავისუფლდა ოსმალებისგან და ამ ჟამად სრულებით თავისუფალია. ბარემ ოსმალეთს ძალიან უნდოდა ხელახლად დაეპყრა ეს ქვეყანა, მაგრამ ხალხის თავ-მოწონებამ, სამშობლოსი და მამულის თავ-განწირულმა სიყვარულმა, ერთი ერთმანეთისთვის თავდადებამ და შეუპოვარმა ვაჟკაცობამ, ამასთანავე თვით ჩერნოგორიის მდებიარობამ ოსმალეთის სურვილს ფრთა მოუკვეთა.

ჩერნოგორიაში 1865 წ. სასწავლებელთა რიცხვი იყო მხოლოდ 12, დღეს კი მათი რიცხვი 50 მეტია. ჩერნოგორიას შეუძლიან გამოიყვანოს ჯარში ომიანობის დროს 20,000 კაცი, თქმა აღარ უნდა რომ ძალიან მეომარი ხალხი უნდა იყოს ის ხალხი, რომელსაც შეუძლიან 190,000 კაცზე გამოიყვანონ 20,000 მეომარი.

ამ ჟამად ჩერნოგორიაში მთავრობს კნიაზი ნიკოლოზ I. მისი უფლება თითქმის განუსაზღვრელია.

———

ავსტრი-ვენგრიის იმპერია. — რუსეთის დასავლეთით და ოსმალეთის ჩრდილოდ მდებარეობს ავსტრი-ვენტრიის იმპერია. ამ იმპერიას უპყრია 11,305 ოთხკუთხე მილი სივრცე მასზედ დასახლებულია 36 მილიონამდე მცხოვრები. ავსტრი-ვნგრიის მცხოვრებნი ერთის გვარ-ტომის ხალხნი არ არიან და იმპერიის ტკივილს მცხოვრებთა გვარ-ტომობის სხვა და სხვაობა შეადგენს.

გვარ-ტომობით ეს მცხოვრებნი განიყოფებიან ოთხს უმთავრესს ნაწილად: გერმანიელნი (ნემეცნი) ცხრა მილიონია, რომაელთა ტომი — სამ მილიონ ნახევარია. ვენგერნი ანუ მადიარნი ხუთ მილიონ ნახევარია. სხვა წვრილ-წვრილნი ტომნი, ბერძნები, სომხები, ებრაელნი და ბოშნი — სულ ერთად ერთ მილიონ ნახევარია.

სლავიანთა ტომისანი არიან სხვა და სხვა თემნი, სახელდობრ: ჩეხი, ანუ ბოჰემიელი, მორავი, სლოვაკი, რომელნიც შეადგენენ შვიდს მილიონს სულსა; პოლაკი (პოლშელი) – ორ მილიონ-ნახევარს; რუსინი—სამ მილიონზედ ცოტა მეტს; სლოვანი და ვინდი — ერთს მილიონზე მეტს: კროატი ანუ ხროვატი — ერთ მილიონ ნახევარს და ბოლგარი 30,000 სულსა.

ავსტრი-გენგრიაში აღიარებულია სანელმწიიფო სარწმუნოებათა კათოლიკის სარწმუნოება. ამ სარწმუნოებისა იმპერიაში ოცდა რვა მილიონამდე სული ირიცხება; ოთხს მილიონამდე მართლ-მადიდებელნი არიან, სამ მილიონ ნახევრამდე ლიუტურანელნი დაკალვინელნი, სომხისა სარწმუნოებისა, უნიატნი და სხვანი — 63,000 სული, ებრაელთ სრწმუნოებისა - ერთ მილიონზე მეტი.

ამ იმპერიის ქვეყანა ბუნებით მდიდარი ქვეყნაა; სახნავ-სათესი მიწა და საძოვრები ნაყოფიერია. სასოფლო მეურნოება კარგად განვითარებულია. სამი მეოთხედი მცოვრებთა ადგილ-მამულის მუშაკნი და მოწარმოენი არიან. პური, ღვინო (ვენგრიის ღვინო გათქმულია), სელი, თამბაქო, სილი, ბოსტნეული უხვად მოდის, ასე რომ სამძღვარ გარედაც გააქვთ. პირუტყვთ მოშენება - ცხენისა, ხარისა, ცხვრისა, ღორისა, აბრეშუმის ჭიისა - სხვა მეორნეობას არ ჩამოუვარდება. ვენგრიის ცხენი და საქონელი ნაქებია. ტყეს უჭირავს ერთი მესამედი ბარად დაცმულის სივრცისა, ოცდა თექვსმეტი მილიონი საჟენი შეშა ყოველ-წლივ ამ ტყეებიდამ გამოაქვთ. ავსტრი-ვენგრიის იმპერია მადნებითაც მდიდარი არის. ამ მადნების შემოსავალი წელიწადში სამოც მილიონზე მეტი მანეთია. აი უფრო რა მადნეულობა მოიპოება იმპერიაში: ქვა-ნახშირი, რკინა, ოქრო, სპილენძი, ვერცხლი, კალა, ვერცხლის წყალი (სინდაკი), ცინკი, ტყვია, გოგირდი, მარილი, ჩინურის (ფარფორის) თიხა.

ხელოსნობამ ამ ბოლოს დროს ძალიან წინ წაიწივა მეტადრე იმპერიის დასავლეთის მხარეში. ხელოსნობის უმთავრესნი ნაწარმოებნი არიან: მაუდი და შალები, მინისა და ფარფორის ჭურჭელი, ტილოები, რკინეულობა შაქარი და სხვანი. ავსტრი-ვენგრიის იმპერიას ხელოსნობიდგან აქვს შემოსავალი წელიწადში ათას მილიონამდე მანეთი. აღებ-მიცემა გაძლიერებულია და თან და თან უფრო მატულობს და ვრცელდება. 1875 წელს შემოზიდულა სსვა ქვენებიდამ სამას სამოცდა ხუთ მილიონ მანეთის საონელი და თვითქმის ამდენივე სხვა ქვეყნებს იმპერიიდამ გაუტანიათ.

იმპერიაში 16,812 ვერსტზე რკინის გზები გადის სსვა და სხვა ქალაქთა და სოფელთა შორის. რკინის გზები გარეითად საქონლის საზიდად და მცხოვრებთა მისვლა მოსვლისათვის ზღვაში მუშაობს 7,440 ხომალდი. რომელთა შორის 100 ცეცხლის გემია; ამასგარდა დუნაის მდინარეზედ და სხვა და სხვა წყლებზედ და არხებზედ დადის 143 ცეცხლის გემი და 560 დიდი ნავი. ამათს რიცხვში სამხედრო გემ-ხომალდნი არ ჩაგვითვლია.

იმპერიაში მოქმედობს 30,000 სახალხო სასწავლებელი, 100 სოსტატო სემინარია 293 გიმნაზია, 8 უნივერსიტეტი და 87 სხვა და სხვა სახელ–წოდების უმაღლესი სასწავლებელი.

როგორც ყველგან ევროპაში ისე ავსტრი-ვენგრიაში დაწესებულია საყოველთავო სამხედრო სამსახურის მოვალეობა. ეგ წესი დაიდგინა 1868 წელსა. იმპერიის ყოველი ქვეშევრდომი ოცის წლისა შესრულდება თუ არა ვალდებულია ჯარში ჩადგეს. სამსახურის ვადა სულ თორმეტი წელიწადია, აქედამ: სამი წელიწადი უნდა იმსახუროს მომქმედ ჯარში. შვიდი წელიწადი — რეზერვში და ორი წელიწადი — ლანდვერში. ლაშქართ მთავარი თვითონ იმპერატორია. მშვიდობიანობის დროს იმპერიას შეუძლიან თოფ-ქვეშ დააყენოს ერთს მილიონზე მეტი კაცი. სამხედრო გემ ხომალდი სულ 68 არის 404 ზარბაზანით შეჭურვილი.

1867 წ. 17 თებერვალს იმპერატორის ოქმის ძალით ავსტრიის იმპერია ორ ნაწილად გაიყო. ამ ორ ნაწილს შუა მიჯნად დაიდვა ერთი პატარა წყალი, რომელსაც ლეიტა ჰქვიან. ამიტომაც იმ ნაწილს, რომელიც ლეიტის გამოღმა არის უწოდეს ცისლეიტანია (ესე იგი, ლეიტის ამიერი), გაღმით ნაწილს უწოდეს ტრანსლეიტანია (ესე იგი, ლეიტის იმიერი). ეს ორივ ნაწილი სივრცით, თუ მცხოვრებთა რიცხვით თითქმის თანასწორნი არიან, ხოლო მცხოვრებთა გვარტომობით განსხვავდებიან. ცისლეიტანიაში ანუ უკეთ ვსთქვათ, საკუთრივ ავსტრიაში უფრო გერმანიელნი და სლავიანების ტომია, და სლავიანების ტომი ბევრად მეტია გერმანიელთ ტომზედ; ტრანსლეიტანიაში კი რიცხვით პირველი ადგილი ვენგრთა, ანუ მადიართა ტომს უჭირავს, თუმცა აქაც იმუოფებიან გერმანიელნი, სლავიანები და სხვ. ეხლანდელი იმპერატორი ფრანც-იოსები I ავსტრიის იმპერატორათ ითვლება და ვენგრიის კოროლათა.

თუმცა ამ ორივე ნაწილში ხელმწიფე ერთია, მაგრამ თვითვეულს ნაწილს თავისი განსაკუთრებითი და მთვრობითი მმართველობა აქვს: ცისლეიტანიაში ავსტრიის რეიხსრატი და ტრანსლეიტანიაში - ვენგრიის სეიმი. პირველია ვენას, ავსტრიის დედა ქალაქში, მეორე — პეშტსა — ვენგრიის დედა-ქალაქში.

ავსტრიის რეიხსრატი განიყოფება ორ პალატათ: დიდებულთა პალატი და დეპუტატთა პალატი. პირველის მწევრნი არიან: ყოველი სრული წლოვანი იმპერატორის სახლობისა, წარჩინებულთა გვართა სახლის უფროსნი თავადნი, არქიეპისკოპოსნი და ის პირნი, რომელთაც ამათ გარეითად თვით იმპერატორი ამოირჩევს და დანიშნავს, ამ პალატში სულ 175 წევრია. დეპუტატთა პალატი შემდგარია იმ პირთაგან, რომელთაც თვითონ ხლხი ირჩევს და ფარულის კენჭის ყრითა ექვსის წლის ვადით. რეიხსტრატი მოქმედობს მხოლოდ ცისლეიტანიაში. როგორცა ვსთქვით, ტრანსლეიტანიაში კი მთავრობითი მმართველობა ვენგრიის სეიმის ხელშია. ეს სეიმიც შემდგარი ორის პალატისაგან, ერთი დიდებულთა პალატია, რომელსაც ჰყავს 410 წევრი წარჩინებულის სასულიერო გვამთაგანნი და თავად–აზნაურთაგანნი; და დეპუტატთა პალატი,რომელშიაც 438 წევრია მცხოვრებთაგან ამორჩეულნი სამის წლის ვადით. როგორც ცისლეიტანიას, ის ტრანსლეიტასიას ყავთ საკუთარი მინისტრები ცალ–ცალკე.

ამ ორის ნაწილის კავშირი იმაზეა დამყარებული რომ ერთის სამეფო-შთამომავლობის ქვეშევრდომობა აქვთ, საერთო სახელმწიფო შემოსავალ-გასავალი და საეთო ჯარი ჰყავთ. ამ საერთო საქმეთა წარმოებისათვის რეიხსრატი და სეიმი თვითოეული თავის მხრით სამოცს კაცს ირჩევს. ამ ამორჩეულთაგან შესდგება ორი კრება, რომელსაც დელეგაცია ქვიან. ერთი დელეგაცია რეიხსრატისაა და მეორე სეიმისა. ამ ორს დელეგაციას საერთო საქმეთათვის ბჭობა და რჩევა ცალ-ცალკე აქვსთ და რასაც გადასწყვეტენ ურთიერთს აცნობებენ. თუ ვინიცობაა უთანხმოება ჩამოუვარდათ რაზედმე, მხოლოდ მაშინ ორივე დელეგაცია ერთად მოუყრის თავსა და ხმათა უმრავლესობით გადასწყვეტს საქმეს. ავსტრი-ვენგრის საერთო საქმეთათვის დანიშნულია იმპერიის სამინისტრო, რომელშიაც ირიცხება სამი მინისტრი: უცხოეთის საქმეებისა და იმპერატორის სასახლისა, ფინანსისა და მხედრობისა. ეს სამინისტრო პასუხის-მგებელია მხოლოდ დელეგაციების წინაშე.

ავსტრი-ვნგრიის საერთო მმართველობის შემოსავალ-გასავალად დანიშნული აქვს 80 მილიონზე მეტი მანეთი. ცისლეიტანის და ტრანსლეიტანიის სახელმწიფო შემოსავალ-გასავალი ერთი და იგივე ზომის არ არის. პირველში გასავალი 20 მილიონზე მეტია ვიდრე შემოსავალი და მეორეში გასავალი 15 მილიონამდე გადამეტებულია შემოსავალზედ.

ავსტრი-გენგრიას დევს 2,340 მილიონი მანეთი ვალი. ამ ვალის გადახდასა და სარგებელზედ ეხარჯება 100 მილიონი მანეთი ყოველ წლივ.

ვგონებთ რომ ბევრს ქვეყანას არ გამოუვლია იმდენი ვაი-ვაგლახი და არ გამოუცდია იმდენი ბედის წინა და უკუღმა ბრუნვა, რაც ავსტრიის იმპერიასა. მერვე საუკუნეს, კარლო დიდის დროს,ავსტრია უბრალო სანაპირო მაზრა იყო რომს იმპერიისა, მას მერმედ თან და თან გაძლიერდა. ავსტრიის გრაფები (მთავარნი) გარემო სამფლობელოებს იპყრობდნენ ძალით თუ ნება–ყოფლობითა ბოლოს ისე განძლიერდნენ, ისე გაავრცელეს თვისი სამპყრობელო, ისე განძლიერდნენ, რომ მეცამეტე საუკუნეში ავსტრიის მთავარი (გრაფი) გერმანიის იმპერატორათ აირჩიეს. იყო დრო, სახელდობრ მეთექვსმეტე საუკუნე, როცა ავსტრიის იმპერატორს ეპყრა მთელი გერმანია, იტალია, ესპანია, ჰოლანდია და ამას გარდა აუარებელი ადგილები ამერიკასა და აზიაში. მოსამზღვრე ხელმწიფეებთან დამოყვრებისაგამო ავსტრიის იმპერატორებმა შეიძინეს ვენგრია, ბოჰემია, სილეზია, მორავია და სხვანი. ხოლო მეთვრამეტე საუკუნეს პრუსიის კოროლმა ფრიდრიხ II-მ შეარყია ავსტრიის ძლიერება. ამის შემდეგ და ნამეტნავად ნაპოლეონ I-ს დროიდგან იმპერიამ თან და თან უკან დაიწივა. თუმცა ნოლეონ I-ს განდევნის შემდეგ გერმანიის იმპერატორის ხარისხი შერჩა ავსტრიის ხელმწიფეებს, მაგრამ ეგ მხოლოდ სახელწოდებითი იყო და თითქმის სხვა არაფერი.

1860წ. იტალიამ, საფრანგეთის შემწეობით, სრულად განდევნა ავსტრია თავის ადგილებიდამ და დამყარა საკუთარი იტალიის ერთიანი სმფო. ექვსის წლის შემდეგ (1866 წ.) პრუსიამ ისე დაამარცხა ავსტრია, რომ ცოტას დარჩა მისი დედა-ქალაქი არ იღო. პრუსიამ ამ გამარჯვების შემდეგ სრულიად გამორიცხა ავსტრია გერმანიიდამ, ჩამოართო ავსტრიის იმპერატორს გერმანიის იმპერატორის სახელწოდება და დიდი ხარჯი გადაახდევინა. ესრედ შეჭირვებული დამარცხებული და დაუძლურებული ავსტრია აღარ იყო საშიში ვენგრიისა და სლავიანებისთვის. ამიტომაც მოჰსთხოვეს მას, ჩვენი უფლება ჩვენ დაგვითმეო და ამ საგანზედ სახელმწიფო ცვლილება რამ მოახდინეო.

———————

31. 33-ს ნიშნავს მთავრობა და 101 ირჩევს ხალხი

(შემდეგი იქნება. „ივერია“ №3.)

6 ქალაქის სცენები

▲ზევით დაბრუნება


ქალაქის სცენები

ერთის დღის აღწერისა 1876 წ.

II1

(ამწერელი შემოდის ერთ არც თუ ვაჭართან, არც თუ ჩინოვნიკთან. )

- მობძანდით თქვენი ჭირიმე, მობძანდით! შემოსდგით ფეხი ანგელოზისა. არა, გაოცებით კი ნუ მიყურებთ. მე, თქვენ იცით, თუ რამდენი ჟამი და წელიწადია, რაც მოგელით?

- თქვენ იქნება სხვას ვისმე მოელით და შეცდომითაა ბძანებთ.

- სულაც არა, თქვენმა მზემ. კარგათ ვიცი, რისთვისაც დაიარებით და სწერთ.

- მე გახლავარ ამწერელი ქალაქის ერთ დღიურის აღწერისა, რომელიც ამ ჟამათ....

- სწორეთ ვიცი, ვიცი ბატონო. განა არა ვხედავ, რომ თქვენ დილას აქეთ ამ ქუჩას ჩამოუარეთ? ვიცი რომ კარგათაც დაღალული ბძანდებით. უკაცრავათ კი ნუ ვიქნები და დაბძანდით ერთ წამსა. თუ წყალობას იზამთ, ერთ ფინჯანს ყავას მოგართმევთ? ინებეთ ჩვენი სახლის გაბედნიერება და ჩემ ჭერ ქვეშ ერთი ფინჯანი მიირთვით.

- გმადლობთ, მაგრამ ტყუილათ რათა სწუხდებით? ბევრი ასაწერი მაქვს და დამიგვიანდება. ერთი წამის საქმეა, უნდა გავათავო აქა და სხვაგან გიახლოთ. თქვენი გვარი და სახელი მიბძანეთ...

- ა...ბა... ბა,, ბავ.. ბა ... ბა! სანამ თქვენ ჩემს ოჯახში ყავას არ მიირთმევთ, არაფერს არ მოგახსენებ.

- დამიგვიანდება ბატონო.

- არ შეიძლება, თქვენმა მზემ! ღარიბის ლუკმა გემრიელიაო, ხო მოგეხსენებათ; ერთი ფინჯანი შეირგეთ, ბატონო.

- თქვენი ნება იყოს.

– აბა დედაკაცო! ერთი კარგი შენებური ყავა მოართვი ამ ჩვენს ოქროს სტუმარსა. მე თქვენ მოგახსენოთ, ღარიბნი კი ვართ. მაგრამ ადამიანის პატივისცემაც ვიცით. თქვე დალოცვილო. უარს რო ბძანებთ, ეგ რა საქნელია? მთელი დღე ამ სიცხე-პაპანაქებაში, მზეში და მტვერში დილიდამ აქამდინ ხალხის გულისთვის იტანჯებით და ხალხმა პატივი არ უნდა გცეს? მართალია ხალხში ხო მოგეხსენებათ ბევრნი უმეცარნი კაცნი არიან რომ არ გაეგებათ, თუ რა ძვირფასათ უნდა აფასებდნენ ამ აწერასა და რა პატივისცემა შეგშვენით თქვენა და თქვენისთანა ამწერლებსა, მაგრამ მე კი ვიცი. ერთი საწყალი კაცი ვარ, მაგრამ......

- აი ბატონო, შეუდგეთ კიდეც. თქვენი სახელი და გვარი? რა ხელობაზე ხართ, რამდენი წლისა ხართ..

- ყველას დაწვრილებით მოგახსენებთ: სახელსაც გვარსაც და ყველაფერსაც. მხოლოთ ჯერ პირველათ თქვენი მახვილი ყური და გულისხმიერება ერთს ჩემს ამბავს უნდა დაამყაროთ. ჩემი უმორჩილესი თხოვნა ეს გახლავს და გთხოვთ მოისმინოთ კიდეცა.

- თქვენ იქნება საჩივარი რამა გაქვთ? ეგ ჩვენი საქმე არ გახლავს.

- ვიცი, კარგა ვიცი, ჩემო ბატონო, რაც თქვენი საქმეა და რაც არ არის. ჰეი გიდი! ასე ღარიბათ რომ მხედამთ, ამას ნუ უყურებთ; ჩვენც ერთი დრო გვქონია. ყველა ავი და კარგი კარგა ვიცი, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, რა ქნას კარგმა მონარდემა, თუ დუშაში არ მოუვაო. ქვეყნიერობის ამბავი ასეა. ცხოვრება ძნელი, დაუდგრომელი რამ არის. სომხები იტყვიან, აპრილე ერწათე, აპრილე ერკათე; ზოგი სიცოცხლე ოქროა და ზოგი რკინააო. ასე არ გახლავს?

- მართალია. მაგრამ...

- მართალი როგორ არ არის. ქვეყანა ზღვაა, მიდის კაცი; ზოგს ატივტივებს, ზოგს დასძირავს. რისგან არის? ადამიანის ბოროტობისაგან, შურისაგან და ავგულობისაგან, რა გინდა შე თვალგაუმაძღარო კაცო, რომ სულ შენკენ იწევ და სხვას დასდევ. ნათქვამია: „კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდესო“; თითონ შენც ირგე და სხვასაც არგუნე და მიუწილადე. მაგრამ ეხლანდელ დროში ყველა ეჩო გამხდარა; ყველა იმასა ცდილობს, რომ სულ თავისაკენ მიითალოს ყოველი სიკეთე და სარგებლობა... მიირთვით გეთაყვა ყავა. ამ დედა-კაცმა, უნდა მოგახსენოთ, საგანგებო ყავის მოხარშვა იცის.

- აი ბარემც თან დავწეროთ.

- არა ბატონო, ყავა ჯერ არხეინათ მიირთვით, ყველას მოვასწრობთ... ჰო, იმას მოგახსესებდით, ერთი ფილოსოფოსი ყოფილა; დიდი ბრძენი ფილოსოფოსი თურმე იყო, ელინის ფილოსოფოსი. ქუჩაში ჩულს დაიგებდა და დაჯდებოდა, და წვიმაში ბოჩკაში შევიდოდა და სცხოვრობდა. ერთხელ შუადღისას ანთებულის სანთელით ხელში ბაზარში გამოვიდა. ხალხმა რო დაინახა, დაიწყო სიცილი, რასა სულელობსო? ჰკითხეს, რას ეძებო, და უპასუხა: კაცსაო, კაცსაო. აბა ერთი მიბძანეთ ამ ჩვენ დროში კაცი სად არის? ყველა თავის სარფას მისდევს და სხვას კი თუნდა ახჩობდნენ, არ მიეშველება. მაგრამ, ეჰ, როგორც არის ამ წუთს სოფელს გავატარებთ. ამ ქვეყნისა არა მინდა რა, ოღომც წმინდა სვინიდისი მქონდეს. სვინიდისისთანა ძვირფასი საუნჯე ამ ქვეყანაზე არა იქნება რა და ვერც არავინ მოგვცემს. ასე გახლავსთ განა?

- დიახ ძვირფასი საუნჯეა... თქვენი სახელი და გვარი მიბძანეთ.

- ყველას მოგახსენებთ. სვინიდისს...მოგახსენებდით. წეღან რომ ფილოსოფოსი ვახსენეთ დიოღენი ერქვა, იმასთან ალექსანდრე მაკედონელი, ძლიერი მეფე,—თქვენ ხომ უფრო კარგათ მოგეხსენებათ, საბერძნეთი ეჭირა, სპარსეთი დაიჭირა და ინდოეთშიაც კი მივიდა,—ესეთი ძლიერი მეფე მივიდა იმ საწყალ ღარიბ ფილოსოფოსთან და უთხრა: ფილოსოფოსო! რა გინდა რო მოგცეო; მეფე ვარ, მთხოვე რამე! შენი დასაჩუქრება მინდაო, და დიოგენმა უთხრა: რაც ეხლა სიკეთე მაქვს, ისიც არ წამართოვო, თორემ სხვა შენი არა მინდა რაო, თურმე მზეზე იჯდა და ალექსანდრე მაკედონელი მზეს უჩრდილებდა. ახლა ამას იმაზე მოგახსენებ, რომ არა მინდა რა არავისი, ასე არა სჯობია?

- მართალი ბძანებაა. მაგრამ მე დამიგვიანდა მიბძანეთ, რაც ამ ქაღალდში დასანიშნავია. თქვენი სახელი და გვარი....

- მოგახსენებ ყველას. მაგრამ ჯერ უპირველესი რამ უნდა მამისმინოთ. ამ ოცდა ორ, ოცდა სამ წელიწადს წინათ, იქნება კიდეც მოგეხსენებოდეთ, ჭანჭურბეგაანთ ოჰანეზამ ფოდრათი აიღო და კანტორა ჰქონდა; იმ კანტორაში დავთრებსა ვწერდი. წელიწადში შევიკარენით ოცდა ათ თუმნათ ჭამა-სმა და ოთახი კანტორაში უნდა მქონოდა. როგორც სვინიდისიან კაცს შეჰფერის, მეც ვმუშაობდი, ვწერდი, ფულსა ვთვლიდი, ტომრებს...არა ტომრებს კი არა, რუსულ მეშოკებს ვაკერვინებდი დედა-კაცებსა; ეს დედა-კაცი მაშინ გავიცანი, მეშოკებსა ჰკერავდა. გავიდა ერთი კვირა გავიდა მეორე კვირა, გავიდა ერთი თვე, დადგა მეორე თვე. ყველაფერს მე ვაკეთებდი, ფული ხელში მქონდა. ხან-და-ხან დღე იქნებოდა, რომ ხუთი, ათი, ასეგაშინჯე თუთხმეტი თუმანი ხელში მეჭირებოდა დასარიგებლათა!

- სწორეთ მოგახსენოთ, რასაცა ბძანებთ, სრულებით მეტი გახლავს თქვენი სახელი და გვარი?...

- მოგახსენებთ და ნახამთ რომ მეტი არ არის. გულდამწვარი კაცი ვარ, ღვთის გულისთვის მამისმინეთ. ჰო, იმას მოგახსენებდით. ერთხელ ფულს რომ ვიბარებდი, არ დავთვალე; დარიგების დროს შვიდი თუმანი დამაკლდა. წავედი მოვახსენე ჩვენ ფოდრაჩიკს, თუ ასე და ასეა მეთქი, შვიდი თუმანი აკლდება მეთქი. — ხომ არ დაჰკარგეო? მკითხავს. რა ბძანებაა დაკარგვა მეთქი? ნეტავი ენა დამდუნებოდა და ის სიტყვა არ მეთქვა. არა მეთქი, არ დამიკარგავს, - ახ რატო ისე არა ვსთქვი, რომ დავკარგე. არა მეთქი, თქვენ ნაკლებათ მამეცით მეთქი. — არაო, რა ბძანებაა დაკლებაო: შენ თვალ-წინ არ დავთვალეო? მე არ დამითვლია მეთქი. ახმახოვო, ფულს იღებ, არა სთვლი, რამდენს გაძლევენო? დაუძახა თავის დისწულსა, ისიც კანტორაში იყო: ამას წეღან რამდენი ფული დავუთვალე და მივეციო? — იმანაც იმდენი თქვა. იმ კისერი მოსატეხმა ბიჭუამ საქმე გამიფუჭა. მე კარგათ მახსომსო, რომ ამდენი დასთვალა ბიძამაო. ჭანჭურბეგამ გამამისტუმრა: რახან შენ ფულის მიღების დროს თვლა არა გცოდნიაო, ახლა საითაც გნებავდეს, იქით წაბძანდიო; კანტორაში მაინც ვერაფერი ვერ გაგიკეთებიაო!.. ბევრი ველაპარაკე. მაგრამ არ გამიგონა — ეს რაც დანაკლისი. ახ, რატო დანაკარგი არა ვსთქვი, რაც დანაკლისი ფული არის მეთქი, ჯამაგირში მიანგარიშე მეთქი. — გასწი. გამეცალეო! გიანგარიშო კი არა, ერთის თვის ჯამაგირსაც კიდევ გაჩუქებო, ოღომც თავიდამ მომშორდეო. შენ შვილო ღრამატიკებითა და ფილოსოფოსებით ლაპარაკს დაჩვეულხარ, ჩვენ ყბედი კაცები არ გვინდა, საქმის კაცები გვინდაო... აი რა კაცები არიან ვაჭრები.

- ბძანეთ თქვენი სახელი და გვარი.

- მამითმინეთ... ამასთან უნდა მოგახსენოთ; კანდრახტი მართალია დამტკიცებული არა მქონდა. მაგრამ შავათ დაწერილი კანტორაში იდვა. ჰაი დღეს, - ჰაი ხვალ გადავწერ მეთქი, მაგრამ ხან კალამი კარგი არა მქონდა, ხან ქაღალდი რიგიანი, ხან მელანი თეთრი იყო და დარჩა -— ეს რომ გავიგონე, ხმა აღარ გავეცი, კანტორაში წაველ კანდრახტი ავიღო მეთქი. აქეთ კანდრახტი, იქით კანდრახტი, აღარ გამოჩნდა, აღარ გამოჩნდა; ცამ ჩაყლაპა, დედა-მიწამ ჩაყლაპა, წავიდა დაიკარგა, დაიკარგა! ჩემი ხელით დაწერილი იყო. მე ახლა სწორეთ შემიძლია ვთქვა, რომ ის კანდრახტი ჭანჭურბეგას დისწულმა მოიპარა და საქმე ესე გამიფუჭა. მას აქეთ საჩივრის უკან დავდივარ: რამდენს გალავასთან მიჩივლია, პოლიციაშიაც მივლია, მაგრამ ამ საქმეს ბოლო ვერ მოეღო და იმ ბიჭის ჯავრი ვერ ამოვიყარე.

- ახლა ხომ გაათავეთ, ბატონო? თქვენი სახელი და გვარი...

- გავათავე. ახლა მე თქვენა გთხოვთ, რომ და ეს ამბვი წვრილათ, ჩასწეროთ რომ საცა ადგილია, მოხსენდეს. აი თქვენი მობძანება ამიტომ მიხარიან,რომ ბოლოს ამ საქმესაც ბოლო მოუღო. — ხუმრობა კი არ არის? რაც ამ საქმეში გავები. გული აღარა მაქვს სხვა საქმეში შევიდე; ამიტომ რომ ყოველთვის კაცი იმას უნდა ცდილობდეს. ჯერ ერთი საქმე დააბოლოვოს, გასწმინდოს და მერე მეორეს შეუდგეს. გთხოვთ დიდათა როგორც თქვენს პატიოსნობას და კეთილშობილობას ეკუთვნის, ისე დაწვრილებით მოიხსენოთ და ჩასწეროთ.

- დიდის სიამოვნებით აგისრულებდით თხოვნნასა. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ეგ ჩვენი საქმე არ არის.

- რატო არ არის, თქვე დალოცვილო?

- ამიტომ რომ, ჩვენი საქმე სხვა საქმეა. ჩვენ მარტო თქვენი სახელი და გვარი ხელობა და სხვა ამისთანები უნდა ჩავწეროთ.

- დიახაც არის და კარგათაც ვიცით. განა ვიცით. რომ სეკრეტათ ყველას ვითარება, და საჩივარიც უნდა ჩასწეროთ? ბრიყვები ნუ გგონივართ.

- თქვენი სახელი და გვარი?

- არა! ჯერ ჩვენი საჩივარი ჩასწერეთ და მერე ყველას მოგახსენებთ.

- არ შეიძლება. საჩივრისთვის სასამართლოა.

- თქვენ. ბატონო. ნუ გვატყუებთ. თუ ღმერთი გწამთ ჩასწერეთ! ცოტაოდენი ღარიბ კაცს უნდა შემწეობა მისცეთ. ღმერთი გადაგიხდისთ.

- არ შეიძლება, ბატონო, რა ახირებაა? თქვენ ვიღასაც მოუტყუვებიხართ და მე კი არ მიჯერებთ. მიბძანეთ თქვენი სახელი და გვარი, ან თქვენ ჩასწერეთ. აჰა ქაღალდი, წერა ხომ იცით?

- ვიცი, არზებსა ვწერ, რატო არ ვიცი; იმითი ვცხოვრობ. ბევრჯელ თითო არზის წერაში ჭრელი მანეთი ამიღია და აბაზიანი ხომ მუდამა მაქვს.

- მაშ თქვენვე ჩასწერეთ.

- მოიტა, თქვენი ნება იყოს, ჩავწერ. (სწერს).

- რაცა გნებავდათ, სახელი, გვარი და ყველა ხომ მოგახსენეთ, სხვა ხომ არაფერი არა გნებავთ?

- არაფერი: ახლა ეს დედა-კაცი ვინ არის? თქვენიანია?

- არა, ჩემიანი არ არის. ჩემს მფარველობას ქვეშე არის, შემომეკედლა. რადგანაც დედა-კაცია და ღამ-ღამობით სტუმრები დაიარებიან, მეც მფარველათა ვყევარ.

- ჰმ…

- თქვენც შეგიძლიათ, როცა გნებავდეთ, გვესტუმროთ. კარგა ლხინებიც ვიცით.

- სახელი და გვარი ჩავწეროთ. (სწერს).

- ოღომც კი ჩემი საჩივარი ჩასწეროთ და ლხინებს კარგს გაჩვენებთ.

- მშვიდობით ბძინდებოდეთ!

- აპა! თქვენც არ მომიკვდეთ, მე თქვენ საჩივრის დაუწერლათ არ გაგიშვათ!

- ნუ ინებებთ, ბატონო, მაგისთანებს.

- ჩემი საჩავარი უნდა დასწეროთ, რომ მთავრობამ შეიტყოს ჩემი ამბავი. მაშ რას მიქვიან თქვენი მოსვლა? მოდიხართ, კუთხე-ბუჩხეს მიშინჯავთ და საჩივარსაც არ მიგონებთ?! ეგ სამართალია? მე თქვენზედ საჩივარს შევიტან; ღმერთი გამიწყრეს. თუ ასე არა ვქნა. ჯამაგირს რომ იღებთ, განა მუქთათ იღებთ? ხვალვე გალავასთან გიჩივლებ. შენი ჭირიმე, არზის წერა გამიჭირდება. ერთი თაბახი და შენი ჯანი.

- ბატონო, ძველი საქმეა. რაღა ლაპარა კათა ღირს? თავი დაანებეთ და გაათავეთ.

- იф, რა კარგ რამეს მირჩევთ! ოც-და-ორი წელიწადი მაგ საქმეს უკან დავდევ და ახლა აგრე ხელ და ხელ თავი დავანებო რაღა? გიჟი ხომ არა ვარ უჩივლელათ საქმე გავათავო. იმასაც უჩივლებ და შენცა. საცა შენი სთქვა, წადი და ჩემიც იქა სთქვი!

ანჩისხატისუბნელი.

———————

1. თავი №1 „ივერიისა“ 1877 წ.

(შემდეგი იქნება. „ივერია“ №3.)

7 „კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რასაკვირველია“

▲ზევით დაბრუნება


„კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რასაკვირველია“

აი ესეც ახალი გაზეთი ჩვენის ძველის სახელითა. ძლივს არ დაიბადა!.. მაგრამ რაღაც უგემური კი გამოდის. არა აქვს, ფხა!.. მოჰყოლიან, ბატონებო, ეს მეცნიერებაო, ეს ცხოვრებაო, ეს ისაო, ეს ესაო. ვჰსთქვათ რომ მართლაც მეცნიერი იყოს (ტყუის კი თქვენმა მზემ), ვჰსთქვათ, რომ ცხოვრების ამწონიც და დამწონიცა, - ვითომ მაგით რაო? არა ვის წინა თამაშობთ მალაყებსა? მაგითი გინდათ თვალი აგვიბათ განა? მაშ კარგად გიცვნიათ ქართველები, მოგესევით ბატონებო, ასეთს კორიანტელს აგიყენებთ, რომ თქვენის საქმის, ვერც თავი გაიგოთ და ვერც ბოლო. ვითომ ბევრი ქექა და თავის-ტკენა დაგვჭირდება თუ!..ამის მეტი ხომ არა დაგვეხარჯებარა, რომ ეგ თქვენი „ივერია“ უკუღმა წავაკითხოთ საზოგადოებასა. ეგ სახელი უკუღმა რომ წავიკითხოთ „აირევი“ გამოვა. აი აგერიოთ გზა და კვალი!.. კაი სახელი დაგირქმევიათ, ო თქვენმა მზემ!

რაო? მეცნიერება და ცხოვრებაო?!.. აი მეხი კი და-გეცათ. გაზეთიო მეცნიერებისა და ცხოვრების შორის შუამავალიაო. მაჭანკალი გეთქოთ. არა, ჯერ ერთი ეს მითხარით: ჩვენს უფერულს, უგემურს, ზლაზვნით მოარულს ცხოვრებას რა აქვს დასაბარებე-ლი მეცნიერებასთან, რომ მოციქული აგიჩენიათ. ან თვითონ მეცნიერებას ნუ თუ უჩვენოდ ვეღარ გაუძლია, ნუ თუ უჩვენოდ ფეხი წინ ვერ წაუდგამს, რომ მის მხრითაც შუამავლის მოგზავნა საჭიროდ დაგინახავთ. ჩვენს ცხოვრებას მეცნიერებასთან რა ხელი აქვს და მეცნიერებას ჩვენს ცხოვრებასთან? ვითომ აქამომდე, რომ ესენი უმძრახად იყვნენ და უერთმანეთოდ სუფევდნენ _ რა ცუდი იყო, რა დაგვაკლდა? არაფერი, თქვენმა მზემ. მაშ ისე რა გასჭირებია ან მეცნიერებას, ან ცხოვრებას, რომ ერთმანეთთან მოციქულის მიგზავნა დაჰსჭირვებიათ და ამ მოციქულათ ამოურჩევით ეს ახალი გაზეთი. მაგრამ ვინ იცის? იქნება ერთს მეორის ვალი ედოს, იქნება ეხლა დრო მოვიდა გადახდისა და ვიდრე ისტორიის წინაშე განიბჭობიან, სურთ რომ მოციქულის პირით როგორმე მოშველდნენ? იქნება თვითონ ცხოვრებაც ადამიანისა სესხი და ვალი იყოს? თუ ეგრეა, ჩვენ ქართველებს ათადამ ბაბადამ მაგ სესხისა და ვალის მეტი არა გვიკეთებიარა? გვიღია სესხიცა და გვიხდია ვალიცა. ეგ დიდის ხნის ამბავიაო, მეტყვი, მკითხველო! მაშინდელია, როცა ჩვენი ცხოვრება ჩვენს მხრებზედ ეყუდა; როცა ამ მძიმე ტვირთიდამ მხარის გამოცლა ჩვენში სირცხვილი ყოფილა. ეხლაო? ეხლა სეხია ჩვენი ცხოვრება ყველასათვის და ვალია თუ არა ვისთვის მე - ეგ კი ღმერთმა იცის.

შორს წავედი. რაზედ დავიწყე ლაპარაკი და რაში გავები. ქართველი ვარ და ტიტინი მიყვარს. შემინდეთ მეტი სიტყვა გაზეთმაო მეცნიერების შენობისათვის ცხოვრებისაგან მოგროვილი ქვა-კირი უნდა ზიდოსო და იქიდამ კიდევ დედა - ჰაზრები უნდა გადმოიტანოს ცხოვრებაშიო, ნეტა რას მიჰქარავთ!.. მაშ ჩვენი ცხოვრება ქურახანა ყოფილა და თქვენი გაზეთი ტვირთთა მზიდველი სახედარი და სხვა არა რა? ეგ ეგრეც რომ იყოს, რად გიტკენიათ თავი, მაგოდენა ტვირთი რად აგიკიდნიათ? ორში ერთი: ან უნდა გვაჩვენოთ რომ ღონივრები ვართო, შემოგვხედეთ რამოდენა ტვირთსა ვძრავთო, ან გინდათ დაგვანახოთ, რომ გაზეთი ტვირთია და არა ქეიფი, შრომაა და არა ცუღლუტობა, საქმეა და არა მასხარაობა, ვითომ თქვენ მართლა მეცნიერების კარი უნდა გაგვიღოთ?.. თუ ეგ მაგრე ადვილი იყოს, ვითომ ჩვენ უთქვენოდაც მაგას არ ვიქმოდით?.. მეცნიერება სალაროა, საცა აწყვია უკეთესი განძი ადამიანის უკეთესის ჭკვითა და გრძნობით მოპოვებული; იგი უდიდესი ტაძარია, საცა დაყუდებულია დიდებული ხატი კაცობრიობისა, ადამიანის ჭკვითა და გულით ძვირფასის თვალებით შეჭედილი, საცა განუქრობლად ანთია უმშვენიერესი ხომალდი ადამიანის ჭკვითა და სულით ანთებულის ჭეშმარიტებისა. თქვენ იქ, ამ უწმინდესს ტაძარში თქვენი გაზეთი - ეგ ტვირთთა მზიდველი სახედარი უნდა შეიყვანოთ?!.. ფიცი მწამს და მეშინიან ბოლომ არ გამაკვირვოს.

ფიცს მალე ვიწამებთ ხოლმე, იმიტომ რომ გულჩჩვილნი ვართ და მალე დამჯერნი, მაგრამ ბოლო კი ყოველთვის გვაკვირვებს, იმიტომ - რომ უბედურნი ვართ; ყოველი ჩვენი უკეთესი იმედი მტვრად აუგვია ამ ულმობელს ქვეყნის უკუღმართობას და ცხოვრების მძღვრიე წყალთა დენასა წაულამავს, წაულექნია. ვჰსტირით და ვალალებთ რომ ეს ასრე მოხდება ხოლმე და როცა ღრმად ჩავფიქრდებით, ის კი აღარ გვიკვირს, რომ უბედურნი ვართ, მარტო ის გვიკვირს როგორღა ვართ ცოცხალნი შაბაშ, ქართველთ გამძლეობას!...

ნუ დამიღონდი, მკითხველო! რა ვქნა, სიცილით ვიწყობ და გლოვით ვათავებ ხოლმე. სიცილი და გლოვა ვითომ და-ძმანი არ არიან? ვითომ ხელი - ხელ გაყრილნი არ დაიარებიან იმ მუშტის-კრივში, რომელიც არსებითის პურისათვის დღე ყოველ გა-მართულია და რომელსაც ცხოვრებას ეძახიან? ორ პირია, ბატონო, ცხოვრება: როცა ერთი პირი უცინის, მეორე უტირის. ნუ დამიღონდი. ავყვეთ კიდევ ამ ჩვენს ახალს გაზეთსა. თუ ეგრეა დაწესებული, დეე სიცილ-ტირილმა, ამ და-ძმამა გვდიოს ჩვენ ბოლომდინა.

მოჰყოლია ეს ახალი გაზეთი და ყვირის: ჩვენ არ ვიკადრებთო ადამიანის შეურაცხყოფასაო. ნუ იკადრებთ, თუ გიყვარდეთ. განა ქართველები არა ხართ? ვაი თქვენს ლხენასა, თუ ეგრეა. და თუ ქართველები ხართ, გული გაგიძლებთ, რომ არ იმასხარაოთ!.. ყოველი წესი, ჩემო საყვარელნო, პაჭიჭსა ჰგავს, თუ კი ერთი წვერი შემოერღვა, გათავდა კიდეც - სულ ბოლომდე რღვევით წავა. ეს კარგად დაიხსომეთ და ჩაიჭდიეთ გულში.

ეს ადამიანის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო!.. დასწყევლოთ ღმერთმა, რეებს არ მოიგონებენ კაცის მაცდურებისათვის! გვიხსენ, უკუღმართო წუთო სოფელო, ამ ბოროტებისაგან! ბევრი კევრი დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ამისთანა კი ჯერ არც ერთხელ. რაებს ბოდვენ!.. ახლა გინდათ ეგ ვალიც დაგვადოთ კისერზედ, რომ კაცის უფლებას, ზნეობითს კანონს საყარაულო გავუმართოთ. ცოტა ვალი გვაქვს, რომ ეგეც ზედ არ დაართათ. ამ საადგილ-მამულო ბანკებს კი გადაურჩით, რომ მაგაებისათვის მოვიცალოთ! თუნდ ეგეც არ იყოს, მაშ მასხარაობას ქვეყანაზედ ადგილი აღარ ჰქონია. მაშ ადამიანმა რით უნდა მოიშოს გულიდამ ყოველ ცისამარის დღის ვალალება! რით უნდა გაართოს გული! და თუ მასხარაობას ადგილი აქვს, რაზედ და ვისზედ იმასხარებთ, თუ არა დამიანზედ, თუ არ ჩვენს მოძმეზედა? დავიჯერო, რომ თქვენ აქ ფეხი არ წაგისხლტებად და ადამიანის უფლებას და ზნეობითსა კანონსა თქვენ ცოტად თუ ბევრად არ დაარღვევთ? პაჭიჭი გახსოვდეთ, პაჭიჭი! მაგრამ რა? მიგიხვდით, მიგიხვდით თქვენს ოინბაზობას. დახეთ, დახეთ შიშით რა სოროში შეძვრა დაბადებისვე უმალ ეს „ივერია“? თუმცა სოროში მიმალეთ თავი, კუდი კი გარედ დაგრჩათ. არ ვიკადრებთო! ეს კაცის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო! დამეკარგენით!.. თქვენ კარგად იცით რომ თქვენს გაზეთს გამჩხრეკი აუჩნდება ვინმე. უამისოდ გაზეთი უსულოა, უფეროა, უღონოა. რადგანაც თქვენ თქვენის თავის იმედი არა გაქვსთ, რომ თქვენს მოპირდაპირეს სიტყვა შეუბრუნოთ, თვალი გაუსწოროთ, შიშით და სირცხვილით ხმას გაიკმენდთ და იტყვით: არ ვკადრულობთო. თუ ეგრეა ასე მოუხრჩოლებთ ამ თქვენს „ბურთივით რგვალს“ რედაქტორსა, ასე მოუყეფამთ, რომ აიღოს და თვითონვე გამოძვრეს სოროდამა. აბა სეირი მაშინ იქნება აი! აბა მაშინ ვიცინებთ და ვიხარხარებთ! ჩვენს უგემურს ცხოვრებაში ამის მეტი არც გვინდა. ჩვენ ქართველები ვართ, ბედს ჩვენთვის გული არასფერზედ არ აუსუყებია, ამიტომაც ზოგჯერ ცოტასაც ვიმყოფინებთ ხოლმე.

ადამიანის უფლების დარღვევაო!.. ვიშ რა მოუგონიათ! რა გაბერილი სიტყვაა!.. რამოდენი კალთები აქვს! რასაც გინდა, ქვეშ იმას შეაფარებ. აი, აი, აი! ახლა მაგ ქანდარაზედ რომ შემსხდარხართ, ვითომ ფეხს მოიკიდებთ და თავ და ყირა ძირს არ დაეშვებით? ერთი მითხარით, თქვენ ადამიანები ხართ, თუ არა? თუ ადამიანები ხართ, „არა რა ადამიანური თქვენ არ უნდა გეუცხოებოდეთ. ვითომ თქვენ უარჰყოფთ ვნებათა ღელვის ძალ-მომრეობასა: ვითომ უმგზავსოდ დაბრეცილი და აწოწვილი თავ-მოყვარეობა ადამიანისა - არაფრად მიგაჩნიათ: ვითომ ადამიანის შური, მტრობა, შურისძიება თქვენ დაგიმორჩილებიათ; ვითომ გაწუწკებულის გულის ლაქლაქობის სენი ადამიანის თვისებათ არ გიცვნიათ! დავიჯერო რომ ესენი ყველა ერთად და თვითეულად ცალკე გული-დამ სამუდამოდ გაგიდევნიათ? მაშ ადამიანობისა საერთოდ და ქართველობისა საკუთრივ რაღა დაგრჩენიათ? აი თქვე ანგარების მოყვარენო! თქვე ადამიანის უარმყოფელნო, თქვე ქართველობის მოღალატენო! მიგიხვდით, მიგიხვდით. რაც ადამიანობის, ქართველობის უბედურებას შეადგენს, იქიდამ თავს ისხლეტთ და რაც სიკეთეს და ბედნიერებას, იმაში კი წილს იდებთ. ფუ, თქვენს ვაჟკაცობასა, გულშემატკივრობასა, თქვენს სულგრძელობასა! განა ეგრე უნდა? ლხინში მეც შენთანაო, ჭირშიკი შენ შენთვისო და მე ჩემთვისო. ამას უცილოთ თქვენ ვინ დაგითმობთ!

ჩვენი გაზეთიო ჩვენის ცხოვრების სარკე უნდა იყოსო. თუ ეგრეა, მაშ ხომ ჩვენს ცხოვრებაში უნდა ჩაებათ. ის კი აღარ იცით, ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო. ვნახოთ თუ ფერიცა და ზნეც არ გაცვლევინოთ. მე ადამიანის ცხოვრება ცოტად თუ ბევრად მიწვნევია და მწამს რომ შექსპირი მართალია, „სულელთ თამაშაა ადამიანის ცხოვრებაო, ამბობს იგი, გინდა თუ არა ჩავდგეთ და ვიტრიალოთო“. ჩვენც გვინდა თუ არა, ჩავდგებით, ვიტრიალებთ და თან ჩავითრევთ ამ ახალს გაზეთსაცა. მაშინ ვნახამთ ეს თქვენი „ივერია“ როგორ გადიხატავს ამ ტრიალსა. ერთი სიტყვით, კარგი რამ გეჭირება გაგიკვირდება, ავს კი აღარ გავიკვირვებთ. ვნახოთ, მოვიცდით! ჯერ კი როგორღაც უგემუმურია. უფხოა, უფხო, თუ შენც იტყვი, მკითხველო. იქნება გემო და ფხა იმაშია, რისთვისაც ამ „ივერიას“ თავი დაუნებებია? ვინ იცის! ეჰა, ქვეყნის უკუღმართობავ, არა იყავნ ნება შენი!...

8 განცხადება

▲ზევით დაბრუნება


განცხადება

ისყიდება:

ლექსნი თქმულნი თ. ნ. ბარათაშვილისაგან ფასი ……… 20კ.

ზ. ნ ანტონოვის თხზულებანი, ფასი 1 მ.

ქართული ანდაზები, ფასი …………10

მეფე ლირი, ტრაგედია შექსპირისა, ფასი 60

ქალაქს, ვართანოვის და გრიქუროვის წიგნის მაღაზიებში და „ივერიის“ რედაქციაში.

ქუთაისს, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში,

გორს, ფარნაოზ ნათიევისას,

ახალციხეს, ალექსეევ-მესხიევისას (მირ. პოსრედ )