The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (27)1877.01.09


ივერია (27)1877.01.09



1877.01.09

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი.საკვირველი ახირება იცის უგუნურებამ. ერთი სულელობა რომ მოახდინოს რამე კაცმა უთუოდ მეორე და მესამეც თან უნდა მიაყოლოს. მაკ-მაგონისა და მისის მინისტრების საქმეც ამ გვარივეა. რესპუბლიკის სხვა და სხვა მოხელეთა განდევნა არ იკმარეს, ეხლა გამბეტის დასჯა მოუსურვებიათ, რომელიც საფრანგეთის ყველა რესპუბლიკელთა მოთავეა. მისს დასს ეკუთვნის ხალხის უმრავლესობა. მაშასადამე, მისი დასჯა არის ამავე დროს ხალხისა და რესპუბლიკის დასჯა,მთელის საფრანგეთის შეურაცხყოფა. ესღა უკლდა მაკ-მაგონს თავის სახელის გატეხისათვის. საქმე ისევ მაკ-მაგონს წაუხდება, თორემ გამბეტის დასჯით საფრანგეთის რესპუბლიკის საქმეს არამც თუ დააკლდება რამ, არამედ უფრო გაძლიერდება და უფრო ღრმად გაუჯდება ხალხს ხორცში და კანში. ხალხმა უქმი მსხვერპლი არ იცის.

რაღა თქმა უნდა, რომ საფრანგეთისა და უცხოქვეყნის ყველა გაზეთებმა დიდი ძრახვა გამოთქვეს მთავრობის განკარგულების შესახებ.

აი რას იწერება გაზეთი Temps: „რვა დღემ გაიარა მას აქეთ, რაც გამბეტას სიტყვა ცნობილ იქმნა, რაც იგი დაიბეჭდა და გარჩეულ იქმნა როგორც აქ საფრანგეთში, აგრეთვე სამზღვარ გარეთაც, და არამც თუ მარტო მთავრობის მოწინააღმდეგე გაზეთების მიერ, არამედ თვით კაბინეთის მომხრეთაგანაც.ზოგან აქეს, ზოგან აძაგეს გამბეტას სიტყვა. ეხლა დრო არისო_უფიქრია მთავრობას_მეც გავერიო საქმეშიო. მას უნდა ხელმეორედ აალაპარაკოს იმ სიტყვაზედ, რომლის შთაბეჭდილება თუმცა არ გამქრალა, მაგრამ მისი შინაარსი აღარ აწარმოებს ფიცხელ პოლემიკას. აი ჭკუა და ხერხი ეს არის! ეს საქმე (გამბეტას დასჯა) რა რიგად გაუკეთებს მთავრობას სახელს როგორც საფრანგეთში აგრეთვე ევროპაშია. ტყუილად კი არ ვიხსენიებთ ევროპას: ყველამ იცის რომ დღეს თუ ხვალ არჩევანი მოხდება, რომლისათვისაც მთელი საფრანგეთი ემზადება; ამგვარ გარემოებაში სიტყვა_ პასუხის თავისუფლობა აუცილებელს საჭიროებას შეადგენს, და მთავრობა ყოველის მხრით სარგებლობს ამ თვისუფლებით. იგი ამ თავისუფლების ძალით შეურაცხჰყოფს რესპუბლიკელთ, რომელთაც პირ იქით ნებას არ აძლევს თავი გაიმართლონ. რა უნდა იფიქროს ევროპამ ამგვარ წესიერებაზედ? რაც შეეხება საფრანგეთს, იგი მალე გასცემს პასუხს, და მის გარდაწყვეტილებას უფრო მეტი სიმტკიცე და სიცხოვლე მიეცემა.“

უბედურებამაც იმგვარივე ახირება იცის, როგორც უგუნურებამ: ერთი და ერთი რომ გადაეკიდება კაცს აღარ მოეშვება; ყველა გარემოება თითქო განგებ ისე შეიჯგუფება ხოლმე რომ ბოლომდე აგრძნობინოს კაცს უბედურების სიმწარე. საფრანგეთის საქმეც ასეა. რაღა უთუოდ ეხლა გარდაიცვალა ტიერი. ერთი წელიწადი მაინც მოეცადნა იმ უბედურს. გვაგონდება ის იმედი, რომელსაც მთავრობის მომხრე გაზეთები აღიარებდნენ ტიერის მოხუცების შესახებ. ამაზედ რესპუბლიკელნი უგებდნენ_თქვენის ჯაბრითაო ეხლა ტიერი ისე ჯანმრთელად არისო, როგორც არას დროს არა ყოფილაო. მაგრამ ბედმა თითქო მასხრად აიგდო რესპუბლიკელთა იმედი და საიქიოს გაიტაცა ეს ოთხმოცის წლის ბერი-კაცი. ტიერი ძალიან საჭირო კაცი იყო რესპუბლიკისათვის, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ იგი მტკიცე მოღვაწე იყო რესპუბლიკის საქმისა. ტიერი არას დროს არ ყოფილა გულწრფელი რესპუბლიკელი. მისი ჭკუისა და გონების მიდრეკილება, მისი გულის წადილი მიქცული იყო პირადის სარგებლობისაკენ და ხალხის ბედნიერებისა ბევრი არა ენაღვლებოდა რა. ამას გვიმტკიცებს მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა, რომელზედაც ცალკე მოგითხრობთ შემდეგში. მრავალ ცვლილებას დაესწრო ტიერი საფრანგეთში: კარლო X-ს მონარხიას, ლუი-ფილიპეს, მეორე რესპუბლიკას, ნაპოლეონ III-ის იმპერიას და ბოლოს მესამე რესპუბლიკას. ყველა ამ შემთხვევაში ტიერი იმ მხარეს იჭერდა, იმ დასს და იმ წოდებას მიუდგებოდა ხოლმე, რომელიც გამარჯვებული გამოვიდოდა ბრძოლიდამ. დღეს თავისუფლების მოყვარე და მოღვაწე, ხვალ იმავე თავისუფლების მრისხველი და მდევნელი_აი რა იყო ტიერი. ამგვარადვე ექცეოდა იგი რესპუბლიკასაც. როდესაც ბოლოს რესპუბლიკა დაარსდა საფრანგეთში და ტიერმა დაინახა, რომ მისი აღმოფხვრა შეუძლებელია_მაშინ ქვეყანას გამოუცხადა, მეც რესპუბლიკელი ვარო. ყველამ იცოდა რომ ტიერი ყოველთვის მძლავრისა და გამარჯვებულის მხარეს იჭერს. ეს თვისება და აგრეთვე ის გარემოება, რომ ტიერი მტკიცედ მიუდგა რესპუბლიკას, ცხადად უმტკიცებდა ყველას, რომ რესპუსლიკა მართლა დამკვიდრდა საფრანგეთში.

ყველამ, ვისაც კი ეშინოდა რესპუბლიკისა და ყოყმანობდა მივემხრო რესპუბლიკას თუ არაო ფიქრობდა აბა თუ კი ტიერისთანა ზომიერი და დარბაისელი კაცი რესპუბლიკას მიუდგა რაღასი უნდა მეშინოდესო. რესპუბლიკელებიც ტიერის სახელით სარგებლობდნენ და ყოველ შემთხვევაში მხარს აძლევდნენ. რა ენაღვლებოდათ მათ როგორიც უნდა ყოფილიყო გულში ტიერი, ოღონდ კი ტიერი არ გასხლტომოდა რესპუბლიკას ხელიდგან. აი მაგალითებრ გამბეტა. ბევრი მწარე სიტყვა უთქვამს მასზედ ტიერს, მაგრამ გამბეტა ყურსაც არ იბღერტდა, რადგანაც კარგადა ჰგრძნობდა, რომ ტიერი საჭირო კაცი იყო რესპუბლიკისათვის.

გარდა ამისა ტიერი საჭირო იყო როგორც მაკ-მაგონის მოცილე. ამაზედ საკმაოდ თქმულა „ივერიაში,“ და გამეორება საჭირო აღარ არის. ერთი წელიწადი მაინც მოეცადნა ტიერს, მანამ საფრანგეთი გამოვიდოდა ამ განსაცდელისაგან, რომელშიაც ჩააგდო იგი ეხლანდელმა მთავრობამ. მონარხიელთა დასმა უკანასკნელი ღონისძიება იხმარა თავის საქმის გატანისათვის. რა კი ეს ღონისძიება მოუცდებოდა მას, მაშინ მისი საქმე სამუდამოდ იქნებოდა დაღუპული. ეხლა ტიერის სიკვდილი ცოტად თუ ბევრად ფრთას შეასხავს მას და ვინ იცის რას არ აუტეხს საწყალს საფრანგეთს. მართალია ბოლოს და ბოლოს რესპუბლიკის საქმეს ვერას დააკლეს, მაგრამ ისიც საკმაო იქნება,რომ ახალი უბდურება მოავლინოს საფრანგეთის თავს. აწინდელი მთავრობა, როგორც ეტყობა, აღარას ზოგავს თავის საქმის გამარჯვებისათვის_არც სინიდისს, არც სამართალს, და ეხლა იქნება არც ხალხის სისხლი დაზოგოს. ტიერის შემდეგ საფრანგეთი უთუოდ რადიკალების ხელში ჩავარდებაო და მე მოვალე ვერ დავიფაროვო, იტყვის მაკ-მაგონი.

ტიერი გარდაიცვალა სენ-ჟერმენში, სადაც რამდენიმე დღის წინეთ შემდეგი სიტყვა წარმოსთქვა მაზრის საბჭოს წევრთა წინაშე:

„ბატონებო, საბედნიეროდ მიმაჩნია თქვენი ნახვა და თქვენ მიერ აღიარებული თანაგრძნობა ჩემდამი. ჩემის აზრით, ადრეაეც მითქვამს, საფრანგეთში მხოლოდ ერთი მმართველობაა შესაძლებელი_რესპუბლიკა. იგინი, რომელთაც არაფრის დადგენა არ შეუძლიანთ რესპუბლიკის მაგივრად და რომელნიც ყოველ დაბრკოლებას აძლევენ მას, ნამდვილი აღმაშფოთებელნი არიან, საფრანგეთი იმათ მოსთხოვს ამის პასუხს. მაშ ენდეთ ჩემს მტკიცე სურვილს რესპუბლიკის დადგენისსას. გარნა ნება მომეცით იმავე სიმტკიცით სახელად ვუწოდო მას კონსერვატიული რესპუბლიკა, რადგანაც მის დამკვიდრებისათვის მას უნდა მოსდევდეს როგორც თავისუფლება, აგრეთვე მშვიდობიანობა.

„შეხედეთ რა რიგათ წარიმარტა წრეულ ჩვენმა აზრმა და შეხედულობამ. ამ წარმატების მიზეზი ხალხის სიმშვიდე და სიმტკიცეა. ნუ გადუდგებით ამ საქციელს. ვიყოთ მშვიდად და მოიმედნეთ, გამარჯვება ჩვენკენ იქმნება. ჩემის მხრით არავითარი ეჭვი არა მაქვს ამ გამარჯვებისა; ყველაფერი მოგვისწავებს მას და მეც ამას უცილოდ გარწმუნებთ.“

ამ სიტყვით გაათავა ტიერმა თავისი სიცოცხლე, იმ ტიერმა, რომელიც ორმოც-და-შვიდის წლის წინეთ ნიჭიერის კალმით და ფიცხელის სიტყვით აღჭურვილი გამოვიდა საპოლიტიკო ასპარეზზედ ორლეანელთა მონარხიის დადგენისათვის.

ინგლისი. ინგლისის პარლამენტი როგორც მოგეხსენებათ ამ ჟამად დათხოვნილია და მერმისანდე აღარ შეიყრება. ამის გამო დღეს საპოლიტიკო ცხოვრება ინგლისში შემდგარია. მაგრამ თუ აწმყოში არა არის რა, წარსულში ხომ არის რამე. ერთი შესანიშნავი ამბავი უნდა მოგახსენოთ, რომელიც წრეულ ამოუჩნდა ინგლისის პარლამენტს და დიდად შეაფიქრა მთავრობა. ამ ამბავს მოგითხრობთ ერთის ლონდონელის კორესპონდენტის სიტყვით.

ირლანდიის საკოროლოს თავისი საკუთარი პარლამენტი არა აქვს; მას ჰყავს მხოლოდ თავისი დეპუტატები ლონდონის პარლამენტში. ირლანდია დიდი ხანია ნატრობს თვით მმართველობას, ინგლისის მფლობელობიდგან გამოსვლას. საკვირველიც არ არის, რადგანაც ინგლისი ჰყვლეფს და სცარცვავს ირლანდიას. შურიც მოსდით ირლანდიელებს: საცა ინგლისის პაწაწკინა კოლონიებს აფრიკაში და ავსტრალიაში უპყრიათ თვით მმართველობა, საკუთარი კონსტიტუცია და პალატები, ირლანდიას როგორღა არ უნდა ჰქონდეს ყველა ესაო. ეს სურვილი იმდენად მტკიცედ არის გავრცელებული ირლანდიაში, რომ მის გულისთვის ბევრჯელ აჯანყებულა მისი ხალხი. ირლანდიის დეპუტატებს ლონდონის პარლამენტში მართალია თვით მმართველობა უწერიათ დროშაზედ, მაგრამ ცოტად თუ ბევრად აქამდისინ მშვიდათ მიჰყვანდათ თავისი საქმე და ამიტომ ინგლისი მოსვენებული იყო ირლანდიის შესახებ. ასე იყო მეთქი აქამდისინ. მაგრამ წრეულ საქმე სრულიად სხვაფრივ წავიდა და ძალიანაც ჩააფიქრა ინგლისი.

ირლანდიის დეპუტატთა შორის ორი მოუსვენარი წევრია, რომელნიც ყოველ ღონისძიებას ხმარობენ როგორმე ფეხი მოსდონ ინგლისის სახელმწიფო განწყობილებას. ამისათვის ისარგებლეს თვით ინგლისის კონსტიტუციითა. ამ კონსტიტუციის ძალით ორს რომელსამე დეპუტატს აქვსთ უფლება მოითხოვონ, რომ პარლამენტში შეტანილის წინადადების განხილვა სხვა დროსთვის გადაიდვას. აი ამ უფლებით აღჭურვილნი ის ორი მოუსვენარი დეპუტატი, პირველნი და ბიგგარი, წამ და უწუმ აყენებდნენ ყოველ წინადადებას, რომელიც კი პარლამენტში გასახილავათ იყო შეტანილი. ამის გამო მთავრობისა და პალატის მოღვაწეობა ტყუილუბრალოდ იკარგებოდა. ჯერ-ჯერობით პარნელისა და ბიგგარის ჭირვეულობამ სიცილი აუტეხა ყველას, მაგრამ მერე კი როდესაც დაინახეს, რომ ეს ირლანდიის ახირებულნი წევრნი არა ხუმრობენ, საზოგადოებაში, პარლამენტში და ჟურნალ-გაზეთობაში საშინელი ქოთქოთი შედგა. „დიახ, გიშლით და დაგიშლით კიდეც საქმის წარმოებას_ყვიროდნენ პარნელი და ბიგგარი პარლამენტში. ამას ეძახით თქვენ კანონმდებლობას? თქვენი პარლამენტის მოღვაწეობა კანონმდებლობა კი არა, არამედ უსინიდოსი მოტყუებაა... თქვენ გვაწვალებთ ჩვენ და ჩვენსავით აწვალებთ ყოველ სუსტ გვარ-ტომობას!..“

ყველა ეს რასაკვირველია დიდად საწყენია პარლამენტისათვის, მაგრამ რას გააწყობდნენ, რადგანაც ორი ზემოხსენებული დეპუტატი კონსტიტუციის საზღვარ გარეთ არ გამოსულა. პარნელი და ბიგგარი თავისაზედ იდგნენ. ბოლოს და ბოლოს, როდესაც სესსია თავდებოდა, პალატმა შემდეგი ღონისძიება მოიგონა: დღე და ღამ ვისხდებითო მანამ ჩვენ ჩვენს საქმეს არ დავაბოლოვებთო, აგები ის ორი დეპუტატი დავღალოთო და მით გავაჩუმოთო. მაგრამ საუბედუროთ ბიგგარსა და პერნელს ზოგი სხვა ირლანდიელი დეპუტატიც მიეშველა, ასე რომ რიგ-რიგზედ ისვენებდნენ, სჭამდნენ, ეძინათ და ლაპარაკობდნენ. პალატის სხდომა 26 საათის განმავლობაში არ შეწყვეტილა, და ბოლოს დაღალული დაქანცული ისე დაიშალა, რომ ირლანდიის დეპუტატებს ვერ ჰსძლია. ამგვარად წრევანდელმა სესსიამ ფუჭად ჩაიარა. ერთი ნუგეში შერჩათ ინგლისელებს: პარნელი და ბიგგარი არიანო განსაკუთრებულნი გვამნი, რომელთაც არ ეთანხმებიან დანარჩენნი ირლანდიის დასის წევრნიო. ამ ნუგეშით დაიშალა პარლამენტი. მაგრამ ბოლოს გამოჩნდა, რომ პარნელისა და ბიგგარის მოქმედება არამც თუ ხუმრობა და თამაში არ არის, არამედ შიშსაც მოასწავებს ინგლისისათვის.

21 მარიამობისთვეს დუბლინში (ირლანდიის სატახტო ქალაქი) მიტინგი გაიმართა, რომელმაც დიდი მადლობა გამოუცხადა პარნელს და ბიგგარს და დიდი სამდურავი ირლანდიის სხვა მშიშარა დეპუტატებს.

დიდ-ძალი ხალხი დაესწრა ამ მიტინგს. მომეტელი ნაწილი მაღალი წოდების მუშა ხალხი იყო. დაბალი და გლახა ხალხი ქუჩაში იყო მოგროვილი. მთელი ქალაქი ფეხზედ იდგა და დიდ მოძრაობაშიაც იყო.

„წავიდა ის დრო, როდესაც ირლანდია თავს იხრიდა და ითმენდაო“ სთქვა მღვდელმა ლაველმა.„ირლანდია სხვა გზას უნდა დაადგეს. იყო ერთი ბერი-კაცი, რომელსაც პატარა ბავშვი თავს აბეზრებდა. მოხუცი ჯერ ბალახს ესროდა, მერე ტალახს, მაგრამ ვერა ეშველა რა. ბოლოს ქვის სროლა დაუწყო და ეშველა კიდეც. ჩვენი პოლიტიკაც ამისთანა უნდა იყოს.“

„თუ ირლანდიის ხალხს ჰსურს,_სთქვა პარნელმა,_დასაჯოს და გაუსწორდეს იმას, ვინც ყოველ ღონისძიებას ხმარობდა ირლანდიის წევრთა დაჩაგვრისათვის, უნდა დასაჯოს და გაუსწორდეს. პირშეკრულობა რას მიქვიან! განა ქურდთან, ავაზაკთან, მცარცველთან პირ-შეკრულობა შესაძლებელია? თუ ესეა, მაშ ინგლისის ქურდსაც ინგლისის ავაზაკსაც, ინგლისის მცარცველსაც ვერ მოურიგდება კაცი. მე და ჩემს ამხანაგებს გვსურდათ მათთვის სიკეთე, გვსურდა გვეჩვენებინა მათის კონსტიტუციის სისულელე, მაგრამ ვერა ისმინეს რა. ვნახოთ მაშინ რაღას იტყვიან, როდესაც მე და ჩემი მეგობრები აღვიჭურვებით იმ ბოროტების ძალით, რომელსაც იგინი თავს გვაყრიან.....“

„შევცალოთ პოლიტიკა, შევცვალოთ, არ გვინდა მორიგება....“ ყვიროდა მიტინგი.

პარნელი და ბიგგარი დაბრუნდნენ თუ არა სასტუმროში შუაღამისას იძულებულნი იყვნენ ფანჯარაში გადმომდგარიყვნენ და სიტყვა წარმოეთქვათ აღტაცებულის ხალხისათვის.

ყველა ამ მოძრაობაში ერთი გარემოებაა შესანიშნავი და ინგლისებისათვის დამაფიქრებელი: ამ გროვას არავითარი ძალადობა, არავითარი ნიშანი აჯანყებისა არ დასტყობია, არამედ საკვირველი სიმშვიდე და წესიერება სუფევდა. ირლანდიაში ეს გასაოცარი საქმეა, რადგანაც ირლანდიის ხალხი ფიცხი, გულსწრაფი და გამბედავი ხალხია.

იმავე საღამოს ლონდონშიაც გაიმართა ირლანდიელების მიტინგი, რომელმაც ისეთივე თანაგრძნობა გამოუცხადა პარნელსა და ბიგგარს. ამ მოძრაობის შესახებ გაზეთის Times-ის დუბლინელი კორრესპონდენტი იწერება, რომ ჩემის აზრით ირლანდიაში რევოლიუცია მზადდებაო.

ინგლისსაც ტკივილი ასტეხია.

2 ომის ამბები

▲ზევით დაბრუნება


ომის ამბები

წარსულ კვირას შესანიშნავი ამბავი მოვიდა ევროპიის საომარ ველიდამ: 22 მარიამობისთვეს რუსის ჯარს ლოვჩა აუღია და დიდი ზარალი მოუცია ოსმალოსთვის. ჩვენის მხრით მოკლულნი და დაჭრილნი ათასამდეა. ოსმალოს ჯარი მოგროვილი იყო, როგორც მოგეხსენებათ, პლევნისა და ლოვჩის შორის, და ლოვჩაში რომ გამარჯვებულიყვენ, მაშინ რუსის ჯარს ბალკანიის მთის ჩრდილოეთით მიუდგებოდნენ. ეს ომი ძალიან დიდი და ცხარი ყოფილა თუ კი რუსის მხრით ათასი კაცი დაღუპულა. ინგლისის გაზეთები ამ ბრძოლას დიდს მნიშვნელობას აძლევენო.

_ 23-ს სოფ. კადიკიოს ოსმალები დასცემიან, მაგრამ ჩვენებს უკანვე გაუყრიათ. ჩვენის მხრით ოც და ათი მოკლულია და 150 დაჭრილი.

_ 24-ს ოსმალები სოფლებს კაცელევს და აბლავას დასცემიან. ჩვენი კაცელევის გუნდი იძულებული გამხდარა უკან დაწეულიყო დიდის ზარალით. აბლავის გუნდს გაუმარცხებია ოსმალო. ბალკანიის მთებში მშვიდობიანობაა ჯერ. სულეიმან-ფაშა თავის ჯარის განწყობაშია თურმე.

_ გაზეთის „Кавказъ“-ის კორრესპონდენტი კარაიალიდამ იწერება 29 აგვისტოს: „ტფილისიდამ მიწერილი ტელეგრამმა ბერლინის გაზეთის პოსტ-ისათვის 13 აგვისტოს მასზედ, რომ ვითომც ჩვენ თავი დაგვენებებინოს არტაანისათვის_ტყუილია. არტაანი ისევ ჩვენ ხელშია და უპყრია ჩვენს ჯარს ამ ჟამად უფრო ძლიერს, ვიდრე აქამომდე.

_ 27 აგვისტოს რუსის ბატარიები მიახლებულან პლევნას; მთელი დღე ზარბაზნის სროლა ყოფილა. საღამოზედ რუსის მემარცხენე ჯარს აუღია და დაუჭერია მაღლობნი პლევნოს სამხრეთით და ამ საქმეში დაზარალებია ხუთასი კაცი. რუსის ჯარის შუაგული და მემარჯვენე ჯარი ოსმალოს სანგლებზედ შვიდას საჟენის სიახლოვეს მისულან. სოფელი უშვიცი რუსებს დაუჭერიათ. შუაგულისა და მემარჯვენე ჯარის ზარალი დიდი არ არისო. მთელი ღამე სროლა ყოფილა და მეორე დღეს 28 აგვისტოს უფრო გაძლიერებულა.

რაგუზიდამ იწერებიან, რომ 27 აგვისტოს ციხე-ნიკშიჩი ჩერნოგორიელებს აუღიათ.

_ ბუხარესტიდამ(რუმინიის დედა-ქალაქია) გაზეთს Новое ВрѢмя-ს 28 აგვისტოდამ ჰსწერენ: ოსმან-ფაშის ჯარს პლევნასთან გარს შემოერტყა რკინის სალტესავით რუსის ჯარი; ყოველ დღე ომია, რუსის ჯარი თან და თან მჭიდროდ ერტყმის გარს ოსმალოს ჯარსა.

3 დიდოელების არეულობა და კახეთი

▲ზევით დაბრუნება


დიდოელების არეულობა და კახეთი

ბევრი ტყუილ-უბრალო ჭორი დადიოდა და დადის დიდოელების არეულობის შესახებ. მე ზედ-მიწევნით შევიტყე ამ საქმის სრული ვითარება და მსურს ყოველივე რაც ვიცი ამ საქმის თაობაზედ მოვახსენო მკითხველსა. ჯერ გიამბობთ მას, რაც მოხდა თვითვეულად და ბოლოს მოგახსენებთ მიზეზსაც, რის გამო მოხდა.

31 მაისს მე კარგა ამაღლებულს გორაკანზედ გაძრიელებული მკა მქონდა ქერისა. ვიდეგ გორაკანზედ და გადავყურებდი ჩვენს ლამაზს კახეთს, რომელიც მრავალ ფერად აბიბინებული და მორთული ჩემ თვალთა წინ იყო გადაშლილი. მე მგონია მთელი კახეთიც ჩემსავით შეჰხაროდა უხვად მოსულს ნაღვაწნადაგ ჭირნახულსა. ჩემ წინ მუშები მკიდნენ ჩემს ყანასა.

თუ გინადირნია როდესმე, ჩემო კარგო მკითხველო, გენახება ტანის-რხევა ირმისა, როდესაც ის კაცის სიახლოვეს იგრძნობს: შედგება, გამოიჭიმება, ყელს მოიღერებს და მძიმედ ჰყნოსავს თითქო შეუჩვეველი, უცხო რამ სუნი მოესმაო. ასე მოუხდათ ჩემის ყანის მომკელთაცა. ვიღაცანი მოვიდნენ მათთან, უცბად ყველამ მკას თავი დაანებეს, შედგნენ თითქო ფეხის თითებზედ და დაღისტნის მთებისაკენ ყურება დაიწყეს. ვუმზერ და მიკვირს, შევყურებ და მიოცს....ერთი ჯგუფა ხალხი ჩემკენ გამოიმართა, _ მოვიდნენ სალამი მომცეს, მომილოცეს ჭირნახულის მშვიდობით შევლება. არა გვარი აღშფოთება მათ სახეს არ ემცნეოდა. მოსვლოდათ ამბავი ვითომც დიდოელნი კახეთს დაცემას უპირებენო. ამ ამბავმა სრულიად არ შეუშალა გუნება მომკალთა: ხანგრძლივმა მშვიდობიანობამ, ლეკებთან ახლოდ დამეგობრებამ, ნემეტნავად დიდოელებთან, რომელნიც თითქმის ყოველ ზამთრობით მათ შორის იკვებებიან_სრულიად წინ აღუყენა-ხალხი ამ ჭორსა. მეც ტალ-კვესი დაუკარ და ვუსაბუთე წინააღმდეგი.

პირველს თიბათვეს კი ეს ამბავი მთელს კახეთს მოჰსდებიყო. ხალხი აღიძრა. ერთმანერთში მითქმამოთქმა, მაზრის უფროსთან სირბილი გახშირდა. მთებიდამ ჩამოსულმა მწყემსებმა გვიამბეს, რომ დიდოელები სამასს კაცამდე დასცემიყვნენ თუშების და კახელების ცხვარს, დაეხოცნათ ხუთმეტამდე მწყემსი და ცხარიც გაერეკნათ. მასთანავე მწყემსები უმატებდნენ, რომ შეგროვილი შეიარაღებული და შეკაზმული ბაირაღებით ჯარი კახეთს დაცემას უპირობსო. ასტყდა ერთი ალიაქოთი და ღრეობა. იცით ვინ უფრო განაძლიერა ეს შფოთი და აღრეულობა? მოვაჭრებმა, რომლებიც ვალში პურის მოსაკრეფათ სოფელ-სოფელ უფრო იმისთვის, რომ უპატრონოს რასმეს წასყვეტოდნენ და თავის საკუთრებად გაეხადნათ.

რამოდენიც დრო გადიოდა, უფრო და უფრო საშინელი ხმები მოჰქონდათ უფროსი ერთი თელავიდან. ამბობენ, რომ სწორედ ამ დღეებში ერთი ვაჭარი, რომელსაც ვითომ ვაჟკაცობისთვის წმინდის-გიორგის ჯვარიც ჰკიდია მშიშარა გულზედ, მიდევნებულიყო სოფელს კონდოლს, და რა გაევლო რამდენიმე ვერსტი თელავიდან, რაღაც მოჰსჩვენებოდა. ამბობენ, მოტანტალე სოფლის პირად ძაღლები ლეკებათ მიეღო, მოეტრიალებინა ცხენი და სიცოცხლე თქვენა გქონდეთ იმის მათრახს ჯაფა დასდგომოდა, მივარდნილიყო თელავში ყვირილით: „ჯარი ხიდზედ მოვიდაო.“

ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელი გმინვა, ღრიალი ალიაქოთი ატეხილიყო. მთელი თელავი ეცა თურმე ერთმანერთს,_ტირილი, ღრიალი, გულის წუხილი, ზედაგორვა, ბავშვების ჭყლეტა, დამძიმებულის დედა-კაცების სულის-ლევა[1] და სხვანი და სხვანი. სოცოცხლე თქვენა გქონდესთ თელავის ვაჭრები კბილების წაკწაკი მოაყოლეს; გამოჰქონდათ ვალში წართმეული თოფები და ხალხს ეხვეწებოდნენ წაიღეთო, ოღონდ კი გვიშველეთ რამეო. ეხლა განა? როცა თოფის აღების დროა, შენი ჭირიმე გვიშველეთო, თქვენა ხართ რაც ხართო, და როცა მშვიდობაა შენი ოფლი ჩვენო!....ამბობენ, ზოგიერთმა თელავის ვაჭრები ეკკლესიაში შეიტანესო თავიანთი ფარჩეულობა და კარები აგურით ამოუშენესო. ვაი დროს....ვაი ხალხს! ...

თელავში ტვინი არა ვის შეჰრჩენოდა, მარტო ერთი მამუკა ჭავჭავაძე დარბოდა თურმე და ხალხს გულს უმაგრებდა, ნუ გეშინიანთ, არაფერიაო. რა გგონიათ, რას აკეთებდა მაზრის მმართველი დურბინდებით შეჰყურებდა ფერ-მიხდილნი დაღისტნის მთებსა, თითიც არავინ გაანძრია. ამ გვარს ყოფას თელავისას, სადაც ციხეც არის, ჯარიც, მაზრის უფროსიც და სხვა გამოცდილი და გამოუცდელი ხალხიც, არ შეიძლება ცუდი ზედ-მოქმედება არ ჰქონოდა საწყალ სოფლელებზედ. ეს უკანასკნელნი ბოლომდოს არ იჯერებდნენ ამბავსა, მიუბრუნდნენ თავიანთ სახლკარს და ჯერ კიდევ გამოელოდნენ სწორეს რასმეს შეგვატყობინებენო. მალე შეიტყეს სწორე და მეტად სანუგეშო ამბავიცა: ჩამოიარა ჩაფარმა და შემდეგი ბძანება გადაჰსცა ხალხსა: „ლეკის ჯარი მოდისო, თქვენს თავს თქვენვე უშველეთო “

ნეტა იმ კაცის გოგრას, რომლიდამაც ამ გვარი განკარგულება გამოვიდა!...

ამ ბძანებამ უფრო დააფეთა ხალხი და არივა. თქვენს თავს თქვენ უშველეთო!...რით და როგორ? მივარდა საწყალი გლეხი თავის თაროსა, დაუწყო ძებნა თოფ იარაღსა, მაგრამ სად არის!...მოაგონდა რომ თოფიარაღი პრისტავმა გაუყიდა ოჰანეზამს ვალში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იცემს გულში ხელს იმედ-მიხდილი, უთოფ-იარაღოთ დარჩომილი გლეხი და იძახის: „აბა ის ფაშ-გადმოგდებული . . . . ეხლა გამიძღვეს წინ, ვალში რომ წამართო, იმ თოფითა, მე კიდევ იმისის ადლით უკან მივყვები.“

მაგრამ იმ ფაშვ-გადმოგდებულმა . . . . თავისის თავის ყადრი იცის. როცა მშვიდობიანობაა პრტყელპრტყელად ლაპარაკობს, ზვიადობს და ჰყვლეფს ვინც კი მოხვდება და როცა კი გაჭირებაა, შიშია და ვაი-ვაგლახი ფეხის ტალახათა ხდება და იხვეწება მიშველეთო. რად წავა წინ? ამისათვის გულ-ხალვათი, გულ-მართალი ქართველია ქვეყანაზედ; წავა მტერს შეაკვდება, ვაჭარი მტრისაგან დაიხსნის და მერე ვაჭარი მადლს იმით გადუხდის, ზომ სიცოცხლის ტვინს ამოსწოვს და თავის კაცობაზედ და ვინაობაზედ ბაქიობას მოჰყვება, ჩვენ ესეთნი და ესეთნი ვართო. რაც უნდა იყო, ჩემო ძმობილო ვაჭარო, კაცად კი თავის დღეში ვერ გახდები, ვერა და ვერა!...ხელი ავიღოთ ამ კაცობიდამ ხელ-აღებულს კაცზედა და ისევ ჩვენს ამბავს მივუბრუნდეთ.

ორს თიბათვიდამ რვამდე ამ გვარს ალიაქოთში იყო ხალხი: ურმების ჭრიალმა გააჭირა საქმე, მთელი კახეთი თელავის მხარეზედ გამოიხვეტა. დაანებეს თავი ჭირნახულებს, ვენახებს, საქონელს და ამ უპატორნო საქონელმა კიდევ წაუსვა პირი ყანასა და ვენახსა და ითარეშა თავის ქეიფათ. სხვა რა უნდა ექმნა ხალხსა? იარაღი იმას არა ჰქონდა, თოფი და წამალი, მოთავედ და პატრონად იმას არავინ გამოუჩნდა და იარია ხალხი უმწყემსო ცხვარივით. გვიკვირდა და გვციოდა....

ესეც კი უნდა ვჰსთქვათ, რომ ალაზნის მარცხენა მხარეს ისეთი ბღავილი არ იყო, როგორც თელავში. ღვთისა და თქვენის წყალობით, მკითხველო, იქ ორიოდე კაცი კიდევ მოიპოვებოდა მამა-პაპის მგზავსი. თუმცა ბევრმა თავისი სახლობა აქედ მხარეს გამოხიზნეს, მაგრამ მამა-კაცებმა არ დაჰსტოვეს თავისი ქოხები და თავის სახლებში დარჩნენ. პირველს თიბათვეს საღამოს ჟამს მართლადაც დიდოელები დაჰსცემოდნენ ცხვრის ბინებს ყადორიდამ მოკიდებული ხიტრახოს, სუფროს და შილდის მთებამდე, წაესხათ მრავალი ცხვარი, დაეხოცნათ მწყემსები. თ. ნიკა რუსიევს (ყმაწვილობითვე ნამსახურია მილიციაში და მთებში ნავალი) ჩვეულებისა მებრ არ სჭაშნიკებია ეს ამბავი; დაუყოვნებლივ მოუკრეფია ოციოდე მარჯვე შილდელი ბიჭი, გამოჰსდგომია მდევრად მტერსა, მიჰსწევნია, დაუხოცნია რამდენიმე ლეკი და სამასს სრულამდე ცხვარი დაუყრევინებია და დაურიგებია პატრონებისათვის. ამ ოცს კაცში ათს ძლივ ჰქონია თურმე წესიერად გამართული თოფ-იარაღი.

ვაი კახეთო! რა დროს მოესწარ, რომ თოფიარაღიც აღარა გაქვს!....ვჰსტირ და ვალალებ შენს ამ ყოფაზედ.... ცოდვა არ არის, რომ შენ ეგრე ხარ!... თ. გიორგი ჯორჯაძეს, რომელსაც დიდოელები და ანწუხ-კაპუჭი აბარია და რომელიც იმ დროს თავის სახლში ენისელში იმყოფებოდა, _31 მაისს მოსვლოდა ნაიბისაგან დიდოელოების არეულობის ამბავი. ამასაც მაშინვე ეცნობებინა ტფილისში უმაღლეს მთავრობისათვის და აგრეთვე ადგილობრივ მმართველისათვისაც. ამ უკანასკნელისათვის სხვათა შორის მოეწერა, რომ კახეთს შიში არაფრისა არა ჰმართებსო, დიდოელები კახეთში ვერ ჩამოვლენო და ხალხის დასამშვიდებად და უფრო იმისთვის, რომ ჭირნახული უპატრონობით ხალხს არ დაეღუპოსო, ჰსთხოვა მმართველს (უეზდის ნაჩალნიკს) დაევლო თვისი მაზრა, დაემშვიდებინა ხალხი; ცხვრის დაყრევინებისათვის და უფრო მისთვის რომ ხალხი დახათრიჯამებულიყო ურჩევდა სამასიოდე კაცი მოემზადებინა თოფ-იარაღით და ყადორზედ აეგზავნა. მაგრამ შენც არ მომიკვდე, მმართველმა თელავიდამ ფეხიც არ მოიცვალა. ამბობენ იმან ეს თურმე უპასუხა თ. გ. ჯორჯაძეს: „მე ჯერ ბძანება არ მომსვლია, ვერასფერს განკარგულებას ვერ მოვახდენო.“ აბა „კარატკო და იასნო“, _ეს არის აი. აშენდა ქვეყანა....

ჰსწერა და ჰსწერა მაინც თ. გ. ჯორჯაძემ ადგილობრივს მმართველსა და იქაც სცადა ჯერ იყო, _„სხვა არ იყოს რაო, ავაზაკები და ქურდები აიკლებენ ხალხსაო, ჭირნახული დაიღუპებაო, დაამშვიდეთ ხალხი და გამოიყვანეთ ჯარიო. ამ მიწერ-მოწერაში რომ იყო, თ. გ. ჯორჯაძეს მოსდიოდა ყოველ დღე მოხსენება, რომლიდამაც ვტყობულობდით, რომ აჯანყებულთა რიცხვი დღე და დღე მატულობს; რომ თვითონ დიდოელებს რამდენჯერმე სროლაც ჰქონია ანწუხისა და კაპუჭის მილიციასთან, რომელიც შედგენილი იყო თ. გ. ჯორჯაძის განკარგულებითა იმ განზრახვით, რომ პირველი, საზღვრები შეემაგრებინათ და მეორე, აჯანყებულების გავლენა მოესპო იქაურებში. ამბობენ, რამდენჯერმე ნაიბი თურმე ჰსწერდა სხვათა შორის ამასაც: „მე მიკვირს, რომ ამ ხნის განმავლობაში . . . . . არა გვარი ღონისძიება არ მიიღო ჯარის გამოსაგზავნად. . . , . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუ რომ ჯარი არა გყავთ, . . . . . . . . . . . . . . . . რუსული „ფურაშკები“ ხომ იშოვება ქალაქში, მოაგროვეთ ვინც უნდა იყოს ოღონდ რუსული „ფურაშკებით“ კი მორჰრთეთ, აქ გამოგზავნეთ და გარწმუნებთ ეს წუნკალა დიდოები მაშინვე დაიქსაქსებიან.“

ვერც რუსული „ფურაშკები“ და ვერცარა ჯარი ვერ მოხერხდა.

შვიდს თიბათვეს მობძანდა სოფ. ენისელში (Командующიй войсками на Алазанской долинѢ) ღენერალ-ადიუტანტი თ. რევაზ ივანესძე ინდრონიკაშვილი. მისის მართლა რომ სასტიკის ბრძანებისა გამო რვას დილით გამოიყვანეს ადგილობრივ მცხოვრებთაგან ჯარი სამასს კაცამდე, ამას გარდა ერთი ბატალიონი და არტილერია თავისის ზარბაზნებით გზაზედ იდგა და ენისელს მოდიოდა. მართლა და დიდი მნიშვნელობა ჰქონია როცა ხალხი კაცს ვისმეს ერწმუნება: თ. რევაზ ივანესძეს დანახვამ გააცოცხლა კახელები. გარწმუნებთ იმ დროს რომ მტერი შამოსიებულიყო სულ მუშტით გავიდოდა ხალხი. კარგი მწყემსი კარგი ყოფილა.

გაცოცხლდა ხალხი, გაცოცხლდნენ თელაველი ვაჭრებიც, ნემეტნავად ზარბაზნები რომ დაინახეს, ასე იფიქრეთ, გაპურადდნენ კიდეც ვის გაუგონია ჩვენი ვაჭრის პურადობა, მაგრამ ამბობენ, ბატალიონის აფიცრებს სადილი გაუკეთეს თურმე, კარგა რჯულიანად მიათვრეს და სალდათებისათვისაც ეთავაზებინათ რაღაცეები. შიშმა ასე იცის. ყველამ გაიღვიძეს, სადღაც ხლმებიც იშოვეს, ჩამოიკანკურეს და იმათ რახა-რუხს კაცი ვერ ასდიოდა. დალოცვილებს აქამდინ ჩემოეკანკურებინათ ის ხლმები და რახარუხი აეყენებინათ!...

რვას დილით შეიკრიფა ჯარი ენისელში, ამ ჯარს შეადგენდა:ერთი ბატალიონი ტფილისის ადგილობრივის პოლკისა, თითო როტა თელავისა და სიღნაღის კამანდისა, სამასი ქვევითა ჯარი კახელებისა და ორასი თუშ-ფშავ-ხევსურის მილიციისა.

„დაჰკრეს დალაბანდი, ხევსურისა არ იყოს, დადგა დარიუ-რუ და შეჰქმნეს ცხენ-ჯორაკებმა ტლიკინიო.“ მართლა და ააჭყივლეს ზურნა, გაიმართა ორპირი, გაცოცხლდენ, გავცოცხლდით!

წინამძღვანათ ამ ჯარისა თ. რევაზ ივანეს ძემ დანიშნა პოდპოლკოვნიკი თ. გიორგი ჯორჯაძე. გასვლის მეტი აღარა უჭირდა რა ჯარს, მაგრამ აქაც მცირედი ხიფათი რამ შეემთხვათ: თურმე ნუ იტყვით, არც წამალი იყო, არც ტყვია და მგონი „სუხარიც“ ნაკლებათ გხლებოდათ. ესენი ყოველის ფერი ქალაქიდამ დაებარებინათ და ჯერ არ მოსვლოდათ.

აქვე რომ არ დაგვავიწყდეს მოვიხსენებთ ერთს დიდოელების წინად განზრახულს მოქმედებას. თითქმის ერთის თვის წინად ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, დიდოელებმა რაც კი თელავში გოგირდი და ტყვია მოიძებნებოდა სულ თურმე შეისყიდეს და ვერარა ვინ გაუგო. ბოლოს თ. გ. ჯორჯაძეს სამი კაცი მსყიდველ დიდოელთაგანი დაეჭირა და იმათ აღმოეჩინათ ეს ამბავი. როცა თ. გ. ჯორჯაძეს ესენი ტუსაღად თავისის ანაბარებით გაეგზავნა ციხეში, მხოლოდ მაშინ გაებღერტნათ ყურები თელავში და მხოლოდ მაშინ აჰკანკალებოდათ ვაჭრებს თავიანთი ხარბი და ყალბი გულები. ოღონდ ხარბმა და ყალბმა თელაველმა ვაჭარმა კი გაისაღოს რამე თორემ წინდამხედაობა ღმერთმა სად მიჰსცა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდძალი გოგორდი და ტყვია იყო თელავში, თითქმის სულ ერთის კვირის განმავლობაში გაიყიდა ლეკებში და ვერავინ კი რა მოისაზრა. ვაჭრებს ვჰსთქვათ სიხარბემ თვალი აუბა როგორც ყოველ ჟამს, სხვას რას ჰფიქრობდა? ის გოგირდი ხომ შეიძლებოდა ხვალ წამლათ ქცეულიყო და ტყვია კიდევ ჩამოსხმულ ტყვიათ და ისევ იმ გაბღერილს ვაჭარს მოჰხვედრიყო ულმობელის ლეკისაგან!....

რვას თიბათვეს საღამოზედ თ. რევაზ ანდრონიკაშვილმა გაჩხრიკა ჯარი, მიჰსცა ჯეროვანი დარიგება და განკარგულება როგორც ჯარის-კაცთ ისეც მათ მეუფროსეს და მას შემდეგ წაბძანდა ისევ თუქურმიშას.

დანიშნულება ამა ჯარისა თანახმად მიცემულის თ. რევაზ ანდრონიკაშვილისაგან ბძანებისა, იყო შემდეგი: ჯარი უნდა გადასულიყო დიდოში, დაემშვიდებინა დიდოელები, აჯანყების მოთავენი შეეპყრა და მთავრობისათვის გარდაეცა დასასჯელად; ცდილიყო დაეკმაყოფილებინა დიდოელებისავე ქონებიდამ ცხვარის პატრონები, რომელთაც ზიანი მოუვიდათ. ხოლო სასიკვდილოდ უნდა გაემეტებინა დიდოელები მხოლოდ მაშინ, თუ ჯეროვანის ღონის ძიების მიღების შემდეგ, არ ისურვებდნენ თავის დაკვრას, დამორჩილებას და დაზიანებულის დაკმაყოფილებას.

ცხრას დილით შეიკრიბა რაზმი, გამოთხოვების მტლაშა-მტლუში ისმოდა ყოველ მხრივ. ბევრიც კი ობლად იდგა თავჩაღუნული, რადგანაც ბევრს არავინ ჰყვანდა იმისთანა, რომ გამოსთხოვებიყო. წინამძღვანმა გასინჯა ჯარი, ჯეროვანი სალამი მიჰსცა და უბძანა წასვლა. ჯარიც დაიძრა. დიდხანს ვუმზერდი მიმავალს ჯარს, უფრო დიდხანს და დიდხანს ყურს ვუგდებდი ჩვენის კახელების ორპირს, დიდხანს ვიმეორებდი იმათ ნათქვამს სიმღერას:

„ქართველო, ხმალი ხელს იკარ, გათენდა დღე დიდებისა, თოფ-იარაღი აისხი, დრო არის გამარჯვებისა.“

დიდხანს ვუმზერდი, დიდხანს ვუსმენდი, ამიკვნესდა გული, ამიფეთქდა სული და რაღაც სურვილმა წამიღო. სამგლე-გოჭსავით გამიტაცა იმ სურვილმა. მეც დავკარ ფეხი, გამოვუდეგ ჯარს, შევერიე ჯარში და გავწიე, მეც თქვენთან, მეთქი! ძმა ძმისათვის და ამ დღისათვის, მეთქი!...

სოფ. საბუეში ჯარმა პარაკლისი გადიხადა და ისე გაუდგა გზასა. ზოგიერთი გულგახეთქილი დაბრუნებულიყო შინ, როცა ჯარი გზას შეუდგა. რათა როგორ გგონია, მკითხველო! ის რად არის უფროსად, რატომ მე არა ვარო; ასის თავად ის რად გახადეს და მე არაო. ვაი თქვენი ბრალი ქართველებო! ერთმანეთის შურით, წეწვით და მტრობით ნეტა იცოდეთ ვის ახარებთ. ახლა ამას ბოლო აღარ უნდა ჰქონდესთ!... აი სომხებს მაინც მიხედეთ: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(შემდეგი იქნება.)

ჭიჩოელი.

_______________

1 ორი ბაშვი სწორედ გაეჭყლიტნათ და ერთი ორსული დედაკაცი მომკვდარიყო უდროოდ მშობიარობისა გამო

4 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორრესპონდენცია.)

თრიალეთი აგვისტოს პირველ რიცხვებში მე მოვიარე თრიალეთისა და ლორის საპრისტაო და რაც აქაურობის ავი და კარგი შევიტყე, ვისწრაფი გაცნობოთ, რადგანაც ღირს-საცნობია.

ამ ჟამად ამ ადგილებში საშინლად გავრცელებულია საქონლის ჭირი, თურქული კი არა მომხვრელი ჭირი. ეს ჭირი ნამეტნავად გახშირებულია წალკაში, გომარეთში, ვარანცოვკაში, ყარახაჩისა და აგრიყარის მთებში. ეს კიდევ არაფერი,_სამწუხარო ის არის რომ აგრიყარისა და ყარახაჩის მთებში საზაფხულო საძოვარზედ მოხულია და იმყოფება აუარებელი საქონელი, ცხვარი, ჯოგები კახეთისა, შირაქისა, თიანეთისა, დუშეთისა, ქართლისა, ბორჩალოსი და ყაზახისა. აგვისტოს უკანასკნელ დღეებში ეს ამოდენა საქონელი დაიძვრის და თავ-თავისაკენ წავა საზამთრო ბინებში და ადვილად შესაძლოა, რომ მთელს ტფილისის გუბერნიას მომსვრელი ჭირი საქონლისა მოჰსდონ და დაღუპონ ქვეყანა. აქაური მოხელენი ყურსაც არ იბღერტენ. ერთს აქაურ პოლიციის პრისტავსა ვკითხე: _რატომ არ აცნობებთ მთავრობას, რომ ამისთანა საშინელი ჭირია?

მან პასუხად მომიგო: არც ერთსა სოფლის მმართველობას აქნობამდე არ უცნობებია ჩემთვის „რაპორტით“ რომ ნამდვილად ჭირია საქონლისა და მე ჩემად ვერ შევატყობინებ უმაღლეს მთავრობასაო, მანამ საფუძველად არ მექნებაო სოფლის მოხელეთა „რაპორტიო.“

ვიშ, ამ პასუხს!....

მეტად საჭიროა, რომ მთავრობამ ყურადღება რამ მიაქციოს ამ უბედურებას, რომელიც შეიძლება მთელს გუბერნიას გადედოს, თორემ შენი მტერი რაც საქონლის პატრონებს დაემართებათ....

თრიალეთისა და ლორის საპრისტაოს სამზღვარზედ, ფიზანაურის ხეობაზედ, ლოქის სერზედ მდებარეობს ერთი საოცარი სოფელი_ყამიშლო უწინდელის ნასოფლარის ფიზანაურის ადგილს. ეს სოფელი საოცარია იმით, რომ მასში კამერალიის აღწერით ოცდა ხუთ კომლამდეა; მაგრამ ამათ არც მოხელე ჰყავთ, არც გამგებელი და არც სხვა რაიმე მმართველობის მაგვარი წესი და რიგი აქვთ ეს სოფელი გაშენდა 1869 წ მთავრობას როგორღაც მოსვლია და ეს სოფელი არც ერთის სოფლის საზოგადოებისათვის არ მიუწერიათ და თვითონ სოფელი საკუთარ ცალკე საზოგადოებათაც არ გაუხდიათ. ამის გამო ამათ არც მამასახლისი ჰყავთ, არც გზირი, არც ნაცვალი და არც მოსამართლენი და არიან ესე უთავბოლოდ. საოცარი სოფელია, მაშ რა არის!...

ორს აგვისტოს თრიალეთის საპრისტავოში ქარვასლების სისწრივ გაჩნდა თეთრი ღრუბლები, უეცრად დაჰქროლა საშინელმა ქარმა და წამოუშინა სეტყვამ და მოჰყვა ზედ ნიავღვარი. სეტყვა თითქმის სამი საათი მოდიოდა და იმოდენა სეტყვა ჩამოცვივდა, რომ მეორეს დღეს საღამომდინ ბიჭები მუჭებით ხვეტდენ სეტყვასა. სეტყვა სიმსხოთი ბერძნულის თხილის ოდენი იყო. მინდვრებში დიდი ზარალი არა მიჰსცა რა, რადგანაც ყანები დამკილი იყო და ბალახი გათიბული, ხოლო ძალიან დაასველა ძნები. უნდა ვიფიქროთ, რომ გომარეთისა, ახისა, სატისა, ყარაბულახისა, ეგრისისა, ამბარლოსი, დემურბულახისა, ერკიშაშვილის სოფლისა და ყიზლაბილის პურები ალაო იქნება. ზარალი მიეცათ მხოლოდ იმ ბერძნებს, რომელთაც ქციის ხეობაზედ ხრამში და ზვირთაკეტის ხეობაზედ თამბაქო ჰქონდათ დათესილი. ამათ სეტყვისაგამო წლევანდელის თამბაქოს მოსავალზედ სრულიად ხელი აიღეს. ამათ გარდა ზარალი მიეცათ სოფელ ახის მცხოვრებელთ: ნიაღვარმა ამ სოფლის საქონელი მოიტაცა და ოცდა ათ სულამდე ცხენი და საქონელი დაახრჩო.

ამ ზაფხულს ახალქალაქის მაზრაში ერთი სამწუხარო ამბავი მოხდა. თრიალეთის მთებში თ. ორბელიანთ მამულებში საძოვრად იმყოფებოდა თავის ბინაზედ, როგორც კულავ, უფ. ნიკოლოოზ შადინოვის ცხვარი. ეს ცხვარი მწყემსებმა ჩარეკეს მომიჯნავე სოფლის ბუღდაშენის სათიბში. მთელი ბუღდაშენის სოფელი, აქაო და ჩვენს სათიბში რათ შემოუშვით ცხვარიო, გამოვიდა კეტებით, კარგათ მიჰბეჟეს მწყემსები და ორას სულამდე ცხვარი მოსხლიტეს და წაართვეს. მწყემსებმა ეს ამბავი აცნობეს დანარჩენთ მონამგლეთ, რომელნიც აღიჭურვენ კეტებით და თოფებით და დაეცნენ ბუღდაშენის ცხვარს და ხუთას სულამდე მოჰსტაცეს. რასაკვირველია ამასობაში საშინელი ჩეხა იყო თავპირისა ორივეს მხრით. ამ ჩხუბის დროს მოვიდა ხარქარი შადინოვისა ზალიკა, კაცი ძალიან კარგი, უწყინარი, ზდილობით სავსე და ჭკუიანი, ხმა მიჰსცა მწყემსებს რომ გაშველებულიყვნენ. ხოლო ბუღდაშენის მამასახლისმა თავიანთ სოფლელებს დაუძახა: „მიზეზი სულ ეგ არის, მაგას დაჰკარითო“. დაჰსცეს უბედურს თოფი და სული იქავ გაანთხევინეს. მაშინ შადინოვის მწყემსებმა უფრო ხელი გამოიღეს, დაჰსჭრეს ერთი ბუღდანელი კაცი თოფით და დაერივნენ ჯოხითა, ხლმითა, ქვითა და რითაც მოხვდათ; გაირეკეს წინ, სდიეს სოფლამდე და ბოლოს წართმეული ცხვარი წამოასხეს.

ადგილობრივ მთავრობამდე ამ ამბავმა მიახწია, სოფლებს ცხვარი დაუბრუნეს, ამ ჩხუბის მოთავენი დაიჭირეს და გარდასცეს გამომძიებელს საქმის გამოსაძიებლად.

15 აგვისტოს თრიალეთის პრისტავს მოუვიდა უწყება ახალ ქალაქის მაზრის უფროსისაგან, რომ დუხობორების სოფლიდამ შუადღისას 600 სული ცხენი მოიტაცესო და კვალი აგრიყარის მთებზედ თრიალეთის საპრისტაოში გადმოვიტანეთო. საკვირველი ეს არის რომ რაც უნდა მოხდეს ახალქალაქის მაზრაში, მაშინვე თრიალეთს გადმოჰსწვდებიან იქაურნი ხელის-უფალნი. არ ვიცი რად ივიწყებენ ჩილდირის ხალხს, ორთულოს ავაზაკებს, რომელნიც ჯერ კიდევ ომიანობამდე იტაცებდნენ საქონელს არამც თუ ახალ ქალაქის, არამედ ტფილისის მაზრიდამაც. მაინც და მაინც საოცარი რამ იქნება, რომ ამ 600 ცხენის ამბავი ამ ცოტას ხანში არ აღმოჩნდეს, რადგანაც ექვსასის ცხენის გაპარება და დამალვა არამც თუ თრიალეთზედ, მთელს გუბერნიაშიაც შეუძლებელია. მაგრამ ვინ იცის!... ხანდისხან შეუძლებელიც შესაძლებელია.... მაგალითი ერთი და ორი არ ყოფილა.

გ. ო.

5 თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა ქ თელავში

▲ზევით დაბრუნება


თელავის სასულიერო სასწავლებელი და მისი ოლქის სამღვდელოთ ყრილობა ქ თელავში

(შემდეგი)[1]

III

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია...
ამაო, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს,
მან გაუგონოს, რაცა სთქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს.

რუსთველი.

სამღვდელოთ ყრილობა 9/10 იანვარს 1877 წ. მკითხველმა უკვე იცის, თუ რა განკარგულება დასდო 8 /9 მაისს 1876 წ. ყრილობამ თელავის სასულიერო სასწავლებლის სახლის განშვენების შესახებ. ამ განკარგულების საფუძვლით, სასწავლებლის მმართველობამ სთხოვა კანტორას ხვედრი ფული სახლების განშვენებისათვის, მაგრამ უარი მიიღო იმ მიზეზით, ვითომ მას (კანტორას) არა ჰქონდეს ფული. ამასთანავე კანტორამ დაუმატა, რომ თუ სამღვდელოებას ჰსურს სასწავლებლის სახლების განშვენება, იმას შეუძლიან შეასრულოს ეგ თავისის ხარჯით. ამ გვარი პასუხის შემდეგ, რასაკვირველია ხელახლად უნდა დანიშნულიყო სამღვდელობის ყრილობა ამ საგნის შესახებ საქმის დასაბოლოებლად.

რადგან 1877 წლის იანვარში უთავდებოდათ ყავლი წინანდელ სასწავლებლის მმართველობის წევრთა სამღვდელოთაგან (ჩვენ ზევით მოვიხსენიეთ, რომ ესრეYთი უფლება სამღვდელოებას მიენიჭა 1867 წლიდგან _ ახალი კანონების ძალით), ამისთვის საჭირო იყო დანიშნულიყო სამღვდელოთ კრება წევრთა ახლად ამორჩევისათვისაც. მართლათაც სასწავლებლის მმართველობის თხოვნით მღვდელმთავარმა დანიშნა ყრილობა 9 იანვრისათვის. ამ ყრილობის მოვალეობა უპირველესად შესდგებოდა ამ ორის მძიმე საქმის დაბოლოებისაგან, თუმცა, რასაკვირველია, სასწავლებლის მმართველობა სხვა ამაზედ უმცირეს საგნებსაც წარუდგენა ყრილობას განსახილველად, როგორც ამის ქვევით იხილავს მკითხველი. დანიშნულ რიცხვს (9 იანვარს) თორმეტ საათზედ შეიკრიბნენ ერთს სასწავლებლის ოთახში თორმეტი დეპუტატი_მღვდელი. თავმჯდომარედ, მომეტებულის ხმით, ამოირჩიეს თიანეთის მღვდელი ს. ბოდაევი, ხოლო საქმის მწარმოებლად მღვდელი მ. ხელაევი. შემდეგ ამისა იწყეს განხილვა იმ საგნებისა, რომლებიც იყო დანიშნული ყრილობისთვის. სასწავლებლის მმართველობისაგან მომზადებულს სიაში ანუ სქემაში იყო ეს მუხლები: ერთ ჯერობით შეწირულება:

1) სასწავლებლის სახლების განშვენებისა და განახლებისათვის _ _ _ _ _ _ 1, 600 მ.
2) ავათ-მყოფ მოსწავლეთ ხალათებისათვის _ 50 მ.
3) 26 ლეიბისა და 13 საბნისათვის სახელმწი- ფო მოწაფეთათვის _ _ _ _ _ _ _ 202 მ.
4) შკაფებისა სახელმწიფო მოსწავლეთათვის და კლასების სტოლებისათვის _ _ _ 210 მ.
5) აბანოს ასაშენებლად სასწავლებლის წყა- როზედ ანუ გვირაბზედ _ _ _ _ _ 1,000 მ.

სრულიად 3, 062 მ.

ყოველ წლობით:

1) ბიბლიოთეკისათვის და სამოსწავლო ხელ- მძღვანელობისათვის _ _ _ _ _ _ 150 მ.

2) სასწავლებლის ეკონომოსს ჯამაგირი _ 100 მ.

სრულიად 250 მ.

სრულიად 3,312 მ.

აქ საჭიროა შევნიშნოთ, რომ ამ სიაში მოხსენებული საგანი აბანოს აშენების შესახებ არ ეკუთვნის სასწავლებლის მმართველობას. ეს საგანი ეკუთვნის სემინარიის მმართველობას, რომლის მოწერილობის ძალითაც სამღვდელოთ ყრილობას უნდა განეხილა ეს საგანი და საჭირო ფულიც დაენიშნა. რასაკვირველია ამაზედ ფულის დახარჯვა, თუ მივიღებთ სახეში სხვა უფრო არსებითს საჭიროებას სასწავლებლისას, უდროო იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადო აბანოში სიარული ძვირად არ ჯდება. ამ სიის განხილვის შემდეგ ყრილობამ დასდო შემდგომი განჩინება: 1) ადგილობრივის ოლქის სამღვდელოთაგან უნდა ამოირჩივნენ ხელახლად დაფარულის კენჭით წევრნი სასწავლებლის გამგეობისა, 2) უნდა განახლდეს ამ წლიდგან ათ შაურიანი შეწირულობა სასწავლებლის ბიბლიოთეკისათვის ყოველწლივ დღეიდამ სამს წლამდე, 3) მიეცეს სასწავლებლის გამგეობას სახლების განსაშვენებლად თანხმად სიისა 1, 600 მ 4) მიეცეს ეკონომოსს ჯამაგირი 50 მ. წელიწადში. 5) მასწავლებელს უფ. დ. ბერძენოვს მიეცეს ეხლანდელს (400 მ.) ჯამაგირს გარდა კიდევ 100 მ. 6) მღვდელს ი. ლაშხაუროვს უარი გამოეცხადოს სასწავლებლის სასარგებლოდ ხარჯიდგან განთავისუფლებაზედ._ ამით გათავდა ყრილობის სხდომა 9-ს იანვარს.

მეორე დღეს, 10-ს რიცხვს, დილით მოევლინათ დეპუტატებს თავმჯდომარე და შემდეგ დაეკარგათ თორმეტ საათამდის. ბოლოს, როგორც იყო ჩაიგდეს ხელში თავიანთ წინამძღოლი და ერთის ხმით გადასწყვიტეს, რომ ჩვენ სასწავლებლის სახლების განშვენებისათვის ერთ გროშსაც ვერ შევსწირავთო, თუმცა გუშინ ყველამ ერთ ხმად გადავსწყვიტეთ შეწირვაო. თავმჯდომარემ დაპუტატების თანხმობით საქმის მწარმოებელს სთხოვა, რომ იმას დაეხივნა წინადღის განჩინების ოქმი და ხელახლად შაედგინა. ამან უარი გამოაცხადა ამისთანა წინადადების აღსრულებაზედ. მაშინ თავმჯდომარემ მუქარით და თავისის უფლების და ძალის ბრძნობით უთხრა ამაყად საქმის მწარმოებელს: „არც მაგრე გსაჭიროებთ, უთქვენოთაც შემიძლიან შევადგინო ახალი განჩინება და ხელი მოვაწეროთო.“

_ ვიქადი თავს იმით, რომ მე იქამდის არა ვარ ზნეობით დაცემული, რომ რაც ერთხელ მითქვამს და დამიწერია, შემდეგ მე შევსცვალო მოუფიქრებლად, ანუ მავნე და ბოროტის პირების რჩევით. მე ამისთანა საქმეში თანამონაწილედ და თანამგრძნობელად არ გაგიხდებით; კანონების ცოდნის გარდა, მე მაქვს და მინდა დავიცვა კაცური სიტყვა და კაცური პატიოსნება, უპასუხა საქმის მწარმოებელმა.

_ ოღონდ შენ ეს განჩინება გამოსცვალე და ჯილდოზედ წარვადგენთ მღვდელმთავართან ერთგულის სამსახურისათვის, როგორც მყოფს გამგეობის წევრს, ეუბნება თავმჯდომარე.

_ ჩემთვის არ არის საჭირო, რომ მთავრობის წინ მაქოთ. მე ვსცდილობ თავიდგან ავიცილო მაგისთანა პატივი, უპასუხა ხელაევმა.

არც ერთმა მაინც თავიანთი სიტყვა არ გატეხა. ბოდაევმა თითონ შეადგინა განჩინება, რომელზედაც ყველა დეპუტატმა მოაწერეს ხელი. აი ამისი შინაარსი. ახალს განჩინებაში შეუცვლელად დარჩა წინადღის გარდაწყვეტილებას 1, 2, 4, 5 და 6 მუხლნი, რომელნიც შეეხებოდნენ სასწავლებლის მმართველობის წევრს, ბიბლიოტეკას, ეკანომოსს, მოსამზადებელის კლასის მასწავლებელს და მღვდელს ლაშხაუროვს. ამას გარდა ხელახლად შედგენილის განჩინებითY სამღვდელოებამ 1) უარი სთქვა 1,600 მანეთის შეწირვაზედ სახლების გასაშვენებლად და ეს საქმე, ვითომც 15 ოკტომბრის 1874 წ. სამღვდელოთ კრების განჩინების ძალით. მიანდო ანუ დააკისრა საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორას, 2) ავათმყოფ მოსწავლეთა ხალათებისთვის, 26 ლეიბის და 13 საბნისათვის სახელმწიფო ხარჯზედ მიღებულ მოსწავლეთათვის, ეგრეთვე შკაფებისა და სტოლებისათვის დასდო 100 მანეთი, რომელიც წინა ყრილობაზედ შესწირა სამღვდელოებამ და რომლიდგანაც ერთის წლის განმავლობაში 26 მოწაფეთ ეძლეოდათ საჭირო წამლეულობა.

(შემდეგი იქნება.)

________________

1„ივერია“ №№25 და 26.

6 მგზავრის წერილები

▲ზევით დაბრუნება


მგზავრის წერილები

>სვანეთზედ

(დასასრული)[1]

მინდვრებში და სახნავ-სათესს მიწებში, კაცებზედ უფრო ხშირად_ქალები მუშაობენ; კაცები ვალათა ჰსცნობენ, თავისის ცოლ-შვილის დაფარვას ტყის ნადირისაგან და შინაურის მტრისაგან; და თუ მუშაობას მიჰყოფენ ხელს, მხოლოდ_ქალების დასახმარებლად. ჩვენ კაცებსა, თბილს მზეზედ მჯდომიარეს და მოლაპარაკესა ვხედამდით მუდამ; და მათს დედებს, ცოლებს, ქალი-შვილებს კი_ მინდვრებში მშრომელებს. თუმცა კი ძნელი და ჯაფით სავსე ცხოვრება აქვთ სვანეთის ქალებსა,_მაგრამ, ისე მშვენიერნი არიან, ტანადნი, ცოცხალნი და ძალიან ეშხიანი-ლამაზნიც, რომ არც ერთი ქალი არ შეგვხვედრია, რომ მოსაწონი არ ყოფილიყოს. უმთავრესად, ქალები_ქერანი არიან; დიდი-ცისფერი თვალებით და საკვირველის წმინდა პირის-ფერით. რამდენიმე ქალი შეგვხვდა, რომელნიც თავისის სოფლის ნახირსა ერეკებოდა. ამათ რომ დაგვინახეს, ერთმანეთის-შუა ხუმრობა დაიწყეს, რომ ჩვენ კარგათ შეგვეხედნა იმათთვის; თურმე, ძალიანაც გავიწყრნენ, როგორც ჩემმა სვანმა-ჩაფარმა მიტხრა, რომ მათს სილამაზეს ღირსი ყურადღება არ მივეცით. უცხო კაცთან, თუ ბევრნი არიან სრულებით არავითარი მორცხობა არა აქვთ და არას დროს მგზავრს არ მოერიდებიან, მეტადრე ჩვენისთანას. აქედამა ცხადათა სჩანს, რომ სვანეთში დედა-კაცს დიდი თავისუფლობა აქვს მინიჭებული, ასე რომ ისე დამდაბლებულნი და დაჩაგრულნი არ არიან, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებშია გახშირებული ქალის დაჩაგვრა და დამდაბლება._ეს, ქალების, თავისუფლება იმ მიზეზით არის, რომ_საზოგადოთ სვანეთში ქალები ძალიან ცოტანი არიან. სვანებს საშინელი ჩვეულება ჰქონდათ, რომ დაბადებულს ქალს მაშინათვე ახრჩობდნენ ხოლმე; და ცოლებსა კი ხან სხვა მაზრებში ჰყიდულობდნენ, ხან_იტაცებდნენ. ეხლა, ეს ჩვეულება მთავრობამ სვანებს გადააგდებინა, მაგრამ, საუბედუროთ, მოშორებულს სვანეთის სოფლებში კი ეხლაც იპოვება ზოგიერთი მცხოვრებელნი ამ გვარის აზრისანი და ამ ბოროტის საქმის მომქმედნი.

სვანები ქალებსა პატივსა სცემენ, როგორც იშვიათს სულიერსა-ადამიანსა და ძვირ და ძნელს საპოვნელსა და საშოვარსა. სვანეთში არ იპოვება ქვრივი დედაკაცი. დედა-კაცი თუ დაქვრივდა, იმ წამსვე რამდენიმე მოარშიყე საქრმოები გამოუჩნდება; არა თუ ერთი საქრმო, არამედ_ბევრნი თავს-იკვლენ მისთვის, რომ რამდენიმე მოცილეთა შორის მე მერგოს ცოლათა და არა სხვასაო. სვანეთში საშინელი და გახშირებული გარყვნილობა არის. ასე, მაგალითად, როცა სოფელს ბეჩოს ვიყავით, ბევრმა ერთი და იგივე ამბავი მითხრა, რომ მამა, საკუთარს თავის ქალი-შვილს, გასათხოვარს, ქირით მისცემს ხოლმე რომელიმე კაცს, თვეობით, სამ მანათათ, ხუთათ, ანუ წლობით, რომ ცოლის მნიშვნელობა აღუსრულოს მოქირავნეს კაცს; და მამა ამ პირობასაც უდებს რომ თუ ქალს ვაჟი ეყოლა, მოქირავნემ ქალი მისის ბავშვით_მამას უნდა დაუბრუნოს; და თუ ქალი ეყოლა_მაშინ მოქირავნეს უფლება აქვს, იქამდინ იყოლიოს ქალი სანამდისინ ვაჟი არ ეყოლება. ეს საზარელი ამბავი მითხრა, სვათა შორის, იმ კაცმა, რომელიც გაბმულია ამ გვარს საქმეში. არც ერთს ქმარს არ შეუძლიან თავის ცოლს დაუშალოს სადმე საარშიყოთ წასვლა, ვისთანაც უნდოდეს, იმიტომ რომ ქმარს ეშინიან, თუ დაუშალა ცოლი გამექცევაო და ჩემს მტერთან და მოღალატესთან დადგებაო; ამ სიფრთხილისა გამო_გარყვნილობა ჰმეფობს სვანეთში. თუ ცოლს სხვისაგან ეყოლება შვილი, ლი,_ქმარი თავისათა სთვლის; და არა სწყინს ეს საქმე ზემოხსენებულ მიზეზებისა გამო. ერთის სიტყვით, სვანეთის ქალები უსირცხვილოთ მგზავრს დააყენებენ ხოლმე და თავის თავსა და ტანს_უთავაზებენ დიდის მოწადინებით; ჰსთხოვენ ხოლმე მგზავრსა მრთელის დღით იმათთან დარჩომასა, და ყოველი ქალი, დედა-კაცი და გასათხოვარიც, მოხუცებულიც და ახალგაზდაც_ მზათ არიან მგზავრისათვის. კაცებს დაშლა, ქალების სურვილისა_არ შეუძლიანთ, იმ შიშით, რომ ქალები თავს დაანებებენ ქმრებსა, და ამათ ბევრი ხანი, ჯაფა და გაჭირება დასჭირდებათ, მანამ სხვა ქალებს იშოვიან, ან მოტაცებით, მოპარვით, ან ჩვეულებრისა მებრ შეირთავენ. ერთის სიტყვით, სვანეთში, მრთლად_ ქალების ხელმწიფობა ყოფილა!

თუმცა სვანები დიდი ხანია რაც ქრისტიანები არიან მაგრამ 1873 წლამდინ ყოველს ქმარს ორორი და სამ-სამი ცოლი ჰყავდათ; უმეტესად ორორი; ესე იგი ქმარს უფლება ჰქონდა მხოლოდ ორს ცოლზედა, რომელთაც უსათუოთ ქმრის ოჯახში უნდა ეცხოვრნათ; და ამ ორს ცოლსა გარეთა ოთხ-ოთხი და ხუთ-ხუთი სხვა საყვარლები ჰყვანდათ, და ეს ყოფაცხოვრება, სვანებს ხასიათში ისე დაუმკვიდრდათ, რომ_უბრალო საქმეთ მიაჩნიათ. 1873 წელსა, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სვანეთი მოიარა და სვანებს თავის ცოლებთან კანონისამებრ აშორებდა და თითო ქმარს თითო ცოლი დაატოვებინა. მაგრამ ხალხის ხასიათმა და საძაგელმა ჩვეულებამ, კანონს დასძლია, და ხალხმა არ დაიშალა რამდენიმე ცოლის ყოლა.

სვანები, მმართებლობის პირებს ყოველთვის ეუბნებიან, რომ თქვენის კანონებით, ჩვენ შესახებ, ყოველისფერი ააღსრულეთო_ოღონდ-ჩვენს, მამაპაპიდამ დადებულს ხასიათებს, ჩვეულებას და დაწესებულებას ნუ დაარღვევთო!

აზნაური-შვილების ქალები, მიიღებენ ხოლმე ყველას, დიდის გაბედვით და არა მორცხობით, წმინდა აღმოსავლეთის ქვეყნების ღირსებითა. ტანთ-აცვიათ აბრეშუმის წითელი კაბები, განიერი ვერცხლით შემოჭედილი სარტყლით; თავი_ბაღდადით შეხვევული აქვთ; ყურებში დიდი ვერცხლისა ანუ ოქროს მრგვალი საყურები აქვთ. სუყველა ქალებს_ საზოგადოთ, ტანისამოსი წითელი აცვიათ, აბრეშუმისა ანუ მატყლისა; სვანების ქალების ტანთჩაცმა ქართველის ქალების ტანთ-ჩაცმასა ჰგავს. რაც უფრო მცირე წლოვანი ქალია, ტანისამოსის ფერი უფრო წითელია; ახალგაზდა ქალებს ხშირათ თეთრი კაბები აცვიათ, და რაც ხანში შედის დედა-კაცი_უფრო წითელს და წითელს კაბებს იცმენ.

სვანი, რომ შეხვდეს მგზავრსა_ადვილი საცნობია; მისი პირის სახე, მთის კაცის სახესა ჰგავს,_მთიულსა, ფშავსა და ხევსურსა, როგორათაც თავისსარქველითა, აგრეთვე პირის-სახითაც; შეხედვა_ მოჭმუნხვნილი აქვს; მთის ბუნებამ ერთი და იგივე ბეჭედი დაჰკრა როგორც სვანსა, აგრეთვე ზემომოხსენებულს მთის ხალხსა. სვანის სიმაღლე_ შუათა ნა ადამიანის სიმაღლეზედ-უფრო მაღალია; და ძალიან ჯან-მრთელი ტანის აგებულობისაა. სვანის ჩაცმა ცოტათი განესხვაება მეგრელების და იმერლების ჩაცმასა. ჩოხა_მსხვილი შალისა იციან და თავზედ ზაფხულსა და ზამთარს სხვა და სხვა ქუდები ჰხურავთ. ზამთარში ჰხურავს მაღალი ნაბდის წვეტ-ჩაკეცილი ქუდი; ზაფხულში კი_პატარა, ერთი შაურიანისოდენა, ფაფანიკი, რომელსაც ხან და ხან შურდულის მაგივრათაც ჰხმარობს. თავზედ თმა მუდამ გაპარსული აქვს ზედ კეფაზედ და ამ გაპარსულს ადგილს ეს ფაფანაკი აფარია. ფეხზედ აცვია, ზამთარს, და ზაფხულსაც_ქალამანი; მხოლოდ ზამთარში ფეხზედ თივას დაიხვევს ხოლმე და მერმედ ზეიდამ ქალამანს ჩაიცვამს, სითბოსათვის; პერანგი და მისი ამხანაგი სქელი ტილოსია, სახლში ნაქსოვი; და მუდამ თავიდამ ფეხამდის სხვ და სხვა იარაღებით_ შეიარაღებულია; თოფი, დამბაჩა, ხმალი, ხანჯალი, შუბი, დანა და სხვა შეადგენს სვანის ჩვეულებრივს იარაღსა.

სვანს, როგორც სხვა მთის ხალხს, გამჭრიახი გონება აქვს; მისი ენა, როგორც ზემოთა ვსთქვი, ქართულს ენას ჰგავს, საკუთარი წერილები არა აქვს; თუ სვანურად იწერება რამე_ქართულის ასოებით იწერება. სხვა და სხვა ავეჯულობის სახელები, სულ ქართული გადასხვაფერილი და გადაკეთებული სიტყვებია; ავეჯულობაც სწორეთ იმნაირი აქვთ, რანაირიც საქართველოს ხალხსა აქვს. სვანური ენა განინაწილება. ორს გამოთქმათ: ერთ_„დაბალ სვანეთის“ გამოთქმათ, მეორე_„ზეშო სვანეთისად. პირველში უმეტესად მეგრული სიტყვებია, და გამოთქმაც, მეორეში_ქართული, მეორე გამოთქმა უფრო ცხადია, წმინდა, ვიდრე პირველი,_და ადვილათ ითარგმნება ქართულად. თვითან სვანები თავის ქვეყანას ეძახიან „შვანარ,“ და თვითონ ხალხს_ხან „შანი,“ „შვანი“ ხან „სვანი.“

ზეპირ-მოთხრობითი ამბავი სვანებისა, ამბობს, რომ, ვითამც, თვითან იესო ქრისტემ გააქრისტიანა სვანები, რომელიც, ვითამც, სვანეთში ცხოვრებდა,_ და მას აქეთ სვანებს თავისი ჰრწმუნება არ გადუცვლიათ, თუმცა სვანებში მაჰმადიანისა და ებრაელის ჰრწმუნებისანი ბევრნი არიან; ასე_ სოფელი „ლაშხეთი“ და „ხალდე“ სავსეა ამ ნაირის ჰრწმუნების ხალხითა, თუმცა კი ამ სოფლებში მართლ-მადიდებელი ძველი ეკკლესიებიც ყოფილა.

სვანები საკეისრონი იყვნენ; ესე იგი კეისარის მამულებში ჰსცხოვრებდნენ; სვანები-თამარ-მეფეს _კეისარს ეძახიან. მათი ზეპირ-მოთხრობითის ამბებში და სიმღერებში მხოლოდ ერთს თამარ-მეფეს იხსენიებენ და არა სხვა მეფეებს, სვანები ამბობენ, რომ თამარ-მეფე იმათ ქვეყანაში ცხოვრებდა, რადგანაც სვანეთი საქართველოს შუაგული იყოო, და ისე უყვარდა სვანეთი, რომ ბევრს საყდრებს და ეკკლესიებს აშენებდაო, და ერთი სვანი ამოირჩია თავის ქმრათაო; და ვითამც თამარ-მეფის საფლავიც სვანეთში არისო.

სვანებს, ზნეობა და ხასიათი იმ ნაირი აქვთ, რანაირიც მთიულს ხალხსა; თავისი სამშობლო დიდათ უყვართ, ასე რომ ბევრი მოხუცებული სვანია, რომელნიც თავის სოფელს არ გაცილებულან და გარეთ არ გასულან. ხშირად ამბობენ, რომ სვანები სასტიკი და უწყალო და უგრძნობელი ხალხიაო; მაგრამ მე ამას ვერ ვიტყვი, რადგანაც ეს არის საშინელი უმეცარი და ტლანქი სიცრუვე; სვანები ადვილათ მიხვდებიან ხოლმე ყოველს საქმეს და დიდ ხანს ახსომთ კეთილი მოქმედება და საზოგადოთ, გულ-კეთილი და მხიარული ხალხია; სისხლი-ძიება საშინლათ არის გავრცელებული სვანეთში ძმის სისხლსა და ნათესავისას_მეშვიდე მუხლამდინ ეძიებენ სვანები. ერთ-მანეთს შუა სოფელსა და სოფელს უშა და საზოგადოებასა და საზოგადოებას შუა საშინელი მტრობა აქვთ. საკუთარს ოჯახში და გარეთაც სვანი თავის სისხლის მაძიებელთან შეხვედრას ერიდება; დიდის გულ-მოდგინებით დახვდებიან ხოლმე სვანები მეზობლის ხალხის მტრებს_და როცა დაამარცხებენ, მაშინ აუცილებლათ ერთ-მანეთს თავ-თავისი მტრობა და შური მოაგონდებათ, და ამას მოჰყვება ხოლმე საშინელი ჩხუბი, აყალ-მაყალი და ერთმანეთის ხოცვაცა.

მთელს „თავის-უფალს“ სვანეთში, არც ერთი თავადი-შვილი არ არის; ამ დემოკრატიულს ქვეყანაში, აზნაურებს აქვთ უფლება, რომ წელიწადში ერთხელ თავის ნაყმევ კაცებს სადილი მოსთხოვონ, და ერთ სისხლში ორი სისხლი გამოართონ. მაგრამ, გლეხობისა და და აზნაურობის წოდების კაცები ერთმანეთ შუა არ განსხვავდებიან; მხოლოდ აზნაურებს აქვთ რაღაც ნაირი შეთვისებული ზვავობის, სილაღის და ამაყობის ხასიათი და გლეხნი უგრძნობელათ უთმობენ ხოლმე აზნაურებს მათს ამაყობას. საზოგადოთ ხალხი გულ-კეთილი, მხიარული, მართლის-მთქმელი და შეგნებულია; და ცხადათა სჩანს, რომ სვანები გრძნობენ თავის ზნეობითს და სარწმუნოებითს დაცემასა.

სხვა და სხვა სნეულებაებთა შორის, სვანეთში გახშირებულია_ავი სნელებანი, მათის გარყვნილობისა-გამო; საშინლათ არის გახშირებული „თიადორის“ სნეულება; და როგორც ჰაქიმმა მითხრა, ვითამც წყლის მიზეზი უნდა იყოს; მაგრამ არა მგონია, რომ წყალმა ამ გვარი ზიანი და მავნებელი თვისება იცოდეს; ამის მიზეზი_სხვა უნდა იყოს. ყელში „თიადორით“ სვანები, მრავალია, როგორც კაცი, აგრეთვე ქალი; მაგრამ უფრო მოხუცებაში იცის; ეს სნეულება არაფრად მიაჩნიათ სვანებსა. საკვირველი ეს არის, რომ ლეჩხუმში და რაჭაშიაც არის გახშირებული ეს სნეულებანი, კრეტინიზმს რომ ეძახიან. სვანები ამ სნეულებას ეძახიან „თიადორას;“ და ჩვენ კი „ყიყვს.“

უნებურათ დამაფიქრა იმ ჰაზრმა, რომ ხშირად მთებში მცხოვრები ხალხი, მრისხანე, გაგულისებული, შეჩვეული სხვა და სხვა დანაშაულობას, შეცოდებას, მაინც თავისის ბუნებითის ხასიათით, და ბუნების ზედ-მოქმედებით, ადვილათ მიიკარებს და შეითვისებს ხოლმე ყოველს კეთილს საქმეს და კეთილს გრძნობას! ეს რასაკვირველია ბუნების ზედ-მოქმედებისაგან მოსდის ხალხს.

ადამიანის საზოგადოების გაცნობა და შესწავლა, რომლის ჩამომავლობა და ნამდვილი ამბავი იკარგება უძველეს დროთა ტრიალში, არის პირველი გამოსადეგი და სასურველი შრომა ყოვლის კაცისათვის; აქა სჩანს, ხალხის პირველ დაწყებითი უასაკო მდგომარეობა მისის ქველისმოქმედებითა და მანკიერებითა. ამ გვარის ხალხის ენისა, და ზნეობის და საქციელის გაცნობით_ადვილათ განისაზღვრება და განირჩევა მისი ჩამომავლობა. ამ მხრით მინდოდა, სვანების გაცნობა, მაგრამ, ჩემდა საუბედუროთ, მოკლე ხნით ყოფნამ ქვეყანაში, სვანეთში, ნება არ მომცა ეს სასურველი შრომა გამეწია. ასე, რომ ამას გარდა, რაც მოგახსენეთ, პატივ-ცემულო მკითხველო, სხვას ვეღარაფერს ვიტყვი; და ვგონებ, რომ არ გამკიცხავთ და არ დამძრახავთ, რომ ეს მცირედი წერილები მოგართვით სვანეთის მცირედის გაცნობისათვის.

როდესაც, ყოველისფერი, მთავრობიდამ მონდობილი საქმეები შევასრულე სვანეთის შესახებ, იმავე გზით ქუთაისში დავბრუნდი მარიამობისთვის უკანასკნელ დღეებში; მაგრამ მთელი დრო ცუდი ამინდი იყო მგზავრობისათვის და ლათფარის გარდასავალზედ კი დიდი თოვლი იდო, რომელმაც კარგა გაგვიჭირა მგზავრობა. ამის გამო, ამ მობრუნებაზედ_მე და ჩემმა მგზავრებმა უფრო მეტი გაჭირება და შეწუხება ვნახეთ მგზავრობაში, ვიდრე იმ დროს, როდესაც გახარებულის გულით ამ სასურველს ქვეყნისაკენ ვეშურებოდით.

კოტე სანინელი

1877 წ. 22 მარიამობისთვეს. სოფ. სანინო, გორის უეზდისა.

______________

1„ივერია“ №№19, 21, 22, 23 და 24.

7 სახელმძღვანელონი, შედგენილნი ი. გოგებაშვილისაგან.

▲ზევით დაბრუნება


სახელმძღვანელონი, შედგენილნი ი. გოგებაშვილისაგან.

ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, სახელობაში სახმარებელი, ახალი ვრცელი და შეცვლილი გამოცემა, ფასი ორი შაური. ისყიდება გამომცემლის გრიქუროვის წიგნების მაღაზიაში კუკიის ხიდთან. ვინც ნაღდ ფულზედ ასს, ან მომეტებულს ეგზემპლიარს ერთბაშათ იყიდის, იმას ეგზმპლიარი დაეთმობა 9 კაპეიკათა.

დარიგება მასწავლებელთათვის შესახებ ხმარებისა წინეთ მოხსენებული წიგნისა, ფასი ერთი შაური, ისყიდება იქვე და მელიქიშვილის სტამბაში.

დედა ენა, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, სახალხო შკოლებში სახმარებელი, გამოცემა პირველი, შემკული მრავალი სურათებითა, ფასი ექვსი შაური, ყდაში გადაკრული ცხრა შაური, ისყიდება ვართანოვის წიგნის მაღაზიაში კუკიის ხიდზედ ვინც ნაღდ ფულზედ იყიდის ერთათ ოც და ათ ეგზემპლიარსა, ან მომეტებულსა, იმას დაეთმობა უყდო ეგზემპლიარი ხუთ შაურათ, ყდიანი ორ აბაზათ.

ბუნების კარი, ანუ საკითხავი წიგნი დაბალ კლასებში სახმარებელი, მესამე გამოცემა, შევსებული და შემკული სურათებითა და საქართველოს კარტითა, ფასი ხუთმეტი შაური. ისყიდება ვართანოვის მაღაზიაში. ეგზემპლიარი დაეთმობათ თოთხმეტ შაურათ, ვინც თხუთმეტ ეგზემპლიარს ერთათ ნაღდ ფულზედ იყიდის, ცამეტ შაურათ, ვინც ერთათ წაიღებს ოც და ეგზემპლიარსა და სამ აბაზათ ას ეგზემპლიარის ერთათ მყიდველსა. ვისაც სურს ყდაში გადაკრული მიიღოს, უნდა ამ ფასს დაუმატოს სამი შაური.

საყმაწვილო კონა პირველ დაწყებითი მოთხრობებისა ბუნების მეცნიერებიდგან, გამოცემა პირველი, ფასი ექვსი შაური. ისყიდება Gთფილისში ვართანოვის და გრიქუროვის მაღაზიებში და ქუთაისში სვიმონ ჩომახიძესთანა.

თვით-მასწავლებლები წიგნი ქართული ენისა შედგენილი და გამოცემული გაბრიელ ტერ გაბრიელიანცისაგან. ფასი 50 კაპ.

8 ანგარიში

▲ზევით დაბრუნება


ანგარიში

ხნანჭკრის გამსესხებელ შემნახველ-ამხანაგობისა

პირველის ნახევრის 1877 წლისა.

1877 წლის პირველს იანვარს ირიცხებოდა