The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ივერია (29)1877.15.09


ივერია (29)1877.15.09



1877.15.09

ივერია“, ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან - ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგი მესხი.

სხვადასხვა პერიოდში გაზეთის რედაქტორები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, შემდეგ გაზეთის დახურვამდე ფილიპე გოგიჩაიშვილი. გაზეთი „ივერია“ აღდგენილი იქნა 1989 წლის 20 თებერვალს ზურაბ ჭავჭავაძის მიერ და გამოდიოდა პერიოდულად ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით 1997 წლამდე. სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე.

1 საქართველოს მატიანე

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მატიანე

(„ივერიის“ კორრესპონდენცია.)

გუბიდამ – 31 აგვისტო. თუ რა რამოდვნად სცვლის კაცს დროება, გამოცდილება და მაგალითები, ამას გვიჩვენებს შემდეგი შემთხვევა.

პირველად რომ მამასახლისების და სოფლის მმართველების ამორჩევა დაარსდა ჩვენს სოფლებში მაშინ ამოირჩია ჩვენმა კუხის საზოგადოებამ (ქუთაისის დაბლა 22 ვერსტზეა) ერთი კაცი მამასახლისად რომელიც გვარიანად ასრულებდა თავის თანამდებობას. ამას ის შემთხვევა გვიმტკიცებს, რომ იგივე კაცი წრეულსაც ამოირჩიეს მამასახლისად. მაგრამ ისრე სასიკვდინოდ ფერი ეცვალოს ჩვენს მტერს, ჩემო მკითხველო, როგორც ეს მამასახლისი წრეულს შეიცვალა. ვინ იცის, ეგება წრევანდელი წელიწადის ბრალია!.. ეს კაცი გაფიცხდა, მაგრამ როგორ გაფიცხდა?! საკმევლის ხესავით აენთო... მე გეტყვით ფული ვერ შეკრიბა თუ, როდესაც მოითხოვეს ფული ორიოდე კაცის გამოსაწყობად დრუჟინისათვის.. თითო კაცისათვის ას-ასი მანეთიც შეაგროვა ცხენ იარაღის გარდა! მაგრამ შვიდ-შვიდი თუმანი კი დაურიგა; და როდესაც ზოგიერთმა ანგარიში მოსთხოვა, გაფიცხდა, იმავე წუთს სატუსაღოში აკვრევინა თავი თავგამომდებელ კაცებს და ორი კვირის შემდეგ გამოუშვა, ესე იგი მაშინ, როცა დარწმუნდა, რომ აწი დაავიწყდებოდათ წინააღმდეგობაო.

„წითელის ჯვარის საზოგადოებისთვის ფულის შეკრებაც თავს იდვა ჩვენმა მამასახლისმა და შეკრიბა კიდეც, მაგრამ...მაგრამ კამბეჩები იყიდა და ურმები გააწყო! ახლა კამბეჩებიც ჰყავს და ურმებიც, მაგრამ რა წაიღოს ზუგდიდში?–თივა-თივის წაღებით ფულს კი მოიგებს, რადგან ერთს ორად გაჰყიდის, მაგრამ რითი იყიდოს ეგ თივა?–ფულით.–სად არის ფული?–გლეხებს აქვთ: მაინც ხომ უნდა გარდაიხადონ გლეხებმა სახაზინო ფული, და ის არა ჰსჯობია, რომ ეს ეს ფული ეხლავე, ესე იგი, წინადღით, ვადაზედ უწინარეს შეიკრიბოს; იმით მამასახლისმა თივა იყიდოს, გასყიდვით ფული მოიგოს, მოგება თავისთვის დაიტოვოს და თავნი ხაზინაში გაგზავნოს? ძლიერ კარგი მოგონებაა?! ჰო, ერთი რამ კია დასაღონებელი: ღვდლის ფულს და ხაზინისას ერთად ვერ შესძლებენ გლეხები, მაგრამ, რაუყოთ? ზოგი გლეხებმაც გაიჭირონ გარდასახადი და ზოგი ღვდლებმაც მოითმონინ გლეხების გამდიდრებამდე. კარგი მოფიქრებაა?! რა უშავს?

ნახევარი წელიწადი ძლივ არის, რაც ეს კაცი მეორედ ამოირჩიეს მამასახლისად და, როგორც ხედავთ მკითხველო, და ქვემორეც დაინახავთ, ბევრი მოხერხება გამოიჩინა. ბევრს კარგს შემდეგშიაც ვნახავთ, თუ აქაურმა ბედმა მამასახლისის საკეთილოდ იმუშავა და არ გამოსცვალეს ამ სამს წლამდის და თუ ამასთანავე მისი საკუთარი სიტყვებიც გამართლდა „რაც უნდა ეცადნეთ, ჩემს წინააღმდეგ ვერას გააწყობთო, რადგან მაზრის მმართველი მე მწყალობსო და „ზედ წამწამზედ უზივარო.“ მართლაც ერთმა გლეხმა უჩივლა ამ მამასახლისს, თავის საჩივარში ყოველი მისი მოქმედება გამოამჟღავნა და ჰსთხოვდა, ყოველივე გამოეძიებიათ, რომ კუხის საზოგადოების ყრილობას ჭეშმარიტება ეჩვენებინა. გამომძიებელიც მობრძანდა, მაგრამ...ჯერხანობით ხალხი ძლიერ ნანობს, რომ ეს კაცი მამასახლისად აირჩია. ნანობს მეთქი, მაგრამ ჯერ ვერაფერი გაუწყვია.

ამ მამასახლისის ხრიკებს ვინ ჩამოჰსთვლის?

ერთიც კიდევ. ჩვენში ერთი გლეხის ცოლი მარჩიელობდა (მკითხაობდა). ეს რომ მამასახლისმა გაიგო, დედა-კაცს დაჭერა და დატუსაღება დაუპირა, მკითხავი რათა ხარო, როდესაც ეს ცრუ-მორწმუნეობაა და ძლიერ მავნებელიაო. დედა-კაცს შეუთვლია: „მე წამალს ვიძლევი და თუ არ მომირჩენია, იმით ჯერ არავინ მომიკლავსო. ამას ჩემი მეზობლებიც დაამტკიცებენო.“–მაშ თუ აგრეა, მე შემიძლია, შენ ექიმობაც დაგიმტკიცოო, თუ... (აქ პირობაა). ახლა ეს დედაკაცი მამასახლისის ბეჭდით დამტკიცებულის ქაღალდით ექიმიც არის და ფერშალიც! აგრე ჰსპობს ჩვენი მამასახლისი ცრუ-მორწმუნოებას სოფლებში!! საწყალი სოფლელები კი ამას იძახიან: „შევცოდეთ ბატონებო, რომ ეს კაცი მამასახლისად ამოვირჩიეთ, და შეგვინდვეთ და გამოგვაცვლევინეთ!“

ჯიხაიში– 30 აგვისტო. თქმა აღარ უნდა, რომ ჩვენში შკოლების გამართვა და სამუდამოდ დადგინება ჯერ კიდევ ძნელი საქმეა; ხოლო სასოფლო შკოლების მასწავლებლები რამოდენად უადვილებენ სოფლელებს ამ ძნელს საქმეს და შკოლების დღეგრძელობას ხელს უწყობენ ამას შემდეგი შემთხვევა გვიჩვენებს.

ჯიხაისში (ქუთაისის დასავლეთით არის) რაც სასოფლო შკოლა გაიხსნა, ახლა მეორე წელიწადია ამ შკოლას აქამომდე ქუთაისის სასულიერო კლასში კურს დასრულებული ყმაწვილი კაცი ჰყავს მასწავლებლად ს. შენგელია ეს კაცი, მის მაგიერ რომ შაგირდებს და მათ მამებს საჭირო წიგნების ყიდვა გაუადვილოს, – ექვს შაურიან წიგნებში ცამეტცამეტ შაურს ღებულობს.

მისი შაგირდები დილაობით წიგნებთან ერთად ხის თოფსაც მიათრევენ, რომ უფ. შენგელიამ შაგირდებს, „ნალევა“ და „ნაპრავა“ ასწავლოს სხვათა გასაკვეთთა შორის. ახლად შემოსულს შაგირდს თუ ორ აბაზიანი წაბლის ხის თოფი არ ექნა, შკოლაში არ მიესვლება. ამ ხის თოფებს ერთი დურგალი აკეთებს ჯიხაიხშივე, რადგან გამორჩომას ხედავს.

მუშაითობა (გიმნასტიკა) რომ კვირაში ერთხელ ჰქონდეს შკოლას ხომ კარგზედ მეტი იქნება, მაგრამ სხვა გარდასახადებთან კიდევ რომ ორ-ორი აბაზი და ზოგჯერ ოთხიც ხის თოფისთვის ზედ წაედვას გლეხს ზურგზე,– ეს ვერაფრად მოუხდება გლეხის ჯიბეს.

მარტო ახალს პედაღოღებზე ვერ დაფუძნებული უფ. შენგელია და ძველებისთვისაც ჩამოურთმევია შემდეგი: ყმაწვილებს დანაშაულისათვის ბამბის ძაფით და ისიც დამპალით აბამს სტოლის ან სკამის ფეხზე; თუ ყმაწვილს უეცრად ძაფი შემოაწყდა, მაშინ კი სიმინდის ან ლობიოს მარცვლებზე უნდა დაიჩოქოს.

ზარმაცობის გასაკვეთად შაგირდები თურმე შორს არ მიდიან, რადგან ზარმაცობის მაგალითს მასწავლებელშივე ჰპოულობენ.

საზოგადოებას ეს ყოველი შუტყვია; სამდურავის მეტი ჯერ არა ისმის რა. ესეც კარგია მით, რომ სამდურავს ზოგჯერ კარგი საქმეც შეუდგება ხოლმე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ პედაღოღად დაბადებული კაცები (უფ. შენგელიაც ხომ მათის გვარისა უნდა იყოს!..) რაც უნდა უყოთ უარგისობისა გამო, – მაინც პედაღოღობას თავს არ დაანებებენ. ესეთია იმათი წესი უფ. ს. შენგელიაც, თუ ჯიხაისში გულს მოაყვანინებენ, სხვაგან გარდავა მასწავლებლად, რადგან მე და თქვენ, მკითხველო, ვერ შევეცილებით შეუძლებლობისა გამო და სხვების (მოცილეების) უმეტესი ნაწილი და იგივე შენგელიები არიან.

გაკვრით

საშინელი ჭირიანობა არის თითქმის მთელს კახეთში როგორც საქონლისა, ეგრეთვე ხალხისა. ბევრს ოჯახისშვილს დააბაინა ამ წყეულმა ჭირმა ხელი თავის საქონლიდგან. საითაც კი გაივლით ეხლა სოფელში, გზას ვერ აუქცევთ მკვდარს საქონელს, ასე რომ იმათ საძაგელს სუნს გულშეუღონებლივ ძნელად მოჰრჩებით, თუ პატარა მგრძნობარე ყნოსვის პატრონიცა ხართ, მკითხველო. ჭირი უფრო ვრცელდება, რადგანაც მკვდარი ჭირიანი საქონელი სოფლის ორღობეებში არის გაშლილი, სადაც დადის უავათმყოფო საქონელიც. ძალიან გასჭირებია დალოცვილს ადგილობითს მთავრობას, რომ აუკრძალოს ჭირიანი მკვდარი საქონლის გაშლა შიგ შუაგულს სოფელში!.. არ ვიცი, რას უყურებს და რას უცდის აქაური მმართველობა. ერთის სიტყვით ყველა უიმედოთღა არის ეხლა საქონელზედ და ყველა ჰსცდილობს გაჰყიდოს როგორმე, თუნდა ძრიელ იეფათაც.

საქონელი, თორემ ხალხს კი განა ხეირი დაეყარა წლეულ კეხეთში! ჯერ ყვავილმა და წითელამ გასწყვიტა ხალხი და ახლა სისხამ დაუთავა ხელი. ხომ ასე გაევლო მუსრი კახეთსა და უყურეთ ჩვენის მხრის დოკტორების ოლიმპიურს არხეინობას! მაგრამ იმათ არ ენაღვლებათ,– კარგი ჯამაგირი არ აკლიათ და ტკბილი აუმღვრეველი ცხოვრება!

მე საშინლად მეჯავრება ერთფერობა და ერთსახობა. წყეულმა ჩემმა ბედმა იცის ესე და ცდილობს ყოველთვის, საცა წავალ, ერთი და იგივე სანახაობა დამახვედროს. ამ ზაფხულს ორჯერ მომიხდა ფშაველალისყურზედ (სოფლებია თელავის უეზდში) გავლა და ორჯერვე ერთი და იგივე შესანიშნავი ამბავი დამხვდა: ჩაფარი ჰშვლეპავდა გლეხებს ჩერქეზულის მათრახით. დასწყევლა ღმერთმა, ჩემს ფეხზედ მოჰხდება ხოლმე ამ სოფლებში ეს უბედურება, თუ სულ ესე არის? მინდოდა მესამეთაც გამეარნა ამ სოფლებისაკენა, მაგრამ ვაი თუ ჩემის გავლით კიდევ მეჟეჟინებინა გლეხები ჩაფრებისათვინა! დაიძინე, თელავის მმართველობავ, ჩაფრების მათრახები და გლეხების ზურგები კარგ ნანას გეუბნებიან!

თუ ზოგან თელავის მაზრაში ყოჩაღობენ ჩაფრები და მამასახლისები, ზოგან კი ისინი სულ დამბლაები არიან და ამათ მაგივრათ ყოჩაღობენ სოფლის მწერლები. აი მაგალითებრ ახმეტის მწერალს დიაკვანს ვასილ მაღალოვს ისე ჰყავს მამასახლისი და სუდიები დამონავებულები, რომ როგორც უნდა, ისე წააყვაინებს საქმეს და თუ იმის სიტყვა არ დაიჯერეს დაჰლანძღავს თურმე სუდიებ-მამასახლისსა და გამოვა გარეთ. მოდი და ნუ დაჰთანხმდებიან ისინიც თავიანთ მწერლის სიტყვას!

ცალ-ცალკე მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო... სწორეთ რომ ასეა და ამის გამო სიმართლის პოვნა ქვეყანაზედ ძრიელ ძნელია! აი მაგალითებრ თელავის სასულიერო სასწავლებლის წევრი და მეკუჭნავე (ეკონომოსი) მღვდელ მ. ხელაევი, რომლის აუარებელ პატიოსნებაზედ და საზოგადო საქმისთვის განწირულებაზედ მოგვითხრობს „ივერიის“ კორრესპონდენტი „. . .“ (იხილე „ივერიის“ 27№). ორგან-სამგან მითხრეს, რომ ამ საზოგადო საქმის მომჭირნეს ადამიანს სასწავლებელისათვის ხელთსახოცის (სალფეტკის) პირები შემოუკერვინებია თავისის მეუღლისათვის და თვითეულის შემოკერებაში თითო აბაზი უძლევია იმავე სასწავლებლის ფულიდამ. აბა მითხარით რომელს ერთს დაუჯეროს საწყალმა მკითხველმა?

თათარი ჯერ თავს არ მოიფხანსო და თუ მოიფხანს, სულ მოიგლეჯავსო, ამბოს ერთი ანდაზა თათრებისა კი აბა რავიცი, და ჩვენს კახელებზედ კი შეიძლება ესე ვსთქვათ:–კახელი ჯერ თავს ვერ მოიფხანს და თუ მოიფხანს, სულ მოიგლეჯს. აი მაგალითებრ, რისგამო ვამბობ ამასა: ამ ხუთიოდე თვის წინათ სად იყვნენ კახელები? ქვევრის ძირში ეძინათ. წელიწადში ორ-სამ კორრესპონდენციას ვერა წაიკითხავდით გაზეთში და ეხლა კი ლამის არის აღარავინ მოასვენონ თავიანთის ყვირილით. ეს ძალიან კარგია. მაგრამ პატარა ხანს უკან უყურე, როგორ მიიძინებენ „ქართველები.“ „ქართველურად ჩვენებურად.“

დ. რ.

თელავი 1 ენკენისთვეს.

(შემდეგი იქნება).

ოზურგეთი. 3-ს ენკენისთვეს.–პირველი ენკენისთვე როგორც მოგეხსენებათ, გურულებისთვის განსაკუთრებითი მნიშვნელობის დღეა: ამ დღეს ისინი დადეგს ეძახიან იმ მოსაზრებით, რომ ძველათ ამ დღიდამ იწყებოდა ახალი წელიწადი. წინაღამით ერთის ყვირილით, ლოცვით და თოფის ცემით მიეგებებიან ამ დღეს და ახლაც როცა ომიანობაა და მტრის ჯარი კარზედ გვიდგა, არ დაივიწყეს გურულებმა ეს ჩვეულება, რისგამოც ახირებული მდგომარეობა წარმოსდგა. წარმოიდგინეთ ის დრო, როცა ბინდი ეცემა და დღე და ღამე ერთმანეთს შორდებიან და მასთან ძლიერ მოხშირებული წვიმა, იმ ხასისხამდის რომ კაცს კარში გამოსვლა უძნელდება, ამასთან დაურთევით ერთი ვაება, კიჟინა და ვაის და უის ყვირილი და თან აჩქარებული თოფის ცემა ყველა სოფლებში და ყველა ოჯახში ერთი და იმავე დროს, და მაშინ მიხვდებით, თუ რა ახირებული ფეთება დაემართებოდათ იმათ, ვინც ეს ხალხის ჩვეულება არ იცოდა განსაკუთრებით ამ დროში, როცა თვალყური გაფაციცებით გვიჭირავს და არ ვიცით როდის რა დაგვემართება.

აბა რა იცოდენ, თქვენი ჭირიმე, რუსის აფიცრებმა, თუ გურულები ამ თოფის გვახა-გვუხით თავიანთ „ზაკვავებს“ და „მავნე სულებს“ ემუქრებოდენ და აშინებდენ!

საუბედუროთ ყველა იმათგანი ამ დროს გაბნეული იყვნენ თავ-თავიანთ ბინებზედ აქა-იქ, უმეტეს ნაწილათ ქალაქის მოშორებით და რასაკვირველია ეგრედ გაფანტულებზედ უფრო ძლიერ იმოქმედებდა ეს ახირებული სროლა. ბევრი იმათგანი, ფერ-მიხდილი გარბოდენ ამ დროს თავთავიანთ უფროსებისკენ და თან გვარწმუნებდენ, რომ „ტრევოგაც“ ისმისო. რადგან ეს ჩვეულება ერთობ მავნებელია გურულებისთვის, ამისარვის არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ითქვას იმის თაობაზედ: ამ დადეგის წინა ღამეს აქ „შეფუცების“ ღამეს ეძახიან და ყველა ოჯახის უფროსი ვალდებულია წარმოსთქვას ხმა მაღლათ ყვირილით ხალხში ერთხელვე მიღებული ლოცვა და თან თოფიც მიაყოლოს. ეს ამბავი ამგვარათ მოხდება ხოლმე: ყველა სახლის უფროსი შუაღამის დროს გამოდის გარეთ, ეზოში, გამოაქვს თავის მასროლო იარაღები და გასძახის ისე, თითქო მეუძინი ეძახოდეს ხალხს მინარეტიდამ სალოცველად და თან ამ სიტყვებს წარმოსთქვამს:

„მიღმართელნო, მოღმართელნო,
შორებელნო, ახლობელნი!
თქვენი სვით და თქვენი ჭამეთ,
ჩემსას ჯვარი დამიწერეთ!
ჯვარი აქა! ჯვარი აქა!“

და თან ისე დაიწივლებს, რომ ტანში ჟრუანტელი აგივლ-ჩაგივლის და მოჰყვება თოფის სროლას. ამას „გადაძახებას“ ეძახიან. ამ ჩვეულებას ყველა ისე ასრულებს ახლაც როგორც ასის წლის წინად, თუმცა მისი დიდი მნიშვნელობა ბევრს გურიაში ისე აღარ ჰსწამს, როგორც უწინ ჰსწამდათ. მაგრამ იკითხავთ, რას მოასწავებს ეგ „გარდაძახება“ და სარგებლობა მოაქვს მას ხალხისთვისაო? სარგებლობა სრულებით არაფერი, ვნება კი ერთობ ბევრი. აი რა რიგად: ყველა გურულს ჰსწამს, რომ ზოგიერთი კაცი და ქალი, როცა მოხუცდებიან, მავნე სულებათ იქცევიან, „ზაკვავებათ,“ რომელთაც კუდიც გამოებმევათ, თვალიც „უკკეთს“ და თან შეიძენენ იმ გვარ თვისებას, რომ ადვილათ გარდაიქცევიან,–თუ მათ ჰსურთ, – სხვა და სხვა გარეულ და შინაურ პირუტყვებათ, ფრინველებათ და ისე დასტრიალებენ ქვეყანას, რომ ვნება რამ მოუტანონ. მათი უფროსი, „როკაპი“ ხალხისს გონებაში წარმოდგენილია, როგორც ერთი მეტათ გადაბებრებული, მახინჯი დედაკაცი, ყველა გრძნობებით და მანქანებით სავსეთ, რომელსაც უთვალ-უანგარიშო ქვეშევრდომები ჰყავს დედამიწაზედ. ეს უკანასკნელები მზათ არიან მოიტაცონ ქვეყნიდგან კაცის სულები, ან შინაური პირუტყვები, ან სხვა რაიმე ნივთები ხალხის ცხოვრებაში გამოსადეგი თავის „როკაპის“ შესაწირავად. რაც შეწირულ იქმნება როკაპთან, ის უთუოთ, თუ ცხოველია, მოკვდება, თუ უსულო საგანია–ფუჭდება და ხდება. ამისთვის საჭიროა გურულების აზრით, პირველათ ზემოხსენებული ლოცვა და თოფის სროლა, მეორე ის, რომ ყველა ოჯახის შვილმა თავი „შეიბეჭდოს“ ესე იგი მიიკრას თავზედ ოთხს ადგილას ჯვარად წმინდა სანთელი; აგრეთვე შებეჭდოს ყველა შინაური პირუტყვები, ფრინველები, სახლ-კარი, ყანები და სხვაშიაც ოჯახში საჭირო საგნად ითვლება. და მესამედ–მთელ ამ ღამეს ფრთხილად უნდა იყოს მთელი სახლობა. თუ შესაძლოა, არ უნდა დაიძინონ, რომ „ზაკვავები,“ რომელნიც გაშმაგებულნი დარბიან მთელს ღამეს კატისა, ან სხვა რომელიმე ცხოველის ან ფრინველის სახით, არ შამოეპაროს ოჯახში მსხვერპლის მოსატაცებლად. გურულ გლეხ-კაცს, რომ ჰკითხოს კაცმა ის დაჯერებით გეტყვის, რომ ბევრჯელ უნახავს ამ ღამეს „ზაკვავი კაცები“ გარეულს ტახზედ, ან მგელზედ, თუ ტურაზედ გადამჯდარი, აგრეთვე ფრინველების სახით მოსულნი ოჯახში მსხვერპლის წასაყვანად. ყველა გურულს გულში გარდაწყვეტილი აქვს, რომ რომელიმე მისი მეზობელი „ზაკვავია“. ხშირად მთელს სოფელს ამოჩემებული ჰყავთ სახეში ზოგიერთი კაცი ვითომ „ზაკვავები“ არიანო. აბა წარმოიდგინეთ შეწამებულის კაცების მდგომარეობა. ეგრედ შეწამებული თუ მივა თავის მეზობლისას რაიმე საქმისათვის მეზობელი უთუოდ მისს დანახვისა თანავე სამჯერ გააფურთხებს, პირჯვარს გადიწერს და თან წარმოსთქვამს სამჯერ: „დალახვროს ღმერთმაო“. ძველ დროში კი არა, სამოცი წელიწადიც არ იქნება მას აქედ, რაც გადავარდა ჩვენში ამ გვარ ბრალდებულ კაცების „დადაღვა“. ეს დადაღვა მდგომარეობდა იმაში, რომ გახურებულის შანთით–რკინით ამოსწვიდნენ ტანზედ „ზაკვავს“ ჯვარის სახეს და ამით ვითომ ერთმევოდა ზაკვავს ძალა ვნებისა. ერთი მეტად საძაგელი შედეგი ამ ცრუ მორწმუნებისა მდგომარეობს იმაში, რომ უმეტესი ნაწილი გურულებისა დაჯერებულია, რომ თუ „ზაკვავები“ არა, არც ერთი მძიმე სნეულება ქვეყანაზედ არ იქნებოდა და ამ დაჯერების გამო თუ ვინმე მძიმე ავათმყოფია, ის და მისი ჭირისუფალნი გარდაწყვეტით ფიქრობს, რომ ეს ზაკვავის მეზობლის ბრალია. ამისათვის ყოველ ღონისძიებას იხმარებენ ხოლმე,რომ შიშით არ ქრთამით მოიმადლიერონ იგი, და დაალოცვინონ ავათმყოფი მღვდელის თანადასწრებით. შემდეგ ამისა ჭირისუფალნი და თვით ავათმყოფიც გულდინჯად არიან, რომ მათ მოსპეს სნეულების მიზეზი, ამ დალოცვის ზნეობითის გავლენითა. ეს მავნე ცრუ-მორწმუნეობა სთესავს განხეთქილებას, მტრობას მეზობლობაში, რომლის შედეგად ხშირად სისხლის ღვრაც მოხდება ხოლმე, მადლობა ღმერთს, რომ ეს უმეცრული რწმენა თან და თან გამოდის ხალხის ზნეობიდამ ამ უკანასკნელ დროს.

იოსებ თაყაიშვილი.

2 ომის ამბები

▲ზევით დაბრუნება


ომის ამბები

6 ენკენისთვეს იზმაილ-ფაშას გაუმართავს მთებზედ სოფ. ხალვალისა და ხომხაბარის პირისპირ ბატარეიები და ზარბაზნების სროლა დაუწყვია ღენერალის ტერგუკასოვის ჯარისათვის. 8-ს შუადღის სამს საათზედ ოსმალოს ჯარს სოფ. ხალვალოს და ზემო ჩარუხჩისაკენ წამოუწევია ამ სოფლებზედ დასაცემად. მაგრამ რუსის ჯარს არ მიუშვია და უკანვე გაუბრუნებია. მტერს დიდი ზარალი მისცემია თურმე. ჩვენის მხრით დაჭრილა ბაკინსკის პოლკის უფროსი პოლკოვნიკი ივანოვი და გაკაწრულა იმავე პოლკის კაპიტანი კავალევსკი. ჯარის კაცთა შორის შვიდი მოკლულია და ოცდა-ათი დაჭრილი.

ამავე დღეს 500-მდე ბაში-ბუზუკს მდ. არაკწისაკენ გაუწევიათ, მაგრამ რუსის ყაზახებს უკანვე გაუბრუნებიათ.

– შუა დაღისტანში რომ არეულობა მომხდარა თითქმის მთელს ღუნიბის მაზრას მოსდებია, და 30 მარიამობისთვეს აჯანყებულნი რუსის წვრილწვრილ კამანდებს დასცემია. ახმო-მახლო ადგილებიდამ ჯარი გაუგზავნიათ, რომელსაც თ. ნაკაშიძის გუნდიც მიშველებია. ამ ჯარს 8 სეკტემბერს არეულობა შეუყენებია, თუმცა აჯანყებულთ მიერ დაბრკოლება დახვედრიათ. იმ სოფლებს, რომელნიც მდ. კარაკოისუზედ მდებარებენ, მორჩილება გამოუცხადებიათ. ჩვენის მხრით დაჭრილთა და მოკლულთა რიცხვი ოცდა-შვიდი ჯარის კაცია.

ზემოხსენებული აჯანყება კახეთსაც დაეტყო თურმე, ასე რომ ლაგოდეხის ახლო-მახლო ლეკები გადმოსულან. აქ მდგომს ჯარსა ღონისძიება მიუღია, რომ მცხოვრებთ ლეკების დაცემა ააცილონ.

– 5 ენკენისთვეს ში პკის გარდასავალში ატეხილა საშინელი ბრძოლა. ოსმალები წმინდა ნიკილოოზის სიმაგრეს დასცემიან. რუსებს ღენერალის რადეცკის წინამძღომლობით გაუმარჯვნიათ და ოსმალები უკანვე გაუბრუნებიათ. ორსავე მხარეს დიდი ზარალი მისცემიათ. ჩვენის მხრით დაჭრილთა და მოკლულთა შორის 31 აფიცერია 1,000 (ათასი) ჯარის კაცი.

9 სეკტემბერს ოსმალებს ხელმეორედ დაუწყვიათ ზარბაზნების სროლა წმ. ნიკოლოოზის სიმაგრისათვის.

ამავე დღეს ოსმალები ცერკოვნისასაც დასმიან, მაგრამ სრულებით უნაყოფოდ. ამ საქმეში რუსის მხრით მოკლულთა და დაჭრილთა შორის ოცი აფიცერია და 400 ჯარის კაცი. ოსმალოს მხრით კი ათასამდეა.

– გაზეთს Новое Время-ს ჰსწერენ ბუხარესღიდამ, რომ პლევნა გარშემორტყმულია ჯარითაო და სულეიმანისა და ოსმან-ფაშის შორის გზა შეკრულიაო.

– პლევნას, როგორც მოგეხსენებათ, გარს რუსის ჯარი არტყავს ასე რომ ოსმალ-ფაშის ჯარი სრულებით დამწყვდეული იქმნებოდა ერთი გზა რომ არა ჰქონდეს სოფიაზედ. რუსები რასაკვირველია ყოველ ღონიძიებას ხმარობენ, რომ როგორმე ეს გზაც შეუკრან. ამისათვის დანიშნულია ცალკე ჯარი, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს, რომ ამ გზით არავითარი შემწეობა არ მოუვიდეს ოსმან-ფაშას. 8 სეკტემბერს გრაფი შტაკელბერგი თავისის ცხენოსანის ჯარით ამ გზაზედ სოფ. რახიტასკენ დაძრულა და ოსმალოს ცხენოსანს ჯარს დაჰხვედრია და დაუმარცხებია. შემდეგ შტაკელბერგს დაუნახავს რომ ოსმალოს ცხენოსანს გუნდს ქვეითა ჯარიც მოსდევს, და უკანვე დაბრუნებულა. 9 სეკტემბერს პოლკოვნიკს ტუტოლმინს სოფ. ტელიშთან ოსმალოს ჯარი დაუნახავს და ზარბაზნების სროლა დაუწყვია და მით შეუყენებია ოსმალო.

– 9 სეკტემბერს ოსმალოს ჯარი ცერკოვნას დასცემია და ცხარი ბრძოლა გაუმართავს. რუსის ჯარი ღენერალ ტატიშჩევის წინამძღომლობით გამარჯვებულა. ჩვენის მხრით მოკლულთა შორის ექვსი აფიცერია და სამოცი ჯარის კაცი. გარდა ამისა ოცი აფიცერია დაჭრილი და სამასი ჯარისკაცი. ოსმალოს მხრით მოკლულთა და დაჭრილთა რიცხვი ორი ათასია.

– ჩერნოგორიელები, როგორც მოგეხენებათ, ძალიან იმარჯვებენ ამ ომიანობაში. ნიკშიჩის აღების შემდეგ მთელი დუჟის გარდასავალი (ჰერცოგოვინიდამ ჩერნოგორიაზედ) მათ ჩაუვარდათ ხელში. ეხლა გაჩკოს (ჰერცოგოვინაში) მისდგომიან.

3 საპოლიტიკო მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


საპოლიტიკო მიმოხილვა

საფრანგეთი. საკვირველს სანახაობას წარმოადგენდა თურმე პარიჟი ტიერის დამარხვის დღეს. მრავალი ხალხი მოგროვილა ტიერის გასასვენებლად და ამასთანავე არა ვითარი უწესოება არ მოუხდენია. ცხრა ასი ათასი სული დაიძრა და ხმის ამოუღებლად, დარბაისლურად და მოწიწებით გამოჰყვა მიცვალებულს სასაფლაომდე. მხოლოდ ორჯელ მოისმა ხმა, „გაუმარჯოს რესპუბლიკასაო“ და შესწყდა. ამ გვარად მოიქცა პარიჟის ხალხი, რომელსაც აქამდისინ ყველა უყურებდა, როგორც მაშფოთარს, მოუსვენარს და ყოვლის არეულობის ადვილად ამყოლს. ამ რიგიანის ქცევით პარიჟის ხალხმა სირცხვილი მოჰგვარა მაკ-მაგონის მთავრობასა. მაკ-მაგონის მთავრობა აქამდისინ, როგორც მოგეხსენებათ სულ იმას იძახდა,–საფრანგეთი რადიკალებით არის სავსეო, მათგან იღუპებაო და უსათუოდ უნდა საფრანგეთი მათგან დავიხსნაო, ამისათვის მას ძალიან უნდოდა, რომ პარიჟში ტიერის დამარხვის დროს უწესოება და არეულობა რამ მომხდარიყო და მით შემთხვევა მისცემოდა ხალხზედ ხელი გამოეღო ვითომდა საზოგადოების დასაცველად. ამისათვის კარიც ბლომად დამზადებული ჰყვანდა პარიჟის ახლო-მახლო. მაგრამ მოუცდა: პარიჟის ხალხმა გაუმტყუვნა სამარცხვინო მოლოდინი მთავრობას და ცხადად დაანახვა ყველას, რომ ხალხს სხვა წადილ-მიმზიდველობა არა აქვს რა, გარდა თავისუფლებისა და კანონიერობისა, რომელთა მოღალატე თვითონ მთავრობა არის. სადღაა ის მთავრობის მომხრე გაზეთების სიამაყე, რომელიც გულახდილად ქადაგობდა რესპუბლიკის დაღუპვას და მონარხიის დადგენას! მათმა სითამამემ ძალიან იკლო, იმიტომ-რომ პარიჟმა წესიერობის მაგალითი თვით უჩვენა მთელს საფრანგეთს: იგი თითქო ეუბნება ხალხს–„ძალა და სამართალი შენკენ არის და რიღასი უნდა გეშინოდესო; შენს სურვილსა და ნებას არავითარი ძალა ქვეყნიერებაზედ წინ ვერ გადუდგებაო.“ პარიჟი კუჭია საფრანგეთისა და ამიტომაც მის მაგალითს დიდი მნიშვნელობა აქვს და ექმნება კიდეც მომავალ არჩევანში, რომლის გადაწყვეტილება რესპუბლიკის სასარგებლოდ ეხლა საეჭვო არ უნდა იყოს.

იგივე გონიერება გამოიჩინა პარიჟის ხალხმა გამბეტის საქმის თაობაზედაც. რაღა თქმა უნდა, რომ დიდძალი ხალხი უნდა მოგროვილიყო სასამართლოში ამ საქმის მოსასმენად, მაგრამ მთავრობამ თავისი კაცები დააყენა ქუჩაში სასამართლოს წინ და არავინ არ შეუშვა. აბა თუ ხალხს მოთმინება დაჰკარგოდეს და რითიმე გაემჟღავნებინოს თავისი გულნაწყენობა! ხალხი თუმცა გულნაკლული იყო, მაგრამ მაინც დუმილით და მშვიდობიანად გაჩერდა ქუჩაში და ისე ხმაამოუღებლივ ელოდა საქმის დაბოლოვებას. საწყენი კი ბევრი რამ იყო ხალხისათვის. ყველასთვის ცხადია, რომ ამ შემთხვევაში გამბეტას სასჯელში მიცემა საპოლიტიკო საქმეა,და ამ გვარ საქმეთა განჩინება ყოველთვის საჯაროდ იყო ხოლმე და ყველას ნება ჰქონდა დაესწროს და თვით მოისმინოს საქმის გარჩევა. „ყველამ იცისო, ამბობს ერთი კორრესპონდენტი, რა ყოფით და რა ამბით განაგებდნენ ამ გვარს საქმეებს თვით რესტავრაციის დროსაც; გაიმართებოდა ხოლმე დიდი კამათობა სიტყვითა, ერთიცა და მეორე მხარეც არ ზოგავდა თვის მჭერმეტყველობას: სამსაჯულოს ფართო ოთახში მოიყრიდა ხოლმე თავს დიდძალი ხალხი, რომლის შორის სარჩინებულს ქალებსაც ეჭირათ ჯეროვანი ადგილი.

„ეხლა კი ამგვარი საქმე რომელიც თვის ჯეროვან ადგილს დაიჭერს ისტორიაში, გარჩეულ იქმნა თითქმის კარჩაკეტილს ოთახში. კარჩაკეტილში მეთქი, რადგანაც ჟურნალისტების გარდა სამსაჯულოს ოთახში ოც-და-ათ კაცზედ მეტი არ იყო.“

აბა როგორც არ უნდა ჰსწყენოდა პარიჟის ხალხს ეს ამისთანა უსამართლო განკარგულება მთავრობისა. მაგრამ ერთხელ კიდე ბარაქალა მის ხერხიანობას. არ აჰყვა წყენასა, არ აფეთქდა, თითქო გულში ჰსთქვა: მე ვიცი რითაც და როდესაც გადუხდი სამაგიეროსაო გარდა ამისა მთავრობამ მეორე განკარგულებაც ინება: გაზეთს აუკრძალა სასამართლოის განჩინების დაბეჭდვა. საღამოს გაზეთები, რომლებშიაც კი აწერილი იყო გამბეტას საქმე, პოლიციამ გამსყიდავებს წაართვა და შეკრა მაგრამ ერთის საათს უკან მთავრობამ მოისაზრა ამ განკარგულების უგუნურება და ის გაზეთები ისევ დაუბრუნა პატრონებსა გასასყიდლად.

– ადრევაც მოგახსენეთ,რომ ტიერი საჭირო იყო საფრანგეთისათვის, როგორც მაკ-მაგონის მოცილე და იმავე დროს რესპუბლიკელთა დასის ზომიერი წარმომადგენელი. ტიერი რომ გარდაიცვალა ყველა მონარხიელებს იამათ–აბა ეხლა ვიღას წამოაყენებთო. რესპუბლიკელებმაც მიუთითეს გრევის, გარდაყენებულის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს. გრევის, რასაკვირველია, იმისთანა სახელი არა აქვს, როგორც გამბეტას, ან ტიერსა ჰქონდა. გრევი არის გულწრფელი რესპუბლიკელი, სინიდისიანი და პატიოსანი კაცი. თუმცა მას მხოლოდ მაღალი ხარისხის საზოგადოება იცნობს და არა დაბალი ხალხი, მაგრამ ამ ხალხისათვის ისიც საკმაოა, რომ რესპუბლიკელ გაზეთებს გამოჰყავთ იგი მოედანზედ და გამბეტასაც ბევრჯელ ქებით მოუხსნია საჯაროდ მისი სახელი.

ამბობენ, რომ გრევი უარზედ არის – რესპუბლიკელთა მეთაურობას ვერ ვიკისრებო.

– საწყალი მაკ-მაგონი! ბორდოშიაც იმ გვარადვე ცივად დახვედრია ხალხი, როგორც – თუ გახსოვთ– ევრეში. ქალაქის მოთავე თითქმის იმავე სიტყვით მოეგება, როგორც ევრეში. თითქმის ასი ათასი კაცი გაჰკიოდა მაკ-მაგონის წინაშე: „გაუმარჯოს რესპუბლიკასაო.“ ბორდოდამ არკაშონში მივიდა და უფრო უარესი დღე დაადგა: თითქმის მთელი ქალაქი გამოცვივდა მარშალის მისაგებებლად და დაინახა თუ არა მაკ-მაგონი ერთხმად დაიგრიალა: „გაუმარჯოს რესპუბლიკისაო.“ ბორდოში რო დაბრუნდა იმავე ძახილით მიეგება ხალხი, ასე რომ როდესაც მოედანზედ მრავალი ხალხი მოგროვდა, პოლიციამ ჯარი მოიწვივა და უბძანა ხალხი გალალეთო. რამდენიმე კაცი დასჭრეს კიდეც, მაგრამ ხალხმა არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწია ჯარს და გზა დაუცალა, თუმცა მაინც თავისას კი იძახდა: „გაუმარჯოს რესპუბლიკასაო.“

ბორდოს არხიეპისკოპოსმა სხვათა შორის შემდეგი სიტყვა მიუგო მაკ-მაგონს: „თქვენი საქმე ბოლომდისინ გაგიადვილდებათ პაპის ლოცვით და კურთხევით, რომელიც გულწრფელის სიყვარულით არის აღსავსე საფრანგეთისადმი“....

მართლადა პაპს თურმე შემდეგი უთქვამს საფრანგეთის კათოლიკეთა წინაშე: „აკურთხე, უფალო, საფრგნგეთი: აკურთხე მისი მმართველნი....“

ერთის სიტყვით პაპმაც აკურთხა მაკ-მაგონის მმართველობა. შესანიშნავი ის არის, რომ გაზეთს ინგლ-ში, რომელიც იხსენიებს ყოველს სიტყვას მაკ-მაგონის წინაშე წარმოთქმულს, არ არის მოხსენებული ბორდოს არხიეპისკოპოსის სიტყვა Officiel ოფიციალური გაზეთია და ნუ თუ მთავრობას ეშინიან თავი არ შევარცხვინოვო და კლერიკალობა არ დამწამონო

– არჩევანის დროც თითქმის კარზეა მომდგარი და ამის გამო მაკ-მაგონს მანიფესტი გამოუცია საფრანგეთის ხალხისადმი, რომელშიაც შემდეგი აზრია გამოყვანილი: „რადიკალობის წარმატებამ იძულებულ მყო გადამეყენებინა პალატი და ხელახლად მომეკითხა ხალხის სურვილი. მე უარვჰყოფ დავარდნილს ხმას ვითომ მე რესპუბლიკის გაუქმება მსურს. მე გთხოვთ თქვენ, ფრანციელებს, ამოირჩიოთ იმისთანა კაცები, რომელნიც ქვეყნის სარგებლობისათვის ზრუნავენ. მე მტკიცედ აღვიარებ, რომ არ დავემორჩილები დემაგოგიის წადილსა და ხელიდგან არ განვადგებ იმ თანამდებობას, რომელიც მე ხალხის კრებამ მომანდო....იმ გვარის პალატის ამორჩევა, რომელიც ჩემის მთავრობის მოწინააღმდეგე იქნება, მხოლოდ უბედურებას მოასწავებს როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთათვის, აგრეთვე მის გარეშე საქმეთათვისცა.“ ერთის სიტყვით უთუოდ ჩემი მოსაწონი კაცები ამოირჩიეთო, თორემ ავ დღეს და გაყრითო. ხალხი რასაკვირველია პასუხად ამას მიუგებს: შენ შენი ინაღვლე, თორემ ჩვენ არ გვიშავს რაო.

– ყველასათვის ცხადია, რომ მთავრობა მხოლოდ იმიტომ სდევნის, გამბეტას რომ როგორმე არჩევანამდე არ მიუშვას და თუ შეიძლება მოუკვეთოს არჩევანის უფლება. მაგრამ გამოჩენილი იურისტები ამბობენ, რომ რაც უნდა ააჩქარონ საქმეო და მაინც სასამართლოს განკარგულებას გამბეტის საქმის შესახებ, 16 ოკტომბერზე ადრე კანონიერი ძალა არ მიეცემაო, ასე რომ გამბეტა მაინც და მაინც მიიღებს მონაწილეობის არჩევანში, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, 14 ოკტომბერს უნდა მოხდეს.

– ერთის ნემეცურის გაზეთის კორრესპონდენტი ყოფილა გამბეტასთან და ჰსწერს შემდეგს: „გამბეტას კარის ოთახი სწორედ მინისტრის ან კანცლერის მისაღებ ოთახსა ჰყავს – ისე არის გაჭედილი ხალხით. მეორე ოთახში ორმოცი ოდე კაცი სხვა იყო კიდევ. ჩემს გვერდით იდგნენ სენატორები, დეპუტატები, ჟურნალისტები, სხვა და სხვა სამინისტროს მოხელენი და ბოლო ორი პროვინციის დეპუტაცია, რომელიც არჩევანის თაობაზედ იყო მოსული. დეპუტაციას მოეტანა სხვა და სხვა ცნობა ხალხის მიდრეკილებას შესახებ და დარიგებას მოელოდა გამბეტისაგან–თუ როგორ უნდა შეუდგნენ არჩევანის საქმეს. აქ იყო შეყრილი ყველა ხარისხისა და წოდების კაცი. სენატორიდამ მოყოლებული უბრალო მუშამდე. ტანსაცმელშიაც დიდი სხვა და სხვაობა იყო: დიდ-კაცობა თავისის „მუნდირით“ იყო და მუშა თავისის ბლუზითა. გამბეტამ მე, როგორც უცხო-ქვეყნელს, პატივი დამდო და დიდხანს არ მალოდინა და ერთმა მისმა სეკრეტარმა შემიყვანა მისი კაბინეთში. გამბეტამ მიმიღო უბრალო საშინაო ტანისამოსით. შევედი თუ არა მკითხა: „რას ფიქრობს ნემენცის ხალხი საფრანგეთზედ? ჰსურს გერმანიას ომი თუ არა? „მე მივუგე მას, რომ ჩვენში ყოველს გონიერს და მშრომელს კაცს ომი დაპყრობლად რისამე ეთაკილება და ეჯავრება და გერმანიას მშვიდობიანობა ჰსურს. მაგრამ თუ წინააღმდეგსა ვინმე მის მფლობელობას, გერმანია თავს გამოიდებს ადგება, როგორც ერთი კაცი მეთქი. გამბეტას ძალიან კარგად ესმის გერმანიის მდგომარეობა. ჩვენ საფრანგეთში მხოლოდ მშვიდობიანობა გვსურსო“ მითხრა გამბეტამ. საფრანგეთის სოციალისტებზედ გამბეტა ძალიან მშვიდობიანად ლაპარაკობდა. მისის აზრით სოციალ-დემოკრატები უფრო საშიშნი არიან გერმანიაში, ვიდრე საფრანგეთში, რადგანაც საფრანგეთის მუშა ხალხი უფრო მშვიდია, წინდამხედავი და ამასთანაც სამშობლოს მოყვარეა“.

ავსტრი-ვენგრია. სწორედ მოგახსენოთ ამ ჟამად, საფრანგეთის გარდა, ყველა სახელმწიფოში საპოლიტიკო ცხოვრება თითქო შემწყადია. გაზეთები ავსებულნი არიან ომის ამბებით. პოლიტიკის შესახებ კი ახალი არა არის რა ან არა არის რა და თუ არის რამე ჩვენამდე ვინ მოაღწევინებს. აი მაგალითებრ ანდრაშის და ბისმარკს ერთმანერთი უნახავთ და რაღაც მოლაპარაკება ჰქონიათ. ახლა მოდი და გაიგეთ რაზედ ჰქონიათ ლაპარაკი. ამბობენ რომ მეომართაშორის შერიგების ჩამოგდებაზედ და ამისათვის შუამდგომლობაზედ ჰქონიათ ლაპარაკი. მაგრამ ჯერ რა დროს მშვიდობიანობაა, თუ შენც იტყვი, მკითხველო.

გარდა ამისა ამბობენ, რომ ავსტრი-ვენგრიის პოლიტიკა აღმოსავლეთის საქმის შესახებ შეიცვალაო, რადგანაც სერბია დღე-დღეზე ომს აპირობსო და ავსტრია კი ყურსაც არ იბღერტსო, თუმცა ადრევ კი სერბიას აბრკოლებდაო. ჯერ ეს უნდა მოგახსნოთ, რომ თუმცა სერბია დიდ მზადებაშია, მაგრამ ომს კი არ უცხადებს ოსმალეთს. გარდა ამისა ამბავი მოვიდა, რომ სერბია გაზაფხულამდე ომში არ ჩარევაო, და გაზაფხულამდე ხომ ბევრი კოკა წყალიც დაიღვრება. ომში გარევას ავსტრია უშლიდა სერბიას თუ სხვა ვინმე,–ამაზედ საკმაოდ თქმულა „ივერიაში“. ეხლა რაღად ბრკოლდება სერბია? ვინ უშლის? იქნება ეხლა საქმე ისე დატრიალდა, რომ ავსტრია (რასაკვირველია გერმანიაც) სერბიას არ აძლევს ომის ატეხის ნებასა!....

– სლოვენები ჩივიან მთავრობას ჩვენი განემენცება სურსო. სახალხო სასწავლებლებში აკრძალულია თურმე სლოვენურის წიგნის ხმარება და ნემენცური წიგნია შემოღებული. სახალხო ლექსებიც აკრძალულია თურმე. მასწავლებელნი იძულებულნი არიან ბავშვებს ნემენცურად ელაპარაკონ. გაზეთებს ეშინიანთ თურმე ამ საგანზედ ლაპარაკიც არ მოგვაშლევინონო.

4 დიდოელების არეულობა და კახეთი

▲ზევით დაბრუნება


დიდოელების არეულობა და კახეთი

(შემდეგი)[1]

12 თიბათვეს. გათენდა და სროლაც გათავდა. ავხედეთ-დავხედეთ ერთმანეთს: ბევრმა ამოვიოხრეთ და გულზედ ხელი დავიკარით. –მოგვაგონდნენ დედა, ცოლი, შვილი და სხვა. რამდენიმე ხანი დაჭრილებს და მიცვალებულებს დავუტრიალდით, –ყველას თავთავის ადგილი მიეცა,–შემდეგ ყველა დამშვიდდა, თითქოს აქ არა ყოფილა რაო. ასე ჰსცოდნია თურმე ომს: პირველი ხმა ყოფილა შეჰზარავს კაცს,–მემრე კი თუნდ ათასი აკუწონ თქვენს ახლო,–თითქოს არაფერიო, კაცი აღარასფერს აინუნშიაც არ იგდებს. გამარჯვებულები აღტაცებაში იყვნენ, დამარცხებულები თავ-ჩაღუნულნი დაღონდნენ. ჩვენებ შორის მომატებული ზიანი ტფილისის ადგილობრივის პოლკის ბატალიონს მიეცა, დანაშთენს ჯარში მაგთვენი არა დაზიანებულა რა: ერთი თუში მოკლეს, მეორე დაიჭრა და როგორც ამბობენ ჩვენების ტყვიით იყო დაჭრილიო, ორი სალდათი თელავის და სიღნაღის ადგილობრივის კამანდებიდამ დაიჭრნენ სუბუქად, მოკლეს სიღნაღის კამანდის აფიცერი თ. კოტე ჩერქეზიშვილი და პირველის სოტნის ასის თავის თანა-შემწე თ. სოსიკო ჯორჯაძე მოკვდა დაჭრილობის გამო (ამბობენ ესეც ჩვენების ტყვიით იყო დაჭრილიო). თ. კოტე ჩერქეზიშვილი ამ ბრძოლაში სულ წინ ედგა თავის კამანდას: სროლა გათავდა და სრულიათ მშვიდობიანად იყო, მაგრამ იმის საუბედუროდ ერთი სალდათი იმათგანში, რომელნიც სერზედ იყვნენ დაწვენილები და თოფს ესროდნენ მტერს, წამოდგა ფეხზედ; თ. ჩერქეზიშვილი მივიდა იმასთან და შესტუქსა, რადგან უიმის ნება დაურთავთ წამოდგა. ამ დროს არ გასულა ერთი წუთი, უცებ გადიქცა ეს მართლად ყოჩაღი და ყველასაგან პატივსაცემი კაცი. უღმერთო ტყვია თვალში ჰქონდა მოხვედრილი, მაშინათვე სული დალი საცოდავმა. თ. სოსიკო ჯორჯაძეს სოტნა მთის ძირში იყო,–ამ გახურებულ სროლაში,–არ ვიცი იმიტომ რომ შეჰშინებოდა, თუ იმ აზრით, რომ უფრო უშიშარს ადგილს დამდგარიყო, – გამოქანებულიყო თავის ადგილიდამ ბანაკისაკენ და ამ დროს მოხვდა თურმე ტყვია ფერდში,–მეორე დღეს ამ საცოდავმაც სული დალია. დანარჩენი მაუფროსეები მართლად რომ კარგად და მტკიცედ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ჯარის სარდალი, თ. გიორგი ჯორჯაძე პირველივე დაწყებიდამ–ვიდრე სროლა გათავდებოდა იმყოფებოდა მეტად საშიშ ადგილას, ე. ი. ბატალიონის წინ, –სადაც უფრო მომართული იყო მტრის ცეცხლი. ამბობენ თავადს გიორგის თეთრი რუსული ქუდი თურმე ეხურა და ამ დროს ერთი ერთგული იმისი ბიჭი მივარდა უცებ, თეთრი ქუდი მოჰხადა და იმის სამაგიეროდ შავი ფაფახი დახურა.

ამ შემთხვევისაგამო ბევრი რამ ითქვა საბუთიანი და უსაბუთოც. ზოგი ამბობდა თურმე, რომ ყარაულები არ იყვნენ მორიგებულნიო, ზოგი რომ მეტად ცუდი ადგილი იყო ამორჩეულიო და ზოგი იმასაც კი ამბოდნენ, რომ ამ გვარი ლეკების დაცემა მოხდა სურვილისა გამო ერთის იქ მყოფის პირისაო. ამისთანა ჭორები ჩვენს საზოგადოებაში ხშირია და ვგონებ ყველა ეს ისე უსაფუძვლოა, რომ პასუხის გებათაც არა ღირს. მე მხოლოდ ეს შამიძლიან ვსთქვა, რომ უკეთესი ადგილი იმ მხარეს არ იყო; მართალია, – ცოტა მოშორებით შეიძლებოდა გაშლილ მაღალ მთებზედ დაეყენებინათ ჯარი, მაგრამ არც შეშა, არც წყალი არ მაიძებნებოდა და ვინც იცის იქაური ამინდი, დამეთანხმება, რომ ნახევარი ჯარი სიცივისაგან იქმნება თუ არ გასწყდებოდა,–ავად დახდებოდა მაინც. ან ალაგმა რა ქმნას,–თუ თვითონ წვრილი მეუფროსოები გამოცდილები და ფხიზლები არ იქმნებიან. ლეკის ჯარი იმოდენა ზიანს მის დღეში ვერ მოგვცემდა, თუ ყველა ყარაულები ფხიზლად ყოფილიყვნენ.

ამ ამბავზედ აი რა შევიტყეთ ნამდვილის ცნობებიდამ: ასახოელებს, რა შაეტყოთ ჯარის მოსვლა, მაშინათვე დატრიალებულიყვნენ თავისებურად, – მოეგრევებინათ 300 კაცამდე,–გამოეძღოლათ წინ ზოგიერთი ხუფროელები, რომელნიც იმ საღამოს ჩვენთან მოვიდნენ და წამოსულიყვნენ ლაშქრად. ძალიან ფთხილად დაეზვერათ ჩვენი ყარაულები და რა ენახათ რომ ყველგან, გარდა იმ ადგილისა, საცა ბატალიონს ედგა ყარაულები, ფხიზლად ყოფილიყვნენ, ყველგან ცოტ-ცოტა ხალხი დაეგდოთ და მომატებული ნაწილით კი მოსდგომოდნენ ბატალიონის ყარაულებს. მისულიყვნენ ლეკები ყარაულებთან, რომელნიც კარგს მაგარ ძილში თურმე იყვნენ და თოფები ცალკე ჰქონდათ ჯვარედინად აყუდებულები. ჯერ თოფები წაეღოთ, მემრე მოევლოთ ხელი იმ ნამძინარევ-ცხრა ყარაულისათვის, ჩაეთრიათ პატარა დაბლა და გამოეჭრათ ყელები. ამით, რა თქმა უნდა რომ გზა გაეხსნათ. მისდგომოდნენ მემრე მეორე რიგ ყარაულებს, შაეტივნათ თუ არა, ისე დამფრთხალიყვნენ, რომ თოფიც ვეღარ დაეცალათ, მხოლოდ ცოტა ოდენი ჩოჩქოლა შექმნილიყო. –ეს ჩოჩქოლი სხვა ყარაულებს შაეტყოთ, ერთბაშად დაეხალათ თოფები ჩვენებსაც და ლეკებსაც, მაგრამ ლეკები უფრო მარდად ყოფილიყვნენ. ლეკებს დაეცათ თუ არა თოფები, მაშინათვე შეცვივნილიყვნენ პირველს ბატალიონის რაზმში და რამდენიმე სალდათი დაეჭრათ ხანჯლით, ამის შემდეგ ერთბაშათ ასტყდა სროლა ყოველ მხრივ რომ ვერას გახდნენ ლეკები, შაცვივდნენ მაშინათვე ტყეში, უფრო და უფრო გაიმართა სროლა, რომელმაც გასწია მთელი ორი საათი. იმ ღამეს დაიხოცნენ ის ცხრა კაცი ყარაულები (ვისი ბრალია?), ორი სხვა და ორიც ზემოხსენებული ჩერქეზიშვილი და ჯორჯაძე. სინიდისიანად გამხილავი კაცი ძალიან ადვილად გაიგებს, რომ აქ იმისთანა შესანიშნავი და მოულოდნელი არა არის რა და აგრეთვე იმასაც ახსნის სწორედ,–თუ რად დაიხოცა ამდვენი ხალხი. მე დარწმუნებული ვარ, ყარაულებს რომ არა სძინებოდათ–ჩვენგანი ერთი კაციც არ დაზარალდებოდა. ნუ თუ ყარაულობს რომ ეძინათ და მტერი ამისა გამო წინ წამოუვიდათ, ადგილის ბრალია? ნუ თუ მინდორზედ რომ ყოფილიყვნენ, უფრო უსაშიშრო ადგილას, არ შეიძლებოდა ესევე მომხდარიყო? რა არის აქ გასაკვირველი და მეტად შესანიშნავი, – არ მესმის!... მტერთან მივედით, მტერი დაგვეცა. რა გასაკვირველია! მე სრულებით ვერ წარმომიდგენია – რა ღრმა ძილში უნდა ყოფილიყვნენ ეს ყარაულები, რომ ტყეში სიარულის ხმა, ალბათ რამდენიმე კაცისა და არა ერთისა და ორისა, ვერ გაიგეს? მემრე რა უსწორ-მასწორო, საშინელი დიდი ფერდობიანი ტყე იყო! მთელს ამ ფერდაზედ გამოეფინა მტერი, გამოიარა ამოდენა ტყე და ვერ გაუგეს, ისიც ვინ ვერ გაუგეს, – ყარაულებმა!.... კარგი გაწურთნულები არა ყოფილან. რა ქმნას აქ ან ადგილმა, ან განკარგულებამ, – ან სხვამ?

აი ესე გახლდად ეს საქმე. მეორე დღეს გავჩხრიკეთ ტყის ნაპირები, ყველა მხარეს მრავალი სისხლი და გასისხლიანებულის კაცების ნათრევი სჩანდა, ეტყობოდა, რომ ლეკებს თავიანთი დახოცილები ჩაეთრივნათ და კლდეში ჩაეყარათ. ჩვენი დახოცილები იქვე ტყეში ეყარნენ და მივეცით მიწას. შემდეგ ლეკებმა გვიამბეს რომ მტერი შესანიშნავად დაზიანებულიყო. რამდენიმე ხანჯალი და სამოსელი მტრისა ადგილობრივ დაგვრჩა. შესანიშნავი ეს არის, რომ ის ხუფროელები, რომელნიც იმ ღამეს თითქმის მტრის ბელადებად იყვნენ, შემდეგ თავისუფლად დასეირნობდნენ თ. ნაკაშიძის ჯარში, მაგრამ იმათ ხმას არავინ სცემდა.

13 და 14 თიბათვეს. რადგან დაჭრილები გასასტუმრნი იყვნენ და სურსათიც მოსატანი გვქონდა და იმიტომაც რომ ასახოს მოკლე გზა სხვა იყო, ჯარი ამ დღეს ამოვიდა ბერგოხლის მთაზედ. აქ ერთი დღე დაისვენა ჯარმა, დაჭრილები და ცხენები სურსათისათვის გამოვისტუმრეთ კახეთში. ზოგი ნაწილი ჯარისა სარდალმა აქვე დასტოვა მოსაცდელად იმ ხალხისა, რომელნიც სურსათისათვის წავიდნენ, დანაშთენი ჯარი გაემგზავრა ასახოსაკენ. ს. ხიტრახოში მშვიდობიანად ჩავედით, ხალხი სოფელს გარედ ხეობაში დაგვხვდა და სალამი მოგვცა. აქედამ გადვიარეთ ხიტრახოს მთა და გადავეშვით ასახოსაკენ. თოთხმეტს თიბათვეს ნაშუადღის პირველს საათზედ, მივედით სოგახის მთაზედ, რომელიც მდებარებს ასახოს გამოღმა და შაუერთდით პოლკოვნიკის თ. ნაკაშიძის ჯარსა.

ჯარი დიდი შაიყარა, – მაგრამ ვისთვის და რისთვის? ორასიოდე წუნკალა დიდოელებისათვის. მე სწორე მოგახსენო, შამრცხვა როდესაც დავინახე, რომ ამოდენა ხალხს აცდენდნენ ამისთანა საქმისათვის. ნუ თუ ორასსა – სამას კაცს და რამდენიმე სოფლის დაწვას – ორი გუნდი ჯარი უნდოდა? მემრე რა ხალხთან უნდა ჰქონოდათ ბრძოლა, – ხალხთან, რომელთაც არც რიგიანი თოფები აქვთ, – სარდლები ხომ არა ჰყავთ და არა, – არც საკმაო საზდო, არც წამალი და არც არაფერი. წარმოდგენილი მაქვს – რამოდენი დაუჯდა მთავრობას ასახოს დაწვა და ორასის კაცისა და დედა-კაცის დაპყრობა!!!

15 თიბათვეს. – ჯარი – თანხმად მიცემულის სარდლისაგან ბრძანებისა, – ორ ნაწილად გაიყო: ერთი ნაწილი წავიდა ასახოს დასაზვერავად, მეორე ნაწილი განიმართა ს. ქიმეშისაკენ. იმ ნაწილს, რომელიც ასახოსკენ წავიდა შეადგენდა ქართული მილიცია და ერთი როტა რუსის ჯარი, – მეორე ნაწილს შეადგენდა: რუსისა და ლეკის ჯარი, თუშის მილიცია და არტილლერია. ჯარი, რომელიც წავიდა ასახოსაკენ, დამდგარიყო ასახოს-პირ-და-პირ ხევ გამოღმა. ლეკები გამოდიოდნენ თურმე სოფლის პირას და უშვერის პირით ლანძღავდნენ ჯარს, – ზოგიერთი 1, 200 ნაბიჯამდეც მოსულიყო და იქვე მსხვერპლად დარჩომილიყო ბერდანის ტყვიისაგან. მეორე ნაწილს უფრო მეტი ჯაფა დაადგა: ს. ქიმეში მდებარეებს ერთს მაღლობ სერზედ და შესდგების რამდენიმე ქვითკირის სახლებისა და ციხისაგან, – რომელნიც ჯგუფად არიან ერთმანეთზედ მიშენებულნი. ჩვენ ჩავედით მთიდამ, რომელიც ამ სოფელს დაჰყურებს. პირ-და-პირ მისვლა სოფელზედ, რა თქმა უნდა უგუნურობა იქმნებოდა, რადგან არ ვიცოდით, თუ რა სიმაგრეები ჰქონდა სოფელს ანუ რამთვენი ხალხი იყო შიგ. მხოლოდ რა მიუახლოვდით ვნახეთ, რომ ბანიდამ ბანზედ და ციხიდამ ციხეში გადადიოდა და გადმოდიოდა რამდენიმე კაცი. კარგა მახლობლად ზარბაზნები მიუყენეს, დანაშთენს ორ მხარეს ჯარი შამოუსხდა, ისე მოშორებით, რომ ჩვენი თოფი მისწვდებოდა და იმათი კი ვერა, მესამე მხარე კი ისე დარჩა. დაიწყო ზარბაზანმა თავისი საქმე, – მაგრამ, სწორე მოგახსენო, ზარბაზნის ქუხილმა უფრო მეტი გაარიგა, ვიდრე იმის ტყვიამ. კარგა ბლომათ ესროლეს, მაგრამ ერთი მცირედი კუთხის მეტი ვერ მოურღვიეს ერთს ციხეს, – სხვებს ხომ ტყვიაც არ მოჰხვედრიათ. ქუხილმა იქაურობა აიკლო.

წარმოიდგინეთ ოთხი ზარბაზნის ხმა იმ კლდეში რაამბავს დააწევდა. ლეკებს, რომ ჰსცოდნოდათ, – როგორც ჰქუხს, ასე არა სწვიმსო, – გარწმუნებთ, რომ ის ზარბაზნები ერთს კვირასაც ვერას გააწყობდნენ, მაგრამ იმ საზარელმა ხმამ და იმოდენა ჯარის ჯგუფმა გაუხეთქა ლეკებს გული. დავინახეთ, რომ ხუთიოდე კაცი გაცვივდნენ იმ სოფლიდამ იქითა მთაზედ და იქიდამ უყურებდნენ სეირს.ზარბაზანს მაინც ესროდნენ. რა რიგად დაგვცინებდნენ ის ლეკები, რომ ტყუილად ვფანტავდით ტყვია-წამალს ცარიელს სოფელზედ. იმ ხუთი კაცის მეტი, – ჭაჭანება თურმე არ იყო. ბოლოს მოსწყინდათ ზარბაზნის სროლა და მგონია მიხვდნენ კიდეც, რომ იქ არავინ იყო, – დაუძახეს თ. ნაკაშიძის ჯარის ლეკებს: ავარელებს და ინდიელებს იერიშით მიდითო, – მაგრამ შენც არ მამიკვდე ფეხიც არავინ გადგა. რუსის ჯარი მძიმედ წამააწვინეს სერებზედ, – თითქოს ერთი 20,000-ჩიან რაზმს ებრძვიანო. განიმეორეს ბრძანება მეორეთაც, მაგრამ მაინც ავარიელ-ლეკებმა ფეხი არ გაინძრიეს: „რასა ბრძანებთო, ჩვენ გვიბძანებთო.“ ბოლოს თ. გიორგი ჯორჯაძემ უბძანა თუშებს მისვლა. თუმცა ისინიც დაყოყმანდნენ, მაგრამ მაინც გაიტეხინეს გული და მისცვივდნენ. ავარელებმა დაინახეს, რომ სოფლიდამ თოფიც არ გამოვარდა, – იგრიალეს და სულ თავზედ დაესხნენ თუშებს. დახოცილი ცხვრების მეტი სოფელში არა გამოჩნდა რა. ერთი რაღაც სამარცხვინო ბაირაღი იშოვეს თუშებმა, დაინახეს ეს თუ არა ავარელებმა– დაუწყეს ჩხუბი, – არა ჩვენ წინ მივედით, არა ჩვენაო, მოუვიდათ ტლეკვა და თვითონ ჩვენებმავე, ესე იგი თუშებმა და ჯარად მყოფმა ლეკებმა სრისეს ერთმანეთი მუშტით, სანამ მე და შენ მივეშველებოდით, მკითხველო. ბოლოს ავარელმა ლეკებმა წაართვეს თუშებს ბაირაღი და მიართვეს თ. ნაკაშიძეს, მაგრამ თუმცა ვერავინ დააჯერეს, რომ ეს იმათი უნარი იყო და არა თუშებისა, – მაინც ბაირაღი ავარელებს შერჩათ. აიღეს სოფელი, ამ აღებას იერიშით აღებას უწოდებენ თურმე. ერთი გამარჯვება ეს გახლდათ. ის ხუთი ლეკი-ეხლაც მიდის ნელანელა სერზედ. ამ ამბავში თუშებმა წამოუარეს ასახოს მთას და რაც ცხვარი იყო სულ გაირეკეს. დღესაც არ ვიცით რაიქმნა ის ცხვარი და ვისი იყო და ვისი არა.

ჭიჩოელი.

(შემდეგი იქნება.)

–––––––––––––––

1 „ივერია” №27 და 28

5 ბრძოლა რომის დასაპყრობლად

▲ზევით დაბრუნება


ბრძოლა რომის დასაპყრობლად

(შემდეგი)[1]

კონსტანტინოპოლში.

ბიზანტიაში ლამაზად მორთულს ოთახში ორი კაცი იჯდა ერთად. მათგანი ერთი სახლის პატრონი იყო და ზედა-ზედ უსხავდა სტუმარს ღვინოსა მარცხენითა, რადგანაც მარჯვენა ხელი აღარა ჰქონდა, ასე რომ მარცხენა ხელის მაგიერ ცარიელი სახელოღა ეკიდა.

– დიახ, ჰსთქვა სახლის პატრონმან: ყოველი მოძრაობა მომაგონებს ხოლმე ჩემს სულელობას. ხოლო რაც მოხდა, მე იმაზედ არა ვწუხვარ. ის სულელობა ჩემის გულის სულელობა იყო და სწორედ გითხრა, ბედნიერია ის ვისაც მაგისთანა სულელობა ჰღირსებია და ნიჭადა აქვს. დედაკაცის სიყვარულისათვის მე თავისდღეში დიდი მნიშვნელობა არ მიმიცია. ჩემს სიყვარულს სახელად ჰრქმევია და ჰქვიან კიდეც: ბელიზარი!.. ტუჩს რად იბრეცამ, მეგობარო! მე თვითონ ვიცი ყოველივე სისუსტე და ნაკლი ჩემის გმირისა და გულის სულელობაშიაც სწორედ ეგ არის ძვირფასი; ვინც გვიყვარს, იმისი ნაკლულოვანობა იმ რიგადვე საამოა, როგორც ღირსება სხვა უცხო კაცისა. ბოლოს დროს რომ სპარსეთთან ომი გქონდა, მე, ვურჩევდი ინ მხნეობით ლომსა და გულით კი ბავშვსა, რომ მარტო ნუ შეხვალ ამ გაბურულ და უცნობ ტყეში მეთქი; მაგრამ მაინც თავისი ჰქმნა და შეერია ტყეში ის მტრედსავით გულ-უბრყვილო და უგუნური კაცი. რასაკვირველია, გონიერმა სულელმა პროკოპიმაც უკან არ დაიხია და თან გაჰყვა. სწორედ ისეც მოხდა, როგორც მე წინადვე ვამბობდი. ტყეში ჩასაფრებულიყვნენ სპარსელნი, ყოველ მხრიდამ წამოგვახალეს ისრები. ბელიზარს ცხენი მოუკლეს, მე მივესწარ, შევიმაგრე ბელიზარი რომ არ დაცემულიყო და ამასთანავე მასზედ ხმალამოწვდილს სპარსელს ხმალს ხელი აუკარ. მადლობა ღმერთს! ამით გადავარჩინე, თორემ თავს შუაზედ გაუხეთქდა, მხოლოდ თვით პრაკოპის კი მკლავი მოჰკვეთეს: ისე კარგად მომაშორეს ეს მარჯვენა მკლავი, ასე მგონია თავის დღეში არც კი მქონიაო.

– მართლა რომ ჰსთქვას კაცმა–განაგრძო პროკოპიმ სიტყვა: ჩემს ხელს ახად მოუვიდა. ამ ხელს ბევრი რამ დაუწერია გამოუსადეგი და მოუფიქრებელი. მართალია, თუ ამისთანა სასჯელი მიადგება ყოველს მწერალს ბიზანტიაში, კაცი არ დარჩება იმისთანა რომ წერის უნარი ჰქონდეს და ორივ ხელი კი ზედ შერჩეს. თუმცა ეხლა მძიმედა ვჰსწერ, მაგრამ ყოველს სიტყვას უფრო დიდხანს დავაფიქრებდი ხოლმე და ვიკვლევ– ღირს დასაწერად, თუ არა.

– მე დიდის საამოვნებით წავიკითხე, უპასუხა სტუმარმა: შენი აღწერა ომებისა ვანდალებთან, სპარსელებთან და გოთებთან. მე მარტო ეს მიკვირს, შენ აქამომდე რატომ არ გაუგზავნიხართ ხერსონესის მადნების სათხრელად ჩვენს მეგობარ პეტროსასთან ერთად. თუ იუსტინიანე აგრე სასტიკად ჰსჯის ტყუილის ოქმების შედგენისათვის, მართლის დაწერისათვის უფრო სასტიკად არ უნდა მოქცეულიყო?

– ნუ გეშინიან, არც მე გადვურჩი სასჯელსა, ჰსთქვა პროკოპიმ: იუსტინიანემ შემარჩინა თავი მხრებზედ, მაგრამ ლამოდა პატიოსნება ჩამოერთმია ჩემთვის. იმოდენად თვითონ არა, რამოდენადაც მისი მშვენიერი ქაჯი ამას ჰსცდილობდა. ჩემს წიგნში მე ვანიშნე მკითგველს, რომ იუსტინიანე თავის ცოლის მახეშია გაბმული და ცოლს სურს ბატონობა, ხოლო ისე კი, რომ არავინ აზრს არ მოვიდეს. როცა ჩემი თხზულება ქვეყნად გამოვიდა, თეოდორამ დამიბარა. როცა მის ოთახში შეველ და მის წინ დავინახე ჩემი წიგნი, მაშინვე ეს ვიფიქრე: სპარსელმა მომკვეთა ხელი, რომელმაც ეს წიგნი დასწერა და ეს დედაკაცი კიდევ მომკვეთს თავს, რომელმაც ეგ წიგნი მოისაზრა. მაგრამ მარტო ის იკმარა, რომ გამომიწოდა ოქროს წუღით მორთული პატარა ფეხი საკოცნელად, მშვენივრად გამიღიმა და მითხრა: „შენ, პროკოპივ, ძალიან საუცხოვოდა ჰსწერ ბერძნულად, საუცხოვოდ და ყოველსფერს მართლად!.. მე მირჩიეს წამებძანებინე შენ ბოსფორს თევზთა საზრდოდ, მაგრამ ვიფიქრე, რომ რომელსაც ეგრე კარგად ჰსცოდნია მწარის თქმა, კარგადვე ეცოდინება იმის თქმაც, რაც ჩვენ გვიამება. კარგი მაყინვებელი და მძრახველი იუსტინიანესი კარგი მაქებარიც უნდა იყოს მისივე. სასჯელად იმ წიგნისაგამო, რომელიც იმპერატორის საომარს საქმეზედ დაგიწერია, შენ უნდა დაჰსწერო სხვა წიგნი მის სამშვიდობო საქმეებზედაც,–სახელდობრ, მასზედ რაც შენობები აუგია. ვიცი დამეთანხმები რომ მისგან აღმართული შენობანი სახელოვანნი არიან. შენ რომ კანონის მცოდნე იყო, ზედ დაურთავდი ქებას მის კანონ-მდებლობისათვისაც. (ეს კი მართალი ჰსთქვა იმ მშვენიერმა სატანამ.) მაშ შენ ვით ცოცხალი მაგალითი იუსტინიანეს სულგრძელებისა, აღასრულებ ჩემს შემოკვეთილს. თვითონ შენც იცი, რომ უწინდელის იმპერატორების დროს არა ერთს მწერალს, უფრო უმცირეს დანაშაულობისათვის, წართმევია თვალი, ცხვირი და სხვა ასონი, რომელთ მოშორება ძალიან სასიამოვნო არ უნდა იყოს. დაიხსომე, რომ თუ შენ არ მოიწონებ იუსტინიანეს ნაშენობებს, მაგისთანას უგემურებას დიდხანს ცოცხალი ვერ გადურჩები; იმის ცდაში და ზრუნვაში მე ვიქნები,–რომ ღმერთთა დაგსაჯონ შენ სიკვდილითა. ეხლა კი იუსტინიანე ჯილდოდ გაძლევს შენ სენატორობას, ეგ ჯილდო მე მოგიხერხე, ჩემი მადრიელი აყავ: მე მინდოდა, თვით შენზედვე ამხდარიყო შენივე სიტყვები, რომ „თეოდორას ყოვლადშემძლებელია და ბოროტი გავლენა აქვსო.“ ამის შემდეგ კიდევ ფეხს მაკოცნინა და კოცნის დროს პატარა ოქროს წუღა ამომკრა სახეში და დამითხოვა. მე კი კინაღამ ანდერძის დაწერას ხელი არ მივყავ, რომ ამ,–დედაკაცის სახეში განხორციელებულს,–სატანასთან მოვდიოდი. კაცმა მართალი უნდა ჰსთქვას, წუნით მოხსენება იუსტინიანის ნაშენობისა უსინიდისობა იქნება. ან უნდა სულ ხმა არ ამოვიღო, ან უნდა ვაქო. თუ ხმას არ ამოვიღებ–სიცოცხლეს გავეყრები, თუ ხმას ამოვიღებ და არ ვაქებ სიცოცხლესაც უნდა გამოვესალმო და სინიდისსაც. მაშასადამე ორში ერთი დამშთენია: ან ქება, ანუ სიცოცხლეზედ ხელის აღება. მე ისეთი სუსტი ვარ, ამოიოხრა პროკოპიმ, რომ პირველს ვრჩეო და... ამის გამო ცოცხალიც ვარ.

– განა არ შეიძლება ნაშენობებიც უქო, უთხრა სტუმარმა, დაისხა რა ხელახლად ღვინო: და ამასთანავე დაწერო საიდუმლო ისტორია იუსტინიანისა და თეოდორას სამარცხვინო საქმევბზედაც?

პროკოპი ფეხზედ წამოვარდა.

– ეშმაკური აზრია, მაგრამ დიდი აზრია! დაიძახა პროკოპიმ: ეგ აზრი, მეგობარო ჩემო, სწორედ შენი ღირსია. ერთი რამ კი მაწუხებს: მე ვერ შევიძლებ ყველაფერი დაწვრილებით აღვსწერო მთელი ჭუჭყი მაგ ისტორიისა გამოვფინო; ზიზღი, ყოველს ღონეს წამართმევს. ან რას იტყვის შთამომავლობა პროკოპიზედ, რომელიც ერთის მხრით იუსტინიანის ქებას დაჰსტოვებს და მეორის მხრით მის საქმეთა განსჯას და მის სამარცხვინო საქციელთა ამბავსა?

– ამას იტყვის: პროკოპი უპირატესი და უდიდესი ისტორიკოსი ყოფილაო და ამასთანავე იგი ყოფილა ნაყოფი და სხვერპლი ბიზანტიის იმპერიისაო. ეხლა ერთი ეს მითხარ: ეს ბოლონდელი ომი სპარსელებთან ბელიზარის როგორ მოუხდა.

– ისე მოუხდა, რომ ბელიზარიმ, ჩვეულებისამებრ, გაიმარჯვა, დაამარცხა სპარსელები და შერიგებაზედ ლაპარაკი დაიწყო თუ არა ყეინთანა, მოვიდა არებობიდი და მოუტანა ამბავი, რომ უბელიზარიოდ ბიზანტიაში საქმეც გაუთავებიათ სპარსელებთან და ექვსის თვით შერიგებულან. იუსტინიანეს ფული უჭირდა; თითქო ბელიზარის ვეღარ ენდოო და ექვსი ათასი ლიტრა ოქრო გამოართო და მახეში გაბმული ყეენი ხელიდამ გაგვაშვებინა აი ნარზესი ამისთანა შემთხვევაში ჩვენზედ ჭკვიანად მოიქცა. როცა ნარზესი არაბებს ეომებოდა, მაგისთანავე ამბით და ბძანებით ეწვია არეობინდი ნარზესმა იმპერატორის ბძანებას ყურიც არ ათხოვა უბძანა და საპყრობილეში დაამწყვდევინა იმპერატორის მოციქული, თითონ კი განაგრძო ომი, ვიდრე სრულებით არ დაამარცხა არაბნი. მაშინ გამოუშვა საპყრობილედამ მოციქული და გაისტუმრა სიზანტიას დიდის ბოდიშითა. უკეთესადღა შეიძლებოდა ბოდიშის მოხდა როგორც ნარზესმა მოიხადა: სამოც-დაათი ციხე და ქალაქი აიღო, და ყოველივე მათი განძი დაინარჩუნა.

– ეგ ნარზესი....

– თანამედროეთა შორის ყველაზედ უდიდესი კაცია, ჩამოართვა სიტყვა პროკოპიმ: ასე რომ შენზედაც, ჩემო ცეტეგ, რომის პრეფექტო! იგი შეუძლებელს არ შეეჭიდება ხოლმე ჩვენსავით. ჩვენ კი, ე. ი. ბელიზარი და კოჭლი პროკოპი, დავბრუნდით ბიზანტიას გულნატკენად და კბილთა ღრჭენით და მაინც უწინდელებ დავშთით ჭკვამოუპოვენელად და ძაღლისაებრ ერთგულად. კიდევ კარგია, ანტონინა, ბელიზარის ცოლი აღარ ეტრფიალება ყმაწვილ კაცების თაიგულებსა და ლექსებსა და ეხლა ეს ცოლ-ქმარნი, ლომი და გვრიტი, ბედნიერად სცხოვრებენ აქ რომში. ბელიზარი სულ იმის ლოდინშია–აცა ერთი შემთხვევა რამ მომეცესო, რომ ჩემი ერთგულება იუსტინიანეს ხელახლად დავუმტკიცოო. იუსტინიანე მისი ტრფიალების საგანია ისე როგორც ჩემია ბელიზარი. ახლა შენ მიამბე შენი ამბავი: რამ მოგიყვანა აქ?

ცეტეგმა უსვენებლივ გადაყლაპა ღვინით სავსე ჭიქა. მის სახეს დაჩნეული ჰქონდა ნიშნები ღრმა ფიქრებისა და მწუხარებისა. საფეთქლებზედ კანი ნაოჭად შეჰკეცოდა. მოკუმშულს ბაგეზედ ხანდისხან გაურბენდა ხოლმე დამაცინარი ღიმილი, რომელიც ძალიან უხდებოდა და აყმაწვილებდა. თვალებს ჩვეულებრივ ნახევრად ახილებდა ხოლმე და თუ გაახილებდა სრულიად, ისიც ერთს წუთს. მაშინ თვალთ მეტყველება მისი საშიშარი იყო; მისი თვალი თავიდიმ ფეხამდე განსჭვრეტდა ხოლმე და სიცივით შეაჟრჟოლებდა მას, ვისაც თვალს მიაქცევდა. მისი სახის მეტყველება ამბობდა, რომ იგი უგულოა და შეურყეველი.

– შენ ხომ იცი, ჰსთქვა ცეტეგმა: რომ მე ჩემის თვალით ვნახე დაცემა რომისა, კაპიტოლიისა, ჩემის სახლისა. მე გადამარჩინეს რაღაც სასწაულით ჩემთა კეთილ-მყოფელთა. აი ეხლა აქ მოვსულვარ, რომ იუსტინიანეს მოვაგონო რაც აღმითქვა, იტალიას განვათავისუფლებ გოთთაგანაო. მე არ მოვეშვები, ვიდრე თავის იღთქმას არ აასლულებს.

– მაშ შენ დიდი ხანი და დრო მოგინდება, თუ მაგას მოუცდი.

– მეც ეგრე მგონია. რასაკვირველია მე უფრო თეოდორას იმედი მაქვს. ჩვენ ჯერ ახალგაზდები ვიყავით, რომ ერთმანეთს ვიცნობდით და ერთმანეთის ფასიც ვიცოდით. თეოდორა იყო ისეთი მშვენიერი ქალი, რომ იქნობამდე მისებრი არ მენახა, და მე....მე ვიყავი.....

– შენ იყავ ცეტეგი, ეგეც სამყოფია, ჰსთქვა პროკოპიმ.

– თუმცა თეოდორა ჩემთან კარგად არის გაწყობილი, განაგრძო ცეტეგმა: მაგრამ მაინც ომის უარზედა დგას. იგი ამბობს, რომ ეკკლესიების აშენება უფრო სათნო საქმეაო, ვიდრე ქალაქების აოხრებაო. მე იმ დედა-კაცისა ვერა გამიგია რა.... საიდამ და როგორ გამოიცვალა ესე? ჯერ კიდევ იმოდენათ სიბერე არ მორევია, რომ თვის მგზავას დედა-კაცების ჩვეულებას აჰყვეს და სულის ცხონებას შეუდგეს ესე იგი, კი პრიდას გამოეთხოვოს და გოლგოთას მიჰმართოს.

– განა შენ არ შეგიტყვია ის, რაც შენ და იუსტინიანეს გარდა, სხვამ ყველამ იცის? ჰსთქვა პროკოპიმ: მშვენიერი ხელმწიფა ავად-მყოფია, საშინელი ტკივილები ჰსტანჯვენ. შენ ეს გიკვირს თუ? დიახ იგი იტანს ამ ტკივილებს, უმალავს კიდეც იუსტინიანეს და ამისთვის ხმარობს კაცისაგან დაუჯერებელს მხნეობას. უმალავს იმიტომ რომ ამ უდიდესს და უმცირესს კაცს თავმოყვარეთა შორის ჰსძულს ყოველი სნეული: იგი ვერ იტანს თვის ახლო-მახლო ყოველს მას, რაც მომავლინებელია ტანჯვისა და სიკვდილისა: ხომ ესე დალაგმული ჰყავს თეოდორას იუსტინიანე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიტყოს ავათ-მყოფობა თეოდორასი. მაშინვე თეოდორას თავს უკრავს და სადმე შორეულს ქალქში გაისტუმრეს იმ სახით კი, რასაკვირველია, ვითომც მისის მორჩენის გულმტკივნეულობაში და ფიქრშია. ამიტომაც თეოდორა ჯოჯოხეთის ტანჯვას ითმენს პირზედ ღიმილით. საშინლად უნდა ატარებდეს ღამეებს; დღისით კი, იმპერატორის წინაშე, სადილზედ, თუ საყდარში ან საჯაროდ გამოსვლაზედ იგი გასაოცებლად თავს იმაგრებს და ჰფარავს ყოველს ფერს. თვით მის სიტურფესაც ბევრი არა დაჰკლებია რა აურაბელის ხელოვნების შემწეობისაგამო. თითქო უფრო განაზდა, მაგრამ მის უფლების-მოყვარეობას სამზღვარი კი აღარა აქვს. საკვირველი დედაკაცია! მართალია, – თუმცა წვრილმან საქმეებში არა უგვანის ღონისძიების ხმარება არ ეთაკილება, მაგრამ მძიმე სახელმწიფო საქმეებში კი იგი იქცევა თანხმად თავისის რწმენისა.

– ეგ მართალია. იმპერატორი მზად იყო კიდეც გოთთა მეფის პირობების მისაღებად. თეოდორა ომის თაობაზედ დიდს უარს ამბობდა და მე მეგონა კიდეც, აი ყველა იმედი დაგვემხო მეთქი. მაგრამ უცებ ფიქრად მომივიდა: ხომ ღვთის მოყვარეობაზედ თავსა ჰსდებს, მოდი ამით როგორმე შევაგულიანებ მეთქი. მე მაშინვე გავეშურე თეოდორასაკენ. სწორედ ის დღე იყო, როცა იუსტინიანეს უნდა თავისი გარდაწყვეტილება გამოეცხადებინა გოთთა მოციქულებისათვის. „შენ ყოველს შენს განძსა და ნივთეულობას ეკკლესიების აშენებაზედ ხარჯავ, ვუთხარ მე თეოდორას: მაგისთანა ეკკლესიები ვჰსთქვათ ასი ააშენო, მეტს ხომ ვერ ააშენებ. აბა ეხლა იფიქრე: იტალია რომ გოთებს დარჩეს, ამით რამდენი ათასი ეკკლესია ჩაუვარდებათ ხელში იმ რჯულიდამ გადამდგართა არიანელთა. ნუ თუ შენა გგონია, რომ შენმა ასმა ეკკლესიამ იმ ათასის ადგილი დაიჭიროს?„ ამის თქმამ გასჭრა. თეოდორა წამოხტა ტახტიდამ და ჰსთქვა:

– „არა, მე მაგისთანა ცოდვას არ ჩავიდენ. თუ ჩვენ ვერ შევიძლებთ, რომ ის ეკკლესიები ჩამოვართვათ იმ რჯულ-გამდგარებს, ამას მაინც ვიზამთ, რომ ჩვენის ნებით არ დაუთმოთ. არა, იმპერატორი ნებაყოფლობით ვერ დაუთმობს მათ იტალიას. გმადლობ, ცეტეგ! წმინდანნი შეგვინდობენ რაც ყმაწვილობას ჩვენ შეგვიცოდნია, რადგან შენ ეხლა უმძიმესის ცოდვისაგან დამიხსენ.“ ამის მემრედ მოიწვივა იმპერატორი სადილზედ, აავსო ყვავილებით, ლოცვით და კოცნით, აუნთო გულში სიყვარული ქრისტესი და იქამდინ მიიყვანა, რომ იუსტინიანემ შერიგებაზედ გოთთა მოციქულებსა უარი უთხრა. შერიგება ვსთქვათ, რომ გადიდვა, საქმე იმაშია რა გზით გავაბედვინოთ იუსტინიანეს ომი? აი ეს არ ვიცი. მაგრამ იმედია ამის გზასაც ვი პოვი. რომი უნდა განთავისუფლებულ იქმნეს ბარბაროზთაგან.

(შემდეგი იქნება.)

______________

1№№19, 21, 22, 23, 24 და 28.

6 სახელმძღვანელონი, შედგენილნი ი. გოგებაშვილისაგან

▲ზევით დაბრუნება


სახელმძღვანელონი, შედგენილნი ი. გოგებაშვილისაგან

ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, სახლობაში სახმარებელი, ახალი ვრცელად და შეცვლილი გამოცემა, ფასი ორი შაური. ისყიდება გამომცემლის გრიქუროვის წიგნების მაღაზიაში კუკიის ხიდთან. ვინც ნაღდ ფულზედ ასს, ან მომეტებულს ეგზემპლიარს ერთბაშად იყიდის, იმას ეგზემპლიარი დაეთმობა 9 კაპეიკათა.

დარიგება მასწავლებელთათვის შესახებ ხმარებისა წინეთ მოხსენებული წიგნისა, ფასი ერთი შაური, ისყიდება იქვე და მელიქიშვილის სტამბაში.

დედა ენა, ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, სახალხო შკოლებში სახმარებელი გამოცემა პირველი, შემკული მრავალი სურათებითა, ფასი ექვსი შაური, ყდაში გადაკრული ცხრა შაური, ისყიდება ვართანოვის წიგნის მაღაზიაში კუკიის ხიდზედ ვინც ნაღდ ფულზედ იყიდის ერთათ ოც და ათ ეგზემპლიარსა, ან მომეტებულსა, იმას დაეთმობა უყდო ეგზემპლიარი ხუთ შაურათ, ყდიანი ორ აბაზათ.

ბუნების კარი, ანუ საკითხავი წიგნი დაბალ კლასებში სახმარებელი, მესამე გამოცემა, შევსებული და შემკული სურათებითა და საქართველოს კარტითა, ფასი ხუთმეტი შაური. ისყიდება ვართანოვის მაღაზიაში. ეგზემპლიარი დაეთმობათ თოთხმეტ შაურათ, ვინც თხუთმეტ ეგზემპლიარს ერთათ ნაღდ ფულზედ იყიდის, ცამეტ შაურათ, ვინც ერთათ წაიღებს ოც და ეგზემპლიარსა და სამ აბაზათ ას ეგზემპლიარის ერთათ მყიდველსა. ვისაც სურს ყდაში გადაკრული მიიღოს, უნდა ამ ფასს დაუმატოს სამი შაური

საყმაწვილო კონა პირველ დაწყებითი მოთხრობებისა ბუნების მეცნიერებიდგან, გამოცემა პირველი, ფასი ექვსი შაური. ისყიდება თფილისში ვართანოვის და გრიქუროვის მაღაზიებში და ქუთაისში სვიმონ ჩომახიძესთანა.