დემოკრატია და მისი არსი
მირიან არიშვილი სალომე ნემსიწვერიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის
სკოლა
კურსი: კონსტიტუცია და დემოკრატია
თემა: დემოკრატიის არსი
მოსწავლის სახელმძღვანელო
2014 ძირითადი კითხვები შესავალი დემოკრატიის ნიშნები ხელისუფლების არჩევითობა ხელისუფლების დანაწილება პიროვნების თავისუფლება შემაჯამებელი კითხვები დავალება
რა არის დემოკრატია?
ადამიანის რა უფლებებს იცნობთ?
თქვენი აზრით რა როლი აქვს არჩევნებს დემოკრატიის მშენებლობისთვის?
შესავალი
დემოკრატია ბერძნული სიტყვაა: დემოს ნიშნავს ხალხს, ხოლო კრატოს – ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ როგორც „ხალხის ბატონობას“. ეს არის სისტემა, სადაც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ. თანამედროვე მსოფლიოში ხალხებისა და ქვეყნების უმეტესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების ერთადერთი მოქმედი და სიცოცხლისუნარიანი სისტემა დემოკრატია უნდა იყოს. მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობაა.
დემოკრატია შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც პროცესი და არა ფიქსირებული სისტემა, რომელიც არასოდეს იცვლება. ეს არის განვითარების ეტაპები განსაზღვრული მიზნებისა და იდეალების გათვალისწინებით.
XXI საუკუნის მიჯნაზე სამართლის მკვლევარები ფიქრობენ, რომ იდეოლოგიური რეჟიმების დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საზოგადოება პოლიტიკური ძალაუფლების ერთადერთ კანონიერ სისტემად მმართველობის დემოკრატიულ პრინციპებს აღიარებს. აშკარა ანტიდემოკრატიულ მმართველობათა რიცხვი სულ უფრო მცირდება.
საერთოდ, ყოველ მმართველობას თავისი ბუნება და პრინციპი აქვს. ამდენად, სწორედ ძალაუფლების პრინციპთან მიმართებაში განისაზღვრება პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობა1.
-------------------------
1 ლეგიტიმურობა - აღიარებული, უფლებამოსილი, გამართლებული
თანამედროვე დემოკრატია, ფართო გაგებით, გულისხმობს არსებითად სამი, ერთმანეთისაგან მეტნაკლებად დამოუკიდებელი პრინციპის თანაარსებობას: ხალხის ნების უზენაესობა (ხელისუფლების არჩევითობა), კონსტიტუციონალიზმი და პიროვნების უფლებები. დემოკრატიული ლეგიტიმურობის გასააზრებლად სამივე ამ პრინციპს განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს.
ეს საინტერესოა!
ძვ. წ. V-IV საუკუნეებში არსებობდა ე.წ. ათენის დემოკრატია, რომელიც წარმოადგენდა გამართულ პოლიტიკურ სისტემას.
სახელმწიფო მმართველობა ეფუძნებოდა შემდეგ პრინციპებს: არჩევითობას, თანამდებობების დაკავებას მოკლე ვადით, კოლეგიალობას, ანგარიშვალდებულებას, თანამდებობაზე ყოფნისას გასამრჯელოს მიღებას.
მაშინდელ ათენში ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლებოდა სახალხო კრება - ეკლესია, რომელშიც მონაწილეობა შეეძლო მიეღო 20 წელს მიღწეულ ყველა მამაკაცს, მიუხედავად მისი საქმიანობისა თუ ქონებისა. ამავე დროს ის უნდა ყოფილიყო ათენის სრულუფლებიანი მოქალაქე.
„სახალხო კრების წევრები სახელმწიფო კმაყოფაზე იყვნენ. ეკლესია იღებდა კანონებს, წყვეტდა ომისა და მშვიდობის საკითხებს, ირჩევდა თანამდებობის პირებს, ისმენდა მაგისტრატების ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ მას შემდეგ, რაც მათ გაუვიდოდათ უფლებამოსილების ვადა, წყვეტდა ქალაქის პროდუქტით მომარაგების საკითხებს, განიხილავდა და ამტკიცებდა ბიუჯეტს, ზედამხედველობას უწევდა მოზარდთა აღზრდას და სხვა.
თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ”კანონსაწინააღმდეგო საჩივრის” ინსტიტუტს, რომელიც არსებული კანონმდებლობის დაცვის გარანტი იყო. ამ კოლეგიაში საჩივარი შეეძლო შეეტანა ნებისმიერ მოქალაქეს იმ პირზე, რომელიც, მისი აზრით, არღვევდა ათენის კანონმდებლობას. სახალხო კრებაზე გამომსვლელს ეკრძალებოდა ოპონენტის შეურაცხყოფა და უსაგნო საუბარი.“
მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ათენის მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სრულწლოვანი მამაკაცი და ათენის მოქალაქედ არ ითვლებოდნენ მონები, უცხოელები, ბავშვები და ქალები. ანუ აქ ჩამოთვლილ პირებს, მიუხედავად დემოკრატიული ათენისა, არ ჰქონდა უფლება მიეღოთ მონაწილეობა სახალხო
კრებაში.
დემოკრატიის ნიშნები
ხელისუფლების თვითშეზღუდვა
კანონით ხელისუფლების ლეგიტიმურობა
ადამიანის უფლებათა
ხელშეუვალობა თავისუფლება და პლურალიზმი ხელისუფლების გადანაწილება და ურთიერთ შემოსაზღვრა უმცირესობათა უფლებების
გარანტირება ხალხის ნების უზენაესობა - ხელისუფლების არჩევითობა
დემოკრატიულ მმართველობაში უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს. მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობაა. “დემოკრატიის დროს ხალხი ერთის მხრივ მონარქია, მეორეს მხრივ კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია იმდენად, რამდენადაც აქვს საარჩევნო ხმები, რომლებითაც გამოხატავს თავის ნებას“.
დემოკრატიაში სუვერენული2 ხელისუფლების მქონე ხალხი თვითონ უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რისი გაკეთებაც მას კარგად შეუძლია, ხოლო იმას, რისი გაკეთებაც მის შესაძლებლობას აღემატება, თავისი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უნდა ახორციელებდეს. დემოკრატიული მმართველობის ძირითადი მაქსიმა3 ისაა, რომ ხალხი თანამდებობის პირებს თავად უნდა ასახელებდეს.
თავისუფალ სახელმწიფოში ყოველი ადამიანი თვითონ უნდა აკეთებდეს საკუთარ არჩევანს, ყოველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება წარმომადგენლის ასარჩევად.
-------------------------
2 სუვერენული - დამოუკიდებელი
3 მაქსიმა - "ძირითადი წესი", "უმაღლესი პრინციპი"
საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე აღიარებული დემოკრატიის ეს ფუძემდებლური პრინციპი - ხალხის ნების უზენაესობა, ხელისუფლების არჩევითობა - საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ქვაკუთხედია. ხალხის ნების უზენაესობის გამოხატულებაა კონსტიტუციის მე-5 მუხლი; იგი მიუთითებს, რომ საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, დემოკრატიის სხვა, უშუალო ფორმებისა და თავის წარმომადგენელთა მეშვეობით, ცხადია, ხალხში საქართველოს მოქალაქეები იგულისხმება.
საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სახალხო ხელისუფლების პრინციპები ხელს უწყობს მოქალაქეთა ერთობლივ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვის საქმეში. ამის ნათელი დადასტურებაა ისეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური უფლება, როგორიცაა, მოქალაქის უფლება - აირჩიოს და თავად იქნეს არჩეული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში. სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლება, თავის მხრივ, უკავშირდება მოქალაქის საარჩევნო უფლებებს. არჩევნები არის საარჩევნო უფლების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემისა და ამ პირთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების ჩამოყალიბების საშუალება.
არჩევნები არის სახელმწიფოს წარმომადგენლობითი ორგანოების ჩამოყალიბების ყველაზე დემოკრატიული პროცედურა, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას საშუალება ეძლევა შეარჩიოს და წარმომადგენლობით ორგანოში წარგზავნოს ღირსეული ადამიანები, რომლებიც, თავის მხრივ, გამოხატავენ ხალხის ნებას სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის პროცესში. ეს არის დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპი, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური სუვერენიტეტი ეკუთვნის - ხალხს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებს მათი უფლება-მოსილება დელეგირებული4 აქვთ ამ პოლიტიკური სუვერენისაგან - ხალხისაგან - პირდაპირი ან არაპირდაპირი არჩევნების გზით. ზემოთ აღნიშნული პრინციპები საყოველთაოდ არის აღიარებული კონსტიტუციურ დონეზე მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებში. საქართველოშიც სწორედ ამგვარმა პრინციპებმა უნდა განაპირობოს არჩევნებში მოსახლეობის ფართო მასების მონაწილეობის უზრუნველყოფა. ეს არის საკუთრივ დემოკრატია ვიწრო გაგებით, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური სუვერენიტეტი ეკუთვნის მთლიანად ხალხს,
ხოლო სახელისუფლებო სტრუქტურებს მათი უფლებამოსილება დელეგირებული აქვთ ამ პოლიტიკური სუვერენისაგან (ხალხისაგან) პირდაპირი ან არაპირდაპირი არჩევნების გზით.
-------------------------
4 დელეგირებული - გადაცემული
ხელისუფლების დანაწილება
სახელმწიფო ხელისუფლების განაწილების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ანტიკური დროის მოაზროვნეები მიუთითებდნენ თავიანთ თხზულებებში. კერძოდ, ესენი იყვნენ პლატონი („სახელმწიფო”, „კანონები”), არისტოტელე („პოლიტიკა”), პოლიბიოსი („ისტორია”). ხელისუფლების განაწილების თვალსაზრისით, ჩინებული ინსტიტუტები ჰქონდა რომის რესპუბლიკას.
კლასიკური სახით სახელმწიფო ხელისუფლების განაწილების პრინციპი - როგორც სამართლის უზენაესობისა და ადამიანის, როგორც საზოგადოების წევრის პოლიტიკური თავისუფლების წინაპირობა - ჩამოაყალიბა შ.ლ. მონტესკიემ. ავტორის აზრით, სახელმწიფოში პოლიტიკური თავისუფლება მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება განაწილებული არის სხვადასხვა უწყებას შორის.
ყოველ სახელმწიფოში რეალურად არსებობს სამი სახის ხელისუფლება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. როდესაც ერთი ქვეყნის ორგანიზმში გაერთიანებულია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, თავისუფლება უკიდურესად იზღუდება, რადგან ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ მეფემ ან ან პარლამენტარმა შექმნას ტირანული კანონები იმისთვის, რომ ისინი ტირანულად განახორციელოს.
პოლიტიკური თავისუფლება იმ შემთხვევაშიც არ გვაქვს, როცა სასამართლო ხელისუფლება ცალკე არ დგას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან. თუ იგი გაერთიანებული იქნება საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მაშინ მისი ძალაუფლება მოქალაქეთა სიცოცხლისა და თავისუფლების მიმართ თვითნებური იქნება, რადგან მოსამართლე თვითონვე ხდება
კანონმდებელი. თუ ეს ხელისუფლება გაერთიანებული იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება გახდეს მჩაგვრელი.
ხელისუფლებათა განაწილება დემოკრატიული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რომლის თანახმადაც ერთიანი სახელმწიფო ხელისუფლება განაწილებულია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის. ეს ყოველივე კი მომავალში, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის თავისუფალი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. თავისუფლების უზრუნველსაყოფად ასევე აუცილებელია, რომ რომელიმე მათგანმა არ მიიღოს გაბატონებული მდგომარეობა მეორეზე. თითოეული ამ ხელისუფლების დამოუკიდებლობა უნდა იყოს გარანტირებული.
ხელისუფლებათა განაწილებისას მთავარია არა ის, რომ ხელისუფლება განაწილებულია ან ის, რომ ხელისუფლებას ახორციელებს სხვადასხვა ორგანო, არამედ ის, რომ თითოეული ამ ხელისუფლების მფლობელი თანასწორია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ე.ი. ისინი სრულიად დამოუკიდებელი არიან და ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებული არ არიან, თუმცა მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან.
დემოკრატიის ეს ფუძემდებლური პრინციპი ახალი ქართული კონსტიტუციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მისი მიზანია არ დაუშვას ერთი რომელიმე ხელისუფლების განდიდება, საზოგადოებაში ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმის დამკვიდრება. ასევე, ურთიერთკავშირისა და გაწონასწორების პრინციპზე დაყრდნობით, სახელმწიფო მმართველობაში შესაძლო შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა.
ამრიგად, ხელისუფლებათა განაწილება არის ისეთი მოქმედი მექანიზმი, რომელიც აღწევს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ერთიანობას, შეთანხმებისა და სპეციალური სამართლებრივი პროცედურების ურთულესი პროცესის საფუძველზე, რომელიც გათვალისწინებულია კონფლიქტური მდგომარეობის შემთხვევებშიც.
პიროვნების თავისუფლება
ზემოემოაღნიშნული ორი პრინციპის - არჩევითობა და ხელისუფლების დანაწილება
- განხორციელება შეიძლება თავისთავად საკმარისი არ აღმოჩნდეს დემოკრატიული მმართველობის ლეგიტიმურობისათვის, თუ არ არსებობს პიროვნების თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის დაცვის გარანტიებიც. აღნიშნულ ღირებულებათა გარკვეული ნორმების დაცვის გარეშე დემოკრატიული სისტემა ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.
დემოკრატიის მესამე არსებითი პრინციპი არის, პიროვნების თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის აღიარება პრივილეგირებულ ღირებულებად. თავისუფლება ადამიანის ბუნებიდან მომდინარეობს ,,,თავისუფლებაზე უარის თქმა საკუთარ ადამიანურ ღირსებაზე, ადამიანურ უფლებებზე, თვით მოვალეობებზე უარის თქმის ტოლფასია”.8
თავისუფლება, ძირითადად, არის ის, რომ ადამიანი არ აიძულო მოიმოქმედოს ისეთი რამ, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ ადამიანებს სამოქალაქო კანონები განაგებენ. მაშასადამე, თავისუფლება იმის კეთების უფლებაა, რაც კანონით დასაშვებია. სადაც ძალაუფლება კანონს არ ემორჩილება, იქ პიროვნების უფლებათა დაცვის შანსები მცირეა. ,,თუ მოქალაქეს შეუძლია აკეთოს ის, რასაც კანონები კრძალავენ, მაშინ მას აღარ ექნება თავისუფლება, რადგან იგივე შესაძლებლობა სხვებსაც ექნებათ”.10
დემოკრატიული მმართველობისას სახელმწიფო წყობის ბუნება მოითხოვს, რომ მოსამართლეები ზუსტად იცავდნენ კანონის ტექსტს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ყველა თანასწორია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოქალაქის მიმართ არ შეიძლება კანონის ბოროტად გამოყენება, როცა საქმე ეხება მის ქონებას, მის ღირსებას ან მის
სიცოცხლეს.
1789 წლის უფლებათა დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ადამიანები თავისუფალი და თანასწორი არიან თავიანთ უფლებებში. კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს, იცავს იგი თუ სჯის. კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია. დეკლარაციით გამოცხადებული მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა შემდგომ სხვადასხვა ფორმით
აისახა სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციაში. სწორედ ამიტომ დამკვიდრდა დემოკრატიული სახელმწიფოების კონსტიტუციებში მძლავრი აქცენტი ადამიანის უპირატესობის შესახებ სახელმწიფოს წინაშე.
სახელმწიფოში ადამიანის მდგომარეობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ზრუნავს კანონმდებელი მასზე, როგორ სამართლებრივ საფუძველზე ამკვიდრებს მას; მეორე რიგში, - იმაზე, თუ როგორ ზრუნავს აღმასრულებელი ხელისუფლება მის კეთილდღეობაზე; მესამე რიგში, - იმაზე, თუ როგორ არის დაცული კონსტიტუციური გარანტიები საკონსტიტუციო სასამართლო ორგანოებისა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ზედამხედველობით.
მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს წარმოადგენენ კონსტიტუციური გარანტიები, ე.ი. იმ ხერხებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომლებიც გათვალისწინებულია კონსტიტუციური ნორმებით. სახელმწიფოს სუვერენული ხელისუფლება მოქალაქეებზე ვრცელდება როგორც იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქეცაა პირი, ისე მის ფარგლებს გარეთ. ინდივიდს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა იმ სახელმწიფოსაგან, რომლის მოქალაქეც ის არის.
თანასწორუფლებიანობა, პიროვნების ხელშეუხებლობა, პოლიტიკური თავისუფლებები და სოციალურ-ეკონომიკური უფლებები კონსტიტუციური გარანტიების ერთ მთლიან ნაკრებს წარმოადგენენ.
ქართულ კონსტიტუციაში ადამიანისა და ხელისუფლების ურთიერთობა განიხილება იმ ჭრილში, რასაც „ხელისუფლება-ადამიანისათვის” ეთქმის. კონსტიტუცია აკანონებს სახელმწიფოს ვალდებულებას ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად; სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს მათი დაცვისა და რეალიზაციის უმთავრესი გარანტი.
საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობას სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ
ცხოვრებაში; რაც გულისხმობს კანონისა და ქვეყნის ადმინისტრაციის წინაშე თანასწორობას, გადასახადების წინაშე თანასწორობას, უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენების თანასწორობას.
„კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამგვარად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე – მიზანს”
ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციის დემოკრატიულობის დონის შეფასების კრიტერიუმთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, თუ როგორ მზრუნველობას იჩენს იგი უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ. ამ მხრივაც, ჩვენი ქვეყანა სტუმართმოყვარეობის საუკუნოვან ტრადიციას საკანონმდებლო დონეზე ამკვიდრებს.
მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მიზნით, კონსტიტუციის 43-ე მუხლით საქართველოში ჩამოყალიბდა სრულიად ახალი, ომბუდსმენის, ანუ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი.
1996 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ”. მისი ძირითადი ფუნქციაა პიროვნების დაცვა ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ ადმინისტრაციული უფლებამოსილების არამართლზომიერი და ბოროტად გამოყენების შემთხვევისაგან. იგი საქმეში ერევა მაშინ, როცა კანონი ირღვევა. მისი განხილვის საგანია მოქალაქის ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და არა სამოქალაქო ურთიერთობის დავები. კონსტიტუციით სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.
ამრიგად, დემოკრატიის ძირითად ელემენტად მაინც ხალხის ნების პოლიტიკურ სუვერენად გამოცხადება, პრაქტიკულად კი ხელისუფლების არჩევითობა მიიჩნევა. ახალგაზრდა და ნაკლებად განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში დემოკრატია, უფრო ხშირად გაიგივებულია არჩევითობასთან, რადგან ეს უკანასკნელი დემოკრატიის ყველაზე თვალსაჩინო ნიშანს წარმოადგენს. ამიტომ დემოკრატიული მმართველობის დამამკვიდრებელ ქვეყნებში საერთაშორისო
საზოგადოებრიობის მთელი ძალისხმევა, უპირველესად, სწორედ არჩევნების ჩატარებაზეა მიმართული. პოლიტიკური რეჟიმი, რომელშიც ხელისუფლების არჩევითობა ხორციელდება - თუნდაც კანონის უზენაესობისა და ლიბერალური ღირებულებების დაცვის გარეშე - მაინც დემოკრატიად მიიჩნევა.
კონსტიტუციონალიზმი გაიგივებულია წესრიგთან, სტაბილურობასა და მდგრადობასთან. მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს იმის გარანტია, რომ დემოკრატიული პრინციპები დამყარდება. კონსტიტუციონალიზმისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება, ხშირ შემთხვევაში, ღრმა კულტურულ ცვლილებებს ითხოვს, რასაც თაობათა ცვლა სჭირდება, მაშინ როდესაც არჩევნების ჩატარება საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით ერთჯერადი აქტია. კანონის უზენაესობისა და წესრიგისადმი პატივისცემა ძნელად იდგამს ფესვს იმ საზოგადოებაში, სადაც პატივს არ სცემენ ინდივიდს, პიროვნებას.
დემოკრატიული მმართველობის დამყარება ასევე ითხოვს გარკვეულ ძალისხმევას. მისი დამკვიდრებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ დემოკრატიის ძირითადი პრინციპების უპირატესობის აღიარება, მმართველობის სხვა პრინციპებთან შედარებით. ჭეშმარიტი დემოკრატიის დასამკვიდრებლად, ხალხს, ანუ პოლიტიკურ ერთობას ესაჭიროება, ერთი მხრივ, სათანადო უნარი, რომელიც ყალიბდება გარკვეული სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, საგარეო-პოლიტიკური ვითარების ბაზაზე, ხოლო, მეორე მხრივ, დემოკრატიული მმართველობის სწავლა პრაქტიკული გამოცდილების მიღების პროცესში.
დემოკრატიული საზოგადოება უზრუნველყოფს მმართველობის ყველაზე სამართლიან მეთოდს უმეტესი ხალხისთვის და მაქსიმალურ თანასწორობას, გაცილებით მეტი ადამიანია აქტიური და არა პასიური მონაწილე. დემოკრატიისთვის დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყველა ადამიანისთვის, ჯგუფისთვის თუ საზოგადოების შემადგენელი ყველა თემისთვის. ვინაიდან დემოკრატიული საზოგადოება მუდმივად ცდილობს სოციალური საკითხების გადაჭრას ხალხის დიდი ნაწილის სასარგებლოდ, უფრო სავარაუდოც არის, რომ ადამიანებმა პატივი
სცენ მის გადაწყვეტილებებს.
დავალება: მოძებნეთ მსოფლიოს ქვეყნების დემოკრატიის ინდექსის მიხედვით საქართველო და გაეცანით
დემოკრატიულობის კრიტერიუმებს.
შემაჯამებელი კითხვები:
1.რას ნიშნავს ხელისუფლების გადანაწილება?
2. რას ნიშნავს ომბუცმენის ინსტიტუტი?
3. დემოკრატიისთვის დამახასიათებელ რომელ ძირითად პრინციპებს იცნობთ?