The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ილია ჭავჭავაძის პოეზიის პირველი თარგმანები უკრაინულ ენაზე


ილია ჭავჭავაძის პოეზიის პირველი თარგმანები უკრაინულ ენაზე



ბაქანიძე ოთარ

ილია ჭავჭავაძის პოეზიის პირველი თარგმანები უკრაინულ ენაზე

(ილია ჭავჭავაძის პოეზიის პირველი თარგმანები უკრაინულ ენაზე / ოთარ ბაქანიძე // საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია : შრომები. - თბილისი, 2007. - [ტ.] V. - გვ.7-20. - რეზ. ინგლ. ენ.[MFN: 86115])

XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის მესაჭის ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენია უკრაინის ინტელიგენციას. 90-იანი წლების უკრაინულ პრესაში ქართული ლიტერატურის წარმომადგენელთა შორის ილია ჭავჭავაძეს საგანგებო ადგილი ეთმობოდა.

უკრაინული საზოგადოება ილია ჭავჭავაძეს იცნობდა როგორც საქართველოს მოწინავე მოღვაწე-მოაზროვნესა და შემოქმედს.

90-იანი წლების უკრაინულ პრესაში გამოჩნდა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები, რომელთა თარგმანებიც შესრულებული იყო ო. ლოტოცკის, ბ. გრინჩენკოსა და პ. გრაბოვსკის მიერ.დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია, რომ უკრაინულ ენაზე ამეტყველებული ილია ჭავჭავაძის ლექსები პირველად გამოქვეყნდა 1893 წელს.ლვოვის ჟურნალ „პრავდაში“ 1893 წელს „პოეზიისა და დრამის“ განყოფილებაში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „გაზაფხული“.

„პრავდა“ იყო უკრაინული ყოველთვიური ლიტერატურულსამეცნიერო და პოლიტიკური ჟურნალი. თავდაპირველად იგი ბურჟუაზიულ-ლიბერალური მიმართულებისა იყო. გამოდიოდა ლვოვში 1867-1898 წლებში (წყვეტილად). ჟურნალი „პრავდა“ 90-იანი წლების დასასრულიდან გახდა უკრაინულ-ბურჟუაზიულ ნაციონალისტთა ერთი ჯგუფის პოლიტიკური ტრიბუნა. „პრავდას“ უმთავრესი თანამშრომლები იყვნენ: ა. კულიში, ი. რომანჩუკი, ვ. ანტონოვიჩი და სხვ. თავის დროზე „პრავდის“ პოლიტიკური პლატფორმის მკვეთრი კრიტიკით გამოვიდნენ ცნობილი უკრაინელი მოღვაწეები: მ. დრაგომანოვი, პ. ჟიტეცკი, განსაკუთრებით კი - ი. ფრანკო და მ. პავლიუკი.

იმის გამო, რომ იმდროინდელ უკრაინაში არ არსებობდა სხვა მიმართულების ორგანო, ჟურნალ „პრავდაში“ აქვეყნებდნენ თავიანთ ნაწარმოებებს უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსები და მხატვრული სიტყვის გამოჩენილი ოსტატები - პანას მირნი, მიხაილო სტარიცკი, ივან ფრანკო, იური ფედკოვიჩი, ივან კარპენკო-კარი, მიხაილო კოციუბინსკი, ივან ნეჩუი-ლევიცკი და სხვანი.

აი ამ ჟურნალში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ 1861 წელს პეტერგურგში დაწერილი ლექსის „გაზაფხული“ თარგმანი და როგორც მინაწერიდან ჩანს, იგი თარგმნილი უნდა იყოს ო. ლ-ის მიერ 1892 წლის 30 ოქტომბერს.

ილია ჭავჭავაძის ამ ორსტროფიანი ლექსის უკრაინულ თარგმანში შენარჩუნებულია ორიგინალის ზომა და რიტმი. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინულად აჟღერებული ილიას ლექსი შინაარსობრივად და ფორმითაც ძირითადად სწორად იმეორებს ორიგინალს, მაგრამ გვხვდება უზუსტობებიც. ილია ჭავჭავაძე ასე ამთავრებს ლესს:

მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

ამ სიტყვებში გამოსჭვივის ქართველი მამულიშვილის გულისტკივილი იმის გამო, რომ ყველაფერი ყვავის ირგვლივ, ჰყვავიან მთებიცა და მდელოებიც, მაგრამ მისი სამშობლო დაჩაგრულია, მას თვითმპყრობელობის სუსხი არ აძლევს თავის აწევისა და მხრების გაშლის შესაძლებლობას. ავტორი ნეტარებით მოელის იმ დროს, როდესაც მამული, საყვარელი, თავისუფალი და ბედნიერი იქნება.

ილიას ამ სიტყვებს მაღალი იდეური დანიშნულება ჰქონდა.

როგორ გაიგო და გადაიტანა ეს აზრი მისმა უკრაინელმა მთარგმნელმა?

Чом же ти не розцвітаєш,
Бідна вітчизна моя?

ასე უწერია ო. ლ-ის.

ილია ჭავჭავაძე თავის ლექსში სამშობლო მხარის მიმზიდველ ბუნებას გვიხატავს, ხოლო ქვეტექსტში კი ხალხის ცხოვრების ტკივილებზე მიგვითითებს. ქართველი მგოსნისათვის დამახასიათებელი ეს ხერხი - მომხიბლავი ბუნების ფონზე მშობელი ერის ყოფის წარმოსახვა, კონტრასტები დიდებულ პეიზაჟსა და ხალხის ყოფას შორის, ავტორის პოეტურ სიტყვას გამოხატულების ძალას მატებს, უფრო ემოციურს ხდის.

მართალია, ო. ლ-ის სწორად აქვს მიგნებული ქართველი პოეტის ლექსის ტონალობა, მისი განწყობილება, ავტორის პოეტური თვალთახედვა, თარგმანში იგრძნობა გაზაფხულის სურნელება და მიმზიდველობა, მაგრამ იმ პატარა „გადახვევით“, რომელიც ო. ლ-იმ დაუშვა თავის თარგმანში, ერთგვარად შეიცვალა ავტორისეული მიზანდასახულობა.

ილია ჭავჭავაძე ხალხის მომავალზე წუხს და კითხულობს „შენ როსღა აყვავდებიო?“, ხოლო უკრაინულ ტექსტში აზრობრივი აქცენტი აწმყოზეა გადატანილი. თარგმანის ავტორი კითხულობს: „შენ რატომ არ ჰყვავიო?“

ილია ჭავჭავაძემ კარგად იცოდა ქართველი ერის მძიმე მდგომარეობა. მან მთელ რიგ თავის ნაწერებში მიგვითითა კიდეც მათზე. ილია ჭავჭავაძე თავის ლექსში საქართველოს იმდღევანდელი დაჩაგრული ყოფის მიზეზებს კი არ წამოსწევდა წინა პლანზე, არამედ ერთგვარად კითხვა-მოწოდებით მიმართავდა - შენ როდემდე უნდა იყო ამ დაჩაგრულ მდგომარეობაში და როდის ეღირსები თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასო.

სიტყვაში და აზრში დრიოს ამგვარი გადანაცვლებით უკრაინელმა მთარგმნელმა ერთგვარად შეასუსტა ილიას ლექსის იდეური შინაარსი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მთლიანად თარგმანი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.

ილია ჭავჭავაძის პოეზიით დაინტერესებულა XIX საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე ბორის გრინჩენკო. მან 1893 წელს გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის ორი ლექსის თარგმანი.

ილიას ლექსისათვის „გ. აბხ...“ ბ. გრინჩენკოს მიუცია ახალი სათაური: «Дитинi». პოეტს ათმარცვლიანი ქართული ლექსი თერთმეტ და თორმეტმარცვლიანი სტრიქონებით გაუმართავს, ახლოს მისულა დედანთან და მისი სულისკვეთება კარგად გადმოუცია. ამ ლექსის ბ. გრინჩენკოსეული თარგმანი თითქმის დედნის ადეკვატურია.

მაგალითისთვის შეიძლება მივმართოთ ლექსის მესამე სტროფს. ილია წერდა:

ღმერთო!.. თან სდევდე უსუსურს ბავშვსა,

რომ დღენი ისე არ დაელიოს,

მინამ ტანჯვისა ცრემლი თვის ხალხსა

ცოტათი მაინც მან არ მოსწმინდოს.

ბ. გრინჩენკოს ეს სტროფი ასე გადააქვს უკრაინულად:

О, Боже! Будь его могутним боронцем,

Щоб довго не гасли дні ясні його,

Аж поки не висушить сліз він кривавих

Побитого горем народу свого!..

შედარებით სუსტია ბ. გრინჩენკოს მიერ უკრაინულად გადა- ღებული ილიას მეორე ლექსი „მას აქეთ, რაკი...“, რომელსაც მიუღია სათაური «Bитчизнi».

თარგმანში თუმცა დაცულია ორიგინალის შინაარსობრივი სიზუსტე, საერთო იდეური ხასიათი, მაგრამ გვხვდება გადახვევები.

ილია ჭავჭავაძე ლექსში გამოხატავს მამულისადმი თავის ძლიერ სიყვარულს და ამბობს, რომ მამულის სიყვარულში „ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდებაო“, მაგრამ

და მე არ ვჩივი, - მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშვრება

ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.

ქართველი მგოსანი აქ ლაპარაკობს მამულის სიყვარულზე და იმ სიხარულზე, რომელსაც პოეტში სამშობლოზე ფიქრი და ზრუნვა იწვევს.

”ილიას ეს ფრაზა სხვაგვარად აქვს უკრაინულად გამოხატული ბ. გრინჩენკოს. იგი ასე თარგმნის ზემოთმოტანილ სტრიქონებს:

І кволає серце моє невгамовно

Шматують нелюцькі, пекучі страждання.

ამ სტრიქონების ქართული სიტყვასიტყვითი თარგმანი ასეთი იქნებოდა: „შეუნელებლად, დაუცხრომლად მისუსტებს და მიგლეჯს გულს არაადამიანური, მწვავე წვალება“.

როგორც ჩანს, მთარგმნელს ამ სტრიქონებით სულ სხვა აზრის გამოხატვა სურს.

ასეთი უზუსტობანი თარგმანის სხვა ადგილებშიაც შეინიშნება.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს პავლო გრაბოვსკის მიერ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების თარგმნა.

პ. გრაბოვსკი უკრაინული ლიტერატურის გამოჩენილი წარმომადგენელი, პოეტი-რევოლუციონერია. სიცოცხლის ნახევარზე მეტი მან მეფის თვითმპყრობელობის ციხეებსა და გადასახლებაში გაატარა.

პავლო გრაბოვსკიმ ადრე დაიწყო წერა, მაგრამ ფართო ლიტერატურულ ასპარეზზე იგი მხოლოდ 1890-იან წლებში გამოვიდა, როდესაც უკვე გადასახლებაში იმყოფებოდა. გადასახლებიდან უგზავნიდა იგი ჩერნიგოვში ხელნაწერებს თავის მეგობარს მ. დ. გრინჩენკოს, ხოლო ეს უკანასკნელი კი მათ ლვოვში ი. ფრანკოს აწვდიდა გამოსაქვეყნებლად.

პავლო გრაბოვსკის ლექსები იბეჭდებოდა გალიციის ჟურნალებში: „ზორია“, „ნაროდ“, „ჟიტე ი სლოვო“ და სხვ. 90-იან წლებში გამოვიდა მისი ლექსთა კრებული „ენძელა“ (1894), „სხვისი მინდვრიდან“ (თარგმანები, 1895), „სამხრეთიდან“ (1896), „ხვედრი“ (თარგმანები, 1897), „კობზა“ (1898).

პავლო გრაბოვსკი თავის შემოქმედებაში ტარას შევჩენკოს ტრადიციების ერთგულ მიმდევრად მოგვევლინა.

პავლო გრაბოვსკის ცხოვრება-შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თარგმანებს. როგორც ცნობილია, იგი ღრმა მიზანდასახულების პოეტი იყო. ამიტომაც ის სათარგმნი მასალა, რომელსაც იგი კიდებდა ხელს, შემთხვევითი და პოეტისათვის განურჩეველი არ უნდა ყოფილიყო. პ. გრაბოვსკი ისეთ შემოქმედებსა და ნაწარმოებებს ირჩევდა სათარგმნელად, რომლებიც უკრაინელი პოეტისა და მოღვაწისათვის იდეურად მისაღები იყო.

პ. გრაბოვსკის კალამს მრავალი ერის პოეტური ნიმუში აუხმიანებია უკრაინულ ენაზე, მათ შორის ევროპის და ამერიკის ხალხთა პოეზიიდანაც.

რუსული მწერლობიდან მას უთარგმნია პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, დობროლიუბოვის და სხვათა ნაწარმოებები.

ასე რომ, ქართული პოეზიისადმი ინტერესი პავლო გრაბოვსკისათვის შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო.

გადასახლებაში მყოფი გრაბოვსკი 1896 წელს პანკოვსკისადმი გაგზავნილ ბარათში წერდა: „გიგზავნით „ზორიასათვის“ ორ პროზაულ შენიშვნას... აგრეთვე ოთხი ლექსის თარგმანს, რომელთაგანაც ორი ეკუთვნის ამერიკელ პოეტ ედგარ პოს, ხოლო ორი – ქართველ პოეტ ილია ჭავჭავაძეს, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინულად ჯერ არ თარგმნილა“.

წერილში მითითებული ი. ჭავჭავაძის ლექსები იყო „პოეტი“ და „გაზაფხული“, რომლებიც სულ მალე ბეჭდური სახით იხილა ლვოვის საზოგადოებამ. შორეულ გადასახლებაში მყოფ პოეტს შემდეგშიაც არ განელებია ინტერესი დიდი ილიას შემოქმედებისადმი. მან უკრაინული პოეზია გაამდიდრა ჭავჭავაძის ლექსების „გუთნის-დედა“, „ელეგია“, „მას აქეთ, რაკი...“, „ქართვლის დედას“ თარგმანებით.

„ზორია“, რომელშიც შემდგომში გამოქვეყნდა პავლო გრაბოვსკის მიერ ნათარგმნი ილია ჭავჭავაძის ლექსები, იყო ორკვირეული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი. იგი 1880-1897 წლებში გამოდიოდა დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლვოვში. 1884 წლიდან იგი ტ. შევჩენკოს სახელობის სამეცნიერო ამხანაგობის ორგანო გახდა.

ჟურნალმა რეაქციული მიმართულების გამო ერთხანს დაკარგა ხელისმომწერლების დიდი რაოდენობა. ამ გარემოებამ აიძულა მისი გამომცემლები ჟურნალში თანამშრომლად მიეწვიათ ცნობილი უკრაინელი მწერლები და მოღვაწენი. ასე მიიწვიეს მათ ჟურნალში ივან ფრანკო და შეიყვანეს კიდეც რედაქციის შემადგენლობაში.

1890-1897 წლებში ჟურნალს სათავეში ჩაუდგა მ. ვ. ლევიცკი (ლუკაჩი), რომელიც შეეცადა მასში პროგრესული ტენდენციების აღდგენას. „ზორიაში“ კვლავ გამოჩნდა მოწინავე უკრაინელი მწერლების - მიხაილო კოციუბინსკის, ივან ფრანკოს, ლესია უკრაინკასა და სხვათა სახელები თუ ნაწერები.

1897 წელს ამ ჟურნალში დაიბეჭდა ი. ჭავჭავაძის ორი ლექსის თარგმანი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიერ დევნილმა და გადასახლებაში მყოფმა პოეტმა არ იცოდა, რომ ილიას ორი ლექსი, რომელიც მან უკრაინულად აახმიანა, ამავე ენაზე უკვე იყო ოთხი წლით ადრე თარგმნილი. ამიტომაც წერდა იგი პანკოვსკის: რამდენადაც ვიცი, უკრაინულად არ არისო გადმოტანილი. თუმცა, ამ ხელმეორედ თარგმნით, უკრაინულ პოეზიას არაფერი წაუგია, გრაბოვსკისთან ილიას პოეზიამ ახლებური ჟღერა შეიძინა.

ი. ჭავჭავაძის ლექსების თარგმნა პ. გრაბოვსკიმ ციმბირში დაიწყო. უკრაინელმა პოეტმა ქართული ენა არ იცოდა, ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მას, ჯერ ერთი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ რაღაც წყაროები უნდა ჰქონოდა, ან ქართველებისაგან მომდინარე, ან საქართველოს ცხოვრების მცოდნე სხვა ერის წარმომადგენლისაგან, ხოლო შემდეგ ვინმე უნდა შეშველებოდა ქართული ლექსის გაგებაში.

პავლო გრაბოვსკი ილია ჭავჭავაძეზე მაღალი შეხედულებისა რომ არ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებდა მისი ნაწარმოებების თარგმნას. ამგვარი წარმოდგენის შემუშავება კი მას იმ დროისათვის თამამად შეეძლო. ქართველი მგოსნის სახელი იმ ხანად უკვე, როგორც ერის გამოჩენილი მოღვაწისა და შემოქმედისა, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ფართო საზოგადოებისათვის იყო ცნობილი. ამის დამადასტურებელი იყო ის დიდი ყურადღება და პატივისცემა ქართველი მგოსნისადმი, რომელსაც პროგრესული უკრაინული ინტელიგენცია იჩენდა.

სავარაუდოა, რომ პ. გრაბოვსკის ილიას ლექსების თარგმნის დროს დახმარებას უწევდა ქართული პოეზიის მცოდნე პირი, შესაძლოა ქართველი პოლიტიკური დევნილი. ეს რომ ასეც ყოფილიყო, მათ შეხვერდებს მაინც არ უნდა ჰქონოდა რეგულარული ხასიათი. ამას გვაფიქრებინებს პოეტის ერთი პირადი ბარათი, სადაც აღნიშნულია: „იყო შემთხვევები, როცა ქართულ ლექსებს ვთარგმნიდით პოლონურად უკვე თარგმნილი ლექსებიდან“.

გრაბოვსკისათვის პოეტური სიტყვა რევოლუციური იდეების პროპაგანდის იარაღს წარმოადგენდა. „ძალადობა დათრგუნე შენ ბრძნული სიტყვით“ - ასეთი იყო ის ამოცანა, რომელიც მან თავის მუზას დაუსახა.

ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. ამიტომაც სთვლიდა იგი, რომ თარგმნის დროს პოეტმა მხედველობაში უნდა მიიღოს ნაწარმოების საერთო იდეური მიმართულება. „ყოველ ნაწარმოებში ჩემთვის მნიშვნელობა აქვს მის საერთო ხასიათს და მთავარ ჩანაფიქრს, - წერდა იგი გრინჩენკოს, - მე ანტიკვარი არა ვარ და წვრილმანი არ მაინტერესებს და ამიტომ მუშაობის ამგვარ საშუალებას სავსებით შესაძლებლად ვთვლი“.

პოეტის დანიშნულების საკითხი, მისი მონაწილეობა და როლი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის აღელვებდა უკრაინელ რევოლუციონერ პოეტს. მისი ღრმა რწმენით, მგოსანმა „მთელი თავისი გრძნობა“, მთელი ნიჭიერება, პოეტური შესაძლებლობანი უკლებლად უნდა მიიტანოს ერის სამსხვერპლოზე.

პავლო გრაბოვსკი თავის ცნობილ ლექსში „მე არა ვარ მშვენიერი ბუნების მომღერალი“ ამბობდა:

Я не співець чудовної природи З холодною

байдужістю її,

3 ума не йдуть знедолені народи, -

Їм я віддав усі чуття мої.

ამგვარი შეხედულების მქონე პოეტისათვის, რა თქმა უნდა, ახლობელი იქნებოდა ქართველი მგოსნის აღიარება:

მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო

ვით ფრინველმა გარეგანმა;

არა მარტო ტკბილ ხმებისთვის

გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

 

* * *

 

ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,

მეწვოდეს მის ტანჯვით სული,

მის ბედით და უბედობით

დამედაგოს მტკიცე გული...

 

პ. გრაბოვსკის ესმოდა ილიას გულისტკივილი, ძირითადად იზიარებდა მის შეხედულებას პოეტის დანიშნულების შესახებ და ამიტომაც იყო, რომ ის პირველი ლექსი, რომელიც მან ილიას შემოქმედებიდან სათარგმნელად შეარჩია, იყო „პოეტი“. პ. გრაბოვსკის მიერ ილიას „პოეტის“ თარგმნის თაობაზე ა. ხახანაშვილი აღნიშნავდა - „ნათარგმნი არის მშვენიერი ენით“.*

 

* ა. ხახანაშვილი, ქართულის პოეზიის ნიმუშები მალოროსიულად, „ივერია“, 1900, #103, გვ. 2-3

     
შესანიშნავი აზრისა იყო უკრაინელი პოეტის ამ თარგმანზე ვ. იმედაძეც. იგი წერდა: „პავლო გრაბოვსკის ოსტატური თარგმანი („პოეტისა“ - ო, ბ.) თავის იდეურ-მხატვრული ღირსებებით თითქმის ქართული სამოქალაქო პოეზიის დონეზე დგას“**  

** ვ. იმედაძე, ტარას შევჩენკო და ქართული კულტურის მოღვაწენი, 1964, გვ. 89

ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ პავლო გრაბოვსკის თარგმანი ილიას „პოეტისა“ ჭეშმარიტად ოსტატურადაა შესრულებული. უკრაინელ პოეტს მაღალმხატვრულად აუმეტყველებია ქართველი მგოსნის პოეტური ნაწარმოები უკრაინულ ენაზე და შესანიშნავი ლექსიც გამოსვლია.

Не гулянцому на втіху,

Як та пташка середь гаю,

Не для жарту, не для сміху

Я пісни мої сьпіваю.

ასე იწყებს პავლო გრაბოვსკი „პოეტის“ ამღერებას უკრაინულ ენაზე. იგი ცდილობს თარგმნის დროს დაიცვას ორიგინალის მარცვალთა რაოდენობა (რვამარცვლიანი სტრიქონი), ლექსის შინაგანი რიტმი, მუსიკალობა, ტონალობა.

გრაბოვსკის სასახელოდ უნდა იტქვას, რომ მან ამ ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. „პოეტის“ ქართული ჟღერადობა შეეხამება მის უკრაინულ პირს.

სხვა მდგომარეობა გვაქვს დედნის იდეური, შინაარსობრივი მხარის ხელუხლებლობასთან დაკავშირებით. პ. გრაბოვსკის ამ შემთხვევაში მეტი თავისუფალი დამოკიდებულება გამოუჩენია დედნის მიმართ.

უკრაინული თარგმანის ერთ დასკვნით სტროფში (რომელიც, სხვათაშორის, მთარგმნელის წანამატი სტროფია) ასახულია უსამართლობით დაჩაგრული ხალხის მძიმე მდგომარეობა და შემდგომ სტრიქონებში გაისმის გრაბოვსკი-მთარგმნელის საბრძოლო მოწოდება თავისუფალი და ბედნიერი ცხოვრების მოსაპოვებლად:

Вперед рушу, кликну других:

Вкупі дихать, вкупі вмерти!

ლექსის ამგვარი დასკვნითი აკორდი ქართველი მგოსნის საპროგრამო ლექსს ახლებურ ჟღერადობას აძლევდა.

„პოეტის“ თარგმნის დროს პ. გრაბოვსკის, მართალია, არ დაურღვევია დედნის საერთო იდეური აზრი, მკვეთრად არ გადაუხვევია ავტორის მიერ დასახული გზიდან, მაგრამ გარკვეული ცვლილებები კი შეუტანია ლექსის თავდაპირველ იდეურ შინაარსში, ერთგვარად დაუკონკრეტებია იგი და თავისებურად დაუსრულებია ილიას რევოლუციური პოეტური ფრაზა.

ჭავჭავაძის „პოეტი“ დაწერილია 1860 წლის 23 ივლისს (პავლოვსკში), ხოლო გრაბოვსკის თარგმანი შესრულებულია თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ცვლილება მოხდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თვით ილიას ცხოვრებაშიც, ბევრი რამ დაზუსტდა და გაირკვა, ნათელი მოეფინა საზოგადოებრივ იდეალებსა და სხვ.)

პ. გრაბოვსკი საერთოდ სიტყვასიტყვით არ თარგმნიდა პოეტურ ნაწარმოებებს. თავის თარგმანებს იგი აწერდა «nepecniB», რაც ქართულად გადმომღერებას, გადაკეთებას ნიშნავს. ამ შერჩეულ გზას მისდევდა იგი ილიას ნაწარმოებების თარგმნის დროსაც.

ჭავჭავაძის ნაწარმოებების თარგმნისას გრაბოვსკი ცდილობს ლექსს შეუნარჩუნოს ავტორისეული იდეური ჩანაფიქრი, პატრიოტული სულისკვეთება და სოციალური ჟღერა. მაგრამ, როგორც ვიცით, არის შემთხვევები, როდესაც უკრაინელ პოეტს ქართველი მგოსნის ნაწერებში საკუთარი აზრები თუ იდეები შეაქვს, ცვლის ორიგინალის სტროფთა თუ სტრიქონთა მარცვალთა რაოდენობას. ამგვარი პოზიციიდან უდგება გრაბოვსკი ილიას „გუთნის-დედის“ თარგმანსაც.

ი. ჭავჭავაძის მიერ სტუდენტობის ხანს დაწერილი ლექსი „გუთნის-დედა“ ფაქტობრივად წარმოადგენს ბატონყმური მონობის იმ გაბედული კრიტიკის დასაწყისს, რომელიც შემდგომ დამახასიათებელ მოტივად იქცევა ქართველი მგოსნისათვის.

ჭავჭავაძის ,,გუთნის-დედა“ რვა ათმარცვლიანი სტროფია. გრაბოვსკის იგი ექვს და რვამარცვლიანი ლექსით გადაუღია და სტროფების რაოდენობაც გაუზრდია. უკრაინელი მთარგმნელის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას ავტორისეული არც ერთი მნიშვნელოვანი აზრი თუ ფრაზა თარგმანში არ დაუკარგავს და მაღალი მხატვრული დონე შეუნარჩუნებია. პოეტს სწორად მიუგნია ლექსის ზომისათვისაც და ამით შეუქმნია შესაძლებლობა ქართული ლექსის სიმშვენიერე უკრაინელი მკითხველისათვის რამდენადმე გასაგები გაეხადა.

პავლო გრაბოვსკის, მართალია, არ გადაუხვევია დედანში დასახული ძირითადი აზრისათვის, მაგრამ ერთგვარი დამატებანი მაინც შეუტანია თარგმანში, ზოგან ქართული ლექსის ცალკეული სტრიქონები თუ მათში გამოთქმული აზრები უფრო გავრცობილი სახითაა წარმოდგენილი.

ასე მაგალითად, ი. ჭავჭავაძეს უწერია:

მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით,

რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით.

პავლო გრაბოვსკი თარგმნის:

Як ти, друже, очей вгору

Звести не посмію:

Одибрали в мене небо

Та святу надію.

„გუთნის-დედის“ გრაბოვსკისეული თარგმანი, ერთგვარად, თავისუფალი თარგმანია. რომელიც სწორად ასახავს დედნის აზრობრივ თუ იდეურ ჩანაფიქრს, ინარჩუნებს მის მძაფრ სოციალურ ხასიათს.

„გუთნის-დედის“ მთარგმნელის მიმართ მართებული იქნებოდა თუ გამოვიყენებდით ილიას სიტყვებს: „გადმომკეთებელს ის დონეც უნდა ჰქონდეს, რაც მთარგმნელს და ამის გარდა თვითმოქმედი ძალაც შემოქმედებისა“.

უფრო თავისუფლად ეპყრობა სათარგმნ ტექსტს გრაბოვსკი ჭავჭავაძის „ელეგიის“ უკრაინულად ამღერების დროს. პეტერბურგში შექმნილი (1859 წ.) ილიას ეს დიდებული ლირიკული ლექსი პ. გრაბოვსკის თავისი პოეტური კალმის მეშვეობით უკრაინელებისათვის სათუთი გრძნობების აღმძვრელი პოეტური სტრიქონებით მიუწოდებია.

ასეთივე თავისუფალი მიდგომა სათარგმნი მასალისადმი შეინიშნება ილიას ლექსის „მას აქეთ, რაკი...“ მიმართაც. როგორც უკვე აღნიშნული იყო, ეს ლექსი გაცილებით უფრო ადრე უკვე ნათარგმნი ჰქონდა ბორის გრინჩენკოს. პ. გრაბოვსკის თარგმანი საკმაოდ განსხვავდება მისი წინამორბედის ნამუშევრისაგან.

ილიას თორმეტსტრიქონიანი ლექსი გრაბოვსკის ოცდაერთი სტრიქონით გადაუღია. მთარგმნელს ძირითადად დაუცავს დედნის აზრი, მაგრამ მასთან ტექსტში ისეთი სტრიქონიც და აზრიც საკმაოდაა ჩამატებული, რომელთა შესატყვისიც დედანში არ მოიპოვება.

პ. გრაბოვსკიმ თავისი პოეტური კალამი ილიას „ქართვლის დედის“ თარგმანზეც სცადა.

უკრაინელი მოღვაწისა და შემოქმედისათვის სავსებით ნათელი იყო ამ ლექსის იდეური მიზანდასახულობა. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ თარგმანში საგრძნობლად არის შენარჩუნებული ილიას ლექსის ღრმა პატრიოტული იდეა. მიუხედავად ამისა ამ ნაწარმოებს უკრაინულ ენაზე გადატანისას მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებები განუცდია.

პავლო გრაბოვსკის „ქართვლის დედის“ რვა სტრიქონიდან ექვსი სტრიქონი გაუკეთებია, ათმარცვლიანი სტრიქონები თორმეტმარცვლიანით გაულექსია. გარდა ამისა არის სხვა გადახვევებიც.

უკრაინელი მგოსანი თარგმნიდა რა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას, მასში აქსოვდა თავის რევოლუციურ აზრებს, საკუთარი მსოფლმხედველობისა და მეოცე საუკუნის კარიბჭის ეპოქის სულისკვეთებას.

პავლო გრაბოვსკის ეკუთვნის აგრეთვე ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლექსის გაზაფხულის“ თარგმანიც. როგორც ნათქვამი იყო, ეს ლექსი ო. ლ-ის ჰქონდა უკვე ნათარგმნი. მასთან შედარებით პავლო გრაბოვსკის ლექსი მეტი პოეტურობით ხასიათდება.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ პ. გრაბოვსკის ეკუთვნის ი. ჭავჭავაძის კიდევ ერთი ლექსის თარგმანი. ამ ლექსის უკრაინული სათაური ქართულად ოროლს, მახვილს ნიშნავს.

ამ ნაწარმოებში ერთმანეთთან არის შეპირისპირებული კალამი და მახვილი და უპირატესობა კალამს აქვს მინიჭებული, რადგან ავტორის აზრით კალამი სისხლისმღვრელ მახვილზე მეტ საქმეს აკეთებს.

თუ გადავავლებთ თვალს ილია ჭავჭავაძის ლექსების უკრაინულ თარგმანებს, დავრწმუნდებით, რომ უკვე იმ დროისათვის ქართველი პოეტის უკრაინულ ენაზე ამღერების ორი ხერხი იყო გამოყენებული. ერთი, როცა მთარგმნელი ცდილობდა თარგმანი ახლოს მდგარიყო დედანთან, მისი ადეკვატური ყოფილიყო (ო. ლ-ის, ბ. გრინჩენკოსა და ნაწილიც პ. გრაბოვსკის მიერ შესრულებული თარგმანებისა) და მეორე, როცა თარგმანს უფრო თავისუფალი გადამღერების კვალი აჩნია (პ. გრაბოვსკის ზოგი თარგმანი).

ილია ჭავჭავაძის ლექსების თარგმნით უკრაინელი მთარგმნელები ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუშებს აცნობდნენ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ უკრაინას.

უკრაინელმა მწერლებმა თავიანთ მშობლიურ ენაზე აახმიანეს ქართველი პოეტის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომლებიც სხვა (მაგ. რუსულ) ენაზე ჯერ კიდევ არ იყო გადატანილი.

ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ქართველი პოეტის ლექსები იბეჭდებოდა ისეთ ჟურნალებში, რომლებშიაც ქვეყნდებოდა გამოჩენილი უკრაინელი შემოქმედების – ივან ფრანკოსა თუ პანას მირნის, მიხაილო კოციუბინსკისა თუ ივან კარპენკო-კარის, ლესია უკრაინკასა თუ ივან ფედკოვიჩის და სხვათა ნაწერები.

1 THE FIRST TRANSLATIONS OF POEMS ILIA CHAVCHAVADZE INTO THE UKRAINIAN LANGUAGE

▲ზევით დაბრუნება