The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ასპინძის ომი


ასპინძის ომი



XX საუკუნის ქართული ლიტერატურა სკოლაში

1 ტექსტი

▲ზევით დაბრუნება


ასპინძის ომი

I. ერეკლე და კოხტა ბელადი

მთების მწვერვალებს ეფინება მზე ფარჩეულად,
მოისმის სროლა და ყიჟინა მრისხანე ხმების.
დღეს საქართველოს სასიკვდილოდ გადარჩეულა,
ვერ ითმენს ჯარი, და იწყება თარეში ხმლების.

მაღლობთა რკალში მომწყვდეული ხმების ზვირთები.
ბრუნავს გრიგალად და ეცემა გადამწვარ ველად.
მთის ფერდობები და მინდვრები სისხლით ინთება
და ბრძოლის ბედი ახლოვდება დაუძლეველად.

მოდის შუადღე,ემატება მზეს გახელება,
მივლენ ბარბაცით ურდოები, ქრიან დროშები,
მაგრამ მებრძოლებს ეჭირვებათ შესახელება,
ისმის ჭიხვინი და ბრძანება დროგამოშვებით.

კოხტა ბელადის აელვარდა ფარ-ხმალი მტვერში.
დაიძრა მიწა ცხენოსანთა ჯარით მოყრილი.
ორბის თვალებით და მახვილით ამართულ ხელში
მიჰქრის მხედარი შავ მერანზე მხრებში მოხრილი.

II. ყალბი ცნობა ქართველთა ჯარის დამარცხებისა

ელიან ხარბად, მოლოდინში ფითრდება სული,
თბილისი ჟღალი, ჭორფლიანი დღეს არის ავად.
მაგრამ გაჩნდება მეომარი ფერგადასული
და შიშის დამბლა დაეცემა ქალაქს უძრავად.

ისმის ტირილი, ჭირვეულთა ქალთა გოდება,
ზარების გლოვა, აქლემების ზმუილი ნელი.
სდუმს ნარიყალა, ამართული მძიმე ლოდებად.
არავინ არის სიკვდილისგან გადამრჩენელი.

მზე გადიხარა, ჟანგისფერი მძიმობს ჰაერი.
ხმა საოცარი ბრბოს მოედო, როგორც სახადი.
გაწითლდა მტკვარი და შეიქმნა სისხლისნაირი,
და საკვირველად იცრემლება ღვთისმშობლის ხატი.

ვეღარ მალავენ; დამხსნელია მხოლოდ უფალი,
გამუსრეს ჯარი,დაიღუპა ბატონიშვილი!
გაეშურება სიონისკენ დღეს დედოფალი,
ატირებული, თავდახრილი და ფეხშიშველი.

III. ერეკლეს შემოსვლა

მოათრევს მტკვარი მტრების ლეშებს, შავად გაბერილს.
ელდანაკრავი, მოედანზე გროვდება ხალხი.
იჭერენ ფარ-ხმალს ნაპირებზე, წყალში დაფერილს,
შორდება თბილისს მგლოვიარე სიკვდილის თალხი!

კიდევ ლოცულობს დედოფალი ქვედამხობილი,
მაგრამ სარკმელში შეიჭრება ხმა უცნაური.
ივსება გული სიხარულით კვლავ შეპყრობილი,
მოისმის ვიწრო ქუჩებიდან მძიმე ხმაური.

მზე დაწდა სისხლად, მაგრამ ბინდი ჯერ გვიანდება,
აწვება მეტეხს, დაზანტებით, საღამოს ჩრდილი.
და სოღანლუღის სიმაღლეზე, როგორც ლანდება,
დაისის ცეცხლში დგას ერეკლე ხმალამოწვდილი.

   

2 კოლაუ ნადირაძე

▲ზევით დაბრუნება



კოლაუ ნადირაძე

ოფიციალური სახელი: ნიკოლოზ ნადირაძე
დაბადების თარიღი: 8 მარტი, 1895
გარდაცვ. თარიღი: 28 ოქტომბერი, 1990  (95 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

პირველი ლექსი დაბეჭდა 1916წ. ჟურნალ "ცისფერ ყანწებში". იყო "ცისფერყანწელების" სიმბოლისტური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პირველი წიგნი გამოსცა 1920წ. ავტორია პოემებისა: "თვრამეტი წელი", "ფრონტებზე", "როალდ ამუნდსენ", "რიონი-პორტი", მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე, ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები. მისი ერთ–ერთი საუკეთესო ლექსია "წიწამურიდან საგურამომდე", რომელიც პოეტს 1939 წლის შემოდგომაზე საგურამოში, ილიასეულ სახლში დაუწერია.

წყარო: მამულიშვილთა სავანე /ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. -თბ., 1994. -გვ. 285; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.,1984.-გვ.286; burusi.wordpress.com

ბიბლიოგრაფია