The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

პოლონეთის და პოლონელების როლი ქართული ნაციონალიზმის ფორმირებაში


პოლონეთის და პოლონელების როლი ქართული ნაციონალიზმის ფორმირებაში



 

პოლონეთი და პოლონელები

ქართული ნაციონალიზმის ფორმირებაში

თბილისი

2021

რედაქტორები

გიორგი საბანაძე
ემზარ ჯგერენაია


წინასიტყვაობა

გიორგი საბანაძე
ემზარ ჯგერენაია

ტექნიკური უზრუნველყოფა:

შალვა პაპალაშვილი

ყდაზე:

გარეკანზე გამოყენებულია გრაფიკული ელემენტები ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ ილუსტრირებული ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულიდან (1914 წელი).

გამოცემა დაფინანსებულია თბილისის პოლონური ინსტიტუტის მიერ. ტექსტისა და კომენტარების ავტორების მიერ გამოხატული შეხედულებები, მოსაზრებები და განცხადებები მხოლოდ მათ ეკუთვნით და არ გამოხატავს პოლონური ინსტიტუტის მოსაზრებებს. შესაბამისად, პოლონური ინსტიტუტი თბილისში შინაარსზე პასუხს არ აგებს.

1 პოლონეთის და პოლონელები ქართული ნაციონალიზმის ფორმირებაში

▲ზევით დაბრუნება



საბანაძე გიორგი
ჯგერენაია ემზარ

პოლონეთის და პოლონელების როლი ქართული ნაციონალიზმის ფორმირებაში XIX საუკუნის საქართველოში

წინასიტყვა


 

 

ლეხ და მარია კაჩინსკებს

     

„…ჩვენ არა გვინდა ამ მშვენიერ ტირადის ძალა განმარტებით შევა- სუსტოთ. დავსვათ მხოლოდ პოლიაკების მაგიერ ქართველები...“1

„С действительностью иллюзию, С растительностью гранит Так сблизили Польша и Грузия, Что это обеих роднит“2

  1 დროება. – 1881. – 24 ივლ. – N153. – გვ. 1.

2 Пастернак, Борис. Трава и камни

 

     

მეცხრამეტე საუკუნის ქართული ინტელექტუალური ელიტა ევროპას განიხილავს როგორც მასწავლებელს. მართალია, სიტყვა „მასწავლებელი“ ღიად გამოთქმული არ არის, მაგრამ მრავალი ავტორი ევროპას დაუფარავად ამ სტატუსს ანიჭებს. ასე მაგალითად, 1864 წელს დიმიტრი ყიფიანი3 წერს: „ყოველივე მზათა გვაქუს ევროპელებისაგან მოფიქრებული, გაკეთებული და საქმეში შემოტანილი. ჩვენ ღა, რომელთაც არასფერზე შრომა არ გაგვიწევიარა, გვრჩება მხოლოთ, რომ ეს მზათ შემოღებული მივითვისოთ ჩვენ სასარგებლოთ. ჩუენ მოგვინდება არც მეასედი იმ შრომისა, რომელიც ევროპიელთ გასწიეს. იმედი მაქვს ყველა დამეთანხმოს ამაზედ, იმიტომ რომ თავდაპირველი მოძებნა, მოპოვება, გაკეთება და გამშუენიერება საგნისა უფრო ძნელია, ვიდრე გაცნობა და მითვისება ამ საგნისა სწავლით“4. სიტყვა „მითვისება“ აქ დამოწაფებას გულისხმობს, ხოლო დიმიტრი ყიფიანის ამ ციტატაში ევროპას მასწავლებლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ ეს არ არის შეურაცხმყოფელი სტატუსი. პირიქით: ათვისება, როგორც ყიფიანი ამბობს „მითვისება“, წარმოდგენილია როგორც მნიშვნელოვანი კულტურული ამოცანა.5

  3 დიმიტრი ყიფიანი – 1814-1887. თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელი; კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოე- ბის ვიცე-პრეზიდენტი; ართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი; ქართული დრამატული საზოგადოების დამფუძნებელი.

4 ყიფიანი, დიმიტრი. 1864. ჩვენი ნაცარ ქექიები. ცისკარი. იანვარი

5 მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ინტელექტუალების ევროპისადმი დამოკიდებულების შესახებ იხ. ჯგერენაია, ემზარ. საბანაძე, გიორგი. 2017. ევროპა როგორც მასწავლებელი. თბილისი. ი. Nova Societas

     
ეს „მასწავლებლობა“ ეხება ცხოვრების ყველა სფეროს – განათლებას, სოფლის მეურნეობას, ტექნოლოგიას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, ქალთა განათლებას, პოლიტიკურ მოწყობას, ინფრასტრუქტურას და, ზოგადად შეიძლება ითქვას, ყოველდღიურობასა და ცხოვრების წესს. მეცხრამეტე საუკუნის ქართველმა დამკვირვებელმა, დღევანდელი პერსპექტივიდან თუ ვიმსჯელებთ, კარგად იცის, ვისგან რა უნდა „ისწავლოს“. მაგალითისთვის: პოლიტიკურსა და ეკონომიკურ მოწყობაზე საუბრისას ქართველებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მაგალითი შვეიცარიაა, რომელიც რელიეფითა და ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით საქართველოს აგონებთ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე საუბრისას კი ქართველები გერმანიისკენ იყურებიან. წინამდებარე სტატიით კი ჩვენ ვეცდებით აღვწეროთ პოლონეთის ადგილი ქართველი ინტელექტუალების მიერ დანახულ ევროპაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში თანამედროვე ქართველი ერის დამფუძნებელ მამებს ქართულ ნაციონალურ იდენტობაზე ფიქრისას არ ჰქონდათ პოლონეთსა და პოლონურ ნაციონალიზმზე უკეთესი მაგალითი. ამ მოსაზრების დასაბუთებისთვის რამდენიმე არგუმენტი არსებობს: ა) მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში პოლონური ნაციონალიზმი განვითარების უფრო მაღალ სტადიაზე იყო; ბ) არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსებები და პარალელები საქართველოსა და პოლონეთის ისტორიებს შორის, რაც ქართველებისთვის უფრო გასაგებს ხდიდა პოლონელი ნაციონალისტების საკომუნიკაციო ენას; გ) მეცხრამეტე საუკუნეში არსებობს მნიშვნელოვანი პარალელები პოლონეთისა და საქართველოს მდგომარეობებს შორის: ისტორიული პოლონეთი ისევე, როგორც ისტორიული საქართველო დაყოფილია რამდენიმე იმპერიას შორის. ამ იმპერიათაგან ერთ-ერთი პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჩამორჩენილი რუსეთია; დ) მეცხრამეტე საუკუნეშ არსებობს მნიშვნელოვანი მსგავსებები პოლონური და ქართული საზოგადოებების სოციალურ სტრუქტურებს შორის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მსგავსება, რომელიც არსებობდა და რომელსაც, ჩვენი ღრმა რწმენით, იაზრებდნენ ქართველი და პოლონელი არისტოკრატები – ქართული და პოლონური ნაციონაილზმის შემქმნელები.

 

 

     

***

მეცხრამეტე საუკუნე საქართველოსთვის ტრაგიკული მოვლენით დაიწყო. 1801 წელს იმპერატორმა პავლე პირველმა დაარღვია ქართლ-კახეთის სამეფოს და რუსეთის იმპერიას შორის დადებული ხელშეკრულება – გეორგიევსკის ტრაქტატი (1783 წელი), გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და ის რუსულ ადმინისტრაციულ მმართველობას უშუალოდ დაუქვემდებარა. ამ დროიდან მოყოლებული იწყება რუსეთის ინტენსიური ექსპანსია ჩრდილოეთსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც სხვა ქართული ფეოდალური პოლიტიკური ერთეულების ათვისება-დაპყრობით და რუსეთის პირდაპირი მმართველობის შემოღებით დასრულდა.

   
     

ამ მოვლენის შემდეგ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, მის ელიტას – არისტოკრატიას, არ შეუწყვეტია ფიქრი და მოუკიდებლობაზე: ერეკლე მეორის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულება და რუსეთის მიერ მისი დარღვევა მუდმივი მსჯელობის და უკმაყოფილების საგანს წარმოადგენდა. ამ უკმაყოფილების გამოხატვის აპოგეა გახლდათ 1832 შეთქმულება, რომლის სათავეში ქართული არისტოკრატია იდგა. შეთქმულების წარუმატებლობამ გამოიწვია ქართული არისტოკრატიის ფრუსტრირება, რამაც, სხვათა შორის, გამოხატულება ჰპოვა ქართულ რომანტიზმში. შეთქმულების ჩავარდნიდან 7 წლის შემდეგ ნიკოლოზ ბარათშვილი6 (1817-1845) წერს პოემას „ბედი ქართლისა“, სადაც ის აღადგენს საქართველოს ისტორიიდან ცნობილ დიალოგს ერეკლე მეორესა და მის მრჩეველს, სოლომონ ლიონიძეს, შორის. ამ დიალოგში სოლომონ ლიონიძე ურჩევს მეფეს, არ მოაწეროს ხელი გეორგიევსკის ტრაქტატს და არ დათმოს სამეფოს დამოუკიდებლობა:

  6. ქართველი რომანტიკოსი პოეტი, ერეკლე მეორის შვილიშვილი.
     
„ჯერ სამაგისო რა გვემართება,/რომ განვისყიდოთ თავისუფლება?/იცი, მეფეო, რომე ივერნი/იქმნებიან რუსთ ხელთ ბედნიერნი?/სახელმწიფოსა სჯულის ერთობა/არარას არგებს, ოდეს თვისება/ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს./ვინ იცის, მაშინ როგორ მოუხდეს/რუსეთის ძალი ქართლს აწინდელი:/ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,/ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,/რაც მოისურვოს ქართველობამა?“

პოემის ლირიული გმირი აშკარად არის ტრაქტატის მოწინააღმდეგე. საკუთარი პოზიციის არგუმენტირებისთვის, პოემაში შემოჰყავს ქართველი არისტოკრატი ქალი სოფიო, რომელსაც ათქმევინებს შემდეგ ფრაზას: „უწინამც დღე კი დამელევა მე!/ უცხოობაში რაა სიამე,/სადაცა ვერ ვის იკარებს სული/და არს უთვისო, დაობლებული?“

ამავე ეპოქის კიდევ ერთი პოეტი და 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ალექსანდრე ჭავჭავაძე ხედავს რა რუსული მმართველობის შედეგებს საქართველოში, რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ალეგორიული ენით დამოუკიდებლობის მოპოვების იმედს გამოთქვამს, თუმცა ეჭვი ეპარება, რომ ეს მის თაობაში იქნება მიღწეული და, პრაქტიკულად, დამოუკიდებლობის მიღწევის ამოცანას მომავალ თაობას უტოვებს: „მე ამას ვსტირი განაწირი, ვა, თუ ვესწრა ვერ,/თვარაღა ჟამი, გულთ მაამი, კვლავცა იქნების!“

შეიძლება ითქვას, რომ 1832 წლის შეთქმულების წარუმატებლობამ ქართული არისტოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილში ნიჰილიზმი გამოიწვია და ის იმპერიის სამსახურის გზას დაადგა. ქართველმა რომანტიკოსმა და შეთქმულების კიდევ ერთმა მონაწილემ გრიგოლ ორბელიანმა ამ სამსახურს იდეოლოგიური საფუძველიც მოუძებნა. თავის ლექსში „სადღეგრძელო“ მან რომანოვების დინასტია ქართული სამეფო გვარის – ბაგრატიონების – მემკვიდრედ გამოაცხადა და გამოთქვა იმედი, რომ რომანოვები საქართველოს ფეოდალურ ოქროს ხანას ააღორძინებენ:

„ხელმწიფევ ჩუენო,/ძლიერო, ბრძენო,/ნიკოლოზ დიდო სულგრძელებითა;/მმხედარნი შენნი,/ერთგულნი, მხნენი,/ვჰსვამთ შენს სადღეგრძოს მოწიწებითა!/გულნი ივერთა, გუაქუს მსხვერპლად მზადა, შენდა შესაფერ შესაწირავად;/საყდარი შენი დგას გულსა ჩუენსა, მოვედ მშვიდობისა ჩუენდა საკმევად!/ძველი ივერი,/შენი ივერი,/შენდა მოჰმართავს თვალსა და გულსა;/შენგან მოელის, რომ ლამპარს ჰსწავლის/კულად აღუნთებ ძველად გამქრალსა!/ შენგან მოელის/ვით გაზაფხულის/ყუავილი მზისგან აღმოცენასა!/ განახლებული,/განათლებული,/ფენიქსებრ იწყებს აღმა-ფრენასა!/ მტრისა მძლეველსა,/ჩუენსა მფარველსა,/მარჯუენას შენსა, განავრცობ ჩუენზე;/ახლის ცხოვრებით/აღვყუავილდებით,/ვითარცა მდელო მზის შარავანდზე!/მტერი შეზრწუნდეს,/რა მოახლოვდეს/ მხნეობით დაცულს, შენსა სამზღუარსა;/თამარის დღენი,/დიდების დღენი,/შენ მოუვლინე შენსა ივერსა!../ღმერთო გვისმინე,/მეფეს მოჰფინე,/ძლევა, კურთხევა, მადლი, ზეციერ!/ჩუენდა დიდებად,/ ბედნიერებად,/მეფე გვიცოცლხე მრავალ-ჟამიერ!“7

 

7 ქართული პოეზია. თხუთმეტ ტომად. ტომი 6. (თბილისი: ნაკადული, 1975), 238 (აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული პოემის ეს ადგილი სასკოლო ქრესტომათიებში ამოღებულია)

     
სწორედ ქართული არისტოკრატიის ერთი ნაწილის ეს პოზიცია გახდა ქართული ნაციონალური მოძრაობის ახალი თაობის – თერგდალეულების – ლიდერის, ილია ჭავჭავაძის, თავდასხმის საფუძველი. ამას დაემატა თერგდალეულების თაობის რეფორმატორული პოლიტიკა, რომელიც ქართული სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციას, წერის სტილის გამარტივებას ისახავდა მიზნად. უფრო მოგვიანებით დაპირისპირების მიზეზი გახდა 1871 წელს საქართველოში ჩამოსული იმპერატორ ალექსანდრე მეორისადმი ქართული არისტოკრატიის თხოვნა. ქართველი არისტოკრატების აზრი ორად გაიყო: თავდაპირველად შეთანხმდნენ, რომ ჩამოსულ იმპერატორს თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას სთხოვდნენ, მაგრამ მამების თაობამ იმპერატორს სთხოვა ის, რაც მას ისედაც სურდა – საარტილერიო სასწავლებლის გახსნა. სწორედ ამიტომ, შვილების თაობის მამების კრიტიკის მთავარი მიზეზი გახდა კონფორმიზმი. თუმცა, თავის მხრივ, მამების თაობამ კონფორმიზმში ბრალი დასდო შვილების თაობასაც და ამ კონფორმიზმს მეტაფორულად გრიგოლ ორბელიანმა უწოდა „ოქროს ჯაჭვი, რომელიც თავისუფლებას სჯობს8“. რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ამ „ოქროს ჯაჭვის“ მნიშვნელობაზე:  

8ორბელიანი, გრიგოლ. 1872. პასუხი შვილთა

     
ოქროს ჯაჭვი: იგულისხმება ის პრივილეგიები, რომლებიც რუსეთის იმპერიამ ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატით განსაზღვრა ქართული არისტოკრატიისთვის. გეორგიევსკის ტრაქტატში მკაფიოდ იყო ჩაწერილი, რომ ქართული არისტოკრატია წოდებრივად გათანაბრებულია რუსულთან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 1832 წლის შეთქმულების მონაწილეების მიმართ იმპერატორმა არ აირჩია მკაცრი დამსჯელი ზომები. პირიქით: რიგ შემთხვევებში, შეთქმულებაში მონაწილეობა გახდა საფუძველი დამატებითი პრივილეგიების მისანიჭებლად. ეს იყო იმპერიის მცდელობა პრივილეგიებით მოესყიდა ქართული არისტოკრატია, რომ მათ შემდგომ მსგავსი იდეები არ გასჩენოდათ.    
     

თერგდალეულების მთელი საქმიანობა (პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციით „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“9, ენის რეფორმა, მხატვრული ნარატივები) ემსახურებოდა ნაციონალური იდეის შეტანას საქართველოს სოციალური სტრუქტურის ყველა დონეზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძია დავასკვნათ, რომ ქართული ნაციონალიზმი ფორმირდებოდა ქართული არისტოკრატიის მეშვეობით და სწორედ არისტოკრატია გვევლინება იმ სოციალურ კლასად, რომელიც ამ იდეას ბოლომდე ატარებდა.

  9დაარსდა 1879 წელს თბილისში
     

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ნაციონალიზმი ფორმირდება მეცხრამეტე საუკუნეში ჯერ 1832 წლის წარუმატებლობით ფრუსტრირებული რომანტიკოსების მიერ, რომელთა ყურადღების ცენტრში შუა საუკუნეებია (ქართულ ისტორიოგრაფიაში „ოქროს ხანად“ ცნობილი) და შემდეგ კი 1860-იან წლებში გამოჩენილი არისტოკრატი ინტელექტუალების მიერ, რომელთა ყურადღება მიმართულია მომავლისკენ და რომლებსაც, წინამორბედებისგან განსხვავებით, უკვე აქვთ ერთგვარი პოლიტიკური ხედვები და პროგრამა. განსხვავებით ძველი თაობის რომანტიკოსი არისტოკრატებისგან თერგდალეულთა თაობამ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით შეიმუშავა ნაციონალური იდეის ქართული საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ყველა დონეზე შეტანის ინსტრუმენტები. კერძოდ: ა) ზემოთ ნახსენები ქშწკგს; და ბ) მედია, რომლის მთავარი ამოცანა ნაციონალური იდეების ხალხში შეტანა და, შესაბამისად, წარმოსახვითი საზოგადოების შექმნის იდეა იყო.

მეცხრამეტე საუკუნის ქართული ნაციონალიზმის შემქმნელების ამ ძალიან მოკლე მიმოხილვის შემდეგ საჭიროდ მიგვაჩნია, ხაზი გავუსვათ პოლონეთის და პოლონური ნაციონალიზმის გავლენას საქართველოს ისტორიის ამ ეტაპებზე. ამ წერილში ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ქართულ არისტოკრატიისთვის ნაციონალური იდეების და ნაციონალური პროგრამების ჩამოყალიბების პროცესში შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყარო და ერთერთი მთავარი ნიმუში ნაციონალიზმის პოლონური მოდელი იყო. მიროსლავ ხროხი გამოყოფს სამ ცვლადს, რომლებიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ნაციონალური პროგრამების შინაარსსა და ეროვნული მოძრაობების შედეგებზე. ეს სამი ცვლადია:

ა) პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა ვითარდებოდა B და C ფაზებში10;

ბ) საზოგადოების სოციალური სტრუქტურა;

გ) ისტორია

 

10 მიროსლავ ხროხი გამოყოფს ნაციონალური მოძრაობების სამ ფაზას: A ფაზაში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ენერგია ძირითადად მიმართულია ეთნიკური ჯგუფის ენობრივი, კულტურული, სოციალური და ისტორიული ნიშან-თვისებების კვლევისკენ; B ფაზაში ჩნდებიან ახალი აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ მოიზიდონ მხარდამჭერები და თავიანთ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებში გამოაღვიძონ ნაციონალური თვითშეგნება. ჩ ფაზაში მოსახლეობის უმრავლესობა თავის ნაციონალურ იდენტობას უკვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ფორმირებულია მასობრივი მოძრაობა. ამ ფაზაში ეროვნული მოძრაობა იყოფა ქვეჯგუფებად (კონსერვატიულ-კლერიკალური, ლიბერალური და დემოკრატიული ფრთები). მიროსლავ თეორიის შესახებ იხ. Hროცჰ, M. (1995). Nატიონალ შელფ-Dეტერმინატიონ ფრომ ა Hისტორიცალ Pერსპეცტივე. ჩანადიან შლავონიც Pაპერს/ღევუე ჩანადიენნე Dეს შლავისტეს, 37(3/4), 283-299. და Хрох, М. От национальных движений к полностью сформировавшейся нации: процесс строительства наций в Европе. Нации и национализм. Москва. Праксис, 2002

     

ჩვენი აზრით, ეს სამივე ცვლადი საქართველოს და პოლონეთის შემთხვევაში ძალიან ახლოს დგას. და სწორედ ამ მსგავსებებმა იმპლიციტურად აარჩევინა ქართველი ერის მამებს პოლონეთი მოდელად მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიაშიც და ევროპაშიც არსებობდა უამრავი ერი, რომელთა გამოცდილების გამოყენებით შესაძლებელი იყო ნაციონალური პროგრამების ჩამოყალიბება. ცხადია, ვგულისხმობთ, როგორც ერ-სახელმწიფოებს (შვეიცარია, საფრანგეთი, ინგლისი და ა.შ.), ასევე იმ ერებს, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო ჯერ არ ჰქონდათ, თუმცა ჰქონდათ ნაციონალური პროგრამა ამა თუ იმ ეტაპზე (ესტონელები, ლიტველები, ლატვიელები, ბერძნები, ფინელები, უკრაინელები, უნგრელები, ბასკები და ა.შ.).  

   
     

პოლიტიკური სისტემა. მეცხრამეტე საუკუნეში პოლონეთიც და საქართველოც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და, შესაბამისად, დაქვემდებარებულია ერთსა და იმავე აბსოლუტისტურ პოლიტიკურ სისტემას, თუმცა პრივილეგირებულობის თვალსაზრისით მათ განსხვავებული მდგომარეობა აქვთ. პოლონური საზოგადოება რუსეთის იმპერიის შიგნით ახლოს მიდის ავტონომიის მდგომარეობასთან, თუმცა ამ მდგომარეობას მყარი ფორმა არასდროს მიუღია. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთის იმპერია საქართველოს ავტონომიის საკითხს საერთოდ არ განიხილავდა.

უნდა დავამატოთ: ისტორიული საქართველოს ნაწილი რუსეთის იმპერიაშია, ნაწილი კი – ოსმალეთისაში ისევე, როგორც ისტორიული პოლონეთია დაყოფილი სამ იმპერიას შორის. ისტორიული პოლონეთის ნაწილი უფრო „რბილი“ კონსტიტუციური მონარქიის შემადგენლობაშია. ამ თვალსაზრისით საქართველოს ნაკლებად „გაუმართლა“. მისი ორივე ნაწილი „ჩამორჩენილი“ და ამასთანავე კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იმპერიების შემადგენლობაში აღმოჩნდა. შესაბამისად, სამ სხვადასხვა იმპერიაში აღმოჩენილმა პოლონელებმა მაინც შეინარჩუნეს ერთიანი კულტურული იდენტობა. ხოლო საქართველოში 1877 წლის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ რუსეთის იმპერიას შემოერთებული ისტორიული საქართველოს გამუსულმანებული ნაწილის (თანამედროვე აჭარის) მოსახლეობის კულტურული იდენტობის საკითხი პასუხგასაცემ პრობლემად იქცა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძემ მოიფიქრა ერთიანი ისტორიული მეხსიერების კონცეპტი, რომელსაც რელიგიის საფუძველზე შექმნილ იდენტობებს შორის არსებული წინააღმდეგობა უნდა გადაელახა. ის მიიჩნევდა, რომ ასეთ შემთხვევაში იდენტობის დამდგენ ინდიკატორად უნდა ქცეულიყო არა რელიგია, არამედ ოდესღაც ერთიანი, ერთის ისტორიის ქმნადობის პროცესში ჩართული ხალხის თანაცხოვრების ისტორიული მეხსიერება: არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა დაგვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა11.

  11 ჭავჭავაძე, ილია. 1877. ოსმალოს საქართველო. ივერია. 28 აპრილი
     
სოციალური სტრუქტურა. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე საქართველოში კარგად არის ფორმირებული ფეოდალური სოციალური სტრუქტურა. ეს ფეოდალური სტრუქტურა უფრო ახლოს არის ევროპული ფეოდალური საზოგადოების სტრუქტურასთან, ვიდრე რუსულთან12.   12 ქართული ფეოდალიზმის და ევროპული ფეოდალიზმის მსგავსების და ნათესაობის შესახებ იხ. შარაშიძე, გიორგი. 2011. შესავალი ქართული ფეოდალიზმის კვლევაში. თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
     
ქართული არისტოკრატია თავისი სტრუქტურითა და ურთიერთობათა მოდელით გაცილებით ახლოსაა კლასიკურ ევროპულ მოდელთან. ამ მოსაზრებას გამოთქვამს ჟორჟ დუმეზილის მოწაფე, ქართველი ისტორიკოსი გიორგი შარაშიძე: „ის ურთიერთობა, რომელიც აკავშირებდა „დამოკიდებულს“ თავის „პატრონთან“, ანდა ვასალს სიუზერენთან, დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა საქართველოში არსებული სოციალური ურთიერთდამოკიდებულების განმასხვავებელ ნიშნად და ეს დამოკიდებულებები ინარჩუნებდა განსაკუთრებულ ელფერს, რაც ურთიერთსიახლოვითა და ერთგულებით იყო გამოწვეული. ვასალური წყობილების ეს სპეციფიკური ნიუანსი აუცილებლად უნდა აღინიშნოს საფრანგეთში სენიორსა და მის კაცს (ჰომმე) შორის გამეფებულ ურთიერთობებშიც. საქართველოსთვის საუკეთესო მაგალითია რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც XII საუკუნეში, ფეოდალური მონარქიის აყვავების ხანაში შეიქმნა. მასში აღწერილი გრძნობები და შერჩეული ტერმინები პირდაპი კავშირშია შუა საუკუნეების საფრანგეთთან.13“   13 შარაშიძე, გიორგი. 2011. შესავალი ქართული ფეოდალიზმის კვლევაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი
     
ამდენად, მეცხრამეტე საუკუნის პოლონური ფეოდალური საზოგადოების სტრუქტურა და ქართული ფეოდალური საზოგადოების სტრუქტურა ერთმანეთთან მეტ მსგავსებას ამჟღავნებს, ვიდრე დამპყრობელი იმპერიის სოციალურ სტრუქტურასთან. სწორედ ეს მსგავსება არაპირდაპირ განაპირობებს იმას, რომ ქართველმა არისტოკრატიამ საკუთარი ნაციონალიზმის ფორმირების პროცესში სწორედ პოლონური არისტოკრატიის მიერ შექმნილი ნაციონალიზმს ეყრდნობა და პოლონელი ნაციონალისტების სტრატეგიის გამოყენებას ცდილობს.

გარდა იმისა, რომ ქართული და პოლონური საზოგადოებების სოციალური სტრუქტურები ერთმანეთთან მსგავსებას ამჟღავნებენ, რასაც არაცნობიერად რუსეთის იმპერიაც აღიარებს ამ ერებისათვის სატიტულო ნაციის წოდების მინიჭებით, ქართულ და პოლონურ არისტოკრატიებს შორის მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ყალიბდება ძალიან მჭიდრო უშუალო კავშირი. დასჯის მიზნით რუსების მიერ კავკასიაში მეამბოხე პოლონური არისტოკრატიის გადმოსახლებამ ის სოციალური შედეგები გამოიწვია, რომლის გათვალისწინებაც რუსეთის იმპერიას არ შეეძლო. კერძოდ, გადმოსახლებული თუ იმპერიის მოხელე პოლონური არისტოკრატია ადვილად ჩაერთო საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. არსებობს ერთი ძალიან მკაფიო მაგალითი მაინც. 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთ სულის ჩამდგმელად იკვეთება აღმოსავლეთ საქართველოს იმ დროისთვის უკვე ყოფილი სამოქალაქო გუბერნატორი პეტრე დამიანეს ძე ზავილეისკი. არსებობს შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილის ალექსანდრე ორბელიანის ასეთი ჩვენება:

„წარსულს 1831-სა წელსა, ოდესცა მოვიდა ანბავი პოლშამ იბუნტაო და რამოდენიმე ხანი გავიდა, გაზაფხული იწყებოდა, მაშინ, ერთ ღამეს, მეთერთმეტე საათი იქნებოდა, შინათგან კარზე გამოველ, საჭიროებისათვის, თულუფით და ოდესცა კიბიდგან ძირს ჩამოველ, ერთი ხმა მამესმა რუსულად, კნიაზი სოვეტნიკ ორბელიანოვი შინ არისო, მე უთხარი ვინა ხარ მეთქი, – ღუბერნატორმა დაგიბარაო – საჩქაროთ ჩავიცვი და წავედი. ოდესცა მივედი თავის სამწერლო სტოლს წინ უჯდა, მითხრა დაჯექიო, როცა მის სიახლოვეს დაუჯექი, ლაპარაკი დავიწყეთ – ლაპარაკს შორის მითხრა, საყვარელო ალექსანდრეო აქაც უნდა ეცადო, რომ ბუნტი მოხდესო, მე პირველად გამიკვირდა და შემდეგ, რადგანაც რომ მწყალობდა, დავიჯერე, მივუტევე კარგი მეთქი ვეცდები უთუოდ მეთქი და ავდექ წასასვლელად, მითხრა, წადით და ვინც შენიანი თავადები ან მოქალაქეები იყვნენ მოიხვიე და შემოიერთეო. მე ამის გამგონე ვიფიქრე, ამას უთუოდ ჩემგნითა სურს მოქმედება მეთქი, და წამოსვლის დროს მითხრა, მანამ აღარ დაგიბარო, ნუღარ მოხვალო – შემდეგ აღარც დავუბარებივარ და აღარც მივსულვარ.14“

 

14 ხუნდაძე, გოჩა. კიკილაშვილი, ვლადიმერ. 2012. საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის ისტორიიდან. თბილისი.

     

ისტორია. მეცხრამეტე საუკუნეში ქართული ნაციონალიზმის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს ისტორიული მეხსიერება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული საქართველო რუსეთის იმპერიამ ნაწილ-ნაწილ შეიერთა15, უკვე რუსეთის შეერთებამდე ფეოდალურ ერთეულებად დაშლილი საქართველოში არსებობს ერთიანი ქვეყნის – საქართველოს – იდეა და ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომდგენლები, რომელთა ერთი ნაწილი ქართლ-კახეთის სამეფოს მართავს, ხოლო მეორე – იმერეთისას, ყოველთვის ფიქრობენ არა საკუთარი ფეოდალური ერთეულების შენარჩუნებაზე, არამედ ერთიან საქართველოზე. ქართველი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „იმერთა მეფეც“ არ ოცნებობდა „აფხაზეთის“ [იგულისხმება დასავლეთ საქართველოს] შემოფარგვლას, არამედ „ნიკოფსიიდან დარუბანდამდის“ [აღნიშნავს ოქროს ხანის ფეოდალურ საქართველოს ტერიტორიას] პოლიტიკა იყო მისი სარბიელი.“16

  15 ქართლ-კახეთის სამეფო – 1801 წელი, იმერეთის სამეფო – 1810 წელი, გურიის სამთავრო – 1828 წელი, სვანეთის სამთავრო – 1858 წელი, აფხაზეთის სამთავრო – 1810 წელი, სამეგრელოს სამთავრო – 1867 წელი

16 ბერძენიშვილი, ნიკო. 1937. ფეოდალური ურთიერთობიდან მეთხუთმეტე საუკუნეში (დოკუმენტები კრიტიკული წერილით). მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის – ნაკვეთი 1. 28

     
ფეოდალურ ერთეულებად დაშლილ საქართველოში ერთიანობის იდეას ასევე მეთვრამეტე საუკუნის ქართველ ინტელექტუ- ალთა შრომებშიც ვიპოვით. კარგი მაგალითია ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერაი სამეფოისა საქართველოისა“, სადაც ვახუშტი თითოეული ფეოდალური ერთეულში მცხოვრები ქართველების ხასიათს, ტემპერამენტსა და ცხოვრების წესს აღწერს. ამავეს აკეთებს გრიგოლ ორბელიანი თავის პოემაში „სადღეგრძელო“, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი. საკუთარ თავის, როგორც ერთიანი ისტორიული ერის, აღქმას კიდევ უფრო ამძაფრებს რუსეთის იმპერიის დამპყრობლური პოლიტიკა. მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურული და სამეცნიერო ნარატივები ძირითადად საქართველოს ერთიანობის იდეას ამუშავებს. ამგვარად შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართველებს საკუთარი თავი ესმით, როგორც ისტორიულად ერთიანი ერი, ხოლო მისი დაშლა მიეწერება ერთი მხრივ ფეოდალიზმის ბუნებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს ძლიერი მეზობლების აგრესიულ პოლიტიკას.

ამდენად, ხროხისეული სამივე ცვლადის მიხედვით, რუსეთის იმპერიის შიგნით და, ზოგადად, ევროპაში, საქართველო ყველაზე მეტ მსგავსებას პოლონურ საზოგადოებასთან ამჟღავნებს. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ინტელექტუალები, ქართველი ერის შემქმნელები, ერთი მხრივ, აძლიერებენ საკუთარ ფეოდალურ წარსულზე დაკვირვებას, მეორე მხრივ კი, რუსეთის იმპერიის შიგნით ეძებენ იმ ერებს, რომელთაც საქართველოს ისტორიასთან და მის არსებულ მდგომარეობასთან ყველაზე მეტი მსგავსება აქვთ. ასეთ ერად, პირველ რიგში, მოიაზრება პოლონელი ერი, ხოლო პოლონური ნაციონალიზმის პროგრამა, რომელიც ბევრად უფრო განვითარებულად ესახებათ, საკუთარი ნაციონალური სტრატეგიის ნიმუშად და მოდელად წარმოუდგებათ.

მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებიდან საქართველოში ასპარეზზე გამოდიან რუსეთის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ინოვაციაზე ორიენტირებული და ძველი თაობის წარმომადგენლებს დაპირისპირებული საზოგადო მოღვაწეები, რომელთა მოძრაობა საქართველოს ინტელექტუალურ ისტორიაში ცნობილია თერგდალეულთა მოძრაობად. მოძრაობის მთავარი წარმომადგენელი ილია ჭავჭავაძე იყო. მან თავისი საქმიანობა დაიწყო ქართული ენის რეფორმით, რასაც მოჰყვა ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (1879), სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (1875) და ჟურნალ-გაზეთების დაარსება („საქართველოს მოამბე“ 1863 წელს და „ივერია“ 1877 წელს). ქართული რომანტიზმის შემდეგ სწორედ ამ ახალმა თაობამ მისცა ბიძგი ნაციონალიზმის იდეის ახლებურ ინტერპრეტაციას და, შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ნაციონალიზმმა მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლების შემდეგ მყარი თეორიული და მსოფლმხედველობრივი საფუძველი შეიძინა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ნაციონალური იდეის გასაძლიერებლად ქართველი ინტელექტუალები სწორედ რუსეთის იმპერიაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან განსაკუთრებული გულისყურით და მათი ყურადღების ფოკუსში ექცევა პოლონეთი და პოლონელი ხალხის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. 1860 წელს ჯერ კიდევ პეტერბურგში მყოფი სტუდენტი ილია ჭავჭავაძე თარგმნის ადამ მიცკევიჩის პოემის („გზა უძირო ხევის ზემოთ ჩუფუთ-კალეში“) ნაწყვეტს17. ეს არ შეიძლება შემთხვევით ფაქტად მივიჩნიოთ, მით უმეტეს, მეცხრამეტე საუკუნეში ქართული ნაციონალიზმის დამფუძნებელი მამისგან.

 

17გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, N 17501 გვ. 101.

     
1863 წლის პოლონეთს აჯანყება სწორედ ილიას მიერ დაფუძნებულ „საქართველოს მოამბეში“ გაშუქდა. აჯანყებას აღწერდა ილიას იდეური თანამებრძოლი, ქშწკგს-ის ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ნაკაშიძე18.  

18 სტატია სრულად მოცემულია ამ კრებულში

     
***

პოლონეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე დაკვირვება XIX საუკუნის ქართულ მედიაში სამი მიმართულებით მიმდინარეობს. 1. პოლონეთში მოგზაურობით და ადგილობრივ საზოგადოებასთან უშუალო ურთიერთობით; 2. პოლონეთის ცხოვრების ეპიზოდების გადმოცემა რუსულ ლიბერალურ მედიაზე დაკვირვებით და კორესპოდენციების ანალიზით; 3. პოლონური მხატვრული ლიტერატურის თარგმნით.

ერთ-ერთი ქართველი მოგზაური პეტრე ნაკაშიძე, რომელიც ქართული მეცხრამეტე საუკუნის მთავარი ფიგურის – ილია ჭავჭავაძის – თანამებრძოლი და ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრია, თავის სტატიაში „სამგზავრო წერილები“19 გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას. პეტრე ნაკაშიძემ პოლონეთში იმოგზაურა 1863 წელს პოლონეთის „იანვრის აჯანყების“ დროს. ნაკაშიძე ცდილობს სრულად გადმოსცეს რევოლუციური პოლონეთის განწყობა. მისი მთავარი განზრახვაა ქართველ მკითხველამდე პოლონელთა თავგანწირვა მიიტანოს იმგვარად, რომ ცენზურას გვერდი აუაროს. ავტორში აღფრთოვანებას იწვევს პოლონური საზოგადოების ერთსულოვნება. ის საგანგებოდ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პოლონეთის საზოგადოების ყველა ფენა – არისტოკრატია, გლეხობა და, განსაკუთრებით, სასულიერო წოდება, ასევე ქალები და ბავშვები – ჩაბმულნი არიან თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ამას ავტორი გადმოსცემს ერთი რუსი კონდუქტორის მეშვეობით:

  19 ნაკაშიძე, პეტრე. 1863. სამგზავრო წერილები. საართველოს მოამბე. N7.
     

„ცუდი ხალხია პოლშელებიო, მეუბნებოდა ჩემი რუსი: ამათთან ბოროტს და დაუმორჩილებელს ხალხს სხვას ვერ ნახავ, – დიდი და პატარა – ყველა ტყეში მიიწევს. რა უჭირდათ, მაგალითად, მაშინისტებს ტყეში წასასვლელი? უფრო ბევრი ნაწილი მათგანი პოლკოვნიკის და ღენერლის ჯამაგირს იღებდა, არა, დაჰკრეს ბატონო ფეხი და სულ ერთიანად ტყეში შეცვივდნენ. მხოლოდ ეს კი არი იმათში საკვირველი, რომ ერთმანეთში დიდი ერთპირიანობა და სიყვარული აქვთ ... აქაური მებატონეები ყველანი მუხანათობენ მთავრობის წინაშე, ცხადად უჭირავთ ინსურგენტების მხარე და აძლევენ შემწეობას, ვისაც როგორ შეუძლია: დაფიცებული მაინც არ იყვნენ! ამბობდა გულ მტკივნეულად ჩემი რუსი: ამას წინეთ ერთს აქაურ მეზობელ შლიახტიჩს თავის საკუთარს სახლში დაემალა რამოდენიმე ინსურგენტები; ჩვენმა კაპიტანმა წაიყვანა ჯარი და დაეცა მას თავს. თვითონ სახლის პატრონი ავად ყოფილიყო, დედა-კაცმა კი უარი უთხრა ინსურგენტების გამოჩენაზედ; ამაზედ ამათ ძალა იხმარეს; ქალმა რევოლვერს ხელი გაისვა. რაღა კითხვა უნდა, სალდათებმა შტიკებით ასწიეს გიჟი დედა-კაცი და არც საკვირველია, თუ ისე გასისხიანდნენ, რომ აღარავინ დაინდეს და სულ ერთიანად ამოსწყვიტეს, ვინც კი სახლში იპოვეს. ყველაზე უფრო გასაოცარი აქაური ღვდლები არიან; რამდენს მათგანს იჭერენ და ემუქრებიან, მაგრამ ისინი თავიანთს მაინც არ იშლიან, – დადიან სოფლიდგან სოფელში და ჰქადაგებენ ომს და თავის უფლებას...“

პოლონეთის 1863 წლის მოვლენებისადმი დამოკიდებულებას ავტორი სამი სხვადასხვა პოზიციიდან აჩვენებს. ერთი პოზიცია გამოხატულია ზემოთ ნახსენები რუსი კონდუქტორის მეშვეობით, რომლისთვისაც პოლონელების აჯანყების მიზეზი გაუგებარია. ის სტაბილურობის მომხრეა, ხოლო მოჯანყე პოლონელებს ბოროტსა და დაუმორჩილებელ ხალხს უწოდებს. მისი მეშვეობით, ზოგადად, იმპერიული დისკურსია გამოხატული. დისკურსის ცენტრში დგას მშვიდობა და სტაბილურობა. ამ დისკურსს ავტორი უპირისპირებს პოლონელი პატრიოტების დისკურსს და მას გადმოსცემს მოზარდის მეშვეობით, რათა აჩვენოს თავისუფლების იდეის პოლონურ საზოგადოების შეგნებაში შეღწევის სიღრმე: არა მხოლოდ ზრდასრული პოლონელის, არამედ ბავშვის შეგნებაც გაჟღენთილია თავისუფლების იდეით:

„ამას წინათ ერთი ცხრისა თუ ათის წლის ყმაწვილი იდგა ჩემ წინ ვაგონში და დიდის ყურადღებით ჰშინჯავდა გარშემო ტყეებს.

– ტყეში ხომ არ აპირებ წასვლას? ვკითხე.

– დედა არ მიშვებს, მითხრა მან.

– თუნდაც რომ გაგიშვას, განა წახვალ? მეთქი.

– ა იკჟე!20 წარმოსთქვა ყმაწვილმა ისეთის სახით, რომ აღარ ვიცოდი რაღა მეთქვა.“

 

21. 20 მაშ არა?

     

სხვათა შორის, ეს ქართულ-პოლონურ-რუსული სამკუთხედი შემდეგი თაობის ქართველი ინტელექტუალების ყურადღების ცენტრშიცაა. ნოე ჟორდანია21, რომელიც 1891 წელს ვარშავაში სწავლობდა თავის მოგონებებში წერს: „ვარშავამ ჩემში მოახდინა დიდი შთაბეჭდილება ნაციონალურ სფეროშიაც. როგორც კი მივუახლოვდით ვარშავას რკინის გზით, ვაგონში შემოვიდა პოლონელი კონდუქტორი და დაიწყო ბილეთების ჩამორთმევა. ჩემს გვერდით იჯდა პოლონელი მგზავრი და მას პოლონურათ მოსთხოვა ბილეთი. ეს გაიგონა ჩემს უკან მჯდარ რუსის ჟანდარმმა, წამოხტა, მივარდა კონდუქტორს და ოქმი შეუყენა – პოლონურათ ლაპარაკის გამო. გამიკვირდა. გავვოცდი. ჩვენში არაფერი ამის მსგავსი არ მენახა, თუმცა ქართველი კონდუქტორები მუდამ ქართულათ ელაპარაკებოდენ ქართველ მგზავრებს. მივედით ვარშავაში. დამასახლეს ერთ პოლონურ ოჯახში, მეორე დღეს გამოვედი ქუჩაზე, შევედი დუქანში ქაღალდის და საწერ კალმის საყიდლათ, ველაპარაკებოდი რუსულათ, ხმას არავინ მცემს. ამბობენ „ნოკოპისკო“ – არ გვესმისო. მე პოლონური არ ვიცი, დავიარე რამდენიმე დუქანი, ყველგან იგივე პასუხი. დავბრუნდი სახლში და შევჩივლე ერთ პოლონელ სტუდენტს. მას აუტყდა ხარხარი, წამოდი წამოდიო. ნახავ რომ ისინი შენზე უფრო კარგათ ლაპარაკობენ რუსულათო. წავყევი. შევიყვანე პირველ დუქანში საიდანაც ხელცარიელი გამომისტუმრეს. ჩემმა თანამგზავრმა რაღაც უთხრა პოლონურათ, მივხვდი უთხრა – ეს ქართველიაო. მედუქნემ ჩაიცინა და მშვე- ნიერი რუსული ენით მესაუბრა. დავინახე რომ რუსულს ენას ქონდა გამოცხადებული ბოიკოტი. შემდეგ გავიგე, რომ ის მედუქნე ვინც დაარღვევდა ამ გადაწყვეტილებას, კარგავდა პოლონელ მუშტრებს, მასთან აღარ შედიოდნენ სავაჭროთ. გავიგე აგრეთვე ისიც, რომ ყოფილა ფართო საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა პასიურ ბრძოლას რუსებთან და რუსეთთან. ამიტომ ვარშავა დარჩა წმინდა პოლონური ქალაქი, სულით და გარეგნობით.22“ უნდა აღვნიშნოთ, რომ ვარშავაში მყოფი ნოე ჟორდანია მალე თავად გახდა ერთ-ერთი ნაციონალისტური საზოგადოების – „საქართველოს თავისუფლების ლიგის“ – ვარშავის ორგანიზაციის წევრი23 (თუმცა მისი პოლირიკური იდენტობა სოციალ-დემოკრატიული კოსმოპოლიტიზმის მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული). მოგვიანებით კი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მყოფი ნ. ჟორდანია ცდილობს ნაციონალური იდეების მორგებას სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე. ეს კრებული არ მოიცავს თერგდალეულთა მომდევნო თაობის ქართველ ინტელექტუალთა სტატიებს და ამიტომ არც ამ წინასიტყვაობაში ვამახვილებთ ყურადღებას ამ ძალიან მნიშვნელოვან და ფართო თემაზე, რომელიც ცალკე კრებულსა და წინასიტყვაობას მოითხოვს.

  21 ნოე ჟორდანია (1868-1953) – საქართველოს დეოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 1981-1921 წლებში

22 ჟორდანია, ნოე. 1990. ჩემი წარსული (მოგონებანი). თბილისი. რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობა „სარანგი“. გვ. 22

23 „საქართველოს თავისუფლების ლიგის“ და მისი ვარშავის ორგანიზაციის მუშაობის შესახებ იხილეთ: შველიძე, ზაქარია. 1969. რევოლუციური ორგანიზაცია „თავისუფლების ლიგა“. თბილისი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

     

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1832 წლის შეთქმულების დამარცხების შემდეგ ქართულ საზოგადოებაში დაისადგურა ერთგვარმა პესიმიზმმა საქართველოს მომავალი პერსპექტივის მიმართ და ქართველი სამოციანელები, რომლებსაც პეტრე ნაკაშიძე მიეკუთვნება, ცდილობენ პოლონეთის აჯანყების მაგალითის გამოყენებით გამოაღვიძონ ქართველებში წინააღმდეგობის სურვილი (რაც არ უნდა უპერსპექტივოდ მოჩანდეს იგი რუსეთის იმპერიაში). ამ აზრით, სახასიათოა პეტრე ნაკაშიძის გასაუბრება პოლო- ნელ სტუდენტთან, სადაც პოლონელი სტუდენტი ერებს ცოცხალ და მკვდარ ერებად დაჰყოფს. მკვდარია ის ერი, რომელიც თავისუფლებისთვის არ იბრძვის და ცოცხალია ის ერი, რომელშიც თავისუფლების წყურვილი ძლიერია და ფეთქვას. მთავარი იდეა, რომლის გადმოცემასაც ავტორი პოლონელი სტუდენტის სიტყვების მეშვეობით ცდილობს, არის თავისუფლების იდეის დაუმარცხებლობა და მისი უპირობო ღირებულება:

„განა არის ქვეყანაზედ იმისთანა ხალხი ან კაცი, რომელსაც არ ჰსურდეს კეთილი ცხოვრება? ყველას ჰსურს. მაგრამ ხალხიცა არის და ხალხიც. ზოგის სურვილი ისეთივე სუსტია და დამჭკნარი, როგორც თვითონ ხალხია გათელილი და წელ-მოწყვეტილი, ზოგს კი ამოდენად შერჩენია კაცობრიული გრძნობა, რომ მისთვის სიცოცხლე და კეთილ-ცხოვრება გაუყოფელია, ერთი უმეორედ იმისთვის მითამ არც კი ყოფილა, იმისთანა ხალხი კი სულ მუდამა დუღს. ან გულის წადილს აისრულებს, ან არა და იმ წადილსა ზედ შეაკვდება. ამასთანა ხალხს ვერაფრით ვერ შეაყენებს! შიშველის ხელით ზარბაზნებს შოულობს; „ვისაც აქვს ხელები, ამბობენ ინსერგენტები, ჯოხს იშოვნისო, ჯოხით – თოფსა და თოფით – ზარბაზანსაო. ისტორია და კაცობრივობა მარტო ამისთანი ხალხს ყურადღებას აძლევს და მკვდარ ხალხს კი უშვებს „დაფვლად თვისთა მკვდართა“. ავტორი საგანგებოდ აღნიშნავს ერთ ეპიზოდს, რომლის მოწმეც ერთ-ერთ სადგურში გახდა:

„ვაგზალში რომ შეველ, ერთი საშინელი აყალ მაყალი დამხვდა; შუა ზალაში იდგა ურია, რომელსაც შეუბრალებლად სცემდნენ სალდათები და სთოკავდნენ. გამოდგა, რომ ამ ურიას სამასი თოფი წამოეღო პეტერბურღიდგან ინსურგენტებისათვის ვილნოში. ის იყო ფიქრობდა უბედური, – ეს არი გადავრჩიო, და კიდეც სტაცეს ხელი. ურიები მაინც რაღამ გააგიჟა მეთქი, ვფიქრობდი ჩემ თავად.“

ამ ეპიზოდით, ავტორი პოლონური საზოგადოების თავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილედ არაპოლონელებსაც მოიაზრებს და განსაკუთრებით იმათ, ვინც თავისი საქმიანობით უფრო მეტად დაინტერესებულია მშვიდობით, ვიდრე საომარი მოქმედებით. ჩვენ ვხედავთ პოლონელ ებრაელს, რომელიც აჯანყებულებისათვის იარაღის მიწოდებით არის დაკავებული. ავტორი სასიამოვნოდ გაოცებულია ებრაელთა ჩართულობით და ამით კიდევ უფრო აძლიერებს პოლონელი საზოგადოების ყველა წარმომადგენლის, მიუხედავ ეთნიკური წარმომავლობისა, ერთიანობას თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ქართულ მედიას ჯერ კიდევ არ ჰყავს საკუთარი კორესპონდენტები პოლონეთში, იქ მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე დაკვირვების საშუალებად – მოგზაურობის გარდა – ქართველი დამკვირვებელი რუსული ლიბერალური მედიის ზოგიერთი სტატიის თარგმნას და საზოგადოებისათვის გაცნობას განიხილავენ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ქართველი რედაქტორების მიერ შერჩეული სტატიები, რომლებიც ქართველი დამკვირვებლის დამოკიდებულებასა და ინტერესებს ასახავს. ამ თარგმანებს ქართველი ავტორების კომენტარები ახლავს და ხშირად ორიგინალთან შედარების გარეშე შეუძლებელია ზუსტად განსაზღვრა, ტექსტის რა ნაწილია თარგმნილი და რა ნაწილია დამატებული მთარგმნელების მიერ.

ამ მხრივ საყურადღებოა 1868 წელს „დროებაში“ გამოქვეყნებული წერილი, სადაც აღწერილია, პოლონური ემიგრაციის ცხოვრება პარიზში. სტატიის ფოკუსი ვლადისლავ მიცკევიჩისკენაა მიმართული. პოლონელი ემიგრაციის საფრანგეთში ცხოვრების ქართველი მკითხველისათვის გაცნობით ქართველ დამკვირვებელს სურს ქართულ საზოგადოებას ირიბად მიანიშნოს იმაზე, რომ პოლონელები საზღვარგარეთაც – ემიგრაციაში – პოლონელ პატრიოტებად რჩებიან და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან. ეს ერთგვარი ნიმუშია ქართული საზოგადოებისთვის და ერთგვარი მოწოდებაა, რომ ქართველებმაც აქტიურად გამოიყენონ ევროპაში ყოფნა.

  26. ნანეიშვილი, ალექსანდრე. 1897. სასუქის მოვლა-მომზადება საფრანგეთში. მეურნე. 14 სექტემბერი
     

მეცხრამეტე საუკუნე ქართული ფემინიზმის ფორმირების პერიოდია. ფემინისტური მოძრაობა საკმარისად განვითარებული ჩანს, თუმცა პოლონეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან ქართველ დამკვირვებელს მოჰყავს ქალთა აქტიურობის ის მაგალითები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება პატრიოტიზმს და ეროვნულ გრძნობებს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართულ პრესის ფურცლებზე გამოჩენილი ორი პოლონელი ქალის საქმიანობა, საიდანაც ერთი უფრო ჰეროიკული და გმირული, პატრიოტული თავგანწირვის ნიმუშია, ხოლო მეორე იმპერიასთან რაციონალური და გააზრებული დაპირისპირების შემთხვევა. ამ შემთხვევებს ავტორი იყენებს საქართველოს ისტორიაზე დაკვირვებისთვის და საქართველოს წარსულში ეძებს იმ ქართველი ქალების საქმიანობის მაგალითებს, რომლებსაც შეიძლება ქართული ნაციონალიზმი დაეფუძნოს: „უცხო ანბავი არ არის ევროპაში, რომ ქალიც იდგეს თავის ძმა ქმარ მამებსა შორის ჯარში, რომ ქალი თვითონ იყვეს წინამძღოლად აღძვრილი ხალხისა, ქალი თვითონ იყვეს თავდარიგის დამჭერად და საქმეების განმგებელად. ჩუენშიაცა, საქართველოში იყო ქალი მეფედ და რომ თავისი სამეფო წესითა და კარგი დამწყობილობით სხუა სამეფოებთან შეათანასწორა და კიდეც იმაზედ უფრო გააძლიერა, ისე რომ საბერძნეთის მეფე ჩუენი ქალ-მეფის წყალობისა და მფარველობას ეძებდა და ყეენი და სხუა და სხუა ბექი და ხანები იმისს ფიქრსაც ვერა ბედავდნენ რომ რამე ეწყინათ ქართველებისათვის, არამცთუ ეეკლოთ და შემუსვრათ ადრინდელივით ქართველთ სახლ-კარი და ქუეყანა. თამარ მეფე ქალი თუ იყო, ყველა ჩუენ კაც-მეფეს არა სჯობდა. საქართველოს გარდა, სხუა ქუეყნებშიაც გამოჩენილან კარგი ქალ-მეფენი, და საქმე ეს არის, რომ თუკი ქალი დაჯდა ტახტზედ, სამეფოც გაძლიერდება, განათლებაც თან და თან უფრო შემოდის, ლიტერატურა მდიდრდება, ხალხიც კეთილმდგომარეობს.24“ ამდენად, ავტორი პოლონურ მაგალითს საკუთარი ისტორიის თვითრეფლექსიისთვის იყენებს.

 

24 რუსული გაზეთებიდამ. 1863. ცისკარი. N4

     
პოლონური ცხოვრებიდან და პოლოენლთა საქმიანობის მაგალითების გამოყენება ხდება არა მხოლოდ წარსულზე რეფლექსიისთვის, არამედ აწმყოში ქართველების ქცევის კრიტიკისთვის. ერთ-ერთ წერილში ქართველი დამკვირვებელი ალექსანდრე მეორის სიკვდილის შემდეგ ქართველებისა და პოლონელების მოთხოვნას ერთმანეთს ადარებს და აჩვენებს ამ მოთხოვნათა კონტრასტულობას ორი მშრალი ფაქტის გვერდიგვერდ განთავსებით:

„ჩვენ მივიღეთ პეტერბურღიდამ შემდეგი შენიშვნა:

„იმერეთის დეპუტაციამ პეტერბურღში, თ. ნ. წერეთლის წინამძღოლობით, სთხოვა გრაფ ლორის-მელიქოვს, რომ რადგან ზოგიერთ ჯარის ნაწილებსა და სამხედრო პირებს დაურიგეს ვენზელები, ეპოლეტებზე დასაკრავი მიცვალებულის იმპერატორის ალექსანდრე მეორის სახსოვრად, და რადგან ეს ვენზელები არ მიუციათ კანვოის იუნკერებისათვის და მდაბალი ჩინებისათვის, ამისთვის ამ პირთაც მიეცეს ეს ვენზელები. ჩვენი უმდაბლესი და უქვეშევრდომესი თხოვნა ეს არისო.

„პოლშელების დეპუტაციას უთხოვნია: ერობის (земство) შემოღება პოლშაში, ნაფიც მსაჯულების სასამართლოს დაწესება, სრული თავისუფლება სამშობლო ენისა პოლშურ სასწავლებლებში და პოლშის ლიტერატურის კათედრის დაარსება ვარშავის უნივერსიტეტში.“

***

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მედიაზე დაკვირვება გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს: შვეიცარია არის სახელმწიფო მოწყობის ის მოდელი, რომელიც ქართველებს საქართველოსთვის იდეალურად წარმოუდგენიათ, ხოლო, მეორე მხრივ, პოლონეთი რუსეთის იმპერიაში ქართველებისთვის არის რუსულ იმპერიასთან ბრძოლის იდეალური მოდელი. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ქართული ნაციონალიზმის ფორმირებაში პოლონეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს საკითხი კიდევ უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს.

წინამდებარე კრებულში ჩვენ შევეცადეთ თავი მოგვეყარა პოლონეთის შესახებ მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი სტატიისთვის, რომლებშიც პოლონეთი ნაციონალური დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქვეყნის მისაბაძ ნიმუშად არის წარმოდგენილი.

   

2 სამგზავრო წერილები

▲ზევით დაბრუნება


ნაკაშიძე პეტრე

სამგზავრო წერილები

წიგნი პირველი

მომილოცე. ძმაო, ცხოვრების გამოცვლა: მე ტურისტი შევიქენი. პოლშადგან ვაპირებ გერმანია გავიარო და პარიჟში მივიდე: აქედგან შუახმელეთის ზღვით იტალიაში შევივლი, ვნახავ სტამბოლს, მერე შავი ზღვით – ჩემს გურიას. – მოვალ ტფილისში, და გეტყვი: chez nous á Paris!.. მაგრამ სანამ მე შენ ამას გეტყვოდე, მინდა ჩემი მიმოგზავრობა შენს „მოამბეს“ ვუამბო, თუ კი მის მოსასმენლად ექნება მას დრო და ადგილი.

27 მარტს სალამაზედ პეტერბურღს მძიმედ თავი დავუკარი და გავსწიე ვარშავის რკინის გზის ვაგზალისკენ; გული რაღაცა სიამოვნებას ჰგრძნობდა, პირი რომ ევროპისკენ დავიჭირე. სანამ ვაგზლამდის მივიდოდი, თვრამეტი მღვდელი შემხვდა გზაში! შენ კარგად იცი, მე ამაოდ მორწმუნე არა ვარ, მაგრამ თვრამეტმა მღვდელმა კი ცოტა დამაფიქრა ... ძლივს ერთი ჩემთვისაც ღმერთმან სიკეთე მოინდომა, ვამბობდი ერთ კაცსავით, და ვაი, თუ ეგეც ჩამემწაროს, მეთქი! ვაგზალი სულ ერთიანად გაჭედილი იყო ჯარით, რომელიც მიდიოდა პოლშაში. ავიღე ბილეთი, და შეველ ვაგონში, ცოტა ხანს შემდეგ იწივლა თავისებურად და კიდეც დაიძრა ჩვენი ვაგონი; ხალხმა პირჯვარი გადიწერა.

ომიანობის მიზეზი იყო, თუ სხვა რასამე ჩემი მეზობლები ისეთი დაღონებულები იყვნენ, თითქოს, მკვდარს აცილებდნენ სასაფლაოზედ, ჩემს მარცხნივ ისხდნენ ხუთიოდე ყმაწვილი კაცები, – ერთ-ორ სიტყვას თუ წარმოსთქმიდნენ რუსულად, თორემ სულ ჩუმად ისხდნენ ერთად კუთხეში. არ შეიძლებოდა კი, იმ ერთ-ორ სიტყვაშიაც არ შეემჩნივა კაცს პოლშური კილო (აკცენტი). უეჭველია, ეგენი პოლშელები არიან, მაგრამ რუსულად რად ლაპარაკობენმეთქი, ჩემ თავს ვკითხავდი ძლიერ გაკვირვებული, პირველი ნახვა იყო ჩემგან, რომ პოლშელები ერთმანეთში თავიანთს ენას არა ხმარობდნენ. მათ მახლობლად ისხდნენ რამდენიმე ჩინოვნიკები სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურისანი. მთელი მარჯვენა მხარე კი სალდათებს ეჭირათ, და იმათ უშვერ სიტყვებს, ლანძღვას და გინებას არა ჰქონდა ბოლო. უარესი კამპანია აღარ შეიძლებოდა.

დავაპირე ზემოხსენებულ ყმაწვილებთან ლაპარაკი დამეწყო, მაგრამ კარგად რომ მოვიფიქრე – სიჩუმე ვირჩიე: ვინ იცის რა გვარ კაცად მიმიღებენ, მეთქი. ეჭვი და დაუნდობლობა მშვიდობიან დროსაც კი ჩვეულებრივი საქმეა ამ ქვეყანას, აღრეულობაში ხომ რაღა კითხვა უნდა. მე კი ისეთი ხასიათი მჭირს და, ვფიქრობ, სხვებიც ეგრეთივე ზნისა უნდა იყვნენ, – უცნობი კაცის ძრიელ მერიდება, სწორედ ვიტყუვი – მეშინიან. ფრიად შესაძლებელია, მაგალითად, რომ ვიღაცა გულმტკივნეული უცნობი, რომელსაც უნდა თავის ტკივილისგან მოვერჩინე, შემიყვანდა ვაგზლის ცალკე ოთახში და გამომკითხამდა მამაშვილურად სად ვმსახურობ და სად მივდივარ, – ძლიერ შესაძლებელია რომ მეორე უცნობიც და მესამეც – პატიოსანი და კეთილ მოსურნე ხალხი იყოს, მაგრამ ....

ვინ იცის? აბა „ეგ ვინ იცის“ ეგ ეჭვი და კაცზედ არ მინდობა, დაუმდებლობა კაცზედ არის მიზეზი, რომ ჩვენ მუდამ მტრების ბანაკში ვგრძნობთ ჩვენს თავსა და, რასაკვირველია, ვხმარობთ ყოველ ღონისძიებას, ცბიერებას და ათას გვარ ეშმაკობას, რომ არავის გევეთელინოთ. ჩემი ამორჩეული და საყვარელი იარაღი ამ შემთხვევისთვის გახლავს – სიჩუმე. დავჯდები ჩემთვის და ვარ ჩუმად, როგორც ფიჩხული. ყველა ჭკვიანი კაციც აგრე იქცევა. დიდმა საბერძნეთის ფილოსოფოსმა – ზენონმა განგებ მოიკვნიტა ენა, რომ ლაპარაკი არ შეჰსძლებოდა ერთის სიტყვით, – სიჩუმე, ფიჩხულობა დიდი რამ სასარგებლო ნიჭია და ტალანტი არის... მაგრამ ჩემი მკითხველი, ვატყობ, როგორღაც კეთილ-გულობით იღიმება და ფიქრობს: „ბიჭო, შენ სხვა თქვი რამე, თორემ რაც ფიჩხულობას და ენა კენეტიაობას შეეხება, შენი მოძღვარი ჩემი შაგირდი იყოო“. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თავსაც ვიმართლებ იმიტომ რომ ის ადგილი, რომელიც მე გამოვიარე რითიმე უნდა ამენიშნა; სხვა შესანიშნავი არა იყო რა, და ჩემი ბრალი არ არის თუ ფიჩხულობაზედ ლაპარაკი ჩამოვარდა. რა კი რომ ლიტვაში შევედით, ჩვენს ვაგონს პოლშელები თან და თან ემატებოდნენ, ასე რომ რამდენიმე ხანს შემდეგ პოლშელმა ელემენტმა ცხადათ აიღო უპირატესობა იმ პატარა სამეფოში, რომელშიაც ერთი მოქალაქეთაგანი იყო შენი უმორჩილესი მონა. გააბეს პოლშურ ენაზედ ლაპარაკი და დავი დარაბა. ჩვენს ვაგონს სიცოცხლე მოემატა, ასე რომ ჩემი მეზობელი – რკინის ფიჩხულიც კი გახალისდა და მოინდომა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ, რადგან იმან რუსული ენა ძრიელ ცუდად იცოდა და მე ნემეცური – უარესად, მთელი ჩვენი მუსაიფობა იმითი დაიწყო და გათავდა, რომ იმან მკითხა რუსულად: ნემეცურად ხომ არ თამაშობო, და მე ჩემი მწუხარება გამოუცხადე, რომ არა ვთამაშობ. ზემოხსენებული ყმაწვილი კაცებიც აჭიკჭიკდნენ, ახლა კი პოლშურ ენაზედ. ერთმა მათგანმა საათი ამოიღო გასაშინჯავად. მეც გავშინჯე ჩემი. – რამდენი საათია თქვენსაშიო, მკითხა. მე უთხარი რამდენიც იყო; ჩემი საათი ხარკოველია, განაგრძელა ყმაწვილმა კაცმა: და ცოტა წინაობსო. ამაზედ მე ვჰკითხე ცოტა რამ ხარკოვზედ, და ლაპარაკი გაიმართა. გამოდგა, რომ ეგ ყმაწვილი კაცები არიან პოლშელი სტუდენტები, ვინ ხარკოვისა და ვინ მოსკოვის უნივერსტეტებიდგან. სხვათა შორის ეს გავიგე მისგან, რომ ხარკოვში ერთს სტუდენტს – რუსს საშინლად გეველანძღეთ მასკარადში ჩვენ ქართველები. „ქართველები ბრიყვები არიანო“, წამოროშა თურმე. კარგი, რომ ერთს ამ დროს იქ მყოფს ახალ-გაზდა ქართველს ყური მოეკრა ამ ამბავისათვის და ძრიელ ენერგიულად წამოგვსარჩლებოდა, თორემ ამ გვარი სირცხვილის ჭამა მუქდად ჩაივლიდა. ამან დაუმტკიცა, თურმე ერთი თქვენი მოწონებული პრისტავული სილით სტუდენტს, რომ ის ძრიელ შემცდარა ქართველებზედ. ამაზედ ერთი დავი დარაბა მომხვდარიყო, ჩვენს მოსარჩლეს დაუპირეს თურმე მასკარადიდგან გამოგდება, მაგრამ, შენ არ მომიკვდე, ვერცა თუ გამოიყვანეს, ბევრი ბოდიშიც მოახდევინა თურმე იმავე სტუდენტს. დიდი ლეკი რამ ბიჭი ყოფილა!

ლიტვაში ცხადად გრძნობს კაცი, რომ სამხრეთისკენ არის. აქ თოვლი სრულებით დამდნარიყო და თფილი შუქი ჩამავალ მზისა მხიარულად მოჰფენდა ცოტათა კიდეც ამწვანებულ მინდვრებს და ფაქიზად დამუშავებულ ყანებს. შორს გორიზონტზედ მოჩანდნენ მთები და გაუვალი ტყეები.

„როგორ მოგწონს ჩვენი მამულიო, მკითხავდა ჩემი კომპანიონი: თქვენ კავკასს, რასაკვირველია, არ შეედრება, მაგრამ ამასაც თავისდა გვარი მშვენება აქვსო“.

- ქვეყანა ძრიელ კარგია, ვუპასუხე მე, მაგრამ ხალხი კი საცოდავია, რომ ასეთ უბედურებაში ჩავარდა ამ უკანასკნელ დროს, მეთქი.

- რა უბედურობაშიაო?

ამდენი სისხლის ღვრა და კაცის ჟლეტა მაშ რაა თუ არ უბედურობა და ღვთის წყრომა!

- ალბათ, ხალხი არა რაცხს მაგას უბედურობად, თუ ასე არა ზოგავს სიცოცხლეს საკუთარის თავისუფლებისათვის, მომიგო იმანა. განა არის ქვეყანაზედ იმისთანა ხალხი ან კაცი, რომელსაც არ ჰსურდეს კეთილი ცხოვრება? ყველას ჰსურს. მაგრამ ხალხიცა არის და ხალხიც. ზოგის სურვილი ისეთივე სუსტია და დამჭკნარი, როგორც თვითონ ხალხია გათელილი და წელ-მოწყვეტილი, ზოგს კი ამოდენად შერჩენია კაცობრიული გრძნობა, რომ მისთვის სიცოცხლე და კეთილ-ცხოვრება გაუყოფელია, ერთი უმეორედ იმისთვის მითამ არც კი ყოფილა, იმისთანა ხალხი კი სულ მუდამა დუღს. ან გულის წადილს აისრულებს, ან არა და იმ წადილსა ზედ შეაკვდება. ამასთანა ხალხს ვერაფრით ვერ შეაყენებს! შიშველის ხელით ზარბაზნებს შოულობს; „ვისაც აქვს ხელები, ამბობენ ინსერგენტები, ჯოხს იშოვნისო, ჯოხით – თოფსა და თოფით – ზარბაზანსაო. ისტორია და კაცობრივობა მარტო ამისთანი ხალხს ყურადღებას აძლევს და მკვდარ ხალხს კი უშვებს „დაფვლად თვისთა მკვდართა“. ვაგონი შედგა და მისმა კონდუკტორის ხმა „ვილნოს“ ხარკოველი სტუდენტი თავის ამხანაგებით აჩქარებით გავიდა გარეთ. „მშვიდობითო, მითხრა მან, როცა მეც კარში გამოველ; თქვენთვის მსურს კეთილი მგზავრობა და ჩემთვის კი სიცოცხლე კეთილ ცხოვრებიანი, ან სიკვდილი ვაჟ-კაცურია“. - სად მიდიხარ? ვკითხე მე გაკვირვებით.

- „დო ლიასე“. წარმოსთქვა ყმაწვილმა დაბალი ხმით და მსწრაფლ გაქრა ღამის სიბნელეში. მერე გავიგე, რომ „დო ლიასე“ ჩვეულებრივად ნიშნავს ტყეში შესვლას; მაგრამ ახლანდელ დროში კი აღრეულობაში გარევის მნიშვნელობა აქვს თურმე. ძრიელ მებრალებოდა უგუნური ყმაწვილი კაცი, მაგრამ რაღა დროს იყო! საკვირველია, რომ მთავრობა ამისთანა დროს სტუდენტებს პოლშაში წასვლის ნებას აძლევს!

ვაგზალში რომ შეველ, ერთი საშინელი აყალ მაყალი დამხვდა; შუა ზალაში იდგა ურია, რომელსაც შეუბრალებლად სცემდნენ სალდათები და სთოკავდნენ. გამოდგა, რომ ამ ურიას სამასი თოფი წამოეღო პეტერბურღიდგან ინსურგენტებისათვის ვილნოში. ის იყო ფიქრობდა უბედური, – ეს არი გადავრჩიო, და კიდეც სტაცეს ხელი. ურიები მაინც რაღამ გააგიჟა მეთქი, ვფიქრობდი ჩემ თავად.

ვილნოდგან ვარშავამდის ინსურგენტებმა რამოდენჯერმე აგვიხსნეს წინ რელსები, მაგრამ ჩვენი კისრების საბედნიეროდ დროზედ ვტყობულობდით ხოლმე. ჭირს კი მაინც ვერ გადავურჩი, – ლაპის სტანციაში (ვარშავიდგან ასს ვერსტზედ) ვეღარ მოვასწარ შესვლა ჩემს ვაგონში, ისე გამიფრინდა წყეული თვალ წინ. მეტი გზა არ იყო უნდა მომეცადა მთელი 24 საათი. ლაპის სტანცია ერთი იმ უდაბურ ადგილებთაგანია, არ ვიტყვი, არ იყოს ცოტაოდენ სასიამოვნო და, თუ გინდა პოეტიკურიც. მაგრამ ღმერთმა დაიფაროს ოცდა ოთხი საათით იქ დარჩენა! ერთი ადამიანი არ იყო, ხმა გამეცა. კონდუქტორები და მაშინისტები, რომლებიც შეადგენენ ეხლანდელს ჩემს საზოგადოებას – ყველანი პოლშელები იყვნენ და არც რუსული ენა იცოდნენ და ამას გარდა როგორღაც ისე გვერდულადაც მიყურებდნენ, რადგან რუსი ვეგონე, რომ მე თვითონ არ მინდოდა მათთან ლაპარაკი. დიდ ხანს ვიყავ ფიჩხელივით, სანამ ერთი კონდუქტორი რუსი არ გამომიჩდა. ამან შემომჩივლა თავის უკმაყოფილება პოლშაში ცხოვრებაზედ და დიდის სიამოვნებით იგონებდა საქართველოს, სადაც ყოფილიყო რამოდენიმე წლის წინათ, ამაზედ მე განუცხადე ჩემი ქართველ-შვილობა. და, უნდა გენახა რა ნაირად ესიამოვნა მას და იმავე დროს რა ნაირად უკვირდა ჩემი ნახვა, რამდენ- იმე მინუტში მთელმა საზოგადოებამ გაიგო ჩემი ვინაობა და მაშინ კი სულ სხვა თვალებით დამიწყეს ცქერა. ყურადღებას და პატივის ცემას, რაც შეეძლოთ, არ მაკლებდნენ: მიშოვნესერთი-წმინდა-ოთახი სუფთა ქვეშაგებითა, რომელიც მაშინ ჩემთვის დაუფასებელი ნივთი იყო.

ცუდი ხალხია პოლშელებიო, მეუბნებოდა ჩემი რუსი: ამათთან ბოროტს და დაუმორჩილებელს ხალხს სხვას ვერ ნახავ, – დიდი და პატარა – ყველა ტყეში მიიწევს. რა უჭირდათ, მაგალითად, მაშინისტებს ტყეში წასასვლელი? უფრო ბევრი ნაწილი მათგანი პოლკოვნიკის და ღენერლის ჯამაგირს იღებდა, არა, დაჰკრეს ბატონო ფეხი და სულ ერთიანად ტყეში შეცვივდნენ. მხოლოდ ეს კი არი იმათში საკვირველი, რომ ერთმანეთში დიდი ერთპირიანობა და სიყვარული აქვთ

... აქაური მებატონეები ყველანი მუხანათობენ მთავრობის წინაშე, ცხადად უჭირავთ ინსურგენტების მხარე და აძლევენ შემწეობას, ვისაც როგორ შეუძლია: დაფიცებული მაინც არ იყვნენ! ამბობდა გულ მტკივნეულად ჩემი რუსი: ამას წინეთ ერთს აქაურ მეზობელ შლიახტიჩს თავის საკუთარს სახლში დაემალა რამოდენიმე ინსურგენტები; ჩვენმა კაპიტანმა წაიყვანა ჯარი და დაეცა მას თავს. თვითონ სახლის პატრონი ავად ყოფილიყო, დედა-კაცმა კი უარი უთხრა ინსურგენტების გამოჩენაზედ; ამაზედ ამათ ძალა იხმარეს; ქალმა რევოლვერს ხელი გაისვა. რაღა კითხვა უნდა, სალდათებმა შტიკებით ასწიეს გიჟი დედა-კაცი და არც საკვირველია, თუ ისე გასისხიანდნენ, რომ აღარავინ დაინდეს და სულ ერთიანად ამოსწყვიტეს, ვინც კი სახლში იპოვეს. ყველაზე უფრო გასაოცარი აქაური ღვდლები არიან; რამდენს მათგანს იჭერენ და ემუქრებიან, მაგრამ ისინი თავიანთს მაინც არ იშლიან, – დადიან სოფლიდგან სოფელში და ჰქადაგებენ ომს და თავის უფლებას ... „ჩემი მემუსაიფე მეტად სიტყვის მოყვარული კაცი იყო, და არ ვიცი, რომ არ დამძინებოდა, როდის გაათავებდა თავის არა მკითხე მოამბეობასა“.

მეორეს დღეს დიდის სიამოვნებით გამოვეთხოვე ლაპის სტანციას. ახალი ჩემი კომპანია შესდგებოდა სულ აფიცრებისგან. ის იყო, გადეხადნათ რამდენიმე ომი პოლშელებთან, ერთს მათგანში ბევრი ინსურიგენტები დაეხოცათ, სხვათაშორის, მათი უფროსი – რილსკი, რომელიც იყო აღზრდილი პარიჟის საარტილერიო შკოლაში და რომლის ნიჭს და ვაჟ-კაცობას ძრიელ აქებდნენ. მეორე პარტიის უფროსი – როგოვსკი ტყვეთ შეეპყრათ. ეს ყოფილიყო სულ ყმაწვილი 20 წლის კაცი, მაგრამ ფრიად განვითარებული საომარ ხელოვნებაში (გარიბალდის ადიუტანტობის დროს), ნიჭიანი, ვაჟ-კაცი და ამასთანავე გასაოცარ მშვენიერების პატრონი, „ჩემს დღეში არ მინახავს კაცი ასე სრულად შემკული ყოველივე კეთილის ნიჭითო, ამბობდა ერთი აფიცერი, ცოდვა კია, რომ მაგისთანა კაცმა სახრჩობელაში უნდა გაჰყოს თავიო.“

სისხლი ბევრი იღვრება, გამარჯვება სულ რუსებს რჩებათ; მაგრამ აღრეულობა კი პოლშაში არ კლებულობს. პირველთაგანი მიზეზი ამის ის არის, რომ ინსურგენტების ძალა პატარ-პატარა პარტიებად გაჰფანტულია მთელს მხარეში, რომლის ადგილ მდებარეობა იმათ ძრიელ კარგად იციან და რომლის ვრცელ ტყეებში მდევარს ადვილად ემალებიან, ომს ერიდებიან, თუ არ აუცილებელ შემთხვევაში, როცა წასასვლელი გზა აღარ დაურჩებათ ხოლმე. ხან და ხან თვითონაც დაეცემიან ხოლმე რუსებს, თუ კი თავის საკბილოდ შეხვდნენ სადმე და თუ გამარჯვების იმედია. ამ გვარი ომი ვითომც იმისთვის ამოერჩიათ იმათ, რომ ელიან თურმე მთელი მხარის ადგომას, მეტადრე თოფების შოვნას, რომლის ქონება პოლშაში აკრძალული იყო და რომლის სამაგიეროდ ახლა თითქმის ცულებს და ცელებს ხმარობენ. მაგრამ რაც უნდა მოჰდეს, დარწმუნებული უნდა იყო, რომ პოლშის საქმე წასულია ხელიდგან. რუსების ძალას აუარებულია, და მტრებს დაუსჯელად არ გაუშვებს.

ვარშავის ერთს უკანასკნელსაგან სტანციაში დამხვდა ერთი მშვენიერი პოლშელი ქალი რესტორანის პატრონი. მისს თავისუფალი ლაპარაკს, ყოფა-ქცევას, ყმაწვილური სიმხიარულეს არ შეიძლებოდა არ გეეხალისებინა კაცი. მგზავრობაში ლამაზი ქალის ნახვას სულ სხვა სიამოვნება აქვს, ასე რომ ერთმა ჩვენთან მომგზაურმა აფიცერმა ისე შეტოპა პოლშელი ქალის ეშხში, ცოტა გაწყდა ხელი არ სთხოვა სამუდამოდ. მე თუმც ხელი არ ვსთხოვე, მაგრამ სამაგიეროდ ერთი დიდი სტაქანი პიკა დავლიე მის სადღეგრძელოდ. ვსწუხვარ კი, რომ ქალმა არ იცოდა, თუ რა დიდი სხვერპლი იყო ეგ ჩემგან, რადგან მე პიკო ძრიელ მძულს და თუ არ დიდის ეშხის გამოსაცხადებლად, და ტრფობის აღტაცებისგან ვერც შემიძლიან დავლიო. ამ დროს გარეთგან მოისმა ერთი რაღაც ხმაურობა „დაიჭირეთ, შეუკარით ხელებიო“, ბრძანებდა ვიღაცა, გაველ კარში; ერთი ყმაწვილი თხუთმეტიოდე წლის კაცი ეჭირათ სალდათებს და უკრავდნენ მხრებს. მზისგან დამწვარი, მაგრამ ლამაზი და თამამი სახე, რომელზედაც ეტყობოდა ძლივს შესანიშნავი ღიმილი, და თითქმის კოხტური ტანისამოსი მისი ახირებულად ეწინაამდეგებოდა იმ ყოფას, რომელშიაც იყო ჩავარდნილი ყმაწვილი კაცი. ვინ არის მეთქი, ვიკითხე. ვინ იცის, პაშპორტი არა აქვს და ალბათ ინსურგენტებთაგანი უნდა იყოსო, მითხრა ვიღაცამ. ამაზედ მე ჯიბეებს ხელი გავისვი პაშპორტის მოსაძებნად – სანამ ვიპოვნიდი, მწუხარების ოფლმა დამაყარა შუბლზე.

პაშპორტი! გესმის, ეს რა სიტყვაა, მკითხველო, გესმის მთელი აზრი ამ სიტყვისა? შენი არ ვიცი, და მე კი კარგად მესმის. მე ჯერ სულ პატარა ვიყავ – პანციონერი, როდესაც ხატივით დამქონდა ხოლმე ეგა გულზედ ზევიდან მესამე და მეოთხე ღილებს შუა გარჭობილი, და ახლა, რასაკვირველია, უფრო მესმის მისი ფასი და სარგებლობა, ვინ მოსთვლის, რამდენ ჭირისაგან მე მაგას დაუხსნივარ! მე ვერ წარმომირდგენია, თუ რა საბრალო იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ღმერთს რომ პაშპორტი არ გაეჩინა! ამბობენ ვითომც ანგლიაში, ამერიკაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, შვეციაში და უკანასკნელ დროს ისპანიაშიც უპაშპორტოდ ცხოვრობდნენ კაცები; მაგრამ მე მაგას არას ოდეს არ დავიჯერებ; უთუოდ აქ რომ ფოკუსი უნდა იყოს, – ხომ მოგეხსნება, თუ რა ფოკუსნიკები არიან ზემო ხსენებული? აბა უპაშპორტოდ ცხოვრება გაგონილა სადმე თუ არ იმ ზემოხსენებულ ურჯოლოების ქვეყნებში?

ძრიელ მებრალებოდა საწყალი უპაშპორტო ტყვე: ის მეტად ყმაწვილი იყო იმ საქმისთვის, რომელსაც მას სწამობდნენ; მაგრამ ესეც კი უნდა თქვას კაცმა, რომ ხალხისგან სულ ყველაფერი მოსალოდნელია. ამას წინათ ერთი ცხრისა თუ ათის წლის ყმაწვილი იდგა ჩემ წინ ვაგონში და დიდის ყურადღებით ჰშინჯავდა გარშემო ტყეებს.

- ტყეში ხომ არ აპირებ წასვლას? ვკითხე.

- დედა არ მიშვებს, მითხრა მან.

- თუნდაც რომ გაგიშვას, განა წახვალ? მეთქი.

-ა იკჟე*! (მაშ არა? )წარმოსთქვა ყმაწვილმა ისეთის სახით, რომ აღარ ვიცოდი რაღა მეთქვა.

ღრმა მწუხარების ფერი ადევს ვარშავას, ქალაქი – დიდიდგან პატარამდის გლოვაშია და შავებში. აქ კაცის სახეზე ღიმილს ვერ დაინახავ; თეატრი და სხვა და სხვა შესაქცევები, რომლის დიდი მოყვარულნი იყვნენ უწინ პოლშელები, ახლა აღარ არსებობენ. ყმაწვილ კაცობა ვარშავაში აღარ მოიძევა; ერთს ორს ახალ გაზდა კაცს თუ შეხვდები სადმე, ისინიც, ისე დამწვარნი არიან მზისგან და ისე ეხვევიან და ჰკოცნიან თავიანთ ნაცნობებს, რომ უფრო ტყიურ სტუმრებს ჰგვანან, ვინამ ვარშაველ მცხოვრებსა.

31 მარტისათვის, ამბობდნენ, ვარშავაში პოლშელები რევოლუციას აპირებენო, და დიდი მზადებაც იყო მთავრობის მხრიდამ, მაგრამ ამისთანა ამბვების დაჯერება ძრიელ ძნელია იმ დროს, როდესაც სავსეა ქალაქი ჯარით და ამას გარდა ზედ თავს დაჰყურებს საშიშარი ციტადელი, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია მტვრად წაიღოს მთელი ქალაქი.

პეტრე ნაკაშიძე.

ვარშავა.

 

საქ. მოამბე. – ტფ., – 1863. – ¹7. – გვ. 41-50.

3 პოლშელებს ხელ-ახლა განუზრახავთ ადგომა პოლშაში

▲ზევით დაბრუნება


პოლშელებს ხელ-ახლა განუზრახავთ ადგომა პოლშაში

„ვარშავის დნევნიკში“ არის დაბეჭდილი ერთი სტატია, რომელიც არის შედგენილი პოლშის სამეფოს ღენერალპოლიცმეისტრის ანგარიშიდამ გამოკრეფილის ცნობებითა.

აი, რა სწერია იმ სტატიაში. „1864 წელს 24 ივლისს შეიპყრეს „ჟონდისნარო დოვის“ (სახალხო მმართველობის) დიკტატორი რომუალდი ტრაუგუტი, რომელიც წინათ ემსახურებოდა რუსის მთავრობას და ჰქონდა პოლკოვნიკის ჩინი; იმავე წლის დეკემბერს შეიპყრეს ქალაქის ვარშავის სარევოლუციო უფროსი ალექსანდრე ვაშკოვსკი, რომელიც იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი. ამ გვამების შეპყრობის შემდეგ მთელს პოლშის სამეფოში მოისპო რევოლუციური დაწყობილება, რომელიც იყო დამყარებული პოლშის წინანდელს ადგომის დროს.

თუმცა ბევრი იმისთანა პირები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ პოლშის ადგომის დროს, დარჩნენ კიდევ ხელმოუკიდებლათ, მაგალითად მღვდელი ბრჟოსკო, მაგრამ იმედი იყო, რომ ესენი მაინც ვერას გაარიგებდნენ. ამისთვის რომ სამხედრო პოლიციის მმართველოობა ისე გაფრთხილებული იყო, რომ საცა რაიმე მთავრობისადმი წინააღმდეგობა გაიჩუჩუნებდა, იმავე წამს ქორივით თავს დაეცემოდა და ძირში ამოფხვცრიდა.

მაგრამ რამდენადაც უფრო მკვიდრდებოდა ამ მხარეში, იმდენათ უფრო მომჭირნეობით მოქმედებდნენ და მღელვარებას მიეცემოდნენ პოლშელი პატრიოტები, რომლებიც გავიდნენ ევროპაში. ამ გასულს კაცებს უწოდებენ ემიგრანტებად და იმათ საზოგადოებას – ემიგრაციას. ემიგრაცია თავს არ ანებებდა იმ ზედ-მოქმედებას, რომელიც იმასა ჰქონდა 1830 წელს იმ გაცალკევებულს პროვინციებზედ, რომელნიც ეკუთვნოდნენ პოლშის სამეფოს. პოლშელი გაზეთები ყველა ერთის ხმით უქადაგებდნენ ხალხს რესებისადმი სიძულვილს და ამასთანავე მოუწოდებდნენ წვალებულს პოლშას იმ განწყობილს შრომისათვის, რომელსაც, იმათის სიტყვით, უნდა განემზადებინა პოლშა ხელ– ახლა ასადგომად.

ამ აზრს უფრო ნათლად ხსნიდა ერთი ბროშურა, რომელიც აღიბეჭდა ლეიფციხში ამ გვარის ზედ-წარწერილებით: „ყველა პოლშელებს“.

ეს ბროშურა მიიქცევა პოლშელებისკენ და სხვათა შორის აი, რას ამბობს: „გულგავსებულნი სარწმუნოებითა ჩაესწერთ ჩვენს (ესე იგი პოლშელების) სახელს საზოგადო შეთქმულობის უხილავს ფურცელში, რომელიც არის შედგენილი ჩვენის მტრის წინააღმდეგ; დადუმდეს იმათი ბაგე, რომელნიც ამბობენ, რომ პოლშაში აღარ მოხდება ადგომა ხელ-მეორედ. არა, ჯერ არ გათავებულა! და არც გათავდება განდგომილება, მინამ ჩვენს მტერს არ დავსძლევთ; ძლევა შეგვიძლიან დავიმსახუროთ შრომით, ბრძოლით და მრავლის მსხვერპლითა“ – ასე ამბობს უხილავი ავტორი ზემოხსენებულის ბროშურისა.

ერთი პოლშელი გაზეთი (Ончизна) კიდეც ურჩევს რევოლუციურის შკოლის დაარსებას, რომ ამ შკოლამ კეთილათ წარმართოს განდგომილება, რომელიც უნდა მოხდეს შემდეგში.

ემიგრაციამ იკისრა თავის თავზედ, რომ მიუცილებლად მოახდინოს შემდეგში განდგომილება. ამ განზრახვით ის განაწილდა მრავალს რევოლუციურს წრეებად.

ერთის სიტყვით უკანასკნელი ემიგრაცია თავის მოქმედებით ბევრში ემზგავსება იმ ემიგრაციას, რომელიც მოქმედებდა 1830 წელს. ახალი პოლშის ემიგრაცია

პოლშის მთავრობა დიდის მეცადინეობით მოქმედებდა და იმას მაგრა და დაუღლელად ეხმარებოდა სამხედრო პოლიციის მთავრობა, რომ ორთავეს ისევ დაემკვიდრებინათ დროებით დარღვეული წესი ამ მხარეში. ამის გამო ძლიერ გამბედავათ და მოუსვენებლად მოქმედნი პირნი მთავრობის წანააღმდეგ ვეღარ დადგნენ პოლშის სამეფოში და გავიდნენ ევროპაში.

თავდა-პირველად ისინი ბინავდებოდნენ პრუსსიის და ავსტრიის საზღვრებში; მაგრამ რაკი გალიციაში სამხედრო პოლიციის წესი მიიღეს და რაკი პრუსსიაში პოლიცია მეტის-მეტად გაფრთხილდა, ისინი წავიდნენ ევროპის დასავლეთით და სამხრეთით, 1864 წელს იმათ ზოგიერთს მხარეში მიეგებნენ უკმაყოფილოთ და ამისგამო მოგროვდნენ ფრანციაში და შვეიცარიაში.

ახალს ემიგრაციაში იგივე განხეთქილება დამყარდა, როგორიც არსებდა 1830 წლის ემიგრაციაში. ის განიყოფება ორ პარტიად, რომელნიც აზრით ერთი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. დემოკრატიული, ანუ წითელი (красный) და კონსერვატო-კლერიკალური, ანუ თეთრი.

ამ ორს პარტიებს შუა შეურიგებელი განხეთქილებაა. თითო ამ პარტიათაგანი დაიყოფება ურიცხვ განკერძოვებულ წრეებად, რომლების ჩამოთვლა შეუძლებელია და ამისგამო უფრო გამოჩენილს წრეებს დავასახელებთ.

წითელი პარტიის მოთავენი არიან ძმურის შემწეობის საზოგადოება: ამის წარმომადგენელი: ვალერი ტომჩინსკი, კსენძი (მღვდელი) კარლოს მიკოშევსკი, დე-ჟან-ვოლსკი და ბადომსკი.

სამხედრო საზოგადოება. ეს არის შედგენილი რუსის ჯარის აფიცრებისგან; და იმათი თავს მჯდომარენი არიან ვლადისლავი პოროგჟელსკი, ესტატე რიძეევსკი და გენრიხი მაევსკი.

სამხედრო შკოლა, რომელიც საიდუმლოდ დააფუძნა ზაბელსკიმ პარიჟში.

დემოკრატიული საზოგადოება, რომელსაც თავსმჯდომარეობს ძველი მერევოლუციე ლუდვგ მეროსლავსკი. ამ გვამის შუამავლობით ძველი ემიგრაცია შეკავშირებულია ახალთან.

პოლშის რევოლუციური კერა (очагъ). ესწ საზოგადოება არის ნაწილი საყოველთავო ევროპის რევოლუციურის საზოგადოებისა, რომელსაც აქამომდე ერქვა „ხალხების-საურთიერთო რევოლუციური საზოგადოება (международное революціонное общество).

ამ საზოგადოების კამიტეტი არის ლონდონში და შედგენილია წითელის გვამებისგან: ზენკოვიჩისგან, ბულევსკისგან, ბობროვიცკისაგან, ბოჟესლავსკისგან, ლონდონის ბანკირის ტაილორისაგან და სხვებისგან.

ეს საზოგადოება ყველაზედ უფრო სასაშიროა. იმას თავისი გაზეთი აქვს გამართული ლონდონში. ამ გაზეთს ჰქვია „ლოს Volay” და იმის რედაქტორობას ასრულებს ლიტერატურული კამიტეტი, რომელსაც თავს მჯდომარეობს ემიგრანტი მაზურკევიჩი.

ზოგი ამ საზოგადოების წევრები შეერთდნენ შვეიცარიაში მობინავე ემიგრანტებთან და შეადგინეს საზოგადოება საიდუმლო ცეცხლის-მომკიდებლებისა.

თეთრს პარტიას შეადგენენ,

1) ერთიერთმანეთის შემწე საზოგადოება, რომლების მოთავენი არიან: სამსახურიდამ გამოსული პოლკოვნიკი რუსის ჯარის უმთავრესის შტაბისა (генеральный штабъ), ედმინდი როჟიცკი, მებატონე სვენტორჟეცკი, თავისუფალი მოვარჯიშე ექიმი დღუსკი (იაბლონსკი), გაქცეული აფიცერი ტყის-მზრუნველობის კორპუსისა ერუბლევსკი და ალექსანდრე ბერნაევსკი, რომელიც იყო ვარშავის საექიმო აკადემიის სტუდენტი.

2) სადიპლომატო კლუბი შემდგარია იმ პირებისგან, რომელნიც ძლიერ გამოჩენილნი არიან თავის სახელით და შემძლეობით. იმათში განსაკუთრებით შესანიშნავნი არიან ვლადისლავი ჩარტორიჟსკი, ვლადისლავი ზამოისკი, დოქტორი სევერინი ბალენზივსკი და სხვები.

3)უწინდელის ჟონდის წევრების საზოგადოება, რომელიც შეადგინეს იოსებმა იანოვსკიმ, ვაცლავმა პრჟიბილსკიმ, იოსებმა ბალენზოვსკიმ, უმთავრესის შტაბის აფიცერმა და გალიციის სეიმის თავს მჯდომარის შვილმა – თავადმა ალექსანდრე საპეგამ.

4) პოლშელის კსენძების საზოგადოება. იმას ეკუთვნიან ის კსენძები (მღვდლები), რომელნიც მოქმედებდნენ წინანდელს განდგომილების დროს. ისინი არიან: ბერი პასპერი პოტკოვსკი, ლევ კოროლეც, ტანსკი, ჟულინსკი და სხვები.

პოლშელების თავგანწირულობამ იმდენზედ მიაღწია, რომ ეგნატე ვისოცკიმ პარიჟში დაარსა „მცველი საზოგადოება“. ამ საზოგადოების ყოველმა წევრმა კვირაში მიუცილებლად ერთს დღეს არაფერი არ უნდა სჭამოს. ფული, რომელიც ამ ერთის დღის უჭმელობით მორჩება, უნდა შეიტანოს ყოველმა წევრმა საზოგადოების ხაზინაში იმ განზრახვით, რომ მომავალს ადგომის დროს ამ ფულით სულ სამხედრო იარაღი იყიდონ.

დროება. – 1866, – 28 ოქტომბერი. – ¹35. – გვ. 4

4 პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკა

ფრანცია. ჟენევის სამშვიდობო კონგრესის წინააღმდეგ პასუხი, მიწერილი უფ. მიცკევიჩისგან. გამოჩენილის პოლშელის პოეტის მიცკევიჩის შვილმა, უფ. ვლადისლავ მიცკევიჩმა მისწერა ჟენევაში რომ მშვიდობიანობის მოყვარეთ კრება შეგროვდა, იმას ქვემოხსენებული საწინააღმდეგო პასუხი: „კაცობრიობის უპირველსს საწადელათ მაშინ უნდა გახდეს მშვიდობიანობა, როდესაც ის იქნება დამყარებული სამართალზე. ერთი ვიკითხოთ, ახლა რა სუფევს ქვეყანაზე,

– სამართალი, თუ სამართლოება? როდესაც ხალხი დესპოტობით დაჩაგრულია, ნუთუ გაჰხედავთ იმას უპასუხოთ, რომ თქვენ ნება არ გაქვთ დესპოტობის წინააღმდეგ აღიჭურვოთო? ვის შეუძლიან ხალხს უთხრას, რომ შენ სიმართლე არა გაქვს, რომ შეიარაღდეო უცხო ქვეყნების გასადევნათ შენი ქვეყნიდგან? ამ მიზეზით პოლშელებს ნება აქვთ ეწინააღმდეგონ ახლანდელს მშვიდობიანობას, რადგან პოლშა ამ ჟამად ბევრს გვარს შევიწროებას ითმენს: იმას დევნიან, სარწმუნოებაში, პოლიტიკურისა და სოციალურის მხრივ; ამასთანავე ის განაწილებულია. პოლშის მეგობრები სწუხან იმის უბედურებაზე. მტრებს უკვირთ იმის ახოვნება, ყველა გრძნობს, რომ ის მართალია ამ საქმეში. ვაი პოლშის ბრალი, რომ საქმით მართალია, მაგრამ ძალა კი არა აქვს, რომ თავის საქმე მოიგოს. ნეტავი მოგვცა იარაღი! საუბედუროთ იარაღის მაგიერათ თქვენ თქვენი თეორიებით იმათაც უშლით, რომლებსაც შეუძლიანთ ჩვენი მოხმარება. ნუთუ გგონიათ, რომ პოლშის მტრებს იარაღს დააყრევინებთ თქვენი ფუჭის მჭევრ-მეტყველობითა. ქვეყნიერება გარინებულის აზრებით არ განიგება. აზრი თავისთავად ნამდვილს ცხოვრებაში გზას ვერ გაიკვლევს. იმის დასამყარებლათ საჭიროა სხეულ მოსილი კაცები, რომლებსაც ტანში სისხლი უჩქეფავს. სამართლის დაცვა მახვილით უნდა. ამჟამად მართლა მშვიდობიანობაზე კი არ უნდა ლაპარაკი, არამედ უნდა ვიქადაგოთ საჯვაროსნო ომზე, რომელმაც უნდა გამოიხსნას ყველა ხალხობა, რომელიც კი სხვა ხალხისგან დამონებულია. ერთხელვე უნდა აღიძრას ამისთანა საჯვაროსნო ომი, და რომელი მთავრობაც ამისთანა ომს უსუსტებს, ის კიდეც უნდა გამოიცვალოს ხოლმე. მინამ პოლშა კარპატის მთებიდგან მოკიდებული დნეპრამდე ისევ არ აღდგება თავისს უწინდელს საზღვრებით, მანამ ვერავინ იტყვის, რომ ევროპაში მტკიცედ იყოს მშვიდობიანობა დამყარებული. პოლშის აღდგინება მხოლოდ იარაღით შეიძლება. თქვენ თუ ფილოსოფურის და კაცთმოყვარულის აზრით ხართ განათლებული, მიუცილებლად პოლშას იმედი ექნება , რომ იმისი სახელი წარმოითქმება პირველათაც და ბოლოსაც ყველა თქვენს სიტყვებში. პოლშას იმედი ექნება, რომ თქვენს მსჯელობაში ის პირველ საგნათ გახდება: თქვენ ხელახლა შეაჩვენებთ იმ სამს სახელმწიფოს, რომლებმაც ასე უწყალოდ გაინაწილეს პოლშა ერთმანეთში. თქვენ სასირცხვოთ დასახავთ ევროპის წინ რუსის მთავრობას და ყველა რუსებს, რომლებსაც პოლშის განაწილება მოსაწონ საქმედ მიაჩნიათ; თქვენ მაგრად მოითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ იარაღით იმოქმედონ ყველა მმართებლობაებმა და ყველა ხალხებმა, რომლებიც კეთილის ნებით აღვსებულნი არიან, რომ ლიტვა გამოჰგლიჯონ ხელში რუსებსა, რომ პოლშის მიწა განსწმინდონ ყველა მართლმადიდებლის რუსისგან, ისე როგორც თქვენ უნდა მოითხოვოთ გერმანიისგან, რომ იმან შეინანოს პოზნანისა და პრუსიის პოლშის შერაცხვა გერმანიის კავშირში.

ბოლოს, თქვენ გამოაცხადეთ, რომ გერმანიის ხალხს მხოლოდ მაშინ შეუძლიან იმედი ჰქონდეს ყველა მხარეს პატრიოტების და ლიბერალების თანაგრძნობაზედ, როდესაც ის უარჰყოფს კავშირსა რუსეთთან და პოლშას მიაგებს სრულს სიმართლეს. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ თქვენი ყოველი მეცადინეობა დარჩება უნაყოფოთ და თქვენგან მონდომებული მშვიდობიანობა მარტო ოცნებათ შეიქნება; თუ ჩქარა საჯვაროსნო ლაშქრობა არ გაიმართება რუსეთის უკანდასაყენებლათ, თქვენ დარწმუნებულნი იყავით, რომ რუსები უთუოთ დაიჭერენ კონსტანტინეპოლს, ჟენევას, ლონდონს, პარიჟს...

დროება. – 1867. – ¹38. – გვ. 2-3.

5 მოკლე შენიშვნები სამზღვარგარეთიდამ ტფილისიდამ გრაკოვამდინ

▲ზევით დაბრუნება


ქართველი მგზავრი [ნიკო ცხვედაძე]

მოკლე შენიშვნები სამზღვარგარეთიდამ ტფილისიდამ გრაკოვამდინ

I

ევროპიელების ცხოვრების თვალით ნახვა, მათის აზროვნების და მოქმედების გაცნობა, ერთის სიტყვით, მათის ცხოვრების ჩალხის ტრიალის ახლო ცქერა ვის არ სურვებია და არა სსურს ჩვენში? ვის არ უფიქრნია მაზე და კიდევაც არ უნუგეშნია თავისა თავი, რომ როდესმე მოესწრობა ამის აღსრულებას? აგრეთვე ვინ არ იცის, რომა როდესაც კაცი უახლოვდება თავის გულის წადილის აღსრულების დროს, მაშინ ის ხდება მოუთმენელი და, ასე გაშინჯეთ, იწყებს დღეების და საათების ანგარიშსაც კი?! სწორეთ ასე მომივიდა მე, როდესაც დაჭეშმარიტებით გადავწყვიტე დასავლეთის ევროპისკენ წამოსვლა. რამდენიც აქ წამოსასვლელი ვადა მიახლოვდებოდა, იმდენი უფრო მოუთმენლობა მაწუხებდა და ჩემს თვალში თითქმის დღე და საათი მატულობდა. ჩემს ამ გვარს მდგომარეობას მოეღო ბოლო და ივნისის ორს, პარასკევ დილით, გამოვედი ვაგზალში, სადამდინაც გამამაცილა ერთმა ჩემმა ნამდვილმა მეგობარმა. ორთქლით მავალი მაშინა მალე დაიძრა თავის ადგილიდამ და ერთი კიდევ დაუქნიეთ თავი ერთიერთმანეთს მე და ჩემმა მეგობარმა, რომლის სახეზედაც ამ ჟამათ ნათლად იყო წაწერილი: „მიხარიან, რომ შენი სურვილის აღსრულების კარის ბჭეში დგეხარ. წადი იმგზავრე; ჩვენის კაცისათვის საჭიროა სხვა ხალხების ბედ-იღბლის ადგილობრივი გაცნობა“.

***

ტფილისიდამ ავსტრიის სამზღვრამდინ შვიდი დღე ვიმგზავრე და ამ ხნის განმავლობაში ვნახე მრავალი სხვა და სხვა სურათები, რომლებიდგანაც მხოლოდ ზოგიერთებს დაუხატავ მკითხველს. აი მირბის რიონის ვაკეში ორთქლით მავალი მაშინა და მიჰყავს სიჩქარით მასზე აკონწლილ ვაგონებში მსხდომნი, რომლებშიაც სხვა და სხვა ჯურის ხალხია; მაგრამ ამათში ძრიელ ერჩევიან მეგრელები და იმერლები. აბა შეხედეთ ერთ ყმაწვილ კაცს, ტანოვანს წვერ-ულვაშით შემოსილს, თავით ფეხამდინ შეიარაღებულს, მომავალს იმ გვარათ, თითქო ამბობსო: „ეჰ, განზე, თორემ გაგაპობ“. აი კიდევ მეორე ტანოვანი, ხანში საკმაოდ შესული, თეთრის გრძელის წვერით დამშვენებული, მავალი იმ გვარათ, თითქოს ეპარება ვისმეო. აი კიდევ მესამე ახმახის ტანის პატრონი, წვერ-მოპარსული, თავ-მოტვლეპილი, მაგრამ დიდის ულვაშით დამშვენებული, მშვენივრად შეიარაღებული, მაღალ ხმით მოლაპარაკე, თითქო უწყრება ვისმეო და კიდევ სხვა მრავალნი, რომელიც ნაკლები არ არის თავისის წარმოსადეგობით აღწერილ პირებზე. ახლა ყური დაუგდოთ ამათ ლაპარაკს; მე თქვენ გითხრათ, ენა წამოუბორძიკდებათ. ამათ ლაპარაკს რომ კაცი უცქერის, ასე ჰგონია, რომ სამჯავრო ყრილობაში ანუ უკეთ ვსთქვათ პარლამენტში ასე დახელოვნებულან ლაპარაკშიაო.

„კი კარგი ქნა უფ. ლოლუამ, რომ თავი დაანება ბანკს. ქვე ის იქ ვერას გააკეთებდა“. „აბა, ეუბნება მეორე, პირი მოგვჭამა, პირი, ამომირჩიეთო, ამოვირჩიეთ და კი არაფერს აკეთებდა“. „ეგ არაფერი, იღებს მონაწილეობას ლაპარაკში – მესამე – მაშინ იქნებოდა ჩვები დაღუპვა, რომ დირეკტორათ ამოგვერჩია“. „მართალია ქვე“, ამბობს მეოთხე. „ის პატიოსანია მისთვის, ვინც ბლომათ ფულს აძლევს აბა!“ აი მეორე ვაგონებშიაც შეჯგუფულან იმერლები და ბაასობენ. „ბევრ თივას გაჰყიდდი წელს?“ ეკითხება ერთი მეორეს. „ბლომათ, გავყიდე. წისქვილთან ქვე ერთი ნამწეწა ადგილი მქონდა და წრეულამდის ჩემ დღეშიაც არ გამითიბნია. ახლა კი გავთიბე და ორასი რგვალი მანეთი ავიღე, აბა!“ ამ ვაგონშივე ფანჯარასთან ერთი წამოსადეგი იმერელი ქართველს აჩვენებს ხელით. „აბა შეხედეთ – ეს სუ მეკუთვნის. შენი მტერი იყვეს ისე, როგორც აქ ყაზახები არიან“. „ეს კიდევ, როცა რამდენიმე ვერსი გაიარეს. ანნ-ისაა და მისაგან ხომ კეთილი არ იქნება და აქ იქნება“.

 

***

აი კიდევ სურათი. ორთქლით მავალი გემი შვილდ-ისარივით მოცურავს შავ-ზღვაში. მზე იწვერება და მისი სხივები ზოგიერთ ადგილას წყლის ზემო-პირზე უფრო და უფრო აშუქებს, თითქო უძალიანდება თავის პატრონს და არ უნდა ზღვას მოშორდესო. გემის ახლო-მახლო მოზდილი თევზები თამაშობენ, ხან ახტებიან და ხან ჩახტებიან წყალში; ზოგი მათგანი თითქო ცდილობსო გემს მოეწიოსო, ზოგი კიდევ თითქო მზის სხივებს ესალმებაო. გემის „პალუბაზე“ სხედან სხვა და სხვა მილეთის კაცები და ქალები. ზოგნი ერთ კუნჭულში მოგროვილან და ზოგნი კიდევ მეორე კუნჭულში და თევზების ჭყაპი-ჭყუპს და თამაშობას უცქერიან; ზოგნი კიდევ ცალ-ცალკე ანუ სხედან, ანუ დგანან და ესენიც ანუ ზღვას ჩასცქერიან, ანუ კიდევ აქეთ იქით იცქირებიან; იქნება მთა დავინახოთ რამეო. პალუბის წინა ადგილს დაჭრილების ყურ მგდებელ ქალებს უწევთ გრძელ სკამზე სახადისაგან ახლათ მორჩენილი საშინლათ გამხდარი თითქო სამარიდამ ეს არის ეხლა ამოუღიათო, დოკტორი – ექიმი და ერთის საკვირველის სინაზით და პატივის-ცემით უფრთხილდებიან. ხან ერთი ქალი უზის თავ-ქვეშ და ელაპარაკება და ხან მეორე; ხანდახან კიდევ სამი-ოთხი ერთად ეხვევიან და ღიმილით ელაპარაკებიან. ამ ქალებზე უფრო ხშირათ ელაპარაკება ერთი ქალი, რომელსაც ყველა „დები“, როგორც ერთი ერთმანეთს ეძახიან, უფროსათ ჰსთვლიან და კნეინათ იხსენიებენ*. ამასაც ისე უბრალოთ აცვია, როგორც სხვა „დებს“ ხანდისხან ეს კნეინა გრძელ სკამზე მარტო ზის და წინ უსკუპია ორი მშვენივრათ ბალნით შემოსილი კატა. ეს კატები სომხეთიდამ წამოუყვანია და ისე უფრთხილდება, როგორც თავის შვილებს; ხან ერთს უსვამს ხელს და ხან მეორეს. სხვა ქალებიც არ აკლებენ ამ კატებს ალერსს. ზოგნი დები რომ დოკტორს ეხვევიან, ზოგნი უთუოთ კატების ალერსში არიან. ბევრი მგზავრთაგანი ამათ მოქმედებას შესცქერია პირდაღებული. პალუბის შუაში დასაკეც სკამებზე სხედან ორი ყმაწვილი ქალი და თავიანთ მომავალ მგზავრობაზე ლაპარაკობენ, უმეტესათ ერთი მათგანი, რომელიც მადიანათ გამომეტყველებს თითოეულს სიტყვას. მე ამათ ლაპარაკში მივიღე მონაწილეობა და მივიდგი სკამი მათ ახლო. ბევრი ვილაპარაკეთ – უმეტესად სწავლის მიღებაზე სამზღვარ-გარეთ. სომხების აწინდელ პოლიტიკურ მდგომარეობასაც შევეხეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ რა სიცოცხლით, რა ენერგიულათ, რა სიამოვნებით ლაპარაკობდა ამ საგანზე მადიანათ მოლაპარაკე ქალი და თავის ლაპარაკი შემდეგის შესანიშნავის სიტყვებით გაათავა: „თუ ჩემის სამშობლოში ოსმალოს სომხეთის ბედი კარგათ დატრიალდა და თავისუფლება ანუ „ავტონომია“ იშოვნა, როგორც სწავლას შევასრულებ სამზღვარ გარეთ, მაშინვე დავბრუნდები უკან და ჩემ სულიერ ძალას მოვახმარებ ჩვენის ხალხის კეთილ-დღეობის წარმატებას“. რას იტყვი ამაზე, ჩემო ძვირფასო მკითხველო? ამას ამბობს ჩვიდმეტი წლის ქალი, – ამას ამბობს ქალი სათუთად და სიმდიდრეში აღზრდილი, – ამას ამბობს შთამომავლობით სომხის ქალი. ეს ქალი აასრულებს ამ მშვენიერ სიტყვებს, თუ არა, ეს ჩემთვის ორივ ერთია. მე აქ ვხედავ მაგალითს მხოლოდ და მაგალითი ანუ საქმე იმაშია, რომ ჩვიდმეტის წლის ქალი თამამად ამბობს, თავს შევსწირავ ჩემს სამშობლოსაო, თუ მან ეხლა თავისუფლება იშოვნაო. მე ამ მაგალითიდამ გამომყავს ის, რომ ჩვენს ძველთაგან ძველთ მეზობლებში მუშაობს თავისუფლების სურვილი, რომ დიდს და პატარას გასჯდომია ძვალში და რბილში იმ გვარის ძალის შოვნის სურვილი, რომელსაც აქვს თვისებათ განაცხოველოს და გააკეთილშობილოს კაცის ბუნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სიძუნწე, ის გაუმაძღარობა, რომელსაც ეხლა ჰსწამობენ და ხედავენ სომხებ ვაჭრებში და რომელიც ზოგიერთის ისტორიულის გარემოების ძალდატანებით დაბადებულა ანუ მათ გასჩენია, მალე აღმოიფხვრება მათში, რაკი თავისუფლება გადააფარებს მათ თავის კალთას.

   

 

* როგორც ბოლოს შევიტყვე, ეს ადამიანი იყო კნეინა სილკოვისა, რომელმაც მცირე აზიაში თავის მოღვაწეობით დაჭრილების შესახებ დიდი პატივისცემა დაიმსახურა მხედრებთ შორის.

     

****

აი კიდევ ერთი სურათი. ოდესიდამ ორთქლით მავალი მაშინა მირბის ერთის საშინელის ბუტბუტით და ვაგონებში მსხდომნი კი ბუტბუტს სრულებით ყურს არ უგდებენ. ზოგს მათგანს სთვლემს და საცოდავათ თავს იქნევს, ზოგი ფანჯრიდამ გასცქერია ჭირნახულით სავსე მიწებს; ზოგნი კიდევ ერთი ერთმანეთს ებაასებიან. ერთი მათგანი ძალზეა მოკაკული და სერთუკის ღილები აქვს გახსნილი; მარცხენა ხელიც ჩამობმული აქვს. საწყალს ორ ადგილას აქვს მორტყმული ტყვია. ეს დაჭრილი რომ ლაპარაკობს, პირს სულ ღიმილი მოსდის – თითქო თავის მობაასეს ასე ეუბნებაო: „ხომ ხედავ, რა ნაირათ ვარ დაჭრილი, მაგრამ მაინც სიკვდილმა ვერ დამაკლო რა და აი ჩემ სახლში, სადაც მიმელიან ჩემი პაწაწკინტელა შვილები და მათი ერთგული დედა“. მეორე მხედარს აფიცერს მარჯვენა ხელი აქვს წამხდარი და სულ დაღვრემილი ზის. მესამე აფიცერი თუმცა დაჭრილი არ არის, მაგრამ სახადს ძრიელ შეუბერტყნია; მადაზე ახალი მოსულია და ხელიდამ პურს არ უშვებს. მეოთხე მხედარი კიდევ სულ პალტოშია გახვეული და ლაპარაკს ძრიელ ზარობს. ერთს მგზავრს ანუ პასაჟირს გულმა აღარ მოუსვენა და ჰკითხა პირ-მოცინარე მხედარს: „რაო, ძრიელ ხართ დაჭრილი?“ „ძრიელ. ერთის ადგილიდამ კი ამომაცალეს ტყვია და მეორედამ კი არა. ეხლა პეტერბურღში მივდივარ მოსარჩენათ, მაგრამ ჯერეთ ჩემ სახლობას შეუვლი“. „ხომ ყოჩაღათ მოქმედობდნენ ჩვენები?“ „ყოჩაღათ ვიქნე- ბოდით მაშ არა? თათრები ხომ არა ვართ, რომლებმაც თავი უთუოდ უნდა ამოაფარონ რასმე, თორემ თოფის სროლას ვერ შეიძლებენ. ჩვენები ყოველთვინ პირდაპირ მიდიოდნენ ხოლმე – სრულებით არაფერს ერიდებოდნენ. ხომ წაკითხული გაქვსთ, რა ოინები ჩავიდინეთ პლევნოს ასაღებათ. მართალია, ბევრი მოგვიკლეს; მაგრამ სამჯერ ჩვენი მიხტომა საკვირველი საქმე იყო“. როცა ეს მხედარი ლაპარაკობდა, ვაგონში საშინელი სიჩუმე იყო – სუყველანი განაბულნი ყურს უგდებდნენ ამის ლაპარაკს. „რუმინელები როგორ მოქმედობდნენ?“ ჰკითხა ამ მხედარს მეორე პასაჟირმა – მგზავრმა. „რუმინელები? აი შეარცხვინოთ ღმერთმა!.. თათრებზე უფრო მხდალნი ისინი ყოფილან. გარდა ამისა გაეშმაკებული და ორ პირი ხალხია. ყველაფერს ერთი-ორად გვაძლევდნენ და ცდილობდნენ, როგორმე მოვეტყუებინეთ“. პალტოში გახვეულმა აფიცერმა ერთბაშათ ხმა ამოიღო და ჰსთქვა: „განა რუმინელები პლევნასთან ჩვენზე ნაკლებად მამაცობდნენ? აგრეთვე – განა მეგობრულად არ გვექცეოდნენ ისინი იქამომდე, მინამ ბესსარაბიას მოვითხოვდით? ეს კი მართალია, რომ ეხლა ცუდის თვალით გვიცქერიან და სურთ, რომ ფეხი გადაგვიბრუნდეს“. „სმა-ჭამა როგორი გქონდაო?“ ჰკითხა დაჭრილს აფიცერს მესამე პასაჟირმა. ღიმილით უპასუხა. „ჰოო, რა უშავდა“. პალტოში გახვეულმა კიდევ ამოიღო ხმა და სთქვა: „რა უშავდა კი არა – საძაგელი იყო“. ხშირათ სალდათები ცარიელის მუცლით ომობდნენ და ბევრს მათგანს ჩექმებიც არა ჰქონდა“. ლაპარაკში მიიღეს მონაწილეობა სხვა მხედრებმაც და სახადში ნამყოფმა აფიცერმა დაიწყო ლაპარაკი: „თუ ჩვენმა ჯარმა გაჭირება გამოიარა სადმე, სწორედ მცირე აზიაში გამოიარა. ხომ იცით რა ადგილები აიღო კავკასიის მხედრობამ, რა ნაირათ გაიმარჯვა, რა მამაცობა გამოიჩინა! ხუმრობა საქმეა ყარსის აღება, მუხთარ-ფაშის დამარცხება? გარწმუნებთ, რომ ჩვენი სალდათები ისე მოქმედებდნენ, როგორც ლომები. ვენაცვალე ჩვენ სალდათებს, იმათ გამოგვიხსნეს სირცხვილისაგან, თორემ ან ლორის-მელიქოვს, ან გეიმანს რა შეეძლო? მაგრამ გაჭირება კი ბევრი გამოვიარეთ. ჩვენი სალდათი ხშირათ ცარიელის მუცლით ღვრიდა სისხლს თავის სამშობლოსათვის. ან სად უშოვნიდით საზრდოს? განა სომხებისგან გამოდნება რამე? ურიები ხომ იცით, ურიები, აბა იმათზე უარესები არიან სომხები. ვინ ჰსთქვა, რომ სომხებს ჩვენთან შემოერთება უნდათო? ეს სულ ტყუვილია და იმათ სრულებითაც არა სურთ ჩვენთან შემოერთება. რაც შეეხება იქაურ მოხელეებს, იმათ სრულებით მიუღიათ სომხური თვისება. ამ აფიცერმა ბევრი რამ ილაპარაკა კიდევ, მაგრამ მე ყური ვეღარ უგდე და ფანჯარაში თავი გავყავ. მივეცი თავი ფიქრებს და ერთბაშათ აფიცრების ლაპარაკმა მომაგონა ერთი პოლშელის სიტყვები: „მე თქვენ უნდა გითხრათ, რომ რუსეთის ხალხი ჩვენ პოლშელებს სრულებით ვერ გვიცნობს: ის იცნობს მხოლოდ იმ პოლშელებს, რომლებსაც უხატავს მას მოხელეების ფანტაზია და ხომ იცით მოხელეების ოინე- ბი. ამათთვის მღვრიე წყალი ყოველთვის საჭიროა, რომ თევზი უფრო ადვილათ დაიჭირონ“. ეს მომაგონდა, მაშინვე გულში გავივლე – ხომ რუმინელებზე და სომხებზედაც რუსის ხალხი შეადგენს თავის აზრს ომიდგან დაბრუნებულის აფიცრების და სალდათების სიტყვებით, რომლებსაც ჩემის აზრით დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიეცათ, რადგანაც მხედრები ომიანობის დროს თავიანთ სარგებლობის თვალით უცქერიან და სხვის სარგებლობას სრულებით ყურს არ უგდებენ. ამის ფიქრში ვიყავი, რომ ორთქლით მავალმა მაშინამ ერთბაშათ შეჭყივლა და ორი წუთიც არ გამოსულა, რომ შედგა კიდეც. მხედრები გადმოვიდნენ ვაგონიდამ სხვა გზით წასასვლელათ; ჩვენ კი ხუთმეტის წუთის შემდეგ ისევ დაგვძრეს ადგილიდამ და ივნისის 8-ს ხუთშაბათს სამ საათზე ვოლოჩინსკის სტანციას თავი დაუკარით. აქ მოგვთხოვეს ბაშფორთები და ნახევარ საათის შემდეგ გაგვისტუმრეს ავსტრიის სტანციაში, რომელიც სამ ვერსტზე იქნება დაშორებული ვოლოჩინსკის სტანციაზე. კონდუკტორების მიხრა-მოხრა და ტანოვანება, ვაგზლის სიმშვენიერე, ვაგონების სიმაღლე და სიფაქიზე – ყველა ეს ცხადათ გვიმტკიცებდა, რომ რუსეთს გამოვეთხოვეთ და უცხო ქვეყნის სამზღვარზე გავედით. ცოტას ხნის განმავლობაში ჩემოდნები ჯერეთ გვისხურეს ერთნაირის სიმჟავით, რომ რა არი რუსეთიდამ სენი არაფერი შეგვეტანა იმათ ქვეყანაში, და მერე გაგვჩხრიკეს; ბილეთები ვისაც არ ჰქონდა, აყიდვინეს და ისე ჩაგვსხეს ვაგონებში. ჩვენი ჩასხდომა ვაგონებში და კარების ჩაკეტა ერთი იყო. მალე ორთქლით მავალი მაშინა დაიძრა თავის ადგილიდამ და გაიტაცა მასზე მიბმული ეტლები. მე ვამბობ ეტლები, მართლაც თითოეული ვაგონი რომ აიღოთ, წარმოგიდგენთ სწორეთ დიდ ეტლს, რომელშიაც ზიხარ და კარები გარედამ გაქვთ ჩაკეტილი. ნუ იფიქრებთ, რომ ერთის ვაგონიდამ ანუ ეტლიდამ მეორეში გახვიდეთ. ამათ ერთი ერთმანეთში გასავალი არა აქვთ. სასხდომი ადგილები ანუ მდივნები და პატარა ჩემოდნების ანუ ყუთების შესადგამები აქ მშვენიერია. აქ მხოლოდ ის აწუხებს კაცს, რომ ჩაკეტილში ზის და თავის ნებით კარში ვერ გაბძანდება. რასაკვირველია, ნემცებს როცა ეს ვაგონები უკეთებიათ, სახეში ჰქონიათ მარტო თავიანთი თავი და დავიწყებიათ, რომ იმათ ვაგონებში სხვა ქვეყნის კაცებიც იმგზავრებენ, რომლების კუჭებიც შესაძლებელია ისე არ იყვნენ მიჩვეულნი დისციპლინას, როგორც ნემცებისა.

***

ჯერეც ხუთმეტი ვერსიც არ გაგვევლო სამძღვრიდამ ერთმა ჩემ გვერდზე მჯდომმა მგზავრმა წამოიძახა: „ერთი შეხედეთ ამ მიწებს, თუ რა ხელოვნებით არის დახნული და დათესილი“. მაშინვე თავი ფანჯარაში გავყავ და ბეჯითად ყველაფერს შინჯვა დავუწყე, მაგრამ რის გაშინჯვას მოასწრებს კაცი, როდესაც ორთქლით მავალი მაშინა გამალებული მირბის? მაინც კი, მინამ კარგათ არ შებინდდა, კაცის ხელით შემუშავებულ მიწებს თვალი არ მოვაშორე; როცა კი შებინდდა, მივჯექ ეტლის კუნჭულში და მივე თავი თვლემას და ქნევას. მხოლოთ ხანდისხან კი ავდგებოდი ხოლმე, რა არი გამეგო, თუ რომელ სტანციის წინ შედგა მაშინა და რამდენ ხანს იდგება. ჩემმა მეზობლებმაც ძილს მისცეს თავი და ზოგიერთმა მათგანმა დიდი ხვრინვაც ამოუშვეს. მეორე დღეს დილა ადრიან თვალები შევაჭყიტე ორ ჩასუქებულს და პირ-მოპარსულს ნემეცს, რომლებიც ღამეს ჩამოსხდნენ ვაგონში. ერთს მათგანს ძრიელ გულიანათ ეძინა და კარგი ტახისაებრ ხრუტუნებდა. იმის ბედზე, ვაგონში ბუზები არ იყვნენ, თორემ მის დაღებულ-დაღრენილ პირში სწორეთ ლეკურს მორთავდნენ. ამ ტახ-ნემეცს ფეხთ გაეხადნა და თავისი სხვილი ფეხები დაეწყო ერთ რუსის ქალის გვერდზე, რომელიც ტუჩს იწევდა მაღლა, მაგრამ ვერას ხდებოდა. მეორე ნემეცს კიდევ მუცელზე ხელები დაეწყო და გულიანათ სთვლემდა. ამათ ათვალიერებას და ჩათვალიერებას რომ მოვრჩი, მივაჩერდი ჩემს გვერდით მჯდომს, სუსტად აგებულ კაცს. ამის კიკინები ცხადათ მიმტკიცებდენ, რომ ეს იყო ებრაელი. ეს ცქვიტათ იჯდა ვაგონში და თითქო ფთხილობდა არავის ვაწყენინოვო. კარგა ხანს უცქირე მე ამას და მერე ვჰკითხე: „მალე ვიქნებით ლემბერგში?“ „მალე, მალე“, მომიგო სიამოვნებით და მომაყარა კითხვები: „სად მიდიხართ, რისთვის მიდიხართ?“ და სხვა ამ გვარი. რომ როგორმე ამ კითხვებზე პასუხი თავიდამ მომესხლიტნა, მე თვითონ ვკითხე: თქვენ უთუოდ ლემბერგიდამ იქნებით? „დიახ“. მაშ იქ უთუოდ მაღაზია გექნებათ? არა, მე მამულის პატრონი ვარ და მამულის ნაწარმოებით ვცხოვრობ. ჩემი მამული ლემბერგაზე დაახლოვებით არის და ზაფხულობით სულ იქ ვცხოვრობ ზამთრობით კი ლემბერგში. ამ პასუხმა მე გამაკვირვა და ცოტა რა რომ ეჭვშიაც შემიყვანა მისის ვინაობის შესახებ და ამისათვის საჭიროთ დავინახე მეკითხნა ვინაობა. მან თავ-მოწონებით დაასახელა თავისი თავი ებრაელათ და სთქვა: ეხლა გალიციაში და კრაკოვში სხვა დროება არის ჩვენთვის. „ჩვენ ებრაელებს გვაქვს იგივე უფლებები, რა უფლებებიც აქვთ ქრისტიანებს; ამისათვის ჩვენი კაცი ეხლა ცხოვრების ყველა კუნჭულში მოიპოვება“. ამის მშვენიერათ და ფხიანად ლაპარაკმა ნემეცურ ენაზე გამაკვირვა და ვკითხე: სად გისწავლიათ აგრე კარგათ ნემეცური ენა? „სად მისწავლია? ცხოვრებაში და უნივერსიტეტში, პოლშურ ენაზე უფრო კარგათ ვლაპარაკობ და ვსწერ, რადგანაც ჩვენ უნივერსიტეტში ამ ენაზე ასწავლიან მეცნიერებას“. ამ სიტყვებზე ყურები ვცქვიტე და გაკვირვებული სახით შევხედე. „რაო?“ მაშინვე მითხრა ებრაელმა. „ნუ თუ არ გჯერათ, რაც მე გითხარიო?“ სრულებით მჯერა. მე მხოლოდ ისე შემოგხედეთ. ბევრი რამ კიდევ ვილაპარაკეთ მე და დალოცვილმა ებრაელმა, რომელიც ლემბერგის სტანციაში ჩამოხტა. ლემბერგიდამ მოკიდებული მინამ კრაკოვში მივდიოდი, ჩემის თავიდამ არ გამოსულა ებრაელის ლაპარაკი და გონებაში გამოვიხატე სამი ოთხი დღე გამეტარებინა კრაკოვში და აქ სუყველაფერი სანდო კაცებისაგან გამეგო. როგორც გამოვიხატე გონებაში, სწორედ ისეც მოვიქეცი. საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, რომ კრაკოვში თავი ამოვყავი და დავბინავდი „დრეზდენის სასტუმროში“. ამ დროდგანვე შეუდექი ჩემის სურვილის აღსრულებას.

ივერია – ტფ., 1878 – ¹31. – გვ. 7-11; ¹32. – გვ. 2-8; ¹33 – გვ.11-15; ¹34

– გვ. 7-11; ¹35; – გვ. 8-11; ¹39 – გვ. 8-12; ¹41 – გვ. 6-9; ¹42 – გვ. 6-8.

II

კრაკოვი. 9-13 ივნისს

აბა ერთი ჩვენს ჭკუა-გონებას ძალა დავატანოთ და წარმოვიდგინოთ: შუა ქალაქში ამაღლებული ადგილი, შემორტყმული მაღალის კედლით; გალავნის ზოგიერთ ადგილს თითქმის ჩვენებური კოშკები; შიგნიდამ გალავნის კედლებზე ორი მიშენებული სახლია ჯარისათვის; ამ სახლებზე ახლო საშინელი, ერთი უზარ-მაზარი მაღალი, გრძელი და ვიწრო თლილის ქვით ნაშენი ეკლესია მაღლა აწოწვილ გუმბათით; ამ ეკკლესიაში ანუ სობორში პოლშელების თითქმის ყველა ხელმწიფეების და გამოჩენილის კაცების ერთნაირი მარმარილოს ქვისაგან მშვენივრათ გაკეთებული, გამოთლილი სახეები; ეკკლესიის ქვეშ აკლდამეები; ეკკლესიის საკვირველი ძვირფასი მომართულობა. ციხეს გარეთ ცოტა მოშორებით კიდევ სხვა ძველი სობორო გრძელი, ვიწრო და მაღალი, – წოწოლა გუმბათებით, მაღალის და ვიწრო სანათურებით; შიგ სობოროებში – ეკკლესიებში სვეტები და ვიწრო თაღები; ამ ეკკლესიების გვერდზე ვიწრო ქუჩები და ზედი-ზედ მიტყუპული მაღალი სახლები, სიძველის გამო ცოტა თითქო შემურულები: ადგილ-ადგილ მაღალი უნაყოფო ხეების ბაღები; კიდევ ეკკლესიები თითქმის ოც-და-ათამდინ სულერთნაირათ ნაშენნი; აღმოსავლეთის მხრისკენ ახალი სახლები განიერის ქუჩებით;

ყველა ეს რომ წარმოვიდგინოთ, მაშინ თვალწინ გვექნება კრაკოვის სურათი. ეს ქალაქი ერთ დროს დედა ქალაქი იყო პოლშის სახელმწიფოსი და ამისათვის აქ ჰხედავთ დიდს და მაღალ გოთურის შენობის ეკკლესიებს, ქარხნების ადგილებს და მრავალ შენობებს. გარდა ამისა, კრაკოვი, როგორც მკითხველი ჰხედავს, სრულებით საშუალო საუკუნოების ქალაქია. აქ მყოფობის დროს მგზავრს ჰგონია მეცხრამეტე საუკუნიდამ მეთხუთმეტე საუკუნეში დავიწიეო, მხოლოთ სასტუმროში ბიჭების მიხვრა-მოხვრა და საჭმელები აგონებენ, რომ ის ისევ მეცხრამეტე საუკუნეში ჰსცხოვრობს და უკან ერთი ნაბიჯიც არ გადუდგამს.

ახლა მივუბრუნდეთ კრაკოვის მცხოვრებლების განხილვას. აქ მგზავრს ძრიელ მაგარი აგებულება უნდა ჰქონდეს, რომ სეირნობის დროს სიცილით გულ-ღვიძლი არ ამოაგდებინოს. ქალაქის ძველ ნაწილში ფეხს როგორ გადასგამთ, რომ ურიების ქალებმა დამტვრეულ და დახიჩრებულ ნემეცურ ენაზე არ გითხრან: „რა გინდათ? ჩვენთან იყიდეთ, ჩვენ სულ ყველაფერი გვაქვს და იაფათაც ვყიდით; იქნება პერანგები გინდათ, ანუ დანა, ჩითეულება?“ ერთის სიტყვით, ყველას სახელებს ჩამოჰყუებიან, რაც კი დუქანში ულაგიათ. ამაზე ნაკლები არ არიან ამათი მამები, ძმები და ქმრები. კიკინების ნძრევით და წვერების ცანცარით ესენიც იწვევენ რისამე მოსაყიდავათ გამვლელს და გამომვლელს. მაგრამ უფრო ის არის საცინელი, რომ აქ ხშირათ ხედავთ ცამეტ-თოთხმეტის წლის ებრაელს, რომელსაც ხელში უჭირავს წვრილი ჯოხი, თავზე ახურავს შლაპა – ცილინდრი, ტანზე აცვია მღვდლის კაბის მგზავსი სერთუკი და ისე მიცუნცულებს კიკინების ქნევით. საზოგადოთ აქაური ებრაელები თავიანთ ჩაცმა-დახურვით და პატარა ტანადობით სასაცილონი არიან და ქართველს მგზავრს აკვირვებენ. მართლაც, იმ დროს, როდესაც საქართველოში ებრაელნი წარმოსადეგობით და თამამობით, აგრეთვე ქართულის ენის ცოდნით ნაკლები არ არიან ქართველებზე. აქ ესენი შეადგენენ რაღაც ბაჯაჯღანა და წელში გახრილს ხალხს, თუმცა კი ამ ბოლო დროს დიდი თავისუფლება მიუღიათ. ეჭვი არ არის, რომ ამ გვარი აგებულობა და თვალ-ტანადობა აქაურის ურიებისა არის ცხადი ნიშანი იმისა, რომ აქ უწინ საცოდავებს დიდი გაჭირვება სდგომიათ ქრისტიანებისაგან. ნუ იფიქრებ, მკითხველო, რომ კრაკოვში მარტო ურიები სცხოვრობდნენ, – აქ, როგორც პოლშის სახელმწიფოს ძველ დედა-ქალაქში, პოლშელებიც ბევრნი არიან; მაგრამ, მგონი, ურიების რიცხვი კი უფრო ბევრია, მინამ პოლიაკებისა, როგორც ჩვენ დედა ქალაქში თფილისში სომხების რიცხვი უფრო მეტია, მინამ თვითონ ქართველებისა. ხშირათ სოფლიდამაც ჩამოდიან ხოლმე კრაკოვში დროებით საცხოვრებლათ პოლშელი თავად-აზნაურობა. ჩემს აქ ყოფნაში, ერთ საღამოს საზოგადო ბაღში შემხვდნენ წარმოსადგენი და მდიდრულად მორთულნი ვაჟ-კაცნი. ამათმა ტანისამოსმა მიიპყრა ჩემი ყურადღება. მაუდის კაბები უკან გადაგდებულის სახლებით, ტანზე კაბას ზემოთ შემორტყმული ფარჩის სარტყლები, განიერი შარვლები, აპოიკის მაღალყელიან წაღებში ჩაკეცილები, ხავერდის ერთნაირის ფასონის ქუდები, კაბების ქვეშ ახალუხის მგზავსი ჩასაცმელები ყველა ეს სწორეთ კახელის თავადის შვილის მორთულობას მოგაგონებდა. უნდა გეცქირათ, თუ კიკინიანი ურიები როგორ დასდევდნენ თან და გაკვირვებით უცქეროდნენ ამ წარმოსადეგ კაცებს. რაც შეეხება მაღაზიებს კრაკოვში, მომეტებული ნაწილი ებრაელებისაა, მხოლოთ მცირე ნაწილი კი პოლშელებისაა. როგორც გავიგე, ამ ბოლოს დროს ხელი მიუყვიათ პოლშელებს ვაჭრობისათვის და იმედოვნებენ, რომ მათი რიცხვი ძრიელ გამრავლდება.

ნუ იფიქრებ, მკითხველო, რომ კრაკოვი იმ მხრით იყვეს უფრო შესანიშნავი, რა მხრითაც ავწერე. არა, როგორც კრაკოვი და მისი მაზრა, ისე მთელი გალიცია უფრო სხვა მხრით არიან შესანიშნავნი და აი ამათ აღწერას სხვა მხრით შეუდგები ქვემოთ.

III

ავსტრიის სახელმწიფოს სხვა და სხვა კუთხეებში 16 მილიონამდისინ სლავიანების ტომის ხალხნი ცხოვრობენ. გალიციელებს და კრაკოველებს უჭირავთ კარპატის მთების ჩრდილოეთ-დასავლეთი გვერდი და მდინარის ვისლის სათაურის ღელე. ეს მდებიარეობა ნოყიერი მდებიარობაა და კრაკოვის მაზრაში, სხვათა შორის, მარილიც ბევრია. ბოსნიას და ველიჩკას მარილის სიმდიდრით დიდი სახელი აქვთ მთელს ევროპაში.

გალიციელები წარსულსავე საუკუნეში პოლშის ნაწილების ლუკმა-ლუკმა დაფლეთის შემდეგ, ავსტრიის სახელმწიფოს შეუერთეს. რაც შეეხება კრაკოველებს, ამათ 1846-შინ ჰქონიათ პატარა თავისუფალი სახელმწიფო, მაგრამ ამ წელიწადში ბედის ჩარხი უკუღმა დაუტრიალდათ და შემდეგ აქ არეულობისა აიღეს და ესეც სრულებით შეუერთეს ავსტრიას. ამ წელიწადიდამ, როგორც გალიციელების, ისე კრაკოველების ბედი სანატრელი არ იყო; მხოლოდ 1866-დამ ავსტრიის მთავრობა დაადგა მმართველობის გონივრულ გზას და მოხსენებული სლავიანების უფლებაებსაც მოემატა. ამ ჟამად აი როგორია ამ ხალხის მდგომარეობა: გალიცია და კრაკოვი ერთს საგუბერნატოროს შეადგენენ და უფროსად ჰყავთ იმპერატორისაგან დანიშნული გუბერნატორი. ეს არის ადმინისტრატიული მმართველი და წესიერების დამცველი მოხსენებულს მაზრებში. მისს კანცელარიაში საქმეებს აწარმოებენ პოლშურს ენაზე. თვითონ გუბერნატორთანაც პოლშურ ენაზე შევლენ ხოლმე ქაღალდით, და ამისათვის მხოლოდ პოლშურის ენის მცოდნე ინიშნება გალიციაში და კრაკოვში გუბერნატორათ. რაც შეეხება შინაურის საქმეების განგებას, მმართველობას, ამისათვის არსებობს აქ „ხალხის ყრილობა“ (сеймъ), რომელიც წელიწადში ერთხელ შეჰსდგება ლემბერგში – გალიციის დედა ქალაქში. რაღა ლაპარაკი უნდა, რომ ამ ყრილობაში მხოლოდ პოლშურ ენაზე შეიძლება ბაასი და საგნების, საჭირო საქმის განმარტება–განვითარება. რადგანაც ყრილობა წელიწადში ერთხელ მოხდება ხოლმე და მისს წევრებს არ შეუძლიანთ დიდხანს დარჩნენ ლემბერგში, ამისათვის ყრილობა თავის მხრით ირჩევს კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეს ნიშნავს იმპერატორი გალიციის ანუ კრაკოვის მცხოვრებლებიდგანვე ანუ ყრილობის წევრთაგანვე. ეს კომიტეტი ვალდებულია აღსრულებაში მოიყვანოს ყრილობის გადაწყვეტილებანი და თავის მხრით წარუდგინოს ყრილობას თავისი მოსაზრებანი იმ საგნებზე, რომლებიც წლის განმავლობაში გამოჩნდებიან. აი ეს კომიტეტი და გუბერნატორი განაგებენ გალიციის და კრაკოვის მაზრის საქმეებს. ამათ მიწერ მოწერა და ბაასი თავიანთ ყრილობაში აქვთ პოლშურ ენაზე. რაც შეეხება რეიხსტაღთან ანუ შინაურის საქმეების მინისტრთან მიწერ-მოწერას, ეს კი ნემეცურ ენაზეა. გარდა ამისა, მთელი მოხელეები დაწყობილი სოფლის მამასახლისიდგან და მსაჯულებიდგან გუბერნატორის თავმოხელეებამდინ და ქალაქების მსაჯულებამდინ – სულ გალიციელები არიან. ბევრმა მათგანმა სრულებით არ იცის ნემეცური ენა. საქმე მარტო ამით არ თავდება. საჭიროა, რომ გალიციას და კრაკოვის მაზრას თავიანთი წარმომადგენლები ჰყვანდეთ ავსტრიის ყრილობაში – „რეიხსტაღში“ რომ რა არი აქ არ იეშმაკონ და მათი მავნებელი საქმეები არ გადაწყვიტონ. ამათ კიდევაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები „რეიხსტაღში“. ამ სამის წლის წინეთ გალიციის და კრაკოვის „სახლის ყრილობა“ თავის წევრთა შორის ირჩევდა ხოლმე ოცდა თორმეტს კაცს და გზავნიდა ვენაში. ეხლა კი სხვა წესია. ეს ოცდათორმეტი კაცი უნდა ამოირჩიოს თვითონ ხალხმა და არა თუ „ყრილობამ“. ეს ახალი წესი არაფრათ ეპიტნავებათ აქაურ სლავიანებს. ერთ განათლებულს კრაკოველს ჰკითხეს, თუ რატომ არ მოსწონთ ახალი წესდებულება შესახებ დეპუტატების ამორჩევისა, როდესაც ეს უფრო საზოგადო კაცობრიულია, მინამ უწინდელი წესი? „ეგ მართალია“ მითხრა ამ განათლებულმა კაცმა, „მაგრამ აი საქმე რაში მდგომარეობს. დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენ ვიშოვნეთ და მოგვანიჭეს ზოგიერთი პოლიტიკური უფლებანი, ამისათვის ჩვენ დეპუტატებათ იმისთანა კაცები გვინდა, რომლებსაც შეეძლოთ ყოველ შემთხვევაში ამ უფლებისა და საზოგადოდ ჩვენის ქვეყნის სარგებლობის დაცვა. ახალ წესდებულებით კი დეპუტატებში ებრაელებიც ბევრნი ერევიან ანუ ჰყვებიან. ჩვენ წინააღმდეგნი არა ვართ ებრაელებისა და ბევრს ამათგან ყოველ გვარს სამსახურში ვირჩევთ; მაგრამ ჩვენის ქვეყნის პოლიტიკური უფლებების და სარგებლობის დაცვის მინდობა გარდაცემა მათთვის გვეჩოთირება და გვაშინებს. აი ამ პოლიტიკურ მოსაზრების გამო არაფრათ გვეპიტნავება ახალი წესდებულება დეპუტატების ამორჩევის შესახებ“.

– სლავიანები ხომ უმრავლესნი ხართ და შეგიძლიანთ ყოველთვის თქვენი კაცები ირჩივოთ დეპუტატებათ, ვუთხარი მე კრაკოველს და აი რა პასუხი მომცა ამაზე. ზოგიერთ ადგილებში უმეტესად ქალაქებში, ებრაელების რიცხვი უმრავლესია და ამასთანავეც გაიძვერა ხალხია და ყოველთვის მოახერხებენ თითქმის ბევრი პოლშელებიც მიიმხრონ და თავიანთი კაცები ამოირჩიონ. სრულებით სხვა საქმეა, როცა ხალხის „ყრილობა“ ირჩევს. აქ ურიები ჯერეთ ბევრნი არ არიან და ამასთანავე „აღიტაცია“ როგორც სიტყვიერი, ისე ლიტერატურულიც ღირსეულის კაცების სასარგებლოთ შესაძლებელია. თუ აგრე არ მოგწონთ და მავნებელია თქვენთვის ახალი წესდებულება, მაშინ როგორ მოხდა, რომ „რეიხსტაღმა“ ავსტრიის საზოგადო ყრილობამ თქვენი სურვილის წინააღმდეგ მაგგვარი წესდებულება მიიღო იმ დროს, როდესაც მარტო ავსტრიაშიც, რომ ვენგრიელების ქვეყანაც არ ჩავთვალოთ, სლავიანების რიცხვი უფრო ბევრია, მინამ ნემცებისა და, მაშასადამე რეიხსტაღში თქვენი დეპუტატების რიცხვიც ბევრი უნდა იყვეს? ვკითხე კიდევ განათლებულ კრაკოველს.

მე თვითონ ვგრძნობდი, რომ მაგას მკითხავდით და აი მაგისი სრულებით უბრალო პასუხი, მითხრა მე იმან და განაგრძელა: თქვენ ამბობთ, რომ ავსტრიაში სლავიანების რიცხვი ბევრიაო. ეგ მართალია. წიგნებში ბევრგან წაიკითხავთ, რომ ავსტრო-ვენგრიაში 16 მილიონამდისინ სლავიანი ჰსცხოვრობენ; მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ სლავიანებში ბევრი იმისთანა სლავიანებიც ურევიან, რომლებშიაც სლავიანური აღარაფერი დარჩენილა. მსწავლულების აზრით შტირიაში და კარინტიაშიც სლავიანები ჰსცხოვრობენ, მაგრამ ახლა რაა იმათში სლავიანური? გარდა ამისა, სადაც სლავიანები ჰსცხოვრობენ, იქ სხვა ჯურის ხალხიც სცხოვრობს და დეპუტატებათ ამათ კაცებსაც ირჩევენ; ასე რომ ხშირათ სლავიანების დედ-მამულიდამ დეპუტატებათ მიბძანდებიან ხოლმე ვენაში ნემცები. ყველა ამას უნდა დაუმატოთ შესანიშნავი ამბავი: როგორც იცით, ჩეხელები დაწინაურებული ხალხია ჩვენ სლავიანობაში და სლავიანების წინამორბედათაც ჰსთვლიან თავიანთ თავს. ამათ ამ ოთხის წლის წინეთ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჰსთხოვეს იმპერატორს, რომ მათთვის მიეცა ნება ჰქონოდათ საკუთარი რეიხსტაღი და სამინისტროები, ერთი სიტყვით, იგივე უფლებანი, რა უფლებანიც კი აქვთ ვენგრიელებს. იმპერატორმა არ დააკამყოფილა მათი თხოვნა და ჯიბრზე თავიანთ დეპუტატებს ავსტრიის „რეიხსტაღში“ საზოგადო ყრილობაში აღარ გზავნიან. ნემცებსაც ეგ უნდოდათ, რადგანაც ჩეხელებიდგან დეპუტატები აღარ მოდიან „სახელმწიფო ყრილობაში“, ამისთვის სლავიანების დეპუტატების რიცხვი უფრო კიდევ მცირეა და ნემცებს როგორც ჰსურთ, ისე იქცევიან. აი როცა რეიხსტაღში ლაპარაკი იყო დეპუტატთა ამორჩევის წესდებაზე ჩვენ მხარში, ჩვენო დეპუტატები, რომლების რიცხვი იმ ჟამათ ორმოცდათორმეტი იყო, წინააღმდეგნი გახდნენ, მაგრამ ვერა გააწყეს რა. ან რას გააწყობდნენ?!... ჯერ ხომ ჩეხელებიდგან დეპუტატები არ იყვნენ: ამას გარდა, სხვა სლავიანების დეპუტატების რიცხვიც მაგდენი არაფერი იყო და ამის მიზეზის გამო გამარჯვებულნი დარჩნენ ნემცები და „რეიხსტაღმა“ გამოსცა ზემოხსენებული წესდებულება. ამ ჟამათ „რეიხსტაღში“ ნემცების პარტია ძლიერია და ეს გარემოება ჩვენ სლავიანებს გვეჩოთირება, ჰსთქვა ბოლოს ჩემმა მემუსაიფემ, და ამით გავათავეთ კიდეც ლაპარაკი ერთმანეთთან.

აი ამგვარ პოლიტიკურ გარემოებაში არიან გალიციის და კრაკოვის მაზრის მცხოვრებნი. – ახლა დროა შეუდგეთ მათის განათლების გაცნობას.

***

მეცნიერების და ხალხის განათლების გასავრცელებლად მოხსენებულ ადგილებში არის ორი უნივერსიტეტი, ერთი კრაკოვში და მეორე ლემბერგში, – სამეცნიერო აკადემია (академიя наукъ) კრაკოვში, რამდენიმე საოსტატო სემინარია – ორი მათგანი თვით კრაკოვში, გიმნაზიები, როგორც ქალებისთვის, ისე ვაჟებისთვის, სამხედრო სასწავლებლები ერთი თვით კრაკოვში, სასულიერო სასწავლებლები და სოფლის სასწავლებლები. სამხედრო გიმნაზიების გარდა, ყველა სასწავლებლებში მეცნიერებას ასწავლიან მარტო პოლშურს ენაზე; არც ერთს საგანს არ ასწავლიან სახელმწიფო ე.ი. ნემეცურ ენაზე. ერთის სიტყვით პოლშური ენა არის საზოგადო ენად მიღებული და ამ ენაზე ავრცელებენ მეცნიერებას და განათლებას. რაც შეეხება ნემეცურს ენას, ამას ერთ-კლასიან სასწავლებლებში სრულებით არ ასწავლიან; მაშასადამე ერთ–კლასიან და ორ–კლასიან სასოფლო სასწავლებლებში ამისი ხსენება სრულებით არ არის. მხოლოდ ამის სწავლას იწყობენ სამ-კლასიან სასწავლებელში, – ანუ მესამე კლასიდამ, – ერთი, სიტყვით იმ კლასიდამ, სადაც ბავშვები სრულებით დახელოვნებულნი არიან თავიანთ ღვიძლის ენის ცოდნაში. ამ ენისათვის კვირაში ხუთ გაკვეთილზე მეტი თითქმის არც ერთს სასწავლებელში არ არის. რაც შეეხება ფრანციულის ენის სწავლას, ამას დიდ კლასებში ასწავლიან და ამის შესასწავლად კვირაში სამი გაკვეთილია დადებული თითქმის ყველა სასწავლებელში, ასე რომ ნემეცურის ენისთვის უფრო ბევრი გაკვეთილებია მიღებული, მინამ ფრანცულის ენისათვის. რადგანაც აქაურს სასწავლებლებს ამ გვარი მოწყობილობა აქვს და ამას ითხოვს თვით პოლიტიკური მდგომარეობაც, ამისთვის მასწავლებლები სულ დიდიდამ პატარამდინ დახელოვნებულნი არიან პოლშურს ენაში. მათი უმეტესი ნაწილი ეკუთვნის სლავიანთა გვარ-ტომობას.

მე არ მსურს, რომ მკითხველს ჭკუა-გონებაში იჭვნეულობა რამ დარჩეს შესახებ ჩემგან ნაამბობისა და ამისათვის დავასახელებ და გაკვრით კიდევაც ავწერ იმ სასწავლებლებს, რომლებიც თვითონ ჩემის თვალით ვნახე და რომლების უფროსებთან ლაპარაკი მქონდა.

ჩემ კრაკოვში მყოფობის დროს, საათის პირველს გავსწიე აქაურის საოსტატო სასწავლებლების გასასინჯავათ და პირდა-პირ მივედი ჯერეთ კაცების სასწავლებელში. ჩემდა სამწუხაროთ, აქ სწავლას მორჩენოდნენ და შეგირდები თავ-თავიანთ სახლებში მიდიოდნენ. მე მაინც დირეკტორი ვნახე და ვსთხოვე, რომ მას ჩემთვის კლასები ეჩვენებინა. ჩემმა თხოვნამ ეს კაცი ცოტა არ იყოს ჩააფიქრა და რამდენიმე წამის შემდეგ მითხრა: „დიდი სიამოვნებით, მაგრამ ეხლა სწავლა არ არის და ცარიელის კლასების ნახვა რა სასიამოვნო იქმნება თქვენთვის; მაინც წამოდით“. პირველათ შევედით მოსამზადებელ კლასში. უბრალო სტოლებმა, მაგრამ ახალ სისტემაზე გაკეთებულებმა, მშვენიერმა დიდმა, ადვილათ ასაწევ დასაწევმა ფიცარმა, დაკვირვებითის სწავლისათვის სხვა და სხვა სურათებმა, მასწავლებელისათვის კოპწია კათედრამა, კრაკოვის გეგმამ (პლანმა), მთელის კრაკოვის მაზრის და გალიციის დიდმა რუკამა, ყველა ამან მიიპყრა ჩემი ყურადღება და ბოლოს დროს ვკითხე უფ. დირეკტორს: ყველა კლასები ასე გაქვთ მოწყობილი, თუ არა?

– სულ აგრეაო. ჯერეთ ახალათ ვეწყობით და ბევრი რამ კიდევ გვაკლიაო.

სხვა კლასებიც რომ გავშინჯე, შევატყე, რომ უფ. დირეკტორს ეჩქარებოდა სახლში, გაკვრით ვკითხე კიდევ რამდენიმე საგანი, და იმან კითხვაზედ ეს მომიგო: „ეს სასწავლებელი შესდგება სულ რვა კლასიდგან, ოთხი საოსტატო სემინარიაა და ოთხი კიდევ დაბალი კლასებია. ამ ჟამათ აქ სწავლობენ ორასზე მეტი მოწაფენი. მეცნიერებას ვასწავლით პოლშურს ენაზე; ნემეცურს ენას ვიწყობთ მხოლოდ მესამე კლასიდამ.“ ეს პასუხები რომ მივიღე, მადლობა გადავუხადე და გამოვეთხოვე. აქედამ ქალების საოსტატო სემინარიაში გავქანდი. მე თან მომდევდა ერთი ჩემი ნაცნობი რუსი. რომელსაც უჭირდებოდა წარმოდგენა, რომ ავსტრიის სახემწიფოში ამ გვარი წესებია და გზაში ამიხირდა რომ ის დირეკტორი, რომელსაც შენ ელაპარაკებოდი ნემეციაო და ეს ასეც უნდა იყვესო, დირეკტორებად მაინც ნემცები იქმნებიან აქაურს სასწავლებლებშიო.

ეს კაცი რომ ვერაფრით ვერ დავაჯერე, ბოლოს ვუთხარი: აი ეხლა მივალთ ქალების სასწავლებელში და იქ უთუოთ შენთან ვკითხავ იქაურს დირეკტორს და იმისგან შეგვიძლია ნამდვილი შევიტყოთ. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ქალების სასწავლებელში მივედით, მაგრამ აი კიდევ უბედურება. აქაც მორჩენილან სწავლას და გასათხოვარი ქალები მხიარულის სახით მღიმარის თვალებით, საამურის ხარხარით, ერთ ხელში წიგნებით და მეორე ხელში შლაპების ჭერით გამოდიან სასწავლებლიდგან. მე მაინც არ დავიშალე და შეველ სასწავლებელის კარიდორში. ერთი ვნახო ქალების წრიდამ გამოქანებული წამოვიდა ჩემსკენ ხანში შესული, მაგრამ ცქრიალა და მალხაზი კაცი და პოლშურად რაღაც დამიძახა. ერთის წამის შემდეგ ეს კაცი ჩემ წინ დაერჭო. ნემეცურს ენაზე პტყელპტყელათ აუხსენი ჩვენი განზრახვა და როდესაც ვუთხარი ჩვენი ვინაობაც, ხანში შესულმა კაცმა გამომიცხადა, რომ ის სიამოვნებით აასრულებს ჩვენ თხოვნას და გაგვიძღვა წინ. დაწვრილებით ჯერეთ კლასები გვაჩვენა, მერე ბიბლიოთეკა, ფიზიკური და მინერალოგიური ოთახები, მასწავლებლების საზოგადო მოხდენილი ოთახი, აგრეთვე შეგირდების სათამაშო დიდი ოთახი, ბოლოს სამუზიკო ოთახი. ყველა ეს ძალიან საამური იყო ჩემთვის. სასწავლებელს ნათლად ეტყობოდა, რომ ცდილობენ ჩვენის დროის პედაგოგიის ყველა მოთხოვნილებანი, რამდენათაც შესაძლოა, დააკმაყოფილონ. როდესაც ყველაფერი გადავათვალიერე, მივმართე მარდს და თავის საქმეში დახელოვნებულს დირეკტორს, უფ. იაბლონსკის ზოგიერთის კითხვებით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, თუ რა სიამოვნებით ყურს მიგდებდა და თითოეულს კითხვაზე რა გარკვეულს პასუხს მაძლევდა. მხოლოდ ერთმა ჩემმა კითხვამ როგორღაც გააოცა, აი ეს კითხვა: ერთი მიბძანეთ

– მეცნიერებას ამ თქვენს სასწავლებელში რომელ ენაზე ასწავლით. რაო? მითხრა და კარგა ხანს გაჩუმდა. მაშინ მე იმის პირსახეზე წავიკითხე: რა ვქნა ეს კაცი რას მკითხავს! თუ მე ვერ გავიგე ამისი კითხვა?! რამდენიმე ხნის შემდეგ, მიპასუხა: მე თქვენი კითხვა არ მესმის. გთხოვთ გაიმეოროთ. მე რაც ძალა და ღონე მქონდა, მოვიფიქრე, რიგიანათ დავაწყე ნემეცურ ენაზე სიტყვები და კიდევ განუმეორე ჩემი აზრი.

„ეგ რა საკითხავია, მიპასუხა მან, როდესაც თქვენ სინჯავთ პოლშურს საოსტატო სემინარიას. რასაკვირველია პოლშურს ენაზე ვასწავლით ყველაფერს. რაც შეეხება ნემეცურის ენის სწავლას, ამანაც ისევ ჰსთქვა, რაც პირველმა დირეკტორმა. სხვა ჩემს კითხვებზე მივიღე ამ გვარი პასუხები: ექვსი წელიწადია, რაც ეს სემინარია არსებობს და ამ ჟამათ 190 ყმაწვილი ქალი სწავლობს. სულ რვა კლასია; ოთხი მათგანი უფროს კლასებათ ითვლება, ოთხი კიდევ დაბალ კლასებათ. ამ დაბალ კლასებში პირველის კლასის შეგირდები აძლევენ გამოსაცდელს გაკვეთილებს და გამოცდილ მასწავლებლების გაკვეთილებზე დაიარებიან. ყველანი ძრიელ ბეჯითნი არიან და სიამოვნებითაც მიდიან სოფლის მასწავლებლათ. ჩემის ნაცნობის დასაკმაყოფილებლათ, თუმც კი მეთაკილებოდა მეკითხნა, გავბედე და ვკითხე: ვაჟების სამასწავლებლო სემინარიის დირეკტორი ხომ პოლშელია? რასაკვირველია პოლშელია ბუნებითი და იმის გვარი არის ტვორაკ, მამიგო ფიცხლავ დირეკტორმა. ამ დროს ჩემს ნაცნობს შევხედე, რომლის სახეც თითქო ამას ამბობდა: რა ვქნა, ეს სადა ვარ? ბოლოს დიდი გულითადი მადლობა გადავუხადე უფ. დირექტორს და კიდევაც ვთხოვე რჩევა, თუ რომელი სოფლის სასწავლებელი მენახა. იმან მირჩია სიახლოვისა გამო ლობზის სასწავლებელი, სადაც სადილის შემდეგ თავი ამოვყავი და იქ მასწავლებელს და ერთ გასათხოვარს ქალს ველაპარაკებოდი. დიდი გაჭირებული ლაპარაკი გვქონდა მე და ამ მასწავლებელს, ეს ნემეცურს ჩემზე უხეიროთ ლაპარაკობდა და პოლშურის ენისა კი მე არა ვიცოდი რა. რაც შეეხება ქალს ამან ხომ ერთი სიტყვაც არ იცოდა ნემეცურს ენაზე. მასწავლებელმა ვაი-ვაგლახით ამიხსნა, რომ მე სხვა შკოლის მასწავლებელი ვარო და ამ შკოლის მასწავლებელი კი ეს ეს არის კრაკოვში წავიდაო. ამ ლაპარაკში რომ ვიყავით, გასათხოვარმა ქალმა პოლშურათ რაღაც უთხრა მასწავლებელს; ამან ბოდიში მოითხოვა ჩემთან და ცოტა ხნობით მეორე ოთახში გავიდა. რამ წამს უკან დაბრუნდა, მაშინვე, როგორც იყო, მკითხა ჩემი ვინაობა. სახეზე ნათლად ეტყობოდა, რომ დაერიგებინათ მეორე სახლში, რომ გაეგო თუ ვინა ვარ მე. რასაკვირველია, მე ავუხსენი ჩემი ვინაობა და განზრახვაც. ცოტა-ხნის სიჩუმის შემდეგ, დაწვრილებით გამოვკითხე ამ ყმაწვილს, როგორც სასწავლებლის, ისე მასწავლებლის მდგომარეობა. აი რა შევიტყვე: დიდი ხანი არ არის თურმე, რაც ლობზეს სასწავლებელი არსებობს და ითვლება ერთ კლასიან სასწავლებლათ. მოწაფენი ამ კლასში უნდა დარჩნენ ხოლმე ექვს წელიწადს. ამ ჟამათ აქ სწავლობს 50 მოწაფე, ამათში ოც-და-ათი ვაჟია და ოცი ქალი. სასწავლებელს რამდენიმე განყოფილება აქვს და სასწავლებლათ დანიშნულია: საღმთო სჯული, წერა-კითხვა, პოლშური ენა, არითმეტიკა, სხვა და სხვა ცნობები ბუნების მეტყველებიდამ; შესანიშნავი ისტორიული მოთხრობები უფრო პოლშის ისტორიიდამ; სამშობლო გეოგრაფია და საზოგადო ცნობა მთელის ქვეყნის გეოგრაფიიდამ, გალობა და ხატვა. ყველა ამას ასწავლიან პოლშურს ენაზე. სასწავლებლის სახლი არ არის ხრიანცელი, ის კიჟინა, ის მაღალი ხმით ხარხარი რასაც კაცი ხედავს და ესმის საქართველოში მკის დროს, აქ არსად ისმოდა. ყველგან სიჩუმე სუფევდა. გავუდექი ისევ ჩემ გზას და კაი მანძილი რომ გავიარე, შორიდამ დავინახე, რომ ერთი კაცი მიწას ხნავდა და გუთანში ება ორი ზორბა ცხენი მე ამისკენ გავწიე, და როგორც გამოვედი მიწის თავში, ანუ ხნულის თავში, მე კიდეც გამარჯობა დავუძახე. იმან ღიმილით პასუხი მომცა და კიდეც შეაყენა ცხენები. ეს გუთნის-დედა მოყვანილი ტანის ახალ-გაზდა ვაჟ-კაცი იყო და რაღაც პატიოსნება იხატებოდა ამის სახეზე. თქვენ ეგ თქვენი გუთანი უნდა გამაშინჯოთ კარგად. „გაშინჯეთ, თუ კი აგრე საინტერესოა თქვენთვის“

– მიპასუხა და ცხენებს უკან დააწევინა. ეს გუთანი მსუბუქი გუთანი იყო, ერთი შეხედულობით მოაგონებდა კაცს ქართულ გუთანს; სახნავი ცოტა რამ რომ უფრო წვეტიანი ჰქონდა და ხეზე არ იყო წაცმული; ამას კაცი ჭახრაკით ადვილათ მიატრიალ-მოატრიალებდა. საკვეთელაც ისე ახმახი არ ჰქონდა, როგორც ქართულ გუთანს აქვს. თვლებს გარეშემო შემორტყმული ჰქონდა რკინის რგოლი. ორი ცხენი რათ გიბია, განა მძიმეა ეს გუთანი? „არა, ხშირად ერთი ცხენითაც ვხნავ ხოლმე. გუშინ ცოტა მოჭარბებულად ვამუშავე ეს ცხენები და იმისთვის დღეს ვეღარ გავბედე ერთი ცხენით ხვნა“. ხნული რომ გავშინჯე კიდევ მივე კითხვა: ასე მაღლა რათ ხნავთ, განა ამ გუთანს არ შეუძლიან ღრმად მოხსნას? „როგორ არ შეუძლიან, მაგრამ აქ ამაზე ღრმად მოხვნა საჭირო არ არის. აი მიცქირეთ, რა ღრმად მოვახვნევინო“ და კიდევაც მოატრიალა ცხენები მერე სახნავი ძირ დაუშვა ჭახრაკით – ერთის სიტყვით მომართა გუთანი და გააწვინა ცხენებს. მართლაც ღრმათ წააღებინა ხნული; მტკაველ-ნახევარზე კი ხნავდა და მეტი რა უნდოდა. ეხლა კი მჯერა რომ თქვენ გუთანს ღრმად შეუძლიან ხვნა და ახლა ეს მითხარით: რომელი ქვეყნისაა ეს გუთანი? „ეს ნამდვილი ნემეცური გუთანია და არც ძვირია. ამაშია მიცემული სულ ოცი მარკა. საბოსტნე მიწის სახნავი გუთანი ანუ კავი ხომ უფრო იაფია. – თქვენი იქნება ეს გუთანიც და ეს ცხენებიც? „არა,“ ამოოხვრით მითხრა, – „მინდა კი რომ ჩემი იყოს, მაგრამ არ არის ჩემი. მე სხვის მოჯამაგირე ვარ“. დიდი ჯამაგირი გექნებათ? – „მაგდენი არაფერი. თვეში მაძლევს ჩემი აღა სულ 25 მარკას“. კარგია სოფლად ამოგირჩევია მუშაობა.

– „ისევ სოფლათ სჯობია, ვიდრე ქალაქ ადგილას ქარხანაში მუშაობა. მე ეხლა აქ ჯამაგირს ცალკე ვიღებ და ამას გარდა სმა ჭამა აღისაა. მე შემიძლიან ცოტაოდენი ფული მოვაგროვო და სადმე მიწა ვიყიდო. ამას კიდევაც მოვახერხებ და ქარხანაში რომ მემუშავნა, მაშინ კი ვერას დროს ვერ მოვახერხებდი“. ამ ახალგაზდა უმამულო გლეხს ნათლად ეტყობოდა როგორც ლაპარაკში, ისე პირისახეზე, რომ ამას ბევრჯელ ძილი გაჰკრთობია ფიქრის გამო თავის მდგომარეობაზე. მე მოვუწონე, რასაკვირველია, ამას განზრახვა და კიდევაც გამოვეთხოვე. ავედი ისევ გზაზე და ნახევარ საათის შემდეგ მე მივედი ერთ სოფელში, სადაც სასტუმროში ხუთმეტ მინუტამდინ დავისვენე და „ნემეცურის სასმელით“ პივით გული გავიგრილე, დასვენების შემდეგ გავუდექი ისევ გზას. როგორც კი გამოველ ქალაქის მგზავსი სოფლიდამ, ამის პირზე დამხვდა დიდი თლილი ქვით ნაშენი სახსოვარი, რომლის გვერდზედაც იყო წარწერილი გვარები და სახელები იმ მხედართა, რომლებიც ომის დროს ნემეცების და ფრანცუზების შორის (1870 წ.) დაჭრილობით დახოცილან. მე ამ სახსოვარს დავუწყე ცქერა და ამ ცქერაში რომ გავერთე, ერთბაშათ ხმა შემომესმა: „რას შესცქერიხართ აგრე, არ იცი რა არის?“ მივხედე უკან და შევაჭყიტე თვალები ერთ ლურჯ პერანგიან მოხუცებულ მაღალ კაცს, რომელიც, როგორც ბოლოს შევიტყე თურმე 87 წელიწადია, რაც დედა-მიწის ზურგზე დაიარება. როგორ არ ვიცი „ოო! აბა მაგის ქვეშ მდებარებენ ჩვენი გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს მამულს ომის დროს ფრანცუზებთან (ეს უკანასკნელი სიტყვა ძრიელ კაფიერათ გამოსთქვა). ეგ ამბავიც ვიცი. „რასაკვირველია გეცოდინებათ. წამოდით, თუ თქვენც აქეთ მოდიხართ“ გაიშვირა ჯოხი ვისბადენის გზისკენ. – სწორეთ მეც მანდეთ მოვდივარ – ვუპასუხე მე იმას და ერთათ გავუდექით გზას. 87 წელს, რასაკვირველია, ეს მაღალი ტანის გლეხი კაცი წელში მოეხარა, მაგრამ მაინც ისე მიანაბიჯებდა, რომ ბევრ ყმაწვილ კაცს გაუჭირდებოდა ამას ფეხ-და-ფეხ მიჰყოლოდა. რაღა ლაპარაკი უნდოდა, რომ ამ ახირებულ მოხუცებულ კაცთან სიარული მე ხეირს არ დამაყრიდა, მაგრამ მაინც ვაივაგლახით მივსდევდი. „დიდი ხანია მგზავრობთ ნემეცების ქვეყანაში და ან როდის გამოხვედით ინგლისიდამ?.. მეორე თვეა, რაც გერმანიაში ვმგზავრობ. მაგრამ ინგლისიდამ კი არა ვარ. „მაშ ინგლისელი არა ხართ?“ არა: მაშ საიდამა ხართ? ეს კითხვა რომ მომცა, შედგა და პირდაპირ შემომხედა. „საფრანგეთიდამ ხომ არა ხართ?“ არა. მე რუსეთიდამ ვარ. „ო,ო,ო“. გაგრძელებით და კმაყოფილებით გამოსთქვა. „ეგ სხვა არის, რუსეთიდამაა! რუსეთის ხელმწიფისა დიდი მეგობარია ჩვენი ხელმწიფე ვილჰელმი და დიდი მეგობრობაც გაუწია ოსმალეთთან ომის დროს“. თქვენ საიდამ იცით ეგ? „როგორ თუ საიდამ? გაზეთებიდამ და ეს ყველამ იცის. „აი ეხლა ბერლინში როგორ გათავდა საქმე! ეს სულ ჩვენი ხემწიფის და თქვენი ხემწიფის მეგობრობის წყალობაა. ეს ჩემი თანა მოგზაური იმ ნაირათ ლაპარაკობდა პოლიტიკურ საგნებზე, რომ კაცს ეგონებოდა სადღაც დიპლომატიური მაღალი სასწავლებელი გაუთავებიაო და ამ ჟამად სწორედ მიწერ-მოწერა აქვს დიპლომატებთანა. – თუმცა მინდოდა ეს ახირებული კაცი ბევრი მელაპარაკებინა, მაგრამ ამისმა სიჩქარით სიარულმა გული გამიწვრილა და ვფიქრობდი, თუ როგორ ავსხლეტოდი. ამ ფიქრში რომ ვიყავი, ჩემ ბედზე, ერთი პატარა ბილიკიდამ შარა-გზაზე ამოვიდა ჩვენ პირდაპირ ერთი დარგვალებული და პირ მოპარსული შუა ხნის კაცი, რომელიც ჩემი მემუსაიფეს ნაცნობი გამოჩნდა. ამათ რომ ერთი ერთმანეთს ლაპარაკი დაუწყეს, მე ცოტა-ცოტაობით უკან დავრჩი და ბოლოს ერთ ადგილზე კიდევაც ჩამოვჯექი. მოხუცებულმა, მაგრამ ყოჩაღმა მოსიარულემ შემოიხედა უკან, დამიქნია ხელი, მაგრამ მე ვეღარ გავბედე იმასთან სიარული.

მაღლობზე კარგახან ვიჯექი და როცა საკმაოდ დავისვენე, გავუდექ ისევ გზას და დავეწიე ერთ თოთხმეტის წლის სუფთად ჩაცმულ ყმაწვილს, რომელსაც სოფლიდამ ხილი მოჰქონდა. ამასაც ცოტა რა რომ უჭირდებოდა ფეხით სიარული და ამისათვის ნელ ნელა წავედით. ბოლოს გადავდექით მე და ეს ყმაწვილი მაღლობზე და წინ გაგვეშალა მშვენიერი სურათი: მაღალი ხეების ბაღებიდამა და პარკებიდამა გამოიცქირებოდნენ თეთრად გალესილი მაღალი სახლები და ამათ ზემოდამ დასცქეროდნენ გოტიური შენობის ეკკლესიების გუმბათები; ერთად-ერთი ვიზანტიური შენობის ეკკლესი- ის ოქროთი დაფერილი გუმბათი. კიდევ ტყიანი ბორცვიდამ ბრწყინავდა და თავის არე-მარეს ამშვენიერებდა7. ზოგიერთი ბორცვების გვერდებზე ანუ მხარეებზე დაბალი აქაურათ შემუშავებული ვაზი შეფენილი იყო და მზის ჩავარდნის დროს მშვენიერ სანახავს წარმოადგენდა. ყველა ამას რგოლივით შემორტყმული ჰქონდა ტყით შემოსილი ბორცვები. ეს გახლდათ ვისბადენი. სადაც ათი წამის შემდეგ ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და ვეძებდი ჩემთვის კარგს და იაფის ფასის ოთახს.

ივერია – ტფ., 1878 – ¹31. – გვ. 7-11; ¹32. – გვ. 2-8; ¹33 – გვ.11-15; ¹34

– გვ. 7-11; ¹35; – გვ. 8-11; ¹39 – გვ. 8-12; ¹41 – გვ. 6-9; ¹42 – გვ. 6-8.

6 გოლოსის აზრი პოლშის საქმეებზე

▲ზევით დაბრუნება


ლელო (იონა მეუნარგია)

გოლოსის აზრი პოლშის საქმეებზე

თბილისი, 23 ივლისს. მას აქეთ, რაც პოლიაკების დეპუტაცია, განსვენებული იმპერატორის დასაფლავების გამო, პეტერბურღში იყო და ახალი მეფობა დაიწყო, რუსეთის მოწინავე საზოგადოება, უკეთესი რუსული გაზეთების საშვალებით, არჩევს ამ დაუსრულებს კითხვას: რა ნაირ მიმართებაში უნდა იყოს სახელმწიფო თავის შორეული და უცხო ტომით დასახლებულ პროვინციასთან. ამ დღეებში, ლიუბლინის დემონსტრაციის გამო, რომელზედაც ჩვენ ვწერდით ჩვენ გაზეთში, რუსის გაზეთებმა ხელ-ახლა დაიწყეს

„ოკრაინებზე“ სჯა და წერა.

აი რას სწერს გაზეთი „გოლოსი“ პოლიაკებზე:

„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია, რომ ერთობის პრინციპი მარტო სახელმწიფო მიმართობის სფერით უნდა იყოს გარშემოფარგლული. ეს სფერა ითხოვს მეუფების მორჩილებას მარტო; სხვა დანარჩენი სფერა – სარწმუნოება, სამოქალქო წყობა, ენა და სხვ. არ ეკითხება სახელმწიფო ერთობის პრინციპს. თეკელები, ყირგიზები, სარტები ამბობენ რომ ესენი მორჩილნი არიან თეთრი ხელმწიფისა, ჩვენ ეს გვყოფნის, ჩვენ ეს გვჯერა და, რადგანაც ისინი ცხოვრებენ შორეულ ქვეყანაში, ჩვენ არც კანონებს ვაჩემებთ იმათ, არც მმართველობის წესს, არც სარწმუნოებას და არც ენას; თუ იმათ რუსული ლაპარაკი იციან ხომ კარგი, თუ არა და თითონ იმათ ინაღვლონ; მაგრამ ჩვენ მაინც და მაინც არ ვთხოვთ იმათ, რომ რუსულით ილაპარაკონ. ჩვენთვის საჭიროა, რომ ისინი ემორჩილებოდნენ ჩვენ სახელმწიფო მეუფებას, იხდიდნენ ხარკს, ასრულებდნენ სახელმწიფო სამსახურს, მსახურებდნენ ჯარში და ჩვენსავით კვდებოდნენ რუსეთისა და ხელმწიფისთვის. მაგრამ ამგვარი ჰაზრი უცებ იცვლება, როდესაც ჩვენ წინ ყირგიზის მაგიერ პოლიაკი სდგას. პოლიაკებისთვის ჩვენ საჭიროთ ვრაცხთ ყოველგვარი ცხოვრების წესები გამოვიგონოთ, ისეთი წესები, რომელთაც სახელმწიფოს სარგებლობასთან არავითარი კავშირი არა აქვთ და ცალკე პირებისთვის კი ძლიერ შემავიწროებელნი არიან.

„ჩვენ გვგონია, რომ პოლიაკების გაჭირვების გამასამართლებელ ნიადაგს ყველა ხედავს. დეე, პოლიაკებმა მისცენ რუსეთის სახელმწიფოს, რაც სახელმწიფოს ეჭირვება; სხვა ყველაფერში დარჩნენ ისინი ისე, როგორათაც ისენი ბუნებამ და ისტორიამ გააკეთა თავის სამოქალაქო წყობით, თავისი სარწმუნოებით, თავისი ენით, თავისი ადგილობრივი, თვის-ტომური და კულტურის თვისებით. რუსეთს უნდა რომ პოლიაკები ემორჩილებოდეს რუსეთის სახელმწიფო მეუფებას და ჩვენთან ერთად ყოველ სახელმწიფო გაჭირებაში თანა-ზიარნი იყვნენ. დანარჩენზე არც ჩვენ სახელმწიფოს, არც რუსეთის ხალხს ხელი არა აქვს...“

ჩვენ არა გვინდა ამ მშვენიერ ტირადის ძალა განმარტებით შევასუსტოთ. დავსვათ მხოლოდ პოლიაკების მაგიერ ქართველები, დაუმატოთ, რომ ქართველნი მუდამ ერთგულნი ყოფილან რუსეთის ტახტისა, მათ მუდამ აუტანიათ რუსეთის მხედრობასთან ომის გაჭიერება, თანაზიარნი ყოფილან რუსეთის სიხარულისა და შეჭივრებისა და უფრო დიდის ხელმწიფებით შეგვეძლება გავიმეოროთ: თუ რუსეთისთვის ის არის საჭირო რომ მისმა ქვეშევრდომებმა მას მორჩილება და სამსახური გაუწიონ ეს მორჩილება და სამსახური საქართველოს ყოველთვის ჰქონია და აქვს და მაშასადამე, როგორც პოლშაში, არც აქ არის სახელმწიფო სარგებლობისთვის საჭირო, რომ ჩვენი „ენის, სამოქალაქო წესის, ჩვეულების და რწმუნების“ პატრონნი ჩვენ თვითონ არ ვიყოთ, თვის-ტომური, ნაციონალური და კულტურული თვისება ჩვენივე არა გვქონდეს. რუსეთის სკიპტრის ქვეშევრდომ ყველა უცხო ტომის ხალხს იმედი აქვს, რომ რუსეთის პოლიტიკის მიმართულება ამ მოწინავე საზოგადოების ჰაზრთან თანახმა იქმნება. ჩვენი იმედიც ეს არის.

დროება. – 1881. – 24 ივლ. – ¹153. _ გვ. 1.

7 * * *

▲ზევით დაბრუნება


ლელო*

* * *

თბილისი, 10 აგვისტოს. მოსკოვში გამოდის ერთი ჩინებული გაზეთი, „რუსის კურიერი“, რომლის გამოცემა ამ ჟამათ შეწყვეტილია „რედაქციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო“. ამ გაზეთს პეტერბურღიდამ ბევრი ტელეგრამმა მოსდის. ყოველ-გვარ მმართებლობის განზრახვას, საზოგადო-საყურადღებო ამბებს და კითხვებს, რომლებიც პეტერბურღში დაიბადება, მაშინვე ტელეგრაფი მოურბენინებს ხსენებული გაზეთის რედაქციას.

     
1 მარტის სამწუხარო შემთხვევის შემდეგ* ამ გვარი ტელეგრაფიული ცნობები უფრო და უფრო გადიდდა. წარსული მეფობის მმართველობის სისტემას ბევრი ცვლილება დასჭირდა და პეტერბურღში ათასგვარი სხვადასხვა, მმართველობის თუ ცალოკე საზოგადოებათა კომისიები დაწესდა ახალი ცხოვრების დასაწყებათ, ახალი რეჟიმის დასაფუძნებლათ. ყოველს ამ გვარ სახელმწიფო და საზოგადო განზრახვაზე „რუსის კურიერს“ მოუდიოდა ტელეგრამმა: აპირებენ ამასა და ამას, დაწესდა ეს და ეს კამისია და სხვ. ასე რომ მომავალ ისტორიკოსს ამ მოკლე ტელეგრამმებით შეუძლია ამანმდგომარე მეფობის პირველი წლის ისტორიაზე დაახლოვებითი ჰაზრი შეადგინოს და თითონ დღევანდელ მკითხველსაც უფრო ნათლად შეუძლია დაინახოს, ამ გაზეთით, მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების მიმართულება, ვინემ თითონ პეტერბურღის გაზეთებიდამ.  

*  იგულისხმება რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მეორის მკვლელობა.

 
     

წამ და უწუმ სწერდენ გაზეთს:

აპირებენ ზოგიერთა ჩინოვნიკების ჯამაგირების შემცირებას.

აპირებენ სამხედრო უწყების ხარჯის შემოკლებას.

აპირებენ კავკასიის სანამესტნიკოს გაუქმებას.

აპირებენ სასულიერო აკადემიების და სასწავლებლების რეფორმას.

აპირებენ სახალხო გაზეთის გამოცემას.

აპირებენ ერობის უფლების გადიდებას.

აპირებენ ხალხის გადასახადის შემსუბუქებას.

აპირებენ პოლიციური წყობის გადაკეთებას.

აპირებენ სამხედრო ოკრუგების გაუქმებას.

და სხვ. და სხვ.

ამ დღეებში ერთი ამგვარი „აპირებენ“ ჩამოგვიტანა ამ გაზეთმა, რომელიც აქ სიტყვა-სიტყვით მოგვყავს:

„აპირებენ პოლშაში ბეჭედს უფრო მომეტებული თავისუფლება მიანიჭონ; დაბალ კლასებში პირველდაწყებითი სწავლა პოლშურ ენაზე და წარმართონ საშუალ სასწავლებლებში პოლშური ენის სწავლას, ლიტერატურას და ისტორიას უფრო დიდი ადგილი მისცენ. ვარშავის გუბერნატორის ალბედინსკის პეტერბურღში ჩამოსვლას აწერენ ამ რეფორმას.“

ამ „აპირებენ“-ს ჩვენთვის სხვაზე ნაკლე მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც ჩვენი სკოლაც, ლიტერატურაც, ისტორიაც და ენაც სწორეთ იმავე მდგომარეობაში არიან, რა მდგომარეობაშიც პოლშის ლიტერატურა და სკოლა არის.

ამას წინათ მომხდარ ლიუბლინის დემოსტრაციას, რომელზედაც ჩვენ ვწერდით „დროებაში“, ეტყობა, ეს კარგი შედეგი დაჰყოლია. შკოლების და ლიტერატურის ცუდი მდგომარეობა, რომელზედაც დღემდის პოლშელები და რუსის მოწინავე საზოგადოება მარტო ლაპარაკობდა, დღეს მმართველობის საყურადღებო საგნათ გამხდარა და ბატ. ალბედინსკის წყალობით, იმ საქმეთ რიცხვში ჩათვლილა, რომელთ ცვლილება საჭიროთ დაინახა ახალი ხელმწიფის მმართებლობამ.

სასიამოვნოა ეს ამბავი ყველა განათლების მოყვარე და ხალხთაწარმატების მოსურნე კაცთათვის; სასიამოვნოა არა მარტო პოლშის კეთილ-დღეობის სურვილისთვის, არამედ ყველა იმ უცხო ტომის ხალხისთვის, რომლებიც შეადგენენ რუსეთის იმპერიის ნაწილს. რა კი სახალხო განთლების სისტემის განხილვას შეუდგა მმართველობა, რა კი უცხო ენას და ლიტერატურას, სწავლულების ენით რომ ვთქვათ, პრინციპზე მიეცათ პატივი, უეჭველია საქმე მარტო პოლშაზე არ შეჩერდება და კეთილ განზრახვა მმართველობისა სხვა უცხო ტომის ხალხებსაც არ დაურჩება უსარგებლოთ და მაშასადამე ჩვენ ენასაც და ლიტერატურასაც გასწვდება, „დიდთა და წვრილთა, ვინათგან მზე სწორეთ მოეფინების.“

ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ განათლების და პროგრესის გზა ამ საწადელ მყობადთან მოგვიყვანს, რომელშიაც ყოველ კანონიერ მოთხოვნილებას და ყოველს საჭიროებას შესაბამი კმაყოფილება მიეცემა. ცხოვრების მოძრაობის კანონს, სიცოცხლის ლოღიკას, დარწმუნებული ვართ, ვერც ტოლსტოის სისტემა შეცვლის და ვერც ნაპოლეონ პირველის „დიდი არმია“... [ბოლო ნაწილი, სავარაუდოდ, ამოღებულია ცენზურის მიერ]

დროება. – 1881. – 12 აგვ. – ¹167. – გვ. 1-2  

8 * * *

▲ზევით დაბრუნება


***

ჩვენ მივიღეთ პეტერბურღიდამ შემდეგი შენიშვნა: „იმერეთის დეპუტაციამ პეტერბურღში, თ. ნ. წერეთლის წინამძღოლობით, სთხოვა გრაფ ლორის-მელიქოვს, რომ რადგან ზოგიერთ ჯარის ნაწილებსა და სამხედრო პირებს დაურიგეს ვენზელები, ეპოლეტებზე დასაკრავი მიცვალებულის იმპერატორის ალექსანდრე მეორის სახსოვრად, და რადგან ეს ვენზელები არ მიუციათ კანვოის იუნკერებისათვის და მდაბალი ჩინებისათვის, ამისთვის ამ პირთაც მიეცეს ეს ვენზელები. ჩვენი უმდაბლესი და უქვეშევრდომესი თხოვნა ეს არისო.

„პოლშელების დეპუტაციას უთხოვნია: ერობის (земство) შემოღება პოლშაში, ნაფიც მსაჯულების სასამართლოს დაწესება, სრული თავისუფლება სამშობლო ენისა პოლშურ სასწავლებლებში და პოლშის ლიტერატურის კათედრის დაარსება ვარშავის უნივერსიტეტში.

დროება. – 1881. – ¹67. – გვ. 2

9 ვლადისლავი მიცკევიჩი და იმის მოქმედება პარიჟში

▲ზევით დაბრუნება


ვლადისლავი მიცკევიჩი და იმის მოქმედება პარიჟში

„პეტერბურგის ვედომოსტების“ კორესპოდენტი აი, რას იწერება პარიჟიდგან: „პარიჟში ყოფნა თუ გინდა, შენი ჩვეულება და ხასიათი, მანამ იქა ხარ, უნდა დაივიწყო. არც შენებური შეხედულება გამოგადეგბა ცხოვრებაზე: პარიჟი ძალა უნებურათ ყველას იმორჩილებს ამ შემთხვევაში: რა ცხოვრების წესიც იქ არის, იმას ვერავინ გადასცდება. მეც საზოგადო ხასიათს და ჩვეულებას გავყევი. კორესპოდენტი ამბობს, რომ პარიჟში ყოფნა იმ დროს შემეხდა, როცა ავსტრიასა და პრუსსია შუა ომი ატყდა, მაგრამ მე საპოლიტიკო ამბები სრულებით არ მართობდაო, რადგანაც პარიჟში ზოგიერთ სამეცნიერო საგნების განსახილველათ მივედიო და ამისთვის საიმპერატორო ბიბლიოთეკაში დავდიოდიო. – „საზოგადო ჩვეულებისამებრ სადილი საღამოს ექვსს საათზე უნდა მეჭამა ხოლმე და რადგან საიმპერატორო ბიბლიოთეკა შუადღის უკან 4-ს საათამდის არის კარ-გაღებული სამუშაოთ, ამისთვის სადილობამდის ორი თავისუფალი საათი კიდევ მრჩებოდაო. ამ დროს ვამდომებდი პარიჟისა და ოიმის მრავალგვარ მცხოვრებლების გაცნობასაო. თავიდგანვე საზღვარგანდევნილ-პოლშელების ცხოვრების ვითარებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. იმათ ხშირად შევხვდებოდი ხოლმე ერთს ყავახანაში, სადაც პოლშურისა და რუსულის გაზეთების კითხვაში ატარებდნენ დროსა. მე წაველ მშვენიერ პოლშელი ბიბლიოთეკის სანახავათ, რომელიც იმყოფება მდინარის სენის პირს განდევნილ-პოლშელებისაგან ნასყიდს სახლში; მე პოლშელების უსუფთავო სამზარეულოშიაც კი ვიყავ ორჯერ, თუ სამჯერ, სადაც ღარიბი ლათინის კვარტალში მცხოვრები პოლშელები შეექცევიან ხოლმე თავის ქვეყნის საჭმელებსა. ლუქსემბურდის [სიც] ბაღის მახლობლათ რომ პოლშური საკითხავია, იქაც კი ვიყავი... მაგრამ ამისთანა მგზავრობით პოლშელების ცხოვრებას კარგათ ვერ გავიცნობდი პარიჟში, თუ რომ შემთხვევით არ გამეცნო ორი მეტად გამოჩენილი კაცი პოლშის მეცნიერებისა და ლიტერატურისა პარიჟში მყოფთ განდევნილ პოლშელებთ შორის: ერთია სლოვენური ლიტერატურის პროფესორი კოლლეჟ-დეფრანსში, ალექსანდრე ხოზკო; მეორე ვლადისლავი მიცკევიჩი უფროსი შვილი წარჩინებულესი პოეტის ადამ მიცკევიჩისა.

ერთხელ ხოზკოს ლექციაზე მივედი ყურდასაგდებათ და ის მაშინ გავიცანი. ის ათავებდა თავისს საკითხავ ლექციებსა კანიკულების წინათ და უნდოდა გაეთავებინა რუსული ლიტერატურის ამბავი მოკლე განხილვით... როცა ლექციის კითხვა გაათავა ხოძკოსთან მივედი და ვუთხარი ჩემი ვინაობა. იმან მიქო მამა ჩემი და ორიოდე სიტყვა დასძინა მამიჩემის მეგობრობის შესახებ ადამ მიცკევიჩთან: „განსვენებული ჩემი მეგობარი (ადამ მიცკევიჩი), როცა მოსკოვში ყოფნას მოიგონებდა ხშირად ახსენებდა მამა თქვენსო.“ – მითხრა პროფესორმა ხოძკომ დიდის ალერსით მიმიწვია თავის სახლში სანახავათ. როგორც კი თავისუფალი დრო ჩავიგდე ხელში, ისე წავედი იმასთან და შინაც დამხვდა; რაღაც აღმოსავლეთურს ხელნაწერს ჩხრეკდა. იმან რუსულათ დამიწყო ლაპარაკი, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ხოძკოს სრულებით არ სცოდნია რუსული ენა, თუმცა ოდესმე რუსის სამსახურში ყოფილა და მგონია, სპარსეთის შაჰის კარზე ელჩათაც ყოფილა. სლოვენური ლიტერატურა კარგათ ვერა სცოდნია; რუსულს ლიტერატურას რაიცა შეეხება, თვითონ ხოძკოც ამბობს, რომ რუსულ ლიტერატურისა ბევრი არა გამეგებარაო და დიდი ხანია იმისი ახალი არა მიკითხავს რაო. ბოლოს შევიტყვე, რომ ხოძკო შემთხვევით გამხდარა სლოვენურ ლიტარატურის პროფესორათ. ეს ადგილი სპარსეთის ელჩის მუდარებით მიუცია იმისთვის მთავრობას. სპარსეთის ელჩი დიდს პატივსა სცემს ხოძკოს, რადგან ამან სპარსული და არაბული ზედმიწევნით იცის. – მეტი საინტერესო იყო ჩემთვის ხოძკოს საუბარი ადამ მიცკევიჩის სახლობაზე და ან რამდენათ შეწევიან წარჩინებულის პოეტის სახლობას საზღვარს-განდევნილი პოლშელები. პოეტის სიკვდილის შემდეგ საზღვარს-განდევნილ-პოლშელებმა შეჰკრიბეს და დაუნიშნეს ქალებს თითოს 30 ათასი ფრანკი და ვაჟებს – თითოს 40 ათასი ფრანკი. სამს ვაჟში ერთი მალე მოკვდა და რადგან იმისი წილი ფული კიდევ ორმა ძმამ თანასწორათ გაიყო, ამისთვის ისინი კარგა შეძლებულნი გახდნენ. „უფროსი შვილი ვლადისლავი ახლა ლიტერატურაში და ჟურნალისტიკაში გართულია, აგრეთვე წიგნებით ვაჭრობაც კარგად მიჰყავს. მეორე შვილმა ეს არის მაღალ სასწავლებელში კურსი შეასრულა და ადვოკატობას ემზადება.“

ხოძკოსთან რომ საუბარი გავათავე წავედი პოლშელს წიგნის სავაჭროში, რომელსაც ჰქვია „Lიბრაირე დუ Lუხემბურგ“ – ლუქსემბურგის საწიგნე. რაც იმ უკანასკნელს ჟამს პოლშის მდგომარეობის შესახებ წიგნები დაბეჭდილა პარიჟში და რაც პოლშური თხზულებები გადათარგმნილა ფრანცუზულათ, იმათი ძებნა და კითხვა დავიწყე. პრიკაშჩიკმა ესე ყოველი დიდის ალერსით მიჩვენა და დასძინა, რომ წიგნის სავაჭრო და საკითხავი თავიდგანვე ვლადისლავმა მიცკევიჩმა დააფუძნა და აქამდის ეს იმის ხელშიაო. „თუ იმის ნახვა გსურთ, აი, თვითონ ისიცა“ – მითხრა ენა მჭევრმა პრიკაშჩიკმა და თვალებით მიჩვენა ყმაწვილი კაცი, რომელიც იქითა ოთახში კარებთან რაღაც გაზეთს კითხულობდა. მივიხედე და დავინახე შავგრემანი ახალ გაზრდა კაცი ოცდა ათის წლისა, წვერი პატარა ჰქონდა და სახეზე ფერი მკრთალი იყო. იმას პოლშელობა არ ეტყობოდა, ისევ სახეირს ებრაელს უფრო ჰგავდა. მე მიცკევიჩთან მივედი, ვუთხარი ჩემი ვინაობა და ისიც არ დამვიწყებია, რომ ოდესმე მამანი ჩვენნი დიდი მეგობრები ყოფილან მოსკოვში. – „დიახ, ის დრო კარგი დრო იყო, კარგი“ ამოოხვრით სთქვა მიცკევიჩმა და ხელი მეგობრულათ დამიჭირა. ჩვენ მოვიგონეთ მამები და იმათ შესახებ დიდ ხანს ვილაპარაკეთ. ჩვენ საუბარს შემდეგ ისე დაუახლოვდით ერთმანერთს, რომ უფრო დაახლოვებით გავიცანით ერთმანეთი. მართლაც ამ პირველი ნახვის შემდეგ ხშირათ დავდიოდით ერთმანეთთან. ჟაკობის ქუჩისკენ გავისეირნებდი ხოლმე და კარგათ მომარჯვებულს მიცკევიჩის პატარა სადგომში ხანდახან ნაშუაღამევამდის დავრჩებოდი. მიცკევიჩიც მოვიდოდა ხოლმე ჩემს პატარა ჩარდაყზე.

ბევრჯერ გვქონია საუბარი ერთმანეთში და ზოგი ერთი აზრები ცოცხლათ მაქს დახსოვნილი; უმთავრეს საგნებზე ბაასი მაინც კარგათ მახსოვს და ამათში პოლშა ყოველთვის საგულებელ საგნათ იყო. როგორც რომ ბაასს გავმართავდით, ჩვენდა უნებურათ მაშინვე პოლშაზე უნდა გადავსულიყავით. ვლადისლავი მიცკევიჩი ძალიან განათლებული კაცი გამოჩნდა და პოლშის ისტორიაში მეცნიერი იყო; ის ყოველთვის ძალიან დამშვიდებით და ჭკვიანად ლაპარაკობდა, ბაასში არაოდეს არ ჩქარობდა, და ცდილობდა ძალიან მოსაზრებული მაგალითები მოეყვანა, რომ დავეძლიე. ის იყო ძველი პოლშის მომხრე, ძალიან აქებდა იმის დაწყობილებას, ამტკიცებდა, რომ პოლშას შეუძლიან და კიდევაც უნდა აღსდგესო იმ სახით, როგორც წინათ ყოფილაო. მანამ პოლშის საქმე პოლშელების სასარგებლოთ და კარგათ არ გადაწყდება, ევროპა ტყუილათ ნუ ელის მოსვენებასაო. ამასთან გამოჩნდა, რომ ვლადისლავ მიცკევიჩს სრულებით არ სცოდნია რუსული ისტორია, ანუ თუ სცოდნია, მხოლოდნემეცური, პოლშური და ფრანცუზულ წყაროებიდგან სცოდნია. ამ გვარი ცოდნის წყალობით ვლადისლავი მიცკევიჩი როცა რუსეთის ხალხის მდგომარეობაზე დაიწყებდა ლაპარაკს, ძალიან სცდებოდა ხოლმე ასე, რომ მე ვიტყოდი: „თუ გნებავთ ჩვენზე ილაპარაკოთ, რუსული ისწავლეთ და რუსული წიგნები იკითხეთ. ის თანახმა იყო, რომ რუსულის სწავლა და რუსული სწავლული ლიტერატურის გაცნობა ძალიან ბევრს ძალას შემძენსო და ბევრში შემიცვლის ჩემს აზრსო; მაგრამ თავის აზრზე კი ისე იყო დამყარებული, რომ იმის გამოცვლა სათუოა. ამ სახით ვლადისლავი მიცკევიჩი ფრანციისა და ევროპის წინაშე წარმომდგარა და მხურვალედ იცავს ძველს პოლშის დაწყობილებას. ვლადისლავი მიცკევიჩი მთელს თავის ღონესშრომას ამას ანდომებს და არასფერს არ ზოგავს, რომ ფრანციის თანაგრძნობა აღძრას პოლშისადმი და ამ მოკლე ჟამს ძალიან ბევრი გააკეთა. ერთი რომ ის ბეჭდავს უმთავრეს თხზულებებს თავის მამისას ფრანცუზულს ენაზე. და მეორე როგორ ბეჭდავს! – რა მშვენიერი ქაღალდია, რა მხატვრობა და სილამაზეა შიგ წიგნებში გამოყვანილი! ვლადისლავს მიცკევიჩს ზედმიწევნით შეუტყვია ფრანცუზულ მკითხველების გემო: ისინი ამბობენ წიგნი თუ დაიბეჭდოს, შემკობილ უნდა დაიბეჭდოსო და ამისთანა წიგნებით გამოვიდა: „კონრად ვალენროდი“, „დრამატიკული ნაწყვეტები“ და „ჟივილლა“. ვლადისლავმა მიცკევიჩმა იხმარა ყოვე- ლი ღონისძიება, რომ რომელიმე გამოჩენილს პარიჟის ჟურნალს პოლშის მხარე სჭეროდა და ამ განზრახვით თვითონ ის შეიქმნა წარჩინებულ გაზეთის „Mონდე“ რედაქტორათ და გამომცემლათ. დიდი ხანი არ არის, რაც ფრანცუზულს ენაზე გამოვიდა ძველი პოლშის არსებობის ამბები რჟევუსსკისა. ეს ამბები კარქი სქელი წიგნია და მშვენიერ მხატვრობებით არის გავსებული. თითოეულს ამბავს დაუბეჭდა ვ. მიცკევიჩმა ძალიან ვრცელი შენიშვნები. რჟევუსსკის წიგნს შემდეგ დაბეჭდა „არმან-კარელის სტატიები პოლშის დასაცავათ დაწერილი“ ვლადისლავ მიცკევიჩის წინა სიტყვაობით და შენიშვნებით: „პოლშის მეგობრები“; ეს არის წიგნი სხვა და სხვა სტატიებით გავსებული; ამ წიგნში სხვათა შორის „ლაფაეტის სიტყვაა პოლშის დასაცველათ წარმოთქმული. ეს კიდევ ცოტაა რაც ვლ. მიცკევიჩს გაუკეთებია თავის სამშობლოს საკეთილ-დღეოთ. (აქვე ვლ. მიცკევიჩის წინა სიტყვაობაა). და არმან ლევის სტატიები „პოლშისადმი ფრანციის მოვალეობა“. არც ერთს იმისთანა შემთხვევას არ გაუშვებს, რომ ვ. მიცკევიჩმაც თავისი აზრი არ წარმოსთქვას პოლშის შესახებ. ის ყოველ შემთხვევით სარგებლობს, რომ ყველას გაახსენოს პოლშა და პოლშის საქმე. აი ამ გვარათ წარმოსდგა მრავალი სტატიები, წერილები სხვა და სხვა პირებსა და საზოგადოებასთან. ამათში რომელნიც უფრო შესანიშნავები არიან, იმათ დავასახელებ: „წერილი გრაფთან მონტალამბერთან პოლშის ადგომაზე“, „წერილი ჟენევის კონგრესის პრეზიდენტთან“. აქ ძალიან ცოცხლათ ამტკიცებს ვლ. მიცკევიჩი, რომ მიუცილებელი საჭიროება მოითხოვს ევროპის საზოგადო ომიანობას, რომ ამით განახლდეს ერთობ დაძველებული დაწყობილება ევროპისაო. ვერ დავივიწყებთ ვ. მიცკევიჩის წიგნს ბოგემიის დეპუტატებთან რიგერთან და პალაცკისთან. ის ამ წერილში ამტკიცებს, რომ ჩეხებს, პოლშელებს, სერბებს და რუსებს სიმართლე აქვთ, რომ ერთმანეთთან განკერძოვებულათ და თავისუფლათ იცხოვრონ ისე, როგორც ევროპაში გერმანიის ტომის ხალხები განკერძოვებულათ და თავისუფლათ ცხოვრობენო“. ამ სიტყვებში სჩანს არამც თუ მარტო ვლ. მიცკევიჩის საყვარელი აზრი, არამედ მთელი განდევნილი პოლშელების კრების ხელსამძღვანელო აზრი და წადილი. სამზღვარს განდევნილს პოლშელებს სწამთ, რომ ყოველივე შეუძლებელი საქმე პოლშის შესახებ შეიძლება, რომ მოხდესო და იმათი პოლიტიკური რწმუნება სრულებით იხატება ყოველ იმ წიგნის სათაურზე, რომელსაც ვლ. მიცკევიჩი გამოსცემს ხოლმე. ყოველ წიგნის წინა ფურცელზე რგოლია დახატული და შიგ პოლშის სამეფოა გამოხატული თავისის ძველის საზღვრებით. ქვეით აწერია: დამოუკიდებლობა, ერთობა, თავისუფლება. (Iნდéპენდენცე, Uნიტé, Lიბერტé). ამ მიმართულებით ვლ. მიცკევიჩი ძალიან ბევრს ეწევა საზღვარს განდევნილ პოლშელებს. მართლაც ჩვენთვის ყველასთვის გასაკვირველია ეს დაუღალავი შრომა და მოქმედება, განსაკუთრებით როცა ჩვენს დაუდევნელობას და სიზარმაცით ცხოვრებას შევადარებთ იმასთან. ახლოს რომ გავიცნოთ ვლად. მიცკევიჩისთანა მოქმედი პირები, რომელთაც არა ჰშურთ არც ფული, არც თავისი ღონე და სიცოცხლე, რომ ფრანციას და ევროპას კარგი თვალით დაანახონ თავის სამშობლო და მოძმენი, უნებურათ გაუკვირდება კაცს, როგორ დაუდევრათ ვუყურებთ იმათს მტრულს მოქმედებას ჩვენ წინააღმდეგ და იმათ დაუღლელს შრომას თავის აზრის დასაგვირგვინებლათო, – ამბობს რუსის გაზეთის კორესპოდენტი.

დროება. – 1868. – ¹30. – გვ. 2-3

10 ქართველთა შორის

▲ზევით დაბრუნება


სანო (ჭრელაშვილის სტეფანე თევდორეს ძე)

ფელეტონი

ქართველთა შორის

სიტყვა და საქმე. – როდის უნდა „გონებანი გონიერსა“? – სიმდიდრე გულისა და აზრისა. – საკუთარი ფერი და ნასესხები უმარილი. – დალოცვა ევროპელი ქალისა! – აზიური ხასიათი.

დაწინაურებული საზოგადოების კაცი შეგიძლიან ლაპარაკითაც გამოიცნო, შეისწავლო. ამისთანა კაცისათვის სიტყვა ან წინამორბედია საქმისა, ან დასკვნაა უკვე დამთავრებულის, შესრულებულის, გაკეთებულის საქმისა. ასეთის კაცის ლაპარაკი რომ გესმის, წინათვე დარწმუნებული ხარ, რომ გემუსაიფება ან ისეთს საქმეზე, რომელსაც უსიკვდილოდ შეუდგება, რაკი ლაპარაკს გაათავებს, ან ისეთზე, რომელიც დაუბოლოვებია, გაუთავებია და ახლა სხვა საგანი უნდა ამოუყენოს მხარში დასრულებულს საქმეს. რამდენადაც თამამად გელაპარაკება დაწინაურებული კაცი რომელსამე საქმეზე, იმდენად გესმის, რომ უნაკლულოდ შეუსწავლია ვითარება იმისი და ყოველს წვრილმანშიაც-კი უმოქმედნია თანახმად ამ შესწავლისა. ერთის სიტყვით, დაწინაურებული კაცისათვის სიტყვა არ არის დაშორებული საქმეზე, ანუ სიტყვა იგივე საქმეა. მიზეზიც ეს არის, რომ საკმარისია მარტო შორიდამ მოჰკრა ყური, რომ ამა-და-ამ დაწინაურებულს საზოგადოებაში ესა-და-ეს აზრი წარმოითქვა და შეწყნარებულიც იქმნაო, – რომ რამდენისამე ხნის შემდეგ მოესწრო კიდეც თვით დაწერილებითს ანგარიშს, თუ როგორის გულ-მოდგინებითა და მეცადინეობით შეუდგნენ ამ აზრის შესრულებასა და რა ადრე განახორციელეს იგი თვით ცხოვრებაში.

გეხსომებათ, ამ ორის წლის წინად ბისმარკმა მოიწადინა პოზნანის პოლშელ მებატონეთა მამულები როგორმე შეესყიდვინებინა გერმანულ შეძლებულ გლეხობისთვის, ამის გამო მებატონები დაახარბა ფასებით და ვალათ დასდო გაეყიდნათ თავიანთი მამულები. პოლშელმა საზოგადოებამ იგრძნო, რომ თუ პოზნანში ამოვარდება პოლშელთა ხსენება ეხლა ამოვარდებაო, რაკი მიწა-წყალს გერმანელნი შეისყიდვენო. მართალია მცხოვრებთა უმეტესობას პოლშელი გლეხ-კაცობა შეადგენს, მაგრამ თუ-კი მიწა გადავა გერმანელთა ხელში, უსახლ-კარო, უმამულ-დედულო ბოგანა პოლშელნი მალე დაჰკარგავენ თითქმის ყოველსავე მნიშვნელობას და ან სრულებით ამოსწყდებიან, ან, როგორც ტაბარუკები, გაიფანტებიან დედამიწის ზურგზე და მაშინ აბა რაღას დააკლებენ თავიანთ მტერს.

ეს საშინელი მოსაზრება ბისმარკისა უტყუარი და სწორე იყო. პოლშელმა საზოგადოებამაც დაინახა ბისმარკის წადილი და ძრიელაც შეშინდა. მაგრამ საქმე როდი გაათავა ამ შიშით. მოიწადინა იღონოს რაიმეღონე და გააუქმოს ბისმარკის გარდაწყვეტილება. წადილს მაშინვე ზედ მოჰყვა თვით საქმეცა, ტყუილად კი არ უთქვამს ჩვენს დიდებულს ბრძენს რუსთველს:

„რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა,“

და კიდეც გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა ქვრივი პოლშელი ქალი და თავის სიღარიბიდან, რაც მოეპოვებოდა, ნახევარი შეძლება დასდო თანხად, რომ შეგროვდეს ფული და ამ ფულით დახმარება აღმოუჩნდეს პოლშელ გლეხობას, რომ რაკი ბისმარკს ვითომ გლეხობისთვის ემეტება მამულები, ბარემ პოლშელმა გლეხობამ შეისყიდოს პოლშელ მებატონეთა მიწები და არა გერმანელთა გლეხობამაო. ამ კეთილშობილ ქალის კეთილშობილმა მაგალითმა დაურბინა მთელს პოლშელ საზოგადოებას, თუ თვით პოზნანში, თუ პოლშას, სილეზიასა და სხვაგან. ქალები და კაცები ერთმანეთს უსწრობდნენ სიუხვესა, გამეტებასა და თავის განწირვაში. სამი-ოთხი კვირის განმავლობაში გროშ-გროშობით მოგროვდა რამდენიმე მილიონი მანათი ძირის ფული, იმიტომ რომ შემოწირულობა მოსწყდა, მოჰხეთქა მთელის პოლშელი ერისგან. ქვრივი ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში, მოიმხრო ჭკვიანი და მცოდნე კაცები და იმათის დახმარებით გამართა ისეთი საქმე, რომ თითქმის ერთიან გააცრუა ბისმარკის საშინელი გადაწყვეტილება და პოლშის გლეხობას გაუჩინეს იეფი კრედიტი, რომლის წყალობითაც გლეხს მიეცა ჩინებული სახსარი მამულ-დედულის შეძენისა.

***

როგორ მოხდა ასეთი ამბავი? იტყვით – ალბად პოლშის საზოგადოება მდიდარი ყოფილა და ამიტომ არც ფულის მოგროვება გასჭირვებიაო. მართალია, პოლშაში ძრიელ ბევრია მდიდარი კაცი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ამ ფულის მოგროვებაში ყველაზე მწირი შესაწირავი შეიტანეს მდიდრებმა და იმოდენა თანხა შესდგა ღარიბთა შემოწირულობიდამ. მაშასადამე, ასეთი სამაგალითო საქმე იმის წყალობით კი არ მოხდა, რომ პოლშელი საზოგადოება მდიდარია ფულით, არამედ იმის გამო, რომ ეს საზოგადოება მდიდარია გულითა და აზრით, მოსალოდნელმა საერო უბედურებამ გააღვიძა აზრი, აზრმა დაჰბადა ცხოველი სიტყვა და სიტყვა გადაიქცა ნდომად, საქმედ, და ხომ გახსოვთ დავით გურამიშვილის სიტყვები:

ნდომა მხდალს გახდის მამაცად,
– შეჰბედავს ძნელს საბედველსა.

ქალებმა შემოიხსნეს თავიანთი სამკაული, ფულად აქციეს, რაც კი ფასიანი რამ მოეპოვებოდათ სამელ-სახური, კაცები გამოეთხოვნენ თავიანთს მორთულობას, დასთმეს და აიღეს ხელი ყველაზე, რაზედაც-კი ხელის აღება შესაძლებელი იქნებოდა, ოღონდ-კი კაცის სიცოცხლეს ზიანი არ მისცემოდა, – ამ სახით შეადგინეს თანხა ერის საჭიროების დასაამებლად.

ამ სახით, უბედურება, რომელიც ასე ემეტებოდა ბისმარკს პოლშელთათვის და რომელიც ასეთის ჭკვიანურის ხერხით ჰქონდა განზრახული და გამოანგარიშებული, ბედნიერებად გარდაექცა დაწინაურებულის საზოგადოების წარმომადგენელთ, და ეს ბედნიერებაც ის არის, რომ მიწა გადადის ერთის წოდების ხელიდამ, რომელმაც არ იცის იმისი გამოყენება, მეორე წოდების ხელში, რომელსაც ასე ლამაზად ესმის ყადრი და ფასი მიწისა და რომელიც, თუ-კი ერთი ჩაჰკიდა ხელი, სწორედ კბილით დაეჯაჯგურება და უსიკვდილოდ აღარ გაეყრება თავის მიწას...

[გამოტოვებულია ირელევანტურობის გამო]

...მაგრამ ძებნაც არის და ძებნაც. ამიტომ თვით პოვნაც ამ ძებნის ხარისხზეა დამოკიდებული. ეს ლაპარაკი რომ ჩამოვაგდე პოლშელებსა და ჩეხელებზე, ამით მე მხოლოდ მინდოდა მეჩვენებინა მკითხველისათვის, რომ ხალხი, რომელსაც გამოაჩნდა უტყუარი ნიშან-წყალი თავის გატანისა ამ ბრძოლის წუთი-სოფელში, კიდევაც გამუდმებითა ჰფიქრობს თავის ყოფაზე, თავის ავსა და კარგზე. ნაყოფი ასეთის ფიქრისა ყოველთვის არის ისა, რომ ხალხი საზოგადო ღონით მიაგნებს ხოლმე სახსარს საკუთარი განვითარებისას, წარმატებისას, გაძლიერებისას, ამისთანა ხალხში თუ-კი ერთი დაიძრა საიდგანმე მხსნელი აზრი, მაშინათვე სიტყვა თვალის დახამხამებაზე გადაიქცევა საქმედ, და ეს საქმე უეჭველად ნიშანსა სდებს მთელის ერის კეთილდღეობას. სწორეთ ღირს კიდეც, როდესაც ამისთანა ერის წარმომადგენელი გელაპარაკება თავიანთ საზოგადო საქმეზე, იცი, რომ ლაპარაკი მართლა საგანს შეეხება და მართალს ვითარებასაც გაჩვენებს საგნისას.

სიტყვა ცოტა შორიდამ მომივიდა, მაგრამ თქვენ ადვილად შეიძლებთ შეადაროთ ჩვენის კაცისა თუ საზოგადოების ლაპარაკთან დაწინაურებულ ხალხთა მაგალითი. ჩვენში თითქო ღმერთს ენა მიუცია კაცისთვის იმიტომ-კი არა, რომ ჩვენმა თანამემამულემ შეგატყობინოთ მართლა თავისი გულის პასუხი, თავისი ნამდვილი აზრი და გადაწყვეტილება საგანზე, არამედ თითქო იმიტომ, რომ სრულებით აგიბათ თვალები თავის ნამდვილ ვინაობაზე, გაჩვენოთ სრულებით სხვა გული და სხვა აზრი, რომელიც იმის გულთანა და აზრთან შედარებით ისეთივე სპეტაკია და მაღალი, როგორც ნათელი ბნელთან, უმანკოება სისაძაგლესთან... როდესაც ჩვენი კაცი გეკვეხება, რომ ის თავ-გადადებულია ქვეყნის საქმეებისათვის და არ დაჰზოგავს არც თავის ქონებას, არც გონებასა და ზნეობის ძალ-ღონეს, თუ-კი რითიმე გამოადგება სამშობლოს წარმატებას, – თქვენ დარწმუნებულნი უნდა იყვნეთ, რომ ასეთი ქველი ადამიანი გულში სრულებით სხვაფრივა სჭრის და ჰზომავს თავის მოქმედების პროგრამას. ერთი-კი თავიდამ მოგიშორო, ტკბილისი სიტყვებითაო, ჰფიქრობს გულში ჩვენი კაცი, და შერცხვენილი ვიყო, თუ მეორედ შეხვედრამდის სიზმარშიაც-კი გავიხსენო საზოგადო მოღვაწეობაო. შეგხვდები კიდე და, ენა ხომ აქა მაქვს, კორძი არ გამომბმია და არაფერი. ისეთ-ისეთი თანხები გადმოგილაგო მაგ რაღაც საზოგადო საქმეებზე, რომ სულ თვალები აგიჭრელდეს და ქართველურ გულ-მართლობით ქვეყნის ბოძად მაღიარო სწორსა და ამხანაგებშიო. რა დროს საზოგადო საქმეა, შე გამოსულელებულო მასხარავ ქვეყნისავ, როდესაც ჩემის საქმეებისაც არა გამეგება რა, არც თავი და არც ბოლოვო.

მიზეზიც ეს ჩვენი აზიური ხასიათია, რომ ვერც ერთი საზოგადო საქმე ვერ გვითავებია საამხანაგოდ, საწევროდ. თითო ადლის ოდენა ენას გადმოვაგდებთ ხოლმე და პტყელპტყელადა ვლაპარაკობთ ერთობაზე, შრომასა და მხნეობაზე, სამშობლოს სამსახურზე, და საქმე რომ მოითხოვს ჩვენს სამსახურს, გინდა ათი იმდენი შეგვეძლოს, ვიდრე საჭიროა, მივიმალებით ჩვენ-ჩვენს სოროებში და ბაიყუშებივით გამოვიჭყიტებით – აცა, ეგებ სხვა ვინმე გამოჩნდეს სულელი და თავიდამ ხელ-აღებული ქართველი, რომელიც ჩვენს მაგიერ იკისრებს ამ საქმესაო.

აგერა მივაგენით, მაგალითად, საუკეთესო საგანს ჩვენის წარმატებისას – შევადგინეთ საზოგადოება წერა-კითხვის გავრცელებისა ჩვენს ქვეყანაში. გვესმის ძალა განათლებისა, ვიცით, რომ ამის მეტი სახსარი სხვა არა წამოუყენებია-რა ჩვენთვის დღევანდელს ისტორიას, დილიდამ საღამომდე არ მოგვწყინდება ხალისიანი ბაასი ამ საგნის სარგებლობაზე, – და ნამდვილად კი არა თუ მთელს ჩვენს დახმარებას არ ვაწვდით ამ საქმის გამძღოლთ, პირ-იქით, დაპირებულსა და გადაჭრილს გროშებსაც-კი უკან ვიჭერთ – ეგებ ვინმე სულელმა იმდენი საცხოვრებელი შესწიროს, რომ ყველა საჭიროებას გაუძღვეს საზოგადოების მართველობაო... აი, 5 ნოემბერს დანიშნულია წლიური კრება ამ საზოგადოებისა და ყველა თქვენგანი კვლავ ჰნახავთ, რა განსხვავებაა ჩვენსა და დაწინაურებულ საზოგადოების წარმომადგენელთა შორის, თქვენ ჰნახავთ, რომქართველთა შორის კაცი არ ყველა სწორია ქართველთა შორის
დიდი ძევს კაცად კაცამდის. ქართველთა შორის

ივერია. – 1889. – ¹231. – გვ. 1-3

11 გერმანია

▲ზევით დაბრუნება


გერმანია

კათოლიკეთა კრებაზედ პოზნანში გადასწყდა, სხვათა შორის, რომ ვეცადოთ აქ უნივერსიტეტის დაარსებაო. ეკლესიებში მღვდლები უქადაგებენ ოჯახის პატრონებს, თქვენს შვილებს პოლონურს ენაზედ მიეცით განათლებაო. ზემო-სილეზიაში საოსტატო სემინარიებს ნება მიეცათ, რაც შეიძლება, ბლომად მიიღონ ისეთი შეგირდები, რომელნიც პოლონურად ლაპარაკობენ, რათა ისინი სოფლის მასწავლებლებად წავიდნენ შემდეგ. ერმლანდში, რომელიც აქამდე გაგერმანელებულ მხარედ მიაჩნდათ, ეპისკოპოსმა ტილემ ბრძანება გასცა, ამის იქით სამღვთო-წერილი პოლონურად ასწავლეთო. ნელ-ნელა გერმანულს სახელწოდებას ისევ პოლონური სახელწოდებანი სცვლის და მთავრობა ამას არ ეწინააღმდეგება. ერზიცს ისევ ეციჟი უწოდეს, გურტბონს – გურტონი და სხ. დანცინგშიც-კი პოლონური აგიტაცია დიდს წარმატებაშია. საზოგადოება ცდილობს, რომ პოლშური ლაპარაკი შემოვიდეს ისევ მოდაში. უფრო ხმამაღლა თხოულობენ ახლა, რომ ეკკლესიებში ქადაგებას პოლონურად ამბობდნენ. რა-კი პოზნანის გამოფენის მოსამზადებელს კოპიტეტში მოჰყვა თავმსჯდომარე გერმანიის საკოლონიზაციო კომისიისა ვიტენბურგი, პოლონელებმა გამოაცხადეს, რომ არც ერთი პოლონელი არ დასთანხმდება მაგ კომისიაში წევრად იყოს და არც გამოფენაში მიიღებს მონაწილეობასაო. უმთავრესი გაზეთები პოლონელებისა სულ იმასა ჰქადაგებენ, რომ პოლონურად ილაპარაკეთო და ეცადეთ, ყველა სავაჭრო ადგილას, დუქნებსა და მაღაზიებში, აგრედვე რესტორანებში პოლონური ლაპარაკი იყოსო. საცა პოლონური ლაპარაკი არ იყოს, იქ ნურც ივლით და ნურც ისყიდით რასმეო. ერთის სიტყვით, პოლონელთ უნდათ შეჰკრან და გააკავონ გერმანელთა ვაჭრობა პოზნანში. პოლონურ ეროვნულ ძალ-ღონის სავარჯიშებლადა და განსამტკიცებლად არსდება ახლა ყველგან პოლონელ მასწავლებელთა საზოგადოებანი. საზოგადოთ პოლონელები დიდად მეცადინეობენ, რომ კვლავ დაიბრუნონ ის ადგილნი, საცა არევით სცხოვრობენ გერმანელნი და პოლონელნი და, თუ შესაძლებელია, გააპოლონელონ კიდეც წმიდა გერმანიის ქვეყნები.

ივერია. – 1894. – ¹127. – გვ. 3

12 ნარკვევი

▲ზევით დაბრუნება


ნარკვევი

ჟურნალ-გაზეთებიდან) „მოსკოვის უწყებების“ მე-162 ნომერში 15 ივნისიდგან დაბეჭდილია ვრცელი კორესპოდენცია ვარშავიდგან ამ სათაურით: „изъ привислянской жизни“. საგნად კორესპონდენციას აი რა აქვს: ახალს გენერალ-გუბერნატოს ვარშავისას გრაფ შუვალოვს დაუვლია პოლონეთი შესატყობლად, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა, რომლის მართვა მიანდო მას ხელმწიფე იმპერატორმა და კორესპონდენტი გაზეთისა დაწვრილებით აღნიშნავს, თუ რა შთაბეჭდილებანი გამოიტანა გრაფმა ამ მოგზაურობიდგან. ჩვენთვის, ქართველებისათვის, ფრიად საინტერესოა და საგულისხმიერო ერთი გარემოება. გრაფს შუვალოვს შეუნიშნავს, რომ პოლონელს სახალხო სკოლებში მოწაფეები ბევრით უფრო კარგად კითხულობენ პოლონურად, ვიდრე რუსულად და ეს გარემოება მას არამც თუ არ უუცხოვებია, არამედ მოსალოდნელ და ბუნებრივ მოვლენად ჩაუთვლია. ხოლო აქ ყველაზედ საინტერესოა, თუ რას ჰფიქრობს ამ ფაქტის გამო კორესპონდენტი გაზეთისა, რომელსაც თავის წინასწარმეტყველად, თავისს ღმერთად მიაჩნია კატკოვი, ის კატკოვი, რომელსაც უცხო ტომის ხალხების გარუსება სწორედ შეშლილობის საგნად გარდაექცაფ პოლონეთის აჯანყების შემდეგ 1863 წელსა. წარმოიდგინეთ იგიც, ეს კორესპონდენტი ამ მოვლენას თავის მხრითაც კანონიერად, ნორმალურად სთვლის და ასე განმარტავს თავისს აზრსა: რომ ბავშვები კითხულობდნენ პოლონურად უფრო კარგად, ვიდრე რუსულად, ეს სრულიად ადვილი გასაგებია (совершенно понятно). აქაურნი მკვიდრნი პოლონელები არიან. „это впечатлѣнიе графа Шувалова доказываетъ, განაგრძობს გაზეთი, еще разъ всю неосновательность жалобъ поляковъ на то, будьто бы здѣшняя народная школа имѣеть цѣлію лишить поляковъ ихъ національности и заставить позаьыть ихъ язык“. ამ სახით მართებლობას და თვით კატკოვის თაყვანისმცემლებსაც-კი კანონიერად მიაჩნიათ, რათა პოლონური ენა წინ უძღოდეს რუსულს ენასა, შეადგენდეს მთავარს საგანსა და უფრო უკედ ისწავლებოდეს, ვიდრე სახელმწიფო ენა. განა ეს ფრიად საგულისხმო მოვლენა არ არის?

ჩვენში რაღსა ვხედავთ? მთავრობისაგან დადგენილნი გეგმები (учебные планы) სწორედ იმავე უფლებას ანიჭებენ ქართულ ენას, აღიარებენ მას მთავარ საგნად მდაბალს სასწავლებლებში და ყოველ დღე აწესებენ ერთს ან ორს გაკვეთილს მისს სასწავლებლად. ხოლო ეს კანონიერი უფლება ქართულის ენისა ფაქტიკურად საქმით თითქმის სრულიად გაქარწყლებულია. დასავლეთის საქართველოში ექვსი გაკვეთილი ქართულის ენისა, გეგმით დაწესებული, მუნჯი მეთოდის ავტორმა ორ-სამ გაკვეთილზედ ჩამოიყვანა. დათუ წინად სახალხო სკოლაში ათავებდნენ დედა ენასაც და ბუნების კარსაც, ახლა პირველს წიგნსაც ვეღარ ასწრებენ ხეირიანად. მომავალში უფრო უკეთესს იმედს გვიქადის იგივე ავტორი. მან გამოსჩხრიკა იმისთანა მეთოდი რუსულის ენის სწავლებისა, თუ უთავბოლო აჭია-ბაჭიას მეთოდი დაერქმევა, რომელიც სრულიად უარჰყოფს ქართულის ენის დახმარებას რუსულის ენის შესასწავლად, ეს კიდევ ცოტაა, იგი ვაჟბატონი საუკეთესო მასწავლებლად სთვლის მას, ვინც ქართული სრულიად არ იცის და არ ძალუძს ქართული სიტყვა გააგონოს პატარა ქართველებს. ეს გზა ის გზა გახლავთ, რომელიც მოასწავებს მომავალისათვის არა მარტო ქართულის ენის გაქრობას სახალხო სკოლებიდან, არამედ ქართველ მასწავლებლების გაძევებასაც. აღმოსავლეთის საქართველოში იმდენად არის შევიწროებული ქართული ენა, რომ ვეღარ სწავლობენ რიგიანს ქართულს წერა-კითხვას სამი-ოთხის წლის განმავლობაში... ამას ისიც დაუმატეთ, რომ წინად ჩვენში დირექტორად და ინსპექტორად აწესებდნენ იმისთანა პირებს, რომელთაც ქართული ენა იცოდნენ და მოსწავლეების გამოცდა შეეძლოთ ქართულს ენაში. ახლა-კი ქუთაისის დირექციის წევრებიც და ტფილისისაც მოკლებულნი არიან ამ ცოდნასა, ასე რომ ქართული ენა ამ ჟამად სახალხო სკოლებში მოგაგონებს მოძულებულს გერს, რომელსაც სახლში არავინ ყურადღებას არ აქცევს და აბუჩად ჰყავთ აგდებული.

ამ სავალალო მდგომარეობაში ენა იმ ხალხისა, რომელიც ძალიათ-კი არ იქნება დაპყრობილი, ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთსა, ყოველი სამსახური გაუწია და უწევს სახელმწიფოსა და თავისი ერთგულებით ხელმწიფისადმი ბუნებრივს რუსებს თუ არ სჯობნიან, უკან მაინც არ ჩამოურჩებიან. მთავარი ბურჯი ჩვენის ეროვნებისა, იმ ეროვნებისა, რომლის დასაცველად და ასაღორძინებლად მოხდა შეერთება რუსეთთან, იფუშება, ინგრევას, წინააღმდეგ ხელმწიფის ნებისა, კანონისა და ხალხის სურვილისა და სიკეთისა და ამ მავნე, დამღუპველის უკუღმართობის წინააღმდეგ არც ერთს დაწესებულებას აქამდის ხმა არ აუმაღლებია.

ივერია. – 1895. – ¹139. – გვ. 3

13 რუსული თეატრი პოლშაში

▲ზევით დაბრუნება


რუსული თეატრი პოლშაში

ამ რამდენიმე ხნის წინად ვარშავს ეწვია მოსკოვის გამოჩენილი არტისტი ქალი ფედოტოვისა რუსული დასით. ეს მთელი რუსეთიდან თაყვანცემილი არტისტი არაფრად ჩაუგდიათ ვარშავაში და იმის წარმოდგენაზედ ძალიან ნაკლებად ესწრებოდა საზოგადოება. ამ ამბის შესახებ მოსკოვის ვედომოსტები აი რას იწერებიან:

„ჩვენი მართველობა (რუსეთი) ყოველ წელიწადს 60,000 მან. სუბსიდიას აძლევს ვარშავის თეატრს და ფულებით იქაური დირექცია სულ პოლშურ თეატრს და არტისტებს ახარჯებს. პოლშური თეატრი იმდენად გაძლიერებულია ვარშავაში და ისე ეტანება ხალხი, მარტო პოლშელები-კი არა, არამედ რუსებიც, რომ სრულებით საჭირო არ არის ამისათვის სუბსიდია. ჩვენის აზრით, დიდს შეცდომაში შევდივართ, ჩვენ ფულებს რომ ვხარჯავთ ჩვენივე რუსების გასაპოლშელებლად. რუსები ვარშავაში დადიან პოლშურ თეატრებში და გაიძახიან, რომ სრულებით მოუხერხებელია აქ რუსული თეატრიო, რადგან პოლშელ არტისტებზედ უკეთ ვერ ითამაშებენ და არც იმისთანა განვითარებული რეპერტუარი გვაქვს ჩვენაო, როგორც პოლშელებსაო. რუსები დადიან ყოველ პოლშელთა შეკრებილებაში, მოსწონთ მათი ზნე, ჩვეულებანი, მიხვრა-მოხვრა, ლაპარაკი – ასე, რომ იმის მაგიერ, რომ ჩვენ პოლშელნი გავარუსოთ, რუსები პოლშელებად შევიქენით.

ზევით მოხსენებული სუბსიდია სწორედ იმ აზრით იყო დანიშნული, რომ ვარშავაში რუსულ თეატრს, ფეხი მოედგა და ახლა რას ვხედავთ ჩვენ? ეს ფულები სრულებით წინააღმდეგ ამ აზრისა იხარჯება და თუ რომელიმე რუსული დასი მივიდა ვარშავაში რამოდენიმე წარმოდგენის გასამართავად, დირექცია ჩვენგანვე დანიშნული და თვით რუსეთის დიდი იმპერიის მოხელეები, არა თუ რაიმე დახმარებას გაუწევს ამ მოგზაურ დასს, არამედ თეატრს ქირით აძლევს და რაც შეიძლება ხელს უშლის.

ყოველ-ღამ ყოველ პოლონელ არტისების წარმოდგენაზედ ხალხით სავსეა თეატრის დარბაზები და უმეტესი ნაწილი თუ არა ნახევარი მაინც რუსობა არის. ჩვენის საუკეთესო არტისტი ქალის წარმოდგენაზედ-კი აქაური რუსობა სრულებით არ დადის, რასა ჰგავს ეს? სადამდის უნდა ვიყვნეთ ასე? უბრალო პოლშელი კლოუნის წარმოდგენაზედ ხალხით გაივსება ხოლმე ცირკი და ჩვენმა გამოჩენილმა დუროვმა-კი თავისს თაგვების საკვებიც ვერ იშოვნა ვარშავაში. ყოველ ამას თქვენ დაუმატეთ პოლშელ გაზეთების უცნაური მოქმედება: რუსების სახელს, ან მათ წარმოდგენას, ან თუ როდის არის, ან რომელ თეატრში – სრულებით არ იხსენებენ გაზეთში. ამ გვარად თუ პოლშელი არტისტები თამაშობენ, მაშინ ყოველდღე სხვა-და-სხვა ცნობები, რეკლამები იბეჭდება ყველა გაზეთებში და ხალხიც, რასაკვირველია, იმათკენ გარბის!?

წერილის ავტორი შეძრწუნებულა ამ ამბებით, გულ-აკვნესებული ათავებს:

„დროა ყოველივე ამას ყურადღება მიეპყრას და ჩვენი დაცემული სახელი წამოვაყენოთ – მართალია პოლშელები ჩვენ არ შეგვირიგდებიან, არ ივლიან ჩვენს თეატრში და მათ ყოველთვის ეყოლება საუკეთესო არტისტები, მაგრამ ჩვენც უნდა ჩვენი თეატრი – მუდმივი, უნდა დავაარსოთ ვარშავაში და ის სუბსიდიაც ჩვენს თეატრზედ უნდა დავხარჯოთ. პოლონელთ შეიძლება რომელიმე თეატრის დარბაზი დავუთმოთ და თითონ განაგონ თავიანთი საქმე – ჩვენმა დირექციამ-კი რუსულ თეატრს მოუაროს“.

ივერია. – 1895. – ¹180. – გვ. 3

14 კორესპონდენცია სოფელ ბრეთიდან

▲ზევით დაბრუნება


კორესპონდენცია

სოფელ ბრეთიდან (ქართლი)

[იბეჭდება მცირე ნაწყვეტი]

ერთი კიდევ სასიამოვნო ამბავი. წელს ჩვენში ერთი ნასწავლი პოლონელი მეურნე მოვიდა ბ. ფაიფუსი, რომელსაც მონპელიეში (საფრ.) შეუსწავლია მეურნეობა და ტეხნიკა. ვანო ავალიშვილის მამული, რომელიც თბილისის სათ.-აზ. ბანკში [თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი] იყო დაგირავებული, იყიდა და შეუდგა მამულის შემუშავებას. სწორედ სასიამოვნოა, რომ ამისთანა მამულს ხეირიანი პატრონი გამოუჩნდა და მეორეს მხრით მის მაგალითიდგან ჩვენი გლეხკაცნი ბევრს სასარგებლო რასმეს გადიღებენ.

ივერია. – 1896. – ¹7. – გვ. 2

15 „კვალის“ კორესპონდენციები

▲ზევით დაბრუნება


შაქრო (ი. ვაჩნაძე)

„კვალის“ კორესპონდენციები:

ქალ. ვარშავა

„ვარშავის პირველ დანახვაზე თვალწინ წარმომიდგა უცხო სურათი. რუსეთის დიდი ქალაქებისაგან ისე განსხვავდება იგი, რომ ასე მეგონა, სადღაც საზღვარ გარეთ, რომელსამე უცხო ევროპიელ ქალაქში გავჩნდი მეთქი. ჩემი ყურადრება მიიპყრო ქალაქის სამაგალითო სისუფთავემ, რომელსაც ბევრი სხვა ქალაქები დაჰნატრიან ვარშავას. საითაც მიიხედავთ, მთელი ქალაქის ქუჩა-ეზოები და სახლები ისეა დაწმენდილ-დასუფთავებული, რომ დაკარგულ ნემსსაც კი ადვილათ იპოვით ქუჩაში. ყოველ სახლის წინ დილიდან საღამომდის, სულ მუდამ, დგანან მუშები ცოცხებით და ნიჩბებით და წმენდენ იქაურობას; თვით გამვლელ-გამომვლელისაგან გადაყრილ პაპიროზის და სპიჩკის ნამწვებსაც კი ჰკრეფავენ ქუჩებში, თუ კი დაინახეს სადმე. გარდა ქუჩების და ეზოებისა, ყოველ სახლის კედლებსაც ჰრეცხავენ და წმენდენ ყოველ დღე. ქუჩებში ვერსად ვერ შეხვდებით უბრალოთ მაწანწალა და მოხეტიალე ლოთს ანუ მათხოვარს. თითქმის ყველა სახლების და დუქნების კარებებზე აწერია, „მათხოვარობა აკრძალულიაო“: ყველა უბინადრო მათხოვართათვის თავშესაფარი და სასადილოებია გამართული.

პოლონელი ხალხი, როგორც ეტყობა, მეტად ზდილობიანი ყოფილა, მარტო მაღალი საზოგადოება კი არა, არამედ თვით აქაური მუშა ხალხიც კი. ქუჩებში თუ ვინმემ უნებურათ ფეხი წამოგკრათ, უსათუოთ დიდის ზდილობით, რამდენჯერმე, ბოდიშს მოიხდის; სხვა ქალაქებში კი ბევრჯელ ერთი-ერთმანეთს ისე დაეჯახებიან ხოლმე, რომ თავბრუს დაასხამენ და ისე გაივლიან, თითქოს არაფერიაო.

არც ერთ რუსეთის ქალაქში ვერ ჰნახავთ ისე კოხტათ, სუფთათ და მოხდენით მორთულ, სხვა-და-სხვა ახალ მოდაზე ჩაცმულ-დახურულ ხალხს, როგორც აქ. საზოგადოთ ყოველი პოლონელი ქალი ხელსაქმის დიდი მოყვარული ყოფილა: სამაგალითოთ მისდევენ ათას გვარ საქმეს და ჭრა-კერვას: ერთ ქალს ვერ ჰნახავთ, რომ რაიმე ხელსაქმე არ იცოდეს. ქალების ჩასაცმელ-დასახური ისე იაფათ იყიდება აქ, რომ, არა თუ შეძლებულთ, საწყლებსაც კი ადვილათ შეუძლიათ მორთულნი იარონ. საუკეთესო კაბის შეკერვის ხელფასს სამ მანეთს იღებენ აქ ნაქები მკერვალები, სხვა ქალაქებში კი თითო თუმნათაც არა ჰკერავენ უბრალო კაბებს.

მეტად საინტერესოა აქაური „შეუძლებელ ხალხის დამხმარებელ საზოგადოების“ მიერ გამოგონილი ერთი ზომა. ამ საზოგადოებას, გარდა სხვა-და-სხვა კერძო შემოწირულობისა, უმთავრეს შემოსავლის წყაროთ შემდეგი აქვს. ჰყავს დაქირავებული რამდენიმე კაცი: ისინი დადიან მთელ ქალაქში და აგროვებენ ყოველგვარ გამოუსადეგარ და გადასაყრელ საქონელს, მაგალითათ ძველი წიგნებისა და ქაღალდების ნახევებს, ყოველ გვარ ძონძებს და მჩვრებს, შუშების ნამტვრევებს, რკინას, ტყვიას, თუჯს და სხვ. ყველა ამას ჰყიდიან აქაურ ქარხნებში, მაგ. სხვა-და-სხვა ქაღალდების ნაფლეთებს ფუთს 50 კაპ., წიგნების ნახევებს 80 კაპ. და სხვ. აქ ყოველ გროშს ძვირათ აფასებენ.

აქაური მეეტლეები დიდ ვაჟბატონებსა ჰგვანან მოკაზმულობით: ცხენები სულ ინგლისურ მოდაზე მორთულ-მოკაზმულები ჰყავთ. არსად იმდენი ხალხი არ დადის ველოსიპედებით რამდენიც აქ; ველოსიპედით დადიან ექიმები ავათმყოფებთან, ვექილები სასამართლოებში, წერილების და დეპეშების დამტარებლები და სხვ. და სხვ... ზოგს ველოსიპედებისთვის უკან დიდრონი ყუთებიც კი დაუკრავთ და საქონელი, ბარგ-ბარხანა თან დააქვთ, ამ ბოლო დროს ორთქლ-მავალი ეტლებიც გააჩინეს ბევრმა და ისინიც დაჰქრიან. ყველა ამაებს ცხენიანი მეეტლეები ყურებ-ჩამოყრილები შეჰყურებენ.

ერთმა აქაურმა პოლონელმა აი რა მითხრა, საზოგადოთ ქ. ვარშავის შესახებ: – რაც ვარშავაში საუკეთესო შენობებს უყურებთ, ან სააღებ-მიცემო ადგილებს, სულ ურიებისააო. მართლაც შაფათობით აქაურ დუქნებ-ბაზრებში ვერაფერს იშოვით სასყიდელს: თითქმის ყველა დაკეტილია, კვირაობით კი სულ ღიაა; ამით დავრწმუნდი, ვის ხელშიაც ყოფილა აქაური ვაჭრობა.

აქ ერთი ღვინით მოვაჭრეა, გვარათ პ. კაზაზიანცი. თავის ღვინოს სულ კახურს უძახის და განა მარტო კახური სახელის დარქმევას კი კმარობს; ღვინოებისათვის ბოთლებზე დაუწერია, სახელათ „ნინო“ და „თამარი“. გავხსენი რამდენიმე ბოთლი, გავსინჯე და აი ეს „ნინოს“ და „თამარის“ ღვინოები ღირსებით აღმოჩნდა შაქარ-წყალი მოდუღებული და შიგ ცოტა არაყი და ღვინის ფერი გარეული. პატრონი ეფიცება ყველას, კახეთში სულ ასეთი ღვინოები დგებაო. უეჭველია ჩვენებურ ღვინოებს სახელს გაუფუჭებს“. კვალი. – 1897. – ¹23. – გვ. 446-447.

16 პოლონეთი და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


ს. კედია

პოლონეთი და საქართველო

მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელ მეითხედში დიდის პიროვნების ავაზაკური მკვლელობა მოხდა. სამ გზის ხმლის მოქნევით გასჩეხეს პოლონეთი. დასისხლიანებულ სხეულის ჩამოჭრილი ნაწილები მეზობელ სახელმწიფოებმა შემოიერთეს; და პოლონეთიც, ეს დიდი კულტურული და პოლიტიკური ერთეული, ერთ დროს თავმომწონედ რომ ბრწყინავდა, სრულიად წარიხოცა ევროპის პოლიტიკურ რუკიდან. დამოუკიდებელ არსებობის წლების პოლონეთის ძველმა სამეფომ უკანასკნელად 1795 წელში დაჰლია. ისტორიულ მოვლენათა პარალელიზმი რომ ვიხმაროთ, „ ქართლის ბედიც“ სწორედ ამ შავად მოსაგონარ საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში წარიკვეთა. აღა მამად-ხანმა საქართველოს გულს სწორედ ამ დროს ჩაასო მოშხამული ხანჯალი. მაგრამ, თუ საქართველო თავის უბედობით პოლონეთს მიემზგავსა, ეს სრულებისთ იმას არ ნიშნავს, რომ პოლონეთი თავის გაბედნიერების შანსებს საქართველოს გაუწილადებდა. პოლონეთი დასავლეთ ევროპის და აზიის ვეება უკულტურო სახელმწიფოს შუა მდებარეობდა. ამ უკანასკნელის ტანიდან პოლონეთის სახეს მხოლოდ ბნელი შეეფინებოდა, სამაგიეროდ საფრანგეთიდან, დასავლეთ ევროპის ხმელეთს რომ მაშინ ბატონობდა, ნათელი სხივი შემოადგებოდა და პოლონეთიც იმედის პენომბრში ცხოვრობდა. გამოცოცხლება და აღდგენა სჯეროდა მტკიცედ და მოელოდა დარწმუნებით. ნაპოლეონის ეპოპეა იყო იმ დროს. პოლონეთმა იმედები ამ მსოფლიო სარდალზე დაამყარა და რამოდენიმე ათასი პოლონელი ლეგიონერი მის განკარგულებას მისთავაზა. თავგანწირვით იბრძოდენ პოლონელები საფრანგეთის ჯარში იტალიის გაშლილ ველზე, შვეიცარიის მთის ვიწროებსა თუ თვით ილირიის პროვინციებში. არა მარტო ძველ ქვეყნის დასაპყრობად მოიხმარა ბონაპარტემ პოლონელთა შმაგი ლეგიონები, ახალ ქვეყნის ასპარეზზედაც კი გაისტუმრა ისინი, – ამერიკაში, სან დომინგოს კუნძულზე, სადაც სათითაოდ ჩაჰყარეს თავიანთი ძვლები სამშობლოს იდეისათვის სხვის სადიდებლად მებრძოლებმა! სამშობლოს სიყვარულმა მსხვერპლის დაზოგვა არ იცის.

პოლონეთი პრუსიამ, ავსტრიამ და რუსეთმა გაინაწილეს თავიანთ შორის. ხოლო პოლონეთის ამ მკვლელებს მაშინ ნაპოლეონი ებრძოდა. და რა გასაკვირალი იყო, რომ მთელის პოლონეთის სიმპატია ამ კორსიკელ აზნაურის მხარეზედ ყოფილიყო და მისი გამარჯვება რომ პოლონეთის გაცოცხლების სინონიმად ჩაეთვალა! მაშინდელი ისტორიული გარემოების ანალიზი მთელის პოლონეთის ხალხის ფრანგულ ორიენტაციას ერთიანად ამართლებდა. და ამიტომაც იყო, რომ 1795 წელს თავის დამოუკიდებლობის სავსებით დამკარგველი პოლონეთი უკვე 1798 წელს თავის კეთილშობილ სისხლს უკვე საფრანგეთის დროშის ქვეშ ღვრიდა. ჭრილობის სიახლე, ჯერ კიდევ მთელის არსებით ცოცხალი განცდა და გრძნობა გუშინდელი თავისუფლებისა ფრთას ასხამდა პოლონეთის გულის თქმას და გმირობის ენერგიას ჰმატებდა განმათავისუფლებელ საფრანგეთის ჯარში ბრძოლისათვის... ალღო სწორედ იყო ართმეული...

პრუსიაზედ გამარჯვების უმალ, ნაპოლეონმა 1807 წელს, ტილზიტის ხელშეკრულობით, დამარცხებულ მოპირდაპირეს ჩამოართვა პოლონეთის მიწა-წყალი, რომელიც პოლონეთის მეორე და მესამე განაწილების დროს (1793 და 1795 წ.წ.) მას შემოუერთებია. ამ ჩამორთმეულ ადგილებიდან ბონაპარტმა ვარშავის საჰერცოგო შეჰქმნა და მასზედ პირადი პროტექტორატი გამოაცხადა. არის საბუთები, რომ ნაპოლეონის ვარშავის საჰერცოგო გაფართოებულ და გაერთიანებულ პოლონეთის სახელმწიფოს პირველ ბირთვად ჰქონდა დასახული. „მსოფლიო მონარქიის“ მოტრფიალეს აზრად ჰქონდა რუსები დნეპრისა და დასავლეთ დვინის იქით გადაერეკა და ეს დაცლილი ადგილები პოლონეთის სამეფოსთვის დაებრუნებია. მაგრამ დამარცხდა ნაპოლეონი, ამასთან ერთად ჩადგა აღტყინებული მღელვარება პოლონეთისა. მისი იმედები დაიმსხვრა. მხოლოდ ღა სასოწარკვეთილების ცივმა გრიგალმა დაიყმუვლა ერის დაობლებულ გულში საფრანგეთმა ვერ აღადგინა პოლონეთი. ნაპოლეონმა ვერ გაამთელა სამად გაჭრილი ერის სხეული, სანატრელი თავისუფლება მას ვერ დაუბრუნა.

საქართველო სხვაგან მდებარეობდა, შორს იყო მისგან ევროპაც და ნაპოლეონიც. სამხრეთიდან შავი და ბნელი შემოსწოლოდა მას; ჩრდილოდამ წამოსულმა ნისლმა შეგრაგნა. აღმოსავლეთით უიმედო სივრცე და უნუგეშოდ დაკარგული ხალხები მოსჩანდნენ. დასავლეთით მის სანაპიროებს ცივი ზღვა რეცხდა მხოლოდ, ზღვა შავი! ქვეყანას ნამდვილი აღმოსავლეთი დაჰკარგოდა. ჩაშავებული იყო მის ცის გუმბათი. გულ-დახურულად გლოვობდა საქართველო ქედით, ზღვებითა და ისლამით უღმერთოდ და უმოწყალოდ შემოსალტული! იმედისა და სინათლის სხივი არსაიდან მოდიოდა. მწუხრის ზეწარი იმედით არ იცხრილებოდა. საერთაშორისო ურთიერთობა იყო ისეთი, რომ საქართველოს გეოგრაფიას მარტოოდენ უბედურობის მომატება თუ შეეძლო მისთვის, თორემ სხვა არაფერი. ჰბორგავდა ბედთან შეურიგებელი, მაგრამ მალე დააცხრეს. მთიულეთის ამბოხება მთიულეთს არ გასცილებია, კახეთისა – კახეთსა, რადგან საქართველო აღარსად იყო. მშფოთვარე აკვანში ჩააწვინეს და არტახები შემოუჭირეს. მიზეზიან ბავშვად თუ მიიჩნიეს ერი, რომელსაც ათას წლების ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური სიცოცხლე ჰქონდა. ასე დაიდგა სამხრეთის აკვანი. დასავლეთითაც იდგა მეორე აკვანი, რომელშიც პოლონეთი იყო ჩაკრული. ასე იდგნენ ეს აკვნები მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში. ერთი გაზმორება კი ერთად გაიზმორეს შიგ ჩაწვენილებმა, 1830 წელში. ვისაც მეტი მოუვიდა, იმას უფრო მაგრად აუწიეს ყური განსხვავება მხოლოდ ეს იყო. ორივეს შემოათენდა მეოცე საუკუნე. ამ საუკუნის ცისკარზე ქვეყანა ისევე აიშალა, როგორც აშიშიყო იგი აწ მიცვალებულ საუკუნის განთიადზედ. პოლონეთიც თავის ძველ გეოგრეფიით შეხვდა ამ აშლას და საქართველოც. ყველა შეურაცყოფილ და გაწბილებულ ქვეყნებს იმედები გაეღვიძა; რასაკვირველია, პოლონეთსაც და საქართველოსაც. გარნა პოლონეთის გეოგრაფია ეხლა ნამდვილი ქუდბედიანი გამოდგა: პოლონეთი დღეს განთავისუფლდა. საერთაშორისო ურთიერთობამ მოისურვა, რომ პოლონეთის თავზედ ნაპოლეონის ხელებს კი არ დაესვენებინა, არამედ ვილჰელმ მეორისას, იმ პრუსიის მეფის ხელებს, რომლის ინტრიგების წყალობით, მოხდა პოლონეთის პირველი განაწილება, ამ 144 წლის წინად!

1916 წლის 5 ნოემბრის თარიღით საძირკველი ჩაეყარა პოლონეთის სამეფოს. იმ თავითვე მოქმედებას შეუდგა პოლონეთის სახელმწიფო საბჭო, რომელიც პოლონეთის სახელმწიფოებრივ ფუნქციებს ასრულებს და სახელმწიფოებრივ წყობილების საფუძვლებს განამტკიცებს შეერთდნენ პოლონეთის ყველა პარტიები და პოლონეთის სახელმწიფო საბჭო დიდის ზეიმით მთელ პოლონეთის დროებით მთავრობად გამოაცხადეს. არჩეულია სასეიმო კომისია, რომელმაც პოლონეთის მომავალ სამეფოს ძირითადი კონსტიტუცია უნდა შეიმუშაოს. სწრაფად მიმდინარეობს მუშაობა. მალე სეიმიც შეიკრიბება, _ პოლონეთის სამეფოს საკანონმდებლო პალატა. მაშინ მოხდება პოლონეთის დაქვრივებული ტახტის აღდგენა, მეფის დანიშვნა. და ამგვარად, ახლად აღიმართება პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო იმავ დასავლეთ ევროპისა და აზიის დიდ სახელმწიფოს, რუსეთის ზღურბლზედ. პოლონეთის ერი წელში იმართება და თავისუფალ შემოქმედების გზას ადგება. ერის შებოჭილი ნიჭი და გენიოსობა გაიხსნება. კაცობრიობას ემატება კულტურისა და პროგრესის ახალი აგენტი. დიდი ისტორიული მოვლენაა...

ასეთი იღბლიანი არც ეხლა გამოდგა საქართველოს გეოგრაფია. მის შემომხაზავ ძალთა უძრაობა და სიბნელე ამის ნებას არ იძლეოდა. მაგრამ არც საერთაშორისო ურთიერთობაა დღეს ისეთი, რომ საქართველოს გეოგრაფიამ საქართველოს ბედნიერება შეუძლებელი გახადოს, როგორც წარსულში იყო. მაძიებელი, წინმსწრაფი და მომქმედი ევროპა ბევრ ქვეყნებს და ხალხებს საერთაშორისო ღირებულებას მატებს, სხვა და სხვა ძალა-მოსაზრების ზეგავლენით. ამ პროპორციით იზრდება და მატულობს საქართველოს გეოგრაფიის საერთაშორისო ობიექტური ღირებულებაც. დღეს ამას ზედ ერთვის დიდ სახელმწიფოთა ახალი უფლებრივი შემეცნება როგორც წვრილ ერთა უფლებაზე, აგრედვე და საზოგადოდ საერთაშორისო ურთიერთობაზედაც. ჩვენ შინაგან სუბიექტურ მომზადებასთან ერთად ამ ორ ობიექტურ ფაქტორის შეზავებამ უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ქუდბედის ჩამოგზავნას. სამართალი მოითხოვს, ერთმანეთს არ დაშორდნენ პოლონეთი და საქართველო, ეს ისტორიული თანამგზავრნი. ისტორიამ გამოასწორა თავისი ავკაცობა პოლონეთის მიმართ, ეხლა კი ამნისტია საქართველოს უნდა გამოეცხადოს.

საქართველო – 1917. – ¹31– გვ. 1

17 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


პირთა საძიებელი

ავალიშვილი, ვანო

ალბედინსკი

ალექსანდრე მეორე (რუსეთის იმპერატორი)

აღა მამად-ხანი

ბადომსკი

ბალენზივსკი, სევერინი

ბბალენზოვსკი, იოსებ

ბერნაევსკი, ალექსანდრე

ბისმარკი

ბობროვიცკი

ბონაპარტე/ნაპოლეონ პირველი

ბოჟესლავსკი

ბრჟოსკო (მღვდელი)

ბულევსკი

გარიბალდი

გეიმანი

დე-ჟან-ვოლსკი

დუროვი

დღუსკი (იაბლონსკი)

ეკატერინე (იმპერატორი)

ელისაბედ (დედოფალი)

ერუბლევსკი

ვაშკოვსკი, ალექსანდრე

ვილჰელმ მეორე

ვისოცკი, ეგნატე

ვიტენბურგი

ზაბელსკი

ზამოისკი, ვლადისლავი

ზენკოვიჩი

ზენონი 36 თ თამარ მეფე

იაბლონსკი 72 იაბლონსკი (დღუსკი)

იანოვსკი, იოსებ

კაზაზიანცი, პ.

კატკოვი

კოროლეც, ლევ

ლანგევიჩი (გენერალი)

ლაფაეტი

ლევი, არმან

ლოლუა

ლორის-მელიქოვი (გრაფი)

 

მაევსკი, გენრიხი

მაზურკევიჩი

მარი-ტერეზა (დედოფალი)

მეროსლავსკი, ლუდვიგ

მიკოშევსკი, კარლოს

მიცკევიჩი, ადამ

მიცკევიჩი, ვლადისლავ

 მუხთარ-ფაშა

ნაკაშიძე, პეტრე

ნაპოლეონ პირველი/ნაპოლეონი/ბონაპარტე

პალაცკი

პოროგჟელსკი, ვლადისლავი

პოტკოვსკი, პასპერი (ბერი)

პრჟიბილსკი, ვაცლავ

პუსტოვოიტოვა, ჰენრიეტტა 31,

ჟულინსკი

რიგერი

რილსკი

რიძეევსკი, ესტატე

როგოვსკი

როჟიცკი, ედმინდი

რჟევუსსკი

საპეგა, ალექსანდრე

სვენტორჟეცკი

ტაილორი (ლონდონელი ბანკირი)

ტანსკი

ტვორაკ

ტილე (ეპისკოპოსი)

ტოლსტოი

ტომჩინსკი, ვალერი

ტრაუგუტი, რამუალდი

ფაიფუსი

ფედოტოვი

შუვალოვი (გრაფი)

ჩარტორიჟსკი, ვლადისლავი

წერეთელი, თ. ნ. 

ხოძკო (ხოზკო), ალექსანდრე  

         

18 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ადგილთა საძიებელი

ავსტრია / ავსტრიის იმპერია

ამერიკა / ამერიკის შეერთებული შტატები

ანგლია

 ბელგია

ბერლინი

ბესსარაბია

ბოსნია

ბრეთი

გალიცია

გერმანია

გრაკოვი

გურია

გურტბონი/გურტონი

დანცინგი

დასავლეთ დვინი

დასავლეთ ევროპა 

დასავლეთ საქართველო

დნეპრი

ევროპა

ერზიცი/ეციჟი

ერმლანდი

ვარშავა

ველიჩკა

ვენა

ვილნო

ვისლა

ვოლოჩინსკი

ზემო სილეზია

თბილისი/ტფილისი/თფილისი

ილირიის პროვინციები

ინგლისეთი

ისპანია

იტალია

კარინტია

კარპატის მთები

კახეთი

კონსტანტინოპოლი

კრაკოვი

ლაპი

ლეიფციხი

ლემბერგი

ლიტვა

ლიუბლინი

ლობზე

ლონდონი

ლუქსემბურგის ბაღი

 

მთიულეთი

მონპელიე

მოსკოვი

მცირე აზია

ოდესა

ოიმი

ოსმალეთი

ოსმალოს სომხეთი

პარიჟი

პეტერბურღი/პეტერბურგი

პლევნო

პოზნანი

პოლონეთი/პოლშა

პრაგა

პრუსიის პოლშა

პრუსია

,ჟ

ჟაკობის ქუჩა

ჟენევა

რიონი

რუსეთის იმპერია/რუსეთი

სან დომინგოს კუნძული

საფრანგეთი

საქართველო

სენა

სილეზია

სომხეთი

სტამბოლი

ტიშნოვიცი

ფრანცია

ქართლი

ყარსი

შავი ზღვა

შვეიცარია

შვეცია

შტირია

შუახმელეთის ზღვა

ხარკოვი