The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს წმიდა მეფეები


საქართველოს წმიდა მეფეები



1 თეიმურაზ II და ერეკლე II (XVIII ს.)

▲ზევით დაბრუნება


1.1 მირონცხებულ მეფეთა ტახტის აღდგენა - „ქართველობის“ გამარჯვება

▲ზევით დაბრუნება


წყარო: საქართველოს წმიდა მეფეები

თეიმურაზ II და ერეკლე II (XVIII ს.)

მირონცხებულ მეფეთა ტახტის აღდგენა - „ქართველობის“ გამარჯვება

1744 წელი უბედნიერესი თარიღია ქართველი ერის, ქართული ეკლესიისა და საქართველოს ათასწლოვან ისტორიაში - აღდგა ქრისტიან მეფეთა ტახტი. „აღდგომისა და გამოხსნის“ დიდი პროგრამის ერთი ნაწილი შესრულდა - საქართველოს სამეფო ტახტზე ქრისტიანი მეფე დაჯდა. მოყოლებული როსტომ ხანის „გამეფებიდან“, ე.ი. 1632 წლიდან 1744 წლამდე (უფრო კი 1614 წლიდან, ლუარსაბ II-ის შემდეგ), ამ დღისათვის იღვწოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ და ლოცულობდნენ ქართველ მოღვაწეთა თაობები. თეიმურაზ I ნატრობდა ქრისტიანობით დაებრუნებინა ტახტი, მაგრამ ვერ მოესწრო, არჩილ მეფესა და ვახტანგ VI-ს ამ საქმეში უცხო ქვეყნების დახმარების იმედი ჰქონდათ და ამ დახმარების ძებნაში უცხოეთშივე დალიეს სული, ისევე როგორც ამავე მიზნისთვის დამაშვრალმა სულხან-საბა ორბელიანმა. ვინ მოთვლის იმ გასაჭირსა და ზარალს, რაც ქართულმა ეკლესიამ მაჰმადიან „მეფე-ხანთა“ მმართველობისას გადაიტანა, მაგრამ უარესი ის იყო, რომ სპარსეთ-ოსმალეთის წამლეკავი გავლენის ორბიტაში მყოფი ქართველი ხალხი არა მარტო ზნეობრივ, არამედ ეროვნულ დეგრადაციასაც განიცდიდა, მას სპარსულ-მაჰმადიანური ზნე-ჩვეულებების შეთვისება არ აკმარეს და ისეთი პოლიტიკურ-სოციალური პირობები შექმნეს, რომ ქართველები იძულებით თათრდებოდნენ (მესხეთსა და მთელ საქართველოში), ლეკდებოდნენ (აღმოსავლეთ კახეთში), სომხდებოდნენ (აღმოსავლეთ საქართველოს სავაჭრო ცენტრებსა და ქალაქებში), ჩრდილოკავკასიიდან საქართველოში დასასახლებლად დაძრულ ჩრდილოკავკასიელებთანაც ასიმილირდებოდნენ. ესეც არ აკმარეს და მათ მასობრივად ტყვეებად ჰყიდდნენ.

ქართველებმა კარგად იცოდნენ, რომ მირონცხებული მეფის ტახტზე ასვლა ყველა ამ უბედურებას ბოლოს მოუღებდა, ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველ ერსა და ქართულ ეკლესიას დარაჯად დაუდგებოდა.

ქართლის სამეფო ტახტზე ქრისტიან მეფედ დასმის ბედნიერება კახელ ბაგრატიონთა სახლის შვილს - თეიმურაზ II-ს ერგო. საქმე ის არის, რომ ვახტანგ VI-ის პრორუსული პოლიტიკით გაღიზიანებულმა სპარსეთის შაჰებმა ქართლელ ბაგრატიონებს ტახტზე ასვლის ნება არათუ ქრისტიანული წესით, გამაჰმადიანების შემდეგაც აღარ მისცეს. ქართლის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე ანტონ I კათალიკოსი იყო, ქართლის „მეფის“ იესეს ძე. გამაჰმადიანებულმა იესემ „ოსმალობის“ დროს თურქული ორიენტაცია გამოამჟღავნა. ამიტომაც, ოსმალთა განდევნის შემდეგ მოღალატედ შერაცხულ მუხრანელ ბაგრატიონებს ყიზილბაშებმა ტახტი აღარ მისცეს. „ყიზილბაშობის“ დროს კახელი ბაგრატიონები გონიერების, მოქნილი პოლიტიკისა და აქტიურობის წყალობით დაწინაურდნენ. მემატიანე თეიმურაზ II-ს ასე ახასიათებს: - „მეფე და მპყრობელი კახეთისა, ტომობით დავითიანი, მობაძავი სოლომონისა, ზნესრული და მოყვარე ქრისტიანობისა, მსვრელი უცხო თესლთა, სადგური კეთილისა და საუნჯე რჯულისა, ძე მაღალი ხელმწიფისა ერეკლესი, პატრონი თეიმურაზ“213. და იქვე უმატებს, რომ თეიმურაზ II „არასოდეს არას ომში არ დამარცხდებოდა, სარწმუნოება ჰქონდა მტკიცე და გოლიათობა შეურყეველი“214. ღმერთმა ინება, რომ საქართველოს სამეფო ტახტი ქრისტიანული წესით დაეკავებინა.

როგორც ცნობილია, ამ დროისათვის ქართლი და კახეთი ირანის ვასალურ ქვეყნებს წარმოადგენდა. ირანი, როგორც წესი, სამეფო ტახტს გამაჰმადიანების პირობით თავის ერთგულ ქართველ ბაგრატიონებს აძლევდა, მათ „ვალებს“ და „ხანებს“ უწოდებდნენ.

შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ქართლის ტახტი ირანმა თეიმურაზ II-ს მისცა, ხოლო შემდგომ ნება დართო ამ ტახტზე ქრისტიანული წესით ასულიყო - „ებრძანა მეფის თეიმურაზისთვის ხელმწიფეს (ე.ი. ირანის შაჰს): „ვითაც თქვენი მეფობის რიგი იყოსო, ეგრე კურთხევა მიიღეო“. - ესეც რომ შეეტყო, ქართველნი მეფენი გვირგვინით ეკურთხებიანო, ეს მეფე თეიმურაზს წყალობად მისცა. ვითაც იტყვის წინასწარმეტყველი: „მეფეთა გული ხელთა შინა ღმრთისა არიანო. ეს ღმერთმან მეფეს თეიმურაზი წყალობად მოუვლინა და სცხო საცხებელი მეფობისა, თორემ რამდენი წელიწადი გარდასულიყო ჟამთა ვითარებისაგან და ცხებული მეფე ქართლში არა მჯდარიყო. მადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ, ვითა მოსე ეგვიპტეს წყვდეულთა ისრაელთა მოუვლინა ხსნად, ეგრე ქართველთა აგარიანთაგან ტყვედ ქმნილთა, მოუვლინა მეფე თეიმურაზ“215.

მემატიანე მეფე თეიმურაზს მოსეს ადარებს, რომელმაც ეგვიპტელთა მიერ დამონებული ებრაელები იხსნა. მსგავსადვე ღმერთმა „სცხო საცხებელი მეფობისა“ თეიმურაზს.

ქართველთა სიხარული უსაზღვრო იყო. პატრიარქმა ანტონ კათალიკოსმა ჩვეული სიბეჯითით მოიძია მეფეთ კურთხევის უძველესი ქართული წესები, და სამღვდელოთა დასი საგანგებო სადღესასწაულო ცერემონიისათვის მოამზადა. გახარებულმა ხალხმა ქუჩები, მოედნები, ბაზრები მორთო, ჩირაღდნებითა და გალობით შეეგება მეფისა, დედოფლისა და ბატონიშვილების გამოჩენას.

ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ქრისტიანული წესით ეკურთხებოდა და თეიმურაზს არა „ქრისტიანი მეფე“, არამედ „ქრისტესმოყვარე მეფე“ ეწოდებოდა, ხალხი უზომო აღტაცებით ხვდებოდა მას, ხოლო მეფედ მირონცხების სადღესასწაულო სიხარული ხომ უზომო იყო.

„მეფე თეიმურაზ ლილოდამ შემობრძანდა ქალაქსა თბილისსა თვესა ივლისსა 9-ს. მიეგებნენ მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონი, შეასხეს ქება და შესწირეს მადლობა ღმერთსა, გაუშალეს მოქალაქეთა ფიანდაზი მძიმე ლარითა, შეიქმნა სროლა ზარბაზანთა, რამეთუ ყურთა ხმა აღარ იყო. ავლაბრით ალაყაფის კარამდის მორთეს ბაზარი და განაბრწყინვეს ჩირაღდნით. იყო სამი დღე და ღამე განუწყვეტელად მეჯლისი და ლხინი უზომო, სიხარული ფრიადი“216. ხოლო თეიმურაზის ძეს, კახეთის მეფე ერეკლეს, დედამისსა და ანტონს, მომავალ პატრიარქს „გაეგებნენ დასნი სამღვდელონი ანუ ერთა გუნდნი და დედათა ბანაკი, შეასხეს ქება და მადლობდნენ ღმერთსა, „ვინა გამოგვიჩნდა ხსნად ჩვენდა ჭირვეულთაო და გვიხსნა მტერთაგან ჩვენთაო“217. ქრისტიანი მეფის კურთხევის ცერემონიალი ასე წარიმართა: მეფემ ოთხი საგანგებო დროშა დაამზადებინა, რომელიც ოთხი სადროშოს მეთაურებს გადაეცა. სადროშოების მხედრები და ხალხი თბილისიდან მცხეთაში გაემართა, სადაც სვეტიცხოვლის წმიდა ტაძარში უნდა ცხებულიყო მეფე. მცხეთაში ეს დიდი ამალა ორი დღის მანძილზე იცდიდა და ემზადებოდა ზეიმისათვის, რომელშიც ყველას უშუალო მონაწილეობა უნდა მიეღო; მესამე დღეს სვეტიცხოვლის სიახლოვეს მდგარ ანტიოქიის ტაძართან საგანგებოდ მოწყობილ ადგილზე დიდი დარბაზობის მაგვარი შეკრებულება - განწესება გაიმართა. აქედან სამღვდელოებამ სამეფო ინსიგნიები (გვირგვინი, სკიპტრა და სხვა) სვეტიცხოველში შეიტანა, ეკლესიაში დაიწყო მწუხრის ლოცვა, რომელსაც მეფეც დაესწრო. მეორე დღეს მეფე კვლავ ანტიოქიის ტაძრის ეზოში მოწყობილ საგანგებო სეფაში დაბრძანდა, აქედანვე მიიწვიეს ის ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად და საკურთხებლად. პატრიარქის წინაშე თეიმურაზმა მართლმადიდებლური მრწამსი წარმოთქვა. შემდეგ მეფე აკურთხეს: მირონი სცხეს შუბლზე, გულსა და ბეჭებზე (ჯვრის სახით), შემოსეს სამეფო შესამოსლით, დაადგეს გვირგვინი, აზიარეს და წირვის შემდეგ ეკლესიაშივე საგანგებო ტახტზე დააბრძანეს. ეს ყოფილა სვეტიცხოვლობას, ანუ 1744 წლის 1-ელ ოქტომბერს.

პაპუნა ორბელიანი თვითმხილველი, ასე აღწერს ამ ზეიმს: „...გამობრძანდა გარეთ საყდრის წინ ანტიოქიისა, ზემორე სეფე იდგეს დიდი და სეფასა გვერდით სევანი დაედგინეს, დაბრძანდა სევანსა შინა და ეგრეთ იახლეს დარბაისელნი, ვინა ჯდომისა ღირსნი იყვნეს, ვინა დგომისა, ეგრე ყოველნი განაწესნეს218. საზოგადოდ, დარბაზობის დროს მეფის წინაშე ყველას არ ჰქონდა ჯდომის ნება, ზოგი იდგა, უფრო საპატიონი, შესაბამისი პატივისდა მიხედვით გაწყობილ სელებსა და სკამებზე ისხდნენ, ასე მომხდარა თეიმურაზის კურთხევის დროსაც. ყოველი ძველქართული წესი, რომელიც მაჰმადიანთა ბატონობისას მივიწყებული იყო, საგანგებოდ მოუძებნია, გამოუკვლევია და აღუდგენია სულიერ მეუფეს, კათოლიკოს-პატრიარქს, ანტონ I-ს219. მასვე შესაბამისად განუწესებია სამღვდელო და საერო დასნი. საღამოს ლოცვისას სვეტიცხოველში შესულ მეფეს მანტიით შემოსილი ყველა ეპისკოპოსი კარებთან შეხვედრია, ხოლო მეორე დღეს წირვაზე ეკლესიაში მისაცილებლად „მოვიდნენ დასნი სამღვდელონი შემოსილნი, კარისა დეკანოზსა ხატი პატიოსანი თავსა ედგა, ჯვარის მტვირთველსა ჯვარი ეპყრა, მთავარდიაკონნი აკმევდეს საკმეველთა, მღვდელნი უკან უვიდოდეს, ყოველთა დიდრონი ლამპარნი ეტვირთეს და მგალობელნი გალობდნენ. მოვიდნენ ეგრე და ბატონს თაყვანი სცეს... წარდგა პატრიარქის არქიდიაკონი და ბატონს დიპტვილა მოახსენა და ქება შეასხა... კარის ბჭეში მოეგებნეს ბატონს პატრიარქი შემოსილი და ეპისკოპოსნი, ანუ სამღვდელონი ყოველნი, თაყვანისცეს, ცალკერძ პატრიარქი მიუდგა, ცალკერძ მთავარ-დიაკონი, სამღვდელო დასნი წინ შეუძღვნეს ხატითა, ჯვრის წინაძღოლითა და ლამპრებით მნათებარითა და ეგრე გალობით შეიყვანეს ეკლესიასა შინა... პირველად მოიყვანეს, აღსავლის კარის ქვემორე დააყენეს, ეპისკოპოსნი ყოველნი ამიერ და იმიერ მოუდგნეს... პატრიარქმა ჰკითხა მეფეს სარწმუნოება და მერე აღთქმისა ეპისტოლე წაუკითხა. მერე წამოუძღვანეს წინ და საყდრის შუაგულობას ტახტი იდგა დიდი, ოთხი ხარისხი შეივლიდა, აღიყვანეს, ორი სელი იდგა, ერთზე მეფე დაბრძანდა და მეორეზე პატრიარქი, ცალკერძ მთავარეპისკოპოსი და ცალკერძ ალავერდელი, სხვანი ეპისკოპოსნი ექვსი ამიერ და ექვსი იმიერ განეწყვნეს“220.

მეფისა და კათალიკოსის გვერდით ეპისკოპოსები დამსხდარან; ე.წ. „შინაგანი დიპტიხის“ თანახმად, არსებობდა ეპისკოპოსთა „დგომისა და ჯდომის“ საგანგებო წესი. მოღწეულია ერეკლე II-ის ერთი საბუთი, რომლიდანაც ჩანს, თუ ამ ზეიმის დროს როგორ განაწილებულან ეპისკოპოსები; „ოდეს იგი ღირსად სანატრელ-ხსენებული მამა ჩვენი ცხებულ იქნა და გვირგვინოსან მეფობისა საყდარსა ზედა საქართველოსასა, წელიწადსა 1745, თვესა ოქტომბრის 1, მაშინ პალატსა შინა სამეფოსა დასხდეს, შემდგომად მილოცვის სამეფოისა, ეპისკოპოსნი ესრეთ: დაჯდა ყოვლისა ზემოისა საქართველოისა მამამთავარი ანტონი, მარჯვნივ მეფისა დიდებითა შესაბამისითა, დაჯდა მარცხენით მეფისა ამბა ალავერდელი, ყოვლად სამღვდელო ნიკოლოზ ენდრონიკაშვილი... შემოვიდა ქისიყელი, ყოვლად სამღვდელო მიტროპოლიტი ონოფრე ენდრონიკაშვილი და დაჯდა ამბა ალავერდელის ქვემოთ. შემოვიდა და დაჯდა თვით ყოვლად სამღვდელო ესე ნინოწმინდელი საბა, ქისიყელს ქვემოთ... მივეცით ნინოწმინდელსა მღვდელმთავარსა ადგილი კრებასა შინა დგომისა ანუ ჯდომისა, უზემოეს მანგლელისა, რუსთველისა და წალკელისა...“221.

1749 წლისათვის „შემდგომ ქისიყელისადა ტფილელსა მიტროპოლიტთა აქენდეს ადგილი...“222. 1749 წელს გამოცემული დოკუმენტის თანახმად კაწარელის, ურბნელის, მროველის, ნეკრესელის, სამთავნელის, ნიქოზელის, ბოლნელის, ხარჭაშნელის, დმანელისა, გიშელისა და სხვა საეპისკოპოსოები - თითქოსდა გაუქმებულია223, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთი არსებობას განაგრძობდა.

ერთი სიტყვით, სიხარული განუზომელი იყო, ხალხის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა - „შეიქმნა ლხინი, ვითარ ქართლის რიგი ყოფილიყო, ცდილობდნენ გამოჩენას, ვითაც მართებდათ ქართველთა, ეგრე გულსრულობით სიხარულსა არა დააცადებდენ, ამით რომე დიდი ხანი გარდაცვლილიყო, ქრისტიანი მეფე არა სჯდომოდათ, მერე კურთხევით გვირგვინოსანი მეფე არ ეხილათ, ახლა ეს ღმერთის წყალობა მოევლინათ, ქრისტე-მორწმუნე და სარწმუნოება-შეურყვნელი მეფე დაუჯდათ, ვითარც მართებდათ, დიდნი ანუ მცირედნი, მადლობდნენ ღმერთსა“224.

კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ წირვისას მეფის მირონცხების აღწერას: „მიიწვიეს მეფე საკურთხეველად, ცალი მკლავი სარდალს ქაიხოსროს ეპყრა და მეორე მკლავი - მუხრან ბატონს, აღსავლის კარზე მთავარეპისკოპოსი და ალავერდელი მოეგებნეს და შეიყვანეს საკურთხევლად, სცხეს საცხებელი შუბლთა, ბეჭთა და გულთა ჯვარის სახედ, თქვა პატრიარქმა საღმრთო მადლი და შემდგომი ამისი, ბისონსა ზედა ჩააცვეს დიადემა, წამოასხეს პორფირი, დაადგეს გვირგვინი სამეფო, მისცეს მარჯვენასა ხელსა სკიპტრა და მარცხენა ხელსა - ქვეყნისა სფერო... განსრულდა ამით წირვა, გამობრძანდა მეფე ცხებული საკურთხეველით, ცალკერძ პატრიარქს ეპყრა მკლავი, ცალკერძ მთავარ-ეპისკოპოსს, მოიყვანეს, მარჯვენით კერძო სამეფო ტახტი იყო, იქ დაბრძანდა, მოიტანა სარდალმა ქაიხოსრო ორბელიანმა, რომელი იყო ამირსპასალარი, ხმალი მეფისა, დაულოცეს და შემოარტყეს...“225.

მეფეს გვირგვინი დაადგეს საკურთხეველში, მაგრამ ხმალი შემოარტყეს საკურთხევლიდან გამოსვლის, ტაძარში საგანგებო სამეფო ტახტზე დაბრძანების შემდეგ. სვეტიცხოველში სამეფო ტახტი მდგარა „მარჯვენით“226. ხმლის შემორტყმა ქართველი მეფის კურთხევის დამამთავრებელი ცერემონიალი იყო. თეიმურაზ II-ს „ხმლის შემორტყმის“ შემდეგ უკვე, ვითარცა მეფეს, მილოცვები მიუღია.

ამჟამად სვეტიცხოველში სამეფო ტახტი აღარ დგას, მაგრამ არც თუ დიდი ხნის წინ, კერძოდ 70-იან წლებამდე, აქ იდგა „სამეფო ტახტი“, სამეფო ჩარდახი. ის მართლაც იდგა საკურთხევლის „მარჯვნივ“, მიდგმული იყო სამხრეთის კედელზე, სადაც ფრესკებია შემორჩენილი (მისგან უახლოეს სვეტს მიყრდნობია ამჟამად არსებული საკათალიკოსო ტახტი), ეს „სამეფო ტახტი“, რომელზეც უეჭველია XVIII საუკუნის შუა წლებში „ხმალი შემოარტყეს“ და გამეფება მიულოცეს თეიმურაზ მეორეს, XX ს-ში ე.წ. „რესტავრატორებმა“, იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ეს ტახტი არა „ტაძრის თანადროული“ (ე.ი., მათი აზრით, არა XI საუკუნისა), არამედ შემდგომი დანამატი იყო, დაშალეს. როცა ქართლს მაჰმადიანი მეფეები მართავდნენ (თითქმის საუკუნეზე მეტ ხანს), რადგან ისინი წირვა-ლოცვას აღარ ესწრებოდნენ, ტაძარში არსებული სამეფო ტახტი გაუქმდა. ხოლო თეიმურაზ მეორის ქრისტიანული წესით მეფედ კურთხევის დროს, ჩანს, სამეფო ტახტი კვლავ აღუდგენიათ. ყოველ შემთხვევაში „რესტავრატორების“ მიერ გაუქმებული სამეფო ტახტი თეთრი მარმარილოს თხელ სვეტებზე დაყრდნობილ მსუბუქ, მოჩუქურთმებულ ჩარდახს წარმოადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ჩუქურთმები ღრმად კი არ იყო ამოჭრილი სპეტაკ მარმარილოში, როგორც ეს საერთოდ სჩვევია ქართული ჩუქურთმის ჭრის ტექნიკას, არამედ ზედაპირული და ჰაეროვანი იყო და გეომეტრიული ფიგურების, ყვავილებისა და მისთაგან შედგებოდა. ოსტატურად გამოყვანილი წნულები უფრო ნაქარგს წააგავდა, ვიდრე ჩუქურთმას; სპეტაკი სამეფო ტახტი მრუმე ტაძარში ფრიად საამო საცქერი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ სამეფო ჩარდახის დანგრევის შემდეგ მისი მშვენიერი სვეტები და ნაწილები დიდხანს სამოსამსახურეო სახლის შიგა ეზოში (სვეტიცხოვლის ტაძრის ტერიტორიაზე) იყო მიმოფანტული.

   

1.2 საქართველო „ქართველობის“ გამარჯვების შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


   

213 პაპუნა ორბელიანი, ამბავი ქართლისანი..., 1981, გვ. 84; 214 იქვე, გვ. 87; 215 იქვე, გვ. 101; 216 იქვე, გვ. 82; 217 იქვე, გვ. 85; 218 იქვე, გვ. 103; 219 იქვე, გვ. 103; 220 იქვე, გვ. 105; 221 ქართული სამართლის ძეგლები, II, გვ. 400; 222 იქვე, გვ. 401; 223 იქვე, გვ. 400; 224 პ. ორბელიანი, დასახ. ნაშრ., გვ. 106; 225 იქვე, გვ. 105; 226 იქვე, გვ. 105; 227 იქვე, გვ. 100;

საქართველო „ქართველობის“ გამარჯვების შემდეგ


ქრისტიანობა საუკუნეთა მანძილზე ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებად იქცა, ამიტომაც ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ მაჰმადიანური ქვეყნების მიერ საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების დევნა ეროვნულ დევნად იქნა მიჩნეული. წმ. ილია მართალი წერდა: „ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელს საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას“.

ქართველი მამულიშვილები, მთელი ხალხი თავდადებით იბრძოდა ქრისტიანობის, ანუ ქართველობის აღდგენა-გამარჯვებისათვის, ეს ასე ესახებოდათ: თუკი ქართული ეროვნულ-ქრისტიანული სახელმწიფოებრიობა აღორძინდებოდა, ანუ სამეფო ტახტზე ქრისტიანი მეფე დაჯდებოდა - „ქართველობაც“ გაიმარჯვებდა. მართლაც, ეს ასე მოხდა და ქართლის სამეფო ტახტზე თითქმის ასზე მეტი წლის შემდეგ კვლავ ქრისტიანი მეფე თეიმურაზ II დაჯდა. ქართველთა ეროვნული გადარჩენისათვის ეროვნული სახელმწიფოს აღდგენა იყო საჭირო. „ქართველობის“ აღდგენის შემდეგ საქართველო თვალდათვალ აღორძინდა. უპირველეს ყოვლისა, ქართლისა და კახეთის მეფეებმა - თეიმურაზმა და მისმა ძემ ერეკლემ, ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს ქართლის მთიანეთში გაბატონებულ ოსებს შეუტიეს. საქმე ის იყო, რომ უკვე ვახტანგ VI-ის შემდგომ ოსები შიდა ქართლს უტევდნენ და აოხრებდნენ. ასე იყო თეიმურაზის მირონცხებამდეც: „დაუწყეს ცემა ოსთ ზემო ქართლს, აგრეთვე ჩამოდგა ჯარი ლეკისა სომხით-საბარათაშვილოში... იყო ცემა და ომი ყველგან...“227. თეიმურაზის მირონცხების შემდეგ „აიყარა კახთ ბატონი ანანურით, წაბრძანდა ოსეთზე... მოეგებნენ ოსნი და შეიქმნა ომი... გააქციეს ოსნი და მიჰყვნენ, შეჰყარეს კოშკებში და შემოადგნენ კარს... ორმოცი კოშკი აიღეს, დაწვეს, თრუსი დაატყვევეს და ყოვლისა გზით ყალთანი უყვეს, რომ რისხვა ღმრთისა დასცეს. ვითა ვახტანგ გორგასალ თხუთმეტის წლისა მებრძოლი ოსეთში და დამჯაბნი ბუმბერაზთა, ეგრე მეფე ერეკლე უმხნეს იქცეოდა“228.

„- რა ეს ამბავი და არაგვის ოსის წახდენის ამბავი შეიტყვეს ქსნის ერისთავის ოსთა, მოვიდნენ მაშინვე ვანათს და შემოეხვეწნენ მეფეს თეიმურაზს...“229.

ისმის კითხვა, თუკი აქამდე და ვახტანგ VI-ის დროსაც ჩვენი ისტორიკოსები არა ოსებზე, არამედ „დვალებზე“ წერდნენ, ხოლო დვალეთად კავკასიის იქეთ, ნარის ქვაბულში მდებარე ტერიტორია მიაჩნდათ, რამ გამოიწვია ახლა ოსების ხსენება ქართლთან კონტექსტში? საფიქრებელია, რომ ძირითადად სწორედ ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს, XVIII ს-ის 20-იან, 30-იან წლებში, ოსი მოახალშენენი მტკვრის შემდინარე ხეობებს შიდა ქართლისაკენ ჩრდილოეთიდან ჩამოყვნენ; თუკი აქამდე ჩვენი ისტორიკოსები ჯერ დვალებზე, ხოლო შემდეგ ოს-დვალებზე წერდნენ, ახლა უკვე მხოლოდ ოსებზე წერენ. დვალების, კავკასიის ქართველური ტომის გაოსების პროცესი ვახუშტის დროს უკვე დაწყებული იყო, ეს გაოსებული დვალები, ანუ „დვალნი-ოსნი“ XVIII ს-ის 10-იანი წლებისათვის უკვე დიდი ლიახვის სათავეებში იყვნენ გადმოსული და მცირე ლიახვისა და ქსნის სათავეებსაც ითვისებდნენ. დვალების ერთ-ერთი ამბოხების დროს ვახტანგ VI-ის ეპოქაში ქართველი მეფის მხედრობა დვალეთში შევიდა და დვალები ქართველ ხელმწიფეს დაუმორჩილა. როგორც ცნობილია, მეფის ეს ქმედება არაგვისა და ქსნის ერისთავებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგანაც ამ სეპარატულად განწყობილი და მეფის მოწინააღმდეგე ერისთავების სამფლობელოები ქართველი მეფის ტერიტორიათა შორის მოქცეული აღმოჩნდა. ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს, როცა არაგვისა და ქსნის ერისთავები ცენტრალურ ქართულ ხელისუფლებას ყოველი საშუალებით ებრძოდნენ, როგორც ჩანს, ძირითად საომარ საყრდენ ძალად გაოსებულ დვალებს იყენებდნენ. ისინი ერისთავებს სჭირდებოდათ არა როგორც ქრისტიანები (ე.ი. ქართულ სამყაროსთან დაახლოებულნი), არამედ როგორც წარმართნი (ე.ი. ანტიქართულად განწყობილნი), რადგანაც ქრისტიანები, როგორც წესი, ქართულ ცენტრალურ ხელისუფლებას, ქართულ ეკლესიასა და სახელმწიფოს ექვემდებარებოდნენ. დვალები თავიანთი ქრისტიანობის (ე.ი. დვალობის) შემთხვევაში ერისთავებისათვის ნაკლებად გამოსაყენებელნი იქნებოდნენ. ჩანს, ერისთავების ასეთმა მიდგომამ დააჩქარა როგორც დვალების გაოსების პროცესი, ასევე მათი ჩამოსახლება საერისთავო ცენტრებისაკენ, შიდა ქართლისაკენ. ამ პროცესს ხელს ოსმალებიც უწყობდნენ, რომელნიც ზემო ქართლზე პრეტენზიას აცხადებდნენ. „ზემო ქართლი ხომ ჩვენი არისო“, - წერდნენ ისინი230. ხოლო ყიზილბაშები ამ მხარეებში ქართულ მოსახლეობას განსაკუთრებით აზარალებდნენ: „გაუშვა მარბიელი ავღანისა და საცა რამ დარჩომილიყო, დაატყვევეს, ოსეთს აქეთ სულ აჰყარა და მოაბარა გივს ამილახვარს“231.

ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს გაოსებულ დვალებს ყველა პირობა ჰქონდათ ქართლში დასასახლებლად და მის ასაოხრებლადაც, რაც აღდგენილი ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის მოუთმენელი იყო. ერეკლემ არაგვის ხეობიდან ჩრდილოკავკასიელების განდევნა შეძლო, ხოლო ქსნის ხეობის ოსები თეიმურაზმა შეიწყალა და მათგან გადასახადის აღებით დაკმაყოფილდა. XVIII ს-ის 30-40-იანი წლებიდან სიტყვა „დვალები“ უკვე აღარ იხსენიებოდა, მის ნაცვლად ყველგან გვხვდება „ოსები“, რაც დვალთა გაოსების პროცესის დასრულებაზე მიუთითებს.

გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლა. ლეკებიც ძირითადად სწორედ ქართული სახელმწიფოებრიობის უკიდურესი დასუსტების ჟამს, XVIII ს-ის 20-30-იან წლებში დამკვიდრდნენ აღმოსავლეთ კახეთში, რომელსაც ჭარ-ბელაქანი ეწოდა. აქ, როგორც ცნობილია, ქართველი გლეხების გალეკების პროცესი დაიწყო. ქართველთა ის ნაწილი კი, რომელიც გალეკებას გადაურჩა, გაამაჰმადიანეს, მათ „ახლადმოქცეულები“, ანუ ინგილოები ეწოდათ (მათი ნაწილი შემდგომ დაუბრუნდა დედასარწმუნოებას - ქრისტიანობას).

მართალია, ნადირ-შაჰმა „ბობოქარი ქართლი“ (რომელსაც ყიზილბაშმა ვექილებმა (მმართველებმა) თავი ვერ გაართვეს), თეიმურაზის მეშვეობით „დაამშვიდა“232 და მას 1744 წლის ივლისიდან ქრისტიანული სამეფო ტახტის აღდგენის ნება მისცა, მაგრამ იგი ირანთან ჯერ კიდევ ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. ამ დროისათვის თეიმურაზისა და ერეკლეს სამეფოებში მყოფი ირანული ლაშქარი ქართველ მეფეებს ემორჩილებოდა და ისინიც მას იშველიებდნენ ლეკთა გამუდმებული შემოსევების მოსაგერიებლად. მალე თავისი სახელმწიფოს კრიზისით შეშფოთებულმა შაჰმა ქართლ-კახეთს უზარმაზარი გადასახადი - 2 მილიონი მანეთი შეაწერა, ქართველმა მოსახლეობამ გახიზვნა და აჯანყებისათვის მზადება დაიწყო, ამიტომაც ეს გადასახადი შემცირებულ იქნა, მაგრამ ირანი უკმაყოფილო დარჩა.

ასეთ ვითარებაში თეიმურაზმა, შეიძლება ითქვას, ქვეყნის გადასარჩენად თავი დადო და ირანში შაჰს ეახლა. „მეფემ თეიმურაზ ქართლის გულისათვის თავი გამოიმეტა და წავიდა“, - ამბობდა პაპუნა ორბელიანი. თეიმურაზის წასვლა ირანში პირადად მისთვის მართლაც სახიფათო იყო“.233 საბედნიეროდ, ირანში ჩასულ თეიმურაზს ნადირ-შაჰი მოკლული დახვდა. თეიმურაზი რამდენიმე წლის მანძილზე იღვწოდა ირანში ქართული სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენისათვის. „1748-1749 წლებიდან ქართლ-კახეთი უკვე სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც შაჰისაგან დამოუკიდებლად წარმართავს თავის მომავალს“.234

ქართული სახელმწიფოს სუვერენობის აღდგენა უდიდესი მოვლენა - „გამოხსნა“ იყო.

ირანში ყოფნისას თეიმურაზმა ქართლის მოვლა ერეკლესთან ერთად ვახტანგ VI-ის ძმას, ქართლელი ბაგრატიონების სახლის შვილს, მეფე იესეს ძეს - აბდულა-ბეგს დაავალა, რომელიც ანტონ კათალიკოსის ძმა იყო.

ერეკლემ და თეიმურაზმა ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ შეძლეს აბდულა-ბეგის დამარცხება. ამის შემდეგ თბილისის ციხეებიდან გააძევეს ირანელთა გარნიზონი.

საქართველოს სრული განთავისუფლების, ანუ „გამოხსნის“ შემდგომ ხორცი შეისხა „აღდგომის“ იდეამაც. საქართველოს „აღდგომაში“ იგულისხმებოდა იმ ქართული მიწა-წყლის დაბრუნება, რომელიც ქვეყნისათვის დაკარგული იყო ამ მიწა-წყალზე მაჰმადიანური ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის გამო. საქართველომ დაიბრუნა ყაზახ-ბორჩალუ, ხოლო ერევნისა და განჯის სახანოებმა ქართული სახელმწიფოს ვასალობა და ხარკის ძლევა იკისრეს.

ქართლ-კახეთის მფარველობა ნახიჩევანის სახანომაც აღიარა. ერეკლე მეფეს დაუმორჩილებია „ბორჩალოს, ყაზახის, ერევნის, განძაკის, არცახისა და სივნიეთის მფლობელნი“.235 „ერევან-ნახიჩევანის შემოერთება ქართლ-კახეთის გაძლიერების მორიგი აქტი იყო“.236

1750 წ-ს ქართლ-კახეთისა და მოკავშირეთა ჯარებმა ყარაბახის ხანზე გაიმარჯვეს. „მდ. არაქსის ნაპირებზე ქართლ-კახეთის სამეფოს ადმინისტრაციულმა ფარგლებმა აღმოსავლეთით მდ. ძეგამზე გადაინაცვლა“.237

დადგა შედარებით მშვიდობიანი ცხოვრების პერიოდი: „ომი და რბევა არსებითად საქართველოს ფარგლებს გარეთ ხდებოდა“.238 მაგრამ დაღესტნის აუღებელი ბასტიონი და ლეკების ბუდე - ჭარ-ბელაქანი ქართველთა მშვიდობიან ყოფას უდიდეს საფრთხეს უქმნიდა. მათ დაემატა ერთ დროს ქართველებით დასახლებული ისტორიულ ჰერეთ-საარიშიანოში იმ დროისათვის არსებული შაქის სახანო.

0x01 graphic
შაქის ხანი ჭარელებს მიემხრო. მასთან ბრძოლისას მდინარე აგრიჩაიზე ქართველი მეფეები დამარცხდნენ. ჭარ-დაღესტნელებმა თარეშს მოუხშირეს. ლეკებს ეშინოდათ ქართლ-კახეთის გაძლიერებისა, ამიტომაც ცდილან მისთვის საზღვრის დადებას: „თუ ჩვენ არ გადავალთ - ქართველთ ჯარი აქ დაღისტანში გადმოვლენ“.239 50-იან წლებში დაღესტნელთა შემოსევები გახშირდა.

1751 წელს ერეკლემ სასტიკად დაამარცხა აზატ-ხანი - ირანის მრავალ კუთხეთა მპყრობელი. „აზატ-ხანსა და ერეკლეს შორის დადებული ზავის მიხედვით ქართლ-კახეთის სახელმწიფოს პოლიტიკური ბატონობის სფერო მდ. არაქსამდე გავრცელდა“.240 გავრცელდა ხმები თითქოსდა ერეკლე ირანის ტახტის დასაკავებლად იბრძოდა.

ამ დროისათვის შაქის ხანიც გაძლიერდა. მისმა კოალიციამ შეძლო 1752 წელს განჯასთან ქართველთა დამარცხება, მაგრამ იმავე წელს, პირველ სექტემბერს „ქართველებმა სამაგიერო მიუზღეს შაქის ხანსა და მისი ჯარი ერთიანად გაჟლიტეს... ამის შემდეგ ქართლ-კახეთმა კვლავ აღადგინა თავისი ბატონობა ერევნისა და განჯის სახანოებზე“.241

დაიწყო ქვეყნის აღდგენა, გლეხების დასახლება. 1754 წელს მეფეებმა მჭადიჯვართან ავარიელთა დიდი ნაწილის გამაერთიანებელი ხუნძახის მფლობელი ნურსალ-ბეგი დაამარცხეს, 1755 წელს კი დაღესტნელთა 20 000-იანი ლაშქარი გაანადგურეს; 1757 წელს 4000-იან ლაშქარს ლეკებისა, 1757 წელს - კოხტა ბელადსა და ჩონჩოლ-მუსას სძლიეს. ლეკების თარეში და მძარცველობა სასტიკი იყო. 50-იანი წლებისათვის მათ თითქმის დაასრულეს სომხით-საბარათიანოს საბოლოო განადგურება: „ორბელიანთ მამულში ქართველი მოსახლეობა გაქრობაზე იყო. საბარათიანოს ტრაგედია საინგილოს დაკარგვის შემდეგ კიდევ ერთი სისხლიანი ეპიზოდია ქართველი ხალხის არსებობისათვის ბრძოლის ისტორიაში“242.

ქართველთა გამარჯვებებმა აიძულეს ჭარი, რომ კახეთთან მშვიდობიანობა ჩამოეგდო. „ქართლ-კახეთის სახელმწიფო XVIII ს-ის 50-იანი წლების მიწურულს კიდევ უფრო გაძლიერდა და განმტკიცდა... გარედან დახმარების გარეშე იცავდა თავის ქვეყანას და თავისთავადი დამოუკიდებელი განვითარების გზით მიდიოდა“.243

„თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის ღვაწლი მარტო საქართველოს სამხედრო გაძლიერებითა და გარეშე მტრებისაგან უზრუნველყოფით კი არ ამოწურულა, თვით იმდროინდელი ქართველების ცხოვრებისა და კულტურის ვითარებაც მხოლოდ გარეგანი წესიერებისა და მშვიდობიანობის დამყარებით კი არ განისაზღვრება, არამედ თვალსაჩინო შინაგანი აღმშენებლობაც სწარმოებდა, სახელმწიფოებრივს წესწყობილებაშიც, ეკონომიკურს სფეროშიც, მეცნიერებასა და ხელოვნებაშიც საგულისხმო და ცხოველმყოფელი შემოქმედება იყო.

სპარსთა და ოსმალთა განმანადგურებელი ბატონობის წყალობით გახრწნილი სახელმწიფო წესწყობილება მეფე თეიმურაზისა და ერეკლეს წყალობით განახლებულ იქმნა“.244

თეიმურაზს ქვეყნის პოლიტიკურ გამარჯვებათა შედეგების სამუდამო უზრუნველყოფა რუსეთის საშუალებით სურდა. ჩანს, ამიტომაც გაემგზავრა იგი რუსეთში, სადაც 1762 წელს გარდაიცვალა, ერეკლე ქართლ-კახეთის ერთპიროვნული ხელმწიფე გახდა. ქართლ-კახეთის უზენაესობა შამახიის, ყარაბაღისა და ნახიჩევანის მფლობელებმა საჯაროდ აღიარეს. განმტკიცდა ერეკლეს მბრძანებლობა სომხეთში245. ქერიმ-ხანის მიერ გაერთიანებულმა ირანმა ერეკლე ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა. „ირანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური საზღვარი კვლავ მდ. არაქსზე გადიოდა“.

საქართველოში ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ აღორძინებული ტომობრიობა-თემობრიობის გავლენის ქვეშ მოქცეული სეპარატისტები „უკვე გაერთიანებული ქართლ-კახეთის დაშლისათვის იღვწოდნენ და კვლავ უარყოფდნენ „კახი“ ბაგრატიონების უფლებებს ქართლის ტახტზე. ისინი ქართლში „მუხრანელ“ ბაგრატიონთა აღდგენისათვის იბრძოდნენ. მოღალატე თავადები ვახტანგის უკანონო შვილის - პაატას გარშემო დაჯგუფდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ“246.

პაატას აჯანყებაში მრავალი პირი მონაწილეობდა, მეფემ ყველანი დააპატიმრა, შემდეგ კი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ისინი დაისაჯნენ.

„აღდგომის“ პროგრამა სხვა ქართულ მიწებთან ერთად სამცხე-საათაბაგოს დაბრუნებისათვის ზრუნვასაც ავალდებულებდა ქართველ პოლიტიკოსებს. ერეკლეც დაკარგული ქართული ტერიტორიების დაბრუნებისათვის იღვწოდა.

XVIII ს-ის 70-იან წლებში აღდგა დასავლური ქართული სამეფოს დამოუკიდებლობა, ხრესილის სახელოვანი ომის შემდეგ იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა ქვეყნიდან თურქთა გარნიზონები გააძევა.

„თურქებზე თავდასხმის წინ სოლომონმა ჩაკეტა ფოთიდან, გურიიდან და ახალციხიდან მომავალი გზები, საიდანაც თურქთა დამხმარე ჯარის შემოსვლა იყო მოსალოდნელი... მეფის ლაშქარში მის ერთგულ თავადაზნაურებთან ერთად მასობრივად გამოვიდნენ გლეხები - კომლზე თითო მოლაშქრე. მეფეს მოუვიდა სამეგრელოსა და გურიის სამთავროთა რაზმებიც. სამეგრელოს ლაშქარს ახლდა სამურზაყანოელთა რაზმიც... 1757 წ-ის 14 დეკემბერს, გათენებისას, მეფის ლაშქარი თავს დაესხა ხრესილის მინდორზე მდგარ თურქებს“247, ქართველებმა გაიმარჯვეს. ეს იყო ძალზე დიდი მარცხი თურქებისათვის. 1758 წელს სოლომონ, ერეკლე და თეიმურაზ მეფეებმა მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს. მოწვეული იქნა საგანგებო საეკლესიო კრება. 1759 წლის 4 და 5 დეკემბერს ჩატარებულმა კრების სხდომებმა ტყვეთა სყიდვა აკრძალა. იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის საერო და სასულიერო გამგებლებმა მეფეს პირობა მისცეს, რომ დაემორჩილებოდნენ, აღადგინეს ქუთათელის კათედრა თავისი ყმა-მამულით, ეკლესია განთავისუფლდა გადასახადებისაგან.

1760 წელს სოლომონ მეფემ თურქთა 20 000-იანი, ხოლო 1763 წელს 13 000-იანი ლაშქარი დაამარცხა.

1764 წელს თურქეთის სულთანმა 100 000-იან ლაშქარს მოუყარა თავი. 1765-66 წლებში ისინი არბევდნენ იმერეთს, თურქთა ლაშქრის გასვლის შემდეგ სოლომონმა მალე გაათავისუფლა ქვეყანა და დაიკავა იგი. ოსმალებს ციხეებში ცუდი დღე ედგათ.

„1767 წლის ხელშეკრულებით თურქეთმა იმერეთი ცნო არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ სახელმწიფოდ“248. 1768 წელს სოლომონ მეფემ დაამარცხა ტახტისათვის მებრძოლი თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელსაც თურქები უჭერდნენ მხარს. 1769 წელს სოლომონმა მოღალატე რაჭის ერისთავი დაამარცხა და ორგული ბესარიონის ნაცვლად კათალიკოსის ტახტზე თავისი ძმა იოსებ გენათელი აიყვანა.

ასეთი ბედნიერი დრო, ბედნიერი ხანა, რომელიც საქართველოს სოლომონ-თეიმურაზ-ერეკლეს დროს დაუდგა, მრავალი საუკუნის მანძილზე არ ჰქონია. საქართველომ თავი „გამოიხსნა“, ხოლო „აღდგომისათვის“ მისი გაერთიანება იყო საჭირო. საქართველო უთუოდ გაერთიანდებოდა, ამისი გზები დაისახა კიდეც მე-18 საუკუნის 90-იან წლებში, ძმათა შორის რომ ერთსულოვნება და თანხმობა ყოფილიყო.

მაგრამ, რაც უმთავრესია, „ქართველობა“ აღდგა, „ქართველობამ“ გაიმარჯვა და ქართული ქრისტიანული სახელმწიფო აღადგინა.

 

228 იქვე, გვ. 113; 229 იქვე, გვ. 114; 230 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 453; 231 პ. ორბელიანი, ამბავი ქართლისანი.., გვ. 48; 232 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 602; 233 იქვე, გვ. 607; 234 იქვე, გვ. 611; 235 იქვე, გვ. 614; 236 იქვე, გვ. 615; 237 იქვე, გვ. 616; 238 იქვე, გვ. 617; 239 იქვე, გვ. 619; 240 იქვე, გვ. 621; 241 იქვე, გვ. 625; 242 იქვე, გვ. 628; 243 იქვე, გვ. 629; 244 ივ. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, 1919, გვ. 13; 245 საქ. ისტ. ნარკვ., IV, 630; 246 იქვე, გვ. 632; 247 იქვე, გვ. 638; 248 იქვე, გვ. 645.

 

1.3 დიდი ღალატი

▲ზევით დაბრუნება


დიდი ღალატი


ქართველი პოლიტიკოსები და შეიძლება ითქვას, მთელი ქართველი ერი XVIII საუკუნეში სულდგმულობდა იდეით, რომელიც ორი სიტყვით გადმოიცემოდა: „გამოხსნა და აღდგომა“. ეს იდეა ამავე დროს მიზანსაც წარმოადგენდა. „გამოხსნის“ ქვეშ მაჰმადიანური ქვეყნების ვასალობისაგან საქართველოს დახსნა იგულისხმებოდა. „აღდგომა“ კი საქართველოს არა მარტო გაერთიანებას, არამედ მის ძველ ტრადიციულ საზღვრებში აღდგენასაც გულისხმობდა (ე.ი. ჭარ-ბელაქანის, მესხეთისა და სხვა მიტაცებული მხარეების შემოერთება). თავისუფლებისათვის თავდადებული და თავდაუზოგავი ბრძოლის წყალობით, ქართველობამ შეძლო ქვეყნის „გამოხსნა“, ანუ თავის დახსნა სპარსეთისა და ოსმალეთის ვასალობისაგან. ეს უდიდესი მიღწევა იყო. ქვეყნის „გამოხსნის“ შემდეგ „აღდგომის“ იდეა რჩებოდა განსახორციელებელი. „გამოხსნის“ უმალვე ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის სახელმწიფოები ისე გაძლიერდნენ, რომ ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები „აღდგომის“ სანეტარო იდეის განსახორციელებელ ქმედებას შეუდგნენ, რასაც ხელს ისიც უწყობდა, რომ ამ დროისათვის სპარსეთიცა და ოსმალეთის ერთ დროს უძლეველი იმპერიაც დასუსტებული იყო.

„ოსმალეთის სახელმწიფო XVIII ს-ის მეორე ნახევარში დაშლის გზით მიექანებოდა. იზმირის, ანკარის, ლაზისტანის, ახალციხისა და სხვა საფაშოები ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. კერძოდ, ახალციხის ფაშები თვლიდნენ, რომ ეს მხარე ოსმალეთის უბრალო პროვინცია კი არა, ჯაყელთა სამემკვიდრეო მამული იყო და საქართველოსთან ურთიერთობის შემჭიდროებაზე ფიქრობდნენ“304.

სამაგიეროდ, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები გაძლიერდნენ. იმ დროისათვის ერთი გამოჩენილი მოღვაწე კითხვაზე „რამდენად ძლიერია ქართლ-კახეთის მეფე, აღნიშნავდა, რომ ერეკლე ირანის ყველა ხანსა და მფლობელებზე ძლიერია და შაჰის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა. მისი ძალაუფლება საქართველოს გარდა განჯაზე, ერევანსა და ნახიჩევანზე ვრცელდება, ირანის ხანები დაწყებული თავრიზიდან ყოველწლიურად ერეკლეს მდიდარ ძღვენს უგზავნიან მოწიწების ნიშნად, ერეკლეს 50 ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარის გამოყვანა შეუძლიაო...“305. და იქვე „განუმარტავდა რუსეთის მთავრობას - ერეკლე მეფის გადმობირებით რუსეთს აღარ ეყოლება მოწინააღმდეგე მთელს აზერბაიჯანში თავრიზამდე, რადგან ერეკლეს პატივისცემით ეპყრობა ყველა იქაური მფლობელიო“, ასე უყურებდნენ მეფე ერეკლეს 1783 წლის ხელშეკრულების დადების წინა პერიოდში.

საკმაოდ გაძლიერებული მეფის უპირველესი ზრუნვის საგანს, როგორც აღინიშნა, საქართველოს „აღდგომა“ წარმოადგენდა, მაგრამ აღმოსავლეთ კახეთის (ჭარ-ბელაქანისა) და მესხეთის (სამცხე-საათაბაგოს) გამოხსნა ლეკებისა და ოსმალებისაგან ერეკლეს არ შეეძლო, მას უთუოდ სხვა რომელიმე სახელმწიფოს დახმარება ესაჭიროებოდა, მით უმეტეს, რომ მის მიზანს დაკარგული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებაც შეადგენდა. კერძოდ, შაქი, რომელიც ერეკლეს დროს სახანო იყო, ისტორიულად ჰერეთის ნაწილს - საარიშიანოს წარმოადგენდა, მონღოლთა შემოსევების შემდგომაც კი, ქართველთა ეთნიკური განსახლების საზღვარი მდინარე თეთრწყლამდე, ანუ არაქს-მტკვრის შესართავამდე აღწევდა. ამიტომაც შაქის სახანოზე, როგორც საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე, ერეკლე პრეტენზიას აცხადებდა. „აღდგომაში“ ქართველი მეფის ძველი ტიტულატურის აღდგენაც იგულისხმებოდა - „აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფე, შაჰანშა და შირვანშა“. რანში იმ დროისათვის, შესაძლოა, განჯის სახანო იგულისხმებოდა, ზემოთ მოყვანილის გამო ერევნის სახანოს ტერიტორიაც - ერთიანი საქართველოს სახელმწიფოში შემავალ მიწა-წყლად მიაჩნდათ (შაჰანშას ქვეყნის ნაწილი).

„საქართველოს „აღდგომაში“ რომ ამიერკავკასიაში მისი ოდინდელი ჰეგემონობა იგულისხმებოდა, კარგად მჟღავნდება როგორც ვახტანგ VI-ის „ქრისტიანულ პოლიტიკაში“, ისე ერეკლე II-ის პრეტენზიებში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაზე. უნდა ითქვას, რომ ამ პრეტენზიებმა, სათანადო ასახვა ტრაქტატის მუხლებშიც ჰპოვა (იგულისხმება 1783 წლის ხელშეკრულება რუსეთთან), რომელთა მიხედვით რუსეთის იმპერატორი კისრულობდა „დაცვასა ზედა აწინდელისა სამფლობელოთა მისისა უგანათლებულესობისა მეფისა ირაკლისა“ (ამასთან დაკარგული ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებასაც). ტრაქტატში ქართველი მეფე იწოდებოდა, აგრეთვე, შაქისა და შირვანის მთავრად და განჯისა და ერევნის მფლობელად და მბრძანებლად. ნ. ბერძენიშვილის აზრით, „აღდგომაში“ იგულისხმებოდა როგორც „ოქროს ხანის“ საგარეო წარმატებები, ისე ქვეყნის შინაგანი „წყობა და გარიგება“306.

„აღდგომა“, როგორც აღინიშნა, მთელი საქართველოს გაერთიანებასაც გულისხმობდა: ეროვნული ერთიანობის იდეა საქართველოში მარად არსებობდა, და იგი უთუოდ შეძლებდა გაერთიანებას, როგორც ამას „ივერიელ მეფეთა და მთავართა“ შორის 1790 წელს დადებული „ერთობის ტრაქტატი“ უჩვენებს, თუ არა იმედგაცრუება იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომლის შემწეობითაც ქართველ პოლიტიკოსებს საქართველოსთვის „ოქროს ხანის“ აღდგენა სურდათ. ამ სახელმწიფომ - რუსეთმა არ აღადგინა ამიერკავკასიაში გადაშლილი ქართული სახელმწიფო. ქართული სახელმწიფოები რუსეთთან ურთიერთობას განსაკუთრებით მაშინ აღრმავებდნენ, როცა მათი პოლიტიკური მდგომარეობა გარკვეულად გაუმჯობესებული იყო. მათ სწორედ მიღწეული მდგომარეობის განმტკიცება ესაჭიროებოდათ რუსეთის დახმარებით. ასე ყოფილა ვახტანგ VI-ისა და პეტრე პირველის ურთიერთობისა და თეიმურაზ-ერეკლეს დროსაც, რომელთაც 1752 წელს აღუნიშნავთ კიდეც დედოფალ ელისაბედისადმი გაგზავნილ წერილში: „ხოლო ვინათგან აწ მყოფსა ამას ჟამსა აღარავინ არს უსჯულოთა მეფეთაგანი უფალი ჩვენზედა... აწ არს ჟამი გამოხსნისა ჩვენისა და დღე აღდგომისა ჩვენისა“. მართლაც, ამ დროისათვის ქართლ-კახეთის სამეფოს გავლენა, არათუ მთელს საქართველოზე, არამედ ამიერკავკასიაშიც ეჭვს არ იწვევდა. შეინიშნება ერთობ საგულისხმო მოვლენა: 60-იანი წლების ელჩობაც რუსეთში ისეთ დროს გაიგზავნა, როცა ერეკლე II-ის პოლიტიკური ზეგავლენა ფაქტობრივად მთელ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ვრცელდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მდებარეობა გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების ხანაშიც მეტად მტკიცედ გამოიყურებოდა, უფრო ადრე კი ვახტანგ VI-ისა და პეტრე I-ს შორის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი მაშინ დამყარდა, როცა ქართველი მეფის გავლენა არათუ მთელ საქართველოზე, არამედ ქრისტიანულ ამიერკავკასიაზეც უდავო იყო. ერთი სიტყვით, ვახტანგ VI და ერეკლე II რუსეთთან ურთიერთობას საკუთარი სამეფოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის პერიოდებში ააქტიურებდნენ, რაც თავისთავად ააშკარავებს მათი პოლიტიკური გეგმის შორს გამიზნულ ხასიათსა და ფართო მასშტაბებს; ასეთი გეგმების განხორციელება თუნდაც ძალზე დიდი და ძლიერი სახელმწიფოს დახმარებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ პოლიტიკური ერთეული თვით იქნებოდა ანგარიშგასაწევი ძალა. ფიზიკური განადგურების პირას მდგომ დასუსტებულ ქვეყანას რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების იმედი არ შეიძლება ჰქონოდა და არც მის მოკავშირეობას ისურვებდა ვინმე307.

მართლაც, XVII ს-ის 20-იან წლებში ვახტანგ VI-ისა და პეტრე I-ის ურთიერთობის დამყარების დროს ქართველ მეფეს არათუ ამიერკავკასიაში, თვით ირანის იმპერიაშიც კი დიდი გავლენა ჰქონდა.

ამავე საუკუნის 60-იან წლებშიც, რუსეთთან კავშირის დამყარებისას ქართული სახელმწიფო საკმაოდ გაძლიერებული იყო. სულ მალე ქვეყანას უბედურება ეწია. იგივე ვითარება იყო გეორგიევსკის ხელშეკრულების წინა ხანებშიც - ჩვენი ქვეყანა დიდად იყო გაძლიერებული, „ტრაქტატის“ წყალობით კი მალე დაუძლურდა, ასევე მოხდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლის დროსაც. ისმის კითხვა, რატომ მიისწრაფოდა საქართველო მარად რუსეთისაკენ, რამდენჯერმე ხომ ის მწარედ დაისაჯა ამის გამო? ივ. ჯავახიშვილის აზრით, საგარეო ორიენტაციის საკითხებში ქართველები პოლიტიკურ მომგებიანობაზე წინ სარწმუნოებრივ გრძნობებს აყენებდნენ. გულმხურვალე სარწმუნოება, მტკიცე ქრისტიანობა და სიყვარული მართლმადიდებლობისა ქართველებს მარად აფიქრებინებდა კავშირი შეეკრათ ერთმორწმუნეებთან, მით უმეტეს, რომ რუს მორწმუნე ხალხს ძლიერი სახელმწიფო ჰქონდა, ამიტომ, მას ქრისტიანული ზნეობა ავალდებულებდა, მაჰმადიანურ ოკეანეში მოქცეული თანამორწმუნეების თვითმყოფადობა განემტკიცებინა. სამწუხაროდ, ქართველთა სარწმუნოებრივი გრძნობები შეურაცხყო რუსეთის იმპერიამ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობით, ამან საბოლოო ჯამში ქართველთა მხურვალე სარწმუნოებაც გაანელა XIX-XX სს-ში. XVIII ს-ში ქართველთა ქრისტიანულ სითბოს რუსი პოლიტიკოსები თავიანთი მიზნის მისაღწევად იყენებდნენ.

ივ. ჯავახიშვილი წერს: „ქართველებს შორითგან გაგონილი ჰქონდათ რუსთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა და ეჭვი არ ებადებოდათ, რომ რუსეთი ქართველთა სულისკვეთებას ადვილად გაიგებდა და მათს თავგანწირულს ბრძოლაში სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ წრფელის გულით ძლიერს დახმარებას გაუწევდა.

რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როდესაც კი რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით ქართველთა ძალის გამოყენება ოსმალეთის, ან სპარსეთის წინააღმდეგ საჭიროდ მიაჩნდათ, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობებსა და გულუბრყვილობაზე იყო ხოლმე დამყარებული. „ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამყარებული მათი გულმოდგინება სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილმოსურნეობა რუსი ხალხისადმიო“, - ასე ამბობდნენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, და ამ ქართველთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობის საშუალებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც ქართველების იმდენად მოჯადოებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ. როცა რუსეთისათვის საჭირო იყო, მაშინ მას აგონდებოდა, რომ ქართველები მხურვალე ქრისტიანები იყვნენ... ასე იყო ხოლმე, სანამ საქართველოს არ შეაცდენდა და თავის სამხედრო გეგმის მიხედვით ოსმალეთთან ან სპარსეთთან ომში, რომელსაც იგი განიზრახავდა, არ ჩარევდა, მაგრამ რა წამს რუსეთს თავისი პირადი მიზანი მიუღწევლად მიაჩნდა, ან ომის გაგრძელებას თავისათვის ხელსაყრელად აღარ სთვლიდა, ის საქართველოს უყოყმანოდ მიატოვებდა ხოლმე და მაშინ მას ყველაფერი ავიწყდებოდა, ქართველთა ქრისტიანობაც და გაჭირვებაც. ასეთ შემთხვევაში ის იმაზეც კი აღარ ფიქრობდა, რომ საქართველო სწორედ მისი წყალობით და მისი მოქმედებით წინანდელზე უფრო უარესსა და უმწეო მდგომარეობაში ვარდებოდა ხოლმე“308.

რუსეთ-ოსმალეთის ომის წინ ქართული სახელმწიფოს უზენაესობას აღიარებდნენ ვრცლად გაშლილ ტერიტორიაზე (ვიდრე არაქსამდე) არსებული სახელმწიფოებრივი ერთეულები. 1760 წ-ის დეკემბერში ერეკლემ ყარაბაღის ხანს ძლიერი დამარცხება აგემა, განჯაზე ბატონობა განამტკიცა, ხოლო თვით ყარაბაღელი ხანი ფანა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. ქართლ-კახეთის უზენაესობა საჯაროდ აღიარეს აგრეთვე შაქის, შამახიის, ყარაბაღისა და ნახიჩევანის მფლობელებმაც. კიდევ უფრო განმტკიცდა ერეკლეს მბრძანებლობა სომხეთში309.

აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი XVIII ს-ის განმავლობაში ჩრდილო აზერბაიჯანი და სომხეთი, ანუ ის ტერიტორია, რომელსაც სამხრეთიდან მდინარე არაქსი საზღვრავდა, ქართული სახელმწიფოს გავლენის სფეროს და ზოგჯერ ვასალურ მხარეებსაც კი წარმოადგენდნენ. ამ რეგიონს შემდგომ რუსულმა ხელისუფლებამ „აღმოსავლეთი ამიერკავკასია“ უწოდა, სპარსეთი კი მას აღნიშნულ ეპოქაში „გურჯისტანს“ უწოდებდა. სპარსი ხელისუფალი - „გურჯისტანის ვალი“ ძალზე ხშირად სწორედ აღნიშნული მხარის გამგებელი იყო („გურჯისტანის ვალებად“, როგორც წესი, ქართველი მეფეები - „ხანები“ - ინიშნებოდნენ. სპარსეთში სულ ოთხი „ვალი“ იყო, რომელთა მონაწილეობა შაჰის კორონაციაში აუცილებლობას წარმოადგენდა).

არა მარტო „ვალები“: როსტომ-ხანი, შაჰ-ნავაზ V, ვახტანგ VI, არამედ უფრო ადრეც ქართველი მეფეები (თეიმურაზ I და სხვები) თავიანთ გავლენას ძალზე ხშირად მდინარე არაქსამდე ავრცელებდნენ.

რუსეთის ხელისუფლებამ XIX ს-ის დასაწყისში აღნიშნული მიწა-წყალი სპარსეთის იმპერიას ჩამოაცილა (ანუ ტერიტორია მდინარე არაქსამდე). რუსეთს ამის უფლებას თითქოსდა ის ანიჭებდა, რომ მასთან „შეერთებულ“ ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გავლენის სფერო არაქსამდე აღწევდა (ყოველ შემთხვევაში განჯისა და ერევნის სახანოები ერეკლეს მოხარკენი იყვნენ, ხოლო შაქსა, შირვანსა და ყარაბაღზე მეფე პრეტენზიას აცხადებდა და ზოგიერთ უფლებასაც ახორციელებდა).

როგორც აღინიშნა, აღნიშნულ მხარეს, ანუ აღმოსავლეთ ამიერკავკასიას სპარსეთში ზოგადად „გურჯისტანს“ უწოდებდნენ და ეს მხარე რუსეთმა (ქართლ-კახეთის შემდგომ) თავის იმპერიას შეუერთა (საზოგადოდ იმ ეპოქისათვის აზერბაიჯანი - ძირითადად არაქსის სამხრეთით მიმდებარე ქვეყანას ერქვა).

1763 წლისათვის „ირანის ახალმა მბრძანებელმა ერეკლე ქართლ-კახეთის მეფედ აღიარა, იგი შეურიგდა აგრეთვე ქართველი მეფის გავლენას ამიერკავკასიის სახანოებზე (ქერიმ-ხანს ამიერკავკასიის ხანებისათვის ბრძანებები გაუგზავნია, რომ ერეკლეს მორჩილებაში ყოფილიყვნენ310). ირანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური საზღვარი კვლავაც მდ. არაქსზე გადიოდა“310. გარკვეული ცვლილებებით ძირითადად ასევე იყო XIX ს-მდე. როგორც ითქვა, სწორედ ქართული სახელმწიფოს გავლენის სფეროში მყოფი ეს მხარეები შეუერთა რუსეთმა თავის იმპერიას და საქართველოსა და სპარსეთს შორის მდინარე არაქსზე გამავალი საზღვარი რუსეთსა და სპარსეთს შორის საზღვრად იქცა.

რუსეთი, რომელსაც ამიერკავკასიის მიერთება ჰქონდა დაგეგმილი, ყველა ხერხს ხმარობდა ერეკლეს სახელმწიფოს დასუსტებისათვის. როცა ერეკლემ ჯერ 1778 წლისათვის განჯაში თავისი „გუბერნატორი“ დასვა, ხოლო შემდეგ ერევნის სახანოს უშუალოდ საქართველოსთან შემოერთებისათვის დაიწყო მოქმედება, რუსეთმა ეს პროცესი შეაფერხა.

„1779 წ-ს ქართლ-კახეთის ჯარებმა ერევნის სახანო დალაშქრეს. როგორც ჩანს, ერეკლე ერევნის სახანოს უშუალო შემოერთებისათვის იბრძოდა. ამ განზრახვას საკმაოდ ღრმა მიზეზები ჰქონდა. სომხეთის ეს მხარე მაშინ საერთაშორისო ინტრიგების ხლართში მოქცეულიყო. ერეკლეს, რა თქმა უნდა, არ სურდა, რომ ერევანში ირანის უშუალო ბატონობა აღმდგარიყო. მისთვის არც ის იყო მისაღები, რომ ამ დროს სომეხი პოლიტიკური მოღვაწეები ერეკლესაგან დამოუკიდებლად აბამდნენ კავშირს რუსეთთან და რომანოვთა სახელმწიფოს თაოსნობით ცდილობდნენ ამიერკავკასიაში სომხეთ-ალბანეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღდგენას. ერეკლეს არ შეეძლო, გულგრილი ყოფილიყო ერევნის სახანოს პოლიტიკური მდგომარეობისადმი... ერევნის სახანოს უშუალო შემოერთებისათვის ბრძოლა გამოწვეული იყო აგრეთვე ერევნის ხანის საქციელით. იგი უარს ამბობდა ერეკლეს მორჩილებასა და ხარკზე, კავშირს აბამდა მის პოლიტიკურ მტრებთან. 1779 წ-ის აგვისტოში ერეკლეს ჯარებმა ერევანს ალყა შემოარტყეს... ერეკლემ ერევანში ხანის გვერდით თავისი გუბერნატორი დააყენა. 1780 წ-ს ერეკლეს კვლავაც მოუხდა ერევანს ლაშქრობა და იქ თავისი ბატონობის აღდგენა, ერევნის საკითხის გართულების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი, როგორც ჩანს, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება იყო“311. სწორედ იმ მომენტში, როცა ერეკლე მეფე ერევანში იბრძოდა, რუსეთმა „აუშვა“ ალექსანდრე ბაქარის ძე - „კანონიერი“ მემკვიდრე ქართლის სამეფო ტახტისა. მან მრავალი მოწინააღმდეგე მიიმხრო ერეკლე მეფისა და შეძლო „საქართველოს არევა“. ალექსანდრე ბაქარის ძის ზურგში რუსეთის დიპლომატები იდგნენ. „ეს გასაგებიც იყო, რადგან თვითმპყრობელური იმპერია, იმ შემთხვევაში, თუ ქართლ-კახეთისა და ოსმალეთის კავშირი განხორციელდებოდა და ერეკლე გაძლიერდებოდა, ამიერკავკასიაში გავლენას უნდა გამოთხოვებოდა“312.

ამიერკავკასიაში ერეკლეს გავლენის შემცირებისა და საკუთარი უფლებების გაზრდისათვის რუსეთის დიპლომატია სხვადასხვა ხერხს იყენებდა, რუსეთს აშფოთებდა ქართული სახელმწიფოს გაძლიერება: „ჩანს, რუსეთის კარი შეშფოთებულია ერეკლეს პოლიტიკური ნაბიჯებით. უეჭველია, რუსეთი შეეცდება სათანადო ღონისძიებანი მიიღოს, რომ ერეკლეს გეზი შეაცვლევინოს (ჩერქეზ გადმოსახლებულთა დაკავება, ჩერქეზ-ყაბარდოელთა გადმოსახლებისათვის ქართლ-კახეთში დიდი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. ეს საქმე ჩაშალა რუსეთის იმპერიამ...), ალექსანდრე ამილახვარის აშვება, ალექსანდრე ბაქარის ძის ფათალი-ხანთან გაჩენა და თვით ფათალი-ხანის აქტიურობა ერეკლეს წინააღმდეგ - ყველა ეს რუსეთის მეფის მიერ მიღებული კონტრზომები ჩანს“313. „...უცილობელია, რომ მეფის რუსეთმა ჩაშალა ერეკლეს დიდი ღონისძიება - ყაბარდოელთა ერთი ნაწილის გადმოსახლება საქართველოში. ქართლ-კახეთის სახელმწიფომ ამით მნიშვნელოვანი სამხედრო რეზერვები დაკარგა. ეს იყო 1778 წლის კრიტიკულ მომენტში, როცა „ერეკლეს მოაკლდა ის ძალა, რომლითაც იგი ხშირად წარმატებით იგერიებდა მტრის საშიშ შემოსევებს“314.

ერეკლემ ერევნის სახანო უშუალოდ თავის სახელმწიფოს ვერ შემოუერთა ზემოაღნიშნული მიზეზების გამო - „აღდგომის“ პროგრამის ერთი ნაწილი ჩაიფუშა. „...რუსეთის იმპერია უკვე საზღვარს უდებდა ერეკლეს გაძლიერებას, რომლის დამოუკიდებელი პოლიტიკაც მას აღარ აწყობდა. ერეკლეს სახელმწიფოს უყურებდნენ მხოლოდ როგორც საშუალებას იმპერიის ბატონობის გავრცელებისათვის ამიერკავკასიაში“315.

რუსეთი ერეკლეს ევროპასთან ურთიერთობასაც ზღუდავდა: „კანცლერი ბეზბოროტკო ერთ თავის ინსტრუქციაში ერეკლეს აღნიშნული ურთიერთობების გამო უკმაყოფილებას ვერ მალავდა, ქართლ-კახეთის დიპლომატები უკვე გრძნობდნენ, რომ რუსეთის იმპერია დღეს თუ არა ხვალ მაინც ერეკლეს სახელმწიფოს მოაკითხავდა“316.

რადგან რუსეთის იმპერიას თავისი საზღვრების გაფართოების მიზანსწრაფული გეგმა ჰქონდა, საქართველოსაც თავის მომავალ მიწა-წყლად განიხილავდა (ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანას, რომლის დაპყრობასაც შეძლებდა). ამით იყო გამოწვეული ჯერ კიდევ 60-იან წლებში ტოტლებენის მოქმედება: „...რუსეთს არავითარი სურვილი არ ჰქონდა, რომ საქართველოს გულისათვის ოსმალეთს და სპარსეთს წასჩხუბებოდა, მშვიდობიანობა იყო და საქართველო მაშინ რუსეთს არ ესაჭიროებოდა, მაგრამ 16 წლის შემდეგ, 1768 წ-ს, როცა ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა და რუსეთი უნებლიეთ უნდა ბრძოლაში ჩაბმულიყო, მაშინ მისთვის საქართველო, რასაკვირველია, ძალიან გამოსადეგი იქნებოდა და ამიტომ საქართველოს არსებობაც გაახსენდა, რუსეთის სამხედრო გეგმა ისე იყო შედგენილი, რომ ოსმალეთთან ომში ბერძნები, სლავები და საქართველოს სამეფოებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი, მაგრამ ქართველების გარდა სხვებმა ყველამ სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეს და რუსეთის მთავრობის დაგებულ ქსელში არ გაებნენ“317.

რუსეთის მთავრობამ შეძლო საქართველოს ჩაბმა ოსმალეთთან ომში. „სოლომონ I ომში ჩაება. ის ფიქრობდა რუსეთის ჯარის დახმარებით დაემორჩილებინა იმერეთის ურჩი მთავრები და თავადები. დაებრუნებინა თურქების მიერ მიტაცებული ქართული მიწები და საბოლოოდ განედევნა საქართველოდან ოსმალო დამპყრობლები. ერეკლე მეორე იმედოვნებდა, რუსეთის დახმარებით დაებრუნებინა ოსმალთა მიერ მიტაცებული სამცხე-ჯავახეთი. დაემორჩილებინა ჭარ-ბელექანი და აღეკვეთა ლეკთა თარეში“318.

მაგრამ „საქართველოში რუსთა ჯარის ყოფნამ ერეკლეს სამეფოს სარგებლობა ვერ მოუტანა. ამ ჯარის გენერლები ქვეყნის მოღალატეებთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე მეფეებთან“319.

„აღდგომის“ საკუთარი გეგმის თანახმად, ერეკლეს მთავარ მიზანს მესხეთის დედასამშობლოსთან დაბრუნება წარმოადგენდა, რუსების მიზანიც თითქოსდა ოსმალთა დამარცხება იყო, მაგრამ როგორც საქმემ წარმოაჩინა, მთლად ასე როდი იყო. 1770 წლის 17 აპრილს ქართველებისა და რუსეთის ლაშქარი აწყურს მიადგა: „ერეკლე მეორის გეგმით ლაშქარი ახალციხის მიმართულებით უნდა წასულიყო და მესხეთის განთავისუფლება დაეწყო. ერეკლეს უნდა დაესწრო ახალციხის ფაშისათვის, ვიდრე ის დამხმარე ლაშქარს მიიღებდა. ამავე დროს საქართველოში უნდა ჩამოსულიყო რუსთა დამხმარე ჯარის დანარჩენი ნაწილები. ტოტლებენი კი აწყურის ციხის აღებას კატეგორიულად მოითხოვდა... 19 აპრილს ტოტლებენმა მოულოდნელად შეწყვიტა ბრძოლა და აწყურს გაეცალა. ერეკლესა და მოურავოვის თხოვნამ ტოტლებენზე არ გასჭრა... გენერალმა ტოტლებენმა მალე გამოამჟღავნა ფარული გეგმები. მან იცოდა, რომ ზოგიერთი ქართველი თავადი მეფეს ოპოზიციაში ედგა და მათი დახმარებით გადატრიალების მოწყობა გადაწყვიტა. ტოტლებენს ეგონა, რომ ქართლის ხელში ჩაგდებასა და ერეკლეს დამხობას ადვილად მოახერხებდა. მან დაიწყო ქართლის ციხე-ქალაქების დაკავება და მოსახლეობას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ძალით აფიცებდა“320.

ერეკლე ორმხრივი მტრით გარშემორტყმული აღმოჩნდა, რუსეთის გენერლობა ოსმალეთის ნაცვლად ფაქტობრივად მასთან ომობდა და ამავე დროს „რუსეთისავე წყალობით და რუსთა გულისათვის ოსმალეთთან ომში ჩათრეული აღმოჩნდა. საქართველო რუსთა ჯარის სარდლის მიერვე მრავალრიცხოვანი მტრის წინაშე მუხანათურად მარტოდმარტო იყო დატოვებული. საშინელი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ამ უაღრეს განსაცდელის დროსაც ერეკლე მეფის დიდებულმა სამხედრო ნიჭმა იხსნა ჩვენი ერი და სამშობლო სხვაფრივ აუცილებელი განადგურებისაგან: მცირე ლაშქრითურთ მან სამხედრო გეგმისა და ხერხის წყალობით რუსთა მოქმედებით გათამამებული ოსმალოთა მრავალრიცხოვანი ჯარი ჯერ ადგილობრივ, შემდეგ ს. ასპინძასთან საშინლად დაამარცხა და მთლად მოსპო“321.

ერეკლეს მიერ ოსმალთა დამარცხებით ისარგებლა სოლომონ მეფემ და თურქეთისაგან გაათავისუფლა ცუცხვათისა და შორაპნის ციხეები, დაიკავა ქალაქი ქუთაისი და მის ციხეს ალყა შემოარტყა. ივლისში სოლომონი და ტოტლებენი ბაღდადის ციხეს შემოეწყვნენ და ქუთაისის ციხეს შეუტიეს; თურქი მეციხოვნეები გაიპარნენ. „მალე ტოტლებენსა და სოლომონს შორისაც გამწვავდა ურთიერთობა. ჯიუტი გენერალი მეფის გონიერ წინადადებებს არ იღებდა“322. ამას ისიც დაერთო, რომ რუსეთის წარმომადგენელნი ერეკლეს ოსმალეთის საწინააღმდეგოდ ალაშქრებდნენ, მაგრამ გამარჯვებით მოპოვებულის გამოყენებას უკრძალავდნენ. მაგალითად, 1771 წელს ერეკლე ახალციხის საფაშოს შეესია და ხერთვისის ციხე და ქალაქი აიღო, მაგრამ როდესაც ციხეში თავისი მეციხოვნენი ჩააყენა, რუსეთის წარმომადგენლებმა ამას წინააღმდეგობა გაუწიეს, ერეკლეს ჯარები გააყვანინეს, ხოლო შემდგომ, კერძოდ 1772 წელს, კიდევ იმდენი მოახერხეს, რომ ერეკლე მეფეს ჩააგონეს, „ერთხელ კიდევ დაჰკარ ხვანთქარის მამულსაო“ და მანაც სოლომონ მეფეც მოიმხრო და შეერთებულის ლაშქრით... მოარბიეს ახალციხის, არტაანისა და ჯავახეთის ოლქები“323. 1772 წელსვე რუსეთმა თავისი ჯარები გაიყვანა საქართველოდან: „ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში უნდა ჩავარდნილიყო რუსეთის წყალობით ოსმალეთთან ომში ჩაბმული საქართველო, როდესაც ეკატერინე II-ის ბრძანებით რუსეთის მცირერიცხოვანმა ჯარმაც კი საქართველო მიატოვა. თვით ხონთქარი ხომ, რასაკვირველია, საქართველოზე განრისხებული იყო და რაკი „გამძვინდა მეფის ირაკლის ზედა“, არც ფული, არც ჯარები დაუზოგავს, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ომში ჩარევისათვის სამაგიერო გადაეხადა. ოსმალებმა ფულით ლეკებიც საქართველოზე აამხედრეს და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაღესტნელები, სამხრეთ-დასავლეთითგან ოსმალები ქვეყანას მოსვენებას არ აძლევდნენ და აოხრებდნენ... როდესაც სპარსეთის შაჰის მოადგილემ ქერიმხანმა „სცნა მეფის ირაკლისაგან რუსეთის იმპერიასა საფარველსა ქვეშე შესვლა, განძვინდა ამისათვის“ და საქართველოს წინააღმდეგ ჯარითურთ წამოვიდა. აი, რა მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთის მთავრობამ საქართველო თავისი სამხედრო გამარჯვების გულისათვის“324.

საქართველოსათვის ამ მავნე კამპანიას კიდევ უფრო სერიოზული შედეგი მოჰყვა - თურქეთმა მიიტაცა და ოსმალეთის იმპერიას უშუალოდ მიუერთა ქართული მიწა-წყალი - „ქვემო გურია“ - ქობულეთის მხარე. 1772 წლისათვის „საქართველოდან რუსეთის ჯარის გასვლას თურქთაგან გურიის სამთავროს ერთი ნაწილის - ქობულეთის მხარის მიტაცება მოჰყვა“325. ეს იყო რუსეთის ფოთზე წარუმატებელი შეტევისა და გურიის საშინაო საქმეებში რუსი გენერლების უხეში ჩარევის შედეგი. ზღვისპირეთში თავიანთი პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით თურქები გურიის დაპყრობას შეუდგნენ: „თურქები ქობულეთის მხარეში ციხისძირიდან შემოიჭრნენ. იმავე დროს გამაჰმადიანებულმა აჭარელმა ფეოდალებმა აჭარა-გურიის ქედი გადმოლახეს და ხინოს მხარე დაიკავეს. ხინოწმინდელი ეპისკოპოსი იოანე წუწუნავა იძულებული გახდა სამწყსო მიეტოვებინა და საჯავახოში გადასულიყო. მალე თურქებმა ქობულეთის მხარე დაიკავეს, დაარბიეს, ეკლესიების მეტი ნაწილი ააოხრეს და ამ მხარეში გაბატონდნენ... მაქსიმე თავდგირიძე გაამაჰმადიანეს, სულეიმანი უწოდეს და მოგვიანებით ქობულეთის მხარის გამგებლად (ბეგად) დანიშნეს... დამპყრობლებმა მაშინვე დაიწყეს ისლამის გავრცელება, ანუ, როგორც მაშინ ამბობდნენ, „გათათრება“, მაგრამ მოსახლეობის ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ... ქვემო გურია თურქებმა საბოლოოდ მხოლოდ XIX ს-ის პირველ ნახევარში დაიმორჩილეს. მანამდე ეს მხარე, სადაც ძალაუფლება გამაჰმადიანებულ ადგილობრივ ფეოდალთა ხელში დარჩა, არსებითად „უბატონო თემს“ წარმოადგენდა... ქობულეთის მხარის რამდენიმე სოფელი დიდხანს, XIX ს-ის 30-იან წლებამდე, ქრისტიანობას იცავდა და გურიის მთავრის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. მიწისმფლობელობის ქართული წესების მოშლა ქვემო გურიაში დამპყრობლებმა ვერ შეძლეს. მრავალი მოსახლე ფარულად ქრისტიანდებოდა“326.

ერეკლეს მიზანს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმისას მესხეთის შემოერთება და საქართველოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენა წარმოადგენდა, ამიტომაც რუსეთის გამო სასტიკად დაზარალებული ერეკლე ოსმალეთთან ხელშეკრულების დადებისას რუსეთის მთავრობას სთხოვდა, ხელშეკრულებაში ამ ტერიტორიის შესახებაც ყოფილიყო ნათქვამი, ამისათვის ელჩობაც გაგზავნა რუსეთში, მაგრამ 1774 წელს იმედგაცრუებული ელჩები უკან დაბრუნდნენ.

ქართველ მეფეს ისღა დარჩენოდა, შემოჯარულ მტრებს თვითონ გამკლავებოდა თავისი ძალებით. ამიტომაც მან 1773 წლისათვის „მორიგე ჯარი“ შექმნა, რომლის მეოხებითა და „დიდი დიპლომატიური ნიჭის წყალობით“ მტრები დაამშვიდა. მისი სამეფო გაძლიერდა, ისევე როგორც იმერეთის სამეფო, რომელსაც „ქრისტესათვის მრავალგზის სისხლდათხეული“ მეფე სოლომონ I მართავდა.

სოლომონი არ შეურიგდა თურქთა მიერ ქვემო გურიის მიტაცებას და მის გასათავისუფლებლად გაილაშქრა: „იმერეთ-გურიის ლაშქარმა ადვილად დაიკავა ქობულეთის მხარე, აიღო სიმაგრე და დაანგრია იგი. მეფის ბრძანებით, ქობულეთში ჩასახლებული უცხოელები გაჟლიტეს, ნაქალაქარი გადახნეს და იქ მარილი დათესეს, რომ ოსმალთა ეს საყრდენი ბუდე აღარ გაცოცხლებულიყო. ამის შემდეგ სოლომონ I-ის ლაშქარმა აღმოსავლეთიდან გვერდი აუარა ციხისძირის ძლიერ სიმაგრეს, ჩაქვის მხარეში შეიჭრა, იქიდან თურქები გარეკა და შემდეგ ბათომამდე მიაღწია“327. სამწუხაროდ, მტერმა უკან მობრუნებულ სოლომონს ციხისძირთან მწარე დამარცხება აგემა. ქვემო გურია კვლავ თურქებმა დაიკავეს და „გურიის ქრისტიანულ ნაწილსაც შეუტიეს. ამის შემდეგ, 1878 წლამდე, ქვემო გურია ოსმალთა ბატონობის ქვეშ გმინავდა“328. თუ რაოდენ დამღუპველი იყო ქართველთათვის ეროვნული სახელმწიფოებრიობის მოშლა, ეს ქვემო გურიის მაგალითიდანაც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იმყოფებოდა თურქთა ბატონობის ქვეშ, ამ მხარეში მაჰმადიანობა დამკვიდრდა და ძველი, მამაპაპეული სარწმუნოების, ქრისტიანობის აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა. გამაჰმადიანების შემდეგ ქვემო გურულებს მეზობელი მაჰმადიანური მხარის სახელწოდების მიხედვით და იმის გამოც, რომ მას აჭარელი წარმოშობის ბეგები მართავდნენ, აჭარლები უწოდეს.

სოლომონის გაძლიერებას ხელს უშლიდნენ დასავლეთ საქართველოს სეპარატისტი მთავრები, - განსაკუთრებით კი დადიანი. „იმერეთ-სამეგრელოს მორიგებას დიდად შეუშალა ხელი ტოტლებენმა, რომელმაც ერთმანეთს წაჰკიდა მეფე-მთავრები“329. მაგრამ 1776 წლისათვის დადიანსა და მეფეს შორის მორიგება მოხდა. „სოლომონის მოთხოვნით დადიანმა აკრძალა ტყვის ყიდვა და ხელი აიღო იმერეთის კათალიკოსისადმი ურჩობაზე“330. ასევე მოიქცა გურიელიც. „1776 წელს კვლავ გამთავრებულმა გიორგი V-მ საეკლესიო საქმეები მოაწესრიგა და ტყვის ყიდვა აკრძალა“331.

დასავლეთ საქართველოში ქრისტიანულ ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა. თუკი აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები და გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწეები იძულების გამო ზოგჯერ ტოვებდნენ ქრისტიანობას და მუსულმანდებოდნენ, დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართაგან თითქმის არავინ გამაჰმადიანებულა (აფხაზეთის მთავრის გამოკლებით) - ისინი მტკიცე ქრისტიანები იყვნენ. „მიუხედავად იმისა, რომ მთავრები XVIII ს-ის 70-იან წლებამდე (და ზოგ შემთხვევაში შემდეგაც) თავს სულთანის ვასალებად აღიარებდნენ, არც ერთი მთავარი, გარდა აფხაზეთის მთავრისა, არ გამაჰმადიანებულა. სულთანი იძულებული ხდებოდა ქართველთაგან აღებული ხარკით დაკმაყოფილებულიყო...“332.

საერთოდ კი, მეფის ხელისუფლების გაძლიერებისათვის ეკლესია დიდად ზრუნავდა: „დასავლეთ საქართველოს ეკლესიის უზენაესი საჭეთმპყრობელი - იმერეთის კათალიკოსი მეფის გვერდით იმყოფებოდა და რელიგიური თუ წმინდა ეკონომიკური მოსაზრებით მეფის მხარეზე იყო“333. ეს ასე იყო საზოგადოდ, რამდენადმე გამონაკლისია მაგალითი ბესარიონ კათალიკოსისა, რომელიც თავის ძმას, რაჭის ერისთავს, როსტომს, მიემხრო და ხელს უწყობდა მას მეფესთან ომისას. სოლომონმა ორივეს დამარცხება შეძლო. კათალიკოსი ბესარიონი ბიძა იყო დადიანისა, რომელმაც იგი შეიფარა და „სამეგრელოს კათალიკოსად“ გამოაცხადა. მაგრამ საბედნიეროდ მდგომარეობა ბესარიონის გარდაცვალებისთანავე გამოსწორდა.

სოლომონის უმთავრეს დამსახურებად ქრისტესათვის სამსახური ითვლებოდა. მას „ქვეყანასა ჩვენთა უსჯულოთა მაჰმადიანთა ძირითურთ აღმომფხვრელი და ქრისტესათვის მრავალგზის სისხლდათხეული, იმერთა მეორე აღმაშენებელი“ ეწოდა სოლომონ II-ის მიერ. სოლომონ I-მა თავის სამეფოდან განდევნა „ბილწი მაჰმადიანნი და იწვადა ხმალი მისი ძლიერი ზურგთა მათ ზედა და შეღება მიწა საძაგითა სისხლითა მათითა და გარდააგდო ტყვეთა სყიდვა... განაშვენა სამღვდელონი, აღაყვავა ეკლესიანი ყოველნი“334.

რადგანაც „აღდგომის“ პროგრამის განხორციელება (ისტორიული საზღვრის აღდგენა - სამცხე-საათაბაგოს დაბრუნება) ერეკლემ რუსეთის დახმარებით ვერ შეძლო, შეეცადა ოსმალეთის მფარველობის აღიარებით განეხორციელებინა ის. 1776 წელს ერეკლეს წარმომადგენელი სტამბოლში ჩასულა: „ერეკლე ახლა ოსმალეთის მფარველობის აღიარების გზით ფიქრობდა სამცხე-საათაბაგოს დაბრუნებას... ახალციხელი ფაშა მაშინ ერეკლესადმი მორჩილების გზით ფიქრობდა სულთანის ყმობისაგან განთავისუფლებას. რაც შეეხება თურქეთს, იგი სიამოვნებით შეხვედრია ერეკლეს ინიციატივას...“335. მართალია, ეს გეგმა არ განხორციელდა, მაგრამ, როგორც აქედან ჩანს, ქართველი პოლიტიკოსებისათვის ამ პერიოდში უმთავრესი ზრუნვის საგანს საქართველოს ისტორიულ საზღვრებში აღდგენა წარმოადგენდა... ეს მიზანი იყო განმსაზღვრელი საგარეო პოლიტიკის ორიენტაციისა.

1776-79 წლებში ერეკლეს სახელმწიფომ დიდ წარმატებას მიაღწია, მისი გავლენის საზღვარი, როგორც აღინიშნა, არაქსზე გადიოდა. „XIX ს-ის თურქეთის ოფიციალური ისტორიოგრაფია თვლიდა, რომ ქართველმა მეფემ 1783 წ-ს რუსეთის მფარველობის მიღებით „დაანგრია საკუთარი ხელისუფლების საფუძველი“. რუსეთმა ერეკლე მოატყუა და ქართლ-კახეთის სრული დაპყრობისათვის ემზადებოდა“... ძლიერმა რუსეთმა კავკასიონის მთაგრეხილი უომრად გადმოლახა, უშუალოდ დაუმეზობლდა სულთანის სამფლობელოებს და მას საქართველოდან „მეორე ფრონტი“ გაუხსნა...“336.

„ტრაქტატის“ დადებისას ქართველ პოლიტიკოსთა მიზანი უპირველესად საქართველოს „აღდგომა“ და მიღწეული წარმატებების განმტკიცება იყო. ხოლო რუსეთის საბოლოო მიზანს საქართველოს გავლით კონსტანტინეპოლისა და სრუტეების აღება და სპარსეთის დამორჩილება წარმოადგენდა. „...იმპერიის დიპლომატები აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან ირანელთა განდევნაზე ფიქრობდნენ და ემზადებოდნენ იმისათვის, რომ თურქეთის წინააღმდეგაც გადამწყვეტი შეტევა დაეწყოთ - დაეპყროთ კონსტანტინეპოლი და სრუტეები“337. მეორე მხრივ, „რუსეთს უკვე 1778 წლითგან მოყოლებული საიდუმლო გეგმა ჰქონდა სპარსეთის შესახებ და ამის სამზადისში იყო“338.

ქართული სახელმწიფოს მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. რუსთა ორი ბატალიონის დახმარება ვერაფრით ამსუბუქებდა მის მდგომარეობას... ქართლ-კახეთს უკვე ლეკ-ოსმალთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი უტევდა. მათ წინააღმდეგ ახლა ქართველები და რუსები ერთად გამოდიოდნენ, ერთობლივი ბრძოლა 1784-1785 წლებში მეტ-ნაკლებად წარმატებით მიმდინარეობდა. ქართლ-კახეთის მსხვერპლი კი ამ ბრძოლაში განუზომელი იყო339.

„XVIII ს-ის 40-იანი წლებიდან ვიდრე დღემდე (1785 წ. ნოემბერი) ამისთანა განსაცდელში საქართველო არ ყოფილა“, - სწერდა გარსევან ჭავჭავაძე გ. პოტიომკინს... „საქართველო უკიდურესად ნადგურდება - წერდა ბურნაშოვი - იმის გამო, რომ გზებზე გამოსვლა საშიშია, ვაჭრობა მთლად შეწყდა, პურის მოყვანა შეფერხებულია, რადგან მოსახლეობას სახელმწიფო თუ სამხედრო სამსახურში იწვევენ და სოფლები დაცარიელებულია...“340.

ქვეყნის უბედურების წყაროდ მიიჩნეოდა ტრაქტატი და რუსთა ჯარის ყოფნა საქართველოში. ერეკლესაც ასევე მიაჩნდა. ის ელჩს წერდა: „ნუ ათქმევინებ ვისმე ამასა... რუსეთის შეერთების მიზეზით მოუშველებლობით დაიქცა საქართველო“341.

რუსეთმა გაიყვანა თავისი ჯარი საქართველოდან, მოხდა გასაოცარი რამ, ქართული სახელმწიფო უფრო გაძლიერდა, ერეკლემ განჯის სახანოზე ბატონობა აღიდგინა და სამხრეთ აზერბაიჯანის დასამორჩილებლად იწყო ქმედება. ქართულმა სახელმწიფომ ძველი მდგომარეობა აღიდგინა და 1790 წლისათვის საქართველოს მეფე-მთავართა შორის კავშირიც დაიდო. ქვეყნის გაერთიანება „აღდგომის“ პროგრამის უმთავრესი ნაწილი იყო. ამ დროისათვის ირანში აღა-მაჰმად-ხანი გაძლიერდა. მან 1791 წელს აზერბაიჯანი დაიმორჩილა. „ჯერი შემდეგ ყარაბაღისა და ერევნის ხანებზე მიდგა. ორთავემ აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნილება უარყო. ერევნის ხანმა იბრაჰიმმა თანაც შეუთვალა, რომ ის საქართველოს მეფის, ერეკლე II-ის, სრულს მორჩილებაშია და სწორედ ამიტომ, არ შეუძლია აღა-მაჰმად-ხანის მოთხოვნილება შეასრულოს. ამ უკანასკნელს გადაწყვეტილი ჰქონდა, ორივე ხანი ძალით დაემორჩილებინა. ასეთ მდგომარეობაში სრულებით ბუნებრივი იყო, რომ ერეკლე მეფეს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის მოლოდინი ჰქონოდა. რუსეთის მთავრობამ ყველა ეს ამბავი მშვენივრად იცოდა, მაგრამ არავითარ ყურადღებას არ აქცევდა იმ საფრთხეს, რომელიც მის ერთგულს მოკავშირეს, პატარა საქართველოს სპარსეთისაგან მოელოდა“342.

ერეკლემ მრავალგზის შეახსენა 1783 წლის ტრაქტატი, მაგრამ რუსეთისაგან არათუ დახმარება მიიღო, არამედ ჩრდილო კავკასიაში განლაგებული რუსთა ჯარის სარდალმა ნებსით თუ უნებლიეთ შაჰს შეატყობინა, რომ რუსეთი საქართველოს დასაცავად ჯარის გაგზავნას არ აპირებდა. ამით ხელგახსნილი და დაიმედებული შაჰი 1795 წელს საქართველოს შემოესია. „ერეკლე მეორის შვილისშვილების ცნობით, აღა-მაჰმად-ხანი წინა კავკასიაში განლაგებულ რუსთა ჯარის სარდალს გენერალ გუდოვიჩს დიდძალ საჩუქრებს უგზავნიდა და ამიტომ მას რუსთა მაშველი ჯარი არ გამოუგზავნაო... გუდოვიჩის უტაქტობა და ფულხარბობა საქართველოსათვის იმ საბედისწერო მომენტში ხელს უწყობდა აღა-მაჰმად ხანს ადვილად დარწმუნებულიყო იმაში, რომ რუსთა მაშველ ჯარს არ აგზავნიდნენ“343.

1795 წლის სექტემბერში რუსთა უმოქმედობით დაიმედებული შაჰი თბილისისკენ დაიძრა. „აღა-მაჰმად-ხანის მხარეზე გადავიდნენ ერეკლეთი უკმაყოფილო ყარაბაღელი სომეხი მელიქები - მეჯლუმი და ჰაბოვი, მალე ერევნის ხანმაც ქედი მოუხარა დამპყრობელს, ხოლო სომეხთა კათალიკოსმა დიდძალი თანხის გაღებით (100 000 მან.) „იყიდა“ მშვიდობა.

მტერმა თბილისის მისადგომებთან ერეკლე დაამარცხა, ორი დღის შემდეგ დედაქალაქი აიღო, გაძარცვა და გადაწვა. „აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ ისე გაანადგურა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო, რომ 61 000 კომლიდან, რომელიც შემოსევამდე, მაგალითად, თუნდაც 1783 წელს იყო, 1795 წლის შემოსევის შემდეგ 35 000 კომლი ძლივსღა იქნებოდა დარჩენილი. სიბერის დროს ძლიერი „მფარველ“ მოკავშირის მიერ მოტყუებული, ამ პირველ თავზე დამტყდარ საშინელი უბედურებით გულგატეხილი, ოთხმოცი წლის მოხუცი მეფე იძულებული იყო მწუხარებით და სასოწარკვეთილებით აღსავსე ანანურის მონასტერში შეხიზნულიყო“344.

ამის შემდეგ სპარსეთის შაჰმა ერეკლეს შეატყობინა, რომ თუ რუსეთის მოკავშირეობაზე ხელს აიღებდა და მოკავშირეობის ხელშეკრულებას სპარსეთთან დადებდა, მის ყველა უფლებას სცნობდა, ტყვეებს გაათავისუფლებდა და თბილისსაც აღადგენდა, მაგრამ ერეკლემ ეს არ ინება. თავის მხრივ ოსმალეთმაც ერთი მილიონი მანეთი შესთავაზა სესხის სახით მეფე ერეკლეს, მაგრამ კავშირის დამყარება მან არც ოსმალეთთან მოისურვა.

1796 წელს რუსეთმა სპარსეთს ომი გამოუცხადა და საქართველოს დასაცავად ჯარი შემოიყვანა, რომელიც იმავე წელს უკან დააბრუნა. საქართველო კი სპარსეთთან ომის მდგომარეობაში მიატოვა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, თუ რანაირად თავზარდაცემული უნდა ყოფილიყო საქართველო და ერეკლე მეფე, სხვა ხანებიც, რომელნიც სპარსეთის ამ ლაშქრობაში რუსეთთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ, როდესაც რუსეთის მთავრობის უპირობამ ამ შემთხვევაშიც თავი იჩინა. აღა-მაჰმად-ხანი კი სიხარულით ცას ეწეოდა...345. მალე მან საქართველოსაკენაც დაძრა თავისი ჯარი, მაგრამ საბედნიეროდ შუშაში მოკლეს. ამ განსაცდელშიც კი, 1797 წლისათვის, რუსეთმა საქართველოდან თავისი ისედაც მცირერიცხოვანი ჯარის უკანასკნელი ნაწილიც კი გაიყვანა, საქართველოს სახელმწიფოს მდგომარეობა სასტიკად გაუარესდა. 1798 წელს გარდაცვლილი ერეკლეს ნაცვლად ტახტზე ასულ ავადმყოფ გიორგი XIII-ს რუსეთის წარმომადგენლებმა აუხსნეს, რომ რუსეთი თავის ჯარს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაშველებდა, თუკი ის „შეერთების“ თხოვნას ხელს მოაწერდა.

1799 წელს საქართველოში რუსეთის ჯარი შემოვიდა, რომელიც საქართველოდან 1918 წლამდე აღარ გასულა. ქართველთა წადილი „უფრო ძლიერი და მტკიცე საქართველოს“ შესაქმნელად ორიათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობით დასრულდა.

  304 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 679; 305 იქვე, გვ. 687; 306 გ. მაისურაძე, საინტერესო წიგნი XVIII ს. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, „მნათობი“, №5, 1990, გვ. 172; 307 იქვე, გვ. 171; 308 ივ. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, 1919, გვ. 52; 309 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 630; 310 იქვე, გვ. 632; 311 იქვე, გვ. 682; 312 იქვე, გვ. 683; 313 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, IV, გვ. 169; 314 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 684; 315 იქვე, გვ. 684; 316 იქვე, გვ. 684; 317 იქვე, გვ. 686; 318 ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 16; 319 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 660; 320 იქვე, გვ. 654; 321 ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 18; 322 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 655; 323 ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 19; 324 იქვე, გვ. 20; 325 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 658; 326 იქვე, გვ. 660; 327 იქვე, გვ. 669; 328 იქვე, გვ. 669; 329 იქვე, გვ. 675; 330 იქვე, გვ. 675; 331 იქვე, გვ. 676; 332 იქვე, გვ. 673; 333 იქვე, გვ. 673; 334 იქვე, გვ. 670; 335 იქვე, გვ. 680; 336 იქვე, გვ. 626; 337 იქვე, გვ. 694; 338 ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 23; 339 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 700; 340 იქვე, გვ. 705; 341 იქვე, გვ. 707; 342 ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 39; 343 საქ. ისტ. ნარკვ., IV, გვ. 759; 344 ივ. ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 42; 345 იქვე, გვ. 48.

2 მიტროპოლიტი ანანია

▲ზევით დაბრუნება



მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ოფიციალური სახელი: თენგიზ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი: 20 აგვისტო, 1949  (70 წლის)
კატეგორია: მეცნიერი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტი 1974 წელს.

1979 წელს აღიკვეცა ბერად, კურთხეულ იქნა მღვდლად და თბილისის წმ. სამების ტაძრის წინამძღვრად. 1980 წელს მიენიჭა იღუმენის, 1981 წელს- არქიმანდრიტის ხარისხი. 1981 წელს აკურთხეს ეპისკოპოსად და დაინიშნა ნიკორწმინდის ეპარქიის მმართველად. 1982-1992წწ. მართავდა სამცხე-ჯავახეთის ეპარქიას; 1988-1992წწ. იყო საფინანსო განყოფილების თავჯდომარე; 1983-1992წწ. ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი; 1990-1992წწ. ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი; 1992-1996წწ. მანგლისის ეპისკოპოსი; 1996-2002წწ. მთავარეპისკოპოსი; 2002-2007წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის და 2007 წლიდან-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის-გამგე. 2002 წლიდან არის მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი. არის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1999) და დოქტორი, პროფესორი-2003 წლიდან. 

ბიბლიოგრაფია