The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გრანელი ტერენტი


გრანელი ტერენტი



ფერისცვალება

ლექსები ფერისცვალებაზე

ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ესაა სახარებებში აღწერილი ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენა. როცა მოწაფეებმა ქრისტესგან გაიგეს მისი მოახლოებული ვნებისა და სიკვდილის შესახებ და დაიწყეს შეპასუხება, მაშინ უფალმა გაკიცხა ისინი და პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა „მაღალ მთაზე“ (გადმოცემით, თაბორის მთაზე) „და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად“:

„და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მისთანა, და თანაზრახვიდეს. მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, კეთილ არს ჩუენ და აქა ყოფაჲ. და, თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ აგრილობდა მათ, და აჰა ხმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელიმე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ. და ესმა რაჲ ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსა ზედა თვისსა და შეეშინა ფრიად. და მოუხდა მათ იესუ, შეახო ხელი და ჰრქუა: აღდეგით და ნუ გეშინინ! და აღ-რაჲ-იხილნეს თუ ალნი მათნი, არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მარტოჲ. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს იგინი მიერ მთით, ამ ცნო მათ იესუ და ჰრქუა: ნუვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრემდის ძე კაცი საჲმკუდრეთით აღდგეს“ (მათე, 17:1-9).

თვით ფერისცვალების მომენტში მოციქულებმა დაინახეს ღვთის სასუფევლის დიდება, დიდებულად გაცხადებული ქრისტეში; ჯერ კიდევ მის ჯვარცმამდე დაინახეს, რომ ჭეშმარიტად „მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ხორციელად“ (კოლას. 2:9), რათა შემდგომში იცნონ მის აღდგომაში, ვინ არის იგი, მათთვის ვნებული, რა განუმზადა მან – ღმერთმა, მის მოყვარულთ.

„მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთის მშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შე და“ (ტროპარი).

„მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რა ჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულის ხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა“ (კონდაკი).

ქრისტეს ცხოვრებასა და მისიაში ფერისცვალების ძირითადი არსისა და ღვთის მოვლენილი დიდების თემის გარდა, ფერისცვალების დღესასწაულის გასაგებად, ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენაში მოსესა და ელიას მონაწილეობას. დღესასწაულის ბევრი საგალობელი მიუთითებს ძველი აღთქმის ამ დიდ წინასწარმეტყველებზე, ასევე, მწუხრზე იკითხება ძველი აღთქმის სამი მონაკვეთი, რომლებშიც საუბარია მათთვის ღვთის დიდების გაცხადებაზე.

მოსე და ელია არიან არა მხოლოდ უდიდესი წმინდანები, რომ ლებიც მოვიდნენ ღვთის ძისათვის დიდებაში, არიან არა მარტო მართლები, რომელთაც ღმერთმა თავი გამოუცხადა, არამედ ორივე მათგანი წარმოადგენს მთელ ძველ აღთქმას: მოსე – სჯულს, ელია კი – წინასწარმეტყველებს. ქრისტე კი, როგორც ვიცით, არის აღსრულება როგორც სჯულის, ისე წინასწარმეტყველებისა (მათე, 5:17). ისინი, ასევე, წარმოადგენენ ყველა ცოცხალსა და მიცვალებულს, რადგან მოსე მოკვდა და ცნობილია მისი დასაფლავების ადგილი, ელია კი ცოცხლად იქნა აყვანილი ზეცად, რათა ისევ მოვლენილ იქნას და აუწყოს ხსნა ღვთისგან ქრისტე-მესიაში.

ამგვარად, ფერისცვალების მთაზე იესო ქრისტეს წინაშე წარდგომით მოსე და ელია აჩვენებენ, რომ ქრისტე არის მაცხოვარი, ძე ღვთისა, და რომ ეს დამოწმებულ იქნა მამა ღმერთისაგან, მთელი ქმნილების, ძველი და ახალი აღთქმის, ცოცხალთა და მკვდართა მეუფის მიერ.

ქრისტეს ფერისცვალება, ასევე, გვიცხადებს როგორც ჩვენი, ისე ყველა ადამიანისა და მთელი ქმნილების ცხოვრების არსს – გარდავიქმნათ და განვდიდდეთ თვით ღმერთის დიდებით.

ქრისტეს ფერისცვალება, დიდი ალბათობით, მოხდა ებრაული დღესასწაულის – კარვობის დროს (როცა მოიგონებოდა ღმერთის ადამიანებთან ყოფნა) და ამიტომ ის, ასევე, იქცა ძველი აღთქმის დღესასწაულის ახალ აღთქმისეულ აღსრულებად, როგორც აღდგომა და სულთმოფენობა. ისტორიულად დადგენილია, რომ თავდაპირველად ფერისცვალება მიეკუთვებოდა წინასააღდგომო პერიოდს და აღინიშნებოდა, სავარაუდოდ, დიდმარხვის ერთ-ერთ კვირა დღეს. დღეს იგი აღინიშნება 6/19 აგვისტოს და ზაფხულის დრო მას კიდევ ერთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. ამ დღეს ყურძნისა და სხვა ხილ-ბოსტნეულის კურთხევა არის სიმბოლო მთელი ქმნილების საბოლოო აყვავებისა ღვთის სასუფევლის დაუსრულებელი ცხოვრების სამოთხეში.

1 პოეზია (არა მხოლოდ „ფერისცვალებაზე")

▲ზევით დაბრუნება


1.1 თაბორის მთა/წერედიანი დავით

▲ზევით დაბრუნება


თაბორის მთა

გასწი, იარე,
ნურას ეჭვობ,
უქმეა ზრახვა,
ზღაპარმა შენმა
თავად იცის,
რა მხარეს წახვალ,
უფლის პერანგზე
დათვლილია ყოველი ღილი...

1.2 ფერისცვალება/გონაშვილი მაყვალა

▲ზევით დაბრუნება


გონაშვილი მაყვალა

ფერისცვალება

გონაშვილი მაყვალა ფერიცვალება
ეძებდნენ ერთ-ურთს, ვით გამართლებას,
ღმერთი და კაცი, კაცი და ღმერთი,
მე კი დაჭრილი ფრთები მეჭირა,
თქვენ რომ მარაო გეგონათ თეთრი.

მე არც კი მახსოვს, როგორ შემაჭრეს
ფრთები და ზეცის კარი დამიხშვეს,
ჯერ ამიხილეს თვალები, მერე
ზეცის ეკლიან მკერდზე გამიშვეს.

და მიწა, როგორც დაღლილი კაცი,
ჩემგან ითხოვდა შველას და ალერსს,
ხან მიწყრებოდა სულ უმიზეზოდ,
ხან მპირდებოდა ზურმუხტს და ლალებს.

ეჭვიანობდა უზომოდ ქარზე,
ხანაც მიგებდა ფეხთ იის ნოხებს,
მე ვიცი, თუკი ერთხელ დავეცი
ანდა დავხარბდი, გულს მოიოხებს.

ზეცა ხარხარით და მუქ-ლურჯ თაღებს
შეზარავს ჩემი ქალთან მსგავსება,
მუხლი სუსტი და თვალები ხარბი
და წამიერი ვნებით ავსება.

ნუთუ არ იცის ცამ ყოვლისმცოდნემ
ფერიცვალება რისი ბრალია,
რომ ფრთებდაჭრილი და თვალხილული
თვით ანგელოსიც სუსტი ქალია.

ეძებდნენ ერთ-ურთს, ვით გამართლება
ღმერთი და კაცი, კაცი და ღმერთი,
მე კი დაჭრილი ფრთები მეჭირა,
თქვენ რომ მარაო გეგონათ თეთრი.

1.3 ფერისცვალება/შალამბერიზე ნანა

▲ზევით დაბრუნება


შალამბერიზე ნანა

ფერისცვალება

დადუმებულან ნირწამხდარი სალოცავები,
ფიქრებს ებრძვიან თავდახრილები,
ეშმას ხარხარი მათს საძირკველს აზანზარებს და
თითქოს ეს არ კმარა, მათი კედლების ცდილობს დაბზარვას.
ო, რა მძიმეა, გაერიდო ღვთსმშობელის იდუმალ სევდას -
ნუთუ ამაოდ ევნო მისი პირმშო ჩვენი ცოდვების გამო...
რატომ არ უჩანს განსაცდელს ბოლო,
კაცთა მოდგმის ბოროტება კვლავ რად ნავარდობს?
ეს ბორკილები როგორ ჩაჯდა სისხლსა და ხორცში?
რომ ვერ ვიშორებთ, ოცდაათ ვერცხლს რომ ვხარბდებით ხოლმე
და ყველაფერზე ვხუჭავთ თვალებს.
ყურს რად არ ვუგდებთ, თუ ვეღარ ვხვდებით, რად ბორგავს წყალი,
რატომ მოანგრევს კალაპოტს და ან რატომ ბღავის?
მეტი გონი და მეტი ფიქრი ვალია ჩვენი, ვიდრე ზემოდან სისხლის წვიმა მოსულა ღვარად,
ვიდრემდე მიწა, ქანცგაცლილი, ჩაიძირება მის მორევში და წყლად იქცევა...
უარი ვერცხლს და უარი ფარჩას!
სიძულვილსა და ბოროტებას ვუთხრათ უარი!
უარი სისხლს და უარი ნგრევას!
სული შთავბეროთ და გზა მივცეთ იმ კეთილ გრძნობებს,
რომელთაც ჩვენში ღრმა ძილით სძინავთ!
ვთესოთ სიკეთე და სიყვარული, ავაგუგუნოთ სიხარულით მშვიდობის ჰიმნი,
რომ ლუციფერი, დაზაფრული, ქვესკნელს ჩავკიროთ და რომ პლანეტა- დედამიწამ ბრუნვა შეიძლოს!

1.4 ფერისცვალების ღამეა.../სალუქვაძე მამუკა

▲ზევით დაბრუნება


სალუქვაძე მამუკა

ფერისცვალების ღამეა...

ფერიცვალება ღამეა,
ცაზე მთვარეა ნაკლული,
მიცვალებულთა სახელზე
შავი ხარია დაკლული.
ჩამოსხდებიან ბებრები,
წარსულის ამბებს ჰყვებიან,
დაჰვიწყებიათ სიკვდილი,
სიკვდილსაც დაჰვიწყებიან.

1.5 ფერისცვალება/კილასონია ნაზი

▲ზევით დაბრუნება


კილასონია ნაზი

ფერისცვალება

ხილის სიმწიფით დამდნარი
ფერისცვალობა დამდგარა.
გზებმა ხევიხევ მატარა,
წაღულა გადამატარა.
სადაც ბექია მაღალი,
იქ იცის მწიფე მაყვალი,
იქ იცის მწიფე მაყვალი
შავდალალგადანაყარი.
მაგრამ სადა ხარ, შავთვალავ,
სიცოცხლე დასაფიცარო,
ფერისცვალობა დამდგარა
და ფერი უნდა ვიცვალო.
ანწლით შეკრულო თაღებო.
წყალს ფეხშიშველა მოვყვები,
მაყვალით უნდა დავღებო
ეს მზედაკრული ლოყები.
შენ კი სადა ხარ, შავთვალავ,
შე თვალებდასაფიცარო...
ფერისცვალობა დამდგარა
და ფერი უნდა ვიცვალო.

1.6 ფერისცვალებას გილოცავთ!/კოზმანიშვილი მარიამ

▲ზევით დაბრუნება


კოზმანიშვილი მარიამ

ფერისცვალებას გილოცავთ

უფალო, ფერი უცვალე ჩემს სულს,
უფალო, მომეც ნიჭი სიკეთის,
მასწავლე " მას სურს" და არა -" მე მსურს",
დამიმეგობრე, ვისაც ვიკვეთდი...
უფალო, ნათლის სხივად გარდამქმენ,
გული მზესავით ენთოს, იწვოდეს...
სულ ვიფუსფუსო, როგორც არაქნემ,
სითბოს ვთესავდე სწორედ მზისოდენს...
უფალო, მასაც უცვალე ფერი,
ვის სულშიც ბოღმის ფუთფუთებს მახრა,
მას, ვინც ტკივილებს ლექსებად მღერის,
ვისაც მეგობრად ცრემლები ახლავს...
ფერისცვალების ფარავდეს მადლი
ამერს და იმერს, ნაცნობს და უცნობს,
მატარე ცისკენ ბალახის სანდლით
იქამდე, სადაც ბრმა სული სულს სცნობს.

1.7 ფერისცვალება/სამადაშვილი ნიკო

▲ზევით დაბრუნება


სამადაშვილი ნიკო

ფერისცვალება

მარტო უზიხარ საწერ მაგიდას,
გული არ გერჩის რამე დაწერო.
გარეთ ბინდია _ ქარის მაგივრად
და ზარი კივის საბედისწეროდ.

ზიხარ მარტოკა, უცქერი კედლებს,
გარეთ ცა ელავს, თან წვიმებია _
მაღლა ვეღარ სწევ ჩაქნეულ ხელებს,
ტირილიც ვეღარ გიწამებია.

გატეხილ სარკეს, დამსხვრეულ საათს
დრო არ დაგიდევს, დრო მაინც მიდის,
რა ეშველება დაღუპულ ადათს,
ან ასე მწარედ გარეცხილ სინდისს.

შენი თვალები ლაჟვარდებს ნთქავდა,
სადღაც მისდევდი სივრცეთა მზვარეს,
ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი
სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს.

ახლა იმ თვალებს ფხიზელი ხუჭავ,
შენი გაჩენა, ღმერთო, რა იყო!
რა სიყმაწვილე წავიდა ფუჭად.
წყალმა რამდენი თრთოლვა წაიღო!

ჩუმად იცვლები აჭრილ სისხლისგან,
გადასჭვევიხარ ლანდებთან ბაასს,
გზებზე სუყველას ჩაუწიხლიხარ,
უმზერი კედლებს, უცქერი საათს.

გარინდებაღა დაგრჩა წვალებად,
თითქოს ანდერძიც გიდნება ხელში.
ასე თავდება ცის ელვარება,
ასე ღამდება ერთ სიცოცხლეში.

1.8 ფერისცვალება /ჩხენკელი თამაზ

▲ზევით დაბრუნება


ჩხენკელი თამაზ

ფერისცვალება

ჩემი ხორხოცი, ყეფა, სიცილი
მე გავიხადე როგორც სამოსი,
მე გავიხადე და მივიძინე
თავმიდებულმა ყრუ საღამოზე.

და დამესიზმრა: ცხადის ნაპირზე
პატრონის წასვლას ჰყეფდა ფინია,
და ვიცინოდი ჩემს ჩანაფიქრზე
ისე რომ არც კი გამიცინია.

არ მეშინოდა ფერის გამოცვლის,
არ ვწუხდი - რატომ ვარ-თქო მძინარე
და ვჭვრეტდი ჩემი ყოფა სამოსი
როგორ მიჰქონდა უღრმეს მდინარეს.

1.9 ფერისცვალება/გრანელი ტერენტი

▲ზევით დაბრუნება


გრანელი ტერენტი

ფერისცვალება

მარტო უზიხარ საწერ მაგიდას,
გული არ გერჩის რამე დაწერო.
გარეთ ბინდია - ქარის მაგივრად
და ზარი კივის საბედისწეროდ.

ზიხარ მარტოკა, უცქერი კედლებს,
გარეთ ცა ელავს, თან წვიმებია _
მაღლა ვეღარ სწევ ჩაქნეულ ხელებს,
ტირილიც ვეღარ გიწამებია.

გატეხილ სარკეს, დამსხვრეულ საათს
დრო არ დაგიდევს, დრო მაინც მიდის,
რა ეშველება დაღუპულ ადათს,
ან ასე მწარედ გარეცხილ სინდისს.

შენი თვალები ლაჟვარდებს ნთქავდა,
სადღაც მისდევდი სივრცეთა მზვარეს,
ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი
სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს.