The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის

ინიციატივა: გადადგი

ნაბიჯი ევროპისკენ

12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის

მოცემული გეგმა წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელება შესაძლებელია 2022 წლის ბოლომდე, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.

სამოქმედო გეგმა შეიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების აბსოლუტურ მინიმუმს, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.


ნაბიჯი 1

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით   პარლამენტში ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებაში შემოთავაზებული იყო, რომ:

i) პარლამენტში, 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავონ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა. ამ ხუთ კომიტეტს შორის, ორი სავალდებულოდ უნდა იყოს საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები. დანარჩენი სამი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება, განისაზღვრება ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეთანხმებით.

ii) ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი იქნება.

პარლამენტმა ცვლილებები უნდა შეიტანოს პარლამენტის რეგლამენტში.

შენიშვნა: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის წარდგენაც დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი პარლამენტისათვის.

  ინიცირება: დეპუტატს, კომიტეტს ან ფრაქციას შეუძლია დააინიციროს კანონპროექტი პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.

საჭირო ხმების რაოდენობა: უბრალო უმრავლესობა (76 ხმა) პარლამენტის სრული შემადგენლობის (150). ქართულ ოცნებას ჰყავს 81 დეპუტატი.

ვადა: კანონპროექტი მიღებული უნდა იყოს სამი მოსმენით: სტანდარტული წესით 6 კვირაში, ხოლო დაჩქარებული წესით ერთ კვირაში

 

ნაბიჯი 2

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა;  

1. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება - შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საჭიროა კიდევ ორი მოსმენა საბოლოო დამტკიცებისთვის.

2. 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღება:

i) ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და პროფესიული წევრების არჩევის ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმი იქმნება შემდეგნაირად:

1. პირველი ორი მცდელობა საჭიროებს ორი მესამედის უმრავლესობას. მესამე მცდელობა - სამი მეხუთედის უმრავლესობას. შემდგომი მცდელობა - უბრალო უმრავლესობას.

2. კენჭისყრა არ უნდა ჩატარდეს, თუ წინა კენჭისყრიდან სულ მცირე 4 კვირა არ არის გასული

3. ნებისმიერი დანიშვნა განხორციელებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის მექანიზმით (ორ მესამედზე ნაკლებით) უნდა იყოს დროებითი, შეზღუდული ექვსი თვის ვადით, რომლის განმავლობაშიც ხელახლა უნდა დაიწყოს დანიშვნის სტანდარტული პროცედურა.

ii) ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ისინი არ შეინარჩუნებენ მოვალეობის შემსრულებელ თანამდებობებს ახალი წევრების დანიშვნამდე და თანამდებობას დატოვებენ.

შენიშვნა: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივა და მისი წარდგენა პარლამენტში უმოკლეს ვადაშია შესაძლებელი.

  1. კანონპროექტის დარჩენილი ორი მოსმენა შესაძლოა ჩატარდეს ოთხი კვირის მანძილზე (ორი საკომიტეტო მოსმენა და ორი პლენარული მოსმენა). რიგგარშე სესიის მოწვევის შემთხვევაში შესაძლებელია პროცესი დასრულდეს

2 კვირაშიც. მისაღებად საჭიროებს პარლამენტის სრული შემადგენლობის (150) 3/4-ის (113 ხმა) მხარდაჭერას. ქართულ ოცნებას ჰყავს 81 დეპუტატი. 2. ინიცირება: საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის ინიცირება შეუძლია დეპუტატს, კომიტეტს, ფრაქციას, საქართველოს მთავრობას და 25000 ამომრჩეველს.

საჭირო მხარდაჭერა: უბრალო უმრავლესობა (76 ხმა) პარლამენტის მთლიანი შემადგენლობის(150). ქართულ ოცნებას ჰყავს 81 დეპუტატი.

ვადა: კანონპროექტი უნდა იქნას მიღებული სამი მოსმენით: სტანდარტული წესით 6 კვირაში და დაჩქარებული წესით 1 კვირაში.

 

ნაბიჯი 3

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით;   1. სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება - სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ინკლუზიურ და მრავალპარტიულ ფორმატში, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით. სასამართლო რეფორმის სტრატეგია უნდა დამტკიცდეს ყველა აქტორის, მათ შორის სახალხო დამცველის, ფართო მხარდაჭერით.

2. განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა

i) მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ორმაგი 2/3-ის საფუძველზე (ამ პრინციპის მიხედვით, გადაწყვეტილება საჭიროებს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობას).

 ii) პოლიტიკურ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებაც. უნდა დაინერგოს “ორმხრივი” (საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის თანხმობით) დანიშვნის პრინციპი, ან დადგინდეს პარლამენტის სრული შემადგენლობის მაღალი კვორუმი- ⅗. ეს გამორიცხავს უზენაესი სასამართლოს ფორმირებას ოპოზიციის თანხმობის გარეშე.

შენიშვნა: რეფორმა საჭიროებს ცვლილებას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში.

3. დაინიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები - მომდევნო სესიაზე პარლამენტმა ხუთი არამოსამართლე წევრი უნდა აირჩიოს. კანდიდატი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური. საბჭოში უნდა დაინიშნოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატები, რომელთა თაობაზეც პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსი იქნება. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს საბჭოში, შექმნის ახალ სიმძიმის ცენტრს ხუთი დამოუკიდებელი წევრით.

4. შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები.

i) არაფორმალური მმართველობის (“კლანური მმართველობის”) შეფასებისთვის უნდა შეიქმნას მრავალპარტიული საპარლამენტო კომისია, რომლის საფუძველზეც პარლამენტი მიიღებს დადგენილებას სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

ii) მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეაფასებს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალური გავლენების პრობლემას, შესაძლოა საჭირო გახდეს სასამართლოს სისტემური განახლება, მათ შორის, თანამდებობასთან შესაბამისობის ხელახალი შემოწმება.

5. გენერალური პროკურორის დანიშვნის წესში ცვლილების შეტანა - 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს. გენერალური პროკურორი უნდა დანიშნოს პარლამენტმა ხმების ⅗ უმრავლესობით.

შენიშვნა: პარლამენტში უკვე ინიცირებულ ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება

შენიშვნა: საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესაბამისი პროექტი უკვე ინიცირებულია, თუმცა კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.

  1. შეიძლება სრულად ამოქმედდეს ერთ თვეში. ეს პროცესი არ საჭიროებს ოფიციალურ პროცედურებს. ქართულმა ოცნებამ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და შექმნას სპეციალური ინკლუზიური ფორმატი სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

2. ინიცირება: კანონპროექტის ინიცირება შეუძლია მთავრობას, პარლამენტის წევრს, პარლამენტის კომიტეტს, პარლამენტის ფრაქციას და 25000 ამომრჩეველს.

საჭირო მხარდაჭერა: პარლამენტის სრული შემადგენლობის (150) უმრავლესობა (76 ხმა). პარლამენტში ქართულ ოცნებას 81 წევრი ჰყავს.

ვადა: კანონპროექტს დასჭირდება 3 მოსმენა, სტანდარტული პროცედურით 6 კვირა და დაჩქარებული წესით - 1 კვირა.

3. პარლამენტი ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/5-ით (90 ხმა). კანდიდატებს ასახელებენ აკადემიური წრეების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები. პროცესის დასრულება შესაძლებელია 1 თვეში.

4. დროებითი კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის კომიტეტს, ფრაქციას ან პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ მცირე ⅕ (30 ხმა). დროებითი კომისიის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატების ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ¼-ისა (37 ხმა 150- დან).

5. მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს

ინიციატორი: პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველი.

საჭირო მხარდაჭერა: პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4 (113 ხმა 150-დან).ქართულ ოცნებას ჰყავს 81 დეპუტატი.

ვადა: 10 კვირა - ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო სახალხო განხილვა და 3 მოსმენა.

6. ინიცირება: კანონპროექტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში.

საჭირო მხარდაჭერა: პარლამენტის სრული შემადგენლობის (150) უმრავლესობა (76 ხმა). პარლამენტში ქართულ ოცნებას 81 წევრი ჰყავს.

ვადა: კანონპროექტს დასჭირდება 3 მოსმენა, სტანდარტული პროცედურით 6 კვირა და დაჩქარებული წესით - 1 კვირა.

 

 

ნაბიჯი 4

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;   1. ანტიკორუფციული სააგენტო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში, აერთიანებს სამ ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, რომლებიც ამჟამად გაფანტულია სხვადასხვა ინსტიტუტებში (ანტიკორუფციული სააგენტო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი და საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დეპარტამენტი) და აყალიბებს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელსაც ევალება კორუფციასთან, მათ შორის მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერება – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს. კანდიდატების დანიშვნა უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე (შესაძლოა პარლამენტის 3/5-ის უმრავლესობით). ინიციატორი : კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საჭირო მხარდაჭერა: პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა 150-დან). ქართულ ოცნებას ჰყავს 81 დეპუტატი პარლამენტში. ვადა: კანონპროექტს დასჭირდება სამი მოსმენა, სტანდარტული პროცედურით 6 კვირა. გააძლიეროს ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტი-კორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახლადდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;

ნაბიჯი 4 ინიციატივა გადადგი

ნაბიჯი ევროპის

  ინიციატორი: კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

საჭირო მხარდაჭერა: პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა (76 ხმა 150-დან). ქართულ ოცნებას ჰყავს 81 დეპუტატი პარლამენტში.

ვადა: კანონპროექტს დასჭირდება სამი მოსმენა, სტანდარტული პროცედურით 6 კვირა.

 

ნაბიჯი 5

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
„დეოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით;   ამ 12-პუნქტიანი ჩამონათვალის ყველა სხვა პირობის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობით მთავარი პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის ახალი წესის მიღება, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს გამოყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება.    

 

ნაბიჯი 6

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული;   სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები, ასევე საკანონმდებლო ბაზა, რათა ეფექტურად დაძლიონ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემები. ეს პირობა მოითხოვს პრაქტიკის გაუმჯობესებას.   Შეიძლება შესრულდეს დაუყოვნებლივ

 

ნაბიჯი 7

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე;   1. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად არის მიჩნეული. ხელისუფლების ნების დემონსტრირება შეიძლება იყოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორისა და დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება. არსებობს რამდენიმე სამართლებრივი გზა, რათა აღსრულდეს ეს ნება, მათ შორის პრეზიდენტის შეწყალება

2. პროკურატურამ, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ომბუდსმენის ოფისის მიერ შეგროვებული მრავალი მტკიცებულების გათვალისწინებით, უნდა განაახლოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება 2021წლის 5-6 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ და შემსრულებლების წინააღმდეგ. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს გამოძიება მედიის წარმომადგენლების მასიური ფარული მიყურადება/თვალთვალის საქმეებზე, Ხოლო დაწყებული გამოძიებები ბოლომდე მიიყვანოს.

3. პარლამენტმა, ფართო კონსენსუსის საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს მედიის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზება ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან; განსაკუთრებით ეს საჭიროა თანარეგულირების ეფექტურ სისტემასთან მიმართებით, რომელსაც სთავაზობს სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტური გაერთიანებები, რომლის მიხედვითაც ეთიკური დავები უნდა გადაწყდეს სპეციალური პროფესიული საბჭოს მიერ და არა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, რომლის როლი არ უნდა აღემატებოდეს მის ამჟამინდელ სამართლებრივ მანდატს.

  1. საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალება შეუძლია ნებისმიერ დროს; პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები შეიძლება შეწყდეს ერთ თვეში.

2. შეიძლება შესრულდეს 3 თვეში

3. შეიძლება შესრულდეს 2 თვეში

 

ნაბიჯი 8

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით;   1. სრულყოფილად იქნას გამოძიებული 2021 წლის 5 ივლისს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ორგანიზატორები პასუხისგებაში იქნან მიცემულნი.

2. ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც მოიცავს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური პოლიტიკის შემუშავებას და მათ შორის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ქსენოფობიის შემცირებაზე. ასევე, სპეციალური მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც გაზრდის ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ წარმომადგენლობას და მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე დემოკრატიული, ინკლუზიური და რეგულარული საკონსულტაციო მექანიზმების შექმნას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იქნებიან დამოუკიდებელი სამოქალაქო აქტივისტები და ორგანიზაციები ეთნიკური უმცირესობების თემიდან.

  1. შეიძლება შესრულდეს მყისიერად

2. შეიძლება შესრულდეს ორ თვეში. 

 

ნაბიჯი 9

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ;  

1. სქესობრივი დანაშაულები, მათ შორის გაუპატიურების მუხლი, მოვიდეს შესაბამისობაში სტამბულის კონვენციასთან.

2. დამტკიცდეს გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის ახალი სამოქმედო გეგმა.

3. სერვისებზე ხელმისაწვდომობისათვის გაუქმდეს ‘მსხვერპლის სტატუსის’ მოთხოვნა.

  1. შეიძლება შესრულდეს ორ თვეში.

 

ნაბიჯი 10

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე;   1. ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი უფრო ეფექტური გახდეს. უფრო კონკრეტულად, მთავრობის ადმინისტრაციამ ღია მმართველობის საბჭოს კენჭისყრის დროს სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიერ შემოთავაზებული მინიმუმ 2 მთავარი (ე.წ. ვარსკვლავური) ვალდებულება უნდა აიღოს.

2. მთავრობის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ეროვნული დონის პოლიტიკის/სტრატეგიის დოკუმენტების და მათი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.

  1. შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დროს.

2. შეიძლება შესრულდეს ერთ თვეში.

 

ნაბიჯი 11

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
მიღებული იქნეს კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;   საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის გაიდლაინების მიღება, რომელიც მოითხოვს ECHR პრაქტიკის პროაქტიულ გამოყენებას. ეს უნდა გაკეთდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.   შეიძლება შესრულდეს ერთ თვეში ან ნაკლებ დროშიც.

 

ნაბიჯი 12

ევროკავშირის რეკომენდაციები

  რა უნდა გაკეთდეს   ვადები და პროცედურები
უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ კანდიდატს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.   კანდიდატის შეთანხმება უნდა მოხდეს მრავალპარტიული კონსულტაციების გზით. დანიშვნა პარლამენტში ორმხრივი (ოპოზიციის უმრავლესობამ ასევე უნდა დაუჭიროს მხარი დანიშვნას) მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს.    

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. ღია საზოგადოების ფონდი
2. დემოკრატიის ინდექსი
3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოება
4. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
5. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
6. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
7. ლიბერალური აკადემია თბილისი
8. მედიაომბუდსმენი
9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
10. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
11. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
12. სასამართლოს გუშაგი
13. საფარი
14. სამოქალაქო იდეა
15. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
16. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
17. სატელევიზიო ქსელი
18. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
19. უფლებები საქართველო
20. მედიის განვითარების ფონდი
21. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
22. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
23. ადამიანის უფლებათა ცენტრი