მარიამ ერეკლე
II-ის ასული ბატონიშვილი
მოვჰსთქვამ
სულთქმითა
1.
მოვჰსთქვამ სულთქმითა საბრალოდ ძნიად სათქმელსა ჭირებსა,
მსმენელთა შესაწყალებლად, ჭმუნვათა გასახშირებსა,
ვარდთა, დასხმულთა ედემით, მჭვრეტელთა განსაკვირვებსა,
ვაი, კიდეგანთა მამულთა, სამყოფთა განამწირებთა,
მიგლოვდით მეცა, მოყვასნო, სოფლისა განაწირებსა,
აწვე შთასრულსა საფლავად, მეცთაგან დასატირებსა.
2.
იგრგვინა ცამან ჩვენზედა რისხვითა საშინელითა,
დაჰფარნა ჩრდილოთ ღრუბელმან მნათობთ არენი ბნელითა,
წარჰხდეს წალკოტნი მაღალნი, ჰოი, საცთურითა ძნელითა,
ვა, დიდებულნი პალატნი იქმნა მტერთ საცინელითა,
აწ განწირული უწყალოდ ვიწვი ცეცხლით არ ნელითა,
სად ხარ, სიკვდილო, რას ჰყოვნი, არ მიმცემ დღესა მცირებსა?
მიგლოვდით მეცა...
3.
დაბრუნდა ეტლი უკუღმა, წარხდა დღე კეთილმზიანი,
დაემხო ტახტი მაღალი, რა ბედნიერი, სვიანი,
განჰქრივნა ვარდნი სატრფონი, არღარა ჰყვავის იანი,
განმწარდა ყოვლნი შვებანი, ტკბილნი, საამოხმიანი,
აწ საწუთროსა მდურავი ვჰსტირ უბედური დღიანი,
ვაი, დაბნელდით თვალნო მტირალნო, ჰხედავთ რას განსაცვიფრებსა!
მიგლოვდით მეცა...
4.
დახდა მზე იგი აზიით, აწ ჩრდილოთ მოეფინება,
მიგვიხვნეს მსწრაფლად მთიები, ვით უძლოს გულმან თმინება?
არ დაჰსცხრა ჩვენზედ მარადის სისხლისა ცრემლთა დინება,
ვამე, მას აქეთ ცოცხალსა არღარა მამელხინება,
ნუვინ ეტრფობით სოფელსა, ნიადაგ მუხთლად მზირებსა.
მიგლოვდით მეცა...
5.
რა ითნო დიდმა მთიებმა მაღალგვარ მტილთა შლილობა,
დაბინდდა ხმელთა არენი, არღარ აქვსთ ვარდთა შლილობა,
აწ იწყო ჩვენდა მარადის ქუფრმა ღრუბელმა ჩრდილობა,
ჰსცანით ყოველთა, ესე არს სოფლის ქცევა და ზრდილობა.
მიგლოვდით მეცა...
6.
აჰა, დამეცნეს რისხვით ცანია, ისმინეთ საწყლად გლოვის ხმანია,
ნეტარ რად მოვვლნე ესდენ ხანია, რად არ სიკვდილად ვიქმენ მზანია?
რაბამ მწარეა ესე თქმანია, ვისნი მომაკლდეს თვალთ შედგმანია,
იგ დაჰხდეს მზენი მაღალგვარნია, ვა, ჰსდიან თვალთა ცრემლთა ზღვანია.
წყარო:
ქართული მწერლობა (ოცდაათ ტომად). ტ. VIII.
შემდგენელნი: ა. ბაქრაძე, რ. თვარაძე.
თბილისი: 1990, გვ. 334-336 |
|
|