ვადაჭკორია გ.
ნადასი კალანდაძე და ეგნატე ნინოშვილი
ბრძოლის დროშა. ჩოხატაური, 1959. 19, 24 აპრილი
ეგნატე ნინოშვილის დაბადების 100 წლისთავისათვის
ნადასი კალანდაძე და ეგნატე ნინოშვილი
გ. ვადაჭკორია, ე. ნინოშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი
1892 წლის პირველი იანვარი ახლოვდებოდა. ახალ წელს ახალი მიზნებით ეგებებოდა ბათუმში ძმების ბესარიონ და გერონტი კალანდაძეების ბინაში მყოფი ეგნატე ნინოშვილი. მწერალს დიდი შემოქმედებითი გეგმები ჰქონდა დასახული და მოჭარბებული გონებრივი ძლიერებაც გააჩნდა მათ ხორცშესასხმელად.
ოთახში მარტოდ დარჩენილი ეგნატე ოცნების სამყაროში გადასახლებულიყო და მშრომელი ხალხის ბედნიერ მომავალზე ფიქრობდა.
ნინოშვილი ფიქრებიდან მისი განუყრელი მეგობრების ფეხის ხმამ გამოარკვია. ბესარიონი და გერონტი ქარხნიდან დაბრუნდნენ, სუფრა გაშალეს და სტუმართან ერთად ვახშამს შეექცნენ. ახალგაზრდებმა დიდხანს ისაუბრეს. ძმებმა ეგნატე საახალწლოდ მამისეულ ოჯახში - ხიდისთავში მიიწვიეს. ეს წინადადება მწერალმა ხალისით მიიღო. მით უმეტეს, რომ ბესარიონი და გერონტი დაეთანხმნენ ნინოშვილის აზრს: - კალანდა დღეს, უბრალო, სალაღობო თავშეყრად ნუ გადავაქცევთ და ჩვენთან ერთად სხვა მოწინავე ახალგაზრდებიც შევკრიბოთ, სოფლად აზრებს თავისუფლად გამოვთქვამთ, რადგან ნაკლები საფრთხე იქნებაო.
ბესარიონი, გერონტი და ეგნატე ხიდისთავში რომ მივიდნენ, აქ უკვე იყვნენ ს. ჯიბლაძე, ი. რამიშვილი, ძმები წულაძეები, არსენ წითლიძე და სხვები. მალე მოვიდა გიორგი წერეთლის დისწული, მასწავლებელი გრ. ბოკერია რომელიც ჩოხატაურის სკოლაში მუშაობდა.
საახალწლო სუფრას კალანდაძეების ერთადერთი და ხალისით სავსე ნადასი კალანდაძე დასტრიალებდა.
ნადასის ეპარქიალური სასწავლებელი დაემთავრებია და უფროს ძმასთან - სერგოსთან ერთად, ხიდისთავის სასოფლო სკოლაში ასწავლიდა.
... სადაც ეგნატე იქნებოდა, იქ ხომ მუდამ სჯა-ბაასი იყო გამართული და ახლაც ცხარედ კამათობდნენ. ამ შეკრების ერთ-ერთი მონაწილე გადმოგვცემს: „კამათში იხსენიებოდნენ მარქსი და ენგელსი, ინტერნაციონალი, კომუნისტური მანიფესტი, მუშათა მოძრაობა, როგორც ევროპაში, ისე ჩვენში, გურიისა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური მომზადება და მომავალი პერსპექტივები მშრომელი მასებისა... ეგნატე და სილიბისტრო კამათობდნენ აქტიურად და მედგრად. კამათში ერეოდნენ ისიდორე და არსენი. დანარჩენები კი ვიყავით მათი პასიური მსმენელნი. ეგნატეს ემჩნეოდა აშკარა მემარცხენეობა, სილიბისტროსა და დანარჩენთ კი უფრო მემარჯვენეობა და ლოიალობა.“ (გრ.ბოკერია, მოგონება ეგნატე ნინოშვილზე. „კომუნისტური განათლება“ 1932 წ. №24).
ასე მოხერხებულად სარგებლობდა ნინოშვილი ხელსაყრელი მომენტით და აქაც, სადღესასწაულო სუფრასთან თავმოყრილ ადამიანებთან შეხვედრას მეცნიერული სოციალიზმის იდეების ქადაგებისათვის იყენებდა.
ეს ის დრო იყო, როცა მწერლის აზროვნებაში გარდატეხა ხდებოდა, ნაროდნიკულ იდეოლოგიას ემიჯნებოდა და სურდა მტკიცედ დამდგარიყო მარქსიზმის პოზიციებზე.
მეგობრების ოჯახიდან ეგნატე უსაზღვროდ კმაყოფილი დაბრუნდა და ზესტაფონისკენ გაემგზავრა. ხიდისთავში იგი არამარტო მასპინძლების გულღია შეხვედრამ მოხიბლა, არამედ ამ ოჯახის თვალწარმტაცმა წევრმა, განათლებულმა და კულტურულმა, სანდომიანმა ქალიშვილმა ნადასი კალანდაძემაც მოაჯადოვა. ამ სათნო ქალის ნახვამ გულში სპეტაკი სიყვარულის სპეტაკი გრძნობა აღანთო და თვალწინ ცხოვრების ლამაზი პერსპექტივა გადაუშალა. ნინოშვილს არასოდეს უფიქრია მეშჩანური ოჯახის შექმნაზე, არც ისეთ ცოლზე, რომლის კაპრიზებიც გულს შეუწუხებდა ადამიანს. არა! - მას ცხოვრებასთან ბრძოლაში, შემოქმედებითი გეგმების ხორშესხმისათვის დაძაბულ შრომაში ღირსეული მეუღლე, მეგობარი და თანამებრძოლი სჭირდებოდა. ადამიანი, რომელიც მას გაუგებდა ცხოვრების ჯოჯოხეთურ პირობებს შეებრძოლებოდა და დაბრკოლებებთან ჭიდილში წარბს არ შეიხრიდა.
მწერალმა ასეთ ქალად საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში ჩაბმული ნადასი კალანდაძე მიიჩნია.
ხიდისთავში ყოფნისას ეგნატეს ნადასისათვის თავისი გულის ნადები არ გაუმხელია, ზესაფონში ჩასულიც დიდხანს ებრძოდა თავის თავს, ყოყმანობდა, სურდა, ნადასისთან შეხვედრის ტკბილი წუთები როგორმე დაევიწყებია, მაგრამ ამაოდ! - ამ უზადო დიასახლისის, შესანიშნავი ადამიანისა და მოქალაქის აჩრდილი მუდამ თან სდევდა.
საკუთარ თავთან ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ, 1892 წლის 20 იანვარს, სიყვარულის მძლეთამძლე გრძნობამ დაიმორჩილა ეგნატე. მან კალამს ხელი წამოავლო, გადაწყვიტა გულისთქმა ნადასითვის გაემჟღავნებინა და ასეც მოიქცა.
ნინოშვილი ნადასის სწერდა: „ პატივცემულო ნადასი, არ მოვყვები გაჭრელებული ფრაზებით ლაპარაკსა, რადგან ჭრელი სიტყვა-ფრაზები თქვენისთანა ინტელიგენტთან მეტად მიმაჩნია. აი, მხოლოდ ესა მაქვს სათქმელი: თქვენმა გაცნობამ ერთგვარი გრძნობა დაბადა ჩემში, რომელსაც მდაბიო ენაზე სიყვარულს ეძახიან. რას იტყვით თქვენის მხრივ, შეგიძლიათ თუ არა ამ შემთხვევაში თანამიგრძნოთ?
თქვენი პატივისმცემელი ე. ნინოშვილი (ეგნატე ინგოროყვა). უმორჩილესად გთხოვთ, ამ წერილის პასუხი ერთ დღეზე მეტი არ დამიგვიანოთ, თუნდა „არა“ იყოს, ანდა - „კი“. იმედი მაქვს, როგორც განათლებული ქალი, პასუხის მოწერას არ ითაკილებთ და აგრეთვე, არც დამიგვიანებთ.
ეგნატეს წერილმა ნადასის სულის სიმშვიდე დაურღვია, მძიმე საგონებელში ჩააგდო. მას სიყვარულს სთავაზობდა ადამიანი, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე მშრომელი ხალხის უკეთესი მომავლის ბრძოლის საკურთხეველზე ნებაყოფლობით მიეტანა მსხვერპლად.
... დრო იყო, ძმებს რომ მოიგონებდა ნადასი, მათთან ერთად ეგნატეც თვალწინ წარმოუდგებოდა. თვითონაც ბევრი იტირა და მოსწავლეების გულებიც სიბრალულით აღავსო, როცა სკოლაში გაკვეთილების შემდეგ პატარებს „ივერიაში“ გამოქვეყნებული „პალიასტომის ტბა“ წაუკითხა.
... ამ ერთი თვის წინ, ბათუმიდან ძმებმა აცნობეს, ეგნატეც თან მოგვყვებაო და ნადასიმ ბავშვებს ახარა: „პალიასტომის „ტბის“ დამწერს გაგაცნობთო“. მოსწავლეებმა წამოიძახეს: - ეგნატესთან ერთად ილია და აკაკიც თუ გვეწვევიანო.
ნადასიმ გაიღიმა და შეგირდებს ამ საკითხის შესახებ განმარტება მისცა.
გულში გაივლო : - ბედნიერია ნინოშვილი, რომლის სახელი ბალღებმა ილიასა და აკაკისთან ერთად ახსენესო.
... მარტოდმარტო მყოფმა ნადასიმ უბიდან საიდუმლოდ შენახული ეგნატეს ბარათი ამოიღო. ვინ იცის, მერამდენედ გადაიკითხა ახლა უკვე ცნობიერებაში სამუდამოდ აღბეჭდილი სიტყვები. ჩუმად კი არა, ისე, რომ საკუთარი ხმა გარკვევით გაიგონა. ისევ გაიმეორა: „თქვენმა გაცნობამ ერთგვარი გრძნობა დაბადა ჩემში, რომელსაც მდაბიო ენაზე სიყვარულს ეძახიან. რას იტყვით თქვენის მხრივ, შეგიძლიათ თუ არა ამ შემთხვევაში თანამიგრძნოთ“?.
დიახ, - თანაგიგრძნობ, მოვდივარ შენთან. მაგრად ჩამჭიდე ხელი, წამიყვანე, სადაც გსურდეს. დამატკბე შენი სიყვარულით, შემომატარე ჩვენი მრავალჭირნახული ტურფა სამშობლო. შენთან ერთად ვიქნები მუდამ. გწამდეს, შეურყეველ მეგობრობას გაგიწევ მარად.
შევებათ ცხოვრების მძიმე უღელში. - რაო, რად შეარხიე მხრები, რად ჩაიღიმე მწარედ! ძნელია უღლის ტარება? - არ შეკრთე, ზედმეტ ტვირთს შენ არასოდეს არ დაგაკისრებ. მძიმე იქნება ჩვენი გზა?... მერე რა, - შენთან ერთად, სასურველო, ყველა სიძნელეს გადავლახავ! ... ჩაიჩურჩულა და განაგრძო.
- თანაგიგრძნო?
- მოვალე ვარ თანაგიგრძნო, მაგრამ... მაგრამ ... აქ ნადასი ოცნების სამყაროდან უეცრად თითქოს დედამიწაზე დაეშვა და ისევ გაიმეორა: - თანაგიგრძნო? - მიყვარხარ, გეტრფი, ახლავე შემიძლია წერილობით დაგიდასტურო ჩემი გულის პასუხი, ... და ... შემდეგ, მე ვინ თანამიგრძნობს? - თრთოლვით იკითხა ქალმა. - მართალია, შენ, ყველაფერი შეგიძლია გაიგო, მაგრამ შენს გარდა ქვეყნად ხომ ბევრია. საზოგადოება ჭრელია, გამკიცხავენ, შემაჩვენებენ, დამამცირებენ. იტყვიან: - ფიცის გამტეხი, მოღალატე ყოფილაო, ჰოო, თანაგიგრძნობ, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ უფრო მეტად უნდა თანამიგრძნო. შენ ჩემზე მეტი გაგეგება. ჩემზე მეტი მოგეთხოვება. შენ ხალხს სიმტკიცეს ასწავლი, ბრძოლის წყურვილს უნერგავ, ასალკდევებ. შენ ადამიანის გულის მესაიდუმლე ხარ. მაშ, ჩემს გულშიც ჩამოიხედე და სულგრძელად მაპატიე...შენ რომ თანაგიგრძნო, სხვას უნდა ვუღალატო
მოღალატე კი შენ შეაჩვენე, სამარცხვინო ბოძზე გააკარი. მე მას შენში გავცვლიდი, ცოლ-ქმრული წმიდა კავშირის შესახებ მისთვის სიტყვა რომ არ მქონდეს ნათქვამი... მაგრამ როცა გაიგებ, სხვას ვუღალატე და შენსკენ მოვისწრაფე, ხომ დამძრახავ და შემიძულებ. კი შენ ბოძზე შენი ცხოვრების გზა ნათელი, გარკვეული და სანატრელია... შენ კაცობრიობის ბედნიერებისათვის ბრძოლაში თავს არ დაზოგავ. ის კი?... ვინ იცის... მაგრამ რა ვქნა. გამიგონია, სიტყვის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო. დარწმუნებული ვარ ჩემს გულშიც ჩამოიხედავ, ჩემს სულშიც ჩამოიხედავ, ჩემს გონებაშიც. ჩამოიხედავ. ყველაფერს განსჯი, ასწონ-დასწონი, განიკითხავ და თანამიგრძნობ. მაგრამ შენი დაკარგვაც რომ არ შემიძლია?..
ჩემს ძმებს შენთვის ძმობა და მეგობრობა გაუწევიათ და მომავალშიც არ გიმტყუნებენ. მეც ერთგული დაი ვიქნები. აკი - დედაჩემს შვილებში არ გამოერჩევი და ჩემთან ერთად გიფიცებს მუდამ.
ჩემი მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი ვერ მომინახავს. იქნებ შენ დაინახო და გამომიყვანო ამ საგონებელიდან...
ფიქრებიდან განაწამებმა ნადასიმ ნებისყოფა დაიმორჩილა, ძალა მოიკრიბა და ეგნატესთან გასაგზავნი წერილის წერა დაიწყო...
* * *
დიდხანს ელოდა ეგნატე პასუხს, ბოლოს ეღირსა, 1892 წლის 15 თებერვალს ფოსტალიონმა ხიდისთავიდან გამოგზავნილი ბარათი მოუტანა. წერილმა კვანძი მოულოდნელად გახსნა. ნინოშვილმა სირცხვილისა და სინანულის მწვავე გრძნობა განიცადა. სახეზე ალმური მოედო. თავი ჩაჰკიდა და ერთხანს გამოურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდა. - რამ დამაბრმავა, - ეკითხებოდა თავისთავს მწერალი. ქალს სატრფო ჰყოლია, მისთვის აღთქმა მიუცია. ვინ იცის, მომავალ ბედნიერებაზე მეოცნებეს, ღამეები თეთრად უთენებია და მე რაღა ავი სულივით ავეკიდე?
ნადასის წერილიდან ეგნატემ ისიც იგრძნო: ქალს ახლა რომ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ჰქონოდა, ნინოშვილის გარდა საქმაროდ არავის ინდომებდა... მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა.
სიტყვასა და ფიცს ვეღარ გასტეხდა. ამან შებოჭა ნადასი. აიძულა, უარეყო ეგნატეს წინადადება. მაგრამ უარყოფაც არის და უარყოფაც. ამ უარყოფაში იგრძნობოდა სწორედ ფაქიზი ზნეობის ქალის უბიწო გულის კვნესა. ღრმა მწუხარება და სინანული. მწერალმა ამოიცნო ნადასის ფარული ფიქრები და ზრახვები.
განსაკუთრებული ძალით იმოქმედა მწერალზე ნადასის სიტყვებმა: - გთხოვთ, ჩემმა უარმა არ აღმოფხრას თქვენს გულში ჩემდამი სიყვარული და თუ შეიძლება გვიყვარდეს ერთმანეთი, ისე, როგორც და-ძმასო. ამაზე ეგნატემ მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა: სიყვარული აღმოიფხვრება თუ არა, ამის რა მოგახსენოთ, ეს გულზეა დამოკიდებული. არის ისეთი გული, რომლიდანაც ადრე ირეცხება, აღიგავება სიყვარული და არის ისეთიც, რომელიც, სამარეში ჩაიტანს სიყვარულს. ჩემი გული რომელ კატეგორიას ეკუთვნის, მე არ შემიძლია ამთავითვე მივხვდე, ისე კი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მარადის დავრჩები თქვენი პატივისმცემელი. (ე.ნინოშვილი. თხზულებათა სრული კრებული. 1954 წ. გვერდი 569-570).
არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ნინოშვილმა ნადასის სიყვარული და პატივისცემა მართლაც საფლავში ჩაიტანა.
ნადასიც ასევე მოიქცა. ეგნატე მას დაჟინებით სთხოვდა: ჩემი წერილები დაწვი, დავიწყებას მიეცი ჩემი სახელი, ნურც ძმობა გინდა ჩემი და ნურც მეგობრობა, რა გამოსადეგია ან ერთი ან მეორეო.
ნადასიმ ვერც ეს სათხოვარი შეუსრულა ნინოშვილს. მან ცხოვრების მანძილზე შეუბღალავად, წმინდა გულით ატარა ეგნატეს სიყვარული. თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა ნინოშვილის წერილებს.
1894 წლის მაისში ეგნატე წუთისოფელს განშორდა. მის დასაფლავებაზე ქმარმა ნადასის წასჩურჩულა: - ეგნატეს რომ გაჰყოლოდი, ახლა ხომ ქვრივი იქნებოდიო, გულმოსულმა ქალმა თითქოს შური იძიაო, თამამად უთხრა:
- ისიდორე რამიშვილის ცოლობას, ნინოშვილის ქვრივობა მერჩივნა; მაგრამ, ვაი, რომ დროზე ვერ გიღალატე და ეგნატეს ვერ გავყევ ცოლადო... და ამით ქმარს თავისი გულის პასუხი ნათლად აგრძნობინა.
გ. ვადაჭკორია, ე. ნინოშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი
ბრძოლის დროშა. კვირა, 19 აპრილი , 1959 წ. №47 (1886)