The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ქართული რომანტიზმის პოეტური ტრადიცია და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება


ქართული რომანტიზმის პოეტური ტრადიცია და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება



ქართული რომანტიზმის პოეტური ტრადიცია და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება

1 სარჩევი

▲ზევით დაბრუნება


სიხარულიძე ნათია
ქართული რომანტიზმის პოეტური ტრადიცია და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი


ნათია სიხარულიძე
ქართული რომანტიზმის პოეტური ტრადიცია და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება


ფილოლოგიის დოქტორის (Pჰ.D.) აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია


სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი ლადო მინაშვილი

სარჩევი

შესავალი.

თავი I

გალაკტიონ ტაბიძის ქართველ რომანტიკოსებთან მიმართების ერთი ასპექტი

თავი I I
გალაკტიონის მარგინალიები ქართველი რომანტიკოსების თხზულებათა გამოცემებზე

თავი III
ქართული რომანტიზმის ტრადიცია და გალაკტიონ ტაბიძის ადრეული (1908-1914) წლების შემოქმედება

1. საკითხის შესწავლის ისტორია
2. ნიკოლოზ ბარათაშვილის მხატვრული მეტყველების თავისებურებანი და გალაკტიონ ტაბიძის ადრეული ლირიკის ენა
3. სულით ობლობის მოტივი გალაკტიონ ტაბიძის ადრეულ ლირიკაში.
4. ბუნების განცდის თავისებურება გალაკტიონ ტაბიძის ადრეულ ლირიკაში
5. გალაკტიონის სატრფიალო ლირიკა.
6. ვერსიფიკაციული მიმართებები
7. გალაკტიონის ცალკეული ნაწარმოებების მიმართების საკითხი xნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიასთან

თავი IV
ქართველი რომანტიკოსების შემოქმედების გამოძახილი გალაკტიონის ლირიკის მთლიან კონტექსტში
საკითხის შესწავლის ისტორია
,,ღიმილმან კარი ლალისა“ და “ხვალემ იზრუნოს ხვალისა”
“ვახ დრონი, დრონი” და “აქ მარმარილოს მაღალი სვეტი”
,,იარალის“ და ,,ჩემო იარალი“.
,,...ეხლა კი დროა“

ძირითადი დასკვნები

2 2. ნიკოლოზ ბარათაშვილის მხატვრული მეტყველების თავისებურებანი და გალაკტიონ ტაბიძის ადრეული ლირიკის ენა

▲ზევით დაბრუნება


2. ნიკოლოზ ბარათაშვილის მხატვრული მეტყველების თავისებურებანი და გალაკტიონ ტაბიძის ადრეული ლირიკის ენა  

ცნობილია, რომ მხატვრული ფორმის კომპონენტთაგან შემოქმედების საერთო ხასიათზე ყველაზე სწორ და უტყუარ წარმოდგენას პოეტური ენა იძლევა. იგი პირდაპირ კავშირშია იმ იდეასა და შინაარსთან, რომელსაც შემოქმედი გვთავაზობს და სხვა კომპონენტებზე მეტად ინარჩუნებს მწერლის მხატვრული მეთოდის ხასიათში წვდომის უნარს (158, 111). ამდენად, როდესაც გ. ტაბიძის ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებასთან მიმართებაზე ვმსჯელობთ, უპირველესად, უნდა დავაკვირდეთ გალაკტიონის პოეტურ ენას და გავარკვიოთ, რამდენად ეყრდნობა პოეტი ადრეულ ეტაპზე რომანტიკოსთა მხატვრულ მეტყველებას.

გალაკტიონის 1908-1914 წლების შემოქმედება განსაკუთრებულ სიახლოვეს ამჟღავნებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკასთან; როგორც მოსალოდნელი იყო, ეს სიახლოვე გალაკტიონის პოეტურ ენაზე აისახა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ცალკეული გამონაკლისების გარდა სხვა რომანტიკოსთა პოეტურ მეტყველებასთან გალაკტიონის ადრეული ლირიკის ენას აშკარა კავშირი არ აქვს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური ენის შესახებ რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებული თვალსაზრისია გამოთქმული. პავლე ინგოროყვას აზრით, “ნიკოლოზ ბარათაშვილმა დააგვირგვინა ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის მიერ დაწყებული განახლება ქართული პოეზიისა. ბარათაშვილი გაბედულად სცვლის მოძველებულ პოეტურ სტილს, იგი პოულობს ახალ ხმას ახალი შინაარსის გადმოსაცემად... იძლევა პოეტური მეტყველების ნამდვილ გადახალისებას" (48, 111). სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა აკაკი შანიძე. მისი შეხედულებით: “ბარათაშვილის ენა ძალიან თავისებურია: სიტყვების შერჩევა, მათი წყობა, გრამატიკულ ფორმებში ჩამოსხმა – ეს იმდენად ინდივიდუალურია, რომ საჭიროა სპეციალური მიმოხილვა... ბარათაშვილის ენა უფრო მძიმეა, ვიდრე მე-17-მე-18 საუკუნეების ზოგიერთი მწერლის... ძირითადი ნიშანი, რომელიც ბარათაშვილის ენას ახასიათებს, ეს არის ტენდენცია, მიჰყვეს ძველ სალიტერატურო ენას ძველი სიტყვებისა და გამოთქმების გადმოღება, ძველი გრამატიკული ფორმების ხმარება – აი ბარათაშვილის ენის თავისებურება" (132, 134).

ნარკვევში ,,როგორ მუშაობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი“ გრიგოლ კიკნაძე ერთმანეთს ადარებს ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებთა ძირითად ტექსტებსა და მათ ვარიანტებს და აღნიშნავს: ,,ეს მაგალითები აშკარად მეტყველებენ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი სრულიადაც არ ცდილობდა არქაიზმები შემოეტანა თავის პოეზიაში ანუ თავისი შემოქმედებისათვის მაინცდამაინც არქაული ხასიათი მიეცა. პირიქით, თავის ნაწერს იგი იმ მხრივ ასწორებდა, რომ არქაიზმისგან გაეთავისუფლებინა (58, 228). მკვლევარი აქვე შენიშნავს, რომ პოეტმა ეს ამოცანა ,,ყველა შესაძლო შემთხვევაში ვერ (თუ არ) განახორციელა (58, 228). გრიგოლ კიკნაძემ მიუთითა არქაული ტონის ფუნქციაზე: ,,სხვა პოეტთაგან გამორჩეულ სახეს მის პოეზიას ერთგვარი არქაული ტონიც აძლევს: უამისოდ ჩვენ ვეღარ დავინახავდით ნიკოლოზ ბარათაშვილის დახვეწილ სწრაფვასა და განცდათა სიფაქიზესო“, - წერს იგი (58, 233).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკვლევარის დაკვირვება, რომლის მიხედვითაც: ,,მკითხველი ვერ გრძნობს სტილის არქაულობას მაშინაც კი, როდესაც მან იცის, რომ პოეტის მეტყველება ძველი გამოთქმებითაა დატვირთული; არქაიზმი თითქოს იკარგება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსთა თავისუფალ დინებაში, რადგან მკითხველისათვის პირველ ყოვლისა მისი პოეზიის სიახლეა მოცემული და არა ის, რომ იგი ძველ სიტყვებს იყენებს“ (58, 233-234). გრიგოლ კიკნაძის დასკვნით, ,,ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ენის საკითხში ნიკოლოზ ბარათაშვილი სრულიადაც არ არის კონსერვატორი“ (59, 205).

გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერებში ნიკოლოზ ბარათაშვილის ენის შესახებ ამგვარ სიტყვებს ვკითხულობთ: ,,ბარათაშვილის ენა უფრო უახლოვდება თანამედროვეობას, თანამედროვე სიყვარულისა და მწუხარების გამოსახატავად“ (104, 64).

ეს არის ფრაზა ესეების ციკლიდან, რომელსაც ,,ძვირფას საფლავებს“ უწოდებენ. ,,ძვირფასი საფლავები“, სავარაუდოდ, 10-იანი წლების ბოლოს არის დაწერილი. ვფიქრობთ, ნამდვილად ,,საყურადღებოა ის, რომ გალაკტიონის ეს დაკვირვება გაკეთებულია დიდი ხნით ადრე, ვიდრე ნ. ბარათაშვილის ენის შესახებ სპეციალური სამეცნიერო ნარკვევი დაიწერებოდა“ (67, 139). გარდა ამისა, დამოწმებული ჩანაწერი გ. ტაბიძის პოეტური ენის ნიკოლოზ ბარათაშვილის მხატვრულ მეტყველებასთან მიმართების შესწავლისათვის სერიოზულ საფუძველს ქმნის.

გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ენის კვლევას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ საკითხს არაერთი მკვლევარი შეეხო. დაიწერა წერილები და გამოკვლევები, მათ შორის: ივანე გიგინეიშვილის ,,ზოგიერთი დაკვირვება გალაკტიონ ტაბიძის ენაზე“, რაფიელ შამელაშვილის ,,ნეოლოგიზმები გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში“, შოთა ძიძიგურის ,,გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ენის შესწავლისათვის“; აკაკი ხინთიბიძის წიგნში ,,გალაკტიონის პოეტიკა“ცალკე თავი ეთმობა პოეტურ ენას, ხოლო ბესარიონ ჯორბენაძის წიგნი - ,,პოეზიის ენა“ - მთლიანად გალაკტიონის მხატვრულ მეტყველებას ეძღვნება.

ის ავტორები, ვინც ამ საკითხზე წერდნენ, გალაკტიონის პოეტური ენის XIX საუკუნის მხატვრულ მეტყველებასთან კავშირს რატომღაც სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. მათი ინტერესის საგანი, ძირითადად, გალაკტიონის სიტყვათწარმოება, პოეტის ნეოლოგიზმები იყო.

,,გ. ტაბიძის პოეტური ენის სათავეები საძიებელია მრავალსაუკუნოვანი სალიტერატურო მეტყველების შიგნით“, - წერს შოთა ძიძიგური (143, 96), თუმცა, მკვლევარი ამ ზოგად თვალსაზრისს არ აკონკრეტებს და არც რაიმე მაგალითი მოაქვს მის დასასაბუთებლად.

გალაკტიონის ენისადმი მიძღნილ წიგნში –,,პოეზიის ენა“ - ბესარიონ ჯორბენაძე ჩვენთვის საინტერესო საკითხზე არაფერს ამბობს.

აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძის ინტერესი ნიკოლოზ ბარათაშვილის და ზოგადად, რომანტიკოსთა პოეტური ენისადმი, გარკვეული კანონზომიერებებით არის განპირობებული. თეიმურაზ დოიაშვილის აზრით, “გალაკტიონ ტაბიძემ არა მარტო გაიმეორა რომანტიკული პოეტური სისტემის ნიშნები, არამედ მოახდინა ამ ლიტერატურული მიმდინარეობის რესტავრირება ახალ ისტორიულ სიტუაციაში, რეალისტური პოეტური კანონის მოქმედების ფონზე“ (38, 486). მკვლევარი გალაკტიონის ადრეული ლირიკის “საყრდენ სიტყვებზე“ დაკვირვების შემდეგ აღნიშნავს: “სიტყვათა ეს არასრული ინდექსი... ის სტრუქტურული ელემენტებია, რომელთა დაკავშირება ქმნის რომანტიკული კონცეფციის მოდელს სემანტიკურ დონეზე. აქ მონიშნულია რომანტიკული გმირის გამორჩეული სულიერი კონსტიტუცია, მისი განწყობილებანი და გრძნობები“ (38, 486).

ეს ბუნებრივია, რადგან, ზოგადად, ადრეულ ეტაპზე სიმბოლიზმის პოეტური ენის საყრდენი რომანტიზმის ენა იყო. ამის შესანიშნავი მაგალითია რუსი სიმბოლისტის - ვალერი ბრიუსოვის ლირიკა. როგორც აღნიშნავენ, ბრიუსოვის ლექსებში აშკარად ჩანდა კავშირი რუსული რომანტიკული სკოლის პოეტებთან. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ლექსიკაზე დაკვირვებისას, სადაც გვხვდება რომანტიკული სკოლისათვის დამახასიათებელი ისეთი სიტყვები, როგორიცაა ჩრდილი, ოცნება, საიდუმლო, სევდა, სიზმარი, მთვარე, წყვდიადი და სხვ.“ (165, 6). ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანია ასეთია: უნდა გაირკვეს, თუ როგორ აისახა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური ენის თავისებურებები გალაკტიონის ადრეულ შემოქმედებაში.

ვფიქრობთ, ნ. ბარათაშვილის ლირიკიდან მომდინარეობს გალაკტიონის პოეზიაში გამოყენებული არაერთი შესიტყვება. ესენია:

ა) ცის დასავალი – ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ (,,და თვალნი რბიან შორად, შორად ცის დასავალსა“). გალაკტიონი ამ შესიტყვებას პირველად იყენებს 1912 წლით დათარიღებულ ლექსში ,,ხომლი“:

“ნათელი ღამე, გაშლილი ზღვა, ცის დასავალი
სდარაჯობს ეთერთ სიმშვიდეს და მყუდროებას“. (94, 135)

ეს შესიტყვება ამავე ნაწარმოებში კიდევ ერთხელ მეორდება:

,,ნათელი ღამე, გაშლილი ზღვა, ცის დასავალი
ისევ სდარაჯობს სიმშვიდესა და მყუდროებას“. (94, 135)

ადრეულ ლირიკაში გალაკტიონი ამ სიტყვათშეთანხმებას კიდევ რამდენჯერმე მიმართავს. იგი გვხვდება ლექსებში - ,,ელეგია“ (,,დაღონებული გავცქერივარ ცისა დასავალს...“ (94, 169), ,,როგორც აჩრდილნი“ (,,ცისა დასავალს გავცქერივართ უკანასკნელად“ (94, 218), ,,ქარიშხლის შემდეგ“ (,,და მწარე ფიქრით გარემოცული მივჩერებივარ ცისა დასავალს“ (94, 227) და ბალადაში ,,თასი“ (,,ცისა დასავალს გასცქეროდა/ სუსტი, ფერმკრთალი“ (101, 69).

რა გვაძლევს საფუძველს, ვამტკიცოთ, რომ შესიტყვება “ცის დასავალი“ გალაკტიონთან ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან მომდინარეობს? უპირველესად ის, რომ დასახელებული ხუთი ნაწარმოებიდან, სადაც ეს შესიტყვებაა გამოყენებული, ორში (“ხომლი“ და “ელეგია“) ბარათაშვილის შემოქმედებასთან აშკარა სიახლოვე შეინიშნება: “ხომლი“ “მერანს“ უკავშირდება, “ელეგია“ კი - “სულო ბოროტოს“.

ვფიქრობთ, აქვე უნდა ითქვას, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი მკვლევარი “ცის დასავალს“ განმარტავს როგორც ცის სასუფეველს. 

“ფიქრნი მტკვრის პირას“ განხილვისას იგი წერს: ცის დასავალი იგივე სასუფეველია და პოეტის ფიქრი, რომელიც ამ ქვეყანაში, მტკვრის ნაპირას იბადება, “ცის დასავლისკენ“ - სასუფევლისკენ მიისწრაფისო. თავისი თვალსაზრისის დასამტკიცებლად მკვლევარი იმოწმებს სულხან-საბას სიტყვებს: “დასასრულსა ცათასა სასუფეველი ჰქვია“ (134, 51).

მკვლევარი ყურადღებას არ აქცევს იმ ფაქტს, რომ სულხან-საბა ორბელიანი აქ “ცის დასასრულს“ განმარტავს და არა “ცის დასავალს“. ეს უკანასკნელი ცალკე არის ახსნილი სულხან-საბას ლექსიკონში: “დასავალი – მზის დასახედი. დასავალი ეწოდების, სადათ მზე დაჰხდების, ხოლო აღმოსავალი – სადათ აღმოხდების“ (75, 200).

ვფიქრობთ, სწორედ ამ მნიშვნელობით არის გამოყენებული “ცის დასავალი“ ორივე პოეტთან და არც ერთი მათგანი ამ შესიტყვებას “სასუფევლის“ შინაარს არ ანიჭებს.

“ცის დასავალი“ გალაკტიონის შემდეგი პერიოდის ლირიკაშიც არაერთხელ გვხვდება. მაგალითად, იგი გამოყენებულია ლექსებში: ,,მზის ჩასვლა (,,ქარმა ვერცხლისფრად შემოსა ნელი ცის დასავალი“ (94, 316), ,,ქარი მოგონებათა“ (,,თითქო ფენობა ზურმუხტის რტოთა, / ცის დასავლამდე უსიზმროდ მდგარი“. (95, 132), ,,ცხრაას თვრამეტი (,,იქ, სადაც ზღვა და ცის დასავალი / სიტყვის უთქმელად გრძნობენ ერთმანეთს“), ,,ვისმენ დანატრულ ხმას“ (“ფრთადაღალული დღე ცდება დასავალ ცას“ (95, 92), ,,გახსოვს ის ქარბუქი?“ (“ცის დასავალს, როგორც ლუქი, გადაეკრა ნორჩი შუქი“ (96, 41), თუმცა ამ ლექსებში უკვე აღარ ჩანს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმობებთან კავშირის კვალი.

ბ) ციური ცვარი - ეს შესიტყვება გამოყენებულია “მერანში“:

“სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი“ (14, 120) გალაკტიონთან იგი ოდნავ შეცვლილი სახით გვხვდება:

“მსურს, რომ ვიცოცხლო... მსურს აღარ მოვკვდე
მსურს, ცრემლი ვღვარო და ვივალალო,
ცრემლი ციურ ცვრად არეს ვაპკურო,
გზა ეკლიანი ცრემლით გავკვალო“. (94, 80)

ორივე პოეტთან “ციური ცვარი“ ცრემლთან არის დაკავშირებული, რაც გვარწმუნებს, რომ ეს შესიტყვება გალაკტიონს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკიდან აქვს შეთვისებული.

გ) ნიავი ნელი – გამოყენებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში “ბულბული ვარდზედ“:

“ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი
მოიცვამდა ჭალებსა, ქრიდა ნიავი ნელი“. (14, 85)

გალაკტიონის ენის ლექსიკონის მიხედვით სიტყვა ნიავი პოეტის შემოქმედებაში 218-ჯერ არის გამოყენებული (86, 682). გალაკტიონის მიხედვით, ნიავი შეიძლება იყოს მშვიდი, ცელქი, გრილი, ალერსიანი, სურნელოვანი, საამური, წყნარი, ფრთხილი, მჭევრი, უვნები, ხალისიანი, უზრუნველი... ნიავის ამ მრავალფეროვან სახეობათა შორის ერთ-ერთია ,,ნიავი ნელი“ (ხან კი არაინვერსირებული ფორმით - ,,ნელი ნიავი“):

პირველად შესიტყვება ,,ნელი ნიავი“ გალაკტიონს გამოყენებული აქვს ლექსში ,,ფიქრი“ (1909 წ.):

,,ნიავი ნელი,
ფიქრთ უკუმყრელი,
მიწას გაეკრა, ტყე აშრიალდა“... (94, 66)

გარდა ამ ლექსისა, აღნიშნულ შესიტყვებას გალაკტიონი იყენებს ამავე წელს გამოქვეყნებულ ნაწარმოებში - ,,სასაფლაოზე“:

,,ნიავი ნელი ვარდს გაფურჩქვნილს ესალმუნება“. (94, 69)

ადრეულ ლირიკაში ეს შესიტყვება არაერთხელ გვხვდება. მაგალითად, იგი გამოყენებულია ლექსებში: ,,შემოქმედება“ (,,ვბრძანებ: ტყის შქერში გაჩუმდება ნიავი ნელი“, (94, 77), ,,საფლავი“ (,,გულს აღელვებულს, სხეულს მოწამლულს, ნიავი ნელი ეთამაშება...“ (94, 80), ,,ჭმუნვარება“ (,,როცა ბუჩქებში ნიავი ნელი/ ნაზად და წყნარად წაისისინებს...“ (94, 178).

გალაკტიონი შემდეგი პერიოდის შემოქმედებაშიც მიმართავს ამ შესიტყვებას, როგორც ჩვეულებრივი, ისე ინვერსირებული სახით:

,,გაშალა ველი ნელმა ნიავმა...“ (94, 283)
,,გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები...“ (95, 179)
,,ხევში მიმოქრის ნელი ნიავი...“ (99, 285)
,,ნიავი ნელი მსუბუქად ჰქროდა...“ (102, 260)

ნიკოლოზ ბარათაშვილთან ეს შესიტყვება ინვერსირებული სახით არის წარმოდგენილი (ზოგადად, რომანტიკოსი პოეტის განწყობილების გადმომცემ ერთ-ერთ საშუალებად სწორედ ინვერსიაა მიჩნეული (128, 64). საყურადღებოა, რომ გალაკტიონის ადრეულ შემოქმედებაშიც, იგი, უმთავრესად, ინვერსირებული წყობით გვხვდება დ) სატრფო გულისა – გამოყენებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში ,,მერანი“: ,,ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის“... (14, 112) შალვა ღლონტი ამ შესიტყვებაზე მსჯელობისას აღნიშნავს: ,,პოეტისათვის სატრფო არ არის უბრალო გატაცების საგანი; იგი გულის სატრფოა და ინვერსირებული სიტყვა გულისა სწორედ ამ მხარეს მიაქცევს ჩვენს ყურადღებას. ამგვარად გააზრებულ შესიტყვებას კატეგორიულობის ტონი შეაქვს ნ. ბარათაშვილის განწყობილების მხატვრულად გადმოცემაში“ (128, 65).

ეს შესიტყვება ინვერსირებული სახით გვხვდება გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსშიც, რის გამოც, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ იგი გალაკტიონთან ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან მომდინარეობს: ,

,,რა ვუყო, მარტოდ შთენილმა
ვერ ვპოვე სატრფო გულისა,
არსად ჩანს ტკბილი ნათელი
შუქმფრქვეველ სიყვარულისა“ (94, 63).

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ,,მერანის“ იმავე სტროფში გამოყენებული სიტყვა ,,შთენილი“ (,,და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა...“) გვხვდება გალაკტიონის ჩვენ მიერ დამოწმებულ სტრიქონებში: ,,რა ვუყო, მარტოდ შთენილმა...“

გალაკტიონის ადრეული ლირიკის ერთ-ერთ ნიმუშში - ,,დანგრეული ტაძარი“ ეს შესიტყვება არაინვერსირებული სახითაა წარმოდგენილი: ,,გულისა სატრფოვ, რად დაამხე წმინდა ტაძარი“... ლექსი ,,დანგრეული ტაძარი“ ბარათაშვილის - ,,ვპოვე ტაძარის“ - თავისებური პოეტური ინტერპრეტაციაა (ამ ნაწარმოებებს ვაანალიზებთ ამავე თავის მეშვიდე ქვეთავში). ეს ფაქტიც განამტკიცებს ვარაუდს, რომ გალაკტიონთან სიტყვათშეთანხმება ,,სატრფო გულისა“ ნიკოლოზ ბარათაშვილიდან მომდინარეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შესიტყვება გვხვდება ალექსანდრე ჭავჭავაძესთანაც: ლექსში ,,....როს სატრფო მოუვა გულსა“ იგი გამოყენებულია როგორც ინვერსირებული, ისე ჩვეულებრივი წყობით:

,,გზას ვუმზერ, ვიმზერ, მარამა
ეჰა, ეჰა, ეჰა
სატრფო გულისა არსადა...
...
ყურს ვუპყრობ, ვუპყრობ, მარამა,
ეჰა, ეჰა, ეჰა,
არ ისმის გულის სატრფოს ხმა“. (146, 143)

ამავე შესიტყვებას იყენებს ვახტანგ ორბელიანი ლექსში ,,მდინარე ა...ს“:

,,სატრფო გულისა წევს ბნელს სამარეს
ვეღარ უღიმებს ვარსკვლავებს, მთვარეს“ (74, 30)

ზოგადად, ეს შესიტყვება, როგორც ჩანს, არც მეოცე საუკუნის დასაწყისის პოეზიისათვის იყო უცხო. მაგალითად, ჟურნალ ,,საქართველოს“ 1908 წლის მეცხრე ნომერში გამოქვეყნებული იოსებ გრიშაშვილის ლექსი ,,სატრფოს“ ამ სტრიქონებით იწყება:

,,სატრფოვ გულისა, ჩემო ღმერთა, ტკბილ-საოცნებო
რად გსურს გამშორდე, სამუდამოდ თავი მანებო...“ (29, 7)

შალვა ღლონტი აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს ჰქონდა საკუთარი ფრაზეოლოგია (128, 57). ამ ფრაზეოლოგიურ ერთეულებს შორის ერთ-ერთია ,,გულის სატრფო“. მკვლევარი ჩამოთვლის სხვა ფრაზეოლოგიურ ერთეულებსაც. ვფიქრობთ, საყურადღებოა, რომ ამ ჩამონათვალში არის ისეთი შესიტყვებებიც, რომლებიც გვხვდება გალაკტიონის ადრეულ შემოქმედებაში. ამგვარი სიტყვათშეთანხმებებია:

ა) სული ობოლი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის – ,,სული ობოლის“ სტრიქონის - “საბრალოა მხოლოდ სული ობოლი“ გამოძახილი აშკარად იგრძნობა გალაკტიონის 1908-1914 წლების შემოქმედებაში. მაგალითად, ლექსში ,,უდაბნო“ ვკითხულობთ:

“სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,
ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი“. (94, 158)

გარდა ამისა, გალაკტიონთან გვხვდება შესიტყვებები ობოლი სული (“მას თან მიჰყავდა ზეცისაკენ ობოლი სული“; (94, 81) // ,,მდუმარ საფლავებს ნაღველს შესჩივის / და შეწევნას სთხოვს ობოლი სული“ – (101, 66) და სულით ობლობა (,,სულით ობლობას კვნესოდა ქნარი“ – (102, 126).

შემდეგი პერიოდის შემოქმედებაში ამ შესიტყვებას შედარებით იშვიათად მიმართავს პოეტი. მაგალითად, იგი გამოყენებულია ლექსის ,,მაგრამ უკვდავი არის სამშობლო“ (დაბეჭდილია აკადემიური გამოცემის მეხუთე ტომში) ერთ-ერთ ვარიანტში (,,რას გიშავებდა სული ობოლი?” – ხელნაწერი #3339), მაგრამ არ არის ძირითად ტექსტში.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, როგორც ჩანს, ამ შესიტყვებას პოეტები ხშირად იყენებდნენ. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი: 1909 წელს, ჟურნალ ,,ფასკუნჯში” გამოქვეყნებულ ა. შანშიაშვილის ლექსში ,,მეგობარს“ არის ასეთი სტრიქონები:

,,ვინ შეგიფაროს სევდით მოცული?
ვინ განუგეშოს ობოლი სული“... (133, 12).

1910 წელს ჟურნალში ,,თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანნა გარე-კახელის ლექსი ,,მწუხარება“. ნაწარმოები ამ სტრიქონებით იწყება:

,,მარტო ვარ... მარტო, სულით ობოლი,
მქეჯნის და მტანჯავს სევდა, ნაღველი“. (23, 13)

ამავე კონტექსტში საყურადღებოა გალაკტიონის ერთ-ერთი უთარიღო ჩანაწერი, სადაც პოეტს ბეგლარ ახოსპირელთან შეხვედრის ამბავი ჩაუნიშნავს. აქვე ჩაუწერია ახოსპირელის მიერ წაკითხული ლექსიც. ვიმოწმებ ნაწარმოების ბოლო ორ სტრიქონს:

,,ეხლა აღარ ხარ... დაობლებული, ობლის სული ობლად ვალალებს

და რისხვა ჩემს თავს, რაღად გიგონებ, როს მოგონების ცრემლი მწვავს თვალებს“... (104, 243)

ბ) ფიქრთ გასართველი – ეს სიტყვათშეთანხმება გამოყენებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში ,,ფიქრნი მტკვრის პირას“:

,,წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად...“ (14, 95).

გალაკტიონის ლირიკაში ეს შესიტყვება პირველად გვხვდება 1914 წლით დათარიღებულ ლექსში ,,შორი ალერსი“:

,,გადამავიწყდა ჩემგან თქმული სიმღერა ძველად
და ახალ ჰანგებს ვეძიებდი ფიქრთ გასართველად...“ (94, 183).

ჩვენ მიერ ციტირებული სტრიქონების მსგავსება შეუნიშნავი არ დარჩენილა. თ. დოიაშვილი ამ სტრიქონების ნიკოლოზ ბარათაშვილის ფრაზასთან მსგავსების თაობაზე წერს: ,,როდესაც ვკითხულობთ გალაკტიონის სტრიქონს: ,,იქ ახალ ჰანგებს ვეძიებდი ფიქრთ გასართველად“, ცხადია, ნ. ბარათაშვილი გვახსენდება: ,,წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, იქ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად“. როგორც წესი, მსგავსება გავლენად აღიქმება. მაგრამ გალაკტიონის მიერ ძველ ფორმაში ახალი შინაარსია შეტანილი: ლირიკული სუბიექტი ბუნებაში თანაგრძნობას კი არა ,,ახალ ჰანგებს“ ეძიებს, რადგან მისთვის, როგორც უკვე ვიცით, განსვენების ერთადერთი სავანე პოეზიაა. ეს სტრიქონი სწორად მხოლოდ გალაკტიონის მიერ შემუშავებულ კონცეფციაში გაიაზრება, ბარათაშვილის ტრადიციული კონცეფციის ფონზე კი გავლენად აღიქმება“ (38, 484).

50-იან წლებში გალაკტიონს დღიურში ჩაუწერია ლექსი ,,[მტკვრის] დაბრუნება სანაპიროზე“. ნაწარმოებში ვკითხულობთ:

,,ვერვინ გადამიბირებს, ვერრა გადაბირებით.
მარად ოცნებაში ვარ, ჩემი მტკვრის ნაპირებით.
აქ ყოველდღე დავდივარ, მარტო, ფიქრთ გასართველად...
მტკვარო, მითხარ, რამდენი რჩევით და დაპირებით
მღერად წარგიტაცნივარ მე შენის ნაპირებით...“ (116, 175)

ლირიკული პერსონაჟის მტკვრის პირას გასვლა ფიქრთ გასართველად ბუნებრივია, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის - ,,ფიქრნი მტკვრის პირას“ გვახსენებს (,,წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად“). ამ ორ ტექსტს შორის სიახლოვე ადასტურებს, რომ გალაკტიონთან ეს შესიტყვება ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებიდან მომდინარეობს.

ამავე ასპექტით საინტერესოა გალაკტიონის კიდევ ერთი გამოუქვეყნებელი ლექსის დასაწყისი:

,,ო, სიმღერავ!

მტკვარო, ფიქრებ-გასართველო,

გამარჯობა გადატანილთ

ქარიშხალთა და ქართ ველო...“ (109, 322)

შესიტყვებას ,,ფიქრთ გასართველი“ გალაკტიონი არაერთხელ იყენებს. იგი გვხვდება 1935 წლით დათარიღებულ ლექსში ,,ზღვა-ზღვა, მთა-მთა“:

,,იმ შავბნელ ხანას
ფიქრთ გასართველი
აქ სამუდამოდ
ფრთა მოეკეცა...“ (97, 113)

ასევე, გამოყენებულია 1945 წლის 9 მაისს დაწერილ ლექსში ,,დილა გამარჯვებისა“:

,,არ დააცხრო, მერცხალო,
ხმები ფიქრთგასართველი:
სხვებთან ერთად თავს სდებდა
მეომარი ქართველი“. (98, 231)

გარდა ამ ლექსებისა აღნიშნული შესიტყვება გალაკტიონის არაერთი ნაწარმოების ვარიანტში გვხვდება, მათ შორის ,,მშვიდობის წიგნის“ ერთ-ერთ რედაქციაში (,,ბევრი რამ არის / ფიქრთ გასართველი“.)

ვფიქრობთ, საინტერესოა, რომ გალაკტიონის ერთ-ერთ ლექსში ეს შესიტყვება შეცვლილი სახითაა გამოყენებული:

,,მძლავრი და ჩქარი
თოვლიან ველად
დაეშვა ქარი
თოვლთ გასართველად“. (109, 18)

აქ, როგორც ვხედავთ, შესიტყვება სახეცვლილია. მისი ერთ-ერთ წევრი - ,,ფიქრი“ ჩანაცვლებულია ,,თოვლით“.

გალაკტიონი ამ სიტყვათშეთანხმებისთვის საგანგებოდ ეძებდა სარითმო ერთეულს. ძიების პროცესზე მიგვითითებს პოეტის შემდეგი ჩანაწერი:

 

,,ფიქრთ-გასსართველო... საქართელო. სამმართველო?

გადასართველო. უსართველო. ჩასართველო. განმმართველო“ (112, 465).

გ) ,,ბედის სამძღვარი“ - კიდევ ერთი სიტყვათშეთანხმებაა, რომელიც ბარათაშვილის ფრაზეოლოგიურ ერთეულად ითვლება. ,,მერანში“ გამოყენებული ეს შესიტყვება (,,გარდამატარე ბედის სამძღვარი“) გვხვდება გალაკტიონის 1914 წლით დათარიღებულ ლექსში ,,ოცნება ბორკილებში“:

“რომ მომცა ფრთები, ავფრინდებოდი,
გადავცდებოდი მე ბედის საზღვარს -
თავისუფლებას მივანიჭებდი
ფიქრთა ღელვას და გრძნობათ ნიაღვარს“... (94, 196)

გალაკტიონის ადრეულ შემოქმედებაში იგი განსხვავებული სახითაც არის გამოყენებული:

“და მას ზღვის ტალღა ეუბნებოდა:
“ოჰ, რატომა ხარ ეგრე თავხედი,
რომ ფიქრობ, თითქო გასცილდი საზღვარს
რასაც კაცთათვის ამყარებს ბედი“... (94, 73).

 

გალაკტიონის ადრეულ შემოქმედებაში ცხადად იგრძნობა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიკის გავლენის კვალიც. ვფიქრობთ, გალაკტიონის ადრეულ ლირიკაში ნ. ბარათაშვილის შემოქმედებიდან უნდა მომდინარეობდეს ლექსიკური ერთეულები ,,მარქვი“ და ,,წარიღე“. დავაკვირდეთ მათი გამოყენების შემთხვევას 70 ლექსში ,,ელეგია“ და შევადაროთ ნიკოლოზ ბარათაშვილის სტრიქონებს ლექსიდან ,,სულო ბოროტო“:

 

გალაკტიონი: ,,მარქვი, ოჰ, გველო, რად დაგჭირდა
რომ მოგეწამლა ყვავილოვანი სიყმაწვილე...“ (94, 169)

 

ბარათაშვილი: ,,მარქვი, რა იქმნენ საკვირველი ესე აღთქმანი...“ (14, 128)

 

გალაკტიონი: ,,დროო წყეულო, სად წარიღე ჩემი ფიქრები...“ (94, 169)

 

ბარათაშვილი: ,,სულო ბოროტო (...) სად წარმიღე სულის მშვიდობა“... (14, 128)

 

ბარათაშვილის ლექსიკის გავლენა იგრძნობა გალაკტიონის ერთ-ერთ პირველ ნაწარმოებში, რომელიც პოეტს 1908 წელს გამოუქვეყნებია, თუმცა იგი შეტანილი არ არის არც აკადემიურ და არც საარქივო გამოცემაში. ეს გახლავთ ,,რომანსი“ (დაბეჭდილია ჟურნალ ,,საქართველოს“ მეშვიდე ნომერში).

 

გავეცნოთ ტექსტს:

 

რომანსი

 

გახსოვს ბუნება აყვავებული,
ტყე და მინდორი ამწვანებული?
მაშინ ჩვენც გვრწამდა, ჩვენცა გვალხენდა
ქვეყნად სიცოცხლე და გაზაფხული!..


ეხლა ბუნებამ ფერი იცვალა -
შემოდგომაა, ზუზუნებს ქარი...
განქრა ყოველი, რაც კი გვალხენდა,
განქრა, წარვიდა
,
როგორც სიზმარი... (107, 16)

 

შევადაროთ ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებს: ,,განქრა ტაძარი...“ (14, 115), ,,ეს ღამეც წარვიდა...“ (14, 179).

 

ნიკოლოზ ბარათაშვილიდან უნდა მომდინარეობდეს მიმართვა ,,ჰე ცაო, ცაო“, რომელიც გამოყენებულია გალაკტიონის 1911 წლით დათარიღებულ ლექსში (გამოქვეყნდა ჟურნალ ,,განათლების“ მეშვიდე ნომერში) ,,პირველი ენკენისთვე“:

 

,,მომეცი ძალა გევედრები, ჰე ცაო, ცაო!
რომ შევასრულო წმიდად ჩემი დანიშნულება“... (106, 421)

 

გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვები ლექსიდან - ,,შემოღამება მთაწმინდაზედ“:

 

,,ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული...“ (14, 88)

 

ამავე მიმართვას იყენებს გალაკტიონი ერთ-ერთ გამოუქვეყნებულ ლექსში:

 

,,ჰე, ცაო, ცაო! მითხარ ლოცვა ჩემი სად სწყდება...

სად, ვისთან სცოცხლობს... სცოცხლობს ისევ თუ მიიძინა?“ (109, 328)

სავარაუდოდ, ნ. ბარათაშვილის შემოქმედებიდან უნდა შეეთვისებინა გალაკტიონს არა მხოლოდ შესიტყვებათა ინვერსიული სახით გამოყენების, არამედ პოეტური განმეორების ხერხიც.

როგორც აკაკი ხინთიბიძე აღნიშნავს, განმეორება გალაკტიონის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი სტილისტიკური ხერხია და იგი აქტიურ როლს თამაშობს პოეტის მხატვრულ-გამომსახველობით სისტემაში“ (158, 135).

განმეორება გალაკტიონის ლირიკაში იმდენად შთამბეჭდავია, ისეთი მასშტაბების მქონეა ამ პოეტური ხერხის გამოყენება (მეორდება ცალკეული სიტყვები, შესიტყვებები, ფრაზები, სტრიქონები), რომ შეუძლებელია, დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ ეს ხერხი ნამდვილად ნ. ბარათაშვილიდან შეითვისა პოეტმა. თუმცა, არის ერთი ფაქტი, რაც ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს. გალაკტიონი ადრეული ლირიკის რამდენიმე ნიმუშში იმეორებს სიტყვას “შორს“:

ლექსი ,,მთვარე კაშკაშებს“ (1908 წელი):

“შორს, შორს მიტაცებს ცისა სიტურფე,
მისი სიმშვიდე და მყუდროება“... (94, 47)


ლექსი ,,ფიქრი“ (1909 წელი):

“კოხტად შემკული,
დადუმებული,
შორს, შორს გასცქერის ცისა მწვერვალი“ (94, 66)

ლექსი ,,შემოქმედება“ (1909 წელი):

“ეს მაშინ არის, როცა აზრი
მიჰქრის შორს, შორს, შორს

და ლტოლვა გულში დაგუბული
ეძლევა შვებას...“ (94, 77)

ეს სიტყვა მეორდება ნ. ბარათაშვილთანაც: “და თვალნი რბიან შორად, შორად ცის დასავალსა...“ (14, 69). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “ფიქრნი მტკვრის პირას“ ამ სტრიქონმა გაამახვილებინა გალაკტიონს ყურადღება აღნიშნულ სტილისტიკურ ხერხზე, დროთა განმავლობაში კი ისე გაითავისა იგი პოეტმა, რომ თავისი ლირიკის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად აქცია.

ამგვარად აისახა ნიკოლოზ ბარათაშვილის მხატვრული მეტყველების თავისებურებები, გალაკტიონ ტაბიძის ადრეულ შემოქმედებაში. როგორც ვნახეთ, გალაკტიონთან ხშირად ვხვდებით ბარათაშვილისეულ ფრაზეოლოგიზმებს, შესიტყვებებსა და ლექსიკურ ერთეულებს, თუმცა, ეს მსგავსება არ ნიშნავს შინაარსობრივ თანხვედრას, პირიქით, გალაკტიონი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას, მის პოეტურ ენას გარკვეული მიზნით მიმართავს, რაც ნაჩვენებია შემდეგ ქვეთავებში, სადაც გალაკტიონის ადრეული ლირიკის ცალკეულ ნიმუშებს ვაანალიზებთ.

3 3. სულით ობლობის მოტივი გალაკტიონ ტაბიძის ადრეულ ლირიკაში

▲ზევით დაბრუნება


3. სულით ობლობის მოტივი გალაკტიონ ტაბიძის ადრეულ ლირიკაში

ართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული თვალსაზრისის თანახმად, ,,სულით ობოლის“, მიუსაფარის ცნება გალაკტიონის პოეზიაში ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან შევიდა (80, 43).

სულით ობლობის მოტივის მიხედვით, გალაკტიონის შემოქმედებას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკასთან არაერთი მკვლევარი აკავშირებს, ითვლება, რომ თავისი შინაგანი ბუნებით, ხასიათითა და განწყობილებით გალაკტიონი სწორედ ბარათაშვილის “სული ობოლის“ პირდაპირი შთამომავალია (7, 22).

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში ამ მოტივის განსახოვნების მხრივ უმნიშვნელოვანესია ლექსები ,,სული ობოლი“ და ,,ვპოვე ტაძარი“; გარდა ამისა, სულიერი ობლობის განცდა შთამბეჭდავად არის გამჟღავნებული პოეტის მიერ მაიკო ორბელიანისადმი გაგზავნილ წერილში: ,,ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენც იცი, დიდი ხანია ობოლი ვარ... სიცოცხლე მამძულებია ამდენი მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაც, დებიც, მრავალნი მონათესავენი და მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში!.. სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?..“ (14, 176)

სულით ობლობის მოტივის არსებობა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში ამგვარად არის ახსნილი: ,,სამყაროს წვდომის, არსებობის მიზნის, სიცოცხლის საზრისის ძიების პროცესში სულიერი სიცარიელის განცდა პოეტში იწვევს ცნობიერების შინაგან კონფლიქტს, რაც საბოლოოდ საზოგადოებასთან, გარე სინამდვილესთან მის კონფლიქტშია გადაზრდილი. ასე ისახება ნ. ბარათაშვილის სულში სულიერი მარტოობის მოტივი, რაც თემატურ გამეორებათა სხვადასხვანაირი ვარიაციით ფორმირდება მის პოეზიაში ,,სულიერი ობლობის თემად“ (43, 207).

გალაკტიონის ადრეულ ლირიკაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ პოეტზე უდიდესი შთაბეჭდილება მოუხდენია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის - “სული ობოლის“ სტრიქონებს.

გალაკტიონის არაერთი ნაწარმოების პერსონაჟი სულით ობოლია, მას ჯერ კიდევ ყრმობისას უგრძვნია მარტოობა, დაუკარგავს რწმენა და სიხარული; იგი ვერ ურიგდება “უსაზღვრო მარტოობას“ და ამაოდ ელოდება მშველელსა თუ თანამგრძნობელს; გალაკტიონის ლირიკული გმირისათვის ,,ზღვა-უდაბნოა მთელი სოფელი“, მისი ქნარი ,,სულით ობლობას მღერის“, ხანმოკლე, წუთიერი შვება ვერაფერს ცვლის:

,,ხანდახან ღვინით სავსე ფიალით
მოკლე ხნით გათრობს ოცნებათ ზოლი,
მაგრამ რას აქნევ წუთიერ შვებას...
შენ სულითა ხარ ქვეყნად ობოლი“. (93, 146)

მისთვის უცხო არ არის განცდა

,,როცა უცხო ხარ მთელი სოფლისთვის
და უცხო არის შენთვის სოფელი.“ (93, 146)

სულიერი ობლობით, მარტოობით აღძრული ფიქრების განდობაა ლექსი ,,სად?“ მისი პერსონაჟი მიუსაფარია, როგორც თვითონ ამბობს:

,,მარტოდ–მარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურ ხატებათ სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა...“ (94, 154)

მარტოობის განცდას, საზოგადოებისაგან გაუცხოებას ამგვარ ახსნას უძებნის გალაკტიონის ლირიკული გმირი:

,,ის ყოველთვის მარტო არის ვისიც სული, ვისიც გრძნობა,
ფაქიზია და ქვეყნიურ გატაცებებს ვერ ენდობა“. (93, 167)

სულით ობლობის განცდა ყველაზე შთამბეჭდავად 1914 წლით დათარიღებულ “უდაბნოშია“ გამოხატული. სწორედ ამის გამო მიიქცია აღნიშნულმა ნაწარმოებმა ივ. გომართელის ყურადღება. გალაკტიონის პირველი წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: ,,...სიყმაწვილის ოცნებანი განქრენ და დღეს კიდეც რომ უნდოდეს, მაინც აღარ შეუძლია ზეცისაკენ ხელები აღაპყროს, აი აქ პოეტის სული განიცდის სრულ მარტოობას, ობლობას და უნუგეშობას. ეს მარტოობა, სულის ობლობა ტაბიძეს საუცხოვოდ აქვს გამოქანდაკებული განსაკუთრებით “უდაბნო“–ში. ძლიერი, ღრმა გრძნობა თვისებაა პოეტისა. ვისაც ეს არ ახლავს, ის არ არის პოეტი, რაგინდ დახელოვნებულიც იყოს ლექსთა შეწყობაში“ (28, IX).

“წაიკითხეთ “უდაბნო“ და თქვენ იგრძნობთ თუ რა არის მარტოობა სულისა“ (1, 230), - ვფიქრობთ, ალ. აბაშელის ამ სიტყვებში იგრძნობა მინიშნება ნ. ბარათაშვილის ლირიკაზე. მსგავსი მინიშნებაა აკაკი ხინთიბიძის წიგნშიც. მკვლევარი ამ ნაწარმოების შესახებ წერს, რომ ,,უდაბნო“ ყოველგვარი პირობითობისაგან თავისუფალი ღაღადისია დაობლებული სულისა“ (158, 8).

ამავე ნაწარმოების შესახებ ტიციან ტაბიძის წერილში ვკითხულობთ: “ეს ლექსი საუკეთესოთაგანია, აქ პოეტი თვრება მარტოობით... ნ. ბარათაშვილის შემდეგ ბალიშს ცრემლით ეს ლექსი დაგვასველებინებს“... (124, 322). წლების შემდეგ მსგავს თვალსაზრისს გამოთქვამს დ. ბენაშვილი. იგი განიხილავს “უდაბნოს“ და ამბობს: “ჩვენ აქ მოწმენი ვართ დიდი ადამიანის დიდი სევდისა, რომელიც შორეული ასოციაციებით ეხმაურება ნიკოლოზ ბარათაშვილის გენიას“ (19, 45).

ლექსის სათაური “უდაბნო“ ნ. ბარათაშვილის ნაწარმოებს - “ვპოვე ტაძარი“ - გვახსენებს, სადაც ტაძარი ქრება და ლირიკული გმირი უდაბნოში რჩება. გალაკტიონთან არსად ჩანს ტაძარი, პერსონაჟის გარშემო მხოლოდ უდაბნოა. ლირიკული გმირი გვიმხელს, რომ იგი სიყმაწვილეშიც სულით ობოლი იყო, დროსა და ჟამს არ გაუნელებია მისი წამება, იგი ახლაც მარტოა, სრულიად მარტო, რადგან მთელი ქვეყანა უდაბნოდ ქცეულა მისთვის. პერსონაჟს არავითარი მიზანი არა აქვს, ყველაფრისადმი გულგრილია, არ სურს მისწვდეს “მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს“ (აქ ერთი მხრივ, დაპირისპირებაა “მერანთან“, რომლის ლირიკული გმირი ყველაფერს თმობს ბედის საზღვრის გადასალახად, მეორე მხრივ – გალაკტიონის ლირიკასთან – მისი ადრეული შემოქმედების ერთ-ერთი მოტივი ხომ უსაზღვროებისკენ ლტოლვაა. გავიხსენოთ, თუნდაც, “ოცნება ბორკილებში“). დაეჭვების საგნად ქცეულა პოეზიაც: “ვიმღერო? ჩემთვის რაა ჩემი სიმღერა?“ - გვეკითხება იგი. ლირიკული გმირი დარწმუნებულია, რომ შორს ვინმე ტკბება მისი სიმღერით და იგი მის სიმღერას “მიჰყავს“, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ჩანს ის, ვისაც (ან რასაც) ,,გაჰყვება“ პოეტი. (“მე ვის გავყვე ჩემი წამებით“).
 

თუ გალაკტიონის “უდაბნოსა“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსს - “სული ობოლი“ - შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ გალაკტიონთან სულით ობლობის მოტივი უფრო მეტად არის გამძაფრებული და შესაბამისად, ,,უდაბნო“ განსაკუთრებული შთამბეჭდაობით გამოირჩევა. ამას არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის ისიც, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში ლირიკული გმირის ზოგადი მსჯელობაა გადმოცემული, გალაკტიონი კი კონკრეტული პერსონაჟის განცდებს გადმოგვიშლის. ნ. ბარათაშვილთან რჩება იმედი, რომ სულით ობოლი ადამიანი ძნელად, მაგრამ მაინც იპოვის ტოლს (,,ძნელღა ჰპოვოს, რა დაჰკარგოს მან ტოლი“), გალაკტიონთან კი ეჭვია გაბატონებული:
“ან მეგობარის თუ მომესმას ნეტარი ხმობა,
შემეძლება კი სიყვარული და მეგობრობა?“ (94, 159)

როგორც აღნიშნავენ, “ამ ლექსს არაერთი ძაფი აკავშირებს ბარათაშვილის ლირიკასთან (მოტივები, სახეობრიობა, ლექსიკა), მაგრამ ახალია უარყოფის ყოვლისმომცველი პათოსი, როგორც ნიშანი ახალი ცნობიერებისა“ (37, 328).
 

სულით ობლობის მოტივი გალაკტიონის ადრეული ლირიკის ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. იგი მხოლოდ ლიტერატურული გზით შეთვისებული არ უნდა იყოს* ამ შემთხვევაში "დასავიწყებელი არ არის ეროვნული, ყოფით-სოციალური თუ სულიერ-ფსიქოლოგიური ხასიათის რეალური ფაქტორები, რაც გალაკტიონისათვის ნიშანდობლივი გულწრფელობით არის გამჟღავნებული ამ პერიოდის პირად წერილებში" (37, 321).   * ეს ბუნებრივია, მარტოობის განცდა ხომ პოეტის სულიერი განწყობილებაა და ამ განწყობილების ლიტერატურული წყაროს ძიება აუცილებელი არ არის, როდესაც ამ თვალსაზრისით გალაკტიონის ნ. ბარათაშვილის პოეზიასთან მიმართებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ლექსიკური და ფრაზეოლოგიური დამთხვევები სულით ობლობის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ სულით ობლობის განცდა ზოგადად, რომანტიკოსი პოეტებისათვისაა დამახასიათებელი და ამას გარკვეული მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მიზეზი ისტორიული ვითარებაა. საყურადღებოა ისიც, რომ გარკვეულ პარალელებს ავლებენ ნ. ბარათაშვილის ეპოქასა და გალაკტიონის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის პერიოდს შორის (158, 3).

აქ არაერთი წერილის ტექსტის დამოწმება შეიძლებოდა, მაგრამ, ვფიქრობთ, პოეტის სულიერ მდგომარეობაზე ყველაზე უკეთესად შემდეგი სტრიქონები მეტყველებს:

“...ამ ბოლო დროს რაღაც უჩინარი სენი მეპარება. საშინელი სენი მარტოობისა, ესეც ხომ თავისებური ავადმყოფობაა! და, ვით სიკვდილით დასჯილი სახრჩობელას წინ, თვალით ვეძებ მონათესავე სულს, საშინელებაა.

აშკარად ვგრძნობ ჩემი სულის ობლობას, ჩემს მარტოობას...

მე დღეს შესაძლებელია ორასი ადამიანი ვნახო და დაველაპარაკო, შეიძლება გული გადაუხსნა კიდეც წუთის გავლენის ქვეშ... და მაინც მარტო ვარ.

და მგონია, არც კი მიყვარს ვინმე...
მარტო ვარ, მარტო...
რა გაეწყობა
მარტო ვარ... მარტო“. (104, 540)

ეს სიტყვები 1911 წელს დაწერა. ალბათ, მხოლოდ ამ წერილის წაკითხვაც საკმარისია იმისათვის, რომ ითქვას: სულით ობლობის მოტივის არსებობა გალაკტიონის ადრეულ ლირიკაში არ არის მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან მიღებული შთაბეჭდილების შედეგი.

გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ გალაკტიონის ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლის დროს სულით ობლობის მოტივი არაერთ ავტორთან შეინიშნება. უპირველესად უნდა გავიხსენოთ გალაკტიონის მეგობარი დიმიტრი (ქუჩუ) ქავთარაძე, რომელიც დემონის ფსევდონიმით წერდა. ქუჩუ ქავთარაძე სულით ობლობის რაობას განუმარტავს მკითხველს ლექსში ,,ნაწყვეტი“:

,,ობოლი ვარ, მთლად უმწეო,
გულს ნაღველი მეფინება...
ობოლი ვარ... არ მყავს ვინმე
ფიქრებისა მოზიარე,
ვის აუხსნა გულის დარდი
განუმარტო ტანჯვა მწარე!“ (135, 76).

XX საუკუნის დასაწყისში დაიბეჭდა იმ დროისათვის ცნობილი პოეტის - ვარლამ რუხაძის უსათაურო ლექსი, რომელიც ასე იწყება:

,,ჭმუნვამ შემიპყრო! ობოლი
სული შეირყა ძალზედა,
გულს კაეშანი ეწვია,
ცრემლი მომაწვა თვალზედა...“ (83, 297).

ამავე ასპექტით საყურადღებოა 1909 წელს ,,ივერიაში“ გამოქვეყნებული (#7) ბარბარე ხერხეულიძის ლექსი ,,პატარა სურათი ჩვენის ცხოვრებიდამ“, რომელშიც აშკარად შეინიშნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკასთან კავშირის კვალი:

,,სულით ობოლი, გონებით უნდო
გულით მშფოთარი, გამწარებული,
უფრთხის ყოველ კაცს ადამიანი,
ვითა ნადირი დაშინებული“. (156, 261)

როგორც გალაკტიონის ადრეული ლირიკის ენაზე საუბრისას ითქვა, შესიტყვებას ,,სული ობოლი“ (გარკვეული ცვლილებებით) XX საუკუნის დასაწყისში პოეტები ხშირად მიმართავდნენ. იგი გვხვდება არამარტო ზემოთ ციტირებულ ტექსტებში, არამედ სხვა არაერთ ავტორთან, მათ შორის ა. შანშიაშვილის, ანნა გარე-კახელისა და ბეგლარ ახოსპირელის ნაწარმოებებში (ეს ტექსტები დამოწმებული გვაქვს წინა ქვეთავში, რომელიც გალაკტიონის ადრეული ლირიკის ენას ეძღვნება).

როგორც ჩანს, პოეტთა ინტერესის საგანი იყო არამხოლოდ ნ. ბარათაშვილის ლექსები, რომლებიც სულით ობლობის თემაზეა დაწერილი, არამედ რომანტიკოსი პოეტის პირადი წერილებიც. ამაზე მეტყველებს ლევან ციციშვილის 1904 წელს გამოქვეყნებული უსათაურო ლექსი ,,კიდევ ფიქრები, მწარე ფიქრები“, სადაც ნათქვამია:

,,სით მოვუპოვო სულსა მშვიდობა,
სად მოვიდრიკო თავი სნეული?“ (142, 383)

შევადაროთ ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებს ჩვენ მიერ უკვე დამოწმებული წერილიდან: ,,სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?“

სულით ობლობის მოტივი გალაკტიონის ადრეული ლირიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი მოტივია. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში საინტერესოა ერთი ფაქტი: გალაკტიონის უსათაურო ლექსი ,,ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში“ სიახლოვეს ამაჟღავნებს ამერიკელი პოეტის - ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოს ნაწარმოებთან - ,,ისარი და სიმღერა“. ლირიკული გმირი ორივე ლექსში მეგობრის გულში პოულობს დაკარგულ (დავიწყებულ) სიმღერას.

შევადაროთ.

გალაკტიონი:

,,ხანი გავიდა, გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული“. (94, 126)

ლონგფელო:

,,And the song, from beginning to end ,
I found again in the heart of a friend“. (169, 68).
(სიმღერა კი, თავიდან ბოლომდე,
მე კვლავ ვიპოვე მეგობრის გულში).

ეს მსგავსება შეუნიშნავი არ დარჩენილა. ნაწარმოებებს შორის კავშირზე ი. კენჭოშვილმა მიუთითა. “ლონგფელოს ლექსის “სიმღერა და ისარის“ ვარიაციაა გ. ტაბიძის “სიმღერა“, - წერს მკვლევარი (125, 281).

ნაწარმოებთა შედარების შედეგად ირკვევა, რომ ტექსტებს შორის, გარდა მსგავსებისა მნიშვნელოვანი შინაარსობრივი განსხვავებაც შეინიშნება. ,,ისარი და სიმღერა“ სამი სტროფისაგან შედგება: პირველ და მეორე სტროფში ისრისა და სიმღერის დაკარგვის, ხოლო მესამეში - მათი პოვნის შესახებ გვიამბობს ლირიკული გმირი:

,,На воздухъ я стрелу спускалъ,
Где та упала, я не зналъ,
Въ полете молний быстрей
Могъ разве взоръ поспеть за ней?

На воздухъ песню я шепталъ,
Где та исчезла, я не зналъ,
Кто жъ вдаль таък быстро взоръ метнетъ,
Чтобъ песни проследить полетъ?

Вонзенной въ дубъ, года спустя
Цела нашлась стрела моя;
И въ сердце друга сбереглась
Моя вся песнь и вновь нашлась“. (164, 79)

გალაკტიონთან ისრის შესახებ არაფერია ნათქვამი. აქ დაკონკრეტებულია ის, თუ რა ვითარებაში იპოვა ლირიკულმა გმირმა სიმღერა (,,ერთხელ, როდესაც გზად მივდიოდი, /მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი“...) და, რაც მთავარია, გამჟღავნებულია ,,გადავიწყებული“ სიმღერის შინაარსი: ,,ჩემი სიმღერა ქვითინი იყო, /სულით ობლობას კვნესოდა ქნარი“, - წერს პოეტი. სწორედ სულით ობლობის, მარტოობის მოტივი განასხვავებს გალაკტიონის ლექსს ლონგფელოს ნაწარმოებისაგან.

როგორც ჩანს, გალაკტიონის ყურადღება ლონგფელოს ნაწარმოების ბოლო ფრაზამ მიიპყრო. მან ეს სტრიქონები თავის ლექსში გაიმეორა, მაგრამ ნაწარმოებთა შორის მსგავსება მხოლოდ ამით შემოიფარგლება. ქართველი პოეტი ამერიკელი მწერლის სიტყვებს განსხვავებულ, თავისი ლირიკისათვის ნიშანდობლივ კონტექსტში ათავსებს, საკუთარი პოეტური სისტემის ელემენტად აქცევს. საყურადღებოა, რომ ეს ხდება ნაწარმოებში სულით ობლობის მოტივის შეტანის შედეგად. სწორედ ამ მოტივის არსებობა გვაძლვს საფუძველს, ითქვას, რომ ,,ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში“ არ არის ლონგფელოს ლექსის უბრალო ვარიაცია, იგი დამოუკიდებელი პოეტური ნაწარმოებია.