The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ახალი ევროპა

ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/387978

სათაური: კავკასიონი N3-4

ავტორები: სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირი

გამოცემის თარიღი: 1924

გამომცემელი: თბილისი : მწერალთა კავშირის საბჭო

აღწერილობა: ყოველთვიური ჟურნალი

მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

შესულია კოლექციებში: ახალი კავკასიონი

კონსტანტინე გამსახურდია.

ახალი ევროპა

ლიტერატურული პარიზი

რევაზ მაჩაბელს, ა. ჭუმბაძეს და ერეკლე ტატიშვილს ვუძღვნი ამ სტრიქონებს.

I მითოსს მოკლებული დრო.

ევროპიული კრიზისი!

ეს სიტყვა გასცვდა მწერლების პირში. ნახევარი საუკუნე კრიზისის ანალიზი ფრიდრიჰ ნიცშემ წამოაყენა ეს პრობლემა ევოპიული კრიზისისა. მისმა თანამედროვეობამ სიგიჟეში ჩამოართვა მას ეს მისნური ნათელხილვა. ნიცშე ჰგრძნობდა ათასეული წლის უღელტეხილთან მიღწევას, გაუგონარ კატასტროფას, რომლის სახელი თვით არ იცოდა. ამ კრიზისის კონტურები ჩვენი თანადროულობისთვის უფრო ხელშესახები გაჰხდა.

ეგებ ნიცშეს კატასტროფა, ეს იყო ხუთი საუკუნის ინდივიდუალური წყობილების აღსასრული?

შუბლით ვეხლებით ახალ დროს; მისი საუკეთესო ეპიტაფიაა: მითოსს მოკლებული დრო.

მიზეზები შეიძლება უფრო შორს ვეძიოთ.

რენესანსი.

მისი დამსახურება? მან ადამიანი თეოლოგიის არტახებიდან გაანთავისუფლა. გაანთავისუფლა, მარტო დასტოვა. ვინ იტყვის ასეთი განთავისუფლება უფრო მძიმეა, თუ მარტოობის ტრაგედია?!

საშუალო საუკუნე–ღმერთთან თანაზიარობა. ღმერთთთან თანაზიარობის მოგვი — ეკლესია. მას ექვემდებარებოდა: სახელმწიფო. მეცნიერება. ხელოვნება.

ამის ნაცვლად განთავისუფლებულ ადამიანობას ხელში შერჩა უფლება მარადიული ადამიანისა... ამ უფლებიდან იწყება ინდივიდუალიზმი. ამ უფლებაში — ჩვენი დროის იმპერიალიზმი. კაპიტალიზმი. აქედანვე იწყება დაუსულებელი ევროპიული კრიზისი. ამ მოვლენას ვერც მწერალი და ვერც მკითხველი გვერდს ვერ ჩაუვლის.

საერთო ფონი თანამედროვე ევროპისა: მეცნიერებაში რელატივიზმი. ხელოვნებაში ფუტურიზმი და დადაიზმი. ყალბი ცივილიზაცია. უსულო მექანიზმი. უკანასკნელმა ომებმა და რევოლიუციებმა ყველა დაარწმუნა, რომ „ასე არ შეიძლება“. რომ ახალი უნდა იშვას. ცხადია თანამედროვე ევროპის მწვავე ტკივილები ახალი ღმერთის შობით უნდა იქნეს გამოსყიდული.

II ლათინიზმი თუ გერმანიზმი.

გასული საუკუნის მეორე ნახევარიდან გერმანია უწევს ევროპას ინტელექ– ტუალ დირიჟორობას. ევროპის ჰეგემონიას გერმანია პოლიტიკურადაც ესწრაფებოდა განახლებული იმპერიის პირველი დღეებიდან. გერმანიის ტრაგედია სწორედ ის არის, რომ იგი თუმცა ფაქტიურად დამარცხებულია, მაგრამ იგი არა ჰგრძნობს თავს დამარცხებულად. პუანკარემ ერთ-ერთ სიტყვაში განაცხადა კიდევაც: რურის ამბები მხოლოდ იმისთვის იყო აუცილებელი, რომ გერმანიას დამარცხება ეგრძნოვო.

პოლიტიკური ვითარება ტონის მიმცემია კულტურის მსვლელობისათვის. ინგლისელი ესთეტიკოსი უალდი ამტკიცებდა, თითქოს ხელოვნების გავლენა იყოს პრიმერული. შეცდომაა. ისტორიის ასპარეზზე პრიმერული მნიშვნელობა პოლიტიკურ მომენტს ჰქონია ყოველთვის. არც ერთი არტისტული შკოლა არ წარმოშობილა პოლიტიკური ატმოსფერისაგან დამოუკიდებლად. თუნდაც სიმბოლიზმი!

70-71 წლების დამარცხებამ წარმოშვა საფრანგეთში სიმბოლიზმის უნუგეშო ფილოსოფია. პოლიტიკური კატასტროფა მუდამ წინ უსწრებს სულიერ რენესანს. პოლიტიკურმა დამარცხებამ უკანასკნელ მსოფლიო ომში სავსებით შეარყია გერმანიის სახელმწიფო; რევოლიუციის დემონს მუდამ თან ახლავს დაუცხრომელი ძიების დემონი. იგი ხელოვნებაშიაც შეიჭრება.

1918 წლის გამარჯვებამ განამტკიცა საფრანგეთის ბურჟუაზიული რესპუბლიკა... ამ ფაქტმა გაანელა რადიკალიზმი ხელოვნებაში. საფრანგეთის როგორც ლიტერატურაში, ისე მხატვრობაში ტრადიციონალიზმია გამეფებული.

1923 წელს მე ვნახე ბერლინში პიკასოს და ბრაკის მოწაფეების სურათები. გერმანელი მოწაფეები უფრო რადიკალური აღმოჩნდნენ, ვიდრე თვით პიკასო და ბრაკი. — როლები შეიცვალნენ.

საფრანგეთი, რომელიც რევოლიუციის კერა იყო მე-18 საუკუნეში, დღეს „ანსიან რეჟიმის“ ციხე-სიმაგრედაა ქცეული. ამ გარემოებამ „რეაქცია“ გამოიწვია ხელოვნების ყველა დარგში. მარინეტი ამ ჟამად დადუმებულია ჩამქრალი ვულკანივით. პარიზში არავითარი გავლენა არა აქვთ არც ფუტურისტებს, არც დადაისტებს, არც ექსპრესიონისტებს. უკანასკნელთ ომის დროს მეტი რეზონანსი ჰქონდათ. რევოლიუცია და ომი უდიდესი განმანაყოფიერებელი ფაქტორებია. ეს მომენტი ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე მათი პრაქტიკულ-პოლიტიკური შედეგები.

70-71 წლის საფრანგეთის კუ დ’ეტამ სიმბოლიზმი წარმოშვა. 1918 წლის გერმანიის რევოლიუციამ ექსპრესიონიზმის გაძლიერებას შეუწყო ხელი.— აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე მოძრაობას ნიცშემ მისცა იმპულსი.

ფრანგ-გერმანელთა დაპირდაპირებისთვის. არა მარტო სიმბოლიზმი, თვით ჰიპოლიტე ტენის და ემილ ზოლას ნატურალიზმის სათავეები გერმანიაში უნდა ვეძიოთ, რადგან საფრანგეთის ნატურალიზმის მამამთავარი – ტენი ჰეგელიდან გამოვიდა. გერმანია, როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი, უდიდესს ზედგავლე– ნას ახდენს საფრანგეთზე, როგორც ლიტერატურაში, ისე სოციალურ ცხოვრებაში (მარქსიზმსა და მეცნიერულ სოციალიზმს რომ თავი დავანებოთ). თვით დღევანდელი საფრანგეთის ტონის მიმცემი ანრი ბერგსონი ნიცშეს ინტელექტულური ვასალია. მიკერძოება რომ არ დამწამონ თვით ფრანგ მწერალს ვალაპარაკებ: La plupart des grandes idees, les grandes coneeption bergsoniens, sont en germe, sinon toujour developées, dans les oevres philosophique de Nietzche*).

* ბერგსონის დიდი იდეების, დიდი აზროვნული კონცეპციების უმთავრესი ნაწილი ერთგვარი იდეური დვრიტის სახით (თუმცა ხშირად კონსექვენტურად განუვითარებელნი) მოცემულია ნიცშეს ფილოსოფიურ ქმნილებებში. Henri Bateaux, Mercure de France. 1918. 16. III.

თუ მე-18 საუკუნეში ინგლისის სანიშნოებით მიდიოდა ევროპის კულტურა, სოციალურ ცხოვრებაში საფრანგეთი იყო ავანგარდი. ჰეგელიდან დღემდის, თუმცა უჩინარად, მაგრამ არსებითად გერმანია მიუძღვის წინ ევროპიულ კულტურას. ლიტერატურაში, ფილოსოფიაში, მუსიკაში, სოციალურ ცხოვრებაში, გერმანია იძლევა ახალ იდეებს. ერთადერთი დარგი ხელოვნებისა, რომელშიაც საფრანგეთს შერჩა უპირატესობა, ესაა მხატვრობა, საერთოდ პლასტიური ხელოვნება,

გერმანია -საფრანგეთის დაპირდაპირება უმწვავესი პრობლემაა ევროპის კულტურათა პირველ დღეებიდანვე. ბრძოლა გერმანიზმსა და ლათინიზმს შორის მთავარი მოტივია ევროპიულ განვითარებაში დანტედან ჩვენ დრომდის. გერმანელობისა და ფრანგობის ბრძოლა, ეს მისტიციზმისა და ნათელი რაციონალიზმის, კატოლიციზმის და პროტესტანტიზმის დაუსრულებელი ჭიდილია.

გერმანელი იდეალისტია, ფრანგი იდეოლოგი. გერმანელი ბუნებით მისტიკოსია, ფრანგი ბუნებით რაციონალისტი. ფრანგული გენია თავის ლოღიკური და ნათელი კონცეპციებით გაცილებით ახლოა ბერძნებთან, ვიდრე გერმანელი. ფრანგებისათვის სრულიად გაუგებარია გერმანული ტიტანიზმი, სულიერი მარტვილობანი და ძიებანი დოქტორ ფაუსტისა. ფრანგი უფსკრულებს და სიბნელეს ერიდება, რადგან მისი ხალხური ნატურელი მარჩხაა. მაჩვენეთ თუნდ ერთი, ეგზომ აღტყინებული, ბობოქარი მსოფლიო ისტორიული სტიქიონი საფრანგეთში, როგორც ლუთერი.

დუელი სამყაროსთან ახასიათებს როგორც ლუთერს, ისე ნიცშეს.

გერმანელი მუდამ კოსმიურ პრობლემების ბორბალზეა დაბმული. გერმანელების სულიერი ტრაგიზმი ექსპანსიურობით განისაზღვრება. უბსკრულების თავზე ზარატუსტრას დაკოდილი არწივების ქროლვა. ბეთხოვენისებური „ყელს მოგეხვევით მილლიონებო!“.

აი რა არის გერმანელობა.

ფრანგული ხელოვნება ნაციონალურია თავის შინაარსითა და ფორმით. გერმანული ფორმით — ნაციონალური, შინაარსით კოსმიური. ფრანგული სულობა მუდამ ნაციონალურ არტახებითაა შებოჭვილი, გერმანელობა მუდამ კოსმიურ მერიდიანებს უმიზნებს. ფრანგი სუბიექტივისტია. აქედან: ფრანგული სული ლირიკული, გერმანული–ეპიური.

ფრანგული რევოლიუცია, ეს იყო პიროვნების ამბოხი სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ. რობესპიერის და მარატის რევოლიუციონური ტირადები უასაკო გიმნაზიელის მონოლოგებია ლუთერისა და ნიცშეს რევოლიუციონერობასთან შედარებით. გერმანულ შეგნებაში პიროვნება მუდამ ზვარაკია სახელმწიფოს ღმერთის, ეთიური იდეალის ტრაპეზზე.

კანტმა და გერმანელობამ შეჰქმნეს მოვალეობის აპოლოგია. ეს მოვალეობის ფილოსოფია არავის ისე არ ესმის, როგორც თვით გერმანელობას. ამიტომაც, არც ერთ არა-გერმანულ პოლიუსზე არ ესმით კანტი, ამიტომაც არც ერთ კულტურულ ენაზე არ არსებობს კანტის წმინდა გონების კრიტიკის ზუსტი თარგმანი. გერმანელობა ცოცხალი, მისტიური მოდგმაა ევროპიული ცივილიზაციის შუადღეში. ალიგიერი დანტე გერმანელ კეისარს უხმობდა მსოფლიოს მოსარჯულებლად. ამიტომაც გერმანული მესიანიზმი არა გერმანელ დანტესგან იწყება.

გერმანელი მარადიული ღმერთთან მორკინე იაკობია. მის ფანტაზიას მუდამ ბიბლიური კიბე სჭირია, რომ ღმერთი ციდან ჩამოიყვანოს, ღმერთს ებრძოლოს მიწაზე და თვით ეწამოს ღმერთის წამებით. ღმერთთან ბრძოლით თუ აიხსნება ფაუსტის სულიერი კატასტროფა. ღმერთთან ბრძოლამ დაუბნელა მზე ჰოლდერლინს და ნიცშეს. ფრანგებისათვის ეთიკაც პრაქტიკული მოსაზრების საგანია. გერმანელობისთვის ეთიური მასშტაბია მსოფლიოს შესატყვისი. ასეთივე პრაქტიკულ იერს ატარებს რელიგიაც ფრანგობის თვალში. გერმანელ ჰერდერისათვის კულტურული ურთიერთობა რელიგიოზურ თანაზიარობას ნიშნავდა. ამიტომაც რელიგიოზური მომენტი უმთავრესია გერმანულ ხელოვნებაში. ხელოვნებას მუდამ რელიგიის მომიჯნედ გულისხმობდნენ ნიცშე და ვაგნერი, გოეტე და ჰოლდერლინი.

III. სიმბოლიზმის კატასტროფა.

გასული საუკუნის მიწურულში უპირატესად ფრანგული სიმბოლიზმი აძლევდა ტონს ევროპიულ ლიტერატურას. მისი სათავეები: ნიცშეს და ვაგნერის გერმანიზმი, ფლანდრიული მისტიური პაგანიზმი, ფრანგული ანარქიზმის დემონი. ეგონათ სიმბოლიზმით გაიხსნება ახალი დიდი ლიტერატურული ერა. მიუხედავად იდეური სისხლის აღრევისა ამ მოძრაობას ფრანგული დამღა შერჩა. როგორც კულტურ-ფილოსოფია სიმბოლიზმი პოზიტივიზმის, პარნასისტებისა და ნატურალისტების დაპირდაპირება იყო.

სიმბოლიზმის მთავარსარდლები: სტეფან მალარმე, არტურ რემბო, შარლ ბოდლერ, კონტ ლოტრეამონ.

ხოლო საფრანგეთს გარეშე: მორის მატერლინკ, ჟორჟ როდენბახ, დანიელი იაკობსენ, იტალიელი დანუნციო. რამდენადაც გენიალური იყვნენ ამ ლიტერატურული ლაშქრობის მთავარსარდლები, იმდენად უძლური მათი ეპიგონები.

სიმბოლიზმის ეპიგონების თაობა არ იყო ღარიბი კულტურით, მაგრამ მათ აკლდათ ინდივიდუალური გენია. ამ მოძრაობამ მთელი თავისი ძალა ახალი ფორმების ძიებას შეალია. ბოლოს პოეზია რითმის აკრობატობამდის მივიდა ეწადათ გაუგონარი რევოლიუცია მოეხდინათ პოეზიაში, მაგრამ ეს ცდა გაუგონარი ბანკროტით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლიზმი სხვადასხვა ნაციონალურ მილიოში ფრანგული სიმბოლიზმის ეტლს გადასცდა. (გერმანული და რუსული სიმბოლიზმი)იმავე სანიშნოებით იწყება ნეოსიმბოლიზმი: ფრანცის ვ. გრიფენ. ანრი დე რენიე, სტიუარტ მერილ, ანდრე ჟიდ, კამილ მოკლერ, რემი დე გურმონ.

იდეოლოგიურად საინტერესოა რენე ჟილი თავის Linstrumentation verbale-ით.

რენე ჟილი ხმოვანებში ფერადებს ეძებს. სიტყვის მარცვლები ლექსის ინსტრუმენტს უნდა გაეხმაურონ. მთლიანი ლექსი უნდა წარმოდგენილ იქნას როგორც მთლიანი ორკესტრი. ამ მეთოდით ეძიებს ჟილი ადამიანური კულტურის ფილოსოფიურ სინტეზს. ამ თეორიას აჰყვა ჟილის მოწაფე სტიუარტ მერილ, რომელიც ამერიკიდან ევროპაში ჩამოვიდა ასონანსებზე და ალიტერაციებზე სანადიროდ.

სიმბოლიზმის ეპიგონებს ლექსის კულტურა ტიპოგრაფიულ ნიშნებით ვარჯიშობამდის დაჰყავთ. აქ აშკარად ჰგრძნობთ ლექსის ინსტრუმენტისადმი დამონებულ პოეზიას.

სიმბოლიზმის რეაქცია 1891 წლიდან იწყება.

ჟან მორეასის მანიფესტი. „რომანულ სკოლის“ დაარსება. მორეასის Peler rin_Passioné-ში გამეორებულია ძველი თეორია: ბერძნულ ლათინურ კულტურათა დაახლოება ფრანგულ სულთან. სანიშნოები: ათინა, რომი, პარიზ.

საფრანგეთის კულტურის სათავეა ჰელადა და რომი. მოდერნული ფრანგული კულტურა უნდა დაუბრუნდეს ამ მარად ქალწულურ პირველ სათავეებს. Pelerin_Passioné-ს ავტორის გარშემო დაჯგუფდენ: მორის დე პლესის, რაიმონ დელლა ტელედ, ერნესტ რაიმონ, შარლ მორას.

ამ პოეტებმა გააცოცხლეს ყველა ბერძნულ-რომაული ღმერთები ეკოლ რომანისტები ლექსის რესტავრაციას შუდგენ. უარყოფა თავისუფალი ლექსის. მათემატიკური ჰარმონიის აღდგენა ლექსის სტრუქტურაში.

ეკოლ რომანისტები უარჰყოფენ მოდერნულ ცხოვრებას, მოდერნულ გრძნობებსა და ემოციებს. მსოფლიო კაპიტალიზმის ფონი არ იძლევა პოეზიის თე მებს. აქედან: ოლიმპის გაცოცხლება.

მორეასის უკიდურესმა რომანიზმმა იმსხვერპლა მაღალნიჭიერი პოეტი მორის დე პლესის. საშინელი გრამატიზმი. სამსართულიანი ბიოლოგიური ცნებები. არა ბუნებრივი პათოსი, რომელიც სშირად რიტორიკაში გადადის. მითოლოგიის ლექსიკონი უნდა გეჭიროთ ხელში, როცა მის Palas Occidental-ს და Ode Olimpiques-ს ჰკითხულობთ.

 

Que si j'ai sur la lyre

Fait d'un doigt bien appris

Bruire

Rome, Athènes, Paris. (Ode Olimp.)

ქვევით:

 

O Diane, fidèle

Honneur Olimpien

Modele

Mon esprit sur la tien...

მისს ლექსებს ზეთის სუნი უდის.

ჟან მორასს არ აკლია დიდი და გულწრფელი პათოსი ლათინური გენიის. მისს ლექსებში ჰკრთის ბერძნული სისადავე, ჰარმონია, სიმჭევრე და ძველ– ლათინური გრაცია. მისი პოეტური ხატები გამსჭვირვალეა და რხეული როგორც ბერძნული კრისტალის ვაზები. მისი ლექსი ლაღი და უზადო.

ეტაპების მიხედვით თუ მიუდგებით თანამედროვე ფრანგულ პოეზიას, ბევრი მაღალნიჭიერი პოეტი განზე დარჩება. ზოგიერთი პოეტი ვერც ერთ მკოლას ვერ ეგუება. ერთი მათგანი არ შემიძლია არ ვახსენო.

თანამედროვე ევროპას სამი დიდი ქალი ჰყავს. სკანდინაველი სელმა ლაგერლოფ, გერმანელი რიკარდა ჰუხ, ფრანგი ლა კონტესს ანნა დე ნოელ. გამოაკელით ეს სამი ქალი მსოფლიო ლიტერატურას და მაშინ უნებლიეთ უნდა დავეთანხმოთ ანტიფემინისტებს, რომ ქალისთვის აქტიური შემოქმედება მიუწვდომელია.

სამივე პოეტესსა მარად-ქალური პრიზმით შეჰყურებენ ბუნებასა და ცხოვრებას. როგორც მიჯნური, როგორც ცოლი, როგორც დედა. მათ სრულიად ეუცხოვებათ ის მოდერნული ქალ-ბიჭური იდეები, რომელიც თანამდროვე ქალს საზიზღარ გერმაფროდიტად აქცევს ხშირად.

ლა კონტესს ანნა დე ნოელ ერთი შესანიშნავი პოეტთაგანია დღევანდელ საფრანგეთში.

მახვილი და ელასტიური ინტელექტი. არაჩვეულებრივი ერუდიცია. დიდი არტისტიული გემო. მისი ლექსების მისტიური, სევად გადაკრული გრაცია ალაგალაგ ნოვალისის ცისფერი რომანტიკით სუნთქავს.

ფრანგული კულტურის ქალური სინაზე შეუდარებლად ენამჭევრობს დე ნოელის პოეზიაში. გოეტე ამბობდა ფრანგებზე: რასაც ქალები მოასწავებენ მამაკაცთა შორის, იგივეა ფრანგები ერთა შორის.

 

Je viens portant sur mois,

La douce odeur des mondes.

„მოველ მოსილი ამ ქვეყნიურ ტკბილ სურნელებით“.

დე ნოელის Les ivantes et les Mortes უმშვენიერესი საჩუქარია ფრანგული პოეზიისათვის, (1913 წ.)

ფრანგ სიმბოლისტების ძველი თაობიდან, სტეფან მალარმეს გარდა, ყველაზე ძლიერ ზედგავლენას ახდენს თანამედროვე პოეზიაზე ვ ე რ ჰ ა რ ე ნ.

ვერჰარენმა ჯერ კიდევ ომის დროს უღალატა l'art pour l’art-ის თეორიას და ძველს იმპრესიონისტურ ესთეტიზმს. თანამედროვე ინდუსტრიალი კულტურის მისტიური ვიზიონერი ვერჰარენ ექსპრესიონისტური გაგების კოსმიური პოეტია.

ოკეანიის გადაღმიდან ევროპიულ პოეზიას გზას უნათებს უალტ უიტმანი. თავის ურბანიზმითა და პურიტანიზმით უალტ უიტმანი გაცილებით ახლოა ექსპრესიონიზმთან, ვიდრე ნატურისტებთან.

ვერჰარენ და უიტმანი მომავალში სადავო მამამთავრები გახდებიან ნატურისტებისა და ექსპრესიონისტებისათვის.

საინტერესოა როგორც ლიტერატურული ძიება: დადა. ამ მოძრაობას სათავეში უდგანან ტრისტან ტცარა, ლუი არაგონ ანდრე ბრეტონ. დადაიზმი არტურ რემბოს ესთეტიკის ზერელე ინტერპრეტაციის შედეგია. ამ „ცოდვაში“ გუიომ აპოლინერსაც ედება ბრალი.

IV. ფრანგი ექსპრესიონისტები.

ექსპრესიონიზმი ბევრს ნაციონალური გერმანული მოძრაობა ჰგონია. ეს დიდი შეცდომაა. უკანასკნელ ათეულ წლებში მთელს ევროპაში საგრძნობი გახდა მისტიურ რელიგიოზური გრძნობის რენესანსი. საფრანგეთში ანრი ბერგსონმა დაამსხვრია რაციონალიზმის ციტადელი. გერმანიაში მოაზროვნეთა ლეგიონები იბრძოდენ ამ მიმართულებით. გერმანია მისტიკის სამშობლოა.

ცხადია, ჩვენი საუკუნის მისტიური რენესანსი იაკობ ბოეჰემეს, მაისტერ ეკჰარტის და ანგელუს სილეზიუსის სამშობლოში უნდა დაწყებულიყო.

ფრანგული მწერლობის ახალი თაობის მარშიც რაციონალიზმის ციტადელებზე ბერგსონიდან დაიწყო. მისი მოძღვრება elan vital-ზე და ინტუიციის გამოცხადებითი ძალის შესახებ ურყევი სარწმუნოების სიმბოლია მისტიურად განწყობილი ახალთაობისათვის.

გერმანიაში ნიცშეს შემოქმედების პირველ ეტაპში გათავდა ინდივინდუალიზმის ტრაღედია. ავადმყოფი ნიცშე უკვე ჰგრძნობდა გაორებას. იგი აშკარად აცხადებდა, რომ აწ მარტოსვლა არ შეიძლება. რომ მოდის საუკუნე მასსების მისტიკისა. ნიცშეზე გვიან, ახალი საუკუნის რიჟრაჟზე ფრანგმა პოლ ადამმა იგრძნო მასსების მისტიკის პირველი პოზაუენის ხმა.

Le Mystére des Foules!

პოლ ადამის მასსების მისტიკას გაეხმაურა ლირიკოსი და რომანსიე ოიჟენ მონფორ.

ამავე სანიშნოებით მიდის ჟაკ რევიერ. (Le roman d'aventure. N. Revue Francaise. 1913). 1908 წ. პარიზში არსდება ლიტერატურული კლუბი I’abbaye. ინიციატირები: შარლ ვილდრაკ, რენე არკოს, ჟორჟ დიუჰამელ. ეს კლუბი მცირე ხანში დაიშალა. იგივე პოეტები გაერთიანდენ ჟიულ რომენის La vie Unanime-ის გარშემო. მათი დეკლარაცია: ახალ ჰუმანიურობა პოეზიაში. შარლ ვილდრაკის Chants désesperées, მართლაც სასოწარკვეთილი ამღერებაა ომით განადგურებულ ევროპაზე.

ფრანგი ექსპრესიონისტები ისევე უარყოფითად შეჰხვდენ უკანასკნელ მსოფლიო მასაკრებს, როგორც მათი გერმანელი კოლეგები. საგულისხმოა, სიმბოლისტები აპოლიტოკესები იყვენ. მსოფლიო ომის შემდეგ ისეთი მწვავე ხასიამიიღო მსოფლიო პოლიტიკამ, რომ აპოლიტიკოსობა დღეს მხოლოდ შარლატანებს შეუძლიათ. ყოველთვის და ყოველ დროში ხელოვნებისა და კულტურის ბედი დიდი პოლიტიკიდანაა დამოკიდებული.

ექსპრესიონისტების პოლიტიკური კრედო:

ძირს მსოფლიო ომი. ძირს მსოფლიო კაპიტალიზმი!

ომმა წარმოშვა ახალი, გათახსირებული კლასი, რომელიც არსებითად განსხვავდება თავის წინაპირს უფრო „განათლებულ“ ბურჟუაზიისაგან.

უკულტურო, „ნუვორიშ“, სპეკულანტი.

რენე არკოსს ახალ ეთიურ იდეალებს ჰქადაგებს.

Le meilleur home, უკეთესი კაცი! სინტეზი ღვთაებრივის და მარადიულის!

ჟორჟ დიუჰამელმა მთელი ევროპის ყურადღება მიიქცია თავისი Vie des Martyrs et civilisatin-ით. (მარტვილთა ცხოვრება და ცივილიზაცია). რამდენადაც ორიგინალურია დიუჰამელის არტისტიული ფილოსოფია, იმდენად უსრულოა მისი წერის მანერა; იგი ფორმალიზმის უარყოფამ მეორე უკიდურესობამდის მიიყვანა. დიუჰამელის ფორმას დიდი დაუდევარობა ეტყობა.

ჯგუფების გარეშე ფრიად თვალსაჩინო ფიგურაა ვალერი დარბო. (ლიტერატურის ასპარეზზე გამოვიდა 1902 წ.). ვალერი დარბოს პოეზიაში ოკეანიის ხომალდების და ბენზინის სუნი სდის. ვალერი დარბო ევროპიული კოსმოპოლიტიზმის პოეტია. „სამყარო ვითარცა გაფართოებული სამშობლო.“ აქ იგი გოეტეს კოსმოპოლიტიზმს უკავშირდება. ვალერი დარბო მღერის ევროპიული დიდი ცივილიზაციის მწუხრზე და ცისკრებზე. დარბო მარინეტიზე ადრე იყო ფუტურისტი.

V კლოდელი და ბარესი.

მარტოხელათა შორის აღსანიშნავია პოლ კლოდელი თავის მეფურ მარტოობაში. ამ ტიპის პოეტები ლიტერატურულ მარქაფებს არ დაეძებენ. პოლ კლოდელი ახალი საფრანგეთის სიამაყეა.

მისი პოეზია მღვდელ მსახურებაა მისტიურად მურუჟიან გოტიურ კათედრალის თაღებს ქვეშ. მისი დიდი ხმა ორღელია გოტიურ კათედრალის.

კლოდელი კათოლიკური მისტიციზმის პირმშოა ღრმა რელიგიოზური გრძნობებითაა გამთბარი მისი „ვერზეტები“ მისი პატარა პოემები და დრამები. (l'Otage, l'Anonce fait Marie).

თანამედროვე ფრანგი რომანისტებს ანატოლ ფრანსი, ანდრე ჟიდი, მორის ბარესი და ახალი თაობიდან ჟან კოკტო (თავის „თომას ლიმპოსტერით“) აძლევენ ტონს. უახლეს პოეზიის შეფებად პოლ კლოდელი და ვალერი დარბო უნდა ჩაითვალონ.

ჯერ კიდევ 1903 წ. გეორგ ბრანდესმა მიაქცია ყურადღება კლოდელს. ცხადია გასული საუკუნის ფხიზელ რაციონალიზმზე აღზრდილი ბრანდესი უარყოფით ექცევა კლოდელის მისტიციზმს.

პარიზში (1923 წლის ოქტომბერში) კერძო საუბარში ბრანდესმა განაცხადა: პოლ კლოდელი საფრანგეთის რეაქციის სულის ჩამდგმელიაო. იგი ამ მხრით მორის ბარესს უახლოვდება. იდეოლოგიურად პოლ კლოდელი ბერგსონს ემყარება. მისი რელიგიური მსოფლ-მხედველობა ლირიკულად განსახიერდა მის ხუთს დიდი ოდაში.

Soyez beni, mon Dieu, qui m'avez delivré de la mort.

(იყავ კურთხეულ, უფალო ჩემო, რომ დამიხსენი სიკვდილისაგან). თავის l'Art poétique-ში იგი კათოლიკურ მეტაფიზიკას ჰქადაგებს. ხილული და უხილავი სამყარო ერთი ჰარმონიული ღვთაებრივი სუნთქვითაა გამთბარი. კოსმიურობაში ღვთაებრივი ჰარმონიის აღმოჩენა.

არტურ რემბოს და შარლ ბოდლერის დემონიური პოეზიის სტიქიონიდან გამოსული კლოდელი, უმეშვეოდ უკავშირდება ალიგიერი დანტეს მისტიურ შეტაფიზიკურ რეგიონებს.

პოეზიაში თუ პოლკდოდელი მეთაურობს ანაბაზისს ალიგიერი დანტესკენ, პროზაულ ლიტერატურაში მორის ბარესს ხელმძღვანელობს ამ უკუქცევას.

ფრანგული სულობა იტალიანურ რენესანზე აღორძინდა. ამიტომაც გასაგებია ამ ორი გიგანტის დანტესკენ მოხედვა. ალიგიერი დანტეს სიკვდილიდან 600 წლის შესრულების გამო სამი სიტყვა წარმოსთქვა მორის ბარესმა პარიზში: დანტე. პასკალი. რენანი.

„დანტეს პურგატორიოში განსახიერებულია ძალა და ძლიერება ოგიუსტ ბარბიესი, ესთეტიციზმი დანტე გაბრიელ როზეტის, ფლუიდობა პოლ ვერლენის და რობერტ ბროვნინგის მისტიციზმი“.

„დანტეს პარადისი ეგ სურვილის ექზალტაციაა. ექზალტაცია ჭვრეტისა. ბერგსონი იცნობს ნეტავი დანტეს სამოთხეს?“.

„ბერგსონი, რომელიც ექსპერიმენტალ მეტაფიზიკის (sic! კ. გ.) შექმნაზე ოცნებობს, იცნობს თუ არა იგი ამ სახეებში და სიმბოლოებში ამეტყველებულ მისტიკისა და მეტაფიზიკის უდიდეს ესსეის?“ (მ. ბარეს. დანტე. პასკალი. რენანი.)

დანტეში ჰხედავს მორის ბარესი უდიდესს მიჯნას, რომელიც მერმისშიაც უნდა იქნეს ზღუდე გერმანულსა და ლათინურ კულტურათა შორის აქ თავს იჩენს ბარესის გერმანოფობობა.

თანამედროვე საფრანგეთის იდეური ინსპირატორები მორისს ბარეს და ანატოლ ფრანს, როგორც მთელ რომანული შკოლა უახლესი პოეზიისა, თუმცა სხვადასხვა რიგად, მაგრამ ყველანი გერმანულ-ლათინურ კულტურის პირველ სათავეებისაკენ იშვერენ ხელს. ასეთივე რანგის დიდი მწერალი რომენ როლანი, წინააღმდეგ, გერმანიას შეჰყურებს. მისი ინსპირატორი: გერმანელი ბეთხოვენი.

VI. ახალი ადამიანი.

მორის ბარესის და ანატოლ ფრანსის ინტლექტუალური ანაბაზისი ანტიკისა და რენესანსისაკენ მრავალგზით ნაცადია.

ევროპიული კრიზისის მიზეზები ამ უკუქცევით არ ამოიწურება. ევროპის სულიერი კრიზისი, ეს არ არის სტილის კრიზისი, ან იდეებით სიღარიბე. მითოსს მოკლებული დრო. აქ არის სიმძიმე.

როგორც ქრისტიანული ერის პირველ ათასეული წლების მიწურულში, დღესაც რადიკალური გადატეხის მოლოდინში ვართ. ათასეული წლების უღელ– ტეხილები ძნელი გადასავალი ყოფილა.

არა მარტო ხელოვნება, თვით სოციალიზმი რელიგიად უნდა იქცეს. სოციალიზმი ჩვენ თვალწინ რელიგიურ იერს ღებულობს.

ექსპრესიონისტების უახლესმა ლიტერატურულმა თაობამ სწორედ შეიგნო ევროპიული კრიზისის მთავარი მიზეზი. მითოსს მოკლებული დრო უნდა დაძლეულ იქნას. მიტომაც ექსპრესიონიზმი არ არის ლიტერატურული სტილის საკითხი. იგი უპირატესად ახალი რელიგისთვის ფეხმძიმობაა.

ახალი ეთოსი.

ახალი ჰუმანიურობა.

ახალი ადამიანი, —ისმის სცენიდან, პოეზიიდან, კათედრიდან.

„მოიტათ ახალი ადამიანი“,– გაისმის ფრიც ფონ უნრუჰს უკანასკნელ ტრაღედიაში „ვარდების ბაღნარი“ (Rosengarten). ზეცის დვირეები უნდა გაიხსნას. დინამიტით უნდა ავაფეთქოთ ძველი მიწა და ძველი იდეალები.

ჩამოდის ციდან თაობა ახალი ტრაგედიის გმირი დიტრიხი ჰამლეტის ტკივილებითაა სნეული. მისი სიყვარულის გმირები: ელინორ და ვერონიკა. ელინორ — ხატება მიწიერ სიყვარულის, ვერონიკა ზეციურ ზმანების. (დაუპირდაპირეთ ღვთაებრივ კომედიის საკრალურ ეროტიკას!).

ფრიდრიჰ შილლერმა მე-18 საუკუნეში იგრძნო ევროპის სულიერი კონფლიქტების მოახლოება. „ჩვენი საუკუნე“, სწერდა იგი, „მარიონეტივით ქანაობს სიმახინჯის და ველურობის სამიჯნოებს შუა“. განა იგივე არ ითქმის ახალ ევროპაზე? განა ყოველივე მაღალსა და მშვენიერს განადგურებას არ უპირობს პრაქტიკულ ანგარების იდეალებით აღტყინებული ეპოქა? მაგრამ შილლერი იმ ბედნიერი, სათნო და პიეტეტით აღსავსე თაობის წარმომადგენელი იყო, რო-

მელსაც კიდევ შეეძლო ეთქვა: „და საუკუნის უღელტეხილთან სდგახარ, ბრწყინვალე ბზის ტოტით ხელში“.

ხოლო მოეძევა კი ახალ ევროპას უნრუჰს დიტრიხივით მიწიერ და ზეციერ. ვნებების შემთავსებელი გული? აქვს თუ არა ახალ ევროპის პოეზიას იმდენი სულიერი ძალა, რომელიც თანამედროვე მექანიურ ცილიზაციის ინფერნოს ისევ ღმერთებით და მარტვილებით დაასახლებს? იქნება ისევ პოეზია იგი ნარნარი და ნაზი ბეატრიჩე, რომელიც დანტესავით განაწამებ კაცობრიობას სამოთხის დაუნჯებულ ბჭეებში შეიყვანს? მოეპოება თუ არა თანამედროვე ევროპას ახალი სულობით ავსილობა, მარტვილის ჯიუტობით რომ იტყოდეს: „ჩვენი რწმენაა —ჩვენი მტკიცე სიმაგრე?...“

თუ ჰო ითქმის, მაშინ მითოსს მოკლებული დრო დაძლეული იქნება.

ორაკელის ბრძანებით, მეგობრებმა უფსკრულის პირად დასვეს პსიხე–რომ ბინდისას ღმერთს წაეყვანა.

თანამედროვე სულობაც უფსკრულების ნაპირზე მოელის ახალ ღმერთს.

ღმერთი მოვა, ხმობა უნდა ღმერთს!

ტფილისი 1924. მარტი.