![]() |
თხზულებანი ცხრა ტომად: წერილები. ნარკვევები |
თხზულეგანი ცხრა ტომად
ტომი მეშვიდე
ნერილები. ნარკვევები 2013
გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“
შინაარსი წინაპართა აჩრდილები .
მეცხრამეტე საუკუნის სილუეტები
კაცად კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს
ძლიერება სულისა
ლეო ქიაჩელი.
სიმონ ყაუხჩიშვილი.
გერონტი ქიქოძის მონატრება
ათი წელი ერეკლე ტატიშვილთან
ალექსანდრე საჯაია
პოეტის უკანასკნელი დღეები.
„ათასი ვარსკვლავი ქარდაქარ ვიდოდა“
ჩვენი ლადო ასათიანი.
მარგიანების ოჯახი .
გიორგი შატბერაშვილი
სოფელი ქართლის გულში
ნოდარ დუმბაძის ორი გახსენება
ძვირფასი სახსოვარი..
ნიკოლოზ კანდელაკის გახსენება
ზაქარია ფალიაშვილი
დავით ანდღულაძე
სიმღერით მოპოვებული სიხარული
ღვთიური მადლით ცხებული
ჩვენი საყვარელი გივი,
გიორგი მელიქიშვილი.
ვლადიმერ ნორაკიძე
სიკეთით მოსილი
ნათელი კაცი
ქვიშხეთი, ჩვენი ქვიშხეთი
ბარნაბ.
რა არის პატრიოტიზმი?!
მაღალი კულტურის სახელით
მაგდანას ლურჯა..
ორი ეპიზოდი ისტორიიდან
ჩარჩოები
ქართლის ერისთავი ნერსე
![]() |
1 ჩარჩოები |
▲ზევით დაბრუნება |
ჩარჩოები
სიმდიდრე თავისთავად დიდი სიკეთეა და გასაკიცხი და დასაცინი სულაც არ არის
გასაკიცხი უშრომლად, უპატიოსნოდ, სხვისთვის წაგლეჯით – მოხვეჭილი – სიმდიდრეა; და
დასაცინიც მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს სიმდიდრის მფლობელი, როცა ამ სიმდიდრის
ფასი არ იცის და, უძვირფასესი განძის პატრონს, თავი მაინც არაფრის მქონებელი
ჰგონია. არის კიდევ ერთი კატეგორია: ვინც თითქოს იცის კიდეც თავისი სიმდიდრის ფასი და არც
იცის, რადგან ან ზედმეტი თავმდაბლობით, ან უცოდინარობით, ან სხვა რამ მიზეზით ვერ
მოუხმარია. მოუხმარებელ სიმდიდრეს კი ფასი არა აქვს – გინდა გქონია, გინდა არა. საქართველოში ახლა ყოველი – მეორე კაცი საშუალო განათლებისაა და, მგონი, ყოველი
მესამე თუ მეოთხე – უმაღლესისა. დიახ, ესეც კი სიმდიდრეა, მაგრამ დღეს ამ სიმდიდრეზე არ ვლაპარაკობთ, რადგან ამ
სიმდიდრის ფასი კარგად გვაქვს შეგნებული, ის კი არადა, გაზვიადებულადაც; და ზოგჯერ
არა სათანადოდ ვაფასებთ, ზედმეტ ფასსაც კი ვადებთ, ზედმეტად ვტრაბახობთ ხოლმე –
ამდენი უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს და ამდენი და ამდენი უმაღლესდამთავრებული
გვყავსო... ამაზე სხვა დროს. განათლება აქ სულ სხვა მიზნით ვახსენეთ. ჩვენს საშუალო სკოლებში მთელ ქართულ ლიტერატურას ასწავლიან ძველსაც და ახალსაც.
ზოგიერთ პერიოდსა და მწერალს უფრო ღრმად და დაწვრილებით, ზოგს – ნაკლებად,
ლიტერატურის ისტორიაში თავისი როლისა და სიდიდის მიხედვით. მაგრამ ფაქტი ის არის,
რომ საშუალოსკოლადამთავრებულ ადამიანს თითქმის სრული წარმოდგენა აქვს მთელ ქართულ
მხატვრულ ლიტერატურაზე. და ასეთ ადამიანს როცა ჰკითხავთ, როდიდან იწყება ქართული ლიტერატურა, რომელი
საუკუნიდანაო, ერთბაშად არ გაგცემს პასუხს. ცოტას უსათუოდ შეყოყმანდება, დაფიქრდება
და მერეღა გიპასუხებს. შეყოყმანდება იმიტომ, რომ გონებაში ერთბაშად იელვებს შოთა რუსთაველის დიდებული –
სახელი.. მაგრამ ამ სახელის წარმოთქმას ვერ მოასწრებს, რომ ცნობიერებაში მაშინვე
მორცხვად გამოცოცდებიან მკრთალი და ლამის ფერფლგადაყრილი „შუშანიკი“, „აბოს
წამება“, „გრიგოლ ხანძთელი“, „სერაპიონ ზარზმელი“ და მათი ავტორები. წამიერად ხდება
ეს, წამიერია ის შეყოყმანებაც, რასაც ამ ნაწარმოებთა ცნობიერებაში თანმიმდევრობით
შემოსვლა იწვევს: ერთისა – ელვის სიკაშკაშით, დანარჩენებისა – ჩამქრალი ნაღვერდლის
ბჟუტვით. ისე წამიერია, რომ თუ საგანგებოდ არ დააკვირდი და არ გააანალიზე, იქნებ
ვერც იგრძნო: ვერც მაშინ იგრძნო, როცა გეკითხებიან და ვერც მაშინ, როცა შენ თვითონ
ეკითხები სხვას. ალბათ, როგორ უსიამოვნოდ მოგხვდათ თვალსა და ყურში სიტყვები: „მორცხვად
გამოცოცდებიან!“ ალბათ, როგორ გეჩოთირათ! საგანგებოდ შევარჩიეთ ეს სიტყვები. ნამდვილად ასეა. ნამდვილად მორცხვად გამოცოცდებიან ხოლმე, თითქოს რაღაც დანაშაული
ჰქონდეთ, თითქოს რაღაცისა ერიდებოდეთ. თითქოს თავისი ლიტერატურულ-მხატვრული დონისა ერცხვინებოდეს, ვთქვათ, ქართული
მხატვრული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეულ პირველსავე ძეგლს — 1500 წლის „შუშანიკს“,
თითქოს გვებოდიშებოდეს – დიდი ვერაფერი შვილი ვყოფილვარ, მაგრამ რაკი მეხუთე
საუკუნიდან მოვდივარ და პირველ ლიტერატურულ ძეგლად ვითვლები, მაინც რაღაცა მოვლენა
ვარ, ჩემი ადგილი მაინც მეკუთვნის სადმე კუთხეშიო. და მართლაც კუთხეშია მიმდგარი. ჩვენც ასე მობოდიშებასავით ვუპასუხებთ ხოლმე იმ შეკითხვაზე პირველი შეყოყმანების
შემდეგ, ასე თავის მართლებასავით დავასახელებთ იაკობ ხუცესს, იოანე საბანისძეს,
გიორგი მერჩულეს... და დავეშურებით მალევე ვახსენოთ დიდებული შოთა რუსთაველი. ასეა. ასე ჩამოყალიბდა ჩვენს ცნობიერებაში. ასე მოდის თაობიდან თაობაზე. ასე
გაგვიჯდა ძვალ-რბილში. იმიტომ რომ, ასე გვასწავლეს... და ასე გვასწავლიან. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიაო, ასე ჩაგვჩიჩინებენ საშუალო სკოლაშიც, უმაღლესშიც.
ასევე წაიკითხავ ყველგან, საცა კი დაბეჭდილს ნახავ, ყველგან ეს სახელი აქვთ
შერქმეული. ესეც რომ არ იყოს, რაკი ეს ნაწარმოებები ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ჩარჩოში
მოაქციე, საქმეს ვეღარაფერი უშველის, უკვე თავისთავად დამცირებულია. ეს
„ჰაგიოგრაფიულობა“ აკნინებს მათ. ჰაგიოგრაფია ლექსიკონებში განმარტებულია როგორც საეკლესიო მწერლობის დარგი, რომელიც
აგვიწერს წმინდანთა ცხოვრებას. ეს – ლექსიკონების განმარტებით. ბუნებრივია, საეკლესიო-სასულიერო ლიტერატურის დახასიათებას უფრო ფართოდ ვხვდებით
ლიტერატურის ისტორიებში. „სასულიერო-საეკლესიო ლიტერატურა – წერს აკადემიკოსი ალ. ბარამიძე – ჰქმნიდა
საიმქვეყნიო, ირეალური და მისტიკური ცხოვრების იდეალებს, იგი დაუნდობლად ებრძოდა
ყოველივე ამქვეყნიურს, მიწიერსა და ხორციელს, ნამდვილად ბუნებრივსა და ადამიანურს“.
უმთავრესად სქემატური, ვნებებისაგან დაცლილი, უსულგულო, უძარღვო, უსისხლო, უემოციო,
ყალბი და ფშუკი ნაწარმოებები, რომლებშიაც გადმოცემულია ფანატიკოსი წმინდანების
ზღაპრული სასწაულებით სავსე მეტად მოსაწყენი და უინტერესო ცხოვრება. ასეთია ამ ჟანრის მარტივი სქემა. ასეთი ვიწრო ჩარჩო აქვს ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს. მოთავსდება კი ამ ვიწრო ჩარჩოში იაკობ ხუცესის ქარიშხლიან ზღვასავით მღელვარე
მოთხრობა, რომელსაც მხოლოდ მოცულობის გამო თუ უწოდებ მოთხრობას, თორემ დიდი და
მძაფრი დრამატიზმით აღსავსე რომანია?! მოთავსდება ამ ფიწრო ჩარჩოში გიორგი მერჩულეს, ბასილ ზარზმელისა და იოანე
საბანისძის ღრმად სოციალური, ღრმად რეალისტური და ღრმად ფსიქოლოგიური მოთხრობები,
რომელთა მაღალმხატვრულობის უტყუარი ნიშანი ის არის, რომ ათას ხუთასი თუ ათას ორასი
წლის წინანდელი ცხოვრების ფეთქვას დღესაც მძაფრად გრძნობ და საუკუნეთა წინათ
დახატულ ხასიათებში ადამიანისა და ადამიანურ ურთიერთობათა იმ მარადიულობის შტრიხებს
აღიქვამ, რაც დიდი მასშტაბის ლიტერატურულ ნაწარმოებებს ახასიათებს?! რა აქვთ მაინც ამ ნაწარმოებებს საეკლესიო და ჰაგიოგრაფიული? უფრო სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას და დაპირისპირე ბაც უფრო თვალსაჩინო იყოს,
ერთი ნამდვილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები მაინც გავიხსენოთ. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ყველაზე ტიპიურ ნიმუშად მსოფლიო ლიტერატურის ისტორიებში
ჩვეულებრივ ასახელებენ მოთხრობას წმინდა ალექსიზე. ალექსი მდიდარი და წარჩინებული
რომაელის შვილი ყოფილა. მამამ ასეთივე წარჩინებული ოჯახის ქალიშვილი შეურჩია
საცოლედ. ქორწინების ღამეს, როცა მარტონი დარჩნენ, ალექსიმ პატარძალს მიმართა:
ქალწულო, მე ღმერთს ვეკუთვნი და უნდა წავიდე... ამქვეყნიურ ცხოვრებაში სრულყოფილ
სიყვარულს ვერ იპოვნი, ქრისტეს მეუღლე უნდა გახდეო... და წავა, სირიაში
გადაიკარგება. მამა მთელ ქვეყანაზე დაგზავნის მდევრებს, მაგრამ ამაოდ: შიმშილითა და
გაჭირვებით მისულმკვდარებული ალექსი ქუჩა-ქუჩა მათხოვრობს და ამ მდევრებიდან იღებს
მოწყალებას – თავისივე მსახურები მას ვერა სცნობენ. დიდი ხნის წანწალის შემდეგ
ალექსი რომში დაბრუნდება და, უბადრუკ ადამიანს, მამის სახლში შეივრდომებენ. რაღა
თქმა უნდა, მას ვეღარავინ ცნობს. ჩვიდმეტი წელიწადი გაატარა ალექსიმ მამის სახლში –
მოთმინებით იტანდა თავისივე მსახურებისგან უკიდურეს დამცირებას, შეურაცხყოფას...
რაც მეტს დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, რაც მეტს შიმშილობდა და ეწამებოდა, მით
უფრო ნეტარი იყო, რადგან ამით ამქვეყნიურ ცხოვრებას გმობდა. ასე მშიერს,
გაწამებულს, დაუბანელს ამოხდა სული და მაშინღა გაირკვა მისი ვინაობა. მაშინვე
წმინდანად შერაცხეს... ახლა შევადაროთ ამ ტიპიური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გმირი გიორგი მერჩულეს
მოთხრობის გმირს. ალბათ, ერთ მსგავსებაზე მიგვითითებენ: მერჩულეს მოთხრობის გმირიც, წმინდა ალექსის
მსგავსად, ასკეტურ ცხოვრებას აირჩევს... უსამართლოდ იმიტომ, რომ მერჩულეს მოთხრობის გმირი, ცნობილი ისტორიული პირი,
შესანიშნავი ქართველი მოღვაწე ფაქტიურად არაფრით არა ჰგავს ამქვეყნიდან გამდგარ
უბადრუკსა და უმოქმედო ადამიანს. გიორგი მერჩულე მოთხრობის დასაწყისშივე, სანამ მის თავგადასავალს გადმოგვცემდეს და
მოქმედებაში დაგვიხატავდეს, წინასწარ გვიხასიათებს თავის გმირს: იყო „კეთილად
განმგებელი მოღუაწეი და უდაბნოთა ქალაქ მყოფელი“, ე. ი. ამ დიდმა მოღვაწემ
მტრისაგან განადგურებული და გავერანებული კუთხე ააშენა და ააყვავაო. ვფიქრობ, არც კია საჭირო მკითხველს შევახსენო, რომ სწორედ გრიგოლ ხანძთელის სახელს
უკავშირდება იმ კულტურის კერების შენება, სადაც მაშინვე დიდი შემოქმედებითი მუშაობა
გაიშალა და ჩვენამდე მოღწეული შედევრები ქართული კულტურისა სწორედ აქ შეიქმნა. დიახ, მერჩულეს მოთხრობის მთავარი გმირი ეროვნული მოღვაწეა, სწორედ მის სახელს
უკავშირდება ტაო-კლარჯეთის განახლება და აღორძინება. მერე ეს საფუძველი გახდა
მოვლენისა, როგორიცაა მტრისგან დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება! სწორედ
აქედან, ქვეყნის სამხრეთიდან, ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო ერთიანი
საქართველოს შექმნა, აქ შემზადდა ნიადაგი... ასეთი კარგად მომზადებული კულტურული
საფუძველი რომ არა ჰქონოდა, საქართველოს გაერთიანება ალბათ დიდი ხნით
გადაიდებოდა... ერთი სიტყვით, გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება სიცოცხლის კვლავ
აღმოცენება იქ, სადაც მტერმა ერთიანად გადაქელა და ჩაკლა არა მარტო კულტურა ჩვენი
ხალხისა, არამედ სიცოცხლის ნიშანწყალიც. და პარადოქსი სწორედ ის არის, რომ ქართული კულტურის განმაახლებელს, მტრისგან
განადგურებულ მხარეში სიცოცხლის გამაღვივებელსა და დამამკვიდრებელს ჩვენ
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გმირად ვსახავთ, ანუ ისეთ ადამიანად, რომელიც სწორედ
სიცოცხლეს ებრძვის და სიცოცხლეს ჰკლავს. ეს მარტო პარადოქსი კი არ არის, უმადურობაც არის ღვაწლმოსილი წინაპრის წინაშე. მოთხრობაში საოცარი ექსპრესიულობით, ჭეშმარიტად დიდი ოსტატობით, დახელოვნებული
მხატვრის თვალით არის დანახული გმირის მღელვარე, მოუსვენარი ცხოვრება და
მოღვაწეობა. ავტორი თითქოს შიშობს, არ მოვტყუვდეთ და სულ ამას ჩაგვჩიჩინებს: ეს
ადამიანი მხოლოდ სახელად არის ბერი და ასკეტი, თორემ მთელი თავისი დაუღალავი
საქმიანობით ამქვეყნიურ სიცოცხლეს ეტრფის, ამქვეყნიური სიცოცხლის დამკვიდრებას
ემსახურება... საინტერესოა ერთი პატარა დეტალი: ავტორი თავის გმირს – გრიგოლ ხანძთელს –
გვიხასიათებს, როგორც ლაღ მასპინძელს, სტუმართმოყვარე ადამიანს („მხიარულად
მესტუმრე“)... და უნებურად ისევ იმ ფანატიკოს განდეგილს ადარებ ჩვენი მოთხრობის
გმირს – როგორ არა ჰგავს ტიპიური ჰაგიოგრაფიული მოთხრობის პერსონაჟს! ავტორი გვიჩვენებს, როგორ წარმართავს გრიგოლ ხანძთელი კულტურის განვითარებას მთელს
ქვეყანაში. ჩვენ მას საბერძნეთში ვხედავთ, საქმიანი მისიით წასულს: უნდა
დაათვალიეროს იქაური კულტურის კერები, კარგად შეისწავლოს იქაური განათლების საქმე,
და რასაც მოსაწონს ნახავს, თავის ქვეყანაში გადმოიტანოს... გრიგოლ ხანძთელს ჩვენ
ვხედავთ დასავლეთ საქართველოში, ეგრის-აფხაზეთის მეფე დემეტრესთან, საქმიან
აუდიენციაზე: კონსულტაციას უწევს ტაძრებისა და კულტურის კერების მშენებლობაზე, ერთი
ტაძრის (ცნობილი უბისის ტაძრის) აშენების ორგანიზაციას თვითონვე იკისრებს, იქ
დატოვებს ქართველ კაცს, რომელსაც სწავლა-განათლება საბერძნეთში მიუღია, რაც
თავისთავად ძალიან საყურადღებოა, დატოვებს კეთილ წიგნებს; გრიგოლ ხანძთელს თავისი
სკოლა აქვს და ამ სკოლაში იგი ნიჭიერ ახალგაზრდებს იკრებს. გაფრთხილებული ჰყავს
უფროსი თაობის მოწაფეები: სადაც კი ნახავენ ნიჭიერ ბავშვს, მას მიჰგვარონ –
ხანძთელი კულტურის მოღვაწეებს უზრდის სამშობლოს... შეიძლება განა ასეთი მრავალმხრივი მოღვაწე, ენერგიული, დაუღალავი, მოუსვენარი
ადამიანი ჰაგიოგრაფიული მოთხრობის გმირად დავსახოთ? ჩვენ ხომ ვნახეთ, რას
წარმოადგენს ჰაგიოგრაფიული მოთხრობის გმირი! გაიხსენეთ, როგორ არის დახასიათებული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები და მისი გმირები:
„..დაუნდობლად ებრძოდა ყოველივე ამქვეყნიურს, მიწიერსა და ხორციელს, ნამდვილად
ბუნებრივსა და ადამიანურს“. ზემოთ ჩვენ ვნახეთ, წმინდა ალექსიმ თავისივე ნება-სურვილით როგორ დაგმო ამქვეყნიური
ცხოვრება, როგორ შესწირა თავი ღმერთს და საგანგებოდ შექმნილი ტანჯვით, წამებით,
შიმშილით, თვითგვემით ამოხდა სული. ბევრი ვიცით ასეთი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები,
როცა გმირი უმიზეზოდ, თავისივე ნება-სურვილით ეწამება – ან ფეხს შეჰყოფს
აგიზგიზებულ ცეცხლში, ან ხელზე დაიყრის – გავარვარებულ ნაკვერჩხალს – მხოლოდ
იმიტომ, რომ არაადამიანური ტკივილის მოთმენით სულიერი ნეტარება და კმაყოფილება
განიცადოს. ხოლო, როცა შუშანიკი „ექუსთა წელთა შინა არცაღა დღისი, არცა ღამეი არა დაჯდის ქუე,
არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაი მიიღის“ და როცა ბოლოს „დადნა, ვითარცა ავლი“, ეს
ნებაყოფლობითი თვითგვემა კი არ არის, ეს შეურაცხყოფილი ქალის პროტესტია ქმრის
წინააღმდეგ, რომელმაც ცოლსაც უღალატა, შვილებსაც, თავის ხალხსა და რჯულს, მშობლებს
(გაიხსენეთ, როგორა ჰკიცხავს ამისათვის მას შუშანიკი), საკუთარი რელიგია დაგმო და
ოჯახში, კანონიერ ცოლ-შვილთან, მეორე ცოლი მოიყვანა, სულ სხვა რჯულის ქალი.
საშინელია ეს პროტესტი, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, ნამდვილი პროტესტია მოღალატე
ქმრის წინააღმდეგ. ისიც უნდა ვიგულისხმოთ, რომ ადვილი შესაძლებელია, თვითგვემა
შუშანიკისა შემდეგი დროის გადამწერთა მიერ გამუქებულიც იყოს. ქვემოთ ჩვენ ვნახეთ,
რომ ასეთი „შეკეთება“-დამატებანი ნამდვილად განუცდია აქ დასახელებულ მოთხრობებს.
ამგვარად, შუშანიკის შედარება რომელიმე უცხოური ჰაგიოგრაფიული მოთხრობის გმირთან და
მათი წამების მსგავსების აღმოჩენით იმის დადგენა, თითქოს იაკობ ხუცესის მოთხრობაც
ჰაგიოგრაფიული იყოს, და თანაც სწორედ იმ უცხოური მოთხრობის გავლენით დაწერილი –
მართებული არ არის. ნამდვილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გმირები უდიდეს სულიერ კმაყოფილებასა და
ნეტარებას სწორედ ტანჯვითა და თვითგვემით პოულობენ; რაც უფრო ადრე დაჭკნებიან და
მოაკლდებიან ამქვეყნიურ სიამეს, მით უფრო ბედნიერები არიან... ახლა შუშანიკს
მოვუსმინოთ, რა სინანულითა და გულისტკივილით მოთქვამს თავის უბედურებაზე, რა მწარედ
მისტირის წარსულ ბედნიერებას, როგორ შეაჩვენებს ქმარს, რომელმაც ეს ბედნიერება
წარსტაცა: „მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და
სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაი სიკეთისა ჩემისაი
დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა. და ღმერთმან საჯოს მის შორის და ჩემ შორის“...
არა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გმირი ასე არ გამოიგლოვდა მშვენიერების „ყუავილის
დაჭნობასა“ და წარსული „დიდების დამდაბლებას“. ამ ფრაზების სიმძაფრეს ვეღარ ანელებს
გმირის მომდევნო სიტყვები იმის შესახებ, რომ ტანჯვით იგი „ლხინებას ჰპოვებს“... ამ
სიტყვებს თითქოს სხვა წარმოთქვამს, სხვა ხმით ჩაგვესმის. არც გმირის ჩვენთვის უკვე
ნაცნობ ხმასა ჰგავს და არც ნაწარმოების ავტორისას. ის ემოციური ძალა აღარა აქვს,
რაც იმ პირველ ფრაზებსა ჰქონდა, მდუღარე და მწარე ცრემლგარეულ ფრაზებს,
მსმენელებსაც რომ გული აუჩუყა („ხოლო იგინი ამას ყოველსა სიტყუასა მისსა ზედა
ტიროდეს მწარედ“...). იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ გვემული დედოფალი „ანტიოქიის პალეკარტს“ არ იშორებს
– წარსულ დიდებასთან გამოთხოვება უმძიმს – ძაძებს მოსასხამის ქვეშ მალავს და
ხუცესსა სთხოვს: „ნუვის თანა იტყვი ძაძისა სამოსლისათვის ცხორებასა ჩემსა“... არა, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები მოკლებულია ასეთ ცხოვრებისეულ ვნებათაღელვას, იგი
უფრო სქემატურია, ერთფეროვანი, უფრო დაბალი მხატვრული დონე აქვს. და სწორედ ამიტომ არ შეიძლება ჩვენ მიერ დასახელებული მოთხრობების ამ ჟანრში
მოქცევა, რადგან ეს მოთხრობები, როგორც უკვე ითქვა, გვაოცებენ ღრმა რეალიზმით,
ფსიქოლოგიზმით, ცხოვრებისეული სურათების გაუხუნარი ფერებით, დინამიზმით, იდეური
გამიზნულობით, სოციალური სიმახვილით, ეროვნული მოტივების სიჭარბით... ეს ყველაფერი
მოთხრობებს დღევანდელი მკითხველისთვისაც კი დიდი ემოციური ზეგავლენის ძალას აძლევს,
რასაც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები მოკლებულია. ამ ნაწარმოებთა მხატვრული ანალიზი
კარგად აქვთ მოცემული ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარებს. მე მხოლოდ ზოგიერთ
მომენტზე შევჩერდები, და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო თვალსაჩინოდ დავინახოთ, თუ
რა უსამართლობაა მათი მოქცევა ჰაგიოგრაფიული ჟანრის ვიწრო ჩარჩოებში. ზემოთ უკვე შევნიშნეთ, რომ აქ დასახელებულ ყველა ნაწარმოებში შესანიშნავად იგრძნობა
იმდროინდელი ცხოვრების სუნთქვა და კოლორიტი. ყველა ეს ნაწარმოები უაღრესად რე
ალისტურია, ისტორიული პროცესების მართალი მატიანე. ამას თავიდანვე მიაქცია
ყურადღება ივანე ჯავახიშვილმა და დასახა ისინი ჩვენი ისტორიის შესწავლის
ფასდაუდებელ წყაროდ. ამასთან, საგულისხმოა, რომ ივანე ჯავახიშვილი მკვეთრად
განასხვავებს ამ ეროვნული კეთილდღეობისთვის მებრძოლ ბერებს ჩვენ მიერ დასახელებული
მოთხრობების გმირებს დან გამდგარ, უმოქმედო, სენაკებში გამოკეტილი ფანატიკოსი
ცხოვრებიმეუდაბნოეებისაგან. როცა, მაგალითად, მერჩულეს მოთხრობაში ჯავახეთის საეკლესიო კრებას ვეცნობით, აქ
უბრალოდ კი არ არის გადმოცემული კრებაზე მომხდარი ფაქტები, ავტორი ჩვენს თვალწინ
აცოცხლებს ამ კრებას – ათას ასი წლის წინათ მომხდარ ამბავს თითქოს აგერ ახლა
შეჰყურებდე და უსმენდე. საოცარი ექსპრესიულობით გადმოგვცემს იმ ფარულ ინტერესთა
ჭიდილს, რაც კრებას უძღოდა წინ, დაჯგუფებას, სულ უფრო და უფრო მზარდ დაძაბულობას,
დაუოკებელ ვნებათაღელვას, დაჭიმულსა და ქვეტექსტებით დამუხტულ დიალოგს, ჩუმ,
ხაზგაუსმელ იუმორს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი მთელ ქართულ ლიტერატურაში
და მარტო ეს ეპიზოდიც რომ იყოს მნიშვნელოვანი მოთხრობაში და სხვა არაფერი, იგი
ჰაგიოგრაფიის ვიწრო ჩარჩოში ამიტომაც ვერ დაეტევა. აბა, გაიხსენეთ ძლიერი ნებისყოფისა და ვნებების ადამიანის, თავდაჯერებული ფეოდალის
სახე კრების დასაწყისში, როცა „აუგისა სიტყუანი განამრავლნა“, და იგივე ფეოდალი
შემდეგ, როცა მასზე უფრო ძლიერ ადამიანს უშუალოდ დაუპირისპირდა; გაიხსენეთ, რა
ნაადრევ სიხარულს მისცემიან კრების მონაწილე ეპისკოპოსები, როგორი ირონიით
მოიხსენიებენ ხანძთელს, როცა იგი შორს ეგულებათ (დამახასიათებელია მათი ირონიული
რეპლიკა ერუშელი ეპისკოპოსის შენიშვნაზე) და როგორ დაებმით ენა, რა სასაცილოდ
დაიბნევიან, როცა გრიგოლ ხანძთელი გამოჩნდება, როგორ ვერ გაუსწორებიათ თვალი, ერთი
მხრივ, ხანძთელისათვის, და, მეორე მხრივ, ძლიერი ფეოდალისათვის; როგორ გაიხმობს
ხანძთელი თავის ძველ მოწაფეს – აწყურის ეპისკოპოსს და რა საოცარი დიალოგი იმართება
მათ შორის, როგორია სურათი თვით ხანძთელის გამოჩენისა, რომელმაც – ამას თითქოს
ქვეტექსტით მიგვანიშნებს ავტორი – შთაბეჭდილების გასაძლიერებლად განგებ დაიგვიანა
კრებაზე... გაიხსენეთ თუნდაც მეფის სამიჯნურო თავგადასავალი. ავტორი კი არ გვიყვება, თითქოს
ფერწერულად გვიცოცხლებს სურათებს. თითქოს აგერ შევყურებთ ჩვენს თვალწინ მიმავალ,
წელზე საბელშებმულ მშვენიერ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მოხუც ბერს წინ გაუგდია და
მსხვერპლად შეწირული ზვარაკივით მონასტერში მიჰყავს. ახლა იმ მონასტრის წინამძღვარი
მონაზონი და იქ მეფის გამოცხადება, მეფის სასოწარკვეთილი ამოძახილი, – „ნეტარ მას
კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“ — რომელმაც საუკუნეები გამოიარა და ჩვენამდე ცოცხლად
მოიტანა იმ ძლიერი ადამიანის არა მარტო გულისწუხილი, არამედ სუნთქვაც კი; გაიხსენეთ
მოთხრობაში ნაღვლიან ელეგიასავით ჩასმული ამბავი ზენონისა და მისი დისა – თითქოს
ახალი დროის დიდი მწერლის ნოველას კითხულობდეთ; ახლა გარეწარი ცქირის ამბავი – რა
გამწარებით იბრძვის თანამდებობისთვის, რა პროტექციებს დაატრიალებს, არაფერს ეპუება,
რომ იტყვიან ხოლმე, გაციებასაც კი არ აცლის გარდაცვლილ კაცს და მისი
თანამდებობისთვის იბრძვის... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ! თუნდაც ერთი ასეთი დეტალი:
ხანძთელს ერთი ბერი სთხოვს – მონასტრის მახლობლად პატარა ეგუტერის აშენების ნება
მომეციო, და უარს მიიღებს: ყველამ რომ შენსავით საკუთარი ეგუტერის აშენება
მოინდომოს, საერთო საქმეს ვინღა გააკეთებსო. ასეთივე უსამართლობაა „აბოს წამების“ მოქცევა ჰაგიოგრაფიის ჟანრში. ეს საოცარი
ნოველა ფაქტიურად პოლიტიკური მანიფესტია, მგზნებარე მოწოდება ეროვნული
თავისუფლებისაკენ, მონობისა და დაპყრობის წინააღმდეგ. გაიხსენეთ, როგორ
მანიფესტივით ჟღერს ის ადგილი, როცა აბოს წამების ადგილას ხალხი შეიყრება და ვეღარ
დაშლიან ამ ხალხს. აქაც თითქოს ცოცხლად შეჰყურებდე გამოფხიზლებას წლების
განმავლობაში დაპყრობილ-დამონებული ხალხისა, რომელიც მუშტად შეკრულა მტრის
წინააღმდეგ. როცა ამ მოთხრობების დიდ ცხოვრებისეულ სიმართლესა და სოციალურ სიღრმეზე
ვლაპარაკობთ, უპირველესად „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ უნდა დავასახელოთ.
შინაარსის გადმოცემა შორს წაგვიყვანს – მკითხველი მას ალბათ კარგად იცნობს.
გაიხსენეთ თუნდაც სწორედ სოციალური მდგომარეობით გაპირობებული საშინელი ტრაგედია,
როცა მიწის გამო გაბოროტებული ადამიანი – სიძესა ჰკლავს... ან მიწის მაძებარი
ბერების წინააღმდეგ აღმდგარი სოფელი... და აქაც მოთხრობის მხატვრულ ქსოვილზე მინდა შევაჩერო მკითხველის ყურადღება.
გაიხსენეთ თავისი კუთხიდან მიწის საძებნელად დაძრული ბერების თავგადასავალი და
ძლიერ ფეოდალთან მათი შეხვედრის მეტად უცნაური, ნახევრად კომიკური სურათი. ფეოდალმა
რომ გაიგო, მისი სასახლის მახლობლად ბერები დაბანაკებულან და სამონასტრო მიწებს
ეძებენო, ეტყობა, ძალიან შეწუხდა და შეფიქრიანდა. ამას პირდაპირ არ გვეუბნება
ავტორი – ამას ჩვენ ვხვდებით მომდევნო ამბებით. საინტერესოა მათი ჩუმი ჭიდილი:
შეფიქრიანებულ მთავარს ჯერ თვალით არ უნახავს დაუპატიჟებელი სტუმრები, იგი მხოლოდ
კვამლს ხედავს, სადღაც მოშორებით... იქ დაბანაკებულან ბერები და კოცონი
გაუჩაღებიათ. ჯერ ერთმანეთს არ შეხვედრიან და ეს ჭიდილი უკვე იგრძნობა. ბერებმა
იციან თავიანთი ძალა... და ჩვენ ვგრძნობთ, რომ მთავარმაც კარგად იცის მათი ძალა.
პირისპირ შეხვედრას ჯერ ერიდება მთავარი, მზვერავებს გზავნის, ჯერ ერთს, მერე
მეორეს – უფრო ფრთხილსა და გამოცდილს, წინასწარ გებულობს მათ განზრახვასა და
განწყობილებას, რათა მოუმზადებელი არ შეხვდეს და არ მოტყუვდეს... ხოლო როცა ბოლოს
პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს, მათი საოცარი მოლაპარაკება გაიხსენეთ, რაც ვაჭრობას
უფრო ჰგავს. ბერები სწორედ მიწის იმ ნაკვეთს მოითხოვენ, რომელიც მთავარს არ
ემეტება, – მისი სანადირო ადგილია, სანადირო სახლიც აქვს იქ ჩადგმული. და
„ვაჭრობის“ დაძაბული დიალოგიც ამით აიხსნება. გაიხსენეთ, „ფსიქოლოგიური ზეგავლენის“
ხერხს რომ გამოიყ ენებს მთავარი, გულს რომ მოიყვანს და შეტრიალდება, წავა თუ ესეც
არ გინდათ (იმ ნაკვეთის ნაცვლად შეთავაზებული ადგილი), რა გიყოთ, თქვენს თავს
დააბრალეთო. და გატრიალდება, მაგრამ... ნელი ნაბიჯით... ელის, როდის დამიძახებენ და
მომაბრუნებენო. და ამ მარტივი ფსიქოლოგიური ხერხის გამოცნობა ძნელი არ გამოდგა
გამოცდილი ბერებისათვის: კარგად იციან, რომ ასეთი ნელი და მერყევი ნაბიჯით დაძრული
კაცი გულმოსულიც არ უნდა იყოს – შორს არ წავა... მართლაც არ წასულა შორს, იქვე
მდინარესთან ჩამოჯდა და ახლა იქ მიიწვია მტკიცე ხასიათის ბერები და იქაც ვაჭრობა
გაიმართა. გატყდა საბოლოოდ მთავარი და ბერებს მიმართა: ამ ადგილს ნუღარ მომთხოვთ,
სამაგიეროდ ეგერ გაღმა, რასაც ხვალ დილიდან საღამომდე ფეხით მოივლით, თქვენი იყოსო.
და ჩვენ ცოცხლად ვხედავთ, რა გამწარებით გარბიან მეორე დღეს გათენებიდანვე ბერები,
რათა რაც შეიძლება მეტი გაიარონ და, ამის მიხედვით, მეტი ადგილი მოიზომონ! ერთს არ
შეისვენებენ, სულს არ მოითქვამენ, საჭმელი ვიღას გაახსენდება, ტანსაცმელიც
შემოაცვდებათ ტყე-ღრეში გამწარებული სირბილით, ფეხები დაუსკდებათ და
დაუსისხლიანდებათ... ახლა დიალოგი! როგორი ძუნწი, ლაკონიური, ქვეტექსტებით დატვირთული ცოცხალი დიალოგია
– თითქმის ყველა აქ დასახელებულ მოთხრობაში... მაგრამ როცა ზემოთ ჩამოთვლილ ქმნილებებს ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას ვუპირისპირებთ,
მხოლოდ მათ მაღალმხატვრულობას როდი ვსახავთ განმასხვავებელ ნიშნად: შეუძლიათ
დაგვისახელონ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, რომელთაც საკმაოდ მაღალი მხატვრული დონე
აქვთ; მაღალმხატვრულობასთან ერთად, ხაზი უნდა გავუსვათ უმთავრესად იმ დიდ რეალიზმსა
და სოციალურ სიღრმეს, მკვეთრად გამოკვეთილ ეროვნულპოლიტიკურ სულისკვეთებას, რითაც
ეს ნაწარმოებები არიან გამსჭვალულნი. აი, ასეთ ღრმად რეალისტურ, ღრმად სოციალურ, ეროვნულპოლიტიკური სულისკვეთებით
განმსჭვალულ ნაწარმოებებზე ვამბობთ, ჰაგიოგრაფიულიაო. კი არ ვამბობთ, ჩავჩიჩინებთ
ყოველი ახალი თაობის ადამიანს, ვაზეპირებინებთ, შეუვალ კანონად ვაწვდით, თითქოს
ვშიშობთ, ვინმემ ეს ვიწრო ჩარჩო არ მოხსნას და ვრცელი ასპარეზი არ მისცესო. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია“... შუშანიკის წამება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია“... „V-X საუკუნეებში ქართული მწერლობა საეკლესიო-სასულიერო ხასიათისა იყო“... „ასკეტიზმის მორალი ძირითადად მსჭვალავს მთელ საქრისტიანო ლიტერატურას, კერძოდ,
V-XI საუკუნეების ქართულ მწერლობას“... „ძველ ქართულ მწერლობაში V-XI საუკუნეები გამოცალკევებულ მონაკვეთს წარმოადგენს იმ
თვალსაზრისით, რომ ამ დროს მწერლობაში ერთადერთი მიმართულება იყო სასულიერო
დარგი მწერლობისა (საერო ელემენტების არსებობა ამ მოსაზრებას არ ცვლის)“... „მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული მეთერთმეტე საუკუნემდე ქართული ლიტერატურა
სასულიერო შინაარსი ამოიწურება. შემდეგ კი ჩნდება და ვითარდება, საერო
ლიტერატურაც“... ეს ციტატები 1975 წელს გამოცემული სახელმძღვანელოებიდან და ცალკეული გამოცემებიდან
არის აღებული. საგანგებოდ ახალი ნაშრომებიდან ამოვწერე. ამასვე წაიკითხავთ წინა წლების გამოცემებში, თითქმის ყველაში, ზოგან უფრო
კატეგორიულად გამოთქმულსაც, ვთქვათ, ასეთს: „სასულიერო მწერლობა... მეთერთმეტე
საუკუნემდე ერთადერთი დარგია, ხოლო მეთერთმეტე საუკუნიდან ერთ-ერთი“. ან
იქვე: „პირველი შვიდი საუკუნის მანძილზე (იგულისხმება მე-5 საუკუნიდან) საერო
ხასიათის არც ერთი ლიტერატურული ძეგლი არ შენახულა“. ასეთი ჩამოთვლა და ციტატების მოტანა შორს წაგვიყვანს, ისედაც აშკარაა, რომ ჩვენ
თავგამოდებით ვცდილობთ, ცხოვრებაში მოსულ ყოველ ახალ თაობას ტრადიციის სიწმინდითა
და სიმკაცრით გადავცეთ ოდესღაც შეუვალი კანონის ფორმულასავით ჩამოყალიბებული
მოსაზრება, რომ „შუშანიკიც“, „აბოც“, „ხანძთელიც“ და „სერაპიონ ზარზმელიც“
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებია. საინტერესო და საგულისხმოა ერთი გარემოება: როცა კარგად გაჩხრეკა და გამოიკვლევ,
თითქოს აშკარა ხდება, რომ ეს მცდარი და უსამართლო მოსაზრება მეორე მცდარი
მოსაზრებიდან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც ერთ დროს მტკიცედ იყო დამკვიდრებული
ჩვენში და მერე, მადლობა ღმერთს, მაგრად შეერყა საფუძველი, თითქმის გაქრა კიდეც.
გაქრა იმიტომ, რომ იმ მავნე კონცეფციის წინააღმდეგ ბრძოლას საერთო-სახალხო და
სახელმწიფოებრივი მასშტაბი მიეცა. ეს იყო ჩვენში დიდხანს ფეხმოკიდებული ერთგვარი
კოსმოპოლიტიზმი, რასაც თავის დროზე ნიადაგი გაუმაგრა ჩვენმავე დაუდევრობამ,
მეტისმეტი თავმდაბლობის გამოჩენამ იქ, სადაც ეს საჭირო სულაც არ არის... უცნაური სენი გვჭირს: როცა ზოგადი ლაპარაკია, წატრაბახება გვიყვარს, ხოლო როცა
კონკრეტულზე მიდგება საქმე, თითქოს ენა ჩაგვივარდება და გაუმართლებელ თავმდაბლობას
ვიჩენთ. პირიქით კი უნდა იყოს!.. ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, ეს მცდარი კონცეფცია მეორე ასეთივე მცდარი კონცეფციიდან
იღებს სათავეს. მეორე კონცეფცია უკვე დაირღვა, მასზე დაფუძნებული თეორია კი კვლავ
ცოცხლობს. საქმე ის არის, რომ ჩვენი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში კვლევის პათოსი იქითკენ იყო
მიმართული, როგორმე დაგვედგინა, ქართული ხელოვნებისა თუ ლიტერატურის ესა თუ ის
მოვლენა (დარგი, ჟანრი, ცალკეული ქმნილება) საიდან, ვისი და რისი გავლენით იყო
შემოსული და დამკვიდრებული ჩვენში. იმის ნაცვლად, რომ მისი თვითმყოფადობის
საფუძველი გვეკვლია და სწორი ანალიზის მოცემას ვცდილიყავით, კვლევის მთელი პათოსი
იქითკენ იყო მიმართული, როგორმე ვისიმე გავლენა გამოგვეჩხრიკა და დაგვემტკიცებინა.
ურთიერთკეთილმყოფელი გავლენა, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა ქვეყნისა
და ხალხის კულტურისათვის. ეს კულტურის ცალკეულ დარგთა განვითარების ბუნებრივი და
კანონიერი გზაა. ასეთი სასურველი გავლენით მუდამ მდიდრდება და ვითარდება ამა თუ იმ
ხალხის თვითმყოფადი კულტურა. ეს სულ სხვა საკითხია. აქ ლაპარაკია იმ კოსმოპოლიტურ
განწყობილებაზე, რომლის ნიჰილისტური პათოსი გარკვეულ პერიოდში უგულებელყოფდა
ყოველგვარ თვითმყოფადს, და უსათუოდ გავლენას ეძებდა იქ, სადაც აშკარა იყო მისი
აღმოცენების ეროვნული ნიადაგი. ალბათ, კვლევის ასეთი კოსმოპოლიტური მეთოდის შედეგად ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ის
მცდარი კონცეფცია, რომ V-XI საუკუნეებში შექმნილი და ჩვენამდე მოღწეული ყველა
ლიტერატურული ძეგლი უსათუოდ ჰაგიოგრაფიულია... იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ
მეზობელი ქვეყნების ლიტერატურაში ამ დროს ჰაგიოგრაფიულ ჟანრსა ვხედავთ. მეთორმეტე
საუკუნიდან კი, სპარსული ლიტერატურის გავლენით, ჩვენში საერო ლიტერატურა ჩაისახა და
განვითარდა. ამითვე იყო ნაკარნახევი „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის სპარსეთში ძიების
პათოსი, რამაც კურიოზული ხასიათიც კი მიიღო და რაც ისე ძლიერი გამოდგა, რომ
ინერციით ლამის დღემდე მოდის... ამ დროისათვის რომ ქართულმა საერო ლიტერატურამ განვითარების განსაკუთრებულად მაღალ
დონეს მიაღწია და მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრული ნაწარმოებები შეიქმნა, ეს, რაღა
თქმა უნდა, საეჭვოდ არავის აქვს და ამის დასაბუთებას აქ არ მოყვები. აქ ის უნდა
ითქვას, რომ ეს ფაქტი სულაც არ უშლის ხელს, წინა საუკუნეებშიაც გვქონოდა დიდი
ლიტერატურული ნაწარმოებები, სწორედ საერო ლიტერატურის ჟანრისა — პირიქით, სწორედ ამ
ჟანრის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს XI-XII საუკუნეების დიდი ქართული
ლიტერატურა. და თუ ამას ვირწმუნებთ, მაშინ აღარ დაგვჭირდება თავის შეწუხება,
უსათუოდ სპარსულ ან რომელიმე სხვა ქვეყნის ლიტერატურაში ვეძიოთ დიდი ქართული საერო
ლიტერატურის საფუძვლები... შთაბეჭდიელბა იქმნება, თითქოს ძველი ქართული მწერლობის შესწავლის დროს კვლევის
პათოსი იქითკენ არის მიმართული, დავამტკიცოთ, რომ ქართული ლიტერატურის მთელი ის
გრძელი პერიოდი, რუსთაველის წინა პერიოდი მხოლოდ ნიადაგის მომზადება იყო დიდი საერო
ლიტერატურის აღმოსაცენებლად, ჩვენი რენესანსის უდიდესი პოეტის რუსთაველის
მოსავლინებლად. ხოლო იმისი აღიარება, რომ „შუშანიკი“, „აბო“, „სერაპიონ ზარზმელი“,
„გრიგოლ ხანძთელი“ თვითონ იყო დიდი, თვითმყოფადი საერო ლიტერატურა, გვიჭირს თუ
გვერიდება, თუმცა კვლევის დროს ხშირად მივდივართ ხოლმე ამ დასკვნამდე. ამიტომაც
არის, რომ ამა თუ იმ მეცნიერის თვით კვლევის პროცესიდან მიღებული შთაბეჭდილება
მუდამ განსხვავდება იმ საერთო დასკვნისაგან, რასაც იგი საბოლოოდ ჩამოაყალიბებს.
ხოლო როცა რომელიმე მკვლევარი გამოთქვამს ამ აზრს, ვცდილობთ არ გავიზიაროთ (ალბათ
იმ მტკიცედ დამკვიდრებული ტრადიციის დარღვევის შიშით). ასეთი აზრი გამოთქვა თავის დროზე, მაგალითად, პავლე ინგოროყვამ, და იგი არ
გავიზიარეთ. როცა ამ პერიოდის (VIII-X სს.) ქართული ლიტერატურის ჩვენ მიერ დასახელებულ ძეგლებს
განიხილავს აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია, აშკარად ეუხერხულება ჰაგიოგრაფიული უწოდოს
მათ და წერს: „ეს ბიოგრაფიული თხზულებანი („ზარზმელი“, „ხანძთელი“...)
დიდმნიშვნელოვანი წყაროებია“... და იქვე: „იმ დროს საქართველოში, ჩანს, არსებობდა
საერო მხატვრული მწერლობაც“. როგორც ვნახეთ, რბილად არის გამოთქმული ეს მოსაზრება
(ალბათ იმიტომ, რომ საგანგებოდ არ განიხილავს მეცნიერი ლიტერატურის ამ მონაკვეთს,
იგი მოკლედ ეხება მას ორ წიგნად გამოცემულ „საქართველოს ისტორიაში“); მაგრამ მაინც
ისე ეჩოთირათ, რომ უპასუხოდ არ დატოვეს და აგერ, 1975 წელს გამოცემულ შრომაში
აკადემიკოსი ალ. ბარამიძე უპასუხებს: „მაინც არ შეიძლება ითქვას, თითქოს „იმავე
დროს საქართველოში, ჩანს, არსებობდა ს ა ე რ ო არა, ნამდვილად ჩანს, რომ საქართველოში იმ დროს არსებობდა და ვითარდებოდა საერო
ლიტერატურა. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, თითქოს ვინმე საერთოდ უარყოფდეს
იმავე დროს სასულიერო-საეკლესიო ლიტერატურის არსებობას. საეროლიტერატურის გვერდით
ეს ჟანრიც იყო საეკლესიო ლიტერატურაც. ამ ჟანრს განეკუთვნება თუნდაც ათცამეტ სირიელ
მამათა ცხოვრებანი; ყველას არ ჩამოვთვლი, ჩვენი ლიტერატურის მკვლევარები
განიხილავენ ამ ნაწარმოებებს და სადავო აქ მართლაც არაფერია – ის ნაწარმოებები
მართლაც წმინდა ჰაგიოგრაფიულ-საეკლესიოა. ასე რომ, ჩვენცა გვაქვს ეს ჟანრი და ეს
სავსებით ბუნებრივია; ჩვენი დიდი ლიტერატურა ვერ აცდებოდა ამ მნიშვნელოვანსა და
გავრცელებულ ჟანრს. და როცა ამ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს ზემოთ დასახელებულ
მოთხრობებს შევადარებთ, განსხვავებები ძალიან აშკარა და თვალშისაცემია. ისე აშკარა და თვალსაჩინოა განსხვავება, რომ ამ ნაწარმოებთა მხატვრული ანალიზის
დროს მკვლევარები იძულებულნი არიან აღიარონ – მოთხრობებში „საერო ლიტერატურის
ელემენტებსაც“ ვხვდებითო. ფაქტიურად ეს ასე არ არის. სამართლიანი იქნება, პირიქით
თუ ვიტყვით: გასაგები მიზეზების გამო, ამ რეალისტურ, საერო ლიტერატურაში სასულიერო
ლიტერატურის ელემენტებსაც ვხვდებით. ეს დიდებული მოთხრობები და ამ მოთხრობათა ავტორები ღირსეული წინამორბედები არიან
რუსთაველისა და არა უბრალოდ ნიადაგის მომმზადებელნი, როგორც ამას ხშირად ვიმეორებთ
ხოლმე. რაკი შექსპირი დიდი გენიოსი და ინგლისური ლიტერატურის მშვენებაა, რაკი იგი საამაყოდ
ეყოფა არა მარტო ერთ ხალხს, არამედ მთელ მსოფლიო ლიტერატურას, განა ვინმეს მოუვა
აზრად, შექსპირის წინამორბედის ჩოსერის როლი მხოლოდ იმით განსაზღვროს, შექსპირს
ნიადაგი მოუმზადაო. ჩოსერს თავისი ადგილი აქვს და მას ინგლისური ლიტერატურის
ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ. ჩვენ ძველი ლიტერატურის ნიჭიერი მკვლევარები გვყვანან, როცა მათ გამოკვლევებს
კითხულობ, აშკარად ხედავ, რომ თავისი ნიჭის, ცოდნის, ინტუიციის წყალობით ისინი
სწორი გზით მიდიან, ცალკეული დაკვირვებანი და კონკრეტული ანალიზი სწორია, მაგრამ
იმასაც აშკარად გრძნობ, რომ მათ რაღაც ექაჩება უკან და სწორი საბოლოო დასკვნის
გამოტანაში ხელს უშლის. ეს არის სწორედ ის ტრადიციად გადმოცემული, შეუვალი კანონის ფორმულად ჩამოყალიბებული
კონცეფცია, რამაც ჩვენი ღრმად რეალისტური, მაღალმხატვრული ნაწარმოებები თავიდანვე
ჰაგიოგრაფიის ვიწრო ჩარჩოში მოათავსა და ამ ჩარჩოს გარღვევა კი ვერა და ვერ
ხერხდება. „ნებაყოფლობითი მარტვილობის იდეა, წინააღმდეგ აღმოსავლეთის საქრისტიანო მრავალი
ერის ლიტერატურისა, ქართულ ჰაგიოგრაფიას არ უქადაგია. ქართული მწერლობა მარტვილობის
კონკრეტულ-ეროვნულ და ისტორიულ მნიშვნელობას უსვამდა ხაზს“, ვკითხულობთ ნიჭიერი
მკვლევარის რევაზ სირაძის 1975 წელს გამოქვეყნებულ საინტერესო წიგნში. აქ თითქოს
ახსნილია ყველაფერი. ისღა დაგვრჩენია, ვთქვათ, რომ ამ მოთხრო– ბეის ჰაგიოგრაფიულისა
ბევრი არაფერი სცხიათ. ჰაგიოგრაფიული ის „ნებაყოფლობითი მარტვილობაა“, ხოლო რაკი ეს
ჩვენი მოთხრობები არა „ნებაყოფლობით მარტვილობას“, არამედ „კონკრეტულ-ეროვნულ და
ისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს“, ჰაგიოგრაფიულიც არ არის, სხვა რაღაც არის,
უფრო ღრმა, რეალისტური, ეროვნული, სოციალური. ამ დასკვნამდე მიდის მკვლევარი,
მაგრამ ტრადიციის ძალა ისეთი ძლიერია, რომ ამ დასკვნის ჩამოყალიბება უჭირს, – თუ
ერიდება და იმავე გამოკვლევაში ისევ „ტრადიციულ დებულებას“ იმეორებს: „ამ დროს (V-XI სს.)
ქართულ მწერლობაში ერთადერთი მიმართულება იყო სასულიერო დარგი
მწერლობისა“. ამ მხრივ კიდევ უფრო საგულისხმოა მეორე ახალგაზრდა მეცნიერის რევაზ ბარამიძის
მშვენიერი გამოკვლევა, სადაც ავტორი ე. წ. ჰაგიოგრაფიული მოთხრობების ღრმა და
საფუძვლიან ანალიზს გვაძლევს. მკვლევარის სწორი მსჯელობიდან აშკარად გამოსჭვივის,
რომ განხილული მოთხრობები ჰაგიოგრაფიულ ჟანრს არ განეკუთვნება... მაგრამ ამის
პირდაპირ განცხადებას მაინც ერიდება მკვლევარი. ალბათ, იმავე ტრადიციის დარღვევის
შიშით. ამ ტრადიციისადმი ერთგულებამ შეგვიშალა ხელი, მეტი ყურადღება დაგვეთმო და
გაგვეზიარებინა პავლე ინგოროყვას მოსაზრება. პავლე ინგოროყვას ისეთ დიდ მოვლენად
მიაჩნია შუა საუკუნეების ქართული საერო ლიტერატურა, რომ მას „უცნაურ გამონაკლისს“
უწოდებს (ამით იგი გვეუბნება, რომ მართებული არ არის უსათუოდ სხვა ხალხთა
ლიტერატურაში ვეძიოთ მისი განვითარების ანალოგია) და მის სათავეს შორეულ
საუკუნეებში ეძებს, იგი პირდაპირ წერს: „ქართულ ენაზე, ქრისტიანობის საბოლოოდ
გაბატონებამდე, უკვე არსებულა ძველი საერო მწერლობა, რომელსაც იმდენად ძლიერი
ტრადიციები და ღრმა ფესვები ჰქონია, რომ მისი აღმოფხვრა, მისი განვითარების საბოლოო
შეფერხება ვერ შესძლო უფრო გვიან ხანში გადმონერგილმა ქრისტიანულმა მწერლობამ“. ეს არის ჭეშმარიტად სწორი დებულება და ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარებმა
უსათუოდ უნდა გაუწიონ ანგარიში. V საუკუნემდე რომ არსებობდა დიდი ქართული ლიტერატურა და „შუშანიკი“ პირველი ძეგლი
არ არის, ეს ეჭვს არ იწვევს და ამის მტკიცებას აქ არ შევუდგებით. წყაროებს
შემოუნახავთ იმისი პირდაპირი ცნობაც, რომ ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ძველი
წიგნები ცეცხლს მისცეს და გაანადგურეს. ეჭვს არ იწვევს არც ის, რომ „შუშანიკიცა“ და
ჩვენამდე მოღწეული შემდეგი დროის ლიტერატურული ნაწარმოებებიც სწორედ იმ დიდი საერო
ლიტერატურის გაგრძელებაა, რასაც პავლე ინგოროყვა გულისხმობს. მას წინაქრისტიანული
პერიოდიდან გადმოჰყვა საერო ჟანრის განწყობილება და თვისებები და „ინერცია“ იმდენად
ძლიერი გამოდგა, რომ ქრისტიანულმა იდეოლოგიამ ვეღარაფერი მოუხერხა, ვეღარ მოსპო.
თუმცა, ალბათ, ძალიან ეცადა. მართლაც, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა წინაქრისტიანული ე.
წ. საერო ლიტერატურა, რომ ახალი რელიგიის მკაცრმა დევნამაც ვერ გასჭრა, მისი
მძლავრი ნაკადი ქრისტიანული საეკლესიორელიგიური ლიტერატურის თხელ მდინარებაში ვერ
გაითქვიფა, ეკლესიის ზღუდემ, რაღა თქმა უნდა, გარკვეული წინააღმდეგობა გაუწია და
შეაფერხა კიდეც, მაგრამ შეჩერებით მაინც ვერ შეაჩერა, იგი იმ საუკუნეებშიაც — V-XI
საუკუნეებშიაც – ვითარდებოდა (ვითარდებოდა ძველი ინერციით, ჰაგიოგრაფიულსაეკლესიო
ლიტერატურის პარალელურად), ხოლო, როცა ხელსაყრელი პირობები შეექმნა, ერთბაშად
აღორძინდა და განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთ საკითხზე უნდა შევაჩერო მკითხველის ყურადღება.
ჩვენი მეცნიერების მიერ გამოთქმულია ვარაუდი, რომ ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში,
რომლებიც შედარებით მოგვიანო დროით თარიღდება, შესულია გაცილებით უფრო ძველი,
წინაქრისტიანული საუკუნეების ფრაგმენტები. ეს დიდი საკითხია და გულმოდგინე,
კომპლექსურ შესწავლას მოითხოვს. მაგრამ პრობლემის სირთულე სულაც არ ნიშნავს, რომ
მისი შესწავლა უსასრულოდ გადავდოთ და „კეთილსინდისიერი თავმდაბლობისა“ და
„მეცნიერული სიფრთხილის“ საბაბით ჭეშმარიტებას შუქი არ მოვფინოთ. ჩვენი
ჰუმანიტარული მეცნიერების დღევანდელი დონე, ვფიქრობ, უკვე გვაძლევს იმის საფუძველსა
და უფლებას, ეს საკითხიც უფრო გაბედულად გადაწყდეს. ზემოთ ითქვა, ქრისტიანულმა იდეოლოგიამ ვერ მოსპო ძველი მწერლობის გავლენაო. ეს
ნამდვილად ასეა. უნდა ვიგულისხმოთ, ეკლესია ყოველნაირად ცდილობდა ძველი
ლიტერატურისა და მისი გავლენების ამოძირკვას, და როცა ამას ვერ ახერხებდა,
საეკლესიო სამოსელში მაინც გაახვევდა ხოლმე. ეს რომ ლიტონი სიტყვებად არ დარჩეს, კონკრეტული მაგალითიც შეგვიძლია მოვიტანოთ.
ცნობილი ფაქტია, რომ ის სასწაულები, რასაც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“
ვკითხულობთ, ავტორისეული არ არის, შემდეგ არის დამატებული სხვათა მიერ. ამიტომაც
არის, რომ ეს ადგილები მოთხრობაში უცხო სხეულებივით მიმოფანტულან, არც მოთხრობის
სიუჟეტს ესადაგებიან, არც მის მხატვრულ ქსოვილს, არც საერთო განწყობილებასა და,
აქედან გამომდინარე, არც ავტორის კონცეფციას. იმდენად უცხო სხეულებივით არიან, რომ
როცა კითხულობ, თავისთავად ეთიშებიან ერთი განწყობილებით დაწერილ მოთხრობას (იქნებ
დადგა დრო, რომ ამ ინტერპოლაციებისაგან გაიწმინდოს მოთხრობა!). მაგრამ ეს ერთი მხარეა. ჩვენთვის ახლა უფრო საინტერესო ის არის, რად დასჭირდათ ამ სასწაულების შეტანა
მოთხრობაში? იმიტომ ხომ არა, რომ უფრო დაემსგავსებინათ ჰაგიოგრაფიულისათვის?! რაკი
ჰაგიოგრაფიული არ იყო და ეკლესიას კი ქრისტიანული რელიგიის პროპაგანდისათვის
სასულიერო ნაწარმოები სჭირდებოდა, რელიგიური სამოსელით საგანგებოდ ამ მიზნით ხომ არ
შემოსეს?! ნამდვილად ასე უნდა ვიგულისხმოთ. ეს კი თავისთავად გვიმტკიცებს იმას, რომ მოთხრობა საეკლესიო-რელიგიური არ არის. „შუშანიკსაც“ გადავხედოთ ამ თვალსაზრისით. სწორედ იმიტომ, რომ ეკლესიას ეს
ნაწარმოები თავის სამსახურში ჩაეყენებინა, დიდი ხნის შემდეგ ცნობილმა საეკლესიო
მოღვაწემ კათალიკოსმა ანტონმა მას საკმაოდ საფუძვლიანი რედაქცია გაუკეთა და
გააჰაგიოგრაფიულა. ისტორიკოსი ლაშა ჯანაშია თავის საინტერესო გამოკვლევაში პირდაპირ
მიუთითებს ამაზე: „ცვლილებები, რომლებიც შეუტანია ანტონს, რათა აგიოგრაფიული ჟანრის
ფარგლებში მოექცია – იაკობის თხზულება, გვიჩვენებს, რაოდენ სცილდება ეს უკანასკნელი
აღნიშნულ ჟანრს და რაოდენ ჭეშმარიტად მაღალი ლიტერატურული ღირსება აქვს!“ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნაწარმოების მთავარი გმირი საეკლესიო-სამონასტრო მოღვაწეა ან
წმინდანად არის შერაცხული ეკლესიის მიერ, იმის საბუთად არა კმარა, ნაწარმოები
უსათუოდ ჰაგიოგრაფიის ჟანრს მივაკუთვნოთ. მარტო ამ საზომით თუ მივუდგებით, მაშინ
რამდენ დიდ ნაწარმოებს მოუწევს ვიწრო ჩარჩოში ჩასატევად ქედის უხერხულად მოხრა და
გაშლილი მხარბეჭის შევიწროება! თითქოს მართლაც არ ვიცით ჩვენი სიმდიდრის ფასი და ზოგჯერ ძალიან დაუდევრად ვექცევით
საუკუნეების განმავლობაში შექმნილ ეროვნულ საგანძურს. მთელი ჯაჭვი იყო
მოთხრობებისა, როგორც ვაჟკაცობის, გაუტეხაობის, თავისუფლებისათვის შეუპოვარი
ბრძოლის დიდი მორალურ-ზნეობრივი მაგალითი და გაკვეთილი. საუკუნეების მანძილზე
თაობები იზრდებოდნენ ამ მაგალითებით – აბო, დავითი და კონსტანტინე, გობრონი, ცოტნე,
თედორე... მართლაც, მთელი ჯაჭვი იყო თაობათა ზნეობრივი აღზრდისა. რაკი თავის დროზე
ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ისინი, ავდექით და ძალიან გულუხვად, დაუნანებლად,
ეკლესიას გადავულოცეთ ეს შესანიშნავი ეროვნული გმირები, და ამით მომავალი თაობების
ზნეობრივი აღზრდის მასალა გავაღარიბეთ. არც აბოს, არც დავითსა და კონსტანტინეს, არც
გობრონს ეკლესიასთან არავითარი საერთო არა ჰქონიათ. ჯერ ისევ ჭაბუკი იყო გობრონი,
როცა საოცარი გმირობა გამოიჩინა და ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლას შესწირა თავი.
მაგრამ რაკი, გასაგები მიზეზების გამო, მისი გმირობის ამბავი სასულიერო პირმა
აგვიწერა და რაკი ეკლესიამაც წმინდანად შერაცხა, ეს გმირიც საეკლესიო „ფონდს“
გადავულოცეთ და თანდათანობით დავიწყებას მივეცით. აქ ჩამოთვლილთაგან ცოტნეს
გმირობის ამბავიღა შევინარჩუნეთ, მართლაც ულამაზესი ფურცელი ჩვენი ისტორიისა.
მაგრამ სადაური ლოგიკაა: იმის შეგნებით, მაინც მდიდარი ვარო, მოდგე და მთელი შენი
სიმდიდრე ასე გულუხვად ფლანგო?! ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი აკადემიკოსი ალ. ბარამიძე ერთ თავის
გამოკვლევაში წერს: „საკმარისია მერჩულეს მოთხრობის პრინციპულად საპირისპირო
გაგების ნიადაგზე გადატანა, რომ მივიღოთ საერო ხასიათის ნაწარმოები“. ძალიან საინტერესო მოსაზრებაა. სამწუხაროდ, არც ამ მოსაზრების ავტორს და არც სხვა
სპეციალისტს, ვისაც უშუალოდ ეხება საკითხი, ჯერ არ მოუნდომებიათ „საპირისპირო
გაგების ნიადაგზე გადაეტანათ“, ანუ სხვა თვალით წაეკითხათ ესა და ჩვენ მიერ
დასახელებული სხვა ნაწარმოებები. და აქვე უნდა დავსვათ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: უშლის კი ხელს მხატვრულ
ნაწარმოებს ის, რომ სულ სხვა ჟანრში მოვაქციოთ? თუკი ღირსეულს მივუზღავთ და
სათანადოდ შევაფასებთ, რა დაშავდება, რომ ჰაგიოგრაფიული ვუწოდოთ, თუნდაც აშკარად არ
იყოს ჰაგიოგრაფიული? საქმეც ის არის, რომ როცა სხვა ჟანრში მოაქცევ, მისი სწორი ანალიზიც გაჭირდება და
სათანადოდაც ვერ დააფასებ. მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უბრწყინვალეს ქმნილებას „დონ-კიხოტს“ ზოგი მკვლევარი
ისე კითხულობდა, როგორც პაროდიას, რომლის ერთადერთი მიზანი თითქოს ის იყო, იმხანად
ძალიან გავრცელებული რაინდული რომანებისათვის დაეცინა. აღორძინების ეპოქის ამ
უდიდეს ქმნილებას თუ პაროდიას ვუწოდებთ და მხოლოდ იმ ფუნქციის მიხედვით შევაფასებთ
რაინდული რომანების დაცინვა იყოო, – ეს, რა თქმა უნდა, დაკნინება იქნება
ნაწარმოებისა და, ამდენად, ხელს შეუშლის მის სწორ აღქმას. ახლაც შეიძლება
გამოუცდელმა მკითხველმა ისე წაიკითხოს ნაწარმოები, როგორც უბრალო პაროდია რაინდული
რომანებისა. მით უმეტეს, ავტორიც აბნევს გამოუცდელ მკითხველს: წიგნის დასასრულს
წერს ჩემი ერთადერთი მიზანი ის იყო, ხალხისათვის რაინდული რომანები შემეძულებინაო.
საბედნიეროდ, თვით ნაწარმოებს აღმოაჩნდა ისეთი ძლიერი ფილტვები და დიდი სუნთქვა,
რომ ვიწროდ მორგებული ჩარჩო გაანგრია. ალბათ, ასეთივე ვიწრო დანიშნულებისად მიაჩნდათ დიდი მიქელანჯელოსა და ლეონარდო და
ვინჩის ქმნილებანი იმ ბერებს, რომელთა თვალწინ ეს ნაწარმოებები იქმნებოდა. მხოლოდ
საეკლესიო თემებს ხედავდნენ მათში და ვერ ამჩნევდნენ ამ ტილოებზე ცოცხლად
ამეტყველებულ დაუოკებელ ვნებათაღელვას, ადამიანის დაუცხრომელ სწრაფვას მაღალი
იდეალებისაკენ. და ამათაც მალე გაანგრიეს სულისშემხუთავი ჩარჩოები. განა დაკნინება არ იქნება, ბახის გენიალური ქმნილებანი, თუნდაც ბეთჰოვენის მესები –
მხოლოდ იმის გამო, რომ საფუძვლად ლიტურგიის ტექსტები უდევთ, საკულტო-საეკლესიო
მუსიკის ჟანრის ვიწრო ჩარჩოში მოვამწყვდიოთ და მასში თავისუფალი ადამიანის უმაღლესი
იდეალებისაკენ სწრაფვის საგალობელი ვერ შევნიშნოთ? ისევ ჩვენს დიდებულ მოთხრობებს დავუბრუნდეთ. ამ მოთხრობებსაც უშლის ხელს ის ვიწროდ მორგებული ჩარჩო? სწორედ რომ უშლის და ძალიანაც უშლის! ხელს უშლის, რომ სრული მოქალაქეობრივი
უფლებებით სარგებლობდნენ, რომ უფრო აქტიურად ჩადგნენ ერის სამსახურში, მკვდარ,
სამუზეუმო ლიტერატურად კი არ ისწავლებოდნენ სკოლის განსაზღვრულ კლასსა და
განსაზღვრულ სემესტრში, არამედ ცოცხალ საკითხავ წიგნებად იქცნენ, მათაც დაეკისროთ
დიდი და აქტიური აღმზრდელობითი ფუნქცია, ჩვენი ადამიანების ბიბლიოთეკებისა და
მაგიდებისაკენ გაიკვლიონ გზა და დამსახურებული ადგილი დაიჭირონ ჩვენივე „ოთარაანთ
ქვრივის“, „განდეგილის“, „თორნიკე ერისთავის“, „ბაში-აჩუკისა“ და „ბახტრიონის“
გვერდით, ნუ მოგვერიდება და პირდაპირ ვთქვათ ჩვენივე „ვეფხისტყაოსნის“ გვერდით;
წიგნის მაღაზიების ვიტრინებშიაც ამ შესანიშნავ ნაწარმოებებთან ერთად ვხედავდეთ,
იმგვარადვე დიდი ტირაჟით გამოცემულს, იმდაგვარადვე დასურათებულს... როცა უსამართლოდ მიკრულ სასულიერო ლიტერატურის იარლიყს მოვაცილებთ, ისინი
საგამომცემლო გეგმებშიც უფრო თამამად დაიმკვიდრებენ თავიანთ ადგილს, მხატვართა
სახელოსნოებშიაც შეიხედავენ, სცენასა, ეკრანსა და ტელევიზიისაკენაც გაიკვლევენ
გზას, — მით უმეტეს, რომ ჩვენს ძველსა და ახალ ენას შორის დიდი ბარიერი არ
არსებობს... ერთი სიტყვით, ნამდვილი სისხლსავსე სიცოცხლით იცხოვრებენ და ქართველი
კაცის ცხოვრების ნაწილად იქცევიან... წელს 1500 წელი უსრულდება იმ ქართულ მოთხრობათაგან ყველაზე ძველს, ქართული
ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეულ პირველ ძეგლს „შუშანიკს“. იქნებ ახლა მაინც
შემოვხსნათ ამ მოთხრობებს ვიწრო ჩარჩოები და უფრო ფართო ასპარეზი მივცეთ. კი, ვინც ჰაგიოგრაფიულად ნათლავს ამ მოთხრობებს, აშკარად ჩანს, გული ეთანაღრებათ.
მაგრამ ალბათ დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნების გამო წლების განმავლობაში მტკიცე
ტრადიციად ჩამოყალიბებული მცდარი კონცეფციისთვის ვერ უღალატნიათ. სწორედ დიდი
ქართული ლიტერატურის ინტერესები და ჭეშმარიტი პასუხისმგებლობის გრძნობა გვავალებს,
მეტი გაბედულებით მოვექცეთ ამ საკითხს.
დაარქმევენ ამ სახელს და მერე აქებენ. თუმცა აქვე უნდა ითქვას: ზოგჯერ
არასაკმარისად და არადასაბუთებულად, არა ისე, როგორც ამ ნაწარმოებებს ეკუთვნის!
როცა, მაგალითად, „შუშანიკის“ ავტორზე იტყვი, შედარებით განათლებული პირი ყოფილაო,
ან „ხანძთელის“ ავტორზე დაწერ, გრიგოლის ცხოვრება ვინმე გიორგი მერჩულეს
დაუწერიაო, ეს უკვე ამ დიდებულ ქმნილებათა ავტორების არასათანადო დაფასებაა და მერე
ბევრიც რომ აქო ეს მოთხრობები, პირველად მიყენებული ჩრდილი მაინც არ გაიფანტება.
ასეთ დახასიათებას გვაძლევს ლიტერატურის ისტორიები. ხოლო ვინც ამავე დროს კარგად
იცნობს მსოფლიო ლიტერატურას, იმას უსათუოდ მოეხსენება, რა ნაწარმოებები შედის ამ ე.
წ. ჰაგიოგრაფიულ ჟანრში.
სწორედ ეს მსგავსება გახდა მიზეზი, რომ, სრულიად უსამართლოდ, მერჩულეს მოთხრობა
ჰაგიოგრაფიის ვიწრო ჩარჩოში მოგვეთავსებინა.
ზემოთ გრიგოლის სკოლა და მოწაფეები ვახსენეთ. ამასთან დაკავშირებით მოთხრობაში
გადმოცემულია ორი ეპიზოდი, და მარტო ამ ეპიზოდების მიხედვითაც უფლება არა გვაქვს
მოთხრობას ჰაგიოგრაფიული ვუწოდოთ: ამ ეპიზოდებში ჩვენ ვხედავთ, როგორ არ ერიდება
ხანძთელი საეკლესიო-სამონასტრო კანონებისა და დოგმების დარღვევა-უგულებელყოფას,
როცა ამას ეროვნული ინტერესები მოითხოვს (გაიხსენეთ მონასტერში ორი ბავშვის
მიყვანისა და არსენის კათალიკოსად არჩევის ეპიზოდები)...
აი, ეს არის ტიპიური ჰაგიოგრაფია.
მთავარი ის კი არ არის, რომ შუშანიკიცა და, ვთქვათ, რომელიმე ფანატიკოსი ბერი
თითქმის ერთნაირად ეწამებიან და ერთნაირ თვითგვემას განიცდიან; მთავარია მიზეზი,
რამაც ეს თვითგვემა გამოიწვია. ჰაგიოგრაფიული მოთხრობის გმირი (ამ შემთხვევაში,
ვთქვათ, სვიმონ მესვეტე), წმინდა ალექსის მსგავსად, თავისივე სურვილით დაგმობს
ამქვეყნიურ ცხოვრებას და თვითგვემას მიეცემა, სიცოცხლეს მოისწრაფებს... ქართლის
დიდებული დედოფალი კი ტკბილად ცხოვრობდა თავის ოჯახში, ჰყავდა – სახელოვანი ქმარი,
შვილები და ასევე ტკბილად გალევდა ცხოვრების დღეებს, ქმარს რომ არ ეღალატნა და
უდიდესი შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. სხვას იქნებ უფრო ადვილად აეტანა ეს
შეურაცხყოფა, მაგრამ შუშანიკმა ვერ აიტანა და მისი პროტესტი მართლაც ძალიან სასტიკი
და საშინელი გამოდგა. გავიხსენოთ, როგორი სიხარულით ეგებება წმინდა ალექსი თავისივე
მსახურთაგან დამცირებას, აბუჩად აგდებას, ცემას, და შევადაროთ: შეურაცხყოფით
გამძვინვარებული შუშანიკი როგორი გაბოროტებით აჰკრავს ხელს ღვინიან ჭიქას, რომელსაც
რძალი აწვდის – მაზლის ცოლი – და შეანარცხებს ქალს („განყარა ხელი და ჭიქაი იგი
პირსა შეალეწა“), როგორი გაავებულია, როგორი გაბოროტებული!..
იქ შეძულებაა – სიცოცხლისა, ამქვეყნიური სიამისა და ნეტარების დაგმობა,
ცხოვრებისაგან განდგომა; აქ კი, ზემოთ მოტანილი ერთი დეტალის მიხედვითაც, სწორედ
სიცოცხლის მოტრფიალე, ცხოვრებისეული ნეტარებით გულმოუყირჭებელი ქალის მკაცრი
პროტესტი გამოსჭვივის.
რა
ჩუმი და ხაზგაუსმელი იუმორი, რაც ასე ორგანულად შერწყმია მთელ ქართულ ლიტერატურას,
თითქმის ყველა აქ დასახელებული მოთხრობისთვისაა დამახასიათებელი. გაიხსენეთ ერთი
დეტალი შუშანიკის გამძაფრებულ დრამაში (პავლე ინგოროყ ვამ მიაქცია ამ დეტალს
ყურადღება). დიაკონს შუშანიკი გამოჰყავს ტაძრიდან და უნდა თავისი თანაგრძნობა
გამოხატოს გადაწყვიტა უთხრას, „მტკიცედ დეგო“, მაგრამ პირველი სიტყვის თქმა ვერ
მოასწრო, რომ პიტიახშს ჰკიდა თვალი და შეშინდა, დაფრთხა, შუაზე გაუწყდა სათქმელი:
„ოდენ, რქუა მტკი“... და დადუმნა ხოლო და სივლტოლად იწყო სწრაფით“...
რაკი ჩვენ თვითონ ასეთი თავმდაბლობა გამოვიჩინეთ და თავიდანვე ვიწრო ჩარჩოში
მოვაქციეთ ეს დიდებული მოთხრობები, რაღა გასაკვირია, რომ უცხოელი მეცნიერები,
რომელთაც უფრო ძნელად მიუწვდებათ ხელი ჩვენი კულტურის სრულყოფილად შესაცნობად,
ადვილად გვიჯერებენ და იმეორებენ ამ მოსაზრებას.
საერო მ ხ ა ტ ვ რ უ ლ ი მწერლობაც“ (როგორც ვხედავთ, ძველი ლიტერატურის მკვლევარი
კატეგორიულად უარყოფს იმ პერიოდში საერო ლიტერატურის არსებობას).
ბევრი ვიცით ისეთი ნაწარმოები (და არა მხოლოდ ლიტერატურული), რომელთა სწორი ანალიზი
იმაზეა დამოკიდებული, როგორ წაიკითხავ, ან როგორ შეხედავ და მოისმენ.
როგორც ვნახეთ, ეს აზრი პირველად არ გამოთქმულა, იმათაც
1976 წ.