The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ჩემ პოლიტიკაზე


ჩემ პოლიტიკაზე



1 I

▲ზევით დაბრუნება


ნ. ნიკოლაძის (ნიკოლაძე ნიკო) 0ნაწერი

ჩემ პოლიტიკაზე

(გაზ. „იმერეთის“ საპასუხოდ)*

ავტორის გამოცემული იყიდება ორ შაურად

ქუთაისი იოს. ხელაძის სტამბა

1913 წელი

აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე მე. ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ, კბილნი ცოდვილთანი შენ შემუსრენ. (ფსალმუნი დავითისი. III, მუხ. 8.

I.

ბ. მეუნარგიას გაშავება მარტო ფოთის კერძო, შინაური საქმე იყო. არავითარი პარტიული ან საერო ხასიათი მას არ ჩნევია. ნამუსიან სტამბაში ასეთ გარემოებას არ უნდა გამოეწვია-რა, შინაური ქრონიკის უბრალო ამბის მეტი. ფოთზე უდიდეს ქალაქს – ქუთაისში – ამას წინათ ბ. მეუნარგიაზე უფრო საღი, მცოდნე, დამსახურებული პირი, უფრო მაღალ – ქალაქის თავის – თანამდებობიდან გადააყენეს. სტამბას ამის გამო, გემახსოვნებათ, არც ჯვარზე არავინ უცვია, არც ელვა-ჭექა გაუმართავს. რათ მჭირს ესრეთი უსამართლობა? ვისი დაბალი ღობე მნახეს, რომ ყოველი უწმაწური მაჯირგალებს? ვნახოთ, აბა, რითია დასაბუთებული და რამოდნათ სინიდისიერია ის მხარე სტამბის ჩემზე ამხედრებისა, რომელიც ვითომ საზოგადო, პოლიტიკურ ხასიათს აძლევს ამ მოვლენას. ნახავთ, მკვდარი რომ მკვდარს აეკიდება, რა სისწრაფით იხრწნება ორივე.

ბ. მეუნარგია ფოთს 19 დეკემბერს გაშავდა. ოთხი დღეს შემდეგ: 23 დეკემბერს, „იმერეთში“ (№ 74) დაიბეჭდა ბრალმდები ოქმი ჩემ წინააღმდეგ, ვითომ-და ქართველების ზნეობრივ და გონებრივ გადაგვარებას ხელს ვუწყობდე. საბუთად რა უნდა მოეყვანათ, მტკნარი სიცრუის მეტი? ფოთს პირველ იანვრიდგან (ესე იგი ერთ კვირას შემდეგ) ნიკოლაძის თაოსნობით ყოველდღიური რუსული გაზეთი იწყებს გამოსვლასო. ჩინებულად იცოდნენ, რომ ამ გაზეთისთვის არავის არც ფული ჰქონდა, არც სტამბა, არც ნებართვა, იცოდენ, რომ„ზაკ. რეჩში“ ნიკოლაძე ამ გაზეთის მეთაურად კი არა, ხელის შემშლელად იყო გამოყვანილი, და მაინც ბრალს მდებდენ. აგერ მარტიც დგება. სადაა ეს გაზეთი?

სიცრუეს თქვენი ჭირი წაუღია. ღრმად ჩაუკვირდეთ ამ საკითხს. ფოთში რუსული გაზეთის დამწყებთ განზრახვა ჰქონდათ უკეთ დაეკმაყოფილებიათ ის რუსული საზოგადოების საჭიროება შავიზღვის კავკასიელ განაპირზე, რომელსაც ოთხი რუსული გაზეთი დიდი ხანია ემსახურება ბათომს, სოხუმს, სოჩას და ნოვოროსისკს. ავნებს თუ არგებს ქართულ საქმეს, ამ ხალხისთვის დანიშნული გაზეთი ჩემის თაოსნობით რომ გამოდიოდეს, და არა ბ. პალმის ან ბ. გერმანის მეთაურობით? ეს კითხვაც რომ სადაოთ სცნოთ, სიცრუის გამჭედს რით ვერ გაუგია, რომ ჩვენი სწავლა, მართველობა, მსაჯულება, გზები, ნაოსნობა, მისვლა-მოსვლა, აღებ-მიცემობა, ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრება, ისეთი პირების ხელშია, ვისაც ქართული არ ესმის? მაშასადამე, თუ ქართველობის საბოლოო დამხობა არ გვინდა, რუსულადაც უნდა ვწეროთ ამ ცხოვრების ბრუნვა, დარდი, წამალი, სახსარი.

ქართულ მწერლობაში ეს საგანი ყოველმხრივ გაისინჯა, ამ ორმოცი წლისწინათ, გადაწყდა, რასაკვირველია, ისე, როგორც მამულის ურყეველი უზენაესი საჭიროება მოითხოვდა: ვისაც ქართველ ხალხისთვის გული ეწვის, მან ქართველებისთვის ქართულად უნდა სწეროს და რუსებისთვის რუსულადო. ის საქმეები, რომლის მზადება და გადაწყვეტა ქართველების ხელშია, ქართულად უნდა ირჩეოდენ; და რომელიც რუსულ საზოგადოებას ან მთავრობას ექვემდებარება, რუსულადო. ათასჯერ რომ ხელ-ახლავ წამოაყენოთ, ატრიალოთ, სჯიჯგნოთ, ღეჭოთ ეს საგანი, შეიძლება განა მისი სხვანაირად გადაწყვეტა, სანამ საქართველოს ბედ-იღბალი, ჩემი ბრძანებით კი არა, ხალხთა და საუკუნეთა ტრიალის ძალით, რუსეთთან შედუღებულია? უტვინობამ, თუ უტიფრობამ, სტაცა ხელი ჩემ წინააღმდეგ ამ ხეპრულ იარაღს? ორივე შემთხვევაში სატირალი ყოფილამისი მხმარებლის - ზნეობრივი და გონებრივი“ სიღატაკე.

ამ პირველ ოქმს თავს ვერ დავანებებ, თუ მისი შემდეგი ნაწყვეტი არ ამოვწერე:

„ამის (გადაგვარების) მიზეზი სწორედ ნიკო ნიკოლაძეს უნდა მივაწეროთ, რომელიც სათავეში უდგება გამოცემის საქმეს (ისემც ღმერთი გიშველისთ!). თვით ინტელიგენციის უმეტესი ნაწილის დამახასიათებლად მეტად საგულისხმოა ის მოვლენა, რომ ფოთში „ზაკ. რეჩი“ ორჯერმეტი იყიდება, ვიდრე „იმერეთი“ და „სახალხო გაზეთი“.

აქ ბოლო რომ თავს არღვევს, დამწერს, რასაკვირველია, ვერ შეუნიშნავს. თუ ჩვენებურმა ინტელიგენციამ ქართული მწერლობა შეიზიზღა, მე რა შუაში ვარ? რუსულ გაზეთს თუნდ მართლაც სათავეში ჩავუდგე, ქართულ მწერლობას რაღა უნდა დავაკლო, რაკი ინტელიგენცია მას კაი ხანია დაუკარგავს? შეიძლება განა ვინმე ჭყუა-საღმა ჯერ კიდევ დაუარსებელგამოცემას მიაწეროს ისეთი მოვლენა, რომელიც, მისივე სიტყვით, ჩვენში მკვიდრათ არსებობს?

ამ უაზრობასაც რომ ხელი შეუშვათ და საქმე არსებითად გავსინჯოთ, სატირალი საქმეა, თუ სასიხარულო თანამედროე ქართული ინტელიგენციის უკმაყოფილება ეხლანდელ ჩვენს გაზეთებზე? ნუ თუ ეს გადაგვარების, და არა წარმატების ნიშანია? იზრდება ხალხი, ფიქრობს ცხოვრების ტრიალზე, საჭიროებაზე, სახსარზე. მისი ზრდის თანასწორად უნდა ვაუმჯობესოთ ქართული მწერლობაც, თუ გვსურს, რომ ხალხის გონებაზე გავლენა შევირჩინოთ. ქართულ მწერლობაში აწი მარტო წარჩინებული ჭკუის, ნიჭის, ცოდნის, ნამუსის პატრონი მოიკიდებს ფეხს, გავლენას მოიხვეჭს და ეს მოვლენა ყოველ ერთგულმამულის-შვილს სიამაყით უნდა უვსებდესგულს: ის მოასწავებს ძველი სიბნელის გაბნევას, რომელიც მყრალ ციცინათელასაც ლამპრად გვაჩვენებდა. რაკი თქვენივე პირით თავს ილანძღავთ, ბეჭდავთ– ქართული გაზეთი ხალხში აღარ გადისო, გაიღვიძეთ, უნდა უწამლოთ ამ უბედურობას. ვეღარ გაძლებს ჩვენს დროში, ვეღარ აიტანს არსებობისთვის ბრძოლას ერი, რომელსაც გონიერი მწერლობა არ წინამძღვრობს. აამაღლეთ ქართული სტამბა, მისი შინაარსისა და მსახურების გაუმჯობესებით. ამ ერთადერთს წმინდათა-წმინდას ნუ ხდით სიცრუისა და ანგარების სარბიელად. გადაგვარების წამალი ესაა.

გავიდა კიდევ მეორე ოთხი დღე, და იმავე „იმერეთში“ (77) ახალი ბრალმდები ოქმი დამიბეჭდეს, ამ სათაურით: „ნ. ნიკოლაძის ახლანდელი მოღვაწეობის ნიმუში“.

„ნიკოლაძის დღევანდელი მოღვაწეობა – ბრძანებდა ეს ოქმი – მხოლოდ ის არის, რომ ფოთიდგან გააძეოს ყველა, ვინც მის რწმენას არ იზიარებს და ცოტაოდენ დამოუკიდებელ აზრს დაადგებაო“.

რა ნაირად შემეძლებოდა ამდენი ხალხის გაძევება, რა უფლებით და, განსაკუთრებით, რა მიზნით, ეს არც დამწერს აუხსნია, არც დამბეჭდავს უკითხავს. ჩემი რწმენა, მგონია, ქარის მონატანი არაა, რომ ვისიმე წინააღმდეგობის მეშინოდეს. იმოდნათ დარწმუნებული ვარ მის საბოლოო, აუცილებელ, შეურყეველ გამარჯვებაზე, რომ არც კი ვიბრძვი მისთვის, მტკიცედ ვიცი, ფუჭი ოცნება კვამლივით დაიშლება და ჭეშმარიტება თავს იჩენს. ორჯერ ორი ოთხად გამოვა, და არაასად, ან ათასად, როგორც მთვრალებს ჰგონიათ. მეორე მხრით არავითარ დეპუტატობას, თანამდებობას, არჩევას არ ვეძებ, რომ „პარტიას“ ვიდგენდედა წინააღმდეგებს ვდევნიდე. მაშ, ნერონად რა გამხდიდა?

ბრალმდები ოქმი ამის მიზეზად ვიღაც ბ. მიხა ესაკიას სთვლის. „რადგან მისიდა ჩემი პოლიტიკურ რწმენა სხვა და სხვა აღმოჩნდა,“ ვეღარ მომითმენია მისიფოთს ყოფნა. რამოდნათ მოერიდება ვინმე ამ ვაჟბატონის ძლიერებას, აქაურმა არჩევნებმა საკმაოდ აღმოაჩინეს. ვისმა გვერდით ამოდგომამ თვით ისეთი პატივცემული და მაღალღირსი მოღვაწე გააშავა, როგორიც ლეონიდე ეპისკოპოსი ბრძანდება, *  მას განა ვინმე მტერად ჩათვლის?

ამ ცილის გასაქარვებლად იმისი თქმაც საკმაოა, რომ ბ. ესაკია ფოთიდგან კიარ განუძევებიათ, მხოლოდ ფოთის ქალაქის სათათბირომ მას იჯარადრობა ჩამოართვა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ სახელმწიფო სათათბიროსთვის არჩევნებამდი დიდის-ხნით უფრო ადრე, ესე იგი სანამ, ვითომ „მისი და ჩემი პოლიტიკური რწმენის სხვა-და-სხვაობა აღმოჩნდებოდა“, ფოთის ხმოსნებმა თავიანთი ინჯინერის მოხსენების გამო, ბატ. ესაკიას საქციელში, ქალაქის მინდობილებათა შესრულების დროს, ცხადი ბოროტმოქმედება დაინახეს. ვისაც გაძევება ამგვარ პროზაულ შეცთომისთვის ხვდა, მას, უეჭვოა დაშვენდება პოლიტიკური რწმენისთვის წამების გვირგვინი. ჩიჩიკოვიც ეგრე იმართლებდა თავს. ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მე, კიდევ რა შუაში ვარ!

ოქმის სიტყვით აი ამ ბ. ესაკიას წინააღმდეგ ცილი გამივრცელებია: შავიქვის კრებას მან შეაგონა, შუამდგომლობა იქნესო აღძრული მთავრობის წინაშე, რომ ფოთს უფლება ჩამოართვით, გემებს რომ ფულს ახდევინებს კიბეების ქირათო. ოქმი ფიცავს, მის დღეში არ ქონია კრებას ამ საგანზე სჯა და მეცადინეობაო. მბრალდება ცილისწამება კრებაზე, იმ მიზნით, რომ პოლიტიკური მტერი ფოთიდგან მომეშორებია.

კრებაზე არც მე გხლებივარ, არც ფოთის წარმომადგენელი მიუხმიათ, თუმცა უნდა მიეხმოთ. დეკემბრის დამდეგს ჩემის საჭიროებისთვის ქუთაისს აველ. იქ შემხვდა გზათა სამინისტროს წარმომადგენელი ბ. მაკი, რომელსაც თან ახლდენ ჩვენი რკინიგზის მთავარ-მოხელენი: ტეხნიური ნაწილის უფროსი, ინჟინერი პავლოვსკი, მოძრაობის უფროსის ორი თანაშემწე: ინჯინერი გერასიმოვი და ბ. სოლოვიევი, მოძრაობის რევიზორი ბ. ლინევიჩი და სხვ. ბ. მაკმა ამ პირებისწინ მიამბო, რომ იმ დღეს, მათი და ბევრი სხვა მთავრობის წარმომადგენელთა თანდასწრებით, კრებას მისმა რჩევამ მოახსენა, ქალაქი ფოთი შავი-ქვის მრეწველობას სცარცვავს, გემებს ტვირთვას უძნელებს და უძვირებს, კიბეებს მამასისხლად აქირავებს. და უფლება ქალაქს უთუოდ უნდა ჩამოერთვასო. მოვალეობად ჩავითვალე, დავბრუნდი თუ არა ფოთს, ქალაქის თავის მოადგილესთვის მეამბო გარემოება და მერჩია, კავკასიის სამთო გამგეობას მისწეროს ამ საქმის ნამდვილი მდგომარეობა. ცარცვაგლეჯა ამ კიბეების შესახებ მართლა სუფევდა ფოთის პორტში უწინდელ დროს, როცა საქმეს კერძო პირები უპატრონოდ განაგებდნენ. უკანასკნელ წლებში კი ქალაქმა ეს მხარე მოაწესრიგა: კანონი გამოიცა ამის შესახებ, ტაქსა დამტკიცდა. ახლა საქმე, ქალაქის პასუხის-გებისქვეშ, რიგიანად მიჰყავს ჩვენებურ მუშებისგან შემდგარს არტელს. რადგანაც ვიცოდი, რომ ბ. მეუნარგია ამ გარემოებაზე ყურსაც არ გააპარტყუნებდა,ჩემი პასუხისგების თავიდან ასაშორებლად ეს საქმე ამგვარადვე ვუამბე ფინანსიური კომისიის თავმჯდომარეს ბ. კეშელავას. მეტს არავის. შემეძლო განა სხვანაირად მოვქცეულიყავ? განა ეს ცილისწამებაა? საქმეს უპარტიო მოწმე ბევრი ჰყავს, ღვთის მადლით. ახლა თქვენის ნამუსისთვის მიმინდვია გადაწყვეტა: ასეთი საქმის იმ ნაირად წარდგენა მკითხველისთვის, როგორც მეორე ოქმს უქნია, პატიოსან სტამბას განა ეკადრება? მწერლობაში ყალბობა განა შესაშვებია?

2 II

▲ზევით დაბრუნება


II

ამ თვალსა-და-ხელშუა განაჩენმა ცილმა – „ნიკოლაძე ფოთიდგან აძევებს ყველას, ვინც მის რწმენას არ იზიარებსო“ – ამართა ჩემზე „იმერეთის“ ლეიბპუბლიცისტი, ბ. ურო. ფოთის რეგვნებმა ჩაიგდეს თუ არა ხელში ეს სახიფათო იარაღი, ღობე-ყორეს მოსდვეს. ორიუთავბოლო წერილი დააბეჭდინეს წრეულს ჩემ წინააღმდეგ „იმერეთში“: მეოთხე ნომერში მეთაური – „ნ. ნიკოლაძეს“,და მეშვიდეში – ფელეტონი „ნ. ნიკოლაძის პოლიტიკური მსოფლმხედველობა». ხედავთ, რა მაღალ ბანზე აუშვეს ზარი?

„როგორც მკითხველმა იცის (საიდან სადაო, წმინდაო საბაო!) ნ. ნიკოლაძე ამ ბოლო დროს სდევნის ყ ვ ე ლ ა ს, ვინც კი მის რწმენას არ იზიარებს. მისი ბრალი იყო ფოთიდან იაკობ ფანცხავას წასვლა, მისიბრალია მეუნარგიას გაშავება, ეხლა კი პატივცემულ ჩუმ მოღვაწეს ესაკიას გადამტერებია და ცილის წამებით ცდილობს ბოლო მოუღოს.“

„პატივცემულ ჩუმ მოღვაწეს“ (ეს თქმა მწერლობაში დარჩება) რა აძევებს – ზევით მოგახსენეთ. ვისი ბრალი ყოფილა ბ. მეუნარგიას გაშავება, მგონი საძიებელი აღარაა. ფანცხავას თაობაზე კი მარტო ეხლა ვტყობილობ, რომ მისი წასვლაც მბრალდება. დღემდი მეგონა, რომ თუმცა სხვა და სხვა მიმართულების ვიყავით, ჩვენ საერთო სამსახურს თავიდან ბოლომდი უხავსოთ ჩაუვლია. ვფიქრობდი კიდეც, ჩემი მასთან ხანგრძლივი ძმური თანამშრომლობა საბუთი იქნებოდა ჩვენ ორისავე რიგიანობისა, სხვისი რწმენის თმენისა, სხვისი პირადობის პატივისცემისა, დამოუკიდებელ, საკუთარ ფეხზე მდგომ კაცთან ჭაპნის ერთგულად წევისა. ნუ თუ შემცდარვარ, რაკი ბ. ფანცხავას ფოთიდგან წასვლის მიზეზად მთვლიან? ვერ გამიგია კი, რით, როგორ დამედო ეს ბრალი, როცა ბატ. ფანცხავასაც ვურჩევდი, ნუ მიდიხარ, ქუთაისს ვერას გაარიგებ, ბევრი მოწინააღმდეგე გაგიჩნდება მეთქი, და მის წამყვანსაც ვაფრთხილებდი, არ გამოგადგებათ: საგუბერნიო ქალაქს, საცა ყოველი გვარი მთავრობაა თავმოყრილი, სათავეში უდრეკი კაცი კი არა, ღვედივით რბილი და თან უწყვეტი უნდა იდგეს მეთქი. ვინ, რისთვის გაჭედა ახლა ეს ჭორი, ბ. ფანცხავა ფოთიდან განდევნაო, ბ. ურომ იმას ჰკითხოს, ვინც ის ჩემზე მოიქნია და ლაფში კი ჩაფლა.

ურომ როდი იცის, რას მოხვდება და სად დაჰკრავს. საითაც მიიქნევენ მას, იქ იჩეჩქვს თავს, განსაკუთრებით თუ ქვა ან რკინა დახვდა. ჩემზე ის სულ ბრმათ აუცუნდრუკებიათ. „პოლიტიკურ მძოვრს ღა წარმოადგენს, ჰკა მაგას, ნუ გეშინიაო.“ მოწინავე წერილიც ასე დააწყებინეს: „ძველი მოღვაწეა,“ „თავის რწმენას უღალატა და უძველეს, რეაქციონურ პრინციპებს დაუბრუნდა და თაყვანი სცაო.“ ხედავთ სად დაჰკრეს?

ვნახოთ, თუ რა საფუძვლიანად შეუსწავლია ბატ. უროს საგანი, რომელსაც სჯის. ის მესამე ბრალმდებელ რომელიც ერთი კვირის იქით მეორის შემდეგ დააბეჭდვინეს ჩემი „რწმენის ღალატს, რეაქციონურ პრინციპებისკენ დაბრუნებას“ აი რაზე ასაბუთებინებენ: „როდესაც (ნიკოლაძე) მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის შუამავლობას კისრულობდა, ის აღარ იყო სულით ახალგაზრდა... იმისთანა არეულ-დარეული შეხედულობა ჰქონდა კონსტიტუციაზეო.“

მართლა ურო უნდა იყოს ამის დამწერი. თვითონ ამბობს, შუამავალი იყოო,და ჩემ შეხედულობას იძევს! ახა, ღმერთო ჩემოს, ვინ შუამავალი და ვინ საკუთარი შეხედულობა? შუამავლის მოვალეობა ის კი არაა, უმანკო შეხედულობა ჰქონდეს ყოვლისფერზე, ისაა – გონიერად, ერთგულად აასრულოს მონდობილება, მნდობელს არ უღალატოს. ამ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ბევრმა მცოდნემ და პირუთვნელმა ისტორიკოსმა, რუსეთში და საზღვარს გარეთ, გულმოდგინედ გაარჩია ამ შუამდგომლობის გარემოება. ყველამ იცნო ჩემი რიგიანობა და უანგარობა ამ სახიფათო საქმეში, რომელშიაც უნებურად ჩათრეულ ვიქმენ. იმ ჩემ აწერაში, რომელიც „Былое“-მ დაბეჭდა (1906, № 9, გვ. 253), წინასწარ სწერია ბ. უროს საპასუხო:

„საგულისხმოა, ჩემი საკუთარი რწმენით ან სურვილით კი არ უნდა მეხელმძღვანა, მხედველობაში ყველაზე უფრო უნდა მქონოდა აზრი და მოთხოვნა რუსეთის ინტელიგენციის უმრავლესობისა, განსაკუთრებით მისი მოწინავე, მებრძოლ ფალანგისა. ჩემი მდგომარეობის უბედურებას შეადგენდა მისი პროგრამის სრული შეუხამებლობა ჩემს რწმენასთან.“

მეორე ალაგას, 255 გვერდზე, ვწერდი: „ძალა-უნებურად უნდა მეთამაშა პასივური როლი: მარტო იმას უნდა ცდილვიყავ, რომ რაც შეიძლება უკეთ მხსოვნებოდა და შემესრულებია მონდობილება.“ ეს ხომ შუამავლის ვალია? ვნახოთ, ახლა, კონსტიტუციაზე თუ მართლა „არეულდარეული აზრი“ მქონდა, მაშინ? იმავე 255 გვერდზე ვწერდი:

„როცა ჩემს მესაუბრეებს (ახალგაზდობის წარმომადგენლებს) გაკვირვება განვუცხადე, რომ რევოლიუციონერების მხრით ვიწრო სოციალისტურ მოთხოვნას მაბარებდენ, ყოველსავე პოლიტიკურ სარჩულს მოკლებულს, აღმასრულებელი კომიტეტის პირველი მარტის შესახებ სახელ-განთქმული წერილის წინააღმდეგ, რომლითაც კონსტიტუციას მოითხოვდენ, ბ. მიხაილოვსკიმ მიპასუხა – პარტია ახლა სხვა აზრის არისო“, და სხვ.

მესამე ალაგას, 256 გვ., იგივე აზრი კიდევ სხვა ნაირად არის გამოთქმული:

„ამ ნაირად გრაფ ვორონცოვ-დაშკოვისთვის ჩემი საკუთარი პროგრამა კი არ უნდა წარმედგინა მოქმედებისა, ის უნდა ამეხსნა, რომელიც რევოლიუციონური პარტიის მხრივ ბ. ბ. მიხაილოვსკიმ და კრივენკომ დამავალეს.“

ეს დაიწერა და იბეჭდებოდა ბ. კრივენკოს სიცოცხლეში. იმავე გვერდზე კიდევ ნათქვამი მაქვს: „მეტად ძნელი იყო ჩემთვის ისეთი მინდობილების ასრულება, რომელიც თვითონ ცალმხრივად მიმაჩნდა.“ ბოლოს ეგევე აზრი, კონსტიტუციის საჭიროებისა, იმნაირად ახსნილი მაქვს 272 გვერდზე, რომ მისი გაუგებრობა ყველასათვის შეუძლებელია: „გრაფ შუვალოვი როდი მიმალავდა თავის გულნაკლულობას რევოლიუციონურ პარტიაზე. მისი აზრით პარტიამ ვერ გამოიყენა უიშვიათესი შემთხვევა, როცა რუსეთში პ ა რ ლ ა მ ე ნ ტ უ რ ი  მ ა რ თ ვ ე ლ ობ ი ს დაარსება შეეძლო... მის შენიშვნაზე, რომ მარტო კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ა უნდა მოგვეთხოვა, ვუპასუხე, რომ ს რ უ ლ ი ა დ  ვ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი  მ ი ს  ა ზ რ ს. საუბედუროდ, საქმე ხომ ჩვენ შეხედულობაზე კი არა, პარტიის მოთხოვნაზე ჰკიდია. პარტია კი სულ სხვაფრივ სჯის ამ საგანს.“

არათუ შუამდგომლობის აწერით, თვით იმ დროის უდავო საბუთით შემიძლია დაგიმტკიცოთ ესვე აზრი. აიღეთ „ Отеч. Зап.“ 1882 წ., წიგნი I, ნაწ 2, გვ. 102 და 103 იქ ნახავთ ნაწერს: ლუი ბლანის უმთავრესი დამსახურება იმ შეცთომის დარღვევაშია, ვითომ სოციალიზმს და უსაზღვრო მონარქიას ერთად არსებობა შეეძლოსთ. აქედამ სჩანს, რომ კონსტიტუცია აუცილებელი მიმაჩნდა.

ყველა ეს საბუთი იმისთვის მომყავს, მინდა იმ მხილების უსინიდისობა დავამტკიცო, ვითომ შუამავლობის დროს კონსტიტუციისთვის მეღალატოს. ეს მეორე მოქნევა უროსი ვის მოხვდა თავში და ვის ვნებს, მკითხველი კარგად ხედავს.

3 III

▲ზევით დაბრუნება


III.

ვნახოთ, ახლა ვის უპობს თავს ბ. უროს მესამე ამართვა, იმის შესახებ, თუ რამ ამაღებინა ხელი წერაზე. აი, როგორ სჯის ამ საქმეს ბ. ურო.

„ჯერ გაზეთის (ნოვოე ობოზრენიის) დაწყების დღესვე განაცხადა (ნიკოლაძემ) თავისი შერიგება არსებულ წესწყობილებასთან და შემდეგ გამოუცხადა ულმობელი ბრძოლა რკინის გზის მთავრობას, ვიდრე ადგილი არ ჩაიგდო ხელში რკინის გზაშივე. მას შემდეგ ლიტერატურას თითქმის სულ მიანება თავი... მასუკან მისი მიზიდულობა ფულიანი ადგილებისკენ კიდევ უფრო იზრდებოდა. როტშილდს დაექირავა და შემდეგ ფოთის ნავსადგურების აშენებაში მიიღო მონაწილეობა“.

მადლობა ღმერთს, მწერლობა უმოწმო მუსაიფი როდია. სამუდამოდ რჩება საბუთი – გაზეთის კოლექცია. შიგ „არსებულ წესწყობილებასთან შერიგება“ მართლა რომ სადმე იპოებოდეს, ჩემ წინააღმდეგებს ამდენი ცილის თხზვა რაღათ დასჭირდებოდათ? ვინც ჩემი დროის „ნოვოე ობოზრენიეს“ გადაათვალიერებს, დარწმუნდება, რომ შიგ ულმობელი ბრძოლა არა მარტო რკინის გზასთან მქონდა, ჩვენი საქმის და სარგებლობის საცავად, აგრეთვე ცხარედ ვებრძოდი სასამართლოს – ენისათვის, სასწავლებელს – სწავლის შინაარსისთვის, საზოგადოთ „მართვის სწავლას“ ვთესდი და თვით-მმართველობას ვწვრთნიდი. ჩემს მაშინდელ ბრძოლას ბ. შავროვთან და საზოგადოთ ბ. ტებენკოვის „კავკაზთან“ პირადი, თუ ეროვნული ხასიათი ჰქონდა? ჩემი „ნოვოე ობოზრენიეში“ შრომის დასახასიათებლად ერთ პაწია ნაწყვეტს მოვიყვან იმ ნაწერებიდგან, რომელიც ბ. უროს უნდა წაეკითხოს: „ხოლერაზე.“ აი, როგორ იწყება ამ სათაურით ჩემი ნაწერი (№ 2952, 26 ივლისს 1892):

„ხოლერით – როგორც ყველა სხვა თანამედროე კითხვებით – სტამბაში უმთავრესად იმ მიზნით ვსარგებლობ, რომ მოვლენა, რომელსაც ახლა განსაკუთრებით მიუპყრია ხალხის ყურადღება, გაკვეთილად ვაქციო ჩვენი თვით-მართველობის სვლისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.“

თუ ჩვენს მწერლობას ოდესმე ჭკუიანი კრიტიკოსი ეღირსა, ის დაამოწმებს, რომ მარტო აი ამ კლიტით შეიძლება აიხსნას მთელი ჩემი მოღვაწეობა, დასაწყისიდგან დღეის-დღემდე. ამ ახსნას კრიტიკოსმა იქნება ესეც დასძინოს: „რა ყრუობა ყოფილა იმ დროს, თუ მწერალს თვითონვე უნდა ეხსნა თავის მიზანი! საცა მოღვაწე იძულებულია იყვიროს – მტერს აი რა მახეს ვუგებო – იქ აბა რა სიმაგრე აშენდება ამ საფუძველზე, რა საქმე დაგვირგვინდება? „ისიც დაუმატოთ: ამაებს ვბეჭდავდი 1892-ში, სწორედ იმ ხანას, როცა ბატ. ვიტტე მოხსენებებს სწერდა „ან თვითმართველობა, ან თვითმპყრობელობაო.“ ეს უნდა მეყოს პასუხად იმ რეგვნებისთვის, ვინც ახლა ბ. უროს აწერინებს, ნიკოლაძე „ბიუროკრატიას თაყვანს სცემდა, ბიუროკრატიას გარეშე არაფერი სწამდაო“. ვისაც წარსული არ შეუსწავლია და პირუტყვივით ჰგონია, რომ ქვეყანა მით დაწყებულა და მითვე გათავდებაო, მას რა უნდა გაეგებოდეს, თუ როგორ შეიქნა ის ძალა, ის იარაღი, ის სიკეთე, რომლითაც ის ახლა სარგებლობს და ბორორტ-მოქმედებს?

მეორე ცილი ამ ნაწყვეტისა, „ულმობელი ბრძოლა გამოუცხადა რკინის გზას, ვიდრე ადგილი არ ჩაიგდო ხელში რკინის გზაშივეო“, – ნამდვილი ბოდვაა. რკინის გზაზე ვმსახურობდი პეტერბურგს 1881-დან 1886-მდე. „ნოვოე ობოზრენიეს“ კი ვსცემდი თფილისს 1887-დან. ბ. ურო ვერსად მოძებნის საბუთს, ვითომ ამ წლიდგან რამე დამოკიდებულება მქონოდეს რკინის გზასთან. ვინ ჩაფლაან რისთვის ჩაჰფლა ბ. ურო ამ მყრალ ტლაპოში, თითონ იძიოს.

მესამე ცილიც ამის ტოლია – „მიზიდულობა ფულიან ადგილებისკენ.“ თუ კი რამდენჯერაც დამჭირვებია, ყოველთვის მიშოვნია ისეთი კარგი „ფულიანი ადგილი“, როგორიც სხვას ჩვენში სიზმარშიაც არ ელანდება, სჩანს მწერლობა, საზოგადო მოღვაწეობა ჩემთვის ხელობათ არასოდეს ყოფილა. უსახსრობის გამო, ლუკმა პურისათვის კი არ ამიღია ხელში კალამი. წრფელი გულით ვემსახურებოდი, სანამ მაცალეს, ჩემი ქვეყნის წარმატების ღმერთს, როცა ის ყოვლად უსუსური, ყველასგან მიტოვებული იყო და თავის მსახურისთვის დარდის და ტანჯვის მეტი არაფრის მინიჭება შეეძლო. რაც რამ მქონდა და არ მქონდა არ მეშურებოდა მისთვის, სანამ უძლური და უსახსრო იყო. რაკი მოსულდგმულდა, მსახურების ამაღლება შეიძლო, მლიქვნელები შეიძინა, ვერავინ მიზრახავს, მოჯამაგირეთ რომ სხვას დავუდგე, სანამ არ დამიმტკიცებს ამ მოჯამაგირეობის ვნებას ჩემი ქვეყნისთვის. ჩემდა თავად კი გაგიმხელთ: მწარე გამოცდილებამ დამარწმუნა, მლიქვნელებთან თანამშრომლობას ისევ როტშილდთან მოჯამაგირეობა სჯობნებია თურმე, არა თუ პირადათ ჩემთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც. ყოველ შემთხვევაში ამ მოჯამაგირობისთვის ჩემი ჩაქოლვის უფლება მარტო იმას აქვს, ვინც ჩემ ალაგს დაიწუნებდა, და არა ბ. უროს, რომელსაც ჯერ საქმით ვერავინ შეწამებს, რომ „ფულიანი ადგილებისათვის“ მას წიხლი ეკრას.

„მწერლობაზე ხელი აიღოო, რაკი ფულიანი ადგილი იშოვნაო“. კარგად არ გაუცვნია მწერლის მოვალეობა იმას, ვინც ამას მაყვედრის? დიაღაც, ისეთი მოწიწებით ვეპყრობი მწერლის დანიშნულებას, რომ ყოველთვის, როცა ან რკინის გზის, ან მრეწველობის, ან ქალაქის სამსახურს ვკისრულობდი, უაღრეს მოვალეობად ვთვლიდი მწერლობაზე ხელი ამეღო. ორ ღმერთს ერთსა და იმავე დროს კაცი ვერ ემსახურება. ყველა იმ დაწესებულებას, ვის სამსახურში შევდიოდი, ვუცხადებდი: მიქირავებია თქვენთვის ჩემი შრომა და ცოდნა და არა მწერლური გავლენა მეთქი. მწერლობის და მკითხველის საზოგადოების წინ ჩემი დუმილი იმას მოასწავებს, თუ რა მორიდება მაქვს მომავლის, რა წმინდათა-წმინდათ ვთვლი მწერლობას. ვერავინ მოძებნის სტამბაში ვერც ერთს სტრიქონს, ჩემგან დაწერილს, რკინისგზის, ან როტშილდის, ან ფოთის საქმეების დამცველს ან მადიდებელს, სანამ ამ საქმეებს ვემსახურებოდი. გარდა იმ იშვიათი შემთხვევისა, როცა რამე უშვერი ცილი თავიდან უნდა ამეცილებია. და ამ დუმილს, ამ მსხვერპლს, ბრალად მდებენ ჩვენი მწერლები!

რისთვის არ ვწერდი, სანამ სხვა რამე საქმეს ვემსახურებოდი, ხომ ნახეთ. მოგახსენებთ ახლა, რა მიზეზით მომიხდა სხვა რამის სამსახური, როცა მარტო მწერლობისთვის ვიყავ შექმნილი, დამზადებული, გატაცებული. ორჯერ აწერილი მაქვს ჩემი მწერლობისგან გადადგომის მიზეზი: ქართულ მწერლობიდგან – „დროება“-ში (1876) და რუსულიდგან – „ნოვოე ობოზრენიე“-ში (1891). მოკლედ გიამბობთ ჩემი დროის ქართველ მოღვაწის გასაჭირს: იქნება მით მომავლის საქმე გაადვილდეს.

მთქმელს გამგონი უნდა. როცა ჯეროვანი ურთიერთობა არ მყარდება ამ ორ მხარეს შუა, წვალებას გაცლა სჯობს. ნამეტანი ვიმეცადინე მწერლურ ასპარეზისთვის მზადებაში. ამ მიზეზით მიჭირდა და ახლაც მიჭირს, საერთო ხოროსთვის ბანის მიცემა. როცა ქართულ მწერლობაში გავები, მის თარს მარტო ერთი სიმი ება, შიგ მარტო ერთი, დიახ, სწორი, მაგრამ ერთობ ცალმხრივი, დედა-აზრი სუფევდა. ჩვენს განვითარებაში ის (კეისრისა კეისარსა!) 1830 წლის მოძრაობას შემოეტანა და გრიგოლ ორბელიანს დაემყარებია: დედა-ენის დაცვა. 1860 წ. მოძრაობამ ამ საქმეს ახალი მსახურები მიაშველა: სტამბა, შკოლა, სახელმძღვანელო. ჩემმა დამზადებამ დედა-ენა, მიზნად კი არა, მარტო ერთ იარაღთაგანად მაჩვენა ერის კეთილდღეობისა. მესმოდა, არა მარტო ენით იკვებება ხალხი. ქართული ენა სისრულით ხელთ-ეპყრა ჩვენს ერს, როცა მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნოებში თითოეულად შემოეცალა ყოველივე ის, რაც ეროვნებას შეადგენს. მაშ, არც მარტო ენა აღადგენს ამ ეროვნებას მეთქი, ვფიქრობდი. საჭიროდ ვთვლიდი შემეძრა ის ცხოველ-მყოფი ძალები, რომლის მოქმედება და ურთიერთობა ერს ზრდის, ამაღლებს, აძლიერებს. შევეხე ეკონომიკას, კრედიტს, მრეწველობას, მიწისმფლობელობას, და თვით-მართველობას. ძველი მოღვაწეების ნაშრომის შესწავლამ ნება მომცა მკვდრეთით აღმედგინა ბობოლაებისგან დამარცხებული და დამარხული საქმეები და მოქმედი პირები, მაგალითად ყველასგან ერთიანად დავიწყებულ საადგილ-მამულო ბანკები. ბ. გიორგი ყაზბეგს ჰკითხეთ (დამფუძნებელთაგან ახლა მეტი არავინ მეგულება ცოცხლებში), რამდენჯერ დაგვჭირდა დუშეთს ასვლა 1871 – 1873 წ.წ., რამდენ ყმაწვილს, რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისთვის სახელმწიფო სამსახურზე ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანაკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის სათავეში ჩაგვეყენებია. თფილისის ქალაქის თავად სომხებს დიმ. ყიფიანი ავარჩევინეთ. ქუთაისს, გრ. ლევაშოვთან აუწერელი ბრძოლის შემდეგ, თვით-მართველობა შემოვაღებინეთ. ქართველობის ასპარეზი ხუთიოდე წელიწადში უცნობათ გავაფართოვეთ. რასაკვირველია, ახალი საქმეების აღძვრას მოჰყვა შეტაკება სხვა და სხვა აზრებს, ინტერესებს, თავმოყვარეობათა შორის. ეს „ალიაქოთი“ სულ მე დამბრალდა. ვინც დედა-ენის მეტს არას იცნობდა, დამემდურა, ძალას უსარგებლო საქმეებზე გვაფლანგვინებსო. შკოლის მეტი აღარა გვჭირია რაო. ყველა ეს ხიზნის, ბანკის, თვითმართველობის საქმეები ქართულ ერთობას არღვევენო. გაგონილა ქართველობაში ასეთი შფოთიო? გამოველ „შინაურ მტრად.“

დავღუნე თავი, მოვშორდი ქართულ მწერლობას. მუდამ ერთ სიმზე ჟღერა ვის არ მობეზრდება? ვიფიქრე: შინაურ ბრძოლას სჯობს სხვა სარბიელი მოვიძებნო მეთქი. რაკი უმეტესი ნაწილი იმ საქმეებისა, რომელზედაც ჩვენი ქვეყნის ბედი ჰკიდია, რუსის მთავრობის ხელშია, მოდი რუსულად ახსნას დავუწყებ ჩვენს  გასაჭირს, იქნება ამით ვისმე ვარგო მეთქი. ბევრი კითხვა აღმიძრავს ამ ნაირად. ვერავინ ვერაფერს გამოძებნის ამ ნაშრომში ჩვენი ქვეყნისთვის ურგებს ან სახიფათოს. მაინც, როცა ხიზნების, მიწის მფლობელობის მოწესრიგებას ვიკვლევდი მთავრობისთვის, ქართულმა მწერლობამ მიკიჟინა (1878 – 1880): ორად ჰყოფს ქართველობასო, სრულიად დავანებე თავი იმ კითხვებს, რომელნიჩ წოდებათა ურთიერთობას შეეხებოდნენ. სრულიად დავივიწროვე მოქმედების ფარგალი, ვეხებოდი მარტო იმ საქმეებს, რომელნიც არავის წინააღმდეგობას არ უნდა იწვევდენ: გზებს, არხებს, პორტებს, ვაჭრობას, მრეწველობას, ჯანმრთელობას, თვითმართველობას. ჩვენში ესეც არავის ეპიტნავა. „რა გენაღვლებაო – ყველა მხრიდამ მოისმოდა – ქვანახშირი, ნავთის საქმე, შავიქვა, რკინის-გზა, მიწა-წყალი, ბანკები, ვაჭრობა, მრეწველობა, თვითმართველობა ვის ხელშია და რა მიმართულების არისო?“ ზოგს მარტო დედაენაზე წერა ესმოდა, ზოგი მარტო იმას აფასებდა, თუ ბწკრებს შუა პოლიციელის გაწკეპლვას ამოიკითხავდა. ამაგი, შრომა არ გადიოდა. მთელი თვეობით უნდა ესწავლა, ოფლი ედინა კაცს საქმის საკვლეველად, სახსრის საპოვნად, და ათასს ამისთანა სიკეთეს ერთი ყოვლად უბრალო ფეხის-წაკვრა აჭარბებდა. აზრს ვერ იგებდენ ან განზრახ ასხვაფერებდენ, და მთელი წლობით ცილს თუ შეცთომას იმეორებდენ: „არსებულ წესწყობილებასთან შერიგება გააცხადაო“, „ტიხომიროვი აქოო!“ სხვა ანგი მათ ყურს არ ესმოდა, მღაღადებლის ხმად რჩებოდა უდაბნოში.

დავფიქრდეთ ახლა. იმ დროს რომ ჩემსას გაეჭრა და ეს სავარამო კითხვები საბოლოოდ გადაგვეწყვიტა, მოუხდებოდა, თუ დააუძლურებდა ეს ქართველობას? რა „ერთობა“ ყოფილა ჩვენში, 1905-მა გვაჩვენა. ჩემ რჩევას რომ აჰყოლოდენ 1871 – 1880-ში, სულ სხვა გავლენა ექნებოდა „განმათავისუფლებელ მოძრაობას“ ქართველობის პოლიტიკურ ბედზე. ერთაზროვანს, ერთბანაკად მდგომს ერს რა არ გაუვიდოდა? ჩვენ კი ამ პსიხოლოგიურ ხანაში ერთმანეთს შევესიეთ და შევაკვდით, ერთმანეთი გავაბათილეთ. ყურადრებას ვინღა მოგვაქცევდა? მტერ-მეზობელი ყველა იმას ლოცულობდა: „წამკიდებელო წაკიდე, ორივეს თავი წაწყვიტეო!“ მტრის გულისა გავხდით, მიტომ, რომ თავის დროზე ურთიერთობა ვერ მოვიწესრიგეთ.

რაგინდ მებრძოლი ტემპერამენტი მქონოდეს, რაგინდ მართალი ყოფილვიყო, უნდა მოვრიდებოდი ახალთაობასთან ბრძოლას, ასეთ შემთხვევაში თვით გამარჯვებაც დამარცხებაა იმისთვის, ვინც ქვეყნის სიკეთეს პირად თავმოყვარეობაზე მაღლა სთვლის. ახალ-თაობისთვის ამგვარი შეცთომა იმნაირადვე აუცილებელია, როგორც მოზარდ ბავშვისთვის სხვა-და-სხვა „ასაკის სენი“: კბილების ჭრა, წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ცუდ-ყვავილა. მათი ერთად ერთი წამალი დროა, სიცხის გამომნელებელი, სისხლის დამწმენდი, ბოდვის, შფოთვის მომსპობი, ჭკუაზე მომგვრელი. როცა ერთი ამგვარივე ჭირი – სენტიმენტალიზმი – ლესსინგის დროს გერმანიას მოედო, ამ მოღვაწემ გარკვეულად დაინახა, რა ზიანი ეძლეოდა ამით მის დიად ნაშრომს, მის უბედურ სამშობლოს. მაგრამ მაინც გულხელი დაიკრიფა და ახალ-თაობასთან ბრძლის ამაოება გვამცნო. „ოცნებით დამთვრალ ჭაბუკსო – ამბობდა – ვერავითარი რჩევით, წყრომით, ძალით ვერ შეაგნებინებთ მისიმედის სიფუჭეს. უნდა მის ნებაზე მიუშვათ. დაე თავად დარწმუნდეს, საქმით, რომ ვერც ხტომით, ვერც ხერხით,ვერც ბღავილით მთვარე ციდამ მიწაზე ვერ ჩამოსვენდებაო!“ არა თუ ბ. უროს, სისხლის-მსმელ მტერსაც არ ვუსურვებ ამისთანა ბედს, რომ ჯანით და გრძნობით სავსე ადამიანი იძულებული იყოს ცოცხლად თავი დაიმარხოს მომავლის სიყვარულისთვის, იმოდნად მძიმე და აუტანელია ეს მსხვერპლი. ხელს არავის ვუშლი, გზაზე არვის ვეღობები, არვის ოცნებას არ ვებრძვი, გულწრფელად ვნატრობ კიდეც: ღმერთმაჰქნას ჩვენმა ხბომ დათვი დაიჭიროს მეთქი, ამ დუმილს, ამ თავის-კვლას არათუ არავინ მიმადლის, პირიქით, მაყვედრიან! ხმას ძალად რომ ამომაღებინებენ, უარესად მემდურიან, თავისას რათ ამბობს, რატომ არ გვეთანხმებაო. თავისუფლების, დამოუკიდებლობის მცველები ვართო, და იმის ნებასაც არ მაძლევენ – გულში დამარხული მქონდეს საკუთარი აზრი. უნდათ, მეც ისეთ მჩვრად მაქციონ, რომელიც ბრბოს ფეხის ხმას მიზდევს, იქნება წინამძღვრად ჩავითვალოო.

ნურას უკაცრავად: სამსახურს თამაშად ვერ გავხდი!

4 IV

▲ზევით დაბრუნება


IV.

გავიდა კიდევ ოთხი დღე. „პოლიტიკური მძოვრი“ ფეხზე დგას, კიდეც დაიარება წყეული. ორივე ხელით ამართეს ხელ-ახლავ ბატ. ურო, მეოთხე ოქმი გამოახოხორიკებინეს, ამ სათაურით: „ნ. ნიკოლაძის მსოფლ-მხედველობა.“ შიგ თხზავენ და მაწერენ ისეთ აზრებს, რომელნიც არც ერთ ჩემ ნაწერში არ მოიპოვება. რაღა თქმა უნდა, ბ. ურო ადვილად ანგრევს მისგან გაჭედილს. თუ ფოთიდგან მიწოდებულ სიცრუეს.

ძირეული შეცდომა ბატ. უროსი, როგორც მთელი მისი პარტიისა, ის არის, რომ მათი პოლიტიკური მოაზრება მეტაფიზიკაზეა აშენებული. აიხირებენ რაღაც სურვილს, საკუთარ გემოვნებაზე არჩეულს, და რომელსაც მოიწონებენ „პრინციპს“ არქმევენ, ხატად იქცევენ, თაყვანს სცემენ. დარწმუნებული არიან, ეს თილისმა ყოველთვის, ყოველგან, ყოველ შემთხვევაში ერთნაირად სასწაულს მოახდენსო. რეალურ პოლიტიკას კი არც ერთი ამგვარი ავგაროზი არ სწამს და ეს ძველთა ძველი რწმენა დიდი ხანია არხივებში დაუმარხავს, როგორც გამოუცდელი გონების ბავშვური შეცდომა. ძველებურ სხოლასტივით ბატ. ურო მაბრალებს – ნიკოლაძე ბრძოლას, ამბოხებას, ავტონომიას, რესპუბლიკას უარჰყოფსო. ამის თქმა ამტკიცებს მის ერთიან ჩამორჩენას თანამედროე მეცნიერებისგან. განა პოლიტიკაში შესაძლოა რისიმე ან უარჰყოფა, ან ახირება? სწორე ცოდნას აღარც ერთი საშუალება არ მიაჩნია ისეთ „ცხოვრების ელექსირად,“ „ფილოსოფიურ ქვად,“ რომლის მიკარება ვყელაფერს კურნავს ან ოქროდ აქცევს. გონიერ ექიმს ჰკითხეთ, აბა: ქინაქინას უარჰყოფთ, თუ თაყვანს-ცემთთქო? შებრალებით შემოგხედავსთ, და იმ კილოთი, რომლითაც თოთო ბავშვს რასმე უხსნიან, გიპასუხებთ: ზოგიერთ ავათმყოფობას უხდება ხოლმე, ზოგს სხვას სწყენს, ზოგისთვის საწამლავიც არისო! მიდით, ინჯინერს ჰკითხეთ უროზე რა შეხედულობის ბრძანდებით თქო? მობ=გიგებთ: მარჯვე ოსტატის ხელში კაი მოგეცესთ, კარგი იარაღია, მაგრამ ბალღს თე საცელქოდ გაუხდა, თავსაც გაურეჯგვსო. ომის კაცს, დიპლომატს მიმართეთ: ბრძოლას რა თვალით უყურებთ? – ღონიერისთვის, დაიარაღებულისთვის ჩინებული საშუალებაა ხან-და-ხან; სუსტისთვის კი – მტრისას იყოს – ავია. ვინც ძალის უქონლად ძალას ხმარობს, ძალითვე წაწყდებაო.

რევოლიუციასაც ამგვარათვე სჯის თანამედროე მეცნიერება. მშვენიერი, აღმტაცი, ამშენებელი მოვლენა იყო 4 სექტემბრის 1870 წლის რევოლიუცია საფრანგეთში. ქვეყნის დამღუპავი მართებლობა ექვსი საათის განმავლობაში ნაგავივით მოხვეტა ხალხმა, და მის მაგიერ იმ წამსვე ახალი დაადგინა, რომელსაც მთელი ერი, რჯულის, მოდგმის, წოდების, პარტიების განურჩევლად, გაჰყვა როგორც ერთი ადამიანი. ასე მოხდება ხოლმე საცა ხალხი მოწიფებულია ცვლილებისთვის. მეორე რევოლიუციასაც დაესწრო ჩვენი თაობა, ჩვენზე უფრო ახლო, ოსმალეთში. მოგეხსენებათ მისი შედეგი: რამდენი კაცი იმსხვერპლა თავად ცვლილებამ, რამდენი ჩამოარჩვეს მის შემდეგ. მას აქეთ ხუთ წელიწადს არ გაუვლია ჯერ, და ოსმალეთმა ტრიპოლი დაკარგა. იტალიასთან კი არა, სულ წვრილმან, სულ თოთო სახელმწიფოებთან ომი წააგო. რაც ევროპაში რამე მოეძეოდა – მტერს დაანება. ზღვაზე უფლება ხელიდან გაუშვა: ისეთი კუნძულები ვერ დაიცვა, რომელნიც მის ძლიერების ჭიშკარს შეადგენდენ. მას არათუ ქრისტიანები ჩამოშორდენ, თვით მაჰმადიანებიც აუჯანყდენ. არაბეთი მოსცილდა, ალბანეთი განზე გაუდგა. აქიდგან სჩანს, რომ რევოლიუციაც – ქინაქინის არ იყოს – ზოგან რგებს, ზოგჯერ ვნებს. საფრანგეთში გამოდგა, ოსმალეთში არა. არ გამოდგა მიტომ, რომ ხალხი დაუმზადებელი ყოფილა ცვლილებისთვის, მორიგ საქმეებზე ერთი აზრი, ერთი რწმენა მას არ ქონია. ისე აწეწილი ყოფილა შინაურობაში, რომ მთელი თავისი ძალა საურთიერთო ბრძოლაში უნდა დალიოს. ამგვარ ქვეყანას რევოლიუცია არა თუ არას რგებს, ერთიანად ღუპავს. ამავე მდგომარეობაშია სპარსეთიც და თვით ჩინეთის რესპუბლიკაც. რომელსაც ბ. ურო ცხვირში მჩრის ავტონომიის სიკეთის საბუთად. ეს რესპუბლიკა ჯერ არ დაარსებულა, და აღმოსავლეთით მანჯურია დაკარგა, ჩრდილოეთით – მონგოლია, სამხრეთით ტიბეთი, დასავლეთით – კულჯა. ზღვის გაღმა კი, ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რესპუბლიკამ თავისი ქვეყანაც გააბედნიერა, ხალხიც გაამდიდრა, კაცობრიობაც აამაღლა. ასე, ჩემო მანასე, ხან ისე დახან ასე ხარობს ყველაფერი ქვეყნიერებაზე. თილისმა ოცნებად გამოდგა.

აი ამ ორი მოაზრების წინააღმდეგობაზე – თილისმის მორწმუნეს და თანამედროვე ცოდნას შუა – დამყარებულია ბ. უროს გაუგებრობა ჩემი პოლიტიკური მსოფლ-მხედველობისა. სწორი ცოდნის მიმდევარს როგორ შემეძლო ბრძოლის, ავტონომიის, რევოლიუციის ან რომელიმე სხვა საშუალების ან უარჰყოფა, ან დაჟინება? განა ავტონომიის უარჰყოფაა მე რომ დავწერე: „საქართველოს დარაპა-ნუის კუნძულს ერთი და იგივე წესწყობილება არ მოუხდება“ მეთქი? ეს მხოლოდ შედარებით კვლევაა იმისი, თუ როგორ მოუხდება ეს წამალი ჩვენს აგებულობას და ავათ-მყოფობას. რაპა-ნუის ყველა გარეშე მტერებისაგან თავის დასაცველად წელიწადში სამი მანეთი ჰყოფნის, დროშის და მისი ამწევი თოკის საცვლელად. მას დიდი, უსაზღვრო ოკეანეიცავს ყველა მხრით. საქართველოს კი რა უჯდებოდა საჭიროება, მის თვითარსებობის მატიანეებს მიაკითხეთ. იქ ნახავთ, რომ ჩვენი ერის ძალა და ქონება ვერ აუვიდა ამ გასაჭირს. ეს ზარატუშტრას ნაბოდავი კი არა, ისტორიული ფაქტია. ათასნაირად შეიძლება მისი დამტკიცება: ზომვით, კვლევით, ანგარიშით, შედარებით, ნაამბობით, ნაწერით. ვინ გააქარწყლებს ამ ცხოვრების დასკვნას,ამ სინამდვილის ნაყოფს, ცარიელი „არ მინდა“, „მირჩევნია“, „მოვითხოვ“-ით? მოგახსენოთ, „მოთხოვნებზე“ რას ფიქრობს მეცნიერება? მოთხოვნა ქვეყანაზე მაშინ მიიღებაო პატივდებაში, როცა, უარი რომ გითხრან, ძალით შეგეძლებაო ნათხოვნის მიღება. ამის გამო სანამ სურვილს გამოთქვამდე, აწონ-დაწონილი უნდა გქონდეს თავისი და მოპირდაპირის გარემოება, როშ სირცხვილში არ ჩავარდე, რაც გაბადია, ისიც არ დაკარგო. ცოტა მომთხოვი გვინახავს, განა, ეთქვას, ნეტა მიწა გამსკდომოდა, და ხმაარ ამომეღოო? შორს რომ არ წავიდეთ, აბა ბათუმელ მუშებს მიაკითხეთ, ნავთის ქარხნებში რომ მსახურებდენ, მოგებული თუ დაქცეული დარჩა ჩვენი მხარე მათ წინდაუხედაბ მოთხოვნებისგან? ესპაწია მაგალითი მომყავს, რომ უდიდესით გული არ გაგიხეთქოთ, თორემ უცრემლოდ ვერც მე შემძლებია მეკითხა: რაცამ უკანასკნელ წლებში „მოთხოვნათათვის“ მსხვერპლი შევწირეთ, იფარება, ვითომ, ნაშოვნით? ამ ნაშოვნის მეტიგანა მუქთადაც არ გვეძლეოდა? ის მსხვერპლები რომ გონიერად გვეხმარა, განა დღევანდელ გასაჭირში ვიქნებოდით? ან ვის არგო ჩვემა მსხვერპლებმა: წინსვლას, თუ შავრაზმელებს?

მხეცისაგან ადამიანი მით ირჩევა, რომანგარიშს სჩვევია. ხარჯს შემოსავალს ადარებს. საქმის დაწყებამდი ცდილობს წარმოიდგინოს მისი ავი და კარგი. წიწილისთვის ხარს არ გასცემს. გონიერი ადამიანის ამ მარტივ თვისებაზე დამყარებულია ახლანდელი მეცნიერული ეკონომიკა და პოლიტიკა. უწინ სხოლასტები ქვეყანას რომ აოხრებდენ, ხალხს წყვწტდენ, ოღონდ კი იძულებით ორი თითის მაგიერ სამით ეწერა პირჯვარი,ახლა ასეთ ფუჭ „პრინციპებს“ აღარავინ სწირავს ადამიანის სიცოცხლეს, და თავისუფლებას თუ პირდაპირი, რეალური სარგებლობა არ უძევს. ის ხანა გაჰქრაგონიერ ქვეყნებისთვის, როცა ცარიელი ოცნების გულისთვის ძმა-ძმას ჰკლავდა. საარაკო მისათითებლად გაუხდა კაცობრიობას ბიზანტიელების დაბრმავება. ერთმანეთს დოგმატებზე რომ ედავებოდენ, იმას კი ვერ ხედავდენ – მამადიანები ჭიშკარზე საიერიშოდ ადგათ. დროა ჩვენც ავიხილოთ თვალი სინამდვილეზე, სიზმრის თვალთმაქცობისაგან თავი ვიხსნათ, იმის გარჩევა ვისწავლოთ, თუ ჩვენს გარშემო რა ამბავია, რა ნამდვილი წამალი უშველის ჩვენს ჭირს? თვლ-უწვდენელოცნებას ეს მცირე ამაგი სჯობია.

5 V

▲ზევით დაბრუნება


V.

სამი მტერი ჰყავს ქართულ განვითარებას. ერთი – საკუთარი მწერლობის აზრის სივიწროე, თუ ინერცია გახლავსთ. მარტო ის სწამს და ახსოვს, რასაც დიდი ხანია შეჩვევია. დედა-ენის მეტი თუ რამ სჭირია ერს, ბევრს როდი ესმის. მეორე უბედურება ის გვჭირს, რომ ოჯახი, შკოლა ჯერ როდი გვაძლევს საკმაო მომზადებას. ამის გამო სხვის ლიტერატურაშიაც უფრო მჩატეს, შემცდარს, შეშლილსა და უვიც მწერლებს ვეწაფებით, ვინემ თანამედროვე ცოდნით დაიარაღებულს. მესამე, ორივეზე უფრო მძიმე გასაჭირი ისაა, რომ ვისაც ჩვენში ღირსებია ნამდვილი განათლების, სწორე ცოდნის, შეძენა, ის როდი ეკარება ჩვენს მწერლობას, ან ჩვენს საზოგადო საქმეებს. ამ მიზეზით ესენი თითქმის ერთიანად ერთობ დაუმზადებელ „მეთაურების“ ხელშია. სულ ცოტა, ცოტა, ჩემ დროს ათასკაცს მაინც გაუთავებია ჩვენგანს უმაღლესი სასწავლებელი. სადაა მათი გავლენა ხალხის აზროვნებაზე?

ისინი, თუ უვიცები, წინამძღვრობდენ არეულობის დროს, როცა ერის საქციელი მის ბედს სწყვეტს მთელ მომავალ საუკუნისთვის? გაიხსენეთ ჩვენი, საზოგადოთ, იმ დროის ამბავი: მოდიოდენ ჩვენში მეთავურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა,თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ. „ამბოხება დავიწყოთო“, დაიძახებდენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქო თხას – ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ახსნა, ან ცოდნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა დამაშინ კი მოქუსლავდენ და გაჰქრებოდენ.

გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს, რომელიც ახლა, იქნება მთავრობას არწშუნებდეს, ქართველი ერი სულ ბუნტის თავია, კაცი მას ვერ ენდობაო. სად გაჰქრა იმ დროს ნასწავლი ხალხი, რათ გაჩუმდა, რატომ თავისი მოვალეობა არ შეასრულა ერის გაფრთხილებისა, ხელმძღვანელობისა, თვალის ახელისა? ჩვენებურ ცრუ ამბოხებაზე მითქვამს, სისულელეგახლავს მეთქი. ბატ. ურო კი მიწერს ამბოხება სძულსო. დიაღაც მეძულება ყველაფერი, რაც ჩემ ქვეყანას ვნებს.

ზემო ჩამოთვლილი სამი ჭირის მიზეზით აირია ჩვენში საზოგადო აზრი, როდიღა ვის შეუძლია სულ უბრალო საქმის გარჩევა. ამბოხება, რევოლიუცია ქვეყნიერობის არსებობაში ისეთივე იშვიათი„ერთ-წუთი“ მოვლენაა, როგორც ელვა, მეხი. შესაძლოა, განა, ადამიანი სულ იმას ნატრობდეს, რომ ჭექა-ქუხილი და მეხის ტეხა განუწყვეტელი იყოსო, რომ სხვა ძალა ქვეყანაზე არ მოქმედებდესო, და მუდამ მეხის მზადებაში ლევდეს თავის ღონეს? განა მეხი, ფურთვნა, მიწის-ძვრა კაცის ხელით მზადდება? უეჭველია, ღვინო ვერ დადგება, თუ შფოთიანი დუღილი არ გამოიარა. ტკბილი რომ დუღს, მისი სიბინძურე ზედა პირზე ქაფად ფარფაშებს, დადუღების შემდეგ კითხლედ შეიქნება და ღვინოს ძირში მოექცევა. იქაც როდი დაიტოვება, თორემ ღვინოს აამყრალებს და დასჭანგავს. დუღილი, შფოთიანი დუღილი, ამ ნაირად საჭიროც არის, კეთილ მყოფელიც. ნუ თუ აქედგან ის აზრი გამოდის, რომღვინო ნიადაგ უნდა დუღდეს? კაი შვილიც დადგება!

ბალღს ღვინის კეთებაში, რასაკვირველია, მარტო ქაფის ფარფაში, ბუშტების ტკაცა-ტკუცი, მოძრაობა, ხმაურობა ახალისებს და ამახსოვნდება, თორემ რაგაეგება იმ ნელის, ჩუმის, შეუმჩნეველის ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც ყურძნის სიტკბოს სპირტად აქცევს? ბავშვს ეს არც კი მოეთხოვება. მაგრამ რითაიხსნება ესრეთივე შეცდომა მოზდილისა და ვითომ განათლებულის მწერალის? მარტო იმ გარემოებით აიხსნება, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული „მოწინავე“ ხალხი ჯერ კიდევ მეტაფიზიკის გავლენის ქვეშ იმყოფება. აგრე გასინჯეთ, თვით ექიმებიც კი, რომელთაც თავიანთი საგანი თანამედროე სწორი ცოდნის, ბუნების-მეტყველობის, მეთოდით შეუსწავლიათ, სოციალურ და პოლიტიკურ საქმეებზე ძველ, მეტაფიზიკურ, მოაზრებას ვერ ასცილებიან. ჩვენს მწერლობაში ბ. ი. გომართელი საჩინო მაგალითია ამ ორმხროვან გავლენის ნადუღისა. ამ მოვლენის მიზეზი ის არის, რომ სოციალურ და პოლიტიკურ საგნების მასწავლებლად ახალგაზდობას რუსეთში კანტისა და ჰეგელის მეტაფიზიკით გაჟღენთილი მწერლები, ბელინსკი, ჰერცენი, ჩერნიშევსკი, ლავროვი, სტრუვე და სხვ. ჰყავდა. ამ სკოლის გავლენისაგან თავის დახსნა და თანამედროე მეცნიერული ეკონომიკის თუ პოლიტიკის შეთვისება მეტათ ძნელია, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ გადაუთარგმნელია რუსულად თითქმის ყველა ის თხზულებანი, რომელთ მეოხებით ეს ორი დისციპლინაც ამ უკანასკნელი თუთხმეტი, ოცი, წლის განმავალობაში მეცნიერულ მეთოდზე აშენდა. აი რა მიზეზით ბევრ ჩვენს მემარცხნეს თავი მეტად დაწინაურებულად მიაჩნია და ის კი ვერ შეუმჩნევია, რომ მისი აზრები მარტო მაძძინის დროს, ამ სამოცი წლის წინათ, ეპატიებოდა იმ დროის მოწინავეს; ეხლა კი მცოდნე კაცის თვალში უვიცობად ითვლება.

ბრძოლას კი არ უარვყოფ – როგორც ბ. ურო მწამებს, – ვამბობ ბრძოლას შესაფერი მზადება უნდა მეთქი. აი, მაგალითად, რა შედარებით ვხსნიდი იმ ბრძოლის უნაყოფობას, რომელიც მოწინავე რუსის პარტიამ ამ ოცდა ათი წლის წინათ მოიხადა და წააგო. ვადარებდი რუსეთის დასაზღვარგარეთელ წრეებს:

„აქ (რუსეთში) ისეთი პირები მეთაურობდენ, რომელთაც სრულიად არაფერი გაეგებოდათ არც ფინანსების, არც ტეხნიკის, არც ვაჭრობის, არც თავიანთ ქვეყნის ეტნოგრაფიის. სამხედრო ან საზღვაო საქმეზე ხომ რაღა ლაპარაკი უნდა. სწავლა თითქმის ყველას ჰქონდა – რაცა ებადა – მარტო ლიტერატურული, ფილოლოგიური ან იურიდიული, ისიც ვიწრო სამსაჯულო მხრის. საზღვარს გარეთ კი ყველა პოლიტიკური პარტიის კადრი და შტაბი სხვა და სხვა სპეციალისტობის საჩინო მოღვაწეებისაგან არიან შემდგარი. პარტიებს იქ მეტად რთული სასიცოცხლო საქმეები მორიგათ უდგათ წინ, რომლის მართვა ერთობ მარჯვეღონისა და ცოდნის მოხმარებას თხოულობს; ამიტომაც მეთაურებს გავლენის შერჩენა როდიღა შეუძლიათ მარტო ფრაზების რახა-რუხით ან მოუწვდომელ სიმაღლისკენ ფრთების ფართხალით. რუსეთში კი თვალსაჩინო საზოგადო, თვით მწერლური მეთაურობა – თითქმის „ფიქრთ მეუფება“ – ერთობ ღარიბი ცოდნის პატრონებს ებარათ. ესენი თავიანთ თავს და საზოგადოებას მუდამ მარტო იმ საკითხებს გარდაუშლიდენ, რომელიც ჟან-ჟაკ რუსსოს, ან კიდევ მაზე უფრო ძველებსაც გადაღეჭილი ჰქონდა. („Былое“, 1906, № 9, გვ. 254).

ამ გვარ ჩამორჩენაში მყოფ საზოგადოებას, ამისთანა მეთაურების პატრონს, დიაღაც არავინ ურჩევს, არა თუ სახიფათო ბრძოლას ჩინებულად გამოწყობილ მოპირდაპირესთან, სულ უბრალო საქმიანობასაც. ჩვენებურ (იმერელ) მეთაურებზე ბევრად უფრო გამოცდილები ჰყავს ქართლ-კახეთს. მაინც დახეთ, როგორ მიჰყავთ მათ – ბრძოლას ვინ სჩივის – ისეთი უბრალო, ნაცადი საქმეები, რომელშიაც მიმბაძაობის მეტი კაცს არაფერი სჭირია, მაგალითად: გიმნაზიის მოვლა, თეატრის, გიმნაზიის შენობის აგება, რკინის გზის გაყვანა. ნუსხა რაა, ისიც კი ვერ შეუდგენიათ სისწორით. მიზნის მიწევნას რა საშუალება დასჭირდება, ის ვერ უანგარიშნიათ. ხეირიანი პირობა ვერ დაუწერიათ ბანკთან. ისიც არ სცოდნიათ, რომ რკინის გზის შოვნა, კონცესიის განხორციელება ინჯინრის საქმე კი არაა – მათ მარტო შენებას ასწავლიან – თხოულობს ღრმა ეკონომიურ, ფინანსიურ, იურიდიულ ცოდნას და გამოცდილებას. მოგეხსენებათ, მრჩევლად მოპირდაპირის იურისკონსულტი აუყვანიათ, იმასაც ვერ მიმხვდარან, რომელ მხარეს იცავდა ეს მრჩეველი. რაღა საკვირველია, რომ ის ჩვენ მეთაურებს ყირამალაზე გადიყვანდა? ესვე არ დაემართათ ჩვენს პოლიტიკურ უთავო მეთაურებს? მათი შეცთომის ათას მაგალითიდგან ერთს მოვიყვან: აზეფის ბრძანებით ბოიკოტი რომ გამოუცხადეს პირველ სახელმწიფო სათათბიროს! ამ გარემოებებში, ამ განვითარების ხალხს, ვინმე ანდობს განა ისეთ მსწრაფლ-მოქმედ საწამლავს, როგორიც სტრიქნინია,თუმც ხანდახან, იშვიათად, პაწია დოზებით იგიც წამლად ვარგა? ჩვენ ხალხსის მარილი ეგონება, ქვეყანას დააღუპვინებს. აი რა მოაზრებით გამოვთქვი ახალი მეცნიერების დასკვნა: „გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას, თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების საშუალებით იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხის საწყვეტად“ (იხ. „Meчта иЖизнь“ XIV). ნუ თუ ამ შეურყეველ დედა-აზრს ჩემი პოლიტიკისას სინიდისიერი ვინმე გადააქცევს შრომის, ბრძოლის, ავტონომიის უარჰყოფად, მონობის ქადაგებად, რეაქციის მომხრეობად? შავრაზმობას ვინ უწყობს ხელს: ამ დედააზრის მიმდევარი, თუ აზეფის ყურმოჭრილი ყმა?

ბ. ურო ამ დედა-აზრს ებრძვის. სწერს: კერძო პირს, დაწესებულებას ვერ შევადრით მთელ ერს, სახელმწიფოს, ესე იგი ავტონომიას. კერძო პირი მომაკვდავია, და ერი კი უკვდავიაო!“ ესეც მეტაფიზიკა გახლავთ. შორს რომ არ მივაკითხოთ, ამერიკაში რომ არ მოგვიხდეს წასვლა მთელი რასსების გაწყვეტის საძიებლად, მარტო ჩვენს სამზღვრებზე რამდენი ერის ხსენებაც კი გამწყდარა? წვრილმანებს რომ თავი დავანებოთ, სადღა მოიძებნებიან ისეთი მსოფლიოს პატრონები, როგორიც მიდიელები, ასირიელები, ბაბილონელები, ფინიკიელები იყვნენ? ჩვენს დროს არ იყო, ჩერქეზების სახელი რომ ამოიფხიკა რუკიდამ? ვინ იტყვის, ამის შემდეგ, ერი უკვდავიაო? თანამედროე მეცნიერებას არა თუ კერძო ერის, მსოფლიო ენერგიის უკვდავებაც აღარ სწამს: დაილევაო, ამტკიცებს. არ შეუტყვია განა ბ. უროს? ერის კერძო პირებისგან გაცალკევება აგრეთვე მეტაფიზიკის ნაშთია. მარტო მას ეგონა ერი რაღაც განკერძოვებული „სუბსტანციისგან“ არის გაჩენილიო. სწორე ცოდნის თვალში კი ერი მის კერძო პირებისგან და მათ დაწესებულებათაგან დგება. თუ ესენი ცალ-ცალკე უვარგისი ან გაღატაკებული არიან, ერიც სუსტი, ღარიბი იქნება და დიდს ვერას მოახერხებსო.

თვით ბ. უროც გრძნობს თავის მხილების სისუსტეს. „ნიკოლაძე მხოლოდ სიტყვით უარჰყოფს ბრძოლას, საქმით კი ის მებრძოლი იყო და არის. მთელიმისი ლიტერატურული მოღვაწეობა ბრძოლაა, თუმც ამ ბრძოლას საფუძვლად პრაქტიკული მიზანი უდევსო,“ სწერს.

ნუთუ, მარტო ლიტერატურული ჩემი მოღვაწეობაა ბრძოლა? საზოგადოებრივიც რომ ბრძოლა არ იყოს, ამდენი მტერი განა დამესეოდა? ხომ არ ვმწერლობდი ახლა? ხედავთ, მაინც, წაქცეულსაც მებრძვიან. რომელ პირადი მიზნის მიმდევარს გასჩენია სადმე ან როდესმე ამდენი მოწინააღმდეგე, განა თვით ამ ბრძოლის სიმწარე არ აჩენს მის სიმაღლეს? სასაცილო ისიც არის, რომ ჩვენს მეტაფიზიკოსს ჩემი ბრძოლის საფუძველი – პრაქტიკული მიზანი – ნაკლად მიაჩნია! მართალია, სიცოცხლე, ლეკვივით, მთვარისთვის ყეფაში და ზუვილში არ გამიტარებია. მიუწდომელ ოცნების, ბრმა მიმბაძაობის მაგიერ მიზნად ყოველთვის მქონია ჩემი ქვეყნის მორიგი საჭიროების შესწავლა, დაკმაყოფილება. ამ ჩემმა„პარქტიკულმა“ მიმართულებამ, არა თუ ზოგი რამ გამარიგებინა, იმ საცოდაობას და პასუხის გებას გადამარჩინა, რომელიც ჩემ მოწინააღმდეგების ხსოვნას სამუდამო დაღათ დაემჩნევა. არავინ გამიბრიყვებია რჩევით – რასაც ფლობთ, რასაც გაძლევდენ, წიხლი ჰკარით, მანანა მოგელისთ ციდამო. არავინ დამიღუპავს უსწორ, უიმედო ბრძოლაში ჩათრევით, არავის დატანჯული სახე სინიდისს არ მიშფოთებს: მე სადა ვარ, და შენ სადო? ჩემ ნაშრომში ვერავინ ვერაფერს გამოძებნის ქვეყნის შემცდენელს, მღუპველს. მას ბევრი ხამი თაობა დატაკებია, მთვარეს რათ არ ეპოტინებიო, მაგრამ ვინც მოწიფებულა, მიმხვდარა, რომ ეს ღირსება ყოფილა. დაე, ბ. ურომ ამას „მონობამორჩილება“ უწოდოს, „ბიუროკრატიის მსახურება,“ იმის დაწერაც გაბედოს „ნიკოლაძის ცხოვრება რაც იყო, უმჯობესია მისთვის, არ გავიხსენოთო!“ რა ესმის,რა სპეტაკი ხელი უნდა ჰქონდეს სხვის ცხოვრების შემხებს? ვაპატიოთ ეს ხამობა ბ. უროს, იქნება გასწორდეს. თორემ ნახავს, ლაფს როდი დავაჯერებ, ცეცხლში ვურგავ თავს.

6 VI

▲ზევით დაბრუნება


VI.

განსაკუთრებით იმით ჯირითობს ჩემზე ბ. ურო – ავტონომიის, ქართველობის მტერია, შავრაზმელია, ძველ თავის აზრს უღალატაო. დროა ეს მხარეებიც გამოვიკვლიოთ, განზრახ ხმა არ ამომიღია შარშან ამ საგანზე: შემწამებდენ– არჩევნების აქით თუ იქით გადახრას მეცადინობსო. ახლა კი, როცა ბრძოლა დაცხრა, უფრო გულდამშვიდებით შეუძლია ყველას ამ კითხვების განსჯა და გადაწყვეტა.

რათ ვიქნებოდი ავტონომიის მტერი, როცა მთელი ჩემი მოღვაწეობა – როგორც წინათ დავამტკიცე – თვითმართველობას მოვანდომე? ავტონომიაზე ყოველთვისმარტო იმას ვამბობდი, რომ რასაც ჩვენში ამ სახელს არქმევენ, მეცნიერებაში„ფართო ადგილობრივი თვითმართველობა“ ჰქვია, და ჩვენც ეს სახელი რომ ვიხმაროთ, უფრო ადვილად მივაღწევთ მიზანს მეთქი. მტრობაა ეს, თუ მოყვრობა?

სახელზე უთანხმოება ჩვენ ვერ გაგვყრიდა. მარტო ის გარემოება გვაშორებს ერთმანეთს, რომ ჩემი წინააღმდეგები მართლა კი არ ემსახურებიან ავტონომიას და ქართველობას, ანკესად ხმარობენ სულ სხვა საქმისთვის, რომელსაც არა თუ არასოდეს არ მიმხრობივარ, ბავშობიდგან – როგორც ნახავთ – ცხარედ ვებრძოდი, სწორედ ავტონომიის და ქართველობის ერთგულობით. ავტონომიის (ესე იგი ფართო თვითმართველობის_ და ქართველობის საქმე მარტო ლოიალურ ნიადაგზე იქნება დაცული. მას საძალადო სრულიად არა აქვს-რა. უკიდურესობა მასერთიანად ღუპავს. ქართველობას რა საქმე აქვს „მშრომელ ჯგუფთან,“ რისი შოვნა შეუძლია მისი წყალობით? თავათამ ჯგუფს – სხვა ქვეყნებში – მომავალი აქვს, განა, კონსტიტუციურ მხარეში! რა ხელი გვაქვს იმ კითხვასთან, თუ ვინ იყო მართალი ან მტყუანი კარპოვის აფეთქებაში? ორივე შავ წყალს წაუღია.

უკიდურესობის მომხრე ვერსად ასცილდება სოციალ-დემოკრატიის გავლენას. ცხოვრება მარტო ამ პარტიას აწოდებსთავ უზოგავი ბრძოლის მასალად: მუშას, უქონებო, უიმედო ხალხს, რომელსაც დასაკარგავი არა აქვს-რა და ყოველი ნაძალადევი მოგებას უქადის. ქართველობის მიზნები კი მარტო ზომიერების გზით მიიწევნება. ამას გარდა ვინ არ უნდა იცოდეს, თუ რა არსებითი შეურიგებლობა სუფევს ქართულ საქმეს და შრომის ჯგუფის იაკობინიზმს შუა? იაკობინიზმის საძირკველი, იარაღი, მისი შინაარსი ცენტრალიზაცია არის ე. ი. იაკობინიამია, რომ ცდილობს ადგილობრივი თვითმართველობა, პროვინციალური სხვა და სხვა ფეროვნება, კერძო ერები და მხარეები ბრმად დაუმონოს ერთ მოთავე ძლიერებას. იაკობინიზმი არ იყო, ერთიანად რომ მოსპო საფრანგეთში ყოველი ნაშთი ეროვნული თვით-ცნობისა და ფედერაციის საქმე სისხლის მორევში ჩაახრჩო? დიდი სამეფოების მჭედელი პაწია ერს განა უშველის?

ეს იმოდნათ სწორი, უტყუარი ჭეშმარიტებაა, რომ ყოველთვის, როცა ჩვენში რამე ნამდვილი კითხვა, რეალური საქმე გაჩნდება, იმ წამსვე მტკიცე „ბლოკი“ იკვრება ამ ორს ვითომ მტერს, სოციალ-დემოკრატებს და ფედერალისტებს შუა, მათი უკიდურესობა მათგან ერთ პარტიას არდგენს, დანარჩენი საზოგადოების წინააღმდეგ. მათი ცრუ ბრძოლა ცარიელი თვალთ-მაქცობა, ხალხის მოტყუებაა. ორივე პარტია თავის მიზანს, სახსარს, პროგრამას, ხელმძღვანელობას ჩვენში და ჩვენს საჭიროებაში კი არა, სხვაგან ეძებს და შოულობს, ისეთ უცხო წრეებსა დამიმართულებაში, რომელთაც ქართველობასთან არც საერთო რამ აქვთ, არც არავითარი მსგავსება. ცარიელი უკიდურესობის მეტი მათ არაფერი ამოქმედებს. არა თუ წინასწარმეტყველობა, დიდი ანგარიშიც კი არ სჭირია მცოდნე კაცს, მისახვდომათ, – ამ ორ უკიდურესობისაგან რომელი მოერევა და შთანთქავს მეორეს? რასაკვირველია ის, რომელსაც უცხოეთში უფრო თვალსაჩენი, უკეთ გაწრვთნილი მაგალითი თუ ხელმძღვანელი აბადია, შინ კი მეტი და უფრო სანდო მასალა ეგულება, ისეთი მასალა, ვისაცმთა და ბარის გასწორება არა თუ არას ავნებს, კიდეც არგებს.

ახლა თვით უკიდურესობაზე გაგიმხილოთ ამ დროის მეცნიერების მოძღვრება. უკიდურესობა მარტო მანამდია შესანდობი, სანამ ხალხის დაბალი, უმეცარი წრეების ღვიძებას, წრთვნას, ამაღლებას ემსახურება, სანამ მოსამზადებელი შკოლის როლს ასრულებს ერის პოლიტიკურ ზრდაში, ისიც იმ პირობით, თუ მოწაფეს საყასპოსკენ არ იტყუებს. ვერ დაითვლის ადამიანი, თუ, ასეთ უკიდურესობას, რამდენი უბრალო მუშა ნელნელა, შეუმჩნევლად ჩინებულ, სასარგებლო ბურჟუათ გადუქცევია, არა თუ ევროპასა და ამერიკაში, თვით რუსეთსა და ჩვენშიაც. მათგანი ზოგი კიდეც მინისტრობს, ზომიერების ბურჯად ხდება. აი, თუნდ ბრიანი, საფრანგეთის ამასწინდელი მთავარ მინისტრი. სულ სხვაა უკიდურესობის ატანა საზოგადოების მაღალ წრეებში, რომელთ დანიშნულებაა ქვეყანას ჭკუით, ცოდნით, ზნეობით ემსახურონ, და არა მუსკულებით. ამ წრეების უკიდურესობა ნიშანია, რომ ღირსი არ ყოფილან მაღალი დანიშნულებისა, ხალხს უთავოდ სტოვებენ. მათი უკიდურესი მიმართულება ერს ამდაბლებს, კიდეც რყვნის, რადგანაც პოზა, ტყუება, მალვაა საკუთარი უვარგისობის. ნუ რა გჯერათ თავადის,ბანკირის, მრეწველის, ქალაქის-თავის, ღენერლის უკიდურესობისა, ნურას აშენებთ ისეთ უნდობ საძირკველზე, როგორსაც თავის ხელობის უარმყოფი შეადგენს. მტკიცედ იცოდეთ – ის ჩვენებური კინტოა, პროვოკატორობს, გაჭირვების დღეს„მიიმალება,“ გაბრიყვებული ხალხის მწარე ბედს არ გაიზიარებს.

რაც უფრო წინ წავა ხალხის პოლიტიკური გამოცდილება, ეს ჭეშმარიტებათან-და-თან უფრო მეტისთვის ცხადი შეიქმნება, რომ ქართველობას ამ მიმბაძავ უკიდურესობისგან არავითარი სიკეთე არ მოელის. აი, ამ ურგებ, მავნე უკიდურესობის მიზეზით იძულებული გავხდი მეფიქრა, რომ ავტონომიაც, ფედერალიზმიც, ქართველობაც, „ტაკტიკისთვის“ დაუჩემებია ამ მკვდრათ-ნაშობ პარტიას, რომელსაც ქართველობასთან ბუნებრივი კავშირი თავის დღეში არც ჰქონია, არც ეღირსება.

მოგახსენეთ, ვერ გამიგია, რა ნამდვილი ძალა სპობს შეურიგებელ წინააღმდეგობას „შრომის ჯგუფის“ იაკობინიზმსა და ფედერალიზმს შუა. თვითეს ფედერალიზმიც გაუგებარია ჩემთვის. ვინ არ იცის, ის კავშირია თანასწორ, თავისუფალ სახელმწიფოებს შუა. მაშასადამე, ის ან ორი საუკუნით დაგვიანებულა ჩვენთვის, ან ერთი საუკუნით მაინც საადრიოა. ამ გვარ კავშირის შესადგენად მარტო ერთი მხარის სურვილი როდი კმარა, საჭიროა ყველასი თანხმობა: სხვებსაც უნდა უნდოდეს და სახეიროდ მიაჩნდეს ჩვენთან დაკავშირება. „პარტიის“ პროგრამა ამ მხრით ნუ თუ არ გაგონებთ იმ „ქვენახელობის“ მსხვერპლს, რომელიც აიხირებს – მზეთუნახავ-ბატონიშვილს ვირთავო, და ამ ოცნებით თავს ითრობს, იღუპავს? შეირთავს დიაღაც, მაგრამ ისიც ხომ უნდა იკითხოს –მზეთუნახავი იკადრებს, მიიკარებს, შეიყვარებს, გაყვება? კიდეც რომ გაგიჟდეს და შეირთოს, შეეძლება ამ ვაჟბატონს მისი შესაფერი რჩენა, მასთან თანასწორი განწყობილება? ჩემი ქონების პატრონმა რომ დავიჟინო: როტშილდთან, მორგანთან, როკფელერთან, ვანდერბილდთან ერთად ამხანაგობას შევკვრავ-შეთქი, როგორ ფიქრობთ, სრულ გონებიანად ჩამთვლის ვინმე? მათი ამხანაგობა ჩემთვის, რასაკვირველია, სასარგებლოც იქნება და სანეტაროც. მაგრამ ისინიც გამიტოლდებიან განა? ეს რომ გაუმხილო მათ, განა პანღურის ცემით არ გამხეთქენ? ხალხს ასეთი ჩემი პრეტენზია განა სასაცილოდ ეყოფა?

ასეთ აბსურდამდი მიათრევს პარტიას მიმბაძაობა, სინამდვილის დავიწყება. ისეთი პროგრამის შედგენას, რომელსაც თვალახელით, გულწრფელად, ბოლომდი, გამწარებულის მეტი, ვერვინ გაჰყვება, სხვა შედეგი არ ექნება ქართველობაში, ამიტომ რომ გამწარებულების, უიმედოთა რიცხვი ერთ ხეირიან პარტიასაც ძლივს ყოფნის ჩვენში და მართლა გამწარებულს კიდეც ჰყავს თავის შესაფერი პარტია. ქართველობას ამ პარტიასთან კონკურენციის გაწევა არ სჭირია: რაცშიგ გონიერია, ის მოიწიფება თუ არა,უმეტოქეობოთაც გაქართველებასაც ისევე ვერ ასცილდება, როგორც გაბურჟუებას. დანარჩენს, სულ ერთია, უკიდურესობი თაც ხომ ვერ გადმოიბირებთ: მათი წრე სხვისკენ მიითრევს. მაგიერად უკიდურესობა, რომელიც არას გძენსთ, ქართველობის ცხრა-მეათედს გაშორებსთ. ვინცთავზე ხელ-აღებული არაა, თან და თან უნდა ჩამოგცილდესთ. თქვენი წარმომადგენლის„შრომის-ჯგუფში“ ჩაჯდომას მარტო ეს შედეგი ექნება, სხვა არაფერი: თქვენს გავლენის გარეშე დარჩება ის უმრავლესობა ერისა, რომელიც, ღვთის მადლით, უიმედო არაა, რისიმე პატრონია, რამე იცის, მეცადინეობს თავის თავისთვის, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის, და, თუმც უსწორ-მასწორო ბრძოლას ერიდება, სამშობლო ენას, სახელს, ეროვნებას, ქვეყანასმანც გულწრფელად, შვილობრივად, ბუნებრივად სიკვდილამდი თაყვანს სცემს. ახირება არაა, ასეთი ცოცხალი მასალა პარტიას თვალწინ ჰქონდეს და მისი გაწრთვნა არ შეეძლოს საღი პროგრამით? ძნელია-თუ ასეთი პროგრამის შედგენა ჩვენივე საჭიროების მიხედვით? რა უფლებაც გვაქვს კანონით მონიჭებული, რა საშუალებაც მოუცია ჩვენთვის წარსულს ან ბუნებას, გონიერად ვიხმაროთ ქართველობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მზეთუნახავ ნეტარებამდი კი არა, სხვა, განათლებულ, ქვეყნებში ნაცად სიკეთემდი. ვინც გონება დამჯდარი ქართველია, ყველა გაჰყვება ამ დროშას,ვისაც ქართველობის შველა უნდა, მან თავისი პოლიტიკური გეგმა უნდა შეამსუბუქოს, ეგებ რაც შეიძლება უფრო მეტ ხალხს ერთი და იგივე ნამდვილი პრაქტიკული მიზანი აღუნიშნოს, მისთვის გასაგები და საჭირო. მარტო ეს შეგვძენს მტერს-მოყვრის ყურადღებას და მორიდებას. ჯერ ამას უნდა ვეძებდეთ, და არა მიუწვდომელ კოშკიდგან მზეთუნახავის მოტაცებას, რომლისთვის თოკის კიბეც კი არ გვაბადია. სანამ ამ კოშკის სინამდვილის კი არა, სურათის – ყურებით თვალებს ვიცივებთ, ვერ ხედავთ, სოციალდემოკრატია რა ქულაჯაში ირთვება, რა ბუხრის ქუდს თავზე იკეცს, რა თვალს უბრიალებს ნამდვილ თქვენს დანიშნულს? ოცნების გამყოლი აუცილებლად ქონებასაც ჰკარგავს. თქვენ პარტიასაც ეს მომავალი ელის.

ამაებს ვფიქრობ ჩემთვის, მიტომ რომ არ შემიძლია სხვაფრივ ვიფიქრო. როდი ვქადაგობ ამ აზრებს. მარტო, როცა ვინმე ჩემზე მტრულად სტყუვის და ცილს მიყრის – ქართველობის მტერიაო – თავს ვიმართლებ ხოლმე თქმით: მტრობამ კიარა, სიყვარულმა მიმიყვანა ამ შეხედულებამდის-მეთქი.

უკანასკნელი მხილება – ისიც ცილი, რასაკვირველია, – დაგვრჩა გასაქარწყლებლად: ნიკოლაძემ თავის უწინდელ რწმენას უღალატა, მოწინავე შავრაზმელად იქცაო.

ოცდა ერთი წლის ყმაწვილი გახლდით, როცა ჰერცენის „Колокол“-ში (№ 199,1 ივლისს 1865, გვერდი 1632) აი რას ვურჩევდი ქართველობას. ვთარგმნი სიტყვას-სიტყვით:

„ნაციონალური მისწრაფების გადაჭარბება საქართველოს იმ საყასბოში ურგავს თავს, საცა ეხლახან ტყავი გააძვრეს პოლშას და სისხლი დაუშვრეს ჩერქეზებს. ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით (ესე იგი მკვიდრისთვისუფლება-მიუნიჭებლად) დაიმონებენ, ან ინდო-ჩინეთივით ცარცვას დაუწყებენ. ეს გვხვდება, თუ ნაციონალურ მისწრაფებას კეთილი ბოლო მიეცა. რა შედეგი მოჰყვება უბედურ ბოლოს, და რამოდნათ ეს უფრომოსალოდნელია ბედნიერზე, ეს ყველასათვის ცხადია.

„ამ მოაზრების ძალით ვფიქრობთ, რომ საქართველოს ბედის თვით ეხლანდელ რუსეთთან გადაწნა უფრო მალე გააუმჯობესებს მის მდგომარეობას, ვინემ რომლისამე სხვა ევროპიელი ნაციის კავშირი ან მფარველობა (მფლობელობაზეც რომ არა ვსთქვათ რა). ოსმალეთი ან სპარსეთი აქ ხომ სახსენებელიც არაა. საქართველოში მათზე არც ერთი ჭკუა-საღი ადამიანი არ ფიქრობს“.

აი, ჩემი მუდმივი რწმენა და პოლიტიკა. ან ჩემ ნაწერებში ამის წინააღმმდეგი აზრი უნდა გამოძებნოს სადმე ბ. ურომ, და მოიყვანოს, ან უნდა გამოტყდეს, მე კი არ ყოფილვარ ჩემი ძველი რწმენის მოღალატე, მას თვითონ უღალატნია სინიდისისთვის. თუ ოცდა ერთი წლის ჭაბუკს ამაების ანგარიშობა შემეძლო, სიბერეში მეკადრება განა ავჩერჩეტდე და ისეთებსავყვე, ვინც შვიდს ზეით ვეღარ სთვლის? ეს ამონაწერი ამტკიცებს, რომ ყოველთვის იგივე ყოფილვარ, რაც დღესა ვარ: ერთგული, ანგარიშიანი მწყემსი ქართველობის სიკეთისა, შეურიგებელი მტერი ყოველი მიმართულებისა, რომელიც საქართველოს ქონებას სხვის, უცხოეთის მიზანს, თუ საქმეს, სწირავს.

ერთი კი წამცდა. ამ ჩემ მიმართულებას ჩემი პოლიტიკა დავარქვი. ჩემი შიგ არაფერია, მისი გამოკვლევის, გახსენების, განათების მეტი. ქვეყნის პოლიტიკას – როგორც მის ბუნების ნამდვილ ძალებს – ადამიანის, ხალხის სურვილი კი არა, ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა სჭედს. პოლიტიკა ახალ მოდური შლიაპკა კი არაა, რომლის ცვლა ჩვენს ქეიფზე ჰკიდია, ისეთივე ტრადიციული, უცვლელი, მამა-პაპური განძია, როგორც ენა, ეროვნება, სარწმუნოება. სანამ შავი-ზღვიდან გასავალი სრუტე ოსმალოს ხელშია, სანამ სამხრეთით ოსმალეთი და სპარსეთი გვაკრავს, აღმოსავლეთით – ლეკი და თათარი, ჩრდილოეთით – რუსეთი, ბევრიც რომ ვიწრიალოთ, იმ პოლიტიკას ვერ ავცილდებით, რომელიც აურჩევიათ საქართველოს უაღრეს გმირებს, ბევრი ცდის, ძებნის და მსხვერპლის შემდეგ. უკეთესი რომ შესაძლო ყოფილიყო, განა მათ დაემალებოდა? ჩვენზე ცოტად სწყუროდათ, ვითომ, დამოუკიდებლობა, საკუთარი გვირგვინი ჩვენზე ნაკლებ უყვარდათ? საძებნი გზა ჩვენსავით დახშული როდი ჰქონდათ, უფლებაც სისრულით ხელთ-ეპყრათ, ვისთანაც უნდოდათ საქმე დაეკავებიათ, კავშირი შეეკრათ. ბრძანებისამებრ მთელი ქვეყანა მიმოვლეს მათმა ელჩებმა, სამეფო არსად დარჩენიათ, რომელთანაც მოლაპარაკება არ გაემართათ, დაახლოვებასაქართველოს სახსნელად არ ეცადათ. სანამ საბოლოოდ გზას დაადგებოდენ, სანამ გვირგვინს ერის არსებობას შესწირვიდენ, ყოველი საშუალება სინჯეს, ყოველი ღონის-ძიება იხმარეს; თვით სარწმუნოების შეცვლასაც შეპირდენ რომის პაპს და ფრიდრიხ დიდს. უცრემლოდ ვერ გადიკითხვას კაცი ამ სამი საუკუნის მეცადინეობის აღწერას მატიანეებში. რაც ამდენს, ამისთანა თაობას აუგია, აუცილებლად უცვნიათ, იმას ერთი ჯგუფი, გინდ ერთი თაობა ვერ შცვლის. სანამ ოსმალოს,ან სპარსეთის ადგილს რომელიმე სხვა რასსა ან მეფობა არ დაიჭერს, საქართველოსთვის არავითარი სხვა პოლიტიკა არ იარსებებს, იმის გარდა, რომლითაც ხელმძღვანელობდენ, იძულებით, საქართველოს უგონიერესი პატრონები: ალექსანდრე კახელი, ალექსანდრე იმერელი, ვახტანგ კანონმდები, თეიმურაზ მეორე, სოლომონ დიდი, დიდი ერეკლე. რა ძალამ და აუცილებლობამ ეს დევები გასტეხა, ის ახლაც უცვლელად არსებობს; მას ვერც ჩვენ მოვერევით. როგორც უნაყოფოდ, უკვალოდ, უსახელოდ დაიღუპა ყოველი სახსარი, მათ დროს სხვა რამე მიზნისკენ მიმართული, ისრევე წყალ-წაღებულია ყველა სხვა მეცადინეობაზე ნახმარი საშუალება. ბუნების წინააღმდეგ ყოველი ცდა ამაოა და სასტიკად ისჯება.

ამიტომაც ქვეყნის მოღალატე და დამღუპავი მარტო ისაა, ვინც ამისთანა წინაპრების მცნებას უცხო მოძღვრობისთვის ივიწყებს, და ამ შემცდარ მოძღვრებას ალევს საქართველოს უმჯობესს, უკანასკნელ ძალას.