The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გალაკტიონი და ტატო


გალაკტიონი და ტატო



გალაკტიონი და ტატო

 

1 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


1.1 ნ. ბარათაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ტაბიძი გალაკტიონ

ნ. ბარათაშვილი

 

ის ტკბილი არი, ვინემ თვით ქნარი,
ის ნაზი არი ყვავილთ სურნელზე,
გადაიქროლა საქართველოზე,
როგორც სამუმმა უდაბნო-ველზე.
და მან იცოდა, რომ ვერ იტყოდა
სიტყვას, ჯერ ახალს, სიტყვას ჯერ უთქმელს..
და ყველგან, ყველგან წინ უხვდებოდა
ღიმილს დამცინველს, ღიმილს დამთუთქველს.
ხელოვნებისთვის ისე იწოდა,
როგორც ხატის წინ წმიდა სანთელი..
ისე თრთოლავდა ლექსთ შადრევანთან,
როგორც მზის სხივი უკანასკნელი..
განთიადისას ისე ღელავდა,
როგორც ზღვის ტალღა დაუდეგარი..
და ბინდის ჟამზე, სიჩუმის ჟამზე
მწუხრის კაეშნით მოსთქვამდა ქნარი..
ყური დაუგდეთ.. განა ეს ლოცვა
ეხლაც არ ატკბობს თქვენს მოქანცულ სულს?
მე კი მას ვუსმენ: როგორც უკვდავთა
გამამხნევებელს და ნეტარ ჩურჩულს...

[1910-იანი წლები]

1.2 დანგრეული ტაძარი

▲ზევით დაბრუნება


დანგრეული ტაძარი

„ვერღა აღმიგოს სიყვარულმა კვალად...“
                                               ნ. ბარათაშვილი

წმიდათა წმიდას ვინ შეახო ხელი გრძნეული?
ვინ შეარყია საფუძველი დიადის მცნების?
წმიდა ტაძარი, აწ მოხრილი და დანგრეული,
მუნცა ნაშთია წარსულთა დღეთ ტკბილის ოცნების.
გარნა ვინ მიხვდეს, სად გაფრინდა ლოცვა მფარველი,
როს იხრწნებოდა ულმობელად მის შემნახველი..
ციდგან ქვეყნიურ გულისთქმასა ცით თუ იწოდებს,
ან მაღალს მთასა ობლად მდგარი მოსთქვამს, თუ გოდებს.

[1910-იანი წლები

1.3 ბარათაშვილი

▲ზევით დაბრუნება


ბარათაშვილი

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
ვითარ ვრცელია შუაღამის ჟამთა სიალე!
გრიალებს ქარი
უსაფართ თანამოხეტიალე -
და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
ბარათაშვილი გადმოვსცქერი მშობლიურ არეს...
ოჰ, სად, სად არი
სატრფო ან მოძმე და მეგობარი?
და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
რაკი ლაღი ხარ, საქართველოვ, ზეცამან იცის -
შევიძლებ მკვდარი
მშვიდობიანად ატანას მიწის!
და მომავალის აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით,
აწ ლანდად მდგარი,
აწ ფერფლი, როსმე მიმქროლი მერნით...
და იდუმალი აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

[1945]
 

1.4 გულთა კავშირი

▲ზევით დაბრუნება


გულთა კავშირი

ხედავ, გაშლილი
სივრცეა წინა -
წარსულს იგონებს
ზვირთთ ოხვრა ხშირი:
„სხვადასხვა ჭირმა
წაისისინა
და მიაძინა
გულთა კავშირი“.

სად შეაჩერა
მერანმა ფრენა?
სად შთაესვენა
ბარათაშვილი?..
მესმის, ვით მაშინ,
მზიურთა ენა:
„სადაც ესვენა
გულთა კავშირი“.

ეს წინად იყო,
ოდეს მრავალი
სამშობლოს ჩვენსას
ჩაგრავდა ჭირი.
დღეს მქუხარეა
ხმა აღმავალი:
გულთა კავშირი,
გულთა კავშირი!

2 სტატიები

▲ზევით დაბრუნება


2.1 * * * პოეტის ბარათაშვილის მწარე, გულსაკლავი ქვითინი...

▲ზევით დაბრუნება


ტაბიძი გალაკტიონ

* * * პოეტის ბარათაშვილის მწარე, გულსაკლავი ქვითინი...

პოეტის ბარათაშვილის მწარე, გულსაკლავი ქვითინი ის ის იყო შესწყდა. იგი ყველასათვის უცნობი და უცხო თავის უკვდავი განცდით და მზიური შემოქმედებებით ყველასათვის უცნაური თავისი საქართველოსათვის ახალი და მოულოდნელი მოტივებით, ყველასაგან დევნილი ბარათაშვილი უცხო მხარეში გარდაიცვალა და ილია ჭავჭავაძის არ იყოს, „ვინ უწყის თანა რაოდენი წარიღო ფიქრნი, რაოდენ გრძნობით, ჯერ უთქმელად ის ჩაესვენა..“ ბარათაშვილის პოეტურმა შემოქმედებამ მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გაიმარჯვა, მაშინ, როდესაც საზოგადოდ ლიტერატურამ დაკარგული ძალა და გავლენა ისევ მოიპოვა საქართველოში... თუ როგორ ყურადღებას აქცევდენ ჩვენში მაშინდელ ლიტერატურას, ამის საუკეთესო მაგალითი ბარათაშვილია. იგი მსხვერპლი გახდა მაშინდელი [ქართული] საზოგადოებრივობის ინდიფერენტიზმის, [და] მწარე[დ], გულსაკლავი ტირილით [მისდევდა ილია ჭავჭავაძე] აღმოხდა [ამ საშვილიშვილო გოდების დროს] ილია ჭავჭავაძე, როდესაც ბარათაშვილის სიკვდილი გაიგო, მწუხარებით ქვითინებდა.. [უღვთო იყო შენი სიკვდილიო..] თითქო ილია ჭავჭავაძემ იგრძნო... ბარათაშვილი არ იყო პროფესიონალი ლიტერატორი.. ლიტერატურის პრესტიჟის ასამაღლებლად - საჭირო იყო უფრო გამბედავი, [და] მეტი ცოდნით, გამოცდილებით შეიარაღებული ახალგაზრდობა, რომელსაც ცოტათი ნიადაგიც და ასპარეზი სჭირდებოდა სამოქმედოდ - [და, აი, დაბრუნდნენ რუსეთიდან] და რომლის დროშა ხელში აიღეს ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. [და რომელთაც] უკანასკნელებმა წაუშლელი კვალი დააჩნიეს ქართველი ინტელიგენციის ისტორიაში. საზოგადოდ, ქართველი ინტელიგენციის ისტორია ამ ორი პიროვნების გამოსვლით იწყება. ჩვენს წინ ცოცხლად სდგას ერთი მხრით დაუღალავი მშრომელი და ძლიერი სულიერი ნების პატრონი ილია ჭავჭავაძე, მეორე მხრით დაუმონებლად ამაყი და ციური ნიჭით დაჯილდოებული, ნამდვილი პოეტი [მთელი შემოქმედებით და ენერგიით] აკაკი [წერეთელი].

[1920-იანი წლები]

2.2 გალაკტიონის დანაშაული

▲ზევით დაბრუნება


 

ბერძენიშვილი ლევან

გალაკტიონის დანაშაული

 

არის ხალხი, რომელიც მას ჯიუტად „გალაქტიონ ტაბიძეს“ უწოდებს.

აი, ასე - გალა-ქ-ტიონს ქანითა და გვარით, აუცილებლად გვარით, რომელიმე სხვა გალაქტიონში, სხვა დიდ ან პატარა პოეტში რომ არ აგვერიოს. არადა, ხომ შეიძლება, აგვერიოს?!


მარტო გვარიც არ შეიძლება. ლეონიძე, მაგალითად, შეიძლება, მაგრამ ტაბიძე ხომ ტიციანიცაა?!

მთავარია, გალაკტიონი არ ვუწოდოთ, არ გამოვყოთ, არ გამოვარჩიოთ.

რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ თავში არ აუვარდეს.

შოთას რომ აუვარდა, ხომ წავუშალეთ ბიოგრაფია?!

გალაკტიონს კი მკაცრად უნდა მოვექცეთ, დისციპლინას უნდა მივაჩვიოთ.

კანონის უზენაესობა ისაა, რომ თუ ბიძაჩემს გალაქტიონი ერქვა, გალაკტიონსაც გალაქტიონი უნდა ერქვას. რა არის აქ გაუგებარი? ისიც ეყოფა, ყველას რომ დასცინოდა, მწერალთა კავშირს „მწერთა კავშირს“ რომ უწოდებდა, უკბილოდ „ხუმრობდა“, ერთი მწერლის კავშირი არ გამიგია მეო; როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონიო, რომ ამბობდა.

სამაგიეროდ „გალაქტიონ ტაბიძე“ რაღაც ისეთი კეთილშობილი ნიშნისმოგებით ჟღერს, როგორც მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების მიერ ხშირ-ხშირად გამეორებული, „სახეცვლილი“ გვარ-სახელები.

ასეა, ასეა საჭირო, რომ იცოდნენ თავიანთი ადგილი. გალაკტიონმაც უნდა იცოდეს თავისი ადგილი, ნუ ადის ცაში, აქ, ჩვენთან, დაეტიოს, ჩვენს მიწაზე, უბრალო ადამიანების გვერდით, ჩვენს წრეში, ჩვენს წიაღში, ჩვენი წერის კულტურაში, ჩვენს წუმპეში.


ასე იბადება ნამდვილი, გამართული და წრფელი წინადადება: „ცნობილი პოეტი გალაქტიონ ტაბიძე არ იყო ლექსის ურიგო ოსტატი, თუმცა...“ აბა „გალაკტიონი გენია“, „გალაკტიონი ჯადოქარი“, „გალაკტიონი საოცრება“ - მოსაბეზრებელი არ არის? ყველა უნდა გიყვარდეს, ყველა, ხოლო ყველა, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, გალაკტიონი ვერ იქნება.

არსებობს გულუბრყვილო ხალხი, ვისაც გალაკტიონი ადამიანი ეგონა. დღესაც არიან ასეთები. მართლა ჰგონიათ, რომ ადამიანი იყო. ერთი სტატისტიკური ერთეული, რომელსაც ერთი გული, ორი თირკმელი და ერთი სიცოცხლე ჰქონდა.

იცხოვრა და მოკვდა. ყველა კვდება: ტაბიძეც, გრიშაშვილიც, შანშიაშვილიცა და ნონეშვილიც. პოეტები იბადებიან, ლექსებს წერენ და კვდებიან. ზოგიერთები თავს იკლავენ. მხოლოდ ესაა განსხვავება.

გალაკტიონიც დაიბადა, ბევრი ლექსი დაწერა, ბევრი ღვინო დალია და ბოლოს წავიდა, გაფრინდა; ოღონდ ესაა, სხვა პოეტები რომ კვდებიან, მეორე დღეს მაინც თენდება და ახალი პოეტები ახალ ლექსებს წერენ, ხანდახან წინადღით წასული პოეტის ლექსებზე უკეთესებს.

ეს კიდევ ისე წავიდა, პოეზიაში მეორე დღეს კი არა, არასოდეს აღარ გათენდა, მასზე უკეთესი მეორე დღეს კი არა, მეორე წელს კი არა, მეოცე წელს კი არა, მეორე ათასწლეულში კი არა, მესამე ათასწლეულშიც ვერ დაიწერა. რაო, მის ლექსზე უკეთესი ლექსი არ არსებობს? - იკითხავს „გალაქტიონში“ ფშვინვიერი ქანის რომელიმე პატიოსანი გულშემატკივარი და ერთი სული მაქვს, ეს კითხვა მე დამისვან.

რატომ? იმიტომ, რომ კვიმატი პასუხი მაქვს, ჩვენი ერთი კარგი მწერლის კილოზე ვუპასუხებ: როგორ არა, არსებობს მის ლექსზე უკეთესიც - მისი სხვა ლექსი.

დიახ, მეცნიერება ადასტურებს, რომ არსებობს ხალხი, ვისაც გალაკტიონი „გალაქტიონ ტაბიძე“ და ადამიანი ეგონა. ის კი არა, მადლობა თქვას, ადამიანი თუ ეგონათ. მეტი რა უნდა თქვა არსებაზე, რომელსაც საკუთარი ბიოგრაფიის ადამიანურად დაწერაც არ ეხერხება? „მამა არ ახსოვს“.

აბა, შეიძლება ბიოგრაფია ასე იწყებოდეს? დაწერე, შე კაცო, „მე, გალაქტიონ ვასილის ძე ტაბიძე, დავიბადე 1892 წლის...“. რა უნდა ამას, რა? არადა, ნახეთ, როგორ წერს: „მამა არ ახსოვს. სოფლის [წაშლილია] ქუთაისის სკოლა. 1905 წელი. ანარხისტთა გაფიცვები, ტფილისის სემინარია. სოფლის ხორისტი [წაშლილია] აგიტატორი, რედაკტორი ხელნაწერი რევოლუციონური ჟურნალების...“.

მაგას კიდევ ეშველებოდა, ბიოგრაფიას სხვა დაუწერდა, მაგრამ ამ ტაბიძეს ბიოგრაფიც რომ მისნაირი შეხვდა? ნახეთ ეს მისი აპოლოგეტი ვახტანგ ჯავახაძე როგორ წერს? ­- „როდესაც გესაუბრებოდათ, თითქოს სხვაგან იმყოფებოდა და ეს „სხვაგან“ იყო მისი მთავარი სავანე“. სწორედ ამ „სხვასა“ და „სხვაგანს“ არ ებრძვით „გალაკტიონში“ ყრუ ფშვინვიერი ხშული ფონემების „სხვანაირად“ მოყვარულებო?
„მამა არ ახსოვს“ - რა, ერიკ-ემანუელ შმიტის იეშუაა, მამა რომ არ ახსოვს? რა ნათქვამია ეს - „არ ახსოვს“? დეივიდ კოპერფილდისა არ იყოს, მამამისიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა, მამა როგორ ემახსოვრებოდა? არადა, ლექსში კი დაწერა - მოხუცი მამა, მოხუცი მამა, სასხლავით ხელში დადის ვენახშიო! რის თქმა უნდოდა? არაფრის, ისევ გვატყუებდა.

რამდენჯერ გააკრიტიკეს სამართლიანად! რამდენჯერ უთხრეს სწორი, კოლეგიალური სიტყვა! მისთვის ცუდი ხომ არ უნდოდათ, ხომ კარგი უნდოდათ, მაგრამ რა, შეისმინა?! ნახეთ, კოლეგა რა ტაქტიანად, რა ტკბილად ასწავლიდა ჭკუას: „სისულელეა. რა ბრძანეთ, „დიდო” პოეტო, უკაცრავად პასუხია, იდიოტო!! Идиотизм? Да, идиотизм!!! ნიავის ბინდიც ქლიავის ფერია? კი, გვინახავს, გვიჭამია!“ „- ვინც კვდება, ყველას გახელილი რჩება თვალები, თუ არ დაუხუჭეს. მერე რა მოხდა, კრეტინო? რა არის ეს? რა ჰქვია ამას? იდიოტებო, ვისაც ეს მოგწონთ?!“

დადგა დრო, ვაღიარო. მე ვარ იდიოტი. მე მომწონს ეს. საქართველო სავსეა იდიოტებით, რომელთაც მოსწონთ „ეს“. რომელთაც იციან ეს. არადა, არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, რომელთაც კარგად მოეხსენებათ, რომ არსებობს ლოგიკის ბოლო სფერო, ბოლო ნაწილი, დასკვნის თეორია. დასკვნის ის სახეობა, რომელიც შეიმუშავა არისტოტელემ კატეგორიული სილოგიზმის სახით.

ზოგადად შევგიძლია დასკვნა განვსაზღვროთ ძალზე მარტივად ასე - ორი მსჯელობის საფუძველზე მიღებულ ახალ მესამე მსჯელობას დასკვნა ეწოდება. იმ მსჯელობებს, საიდანაც გამოიყვანება ახალი მესამე მსჯელობა, ეწოდება წანამძღვრები, ხოლო მესამე დასკვნით მსჯელობას კი დანასკვნი. ნიმუშად, ვთქვათ, შეგვიძლია ავიღოთ ასეთი დასკვნა: ყველა ადამიანი მოკვდავია. სოკრატე ადამიანია. მაშასადამე, სოკრატე მოკვდავია. ახლა კი ვაწყენინოთ არისტოტელეს და ასე ვთქვათ: გალაქტიონი ადამიანია. გალაკტიონი ღმერთია. მაშასადამე, გალაკტიონი უკვდავია. დიახ ორ ყრუს შორის გადის სიკვდილ-სიცოცხლის, მოკვდავობა-უკვდავების ხაზი, ორ ყრუ და ორ ხშულს შორის, ყრუ ფშვინვიერსა და ყრუ მკვეთრს შორის, ქანსა და კანს შორის.

აი, მისი კიდევ ერთი „ავტობიოგრაფია“ (კვადრატულ ფრჩხილებშია ის, რაც წაშლილია თავად პოეტის მიერ):

„[თანამგზავრი პოეტისა, სიღარიბე ერთგულად თანასდევდა პოეტს]. [უმსუბუქებს პოეტს... სიღარიბე იყო პოეტის უერთგულესი თანამგზავრი [დაწყებული] აკვანიდანვე, [მაგრამ ეს მომენტი პირადი მისი ცხოვრებისა, რატომღაც სრულიად არა სჩანს პოეტის არცერთ ნაწარმოებში. პირიქით, იგი ყოველთვის იგონებდა და ჰქმნიდა და სისრულეში მოჰყავდა. [ბევრმა დღემდე[ც] კი არ იცის, თუ რა] [წარმოუდგენელი] მეტად საშინელ მატერიალურ პირობებში ჰქმნიდა და სისრულეში მოჰყავდა [პოეტს] თავისი გაბედული სალიტერატურო გეგმები; [დაწყებული „ატმის ყვავილებიდან“, გათავებული „ეპოქით“, „პაციფიზმით“, „რევოლიუციონური საქართველოთი“ და სხვებით. შევიწროებული სიღარიბით,] მიუხედავად ყოველივე ამისა, ხუთი წლის [ბავშვმა] გალაკტიონმა უკვე მშვენივრად [იცის] ითვისებს წერა-კითხვას. 7-8 [წლიდან] წლისა სწერს პირველ ლირიულ ლექსებს, [სწერს] ისტორიულ პოემებს, სატირებს, მოთხრობებს, რომანებს, ნოველებს, დრამებს, სთარგმნის ჰომეროსს. პოეტი ხშირად ამბობს, რომ ბევრი მისი იმდროინდელი დაბეჭდილი ნაწერებისა, სრულებით არაფერს წარმოადგენს [მის დიდძალ დაუბეჭდავ მასალებთან მასხარად] იმ დიდძალ მასალებთან შედარებით, რომელიც დაუბეჭდავია. თორმეტი წლისამ [იყო, როდესაც მან მტკიცედ] მან ამხანაგებში უკვე დაიმკვიდრა სახელი დასრულებული პოეტის“.

არა, არ არის ეს ნორმალური კაცის ნაწერი. მართლა არ არის ან რატომ უნდა იყოს? გალაკტიონმა ავტობიოგრაფიის წერა არ იცოდა, ის კი არა, პროზის წერაც არ იცოდა, არაფრის წერა არ იცოდა, მხოლოდ ერთი რამის - ღმერთი იყო და მარტო თავისი ენა იცოდა, მხოლოდ ლექსის წერა ეხერხებოდა. შეიძლება მის გამართლებად ის გამოდგეს, რომ წერა კი არა, ჩვეულებრივი, „ადამიანური“, გალაქტიონებმა რომ იციან, ისეთი ლაპარაკიც არ იცოდა.

აკი თვითონაც ამბობდა: „მე ხომ სრულიად ლაპარაკი არ ვიცი“; „მე იმდენად არ ვიცი ლაპარაკი, რომ კაცს ხშირად ვერ ვაგებინებ“; „ეს ფუსფუსი პატარ-პატარა ხალხის ჩემთვის სრულიად გაუგებარია.“ „თითქმის ყოვლისშემძლე ხდებოდა, როდესაც კალამს აიღებდა ხელში და უსუსური ჩანდა, როგორც კი ქაღალდს გაშორდებოდა“ (ვახტანგ ჯავახაძე).

გალაკტიონი კალამს აიღებს და დაწერს:

რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება - მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტის.

ან:
მზეო თიბათვის, ყოფნა უმზეო!
მზე მიიცვალა ღია თვალებით!
ის მიიცვალა რაღაც უმწეო
და საოცარი გარდაცვალებით!

ან:
ქარი დაცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს.

ამას გალაქტიონ ტაბიძე ვერ დაწერდა. ამას სჭირდებოდა სწორედ ღმერთი სწორედ ისეთი კოსმოსური (პოეტი იტყოდა, „კოსმიური“), გალაქტიკური სახელით, როგორიც გალაკტიონია. როგორ უყვარდა კოსმოსი! იცით ვინმე საქართველოში, ვისაც ასე იტაცებდა კოსმოსი?! ცოტა გვიან რომ დაბადებულიყო ან ცოტა სხვაგან, კოსმონავტი თუ არა, ასტრონავტი მაინც იქნებოდა. „კოსმიური ორკესტრი“, „კოსმიური შეიქმნა გუბე“, „კოსმიური გრიგალი“, „კოსმიური ცხენის თავი“, „ფეხქვეშ გიგია მდელო-კოსმოსი“...

ნეტავ როგორ დაარქვეს გალაკტიონი, ეს სივრცით-კოსმოსურ-ღვთაებრივი ძველბერძნული სახელი? დედამ იცოდა, რომ ღმერთი შვა? ხომ შეიძლებოდა, „ადამიანური“ სახელი დაერქვა, როგორც სხვა ქართველ პოეტებს ჰქვიათ, მაგალითად: გრიგოლი, ტიციანი, პაოლო, კოლაუ, გიორგი, ნიკოლო, იოსები, ალექსანდრე, ირაკლი ან კარლო მაინც?

ამტკიცებდა, მზიდან ჩამოვედიო. კეთილი იყო, ამ ხვედრს სხვებისთვისაც იმეტებდა, მთელ კლასზე ამბობდა, მზიდან ჩამოსულები ვართო (თუმცა მანამდე, ლექსის დასაწყისში, სხვა პოეტისთვის ვერ მიმიგნიაო, ბრძანებდა):

ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით -
და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით
მზის სადღეგრძელოს.

არასოდეს არ ჰქონდა ფული. უყაირათო იყო.
დღიურში წერს: „სირცხვილი არ არის, მე ფული არ მქონდეს?“

ფული არ ჰქონდა, მეგობრები არ ჰყავდა, უკვე 1915 წელს სახელოვანმა ბიძაშვილმა, ტიციანმა „მარტოობის ორდენის კავალერი“ უწოდა. არაფერი არ ჰქონდა, არავინ არ ჰყავდა, სამაგიეროდ მტრები ჰყავდა იმდენი და ისეთი, „მას რომ ეკადრებოდა“.

რა იყო მისი მტრების მთავარი მოტივი?
რა ედებოდა ბრალად გალაკტიონს?
რით გაუშრეს სისხლი და რით მიიყვანეს თვითმკვლელობამდე?

დღეს ამის დაჯერება ძნელია. დღეს, როდესაც არცერთი პოეტური მოვლენა ისეთ ენთუზიაზმს არ იწვევს ფეისბუქში, როგორც გალაკტიონის დაბადების დღე, როდესაც 17 ნოემბერს „იუზერები“ ერთმანეთს ეჯიბრებიან გალას ციტირებაში, როდესაც წელიწადის 365 დღეს ქართული ფეისბუქის პოეტურ პალიტრაში გალაკტიონს მხოლოდ რუსთველი თუ ეჯიბრება, ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ გენიოსს მცირე პოეტები თავხედურად უნიჭობაში სდებდნენ ბრალს.

დიახ, გალაკტიონს ბრალი ედებოდა უნიჭობაში. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი კარგმა პოეტმა კოლაუ ნადირაძემ, რომელმაც თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე გალაკტიონის უსამართლო ლანძღვა-გინებას მიუძღვნა.

ცნობილი ამბავია, რომ „ცისფერი ყანწების“ პირველივე ნომერში გალაკტიონის ორი შედევრი გამოქვეყნდა, „ლურჯა ცხენები“ და „მთაწმინდის მთვარე“.

აი, როგორ შეაფასა „ლურჯა ცხენები“ კოლაუ ნადირაძემ, უკვე გალაკტიონის სიკვდილის შემდეგ (ყურადღება მიაქციეთ, როგორ მოიხსენიებს თავის გენიალურ კოლეგას „გ. ტაბიძედ“, არც გალაკტიონი და არც თუნდაც გალაქტიონი, უბრალოდ, გ., კაფკასაც შეშურდებოდა!):

„გასაოცარია! გრ. რობაქიძე და მეც ამ ლექსით ვიყავით გატაცებულნი, წერილები ვუძღვენით მას. ეხლა ამ ბოდვას პოეზიის მწვერვალად აცხადებენ უვიცები და უწიგნურები, თანაც სრულებით გემოვნებას მოკლებული ადამიანები. გ. ტაბიძეს, როგორც ჩანს, სურდა „მერანზე“ ძლიერი რამ დაეწერა. მაგრამ „მერანის“ ნათელ, გენიალურ აღმაფრენას, სადაც ყველაფერი, ყოველი სიტყვაც ნათელია და გასაგები, ეს უაზრო ბოდვა სად მიუახლოვდება. ეს ლექსი უაზროა, ბოდვაა - მეტი არაფერი! ვიმეორებთ, გ. ტაბიძეს უთუოდ სურდა ბარათაშვილის „მერანი“ დაეჩრდილა. მაგრამ გარითმული აბდაუბდა პოეზიად არასოდეს გასაღდება“.

აი, ასეთი დანაშაული ჰქონია გალაკტიონს. მთელი ცხოვრება იმას ცდილობდა, რომ მთაწმინდაზე ბარათაშვილის გვერდით დაემკვიდრებინა ადგილი. ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარულიო, წერდა და, თურმე, მისი ამოძირკვა, მშობლიური ლიტერატურიდან „მერანის“ წაშლა და მისი „ლურჯა ცხენებით“ ჩანაცვლება ჰქონია მიზნად. რა არის ეს - შური, სიბრმავე, ბოღმა?!

კ. ნადირაძე რომ ბარათაშვილის თანამედროვე ყოფილიყო, ვითომ მისი არ შეშურდებოდა? რუსთაველის ჩაძირვის მცდელობაში არ დასდებდა ბრალს?

გალაკტიონის „რომელი საათია?“ - კოლაუ ნადირაძის მინაწერი: „სიბითურის საათია! ბოდვის და ონანიზმის საათია“, ხოლო სტრიქონს „წინაპართა ძვლებს დავიცავ“ - „ვერავის და ვერაფერს ვერ დაიცავ, შე სირისტიანო! მაგის ყვერები ღმერთს შენთვის არ მოუცია“. ამ კაცს საკუთარი მამის სახელს ვერ ათქმევინებდით, რადგან მამამისს გალაქტიონი ერქვა.

1946 წლის 26 მაისს გერონტი ქიქოძემ მწერალთა სასახლეში სრულიად უცნობი ანა კალანდაძის ლექსები მოისმინა და ბრწყინვალე დებიუტის მეორე დღეს დღიურში ჩაწერა:

„ვაჟა-ფშაველას შემდეგ პირველი დიდი პოეტი მოგვევლინა“.

გალაკტიონს ვერ ხედავდა!

საავადმყოფოში საკოცნელად გამოწეულ გალაკტიონს კონსტანტინე გამსახურდიამ პირი მოარიდა. საიუბილეო წერილში დიმიტრი ბენაშვილმა ქების ნაცვლად, ფაქტობრივად, რუსი პოეტების ეპიგონად მოიხსენა! ირაკლი აბაშიძემ, სიკვდილის შემდეგ, ამხელა თუ იყო, ნამდვილად არ მეგონაო.

„ჭყვიშელ ბიჭს“ ეძახდნენ, „ნამდვილი პოეზიის იმიტაციას“ აბრალებდნენ, წუხდნენ მისი სიდიდის გამო და კიდევ უკვირდათ მისი ბოჰემა და მისი მარტოობა.

დღეს დადგენილია მისი მთავარი დანაშაული:
Crâne aux fleurs artistiques,
ანუ „არტისტული ყვავილები“ არ უნდა დაეწერა. ეს წიგნია მისი დანაშაული.

 

ეს იყო მისი მეორე კრებული. 1919 წელს გამოსცა და თავიც სამუდამოდ დაიღუპა. ამის შემდეგ მტრის ჯინაზე კიდევ ორმოცი წელი იცოცხლა.

 


პირველი კრებულის შემდეგ კარგი ბიჭი იყო, მართალია, „ჭყვიშელი“, მაგრამ მაინც კარგი, იმედისმომცემი, თითქმის ცისფერყანწელი.

აი, მეორე წიგნის შემდეგ და, განსაკუთრებით, პოეტების მეფედ აღიარების შემდეგ (ამას მაშინვე ამ აღიარების ოფიციალური „გაუქმება“ მოჰყვა) კი გახდა „უნიჭო ბოდვების“ ავტორი.

გალაკტიონზე დაწერილი გენიალური წიგნის, „უცნობის“ ავტორმა, ვახტანგ ჯავახაძემ გალაკტიონის მთავარი „კრიტიკოსი“ კოლაუ ნადირაძე სახელითა და გვარით არც კი მოიხსენა (დაინდო?), მაგრამ გალაკტიონის „პირუთვნელი“ შეფასებები კი დაუთვალა:

სისულელე - 24, აბდაუბდა - 14, უაზრობა - 12, ბოდვა - 12, პროვინციალი, პროვინციული, პროვინციალიზმი - 4, გრაფომანი - 4, დეგენერატი - 4, ჩმახვა - 4, იდიოტი, იდიოტობა - 3, უვიცი, უვიცობა - 3, აბსურდი - 3, ნაძირალა - 2, გარეწარი - 1, უწიგნური - 1, დასაჭურისებული - 1...

წიგნი „არტისტული ყვავილები“, შინაარსი:

„შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“, „ლურჯა ცხენები“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „საუბარი ედგარზე“, „მარიამ ანტუანეტა“, „თოვლი“, „უნაზესი ხელნაწერი“, „შერიგება“, „პოეტი ბრბოში“, „პირიმზე“, „Voiles“ (საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების...), „მერი“, „ალვები თოვლში“, „გრადაცია“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, „შემოდგომის ფრაგმენტი“, „ყორანი“, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, „სამრეკლო უდაბნოში“, „გული“, „მარმარილო“, „ატმის ყვავილები“, „ღრუბლები ოქროს ამურებით“, „ჭიანურები“, „საღამო“, „ვინ არის ეს ქალი?“ „სიკვდილი მთვარისგან“, „ის“, „ვუალისა და ვიოლჲეს შესახებ“, „ვერხვები“, „პარალელი“, „ფარდების შრიალი“, „ჩვენი საუკუნე“, „მთაწმინდის მთვარე“, „გობელენი“, „შიშველი“, „მიცვალებულის ხსოვნა“, „ზღაპარი“, „ორხიდეები“, „მგლოვიარე სერაფიმები“, „ავდრის მოლოდინი“, „არ-დაბრუნება“, „მივარდნილი აივანი“, „აკაკის ლანდი“, „მას გახელილი დარჩა თვალები“, „როგორ ებრძოდნენ ზარებს ზარები“, „ი.ს.“, „სიბერე“, „ედგარი მესამედ“, „შენ და დემონი“, „ახალი მოსახლეობა“, „თიბათვე გავიდა“, „არაგვი“, „სახლი ტყის პირად“, „დამშვიდობება“, „პრიმიტივი“, „შენი სადღეგრძელო“, „ცამეტი წლის ხარ“, „ლოდთან“, „გვიანი ოცნება“, „სანთელი“, „მფარველი იალქნები“, „ნუგეში“, „აუზისგან“, „მზადება გასამგზავრებლად“, „უცნაური სასახლე“, „მამული“, „მწუხარება შენზე“, „შენ ერთი მაინც“, „სიზმრები“, „მე მოვალ“, „ლოცვისთვის“, „სასწაულს“, „დრო“, „მწოლარე“, „წმ. გიორგი“, „სროლის ხმა მთაში“, „ძველი რვეულიდან“, „მზის ჩასვლა“, „რამდენიმე დღე პეტროგრადში“, „ხელები“, „გემი „დალანდი“, „დაბრუნება“, „გზაში“, „შიში“, „დომინო“.

აი ეს წიგნი, რომელშიც მოთავსებული ლექსების მხოლოდ სათაურების ჩამოთვლაც საკმარისი აღმოჩნდა რამდენიმე ასეული პოეტის მოსაკლავად, ეს წიგნი, შემდეგ წლებში დაწერილ რამდენიმე ასეულ შედევრთან ერთად, არის კიდეც ამ სუბიექტის, რომელიც გარკვეულ წრეებში „გ. ტაბიძის“, „გალაქტიონის“, „გალაკტიონის“, „გალას“ სახელით არის ცნობილი, მთავარზე მთავარი დანაშაული, რომლის გამოც ეროვნული პოეზიის სასამართლო პროცესზე იგი ქართველმა ხალხმა არ დაინდო და მას სასჯელის უმაღლესი ზომა, უკვდავება მიუსაჯა.

2.3 გალაკტიონის „თოვლი“

▲ზევით დაბრუნება


 

ბერძენიშვილი ლევან

გალაკტიონის „თოვლი“

 

ეს ლექსი 1916 წელს დაიწერა და იგი შევიდა გალაკტიონის უკვდავ კრებულში „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“, რომელიც 1919 წელს გამოიცა. გავბედავ და ვიტყვი, რომ ქართულ პოეზიაში არ მეგულება მეორე ლექსი, რომელიც ასე გაჯერებული იყოს ენობრივი ოსტატობით, ლიტერატურული ცოდნით, პოეტური ტრადიციისადმი და, განსაკუთრებით, ფრანგული სიმბოლიზმისადმი ერთგულებით. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი სიმბოლისტების მთელი გუნდის არსებობის მიუხედავად, ასეთი კლასიკური სიმბოლისტური ლექსი საქართველოში ვერავინ დაწერა. ლექსი დაწერილია გალაკტიონის საყვარელი ათმარცვლიანი საზომით და იწყება სიტყვით „მე“. საერთოდ, ლირიკა დაიბადა ძვ. წელთაღრიცხვის VII საუკუნეში, როდესაც გაჩნდა ეს აზრი, ეს კონცეფცია, ეს პოეტური „მე“. ჰომეროსის შემდეგ, მისი ეპოსის შემდეგ პირველმა დიდმა ლირიკოსმა, არქილოქოს პაროსელმა ამოიღო ხმა და თქვა „მე“, „ჩემი“ ფიქრი, „ჩემი“ აზრი და, ბოლოს და ბოლოს, დაინგრა მითოსური „ჩვენ“ და ეპიკური ობიექტურობა და დაიბადა სუბიექტური პოეზია, დაიბადა ლირიკა.

ცნობილი ამბავია, რომ ეპიკოსებს ზოგადად ლირიკოსები არ უყვართ (მარტო ტოლსტოის მაგალითი რად ღირს, როდესაც დიდმა რომანისტმა პოეტი ღრმა კვალის გამყვანი გუთნიდედის კვალში მიმავალ მოცეკვავეს შეადარა), ხოლო ლირიკოსებს ეპიკაში უჭირთ ხოლმე. გალაკტიონიც უძლური იყო ეპოსში, იგი ლირიკის ღმერთი იყო, სხვა რამ მას არ ეხერხებოდა, მას უბრალო ლაპარაკიც კი არ ეხერხებოდა, სესხის აღებასაც კი ლექსით ითხოვდა („ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, ... მასესხე, მომეხმარეო!“)

გალაკტიონის ლირიკა სავსეა სიმბოლოებით და ამ ლირიკაში თოვლი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.


მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

დასაწყისშივე გაიდო ხიდი გალაკტიონსა და მის უსაყვარლეს მასწავლებელს, ჩვენს უდიდეს გენიოსს, ბარათაშვილს შორის. გალაკტიონი სულ კითხულობდა, ხომ ვგავარ აკაკისო და ჰგავდა ბარათაშვილს. ყველაზე მეტად სწორედ ამ ლექსში არის გალაკტიონი ბარათაშვილის მემკვიდრე. ბარათაშვილს უყვარდა ლექსის დაწყება სიტყვით „მიყვარს“ („მიყვარს თვალები მიბნედილები“, „მიყვარს ტიკტიტი ჩვილის ყრმის“, „მიყვარს ყაბახი“...), ეს მისი სტილია. გალაკტიონი აძლიერებს ემოციას და ამბობს არა „მიყვარს“, არამედ „მე მიყვარს“ და „მე ძლიერ მიყვარს“. როცა ის ამბობს „ძლიერ მიყვარს“, ნათელია, რომ ის სალაპარაკო ენიდან გადის. სალაპარაკო ენაში ჩვენ არ ვამბობთ „ძლიერ მიყვარს“, ჩვენ ვამბობთ „ძალიან“. ეს ნიშნავს, რომ მან ასწია ტონი და თითქმის ღმერთივით გველაპარაკება. „თოვლი“ სამაგალითო ლექსია იმის გასაგებად, თუ რა ხერხები აქვს სიმბოლიზმს.

ერთ-ერთი მთავარი სიმბოლისტური ხერხი გახლავთ სინესთეზია. ეს ტერმინი აღებულია ფსიქოლოგიიდან, მაგრამ ლიტმცოდნეობაში დიდი ხანია დამკვიდრებულია, როდესაც სწორედ სიმბოლიზმზეა ლაპარაკი. სინესთეზია ნიშნავს, რომ ერთი გამღიზიანებელი, რომელიც, მაგალითად, თვალს აღიზიანებს, ამავე დროს, შეიძლება აღიზიანებდეს ყურს. პოეზიაში კი ეს არის ხილული ხატი, რომელსაც ამავე დროს აღმოაჩნდება ხმოვანი ჟღერადობა, ტაქტილური ჟღერადობა და ა.შ. აი, როგორ აქვს გამოხატული გალაკტიონს სინესთეზია: „მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის“, ანუ თოვლი არის იისფერი. არსებობს მოსაზრება, რომ იისფერი თოვლი არავის უნახავს. შეიძლება, გალაკტიონსაც „არ უნახავს“, ისე დაინახა. ეს ცოტა მაკვირვებს, რადგან მე მინახავს იისფერი თოვლი. როდესაც დიდი თოვლი მოდის და მას სიმაღლე უჩნდება და მისი გაჭრა ხდება საჭირო, მაგალითად, ბილიკის გასაჭრელად, ეს გაჭრილი თოვლი ზემოდან დახედვისას ნამდვილად იისფერია. ამავე დროს, როდესაც მეცნიერებამ თოვლის ფიფქები მიკროსკოპით შეისწავლა, ისინი სწორედ იისფერი და მოლურჯო შეფერილობისა აღმოჩნდა. შესაბამისად, გალაკტიონსაც დიდი შანსი ჰქონდა, ენახა თოვლის ეს სილურჯე; იგი ნამყოფია ზამთრის რუსეთში, სადაც თოვლის ჭრა ჩვეულებრივი მოვლენაა.

„ქალწულებივით ხიდიდან ფენა“ თვითმკვლელობის სახეზე მიგვითითებს და შემდგომში, ოთარ ჭილაძის პოეზიაში გაჩნდება სიტყვები „თავგანწირულად დნებოდა თოვლი“, რაც ასევე სიკვდილის სახეა. ოთარ ჭილაძის, „რკინის საწოლის“ ავტორის დამოკიდებულებაზე გალაკტიონთან მე აღარ ვილაპარაკებ. „თავგანწირული“ თოვლის ქვეყნიდან ჭილაძის ბავშვი „უხილავ ცაში მსუბუქი ფრთებით მიქროდა“. იისფერი თოვლი, რომელიც ამავე დროს, არის წმინდა, ვარდება ხიდიდან, შეყვარებული ქალიშვილივით და ჩნდება კლასიკური ტრიადა: ხიდი, მდინარე, სიყვარული. 1916 წელია და ხიდი, მდინარე, სიყვარული უკვე ბევრჯერაა ნახსენები მსოფლიო პოეზიაში, განსაკუთრებით ხშირად კი – ფრანგულში. ეს ნაწილობრივ აღინიშნა კიდევაც ლიტმცოდნეობაში. ამ სიტყვებს მოჰყვება:


ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

სულ სახეებია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა: „სული მევსება თოვლით“. გალაკტიონს ხშირად აბრალებდნენ „წიგნიერებას“, ანუ მასალის სესხებას წიგნებიდან. ყველამ ვიცით, როგორ დაესესხა იგი მთელ პასაჟებს ჯეკ ლონდონს, ედგარ პოს, მაგრამ, ამავე დროს, იპოვეს უფრო ნაკლები მნიშვნელობის ავტორებისგან „სესხებაც“. შესანიშნავ წიგნ „ანარეკლებში“ დავით წერედიანს ნახსენები ჰყავს ბელგიელი სიმბოლისტი პოეტი ჟორჟ როდენბახი; ამ პოეტს ჰქონია ლექსი, რომელიც შევიდა რუსეთში გამოცემულ წიგნში "Чтец-Декламатор". ესაა სპეციალურად შერჩეული ლექსები დეკლამაციისთვის. შვიდასგვერდიანია პირველი ნაწილი, რომელშიც როდენბახიც მოხვდა, სავსეა იგი მსოფლიო პოეზიის ნიმუშებით და, განსაკუთრებით მდიდრულადაა წარმოდგენილი რუსული პოეზია. გალაკტიონი იცნობდა ამ წიგნს, ყოველ შემთხვევაში, მის პირველ ტომს (მეორეში დრამატურგია შედიოდა და მესამეში – პროზა). როდენბახის ლექსი მთავრდება სიტყვებით: ჩემი სული, როგორც ვარსკვლავებით, ისე სავსეა თოვლითო. მსგავსება აშკარაა, მაგრამ ვნახოთ განსხვავებაც: იქ არის „სავსეა“, გალაკტიონთან – „მევსება“, იქ არის შედეგი, გალაკტიონთან – პროცესი. ესაა განსხვავება თანამედროვე ქართულ პოეზიასა და გალაკტიონს შორისაც. ჩვენი პოეზია სავსეა მტკიცებით, ხოლო გალაკტიონი სავსეა ვნებით, დინამიკითა და განვითარებით.

მაშასადამე, ლაპარაკია თოვლზე, რომელიც არის სიმბოლო, იგი არის ფერადოვანი – იისფერი, იგი არის მწუხარე; მას, ამავე დროს, ტაქტილურად ვეხებით და ვადგენთ, რომ იგი არის ცივი და სველი (სინესთეზიიის კლასიკური ნიმუშია) და ეს ასეთი თოვლი: ცისფერი, მწუხარე, ცივი და სველი ავსებს სულს და სული ხდება ცისფერი, მწუხარე, ცივი და სველი.


ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...

თურმე ლაპარაკი ყოფილა „შენზე“, რომელიც წახვედი, ლაპარაკი ყოფილა სიყვარულზე, რომელიც წავიდა და დედამიწაზე ჩამოწვა მწუხარე ზეცა. და დედამიწა არის უდაბნო. თოვლის უდაბნო. ამ უდაბნოში, როგორც წარსულის ფლეშ-ბეკი, იელვებს „შენი მანდილი“. როგორც ედგარ პო გვასწავლის, ყველაზე „მომგებიანი“ პოეტური სახე ახალგაზრდა ქალის სიკვდილია. ეს ახალგაზრდა ქალი, რომლის „თოვლივით მკრთალი ხელები“ ლირიკულ გმირს მუდამ ემახსოვრება, „იანვარში“ აღარ არის. სიყვარული ოდესღაც იყო და აღარ არის. და იმის შემდეგ, რაც იგი აღარ არის, ლირიკულ გმირს აღარ უნდა სიცოცხლე. ახლა, ამწუთას, ამ სიყვარულის წასვლის შემდეგ

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

ყველაფერი კარგი, რაც იყო, წავიდა. დარჩენილია მხოლოდა ნატვრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადარჩეს ადამიანი. როგორ უნდა დააღწიო თავი ზამთარს-სიკვდილს?! როგორ უნდა დაემალო ქარს-სიკვდილს?! სატრფოს წასვლის შემდეგ მეტრფე როგორ უნდა გადარჩეს? სად არის გამოსავალი? გალაკტიონმა იცის მითოსური გამოსავალი. იცის მომაკვდავი და აღდგენილი ღმერთების ამბავი, ადონისის ამბავი, ქრისტეს ამბავი; ფრეიზერის ნაპოვნი „კალენდარული“ ღმერთებიც შეგვიძლია გავიხსენოთ; მაგრამ ეს სულ „კაცი“ ღმერთებია. მკვდარი და მკვდრეთით აღდგარი ქალღმერთიც არსებობს, ეს ანტიკური პერსეფონე ანუ კორეა. მას წელიწადის განმავლობაში სიკვდილის სეზონიც აქვს და სიცოცხლის სეზონიც (ესაა კომპრომისი კორეს დედას, დემეტერსა და მეუღლეს, ჰადესს შორის). სწორედ ამას მიგვანიშნებს გალაკტიონიც: „როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა“, როგორმე გაზაფხულს თუ მივაღწიე, სიყვარული ხელახლა დაიბადება. ესეც ნიცშეს „მარადიული დაბრუნება“.

გალაკტიონმა ამ დაბრუნებას უდიდესი პოეტური ოსტატობით მიაღწია. გამოიყენა საკუთარ პოეტურ ლაბორატორიაში შექმნილი ხერხი, რომელსაც შეგვიძლია პირობითად დავარქვათ „პარალელური სტრიქონებიდან გამოტანილი აზრის ხერხი“. ეს აზრი შეგვიძლია გამოვიტანოთ ჩვენდა უნებურად, რადგან გალაკტიონმა ამ ლექსში გამოიყენა ასეთი ტექნიკური ილეთი: ორი სტროფი გვაქვს, ერთმანეთს რომ იმეორებს, მაგრამ ეს არ არის ორი სრულიად იდენტური სტროფი, მათ შორის არის განსხვავება და მთელი აზრი ჩადებულია სწორედ ამ განსხვავებაში. ცნობილია, რომ არსებობს ვარიანტები; მაგალითად, „თბილისში“ არის ვარიანტები: „და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა“, „და არ მშორდება ტფილისის ცქერა“ და ა.შ. „თოვლში“ არის მსგავსი სტროფები განსხვავებული ვარიანტებით. ჩანაფიქრი ასეთია: ის, რაც საერთოა, ნათელია, რომ ერთი და იგივეა, ხოლო ის, რაც განსხვავდება, არის რთული ფორმით გამოხატული შედარება და მეტაფორა.


თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა. და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

 

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
 

 

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული ფიფქით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

 

     
ასეთი=ამნაირ, სიზმრით=ფიფქით.    
     
ხერხი ათვისებულია. ახლა ვნახოთ მისი მოქმედება ლექსში. პირველივე სტროფს აქვს პარალელი    
     

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

 

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

     
ცივი სისოვლის=ქროლვის, მიმოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა=ზამბახების წყებად დაწვენა. სიყვარული ზამბახი ყოფილა. სიყვარულის მოთმენა და ზამბახების დაწვენა არის ერთი და იგივე. ზამბახი კი არის ყვავილი, რომელიც აპრილსა და მაისში ხარობს. როგორ არ გავიხსენოთ სხვა გენიოსი, ტომას სტერნზ ელიოტი, რომელიც ამბობს: “April is the cruelest month, breeding

lilacs out of the dead land...” („უსასტიკესი თვეა აპრილი, აღმოაცენებს იასამანს მკვდარი მიწიდან...“). უსასტიკესი იმიტომაა, რომ აღმოაცენებს იასამანს, გააჩენს იმედს და სხვა დრო, სხვა თვე მას მოკლავს. იასამანიც, ზამბახიც არის სიყვარული, რომელიც იბადება და კვდება, უსასტიკესი განმეორებადობით. სიყვარული დაიბადება აპრილში, დაიბადება გაზაფხულზე, დასნეულდება ზაფხულში, მოკვდება შემოდგომაზე და ამ სიკვდილს იგლოვებს ზამთარი. და „ყოველივე იგი ისევ ისე განმეორდება“. მარადიული დაბრუნება. ეს ციკლური ლექსია. ქალი წავიდა, სიყვარული წავიდა, მაგრამ სიყვარული დაბრუნდება. ქალიც შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ სიყვარული აუცილებლად დაბრუნდება. და ცხოვრება კვლავ გაგორდება კამათელივით და ოთხი აფთარიც კარს მოგვადგება: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გალაკტიონი რომ არ გვყოლოდა, ვინ მიხვდებოდა, რომ წლის დროების ეს უბრალო ჩამონათვალი თოთხმეტმარცვლიანი ლექსი იქნებოდა შუაში პატიოსანი ცეზურით – 4/3//4/3?

ერთი ვალი დაგვრჩა. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ლექსში არის ტრიადა: ხიდი, მდინარე და სიყვარული და რომ ეს სხვა ლექსებშიც გვხვდება. ეს იდეები, ხიდი, მდინარე, სიყვარული, სიყვარულის წასვლა და პირდაპირი ციტატა ლექსიდან – ესაა გიიომ აპოლინერი და მისი შედევრი „მირაბოს ხიდი“. „მირაბოს ხიდი“ 1912 წელს დაიწერა და 1913 წელს გამოქვეყნდა და გალაკტიონს ის შეიძლება სცოდნოდა და არის ერთი მომენტი, რომელიც მიუთითებს, რომ გალაკტიონს უნდა სცოდნოდა ეს ლექსი. საქმე ისაა, რომ „არტისტულ ყვავილებში“ არის ლექსი, ასევე 1916 წელს დაწერილი, რომელიც ასე მთავრდება:

შენ ღიმილს მე თან გავატანე ბედნიერება,
სიყვარულიდან გავატანე, რაც კი რამ მქონდა,
მაგრამ ღიმილი გაიტაცეს ჩემი გულიდან,
როგორც ლუვრიდან გაიტაცეს შორს ჯიოკონდა!

ლუვრიდან ჯოკონდას გატაცება არის ამბავი, რომელშიც ბრალი დაედო ორ უდიდეს ხელოვანს, პიკასოსა და აპოლინერს. ეს სკანდალური საქმე იყო, აპოლინერი დააპატიმრეს კიდეც. სწორედ იქ დაუწერია „მირაბოს ხიდის“ რეფრენი Les jours s'en vont, je demeure („დღეები რბიან, მე – ვრჩები“). გალაკტიონი ამბობს: „დღეები რბიან და მე ვბერდები“. აშკარაა, რომ ჯოკონდას ამბავი იცის, აპოლინერის დაპატიმრება იცის და, ალბათ, აპოლინერის მთავარი შედევრიც იცის და რომც არ სცოდნოდა, რომც არ მიენიშნებინა, ჩვენ ხომ ვიცით, ანუ მინიშნებაა.

გალაკტიონის ამ ლექსიდან ერთ რამეს ვსწავლობთ: სიყვარული უკვდავია. ქალი შეიძლება მოკვდეს, სიყვარული არ მოკვდება (გავიხსენოთ გალაკტიონის საყვარელი დანტე ალიგიერი და ბეატრიჩე). ის ფერები, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი, ის ელვარება, ის მანდილი, რაც აქ არის, გალაკტიონმა აღნიშნა სპეციალური ფერით. იისფერი ვიცით, რას გამოხატავს. ჯერ კიდევ რუსთველთან ვიცით, რომ ვარდისფერი არის სიცოცხლის ფერი, ზაფრანისფერი არის გარდამავალი ყვითელი და იისფერი გახლავთ სიკვდილის ფერი. გალაკტიონისთვის, „ლურჯა ცხენების“ ავტორისთვის, ცისფერი სიკვდილისა და უკვდავების ფერია. ბარათაშვილის „ცისა ფერს, ლურჯსა ფერს“ საბედისწერო ლექსი აღმოჩნდა ქართულ პოეზიაში. ამ ერთმა ლექსმა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, გალაკტიონი დაბადა. „თოვლის“ ცისფერი, რომელიც არის მწუხარება, რომელიც არის მარადიული ლურჯი უდაბნო, სადაც ხარებაც კი ლურჯად არის შეფერილი, რა შანსს გვიტოვებს? გალაკტიონს აქვს ფანტასტიკური ნახაზი ამ ლექსში: თოვლი შეიძლება შეწყდეს, თოვლი შეიძლება დაიღალოს („დაღალული სიზმარი“ გალაკტიონს სხვა ლექსშიც აქვს ნახსენები). თუ თოვლი დაიღლება, თოვა შეწყდება, თუ თოვა შეწყდება, გაზაფხული მოვა, თუ გაზაფხული მოვა, ზამბახი დაიბადება, თუ ზამბახი დაიბადება, სიყვარული დაბრუნდება, შემდეგ ზამბახი დაწვება... ლექსს აღმოაჩნდა „სიუჟეტი“: სიყვარული არ არის, სიყვარული მოკვდა, სამყარო დაფარა თოვლმა და იგი გაუდაბურდა. ისევ სინესთეზია: „მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა.“ თოვლი არის ფარული დარდი, რომელსაც გაუჩნდა ხმა. ფარული დარდი ისმოდა შენს ხმაში. თოვლს აქვს ფერი, თოვლს აქვს ხმა. როდესაც ქალი მიწაზე იყო, მას ხმაში უკვე დარდი ჰქონდა, რადგან მან იცოდა თავისი წარმავალობის ამბავი. ეს საბედისწერო ქალია, ეს პერსეფონეა.

ბევრ რამესთან ერთად, გალაკტიონს ბარათაშვილთან აახლოებს პესიმიზმისა და ოპტიმიზმის უცნაური ნაზავი. „თოვლშიც“ სული, რომელიც „სტირის ცისფერ ღვინოებს“, მაინც სავსეა იმედით. იმიტომ, რომ ზამთარი შეიძლება დაიღალოს, ფიფქი დაიღალოს, სიკვდილი დაიღალოს და კიდევ ერთი შანსი მისცეს სიცოცხლეს.

2.4 არაგვის ქარაგმა

▲ზევით დაბრუნება


ბრეგაძე ლევან

არაგვის ქარაგმა

ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში არაგვი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოყვანილია. საზოგადოდ, ბუნების მიმართ ახალი ევროპელების ყურადღება ჟან-ჟაკ რუსომ გაამახვილა, რომანტიკოსებმა ბუნების ესთეტიკური ათვისება მისგან შთაგონებულებმა დაიწყეს. გიორგი ნადირაძის სიტყვით, “შესაძლოა მხატვრული შემოქმედების ისტორიაში ბუნების გრძნობა არც არასოდეს ყოფილა ისე მდიდარი და ინტენსიური, როგორც რომანტიკოსთა თაობაში. „ლანდშაფტს უნდა განიცდიდე როგორც საკუთარ სხეულს...“, წერს ნოვალისი თავის ფრაგმენტებში“.

 

„ქართული ლიტერატურის ისტორიის“ მე-3 ტომში (1969) ვკითხულობთ:

„ნიკოლოზ ბარათაშვილის პეიზაჟურ მხატვრობაში პირველი ადგილთაგანი ეკუთვნის არაგვის ნაპირების ცნობილ აღწერას პოემაში “ბედი ქართლისა”. [...] აქ ბარათაშვილი არაჩვეულებრივი ძლიერებით გადმოგვცემს არაგვის ხეობის მშვენიერებას. პოეტი ცხოველ სულს შთაბერავს ბუნების სურათებს, მის ხმებსა და ფერებს და ერთი ამოსუნთქვით ამბობს ამ ჰარმონიული ქვეყნის სიმღერას:

 

მორბის არაგვი არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი,
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს.
ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო...“ (სტატიის ავტორია გიორგი აბზიანიძე).


ნიკოლოზ ბარათაშვილის შემდეგ არაგვი ქართული ლიტერატურის საკულტო მდინარედ იქცა. არაგვს ეძღვნება ილია ჭავჭავაძის პოემის “აჩრდილის” (1859) მე-5 თავი, რომელიც ასე იწყება:


“ჩვენო არაგვო! რარიგ მიყვარხარ!..
ქართვლის ცხოვრების მოწამე შენ ხარ...
შენს კიდეებზედ ჩემი მამული
იყო ერთ დროსა გამშვენებული!
ჩემის ქვეყნისა დიდება ძველი.
შენს წმინდა თვალ-წინ აყვავებულა;
მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი.
აქ – შენს კიდეზედ დაბადებულა”.


ვაჟა-ფშაველას ლექსის “არაგვს” (1886) პირველი ორი სტროფი ასე ჟღერს:


“დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.
რა ლამაზია, წყეულო,
შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!”


არაგვის აღწერით იწყება აკაკი წერეთლის მოთხრობა “ბაში-აჩუკი” (1895-96):


“თვალმიუწვდომელ სიშორიდან გველივით მოიკლაკნებოდა ჩუხჩუხა არაგვი და ერთგან კლდოვან კიდეს გამეტებით ეხლებოდა, რომ ახალი გზა გაეკვლია!.. თავს არ იზოგავდა, მაგრამ შეუპოვრობისაგან უკუქცეული, დარეტიანებული და თავბრუდასხმული, თითქოს სულის მოსაბრუნებლად, იქვე მორევში რამდენჯერმე მოტრიალდებოდა ხოლმე და მერე კი დაკვირვებით გადადიოდა დაბლობზე, რომ უფრო მეტის სიფრთხილითა და კვნესა-დუდუნით დაშვებულიყო ქვემოატეხილ ჭალებისაკენ”.


1919 წელს გალაკტიონ ტაბიძე აქვეყნებს ლექსს სათაურით “არაგვი” – LIII ნომრით შეაქვს იგი “არტისტულ ყვავილებში”:


“თან მიმყოლი ჩრდილები, აუხსნელი ქარაგმი,
სადაც მწვანე ველია და მქუხარე არაგვი,
სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი,
სადაც ხევსურეთია, თუშეთი და ფშავეთი.
ერთხელ შვიდ წელიწადში შენი ცა გაიხსნება,
რასაც მაშინ ისურვებ – ყველაფერი იქნება.
გარინდდება მდინარე (ეს არაგვი, ზმანება),
ყველაფერი უცნაურ მოსვლას დაემგვანება”.


ზემოთ ციტირებულ ლექსთა ავტორებისაგან განსხვავებით, გალაკტიონ ტაბიძე ცდილობს იდუმალებით შემოსოს მდინარეც და მის მიმართ თავისი დამოკიდებულებაც, რაც სავსებით შეესატყვისება სიმბოლისტური პოეტიკის მოთხოვნილებებს, ანუ იმ პოეტიკის მოთხოვნებს, რომლითაც არის ნასაზრდოები „არტისტული ყვავილები“.


განსახილავი ლექსის სივრცეში იდუმალების შემომტანია გამოთქმა “აუხსნელი ქარაგმი”, რომელიც არაგვისა და მისი შემოგარენის მიმართ არის ნათქვამი; აგრეთვე – ცის გახსნის შესახებ ხალხური რწმენის გახსენება, რაც თითქოსდა შვიდ წელიწადში ერთხელ ხდება, და, რასაც ამ დროს ისურვებ, ყოველივე შეგისრულდება; ასევე – ზმანებად მოხსენიება მქუხარე არაგვისა, რომელიც ერთხელაც გ არინდდება (ალბათ მაშინ, როცა მასთან მისულ პოეტს ცა გაეხსნება) და ყოველივე ეს უ ც ნ ა უ რ მ ო ს ვ ლ ა ს დაემსგავსება. (პირველ სტროფში მქუხარე არაგვის სასწაულებრივი გარინდება ლექსის ბოლოს მკაფიო სიმბოლისტური მარკერია).


სინტაგმა “უცნაური მოსვლა” განსაკუთრებით აუცნაურებს ლექსში მონიშნულ გარემოს. “უცნაური მოსვლა”, როგორც ჩანს, არის
გაუცნაურებული თარგმანი რუსული გამოთქმისა “чудное пришествие”, რომლითაც აღინიშნება ზებუნებრივი მოვლენა, სასწაულებრივი გამოცხადება ღვთაების ან რომელიმე წმინდანისა. “უცნაურ მოსვლას” გაუცნაურებული თარგმანი იმიტომ ვუწოდეთ, რომ ეს გამოთქმა ქართულად, ჩვეულებრივ, ასეთი სახით გვხვდება: “საკვირველი მოვლინება” ან “საკვირველი გამოცხადება”. ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური გაუცნაურება/გაუცხოება აქ იდუმალებას ჰმატებს სათქმელს.


* * *


არაგვს გალაკტიონის კიდევ რამდენიმე ლექსი ეძღვნება (“კარს გაუღებენ მას წინაპრები” [1927], უსათაურო “მე თვითონ ვიცი ჩემი ამბავი” [1927], “არაგვი” (1942), “არაგვის ქარი” (1942)...), რომელთაგან ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით საგულისხმოა ხუთსტროფიანი ლექსი “ხელშეკრულება, დადებული ერთხელ არაგვთან...”, რომელიც პირველად 1959 წლის “რჩეულში” დაიბეჭდა და არაგვის პირას გამართული საიდუმლო ანტისახელისუფლებო კრებების მოსაგონარია:


„ხელშეკრულება, დადებული ერთხელ არაგვთან,
მგოსანს რომ მხდიდა შენს რაინდად და გმირთა გმირად, –
რჩება ძალაში. ჩემში ისევ ალაპარაკდა
და ის სიმართლე კვლავ მამაღლებს არაგვის პირად.
[...]
მხრებს აიწევენ კვლავ არაგვის მთის მწვერვალები.
აქ ცხრაას რვაში ფარულ კრებებს ვიწვევდით ხშირად,
როგორ ბრწყინავდნენ ის ცოცხალი, დიდი თვალები,
თავისუფლებას რომ ეძებდნენ არაგვის პირად”.


სინტაგმა “არაგვის პირად”, რომლითაც ბოლოვდება ყველა სტროფი, აგრეთვე არაგვთან დადებული ხელშეკრულების მოტივი, გალაკტიონს ლაიტმოტივებად აქვს გამოყენებული დაუმთავრებელ პოემაში, რომლის სათაურია “პუშკინი”, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენი არაგვი ალექსანდრ პუშკინის ცნობილ უსათაურო ლექსშიც ხმაურობს – “На холмах Грузии лежит ночная мгла; / Шумит Арагва предо мною”. თავისუფალი რიტმებით შესრულებულ ურითმო დაუმთავრებელ პოემაში ორიგინალის ენაზეა ციტირებული პუშკინის ეს სტრიქონები. იქვე ვკითხულობთ:


„იმ დროს როდესაც პუშკინი / სდებდა / ხელშეკრულებას / არაგვთან, / ჩადაევი ხსნიდა კანონებს“; „პუშკინსა და არაგვს შორის / დადებული / ხელშეკრულება / ძალაში რჩება“; „საქართველოს სატახტო ქალაქში / თან მისდევს პუშკინს / არაგვის ხმაური“; „კარგია, ძლიერ კარგი / ემსახურო არაგვის / სილამაზეს, შვენებას“.
და ბოლოს პასაჟი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “არაგვის წიგნი” – აქ გადმოცემულია პოეტის დამოკიდებულება არაგვისადმი, საიდანაც ჩანს, რომ არაგვი მისთვის ბევრად მეტია, ვიდრე მთის ულამაზესი მდინარე, არაგვი მისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მრავლისმომცველი სიმბოლო, რომელიც პოეტის წარმოდგენაში განასახიერებს ცხოვრებასაც და ადამიანობის არსსაც:
“არაგვის წიგნი / ერთი ყველაზე დიდი წიგნთაგანია, / რაც კი არსებობს / ყველა დროის ხელოვნებაში, / და შეიძლება / ყველაზე უფრო გასაკვირველი, / რაც კი ოდესმე დაწერილია / ადამიანის კალმის მიერ, / არაგვის წიგნი / თვით ცხოვრება არის. / [...] არაგვის წიგნი / მოდის / სოციალურ ოცნებამდეც კი, / ის გვიჩვენებს მთელი თავისი / სიშიშვლით / რაც არის სული, / რაც არის ადამიანის გული!”.
მისტიკური იდუმალებით აღსავსე პასაჟია, რომელიც რამდენადმე ეხმიანება “არტისტულ ყვავილებში” შესული ლექსის ირაციონალურ განწყობას – “აუხსნელ ქარაგმას”, “ცის გახსნასა” და “უცნაურ მოსვლას”.
 

* * *
 

“არტისტულ ყვავილებში” შეტანილ ლექსში პოეტი არაგვის მონახულების მიზეზზეც მიგვანიშნებს, როცა გვეუბნება – “სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი”. ეს შეიძლება ასე გავიგოთ: მას შემდეგ, რაც ოცნება ვერ ავიხდინე, ნუგეშის საძიებლად არაგვს მივაშურეო, იმ არაგვს, რომელიც ილია ჭავჭავაძისთვის უკვე განასახიერებს მატიანეს, სადაც შეიძლება ამოიკითხო სამშობლოს წარსული, რაც შესაძლებელია დაგეხმაროს მტანჯველ კითხვათა პასუხის ძიებისას (“შენს ზვირთებს შორის ჩემის ქვეყნისა / გრძელი მოთხრობა დამარხულია [...]. გულხელდაკრეფით შენსა წმინდა წყალს / რამდენჯერ ტანჯვით ვადევნებდი თვალს!.. / რას ვეძებდი მე? ჩემ ქვეყნის წარსულს...”).
“არტისტული ყვავილების” ავტორს იმედი აქვს, რომ არაგვი მას არამარტო მხნეობას შეჰმატებს, არამედ მის ბედნიერებასაც ოდესმე აქ ჩაეყრება საფუძველი, ამ მაგიური, ზებუნებრივი თვისებების მქონე მდინარის პირას (“ერთხელ შვიდ წელიწადში შენი ცა გაიხსნება, / რასაც მაშინ ისურვებ – ყველაფერი იქნება”).
 

ჯერჯერობით კი “არტისტული ყვავილების” ლირიკული “მე”, სამშობლოსა და მშობელი ხალხისაგან გაუცხოებული, არაგვს გამოსამშვიდობებლად ეწვია, ვინაიდან უცხოეთს მიემგზავრება (ამავე წიგნის ერთ ლექსში, “მზადება გასამგზავრებლად”, ვკითხულობთ: “რადგან არ მაქვს სამშობლო, რადგან არ მყავს არავინ, / ისევ უცხოეთისკენ მიმაფრენენ ნავები”, ხოლო ლექსში, რომლის სათაურია “რამდენიმე დღე პეტროგრადში” აცხადებს: “კარგია ძილი რკინაზე მძიმე! / ან უცხოეთში უგზოდ დაკარგვა!”.
 

“არაგვს” კრებულში წინ უძღვის ლექსი “თიბათვე გავიდა”, რომელშიც ასეთი სტრიქონებია: “მეც მალე ჩრდილოეთს ვეწვევი კიდობნით, / მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!”.
 

1917-1918 წლებში, როდესაც ლექსთა ეს კრებული მზადდებოდა, გალაკტიონი ექვსი თვით გაემგზავრა მოსკოვს და ცოტა ხნით რევოლუციურ პეტროგრადსაც ეწვია. ასე რომ, ზემოთ დამოწმებული სტრიქონები ავტობიოგრაფიულ მომენტებს ასახავს და ისიც გასათვალისწინებელია, რომ “გალაკტიონის პირველი ორი წიგნი – ‘ლექსები’ (1914) და ‘არტისტული ყვავილები’ (1919) არ არის ტექსტების ჩვეულებრივი ნაკრები. თითოეული მათგანი პოეტის მიერ მხატვრულ მთლიანობად არის ჩაფიქრებული” (ციტატა გალაკტიონის 15-ტომეულის პირველი ტომის წინათქმიდან); ამას ისიც მოწმობს, რომ სამშობლოში დაბრუნების ამსახველი ლექსები, “გემი ‘დალანდი’” და “დაბრუნება” ბოლოსკენ არის განთავსებული. ახლა კი, როგორც განსახილავი ლექსიდან ჩანს, პოეტი სამშობლოდან გამგზავრების წინ ძალის მოსაკრებად, მხნეობის შესამატებლად მიახლებია არაგვს, აუხსნელ ქარაგმას და თავისი იდუმალებით მაგიური ზემოქმედების შემძლე მდინარეს.


PS.
 

ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ არის, რას ნიშნავს მეტაფორა “არაგვთან დადებული ხელშეკრულება” („ხელშეკრულება, დადებული ერთხელ არაგვთან, / მგოსანს რომ მხდიდა შენს რაინდად და გმირთა გმირად, – / რჩება ძალაში”; “პუშკინსა და არაგვს შორის / დადებული / ხელშეკრულება / ძალაში რჩება”). მით უფრო გაგვიადვილდება ამ ტროპის “გაშიფვრა”, თუ დაუმთავრებელი პოემის ზემოთ უკვე ციტირებულ ამ ადგილსაც გავიხსენებთ: “კარგია, ძლიერ კარგი / ემსახურო არაგვის / სილამაზეს, შვენებას” – ანუ: “ხელშეკრულების” თანახმად, პოეტი (მო)ემსახურება (უმღერს, განადიდებს, პოპულარიზაციას გაუწევს) არაგვს, ხოლო ეს გრძნეული მდინარე კი სიცოცხლის ხალისით, შემოქმედებითი ენერგიითა და შთაგონებით აღავსებს მგოსანს, რაინდად და გმირთა გმირად აქცევს მას.
 

*
 

პირველი პუბლიკაცია: გალაკტიონოლოგია VIII. თბილისი: 2019.

2.5 „შემოღამება მთაწმინდაზე“ და „მთაწმინდის მთვარე“

▲ზევით დაბრუნება


ზედგინიძე ელზა

„შემოღამება მთაწმინდაზე“ და „მთაწმინდის მთვარე“

 

გალაკტიონ ტაბიძე ერთ-ერთ ჩანაწერში „საკუთარი ლექსების შესახებ“ მიუთითებს: „ეს ლექსი („მთაწმინდის მთვარე“) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა“ (გ. ტაბიძე. 150)

ცოტა ქვემოთ პოეტი განსაზღვრავს: „მთაწმინდის მთვარე“ ჩემი პროგრამული ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კონკრეტული მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე)-(152). გალაკტიონი ზუსტ დევინიციას გვაძლევს იმ საკითხებისას,რაც „მთაწმინდის მთვარეშია“ განფენილი. პოეტი ცნებების ენით საუბრობს იმაზე, რასაც ლექსში გამოხატავს (ბრჭყალებამდე). ეს საკითხები ფორმულირებულია ასე: პოეტი თავის პოეზიას უკავშირებს მე-19 საუკუნის კორინვერიების შემოქმედებას.

ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ გ.ტაბიძემ 1915წ. დაწერა და ეძღვნება მთაწმინდას. იგი გამოძახილია ბარათაშვილის ლექსისა „შემოღამება მთაწმინდაზე“, რომელიც 1933-36 წლებით თარიღდება. „ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფერიების შემოქმედებქს, აცხადებს რა თავს ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეთ“ (გ. ტაბიძე 150 ).

მართალია ამ ლექსების დაწერის თარიღებს შორის რამდენიმე ათეული წლის ინტერვალია, მაგრამ ისინი თითქოსდა ერთმანეთსაა მიბმული. გალაკტიონი ბარარათაშვილის მსგავსად ღამის მთაწმინდას გვიხატავს:

„და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდიანი!“ -

წერს ბარათაშვილი.

„ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები“-

ვკითხულობთ „მთაწმინდის მთვარეში“. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია,რომ ორივე პოეტი ღამის მთაწმინდაში ხედავს მეგობარს, მესაიდუმლეს და თანამგრძნობელს.

მთაწმინდის ბუნდოვან კლდეებს, ცის ლაჟვარდსა და მტკვარს ნიკოლოზ ბარათაშვილი გრძნობით ესაუბრება, როგორც სულიერ მეგობარს. მისთვის მთაწმინდის მთა, რომელიც „ხან მცინარია“ და „ხან ცრემლიანი“ შვების მიმცემია:

„მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლიანო,
ვინ მოგიხილოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
არა იპოვნოს და არ დახსნას გულსა გაება,
გულ დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლიანო!“

ნიკოლოზ ბარათაშვილის მთვარე „ჯერთ უმანკო“ სულია „მხურვალე ლოცვით მიქანცებული“, გალაკტიონთან კი წყნარი და ნაზია:

„ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს
ასე ჩუმი ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!“

აღსანიშნავია რომ ლექსთა სათაურები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. „შემოღამება მთაწმინდაზედ“ პირდაპირი აღთქმაა: მთაწმინდის საღამო, „მთაწმინდის მთვარე“ კი მეტაფორაა, იგი პირდაპირი აზრით არ უნდა გავიგოთ; მთაწმინდას თავისი მთვარე არა აქვს. საერთოდ გალაკტიონის ეს ლექსი ბარათაშვილთან განსხვავებით უფრო მეტაფორულია: „მთვარე ზამბახი“ „მთვარე შობილა“. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზე“ მთვარე ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს, რასაც გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარეში“ იგი მარტოსული პოეტების თანამოაზრეა, მათი მეგობარია: „ვით მეგობარი“ ამბობს ბარათაშვილი, გალაკტიონი კი აგრძელებს: „ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა“.

გალაკტიონ ტაბიძის ლექსში „მთაწმინდის მთვარე“ ერთმანეთის გვერდითაა აკაკი და ბარათაშვილი. საუბარს აკაკიზე იწყებს: „აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,“ რასაც მოსდევს ბარათაშვილზე საუბარი: „ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული.“ გალაკტიონი განსაკუთრებულ სიახლოვეს ბარათაშვილთან გრძნობდა. ორივე სულით ობოლი იყო, ორივე ღამის მთაწმინდას გვიხატავს. გალაკტიონისათვის, ისევე როგორც ბარათაშვილისათვის ძვირფასი და საყვარელია ღამე და მთვარე.

მთაწმინდისა და მთვარის დაკავშირება გალაკტიონ ტაბიძესთან შემთხვევითი არაა. „ამგვარი კავშირი თითქოს გამოძახილია საუკუნით ადრე შექმნილი ლექსისა „შემოღამება მთაწმინდაზე.“ როგორც ცნობილია ეს ლექსი საპროგრამო ლექსად ითვლება რომანტიკულ მსოფლაღქმის, კერძოდ ადამიანისა და ბუნების ერთარსობის გასათვალისწინებლად“ (პაიჭაძე 103).

ბარათაშვილის მთაწმინდის მთვარე განწყობილების გამოხატულებაა, გალაქტიონთან კი „მთაწმინდის მთვარე“ განწყობილებას განაპირობებს. ეს განწყობილება ნათლად სჩანს გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარეში“. აწ მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა „მკრთალი მძივით“ და „მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით“ მოსჩანს თეთრად მოელვარე მტკვარი და მეტეხი. „ლექსში სწორედ პოეტის სულიერი განწყობილებისა და ზნეობრივი შეხედულებების გადმოცემაა: აკაკის, ბარათაშვილის ილიას მთვარით განათებული საფლავების ხილვისას პოეტისათვის იშლება სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი, უკვდავების შეგრძნება სიკვდილის გზას ვარდისფერ გზად წარმოაჩენს. სწორედ ამ განწყობილების მოწმეა, განმანათებელია მთვარე-პოეტის მესაიდუმლე და მისი ამგვარი განწყობილების შემქმნელი“ (თ. პაიჭაძე 103). აღსანიშნავია ისიც, რომ თუმცა ორივესთვის მთვარე ძირითადად სიჩუმის, იდუმალების ფიქრის, ოცნებების, სევდისა და მარტოობის განწყობილებათა განუყოფელი ნაწილია. გალაკტიონის მთვარე, მისი იდუმალი და ღვთიური ნათელი, ცას აცისკროვნებს, არაამქვეყნიური, ზეციური შუქით, ხოლო შემდეგ მთაწმინდის კალთებს, მეტეხსა და მტკვარს ეფინება.

აღსანიშნავია ერთი ფაკტი: ნ. ბარათაშვილის ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზე“, პოეტური განწყობილება უფრო რომანტიკულია. ის მიწიერ ტვირთისაგან თავისუფლდება და სულიერად ეხმიანება სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებს. ლექსში უარყოფილია ყოველივე კონკრეტული, წამიერი და რა თქმა უნდა მიწიერიც. რჩებ მხოლოდ პოეტი და მარადისობა: ამ ლექსში ყველაფერი ზევიდან ქვევით, მიწიდან ზეცისკენ მიემართება:

„ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე ცაო, ცაო ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენდამი ვერ მიაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!“

მიუხედავად იმისა, რომ ლექსში აშკარად იგრძნობა პოეტის მებრძოლი სული, ფინალი თითქოს ოპტიმისტურ განწყობილებას ტოვებს:

„მწუხრი გულისა-სევდა გულისა-ნუგეშსა ამას შენგან მიიღებს,
რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს.“

ლექსის მთლიანი განწყობილება მაინც ნაღვლიანია. იგი მიუღწეველი, განუხორციელებელი ოცნების სევდიანი მოტივით არის გამსჭვალული:

„დაფიქრებული ვიდექ სერზედა, და, ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა
შემომერტყმოდა მაისის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა.“

ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“ გადმოცემულია საოცარი სიახლოვის განცდა ბუნებასთან. „ეს განცდა გაძლიერებულია რიტორიკული მიმართვებით და ეპითეტებით, პოეტი ხმარობს:“ „ჰოი მთაწმინდავ!“, „ჰე, ცაო, ცაო,“ „და წყნარ საღამოს ვით მეგობარს შემოვეტრფოდი“ (გ. ასათიანი 177).

იგივე განწყობაა გადმოცემული გალაკტიონ ტაბიძის ლექსში „მთაწმინდის მთვარე“. მარტოსული პოეტი შვებას მთაწმინდის ადგილებში, მთვარიან ღამეში პოულობს. აქ იგი სრულიად სწყდება ამქვეყნიურ სამყაროს, აქ იშლება მისი „ოცნებათა ლურჯი იალქნები“, „ციდან-ცამდე“ ფრთებს ისხამს მისი ოცნება, თუმცა მიუხედავად ამისა სიკვდილს ყოველთვის გრძნობს გვერდით:

„თუ სიკვდილს სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს. „

და მაინც ის მზადაა დატოვოს ამქვეყნიური ცხოვრება, ოღონდაც სულიერი შვება იგრძნოს:

„თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის იმ ზღვამ რომ აღზარდა
სიკვდილის გზა არა არის, ვარდისფერ გზის გარდა.”

გალაქტიონ ტაბიძესთან „ზესკნელისა და ქვესკნელის იარუსები მარადიული ყოფნის ჰარმონიას ქმნიან და მისი მზეთა სიმღერა ამ მარადიულობის ჰიმნია. მიუხედავად სიკვდილის გაუფასურებისა და მასთან მისასვლელი გზის „ვარდისფრად წარმოსახვისა“ ამ გზაზე „ზღაპარია მგოსანთ სითამამე“ ოლიმპომდე მისასვლელ გზას „ზარით და ქუხილით ვერ გაივლი“ თუ არა ღვთის ნება, ნიჭი, გრძნობა და გონება და უპირველესად მან, პოეტმა იცოდა, რომ შესწევდა ამის უნარი, მას შესწირა თავისი განუყოფელი სული“ (ყამბეგიშვილი ე.). გალაქტიონს სწამს და, ამდენად, ხედავს კიდეც გამოგონილ სამყაროს, სინამდვილეზე უფრო მეტ სინამდვილეს. მისთვის წუთისოფელიც და მარადიული სოფელიც არარაობაა: „რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენგან ჩემი ქნარი,“ რომ სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გხის გარდა.

ლექსში „მთაწმინდის მთვარე“ გ. ტაბიძე აშკარად გამოხატავს სულიერ ნათესაობას მის დიდ წინაპარ-ბარათაშვილთან. უფრო მეტიც: ის მისგან თავს დავალებულად გრძნობს:

„ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული.“

„ბარათაშვილის პოეზიის არა მხოლოდ ზეგავლენაზე შეიძლება ლაპარაკი, არამედ შეიძლება ითქვას, რომ გალაქტიონი ბარათაშვილის პოეზიიდან ამოიზარდა. თუმცა თვითონაც ახსენებს ლექსს „მთაწმინდის მთვარე“, „დაწყევლილ ყრმას“ და ე.ი. კიდეც აღიარებს თავს ბარათაშვილისაგან დავალებულად. თუნდაც იმიტომ რომ მასსავით გალაქტიონსაც უყვარდა მთაწმინდაზე ობლად სიარული.“

დამოწმებული ლიტერატურა:

 

1. თამარ პაიჭაძე, ლიტერატურული წერილები, თბ., 2003.

2. ეთერ ყამბეგაშვილი, გალაკტიონის სემინარიის დღიურები, თსუ გამომც., 2003.

3. გურამ ასათიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბ., 1975. თბ., 1975.

4. გალაკტიონ ტაბიძე, თხზულებათა სრული კრებული, XII, თბ., 1975.
 


Elza Zedginidze

„Dusk at Mtatsmida“ and „Maon of Mtatsminda“

Many poets dedicated thair poems to Mtatsminda, the place where Georgian poets and artmen are buried. Neither the poets of 19-20th centuries are exceptions in this respuf.

Our work analyses Nikoloz Baratashvili's and Galaktion Tabidze's viewpaints on this holly place, accarding to two poem „Dusk at Mtatsmiinda“ and „Moon of Mtatsminda“.