![]() |
პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის |
პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის წლების განმავლობაში იყო დამატებითი გრამატიკული სავარჯიშოების არსებობის დიდი საჭიროება. ვერც ენის შესასწავლი და ვერც სასკოლო სახელმძღვანელოები სრულად ვერ უზრუნველყოფდნენ იმ საკვანძო საკითხების დაძლევას, რაც ქართული ენის შემსწავლელს ხვდება. ენის ათვისებისათვის აუცილებელია ენობრივი სისტემის ისეთი ელემენტების გაცნობიერება, რაც გააადვილებს კომუნიკაციის პროცესს. ამას სჭირდება ხანგრძლივი ვარჯიში, ავტომატიზმამდე მისული პრაქტიკა. ეს კი დიდძალი სავარჯიშო მასალის არსებობის გარეშე შეუძლებელია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს საკვანძო საკითხები, მათი საკომუნიკაციო დანიშნულება და იმ ტიპის აქტივობები, რომლებიც გააადვილებს მათ ათვისებას და გამოყენებას. სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად სავარჯიშოების კრებულს, რომელიც შეიქმნა დაგეგმილი მეთოდური ხედვით და ენის სწავლების პროცესში ჩართული მასწავლებლების პრაქტიკული ცოდნით. სავარჯიშოების კრებულის გამოყენების არეალი მეტად ფართოა: ის შეიძლება კარგი დამხმარე რესურსი აღმოჩნდეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, ქართული ენის დისტანციური კურსის მსმენელთათვის, არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის არაქართველი მასწავლებლებისათვის, იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც ქართული ენის შესწავ- ლის კურსში არიან ჩართულები და ზოგადად, ქართული ენის შემსწავლელებისათვის. სავარჯიშოების კრებული შედგება ათი თავისაგან და მოიცავს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ენის შემსწავლელთათვის არის პრობლემატური და განსაზღვრულია ქართული ენის ფუნქციური გრამატიკის საფუძველზე. ეს თავებია: 1. ფონეტიკა; 2.არსებითი სახელი; 3. თანდებულიანი ფორმები; 4. მსაზღვრელ-საზღვრული; 5. სახელთა წარმოქმნა; 6. ზმნა; 7. თავაზიანი ფორმები; 8. ზმნის კატეგორიები; 9. მაერთებელი კავშირები; 10. მაქვემდებარებელი კავშირები. სავარჯიშოების კრებულს წინ უძღვოდა პრობლემათა კვლევა და მათი ანალიზი ქართულის როგორც მეორე ენის სწავლებაში ჩართული მასწავლებლების ხედვის გათვალისწინებით. სწორედ ამან განაპირობა სავარჯიშოების პრაქტიკული ხასიათი, დანიშნულება და ეფექტიანობა. სავარჯიშოების შექმნის პროცესში მუდმივად მიმდინარეობდა საკითხთა განხილვა, მათი მისადაგება ენის შემსწავლელთა პრობლემებთან, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე შესაბამისი აქტივობების შექმნა. სავარჯიშოების კრებულზე მუშაობდნენ კონსულტანტ-მასწავლებლები: ლალი დალაქიშვილი, იზა გვირჯიშვილი, ცაულინა მალაზონია, ია რობაქიძე, ნანა არაბული, ლელა ბუთურიშვილი, ნონა არევაძე-კოტორაშვილი, გიორგი ჭაუჭიძე, თემო შალამბერიძე. სავარჯიშოების კრებულის მიზანია გააადვილოს ენის სწავლების პროცესი, გამოკვეთოს პრობლემები და მათი პრაქტიკით ხელი შეუწყოს საკითხების ათვისებას, სწავლების პროცესი გახადოს იოლი, პრაქტიკული და სახალისო. ყოველ თავზე დართული სქემები და თვალსაჩინოებები კი ემსახურება საკითხთა ვიზუალურ აღქმას და მათ დამახსოვრებას. ამგვარი სქემები იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ მომავალში მასწავლებლებს მიეცეს ნიმუში გრამატიკული საკითხების ადვილად დაძლევის გზების ძიებისათვის. ამ სახით მიწოდებული საკითხები კი დაეხმარება ენის მასწავლებელსაც და შემსწავლელსაც, რომ ენის ათვისების პროცესი უფრო მიზანმიმართული და ეფექტიანი გახადოს. სიხშირე და პრაქტიკა ქმნის ენის გამოყენების ავტომატიზმს – მეორე ენის სწავლების თეორიაში ეს ცნობილი დებულებაა და სწორედ ესაა ამ კრებულის მთავარი მახასიათებელიც და ღირებულებაც. ნინო შარაშენიძე პროგრამის კონსულტანტი კრებულის მეთოდური ხელმძღვანელი ლალი დალაქიშვილი სასიამოვნო პროცესია, როდესაც შენი მრავალი
წლის, თვის და თუნდაც წუთის ნაფიქრალი დღის სინათლეზე გამოდის, მით უფრო, თუ ამ
საფიქრალ-ნაფიქრალს არა საკუთარი სურვილები და საჭიროებები, არამედ საერთო
საჭიროება ესაძირკვლება. სასიამოვნოა, მაგრამ შემდეგ იწყება იმის მოლოდინი, როგორ
მიიღებს ამას ის, ვისთვისაც იქმნებოდა. ილიასი არ იყოს, ჩვენ სიყვარულით და
სიხარულით მოვიტანეთ, ჩვენო მკითხველო, და დანარჩენი თქვენთვის მოგვინდვია.
იზა გვირჯიშვილი
დასრულდება რა ნებისმიერი საქმე, ალბათ, ყველა ადამიანი გაანალიზებს და შეაფასებს შრომის შედეგს, კიდევ ერთხელ გაიხსენებს სამუშაო პროცესს და შეეცდება დარწმუნდეს, რომ ეს შედეგი ღირდა გაწეულ შრომად. ასე ვარ მეც და, ვფიქრობ, ჩვენი სამუშაო ჯგუფის ყოველი წევრიც. წიგნზე მუშაობის პროცესი რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. სირთულეს ქმნიდა არა მხოლოდ საკუთრივ ქართული ენის გრამატიკის, არამედ მისი სწავლა-სწავლების განსაკუთრებული სპეციფიკა. სწორედ ეს სირთულე ითხოვდა ძიების ერთობ საინტერესო და აზარტულ პროცესს. ლექსიკური ერთეულების მაქსიმალურად ზუსტად არჩევა, დასურათება, სწორად მიგნებული ენობრივი კონსტრუქციებისა თუ საკითხავი ტექსტების შექმნა, სავარჯიშოთა ფორმის შერჩევა და სხვა კიდევ მრავალი, ერთი შეხედვით, წვრილმანი საკითხი უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მუშაობისას. ეს ერთობ სასიამოვნო პროცესი იყო. მადლობა ამისთვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო შარაშენიძესა და ჯგუფის ყველა წევრს.
ვფიქრობ, ჩვენ შევქმენით საჭირო და საინტერესო რესურსი, რომელიც, ცხადია, არ არის სრულყოფილი, მაგრამ საკმაოდ დიდ დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ პირებს. ჩვენთვის საინტერესო იქნება პედაგოგთა და ენის შემსწავლელთა საქმიანი წინადადებები და შენიშვნები შემდგომში გასათვალისწინებლად.
ნონა არევაძე-კოტორაშვილი
გრამატიკული სავარჯიშოების წიგნზე განსაკუთრებული პროფესიული ინტერესით ვიმუშავე. უპირველესად იმიტომ, რომ თავად ვიქნები აღნიშნული რესურსის მომხმარებელი. ზოგადად, ენის სწავლებაში დიდ მნიშვნელობას იძენს თითოეული დამხმარე მასალა, რომელიც მოქმედ მასწავლებელს გაუადვილებს გრამატიკული საკითხების მიხედვით სავარჯიშოების მოძიების და გამოყენების პროცესს. ჩვენ მიერ შექმნილი წიგნის მომხმარებლები იქნებიან ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები და უპირველესად, პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები, რომლებიც ენის სწავლების კურსებს უძღვებიან არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებთან. შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია შექმნა რესურსი, რომელსაც მასწავლებელთა შო-
რის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომპეტენციის მქონე პროფესიონალები გამოიყენებენ.
ია რობაქიძე
შესაძლოა, გრამატიკის როლსა და მნიშვნელობაზე ენის ათვისებაში კვლავ დიდხანს იკამათონ მეცნიერებმა და სპეციალისტებმა. შესაძლოა, ჩვენს კრებულსაც გამოუჩნდეს მაკრიტიკებელი – ცალკე გრამატიკაზე მუშაობა რა საჭიროაო. დიახ, გრამატიკული წესები კი არ უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიყენებდეთ მათ, მაგრამ ამ კომპეტენციამდე მისასვლელი გზა გრძელია. სინამდვილე ჯიუტია და ხშირად შეგვახსენებს, თუ როგორ უხერხულობას გრძნობენ გრამატიკული წესების არმცოდნე რიგითი შემსწავლელები საუბრისა და წერისას. ჩემთვის, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, უდავოა, რომ მწირ ენობრივ გარემოში გრამატიკული ყალიბების ცოდნა მთავარი იარაღია ენის ლაბირინთებში გზის გასაკვლევად. მე და ჩემი კოლეგები ვიზიარებთ მიდგომას: გრამატიკა ენისათვის და არა გრამატიკისათვის, თუმცა საჭიროდ მივიჩნევთ მასზე ცალკე და საგანგებო მუშაობასაც და სწორედ ამიტომ შევქმენით ეს კრებული. ვიმედოვნებთ, იგი საიმედო მეგზურობას გაუწევს შემსწავლელებს და გაუადვილებს ქართული ენის რთულ სამყაროში შეღწევას.
ლელა ბუთურიშვილი
ჩემთვის საინტერესო იყო კრებულზე მუშაობა. ვფიქრობ, მასში დასმულია ის საკითხები, რომლე-
ბიც პრობლემურია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისას. სავარჯიშოებზე მუშაობისას ვცდილობდი გამეთვალისწინებინა ჩემი მოსწავლეების ინტერესები, კომპეტენცია, შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, მომეძებნა ამა თუ იმ პრობლემური საკითხის გადაჭრის გზა. შეიძლება ითქვას, შესაძლებლობა მომეცა, გარკვეულწილად, შემეჯამებინა ჩემი პრაქტიკული გამოცდილება. ასევე წიგნის ღირსებად მიმაჩნია ის, რომ დაცულია დიფერენცირებული სწავლების პრინციპი: ერთსა და იმავე საკითხზე მოცემულია სხვადასხვა დონის სავარჯიშოები მარტივიდან რთულისკენ. ეს კი საშუალებას იძლევა არამარტო საფუძვლიანად ამოწურო კონკრეტული თემა, არამედ თითოეულ მოსწავლეს მისცე მისი ცოდნის შესაბამისი დავალება.
9
ნანა არაბული წიგნზე მუშაობა ჩემთვის იყო დიდი გამოწვევა და საინტერესო პროცესი. სავარჯიშოების შექმნისას ვითვალისწინებდი იმ პრობლემებს, რაც მხვდებოდა ჩემს პრაქტიკაში გრამატიკის სწავლებისას; ვცდილობდი მომეძებნა გზა ლამის დილემად ქცეული ზოგიერთი გრამატიკული კონსტრუქციის სწავლების გასამარტივებლად. შექმნილი სავარჯიშოების დახვეწაში მეხ-
მარებოდა პროფესიონალთა გუნდი. საბოლოო სახის მიცემამდე სავარჯიშოებს ვტესტავდი ქართული ენის კლუბში ჩართულ მოსწავლეებთან, რაც საშუალებას მაძლევდა, შეძლებისდაგვარად, გამეზომა სავარჯიშოების ეფექტიანობა და შემეტანა ცვლილებები.
წიგნზე მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის მივიჩნევდი, რომ მხოლოდ ერთ გრამატიკულ კონსტრუქციაზე მუშაობა ერთ სავარჯიშოში იქნებოდა მოსაწყენი მოსწავლეებისთვის და იქნებოდა ნაკლებშედეგიანი, რადგან შემსწავლელი მექანიკურად გამოიყენებდა კონსტრუქციას, მაგრამ დატესტვისას აღმოვაჩინე, რომ ზემოთაღნიშნული მექანიკური ქმედება მექანიკურ დამახსოვრებას უწყობს ხელს და განზოგადება შემდეგ უფრო უმარტივდებათ. ამიტომ მუშაობისას ავირჩიე ასეთი პრინციპი: ერთი გრამატიკული საკითხის თითოეული ფორმისთვის ვქმნიდი სავარჯიშოებს და შემდეგ მას მოსდევდა შემაჯამებელი სავარჯიშო. მაგ: მიცემითი ბრუნვის თითოეული თანდებულისთვის თითო სავარჯიშოს შესრულების შემდეგ შევთავაზე მიცემითი ბრუნვის ყველა თანდებულის გამოყენება კონტექსტში.
დატესტვის პროცესში გამოიკვეთა, რომ, როცა შემსწავლელი თვითონ ქმნის წინადადებებს ან ტექსტს კონკრეტული კონსტრუქციის გავარჯიშებისთვის, უკეთ იაზრებს კონსტრუქციის გამოყენების საჭიროებას და მაგალითებიც მოჰყავს საკუთარი გამოცდილებიდან და საჭიროებიდან. მაგ: როცა ვთხოვთ, გამოიყენოს „მაქვს“ ზმნა, ის ადგენს წინადადებებს ადამიანის გარეგნობის შესახებ.
ზმნებზე მუშაობის დროს მოსწავლეებს გაუჭირდათ არა მხოლოდ პარადიგმის სწორად გამოყენება, არამედ თავში დართულ ცხრილში საჭირო პარადიგმის პოვნაც, რამაც დამანახა, რომ საჭირო იყო, შემეთავაზებინა ჯერ პარადიგმაში მოცემული ზმნისთვის შეწყობილი ნაცვალსახელების არსებითი სახელების შესაბამისი ბრუნვის ფორმით ჩანაცვლება და მხოლოდ შემდეგ სხვა ტიპის სავარჯიშოების შეთავაზება.
ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ მოცემული რესურსის გამოყენებამ ჩემს მოსწავლეებს გაუმყარა ცოდნა ნასწავლი გრამატიკული კონსტრუქციების, ხელი შეუწყო მათს სწორად გამოყენებას, გაუიოლა ახალი გრამატიკული საკითხების შესწავლა.
ცაულინა მალაზონია – არ შეეხოთ, საშიშია! – წლებია ასე კატეგორიულად გვაფრთხილებენ ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლებს გამოცდილი სპეციალისტები.
მიმიხვდით ალბათ: საქმე ნაღმებს კი არა, ქართული გრამატიკის იმ სიღრმისეულ საკითხებს ეხება, სახელგანთქმულ მეცნიერებსაც რომ უჩენს თავსატეხს და რომლებიც მართლაც ნაღმებივით შეფუთული აწყვია სასწავლო პროგრამებში. ჩვენ კი, მიუხედავად მკაფიო ინსტრუქციებისა, ძალაუნებურად და გამუდმებით ვაწყდებით მათ პირდაპირ გაკვეთილზე.
ვფიქრობ, კრებულში თავმოყრილი პრაქტიკული დავალებები კარგი საშუალება იქნება ამ ნაღმების გასანეიტრალებლად, რადგან სწავლება სირთულის გვერდის ავლა კი არა, მასში მარტივად შესაღწევი გზების ძიებაა.
თეიმურაზ შალამბერიძე
ჩემთვის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული პროცესი იყო პროფესიონალებით დაკომპ-
ლექტებულ გუნდთან ერთად გრამატიკული სავარჯიშოების წიგნზე მუშაობა. კრებულის შექმნა კიდევ ერთი გამოწვევა გახდა ჩვენი პროგრამისთვის. წიგნზე თვალის ერთი გადავლებითაც შე-
ნიშნავდით, რომ გუნდმა დიდი შრომა გასწია, რომ შეექმნა მრავალგვერდიანი სოლიდური სას-
წავლო რესურსი.
ვიცით, რომ ქართული გრამატიკის სწავლება თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც შევეცადეთ, მოგვეძებნა განსხვავებული გზები და ახალი მიდგომები, შეგვედგინა სხვადასხვა კუთხით დამუშავებული და ილუსტრაციებით გამ-
დიდრებული სავარჯიშოები, რომლებიც მაქსიმალურად დაეხმარება ჩვენს კოლეგებს გრამატი-
კის ეფექტიანად სწავლებასა და მოსწავლეების გრამატიკით დაინტერესებაში.
გიორგი ჭაუჭიძე
მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე და ჩემი წვლილი შევიტანე წინამდებარე კრებულის შემუშავებაში. კიდევ უფრო ის მიხარია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ასეთი მოცულობითი ნამუშევრის შედგენა მოხერხდა. ვფიქრობ, მისი გამოყენება დაეხმარება ქართული ენის შემსწავლელებს და გაუადვილებს მათ ამა თუ იმ ენობრივი კატეგორიის ათვისებას.
მე, როგორც მასწავლებელი, დაკვირვებული ვარ, რომ მოსწავლეთა ერთი ნაწილი განსაკუთ-
რებულ ინტერესს ავლენს ხოლმე გრამატიკული საკითხების მიმართ. ასეთი უხვი ენობრივი დავალებები არამხოლოდ ასეთ მოსწავლეებს გაუადვილებს სწავლის შედეგების მიღწევას. აღსანიშნავია დავალებების მრავალფეროვნებაც, რაც, ასევე, მოსწავლეთა სხვადასხვა კატეგორიაზე მორგების საშუალებას იძლევა.
რასაკვირველია, ასეთი კრებულის გამოყენება დამოკიდებულია მასწავლებლებზე და მისი მთავარი დანიშნულებაც მასწავლებლების დახმარებაა. აღსანიშნავია, რომ დავალებათა არჩევანი საშუალებას მისცემს მასწავლებელს შეარჩიოს ისეთი და იმდენი დავალება, რომელიც მისი კონკრეტული კლასისთვის ან ამ კლასში მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფისთვის იქნება მიზანშეწონილი.
|
![]() |
2 ქართული ანბანი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული ანბანი
ღ
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ყ
შ
ჩ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
![]() |
3 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
შინაარსი
თავი 1.
ქართული ენის ბგერათა სისტემა და ფონეტიკური სავარჯიშოები
არსებითი სახელი, ბრუნვები და ბრუნვათა ფუნქციები
თანდებულიანი ფორმები
მსაზღვრელ-საზღვრული
სახელთა წარმოქმნა
ზმნა
თავაზიანი ფორმები 485
თავი 8
ზმნის კატეგორიები – ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი
მაერთებელი კავშირები
მაქვემდებარებელი კავშირები